თევდორაძე გოდერძი

ისტორიის ერთიანობის საკითხები ბიბლიაში

 

   ისტორიის საზრისს გასაგებად აუცილებელია ისეთი კატეგორიების გარკვევა  როგორებიცაა თავისუფლება, რწმენა, ჭეშმარიტება და ა. შ. მიზნის მისაღწევად საჭიროა ადამიანის ყველა მიმართების შესწავლა. ამ საკითხს განსხვავებულად უდგებიან მეცნიერები და თეოლოგები.

   მეცნიერებისაგან განსხვავებით, რელიგია დაფუძნებულია ღვთისაგან ნაკარნახევ მცნებებზე და ამიტომ მისთვის მისაღებია მხოლოდ წმინდა წერილში მოცემული დოგმები. თუკი ფილოსოფოსთა შრომებში ვხვდებით სადავო და პრობლემატურ საკითხებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ძიების პროცესში აზრთა სხვადასხვაობით და წინააღმდეგობებით, წმინდა მამების განმარტებით, ბიბლიაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია. ის, რაც მეცნიერებაში საკამათოა, რელიგიაში, კონკრეტულ შემთხვევაში, ქრისტიანობაში წარმოდგენილია, როგორც უდავო ჭეშმარიტება.

   ქრისტიანობა, როგორც გამოცხადების რელიგია, ეფუძნება ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობას. ის, რაც მოცემული იყო ებრაელ წინასწარმეტყველთა მიერ, გაცხადდა იესოს მოსვლის შედეგად. იესო ქრისტე წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზია. სწორედ ამ უპირველესი დოგმატით შეიძლება დავიწყოთ საუბარი, თუ როგორ არის გადმოცემული ბიბლიაში ისტორიის ერთიანობა: “არ იფიქროთ თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთ გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი” (მათე, 5: 17).

   მართლმადიდებლური სწავლებით სწორედ ამ ციტატით ეუწყა ხალხს პირველად, რომ ძველი აღთქმა ქრისტიანობის პირველი საფეხურია. იესოს მოძღვრებით იქნა შევსებული კაცობრიობის სულიერი საწყაულის ჭურჭელი, მისცა მას ფორმა და დაუმკვიდრა საზრისი . ამ სიტყვვებით ნაცადია მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევაც: «ძველი აღთქმის ასრულება ახალში იყო უდიდესი ისტორიული პროცესი” . როგორც ვხედავთ, ღვთისმეტყველებაში ეს მომენტი მიჩნეულია უწყვეტი პროცესის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს რგოლად ანუ იმად, რასაც იასპერსი უწოდებს «ღერძულ დროს”.

ბიბლიური რელიგიის განმასხვავებელი ნიშანი არის ისტორიის დასაწყისის საკითხის გარკვევაც. ეს ის საკითხია, რომელსაც მოაზროვნეთა ერთი ნაწილი საერთოდ გვერდს უვლის, მეორე ნაწილი განსჯის საგნად იხდის მას და ათვლის წერტილად იღებს დროის გარკვეულ მომენტს, როცა ადამიანმა აზროვნება დაიწყო, თავის თავს დაუსვა მწველი კითხვები და თვითონვე შეეცადა მასზე პასუხის გაცემას. რელიგიური მსოფლმხედველობის თანახმად კი, ათვლის წერტილია 7603 წელი, ე. ი. როცა ბიბლიის მიხედვით ღმერთმა გააჩინა ადამიანი, თავიდანვე გონიერი და თავისუფალი.

ისტორიის საზრისის ბიბლიური გაგებისათვის აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორ და როდის დაიწყო კაცობრიობის ისტორია? ბიბლიური თქმულებათა მიხედვით 7603 წლის წინ, სამყაროს შექმნიდან მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები - ადამი და ევა და სწორედ აქედან იწყება კაცობრიობის ისტორიის ათვლა. ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანები ცხოვრობდნენ სამოთხეში, სადაც არ იყო სიკვდილი, ავადმყოფობა და ა. შ. თუმცა, მას შემდეგ, რაც უფლის მიერ «ხატად თვისად” შექმნილებმა იგემეს აკრძალული ხილი, დაიწყო ცოდვის ისტორია. სწორედ ამ ფაქტს თვლის ქრისტიანობა ადამიანის ნების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების გამომჟღავნების უპირველეს მაჩვენებლად; ამასთანავე ღმერთმა ადამიანი გააჩინა, როგორც ყველა არსებულის ბატონ-პატრონი. «თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად უპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს” (დაბ. 1, 26).

ისტორიის საწყისის საკითხი არის პირველი განმასხვავებელი ნიშანი ქრისტიანობისა ყველა ფილოსოფიური და ისტორიული მიმართულებებისაგან. პირველი ცოდვის საკითხი კი, ისტორიის და ადამიანის საზრისის, მიზნისა და დანიშნულების გარკვევის საშუალებაა.

კაცობრიობის ისტორიის «პირველი დღის” განხილვა ისტორიის საზრისის გარკვევის საწყის ეტაპადაც შეიძლება ჩაითვალოს. მეცნიერები დედამიწაზე ადამიანთა არსებობის ხანგრძლივობის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. მეტიც შეიძლება ითქვას, ამ საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა შორის. კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესოა გერმანელი ფილოსოფოსის კარლ იასპერსის თვალსაზრისი «ღერძული დროის” შესახებ. იგი გარკვეული ნიშნების მიხედვით გამოყოფს გარკვეულ ეპოქებს და მას ანიჭებს სრულიად დამოუკიდებელ, განმსაზღვრელ მნიშვნელობას, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ახალი ათვლის წერტილი. ნიშანდობლივია, რომ იასპერსის მიერ «ღერძულ დროდ~ მიჩნეული ყველა პერიოდი უკავშირდება ისეთ მძლავრ გარდამტეხ რელიგიურ მომენტებს, როგორიცაა კონფუცის, ლაო-ძის, ბუდას, ისაიას, იერემიას და სხვათა მოძღვრების წარმოშობა და ამის შესაბამისად იგი დედამიწის სამ ტერიტორიულ მდებარეობას ასახელებს: «ღერძულ დროში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სამ სხვადასხვა ადგილას - ევროპა-აზიის აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ინდოეთსა და ჩინეთში ყალიბდებოდა ადამიანის სულიმ .

იასპერსის მიერ მსოფლიო ისტორიაში გამოყოფილი «ღერძული დრო” სრულებითაც არ ნიშნავს ისტორიის დანაწევრებას, პირიქით, იგი ყოველთვის ცდილობს მის ერთიანობაში განხილვას. ამასთან, მას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი პერიოდები არის დანარჩენი ეპოქების განმსაზღვრელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იასპერსი ერთ-ერთ «ღერძულ დროს” ქრისტიანობის წარმოშობას უკავშირებს. მისი აზრით, ქრისტიანობამ მნიშვნელოვანი გარდამტეხი გავლენა მოახდინა ადამიანთა არა მარტო სულზე, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანობამ მოიცვა დედამიწის ყველა კონტინენტი და სათავე დაუდო მასშტაბურ მოვლენათა მთელ რიგს, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს იასპერსის პოზიციის მართებულობა.

