იმავე მოვლენას ვხედავთ პავლე მოციქულთანაც. იგი ისეთ სიახლოვეს გრძნობდა მაცხოვართან, რომ ამბობდა: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2.20) და ამავე დროს გამოხატა ადამიანური ბუნების ტკივილი შემდეგი სიტყვებით: "და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუნავს მე სჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (რომ. 7. 23-24),

 

შევეცდებით, წარმოვაჩინოთ რა არის ცოდვის კანონი "სხუაჲ სჯული". ვფიქრობ, ნაშრომის თავი სახელწოდებით "ფსიქოპათოლოგია" ერთ-ერთი ძირითადია. შეძლებისდაგვარად ანალიტიკურად განვიხილავთ ზოგიერთ ვნებას, რომლებსაც უფალი, მოციქულები და წმინდა მამები გამოყოფენ. გვსურს გამოვკვეთოთ ის საშინელი რეალობა (ვნება ე.დ.) რაც გვტანჯავს და მას სამწუხაროდ ხშირად ვერ ვამჩნევთ.

 

 

1. რა არის ვნებები

 

სიტყვა ვნება (πάθος) მომდინარეობს სიტყვიდან πάσχω (ვიტანჯები). და ნიშნავს შინაგან სნეულებას. ფილოთეოს სინელის მიხედვით "ვნება სულში ხანგრძლივი სნეულებით ჩნდება625. ვნახავთ, რომ ცალკეული ცოდვა ვნებად იქცევა. ვნება ეწოდება ცოდვას, რომელიც ხშირად მეორდება და დიდხანს იმალება სულში. წმინდა მამები ვნებასა და ცოდვას ასე განასხვავებენ: ვნება სულში მოძრაობს, ხოლო ცოდვიანი ქმედება სხეულით ხილულად აღესრულება"626. ცოდვების შესახებ სწავლება არა ერთხელ არის აღნიშნული სახარებაში. რამდენიმე ასეთ ადგილს მოვიხმობთ და მოგვიანებითაც დავუბრუნდებით მათ. უფალი ფარისეველთა შეკითხვაზე: "რაჲსთჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?" (მარკ. 7.5). ყურადღებას ამახვილებს ადამიანის შინაგან მხარეზე: "შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშნი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა" (მარკ. 7, 21-23).

 

მთესველის იგავით უფალი საუბრობს იმ მარცვალზე, რომელიც დავარდა "ეკალთა შინა" და სწორედ ვნებები შთანთქავენ მარცვალს, ხელს უშლიან ნაყოფის გამოღებაში. "რომელი-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან" (ლუკ. 8. 14) პავლე მოციქული ადამიანის გულში დაბუდებულ ვნებებსაც იცნობს. ადამიანის ნათლობამდელ მდგომარეობაზე, ანუ ხორციელ ცხოვრებაზე ამბობს მოციქული: "ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი სჯულისა მისგან იქნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა" (რომ. 7.5) წარმართთა ცხოვრების შესახებ კი წერს: "ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა", (რომ. 1.26).

 

ამგვარად, ვნებები იჭრებიან სულში და მთელს ჩვენს არსებას საშინელ პრობლემებს უქმნიან. გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, ვისაც უყვარს უსამართლობა, იგი სიძულვილით ანგრევს და ანადგურებს ღვთის ხატს, ანუ თავის სულს და ემორჩილება იმავე ვნებას, რომლითაც შეშლილები არიან შეპყრობილნი და საკუთარ სხეულს იგლეჯენ. შეშლილი ინადგურებს სხეულს, ასევე უსამართლო (და ყველა ვნებიანი) "უგრძნობლად აზიანებს და გლეჯს თავის თანდაყოლილ მშვენიერებას"627. ვნება ამუქებს, ანადგურებს ღვთის ხატს, ღვთის მშვენიერებას.

 

ვნებებზე საუბრისას უნდა დავაზუსტოთ მათი რაობა. არსებობენ ძალები, რომლებიც ჩვენს სულში შემოდიან და საჭიროა მათი ამოძირკვა? თუ ვნება სულის ბუნებრივი ძალაა, ვნებით გარყვნილი და უფლისგან ჩვენი განდგომით გამოწვეული? ბიბლიური წიგნები და წმინდა მამათა ნაწერები მეორე ვარაუდს ემხრობიან: სწორედ ამიტომ საჭიროა, გამოვიკვლიოთ სული და მისი ნაწილები, რათა დავინახოთ, როგორ ირყვნება სულის ძალები.

 

გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ როგორც ღმერთია გონება, აზროვნება (λόγος) და სული, ასევე ადამიანის სულსაც აქვს გონება, აზროვნება (λόγος) და სამშვინველი. სული (წმინდა) სულისა არის "ჩვენს აზროვნებასთან ერთად გონების მისწრაფება არასრულყოფილებით სრულყოფილებისაკენ"628. ათონელი წმინდა მამის სიტყვებით სულის სამსახოვანი ბუნება შედგება გონების, აზროვნების (λόγος) და სულისგან. ცოდნის "სამება" გამოიხატება გონებითი აზროვნებით და გრძნობითი ასპექტებით. გონების სამი სახე არის გონება, ცოდნა და სიყვარული629.

 

ჩამოთვლილი კატეგორიების გარდა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი გრიგოლ პალამა იყენებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაში დამკვიდრებულ სულის დაყოფას. ადამიანის სული არის ერთიანი და ყოვლადძლიერი630. ის იყოფა სამ მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიან ნაწილებად631. ასეთივე დაყოფა გვხვდება მაქსიმე აღმსარებელთან. მისი სიტყვებით სულის სამი ძალაა აზროვნება, სურვილი და მრისხანება. სურვილი და მრისხანება შეადგენენ სულის ვნებიან ნაწილს, აზროვნება კი მოაზროვნეს (λογική)632. ამრიგად, როცა ვსაუბრობთ სულის ვნებიანი ნაწილის განკურნებაზე, ვგულისხმობთ მრისხანებას და სურვილს. ეკლესიის ორი დიდი მამის სწავლებას დავუმატებთ ამბა დოროთეს მოსაზრებას. იგი ეფუძნება გრიგოლ ღმრთისმეტყველის შრომებს და წერს, რომ სული სამ ნაწილიანია: "სურვილიანი, მრისხანე და მოაზროვნე (λογική)"633. ეს სამი ძალა უნდა იყოს უფლისკენ მიმართული. ასეთია მათი ბუნებრივი მდგომარეობა. წმინდა დოროთეს სიტყვების თანახმად, (სადაც იგი ეთანხმება ევაგრეს) "მოაზროვნე სული ბუნებრივად მოქმედებს, როცა სურვილიან ნაწილს სათნოება სურს, მრისხანე ნაწილი იღვწის ამისთვის და მოაზროვნე კი მომხდარ მოვლენებს უყურებს"634. წმინდა თალასე წერს, რომ "სულის მოაზროვნე ნაწილი ღმერთის შეცნობას უნდა სწავლობდეს. ვნებიანი ნაწილი (სურვილიანი და მრისხანე) კი სიყვარულს და თავშეკავებას635. ნიკოლოზ კაბასილასი ეთანხმება ზემოთ მოხმობილ მამათა ნააზრევს და ამბობს, რომ ადამიანის არსება შექმნილია ახალი ადამიანისთვის. ჩვენ მოგვეცა აზროვნება (λογική) ქრისტეს შესაცნობად, სურვილი - მისდამი მისწრაფებისთვის, მეხსიერება კი იმისთვის, რომ ქრისტე გვახსოვდეს", რადგან ქრისტეა ადამიანთა არქეტიპი636.

 

ზემოთ შევნიშნეთ, რომ ადამიანი ვნებებთან ერთად არ შექმნილა. ვნების მოქმედებით ადამიანი სული წმინდის მადლს მოკლებულია. ვნებას არა აქვს არც არსი და არც ჰიპოსტასი. იგი შუქის ჩრდილს ჰგავს. "სიამოვნების სიყვარულით სათნოებისგან განდგომილი სული ვნებებით ივსება და ცარიელდება"637. ასე რომ, შეიძლება ვთქვათ, ვნებები სულიერი ძალების წაბილწვაა. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი სამარცხვინო ვნებებით. იოანე სინელი ამბობს: "ვნება ბოროტი ბუნებით, ბუნებასა შინა ჩუენსა არა დაბადებულ არს, რამეთუ არათუ ვნებათა დამბადებელი არს ღმერთი, არამედ უფროსად სათნოებანი დაიბადნეს მის მიერ ჩვენ შორის"638. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სათნოებაა, ვნებები კი ბუნების საწინააღმდეგოა, ჩვენ სულის ენერგია ბუნებრივიდან არაბუნებრივ მდგომარეობაში გადავიყვანეთ. იოანე სინელის სიტყვებით ღმერთს "ბოროტი არცარა დაუბადებიეს, არცარა შეუქმნიეს". ჩვენ შევცვალეთ სათნოება ბოროტებად. იოანე სინელს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი ამ მდგომარეობის წარმოსაჩენად: "საქმენი იგი ბუნებისა შინა ჩვენისა კეთილად დაბადებულნი, და სარგებელად ბუნებისა, ჩვენ ვნებად შევცვალენით, ბუნებით გულის წყრომა ჩვენთანა არს, ეშმაკთა მიმართ, ხოლო ჩვენ ვიხმარებთ მას მოყვასის მიმართ. და არს კვალად ჩვენ თანა შური ბუნებითად, რათა კეთილისა ქმნად მოშურნე ვიყვნეთ, ხოლო ჩვენ ბოროტსა ზედა გვაქვს იგი. ბუნებით არს ჩვენ თანა გულისთქმა, არამედ სასუფევლისათვის, ხოლო ჩვენ შევცვალეთ იგი ცოდვისათვის. და გვაქვს სიმაღლეცა ბუნებით, არამედ ეშმაკთა ზედა, ხოლო ჩვენ მოვიღეთ იგი სადა არა ჯერ არს და მოგვეცა ბუნებით სიხარულიცა, არამედ უფლისათვის, და კეთილსა ზედა მოყვასისას, ხოლო ჩვენ ვყავთ იგი ბოროტსა ზედა"639.

 

აქედან გამომდინარე, წმინდა მამები ყოველთვის აღნიშნავენ ვნებების შესახებ შემდეგს: ჩვენში არსებული ვნებები, ცოდვით დაცემის შემდგომი მდგომარეობის გამოხატულება და ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოა. "ვნება გასაკიცხია, რადგან არაბუნებრივი მოძრაობაა სულისა"640. ამ არაბუნებრივ მოძრაობას წმინდა მაქსიმე "გრძნობადის მიმართ უაზრო სიყვარულს, ან უგნურ სიძულვილს უწოდებს641, მაქსიმე წერს აგრეთვე, რომ "ბოროტება არის ცოდვიანი მსჯელობა შემეცნებული საგნებზე, რასაც მოსდევს მათი არასწორი გამოყენება. წმინდა მამას მაგალითად მოჰყავს ქორწინება. "ქორწინების სწორი გააზრება არის ბავშვების დაბადება. ვინც მასში მხოლოდ სიამოვნებას ხედავს, ის სცოდავს გააზრებაში, არაკეთილს კეთილად მიიჩნევს და იყენებს მას არასწორად, ბოროტად", იგივე ეხება სხვა საკითხებსაც"642. დაცემული ადამიანის სულის მოაზროვნე ნაწილში ბატონობს სიამაყე, სურვილებში - ხორციელი შეცოდებები და მრისხანებაში - სიძულვილი, მრისხანების, ავის მახსოვრობის ვნებები.

 

მაქსიმე აღმსარებელი დაწვრილებით გამოხატავს ჩვენი სულის ბუნებრივ და არაბუნებრივ ცხოვრებას. სულის ბუნებრივი ძალებია აზროვნება, სურვილი და მრისხანება. ისინი ასე მოქმედებენ. აზროვნება მიემართება ღმერთს ცოდნით და ძიებით. სურვილი არის უფლისკენ სწრაფვა სიყვარულით, მრისხანება არის ღვაწლი ერთადერთი უფლისადმი მისაღწევად". ამრიგად, ბუნებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს სურს ამაღლდეს ღმერთამდე, ანუ უფალთან ჰქონდეს ურთიერთობა. ამგვარი ბუნებრივი მოქმედების შედეგი არის სიყვარული. ღმერთთან შეერთებით ადამიანი სიყვარულის ნეტარ მდგომარეობას აღწევს, რადგან ღმერთია სიყვარული. ამ საკითხს ეხება წმინდა წერილის სიტყვები: "და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მარკ. 12.30). როცა კი ადამიანი სულის სამ ძალას იყენებს არაბუნებრივად, მაშინ აზროვნება ხდება უგნურება, სურვილი თავმოყვარეობა და მრისხანება - ტირანია. ადამიანი მთელი არსებით ეშმაკს ემონება და მისი სულიერი მშვენიერება იკარგება643.

 

მაქსიმე აღმსარებელი სხვაგან წერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სულის ძალების არასწორი გამოყენება. მოაზროვნეთათვის ეს უგუნურებას და უცოდინარობას ნიშნავს, მრისხანე და სურვილით სავსე ადამიანი მოძულე და თავშეუკავებელია. და პირიქით, როდესაც სულის ძალები სწორად მოქმედებენ, მათ თან ახლავს ცოდნა, კეთილგონიერება, სიყვარული და სიბრძნე". ღვთის ქმნილებათა შორის ბოროტი არ არის644. თუკი ბუნებრივი ბოროტი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებას ჩვენი შესაძლებლობების არასწორი გამოყენებით წარმოვშობთ. წმინდა მაქსიმეს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: "საკვები არ არის ცუდი, ცუდი ნაყროვანებაა, ბავშვის ჩასახვა არ არის ცუდი, ცუდი მეძავეობაა, ფული კი არ არის ცუდი, ვერცხლისმოყვარეობაა ცუდი, არც დიდებაა ცუდი, ცუდია ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა645.

 

სულის ძალების არასწორი ქმედება ცოდვაა, სნეულება. ამბა დოროთეს სიტყვებით ცუდია "სულის სნეულება, როცა სულს თავისი ბუნებრივი სიჯანსაღე ანუ სათნოება დაკარგული აქვს"646.

 

ამგვარად, შეიძლება ვისაუბროთ სნეულ ადამიანზე, რომელსაც განკურნება სჭირდება. "სულის უწმინდურობა მისი არაბუნებრივი ქმედების შედეგია; აქედან იბადება გონებაში ვნებიანი აზრები". სულის ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა იმაში ვლინდება, რომ მისი ვნებიანი ძალები მრისხანება და სურვილი უვნებონი არიან"647. ადამიანის სული ერთიანი და მრავალძალიანია, ამიტომ, როცა მისი ერთ-ერთი ძალა დასნეულდება, მაშინვე სხვებსაც გადაედება ეს სნეულება648.

 

გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ "როგორც არსებათა შეცნობის უნარის ბოროტად გამოყენება წარმოშობს "უგუნურ სიბრძნეს", ასევე სულის ძალების არასწორი მოქმედება ვნებებს ბადებს649.

 

ის ფაქტი, რომ ვნებები სულის არაბუნებრივი ქმედების შედეგია და მოაზროვნე და ვნებიანი ნაწილები ღმერთისგან დამორჩილებულია და ქმნილი სამყაროსკენ არის მიმართული ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი ღვთის მადლის წყალობით და საკუთარი ღვაწლით იკურნება სულიერად, სულის ვნებები კი არ ქრებიან, არამედ ღმერთს მიემართებიან და აღწევენ ღვთიურ ცოდნას და მასთან (ღმერთთან) ურთიერთობას. გრიგოლ პალამა ვარლაამისადმი650 მიმართვაში ამბობს, რომ არსებობს "ნეტარი ვნებები და ამგვარი ერთობლივი ქმედება სულისა და სხეულისა სულს (πνεύμα) ხორცზე არ აბამს, პირიქით ხორცს ამაღლებს სულის ღირსებამდე". ეს არის სულიერი მოქმედება, რომელიც სხეულიდან გონებისკენ არ არის მიმართული, არამედ გონებიდან სხეულისკენ"651. ამიტომაც ჩვენ, როცა განკურნება გვსურს, ვნებებს არ ვკლავთ, მათ სახეს ვუცვლით. (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). ცრემლი, ტირილი, სინანული, ტანჯვა სულის განკურნების საშუალებებია, ისინი განწმენდნენ სულის ვნებიან და მოაზროვნე ნაწილებს.

 

ამ პარაგრაფის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ხორციელი ვნებები სულის არასწორი მოქმედებაა. სული როცა სიყვარულისა და თავშეკავების უნარს კარგავს, მისი სურვილიანი და მრისხანე ნაწილები ვნებებს ემორჩილება. ამ დროს ვნებები შეგრძნებადი ხდება"652. ხორციელი ცხოვრების ვნებები (სული წმიდის არყოფნას ნიშნავს) სულის არაბუნებრივი მოძრაობის შედეგია, ამიტომ ნიშნავს სულის სნეულებას და სიკვდილს.

