მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ისწავლეთ ლოცვა!..

 

როდესაც არ არის ღმერთი

 

ვიდრე საუბარს დავიწყებდე მათთან, ვინც ახლა იწყებს ლოცვით გზას, მსურს ერთ საკითხზე ძალიან გარკვევით შევთანხმდეთ: რომ მიზნად სულაც არ ვისახავთ იმას, რომ აკადემიურად ავხსნათ ან განვმარტოთ, თუ რისთვის არის საჭირო ლოცვის სწავლა. ამ საუბრებში მსურს, ვაჩვენო, თუ რა უნდა იცოდეს, ან რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც ლოცვა სურს. რამდენადაც თვითონ მე დამწყები ვარ, ჩავთვლი, რომ თქვენც დამწყებები ბრძანდებით. ამიტომ შევეცადოთ, რომ ერთად დავიწყოთ. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვინც მისტიკურ ლოცვას ან სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს ესწრაფის. მათკენ „ლოცვა თვითონ გაიკვლევს გზას“ (წმ. თეოფანე დაყუდებული).

 

როდესაც ღმერთი თვითონ მოგვიკაკუნებს ჩვენ, ან რაღაც განსაკუთრებული შემთხვევის გამო თავად მივმართავთ მას მაშინ, როდესაც ყოველდღიურობა გაიხსნება ჩვენს წინაშე მანამდე წარმოუდგენელი სიღრმით - რომელსაც ადრე ვერ ვამჩნევდით, როდესაც თვით ჩვენივე თავში აღმოვაჩენთ სიღრმეს, რომელშიც ცხოვრობს ლოცვა, მაშინ პრობლემა აღარ არსებობს. როდესაც ჩვენ შევიგრძნობთ ღმერთს, მაშინ მასთან პირისპირ ვდგებით, თაყვანს ვსცემთ მას, ვსაუბრობთ მასთან. ამიტომ ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოსავალი პრობლემა - ეს არის ადამიანის განწყობა მაშინ, როდესაც მას ეჩვენება, რომ ღმერთი არ არის. აი, სწორედ ამაზე მსურს, რომ შევჩერდე ამჟამად. აქ ღმერთის ობიექტურ არარსებობაზე კი არ ვსაუბრობთ, - სინამდვილეში შეუძლებელია, ღმერთი არ არსებობდეს. - არამედ მისი არ არსებობის იმ შეგრძნებაზე, რომელიც ჩვენ გვიჩნდება ხოლმე; ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე და შევძახით ცარიელ ცას, საიდანაც პასუხს ვერ ვღებულობთ. ჩვენ ყოველ მხარეს მივმართავთ და ღმერთი არსად არის. რა ვუყოთ ამას? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება, აიძულო ან საკუთარ თავს და ან - ღმერთს. თვით ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია, აშკარად გვაგრძნობინოს თავისი მყოფობა, ან თავისივე არყოფნის გრძნობით დაგვტოვოს, უკვე ამ რეალური, ცოცხალი ურთიერთობის ნაწილია. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩვენთან შესახვედრად მექანიკურად გამოგვეძახებინა ღმერთი, გვეიძულებინა იგი, შეგვხვედროდა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ეს დრო გვქონდა ჩვენ მასთან შესახვედრად დათქმული, მაშინ არც შეხვედრა შედგებოდა და არც ურთიერთობა. ამგვარად შეიძლება, შეხვდე გამონაგონს, წარმოსახვის ნაყოფს, სხვადასხვაგვარ კერპებს, რომლებიც, შეგიძლია, ღმერთის მაგიერ აღმართო შენს წინაშე. მაგრამ ამავეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში ან ურთიერთობებში ვერ იზამ. ისევე როგორც ეს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას არის შეუძლებელი. ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი თავისუფალი ნების საფუძველზე დაიწყოს და განვითარდეს.

 

თუ სამართლიანები ვიქნებით და ამ ურთირეთობებს შევხედავთ, როგორც ორმხრივს, აშკარა გახდება, რომ ღმერთს გაცილებით დიდი საფუძველი აქვს, წუხდეს ჩვენზე, ვიდრე ჩვენ - იმისა, რომ ვემდუროდეთ მას. ჩვენ ვემდურით, რომ იგი თავის მყოფობას არ გვიცხადებს იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელსაც მთელი დღის მანძილზე გამოვყოფთ მისთვის; მაგრამ იმ დანარჩენი ოცდასამ-ნახევარი საათის შესახებ რაღას ვიტყვით, როდესაც ვინ იცის, ღმერთი რამდენჯერ მოგვიკაკუნებს, ჩვენ კი ვპასუხობთ: - „მაპატიე, დაკავებული ვარ!“ ან საერთოდ არ ვპასუხობთ, იმიტომ, რომ არც კი გვესმის, რომ იგი აკაკუნებს კარზე ჩვენი გულისა, ჩვენი გონებისა, ჩვენი ცნობიერებისა თუ სინდისისა, საერთოდ - ჩვენი ცხოვრებისა. მაშ ასე: ჩვენ უფლება არა გვაქვს, ვემდუროდეთ ღმერთს, რომ იგი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით ხშირად არ ვართ ხოლმე.

 

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ღმერთთან პირსპირ შეხვედრა ყოველთვის სამსჯავროა ჩვენთვის. შეხვედრა ღმერთთან, იქნება ეს ლოცვით, ღვთისშემეცნებით თუ - ჭვრეტით, მთავრდება ან ჩვენი გამართლებით ან სასჯელით. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ამ დროს ჩვენი სამარადისო დასჯის ან საბოლოო ცხონების განაჩენი დგინდება, მაგრამ შეხვედრა ღმერთთან ყოველთვის კრიტიკული დროა, კრიზისია. „კრიზისი“ ბერძნული სიტყვაა და „სასამართლოს“ ნიშნავსა. ლოცვაში ღმერთთან პირისპირ შეხვედრა კრიტიკული მომენტია და მადლობა ღმერთს, რომ იგი ყოველთვის არ გვიცხადებს თავს, როდესაც ჩვენ უპასუხისმგებლოდ და უზრუნველად ვცდილობთ, მივაღწიოთ მასთან შეხვედრას. იმიტომ, რომ შეიძლება, ამ შეხვედრისთვის ძალა არც გვეყოს. გაიხსენეთ, რამდენჯერ გვაფრთხილებს წმიდა წერილი, რომ სახიფათოა პირისპირ ყოფნა უფალთან, იმიტომ, რომ ღმერთი არის ძალა, არის - სიმართლე, არის - სიწმიდე; და, აი მაშინ, როდესაც ჩვენ სასოება არა გვაქვს, როდესაც გრძნობადად არ განვიცდით ღვთის მყოფობას, ჩვენი უპირველესი მოძრაობა მადლიერების გამოხატვა უნდა იყოს. ღმერთი მოწყალეა... ის დროზე ადრე არ მოვა ჩვენთან. იგი საშუალებას გვაძლევს, შევხედოთ საკუთარ თავს, შევისწავლოთ ის და ნუ შევეცდებით, შევხვდეთ ღმერთს მაშინ, როდესაც ეს შეხვედრა ჩვენ მსჯავრსა და სასჯელს მოგვიტანს.

 

ვნახოთ ერთი მაგალითი: მრავალი წლის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, იგი მთხოვდა: „მაჩვენეთ ღმერთი!“ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და დავამატე, რომ რომც შემძლებოდა, ის ღმერთს მაინც ვერ დაინახავდა. იმიტომ, რომ მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ: იმისათვის, რომ შევხვდეთ ღმერთს და ვიხილოთ იგი, რაღაც საერთო უნდა გვქონდეს მასთან, რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. მაშინ ამ ადამიანმა მკითხა, თუ რატომ ვფიქრობდი მასზედ ამგვარად. მე შევთავაზე, დაფიქრებულიყო და ეთქვა, თუ სახარების რომელი ეპიზოდი იყო მისთვის ყველაზე გულში ჩამწვდომი, რათა ამით როგორღაც მომეხელთებინა მისი მიმართება ღმერთთან. მან მომიგო: „დიახ, არის ასეთი ადგილი: იოანეს სახარების მერვე თავში, აქ მოთხრობილია სიძვის ვნებით შეპყრობილი დედაკაცის შესახებ“. „კარგი, - ვუთხარი მე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ამაღელვებელი ეპიზოდია; ახლა კი დაჯექით და დაფიქრდით: ვინ ხართ თქვენ ამ სცენაში? უფლის მხარეს ხართ, მოწყალებითა და რწმენით რომ შესცქერის ამ ქალს, რომელსაც შეუძლია, შეინანოს და გახდეს ახალი ადამიანი?! თუ ის დედაკაცი ხართ, სიძვის ცოდვაში რომ ამხილეს?! ან იქნებ - ერთი იმ მოხუცებულთაგანი - ერთმანეთის მიყოლებით რომ გაეცალნენ იქაურობას, იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვები გაახსენდათ?! ან იქნებ - სულაც რომელიმე - იმ ახალგაზრდებიდან, რომ ყოყმანობდნენ და აყოვნებდნენ წასვლას?!“ მან იფიქრა და მითხრა: „არა, მე ერთადერთი ვარ იმ იუდეველთაგან, რომელიც იქაურობას არ გაეცალა და დედაკაცს ქვის სროლა დაუწყო“. მაშინ მე მას ვუთხარი: „მადლობა შესწირეთ ღმერთს, რომ იგი ამჟამად თავისთან შეხვედრის საშუალებას არ გაძლევთ!“

 

ეს, შესაძლოა, უკიდურესობაც კი იყოს, მაგრამ განა ის ჩვენ იშვიათად შეგვეფერება?! ჩვენ იქნებ პირდაპირ და უხეშად არ განვაგდებთ უფლის მაგალითსა და სიტყვას, მაგრამ ხშირად მაინც ისე ვიქცევით, როგორც ის მხედრები - ქრისტეს ვნებისას... გვინდა თვალები დავუხუჭოთ ქრისტეს, რათა დაუბრკოლებლად ვცეთ მას, მან კი ვერ დაგვინახოს ჩვენ. განა ასე არ ვიქცევით, როდესაც ღვთის არსებობას ვემალებით, თვითნებურად ვმოქმედებთ - ჩვენი გამწყობილებებისა და სურვილების მიხედვით, იმის მიუხედავად, თუ როგორია ღვთის ნება! ვცდილობთ, საფარველი თვალებზე მას ჩამოვაფაროთ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თვალებს ვიბრმავებთ. როგორ შევძლებთ, ასეთ წუთებში მისი მყოფობის შეგრძნება შევძლოთ? ალბათ სინანულითა და გულის შემუსვრით! მაგრამ არ შეიძლება, მისკენ მიდიოდე და წინასწარ გქონდეს გათვლილი, რომ იგი მეყსეულად სიყვარულით მიგიღებს - როგორც მეგობარს.

 

გაიხსენეთ სხვადასხვა ადგილები სახარებიდან: ჩვენზე გაცილებით დიდი სულის მქონე ადამიანები ვერ ბედავდნენ, მიეღოთ ქრისტე. გაიხსენეთ მხედარი, რომელმაც ქრისტეს თავისი მსახურის განკურნება სთხოვა. ქრისტემ თქვა: - „მე მოვალ“, მაგრამ მხედარმა მიუგო: - „არ არის საჭირო, მხოლოდ თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“. განა ჩვენ ასე ვიქცევით?! განა ჩვენ ღმერთს მივმართავთ ამ სიტყვებით: - „ნუ იქმ შენს მყოფობას აშკარას, ჩემთვის საგრძნობს, საკმარისია, თუ მხოლოდ იტყვი სიტყვას და აღსრულდება ის, რაც საჭიროა; ჯერ ჩემთვის მეტი არ არის საჭირო...“ ან გაიხსენეთ პეტრე ნავში - დიდი თევზჭერის შემდეგ: ის მუხლებზე დაემხო და თქვა: - „დამტოვე, უფალო, მე ცოდვილი კაცი ვარ!“ მან სთხოვა უფალს, განშორებოდა მის ნავს, იმიტომ, რომ შესაძლოა, პირველად დაეუფლა სიმდაბლის განცდა. სიმდაბლის განცდა კი იმიტომ ეწვია, რომ მოულოდნელად ქრისტეს სიდიადე იხილა. მოხდება ეს ოდესმე ჩვენშიც?! როდესაც სახარებას ვკითხულობთ და ჩვენს წინაშე ქრისტეს ხატების გამოუთქმელი სილამაზე და დიდებულება წარმოსდგება, როდესაც ვლოცულობთ და ღვთის დიდებულებისა და სიწმიდის გრძნობა გვიპყრობს, ვამბობთ კი ოდესმე: - „უღირსი ვარ, რომ შენ ჩემთან მოხვიდე?!“ ან რა ვთქვათ იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც უნდა გვესმოდეს, რომ მას ჩვენთან მოსვლა არ შეუძლია იმიტომ რომ, ჩვენ თვითონ არ ვართ, რომ იგი მივიღოთ; ჩვენ გვინდა, მისგან მივიღოთ რაიმე და არა თვით - იგი. განა შეიძლება, ამას ურთიერთობები ეწოდოს?! განა მეგობრებს ასე ექცევიან?! ჩვენ იმას ვეძებთ, რასაც მეგობრობა იძლევა, თუ თვითონ მეგობარი გვიყვარს?!. და როგორი ხარისხის ერთგულებაა ეს უფალთან დამოკიდებულებაში?

 

ახლა კი დავფიქრდეთ ლოცვაზე - თქვენსა და ჩემს ლოცვაზე; გავიხსენოთ, როგორი ძლიერი, მხურვალე და ღრმა არის ლოცვა, როდესაც იმისთვის ლოცულობ, ვინც გიყვარს, ან ისეთი რამისთვის, რაც შენთვის მნიშნველოვანია. გული გახსნილია, მთელი ჩვენი არსება კონცენტრირებულია და მოკრებილია ლოცვაში. ნიშნავს ეს იმას, რომ ლოცვის მთელი აზრი, მისი მთელი ძალა ღმერთთან შესახვედრად არის მიმართული?! არა!.. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შენთვის მნიშნველოვანია ის, ვისთვისაც ლოცულობ. იმიტომ რომ, როდესაც ასეთი დაძაბული, მხურვალე და ღრმა ლოცვის შემდეგ საყვარელი ადამიანისა თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის გამო, - გადავდივართ სხვა თემაზე, რომელიც იმდენად არ გვეხება, ერთგვარად ვცივდებით... რა შეიცვალა?.. ღმერთი ხომ არ გაცივდა და გაგვეცალა ჩვენ?! არა... ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლოცვითი აღმაფრენა და მხურვალება ღვთის მყოფობით არ იყო გამოწვეული. არა ჩემი რწმენით, ჩემი ღვთის მონატრებით, - მისდამი სინაზით, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი გული წუხს ვიღაცისა თუ რაღაცისთვის, მაგრამ არა - ღვთისთვის. მაშ რაღად გვიკვირს, რომ ღვთის მყოფობას ვერ ვგრძნობთ?!. ეს - განა ის არ არის, არამედ - თვით ჩვენ არ ვართ ხოლმე არ „შეხვედრის“ დროს. იგი კი არა - ჩვენი გულია გაგრილებული, იმიტომ, რომ იგი ასე ცოტას ნიშნავს ჩვენთვის.

 

ზოგჯერ ღმერთი სხვა მიზეზის გამო არ არის ხოლმე. როდესაც ჩვენ ბუნებრივები ვართ, როდესაც ჩვენ თავისთავადები ვართ, ღმერთს შეუძლია, მონაწილეობდეს ამ შეხვედრაში და შეუძლია, რაღაც გააკეთოს ჩვენთვის. მაგრამ როგორც კი ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ არა ის, რაც სინამდვილეში ვართ, მაშინ ჩვენთვის არც რაიმეს თქმა და არც რაიმეს გაკეთება არ შეიძლება.

 

იმისათვის, რომ ლოცვა შევძლოთ, ჩვენ უნდა შევიდეთ ურთიერთობებში, რომლებიც განისაზღვრება, როგორც - ღვთის მეუფება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ღმერთია, რომ ის მეფეა და საკუთარი თავი მას გადავცეთ. ჩვენ მოვალენი ვართ, მისი ნება გვახსოვდეს მაინც ყოველთვის. თუნდაც ამჯერად მისი აღსრულება ვერც შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ღმერთს ისე მოვექცევით, როგორც მდიდარი ყმაწვილი, რომელმაც ვერ შეძლო, შედგომოდა ქრისტეს, იმიტომ, რომ მეტისმეტად მდიდარი იყო, - მაშ როგორღა შევძლებთ, შევხვდეთ მას?!. რა ხშირად ხდება, რომ ლოცვით და ღრმა ურთიერთობებით ღმერთთან, რომელიც ჩვენ გვენატრება, უბრალოდ, ცოტაოდენ სიხარულს ვეძებთ ჩვენთვის; ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის გაყიდვა, რომ შემდეგ ძვირფასი მარგალიტი ვიყიდოთ. მაგრამ სხვანაირად როგორ შევიძენთ ამ მარგალიტს?! ჩვენ მას ვეძებთ?.. ადამიანურ ურთიერთობებშიც ხომ რაღაც ამდაგვარი ხდება: როდესაც ქალი ან მამაკაცი ვინმეს შეიყვარებს, დანარჩენი ადამიანები მისთვის ისეთი მნიშვნელოვანნი აღარ არიან, ეს მდგომარეობა გამოხატულია ძველებურ გამონათქვამში: „როდესაც ყმაწვილს საცოლე ჰყავს, იგი ქალებით და კაცებით კი არ არის გარშემორტყმული, არამედ - ადამიანებით“.

 

განა არ შეიძლება, იგივე დაემართოს და განა მართლაც იგივე არ უნდა ემართებოდეს ჩვენს ნებისმიერ სიმდიდრეს, როდესაც ღვთისკენ მივიქცევით?!. განა ეს სიმდიდრე არ უნდა იქცეს ერთგვარ ფერმკრთალ, ნაცრისფერ ფონად, რომელზედაც მთელი რელიეფურობით წარმოდგენილი იქნება ერთადერთი უმნიშვნელოვანელი პიროვნება?! ჩვენ, ალბათ ვისურვებდით, რომ საკუთარი ცხოვრების სურათის სისრულისათვის - მისთვის ერთი ფუნჯის მოსმა ზეცის ლაჟვარდი მიგვემატებინა, რადგან მასში მეტად ბევრია ბნელი მხარეები. ღმერთი მზადაა, შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, იგი მზადაა, თავის თავზე აიღოს ის მთელი სიმძიმით, - როგორც ჯვარი. მაგრამ იგი არაა მზად იყოს ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი - უბრალო მოვლენა.

 

მაშ ასე, როდესაც მივედით დასკვნამდე, რომ არ არის ღმერთი, განა საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დავსვათ კითხვა - ვის ვადანაშაულებთ ამაში? ჩვენ ყოველთვის ვადანაშაულებთ ღმერთს. ხან პირდაპირ ვადანაშაულებთ მას, ხან სხვებს შევჩივით, რომ იგი არ არსებობს, რომ იგი არასოდეს არ არის, როცა გვჭირდება, რომ იგი არ გვპასუხობს, როდესაც მას მივმართავთ. ზოგჯერ კი უფრო „ღვთისმოსავები“ ვართ, სწორედ რომ - ბრჭყალებში! - და ვამბობთ: „ღმერთი სცდის ჩემს მოთმინებას, ჩემს რწმენას, ჩემს სიმდაბლეს...“ და უამრავ საშუალებას ვნახულობთ, რომ ღვთის სამართალი ჩვენთვის სასურველ მხარეს შემოვაბრუნოთ: „მე ისეთ მომთმენი ვარ, რომ თვით ღმერთსაც კი ვუთმენ!“ განა ეს ასე არ არის?!

 

მახსოვს, ახალგაზრდა მღვდელი რომ ვიყავი, ტაძარში ქადაგების შემდეგ ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა: - „მამა ანტონი, როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ცუდი ადამიანი ხართ“. - მე მივუგე: - „ვაი, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ თქვენ როგორ მიხვდით ამას?“ მან განმიმარტა: - „თქვენ ისე კარგად აღწერეთ ჩვენი ცოდვები, რომ, როგორც ჩანს, ყველა მათგანი ჩადენილი გაქვთ“. რა თქმა უნდა, ბოროტი აზრები და ბოროტი შინაგანი მდგომარეობები, რომელთა შესახებ საუბარსაც მე აქ ვაპირებ, უდავოდ - საკუთრივ ჩემია, მაგრამ ხომ შეიძლება, თუნდაც რაღაც განსაზღვრული დოზით, ისინი თქვენიც აღმოჩნდეს.

 

თუ ლოცვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ცოდვილები ვართ. რომ - ხსნა გვჭირდება, რომ - განშორებულნი ვართ ღვთისაგან, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მას მივუძღვნათ, არის ჩვენი გულისმომკვლელი მწუხარე სურვილი იმისა, რომ გავხდებით ისეთები, როგორებსაც ღმერთი შეგვიწყნარებდა ჩვენ, შეგვიწყნარებდა ჩვენი სინანულით, შეგვიწყნარებდა მოწყალებითა და სიყვარულით. და აი ლოცვა - თვით მისი საწყის ეტაპზეც კი. ეს არის ჩვენი ძალისხმევა - გავემართოთ ღვთისკენ. ღმერთისკენ შემობრუნების წუთი, როდესაც ახლოს მისვლა ვერ გაგვიბედავს, რადგან ვიცით, რომ, თუ დროზე ადრე შევხვდებით მას, ვიდრე მის მადლთან შეხვედრისთვის მზად ვიქნებით, ეს შეხვედრა ჩვენს დასასჯელად იქნება. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მისკენ შევბრუნდეთ, - ღვთისმოსაობით, ისეთი მოკრძალებული მუხლდრეკითა და თაყვანისცემით, - როგორიც შეგვიძლია, მთელი ჩვენი ყურადღებითა და სერიოზულობით, და შევთხოვოთ მას, რამე მოგვიხერხოს, მოგვცეს იმის ძალა, რომ პირისპირ შევხვდეთ მას - არა სასჯელად და არცა დასასჯელად, არამედ - მარადიული ცხოვრებისათვის.

 

აქ მსურდა, მეზვერისა და ფარისევლის იგავი გამეხსენებინა. მეზვერე მოდის ტაძარში და უკან, შემოსასვლელთან დგება. მან იცის, რომ განსასჯელად დგას. მან იცის, რომ სამართლიანობის კატეგორიებით მას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ იგი ცათა სასუფევლის მოზიარე არ არის; ის არ ეკუთვნის სიმართლისა და სამართლიანობის, ან სიყვარულის სამეფოს. მაგრამ ძალადობის იმ მახინჯი, სასტიკი ყოფიდან, რომელსაც მისი ცხოვრება წარმოადგენს, მან ცოტაოდენი რამ ისწავლა - სწორედ ისეთი რამ, რაზედაც მართლად ფარისეველს წარმოდგენაც კი არა აქვს. მან ისწავლა, რომ ცხოვრებაში დაპირისპირებებია, რომ ცხოვრებაში მტაცებლური ურთიერთობებია, სისასტიკე და უგულობაა, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება იქონიო, ესაა მოულოდნელი შემოჭრა გულმოწყალებისა, შემოჭრა თანაგრძნობისა, - მოულოდნელი და წარმოუდგენელი... რომელიც არც მოვალეობებიდან გამომდინარეობს და არც ყოველდღიური ურთიერთობებიდან და რომელიც ამ ყოველდღიურ ურთიერთობებში შეაჩერებდა სისასტიკის, უგულობის, ძალადობის კანონიერებას. მეზვერემ, რომელიც ადრე გამომძალველი, მევახშე და მტაცებელი იყო, პირადი გამოცდილებით იცოდა, რომ არის წუთები, როდესაც, მისი პირადი მსოფლმხედველობის მიუხედავად, - მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გული შეიძრა და მგრძნობიარე გახდა, ვიღაცას ციხეში არ გაუშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სახემ მას რაღაც გაახსენა, ან მისი ხმა ჩასწვდა გულში. ამაში ლოგიკა არ არის. ეს არც მისი აზროვნების სტილისთვისაა დამახასიათებელი, არც მისი საქციელისთვის არის თვისობრივი. აქ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და საპირისპიროდ შემოიჭრება რაღაც, რისთვისაც წინააღმეგობის გაწეცა მას არ შეუძლია; და ალბათ იცის კიდეც, რომ თვითონაც ხშირად გადარჩენილა კატასტროფას მოწყალების, თანაგრძნობის, პატიების ამ მოულოდნელი შემოჭრით. და აი იგი ეკლესიის შემოსასვლელთან დგას, იცის, რომ ეკლესიის შიგნით გარემო ღვთიური სიმართლისა და სიყვარულის გარემოა. გარემო, რომელსაც თვითონ არ ეკუთვნის და რომელში შეღწევაც არ შეუძლია. მაგრამ მან გამოცდილებით იცის, რომ დაუჯერებელი რამაც შეიძლება მოხდეს და აქ ის ამბობს: „შემიწყალე! დავარღვიე სამართლიანობის კანონები, დავარღვიე რელიგიის კანონები... მოწყალებით ჩამოდი ჩვენთან - ვისაც ნება არა გვაქვს შენდობა და ამ გარემოში შემოსვლა ვითხოვოთ“. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომლიდანაც უნდა დავიწყოთ ჩვენ კვლავ და კვლავ - უსასრულოდ.