ბიბლიაში მოცემული ყველა საკითხი ჯაჭვურადაა გადაბმული. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთმანეთს უკავშირდება ადამისა და ევას, აბელისა და კაენის, სოდომისა და გომორის, ბაბილონის გოდოლისა და იუდა ისკარიოტელის ცოდვები.

კაცობრიობის განვლილ გზას, როგორც ცოდვის ისტორიას, შეიძლება გარკვეული აზრით აღიარებდნენ ღვთისმეტყველნიც და მეცნიერებიც, თუმცა ამის მიზეზი მათ განსხვავებულად ესმით. ამ განსხვავების მიზეზების გარკვევამდე, მიზანშეწონილია ყურადღება მივაქციოთ ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობას, რომელიც, ბიბლიური გაგებით, უკავშირდება ისტორიის ერთიანობის საკითხს, რაც თავის მხრივ, ისტორიის ერთიანობის დადგენაში დაგვეხმარება. მათეს სახარებაში წერია: «იქ იყო ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს” (მათე,  2:15).

ზემოთმოყვანილი სიტყვები ცხადყოფენ ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლოს - წმინდა სამების აუცილებლობის დოგმატს და ამავე დროს გვიხსნიან ქრისტეს მოსვლისა და აღდგომის ძირითად ამოსავალ პრინციპსაც, - გააგრძელოს მამა ღმერთის დაწყებული საქმე - ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს და ამით გადაარჩინოს ადამიანთა მოდგმა.

განმარტებით ბიბლიაში ეს კონკრეტული საკითხები ასეა წარმოდგენილი: «როგორც ისრაელი დაიხსნა ღმერთმა ეგვიპტეში, ასევე იესო ქრისტეც იქედან იქნა გამოძახებული, მაგრამ ადრინდელისაგან განსხვავებით, სულ სხვა ვითარებაში~. პარალელი ისრაელსა და იესო ქრისტეს ეგვიპტეში ყოფნისა შეიძლებოდა წარმოედგინა სახარების ავტორს და ამით იგი მიუთითებს მასზე, რათა დააკავშიროს ქრისტე ისრაელთან და აბრაამთან არა მარტო წარმომავლობით, არამედ თავად ისრაელის ისტორიასთან. «ჩვილი იესო გამოყვანილი იქნა ეგვიპტიდან მსგავსად ახალგაზრდა ისრაელი ხალხისა, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ის არის ჭეშმარიტი თესლი აბრაამის ოჯახისა” .

მართლმადიდებელი თეოლოგები ამ ადგილის განმარტებისას აღნიშნავენ, რომ აქ ხაზგასმულია არა მარტო წმიდა სამების ერთიანობაზე, არამედ იესო ქრისტეს წარმომავლობაზეც. პირველი: ის აუცილებლად ებრაელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც აგრძელებდა მამა ღმერთის საქმეს და მეორე - პარალელები ეგვიპტესთან დაკავშირებით, რაც უმტიცებდა ებრაელებს, რომ იგი არა მარტო ხორციელად იყო დაკავშირებული ისრაელთან, არამედ მთლიანად ებრაელთა ცხოვრების ისტორიასთან. იოანე ოქროპირის აზრით, ებრაელებს იმაზე მეტად არაფერი გაეხარდებოდათ, როცა ეტყოდით, რომ იესო ებრაელია .

პირველი პერიოდი იყო ყველაზე იოლი, როცა ადამიანებს არ აწუხებდათ არავითარი ამქვეყნიური პრობლემები, ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობა შესასრულებელი: არ შეეჭამათ აკრძალული ხის ნაყოფი, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. დაცემული ანგელოზის ცდუნებით ევამ და ადამმა შეცოდეს, რითაც საფუძველი დაუდეს მარადიულ ცოდვას და ამით დიამეტრულად შეცვალეს კაცობრიობის განვითარების ისტორია.

სამოთხეში ადამისა და ევას ცხოვრება შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე განსხვავებულ პერიოდად. თუკი ამ საკითხს ქრისტიანული თვალთახედვით მივუდგებით და ისტორიის საზრისს განვიხილავთ იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომისაგან გამომდინარე, მაშინ აშკარაა, რომ სანამ პირველი ცოდვის აქტი განხორციელდებოდა, მანამდე ადამიანთა ცხოვრებას შესაძლებელია ჰქონოდა სხვა აზრი, მიზანი და დანიშნულება, რაც შემდგომ პერიოდში დაეკისრა მათ.

ბიბლიური თქმულების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს წარღვნა, რასაც დედამიწაზე უდიდესი კატასტროფა მოჰყვა.

კაცობრიობის ისტორიაში წარღვნის ფაქტი გამორჩეულია იმით, რომ ის იყო ღმერთის მიერ ადამის მოდგმის პირველი და სერიოზული გაფრთხილება. როგორც ცნობილია, ამ კატასტროფას მხოლოდ ერთი - ღვთის რჩეული ნოეს ოჯახი გადაურჩა. ქრისტიან მამათა მიერ ეს მოვლენა განმარტებულია არა მარტო როგორც დასჯა, არამედ, როგორც მკაცრი პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მეთოდი. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ბიბლიური სწავლებით, ზნედაცემული, სატანად ქცეული ანგელოზი ყველა ძალას კვლავ მიმართავს ადამის მოდგმის წინააღმდეგ.

ღვთისმეტყველების თანახმად კაცობიობის მთავარი შეცდომა სატანის გზაზე დადგომაა, რითაც იგი ღვთის გზიდან გადადის და ჰკარგავს ღმერთს. ღმერთის დაკარგვით კი ადამიანი ჰკარგავს თავისუფლებას, რადგანაც, რელიგიური გაგებით, ხომ სწორედ ღმერთი აძლევს ადამიანებს თავისუფლებას. რაც მთავარია, ამით ადამიანი ჰკარგავს საკუთარ თავსაც, სულსაც, მთელი თავისი სიდიადით.

კაცობრიობის შემდგომი პერიოდი, ბიბლიის მიხედვით, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ებრაელი ხალხის ისტორია მთელი თავისი ბედუკუღმართი ცხოვრებით, უამრავი დარიგებებითა და სასჯელებით, წინასწარმეტყველებითა და გამოცხადებებით და ა. შ.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა (ეზეკიელი, იერემია და სხვა) ქადაგებებში არის გაფრთხილებები, იმის თაობაზე რომ ურწმუნოების გამო ქვეყანას განსაცდელი ელოდა. მათი აზრის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში არაერთგზის ხაზგასმით აღნიშნული, რომ განუწყვეტელი ომების, გარყვნილების, ზნედაცემულობის, კერპების ურცხვი თაყვანისცემის და სხვა უამრავ ცოდვათა გამო უფლისათვის მიუღებელი შეიქნა ადამიანთა ცხოვრება, ამიტომაც მოავლინა მან ძე თვისი, განკაცდა და იტვირთა საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდვების მონანიება.