 

 

2. სხვადასხვა ვნება და მათი განვითარება

 

ვნებების რაობის გარკვევის შემდეგ ვეცადოთ მათი სახეობებისა და შედეგების განახლება. ჩამოვთვლით თითოეულს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარება ქრისტიანებს, ვინც კეთილი ღვაწლით იღვწის. ვნებებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მათი შეცნობა.

 

თავდაპირველად უნდა შევნიშნოთ, რომ ვნებების შესახებ სწავლება წმინდა მამათა ნაწერების გარდა წმინდა წერილშიც გვხვდება. პავლე მოციქული ხორციელების შესახებ საუბრობს. მოციქულისთვის ხორციელი ადამიანი ის არის, ვინც სული წმინდის მადლს მოკლებულია "ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს..." (გალ. 5.17). შემდეგ მოციქული განსაზღვრავს ხორციელ საქმეებს ანუ ვნებებს: "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი653, მთრვალობანი, სიღოდანი654 და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველ ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრიან" (გალ. 5, 19-21). რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ჩამოთვლის ცოდვის საქმეებს, ვნებებს, რომლებიც მთელ ჩვენს არსებას აშფოთებენ. საგულისხმოა სიტყვები მათზე, ვინც მიატოვა ღმერთი და კერპებს ეთაყვანება: "და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელისა მას გონებისა საქმედ უჯეროჲსა; აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლარ, მომპოვნებულ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყვარულ, უწირავ, უწყალო (რომ. 1. 28-31) ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოციქული აღწერს ადამიანთა მდგომარეობას "უკანაჲსკნელთა დღეთა": "და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლ, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-გამცემელი, წარმდებ, აღზუავებული, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმერთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალისა მისსა უარ-ჰყოფდენ" (2. ტიმ. 3, 1-5).

 

მოყვანილი სამივე ციტატიდან ნათლად ჩანს ადამიანის მდგომარეობა, მისი დაშორება ღმერთისგან. ეს აღწერა ფაქტობრივად რენტგენია სულისა (ψυχογράφημα), რომელზედაც მეუფებს ვნება. გადავიდეთ ვნებების ანალიზზე, რაც წმინდა მამათა ნაწერებშია მოცემული.

 

მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით უმთავრესი ვნება, რომლისგანაც იბადება სხვა დანარჩენი, არის თავმოყვარეობა655. თავის მოყვარეა ადამიანი, რომელსაც მეტისმეტად უყვარს საკუთარი თავი და მასვე ემსახურება. ადამიანის ყურადღება ღმერთს შორდება და აღარ ზრუნავს მასთან შეერთებაზე, მისი წმინდა ნების აღსრულებაზე. ამ დროს იგი საკუთარ თავზეა ორიენტირებული და თვითკმაყოფილება სურს. მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: "უფრთხილდით ბოროტების დედას თავმოყვარეობას, ის არის სხეულის უგნური სიყვარული". თავმოყვარეობის ვნებიდან იბადება სხვა ვნებები: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და ცუდად მზვაობრობა (ამპარტავნება), ამათგან კი ვნებების მთელი რიგი იშვება656. წმინდა მამა თავმოყვარეობის საშინელ შედეგებს აღწერს. იგი ამ ვნებას, ვნებათა დედას უწოდებს, რომელსაც ბევრი ქალიშვილი ჰყავს "ნაყროვანება და ჭამის მოყვარეობა უგნურების მიზეზებია, ვერცხლისმოყვარება და ამპარტავნება - მოყვასის სიძულვილის, მათი დედა, თავმოყვარეობა - ორივეს მიზეზია"657.

 

მაქსიმე თავის ნაშრომში "სიტყვა-მიგება თალასეს მიმართ" ჩამოთვლის თავმოყვარეობის ყველა შედეგს და ორ ნაწილად აჯგუფებს.

 

პირველ კატეგორიას მიაკუთვნებს ვნებებს, რომლებსაც სიამოვნებისაკენ მივყავართ და მეორეს ვნებებს, რომლებიც ტანჯვას გვაშორებს.

 

პირველი რიგის ვნებებია: ნაყროვანება, ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა, ტრაბახი, ვერცხლისმოყვარეობა, სიძუნწე, ძალადობა, სიამაყე, უგნურება, თვითდაჯერება, გულგრილობა, უხეშობა, უგულებელყოფა, გაუმაძღრობა, ბევრი ლაპარაკი, ბილწსიტყვაობა, თვალთმაქცობა, გონებასუსტობა, დამცინავობა, უდროო და უადგილო საუბარი და სხვა".

 

მაქსიმე მეორე კატეგორიაში აერთიანებს სხვა ვნებებს: მრისხანებას, შურს, სიძულვილს, მტრობას, გულღრძოობას, ლანძღვას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, წუხილს, უიმედობას, უგნურებას (ღვთის სიტყვის უგულებელყოფას), უზრუნველობას, სულმოკლეობას, ლაჩრობას, უდროო გლოვას, ტირილს, დარდს, ეჭვიანობას და სხვა ვნებებს, რაც ჩვენი სულისთვის არის დამახასიათებელი, როცა სიამოვნების საფუძველი არა გვაქვს658.

 

გრიგოლ პალამა ვნებებს სხვაგვარად აჯგუფებს. წინა პარაგრაფში აღვწერეთ, რომ სული სამ ნაწილად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. სურვილიანი ნაწილის პირველი ცბიერი ნაყოფი მომხვეჭელობის სიყვარულია, მეორე კი - ვერცხლისმოყვარეობა. მოაზროვნე ნაწილის ნაყოფი დიდებისმოყვარეობა, მრისხანე ნაწილის კი ნაყროვანება, საიდანაც მომდინარეობს "ყველანაირი ხორციელი უწმინდურება"659. სხვა სიტყვებით, თავმოყვარეობიდან, (ვნებათა ქალბატონისა და დედისგან) იბადება სამი ძირითადი ვნება: დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და სიამოვნებისმოყვარეობა. ამათგან წარმოიშობა ყველა სხვა, ადამიანის სულისა და სხეულის წამბილწავი ვნება.

 

მარკოზ მოღვაწე ვნებების შეფასებისას და მათი დამბადებლის ძიებისას წერს, რომ სამი გიგანტი არსებობს. როცა ისინი კვდებიან, ადვილად ნადგურდებიან სხვებიც, ცბიერი სულების ქმედებები. ეს სამი გიგანტია: უცოდინრობა - ყველა სიბოროტის დედა, დავიწყება "თანამშრომელი და და უცოდინარობისა, სიზარმაცე, რაც სულისთვის ბნელი საფარველია. სამი ძირითადი ვნება სიზარმაცე, დავიწყება და უგუნურება "სხვა ვნებების არსებობას ამტკიცებს და მათ რიცხვს ზრდის"660.

 

სამი წმინდა მამის მოსაზრებებს შორის განსხვავება არსებითი არ არის. თავმოყვარეობა, დავიწყება, სიზარმაცე და ღვთის უცოდინარობა ქმნიან შესანიშნავ გარემოს დიდებისმოყვარეობის, სიამოვნებისმოყვარეობისა და ვერცხლისმოყვარეობის გასავითარებლად. ყველა წმინდა მამამ თავისი პირადი გამოცდილების შესაბამისად და ცალკეული საკითხების მიხედვით აღწერა ვნებები. ამასთანავე წმინდა მამები ვნებების აღწერისას სულის ფილოსოფიურ ანალიზს არ მიმართავდნენ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ამოდიოდნენ. აქვე დავამატებ, რომ თავმოყვარეობა მჭიდროდ უკავშირდება უცოდინარობას, დავიწყებას და სიზარმაცეს. საკმარისია ადამიანი თავის თავს მიუბრუნდეს, რომ მას მაშინვე დაეუფლება დავიწყება და ღმერთის უცოდინარობა და შედეგად დაიბადება სხვა ცოდვები - ვნებები.

 

იოანე დამასკელის ნაშრომის მიხედვით სული სამ ძალად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. მოაზროვნე ძალის ცოდვებია: ურწმუნოება, მწვალებლობა, უგუნურება, ცილისწამება, უმადურობა, სულის მრისხანე ძალის ცოდვებია: გულქვაობა, სიძულვილი, თანაგრძნობის არქონა, გულღრძოობა, შური, მკვლელობა და სხვა მსგავსი... სურვილიანი ძალის ცოდვებია: ნაყროვანება, უძღებობა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ღალატი, ბილწება, ფულის სიყვარული, ამაო დიდების მოყვარეობა, სიმდიდრე და ხორციელი სიამოვნებების მოყვარეობა. იოანე დამასკელი ასახელებს რვა ყოვლისმომცველ აზრს, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება ცალკეული ვნება. ეს აზრებია: ნაყროვანება, გარყვნილება (სიძვა), ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, გულგრილობა, ცუდად მზვაობრობა და ამპარტავნება"661. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ვნებათა დაყოფა სულის განყოფილებებს შეესაბამება. ახლა გადავიდეთ სხვა წმინდა მამათა მიერ აღწერილ კლასიფიკაციაზე. ამ კლასიფიკაციის თანახმად ვნებები იყოფა სულიერად და ხორციელად. სულისთვის დამახასიათებელია გარკვეული ვნებები და ასევე სხეულსაც აქვს შესაფერისი ვნებები.

 

წმინდა მამების სწავლებით, ცოდვით დაცემამდე ადამიანის სული ღია იყო და ღვთიური მადლით საზრდოობდა. ცხადია, ადამიანს დიდი ღვაწლი სჭირდება იმისთვის, რომ უფალთან ურთიერთობას მიაღწიოს და შეუერთდეს მას, თუმცა კი ღვაწლის გარეშეც იგემებდა ამ მადლს. სული საზრდოობდა უქმნელი მადლით, სხეული კი - "მიმადლებული სულით". ასე, რომ ადამიანი ღვთის წყალობით იკვებებოდა. დაცემის შემდეგ სული მოსწყდა უფალს, სიცოცხლის ჭეშმარიტ წყაროს, "ცდილობდა საზრდოს მიღებას სხეულისგან წვენის გამოწურვით. აქედან წარმოიშვა ვნებები... სხეული, როცა სულში სიცოცხლეს ვერ გრძნობს, გარეთ ეძებს მას და მატერიის ტყვეობაში ექცევა. ასე ჩნდებიან სიამოვნების მოყვარული სხეულის ვნებები, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცდილობს სიცოცხლისა და სიხარულის მოპოვებას მატერიალური სამყაროდან"662. ასე კვდება სხეული და რაც მთავარია, სულიც. ქრისტესმიერი ღვაწლით ჩვენ სულს ღმერთისკენ მივმართავთ, რათა მისგან ისაზრდოოს, შედეგად კი შესაძლებელია სხეულმაც მიიღოს საზრდო "მიმადლებული სულისგან" ისე, რომ მთლიანად ადამიანი განათლდეს. ასეთი ადამიანების მაგალითებად დავასახელებთ ეკლესიის წმინდანებს, რომელთა სხეულებში ზოგჯერ ფიზიოლოგიური პროცესები ჩერდებოდა.

 

მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "ვნებათგან ზოგი ხორციელია, ზოგი სულიერი". ხორციელი სხეულისგან იღებს მიზეზს, სულიერნი კი გარე საგნებისგან"663. ასევე სწავლება გვხვდება ილია პრესვიტერის ნაწერებში. იგი ამბობს: არსებობენ სხვადასხვა ხორციელი და სულიერი ვნებები"664.

 

იოანე დამასკელიც აღწერს სულიერ და ხორციელ ვნებებს. მისი აზრით სულიერი ვნებებია: დავიწყება, სიზარმაცე და უგნურება. ისინი სულის თვალს აბნელებენ ანუ გონება ემონება სხვა ვნებებსაც, როგორიცაა უპატიოსნება, ურწმუნოება, ყველანაირი ერესი, ცილისწამება, მრისხანება, კაცთმოძულეობა, განკითხვა, გულღრძოობა, სიცრუე, უგუნური დარდი, შიში, სიმხდალე, შური, ეჭვიანობა, სიამაყე, თვალთმაქცობა, ცუდად მზვაობრობა, არაკეთილგონიერება, განურჩევლობა, მატერიალური საგნების სიყვარული, გულგრილობა, სულმოკლეობა, უმადურობა, ბუზღუნი, ამპარტავნება, კაცთმოთნეობა, უგრძნობელობა, ჭორაობა, ირონია, ორგულობა, ვნების მორჩილება, ცოდვიანი ფიქრები, თავმოყვარეობა - ყველა სიავის დედა, ვერცხლისმოყვარეობა - ვნებების ძირი, უზნეობა და ცბიერება. იოანე დამასკელი ხორციელ ვნებებად მიიჩნევს: ნაყროვანებას, მაძღრობას, სიმთვრალეს, ფუფუნებას, ფარულად ჭამას. სხვადასხვაგვარი სიამოვნებისმოყვარეობა. სიძვა, ღალატი, გარყვნილება, უწმინდურება, სისხლის აღრევა, წულთა ხრწნილება, მომხვეჭელობა, ბოროტი სურვილები და ყველა არაბუნებრივი სამარცხვინო ვნება: ქურდობა, გმობა, ძარცვა, მკვლელობა, ყოველგვარი ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილება, განსაკუთრებით მკითხაობა, ჯადოქრობა, გონებასისუსტე, მოკაზმულობის სიყვარული, აზარტული თამაში, ხორციელი სიამოვნებით ცხოვრება, "რაც გონებას ამიწიერებს და პირუტყვს ამსგავსებს ადამიანს და ხელს უშლის უფლისკენ და სათნოებისკენ მიმართოს მზერა"665.

 

გრიგოლ სინელი წმინდა მამების მოსაზრებებს სულიერი და ხორციელი ვნებების შესახებ აჯამებს და წერს: "ვნებებს სხვადასხვა სახელწოდებები აქვთ, მაგრამ იყოფიან სულიერად და ხორციელად. სხეულებრივი ვნებები იყოფა მტკივნეულად და ცოდვიანად. მტკივნეული ვნებები თავის მხრივ იყოფა სნეულებად და სასჯელად. სულიერ ვნებებში ვარჩევთ მრისხანეს, სურვილიანს და გააზრებულს. გააზრებული იყოფა წარმოსახვით და შემეცნებად. ამათგან ზოგიერთი ბოროტად გამოყენების გამოა წარმოქმნილი, ზოგი იძულებით, რომელთაც წმინდა მამები ბუნებრივ ვნებებს უწოდებენ. არსებობს სხეულებრივი და სულიერი ვნებები. მათ შორის ზოგიერთი სურვილისაა, ზოგი მრისხანების, ზოგი აზროვნების, ამათგან გამოვყოფთ გონებისა და შემეცნების ვნებებს. ისინი ურთიერთმოქმედებენ. ხორციელი ვნებები სურვილთან, სულიერი მრისხანესთან და გააზრებულთან, გააზრებული გონებრივთან, გონებრივი ხსოვნის ვნებებთან"666.

 

ვნებების ჩამოთვლასთან და მათ კლასიფიკაციასთან ერთად უნდა შევნიშნოთ, რომ მათ შორის გადაულახავი საზღვარი არ არსებობს. ერთი ვნება მეორეს მჭიდროდ უკავშირდება და ამგვარად ადამიანი მთლიანად ემორჩილება მათ. ვნებისგან სული სნეულდება, გონება კვდება. ასე ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება და ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ამიტომ ამბობს კატეგორიულად პავლე მოციქული: "და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა" (ეფეს. 5.5). ვნებების სხვაგვარი კატეგორიაც არსებობს. გამოირჩევა ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. ერისკაცთა ცხოვრებისგან მონაზონთა ცხოვრების წესი სხვაობს, მონაზვნები მონასტერში იღვწიან, ამიტომაც ვნებები ორივე ცხოვრებაში განსხვავებულია. იოანე სინელი ამბობს: "ერის კაცთა შორის ძირი ყოველთა ბოროტთა არს ვერცხლისმოყვარება; ხოლო მონაზონთა შორის ნაყროვანება"667. წმინდა მამა ნათქვამს ასე განმარტავს: "რომელნიმე ვნებანი გონებისაგან ხორცთა მიმართ მოვლენ, და რომელნიმე კვალად ხორცთაგან გონებად და სოფლიოთა თანა მეორე ესე იქმნების, ხოლო უდაბნოს მყოფთა თანა პირველი იგი"668.

