მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ქრისტეს შობა

 

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

 

ყოველწლიურად ვზეიმობთ ბრწყინვალე და ყოვლად სასიხარულო დღესასწაულს - ქრისტეს შობას და ყოველ წელს ახალი ძალით განვიცდით მის არსს, რადგანაც ყოველ წელს ის ახალი შინაარსით მდიდრდება და ახალი სიხარულით გვავსებს.

 

წმინდა წერილი გვეუბნება - ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე წარმოგზავნა მის გადასარჩენად. კაცობრიობის გამოცდილების მთელი ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ სიყვარული თავის სისრულეს მაშინ აღწევს, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე, საკუთარ სული დადოს სიყვარულისთვის. თავისი მხოლოდშობილი ძე რომ მიეცა დაცემული ადამიანების გადასარჩენად, ღმერთს ძალიან ძლიერად და ღრმად უნდა ვყვარებოდით! - და არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოშიც.

 

მახსენდება, ომის პერიოდში ერთმა სამხედრო ოფიცერმა როგორ გაგზავნა საკუთარი შვილი სასიკვდილოდ, რათა სხვა ჯარისკაცები გამოეხსნა. ვიღაცამ უთხრა მას: "როგორ შეგეძლო გაგეგზავნა იგი, და არა რომელიმე სხვა?" ამ ოფიცრის პასუხი ასეთი იყო: "მე ადამიანი სასიკვდილოდ გავგზავნე და იქ მხოლოდ ჩემი შვილი შემეძლო გამეშვა, სხვა დედისა და მამის შვილს ამას ვერ ვუბრძანებდი". ამ ადამიანმა მართლაც რეალურად გადაიტანა ის, რაც აღსრულდა ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის განხორციელებისას: ღმერთმა ისე შეგვიყვარა, რომ მხოლოდ მის ძეს შეეძლო თავისი სიკვდილით და თავისი ცხოვრებით გამოვეხსენით - სხვისი წარმოგზავნა არ ეგებოდა.

 

მაშ, რის შესახებ მეტყველებს ეს სიყვარული? იმაზე, რომ ღმერთს სჯერა ადამიანის. დიახ, ჩვენ გვწამს ღმერთი, მაგრამ ამას მთელი ცხოვრების მანძილზეც ვერ ვახერხებთ, ღმერთს კი ადამიანის სჯერა მთელი ცხოვრება და მთელი ტრაგიკული, მოწამეობრივი სიკვდილით თავისი მხოლოდშობილი ძისა. და როგორ ვპასუხობთ ასეთ სიყვარულს? პასუხად შეგვიძლია, მხოლოდ ღრმად ჩავიბეჭდოთ გულში ამ ტრაგედიის სიმწვავე, მძაფრი განცდა იმისა, რომ ჩვენი ცოდვების გამო ძე ღვთისა, განსვენებული მამის წიაღში, უნდა განხორციელებულიყო და მომკვდარიყო - მომკვდარიყო საშინელი სიკვდილით, რის შესახებ ჩვენ ახლა, უკანასკნელი ათწლეულების ისტორიიდან შეგვიძლია ვიქონიოთ წარმოდგენა, იმიტომ, რომ - ო, ღმერთო! რამდენი მოწამე დაეცა მთელ დედამიწაზე ადამიანური ზიზღისა და გულგრილობის გამო. მოვეგოთ გონს და გავიგოთ, რომ ღვთის სიყვარული შეგვიძლია გამოვიწვიოთ მხოლოდ სინანულით, ანუ შევხედოთ ჩვენს თავს, შევიცნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ქრისტე მაცხოვრის განხორციელებისა და ჯვარცმისადმი და დავიწყოთ ცხოვრება, რომელიც იქნება ღირსი მისი ჯვარზე მსხვერპლადგაღებული სიყვარულისა. და ეს შესაძლებელია გამოიხატოს არა დიდებულ საქმეებში, არამედ ყოველდღიურშიც, ვინაიდან სახარებაში სიყვარულის შესახებ ნათქვამია: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავის მეგობრებისთვის" (იოანე XV.13), რასაც გამუდმებით უნდა მივმართავდეთ. "სიცოცხლის მიცემა" არ ნიშნავს "სიკვდილს", ეს ნიშნავს - მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ მეორე ადამიანისთვის შესაძლებელი გახდეს ან შემსუბუქდეს ცხოვრება, რათა ადამიანმა მიიღოს სიმტკიცე, სიმშვიდე, ნუგეში, რათა ადამიანი ფიზიკურად არ განადგურდეს ჩვენ თვალწინ, არ იშიმშილოს, არ გაიყინოს ყინვაში, არ იყოს უსახლკარო და მიუსაფარი. ეს არ ნიშნავს - მოკვდე სიკვდილით, ეს ნიშნავს - მოუკვდე შენს თავს, დაივიწყო საკუთარი, ფიქრობდე სხვებზე და შესაბამისად იქცეოდე.

 

ამგვარად ვუყვარვართ ჩვენ ღმერთს. განა ჩვენ არ შეგვიძლია ამგვარი სიყვარულის პასუხად ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და ღირსი გავხდეთ ამ სიყვარულისა? ღმერთს სჯერა ჩვენი. ღმერთი ჩვენგან ყოველთვის ელოდება, მას იმედი აქვს და მას ვუყვარვართ. ამისთვის - შევიქმნათ ღირსი ჩვენი მხსნელისა და საკუთარი თავისა, საღვთო სიყვარულისა და იმ ადამიანების სიყვარულისა, რომლებიც გარს გვარტყია. დაე, ეს ქრისტეშობა იყოს ჩვენთვის ახალი ძალით აღმავსებელი, რათა სიღრმისეულად შევიცნოთ ადამიანის დიდებულება, ვინაიდან უფალი, რომელიც ადამიანად მოვიდა, ჩვენ გვაჩვენებს, რომ ადამიანი ისე ღრმაა, ისეთი უკიდეგანო, ისეთი უძირო, რომ შეუძლია ღმერთს შეუერთდეს. აი, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ის (ღმერთი). ჩვენ უნდა გვახსოვდეს ადამიანის დიდებულება ყოველ ჩვენგანში - და არა თავად ჩვენგანში - და არა თავად ჩვენში, ვინაიდან ჩვენში ჩვენ ცოდვა უნდა დავინახოთ, მაგრამ გვახსოვდეს ამის შესახებაც, რომ როცა შევყურებთ ადამიანებს ჩვენს გარშემო, მათ, რომლებიც ჩვენთვის უსინდისონი, არასასურველნი, სულერთნი, ზოგჯერ საზიზღარნიც კი არიან, შევჩერდეთ და ვთქვათ: ეს ადამიანი მოწოდებულია იყოს ხატი, ცოცხალი ხატი ქრისტესი, ის - ტაძარია სულიწმინდისა, მისი ღმერთს სჯერა და იმდენად სჯერა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა სასიკვდილოდ, რათა გადაერჩინა ისინი. ამინ.

 

 

 

 თარგმნა ნინო გაგოშაშვილმა

 

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №42, 2008 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი / ქრისტეს შობა