აქ, შეიძლება დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხებიც გარკვეულად დაგვეხმარება ისტორიის საზრისის საკითხის პირველი ეტაპის გარკვევაში: 1. რატომ არ შეწყვიტა ღმერთმა სიცოცხლე დედამიწაზე, თუკი ასეთი ცოდვები ტრიალებდა? და 2. რატომ არ გამოიყენა მან თავისი ყოვლისშემძლეობა და არ შეაჩერა სატანის მიერ გადაგვარებული კაცობრიობის მოქმედებანი?

ბიბლიიდან გამომდინარე, ამ კითხვებზე ასეთი პასუხები არსებობს: თუკი ღმერთი არ მისცემდა საშუალებას ადამიანის გონებას ემოქმედა, როგორც სურდა, თვალახვეულს ეცხოვრა ღმერთის მცნებების მიხედვით, მაშინ იგი გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ორფეხა ცხოველად, მოკვდებოდა სული და ადამიანი უკვე აღარ იქნებოდა უფლის მსგავსი, აღარ იქნებოდა ცხოვრების ის სილამაზე და სიდიადე, რაც ღმერთმა კაცობრიობას მისცა; თიხისაგან გამოძერწილი სულჩადგმული ადამიანი იქცეოდა უსულო, უაზრო, ცხოველური მოთხოვნილებების მქონე არსებად და ა. შ. რაც მთავარია, საერთოდ არ იარსებებდა თავისუფლების ცნებაც. თავისუფლებას მოკლებული ადამიანი კი ვერ იქნებოდა ღვთის ხატი და მაშინ ღმერთს ვინ უნდა შეექმნა «ხატად თვისად” შექმნილზე უკეთესი?

ამავე დროს, თეოლოგიაში ზემოაღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს ახალი აღთქმის ერთი ასეთი განმარტება: «ღმერთს, რა თქმა უნდა, შეეძლო გაენადგურებინა ცოდვით დაცემულები და შეექმნა ახალი, მაგრამ ეს იქნებოდა სატანის გამარჯვების აღიარება და ღმერთმა დატოვა კაცობრიობა, ეარსებათ ცოდვით დამძიმებულებს, უკვე წინასწარ შერჩეული ჰქონდა საშუალებები მათ გამოსასწორებლად” .

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი განსხვავებული პერიოდების გამო ქრისტიანული გაგებით ისტორიას არა აქვს საერთო საზრისი, ხოლო ადამიანებს საერთო მიზანი და დანიშნულება. თუმცა, საღმრთო წიგნების პირველი გვერდებიდანვე არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრების წესი, მიზანი და დანიშნულება საერთო კანონს დაექვემდებაროს. ქრისტიანული გაგებით ასევე ვრცელდება ღმერთის განაჩენი პირველი ცოდვის შემდეგ, რომლის შეცვლაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

ამდენად, ბიბლიური გაგებით ადამიანის წინაშე ყოველთვის ერთი და იგივე ამოცანა დგას, ყოველთვის ერთი და იგივესკენ მიისწრაფვის და, რაც მთავარია, სჩადის ერთი და იგივე ცოდვას. თეოლოგები ამ საკითხთან დაკავშირებით ამტკიცებენ, რომ «მეშვიდე დღიდან” მოყოლებული მთელი «მერვე დღის” განმავლობაში ისტორია ერთს გვასწავლის, მას ერთი მიზანი და დანიშნულება აქვს. რაც შეეხება ისტორიის ყველაზე გარდამტეხ ეპოქას - ქრისტიანობის წარმოშობიდან - ეს რაღაც სხვა კი არ არის, არამედ ძველი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა.

ძველი აღთქმის წიგნებში მოცემული ისტორიის ფილოსოფიური გააზრება ძირითადად ებრაელ ხალხს ეხება. ბიბლიის თანახმად, უფალი თავის რჩეულ ხალხს შუამავლების საშუალებით მიუთითებს იმ გზაზე, რომლითაც მათ უნდა იარონ. მათ ღმერთმა მოსეს პირით დაუდგინა ცხოვრების წესი, რაც ძირითადად თორაშია გამოიხატული. ის, რომ ღმერთმა აბრაამის შთამომავლობას დაუდო აღთქმა, ბიბლიურად იმას როდი ნიშნავს, რომ სხვა ხალხები მიტოვებული იყვნენ. ქრისტიან მამათა განმარტებით, ებრაელთა დაცვით უფალი სხვებსაც უჩვენებდა, თუ როგორ ეცხოვრათ, რომ მიებაძათ მათთვის და სურვილისამებრ მათაც ეღიარებინათ ჭეშმარიტი ღმერთი. ყოველივე ამის მაგალითები ბევრია ძველ აღთქმაში, როცა იგი სჯიდა რჩეული ხალხის მტრებს. რამდენჯერმე გააფრთხილა უფალმა ეგვიპტელები, მოუვლინა მათ ჭირი და ავადმყოფობები, ხოლო აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალთ დადევნებულები ზღვაში ჩაახრჩო, ისუ ნავეს ძემ მზე გააჩერა, ტყვეობაში ყოფნის დროს დანიელის მიერ გამოჩენილი სიბრძნით კიდევ ერთხელ დაუდასტურა მსოფლიო ხალხებს უცხო კერპთა უძლურება, თუმცა გასაკვირიც არაა, რომ მათ არ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ, როცა თავად ებრაელობა ხშირად უგულებელყო-ფდა მას.

ბიბლიის განმარტებისას ქრისტიანი მამები აქცენტს აკეთებენ ღმერთის მცდელობაზე, რათა ადამიანები გახადოს ზნეობრივად სრულყოფილნი, ასეა ფილოსოფიაშიც. გავიხსენოთ იმანუელ კანტის მიერ წამოყენებული ადამიანის მორალური ქცევის მთავარი პრინციპი - კატეგორიული იმპერატივი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა დაიცვას მოქმედების ისეთი საყოველთაო წესი, რომელიც ლოგიკურ წინააღმდეგობას არ შეიცავს.