 

ასევე განსხვავებულია ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. დასნეულებული ერისკაცები მრისხანების და ცილისწამების ვნებით არიან შეპყრობილნი. მონაზვნები ანუ "რომელი გარეგან სოფლისა არიან მათ უკუეთუ სახმარნი იპოებოდინ ნაყროვანებისა და სიძვისა ეშმაკი ბრძავს; უკუეთუ კულა ფიცხელთა და უნუგეშინისცემითა ადგილთა იყვნენ, მოწყინებისა და უმადლოებისა მძლავრი სტანჯავს"669.

 

იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს ყოველთვის ერთგვარი განსაცდელი არ ხვდება. განსაცდელი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს იგი. ეშმაკი ცბიერია და ყველას შესაბამის მდგომარეობაში ესხმის თავს.

 

ზემოთ მივუთითეთ, რომ ზოგიერთ ვნებას დედას უწოდებენ, ზოგიერთს კი ქალიშვილებს, რომლებიც დედისგან იშვებიან. იოანე სინელი წერს, რომ "დედა სიძვისა არს ნაყროვანება და მოწყინებისა ზვაობა". ამიტომ, როცა მოწყენილობა გვეუფლება, ზვაობაა ჩვენი განსაცდელი. შემდეგ მოწყენილობა და მრისხანება. "სამთავე670 ნაშობი არის, ხოლო ამპარტავნებისა დედა - ცუდად მზვაობრიობა არს". იოანე სინელი აგრძელებს: "არა არს წესი, ანუ მეცნიერება უკეთურთა მათ თანა, არამედ ყოველივე უწესობა და დაუწყნარებლობა". აგრეთვე "სიცილი უჟამოჲ და ცუდი ოდესმე სიძვისაგან იშვების. ოდესმე ცუდად-მზვაობრიობისაგან და ძილი ფრიადი, ოდესმე იშვების სვებისაგან და ოდესმე მარხვისაგან, რაჟამს მმარხველ იგი ზვაობდეს და ოდესმე მოწყინებისაგან, და ოდესმე ბუნებისაგან. და მრავალმეტყველება ოდესმე მოწყინებისაგან შეიქმნების და ოდესმე ცუდად მზვაობრიობისაგან და მოწყინება ოდესმე შვებისაგან და ოდესმე უშიშებისაგან ღვთისა. გმობა ნაშობი არს ამპარტავნებისაგან და მრავალგზის იქმნების განკითხვისაგან მოყვარისა მასვე ზედა ანუ თუ შურისაგანცა ეშმაკთასა მოიწევის. გულფიცხელსა არს სიმაძღრიდგან და ულმობელობისა და ცუდისა სიყვარულისა და ცუდი სიყვარული იქმნებისა სიძვისაგან, ვერცხლისმოყვარებისა, ანუ ცუდისა დიდებისა და სხვა მრავალთა გულარძნილება671 იქნების სიმაღლისაგან და მრისხანებისა, ორგულება თვითრჩულობისაგან და თავმოთნებისა... მშობელი ყოველთა ბოროტთანი არიან გულისთქმაჲ და უკეთურება672.

 

ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, როგორ ვითარდება ცოდვა ვნებით. წმინდა მამები, რომლებმაც შინაგანი ბრძოლის მიმდინარეობა იცოდნენ, ვნებების ჩამოთვლასთან ერთად აღწერენ თითოეული ვნების განვითარების პროცესს. წმინდა თალასეს სიტყვებით: "ვნებები მოქმედებენ მოგონებებით, კმაყოფილებით და შეგრძნებებით"673. ადამიანი, როცა გონებას გრძნობადი საგნებისკენ მიმართავს სულიერ სიყვარულს და თავშეკავება მისთვის უცხო ხდება და გზას უთმობს ეშმაკის ზემოქმედებას, ამ დროს იბადება ვნებები. შეგრძნებებით ამოქმედდებიან ვნებები. მაშინ, როცა არ არსებობს სულიერი სიყვარული და თავშეკავება"674. "თავშეკავების სადავეები რომ მიუშვა, მაშინ აღიძვრება ვნებები და გრძნობების დამონება იწყება"675. მართლაც, როცა ადამიანის გონება შეჩერებულია რაიმე გრძნობიერ საგანზე. მაშინ აქვს "მას (გონებას) სურვილის, მოწყენილობის, მრისხანების, გულღრძოობის ვნება"676.

 

წმინდა მამების მიერ აღწერილი დაუღალავი მისწრაფება და მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანის გონება არ დაატყვევოს ნივთიერმა საგანმა ან წარმოსახვამ, რადგან ამას მოსდევს ვნება და დაღუპვა. გონების დატყვევება ჩვენს სულში ტრაგედიის მარცვლებს აბნევს.

 

გონების ტყვეობასთან ერთად ვნების დაბადებაში მთავარ როლს ასრულებს ჩვენში მყოფი სურვილი. ეს მდგომარეობა აღწერილია იაკობ მოციქულის ეპისტოლეში "კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების მერმე გულის-თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ სრული იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკ. 1, 14-15). ამბა სისოს ჰკითხა ერთმა ბერმა: "რა ვუშველო ვნებებს?", ამბამ უპასუხა: "ყოველი ჩვენგანს საკუთარი სურვილი გვაწუხებსო"677.

 

ვნებათა განვითარება ხდება შემდეგნაირადაც, მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "მეხსიერებას მარტივი აზრი შეაქვს გონებაში, თუ ეს აზრი შეჩერდება, მაშინ ამოქმედდება ვნება. მომდევნო ნაბიჯი არის გონებასთან მისი შეერთება, რასაც ცოდვის ჩადენა მოსდევს678. ისიხიოს პრესვიტერი ვნების განვლილ გზას აღწერს. თავდაპირველად ვნება გამოჩნდება, მას მოსდევს აზრების შეერთება ეშმაკეულთან. შემდეგ ვნებისადმი დამორჩილება და "გრძნობითი აღქმა, ანუ ცოდვის ჩადენა"679. თუ ცოდვა მეორდება, ვნებად გადაიქცევა.

 

წმინდა გრიგოლ პალამა მართლმადიდებლურ ტრადიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სიამოვნებისმოყვარეობა არის ხორციელი ვნებებისა და სულის სნეულების საწყისი. ვნებისკენ პირველად იხრება გონება, იწყებს ცბიერ მოქმედებას. შეგრძნებების საშუალებით სულში შეაქვს გრძნობადი საგნების წარმოსახვა და ცოდვის განწყობა. ეს სახეები აღიბეჭდება თვალებით680.

 

იოანე სინელი დაწვრილებით აღწერს აზრის განვითარებას. ამ პროცესშიც აზრი ვნებად გარდაიქმნება. სხვა არის გამოჩენა, სხვა -შეერთება, სხვა - დაშვება, სხვა - ტყვეობა, სხვა ბრძოლა და სხვა ვნება. წმინდა მამა ამბობს: "წვლილად მოსლვა გულის-სიტყვისა ეს არს, რაჟამს სიტყვა რაიმე უნდო, ანუ ხატი რაჲ, ახლად ხილული მოეხდის გულისა, და თანა-ზრახვაებისა ესე არს, რაჟამს იწყოს გონებამან ზრახვად გულად მოსრულისა მის ხატისა მიმართ ვნებულად, გინა უვნებელად, და დამტკიცებულად არს წამისყოფა გულისთქმა სულისა ხილულისა მის მიმართ. ხოლო ტყვეობაჲ ესე არს, ანუ იძულებითი და მძლავრებითი მიტაცება გულისა, ანუ გულის სიტყვა დადგრომილი ჩვენ თანა, და წესისა მის ჩვენისა კეთილისა განმრყვნელი. და ბრძოლაჲ არს რაჟამს გულის სიტყვა იგი და კაცი სწორ-სწორ ბრძოდიან, ანუ სძლევდეს, ანუ იძულეოდეს. ხოლო ვნებად იგი ითქმის, რომელი მრავალი ჟამ დაებუდოს სულსა შინა და გულის სიტყვასა, ვითარცა ჩვეულებად მოსრულ იყოს გონება წვრთად მისა და თავით თვისით მივალნ მისა მიმართ და ამათ ყოველთაგან პირველი იგი უცოდველ არს; ხოლო ბრძოლაჲ ანუ გვირგვინისა, ანუტანჯვისა მომატყვევებელი ექმნების და ტყვეობა სხვებრ განიკითხვის, ლოცვის ჟამს; და სხვებს მოცალებისა ჯამს, ხოლო ვნებასა უეჭველად ანუ შესწორებული მისდა სინანული უხმს, ანუ საუკუნოÁსა სატანჯველისა თანმდებ არს"681.

 

წმინდა მამები ადამიანის სულში ვნების განვითარებას სხვაგვარადაც აღწერენ. საქმე ეხება ვნების განვითარებას ასაკის მიხედვით. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ პატარა ასაკიდან ვნებები შემდეგი თანმიმდევრობით ვითარდება: თავიდან იზრდება სულის სურვილიანი ნაწილი ანუ მომხვეჭელობა და ვერცხლისმოყვარეობა. ამიტომ ბავშვებს უნდათ ნივთები (სათამაშოები ე.დ.), შემდეგ ჩნდება ფულის ინტერესი, შემდგომ დიდებისმოყვარეობის ვნება. დიდებისმოყვარეობა ორნაირად ვლინდება. პირველია ამქვეყნიური, რაც მიმართულია "სხეულის მშვენიერებისა და ლამაზი ტანსაცმლისკენ" და მეორენაირი დიდებისმოყვარეობა ცუდადმზვაობრობა (სიამაყე), რაც კეთილშობილ ადამიანებს აზიანებს და პირფერობით გამოიხატება. სიამაყითა და პირფერობით მტერი ცდილობს გაფანტოს სულის სიმდიდრე. მომხვეჭელობისა და დიდებისმოყვარეობის მერე სიამოვნებისმოყვარეობა ანუ ნაყროვანება ვითარდება, "საიდანაც მომდინარეობს ყოველგვარი ხორციელი უწმინდურება". გრიგოლ პალამა საინტერესო შენიშვნას იძლევა. მართალია სიამოვნების მოყვარება "და ბუნებრივი მოძრაობები ჩვილ ბავშვებშიც შეინიშნება", მაგრამ ეს არ ნიშნავს სულის სნეულებას. ბუნებრივი ვნებები არ განისჯება, რადგან ისინი ღვთის მადლით არის შექმნილიო, იმისთვის რომ "ჩვენ მათი დახმარებით ვიაროთ კეთილი საქმეებისკენ". ვნება ცუდია, როცა "ჴორცთა ზრახვისა ვყოფთ გულის სათქუმელ" (რომ. 13.14) ანუ როცა ხორციელ ფიქრს ვნებად გადავაქცევთ...

 

ამრიგად, გრიგოლ პალამას სიტყვებით ჩვილობიდან იწყება მომხვეჭელობის და ვერცხლმოყვარეობის ვნებების განვითარება, ბავშვობის ასაკში ვითარდება დიდებისმოყვარეობა და მოგვიანებით სიამოვნებისმოყვარეობა"682.

 

სულიერ და ხორციელ ვნებებზე მსჯელობა ადვილი არ არის. მათი გარკვევა ძნელია, რადგან თითოეულ მათგანში აღმძვრელი ეშმაკი იმალება და ჩვენ არ შეგვიძლია მათი გარჩევა. ამიტომ არის აუცილებელი ვნებების კურნებისათვის გამოცდილი მკურნალი. ვინც იცის ფარული, შინაგანი ცხოვრება. ასეთი მკურნალი სული წმიდის მადლის მატარებელი უნდა იყოს. სწორედ ვნებების გარჩევის უნარია სული წმინდის ერთ-ერთი წყალობა. იოანე სინელს მოჰყავს შემდეგი მაგალითი: "ვითარცა იგი აღმოვივსებდით რაჲ წყალობა, მრავალგზას თანა აღმოვიქვით მყვარი; ეგრეთვე ვიქმოდით რათა სათნოებათა, მრავალგზის მათ თანა შეეთხზვიან ვნებანიცა ფარულად. და ესე ესრეთ გულისხმა-ვყოთ რამეთუ უცხოთ შეწყნარებასა შინა შეეთხზვის- ნაყროვანება, და სიყვარულისა - სიძვა, და გულის-ხმისყოფასა - მანქანება; სიბრძნესა - გულარძნილება, სიმშვიდესა - დახსნილება და მცონარება და თვით-რჩეულობა; და დუმილსა ზვაობა, და სიხარულისა - სიმაღლე; სასოებასა - უდებობა, დაყუდებასა - მოწყინება და მცონარებავი, სიმდაბლეს - კადნიერება"683.

 

იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებს ვნების შესაცნობად. შეიძლება ვფიქრობთ, რომ სიკეთეს ვაკეთებთ, სინამდვილეში კი ეშმაკს ვემსახურებით. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ "გომბეშოს" ("მყვარი" ძვ. ქართ), რომელშიც ცუდმზვაობრობა იგულისხმება. ეს ვნება ბილწავს (ღვთის) მცნებათა ქმედებას. იოანე სინელი ამბობს აგრეთვე: "ოდესმე ეშმაკი ვერცხლის მოყვარებისა სიმდაბლესა იჩემებენ, და კვალად ოდესმე ეშმაკი ცუდად მზვაობრიობისა გვაწვევნ მოწყალებისა ყოფად"684. ამიტომ ყურადღება გვმართებს კეთილ საქმეთა აღსრულების დროსაც, რომ ეშმაკის ცბიერება გამოვიცნოთ. წმინდა მამა მოგვითხრობს ერთ შემთხვევას, როცა იგი სიზარმაცის ეშმაკისგან ძლეული ფიქრობდა სენაკიდან წასვლას, ამ დროს მასთან მგზავრები მივიდნენ და შეაქეს მისი სიმშვიდე, იმ წუთას სიზარმაცის ვნება ცუდადმზვაობრობამ დაჯაბნა და გაოცდა წმინდა მამა იმით, რომ ცუდადმზვაობრობა ებრძვის ყველა ცბიერ სულს" ასევე "ეშმაკი ვერცხლისმოყვარებისა ებრძვიან უპოვართა ფიცხლად, ხოლო რაჟამს ვერ მძლე ექმნის, მაშინ კვალად გლახაკნი შემოიხვნის მიზეზად, და ესრეთ აიძულებენ რათამცა უნივთონი იგი ნივთიერ-ყვნა"685.

 

მეორე საკითხი, რაზეც წმინდა მამები წერენ ის არის, თუ როგორ ამოვიცნოთ ვნებები. ცხადია, აქ მთავარ როლს ასრულებს გამოცდილი და ვნებებთან მებრძოლი სულიერი მოძღვარი. იგი ხედავს სულის მოქმედებას და შეუძლია ჩვენი გამოსწორება. გარდა ამისა, არსებობს ვნებების აღმოჩენის სხვა მეთოდებიც. "თუკი ვინმე ნებსით ემორჩილება ვნებას, ეს მაშინ ვლინდება, როცა ვნების აღმოჩენისას ან მისი გამოსწორებისას, ადამიანი შფოთავს", ხოლო თუ ადამიანი მშვიდად არის ამ დროს, ეს იმას, ნიშნავს, რომ იგი ვნებისგან ძლეულა და გაუცნობიერებლად დაემორჩილა მას"686. უფრო სწორად, გაკონტროლება, შფოთი, უშფოთველობა ვნების არსებობას და მის ნებსითობას და უნებლიობას ავლენენ. "ყველაზე ცუდი ვნებები ჩვენს სულშია დამალული, ისინი ხილულნი ხდებიან გაკონტროლების დროს"687.

 

წმინდა მაქსიმე ცდილობს ზუსტად განსაზღვროს ვნება და წერს: "სხვა არის საგანი, სხვა აზრი, და სხვა - ვნება. საგანია კაცი, ქალი, ოქრო და სხვა. აზრი არის "საგნის, ნივთების, მოვლენის გახსენება. ვნება უსიტყვო სიყვარული ან სიძულვილი ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა"688. ამბა დოროთე ცოდვასა და ვნებას შორის ზღვარს ავლებს და ამბობს, რომ ეს ორი რამ სხვადასხვაა. ვნებებია მრისხანება, ცუდადმზვაობრობა, სიამოვნებისმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი სურვილი და სხვა ამის მსგავსნი. ცოდვები ვნებების ქმედებებია. ამგვარად, "შეიძლება ვნება გვქონდეს, მაგრამ მათ მიხედვით არ ვიმოქმედოთ"689. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ შეიძლება ადამიანი სავსე იყოს ცოდვებით, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდეს, რადგან არ ჰქონია ცოდვის ჩადენის შემთხვევა. ამიტომ არის საჭირო სრულყოფილი კურნება გამოცდილი სულიერი მოძღვრისგან.

 

ჩვენი ნაშრომის ამ ნაწილის დასასრულს მოკლედ გავიხსენებთ თუ რა საშინელი შედეგები აქვს ვნებებს. ზოგან უკვე მივუთითეთ, რომ ვნებები ჩვენს გონებას კლავენ. ახლა უფრო დაწვრილებით ამის შესახებ.