 

თქვენ აუცილებლად გემახსოვრებათ ერთი ეპიზოდი პავლე მოციქულთან, როდესაც ქრისტე მას ეუბნება: ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების... ეს უძლურება ის სისუსტე კი არ არის, რომელსაც ჩვენში აღმოვაჩენთ ხოლმე, როდესაც ვცოდავთ და ღმერთს ვივიწყებთ. არამედ სისუსტე, რომელის გულისხმობს მოქნილობას, სრულ გამჭირვალობას, საკუთარი თავის სრულად გადაცემას ღვთის ხელში. ჩვეულებრივ ჩვენ „მთელი ძალებით“ ვცდილობთ ხოლმე და ხელს ვუშლით ღმერთს, რომ მან გამოავლინოს თავისი ძალა.

 

როდესაც ბავშვი ჯერ მხოლოდ სწავლობს წერას და არ იცის, რა გამოუვა, მისი ხელი სრულიად გაუბედავია და მთლიანად დედის ხელს არის დანებებული; მაგრამ, როგორც კი „მიხვდება“, რომ გაიგო და შეეცდება, დაეხმაროს მას, ყველა ხაზი მიბრეცილ-მობრეცილი ხდება: აი, რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ვამბობ, რომ ძალა ღვთისა უძლურებაში ვლინდება. ანდა ავიღოთ აფრა: ქარმა შეიძლება, ისე აავსოს იგი, რომ მთელი ხომალდი გაიტაცოს... - მხოლოდ იმიტომ, რომ აფრა მოქნილია; თუ აფრის ადგილას გატეხილ დაფას დავდგამთ, არაფერი გამოგვივა. რკინის ხელჯაგი (თათმანი) მაგარია, მაგრამ რა ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მისი საშუალებით... ქირურგის ხელთათმანი გაცილებით მგრძნობიარეა, გაცილებით ნაზი, მის დასახევად არანაირი ძალა არ არის საჭირო, მაგრამ მისი წყალობით ექიმის გონიერი ხელი სასწაულებს აღასრულებს... და აი, ერთერთი - რის სწავლებასაც უფალი გამუდმებით ცდილობს: ჩვენი ანარქიული, წარმოსახული და არაფრისშემძლე „ძალის“ მაგიერ - ეს სიფაქიზე, მოქნილობა, საკუთარი თავის სრულად გადაცემა ღვთის ხელში.

 

მე თქვენ მაგალითს მოგცემთ. ოცდახუთი წლის წინ ერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, პარიზის გათავისუფლებისას დაიღუპა. მის შვილებს მე არ ვუყვარდი, ეჭვიანობდნენ, რომ მათ მამას ასეთი ახლო მეგობარი ჰყავდა, მაგრამ, როდესაც მამა გარდაიცვალა, ისინი მომეჩვივენ, იმიტომ, რომ მამის მეგობარი ვიყავი... და აი, ერთხელ მისი ქალიშვილი - თხუთმეტი წლის გოგონა ჩემთან მისაღებში მოვიდა (ვიდრე ღვთისმსახური გავხდებოდი, მე ექიმი ვიყავი) და დაინახა, რომ სამედიცინო ხელსაწყოების გვერდით, მაგიდაზე სახარება მიდევს. სიყმაწვილის სრული თვითდაჯერებულობით მან მითხრა: - „არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ერთი შეხედვით განათლებულ ადამიანს ასეთი სისულელე სჯეროდეს“. მაშინ მე ვკითხე: - „შენ წაგიკითხავს?“ - „არა“. მომიგო მან. - „მაშ, დაიმახსოვრე, მხოლოდ ძალიან უგნური ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან“. შემდეგ სახარება წაიკითხა და მან ისე დაიპყრო მისი გული, რომ მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ, რომ მან დაიწყო ლოცვა, ღმერთმა მას თავი გამოუცხადა და იგი გარკვეული ხნის განმავლობაში ამით ცხოვრობდა. შემდეგ მას უკურნებელი სენი შეეყარა და როდესაც უკვე მოძღვარი ვიყავი და ინგლისში ვცხოვრობდი, წერილი მომწერა. იგი ამბობდა: - „მას შემდეგ, რაც ჩემმა სხეულმა დასუსტება და კვდომა დაიწყო, ჩემი სული უფრო ცოცხალია, ვიდრე - ოდესმე, და მე ღვთის მყოფობას ისე ადვილად და ისეთი სიხარულით განვიცდი...“ მე მას პასუხად მივწერე: - „ნუ ელი, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, როდესაც ძალა თანდათანობით მოგაკლდება, როდესაც ღვთისკენ სწრაფვისათვის საკუთარი ძალები აღარ გექნება, მაშინ მოგეჩვენება, რომ ღმერთამდე მიღწევა შეუძლებელია“. გარკვეული ხნის შემდეგ მან კვლავ მომწერა: - „დიახ, თქვენ მართალი იყავით, მე ამჟამად იმდენად სუსტად ვარ, რომ ძალა აღარ შემწევს, ღმერთს ვესწრაფოდე, ან თუნდაც ვნაღვლობდე მასზედ და თითქოს ღმერთი არ არის...“ მაშინ მას ვურჩიე, რომ ეცადა, სხვაგვარად მოქცეულიყო: ესწავლა მორჩილება - ამ სიტყვის ნამდვილი, ღრმა გაგებით.

 

ლათინურ ენაზე სიტყვა Humilites - სიმდაბლე მომდინარეობს სიტყვიდან Humus - „ნაყოფიერი მიწა“; და აი, სიმდაბლე იმაში კი არ მდგომარეობს, რასაც ჩვენ გამუდმებით ვაკეთებთ ხოლმე... საკუთარ თავზე ცუდს ვფიქრობთ და ვამბობთ, და სხვებს ვარწმუნებთ, რომ სწორედ ჩვენი უხამსი მანერებია სიმდაბლე. სიმდაბლე ეს ნაყოფიერი მიწის მდგომარეობაა; მიწა ყოველთვის ჩვენს ფეხთა ქვეშაა. ის თავისთავად ჩანს, ის დავიწყებულია, ჩვენ მასზედ დავდივართ და არასოდეს გვახსოვს. ის ყველაფრისთვის ღიაა, მას ვაყრით ნაგავს, ყველაფერს, რაც არ გვჭირდება, იგი უშფოთველია და იღებს ყველაფერს, თვით ნაკელს და ნარჩენებს იგი შემოქმედებითად იღებს და მათ ცოცხალ და მაცოცხლებელ სიმდიდრედ გარდაქმნის. ის თვით გახრწნილ გვამსაც კი ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. იგი იხსნება თესლისთვის, იგი იხსნება წვიმისათვის და ამის შედეგად ათმაგად და ასმაგად აღმოაცენებს ნაყოფს.

 

და მე ამ ქალს ვურჩიე: - „ისწავლე, რომ შენც ასეთივე იყო ღვთის წინაშე: ყველაფრის გამღები, წინააღმდეგობა არავის გაუწიო და როგორც ღვთისგან, ისე ადამიანებისგან მიიღო ყველაფერი, რასაც ისინი მოგცემენ“. და მართლაც მას ადამიანებისგან ბევრი რამის მოთმენამ მოუწია. ავადმყოფობიდან მეექვსე თვეს ქმარი დაღალა ავადმყოფი ცოლის ყურებამ და მიატოვა იგი. მან უდიდესი უარყოფა გამოსცადა, მაგრამ ღმერთმაც უხვად მიჰფინა მას თავისი ნათელი და მაგრილებელი ცვარი გამოუგზავნა. მოგვიანებით იგი მწერდა: - „მე სრულიად დავუძლურდი და ღვთისკენ სწრაფვის აღარანაირი ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ეხლა უკვე თვით ღმერთი მოდის ჩემთან“. აქ მონათხრობი მარტოდენ ილუსტრაცია როდია, ეს ხაზს უსვამს უმთავრეს აზრს: ესაა სწორედ ის უძლურება, რომელშიც ღმერთი საკუთარ თავს ავლენს. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ღმერთის არყოფნა მის მყოფობად გადაიქცევა. ძალით ღმერთს ვერ დავეუფლებით, მაგრამ თუკი მეზვერის ან ამ ქალის მსგავასად ვდგევართ იმის საზღვართან, რაც სწორია, მაგრამ იმ საზღვრებში, სადაც გულმოწყალება მეფობს, შეგვიძლია შეხვედრა ღმერთთან. ახლა შეეცადეთ, ღმერთის „არყოფნა“ გაიაზროთ და შეიგნეთ მთელი თქვენი არსებით, რომ ვიდრე კარზე დააკაკუნებდეთ, საჭიროა, გაიაზროთ, რომ ჩვენ შიგნით არ ვიმყოფებით. თუკი ჩვენი უგუნურებით წარმოვიდგენთ, რომ უკვე ღვთის სასუფეველში ვიმყოფებით, მაშინ სადღა უნდა დავაკაკუნოთ და ისღა დაგვრჩენია, რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ ანგელოზების, წმიდანების და ჩვენთვის გამზადებული სავანის დასანახად. და ამ დროს, როდესაც სიბნელისა და კედლების გარდა ვერაფერს ვხედავთ, მაშინ შესაძლოა, სრულიად სამართლიანმა გაკვირვებამ შეგვიპყროს, თუ რამდენად უინტერესო აღმოჩნდა სამოთხე... უნდა შეგვეძლოს, გავისიგრძეგანოთ, რომ ჯერ კიდევ არა ვართ სამოთხეში, ჯერ კიდევ არა ვართ ღვთის სამეფოში. მაშინ კი ვკითხავთ საკუთარ თავს: სად არის კარი და როგორ დავაკაკუნოთ მასზე?

 

 

„ირეკდით და განგეღოს...“

 

წინა საუბარში იმაზე ვლაპარაკობდით, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ ღმერთის არყოფნაზე. ოღონდ, არა - მის ობიექტურ არყოფნაზე, არამედ იმაზე, როდესაც ჩვენ თვით განვიცდით ამ მდგომარეობას. მე ვთქვი, ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისათვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ - და ვერასოდეს ჩავწვდეთ იმ სიღრმეს, სადაც ღვთის სამეუფო გაიხსნება მთელი თავისი მშვენიერებით, მთელი თავისი სიმართლით, მთელი თავისი დიდებულებით...

 

მაგრამ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ „გარეთ“ ვართ, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ უბრალოდ და რადიკალურად ვართ სამეფოს მიღმა, მაშინ, როცა შეგვეძლო, რომ ასევე უბრალოდ და რადიკალურად მის ფარგლებში ვყოფილიყავით. აქ, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვილაპარაკებთ გამუდმებულ სვლაზე სიღრმიდან სიღრმეში, ან სიმაღლიდან - სიმაღლისაკენ. იმიტომ, რომ თითოეულა საფეხურზე უკვე ვფლობთ რაღაც სიმდიდრეს, რაღაც სიღრმეს - და ამასთან ვაგრძელებთ წუხილს და ლტოლვას უმეტესი სიმდიდრის და სიღრმის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება, მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც - უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ასე მდიდრები ვართ. მაგრამ ამავდროულად ღვთის სასუფევლის ჭეშმარიტი საუნჯისაკენ ლტოლვაში საკუთარი თავი იმით არ უნდა დავიკმაყოფილოთ, რაც უკვე გვაქვს, რომ ზურგი არ შევაქციოთ იმას, რაც ჯერ კიდევ წინაა.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, საჩუქრად არის მოცემული, ნეტარების პირველი მცნება სიგლახაკეზე ლაპარაკობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევალთ ცათა სასუფეველში, თუ ამ მცნებით ვცხოვრობთ. ამ მცნებას ორმაგი აზრი აქვს. ერთი მხრივ, ცხადია, რომ გვინდა თუ არა, არაფერს ისეთს არ ვფლობთ, რისი შენარჩუნებაც შეგვიძლია; აღმოჩნდება, რომ არავისი და არაფრის მფლობელნი ვართ. ვარსებობთ იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვიყვანა არსებობაში; ამ საქმეში ჩვენ თავად არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია, ეს ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინება არ ყოფილა. ჩვენ ცხოვრებას იმგვარად ვერ ვფლობთ, რომ ვიღაცამ, ნებისმიერ წუთში მისი წართმევა ვერ შეძლოს. ამიტომ ყველაფერი, რაც გვაქვს და რაშიც თავს ვავლენთ, ხანგრძლივი არ არის. ჩვენ გვაქვს სხეული, მაგრამ ის მოკვდება; გვაქვს გონება, მაგრამ საკმარისია ტვინის უწვრილესი ნაწილაკი განადგურდეს და უდიდესი გონებაც ჩაიფერფლება. გვაქვს მგრძნობიარე, ცოცხალი გული, მაგრამ დგება წუთები, როდესაც გვსურს, გამოვხატოთ თანაგრძნობა და თანადგომა იმის მიმართ, ვისაც ეს სჭირდება - და საკუთარ მკერდში მხოლოდ ქვას აღმოვაჩენთ...

 

ამგვარად, რაღაც აზრით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს, რადგან რაც გვაქვს, მას თავისუფლად ვერ ვიყენებთ. ამას შეიძლება, მივეყვანეთ არა იმ გრძნობასთან, რომ ღვთის სასუფეველს ვეკუთვნით და ამით უნდა ვხარობდეთ, არამედ - სასოწარკვეთილებასთან. თუკი არ გვეხსომებოდა, რომ თუმცა ისეთი არაფერი გაგვაჩნია, რისი წართმევაც შეუძლებელი იქნებოდა, ყველაფერი ეს მაინც გვაქვს. ჩვენ მდიდრები ვართ და ყველაფერი რასაც ვფლობთ, არის წყალობა და გამოვლინება ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, ყოველივე საღმრთო სიყვარულის უწყვეტი ნაკადით მოედინება და ამისდა მიხედვით (და რამდენადაც ჩვენ არაფერს ვფლობთ) ღვთის სიყვარული მარადიულობითა და სისრულით ვლინდება. ხოლო ყველაფერი ის, რასაც საკუთარი ხელით ვშოულობთ, რათა მივითვისოთ, სიყვარულის სფეროდანაა მიტაცებული. დიახ, ის ჩვენი ხდება, მაგრამ სიყვარული იკარგება. და მხოლოდ ისინი, ვინც ყველაფერს გასცემენ, ნამდვილი, ყოვლადსრული, საბოლოო და უცვეთი სულიერი სიგლახაკით - მოიპოვებენ ღვთის სიყვარულს, რომელიც მისი ყოველგვარი ნიჭით ვლინდება. ერთ-ერთმა ღვთისმეტყველმა მამა ალექსანდრე შმემანმა თქვა - „მთელი ქვეყნიერების საკვები არის ღვთის სიყვარული, რომელიც საჭმელად გამოდგება“. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა. და იმ წუთებში, როდესაც ვცდილობთ, რომ გავმდიდრდეთ და ხელში მოვიგდოთ რაღაც, რისი შენახვაც შესაძლებელია, უცებ წაგებულნი ვრჩებით, იმიტომ, რომ ვიდრე ხელში არაფერი გვიჭირავს, ჩვენ შეგვიძლია მისი საშუალებით რაღაც ავიღოთ, ან არ ავიღოთ, ან გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ.

 

აი, ეს არის ღვთის მეუფება: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყოველგვარი დაქვემდებარებებისაგან თავისუფალნი ვართ. და ეს თავისუფლება ისეთ ურთიერთმიმართებაში გვაყენებს, სადაც ყველაფერია - სიყვარული ადამიანური თუ ღვთაებრივი სიყვარული.

 

ასე რომ, თუ ასეთი კატეგორიების მიხედვით განვსჯით, შეიძლება ეს იმაზე გადავიტანოთ, რაზედაც ადრე ვსაუბრობდით. დიახ, ჩვენ მდიდრები ვართ, მაგრამ ამ ქონებამ არ უნდა გაგვაამპარტავნოს და წარმოგვადგენინოს, რომ თითქოსდა, შესაძლებელია, დავანგრიოთ ძველი საცხოვრებლები, ძველი ბეღლები და ახლები ავაშენოთ, რათა იქ სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთე შევინახოთ (ნახ. ლუკ. 12, 16-22). არაფრის მოხვეჭა არ შეიძლება, გარდა - თვით ცათა სასუფეველისა. და მაშინ შევძლებთ, ყოველგვარი საგანი ერთმანეთის მიყოლებით მოვიშოროთ, რათა წინ თავისუფლად ვიაროთ, თავისუფლებმა - ყოველგვარი დამოკიდებულებებისაგან. არ შეგიმჩნევიათ, რომ სიმდიდრის ფლობა რომელიღაც ასპექტში გაღარიბებას გულისხმობს?! საკმარისია ვთქვათ: „აი საათი - ის ჩემია“ და ის ხელში ჩავიდოთ, რომ საათი კი გვაქვს, მაგრამ ხელს ვეღარ ვფლობთ. ხოლო, თუ გონებაც ჩვენს ქონებაშია მომწყვდეული, თუ გულშიც ისაა მოქცეული, რომ გავუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, რაც შიგ ინახება, მაშინ გულიც და გონებაც ისეთივე მცირე აღმოჩნდება, როგორც ის ნივთი, რომელშიც ჩავიკეტეთ.

 

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ იმ წუთებში, როდესაც ფსკერზე დავეშვებით და მეტი დაღმასვლა შეუძლებელი გახდება, როდესაც მთელი ჩვენი სიღატაკე გადაიხსნება ჩვენს წინაშე, სწორედ მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ღვთის სასუფევლის პირას ვართ მისულნი, რომ ღმერთი სიყვარულია და თავისი სიყვარულით ვუპყრივართ ჩვენც. ამ დროს ჩვენს წინაშე ორი შესაძლებლობა გაიხსნება. ჩვენ შეიძლება, უსაზღვრო მწუხარების, სიღატაკის, უკმარისობი გამო ლოცვა დავიწყოთ, ან შეიძლება ვიზეიმოთ, რომ ღმერთმა თავისი სიყვარულით ასე დაგვაჯილდოვა. მაგრამ ეს იმ პირობითაა შესაძლებელი, თუ ერთსაც და მეორესაც გამოცდილებით შევიცნობთ. იმიტომ რომ, ვიდრე თავი მდიდრად წარმოგვიდგენია, ღვთისთვის სამადლობელი არაფერი გვაქვს და არ გაგვაჩნია ის გზა, რომლის საშუალებითაც შევიცნობთ, რომ ვუყვარვართ მას. ჩვენი მადლიერება ღვთისადმი ძალიან ხშირად არის „ზოგადი“ მადლიერების გრძნობა და სინანული, რომელსაც ღმერთს შევწირავთ, ხშირად ასევე მეტისმეტად განზოგადებულია.

 

ეს მე მეტად არარომანტიულ და არასულიერ ვითარებაში გამოვცადე. ერთხელ, მოზარდი რომ ვიყავი, ვიღაცის მოსანახულებლად მივდიოდი, დრო წინასწარ განვსაზღვრე და იმედი მქონდა, რომ სადილობისას მივიდოდი. იქ მეორე ოთახში დაცდას არ მაიძულებდნენ და რამით გამიმასპინძლდებოდნენ. მაგრამ, როგორც ყოველთვის ასეთ დროს ხდება ხოლმე, მატარებელმა დაიგვიანა და სადილობის შემდეგ მივედი. მგელივით მშიერი ვიყავი. ამხანაგთან ერთად ვიყავი, რადგან უკვე მართლა ძალიან გვშიოდა, ცოტაოდენი საჭმელი ვითხოვეთ. შემოგვთავაზეს ნახევარი კიტრი, ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და გავიფიქრეთ: - „განა სულ ეს არის, რასაც ღმერთი გვიგზავნის?“ მაშინ ჩემმა ამხანაგმა თქვა: - „მოდი ვილოცოთ“. მე გამიელვა „-კიტრის გამო?“ ამხანაგს კი მეტი რწმენა ჰქონდა და უფრო ღვთისმოსავი იყო. ერთად წავიკითხეთ მეცხრე ჟამნი, შემდეგ კი ლოცვა საზრდელის მიღების წინ  და ამ ხნის განმავლობაში გონებით არ მოვშორებივარ ნახევარ კიტრს, რომლის მეოთხედიც მე მეკუთვნოდა. მერე კიტრი გავტეხეთ და შევჭამეთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის მიმართ არანაირი საჭმლის გამო ასეთი მადლიერება არ მიგრძვნია. ისე ვჭამდი, როგორც წმიდა საკვებს. ვჭამდი დაკვირვებით, რომ ამ ახალი კიტრისგან მოგვრილი სიამოვნების არც ერთი წამი არ გამომრჩენოდა და როდესაც ჭამა დავამთავრეთ, უყოყმანოდ ვთქვი: „ახლა კი მოდი, მადლობა შევწიროთ ღმერთს“ და ჩვენ სამადლობელი ლოცვა დავიწყეთ.

 

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეუძლებელია, იცხოვრო ლოცვით, შეუძლებელია, წინ, ღმერთისკენ მიდიოდე, თუ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული: ორივე ხელი თავისუფალი უნდა გვქონდეს, გული - სრულიად გახსნილი, საფულესავით კი არა, რომლის ღიად დატოვებსა ვერიდებით, რომ იქიდან ფული არ გადმოგვიცვივდეს, არამედ - როგორც ღია და ცარიელი საფულე. ჩვენი გონებაც სრულიად გახსნილი უნდა იყოს, „ცარიელი“ - უცხოსა და მოულოდნელისაგან. ამგავარად ვართ ჩვენ ერთდროულად მდიდრებიც და თავისუფლებიც ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან. აი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ ღვთის სასუფეველში არა ვართ, მაგრამ ასე მდიდრები ვართ. ან მასში ვართ, მაგრამ ვართ ასე თავისუფალნი.