კანტი იყენებს პავლე მოციქულის სიტყვებსაც, როცა ამტკიცებს, რომ ადამიანთა ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა როდია. მისივე სიტყვების მოშველიებით, ისტორიის მსვლელობის უმთავრესი საკითხი ზნეობრიობაა: «ავმაღლდეთ მორალური სრულყოფილების იმ იდეალამდე, ე. ი. ზნეობრივი მრწამსის პირველ სახემდე მის სრულ სიწმინდეში, - არის საერთო საკაცობრიო მოვალეობა, საამისო ძალის მოცემა ჩვენთვის შეუძლია თავად ამ იდეას, რომელიც გონებამ ჩვენ მისწრაფების საგნად დაგვიდგინა” ; «ოღონდ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საერთოდ ზნეობრივი მოთხოვნილებე-ბის ხაზს უნდა გავყვევთ და ვნახოთ, თუ სად მიგვიყვანს იგი” .

ბიბლიურად, ადამიანთა ისტორიული ცხოვრების გზა - მიმართული ჭეშმარიტების ძიებისა და ზნეობრივი სრულყოფისაკენ, დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა, იზრდებოდა ჩადენილ ცოდვათა რაოდენობა, რის გამოც ღმერთი მიანიშნიბდა, რომ მოვა მესია, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და დასახავს მომავლის გზას. მესიის მოსვლით  კი დასრულდება და იმავდროულად დაიწყება ახალი ცხოვრება, დაფუძნებული ჭეშმარიტების იმ ფესვზე, რომელიც ებრაელ წინასწარმეტყველთა მიერ იქნა გადმოცემული. რელიგიური თვალსაზრისით ძველ აღთქმაში მოცემული და ახალ აღთქმაში გაცხადებული იესო ქრისტეს დაბადება ისტორიის ერთიანობის იდეის არსებობის ნათელი დადასტურებაა. ამით ქრისტიანობა ცდილობს, რათა ისტორია წარმოადგინოს ერთიანობაში.

ძველი აღთქმის მიხედვით კაცობრიობის ისტორიის სვლის კანონზომიერიბის საზრისი განსაზღვრულია უფლის მიერ, მან გააჩინა ადამიანი, მანვე დაუკანონა ცხოვრების წესი და აკურთხა ის, რაც ქრისტეს მოსვლის შემდეგაც გრძელდება. ამის დასადასტურებლად თეოლოგებს მოჰყავთ შემდეგი სიტყვები: «... ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს” (იოანე, 5: 19).

სახარებაში მოცემული წმინდა სამების, ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობის აუცილებლობის დამადასტურებელი ყველა ციტატის განმარტება ქრისტიან მამების მიერ ზოგადად შეიძლება ასე  ჩამოვაყალიბოთ: არ შეიძლება ერთი და იმავე დროს იყო პატივისმცემელი ღმერთისა და მტერი ქრისტესი .

«ყოველი ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს: ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს” (I იოანე, 2:23). ამ სახარებისეულ სიტყვებში, ქრისტიან მამების თქმით, მოციქულები დამატებით მიგვითითებენ ქრისტეს მცნებებით ცხოვრების აუცილებლობაზე, რაც, მათივე აღნიშვნით, მთლიანად განაპირობებს ადამიანთა ცხოვრებას: «... ადამიანი იცოცხლებს იმდენად, რამდენადაც ის იესო ქრისტეში პოულობს თავის საზრდოს”.

ბიბლიის მიხედვით, როგორც ეს ვნახეთ, უპირველესი ქრისტიანული დოგმატის - წმიდა სამების შესახებ ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობით ცხადი ხდება მთლიანად ისტორიის, მისი საზრისის ერთიანობაში წარმოდგენის აუცილებლობა.

ძველი აღთქმიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ებრაელთა და საერთოდ ადამიანთა ისტორია თითქმის ერთი და იგივეა, ისინი გამოსწორების ნაცვლად უფრო და უფრო ეფლობოდნენ სწორ გზას აცდენილი ცხოვრების ჭაობში, რამაც უფალი მიიყვანა ქრისტეს განკაცების აუცილებლობამდე.

როცა საუბარია ისტორიის ერთიანობის იდეაზე, მისი დადგენისას მეცნიერები, ძირითადად ფილოსოფოსები და ასევე ისტორიკოსები, იყენებდნენ ისეთ ფილოსოფიურ კატეგორიას, როგორიცაა თავისუფლება, რის საშუალებითაც იძლეოდნენ ადამიანის დანიშნულების ძირითად ასპექტებს, ეს საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც ისტორიის საბოლოო აზრსა და მიზანს.

როგორც ცნობილია, მატერიალიზმის მიერ ღმერთის არსებობის აღიარების უარყოფის ერთ-ერთი მოტივია თავისუფლების დაკარგვის საფრთხე, რადგანაც ამით ადამიანს უკანონდებოდა ცხოვრების გარკვეული წესი და საბოლოო მიზანი. ბიბლია კი დიამეტრალურად განსხვავებულ აზრს ავითარებს, რომ ჩვენ, ადამიანებს სწორედ ღმერთმა მოგვცა თავისუფლება და მისი უარყოფით თავისუფლებასაც დავკარგავთ. ამ აზრის განსამტკიცებლად წმიდა წერილში ბევრი ადგილია. «შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე, 8:32); «ამიტომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით” (იოანე, 8:36).

ზემოაღნიშნული ქრისტიანი ღვთისმეტყველნი განმარტავენ, როგორც ღმერთის, ამ შემთხვევაში ქრისტესადმი მორჩილების აუცილებლობას ადამიანების თავისუფლებისათვის.

ადამიანი რომ ღმერთმა თავიდანვე თავისუფალი ნების მქონე არსებად შექმნა, ამის შესახებ საუბრობენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები. ამიტომაც, როცა რელიგიური პოზიციიდან თავისუფლების კატეგორიაზე ვსაუბრობთ, ამოსავლად ძველი აღთქმის ეს ადგილი უნდა ავიღოთ. ღმერთის სურვილი, რომ მის მიერ შექმნილი არსება თავისუფალი დარჩენილიყო, ადამიანთა სამუდამო «სასჯელად” იქცა. ეს კარგად ჩანს ქრისტიანობაშიც: ოთხივე სახარებაში ჩვენ ხშირად ვხვდებით მომენტებს, როცა ღმერთმა ქრისტეს სახით კაცობრიობას აუწყა ჭეშმარიტი გზა, ერთი შეხედვით ძე ღვთისას განკაცებას საბოლოოდ უნდა მოეღო ბოლო ადამიანთა ცოდვებისათვის, საბოლოოდ უნდა გამოესწორებინა ისინი: ქრისტეს მიერ აკრძალული იქნა ხმლითა და მახვილით ქრისტიანობის გავრცელება, ყოველგვარი ძალდატანება ან მის ცნობიერებაზე ხელოვნური ზებუნებრივი ჩარევა.

ბიბლიის, და არამარტო ბიბლიის, მიხედვით სწორედ თავისუფალი ნების არსებობა განაპირობებს ადამიანთა მოქმედების სხვადასხვაგვარობას, არჩევანის საშუალების მქონეს, ქრისტიანული გაგებით, ეძალებიან არაღვთაებრივი ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა გზაჯვარედინი, არ იქნებოდა დაღუპვის გზა, იქნებოდა შეუგნებელი, გაუაზრებელი მოქმედება, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას და, რაც მთავარია, ისტორიას არც საზრისი ექნებოდა.