 

ვნებების აღძვრა "დაბერებულ სხეულსა და განათლებულ სულში სულის წაბილწვაა"690. "ფეხით დაბმული ჩიტი აფრენას რომ იწყებს ისევ მიწაზე ვარდება... ასევე გონება, რომელსაც უვნებობამდე არ მიუღწევია... ვნებებით გარემოცული მიწისკენ მიიზიდება"691. ვნებები აიძულებენ ადამიანს მიწიერს მიეჯაჭვონ, "განკითხვის ვნება გონების ბორკილია და გრძნობად საგნებზე აბამს მას"692. ხშირად ხდება, რომ ვნებები სულს ბილწავენ. ცოტა ხნის შემდეგ "მომწამლავი საკვების მსგავსად გარკვეული დროის შემდეგ იწვევენ დასნეულებას"693. აქედანაც ცხადია, რომ ვნებებისგან სული სნეულდება.

 

ვნებიანი სული ცბიერი აზრების "საამქროა" და ერთი ასეთი ცბიერი აზრი თავის საგანძურიდან ცბიერს გასცემს"694. "ყველა ცოდვა სიკვდილის მარცვალის მატარებელია". ვნებები ჯოჯოხეთია. ვნებიანი სული "ყოველთვის იტანჯება, უბედურია იმით, რაც აქვს. ესენია მწარე მოგონებები და ვნებებისგან მტანჯველი შთაბეჭდილებები, რაც წვავს და აღაგზნებს მას". ეს ტანჯვა დასაწყისია, მცირე შეგრძნება იმ საშინელი წამების, ადგილებისა, სადაც იმყოფებიან ტანჯული სხეულები, რომლებიც სულის ძლიერ ტანჯვას ემსახურებიან და თავად არ იღუპებიან [იქ, იქნება] საზარელი ცეცხლი და სიბნელე"695.

 

სათნოების ღვაწლის საფასური უვნებობა და ცოდნაა. ისინი მიგვიძღვიან ცათა სასუფევლისკენ, "ვნებები და უგნურება კი საუკუნო ჯოჯოხეთისკენ"696.

 

გრიგოლ პალამა განმარტავს სახარების იმ ადგილს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გამოვიდნენ უწმინდური სულები ადამიანისგან და ღორებში შევიდნენ, რის შემდეგაც პირუტყვები წყალში ჩაცვივდნენ, წმინდა მამა წერს: "ღორები მიანიშნებენ ცბიერ ვნებაზე და მის სიბილწეზე. "ღორები კი ისინი არიან, ვინც ხორცით შებილწულ სამოსელს ატარებენ"697.

 

ამგვარად, ვნებები კლავენ გონებას და ჯოჯოხეთის ტანჯვას გვიმზადებენ. გონება რომ განთავისუფლდეს მათგან და უფლისმიერ სიხარულს განიცდიდეს, საჭიროა მისი განკურნება. ამ კურნებაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში.

 

 

3. ვნებების კურნება

 

სულისთვის ვნებებისგან მიყენებული ზიანის გაცნობიერების შემდეგ, საჭიროა ვისაუბროთ განკურნებაზე. სწორედ ეს არის წინამდებარე თავის ძირითადი თემა და მკითხველის ყურადღებას ამაზე შევაჩერებთ. ბევრმა ჩვენგანმა იცის თავისი სისუსტე, გრძნობს სულის უძლურებას, მაგრამ არ იცის განკურნების გზა. ვფიქრობთ, რომ მართლმადიდებლობამ, რომელიც მკურნალი მეცნიერებაა, ამ თემაზე უნდა ისაუბროს, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სულის კურნებაა. ჩვენი ღრმა რწმენით მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თანამედროვე სამყაროს უნდა უჩვენოს, რომ კაცობრიობა სულიერად დაუძლურებულია და უჩვენოს კურნების გზაც. ამ საკითხზე ვისაუბრებთ ჩვენც. თავდაპირველად დავაზუსტოთ რამდენიმე დეტალი. პირველი - ვნებების მკურნალობა ანუ მათი გარდაქმნა (ამაზე ზემოთ აღვნიშნეთ). უვნებო ვნებები, ბუნებრივი და განურყვნელი ვნებები ცოდვით დაცემის შემდეგ წაიბილწა, ამიტომ საჭიროა მათ პირვანდელი მდგომარეობა დავუბრუნოთ. სწორედ ამას ნიშნავს ვნებების მკურნალობა. ამბა პიმენი ეუბნება ამბა ისააკს: "ჩვენ სხეულის მოკვლა კი არ ვირწმუნეთ, არამედ ვნებების"698. გამონათქვამი "ვნებების მკვლელი" გულისხმობს ვნებების გამომსწორებელს. მეორე დაზუსტება ის არის, რომ წმინდა მამები ვნებისგან განკურნების სხვადასხვა მეთოდს აღწერენ. მაქსიმე აღმსარებლის სიყვარულის შესახებ თხზულების კითხვისას ნათლად ჩანს მასში თავმოყრილი კურნების ელემენტებიც. ვაღიარებ, რომ ამ ნაშრომში ვეძებდი სიყვარულის კანონებს და სიყვარულის დახასიათებას. შევნიშნე, წმინდა მამა განსაკუთრებულ ადგილს უთმობს აზრებს, ვნებებს და მათგან განკურნებას. მთავარ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის კურნებაზე, რადგან ღვთისადმი სიყვარული "უვნებობის დაბადებაა". ვნებიან გულს სიყვარული არ შეუძლია. წმინდა მამები ადამიანის განკურნებაზე საუბრისას კურნების ძირითად პრინციპებს აყალიბებენ. ისინი მთლიან, ერთიან ადამიანს გულისხმობენ და განკურნების სხვადასხვა საშუალებებს გვთავაზობენ. ქვემოთ ჩვენ ამ მეთოდებს დავასახელებთ, მაგრამ დავამატებთ, რომ ყოველ პიროვნებას საკუთარი კურნების გზა სჭირდება. მისი განსაზღვრა შეუძლია გამოცდილ მკურნალს იმისთვის, ვინც თავმდაბლად, მორჩილებით და განკურნების სურვილით მივა მოძღვართან. ჩვენ გადმოვცემთ ზოგადად მკურნალობის წესებს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ცალკე სჭირდება სულიერი მოძღვრის ზედამხედველობა. სულის უძლურებების (ვნებების) მკურნალობა აუცილებელია. ამაში უკვე დავრწმუნდით მოყვანილი მსჯელობის მიხედვით. გადმოგეცით თუ რა საშინელ მდგომარეობაში აგდებენ ვნებები ადამიანის სულს. ამაზე საუბარია წმინდა წერილში.

 

პავლე მოციქული ამბობს: "მოაკუდინენით უკუე ისინი თქუენნი ქუეყანისა ზედა სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელი არს კერპთმსახურებაჲ... ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვა, გულის წყრომაჲ, უკეთურებით, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. ნუ უტყუეთ ერთი-ერთსა, გამიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელსა მისისა" (კოლ. 3,5-10).

 

მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით პავლე მოციქული "ქუეყანაში" გულისხმობს ხორციელ სიბრძნეს, სიძვაში ცოდვის ქმედებას. თანხმობით ხდება ცოდვის ჩადენა. უწმინდურება არის ვნებასთან თანხმობა, მოციქული ვნებას უწოდებს ვნებიან აზრს, "გულის თქუმაჲ ბოროტს", ბოროტ სურვილს, "ანგაჰრებას" უწოდებს ვნების აღმძვრელს. ეს ყველაფერი უნდა მოვაკვდინოთ"699.

 

მსგავს დარიგებას იძლევა ღმრთივსულიერი მოციქული სხვა ეპისტოლეშიც: "ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელედებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა, და საძაგლებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ" (ეფეს. 5. 3-5).

 

გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამია: "ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელი, ურთიერთარს მოშურნე" (გალ. 5. 26).

 

მოყვანილი ციტატებიდან ნათელია, რომ კურნება აუცილებელია, ქრისტიანები ყოვლადწმინდა სამების ტაძარნი არიან და არ უნდა იყვნენ უწმინდურნი. ქრისტიანი სული წმინდის ტაძარი რომ გახდეს და უფალმა დაივანოს მასში, იგი სულით უნდა განიწმინდოს მანამდე. შემდეგ კი სიწმინდით დაიცვას იგი.

 

განკურნების მიზანიც ეს არის. ჩვენ ვიღწვით არა მარტო იმიტომ, რომ უკეთესნი ან საზოგადოებისთვის სასარგებლონი გავხდეთ. კურნების მიზანი არ არის ის, რომ ადამიანი ანთროპოცენტრული სამყაროს დამაკმაყოფილებელი წევრი გახდეს. მისი მიზანია ადამიანის უფალთან დაახლოება, რომ მან შეძლოს ღვთის ჭვრეტა და ღვთიურმა ნათელმა ცეცხლივით კი არ დაწვას, არამედ გაანათლოს ადამიანის სული.

წმინდა მამებმა კარგად იციან კურნების ეს მიმართულება და ამავე დროს იცნობენ იმ მიზნებსაც, რასაც სხვადასხვა ადამიანი ისახავს. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი განეშორება ცოდვას "ადამიანური შიშით", ზოგი თავშეკავებით, ზოგი კი ვნებისგან თავისუფლდება "ღვთიური განაჩენით"700. ამბა დოროთე აღნიშნავს, რომ "ვნებისგან განთავისუფლება მისგან გამომდინარე მწუხარების გამო კი არ უნდა ვისურვოთ, არამედ მისი სიძულვილით, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "სიძულვილითა სრულითა მოვიძულენ და იგინი მტერად შემექმნეს მე" (ფს. 138.22)701. წმინდანებმა იციან, რომ ზოგიერთ ადამიანს ვნებისგან განთავისუფლება ამ უკანასკნელის მტანჯველი ზემოქმედების გამო სურს. მართლმადიდებლური კურნების ჭეშმარიტი მიზანი სხვაგვარია. მთავარია უფალთან ურთიერთობას მივაღწიოთ. ცნობილია, რომ ეკლესიაში სხვადასხვა სულიერი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანები არიან. მათგან ზოგიერთი ღვთის სიტყვას იცავს ჯოჯოხეთის შიშით. ზოგიერთი სასუფევლის დასამკვიდრებლად. ზოგი კი ქრისტეს სიყვარულისთვის. პირველნი არიან მონები, მეორენი დაქირავებულნი და მესამენი არიან ღვთის შვილები. ჩვენ ვიღებთ სამივე სულიერ ასაკს, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ვიღვწით მესამე კატეგორიამდე მისაღწევად.

 

საგულისხმოა ისიც, რომ ვნებების მკურნალობა არც მარტო ადამიანის და არც მარტო ღმერთის საქმე არ არის. კურნება ღმერთისა და ადამიანის თანამშრომლობით (სინერგიით (συνεργεία) მიიღწევა, ეკლესიაში ყველაფერი არის ღმერთკაცებრივი. თავდაპირველად ადამიანმა ღვთის მადლი უნდა მიიღოს. მისი განწმენდა, ანუ კურნება ქრისტეს ქმედებით ხორციელდება და ვრცელდება მთელ სულიერ ცხოვრებაზე. მთელი სულიერი ცხოვრების მანძილზე იკურნება ქრისტიანი ეკლესიის წიაღში ყოფნისას. პავლე მოციქული ხშირად აღნიშნავს ამ ფაქტს ეპისტოლეებში. ხორციელი ადამიანი სულში ვნებების მატარებელია, როცა ქრისტეს მადლს მიიღებს, იგი თავისუფლდება ძველი სამყაროსგან, ცოდვის სამყაროსგან "რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათნა სჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა; ხოლო აწ განთავისუფლებული ვართ სჯულისა მისგან და მოვუკუედეთ რომლითა - იგი შეპყრობილი ვიყვენით. რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულთა სულითა და არა დაძუელებითა წიგნითა" (რომ. 7. 5-6). მხოლოდ ქრისტესმიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები თავისუფლდებიან ცოდვის სამყაროს შემადგენელი სორციელი სურვილებისგან: "ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით" (გალ. 5. 5-6). ადამიანი თუ სამება ღმერთის მადლს ატარებს, ის სულიერად განიკურნება: "ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ... უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ სჯულისა ქუეშე" (გალ. 5, 16-18). ხორციელი არის ვნებები: ამაზე ზემოთ აღვნიშნეთ. (გალ. 5. 19-21).

 

ვნებებთან და ცოდვასთან ბრძოლა, "წინააღმდეგობა, დარტყმის მიღება და მიყენება" ჩვენი საქმეა, მაგრამ ვნებების "ამოძირკვა", მათი სახეცვლილება უფლის ქმედებით ხდება. ადამიანს თვალების გარეშე ხედვა არ შეუძლია, ენის გარეშე - ლაპარაკი, ყურის გარეშე - სმენა, ფეხების გარეშე - სიარული, ხელების გარეშე - მოქმედება, ასევე იესო ქრისტეს გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ შევა ცათა სასუფეველში"702. "ცოდვის წინააღმდეგობა სულს შეუძლია, ბოროტების ამოძირკვა კი უფლის გარეშე არ ძალუძს"703. უფლის სიყვარულის განცდა, ღვთიურ მადლთან ზიარება, ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი, რაც სული წმინდის ნაყოფია - სახეს უცვლის და კურნავს ვნებებს. სულის ვნებიანი ნაწილის მოკვდინება არ ნიშნავს ვნებების გამოკეტვას უმოქმედოდ", ანუ ცოდვის არ ჩადენას. მათი (ვნებების) მიდრეკილება ბოროტისკენ უნდა შევცვალოთ "სრულად ღვთის სიყვარულით"704. ვნების ღვთისადმი სიყვარულად გარდაქმნა შეუძლია მას, ვინც ეს საკუთარ თავზე განიცადა. თუ ადამიანი ღვთიური სიყვარულით არის ანთებული, რაც ღვთიური შთაგონებაა, მაშინ მისი შინაგანი სამყარო იცვლება და ნათლდება, თბება ღვთიური მადლით. ღვთიური სიყვარული ეუფლება გონებას, ხსნის მას ბორკილებს, არწმუნებს, რომ არ იზრუნოს არც გრძნობად საგნებზე, და არც ამქვეყნიურ დროებით ცხოვრებაზე"705.

 

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ვნებების განკურნება ღვთიური მადლის მოქმედებით აღესრულება. ამ მადლის მიღება კი წმინდა საიდუმლოებებით ხდება, განკურნება სრულდება ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებით. წმინდა ზიარებას სულის განწმენდაში უმთავრესი ადგილი ეთმობა, ის უკვდავების წამალია.

 

ქრისტეს ძალასთან ერთად საჭიროა მოქმედებდეს ადამიანის თავისუფალი ნება. თუ ამგვარი სინერგია (συνεργεία) არ იქნება, ადამიანი ვერ შეძლებს ვნებებზე ანუ ეშმაკზე გამარჯვებას, რადგან "რომელი მძლე ექმნა ვნებათა, იგი მოსწყლავს და შემუსრავს ეშმაკთა"706.

 

ქვემოთ ვნახავთ, როგორია ეს ადამიანური ნების სინერგია. პირველ ყოვლისა, საჭიროა თვითშემეცნება. უნდა ვიცოდეთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. საკუთარი უძლურება თუ არ გავაცნობიერეთ, ვერ განვიკურნებით. იოანე მახარებელი წერს: "უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა" (1. იონ. 1,8). პეტრე დამასკელი აღწერს სულიერი ჭვრეტის რვა სახეობას. ამათგან პირველი შვიდი ამ საუკუნეს განეკუთვნება, მერვე კი მომავალ საუკუნეს. მეორე ჭვრეტაში განიხილავს "ჩვენი ცოდვების ცოდნას და ღვთიურ სიქველეს"707. ამგვარად, თვითშემეცნება, საკუთარი ცოდვებისა და ვნებების შეცნობა - ესეც ღვთის სულიერი ჭვრეტაა.

 

სიამაყე ხშირად სიმამაცეს ერევა, ამიტომ არასოდეს არ უნდა დავუჯეროთ აზრს, თითქოს რაიმე სიკეთე გავაკეთეთ და ამგვარ ფიქრს უნდა განვერიდოთ გააზრებას708. სულიერი გამოცდილების მქონე მამებმა იციან, რა ძნელია ვნებების გამოცნობა ზუსტად, რადგან ჩვენ, ადამიანები დავსნეულდით და ვნებები ჩვენს გონებას შეუერთდა. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ მუდმივად ფხიზლად ვიყოთ. "გამოვიძინეთ თავნი ჩვენნი ყოველთავე ვნებათა ზედა და სათნოებათა, თუ რომელსა საზომსა შინა ვართ დასაბამსა, ანუ საშუალსა, ანუ აღსასრულსა"709. ეს აუცილებელია, რადგან სულიერი ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა და მის სრულყოფილებას საზღვარი არა აქვს. ჩვენ მუდმივად უნდა განვიწმენდდეთ სულს, რათა ღმერთთან ურთიერთობა შევძლოთ, ამ ღვაწლში ხელს გვიშლის ხშირად თვითკმაყოფილება და შეყოვნება.