 

ასე ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ვმარხულობთ. მე იმ მარხვასა და თავშეკავებაზე არ ვლაპარაკობ, რომელიც მხოლოდ სტომაქზეა კონცენტრირებული, არამედ იმ სიფხიზლეზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ზოგჯერ კი პირდაპირ გვაიძულებს არაფერს დავემონოთ. ეს მთელი ჩვენი ცხოვრებისეული განწყობის საკითხია. პირველ რიგში ეს წარმოდგენებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ცოდვა წარმოდგენიდან იწყება. IX საუკუნის ერთმა მწერალმა თქვა, რომ ხორციელი ცოდვები ის ცოდვებია, რომელსაც სული ხორცის წინააღმდეგ აღასრულებს. პასუხისმგებელი ხორცი არ არის! - ამ აზრით, ვფიქრობ, რომ საკუთარი წარმოსახვის ფლობა უნდა ვისწავლოთ. ვიდრე წარმოსახვა ჩვენზე არ გაბატონებულა, ყველაფერი ჩვენს გარეთაა, ხოლო თუ გონებაში წარმოსახვა საგნებს გადაეხლართა უკვე მასზე მიჯაჭვულნი აღმოვჩნდებით. თქვენ, მაგალითად, გახსოვთ, რომ არსებობს საჭმელი: ხორცი, ბოსტნეული, ტკბილეულობა; თქვენ იცით, რომ ეს ობიექტური ფაქტია, თუ მიუჯდებით და იტყვით: „ძალიან მშიერი ვარ, მაგრამ აქ იმდენი შესანიშნავი საჭმელია - რაც კი მომესურვება“. - მაშინ ხუთი წუთიც არ გაივლის და საცეცებს უამრავი საგნის მიმართ გაიწვდით. თქვენ დაემსგავსებით გულივერს, რომელიც მიწაზე, თმის სათითაო ღერით ეჯაჭვებოდა მიწას, ჯერ ერთით, მერე - მეორეთი, მერე - მესამეთი; თითო ღერი თავისთავად არაფერს ნიშნავს, მაგრამ ყველამ ერთად მყარად მიალურსმა დედამიწაზე! ამგვარად საკმარისია, საკუთარ წარმოსახვას სრული თავისუფლება მიანიჭოთ, რომ ყველაფერი გაცილებით რთულდება. ამ აზრით ფხიზლად უნდა ვიყოთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. სიყვარულსა და მიჯაჭვულობას შორის დიდი განსხვავება არსებობს; ასევე - შიმშილსა და სიხარბეს შორის, ცოცხალ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის და ა.შ. თითოეულ ჩვენს მიდრეკილებას თანშობილი ბოროტი ორეული სდევს თან; სწორედ ისაა ჩვენი დამონების ერთ-ერთი გზა. ეს ისაა, რაც მხედველობაში მქონდა მაშინ, როდესაც გაწვდილ საცეცებზე ვლაპარაკობდი. ისინი უკან უნდა წაიღოთ, თუ დროულად არ იტყვი „არას“, ბრძოლა არ დასრულდება. ასე რომ, დაუნდობელნი იყავით, იმიტომ, რომ გონების სინათლე და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კმაყოფილება, რომელსაც მონობა მოგანიჭებთ.

 

თუკი ის, რასაც ვამბობ სიმართლეა, მაშინ შემდეგში უკვე კარზე უნდა დავაკაკუნოთ. ამ დროს ზოგიერთი პრობლემა განსაკუთრებით მძაფრდება. აქ რომ რომელიმე განსაზღვრული ტაძრის კარზე იყოს საუბარი, ყველაფერი უფრო უბრალო იქნებოდა: მივიდოდით და დავაკაკუნებდით, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, სად დავაკაკუნოთ. ხშირად ადამიანს ლოცვა სურს და მის წინაშე დგება საკითხი: - სად არის გულისმიერი ლოცვა? საით მივმართოთ მზერა - საკუთარი გულისკენ?.. თუ მუსულმანი ხართ, ეს ძალიან ადვილია: მექასკენ შებრუნდებით, მაგრამ მაშინაც კი აღმოსავლეთისკენ პირმიქცეულებმა მერე რაღა უნდა გააკეთოთ? არ შეიძლება, მთელი ყურადღება მიაპყრო რამეს, თუ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია - ვიდრე ღმერთი. როგორც კი შეეცდებით ყურადღება მიაპყროთ ღმერთს, რომელსაც თქვენს წინაშე წარმოიდგენთ, ჩნდება საშიშროება, რომ თქვენსა და ნამდვილ ღმერთს შორის თქვენ კერპს აღმართავთ. ეს აზრი ჯერ კიდევ IV ს-ში გამოხატა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომელიც ამბობს, რომ როგორც კი ჩვენს წინაშე რაიმე ხილულს აღვმართავთ - იქნება ეს ჯვარცმა, ტრაპეზი, ხატი ან უხილავი ღმერთის ისეთი გამოსახულება, როგორადაც წარმოგვიდგენია იგი, ან - იესო ქრისტესი, როგორც ის ხატებზე გვინახავს და მთელ ყურადღებას მას მივაპყრობთ, მაშინ ჩვენსა და ღმერთს შორის აღიმართება ჯებირი, იმიტომ რომ, იმ ხატით, რომელიც ჩვენში შევქმენით, ვცვლით იმ პიროვნებას, ვისაც ლოცვით მივმართავთ. ამის გაკეთება ასე უნდა: მოვკრიბო მთელი ჩემი ცოდნა ღმერთის შესახებ, რათა მისი მყოფობის წინაშე წარვსდგე, თანაც მახსოვდეს, რომ მთელი ეს ცოდნა მასზე სადღაც წარსულშია - ჩემს ზურგს უკან, ხოლო ჩემს წინაშე ღმერთია - მთელი მისი სირთულითა და მთელი მისი უბრალოებით, ასეთი ახლობელი და ასეთი მიუწვდომელი. თუ ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვდგავართ შეუცნობლობის წინაშე, მაშინ ამ შეუცნობლობას, ამ შეუცნობელს შეუძლია ისე გაიხსნას, როგორც თვითონ მოისურვებს ჩვენს წინაშე, ისეთების წინაშე, როგორებიც დღეს ვართ. გულის ასეთი გახსნილობით, გონების ასეთი გახსნილობით უნდა ვიდგეთ ღმერთის წინაშე. არ უნდა ვეცადოთ, მას რაიმე ფორმა მივცეთ, ან რაიმე ცნებასა და ხატებაში მოვაქციოთ... და ამის შემდეგ დავაკაკუნოთ...

 

სად?! სახარება გვეუბნება, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენშია, თუ ღვთის სასუფევლის პოვნას საკუთარ თავში ვერ შევძლებთ, თუ საკუთარ თავში, ჩვენივე არსების სიღრმეში ვერ შევხვდებით ღმერთს, მაშინ ნაკლებად სარწმუნოა, რომ მასთან შეხვედრას სადმე - ჩვენს გარეთ შევძლებთ. როდესაც პირველი კოსმონავტი გაგარინი „კოსმოსიდან“ დაბრუნდა და თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ზეცაში ღმერთს არ შეხვედრია, მაშინ ერთმა მოსკოველმა მღვდელმა შენიშნა: - „თუ თქვენ მას აქ, მიწაზე არ შეხვედრიხართ, ზეცაში ვერასდროს ნახავთ“. თუ მე, ასე ვთქვათ, საკუთარი ტყავით, არ შემიძლია ღმერთთან შეხება - აქ, ამ პატარა სამყაროში, რომელსაც თვითონვე წარმოვადგენ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ პირისპირ შეხვედრისას ვიცნო იგი. წმიდა იოანე ოქროპირმა თქვა: - „იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია“. ამიტომ საკუთარი თავის შიგნით უნდა ჩავიხედოთ და არ ვიცქირებოდეთ გარეთ. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ თვითანალიზს უნდა მივმართოთ; არც იმას ვგულისხმობ, რომ საკუთარ შინაგან სამყაროს ფსიქოანალიზისა და ფსიქოლოგიის ხერხებით უნდა ჩავუღრმავდეთ. ეს არ უნდა იყოს ჩემს პირად „მე“-ში მოგზაურობა; არამედ ეს არის გზა პირადი „მე“-ს გავლით, რათა საკუთარი სიღრმეებიდან ამოვყვინთოთ იქ, სადაც ღმერთია, სადაც ღმერთი და მე ერთმანეთს შევხვდებით.

 

ამგვარად საკითხი, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით დაისმის, ორ ასპექტს შეიცავს: პირველი - სვლა სიღრმისკენ; მეორე - როგორ წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს და საით მივმართავთ მათ.

 

ამჯერად მეორეს შესახებ ვიტყვი: ვისკენ ან რისკენ უნდა მივმართო ჩემი მხურვალე ლოცვა? ხშირად ადამიანი ცდილობს, იყვიროს ზეცის მიმართულებით და ძალიან უკვირს, რომ ცა ცარიელია და არ იხსნება, მაგრამ იქ გამოძახილს ვერც იპოვი. VII საუკუნეში წმიდა იოანე კიბისაღმწერელი წერდა, რომ ლოცვა, ლოცვის სიტყვები ისრებს ჰგავს; მაგრამ იდრის ქონა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, თუ გსურთ მიზანში მოარტყათ, საჭიროა მშვილდი - კარგი ლარით და ძლიერი ხელი, რომ ის მოზიდოთ. თუ კარგი მშვილდი გაქვთ, მაგრამ ლარი დაჭიმული არ არის, ისარი შორს ვერ წავა და მალევე ჩამოვარდება მიწაზე. თუ ისარს ძლიერი ხელით არ გასტყორცნით, ასევე ვერ მიაღწევთ მიზანს. ამიტომ საჭიროა მშვილდი, საჭიროა ლარი, საჭიროა ხელი და საჭიროა ძალა. თუ ლოცვის სიტყვა ისარია, ის ზუსტად სიღრმისკენ უნდა დავუმიზნოთ, იქ, სადაც ჩვენში ღმერთი იმყოფება, მშვილდი შინაგანისაკენ უნდა მივმართოთ, რათა, რაც შეიძლება, ღრმად განვგმიროთ საკუთარი თავი. ამასთან, ყოველგვარი პირობა უნდა შევქმნათ, რომ ისარი რაც შეიძლება დიდი ძალით იყოს ნატყორცნი. ხშირად კი ლოცვისას უყურადღებოდ ვართ, ჩვენი გული ჩვენსავე ლოცვაში არ არის დაუნჯებული და ის ცხოვრება, რომლითაც ვცხოვრობთ, ჩვენივე ლოცვის მცველად ვერ გამოდგება. ასეთია მშვილდთან, ლართან და ძალასთან დაკავშირებული ანალოგიები.

 

არის წუთები, როდესაც შესაძლებელია მცდელობა იმისა, რომ შეიჭრა სიღრმეში, უხმობდე მას, ვინც ყოველივე ქმნილის ფესვსა და სიღრმეში არსებობს, მაგრამ თქვენ სრულიად აშკარად დაინახავთ, თუ საით მიემართებით და საით უმიზნებთ თქვენს ლოცვას: არა - უკან, არა - მაღლა, არამედ - სულ უფრო ღრმად - ყველა უკუქმედების მიმართ, რომელიც წინ გეღობებით, ყველა ფარული მახისა და ცდომილებისაკენ, ყველაფერი იმისკენ, რაც თქვენს სიღრმეში შესვლას აღუდგება წინ. და მაშინ ლოცვა გახდება რაღაც - ბოლომდე განხორციელებული - თუმცა ეს მკაცრი, დაძაბული და გაბედული შრომით მიიღწევა.

 

და აი, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევარჩიოთ ლოცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის; ისევე როგორც ადამიანურ ურთიერთობაშია აუცილებელი საჭირო სიტყვის გამონახვა, ასევე მნიშვნელოვანია ის ლოცვისას. რა ლოცვაც არ უნდა ავირჩიოთ, ის ჩვენს მიერ უნდა იყოს გააზრებული და არანაირ უხერხულობას არ იწვევდეს. უნდა გამოვტყდე რომ, როდესაც არსებულ ლოცვანებს გადავშლი, ერთგვარი უხერხულობა მიპყრობს. როდესაც წარმოვიდგენ, რომ ღმერთი ნამდვილად, სრულიად კონკრეტულად არის აქ - ჩემთან, ვერაფრით ვერ გავკადნიერდები, რომ მის წინაშე და მის შესახებ ასეთი სიტყვები წარმოვთქვა, ვუამბო მას, თვით მასზე უამრავი ისეთი რამ, რომელიც ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იცოდა. ამგვარად, არჩევანია საჭირო, იმიტომ, რომ თუ თქვენ თვითონ გერცხვინებათ თქვენი ლოცვა, მით უფრო ღმერთისთვის იქნება ის უხერხული და ღვთისადმი მთელი გულით მის შეწირვას ვერ შეძლებთ. პირველი სწორედ ისაა, რომ ლოცვის ისეთი სიტყვები იპოვო, რომელიც თქვენი საკადრისია და ღმერთის საკადრისი. მე ვამბობ - „თქვენი საკადრისი და ღმერთის საკადრისი...“ იმიტომ, რომ თუ ისინი საკმარისად კარგია თქვენთვის, ღმერთი შეძლებს მათ მიღებას, მაგრამ თუ ის სიტყვები თქვენთვის კარგი არ არის, ნურც ღმერთს დატვირთავთ, მას ხომ უამრავი, გაცილებით უკეთესი სიტყვა მოუსმენია. საჭირო არ არის, რაღაც განსაკუთრებული სიტყვების მოძებნას შეეცადოთ; ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით არსებობს, ისეთი სიტყვების ძებნაა, რომლებიც „ღმერთის დონეზე“ იქნება. სამწუხაროდ, რამდენადაც არც ერთი ჩვენგანი არ არის „ღმერთის დონეზე“, ეს არ გამოგვივა და ტყუილად ვკარგავთ ამდენ დროს განსაკუთრებული სიტყვების საპოვნელად.

 

მართალია, არ ვცდილობ, რომ ეს სფერო სრულად მოვიცვა, მაგრამ მსურს, ლოცვითი ქმედების ან სიტყვების გამაჯერებლობისთვის მაგალითი შემოგთავაზოთ. ებრაულ ფოლკლორში არსებობს თქმულება მოსეს ცხოვრების შესახებ და იქ შესანიშნავი ეპიზოდია. მოსე უდაბნოში მწყემსს ხვდება. იგი მასთან მთელ დღეს ატარებს, ეხმარება ცხვრის წველაში, საღამოს კი ხედავს, როგორ აგროვებს მწყემსი საეკეთესო ჯიშის რძეს ხის ჯამში და ბრტყელ ქვაზე, განცალკევებით დგამს. მოსე ეკითხება მას, თუ რატომ აკეთებს ამას. მწყემსი კი პასუხობს: - „ეს ღმერთის რძეა“. მოსე დაინტერესდება და კვლავ ჰკითხავს, თუ რა აქვს მხედველობაში. მწყემსი კი მიუგებს: - „მე ყოველთვის ვაგროვებ საუკეთესო რძეს და საჩუქრად ვწირავ ღმერთს“. მოსე, რომელიც მეტადაა გაწაფული და დახვეწილი გონებრივად, ვიდრე მწყემსი - თავისი გულუბრყვილო რწმენით - ეკითხება: - „მერე სვამს ღმერთი შენს რძეს?“ - „კი, სვამს“. - პასუხობს მწყემსი. მოსე გრძნობს, რომ საბრალო მწყემსს დახმარება სჭირდება და უხსნის მას, რომ ღმერთი სულია და რძეს არ სვამს; მაგრამ მწყემსი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. ისინი კამათობენ, ბოლოს კი მოსე ეუბნება მწყემსს, დაიმალოს ბუჩქებში და ნახოს, ნამდვილად თუ მოდის ღმერთი რძის დასალევად. ამის შემდეგ იგი უდაბნოში გადის სალოცავად. მწყემსი ბუჩქებში დაიმალა. დაღამდა. მთვარის შუქზე მწყემსი ხედავს მელას, რომელიც მორბის უდაბნოდან, მარჯვნივ და მარცხნივ იხედება, ჯამთან მიირბენს და სწრაფად ხვრეპს რძეს, შემდეგ კი კვლავ უდაბნოში მირბის. მეორე დღეს მოსემ მწუხარე და დათრგუნული მწყემსი ნახა. „რაშია საქმე?“ - ეკითხება მოსე. „შენ მართალი იყავი, ღმერთი სულია და მას ჩემი რძე არ სჭირდება“. მოსე გაკვირვებულია მისი წუხილით - „უნდა გიხაროდეს, რომ ახლა მეტი იცი ღმერთზე, ვიდრე ადრე იცოდი“... „ - ხო, მაგრამ ერთადერთი რამ, რითაც შემეძლო მისდამი სიყვარული გამომეხატა, აღარ მაქვს“. მაშინ მოსეს რაღაც აეჭვებს. ის გადის უდაბნოში და გულმოდგინე ლოცვას იწყებს. ღამით, ხილვაში, ღმერთი გამოეცხადება მას და მიმართავს: - „მოსე, შენ შეცდი! ჭეშმარიტად მე ვარ სული, მაგრამ ყოველთვის მადლობით ვიღებდი რძეს, რომელიც მწყემსს ჩემთვის მოჰქონდა - სიყვარულის ნიშნად. მაგრამ, როგორც წმიდა სულს, მე რძე არ მჭირდება, ამიტომ მას მელაკუდას ვუნაწილებდი, რომელსაც ის ძალიან უყვარს“.

 

მე შევეცადე, პირველ რიგში, მეჩვენებინა, რომ ლოცვა სიღრმისკენ უნდა იყოს მიმართული, არა - ღმერთისკენ ცაში, ან - ღმერთისკენ სადღაც შორს... არამედ ღმერთისკენ, რომელიც უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. მეორე: პირველი ქმედება ლოცვისა - ისეთი სიტყვების შერჩევაა, რომლისაც არ გვრცხვენია, რომელიც სრულიად გამოხატავს ჩვენს თავს და რომელიც ჩვენთვის საკადრისია; და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევწიროთ ისინი ღმერთს, მთელი ჩვენი გონიერებით, რამდენადაც ეს ძალგვიძს. საჭიროა, მთელი ჩვენი გული დავაუნჯოთ ამ ლოცვაში, ამ ხმობაში ჩვენი ღმერთისადმი, სიყვარულის ამ უნაზეს აქტში, ქმედებაში, რომელიც მოიცავს მთელს ჩვენს გონებას, მთელს ჩვენს გულს, და ისეთ ქმედებაში, რომელიც სრულიად ადეკვატურია იმისა, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ.

 

ამიტომ პირველი, რასაც გთავაზობთ, ეს ისაა, რომ თქვენ დასაწყისისთვის მოიფიქროთ, ლოცვის რომელი სიტყვები ნიშნავს თქვენთვის რაიმეს ისეთს, რისი შეწირვაც ღმერთისთვის შეგიძლიათ, იქნება ეს თქვენი საკუთარი, თუ ვიღაცის მიერ უკვე ნათქვამი სიტყვები. დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარედ ხვდებიან ისინი თქვენს გულს, რამდენად შეგიძლიათ მათში მოუყაროთ თავი თქვენს აზრებს, იმიტომ, რომ თუ თქვენ არ შეგეძლებათ, ყურადღებით იყოთ იმ სიტყვების მიმართ, რომელთაც წარმოთქვამთ, რატომღა იღებს მათ ყურად ღმერთი?! როგორ მიიღებს მათ, როგორც სიყვარულის გამოხატვას, თუ მათში მთელ თქვენს გულს არ დააუნჯებთ, თუ მათში მარტოდენ თავაზიანობის ნაწილსა და დაბნეულობის ნაწილს ჩადებთ?!

 

და მაშინ, თუ შერჩეული ლოცვის სწორად გამოყენებას ისწავლით და ამასთან შეძლებთ, რომ ლოცვისთვის განკუთვნილი დრო მთლიანად ღმერთისკენ მიმართოთ, ღვთის შემეცნება იმდენად გაიზრდება თქვენში, რომ მაშინაც, როდესაც ხალხთან ურთიერთობაში იქნებით, ან მაშინ როდესაც მარტო მოგიხდებათ ყოფნა, ლოცვითი მდგომარეობის შენარჩუნებას მაინც შეძლებთ. ანალოგიები, რომლებიც ჩვენს სულიერ მამებს მოაქვთ, ორ ხარისხად განიყოფა: ერთნი უბრალოდ და პირდაპირ და როგორც მე მეჩვენება - ძალიან კარგად გადმოსცემენ იმას, რაც სურთ, რომ გაგვაგებინონ; მეორენი - რამდენიმე მეტად ამაღლებულნი არიან;

 

უბრალო და პირდაპირი პარალელი - ესაა წმიდა თეოფანე დაყუდებულის გამონათქვამი, რომელიც ამბობს: „ღვთის მყოფობის შეგრძნება ჩვენთვის კბილის ტკივილივით აშკარა უნდა იყოს“. მართლაც, ვიდრე კბილი გტკივათ, ამის დავიწყებას ვერ შეძლებთ, შეიძლება კითხულობდეთ, ალაგებდეთ, მღეროდეთ, ან აკეთებდეთ ნებისმიერ რამეს: კბილის ტკივილი განუყრელად იქნება თქვენთან და მის დაჟინებულ არსებობას ვერსად გაექცევით. ის ამბობს, რომ ჩვენს გულებში სწორედ ამგვარად უნდა აღვზარდოთ ტკივილის და მწუხარება. აქ ფიზიკურ გულზე არ არის ლაპარაკი. არამედ იმაზე, რომ იმ წუთებში, როდესაც ღმერთთან ლოცვით ერთობას დავკარგავთ, ჩვენი გულის საიდუმლო კუნჭულში ფესვი გაიდგას ისეთმა „ტკვილმა“, რომელიც მის მიმართ სასოწარკვეთილ მწუხარებად იქცევა, გრძნობად, რომ - „აი, მე მარტო არა ვარ, და სად არის ახლა ის?!“

 

უფრო ამაღლებულად ეს ამას ნიშნავს: როდესაც დიდი სიხარული გვეწვევა, დიდი მწუხარება, ან დიდი ტანჯვა, მაშინ მთელი დღის განმავლობაში ვერ ვივიწყებთ მას. გვესმის, რას გველაპარაკებიან ადამიანები, ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ვკითხულობთ, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ჩვენგან ელიან, მაგრამ დანაკარგის ტკივილი, თუ სიხარულის თრთოლვა - სუნთქვისშემკვრელი ამბის ხსოვნა ერთი წამითაც არ გვტოვებს... ასეთივე უნდა იყოს ღვთის მყოფობის განცდა. და თუ ეს განცდა ასეთივე მკვეთრია, მაშინ შეგიძლია, ნებისმიერ დროს ილოცო, რასაც არ უნდა აკეთებდე მოცემულ მომენტში. შეგიძლია ილოცო მაშინ, როდესაც ფიზიკურად შრომობ, მაგრამ ლოცვა მაშინაც შეგიძლია, როცა ხალხში ხარ, რაღაცას ისმენ, რაღაცაზე საუბრობ, ან სხვა ადამიანით ხარ დაკავებული. მაგრამ, როდესაც უკვე ვთქვი, ეს უცებ არ ხდება და მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, როდესაც ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ამაში უნდა ვვარჯიშობდეთ, რათა ლოცვით ყურადღებას და გულის შემუსვრილებას მივაღწევთ. იმიტომ, რომ ლოცვისას გაბნეულობა ადვილად გვიპყრობს და უეცრად შეიძლება, სიფხიზლიდან ზმანებებში გადავვარდეთ. ამიტომ უნდა დავიწყოთ იმის სწავლა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება ლოცვისას, სრულყოფილი სიმტკიცე, ლოცვითი დგომა ღვთის წინაშე და მისთვის საკუთარი თავის სრულად მიძღვნა მაშინ, როდესაც ამას გაკეთება გონებისა და გულის განუყრელი კავშირის საშუალებით შეგვიძლია. და მაშინ უკვე ისიც შეიძლებ ვეცადოთ, რომ იგივე სხვა ვითარებაშიც გავაკეთოთ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო თავში ვისაუბრებთ. იმის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება ავიღოთ ორი ან სამი ლოცვა და გამოვიყენოთ ისინი, რათა შევაღწიოთ საკუთარი თავის სიღრმეში, იმ ადგილებში, სადაც ღმერთი იმყოფება. ამასთან, შევეცადოთ, ისიც ავხსნათ, თუ როგორ უნდა ვმოძრაობდეთ შიგნით, იმიტომ, რომ ეს შრომის სულ სხვა სახეა. ნურც მელაკუდას დაივიწყებთ, ის ჩვენს ლოცვით ცხოვრებაში შეიძლება, სასარგებო აღმოჩნდეს; და რადგანაც საუბარი მელიებს შეეხო: თუ გსურთ შეიტყოთ, როგორ უნდა დაუმეგობრდეთ ღმერთს ისწავლეთ სხვა მელაკუდასგან (ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის წიგნიდან „პატარა უფლისწული“) როგორ უნდა დამეგობრება მასთან, ვინც ძალიან მგრძნობიარე, ძალიან მოწყვლადი და ძალიან მოკრძალებულია.