ბიბლიისგან განსზვავებით ღმერთის კანონებისადმი მორჩილებას მატერიალიზმი თავისუფლების შეზღუდვასთან აიგივებს. მაშინ როცა, ბიბლიის თანახმად ღვთაებრივი სწავლებანი ადამიანებს აყენებს თავისუფლების იმ გზაზე, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს და რომლის მეოხებითაც ვეზიარებით მარადიულ სასუფეველს, სულის უკვდავების შეგრძნებას, ბედნიერებას.

ამდენად, ფილოსოფიასა და ქრისტიანულ რელიგიაში ისტორიის სა-ზრისის, ადამიანთა ცხოვრების მიზნის განსაზღვრის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავისუფლების საკითხს. სხვა საკითხია, როგორ ესმოდა ეს რელიგიას და როგორ ფილოსოფიას.

ადამიანის ცხოვრებაში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სიკვდილის ფენომენი, მოლოდინის განცდა. ბიბლიის თანახმად, ადამიანის ფიზიკური სიკვდილის არასწორი ახსნა ბევრად განაპირობებდა და განაპირობებს იმ ცოდვების არსებობას, რომელთაც ჩვენ ჩავდივართ და რომლთა გამოც უფლისგან ვღებულობთ კიდეც სასჯელს.

მატერიალისტური ფილოსოფიის თანახმად, ფიზიკურ სიკვდილთან ერთად მთავრდება ადამიანის არსებობაც, ამიტომ ცხოვრების, ისტორიის საზრისიც, ადამიანოს ფიზიკური არსებობის შეწყვეტასთან ერთად მთავრდება. ამით პირველ ადგილზე დგება ჩვენი მატერიალური, ამქვეყნიური მოთხოვნილებები და ამის შესახებ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა. ამისათვის იხარჯება უზარმაზარი ენერგია და ძალისხმევა. საუკეთესო, ნაყოფიერი მიწების დასაკუთრების გამო იწყება ომები და სისხლისღვრა. ტირანის სწრაფვას პირველობისათვის ეწირება მილიონობით ადამიანი, ამქვეყნიური სიამოვნებისათვის ხდება ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა და დარღვევა. ბიბლიური სწავლების თანახმად, ყოველივე ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანს ან არ სჯერა სულის უკვდავების, ან არ უნდა იცოდეს იგი.

ამ საკითხის გასაღები და ამოსავალი პრინციპი, ქრისტიანული გაგებით, იესო ქრისტეს ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, იმ უდიდეს მოვლენაში, რომელმაც ძირეულად შეცვალა ადამიანთა არსის, არსებობის და დანიშნულების შესახებ კაცობრიობის ცნობიერება. ესაა ძე ღვთისას აღდგომის რწმენა.

ღვთისმეტყველებაში განსაკუთრებითაა გამოყოფილი ყველასათვის ცნობილი შემდეგი სიტყვები: «ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”.

ეკლესიის მამები იესოს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის ფაქტში ხედავენ კაცობრიობისათვის მანამდე აუხსნელ, გაურკვეველ საკითხების გასაღებს. აქ შეიძლება ვეძიოთ ისტორიის საზრისიც, რადგან სახარებისა და წმიდა მამების მიხედვით, თვით იესო ქრისტე იმ გზის მაჩვენებელია, რომელსაც ჭეშმარიტების, თავისუფლებისა და მარადიული უკვდავების გზა ეწოდება. წმიდა წერილის მიხედვით, სიკვდილის შვილებმა იესოს შემწეობით გადავლახეთ იგი და სიცოცხლე სამარადჟამოდ გაგრძელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ოთხთავიდან ძალზე ბევრი მაგალითების მოტანა შეიძლება. აქ, წმიდა მამათა განმარტებით, მოციქულებს მოცემული აქვთ სიკვდილთან ერთად აღდგომის მნიშვნელობაც, უპირველესად, რაც მთავარია, მისი საყოველთაობა გარკვეულ შემთხვევაში შედარებულია ადამთან, როგორც საფუძველის ჩამყრელი იმ ახალი ცხოვრებისა, რომელსაც გამოეცალა ცოდვილიანობა: «მთელი კაცობრიობისათვის ადამიდან გადმოვიდა სიკვდილი, ქრისტედან კი გადარჩენა”. სიკვდილთან დაკავშირებით, განმარტებითი ბიბლიის ავტორთა ცნობით, მოციქულები კვლავ ისტორიის, ადამიანთა მოდგმის ერთიანობას ადასტურებენ: მოციქულთა აზრით, მთელი კაცობრიობა წარმოადგენს განუყოფელ და ერთიან ორგანიზმს და თითოეულ ცალკეულ ადამიანს აქვს წინამორბედი ყოფა თავის წინაპრებში და მომავალი... შთამომავლობაში, როგორც ჩანს, ყველა ადამიანი მოციქულთა წარმოდგენაში უკვე არსებობდა ადამში საერთო ადამიანური ბუნების ფორმით. აი, ამის დამადასტურებელი ადგილები ბიბლიიდან:

«ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა” (რომ. 5,12).

 

«ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ  მკვდრეთით აღდგომა” (1 კორ., 15,21; დაბ., 2,17; 3,19; იოანე 6,39.)

«რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები” (რომ., 6,6; 5,24).

 «ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: «სიკვდილი შთაინთქა ძლევით” (1 კორ., 5,5; ფს., 25,8).

ისტორიის ერთიანობის საკითხი თანდათანობით უფრო აშკარა ხასიათს იღებს და იგივე ქრისტიან მამებს, ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან გამომდინარე, საბოლოო სახით ასეთი დასკვნა გამოაქვთ: იმის შემდეგ, რაც უკვე ითქვა ადამზე, მოციქულს გამოაქვს დასკვნა, რომ ადამი არის სახე მომავალი ადამისა, ე. ი. ქრისტესი... მაგრამ თუკი დამსახურების მიხედვით შევადარებთ ორივე ადამს - ძველი აღთქმისას და ახალი აღთქმისას, უნდა ვთქვათ, რომ ქრისტე (მეორე ადამი) არის პროტოტიპი, ორიგინალი, ხოლო ადამი (პირველი ადამი) არის ანარეკლი და სახე მისი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქრისტიანული გაგებით ადამიანთა ცხოვრებას ყველა პერიოდი აუცილებლად განხილული უნდა იქნას ერთიან ასპექტში, ვინაიდან ყველას ერთი ცოდვა აწევს. ყველას ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს და ერთი მხსნელი ჰყავდეს. ის, რომ იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით კაცობრიობის მთელი ცოდვები იტვირთა, ხოლო  აღდგომით ადამიანებს დაუდასტურა სულის უკვდავება, ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში უდავო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, მაგრამ რას იძლევა და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს თვალსაზრისი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტისას? კვლავ და კვლავ ისტორიის ერთიანობას, თუკი უფალმა ადამისა და აბრაამისადმი მიცემული მარადიული ცხოვრების აღთქმით მისცა ისტორიას და ადამიანის ცხოვრებას აზრი, ამ საზრისის ლოგიკური გაგრძელება, ბიბლიური გაგებით იესო ქრისტეში მოხდა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ქრისტიანული პოზიციიდან საბოლოო შედეგების ჩვენება: პირველი - ისტორიის ერთიანობაში განხილვა და მეორე, ადამიანთა ზნეობრივად ცხოვრების აუცილებლობა.