 

თვითშემეცნება საჭიროა იმიტომ, რომ ადამიანი სამ მდგომარეობაში იმყოფება: "ან ვნებებით მოქმედებს, ან ეწინააღმდეგება მათ, ან თრგუნავს"710. საკმარისი არ არის ვნებების მოქმედების შეჩერება სხვადასხვა საკურნებელი საშუალებებით, აუცილებელია მათი გარდაქმნა ღვთისადმი და ადამიანებისადმი სიყვარულად. წარმატებული თვითშემეცნებისათვის გარეგნული სიმშვიდეა (ἡσυχία) საჭირო. ცოდვის ქმედება უნდა შევწყვიტოთ. სანამ ხორციელი გრძნობები მოქმედებენ, თვითშემეცნება შეუძლებელია. "გონებას ვადევნოთ თვალყური, რომელი საგნის მიმართ აქვს ვნება"711.

 

საკუთარი ვნებების შეცნობა სინანულთან და აღსარებასთან არის დაკავშირებული. ცოდვების შეცნობა და სულიერი უძლურების განცდა მონანიების პირველი საფეხურია. სინანული ცოდვის აღიარების გარეგნული გამოვლინებაა. ახლა ვისაუბრებთ სწორედ აღსარების საიდუმლოზე.

 

წმინდა წერილსა და მამათა თხზულებებში საუბარია აღსარების ორ სახეობაზე. პირველი არის გონებითი (νοερά) აღსარება, რომელსაც ლოცვის დროს ვამბობთ. მეორე კი სულიერი მოძღვრის წინაშე ნათქვამი. იოანე სინელი გლოვის შესახებ წერს: "გლოვა ტანჯვა არის სვინდისისა, დაუცადებელი, რომელი აღსარებისა მიერ სულიერისა აღაგზნებს ცეცხლსა მას გულისა"712. გონებითი აღსარება იწვევს გლოვას, რითაც ადამიანის გული მშვიდდება. გარდა ამისა, აღსარება არის სინანული, ეს გულის ტირილია, რაც ბადებს "გონების დავიწყებას". "გლოვა დავიწყება არის გონებისა, ვითარცა მას ნეტარსა მას დაავიწყდა ჭამად პური, რომელიცა გალობს ამას"713. დიადოხოს ფოტიკელის სიტყვებით "უნებლიე ცოდვით დაცემისას აღსარება უნდა ვთქვათ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე" და არ შევჩერდეთ "სანამ სიყვარულის ცრემლებით არ მივიღებთ შენდობას"714. წმინდა მამა მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ყურადღებით "რათა ჩვენმა სინდისმა არ შეგვაცდინოს თითქოს სრულიად აღვუარეთ ცოდვები უფალს"715. წმინდა დიადოხოსი გვაფრთხილებს, რადგან ხშირად ცოდვების აღიარებისას უყურადღებოდ ვართ და თვითკმაყოფილებას ვეძლევით, რომ აღსარება ვთქვათ. ეს ყალბი განცდაა. საჭიროა მუდმივად მზადყოფნა. თუკი ღირსეულად არ ვაღიარებთ ცოდვებს "ამქვეყნიდან გასვლისას გაურკვეველი შიში შეგვიპყრობს716.

 

უფლის წინაშე ლოცვისას წარმოთქმული აღსარება ხელს არ უშლის სულიერი მოძღვრის წინაშე ცოდვების აღიარებას. ორივე აღსარება ერთმანეთს ავსებს. ლოცვითი აღსარების შემდეგ სულიერ მოძღვარს უნდა მივაკითხოთ, რადგან ღმერთმა მას მიანიჭა ცოდვათა მიტევების უფლება: "მიიღეთ სული წმიდაჲ". უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილი იყვენით" (იო. 10. 22-23) ამ სიტყვებიდან ჩანს, რა მადლი მიანდო უფალმა მღვდელმსახურს717. იოანე ოქროპირის თანახმად მღვდლები მიწაზე ცხოვრობენ და "ზეციურს განმგებლებად განწესდნენ" რადგან "რასაც მღვდლები მიწაზე ასრულებენ, უფალი ზეცაში ასრულებს და უფალი განამტკიცებს თავის მონათა718 აზრს"719. აი რატომ უნდა მივიდეთ განსაკუთრებულად სულიერ მოძღვართან. "ყოვლისა პირველად აღუარნეთ ცოდვანი ჩვენნი კეთილისა მას წინამძღვარსა ჩვენსა ხოლო; და უკუეთუ გვიბრძანოს წინაშე ყოველთაცა აღვიარნეთ, რამეთუ წყლულებანი რაზომცა გამოჩნდებიან, არა განფიცხდებიან, არამედ განიკურნებიან"720. წარმატებული მკურნალობისთვის კარგი მკურნალია საჭირო. ყველა სულიერ მოძღვარს შეუძლია აღსარების საიდუმლოს შესრულება, მაგრამ კურნება ყველას არ ძალუძს, რადგან არა აქვთ სულიერი ხელდასხმა, რის შესახებაც წინა თავებში ვისაუბრეთ. სხეულის სნეულებათა გამოცნობა ხშირად ძნელია, უფრო რთულია სულიერი უძლურების დადგენა. სულის ვნებები ამოიცნობა ხშირად"721. "ხოლო როცა სულიერი მოძღვარი იტყვის "ვითარმედ თუ ვერ ძალმიძს განკურნება შენი, მაშინ ჭირისა მისგან ჯერ-არს, რაჲთა სხვა მკურნალი მოვიძიოთ, რამეთუ თჳნიერ მკურნალისა მცირედნი განკურნებიან722.

 

აღსარების ღირსებისა და მნიშვნელობის შესახებ წერენ თანამედროვე ფსიაქიატრები. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი იხსნება და არ იკეტება თავის თავში. ეკლესიურ ენაზე ვამბობთ: თუ ადამიანს შეუძლია უფალს გაუხსნას გული სულიერი მოძღვრის დახმარებით, ის თავიდან აირიდებს სულიერ სნეულებებს, შეშლილობასაც კი. აღსარების მნიშვნელობას საქმით ვიგებთ. ცოდვიანი სხეულიც გვაუძლურებს და გვღლის, როცა გადავწყვეტთ აღსარების თქმას, მაშინ იწყება კურნება. სიმშვიდე ისადგურებს სულსა და სხეულში. ოღონდ სწორად უნდა ვაღიაროთ ცოდვები.

 

ეშმაკმა იცის აღსარების ფასი, ამიტომ გვაიძულებს ან არ ვაღიაროთ ცოდვები და კიდევ სხვას "გარდავწამოთ საქმენი ჩვენნი." მოძღვრის წინაშე რეალური ჭრილობების გასაშიშვლებლად სულიერი გამბედაობაა საჭირო. იოანე სინელი მოგვიწოდებს: "გამოუცხადენ წყლულებანი შენნი მკურნალსა" და აღიარე: "ვითარმედ ჩემ მიერ მიწევნულ არს ჩემზედა, შენი ესე მამაო. ჩემი არს წყლულება ესე თვისისა უდებებისაგან, და არა სხვისა ვისგანმე შემთხვეული, და არა ვინ ქმნილ არს სხვა მიზეზ ჩემისა ამის ბოროტისა, არცა კაცი, არცა ხორცნი, არცა სხვა რაჲმე თჳნიერ უდებებისა და დახსნილებისა ჩემისა"723. არ შეგვრცხვეს, უფრო სწორად, დავთრგუნოთ ცოდვის აღიარების სირცხვილი. მივემსგავსოთ `შეცოდებულს და დასჯილს წინაშე მსაჯულისა". იოანე სინელი ამბობს იმასაც, რომ "უკეთუ შესაძლებელ იყოს მსაჯულისა მის და მკურნალისა ფერხთა, ვითარცა ქრისტესთა ცრემლით დაალტობდი". წმინდა მამა აგრძელებს, უნახავს "დასჯილნი, რომელთა სახითა საწყალობელითა და აღსარებითა და ვედრებითა სიფიცხე მსაჯულისა მოდრიკეს მოწყალებად და გულის წყრომა მისი შესცვალეს სიტკბოებად"724.

 

ბუნებრივია, რომ ადამიანს რცხვენია საკუთარი ჭრილობის აღიარება, მაგრამ ამ სირცხვილს უნდა სძლიოს. "ნუ დაფარავ შენს სირცხვილს". ცოდვების აღიარებისთანავე შინაგანი სიმშვიდე მოდის. შემონახულია გადმოცემა, რომ ერთი ბერი გმობის ვნებით იყო შეპყრობილი. მარხვით და მღვიძარებით თრგუნავდა ამ ვნებას, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა. ბოლოს გადაწყვიტა მოძღვრის წინაშე ეღიარებინა და დაწერა ქაღალდზე. აღსარების შემდგომ, უმალვე განიკურნა. თავად ბერის სიტყვებით "არღა გამოსრული ვიყავ სენაკისაგან... ოდეს უჩინო იქმნა ვნება იგი"725. ეს ფაქტი ცხადყოფს ჭეშმარიტებას, აღსარება ადამიანის მცდელობის შედეგი არ არის, ამ დროს ღმერთი მოქმედებს. სული ღვთიური მადლით იკურნება. არც მარხვას და არც მღვიძარებას არ მოაქვს სარგებელი, თუ აღსარება არ ვთქვით.

 

ხშირად სულიერი მკურნალები აღსარებაზე მოსულ ადამიანებთან წინააღმდეგობას აწყდებიან. მაშინ, როცა ეს უკანასკნელნი თავმდაბლობით და თვითშეგნებით არ მოდიან... აღსარების საიდუმლოთი სულიერი ოპერაცია სრულდება, ამიტომ ავლენს წინააღმდეგობას სნეული. წმინდა მამების მოწოდება ნათელია; "ნუ განრისხდები, როცა შენი ნებართვის გარეშე გაგიკეთებენ ოპერაციას. იხილე მოშორებული უწმინდურება, განკურნე შენი თავი, განადიდე უფალი, რომლის წყალობითაც განიკურნე"726. ცოდვების აღიარება სულიდან უწმინდურებას აქრობს. ამის გამო ჩვენში უნდა გაიღვიძოს ერთი მხრივ თვითგანსჯის უნარმა და მეორე მხრივ სულიერი მოძღვრისადმი მადლიერებამ. "ვინც განერიდება აღსარებას, ის ვნების არსებობას ნათელყოფს, ხოლო ვინც აღიარებს, იგი მისგან თავისუფლდება"727.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სინანული აღსარების საიდუმლოსთან ერთად კურნავს ადამიანის ჭრილობებს. ნუგეშისმცემელი სულით აღძრული სინანული წვავს გულს და ყველა ჭრილობას. ამ მდგომარეობაში ადამიანი მოიპოვებს უდიდეს საგანძურს -უქალწულებას. ნიკიტა სტითატი მოგვიწოდებს "ნუ იტყვი შენს გულში: მე ქალწულების უბიწოებას ვერ შევინარჩუნებ, რადგან სხეულით ბევრჯერ ვცოდე". თუკი დაკარგა ადამიანმა ქალწულება, მისი ხელახლა მოპოვება შეუძლია ცრემლით მეორედ ნათლობით, ანუ სინანულით. წმინდა მამა აგრძელებს: "იქ, სადაც სინანულის ტკივილით და სულის სითბოთი გლოვის ცრემლი მდინარედ მოედინება, ცოდვის სიმაგრე ინგრევა და ვნების ცეცხლი ქრება. სრულდება ხელახალი დაბადება ნუგეშის მცემელი სულისგან. სული ქალწულებისა და უბიწოების სასახლედ იქცევა"728.

 

ადამიანის ხელახლა შობა ვერ მოხდება, თუ ის არ დაემორჩილა სულიერ მოძღვარს, რომელსაც ქრისტესმიერი მადლით მისი განკურნება შეუძლია. "სულიერ მოძღვრისადმი დაუმორჩილებლობა", ისე როგორც ქრისტე ჯვარცმამდე ემორჩილება მამას, ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იშვება [ხელახლა] ზემოდან (ღვთისგან ე.დ.)"729. ამგვარი შობა "ჩვეულებრივ სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებით ხდება"730. ხშირად ისეც ხდება, რომ სულის ვნებები აღსარების შემდეგ, მაშინვე არ იკურნება. სულის ვნებებისგან გასათავისუფლებლად დიდი ბრძოლა და მოღვაწეობაა საჭირო. ცოდვათა მიტევება არ არის ჩვეულებრივი აღსარება, რომელსაც ვამბობთ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და პრობლემების დროს, ცოდვათა მიტევება ვნებებისგან განთავისუფლებაა. ვინც ქრისტეს მადლით არ განთავისუფლებულა ვნებებისგან, "ცოდვები არ შეუნდვიათ მისთვის"731. "ვითარცა შეუძლებელი არს რათამცა მრავალ ჟამ დასნეულებული ერთსა წამსა, პირველსავემცა ძალისა და სიმრთელესა მოვიდა, ეგრეთვე შეუძლებელ არს, თუმცა კაცმან ვნებულმან მეყსაშინა მოსპოლნა ვნებანი მისნი სრულიად"732. საჭიროა დრო და ღვაწლი, რადგან "საქმით აღსრულებული ვნებები საქმით იკურნება" "თავშეკავებას, სულიერ შრომას და ღვაწლს უვნებლობა მოაქვს"733. ქვემოთ ვისაუბრებთ სულის სამივე ნაწილის, სულიერი და ხორციელი ვნებების კურნებაზე. ახლა სულის ზოგადი კურნების მეთოდებს აღვწერთ.

 

ნაშრომის წინა თავში მოვიყვანეთ გრიგოლ პალამას მოსაზრება სულის სამი ნაწილის შესახებ. წმინდა მამა ამბობს, რომ ღვთისგან განშორება სულის თითოეული ნაწილის სნეულება კი არ არის, არამედ ადამიანის მთლიანი სულისა. ამიტომაც მისი განკურნებაა საჭირო. კურნება სულის სიგლახაკეა და მას უფალი ნეტარს უწოდებს. "დავგლახაკდეთ სულით დამდაბლებით, ხორცი დავთრგუნოთ, ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლად"734. აზროვნება, (λογική) სადაც დიდებისმოყვარეობის ვნება ბობოქრობს, განვკურნოთ თავმდაბლობით. სურვილიანი ნაწილი სულისა, სადაც მომხვეჭელობისა და ვერცხლისმოყვარეობის ვნებებია, განვკურნოთ უპოვარებით, მრისხანებას, რასაც ხორციელი ვნებები აღძრავენ, ღვაწლითა და თავშეკავებით ვუწამლოთ. გრიგოლ პალამა დიდებისმოყვარეობის ვნების კურნებად მიიჩნევს განმარტოებას და მდუმარებას. "განკურნებაში გვეხმარება განშორება, განმარტოება და კელიაში ყოფნა"735. ხორციელი ვნებები იკურნება სხეულის დათრგუნვით, რასაც თან ახლავს ლოცვა და გულის დამდაბლება, ეს არის სულის სიგლახაკე"736. სამგვარი სიგლახაკე წარმოშობს ღვთიურ გლოვას, რასაც სიმშვიდე მოაქვს. სინანული ბადებს ცრემლებს. ადამიანის გონების განწმენდაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცრემლებს. სხეულის სიგლახაკე გულს შემუსრავს "გული იმუსრება (მდაბლდება ე.დ.). სამნაირი თავშეკავებით ძილისგან, საკვებისგან და სხეულის დასვენებისგან. სული გულის დამდაბლებით თავისუფლდება და იღებს სული წმინდისეულ სიხარულს"737.

 

თვითგანსჯა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს. ის თავმდაბლობით და სხეულის გლოვით წარმოიქმნება. მატერიალური სიღარიბე - უპოვარება სულის სიგლახაკეს უკავშირდება და იგი განწმენდს გონებას. გრიგოლ პალამას სიტყვებით, როცა გონება "განეშორება ყოველივე გრძნობიერს, ამაღლდება მიწიერ საზრუნავზე და თავის თავს უღრმავდება, მაშინ ხედავს საკუთარ სულში "დაცემულ პიროვნებას" და ისწრაფვის ცრემლით განწმიდოს იგი"738.