 

 

„სიღრმეში მიმავალ გზაზე“

 

მე ვამბობდი, რომ ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელთა წინაშეც გამუდმებით ვდგავართ და რომლებივ აუცილებლად უნდა გადაიჭრას, არის ის, თუ საით მივმართოთ ლოცვა. და მე ამგვარი რამ შემოგთავაზეთ: საკუთარი თავისკენ... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვა, რომელიც გვსურს ღმერთს შევწიროთ, თავად ჩვენს მიერ შესაფერისად გააზრებული და განცდილია, შეგვიძლია, მასთან ერთად წარვდგეთ ღვთის წინაშე. თუ უყურადღებონი ხართ იმ სიტყვების მიმართ, რომელსაც წარმოსთქვამთ, თუ თქვენი გული არ ეხმაურება მათ და თუ თქვენი ცხოვრება არ მიილტვის იქით, საითაც - თქვენი ლოცვა, ის ღმერთამდე ვერ ამაღლდება. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვი, პირველი, რისი გაკეთებაც გვმართებს, ესაა ავირჩიოთ ის ლოცვა, რომლის წარმოთქმასაც შევძლებთ მთელი ჩვენი გულით, ჩვენი გონებით, ჩვენი პირადი ნებით. ლოცვა, რომელიც შეიძლება, არც იყოს ლიტურგიკული პოეზიის საუკეთესო ნიმუში, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მართალი და არა იმაზე სუსტი, რისი გამოხატვაც ჩვენ გვსურს. ჩვენ ეს ლოცვა მთელი მისი სიზუსტითა და სიმდიდრით უნდა გვახსოვდეს.

 

ლოცვის სიტყვების შერჩევისას სამი რამ უნდა გავაკეთოთ: შეგვიძლია, საკუთარი სიტყვებით ვილოცოთ. - ეს ის ლოცვაა, რომელიც ჩვენი საკუთარი სულიდან გადმოჩქეფს; შეგვიძლია, წარმოვთქვათ მოკლედ ფორმულირებული ლოცვა, ლოცვის ეს სახე სიმოკლის გამო მეტად ინტენსიურია, დიდ სივრცეს მოიცავს და მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე შეიძლება, გამოვიყენოთ ლოცვა, რომელსაც ხშირად დაუდევრობის გამო „მზა ლოცვებს“ უწოდებენ. ესაა ყველაზეზ უფრო მიწიერი წარმოშობის მქონე ლოცვები. ადამიანებს სჭირდებათ ლოცვა, რომელიც სხვადასხვა ყოფით პრობლემებთან არის დაკავშირებული. მათ წმიდანების საკუთარი სულიერი მოთხოვნილებების მიხედვით კი არ ქმნიდნენ, არამედ სულიწმიდა წერდა მათ სულებში ამ ლოცვების სიტყვებს. მინდოდა, რომ ლოცვის თითოეული ამ სახეობის შესახებ მეთქვა რაიმე.

 

„თავისუფალი“, „ბუნებრივი“ ლოცვა, ლოცვა საკუთარი სიტყვებით ორ შემთხვევაშია შესაძლებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ უცაბედად ღვთის მყოფობას შევიცნობთ და ეს შეცნობა ჩვენგან ლოცვით გამოძახილს, სიხარულს, პასუხის ყოველგვარი იმ ფორმით გამოხატვას მოითხოვს, რისი ძალაც შეგვწევს, იმისათვის, რომ ბოლომდე გულწრფელნი ვიყოთ და ცოცხალი ღმერთის წინაშე შევძლოთ წარდგომა. ან მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, ღმერთს მივმართოთ და სასოწარკვეთილებისა და მარტოობის სიღრმიდან ვყვირით, ვყვირით იმ გრძნობით, რომ არ არსებობს შველა, თუ ღმერთი არ გვიშველის.

 

ეს მდგომარეობები ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსზე იმყოფებიან: როდესაც ვხედავთ საკუთარ უსასოო მდგომარეობას, საკუთარ მარტოობას, უღმერთობას, მწუხარებას და არ ძალგვიძს, მათ დავუძვრეთ. ან - სასწაული: რომ ჩვენ უეცრად ღვთის პირისპირ აღმოვჩნდით, როდესაც შეგვიძლია, როდესაც შეგვიძლია, სპონტანურად ვილოცოთ, ხოლო რომელ სიტყვებს გამოვიყენებთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. შეიძლება გუჩერებლად ვიმეოროთ: - „რა კარგია! რა კარგია!“ შეიძლება, ნებისმიერი სიტყვები წარმოვთქვათ, იმიტომ, რომ სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს, ისინი მხოლოდ განწყობილებას გადმოსცემენ. ბრმად და უგუნურად გამოხატავენ ჩვენს სიყვარულსა თუ ჩვენს მწუხარებას. თქვენ ალბათ გახსოვთ ის ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც ფერისცვალებისას პეტრე მიმართავს ქრისტეს: - „ვქმნათ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვის“. და მახარებლის თქმით - „არა იცოდა, რაიმცა მიუგო“ (ნახ. მარკ. 9,6), იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა; ის პირისპირ აღმოჩნდა რაღაც ისეთი შემაძრწუნებელის პირისპირ, რომ თქვა ის, რაც პირველად მოუვიდა თავში. გრძნობათა სიჭარბის გამო თავისი მდგომარეობა ამგვარად გამოხატა.

 

ამიტომ თუ გვეგონება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგვიძლია, ჩვენი სიტყვებით ვილოცოთ, ე.ი. ბავშვურ ცდომილებაში ვიმყოფებით. „თავისუფალი ლოცვა“ გულის სიღრმიდან უნდა იყოს ამოხეთქილი. ჩვენ ვერ შევძლებთ, უბრალოდ ონკანი გავხსნათ, რომ ის წამოვიდეს. არ არსებობს ისეთი ჭა, რომლიდანაც მას ნებისმიერი დროს ამოვხაპავთ. ის ჩვენი სულის წიაღიდან ძგერს - ან სასოწარკვეთილების ან განცვიფრების გამო და არა - იმ საშუალო მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ არც ღვთისმყოფობით ვართ შეძრულნი, არც იმ საშინელებით, რომ ჩვენ ასეთები ვართ და რომ ასეთია ჩვენი მდგომარეობა!.. ასეთ მდგომარეობაში იმის მცდელობა, რომ თავისუფალ ლოცვას მივმართოთ, სრულიად ილუზიური სავარჯიშოა. არის დროის მონაკვეთები, როდესაც არა ზღვის ფსკერზე ვართ ჩაძირულები და არც ტალღების თავზე ვართ მოქცეულები და იმისათვის, რომ ვილოცოთ, აუცილებელია, რაღაც საკუთარ თავზე ძალდატანებით მოვიმოქმედოთ. ეს ის პერიოდებია, როდესაც სპონტანური ლოცვა არ შეგვიძლია და ამიტომ ლოცვისათვის ძალისხმევაა საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ლოცვითი ცხოვრების დასაწყისში ბევრს ჰგონია, რომ არ არის საკმარისად გულწრფელი, თუკი ლოცვის ყველა სიტყვას და ფრაზას მთელი ძალით არ განიცდის და ამიტომ მისი ლოცვა უმართებულოა. ზოგჯერ შესაძლოა, ვიყოთ სრულიად გულწრფელნი გონების სინათლითა თუ ნების მიმართულებით, თუმცა ამა თუ იმ მომენტში სიტყვა და თვით ქმედებაც კი გამოხატავს იმას, რასაც ამ წუთას არ განიცდი.

 

მაგალითი, რომელიც ახლა გამახსენდა ასეთია: როდესაც ოჯახთან ცხოვრობთ და მომქანცველ სამუშაოზე მუშაობთ, ხშირად სახლში დაბრუნება გადაქანცულს გიხდებათ. ასეთ დროს თუ დედა, მამა, და ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრი გკითხავს: - „შენ მე გიყვარვარ?“ შენ უპასუხებ: - „დიახ“. მაგრამ თუკი ადამიანი დაიჟინებს: - „მაგრამ დანამდვილებით გიყვარვარ სწორედ ახლა, განიცდი ამ სიყვარულს?“ ასეთი შემთხვევაში პატიოსნად თუ უპასუხებდით, ალბათ იტყოდით: „არა, ამჟამად არ განვიცდი არაფერს - ზურგის ტკივილის და სხეულის დაღლილობის გარდა“. მაგრამ სრულიად მართალი იქნებით, თუ იტყვით, რომ გიყვართ, იმიტომ, რომ შესანიშნავად იცით, დაღლილობის საფარქვეშ სიყვარულის ცოცხალი წყარო იმალება. და როდესაც ქრისტე ამბობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემი მცნებები აღასრულოს...“ ეს არ ნიშნავს: „თუ მე გიყვარვარ, გამუდმებით აღტაცებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდე...“ არამედ - „თუ ჩემი გჯერათ, იმის მიხედვით იცხოვრეთ, რაც მოგეცათ“. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე ცოტა მეტი გავაკეთოთ, რაც მოგვეთხოვება, სულ ცოტა მეტი, იმაზე, რასაც ჩვენი სურვილით გავაკეთებდით.

 

ასე რომ, ლოცვის საჭიროება და აუცილებლობა ნამდვილად არის, არსებობს უამრავი ლოცვა, რომელიც მამებმა შექმნეს და სულიწმიდის მიერ არის ნაკარნახევი. არსებობს ფსალმუნები, უამრავი მოკლე თუ ვრცელი ლოცვა. საჭიროა, საკმარისი რაოდენობით მოვიძიოთ და ვისწავლოთ ისინი, რომ საჭიროების დროს გამოვიყენოთ, თითოეული ჩვენგანი ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამა თუ იმ ლოცვის მიმართ, მეტად განიცდის მის სიტყვებს, რადგან ეს სიტყვები გამოხატავენ რაღაცას ღმერთის, საკუთარი თავის, ცოდვის თუ ნეტარების შესახებ, რაღაცას - ისეთს, რაც ჩვენ უკვე ვიცით გამოცდილებით. ზეპირად ისწავლეთ ეს სიტყვები და მაშინ, როდესაც სულით იმდენად დაეცემით, როდესაც სასო იმდენად წარგეკვეთებათ, რომ საკუთარ თავში ვეღარ აღმოაჩენთ პირადად თქვენს სიტყვებს, ისეთს, ღმერთს რომ შესწირავდით, ლოცვის ეს სიტყვები თქვენს ცნობიერებაში ამოტივტივდებიან, როგორც საჩუქარი ღვთისა და ეკლესიისა და თქვენს დაშრეტილ ძალებს აღადგენენ. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ლოცვები, რომელთაც ვისწავლით ზეპირად და იმდენად გავითავისებთ, რომ საკუთარი არსების ნაწილად ვაქცევთ.

 

მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საკმაოდ ვრცელი დალა-საღამოს ლოცვები. მათი კითხვა ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება და ხშირად ხდება, რომ მორწმუნეებმა ეს ლოცვები ზეპირად იციან, რათა საჭიროებისას წარმოთქმა შეძლონ. თუ ჩვენი ცხოვრება არ არის მოქმედი ლოცვა, თუ ჩვენი ცხოვრება და ლოცვა ერთმანეთზე არ არის გადაჯაჭვული, მაშინ ლოცვა იმ თავაზიან მადრიგალებს ემსგავსება, რომელსაც მოცალეობისას შევწირავთ ღმერთს მაშინ, როდესაც მისთვის დროს ვიპოვით. თუ დილის ლოცვაში წარმოსთქვით ლოცვის რომელიმე სიტყვები, მოვალენი ხართ, ეს სიტყვები მთელი დღის განმავლობაში განახორციელოთ კიდეც. ალბათ ვერ შესძლებთ, რომ აიღოთ რომელიმე ლოცვა და მთელი დღის განმავლობაში მისით ცხოვრობდეთ, ნახევარი საათის განმავლობაშიც რომ შესძლოთ ეს, დიდი მიღწევა იქნება, აბა შეეცადეთ და აიღეთ ეს სიტყვები: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო...“ და ნახევარი საათის განმავლობაში ისე იცხოვრეთ, რომ თქვენი გული მისი ნების აღსასრულებლად იყოს გახსნილი. ნახევარი საათის შემდეგ რაიმე სხვაზე გადადით. იმიტომ რომ, თუ ერთ ლოცვას დიდი ხნის განმავლობაში გაიმეორებთ, ბოლოს იმით დაამთავრებთ, რომ იტყვით: - „მორჩა, მეტი აღარ შემიძლია“. და სრულიად მიატოვებთ ამ საქმიანობას. მაგრამ თუ რამდენიმე ლოცვით ფრაზას შეარჩევთ და დროის გარკვეულ მონაკვეთებში ერთმანეთს შეუნაცვლებთ მათ, ნახავთ, რომ ლოცვის სიტყვები თანდათანობით გაცოცხლდებიან თქვენში, განმსჭვალავენ თქვენს ნებას და სახეს უცვლიან მასაც და თქვენს სხეულსაც, იმიტომრ, რომ მცნებების აღსრულება მხოლოდ სხეულის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

 

შესაძლოა, ისიც მოხდეს, რომ თქვათ: - „მე არცთუ ისე განვიცდი ამ სიტყვებს“. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ისინი თქვენს ღრმა, უმთავრეს რწმენას გამოხატავენ.

 

ამასთან, შეგიძლიათ ილოცოთ გამუდმებული (რამდენადაც ეს შესაძლებელია) ლოცვითი მოხმობით, რომელიც შეიძლება მთელ დღეს ან მთელ თქვენს ცხოვრებას ფონად გასდევდეს. ამჯერად მხედველობაში მაქვს სპეციალური მართლმადიდებლური პრაქტიკა, რასაც იესოს ლოცვას ვუწოდებთ: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი. ეს ლოცვა უპირატესია ბერ-მონაზონთათვის, მაგრამ მას ერისკაცებიც იყენებენ. ეს ლოცვა ღმერთის პირისპირ გვაყენებს და პირადად ჩვენს მდგომარეობას განსაზღვრავს.

 

ამ ლოცვაში პირველ რიგში ვაღიარებთ ქრისტეს, როგორც უფალს, ანუ ვაღიარებთ მის ძალაუფლებას ჩვენზე, ანუ იმას, რომ იგი არის უფალი და ღმერთი ჩვენი. ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენს ნებას მის ნებას გადავცემთ. შემდეგ სახელით - იესო ვაღიარებთ განხორციელების რეალურობას და ყოველივე იმას, რასაც განხორციელება გულისხმობს. შემდეგ - ქრისტე: ეს ის არის, ვისშიც განხორციელებულ ღვთის სიტყვას ვხედავთ, ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით - ცხებული ღვთისა. ანუ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს რწმენას არა მხოლოდ იესო ქრისტეს, არამედ სამპიროვანი ღმერთის მიმართ, იმიტომ, რომ იგია ძე მამისა და გალილეველ წინასწარმეტყველში ვერავინ შეიცნობს განხორციელებულ ღვთის სიტყვას, თუ სულიწმიდა არ ასწავლის მას დაინახოს, შეიცნოს, და თაყვანისცეს მას. სარწმუნოების ეს მეოთხე აღიარება უფლებას გვაძლევს, სიმართლით ვიდგეთ ღმერთის პირისპირ. და ბოლოს -შეგვიწყალენ ჩვენ. რაც ბერძნულად ჟღერს, როგორც - კირიე ლეისონ.

 

თუ ლოცვაში ჩვენს მიერ გამოყენებულ სიტყვენს ჩვენსავე რეალურ სიტყვებს არ შევუთავსებთ, ისინი აზრს მოკლებულნი აღმოჩნდებიან: ისინი დაემსგავსებიან მშვილდს - ლარის გარეშე. საიდანაც ისრის გასროლა შეუძლებელია. დიდი უაზრობაა, ღმერთს სთხოვო რაიმე ისეთი, რისთვისაც თვითონ მზად არა ხარ. როდესაც ვამბობთ: „უფალო მიხსენ მე ამ განსაცდელისაგან“ და ამავ დროულად ამ განსაცდელთა შეხვედრას ყოველგვარი ხერხებით ვცილობთ, თანაც გვჯერა, რომ ღმერთი სადარაჯოზეა და ძალით გამოგვტაცებს განსაცდელის ხელიდან, ასეთ შემთხვევაში ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობს წარმატებისათვის. ღმერთი ძალას გვაძლევს, მაგრამ ეს ძალა თვითონ უნდა მოვიხმაროთ. როდესაც ლოცვაში უფალს ვთხოვთ, მოგვცეს ძალა მისი სახელის განსადიდებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთხოვთ, ჩვენს მაგივრად იმოქმედოს, იმიტომ რომ, თვითონ მეტისმეტად უნებისყოფოები ვართ და მოქმედება არ შეგვიძლია.

 

წმიდათა ცხოვრებაში ძალიან ბევრი მაგალითია. დასავლეთის ეკლესიის ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებაშიც ხდება ასეთი შემთხვევა: ფილიპე ძალიან ფიცხი ხასიათის ადამიანი  იყო, ხშირად ჩხუბობდა, მონასტრის ძმები ბევრს ითმენდნენ მისგან და თვითონაც მეტისმეტად შეწუხებული იყო. ერთხელ მან იგრძნო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ცნობილი არ არის, მასში სათნოებებმა გაიღვიძა თუ თანამოძმეების ატანა ვეღარ შეძლო. იგი შევარდა სამლოცველოში, ქრისტეს გამოსახულების წინაშე მუხლზე დაემხო და შეევედრა მას, ეხსნა იგი - ფილიპე მრისხანების ვნებისაგან. ამის შემდეგ იგი იმედით აღსავსე გამოვიდა სამლოცველოდან, პირველი, ვინც გზად შეხვდა, იყო ერთი ძმა, რომელსაც მასში მრისხანება არასოდეს გამოუწვევია და ცხოვრებაში პირველად ეს ძმა მას უხეშად და კადნიერად გამოელაპარაკა. ფილიპე განრისხდა და გაბრაზებულმა განაგრძო გზა. უცებ იგი მეორე ძმას შეხვდა, რომელიც მას ყოველთვის სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებდა. მაგრამ ამჯერად ისიც გამომწვევად მოექცა. მაშინ ფილიპე სამლოცველოში დაბრუნდა, კვლავ ქრისტეს ფეხთა ქვეშ დაეცა და მიმართა: - „უფალო, მე ხომ გთხოვე გაგეთავისუფლებინე მრისხანების ვნებისაგან“?! და უფალმა მიუგო: „დიახ, ფილიპე, სწორედ ამიტომ გივლენ ამდენ განსაცდელს, რომ განეშორო ამ ვნებას.

 

ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ღმერთი სწორედ ამგვარად მოგვექცევა ჩვენც; ის ყოველდღიურად, კვლავ და კვლავ არ ავა ჯვარზე ჩვენთვის. რაღაც ეტაპზე თვით ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ჯვარი და ვზიდოთ იგი. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი უნდა იტვირთოს და როდესაც ლოცვაში ვითხოვთ რაიმეს, ეს იმას გულისხმობს, რომ თვითონაც მთელი ძალით შევუდგებით საქმეს, მთელი ჩვენი გონებითა და სულით, რაც კი შეგვიძლია, ყველაფერი ჩავდოთ თითოეულ ქმედებაში, მთელი ჩვენი ვაჟკაცობითა და ენერგიით, რაც გაგვაჩნია. ამის გარდა ჩვენ ვასრულებთ საქმეს მთელი იმ ძალით, რასაც ღმერთი გვაძლევს, თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენი ლოცვა დროის ამაო ხარჯვა ყოფილა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სიტყვები - „უფალო, შეგვიწყალენ!“ ან ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც წარმოვსთქვამთ, თვით ჩვენსკენ უნდა მოვმართოთ; გონება სიტყვების მიერ უნდა იყოს ფორმირებული, მათთან შეწყობილი, ჰარმონიულად არსებობდეს მათთან, მათით იყოს სავსე. ჩვენს გულს ეს სიტყვები სრული დამაჯერებლობით უნდა კვებავდეს და გამოხატავდეს მას მთელი ძალით - რამდენადაც ამის ძალა შეგვწევს; ჩვენი ნება მათ მიერ უნდა იყოს მოცული და ქმედებაში გადაიზარდოს. ამგვარად, ლოცვა და მოქმედება უნდა იქცეს ლოცვითი მდგომარეობის ორგვარ გამოხატულებად ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, ყოველივე იმის წინაშე, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს. სხვაგვარად დროს ტყუილუბრალოდ დავკარგავთ. რა აზრი აქვს, უამბო ღმერთს იმაზე, რომ რაღაც ისე არ არის, ხოლო, როდესაც იგი ბრძოლისათვის მოგცემს ძალას, იჯდე და ელოდო, ვიდრე შენს მაგიერ იგი თავად მოიმოქმედებს ყველაფერს. რა აზრი აქვს, ამტკიცო რაღაც სიტყვებით, რომლებიც ისე ღატაკნი, ისეთი უაზრონი არიან, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის აბლაბუდას ქსელივით არიან გაბმულნი.

 

ამიტომ ზუსტი, საჭირო სიტყვები იპოვე; იპოვე და მათ მთელი ყურადღებით მიეჯაჭვე. ეს ხომ სიმართლის სიტყვებია, ის სიტყვები, რომელთაც ღმერთი შეისმენს, თუკი ისინი მართალია. მთელი შენი გული ჩადე მათში. დაე, ეს სიტყვები აზრობრივად გაცოცხლდნენ, იმიტომ, რომ ისინი მართალია და საშუელება მიეცი მათ, რომ შენი გული ღრმად გამსჭვალონ.

 

ლოცვის სიტყვებს აქვს ზემოქმედების ისეთი ძალა, რომელიც მათ აღსრულებას ვალად გაკისრებს. ლოცვის სიტყვები შეიძლება, წარმოთქვათ მხოლოდ იმის გაცნობიერებით, რომ „რადგან მე ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მე გავაკეთებ ამას, როგორც კი საშუალება მომეცემა“. როდესაც თქვენ ღმერთს ეუბნებით: „ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ ფასად, უფალო, მიხსენ მე!“ თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ამით მთელი ძალისხმევით მობილიზება გაუკეთოთ საკუთარ ნებას, იმიტომ, რომ ოდესმე ღმერთი გეტყვით: „აი, ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ“. ძველი მწერლები ამბობდნენ: „დაღვარე სისხლი და მიიღებ სულს“. აი - ფასი. მიატოვე ყველაფერი და მიიღებ ზეცას; მიატოვე მონობა - მოიპოვებ თავისუფლებას. და ასევე, როგორც თქვენი ნება მხოლოდ ლოცვის აქტში კი არ მონაწილეობს, არამედ მისგან გამომდინარე ყოველ მოვლენაში მონაწილეობს სხეულიც. იმიტომ, რომ ადამიანი მარტო უბრალოდ სული კი არ არის, რომელიც მხოლოდ გარკვეული ხნითაა შეკავშირებული სხეულთან; ადამიანი არის სხეული და სული - ერთი მთლიანი არსება. ამიტომ ლოცვაში ფიზიკური ძალისხმევაც უნდა ჩაერთოს, ფიზიკური მზაობა; თუ საკვები ზედმეტად გამძიმებთ და ლოცვის საშუალებას არ გაძლევთ, ეს ძალისხმევა მარხვაშიც უნდა ჩავრთოთ. ამგვარად თუ მოიქცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ კარზე აკაკუნებთ.

 

ახლა, თუ ყველა ამ სიტყვით შეიარაღებულნი, ჩვენ შიგნით შეღწევას ვაპირებთ, ისე როგორც მაღაროელები ბურღავენ მიწას და მის წიაღში ჩადიან, რათა იქიდან ზედაპირზე ამოიტანონ რაღაც, მაშინ რისკისათვის მზად უნდა იყოთ: სიღრმეში ჩასვლა მეტად ძნელია. ეს უბრალოდ ჟღერს; ყველანი ვთვლით, რომ ჩვენში არის სიღრმე და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ მასში, მით უფრო შესანიშნავი ხდება იგი. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. დიახ, - როდესაც ჩვენ საკმარიდან ჩავუღრმავდებით, მაშინ ეს მართალია, მაგრამ გზა ძალიან ჰგავს მონათხრობს წმ. გრაალის ან იდუმალი ქალაქის ძებნას. გზად შეიძლება, მრავალ ურჩხულთან მოგვიწიოს შეხვედრამ და ეს ურჩხულები სულაც არ არიან ეშმაკები, სულაც არ არიან ჩვენი ახლობლები, არამედ ჩვენ თვითონ ვართ. და ამიტომ ყველაფერი გაცილებით უსიამოვნო და გაცილებით ძნელი ხდება.