სახარებაში აშკარად შეიმჩნევა სხვადასხვა გლობალური საკაცობრიო ფილოსოფიური საკითხების თავმოყრა  იესო ქრისტეს ცხოვრების გარშემო, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისტორიის ერთიანობისა და ადამიანთა ცხოვრების მიმართულებებისა.

იესო ქრისტეს არსებაში ისტორიის საზრისის თავმოყრისა და მოთავსების შესახებ ახალი აღთქმის წიგნები პირდაპირ გვიამბობენ, რომ «იესომ უთხრა: «მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით” (იოანე, 14,6; იოანე, 35,8; იოანე, 1,14; 17,6; 33,4; 8,32; 10,28; 11,25; II იოანე,  5,20).

«მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა” (იოანე, 15,1).

ასეთ ალეგორიულ გამოთქმას მართლმადიდებელი თეოლოგები უკავშირებენ, ერთის მხრივ, ძველ აღთქმას, სადაც ანალოგიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, საბოლოო სახით კი ჩვენ შემდეგ ქრისტიანულ დასკვნას ვხვდე-ბით: «ეკუთვნოდა რა იგი უზენაეს სამყაროს, მოქმედებდა ამ სამყაროში ადამიანებს შორის მსგავსად ორგანული ცხოვრების კანონს დაქვემდებარებუ-ლი ვაზისმ (გოლცმანი). უფალს ამით სურს თქვას, რომ მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ უმჯობესია (ჭეშმარიტია) შევადაროთ ვაზის ლერწის ტოტებთან ურთიერთობას, - მამა ღმერთი უბრალო მევენახე როდია, იგი პატრონია. მან დარგო ჭეშმარიტი ვაზი - ქრისტე, მის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი”.

ასეთი მასშტაბური თავმოყრა საკითხებისა იესო ქრისტეს ირგვლივ ქრი-სტიანული გადასახედიდან გასაკვირიც არაა, რადგან ქრისტიანი მამების ახსნით იესომ თავისი მოძღვრებით საფუძველი ჩაუყარა ახალ ცხოვრებას და კაცობრიობას მისცა ჭეშმარიტი ცხოვრების გასაღები. «ჭეშმარიტება ან ჭეშმარიტი მოძღვრება ცხოვრების შესახებ მოცემული იესოს მიერ მდგომარეობს იმაში, რომ უკუვაგდოთ ძველი ცხოვრების წესი...”

განმარტებით ბიბლიაში იქვეა მოცემული, რომ «ძველი ადამი და ევამ მაინც ცოცხალია, ე. ი. მაინც არსებობს არაქრისტიანული წესი, მაგრამ საკმარისია ვიცხოვროთ ქრისტიანულად, რომ დავადგეთ ჭეშმარიტების გზას, «რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლული, ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება” (ეფეს, 4,21); «ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ  ქრისტე იესოში” (ფილ, 3,14; I კორ. 9,24).

ზემოთ მოყვანილი ციტატები მორწმუნეთათვის განმარტებულია წმინ-და მამათა შრომებში, ყველაზე ნათლად კი იგი ნეტარი ავგუსტინეს აღსარებაში გვხვდება: «შენ ხარ სიცოცხლე სულებისა, სიცოცხლე სიცოცხლისა, რომელი თვით ანიჭებ თავს სიცოცხლეს და არ იცვლები, სიცოცხლეს ჩემი სულისა”.

ეს სიტყვები ნეტარმა ავგუსტინემ წარმოთქვა მას შემდეგ, რაც განვლო რთული გზა ჭეშმარიტი ცხოვრების ძიებისა და ჩათვალა, რომ ისტორიის საზრისი, ადამიანის დანიშნულების ნამდვილი გასაღები და მიზანი სწორედ იესო ქრისტეშია და ამის შემდეგ მთელი თავისი შრომები ამის დამტკიცებას მიუძღვნა. წმინდა წერილის მიხედვით, ადამიანი რომ სწორ გზაზე დადგეს, ამისათვის მან მთლიანად უნდა შეისისხლხორცოს იესო ქრისტეს ცხოვრების ყოველი წუთი, «რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა, მის ტანჯვაში ზიარება და მის სიკვდილს ვემსგავსო” (ფილ, 3,10; რომ, 6,5; 8,17).

ქრისტიანი მამები ირწმუნებიან, რომ იესო ქრისტემ არა მარტო იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, არამედ ადამიანებს ასწავლა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ, დაუწესა მათ გარკვეული წესი მოქმედებისა, რაც ძირითადად ზნეობრივი ნორმებით შემოიფარგლება. ეს აუცილებელია, მაგრამ არაა საკმარისი ისტორიის ჭეშმარიტი საზრისის დასადგენად. ამისათვის საჭიროა კაცობრიობის ისტორიის ხედვა და ცხოვრების მიზნის გააზრება. რაც შეეხება ზნეობრივ პრინციპებს, ისინი ისტორიის საზრისის გარკვევისას აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია. «კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისათვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი სამსჯავროს აღდგომისათვის” (იოანე, 5,29).

ქრისტიანული გაგებით ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზანი საუკუნო სასუფეველია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია რომ, მთელი ყურადღება გადატანილია სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე. ამისათვის კი, ქრისტიანული მსოფლმხედველობის თანახმად, რელიგიური ნორმების დაცვა აუცილებელია. «მრუშო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება!” (იაკობი, 4,4).

ერთ-ერთი ქრისტიანი მამის მიერ ეს სიტყვები შემდეგნაირადაა ახსნილი: «ამდენად, ვინც ღვთაებრივს მიეკედლება, ის არის და ქვია მას უფლის მეგობარი, ხოლო ვინც უარყო იგი და შეიყვარა ამქვეყნიური ცხოვრება, ის ღმერთის მტერიამ (ნეტარი თეოფილაქტე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია სა-ბოლოო არჩევანის გაკეთება: ან ღმერთი ან ამქვეყნიური ცხოვრებით ტკბობა.*** PAGE 15 ***

 

ისტორიის გზა განისაზღვრება იმ დროიდან, როცა ღმერთმა აღთქმა დაუდო ადამიანთა მოდგმას. იგი შესრულდა და გაგრძელდა იესოს მოძღვრებით. «ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა” (საქმეები, 11,38).