 

ამგვარად განიწმინდება ადამიანის გონება და აზრების სიმშვიდეს მოიპოვებს. გონება, როცა "სული წმიდის მადლს შეიგრძნობს, მაშინ მადლი იმას, როგორც მხატვარი "გვიხატავს" ხატად და მსგავსად"739. ადამიანი ხდება პიროვნება, რაც ღვთის მსგავსებას ნიშნავს. გლოვა თავდაპირველად მტკივნეულია, რადგან ღვთის შიშს ერწყმის, მაგრამ დიდი სარგებლობა მოაქვს. თუ ეს გლოვა გრძელდება, ადამიანში ღვთის სიყვარული იბადება და თავად ადამიანი ღმერთს ემსგავსება. თუკი ღრმად განიცდის გლოვას, მაშინ "უტკბესი და წმინდა ნუგეში მოდის ნუგეშისმცემლისგან"740. გლოვის დასაწყისი ღვთის წინდობის ძებნაა, რაც მიუღწეველი ჩანს". ღვთის მოყვარულნი იღვწიან და ლოცულობენ. გლოვის დასასრული კი საქორწინო და წმინდა ერთობაა სულისა ღმერთთან"741.

 

გრიგოლ პალამას მოსაზრებით სულის სამი ნაწილის განკურნება მათი შესაბამისი "წინააღმდეგობით" ხდება. სიგლახაკისგან იბადება გლოვა. ტირილს და ცრემლს ადამიანი ღმერთთან მიჰყავს. ცრემლთა დენა გონებას და გულს განწმენდს. იოანე დამასკელიც, როგორც ვნახეთ, სულს სამ ნაწილად ყოფს: მოაზროვნე (λογική) მრისხანე და სურვილიან. მოაზროვნე ნაწილის საკურნებელია "ღვთის რწმენა, ჭეშმარიტი დოგმატების ცოდნა, წმინდა ლოცვა და მუდმივი მადლიერება ღვთისადმი", მრისხანე ნაწილის განკურნება "კაცთმოყვარეობა, სიყვარული, მოყვასის სიყვარული, თანადგომა, მოთმინება და სიკეთე". და სურვილიანი ნაწილის საკურნებელია: "მარხვა, თავშეკავება, უპოვარება, გლახაკთათვის მოწყალების გაცემა, სიკეთისკენ სწრაფვა, უფლის სასუფევლის ძიება, ღვთის შვილების სურვილი"742.

 

ამგვარ სწავლებას მოკლედ გადმოგვცემს იოანე სინელი: "წმინდა სამების მიერ შევიჭურნეთ, სამთა მათ ვნებათა ზედა (სამნი ვნებანი არიან გემოთმოყვარება, ვერცხლისმოყვარება და ამპარტავნება") სამ-სახედ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა"743. (ანუ ამ სამ ვნებას თავშეკავებით, სიყვარულით და თავმდაბლობით დავუპირისპირდეთ).

 

აღვნიშნეთ, რომ წმინდა მამები სულის ვნებიან ნაწილს მიაკუთვნებენ მრისხანებას და სურვილის ძალას. სულს აქვს მოაზროვნე და ვნებიანი ნაწილები. მოაზროვნე ნაწილი იწმინდება კითხვით (წმინდა წერილს ე.დ.) და ლოცვით, ვნებიანი კი - სიყვარულით და თავშეკავებით"744.

 

მარკოზ მოღვაწე, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, დავიწყებას, უგნურებას და სიზარმაცეს ვნებების გოლიათებად მიიჩნევს. წმინდა მამა მოგვიწოდებს, რომ დავიწყება "ღვთისმიერი მშვენიერი მახსოვრობით" განვკურნოთ, დამღუპველი უგნურება "ღვთიური ცოდნით" გავანადგუროთ და სიზარმაცე კი "კეთილი საქმეების აღსრულებისთვის მზადყოფნით დავძლიოთ"745. კიდევ არსებობს ვნებების დაყოფა სულიერად და ხორციელად. ისინი შესაბამისი სულიერი საქმეებით იკურნება. ხორციელ სურვილებს აჩერებს თავშეკავება, მარხვა და სულიერი ბრძოლა. სულიერ წვას და გულის მღელვარებას წმინდა წერილის კითხვა აგრილებს, მუდმივი ლოცვა ამდაბლებს და დუმილი მოწყალებასავით ამშვიდებს"746.

 

წმინდა მამები თავიანთ მაკურნებელ ასკეტურ თხზულებებში წარმოადგენენ ვნებებთან ბრძოლის თანმიმდევრობას. ნიკიტა სტითატის სიტყვებით უმთავრესი ვნებებია სიამოვნებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა. ისინი შეესაბამება სულის სამ ნაწილს. სამ მთავარ ვნებასთან საბრძოლველად სამი გზა არსებობს: ესენია შესავალი, შუა და დასასრული. "ვინც რწმენით შეიმოსა და იწყებს ბრძოლას". იგი დამწყებია და ერკინება სიამოვნებისმოყვარეობას". იგი თრგუნავს ხორცს მარხვით, მიწაზე წოლით, მღვიძარებით და ღამისთევის ლოცვით, სულის წვრთნით, ჯოჯოხეთის სასჯელის გახსენებით და სიკვდილის ხსოვნით. ვინც ღვაწლის შუა გზაზეა, ანუ სიამოვნებისმოყვარეობისაგან განთავისუფლებულია. "იარაღს ისხამს ვერცხლისმოყვარეობის საწინააღმდეგოდ" და ის, ვინც "უფლის ჭვრეტითა და უვნებობით გაიარა და ღმრთისმეტყველების ჩრდილშია, ებრძვის დიდებისმოყვარეობის ვნებას"747. ამრიგად, პირველად ვებრძვით სიამოვნებისმოყვარეობას, შემდეგ ვერცხლისმოყვარეობას და ბოლოს დიდებისმოყვარეობას, ასეთია კურნების თანმიმდევრობა. აქამდე ვთვლიდით ვნებების კურნების ცალკეულ მეთოდებს. ახლა უნდა განვაზოგადოთ და წარმოვადგინოთ განკურნების ზოგადი საშუალებები, რომლებიც ყველა ვნებისთვის საერთოა.

 

უპირველეს ყოვლისა სულიერ ბრძოლაში დაუშვებელია შფოთი. ეს უკანასკნელი ღვაწლს შემდგარ ადამიანს მეტისმეტად ვნებს. ვნება თუ შეგვაწუხებს, არ უნდა შევშფოთდეთ, რადგან ეს უგუნურება და ამპარტავნებაა და იქიდან მომდინარეობს, რომ ვიცით საკუთარი სულის მდგომარეობა და შრომას გავურბივართ, ამ დროს საჭიროა მოთმინება, ღვაწლი და ლოცვა ღვთის წინაშე748. ჩვენს საკუთარ თავს არ ვენდოთ, მივმართოთ ჩვენი არსება ღმერთისკენ. "ვნებით სავსენი ვართ და არ უნდა ვერწმუნოთ გულს, რადგან არასწორი სწორად მოგვეჩვენება და პირიქით, სწორი არასწორად"749.

 

კიდევ ერთი რჩევა ვნებებთან საბრძოლველად ის არის, რომ საჭიროა მათ წინ აღვუდგეთ, სანამ არ გაზრდილან. რაც მცირეა შეცოდება, "მოკვეთე, სანამ გაიზრდება და დამწიფდება". თუკი ადამიანი უგულებელჰყოფს ვნებებს, მათში აღმოაჩენს "არაადამიანურ მეუფეს", "ვინც ებრძვის ვნებებს თავიდანვე იგი მეუფებს მათზე"750. მართლაც, "ადვილია პატარა მცენარის ამოგლეჯა და რთულია დიდი ხის ამოძირკვა"751. თავდაპირველად ვნებების მოკვეთას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ, რაც უფრო მყარდება და რაც დრო გადის, "უფრო მეტი შრომაა საჭირო მათგან გასათავისუფლებლად"752.

 

ახალგაზრდა ვნებებთან ბრძოლა უფრო ადვილია. უნდა მოვსპოთ ვნების გამომწვევი მიზეზი. ზემოთ აღვწერეთ აზრიდან როგორ ვითარდება ვნება. აზრების მიმართ ყურადღებით და ცბიერის წინადადების უარყოფით ჩვენ ვეწინააღმდეგებით ვნების დაბადებას და აღძვრას. ვინც გამომწვევ მიზეზს მოსპობს, ის "სხვა დანარჩენსაც მოკვეთს"753.

 

ადამიანის გონება გრძნობად საგანზე შეჩერდება, მაშინ დაიბადება ვნება. საჭიროა გონების დამატყვევებელი საგნის უგულებელყოფა, თუკი ამას არ გააკეთებს ადამიანი, მაშინ "ვნებისგან ვერ განთავისუფლდება"754.

 

ამგვარი სულიერი ღვაწლისთვის საჭიროა "განვერიდოთ ბილწ სურვილებს და ქმედებებს უკანმოუხედავად"755. ყველა წმინდა მამის სწავლებაში მთავარია ვნების გამომწვევი მიზეზის მოსპობა. სულისა და სხეულის მკურნალი უფალი მოგვიწოდებს: ნუ განვერიდებით ადამიანებთან ურთიერთობას", მოვიკვეთოთ მხოლოდ ჩვენში არსებული ცოდვის გამომწვევი მიზეზები"756. "ვისაც სძულს ვნებები, ის მათ მიზეზებსაც სპობს"757. მოღვაწე (ასკეტი), როცა ეწინააღმდეგება აზრს, მაშინ "სუსტდება ვნება და ბრძოლის უნარს კარგავს, აღარ შეუძლია მწუხარების მიყენება" და ასე "ნელ-ნელა ღვაწლით და ღმერთის შემწეობით, გადალახავს თვით ვნებასაც"758.

 

ვნების გმომწვევი მიზეზის მოკვეთის შესახებ წმინდა მამების საერთო მოწოდებაა: "რა დროსაც არ უნდა მოგეახლოს ვნება, მაშინვე მოიკვეთე იგი"759.

 

დიდი ბრძოლაა საჭირო ვნების დასაცხრომად: შემდეგ კი სულიერი მღვიძარება "ვნება რომ არ გამრავლდეს~ და კიდევ ბრძოლა სათნოებათა მოსაპოვებლად და მათ დასაცავად"760. ამგვარად, ჩვენი მცდელობა ბრძოლასა და მღვიძარებას შორის უნდა იყოს. ვნებებისგან განწმენდა უდიდესი ღვაწლია. ადამიანის განწმენდა რაღაცის უარყოფაა და რაღაცის თანხმობა. წმინდა მამების სიტყვებით სულიერი ბრძოლა ქრისტეს მცნებების დაცვაა. ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი იღვწის სხეულის სულისთვის და სულის ღმერთისათვის დასამორჩილებლად, მასში სხეულებრივი და სულიერი სათნოებები იბადება. დაცემულ ადამიანში სხეული საზრდოს მატერიალური სამყაროსგან იღებს. სული სხეულისაგან. საჭიროა, რომ პირიქით იყოს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ბუნებრივი მდგომარეობისაგან, რათა სულმა ისწავლოს საზრდოს მიღება ღვთიური მადლისაგან, სხეულმა კი "მიმადლებული" სულისაგან. ასე მთელი ჩვენი სხეული გაწონასწორდება. ამ მდგომარეობას მივაღწევთ სათნოების მოპოვებით: თავმდაბლობით, სიყვარულით. მარხვით, ღვაწლით, ლოცვით, მორჩილებით, ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე სათნოებაზე, რაც ადამიანს სულიერი ფერისცვალებისთვის სჭირდება.

 

სიყვარულის განცდისკენ სწრაფვა ყველა ვნებას განაგდებს: "იღვაწე იმისთვის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად შეიყვარო და მაშინვე გაგშორდება ყველა ვნება"761.

 

უწყვეტი ლოცვა, "უფლის სახელის მოხმობა უწყვეტად ანადგურებს არა მარტო ვნებებს, არამედ საქმესაც". ექიმი, როცა ჭრილობას წამალს ადებს და ის მოქმედებს, ასევე ღვთის სახელი, "როდესაც მას მოუხმობენ, ანადგურებს ვნებებს ისე, რომ ჩვენ არც ვიცით"762. იოანე სინელი ამბობს: "ჭეშმარიტი ძლევა ყოველთა მათ... ვნებათა სიმდაბლე არს, რომელი იგი უკეთუ ვინ მოიგოს ყოვლისადვე უძლევიეს"763.

 

დავით მეფსალმუნე ამბობს: ამობრწყინდა მზე - შეგროვდებიან მხეცნი...".

 

წმინდა მამა ამ სიტყვებს შემდეგნაირად განმარტავს: "მოჰფენასა მზისასა სიმდაბლისა მიერ ჩვენ შორის შეკრბიან კვალად მხეცნი და სადგურთავე თჳსსა დაადგრიან, რომელი არიან გემოთმოყვარულნი სულნი და არღარა ჩვენ თანა იყვნიან"764. სიმდაბლის წყალობით ამოდის მზე სიმართლისა და ვნებების ყველა მხეცს განაგდებს. სულის ძალთა და სათნოებათა შეერთება ვნებათა ზემოქმედებისგან გვანთავისუფლებს"765. სულიერი მოძღვრის მორჩილება და თავშეკავება ათვინიერებს ვნებების მხეცებს"766.

 

ქრისტიანი იღვწის იმისთვის, რომ "სხეულს ერთი საზრდო ჰქონდეს, გონებას ერთსიტყვიანი ლოცვა და ასე "ვნებებისგან დაუმორჩილებელი უფლისკენ იქნება აღტაცებული ლოცვის დროს"767.

 

ვისაც სურს განთავისუფლდეს ყველა ვნებისგან, მან უნდა ისწავლოს "თავშეკავება, სიყვარული, ლოცვა"768. "არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც ვნებების გამრავლებას ხელს უშლის, და ისეთებიც, რომლებიც ასუსტებენ მათ. მარხვა, შრომა და მღვიძარება სურვილს თოკავს. განმარტოება, ჭვრეტა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ვნებებს ასუსტებს და აქრობს. მრისხანებას აჩერებს დიდსულოვნება, ცუდის დავიწყება, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კაცთმოყვარეობა ამცირებს მას (მრისხანებას)769. "ვინც გულწრფელად განუდგება მიწიერ საგნებს და წრფელად, სიყვარულით ემსახურება მოყვასს, სწრაფად განთავისუფლდება ვნებისგან და ღვთიური სიყვარულისა და ცოდნის თანაზიარი გახდება"770.

 

მღვიძარება, წინააღმდეგობა და ლოცვა განსაცდელის მიზეზს განაგდებენ და იგი ვერ ასწრებს ვნებად გადაქცევას. ამგვარად, თუ გონება ფხიზლობს, ეწინააღმდეგება (ვნებას) და მოუხმობს იესო ქრისტეს, ჩასახვისთანავე უკუაგდებს მიზეზს ვნებებისას და ვნებასაც არავითარი შედეგი არ მოჰყვება"771.

 

ღმერთმა ადამიანს ორი დიდი მადლი მისცა. მათი საშუალებით შეუძლია გადარჩენა და ყველა ვნებისგან განთავისუფლება, ესენია თავმდაბლობა და მორჩილება"772.

 

განწმენდაში გვეხმარება ღვთის სიტყვა. პავლე მოციქული ქრისტიანის სულიერ იარაღებს მიაკუთვნებს ღვთის სიტყვას: "და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგით და მახჴლი იგი სულისაჲ რომელი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ" (ეფეს. 6.17). მუდმივად უნდა გვქონდეს თვალწინ უფლის სიტყვები: "ისწავლე ღმერთის სიტყვები, რადგან მათში (გამოხატული) შრომისმოყვარეობა ვნებებს თრგუნავს"773. წმინდა თალასე უფლის მცნებების დაცვასაც მოგვიწოდებს "ვნებებისაგან გასანთავისუფლებლად"774. უფლის მცნებები სულის სამ ნაწილს შეესაბამება. "ღვთიური მცნება დაკანონებულია სულის სამი ნაწილისათვის და აჯანსაღებს მათ"775. წმინდა ფილოთეოსს თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. სულის მრისხანე ნაწილს შეესაბამება მცნება: "რომელი განურისხნეს ძმათა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა" (მათ. 5. 22) სურვილიან ნაწილს-მცნება: "რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (მათ. 5. 28). მოაზროვნეს - "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10. 38). წმინდა მამის სიტყვებით იესო ქრისტე სულის სამივე ნაწილისთვის განაწესებს მცნებებს, მათ საწინააღმდეგოდ კი მოქმედებს ეშმაკი და ებრძვის უფლის მცნებებს"776. ქრისტეს მცნებების დაცვით განვიწმიდებით ვნებებისგან "ადამიანის შინაგან სამყაროში განლაგებული სიავისგან"777.