 

ჩვეულებრივ სიხარბე, შიში, ცნობისმოყვარეობა გვაიძულებს საკუთარი თავის გარეთ ვიცხოვროთ. თავის წიგნში „ადამიანი, ეს უცნობი...“ ალექსის კარელი ამბობს: „თუ საკუთარ თავს ვკითხავთ, სად არის ჩვენი პიროვნების ზღვარი, მაშინ ვნახავთ, რომ ენა ტკბილეულისმოყვარულია და საცეცების მსგავსად ეპოტინება ყველაფერს, რაც საჭმელად გამოდგება, თვალები ცნობისმოყვარეა, საცეცებით მიემართება ყოველივე საინტერესოს, ყურები - ცნობისმოყვარისა უფრო და უფრო გრძელდებიან, ცდილობენ, მეტი და მეტი დაიჭირონ“. მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში საკუთარ ავტოპორტრეტს დავხატავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი შინაგანი ქონება არც ისე დიდია, იმიტომ, რომ ყველაფერი გარეთაა მიმართული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვაშოროთ ჩვენი საცეცები ყველაფერს და შიგნით შევიკეცოთ ისინი. შეუძლებელია, სიღრმეში მიდიოდე მაშინ, როდესაც ერთიანად გარეთ იმყოფები.

 

შეეცადეთ და გზად კიდევ მრავალ საჭირო რამეს აღმოაჩენთ. მაგალითად, მონახეთ დრო, რომ საკუთარ თავთან განმარტოვდეთ: დაკეტეთ კარი და გარკვეული ხნის მანძილზე, როცა გასაკეთებელი არაფერი გაქვთ, დაჯექით თქვენს ოთახში და უბრალოდ თქვით: - „ეხლა მე საკუთარ თავთან ვარ“. ცოტა ხნის შემდეგ მოწყენილობა შეგიპყრობთ და ეს მეტად ბევრის მასწავლებელია. ეს მიგვახვედრებს, რომ მაშინ, როდესაც ათი წუთის განმავლობაში გვბეზრდება ჩვენი თავი, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ მასთან ყოფნა სხვებსაც ბეზრდებათ! რატომ ხდება ასე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ თითქმის არაფერი გვაქვს საერთო საკუთარი გონების, საკუთარი ემოციების, საკუთარი ცხოვრების გამოსაკვებად? იმიტომ რომ, თუ ჩვენს ცხოვრებას დაჟინებით დავაცქერდებით, ძალიან სწრაფად აღმოვაჩენთ, რომ ხანდახან ჩვენ რაღაცნაირად - შიგნიდან გარეთ ვცხოვრობთ, როგორც წესი, სტიმულს, გარეგნულ გამაღიზიანებელს ვეხმაურებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცხოვრობთ ასახვითი ცხოვრებით, ვრეაგირებთ. რაღაც მოხდა - და ჩვენ ვეხმაურებით; ვიღაც ლაპარაკობს - და ჩვენ ვპასუხობთ. მაგრამ, როდესაც ფიქრის, საუბრის ან მოქმედების სტიმული არ არის, უცებ აღმოჩნდება: ჩვენს შიგნით ძალიან ცოტა რამ არის ისეთი, რაც რაიმე მიმართულებით მოქმედების სურვილს აღგვიძრავს და ეს მეტად დრამატული აღმოჩენაა: ჩვენ სრულიად ცარიელები ვართ, ჩვენ შიგნიდან არ ვმოქმედებთ, არამედ, პირიქით, საკუთარი შინაგან ცხოვრებას არად ვაგდებთ, სინამდვილეში გარედან ვიკვებებით; რაღაც ხდება და გვაიძულებს რაღაცის კეთებას, მხოლოდ ხანდახან ვახერხებთ, რომ ვიცხოვროთ უბრალოდ - იმ სიღრმითა და სიმდიდრით, რომელიც საკუთარ თავში გვეგულება.

 

დიკენსის „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“ არის ნაწყვეტი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ჩემს და შესაძლოა - თქვენს ცხოვრებასაც. პიკვიკი მიემგზავრება კლუბში და ქირაობს მეეტლეს; გზად იგი მეეტლეს უამრავ შეკითხვას აძლევს და სხვათა შორის ეკითხება: - „როგორ ახერხებს ეს საცოდავი და უძლური ცხენი ამხელა ეტლის ზიდვას?“ და მეეტლე პასუხობს: „- საქმე ცხენში კი არ არის, არამედ ბორბლებში“. „ამით რისი თქმა გსურთ?“ - კვლავ კითხულობს პიკვიკი და პასუხად იღებს: - „ხედავთ, რომ ჩვენი ბორბლების წყვილი შესანიშნავია, ისე შესანიშნავადაა გაზეთილი, რომ საკმარისია, ცხენი ოდნავ დაიძრას და ბორბლები ბრუნავს იწყებენ, საცოდავი ცხენები იძულებულები არიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცნენ“. შეხედეთ, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ - უმეტეს შემთხვევაში: ჩვენ ის ცხენი კი არ ვართ, რომელიც ეტლს ეზიდება, არამედ ის, რომელიც ეტლს გაურბის, რომ მისი მსხვერპლი არ აღმოჩნდეს...

 

და სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ გარეგნული ბიძგის გარეშე, აღმოჩნდება: ჩვენ არ ვიცით, რა ვუყოთ საკუთარ თავს და უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ჩვენი ცხოვრება. ამიტომ დასაწყისისთვის განმარტოებულად ჯდომა უნდა ისწავლოთ, მოწყენილობას არ შეუშინდეთ და შეგეძლოთ, აქედან შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ.

 

მალე ჩვენ უარესი რამ გვემართება, ვიდრე მოწყენილობაა. იმიტომ, რომ ეს ის მოწყენა კი არ არის, როდესაც შეგიძლია თქვა: - „მე აქტიური ადამიანი ვარ და მივეჩვიე, რომ მოყვასს სარგებლობა მოვუტანო; მე ყოველთვის სიკეთის ქმნით ვარ დაკავებული და ეს უქმად ყოფნა, როდესაც სხვებისთვის არაფერს ვაკეთებ, მძიმე განსაცდელია“. არა. ამ დროს შენ ნელ-ნელა რაღაც - სულ სხვას აღმოაჩენ. ჩვენ მოწყენილები ვართ, ვცდილობთ გავექცეთ ამ მოწყენილობას და საკუთარ თავს ვუღრმავდებით, რომ იქ მაინც ვიპოვოთ რაიმე, რაც ამ მოწყენილობას გაფანტავდა, მაგრამ ძალიან ჩქარა აღმოვაჩენთ, რომ არაფერი არ არის... ყველაფერზე, რაზეც ფიქრი შეგვეძლო, უკვე ათჯერ ვიფიქრეთ; ჩვენი ემოციების მთელი მარაგი პიანინოს კლავიატურას ჰგავს, რომელიც დავხურეთ, იმიტომ, რომ ის თავსითავად არ უკრავს. ვიღაც გვჭირდება - ვინც კლავიშებზე დაუკრავს. ჩვენ მიჩვეულები არა ვართ „არაფერი არ ვაკეთოთ“, და შფოთი გვიპყრობს, შფოთი კი აუტანელ ტანჯვას გვაყენებს. მეუდებნოე მამები რომ წაგეკითხათ, შეძლებდით, გაგეხსენებინათ, რომ იყო მომენტები, როდესაც ისინი უბრალოდ გამორბოდნენ სენაკებიდან და ყვირილით ითხოვდნენ შველას იმის იმედით, რომ ვინმეს ან რამეს შეხვდებოდნენ, ვინც და რაც უნდა ყოფილიყო იგი; თვით ეშმაკიც კი უკეთესი სანახავი იყო, ვიდრე ეს დაცარიელებული თვითჭვრეტა. წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ადამიანების უმრავლესობა ხომ იმ ბურბუშელას ჰგავს, საკუთარი სიცარიელის ირგვლივ რომაა შემოხვეული“. თუ ცოტაოდენი პატიოსნება მაინც გვაქვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ადეკვატურად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც პრაქტიკულად ჩვენ - ყველანი ვიმყოფებით.

 

აქ უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ: „არა, მე არ შევუდრკები, მე მივალ იმ წერტილამდე, როდესაც თვით ეს ტანჯვა გამომაფხიზლებს ისე, როგორც ამის გაკეთება კეთილი ნებით არ შემიძლია“. და ჭეშმარიტად: დგება წუთები - წუთები სასოწარკვეთისა, შფოთისა და შიშისა, რომელიც გვაიძულებს, კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავშიდა შევღაღადოთ: - „უფალო, შემიწყალე! უფალო, ვიღუპები და გადამარჩინე!“ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში არ არის რაიმე, რასაც ცხოვრების მონიჭება შეეძლო, ან, უფრო სწორად, ის, რაც არის ცხოვრება. ყველაფერი, რასაც ცხოვრებას ვეძახდით, რასაც ცხოვრებას ვუწოდებდით, იყო მხოლოდ გარეგნული. ხოლო სიღრმეში არაფერი არ იყო.

 

ჩვენ ვუმზერთ ამ არარსებობის უფსკრულს და ვგრძნობთ: რაც მეტად ჩავუღრმავდებით მას, მით უფრო ნაკლები რამ დარჩება ჩვენგან. ეს წამი საშიშია, ეს ის წამია, როდესაც უნდა შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, ყველაფერი ავწონოთ. ეს ის წუთებია, როდესაც ჩვენ სიღრმის პირველ ფენას მივაღწიეთ, იმას, როდესაც ჩვენში იბადება პირველი შესაძლებლობა იმისა, რომ კარზე დავაკაკუნოთ. იმ დონეზე, სადაც უბრალოდ დავისვენებთ ჩვენი ახლობლებისგან მანამ, ვიდრე ჩვენი მოწყენილობა შფოთის და მღელვარების ზღვრამდე მივა და ავფორიაქდებით. ჯერ კიდევ არ გვაქვს მიზეზი იმისა, რომ სასოწარკვეთილებისაგან ვყვიროდეთ და მოვთქვამდეთ - ჯერ კიდევ არ არის ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი ნება და ჩვენი სხეული იმდენდაც გადატვირთული იმ გრძნობით, რომ თუ ღმერთი არ მოვა - მე ვიღუპები, იმედი აღარ მაქვს, იმიტომ, რომ ვიცი, რომ ამ უფსკრულიდან კიდეც რომ გამოვაღწიო, ისევ იმ ჩრდილების, ანარეკლების სამყაროში მოვხვდები და არა - რეალურ ცხოვრებაში. ეს ის წუთებია, როდესაც შეგვიძლია, დავიწყოთ იმ კარზე კაკუნი, რომელიც ჯერ კიდევ დაკეტილია, მაგრამ, რომლის მიღმაც არის იმედი, ის იმედი, რომელიც ბრმა ბარტიმეოსმა იერიქონის ჭიშკართან განიცადა უსაზღვრო სასოწარკვეთილებით მოცულმა მაშინ, როდესაც ახლოს ქრისტემ ჩაუარა.

 

სახარებიდან ვიცით, რომ დაბრმავებული ბარტიმეოსი აღმოჩნდა სრულიად ღატაკი, გზაზე უიმედოდ მიტოვებული; მან ადამიანთა დახმარების ყოველგვარი რწმენა და იმედი დაკარგა და იძულებული იყო ლუკმა-პურისთვის ემათხოვრა, მას იმდენად მოწყალების იმედი კი არ ჰქონდა, რომელიც გულმოწყალებისა და ალერსიანი მზრუნველობისგან გამომდინარეობს, არამედ იმ გადმოგდებული მონეტისა, რომელსაც ისე უყრიან მათხოვრებს, რომ ადამიანს ვერც ამჩნევენ. და ერთხელ მან, როდესაც ყოველგვარი იმედი უკვე უარყოფილი ჰქონდა, სრულიად დაბრმავებულმა და მტვრით მოცულმა, შეიტყო ადამიანზე, ახალ წინასწარმეტყველზე, რომელიც მთელს წმ. მიწაზე სასწაულებს აღასრულებდა. ბარტიმეოსი ბრმა რომ არ ყოფილიყო, გაიქცეოდა და მთელს ქვეყანაში მოძებნიდა ამ წინასწარმეტყველს; მაგრამ ამ მოხეტიალე სასწაულმოქმედის პოვნა მას არ შეეძლო; ამიტომ იგი იქვე დარჩა, სადაც იჯდა და იმის შეგნება, რომ არის ვიღაც, ვისაც შესაძლოა, მისი განკურნება ხელეწიფება, უეჭველად კიდევ უფრო აღრმავებდა მის სასოწარკვეთილებას. და აი, ერთხელ მას მოესმა გზად მიმავალი ბრბოს შეძახილები. ბრბოსი, რომელიც რაღაც უჩვეულოდ ყვიროდა. სრულიად დამაჯერებელია, რომ როგორც ეს საერთოდ ემართებათ ხოლმე ბრმებს, მისი სმენა და აღქმა ჩვეულებრივზე მეტად იყო გამახივილებული. ამიტომ იკითხა: „ვინ მოდის?“ და პასუხად მიიღო: „იესო ნაზარეველი“. და აქ ბარტიმეოსი უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ და უსაზღვრო იმედმა მოიცვა. უსაზღვრო იმედმა - იმიტომ, რომ ქრისტე მისაწვდომ ფარგლებში შემოვიდა; მაგრამ ამავე დროს -უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ! - იმიტომ, რომ ქრისტე რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გასცდებოდა და აღარასოდეს ასეთი შემთხვევა აღარ მიეცემოდა. და ამ სასოწარკვეთილი იმედის სიღრმიდან ბარტიმეოსს ყვირილი აღმოხდა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ ეს იყო სარწმუნოების სრული აღიარების ძახილი იმ წუთებში, სწორედ იმის გამო, რომ მისი სასოწარკვეთილება ესოდენ ღრმა იყო, მასში იშვა ესოდენ კადნიერი იმედი და მან მიიღო კურნება, ხსნა, სიმრთელე. ქრისტემ გაიგონა მისი ხმა...

 

სრულყოფილ, არანაკლულევან იმედთან ყოველთვის რაღაც საზომით სასოწარკვეთილებაა დაკავშირებული. ეს ის წუთებია, როდესაც საკუთარ თავში ჩაღრმავებისას ჩვენ შევძლებთ ლოცვას; და მაშინ სიტყვები: უფალო, შემიწყალე! - სრულიად საკმარისია. ასეთ დროს საჭირო არ არის გავრცობილი სიტყვები, რომლებსაც ასე ხშირად ვხვდებით ლოცვანებში. საკმარისია, მხოლოდ სასოწარკვეთილებისგან შევძახოთ: - „მიშველე!“ - და ეს შესმენილი იქნება.

 

ძალიან ხშირად, ლოცვისას საკუთარ თავში საკმაო ძალას, რწმენას, საკმაო იმედს ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილება არც ისე ღრმაა. გვსურს, რომ ღმერთი, მისი მყოფობა ჩვენში უამრავ სხვა საგანთან ერთად მივიღოთ. ჩვენ გვინდა მისი შეწევნა და იმავდროულად ვცდილობთ, ეს დახმარება ყოველი მხრიდან მივიღოთ, საიდანაც კი ეს მოხერხდება. ჩვენ ღმერთს ისე მივმართავთ, როგორც რაღაც სათადარიგოს, როგორც უკანასკნელ საშუალებას. ჩვენ მივმართავთ ძლიერთ ამა ქვეყნისას, ადამიანის შვილებს და ვამბობთ: „ღმერთო, მიეცი ძალა, რომ მათ ეს ჩემთვის გააკეთონ!“ და ძალიან, ძალიან იშვიათად შევაქცევთ ზურგს ძლიერთ ამა სოფლისას, ადამიანის შვილებს და ვამბობთ: „დახმარებისთვის აღარავის მივმართავ, სჯობს, შენ თვითონ მომეხმარო!“ თუ ჩვენი სასოწარკვეთილება საკმაო სიღრმიდანაა აღმომხდარი, თუ ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რისთვისაც ვუხმობთ, იმდენად არსებითია, რომ ჩვენი ცხოვრებისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას გამოხატავს, მაშინ ლოცვისთვის სიტყვებს ვიპოვით და შევძლებთ, მივაღწიოთ ლოცვის მიზანს - ღმერთთან შეხვედრას.

 

ახლა კი მშფოთვარების შესახებ: შეიძლება, კავშირი ბარტიმეოსის შესახებ მონათხრობთანაც აღმოვაჩინოთ. იგი უხმობდა... და რას ამბობს სახარება მის გარშემომყოფთა შესახებ?! ისინი აიძულებდნენ, რომ გაჩუმებულიყო!.. ადვილად წარმოსადგენია ეს ღვთისმოსავი ადამიანები: თვალხილულნი, დამაჯერებელი ნაბიჯებით, ჯანმრთელნი - რომლებიც გარშემორტყმოდნენ ქრისტეს - მაღალ მატერიებზე საუბრობდნენ: მომავალ ღვთის სასუფეველზე, წმ. წერილის საიდუმლოებებზე. ადამიანები, რომლებიც ბატიმეოსს მიუბრუნდნენ და ეუბნებოდნენ: - „ბოლოს და ბოლოს, არ შეგიძლია, გაჩუმდე?! რა არის ეს შენი თვალები, რა მნიშვნელობა აქვთ მათ, თუ როგორია, როდესაც აქ ღმერთზე ვსაუბრობთ?“ ბარტიმეოსი, თითქოს კონტექსტიდან ვარდებოდა, როდესაც ითხოვდა ღმერთისგან რაღაცას - ისეთს, რაც მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო; აქ კი რაღაც ცერემონია მიმდინარეობდა და იგი მას აწყობილ ჰარმონიას არღვევდა: დაუყოვნებლივ მისი გაგდება იყო საჭირო! საჭირო იყო, დაუყოვნებლივ გაეჩუმებინათ იგი! მაგრამ სახარება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმ ხალხისა, რომლებიც მას აჩუმებდნენ, იგი განაგრძობდა ძახილს იმის შესახებ, რაც ასე სჭირდებოდა, რაც უფრო ცდილობდნენ, მით უფრო ხმამაღლა ყვიროდა.

 

აი, რისი გადმოცემა მსურდა თქვენთვის. არის ასეთი ბერძენი წმიდანი - სახელად მაქსიმე, რომელიც ყმაწვილობისას ტაძარში მივიდა და იქ მოისმინა სიტყვები მოციქულის ეპისტოლედან: „მოუკლებელად ილოცევდით...“ ამ სიტყვებმა იმდენად განმსჭვალა იგი, რომ იფიქრა, სხვა არაფრის გაკეთება არ სურდა, გარდა იმისა, რომ ეს მცნება აღესრულებინა. და იგი გამოვიდა ტაძრიდან, მივიდა უახლოეს გორაკზე და განუწყვეტელი ლოცვა დაიწყო. ის IV ს-ის ბერძენი გლეხი იყო. ზეპირად იცოდა „მამაო ჩვენო...“ და რამდენიმე სხვა ლოცვა. საკუთარი მონათხრობის მიხედვით, იგი ერთმანეთის მიყოლებით კითხულობდა ამ ლოცვებს და იმეორებდა და იმეორებდა მათ. იგი ძალიან კარგაც გრძნობდა თავს; იგი ლოცულობდა, იგი იყო ღმერთთან, სიხარულით ფრთაშესხმული და ყველაფერი სრულყოფილად ეჩვენებოდა - გარდა იმისა, რომ მზე დასავლეთისკენ იხრებოდა, უფრო და უფრო ბნელდებოდა და სიცივე მატულობდა. და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად იმატებდა სიბნელე, სხვადასხვა შემაშფოთებელი ხმები გაისმოდა: ტოტების მტვრევის ხმა გარეული მხეცის თათებქვეშ, წვრილი ცხოველების ხმები, რომლებსაც მტაცებლები ესხმოდნენ თავს, მათი თვალების ელვა და ა.შ. და უცებ მაქსიმემ იგრძნო, რომ იგი სრულიად მარტოა - პატარა, დაუცველი არსება საშიშარ, სიკვდილის და მკვლელობის სამყაროში - თუ ღმერთი არ მოვიდოდა მის საშველად; მაშინ უკვე აღარ კითხულობდა საუფლო ლოცვასა და მრწამსს; იგი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ბარტიმეოსი და დაიწყო ყვირილი: - „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!“ და იგი ამგვარად მთელი ღამის განმავლობაში გაჰყვიროდა, იმიტომ, რომ მხეცები და მათი მოელვარე თვალები ძილის ნებას არ აძლევდნენ. შემდეგ დილა დადგა და მან იფიქრა: „ახლა მხეცები დაიძინებენ და მე შემიძლია, ვილოცო“, მაგრამ აქ იგრძნო, რომ მოშიებოდა. გადაწყვიტა, ხილი შეეგროვებინა და თხილნარში შევიდა, მაგრამ წარმოიდგინა, რომ ყველა ეს მანათობელი თვალი და ბრჭყალებიანი თათები უეჭველად სადღაც - ამ ბუჩქებში იყო დამალული. იგი ძალიან ფრთხილად აგროვებდა ნაყოფს და ყოველ ნაბიჯზე იმეორებდა: „ - უფალო, იესო ქრისტე, მიხსენ მე, შემეწიე მე, ღმერთო, დამეხმარე და დამიცავი მე!“ - მის მიერ აღებულ თითოეულ მარცვალს რამდენიმე ლოცვა მოსდევდა.

 

დრო გავიდა და მრავალი წლის შემდეგ მაქსიმე ძალიან მოხუცებულ და გამოცდილ მოღვაწეს შეხვდა, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ ისწავლა მან მოუკლებელი ლოცვა, მაქსიმემ მიუგო: „ - ვფიქრობ, მე ის ეშმაკმა მასწავლა“. თანამოსაუბრემ კვლავ ჰკითხა: „ - მე მგონი, მესმის შენი, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად გაგიგე“. მაშინ მაქსიმემ მას უამბო, თუ როგორ მინელდა ეს ფაჩუნი და საფრთხე დღისით და ღამით, მაგრამ შემდეგ მას ხორციელი განსაცდელი დაატყდა თავს, შემდეგ - გონებრივი ბრძოლები, ბოლოს კი - მტრის ძალიან აშკარა თავდასხმები. და ამ ხნის განმავლობაში არ არსებობდა წამი და წუთი, რომ ღმერთისთვის დახმარება არ ეთხოვა და მისთვის არ მიემართა: - „შემიწყალე, შემიწყალე, მიშველე, დამეხმარე!..“ და ერთხელ, მრავალი წლის შემდეგ, უფალი გამოეცხადა მას... და სიმშვიდე, სიწყნარე, უშფოთველობა დამკვიდრდა მასში. აღარ დარჩა შიში. არც სიბნელის შიში, არც - თხილნარის, არც - ეშმაკის. უფალმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. „ამ დროისთვის ვისწავლე, რომ თუ უფალი თვითონ არ მოვა, მე სრულიად უიმედოდ უსუსური ვარ. ასე რომ, უშფოთველობის, სიმშვიდისა და სიხარულის წუთებშიც ვაგრძელებდი ლოცვას: - „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!..“ იმიტომ, რომ ვიცოდი, მხოლოდ ღვთის გულმოწყალება მომცემს გულის სიმშვიდეს, გონების სიმშვიდეს, ხორცის მოსვენებას და მართალ ნებას“.