ისტორიის ერთიანობის გზისა და საზრისის საკითხი კარგად ჩანს შემდეგ სიტყვებში: «იესომ უთხრა მას: «მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს” . ითვლება, რომ იესო ქრისტეს აღდგომა არაა ლოკალური მნიშვნელობის. სწორედ მისი საყოველთაობა, ის, რომ იგი მხოლოდ ებრაელთათვის ან მხო-ლოდ მორწმუნეთათვის არ მოსულა, თეოლოგებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იესო ქრისტეთი ერთიანად დაიწყო მთელ დედამიწაზე ახალი ერა ძველის გაგრძელებისა.

როცა ჩვენ საუბარი გვქონდა ბიბლიის მიხედვით ისტორიის ერთიანო-ბაზე, აღვნიშნეთ ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობა. ღმერთის აღთქმა, ადამისა და ევას, აბრაამის, იაკობისა და ისააკის მიმართ, დასრულდა და გაგრძელდა იესო ქრისტეს მოსვლით. ამ საკითხს ქრისტიანული ღვთისმეტყველება წმინდა მამათა შრომებით და მსოფლიო საეკლესიო კრებებით ამყარებს. მათში არის მტკიცებულება, რომ ახალი აღთქმის წიგნები სწორედ მისი მადლით დაიწერა, რაც გამორიცხავს ისტორიის სხვადასხვა საზრისის არსებობას. «ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქნა” (იოანე, 1,17).

ამასვე ადასტურებს ის აზრიც, რომ «აზრს, ღმერთის მიერ მორწმუნეთათვის მადლის გადმოცემისა, მოციქული ადასტურებს იმით, რომ ქრისტედან ნამდვილად გადმოვიდა ჭეშმარიტება და მადლი, ხოლო რამდენად არის ეს სიკეთე მნიშვნელოვანი, ეს ჩანს იქიდან, რომ ძველი აღთქმის ყველაზე აღმატებულმა ადამიანმა - მოსემ ადამიანებს მხოლოდ ღმერთიდან ბოძებული კანონები მისცა. ეს კანონები ადამიანს უყენებდა მხოლოდ მოთხოვნებს და მას არ აძლევდა ძალას, თუ როგორ შეესრულებინა ეს მოთხოვნები, რამდენადაც არ შეეძლო მას მოესპო მათში ცოდვებისკენ მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ამიტომაც მოსე იყო მხოლოდ მსახური, პასიური იარაღი იაჰვეს ხელში. როგორც უჩვენებს მის შესახებ გამოყენებული გამოთქმა, კანონი მოცემულია მოსეს მეშვეობით, მაშინ, როცა ახალ აღთქმაში ნათქვამია, რომ ის წარმოიშვა ქრისტედან, როგორც თავისი უფლისაგან (თეოფილაქტე) - მადლი და ჭეშმარიტება”.

მოსეს ხუთწიგნეულში მოცემული აღთქმა, ისტორიის გზის, საზრისის განსაზღვრა და ადამიანთა ადგილი ამ უზარმაზარ სამყაროში, გამყარებუ-ლია ახალი აღთქმის წიგნებში, როცა საუბარია იესო ქრისტეს, როგორც მესიის მნიშვნელობაზე, კერძოდ კი, მოციქულთა საქმეებში ბიბლიური სწა-ვლების მიხედვით შეიძლება კიდევ ერთი მეტად საინტერესო მომენტის წინ წამოწევა. ეს შეეხება ადამისა და იესო ქრისტეს ურთიერთდაკავშირების საკითხს, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ქართულ ისტორიოგრაფიაში, კერძოდ კი, ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროში - «ქართლის ცხოვრება”. ბიბლია ამას იყენებს, რათა საზრისის გარკვევის საქმეში ისტორიის ერთიანობის შემეცნება გაადვილოს. როდესაც ვსაუბრობთ ადამისა და ქრისტეს ერთმანეთთან ურთიერთშეხების შესახებ, საჭიროა მეტისმეტი სიფრთხილე, რათა სწორად იქნას გაგებული მათი მნიშვნელობა ისტორიის გზის განვითარების საქმეში.

ბიბლიის თანახმად როგორც ადამით, ისე იესო ქრისტეთი დაიწყო ადამიანთა მოდგმაში სრულიად განსხვავებული ერა, რომელთა ცხოვრებით და მოქმედებით საფუძველი ჩაეყარა ისტორიის საზრისს და მთლიანად განსაზღვრა კიდეც იგი. აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ მათ საერთო და განმასხვავებელ ფაქტორებზე? ეს შესაძლებელია და ამის საშუალებას საკუთრივ ბიბლია იძლევა. სახარება გვეუბნება: «ვინაიდან როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში” (I კორ. 15,22). «პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად (?), ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად” (I კორ. 15,45; დაბ. 2,7; რომ. 15,18).

ამ საკითხთან დაკავშირებით იოანე ოქროპირი შემდეგნაირ ახსნას იძლევა: «ქრისტემ არა მარტო გამოასწორა ყოველივე ის, რაც დააშავა ადამმა, ასევე აღადგინა ყველაფერი უმაღლეს ხარისხში”.

ადამსა და იესოს შორის საერთოა ის, რომ მათი ცხოვრებით მთლიანად შეიცვალა კაცობრიობის ისტორია. ადამით დაიწყო ხორციელი გამრავლება დედამიწაზე. იგია თავდაპირველი მამა ყოველი ერის, მისი და ევას ცოდვათა გამო სულ სხვა გზით წავიდა ისტორია, ბიბლიის მიხედვით, მათი ცოდვა თანაბრად ეხება ყველას, მიუხედავად რწმენისა. რაც შეეხება იესო ქრისტეს, იგია ყველას სულიერი მამა, მისით დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი ისტორია და ახალი გზა საბოლოო მიზნისაკენ. მანვე ჩამოაშორა კაცობრიობას ის უდიდესი ტვირთი, რომელშიც პირველი კენჭი სწორედ ადამსა და ევას ცოდვა გახლდათ. უმთავრესი ფაქტორი კი ისაა, რომ ერთი, მიწისაგან შექმნილი ხორციელი არსება იყო, ხოლო მეორე - ადამიანთა გადამრჩენი მესია.

ადამისა და იესო ქრისტეს ერთად მოხსენიება ცნობილია ქართულ ისტორიოგრაფიაშიც, კერძოდ, «ქართლის ცხოვრების” შესავალში ფართო ადგილი ეთმობა მათ შორის არსებულ გარკვეულ თანხვედრილობას, რითაც ბიბლიასთან ერთად ქართული ძეგლი იისტორიის ერთიანობის დამტკიცებას ცდილობს.