 

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ვნებების საწინააღმდეგოდ ყველაზე შედეგიანი იარაღებია ტირილი, სინანული და აღსარება. "ღვინისგან დასვრილს წყალი რეცხავს, ვნებისგან დაბნელებული კი ცრემლით განიბანება"778. სინანული ივსება ჩვენს ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა განსაცდელით და გამოცდით ანუ "უნებლიე წუხილით". ბოროტების საწამლავი ბევრია და სინანულის განმწმენდელი ცეცხლია და ცრემლია საჭირო გასაწმენდად. ჩვენ განვიწმინდებით ცოდვის სიბინძურისგან ან "ნებსითი ღვაწლით" ან "უნებლიე განსაცდელებით". ნებსითი ღვაწლის აღსრულების შემდეგ აღარ მოდის დიდი განსაცდელი. უფალმა ასე მოაწყო: თუკი ნებსითი ღვაწლს არ მოაქვს განწმენდა, მაშინ "უნებური განსაცდელები გვეგზავნება "ბუნებრივი მდგომარეობის აღსადგენად"779. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში განსაცდელები ჩნდება, რადგან ნებით არ მოგვინანიებია ცოდვები. ნებით უნდა ვიტვირთოთ სინანულის ჯვარი, მაშინ თავს დავიცავთ განსაცდელებისა და ცდუნებების არასასურველი და უმძიმესი ჯვრისაგან.

 

ვნებებისგან კურნებაში საიმედო იარაღია სიმშვიდე. გონებითი სიმშვიდე, რაზეც მომდევნო თავში ვისაუბრებთ დაწვრილებით. პავლე მოციქული ადასტურებს, რომ "არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს" (2. ტიმ. 2.4). მარკოზ მოღვაწე მიუთითებს, ვნების დამარცხების მსურველი თუ მიჯაჭვულია ამქვეყნიურ საქმეებს, ის ჰგავს ისეთ ადამიანს, ვისაც ცეცხლის ჩაქრობა წვრილი ჩალით სურს"780.

 

განმარტოება და სიმშვიდე სერიოზული საუბრის თემაა. განმარტოება ყველასთვის კარგი არ არის. თუკი სულში ფარული ვნებაა, უდაბნოში ის ვერ განიკურნება, რადგან იქ არ არსებობს მისი გამომწვევი საგნები. იოანე სინელი ამბობს: "რომელსა აქვნდეს ვნება და ხელყოს დაყუდებასა, მსგავს არს კაცსა, რომელმან გარდაიგდოს თავი თვისი ნავით გულსა ზღვისასა და არა აქვნ ხელითა მისთა ფიცარი მცირე და ნებავნ უშრომელად ქვეყნად განსვლად"781.

 

წმინდა მამების რჩევები სიმშვიდის შესახებ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სიმშვიდე (ἡσυχία) არის "უფლისმიერი ცხოვრება" და გონების სიწმინდე. ასეთია ე.წ. გონებითი სიმშვიდე. გარეგანი გამაღიზიანებლებისგან გრძნობების შემოსაზღვრა და ლოცვის გაძლიერება გვეხმარება ვნებებისგან განთავისუფლებაში. თუკი ადამიანი მომზადებული არ არის და არა აქვს ლოცვა-კურთხევა მიღებული გამოცდილი სულიერი მოძღვრისგან და ისე გადის უდაბნოში, მაშინ ის ვერ პოვებს კურნებას. თუ ადამიანს განმარტოებისთვის აუცილებელი წინაპირობები არ აქვს, უდაბნოში ვნებები იმალება და ვერ განთავისუფლდება მათგან782. განკურნების ზოგადი მეთოდები ამგვარია. ახლა შევჩერდეთ ცალკეული ვნების განმკურნელებელ საშუალებებზე.

 

იოანე კასიანე რომაელის სიტყვებით არსებობს რვა ბოროტი გულისთქმა: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, უზრუნველობა (გულგრილობა), ცუდად მზვაობრობა და ამპარტავნება. როგორ იკურნება ეს რვა აზრი, რომელთაც რვა ვნება შეესაბამება? ნაყროვანება იკურნება თავშეკავებით, "ყოველდღიური მარხვით" და "საყლაპავის სიამოვნების აკრძალვით"783. სიძვისგან განსაკურნებლად "გულში ბილწი აზრი არ უნდა შევუშვათ" სიძვას კურნავს გულის დამდაბლება, `უფლის წინაშე მუდმივი ლოცვა, წმინდა წერილის კითხვა, ხელსაქმე... უპირველეს ყოვლისა კი სულის დამდაბლება"784. ვერცხლისმოყვარეობა იკურნება უპოვარებით, როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის მამათა გამოცდილება გვასწავლის785.

 

გულის თვალების დამაბრმავებელი მრისხანება იკურნება მოყვასისადმი უბოროტო განწყობით. შინაგანი სიმშვიდე, რაც მრისხანების საპირისპიროა, მიიღწევა "არა მოყვასის დიდსულოვანი დამოკიდებულებით ჩვენდამი, არამედ ჩვენი მისადმი კეთილგანწყობით". არ უნდა განვურისხდეთ არც ადამიანებს, "არც პირუტყვს და არც უსულო საგნებს". მრისხანების დასათრგუნად უნდა განვერიდოთ, როგორც მოქმედებას, ისე გააზრებულ რისხვასაც. განსაცდელის დროს დავდუმდეთ და "განვიწმინდოთ გული გულღრძობისგან და აზრად არ გავივლოთ მოძმისადმი ბოროტი განზრახვა". სრული განკურნება კი მაშინ ხდება, როცა ვირწმუნებ, რომ არც სამართლიან და არც უსამართლო ადამიანებზე არ უნდა განვრისხდეთ"786.

 

მწუხარება იკურნება "შინაგან ვნებებთან" ბრძოლით, უნდა ვებრძოლოთ სულისთვის სასოწარკვეთილების მომტან მწუხარებას და ის გულიდან გავაგდოთ". დავმწუხრდეთ მხოლოდ ცოდვებზე სასოებით და სიკეთის მოლოდინით". უფრო ზუსტად მწუხარებისგან გავთავისუფლდეთ მაშინ, როცა ღვთიური მადლით და ჩვენი სიმამაცით მას სინანულად გარდავქმნით. ეს ღვთიური წუხილი (სინანული) ადამიანს სიქველისკენ მიდრეკს და გახდის "თავმდაბალს, მორჩილს, მოწყალეს, უბოროტოს, ყველა კეთილი საქმის მიმართ და მომთმენს განსაცდელის ჟამს"787. უზრუნველობა, გულგრილობა იკურნება "ლოცვით, მრავალის მეტყველებისგან თავშეკავებით, საღმრთო წერილის კითხვით და განსაცდელის მოთმინებით. ამ დროს სხეულებრივი შრომაც არის საჭირო. ეგვიპტელი მამები "არ აძლევდნენ ბერებს მრავალმეტყველების უფლებას". ისინი შრომობდნენ და ასაზრდოებდნენ თავის თავსაც და სხვებსაც. ბერები საკუთარი თავისთვის არ შრომობდნენ მარტო, "ეხმარებოდნენ ღარიბებს, საპყრობილეში მყოფთ, იმ რწმენით, რომ ეს ღვთისათვის სათნო მსხვერპლია"788.

 

ცუდადმზვაობრობა მრავალნაირია და მასთან ბრძოლა ძნელია. ადამიანი მთელი თავისი ძალისხმევით უნდა ეცადოს ამ მრავალსახოვანი მხეცის დამარცხებას". არ აკეთოს რამე ადამიანთაგან ხოტბის მისაღებად. მუდმივად უკუაგდოს თავისი მაქებარი აზრი და დამდაბლდეს უფლის წინაშე"789. და ბოლოს ამპარტავნებასთან ბრძოლა ყველაზე "მძიმე და რთულია". იკურნება იგი ღვთის შიშისგან და რწმენისგან მომდინარე თავმდაბლობით, უპოვარებით, რაც სრულყოფილი სიყვარულით მიიღწევა"790.

 

ჩვენი ცხონების მტერი ეშმაკი დახელოვნებულია, ამიტომ მასთან მებრძოლი ქრისტიანიც დაოსტატებული უნდა იყოს. ადამიანის საზრიანობა ვლინდება ეშმაკთან ბრძოლაში. ეკლესიის მამათა სწავლაში ამგვარი საზრიანობის მაგალითი უხვად გვხვდება. მათი წყალობით იკურნება სული და იდევნება ეშმაკი. ვნებებს "დაბრუნება უყვართ"791. გვგონია, რომ ვნება დაითრგუნა ან გაქრა, გარკვეული დროის შემდეგ ისევ ბრუნდება უფრო გაძლიერებული.

 

უფალი ბოროტი სულის შესახებ ამბობს: "რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს; მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მო-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ, და იქმნის უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა" მათ. 12,43-45). ეს იციან წმინდანებმა და მის წინააღმდეგ მოქმედებენ.

 

ახლა მოვიყვანთ წმინდა მამების თხზულებებიდან რამდენიმე ნაწყვეტს. ბრძოლა უნდა აღვძრათ მთავარი ვნების წინააღმდეგ. "რომელმანცა იხილოს თავი თჳსი, ვითარმედ იძლევის ვნებისა რაჲსამე მიერ, ყოვლისა პირველად მისსა მიმართ აღიჭურენ... რამეთუ უკუეთუ იგი არა იძლიოს, არა რაჲ სარგებელ არს სხვათა ძლევისაგან"792.

 

ორი ვნება თუ გვეუფლება, მათგან სუსტს უნდა დავემორჩილოთ, რათა ძლიერმა არ დაგვამარცხოს. ამასთან დაკავშირებით იოანე სინელს მოჰყავს მაგალითი. "ვითარ იგი ვდგით რაჲ ლოცვასა შინა და მოვიდის ძმა ვინმე და ერთისა ორთაგანისა ქმნა თანა გვედვის, ანუ დატევება ლოცვისა, ანუ არა ხილვა ძმისა მის და შეწუხება მისი მაშინ უკუე გულისხმა ვყოთ, ვითარმედ უაღრეს და უზეშთაეს არს სიყვარული ლოცვისა, რამეთუ ლოცვა თავით თჳსით ოდენ ერთი სათნოება არს, ხოლო სიყვარული შემკრებელი არს ყოველთა სათნოებათა.

 

და კუალად მოვედ ოდესმე სიჭაბუკესა ჩემსა ქალაქად, დავჯედ რაჲ ტაბლასა ზედა, გარემომადგეს ნაყროვანებისა და ზვაობისა გულის სიტყვანი, ხოლო შეგძღუნდი მე ნაშობისა მისგან ნაყროვანებისა რომელ არს სიძვა, და ვიძლიე ზვაობისაგან"793.

 

ამბა იოსები გვასწავლის, რომ ზოგჯერ ჯობს სულში შემოვუშვათ ვნება და იქ ვებრძოლოთ, ზოგჯერ კი დასაწყისშივე მოვიკვეთოთ. ამ საკითხზე საუბრისას ამბამ ერთ ბერს მიუგო: "შემოუშვი ვნება და შეებრძოლე". ეს გამოცდილების მისაღებად არის საჭირო". სხვა შემთხვევაში კი ამბა იოსები ურჩევს ვნების დათრგუნვას ჩასახვისთანავე794. სხვადასხვა რჩევა იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ სულიერ მოძღვარს შეუძლია განგვისაზღვროს ვნებასთან ბრძოლის მეთოდი. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცალკეული შემთხვევა სხვადასხვაგვარია.

 

იოანე სინელი ეშმაკთან ბრძოლის რამდენიმე საშუალებას ჩამოთვლის. ეს საშუალებები უკიდურესია და მათ ყველა ადამიანი ვერ მიმართავს. მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც ვნება დაამარცხა. გულით განწმენდილ ადამიანს ძალუძს ეშმაკთან შერკინება სხვადასხვა გზით. "შეურაცხ იქმნა ოდესმე ძმა ვინმე გინებითა სხვისა მიერ და იგი ყოვლადვე არა აღიძრა შფოთად, არამედ ილოცა გონებით და მერმე იწყო ღაღადებად ყოვლად ხმითა ვნებისათა შექმნილითა და აჩვენებდა ვითარმედ: ეტკინა მას გინებისა მისთვის, და ესევითარითა სახითა დაფარა უვნებელობა იგი თჳსი.

 

სხვა ძმა კუალად ზემოჯდომისა იყო ყოვლითურთ მოძულე და იჩემებდა სახესა და აჩვენებდა, ვითარმცა სტკიოდა მისთჳს და ენება ზემოჯდომა. ვითარმედ მიგითხრა შენ და გამოგითარგმნო სიწმიდე მისი, რომელი შევიდა სამეძაოსა, და აჩვენებდა თუ ბოროტისათვის შევალს, ხოლო მან მეძავიცა იგი სიწმიდედ მოიზიდა.

 

სხუასა დაყუდებულსა ვისმე მოარტუა ვინმე განთიად მსთვად ტევანი ყურძნისა, ხოლო ვითარცა წარვიდა რომელმან იგი მოარტუა მას, მოუხდა ბერი იგი ყურძენსა მას მსწრაფლ და შეჭამა იგი თჳნიერ გულისთქუმისა, რაჲთამცა აჩუენა ეშმაკთა თავი თჳსი ვითარცა ნაყროვანი."

 

ქრისტეს სალოსი ბერები ასეთ საქმეებს ჩადიოდნენ ეშმაკის დასაცინად და სხვადასხვა გზით სარგებლობა მოჰქონდათ მოძმეთათვის. თუმცა ამგვარ ქმედებას განსაკუთრებული სიწმინდე, უფლის მადლი და კურთხევა სჭირდება. ამიტომაც გვაფრთხილებს იოანე სინელი ბერებს: "ფრიადი მღვიძარება და სიფრთხილე უხმს ესე ვითართა ამათ. ნუ უკუე ვიდრე იგი მათ ენებოს მოკიცხვა ეშმაკთა მოკიცხნენ795 ეშმაკისაგან"796.

 

მრავალი ღვაწლის შემდეგ ქრისტეს მადლით ადამიანი იკურნება. სულის ჭრილობებისა და ვნებებისგან და მათზე მეუფებს. სულიერი ბრძოლის შემდეგ მოღვაწე ხშირად განიცდის სიხარულს ისე, რომ შეუძლია გაიმეოროს ამბა იოსების სიტყვები: "დღეს მეფე ვარ, რადგან ვნებებზე გავმეფდი"797. ასეთი ადამიანი ქრისტესმიერ ცხოვრებას განიცდის, რადგან "ვნებებზე გამარჯვებული და უცოდინარობისაგან განთავისუფლებული ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრებიდან მარადიულ სიცოცხლეში გადადის"798.

 

სანამ ამქვეყნად ვართ და სიკვდილისა და ხრწნის ტვირთს ვატარებთ, მუდმივი ბრძოლა გვმართებს. მაშინაც კი, როცა ღვთისნიერი ადამიანი დათრგუნავს ვნებებს, ორი ეშმაკი მაინც რჩება მასთან მებრძოლი. ერთი ესხმის მოღვაწის სულს და "აღძრავს მოშურნეობით, რომ სხვამ არავინ მიაღწიოს მასზე მეტ სიმაღლეს ღვთის წინაშე" ანუ უდროო შურით აღავსებს სხვის მიმართ, რათა ის სხვა მასზე მეტად არ შეიყვაროს უფალმა. მეორე ეშმაკი, ღვთის დაშვებით, სხეულს აღაგზნებს სურვილის ცეცხლით. "უფალი ამგვარ განსაცდელს მოუვლენს მოღვაწეს, რომელიც მრავალ სათნოებას მოიხვეჭს, რადგან "მან ყველაზე მდაბლად შეიგრძნოს თავი" და თავმდაბლობით და თვითგაკიცხვით ცხონება მოიპოვოს. პირველ განსაცდელს უნდა დაუპირისპირდეს თავმდაბლობა და სიყვარული, მეორეს კი თავშეკავება, ურისხველობა და სიკვდილის ხსოვნა"799.

 

ღმერთი უშვებს ეშმაკის თავდასხმას ჩვენზე იმისთვის, რომ თავმდაბალნი ვიყოთ.

 

ერთმა ბერმა უთხრა ამბა პიმენს; "ჩემი სხეული დაუძლურდა, ვნებები კი არა"800. მით უმეტეს განწმენდისკენ მოსწრაფე ადამიანს შეუძლია განიცადოს უვნებობა. შემდეგ თავში განვიხილავთ უვნებო კურთხეულ ცხოვრებას.

 

 

4. უვნებობა

 

უვნებობის შესახებ ვისაუბრებთ მოკლედ, რადგან ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღწევა ეს ნეტარი მდგომარეობა.