 

აი ასე: მაქსიმემ ისწავლა ლოცვა, მაგრამ არა შფოთისაგან განრიდებით, არამედ შფოთის წყალობით, და ეს იმიტომ, რომ მისი შფოთი რეალური იყო - მის უკან რეალური საფრთხე იმალებოდა. იმას რომ ვაცნობიერებდეთ, რომ გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ ეშმაკი ბრდღვინავს, ცდილობს, შეგვიპყროს და დაგვღუპოს ჩვენ, რომ ყოველი ადამიანური შეხვედრა არის სამსჯავრო, კრიზისი, ის სიტუაცია, როდესაც მოწოდებულნი ვართ, მივიღოთ ქრისტე - შემხევდრი ადამიანის სახით, ან ქრისტეს მაცნედ ვექცეთ მას; რომ გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც დიდ მნიშვნელობას შეიცავს, მაშინ შევძლებდით, გვეყვირა და გველოცა - გაუჩერებლად. მაშინ შფოთი და საფრთხე იქნებოდა ჩვენთვის არა ჩავარდნა, არამედ სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც ლოცვას გვასწავლის მაშინ, როდესაც მეტისმეტად გამოუცდელნი ვართ იმისთვის, რომ სიღრმიდან, ძალდატანების, სტიმულის გარეშე ვილოცოთ.

 

როგორ ვისწავლოთ ლოცვა იმ პირობებში, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, თუ ლოცვის შესახებ არაფერი ვიცით, არასოდედ გვილოცია ან გვილოცია ძალიან ცოტა?! მე ეს სხვადასხვა პირობებში გამოვცადე: იმ წლებში, როდესაც მედიცინაში ვმუშაობდი, ხუთი წლის განმავლობაში - საომარ პირობებში, შემდეგ მღვდლობისას და ა.შ. და გამომივიდა!.. დიახ, ეს გამოდის, თუ საკმარისად უბრალო და სადა ხარ და შეგიძლია, რომ შემდეგნაირად მოიქცე:

 

დილით რომ გაიღვიძებ, პირველ რიგში, მადლობა შესწირე ღმერთს, თუნდაც ის დღე, რომელიც იწყება, დიდ სიხარულს არ განიჭებდეს და თქვი: „ესე არს დღე, რომელი შექმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“ (ფს. 117,24); როდესაც ამას გააკეთებ, საკუთარ თავს საშუალება მიეცი, გააცნობიერო იმის მართლებულობა, რაც თქვი და საკუთარ თავს მიუსადაგო; შემდეგ წამოდექი, მოწესრიგდი, გააკეთე ყველაფერი, რასაც ყოველ დილას აკეთებ და კვლავ მიუბრუნდი ღმერთს. მიდი მასთან გაორმაგებული რწმენით: რომ შენ ღმერთისა ხარ და რომ ეს დღეც ღმერთს ეკუთვნის, რომ იგი სრულიად ახალი და ხელუხლებელია. ის ადრე არასოდეს ყოფილა!

 

შემდეგ?!. შემდეგ შესთხოვე ღმერთს, რომ დალოცოს ეს დღე, რომ ამ დღის განმავლობაში ის აკურთხევდეს და მართავდეს ყველაფერს. და ამასთან, ძალიან სერიოზულად მოეკიდე საკუთარ სიტყვებს, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ: - „უფალო, გვაკურთხე!“ - ხოლო, კურთხევის მიღების შემდეგ უძღები შვილივით ვიქცევით: ვაგროვებთ ჩვენთვის მოცემულ ყოველგვარ სიკეთეს და მივდივართ შორს, სხვაგან, უწესო ცხოვრებას ვიწყებთ.

 

მაშ ასე: ეს დღე ღვთის მიერ კურთხეულია, ის პირადად ღმერთის დღეა; ახლა კი მოდით შევიდეთ მასში. ახლადდაწყებულ დღეს ისე შეუდგები, როგორც პირადად ღვთისგან მონიჭებულს; ვისაც არ უნდა შეხვდე, ისე ხვდები, თითქოს მას ღმერთი ხვდებოდეს. ამ დღეს შენ მოვლინებული ხარ, რომ იყო უფლის მყოფობით, ქრისტეს მყოფობით, სულიწმიდის მყოფობით, სახარების მყოფობით; აი, შენი ფუნქცია დღეს; ღმერთს არასოდეს უთქვამს, რომ, როდესაც რაღაც სიტუაციაში მისი სახელით შეაბიჯებ, ჯვარზე კვლავ მას აცვამენ და შენ კი - აღსდგები. ყოველთვის მზად უნდა იყო, შეაბიჯო ვითარებათა ნებისმიერ თანმიმდევრობაში - ღმერთის სახელისათვის და იარო ძე ღვთისას მსგვსად: დამცირებითა და სიმდაბლით, სიმართლით და დევნის დათმენის მზადყოფნით.

 

როდესაც ღვთის მცნებებს ვასრულებთ, ჩვეულებრივ, ველით, რომ წამსვე საოცარ შედეგებს ვიხილავთ, ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგჯერ წმიდათა ცხოვრებაში ვკითხულობთ. მაგალითად: როდესაც ვიღაც სახეში შემოგვკრავს, ჩვენ მეორე ლოყას მივუშვერთ, ამ დროს კი სინამდვილეში არაფრით არ ველით, რომ ის კვლავ დაგვარტყამს, არამედ გვგონია, რომ შესძახებს: „ჰოი, რა საოცარი სიმდაბლეა!“ და - ჩვენ დაჯილდოებულნი აღმოვჩნდებით, ხოლო მოწინააღმდეგე სულის ხსნას მოიპოვებს. მაგრამ ეს ასე არ ხდება; ძალიან ხშირად ასეთ შემთხვევაში სასტიკი დარტყმა გველის; მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამისთვის მზად იყო. რაც შეეხება დღეს, თუკი გაიაზრე და მიიღე ის, რომ იგი ღვთის მიერ დალოცვილია, რომ მან თავისი ხელით აკურთხა იგი, მაშინ ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხვდები - ღვთის საჩუქარი იქნება შენთვის, ყოველი ვითარება, რომელშიც მოხვდები, იქნება ასევე საჩუქარი - ან მწარე, ან ტკბილი - იმისდამიუხედავად, მოგწონს თუ არა, იგი მაინც ღმერთის განსაკუთრებული საჩუქარია პირადად შენთვის და თუ სწორედ ასევე მიიღებ მას, მაშინ ყოველგვარ ვითარებასთან გამკლავებას შეძლებ. მაგრამ ასეთ დროს სრული მზადყოფნა უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს - სასიამოვნოც და უსიამოვნოც. და თუ ღვთის სახელით ივლი მთელ დღეს, რომელიც პირადად მისი ხელიდან ასეთი ხასხასა და ახალი მიიღე კურთხევით, რომ გეცხოვრა მასში, მაშინ შეძლებ, რომ ლოცვა და ცხოვრება ჭეშმარიტად მონეტის ორ მხარედ აქციო. მაშინ უკვე ერთი ამოსუნთქვით იწყებ ლოცვას და მოქმედებას, იმიტომ, რომ ყოველი ვითარება, ერთიმეორეს რომ მიყვება, ღვთის კურთხევას საჭიროებს.

 

რამდენიმე წლის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი ახალგაზრდებს თეზის თავყრილობაზე. ამის შემდეგ ოცდაათამდე ახალგაზრდასთან - გოგონებთან და ვაჟებთან მიმოწერამ მომიწია. ერთხელ, ერთმა გოგონამ მომწერა: - „შევეცადე, თქვენი რჩევები გამომეყენებინა, ამას მთელი ძალით ვცდილობდი; წუთი არ იყო, რომ ერთდროულად არ მემოქმედა და არ მელოცა, ახლა კი სიტყვა „ღმერთის“ გაგონებაც აღარ მინდა. ასეთი ლოცვა ჩემთვის აუტანელი გახდა“. მე მას პასუხად მივწერე: „შენ მომნელებელი სისტემა დაგერღვა, ზედმეტი მოგივიდა. ლოცვაშიც აუცილებელია საღი აზრის შენარჩუნება, როგორც ცხოვრებაში. მისი საშუალებით ხელმძღვანელობა. როდესაც ცხოვრებაში არასოდეს გილოცია, არ შეიძლება, პირდაპირ დღეში თვრამეტსაათიანი ლოცვით დაიწყო და შენი საქმეც აკეთო. არამედ უნდა გამოყო ერთი ან ორი პერიოდი და შენს ენერგიას თავი მათში მოუყარო. უბრალოდ, მზერა მიაპყარი ღმერთს, გაიღიმე და დაიწყე. სხვა დროს კი უთხარი მას: - „მე ახლა უნდა დავისვენო. ძალა არა მაქვს, რომ გამუდმებით შენთან ვიყო“. ეს ხომ სიმართლე იქნება! შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია, ღმერთთან განუწყვეტელ კავშირს გაუძლო. უთხარი ეს მას. ასე რომც არ მოიქცე, ღმერთმა შესანიშნავად იცის ყველაფერი. ჯერჯერობით გვერდზე გადექი და თქვი: - „ახლა მე დავისვენებ, დროებით თანახმა ვარ, რომ მეტისმეტად წმიდანი არ ვიყო“.

 

ამგვარად, ჩვენ უბრალოდ დავისვენებთ და შევხედავთ რაღაცა სხვას, რაც თავისთავად ასევე ღვთისგანაა - სახლებს, ხეებს. გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ღმერთს დავუბრუნდებით. უნდა ეცადოთ, მაგრამ სიფხიზლე არ მოადუნოთ იმიტომ, რომ არსებობს ცოდვა, რომელსაც წმ. მამები სულიერ სიხარბეს უწოდებენ: ჩვენ უფრო და უფრო მეტი ღმერთი გვინდა მაშინ, როცა დიეტა გვჭირდება: ასე, რომ ცოტა მიიღე და ჯერჯერობით ეს იკმარე.

 

 

„როგორ გავუმკლავდეთ დროს“

 

ჩვენს დაძაბულ საუკუნეში დროსთან გამკლავების პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია. მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ დრო თავზე საყრელად გვაქვს და შეგვიძლია, ვილოცოთ მაშინ, როცა მოგვესურვება. მე მინდა, ვთქვა იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ დროს ამ დაძაბულობის, ცხოვრების ზეწოლის კონტექსტში. მე ვერ მოგცემთ რეცეპტს, თუ როგორ გამოვნახოთ დრო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ მას ნაკლებად გავფლანგავთ, უფრო მეტი დაგვრჩება, თუ შევკრებთ გაფლანგული დროის ნამცეცებს და მათ გონების მოკრებისა და ლოცვის პერიოდად შევაკოწიწებთ, აღმოვაჩენთ, რომ დრო საკმაოდ ბევრი გვაქვს. თუ გავიხსენებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი წუთების რაოდენობას, როდესაც რაღაცას ვაკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ სიცარიელის, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენისა გვეშინოდა, მაშინ აღმოჩნდება: არსებობს საკმაოდ დიდი პერიოდები, რომლებიც შეუძლებელია ჩვენ და ღმერთს ერთდროულად გვეკუთვნოდეს. მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცის შესახებ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი გვგონია იმაზე, თუ როგორ გავაკონტროლოთ დრო და შევაჩეროთ ის.

 

უფლის წინაშე ლოცვა შესაძლებელია, თუ ჩვენი შინაგანი სამყარო მტკიცეა და ღვთის პირისპირ შინაგანი თანხმობით ვდგავართ. ეს გაგვათავისუფლებს დროის შეგრძნებისაგან, ოღონდ არა - ობიექტური დროისა, რომელსაც მივდევთ, არამედ - იმ სუბიექტური შეგრძნებისაგან, რომ დრო მიდის დ არომ ჩვენ დრო არ გვრჩება.

 

პირველ რიგში, მინდოდა, თქვენი ყურადღება მიმეპყრო იმისკენ, რაც ყველამ ვიცით და რაზეც გამუდმებით ვსაუბრობთ: არავითარი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ ცდილობდე დროს დაეწიო. ის ჩვენგან არ გარბის. ის ჩვენსკენ მოედინება. მოუთმენლად ელოდებით მომავალ წუთებს, თუ საერთოდ არ აცნობიერებთ მათ - ისინი მაინც მოდიან. მომავალი - როგორც არ უნდა იქცეოდე შენ მასთან მიმართებაში - უეჭველად აწმყოდ იქცევა და სულაც არ არის აუცილებელი, რომ აწმყოდან მომავალში გადახტე. შეგიძლია, მის დადგომას უბრალოდ ელოდო. აი, ამ გზით შეგიძლია, იყო აბსოლუტურად მდგრადი და ამავდროულად დროს მიჰყვებოდე, იმიტომ, რომ დრო თავისით მიდის. თქვენ იცით, თუ რა ხდება, როდესაც ავტომობილში ან მატარებელში ზიხართ: ზიხარ და ფანჯარაში იყურები, შეიძლება ფიქრობდე, შეიძლება კითხულობდე, შეიძლება - უბრალოდ ისვენებდე. მატარებელი კი მიდის და რაღაც მომენტში ის, რაც მომავალი იყო - შემდეგი სადგური თუ შენი ბოლო გაჩერება აწმყო გახდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ ჩვენს შინაგან ცხოვრებაში: ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ თუ ვიჩქარებთ, მომავალში უფრო სწრაფად მოვხვდებით, იმ ადამიანივით, რომელიც ბოლო ვაგონიდან პირველში იმის იმედით მირბის, რომ ლონდონიდან ედინბურგში უფრო ჩქარა ჩავა. ამ მაგალითის მიხედვით ვხედავთ, რამდენაც აბსურდულია ეს ყოველივე, მაგრამ როდესაც გამუდმებით იმის მცდელობაში ვართ, როგორ გავუსწროთ საკუთარ თავს - თუნდაც ერთი გოჯით, ამ აბსურდულობას ვერ ვამჩნევთ. ამასთან, სწორედ ეს არ გვაძლევს საშუალებას სრულად განვიცადოთ ახლანდელი წამი, აწმყო, სადაც, როგორც უკვე ვთქვი, სინამდვილეშიც ვიმყოფებით. იმიტომ რომ, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარი თავისა და დროის გასწრება შეგვიძლია, ეს ასე მაინც არ იქნება. ერთადერთი, რაც აქედან გამოდის არის ის, რომ ჩვენ ვჩქარობთ, მაგრამ წინ უფრო სწრაფად ვერ მივიწევთ.

 

თქვენ ალბათ არაერთგზის გინახავთ: ადამიანი, როემლსაც ორი მძიმე ჩემოდანი უჭირავს, ცდილობს ავტობუსს დაეწიოს. იგი მირბის, რამდენადაც ამას ახერხებს, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ჩემოდნები აძლევენ და მთელი თავისი არსებით ის იქ არ არის, სადაც არის. თქვენ ასევე იცით, როგორ ხდება, როდესაც დასვენების დროს სეირნობთ: მიდიხარ სწრაფი ნაბიჯით, მხნედ და მხიარულად მიაბიჯებ, თუ ასაკი და ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, მირბიხარ კიდეც, მაგრამ არანაირად არ ჩქარობ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია სირბილი და არა - რაღაც ადგილამდე მირბენა. ეს უნდა ისწავლო ლოცვასთან დაკავშირებითაც: გაჩერდი მოცემულ წუთში. ჩვეულებრივ, ჩვენ ვფიქრობთ და ვიქცევით ისე, თითქოს აწმყო ესაა წარმოსახვითი, მოუხელთებელი ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ჩვენ გამუდმებით წარსულიდან მომავალში გადავდივართ ამ საზღვარის გადალახვით.

 

ყველას არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვოს, ამიტომ მსურს, პირადად ჩემი გამოცდილების შესახებ გიამბოთ, რომელიც ძალიან გამომადგა. საფრანგეთში, გერმანული ოკუპაციის დროს, ვმონაწილეობდი წინააღმდეგობის მოძრაობაში. როდესაც ერთხელ მეტროში ჩავდიოდი, პოლიციამ შემიპყრო. ესაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო გამოცდილება. თუ რომანტიკულ წვრილმანებს გვერდზე გადავდებ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და როგორ მოხდა, ჩემს ამ გამოცდილებას უფრო ფილოსოფიურ მიმართებაში გადავიყვან, დროსთან მიმართებაში: იმ წუთებში მქონდა წარსული და მქონდა მომავალი. მე ერთიდან მეორეში გადავდიოდი და მეტროს კიბეზე მხნედ მივაბიჯებდი; და უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა: - „შეჩერდით, მაჩვენეთ თქვენი საბუთები!“ და აქ რამდენიმე რამ მოხდა: პირველ რიგში, მე დავიწყე ფიქრი ძალიან სწრაფად, შეგრძნებები გახდა ძალიან ინტენსიური, ხოლო სიტუაციის გაცნობიერება იმდენად რელიეფური და მკვეთრი, როგორიც არასოდეს განმეცადა მეტრო ეტუალის სადგურის უკანასკნელ საფეხურებზე. მეორე: უცებ გავაცნობიერე, რომ არ მაქვს წარსული, რეალური წარსული ხომ ისეთი იყო, რის გამოც მე დახვრეტა მელოდა. ასე რომ, ეს წარსული მეტად აღარ არსებობდა. ცრუ წარსული, რომლის შესახებაც უნდა მეამბა, მათთვის ასევე არასოდეს არსებობდა. ასე რომ, მე ვგავდი იმ ხვლიკს, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა და ხელში კუდი შეატოვა. ასე რომ, იქ, სადაც იყო კუდი, ხვლიკი უკვე აღარ იყო. შემდეგ თანდათანობით ვხვდებოდი ერთ საინტერესო რამეს (თუმცა, იმ წუთებში დროის ფილოსოფიის კუთხიდან ამ საკითხისთვის არ შემიხედავს): მომავალი იმდენად არსებობს, რამდენადაც შეგიძლია, განსაზღვრო, თუ რა იქნება შემდეგ, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ის მოხდებოდეს ან ერთი გოჯით წინ, ვიდრე მას მიაღწევდე და არაფერი არ ხდება, იმიტომ, რომ შენ წარმოდგენა არა გაქვს, რა შეიძლება მოხდეს, შენ იმ ადამიანს გავხარ, რომელიც უცნობ ოთახში წყვდიადში დგას. დგახარ და ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა, რომელიც თვალებზე გეფარება: შეიძლება, შენს წინაშე არაფერია, შეიძლება, მთელი უსასრულობაა - სულ ერთია. შენ ზუსტად იქ მთავრდები, სადაც სიბნელე იწყება. ასე რომ, აღმოვაჩინე, რომ არც მომავალი მქონდა!.. აი, სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის აშკარა, რომ ცხოვრება - თუნდ წარსულში და თუნდ მომავალში - არარაელურია. აღმოჩნდა, რომ მე სწორედ აწმყოს წამში ვარ ჩაკეტილი და ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, ამ წამთანაა დაკავშირებული, რომელიც ინტენსიურობით და სიმკვეთრით არსებობს. და ამან, საბოლოო ჯამში, თავისუფლება შემანარჩუნებინა. რაც შეეხება დროს... წვრილმანებს აღარ გამოვეკიდები და გეტყვით: არსებობს ცხოვრებაში წუთები, როდესაც გრძნობ, რომ აწმყო აქ არის, წარსული უკანმოუბრუნებლად წავიდა და მხოლოდ იმდენად აქვს მნიშნველობა, რამდენადაც აწმყოზე მოქმედებს. მომავალს კი საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის შეიძლება დადგეს ან - არ დადგეს. ეს მაშინ ხდება, მაგალითად, როდესაც ავარიაში მოხვდებით, ან ისეთ წუთებში, როცა მეყსეული მოქმედებაა საჭირო, ასეთ დროს წარსულიდან აწმყოში სასეირნოდ აღარ გცალიათ, თქვენ მოგეთხოვებათ იყოთ იმდენად აწმყოში, რომ მთელი თქვენი ენერგია, მთელი თქვენი არსება შეიკრიბოს სიტყვაში „ახლა“. და მაშინ ძალიან საინტერესო ხდება იმის აღმოჩენა, რომ შენ ერთიანად ამ „ახლა“-ში ხარ მოქცეული. თქვენ იცით, რომ არსებობს თხელი სიბრტყე, რომლის შესახებ გეომეტრია გვასწავლის, რომ მას სისქე არა აქვს. ეს აბსოლუტურად სისქის უქონელი გეომეტირული სიბრტყე, რომელსაც „აწმყო“ წარმოადგენს, დროის საზღვარზე მერყეობს, უფრო სწორად, დრო გადარბის მასზე და „ახლა“ მოაქვს თქვენთვის ყველაფერი ის, რაც მომავალში გჭირდებათ. ეს მდგომარეობა ჩვენ უნდა შევისწავლოთ და უნდა შევისწავლოთ გაცილებით მშვიდობიან ვითარებაში. ვფიქრობ, უნდა ვივარჯიშოთ იმაში, რომ დროის გაჩერება შევძლოთ იმ „ახლა“-ში, რომელიც არის ჩემი ჭეშმარიტი აწმყო და რომელიც ამავე დროს არის მარადიულობის და დროის გადაკვეთის წამი.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? აი, პირველი, თუ როგორ შეგიძლიათ ვარჯიში, როდესაც გასაკეთებელი სრულიად არაფერი გაქვთ. როდესაც არც უკან გექაჩებათ რაიმე და არც წინ გიბიძგებთ. როდესაც შეგიძლიათ სამი ან ხუთი წუთი, ან სულაც ნახევარი საათი დაუთმოთ მოცალეობას, უქმად ყოფნას. დაჯექით და საკუთარ თავს უთხარით: „მე ვზივარ, მე არაფერს ვაკეთებ, უახლოესი თხუთმეტი წუთის განმავლობაში არც ვაპირებ, რაიმე გავაკეთო“. თანაც გააცნობიერეთ: - „მე აქ ვარ, ღმერთის პირისპირ, საკუთარი თავის პირისპირ - წყნარად და უშფოთველად, არსად ვჩქარობ“. და კიდევ ერთი: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ იმ ორი თუ ხუთი წუთის განმავლობაში, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოვყავით, რომ არ მდგომარეობიდან ვერ გამოგიყვანთ ვერც ტელეფონის ზარი, არც კაკუნი კარზე, არც ენერგიის მოზღვავება, იმაზე ფიქრი, რომ დაუყოვნებლივ გააკეთოთ რაღაც საქმე, რომლის დაწყებას ბოლო ათი წელია ასე აყოვნებთ. უბრალოდ იჯექით და თქვით: - „ეს მე ვარ“ და თქვენ ხართ!.. თუ თქვენ ამ სავარჯიშოს მოცლილობისას შეასრულებთ, მაშინ, როცა ისწავლით, რომ შინაგანად კი არ შფოთავდეთ, არამედ სრულ სიმშვიდესა და აუღელვებლობას ინარჩუნებდეთ, იყოთ წყნარი და მტკიცე, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთით გააგრძელეთ, შემდეგ კვლავ დაუმატეთ დრო. რა თქმა უნდა, დადგება წუთი, როდესაც რაღაცით თავის დაცვა დაგჭირდებათ, იმიტომ რომ, შეიძლება მაშინ, როცა ტელეფონი რეკავს, ან ვიღაც აკაკუნებს, იქნებ ორი წუთით მშვიდადაც შევხვდეთ ამას, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა - თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი, უკვე გადაჭარბებული აღმოჩნდება როგორც ტელეფონისთვის, ისე მისთვის, ვინც კართან დგას. მაშინ უთხარით საკუთარ თავს: სახლში რომ არ ყოფილიყავით, კარს ხომ ვერ გააღებდით და ვერც ტელეფონს უპასუხებდით?!. ან თუ მეტად გამბედავი ხართ, ან - მეტად დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ, შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც მამაჩემი აკეთებდა ამას. კარზე მას პატარა ბარათი ჰქონდა, რომელიც იუწყებოდა: „ნუ გაირჯებით და ნუ დააკაკუნებთ. სახლში ვარ, მაგრამ კარს არ გაგიღებთ“. ეს გაცილებით ეფექტურია, იმიტომ, რომ ადამიანები მაშინვე იგებენ ყველაფერს. მაგრამ თუ მათ ეტყვით: „თუ შეიძლება ხუთი წუთით დამიცადეთ...“, მათი თავაზიანობა ორ წუთში ამოიწურება. მას შემდეგ, რაც ასე მდგრადობას და უშფოთველობას შეისწავლით, დროის გაჩერება უნდა ისწავლოთ. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გაწელილია, ანდა თავისთავად შეჩერებულია, არამედ მაშინაც, როდესაც გაუჩერებლად მიჰქრის და თქვენს წინაშე მოთხოვნებს აყენებს. ეს ასე ხდება: თქვენ რაღაცა სასარგებლოს აკეთებთ. ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამას თუ არ გააკეთებთ, მთელი სამყარო უფსკრულში გადაიჩეხება. თუ ასეთ შემთხვევაში რომელიღაცა წუთში იტყვით: „მე ვჩერდები!“ რამდენიმე რამეს აღმოაჩენთ. ჯერ ერთი აღმოჩნდება, რომ სამყარო უფსკრულში არ ვარდება და თქვენ წარმოიდგინეთ: მთელ ქვეყნიერებასაც შეეძლება ხუთი წუთით დაცდა, მანამდე - ვიდრე თქვენ მას დაუბრუნდებოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ ხოლმე, როდესაც ვამბობთ: - „ეს მე აუცილებლად უნდა გავაკეთო, ეს კეთილი საქმეა, ეს მოვალეობაა. მე არ შემიძლია, შუა გზაზე მივატოვო“. ამავდროულად, მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცის გამო გასაკეთებელს ტოვებთ ამ საქმეს გაცილებით ხშირად, ვიდრე ის ხუთი წუთია - საკუთარ თავს რომ დაუნიშნეთ ახლა. ასე რომ, პირველ რიგში, გააკეთეთ ის, რომ თქვით: - „რაც არ უნდა მოხდეს, ახლა მე შევჩერდები“. ყველაზე უბრალო საქმეა, გააკეთო ეს მაღვიძარას საშუალებით. მომართე მაღვიძარა და თქვი: „ვიმუშავენ, ვიდრე არ დარეკავს“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია; ერთ-ერჲთ რამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი, ესაა გამუდმებული ცქერა საათზე. რამდენადაც ვიდრე მაჯის საათს დაჰურებთ, ვერ შეძლებთ, იაროთ ისე სწრაფად, როგორც მაშინ ივლიდით, სულ წინ რომ იყურებოდეთ თუ გეცოდინებოდათ, რომ დააგვიანეთ შვიდი წუთით, ან ხუთით ან სამით - ამას მნიშნველობა არა აქვს. ყველა შემთხვევაში დაგვიანებული ხართ. ასე რომ, სჯობს ადრე გახვიდეთ, რათა ადგილზე დანიშნული დროისთვის იყოთ. ხოლო თუ მაინც გაგვიანდებათ, იარეთ რაც შეიძლება სწრაფად. საათზე მაშინ დაიხედეთ, როდესაც უკვე კართან იქნებით, რათა იცოდეთ, თუ რა ხარისხის სინანული უნდა გქონდეთ სახეზე აღბეჭდილი, როდესაც მას გაგიღებენ. ამგვარად, როდესაც მაღვიძარა დარეკს, თქვენ იცით, რომ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში სამყარო არ არსებობს და ადგილიდან ნუ დაიძვრებით. ეს პირადად ღმერთის დროა და ამ დროის განმავლობაში სიმშვიდე, უშფოთველობა და სიწყნარე შეინარჩუნეთ. ნახავთ, როგორ გაგიჭირდებათ ეს. თავიდან თქვენ მოგეჩვენებათ, რომ აუცილებელია, მაგალითად, დაამთავროთ წერილის წერა ან ბოლომდე წაიკითხოთ ეს აბზაცი წიგნში. სინამდვილეში ძალიან ჩქარა აღმოაჩენთ, რომ მშვენივრად შეიძლება გადადოთ ეს სამი, ხუთი და ათი წუთითაც კი და ამის გამო არაფერი მოხდება, ხოლო თუ თქვენ აკეთებთ რაღაცას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაშინ ნახავთ, რამდენად კარგად გამოგივათ ის სამი, ხუთი ან ათი წუთის შემდეგ.