ისტორიის ერთიანობაზე მსჯელობისას, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იესო ქრისტეს მთელი თავისი ცხოვრებით, თავისთავად ისმება კითხვა: თუ როგორ და რა გზით უნდა წავიდეს კაცობრიობა მესიის სიკვდილის შემდეგ? ამ კითხვაზე გარკვეული პასუხია სახარებაში.

«დევნილები ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპული” (კორ. 4,9; ფსალ. 36,24). თეოლოგთა აზრით, ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტემ არამარტო გადაარჩინა ადამიანთა მოდგმა, არამედ დააყენა ჭეშმარიტების გზაზე, მოციქულთა საშუალებით დაგვიტოვა სახარება, რომელიც არის სახელმძღვანელო ყველანაირ საქმეში.

ქრისტესმიერ სავალ გზაზე მოქმედი კანონების დაცვა და სახარებისეული ცხოვრება ქრისტიანული წარმოდგენით უმთავრესი პირობაა საბოლოო მიზნის მისაღწევად: «ამრიგად, ვინც არღვევს ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში” (მათე, 5,19).

ამ სიტყვებით აშკარაა იმ მოთხოვნილების სიმკაცრე, რომელსაც ღმერთი ადამიანებს უყენებს და რომლითაც მიიღწევა მთავარი მიზანი - სული, რომელიც თავის მარადიულობაში ამქვეყნიური ცოდვების გამო არ დაიტანჯოს, ამიტომაც უნდა ვიცხოვროთ არა არსებობის პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ ჩვენი სულების გადასარჩენად.

უკვე განვიხილეთ ისტორიის ერთიანობა, ადამისა და აბრაამისადმი მიცემული აღთქმა, მას შემდეგ, რაც განსჯის საგანი ხდება ქრისტეს მეოხებით მოცემული რწმენა, თავისთავად ცხადია, აქაც ახალი კითხვა ჩნდება: თუკი ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, რითი და როდის დასრულდება დღევანდელობა? ან საერთოდ დასრულდება თუ არა? მეცნიერებაში ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მეცნიერებაში არის ვარაუდი რომ, შესაძლებელია დედამიწაზე საკვები გამოილიოს, არსებული ნედლეულის მარაგი არ ეყოს კაცობრიობას, გარკვეული დროის შემდეგ მოხდეს კატასტროფა, რის გამოც შეწყდება ცხოვრება. არის კოსმიური საშიშროებაც. გარდა კოსმიური საშიშროებისა, სახეზეა ასევე შესაძლო ატომოური იარაღის ფართო მასშტაბიანი გამოყენება, რომლის გამანადგურებელი შედეგები საბოლოო კატასტროფის ტოლფასი იქნება. ფილოსოფოსთა ერთი ნაწილი (ბერდიაევი, იასპერსი და სხვები) უკვე კარგა ხანია საუბრობენ იმ სულიერი კრიზისის შესახებ, რომელიც კაცობრიობას დაღუპვამდე მიიყვანს. ამ და სხვა მსგავსმა აზრმა საზოგადოებაში შეიძლება დანერგოს ღრმა პესიმიზმი და გულგრილობა, რაც მომავალში განაპირობებს, უკეთესი მომავლისადმი ბრძოლის ნაცვლად, ხელის ჩაქნევას, ისტორიის ჩარხის თავის ნებაზე მიშვებას. აღნიშნულისგან განსხვავებით, რელიგიური მსოფლმხედველობა ადამიანის მომავალზე უფრო ოპტიმისტურია. ბიბლია ცდილობს კაცობრიობას იმედი დაუსახოს და ამისთვის იგი ღმერთის კეთილ საქმეს მიმართავს. ხომ აღსრულდა ღმერთის აღთქმა ებრაელთა მიმართ, მოვიდა მესია და გადაარჩინა ადამიანთა მოდგმა. იგი ასევე არ დაუშვებს «ხატად თვისად” შექმნილთა საბოლოო დაღუპვას, პირიქით, მისი ყოველი ქმედება მიმართულია ჩვენს სასიკეთოდ. ამის დასამტკიცებლად მხოლოდ იესო ქრისტეს ცხოვრების მაგალითიც საკმარისია. «მომავლისადმი ოპტიმისტურად განაწყობს მორწმუნეთ მოციქულთა სიტყვები: «ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შეწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალი ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათა განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად” (ებრ. 9,28).

ადამიანს, მართალია, უნდა ჰქონდეს შიში მეორედ მოსვლისა, მაგრამ არის გზა გადარჩენის: «ამიტომ საყვარელნო, რაკი მას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშემ (II პეტ. 3,14; I კორ. 2,15).

ამდენად, ქრისტიანობის მიხედვით არსებობს ისტორიის საზრისი, საბოლოო მიზანი და, რაც მთავარია, მისი გაგებისა და მიღწევის საშუალებაც. ყოველივე ამის გათვალისწინება კი ქრისტიანობის მიხედვით აგვაცილებს იმ მოსალოდნელ საშიშროებას, რომელიც იოანეს გამოცხადებაშია ნაწინასწარმეტყველები.

ჩვენს მიერ აღნიშნული იყო ის განსხვავება ფილოსოფიასა და ქრისტიანობას შორის, რომელიც ისტორიის დასაწყისს და დასასრულს ეხებოდა. ამ საკითხის გარკვევისას მეცნიერთა დასკვნები დამყარებულია კაცობრიობის მიერ განვლილი გზის ანალიზზე, ხოლო ქრისტიანული სწავლებით  იგი სახარებაშია მოცემული.

ისტორიის განვითარების კანონზომიერებებისა და ისტორიის საზრისის გაგებაში აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც ყველაზე ნათლადაა გამოხატული ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა მსოფლმხედველობებს შორის.

ღვთისმეტყველების, ჩვენ შემთხვევაში ქრისტიანული რელიგიური მსოფლმხედველობის მიხედვით კაცობრიობის მარადიული საზრისი ერთხელ და სამუდამოდაა მოცემული და იგი განსაზღვრულია ღმერთის მიერ. მასში ჩარევა ან მისი შეცვლა ადამიანის ძალებს აღემატება. ადამიანი ვალდებულია შეასრულოს ღმერთის მიერ გამოცხადებული თუ ნაკარნახევი მცნებები.

ღვთისმეტყველებისაგან განსხვავებით ფილოსოფია ადამიანისგან აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, გარკვეულ მოვალეობას აკისრებს მას, როგორც საზოგადოებისადმი, ისე ერთმანეთისადმი. საბოლოოდ, ფილოსოფიის თანახმად, ადამიანი თვითონაა ისტორიის მონაწილე და ისტორიის შემქმნელი. გამომდინარე აქედან, ისტორიის განვითარებასა და მის საზრისზე ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის პოზიციებს შორის არსებითი განსხვავებაა.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / თევდორაძე გოდერძი / ისტორიის ერთიანობის საკითხები ბიბლიაში