 

კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან. როდესაც დამწყები ექიმი ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა, თუ მათ, ვინც მისაღებში მელოდებოდა, დიდხანს ვაცდევინებდი, ანუ დიდ დროს დავუთმობდი იმ ადამიანს, ვინც იმჟამად კაბინეტში იყო შემოსული, ამიტომ პირველ მიღებაზე ვცდილობდი, რაც შეიძლება სწრაფად გამესინჯა პაციენტი. კონსულტაციების დამთავრების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ მახსოვდა იმ დღეს მიღებული ადამიანები იმიტომ, რომ ვიდრე პაციენტი წინ მეჯდა, მის უკან მისაღებში ვიყურებოდი და დარჩენილ ხალხს ვთვლიდი. ამის შედეგაც მიწევდა ერთი შეკითხვა ორჯერ დამესვა და ყველა გასინჯვა სამჯერ თუ არა, ორჯერ მაინც გამემეორებინა. ხოლო, როდესაც დავამთავრებდი, აღარ მახსოვდა, რა გავაკეთე და რა - არა. რა თქმა უნდა, ყველა მე არ მემგვანება. შეიძლება, თქვენ ჩემზე უკეთესად შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. ეს, უბრალოდ, იმის მაგალითია, თუ რა შეიძლება, შეემთხვას ერთ-ერთ ჩვენგანს.

 

მაშინ მე ვიფიქრე, რომ ეს პატიოსანი საქციელი არ არის და გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ჩემს კაბინეტში მყოფი ადამიანი ქვეყნიერებაზე ერთადერთი პაციენტი იყო. იმ წუთებში, როდესაც ჩნდებოდა განცდა - „უნდა იჩქარო“ - სკამზე ჩამოვჯდებოდი და რამდენიმე წუთით უბრალო საუბარს გავაბამდი ხოლმე. მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის აჩქარების ნება არ მიმეცა. ორი დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ასეთი რამის გაკეთება აღარ მჭირდებოდა. შეიძლება, მთელი ყურადღებით მოეპყრა ადამიანს ან საქმეს, რომელიც შენს წინაშეა და როდესაც დაასრულებ, აღმოჩნდება, რომ ადრინდელთან შედარებით ორჯერ ნაკლები დრო დახარჯე და ამასთან, ყველაფერი გაიგონე და შეამჩნიე.

 

მას შემდეგ ეს რჩევა ბევრჯერ შემითავაზებია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის და ძალიან გამოსდგომიათ. ასე რომ, თუ თავიდან იმაში ივარჯიშებთ, რომ გააჩეროთ დრო, რომელიც არ იძვრის, შემდეგ დრო - რომელიც მიჰქრის და თუ შეაჩერებთ მას და ეტყვით - „არა“, აღმოაჩენთ, რომ წამი, როცა შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი „ხმა“ გადალახეთ, გადალახეთ შფოთი და ფორიაქი - დრო თავისუფალ დინებას იწყებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ერთი წუთის განმავლობაში გადის მხოლოდ ერთი წუთი?! ეს ხომ სწორედ ასეა. ეს უცნაურია, მაგრამ ნამდვილად ასეა! ჩვენმა საქციელმა შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, რომ ხუთი წუთის გასვლა ოცდაათ წუთშია შესაძლებელი... მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის! თითოეული წუთი იმავე ხანგრძლივობისაა, რაც - მომდევნო, ყოველი საათი ასევე თანაბარი ხანგრძლივობისაა. არაფერი კატასტროფული არ ხდება! თქვენ შეიძლება, იკითხოთ: „-მერე მოვასწრებ, დრო ყველაფრისთვის მეყოფა?“ მე კი ამაზე გიპასუხებთ: „-თუ ადრე არ მოკვდი, დრო გეყოფა. თუ მანამდე მოკვდი, ვიდრე ამას გააკეთებ, მაშინ არაღაც გაკეთებაა საჭირო“. არსებობს კიდევ ერთი ამგვარი გამოთქმა, რომელიც შეგიძლიათ სამომავლოდ დაიმახსოვროთ: „- სიკვდილი ნუ გაღელვებს, თუ სიკვდილი მოვიდა, შენ უკვე აღარ ხარ, ხოლო ვიდრე აქ ხარ, სიკვდილი არ არსებობს“. ეს იგივე პრინციპია! რატომ უნდა გაღელვებდეს რაღაც, რაც თავისთავად გადაწყდება. ისწავლე, რომ არ ცქმუტავდე და არ ბორგავდე, შეგიძლია, გააკეთო რაც გინდა, როგორი ტემპითაც გინდა, როგორი გულმოდგინებითაც გინდა, როგორი სისწრაფითაც გინდა... და ამასთან, არ გრძნობდე, რომ დრო გაგირბის და გიტაცებს, ეს ის შეგრძნებაა, რომლის შესახებაც ადრე ვამბობდი: როცა დასასვენებლად ხარ და მთელი შვებულება წინაა, შეგიძლია, იყო სწრაფი ან ნელი - დროის ყოველგვარი შეგრძნების გარეშე. იმიტომ, რომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და მიზანმიმართულების დაძაბულობა არ არსებობს. მაშინ ნახავ, რომ ლოცვა შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში, რომ არ არსებობს ვითარება, რომელსაც ლოცვისთვის ხელის შეშლა შეუძლია. ლოცვისას ჩავარდნა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც გრიგალი დაგეუფლება თუ საკუთარ თავში ქარიშხალს შეუშვებ, იმის მაგიერ, რომ ის გარეთ მოიტოვო.

 

გაიხსენეთ სახარებისეული მონათხრობი ქარიშხლის შესახებ გალილეის ზღვაზე. ქრისტეს ნავში სძინავს, ირგვლივ კი ქარაშოტი მძვინვარებს, თავდაპირველად მოციქულები იბრძვიან დაძაბულად და იმედით, იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისათვის! მაგრამ რომელიღაც წუთებში ისინი სულით ეცემიან და ქარიშხალი გარედან მათ შიგნით აღწევს. ქარიშხალი მათშიც მძვინვარებს, შფოთი და სიკვდილი უკვე უბრალოდ მათ გარშემო კი არ ტრიალებს, ისინი მათ სულებში შეიჭრნენ. მოციქულები შებრუნდებიან ქრისტესკენ და იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით ხშირად. ტრაგედიისა და დაძაბულობის წუთებში მივაპყრობთ თვალებს ღმერთს და გულისწყრომა გვიპყრობს, რომ ის ასე მშვიდადაა.

 

სახარებისეული თხრობა ხაზს უსვამს ამას: - „ხოლო თავადსა ეძინა...“ - ეს ხომ უსაზღვროდ შეურაცხმყოფელია!.. ისინი იღუპებიან, მას კი სძინავს!.. ზუსტად ამასვე განვიცდით ხშირად ჩვენც ღვთისადმი: - როგორ ბედავს იგი, იმყოფებოდეს თავის ნეტარებაში, როგორ ბედავს, იმყოფებოდეს ასეთ სიმშვიდეში, როდესაც მე განსაცდელში ვარ?!. და მოწაფეები იქცევიან სწორედ ისე, როგორც ვიქცევით ჩვენ. იმის მაგიერ, რომ მიმართონ ღმერთს და თქვან: - „შენ თავად ხარ სიმშვიდე, შენ, უფალო!.. თქვი სიტყვა და მსახური ჩემი განიკურნება, თქვი სიტყვა და ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს“. ისინი უცერემონიოდ, ბიძგით აღვიძებენ და ეუბნებიან: „- ნუთუ არაფრად გიღირს, ჩვენ რომ ვიღუპებით“ - სხვაგვარად რომ ვთქვათ: „- თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გძინავს მაინც!.. რამე უკეთესს თუ ვერ იზამ, ჩვენთან ერთად დაიტანჯე და დაიღუპე მაინც...“ ქრისტე ეხმაურება ამას, იგი დგება და ამბობს: „-ჰოი, მცირედ მორწმუნენო!..“განეშორება მათ, მიუბრუნდება ქარიშხალს  და თითქოს მასში ჩაღვრის თავის შინაგან სიმშვიდეს, თავის ჰარმონიას და მშვიდობას და ეუბნება: - „დამშვიდდი, დაყუჩდი!..“ და ყოველივე მშვიდდება.

 

ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ და უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება, მაგრამ ეს ხომ სისტემატურ გონიერ ვარჯიშს მოითხოვს. ზუსტად ისევე, როგორც ვარჯიშობ მაშინ, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას სწავლობ. ისწავლე დროის ფლობა და რასაც არ უნდა აკეთებდე, როგორი დაძაბულიც არ უნდა იყო - ქარიშხლის თუ ტრაგედიის დროს, ან უბრალოდ - იმ ქაოსში, რომელშიც ჩვენ გამუდმებით ვცხოვრობთ, შეძლებ იყო მშვიდი, შეძლებ, მოცემულ წუთებში უძრავად იდგე უფლის პირისპირ ან მდუმარედ, ან - ესაუბრებოდე მას.

 

თუ სიტყვებს გამოვიყენებთ, შეგიძლიათ ღმერთის წინაშე მიიტანო ყველაფერი, რაც ირგვლივაა - მთელი გარსმოხვეული ქარიშხალი. თუ ჩუმად ხარ, შეგიძლია, ციკლონისა და ქარიშხლის იმ ცენტრში იდგე, სადაც სიმშვიდე მეფობს. საშუალება მიეცი ქარიშხალს, იბობოქროს შენს ირგლივ, ვიდრე შენ ღმერთთან ხარ - აბსოლუტური მდგრადობის ამ ერთადერთ წერტილში. თუმცა ეს აბსოლუტური მდგრადობის წერტილი ის წერტილი არ არის, სადაც არაფერი ხდება. ამ წერტილში შემხვედრი, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედი ძალები გაწონასწროებულია და ისინი ღმერთის ძლიერ ხელს უპყრია.

 

ჭეშმარიტი უშფოთველობა არის რაღაც - უსაზღვროდ ინტენსიური, ის ფლობს სისქეს, სიმჭიდროვეს, ის რეალურია, ის ნამდვილად ცოცხალია. მახსენდება ეპიზოდი მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან. ერთ ძმას სთხოვეს, ეთქვა სამოძღვრო სიტყვა იმ ეპისკოპოსის პატივსაცემად, რომელსაც სტუმრად ელოდნენ. ბერმა მიუგო: „- არა, მე არაფერს ვიტყვი. თუ მას არაფერს ეუბნება ჩემი მდუმარება, არც სიტყვები ეტყვის რაიმეს“. უნდა შევეცადოთ, ბევრი რამ შევიტყოთ ასეთი სახის მდუმარებისაგან და მისი სწავლა დავიწყო. ეს როგორ ხდება?! შევეცდები, იგავის საშუალებით ანდა ჩიტებზე დაკვირვებით გაჩვენოთ.

 

თუ გვსურს დავაკვირდეთ ტყეში ან მინდვრად როგორ იღვიძებენ და გამოცოცხლდებიან ჩიტები, პირველ რიგში, მათზე ადრე უნდა ავდგეთ; უნდა დავუდარაჯდეთ, ყურადღება გამოვაცოცხლოთ, სრულიად გავიფრთხოთ ძილი, ვიდრე პირველი ჩიტი გაიღვიძებდეს, კიდევ უფრო ადრე, ვიდრე ჩიტი შეიტყობდეს, რომ გათენდა. შემდეგ ტყეში ან მინდვრად უნდა წავიდეთ და იქ სრულიად შეუმჩნევლად მოვთავსდეთ. ამასთან - დაძაბულობის გარეშე, რომ არანაირმა ჩქამმა არ გამოაღვიძოს ირგვლივ ფხიზლად მძინარე არსებები. სხვაგვარად ისინი გაიქცევიან, ან ისეთ ადგილზე გადაფრინდებიან, სადაც მათ დანახვასა და მოსმენას ვერ შევძლებთ. ჩიტებზე დაკვირვება მოითხოვს, ერთი მხრივ, უძრაობას, სიჩუმესა და სიმშვიდეს და ამასთან, უსაზღვრო სიფხიზლეს, იმიტომ, რომ თუ მინდვრად ზიხარ და დაუსრულებელ ძილს აგრძელებ, ყველა ჩიტი მანამდე გაფრინდება, ვიდრე იმას მიხვდები, რომ მზემ უკვე ზურგი აგიწვა.

 

აუცილებელია ეს ინტენსიური სიფხიზლე სრულ უმოძრაობას შეუთანხმო და არც დაძაბულობას განიცდიდე. სწორედ ესაა ჭვრეტით მომზადება ჭვრეტითი უშფოთველობისათვის. ძალიან ძნელია ასეთ დროს დაიცვა წონასწორობა დაკვირვებულობასა და უძრავ სიმშვიდეს შორის. რადგანაც პირველი ნებას გვაძლევს, ყველაფერს, რასაც შევხვდებით, სრულიად გახსნილი, ყოველგვარი აკვიატებულობისაგან თავისუფალი, მიუდგომელი გონებით გამოვეხმაუროთ. მეორე კი გვაიძულებს, შევინარჩუნოთ უძრავი სიმშვიდე, ისე რომ, იმ ყველაფერზე, რაც დაკვირვების საგანს წარმოადგენს, ჩვენი იქ ყოფნის ამსახველი პროექცია არ მოხდეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერს დაღუპავს.

 

ოცდახუთი წლის წინ, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც მღვდელი გავხდი, მსახურებისათვის მოხუცებულთა სახლში გამგზავნეს. იქ ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც შემდეგ ას ორი წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი მსახურების ბოლოს იგი მომიახლოვდა და მითხრა: „- მამაო ანტონი, მინდა გთხოვოთ, რომ ლოცვასთან დაკავშირებით მომცეთ რჩევა“. მე შევთავაზე „- მაშინ, აი, ამა და ამ მოძღვარს მიმართეთ“. მან კი მომიგო „- მთელი ამ წლების განმავლობაში სულ ვეკითხებოდი იმ ადამიანებს, ვისაც, ითვლება, რომ ლოცვის შესახებ აქვთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი რჩევა არავისგან მიმიღია. და ვიფიქრე, რომ თქვენ, ვინც ალბათ ჯერ არაფერი იცით, შესაძლოა, შემთხვევით რაღაც გამოსადეგი მითხრათ“. ეს ძალიან უიმედო დასაწყისი იყო! მაშინ ვკითხე: „- რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?“ მან მომიგო: „- აი, უკვე თორმეტი წელია, გამუდმებით ვიმეორებ იესოს ლოცვას და ღვთის მყოფობა არასოდეს განმიცდია“. და მე მაშინ, ნამდვილად სრული უბრალოებით ვუპასუხე ის, რაც გავიფიქრე: „- თუ თქვენ გამუდმებით იმეორებთ, ღმერთმა სიტყვის ჩართვა როდისღა მოასწროს?!“ „- აბა, როგორ მოვიქცე?“ - კვლავ მკითხა მან და მე მივუგე: „- დილით, საუზმის შემდეგ მიბრძანდით თქვენს ოთახში, დაალაგეთ ის, სავარძელი მოხერხებულად დადგით, ისე რომ, მის ზურგს უკან დარჩეს ყველა ბნელი კუთხე, რომელიც ყოველთვის არის ხანშიშესული ქალის ოთახში და სადაც უცხო თვალისაგან მიმალული საგნებია მიყრილი. აანთეთ კანდელი ხატის წინ და შემდეგ ოთახში მიმოიხედეთ. ურბალოდ იჯექით, ირგვლივ იყურეთ და შეეცადეთ, დაინახოთ, სად ცხოვრობთ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში გამუდმებით ლოცულობთ, დიდი ხანია, თქვენს ოთახს ვეღარ ამჩნევთ. შემდეგ აიღეთ საქსოვი და თხუთმეტი წუთის განმავლობაში ქსოვეთ ღვთის წინაშე, მაგრამ ლოცვის თუნდაც ერთი სიტყვის წარმოთქმასაც კი გიკრძალავთ და შეეცადეთ, დატკბეთ თქვენი ოთახის სიჩუმით“.

 

მან იფიქრა, რომ ეს დიდად ღვთისმოსაური რჩევა არ იყო, მაგრამ გადაწყვიტა - ეცადა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა ჩემთან და მეუბნება: „- იცით, გამომდის!“ მე ვკითხე: „- რა გამოგდით?“ - იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებდა, როგორ იმუშავა ჩემმა რჩევამ. იგი ამბობს: „- გავაკეთე ისე, როგორც მითხარით: ავდექი, დავიბანე, დავალაგე ოთახი, ვისაუზმე, დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ ირგვლივ არაფერია ისეთი, რაც ამაღელვებს, შემდეგ სავარძელში მოვეწყე და ვიფიქრე - ოჰ, რა საოცარია! ჩემს წინაშე მთელი 15 წუთია, როდესაც არაფერი არ უნდა გავაკეთო და ამის გამო თავს დამნაშავედ არ გვრძნობ! - შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე და პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, აღმოვაჩინე, რა მყუდრო ოთახი მქონია. სარკმელი ბაღში იყურება, ოთახი მოსახერხებელია, საკმაოდ ფართოა ჩემთვის და იმ ნივთებისთვის, წლების მანძილზე რომ დამიგროვდა... და მე ისეთ სიმშვიდეს განვიცდიდი, იმიტომ, რომ ოთახი ასე წყნარი იყო. საათი წიკწიკებდა, მაგრამ მისი ხმა არაფერს უშლიდა, მხოლოდ ხაზს უსვამდა სიწყნარეს. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა, რომ ღვთის პირისპირ უნდა მექსოვა, საქსოვი ავიღე და სულ უფრო და უფრო მეტად შევიგრძნობდი სიწყნარეს. ჩხირები სავარძლის სახელურებთან შეხებაზე ჩხაკუნობდა, საათი მშვიდობიანად წიკწიკებდა, არაფერი ასაღელვებელი და დამძაბველი არ იყო. და მე თანდათანობით მივხვდი, რომ ეს სიჩუმე უბრალოდ ხმაურის არარსებობა კი არ არის, არამედ (როგორც მან თქვა) მას „სიმკვრივე აქვს“. ანუ ის სიჩუმეს ჰქონდა სიმკვრივე, შემცველობა და მან თანდათან ჩემში ჩაღვრა დაიწყო, გარსშემორტყმული სიჩუმე ჩაედინებოდა ჩემში და იქ არსებულ სიჩუმეს უერთდებოდა“. და ბოლოს მან თქვა რაღაც - ძალიან ლამაზი, რასაც მოგვიანებით ფრანგ მწერალ ჟორჟ ბერნანოსისთან შევხვდი: „უცებ მე ვიგრძენი, რომ ეს სიჩუმე არის ვიღაცის მყოფობა; და ამ სიჩუმის გულისგული არის იგი, ვინც თავადაა სიჩუმე, თავადაა მშვიდობა, თავადაა ჰარმონია“.

 

ამის შემდეგ მან კიდევ ათიოდე წელი იცხოვრა და ამბობდა, რომ ყოველთვის შეუძლია, იპოვოს სიჩუმე, როდესაც თვითონაა ჩუმი და მშვიდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ლოცვა მიატოვა, არამედ იმას, რომ მან შეძლო, გარკვეული ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა ეს ჭვრეტითი უშფოთველობა. შემდეგ მას უკვე გონება ეფანტებოდა და ისევ სიტყვიერ ლოცვას მიმართავდა, ვიდრე გონება კვლავ სიმშვიდესა და მდგრადობას მოიპოვებდა და მაშინ იგი კვლავ ჩვეულ უშფოთველობას უბრუნდებოდა. ძალიან ხშირად შეიძლება, ეს ჩვენც გამოვცადოთ, თუ იმის მაგიერ, რომ ვიფაციფუცოთ და რაღაც „ვაკეთოთ“, შევძლებთ, უბრალოდ ვთქვათ: „აქ - ჩემთან ღმერთი იმყოფება. რა სიხარული! მოდი, გავჩუმდები...“

 

ერთი ფრანგი კათოლიკე მღვდლის ცხოვრებაში არის ასეთი მონათხრობი: მოხუცი გლეხი უძრავად ზის ეკლესიაში მთელი საათების განმავლობაში. მღვდელი ეკითხება: „- რას აკეთებ ამდენ ხანს?“ და იგი პასუხობს: „- მე ვუცქერ მას, ის კი - მე... და ისე კარგად ვართ ერთად!..“

 

ამას შეიძლება მიაღწიო, მაგრამ რაღაც დონეზე სიჩუმე უნდა შეგეძლოს. დაიწყე სიტყვიერი მდუმარებიდან, ემოციების დამშვიდებიდან, უშფოთველი აზრებიდან და ხორციელი სიმყუდროვიდან. მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ძალა შეგვწევს, დავიწყოთ უმაღლესი წერტილიდან - გონებისა და გულის უშფოთველობიდან.

 

ენის გაჩუმებით უნდა დაიწყოთ, სხეულის უშფოთველობიდან - უნდა ისწავლოთ, რომ იყოთ უძრავად, დაუძაბავად, ოცნებასა და უძლურებაში არ ჩავარდეთ, არამედ ერთი წმიდანის სიტყვით რომ ვთქვათ, გამუდმებით ვიოლინოს სიმებივით იყოთ, ისე აწყობილი, რომ სწორი ხმა გამოსცეთ: არც იმდენად დაჭიმული, რომ უეცრად გაწყდეთ და არც ისეთი მოშვებული, რომ მხოლოდ ზუზუნს გამოსცემდეთ.

 

და როდესაც ამით დაიწყებთ, თქვენ უნდა უსმენდეთ სიჩუმეს, სრულ სიმშვიდეში იმყოფებოდეთ; და შეიძლება, ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდეს გამოცხადების წიგნის სიტყვები: „აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ“...

 

შემდეგ თავში ჩვენ განვიხილავთ ლოცვის პირობების საფუძვლებს, ანუ იმას, თუ როგორ შეგვიძლია ღმერთს სახელით მივმართოთ და (როგორ შევძლოთ) ვსაუბრობდეთ მასთან.

 

 

„რაჲ არს სახელი შენი?!“

 

ამ თავში საუბარი მსურს იმ მომენტებზე, როდესაც ჩვენ იმგვარად ვართ განწყობილი, რომ ლოცვა ნამდვილად შესაძლებელი ხდება და იგი ცოცხლდება. იქიდან, რაც უკვე ვთქვი და წინაპირობების ფონის მიხედვით აშკარაა, რომ ლოცვა არის დამოკიდებულება, შეხვედრა, საშუალება და გზა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისათვის. რაღაც მომენტში ეს ურთიერთობა გაცოცხლდება. და რამდენადაც ეს ურთიერთმიმართების საკითხია, მინდა ვთქვა რაღაც, რაც ერთნაირად ეხება როგორც ლოცვას, ისე - ადამიანურ ურთიერთობებს.

 

დამოკიდებულება ცოცხალი და პირადი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ბრბოსთან გარკვეული აზრით ერთადერთი გახდება, როდესაც ის უკვე აღარ იქნება უსახო ანონიმი. ვიღაცამ ასეთი ტერმინი იხმარა „ანონიმური საზოგადოება“, როდესაც სახელისა და გვარის, თვისებებისა და პიროვნულობის გარეშე განგვსაზღვრავენ კრებითი ტერმინებით, როგორიცაა, მაგ. „გადასახადის ამკრეფები“. ადამიანთა შორის ურთიერთობისას ძალიან ხშირად ანონიმურობის ელემენტი არსებობს: „ისინი“. ჩვენ მესამე პირში ვსაუბრობთ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ერთ ადამიანს მეორის შეცვლა სულ ადვილად შეუძლია. იმიტომ, რომ ურთიერთობები ფუნქციალურად იგება. და არა - პირადად. და მოცემული ფუნქცია, შესაძლოა, რაღაც სხვა ფუნქციამ შეცვალოს; მაშინ, როდესაც მოცემული პიროვნების სხვა პიროვნებით შეცვლა შეუძლებელია. ენების შესახებ - ინგლისურის გარდა - ვიტყოდი, რომ ურთიერთობა რეალური ხდება, როდესაც ადამიანზე ფიქრს იწყებ „შენ“ კატეგორიით, იმის მაგიერ, რომ მასზე „თქვენ“ კატეგორიით იფიქრო. ეს ენის ცვლილებას არ მოითხოვს, ეს შინაგანი ცვლილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შესანიშნავად იცით, რომ შესაძლოა ვიღაცასთან იყოს ურთიერთობა: „მე და შენ“, ან „მე და ის“.

 

ამგვარად ლოცვა ცოცხლდება, როდესაც იმის მაგიერ, რომ იფიქრო ღმერთზე, როგორც რაღაც შორეულზე - „მასზე“, „ყოვლადძლიერზე“ და ა.შ. იწყებ ფიქრს მასზე, როგორც „შენზე“, როდესაც მესამე პირთან ურთიერთობა პირველ და მეორე პირზე გადადის. აიღეთ, მაგალითად, იობის წიგნი, სადაც სახეზეა კონფლიქტი. აიღეთ წმიდა წერილიდან და წმიდანების თუ ცოდვილების ცხოვრებიდან უამრავი მაგალითები, სადაც დაძაბულობა და ვნებანი, დაპირისპირებებია აღწერილი; ეს ყოველთვის პირადი გამოვლინებებია. ლოცვა არარსებულია მანამ, ვიდრე ურთიერთობა დაძაბულია, თავშეკავებულია, ცივია, ვიდრე ჩვენსა და ღმერთს შორის ცერემონიულობა არსებობს, ვიდრე ჩვენ არ შეგვიძლია მასთან ლაპარაკი, როდესაც ჩვენ სიტყვებისა და ქმედებების გრძელი და ბნელი რიგი გვჭირდება. მაგრამ არსებობს წამი, როდესაც ყოველივე ამას დავუძვრებით და პირველ და მეორე პირში ვლაპარაკობთ. ჩვენ ვამბობთ: - „მე“ და ველით, რომ ღმერთი არის „შენ“. არა - მრავლობითი, ზრდილობიანი „თქვენ“, არამედ ერთადერთი და განუმეორებელი - „შენ“.

 

არის კიდევ ერთი თბილ, ადამიანურ ურთიერთობებში: ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვჩხრეკთ და ვეძებთ, თუ რა ვუწოდოთ ადამიანს. მე არ ვლაპარაკობ გვარზე, რომელიც განსაკუთრებულს არაფერს შეიცავს, არამედ იმ მომენტს, როდესაც იმის განჭვრეტას ვიწყებთ, თუ რა კავშირშია ადამიანი და მისი სახელი; თქვენ, ალაბთ, იცით, რამდენიმე, უარყოფითი ან დადებითი აზრის მქონე მეტსახელი. მეტსახელმა შესაძლოა, დათრგუნოს, ცხოვრებიდან ამოგშალოს, დაანგრიოს ყველაფერი, რაც შეიძლება, ორ ადამიანს შორის არსებობდეს. მაგრამ ის შეიძლება იყოს სახელი, რომელსაც იყენებს ორი, ან სულ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იმდენად მჭიდროდ და ღრმად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ ეს მეტსახელი მათთვის აზრითაა სავსე, რამდენადაც ის უსაზღვროდ პირადულია. რაღაც აზრით, რამდენადაც ის აბსურდულია, იმდენად პირადულია, იმიტომ, რომ ვერავინ, შენს გარდა, მას ვერ მოიფიქრებდა.

 

არსებობს გვარებიც. გვარი ხშირად გამაუცხოებლად გვეჩვენება, ის თითქოს რაღაცნაირად განსაზღვრულია - „კაცობრიობის“ მსგავსად: იმდენად ბევრი ატარებს ერთ გვარს. მაგრამ, ამასთან, თუ გვარს უფრო ყურადღებით და ადამიანური ურთიერთობიდან გამომდინარე შევხედავთ, შეიძლება მივხვდეთ, რომ გვარი არის ერთობის ნიშანი - თაობიდან თაობამდე - ისტორიის სიღრმეში, ჩვენი სისხლის ადამიანებთან, ვისი ცხოვრებაც ჩვენს ძვლებშია, ჩვენს მემკვიდრეობაში, ჩვენს ფსიქიკაში. ისინი ატარებდნე ამავე გვარს, და ის გვაკავშირებს ჩვენ, გადადის შორეულ წარსულში - მთელ თაობებზეა და სავარაუდოა, რომ მოამავალთანაც დაგვაკავშირებს - ახალ თაობებთან, ხოლო სხვადასხვაგვარი საქორწინო კავშირები ქმნიან ადამიანთა ფართო ქსოვილს. თუ, იმის მაგიერ, რომ გვარზე ვფიქრობდეთ, ვიფიქრებთ მემკვიდრეობითობაზე, გენეალოგიაზე - განა ეს ის არ იქნება, რაც ქრისტეს გენეალოგიასთან დაკავშირებით არის სახარებაში?! განა სწორედ ეს არ მიგვანიშნებს მის გვარტომობას: თაობიდან თაობამდე ერთმანეთთან დაკავშირებულ კონკრეტულ, რეალურ ადამიანებს?! ასე რომ, შეიძლება, გვარს უდიდესი ყურადღებით მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ ის მთელს ჩვენს წარსულს ერთ სიტყვაში ათავსებს; და თუ სხვა ადამიანებზეც ამავე კატეგორიებით იფიქრებთ, მაშინ თვით გვარიც შეიძლება, გაცოცხლდეს. მეტსახელისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის განსაკუთრებულობას ან ჩვენი მისდამი დამოკიდებულების განსაკუთრებულობას ასახავს, გვარი - ამ განუმეორებელი ადამიანის საშუალებით - მთელ სამყაროსთან გვაკავშირებს.

 

არსებობს სახელიც, რომელიც ნათლობისას გვეძლევა: ამ სახელით ღმერთი იძენს ადამიანს. ნათლობის სახელი ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, იმიტომ, რომ მისი მიღებისას ადამიანი ქრისტესთან ერთად კვდება და აღდგება მასთან; მაგრამ ეს სახელიც უამრავ სხვა ადამიანთანაც გვაკავშირებს, იმათთან, ვინც ამ სახელს ატარებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვინც ეს წარმართული სახელი ქრისტიანულად აქცია: პირველ წმიდანთან, რომელმაც ეს სახელი ეკლესიაში შემოიტანა.

 

არსებობს კიდევ ერთი სახელი, რომელიც ჩვენ არ ვიცით. გაიხსენეთ ნაწყვეტი გამოცხადების წიგნიდან, სადაც წერია, რომ მომავალ სამეფოში თითოეული მიიღებს თეთრ ქვას და რომ ამ ქვაზე მისი სახელია დაწერილი და ეს სახელი ცნობილია მხოლოდ ღმერთისთვის და მისთვის, ვინც მას იღებს. ეს მეტსახელი არ არის, არც - გვარი, არც - სახელი, რომელიც ნათლობისას მიენიჭა, არამედ სახელი, რომელიც ჩვენ სრულად აგვსახავს, ჩვენი იდენტურია, ის არის - ჩვენ... თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ეს ის სიტყვაა, რომელიც წარმოთქვა ღმერთმა, როდესაც ჩვენი ყოფიერებაში მოსვლა ინება. ის არის ჩვენ და ჩვენ ვართ ის. ეს სახელი ღმერთთან ჩვენს აბსოლუტურ განუმეორებელ მიმართებას განსაზღვრავს. არავის შეუძლია ამ სახელის ცოდნა, ისევე როგორც, საბოლოო ჯამში, არავის შეუძლია, გვიცნობდეს ისე, როგორც ღმერთი გვიცნობს. და ამასთან, ამ სახელიდან მოედინება ყოველივე დანარჩენი, რაც შეიძლება ჩვენს შესახებ იყოს შეცნობილი.

 

შეიძლება, გაიკვირვოთ ჩემი ასეთი ყურადღება სახელების მიმართ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენი ლოცვა ნაწილობრივ უშუალოდ ღმერთს მიემართება და მასთან ჩვენ პირად კავშირს შეადგენს, მაგრამ ნაწილობრივ ლოცვა - ესაა ჩვენი კავშირი მთელს გარესამყაროსთან; და როდესაც ვლოცულობთ ერთმანეთისთვის, ვლოცულობთ მთელი სამყაროსთვის, ჩვენ ღვთის წინაშე მიგვაქვს სახელები და სხვა არაფერი, მაგრამ ეს სახელები ან აზრითაა სავსე, ან სრულიად ცარიელია - ვითარებისდამიხედვით, იმის მიხედვით, შეგვიძლია თუ არა ჩვენივე ნათქვამის სიღრმე გავაცნობიეროთ. თუ ღმერთის წინაშე ვასახელებთ ადამიანებს, ისე რომ სახელებს არ ვაცნობიერებთ, წარმოვქვამთ მათ, როგორც იარლიყს - ყოველგვარ სიღრმეს მოკლებულს, მაშინ ჩვენი ურთიერთობები ძვირი არ ღირს; მაგრამ თუ სახელის წარმოთქმაში არის იმ შემცველობის რაღაც ნაწილი, რომლის მოკლედ გადმოცემასაც მე ვცდილობდი, მაშინ ლოცვა არა მარტო მიიტანს ადამიანს ღმერთამდე, თითქოსდა - ხელისგულზე დადებულს, არამედ ჩვენს გვაკავშირებს მასთან სიღრმით - არა თანაგრძნობისა და სიყვარულის, არამედ იგივეობრიობის, ერთიანობის, სოლიდარობის სულ სხვა სიმაღლით.

 

ეს სამართლიანია სხვა მიმართულებითაც. თუ ღმერთისთვის ზუსტი სახელის მოძებმა არ შეგვიძლია, მაშინ მასთან თავისუფალი, რეალური, სასიხარულო, გახსნილი მისვლა შეუძლებელია. ვიდრემდე ჩვენ მოგვიხდება, რომ ღმერთს ფორმალური სახელებით მივმართოთ, როგორიცაა, მაგალითად, „ყოვლადმაღალი“, „უფალი ღმერთი“, რითაც თითქოს მხოლოდ მის კატეგორიებს აღვნიშნავთ, ისე რომ, ამ მიმართვას ანონიმურ, კრებით ტერმინად ვაქცევთ, მაშინ ვერ შევძლებთ, რომ სიტყვა საკუთარი სახელივით გამოვიყენოთ.

 

მაგრამ რაღაც მომენტში სულიერ მწერლებს შეიძლება, წამოსცდეთ მიმართვა, რაღაც მეტსახელის მსგავსი, სიტყვა, რომელსაც სხვა ვერავინ, ვერანაირ მიმართებაში ვერ წარმოსთქვამდა. სიტყვა, რომელცი შესაძლებელისა და შეუძლებელის ზღვარზე იმყოფება. და რომლის წარმოთქმაც მხოლოდ იმიტომ შეიძლება, რომ რეალური ურთიერთობა არსებობს.

 

გაიხსენეთ ფსალმუნი, სადაც დავითი მიმართვის უაღრესად თავშეკავებულ ფორმებს მოაყოლებს - „სიხარულო ჩემო!..“ ამ წამში მთელი ფსალმუნი ცოცხლდება. როდესაც ვამბობთ: „შენ ხარ უფალი ჩვენი!“ „ჰოი, ყოვლისმპყრობელო!“ და ა.შ. თითქოს ღმერთს მის შესახებ ფაქტებს ვთავაზობთ; მაგრამ როდესაც აღმოგვხდება „სიხარულო ჩემო!..“ - ეს სულ სხვა საქმეა. და როდესაც შეგიძლია ღმერთს უთხრა: „სიხარულო!“ ან უთხრა: - „ჰოი, ჩემი ცხოვრების ტკივილო... ჰოი შენ, რომელიც ჩემი ცხოვრების გულისგულში ტკივილის წყაროსავით ხარ, როგორც პრობლემა, როგორც ქვა შებრკოლებისა“... როდეაც შეგიძლია მიმართო ცხარედ, გრძნობით - მაშინ ლოცვითი ურთიერთობა შემდგარია.

 

ამიტომ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ და დავრწმუნდეთ, არის თუ არა ჩვენს გამოცდილებაში ისეთი მიმართვა, რომელსაც ღმერთს მივუსადაგებთ. ამასთან, მიმართვები შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს. გარკვეულ პერიოდში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის რომელიმე ასპექტს მეტად ვეხმაურებით; ხოლო მეორე პერიოდში - სხვა ასპექტს; ისევე როგორც ადამიანური ურთიერთობებისას - მეგობრობის თუ სიყვარულის დროს მიმართვის მხოლოდ ერთ ფორმას არ ვიყენებთ - შუქ-ჩრდილებისა და ნიუანსების დიდი მრავალფეროვნება არსებობს. არის მიმართვა - „ყოვლისმპყრობელო...“ არის მიმართვა - „შემოქმედო...“ არის - „სიბრძნეო...“ მაგრამ არის ასევე ძალიან უბრალო სახელი იესო, რომელსაც მე „ქრისტიანულ“ სახელს ვუწოდებდი.

 

შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, რომ ქრისტეს „ქრისტიანული სახელი“ აქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, მიხვდებით, თუ რა მაქვს მხედველობაში. ეს მახსენებს ერთი ქალბატონის ამბავს - ჩემი მრევლიდან. იგი -  ქრისტიანი არაქრისტიანზე იყო გათხოვილი. ქმარი ორმოცი წლის განმავლობაში ცდილობდა, მისთვის ქრისტიანობის არარაობა დაემტკიცებინა და ერთხელ სასოწარკვეთილმა ქალმა მას უთხრა: - „როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი, როცა თვით ღმერთი თავდაპირველად იუდეველი იყო და შემდეგ გახდა ქრისტიანი?!“ და აი, როდესაც ვამბობ, რომ იესო „ქრისტიანული სახელია“, ეს მეტად პრიმიტიული სვლა მახსენდება. და თუ ჩვენ მუდამ გვემახსოვრება ეს, თუ მივხვდებით, თუ როგორ გვაახლოებს ეს სახელი ქრისტესთან, მაშინ გავიგებთ, თუ რატომ იყო ასე ძვირფასი ეს სახელი ქრისტიანთა თაობებისათვის. ალბათ არა იმიტომ, რომ, როგორც პავლე მოციქულლი ამბობს: - „სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც ასეა, სახელს ეს არ აქცევს ესოდენ თბილად და საყვარელად. პავლეს სიტყვები მიემართება უფრო მეტად „ყოვლისმპყრობელსა“ და „უფალს“, მაგრამ სახელი იესო ცოცხალი, რეალური, პირადი სახელია.

 

შენ შეგიძლია, უამრავი სხვა სახელი იპოვო. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე აღმოგხდება: - „ჰოი, სიხარულო!“ ან ნებისმიერი მსგავსი შეძახილი, ამ მომენტში ღმერთთან შენი პირადი ურთიერთობა იპოვე, იმ მიმართვისაგან განსხვავებით, რომელსაც უამრავი სხვა ადამიანის მსგავსად წარმოსთქვამ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ზოგადი, სხვა ადამიანებთან საერთო სახელით არ უნდა მიმართო ღმერთს. ღმერთისთვის გვაქვს სიტყვები, რომლებიც ყველას ერთად გვეკუთვნის, მაგრამ არსებობს სიტყვები, რომლებიც ან მარტო ჩემი კუთვნილებაა, ან - მარტო შენი. ისევე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში არსებობს გვარი, არსებობს ნათლობის სახელი და არსებობს მეტსახელი. და კარგი იქნება, თუ გაქვს ის სახელი, რომლითაც შეგიძლია, მიმართო ყოვლისმპყრობელ ღმერთს და მასში ჩადო მთელი შენი გულის სიღრმე და სითბო. ეს ნიშნავს: „ჩემს განუმეორებლობაში მე ასე ვიღებ შენს განუმეორებლობას“.

 

თუ ძიების პროცესში იქ, სადაც შენ დგახარ ღმერთთან მიმართებაში იმდენად გაუცხოებული და შორეული ხარ მისგან დადგება დრო იმისა, რომ კარზე დარეკო, მაშინ სულ უფრო და უფრო ღრმად შედი, ლოცვა საკუთარი თავსიკენ მიმართე, იმ წერტილისკენ, რომელ წერტილშიც კარი სადაც რეკენ შეიძლება გაიღოს. და მართლაც, დადგება წუთი, როდესაც ის გაიღება და ამ დროს შენ აუცილებლად უნდა გქონდეს სახელი, შენ უნდა შეგეძლოს თქვა სიტყვა, რომელიც დაამოწმებს, რომ მას სწორედ შენ ეძებდი, არა - ვიღაც ურთიერთშემცვლელი ადამიანური არსება, რომელიც ანონიმურ ღმერთს ეძებს, არამედ შენ...

 

ძებნის პროცესში ტკივილს განიცდი, განიცდი წუხილს, იმედს, მოლოდინს, ადამიანურ იმედგაცრუებასაც, ის იქნება იგი, ვინც გენატრება და ისიც, ვინც გძულს, იმიტომ, რომ იგი ხელიდან გისხლტება. იქნებ ის, ვინც ქვეყანაზე ყველაზე მეტად გიყვარს, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია და ისიც, ვისაც ვერ აპატიებ, რომ არ გეხმაურება... და კიდევ ბევრი რამ. და ამ ძიების განმავლობაში იშობა სიტყვები, რომლითაც შეგიძლია მიმართო ღმერთს შენი - საკუთარი გამოცდილებიდან, სიტყვები, რომლებიც პირადად შენ გეკუთვნის. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბევრი მათგანი ემთხვევა იმ სიტყვებს, რომლებსაც სხვა ადამიანები იყენებენ, მაგრამ ისინი მაინც დაკარგავენ ანონიმურობას, ეს ის სიტყვები იქნება, რომელთაც სხვა ადამიანებთან იყოფ, მაგრამ ამავდროულად ნამდვილად შენი სიტყვებიცაა. მაგრამ ნუ გამოიყენებ სიტყვებს საერთო ლექსიკონიდან, სიტყვებს, რომლებიც შენი არ არის. როდესაც კარზე ჯაჭვის ჩხაკუნი შემოგესმება, როდესაც იგრძნობ, რომ კარი იღება, მზად გქონდეს შენი საკუთარი სიტყვები. იმ სახელით მოუხმე ღმერთს, რომელიც მან მოიპოვა, მონახა პირადად შენს ცხოვრებაში. სწორედ ამ მომენტში ხდება თქვენი შეხვედრა. ჩაუღრმავდი იმ ურთიერთობებს, რომლებიც შემდეგ გექნება, შენ დიდი დრო დაგრჩება იმისთვის, რომ იპოვო სხვა სიტყვები, რომლითაც სიძულვილისა და შიშის სიტყვებს გადაფარავ. და როგორც გამოცხადების წიგნში ნახსენები მოწამეები, შენ იტყვი: - „მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი“ (15,3) და მაშინ ეს სიტყვები შეარყევენ სიმწარის სიტყვებს, ყოველგვარ მიმართვას, სასტიკად რომ ჟღერდა; არამედ დარჩება ყველა ის სიტყვა და სახელი, რომელიც პირადია, შენ გეკუთვნის და რომლებიც მიემართებიან ცოცხალ ღმერთს.

 

ყველაფერი, რაც იმაზე ვთქვი, თუ როგორ ისწავლება ლოცვა, საკმაოდ პრაქტიკული მეჩვენება, ასე რომ, შეგიძლიათ სინჯოთ. სრულიად აშკარაა, რომ არის მრავალი რამ, რაც შეიძლება ამავე საკითხზე ითქვას და მრავალი რამ, რისი თქმაც სხვა საკითხებზე შეიძლება. მაგრამ შეეცადეთ, რომ იმ მიმართულებით წახვიდეთ, რომელიც მე შემოგთავაზეთ და ნახავთ, რომ ეს დროის ამაო ფლანგვა არ არის. ეძებე სახელი, მაგრამ თუ სახელს ვერ იპოვი, ნუღარ გაგაკვირვებს, რომ შენი არავის ესმის: ეს იმიტომ, რომ შენ არ ეძახი.

 

 

 

ტექსტი მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრში

 თინათინ გოგოჩაშვილის მიერ

 წიგნიდან „შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან “, თბილისი, 2004 წ

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი / ისწავლეთ ლოცვა!..