 

სულიერ ცხოვრებაში უვნებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანმა თუ უვნებობის მდგომარეობას მიაღწია, იგი უფალთან არის ახლოს და მას შეუერთდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან მისი უვნებობის დამადასტურებელია. წმინდა მამების სწავლებით უვნებობა არის "სულის სიჯანსაღე"801. ვნებები თუ სულის სნეულებანია, უვნებობა ჯანსაღი მდგომარეობაა. უვნებობა "არს აღდგომა სულისა, პირველ აღდგომისა ხორცთასა"802. "უვნებელი ჭეშმარიტი იგი არს, რომელსა ხორცნი უვნებელი, და სრულიად უხრწნელ ექმნენ, ხოლო გონება დაბადებულთაგან აღემაღლის, და ყოველნივე საცნობელნი მისდა დაემორჩილნენ და წინაშე პირსა უფლისასა სული თÂსი წარედგინოს"803. "უვნებობა აღთქმულ ქვეყანაში შესვლაა"804. "ვინც მიუახლოვდა უვნებობის მდგომარეობის საზღვარს, თავისი სიწმინდის შესაბამისად იღებს სული წმინდის ნათელს"805. სხვა სიტყვებით, უვნებობა დიდი ღირსებაა და მას ხოტბას ასხამენ წმინდა მამები და გონების ტყვეობისგან განთავისუფლებას უწოდებენ. ვნება თუ ატყვევებს გონებას, უვნებობა ათავისუფლებს მას და მიმართავს ღმერთის შეცნობისკენ. "უვნებობა გონებას არსებათა შეცნობისკენ მიუძღვის". ეს არის "(ღვთიური ე.დ.) ცოდნის გზა"806.

 

ამ ცოდნის წყალობით ადამიანი გარჩევის უნარს იძენს. მადლმოსილ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, შექმნილი და უქმნელი ენერგია, ღვთიური და ეშმაკეული. "უვნებობა შობს გარჩევის უნარს"807. ჩვენი თანამედროვე ადამიანები ბევრს საუბრობენ ქონებასა და უპოვარებაზე, მაგრამ შეცდომას უშვებენ. ადამიანები უპოვარებაში მატერიალურის არქონას გულისხმობენ და ავიწყდებათ, რომ არსებობს უფრო მეტიც. ამქვეყნიურ სამყაროსთან მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებული გონება ღმერთამდე მაღლდება და მაშინ განიცდის ჭეშმარიტ უპოვარებას. ამ მდგომარეობას შეუძლია მიაღწიოს მხოლოდ უვნებო ადამიანმა808. ჩვენი მსჯელობისას აუცილებელია განვმარტოთ, რას ნიშნავს უვნებობა. ანტიკური ეპოქიდან სტოიკოსი ფილოსოფოსები უვნებობაში სულის ვნებიანი ნაწილის მოკვდინებას გულისხმობდნენ. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ სულის ვნებიანი ნაწილი შედგება მრისხანებისგან და სურვილისგან. ფილოსოფოსთა აზრით ადამიანი უვნებო ხდება, თუკი ამ ორ ძალას (მრისხანება და სურვილი) მოკლავს. წმინდა მამები სხვაგვარად ხსნიან უვნებო მდგომარეობას. ისინი მრისხანებისა და სურვილის მოკვდინებას კი არა, მათ გარდაქმნას გულისხმობენ. ცოდვით დაცემული ადამიანის სულიერი ძალები არაბუნებრივ მდგომარეობაში არიან, უვნებობა მათ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნებს.

 

წმინდა მამათა სწავლებით "უვნებობა სულის ბოროტისკენ უმოძრაობაა" ამის მიღწევა კი უფლის წყალობის გარეშე შეუძლებელია809.

 

ამრიგად "უვნებობა ის არის, როცა ადამიანი არ წუხს საგნებზე (ნივთიერ ე.დ.) ფიქრისას"810. ეს იმას ნიშნავს, რომ სული განთავისუფლებულია გრძნობებისგან და საგნებისგან გამოწვეული აზრებისგან. ისე, როგორც ცეცხლი ეკიდა ბუჩქს და არ იწვოდა, ასევე "სხეულის მხურვალება არ აწუხებს არც ხორცს და არც გონებას, რადგან ამ დროს "ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7)"811. უვნებო ადამიანის გონება სრულიად თავისუფალია. მას არ აწუხებს არაფერი მიწიერი, სხეულის მხურვალებაც კი. ცხადია, ამგვარი მდგომარეობა მიუღწეველია ისეთი ადამიანისთვის, ვინც ვნების მოქმედებას ემორჩილება. ღვთისნიერი ადამიანისათვის არაბუნებრივია ის, რასაც მიწიერი გაგებით ბუნებრივი ეწოდება, ხოლო მიწიერთათვის არაბუნებრივი, მისთვის ბუნებრივია. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ადამიანს არ შეუძლია ზებუნებრივ მდგომარეობაში ყოფნა. ღმრთისმეტყველი ამბობს: "ვინც არ არის უვნებო, ვერ გაიგებს მის მნიშვნელობას. "და ვერც დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ამქვეყნად შესაძლებელია"812. ეს აზრი გარკვეული თვალსაზრისით მართებულია, რადგან "ყველა ადამიანი საკუთარი მდგომარეობის შესაბამისად განსჯის მოძმის მოქმედებას, ან კეთილს იტყვის და ან ბოროტს"813. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილი ადამიანისთვის ნათელია უვნებობის ნიშანი. ეს არის უნარი იმისა, რომ "ყველაფერი გადაიტანო შიშისა და შფოთის გარეშე. რადგან უვნებო ადამიანს ღმერთისგან მიღებული აქვს "ყველაფრის შემძლეობის" ძალა814.

 

ყოველივე ზემოთქმულით გვინდა დავადასტუროთ, რომ უვნებობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ანუ გულის ვნებიანი ნაწილის გარდაქმნა და ბუნებრივ ცხოვრებაში დაბრუნება. ამ საკითხზე სერიოზული კამათი წარიმართა XIV ს-ში გრიგოლ პალამასა და ფილოსოფოს ვარლაამს შორის. ფილოსოფოსი აკრიტიკებდა ისიხასტურ ლოცვას და ამბობდა, რომ უვნებობა ვნებიანი საწყისის ჩაკვლაა. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა გრიგოლ პალამა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცოდა ეს საკითხი და გამოხატავდა ეკლესიის საერთო ტრადიციას. "ფილოსოფოსო, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უვნებობა სხვა რამ არის, სულის ვნებიანი ძალის სიკვდილი კი არაა, ცუდის კარგით შეცვლაა და ჩვეულებრივი მოქმედება ღვთიურის მიმართ, როცა სულის ძალა კეთილისკენ მიიმართება მთლიანად"815.

 

უვნებოა ის ადამიანი, ვისთვისაც სათნოებანი ისეთი ბუნებრივია, როგორც ვნებიანისთვის ბილწი სიამოვნებები". ვნებიანი ადამიანი გულის ვნებიან ნაწილს ვნებას უმორჩილებს, უვნებო კი სულის ვნებიან ძალას, ანუ ნებას და სურვილს "სულის შემეცნებად, კრიტიკულ და მოაზროვნე ნაწილს"816.

 

სულის მოაზროვნე ნაწილი არსებათა შემეცნებით ღვთიურ ცოდნას მოიპოვებს, ვნებიანით "შესაბამის სათნოებებს" აღასრულებს, სურვილიანი ნაწილით სიყვარულს შეითვისებს, მრისხანე ნაწილით კი მოთმინებას მოიპოვებს"817.

 

ამრიგად, უვნებობა სულის ვნებიანი ძალის გარდაქმნაა, გონებისადმი დამორჩილება (რადგან გონებას აქვს ბუნებრივად მინიჭებული ბატონობა) და მოძრაობაა "უფლის მუდმივი ხსოვნით". ასეთ მდგომარეობაში სულის ვნებიანი ნაწილი ღვთიურს მიუახლოვდება და მიაღწევს უმაღლეს "უფლის სიყვარულს"818.

 

ჩვენი მსჯელობიდან ნათელია, რომ ვნებიანი საწყისი კი არ კვდება, არამედ ძალას და სიცოცხლეს იღებს. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ჯვარს უნდა ვაცვათ ხორცი "ვნებითურთ და გულის თქუმით". ეს არ ნიშნავს სულის ძალის მოკვლას, ანუ თვითმკვლელობას. უნდა განვერიდოთ ვნებიან სურვილებს და ქმედებებს. არასოდეს არ მივუბრუნდეთ მათ (ვნებებს) და გავხდეთ,,კაცნი სულიერი სურვილისანი" და სოდომის მიმტოვებელი ლოტის მსგავსად მამაცურად წინ წავიდეთ. გრიგოლ პალამას მოსაზრებათა მიხედვით შეიძლება დავასკვნათ "უვნებონი სულის ვნებიან ძალას არ კლავენ, ეს ძალა მათში ცოცხალია და მოქმედებს კეთილად"819.

 

ამგვარად, უვნებობა სიყვარულს უკავშირდება და არის სიცოცხლე და მოძრაობა. იოანე სინელის სიტყვებით "სიყვარული და უვნებობა და შვილება საღმრთო სახელითა ოდენ განყოფილ არიან, ხოლო ძალი მათი ერთ-არს, ვითარცა იგი ცეცხლი, და ალი და ნათელი"820. უვნებობა მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულს, უფლის შვილობას და არის სიცოცხლე და ღმერთთან ურთიერთობა.

 

ცხადია, უვნებობაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანს არ ებრძვის ეშმაკი. ჩვენი ცხოვრების მტერი აწუხებს უვნებო ადამიანსაც. (მან ხომ თვით უფალი გამოსცადა უდაბნოში ცნობილი სამი განსაცდელით). უვნებობა არის ის, როცა "ეშმაკი გვებრძვის და უძლეველნი დავრჩებით"821. უვნებობის მრავალი საფეხური არსებობს. მათ წარმოვადგენთ წმინდა მამათა სწავლების მიხედვით.

 

მაქსიმე აღმსარებელი უვნებობის ოთხ საფეხურს ასახელებს. პირველი უვნებობა შეინიშნება დამწყებებთან (ვინც სულიერ ცხოვრებას იწყებს) და ნიშნავს "მოქმედი ვნებებისგან თავშეკავებას". ამ საფეხურზე ადამიანი გარეგნულად არ მოქმედებს. მეორე საფეხურის უვნებობა კეთილშობილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი - ვნებიანი აზრებისგან სრული განთავისუფლება. მესამე საფეხური - სურვილის აბსოლუტური უგულებელყოფაა და ახასიათებს განღმრთობილ ადამიანს, და მეოთხე - სრულყოფილი განწმენდა უბრალო წარმოსახვისგანაც. ასეთი უვნებობა სრულყოფილებაა822. ნათქვამიდან ჩანს, რომ უვნებობის დონე ადამიანის განწმენდის საფეხურს შეესაბამება. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი გამოყოფს უვნებობის ორ სახეს: სულის და სხეულის უვნებობას. "ერთია სულის უვნებობა და მეორე - სხეულის. პირველი ანათლებს სხეულსაც თავისი ბრწყინვალებით და სული წმიდის ნათლით, მეორეს კი ცალკე არავითარი სარგებლობა არა აქვს"823. თუკი ადამიანმა გაიარა ქმედებითი სათნოებანი824, მაინც არ უნდა იფიქროს, რომ უვნებობის მდგომარეობას მიაღწია825. იოანე სინელი ეკლესიის ტრადიციაზე დაყრდნობით ამბობს: "არს უვნებელი და არს სხვა უვნებელისა უუვნებელისი, რამეთუ ერთსა მას ძლიერად სრულან ბოროტნი, ხოლო მეორე იგი ფრიად მდიდარ არს სათნოებითა მარადის"826. ამ სიტყვებიდანაც ნათელია, რომ უვნებობა ვნებებისგან განთავისუფლება კი არ არის მარტო, სათნოებათა მოპოვებაა, სათნოება კი სული წმიდის ნაყოფია.

 

ნიკიტა სტითატი ორნაირ უვნებობას ასახელებს. მოშურნე მოღვაწეებს ორგვარი უვნებობა ახასიათებთ. პირველი უვნებობა "პრაქტიკული ფილოსოფიის ბოლოს მოდის" ანუ კანონიერი ღვაწლით. მაშინ, როცა ადამიანში ვნებები კვდება "ხორციელი მისწრაფებები განიდევნებიან და სულის ძალები ბუნებრივად მოქმედებენ". მეორე უვნებობა სრულყოფილია. ის მოდის "ბუნებრივი ჭვრეტის დაწყების შემდეგ". ამ სრულყოფილ უვნებობაში "აზრებისგან გონება განთავისუფლდება, მშვიდ მდგომარეობას აღწევს და მჭვრეტელი ხდება. უვნებო ადამიანის გონება ღვთიური საგნების მჭვრეტელია, ღვთის საიდუმლოების მხედველი, ადამიანური საგნების განმჭვრეტელი. შორიდან ადამიანების მომავლის მხედველი"827. წმინდა მამები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ვნებებს, რადგან შეიძლება "ადამიანი არ შეაწუხოს ვნებამ თუკი მისი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. როგორც კი ვნების აღმძვრელი საგანი გამოჩნდება, ვნება მაშინვე მოადუნებს გონებას. ამგვარი უვნებობაც არსებობს"828.

 

უვნებობას საფეხურები აქვს, ამიტომ ღვაწლს შემდგარი ადამიანი არ უნდა შეჩერდეს. სრულყოფილებას ხომ საზღვარი არა აქვს. ისე, უნდა შევნიშნოთ, რომ ერთია ცოდვათა შენდობა და სხვა არის უვნებობა. იოანე სინელი წერს: "შენდობა ცოდვათა მრავალთა მოიღეს მსწრაფლ, ხოლო უვნებელთა მსწრაფლ არავის მიუგიეს, ხოლო ამას ღვთისა შეწევნა უხამს"829.

 

აი, რატომ არის, რომ ადამიანისთვის საკმარისი არ არის მარტო აღსარების თქმა, აუცილებელია სულის კურნება, ნაწილობრივი ან სრულყოფილი უვნებობის მიღწევა.

 

ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ გარკვეული ნიშნების მიხედვით შესაძლებელია ნამდვილი და ყალბი უვნებობის გარჩევა. იოანე სინელი კარგად იცნობდა ადამიანის სულიერ ცხოვრებას, ჰქონდა მადლი გარჩევისა და იგი ამბობს, რომ "განგვეშორებიან ეშმაკნი და ვნებანი ჟამ რავდენიმე, გინა თუ სრულიადსა, გარნა რავდენითა სახითა განგვეშორებიან ესე ვგონებ თუ მცირედთა იციან. განილევნის ნივთი იგი ვნებათა ცეცხლისა მის საღმრთოსა" და განიწმენდს სულს. ეშმაკნი განეშორებიან "კაცისაგან ნებსით, რათა წარტაცეს და დაანთქეს ვნებათა შინა". "ვიცი სხვაცა განშორება ეშმაკთა, ვინაჲთგან დაეჩვიოს სული ვნებათა და "იქმნა მიერთგან თვით ებრძოლო თავისა თჳსისა" ანუ ხდება საკუთარი თავის მტერი. სულს ჩვილის მსგავსად ემართება "რამეთუ ვინაჲთგან დაეჩვივნენ ძუძუს წოვნასა, მერმე დაღაცათუ ძუძუსა მოსწყვდნენ, თითთა თÂსთა წოვდიან". არსებობს კიდევ ერთი "განშორება ეშმაკთა, და ვნებასა სულისაგან, რომელი იქმნების სიწრფოებისაგან და უმანკოებისა ფრიადისა"830.

 

გარდა ამისა, ნამდვილ და ყალბ უვნებობას შორის სხვაობა ვლინდება სხვებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით. უვნებობას თან უნდა ახლდეს სიყვარული, ამიტომ თანამოძმეთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით გამოიხატება უვნებობის ხასიათი. "ვისაც განსაცდელის დროს არ შეუძლია მოყვასის ნაკლს ყურადღება არ მიაქციოს, იგი უვნებო არ არის. სულის ვნებები აღიძვრებიან, აბნელებენ გონებას და არ აძლევენ მას საშუალებას ჭეშმარიტი სინათლე იხილოს და გაარჩიოს ავი და კარგი"831.

 

სრულყოფილ უვნებობას აღწევენ ისინი, ვისაც სრულყოფილი სიყვარული შეუძლია და "უწყვეტი ჭვრეტა ისე, რომ ყოველგვარ გრძნობიერზე თავმდაბლობით ამაღლებულია"832.

 

"უვნებობის საზღვართან მიახლოებულ ადამიანს ყველას და ყველაფრის შესახებ კეთილი აზრი აქვს და "ყველა ადამიანზე ყოველთვის კარგს ფიქრობს, ყველას წმინდად და უბიწოდ ხედავს და ღვთიურ და ადამიანურ საკითხებზე სწორად მსჯელობს. ადამიანის გონება ქმნულისაგან თავისუფლდება, "სრულად ეძლევა ღვთიურ სათნოებებს ერთი სულით და ჭვრეტს ღვთიურ მშვენიერებას, უყვარს ღვთიური დიდების ადგილებში ყოფნა, უსიტყვო მდუმარებით და სიხარულით და შეგრძნებების შეცვლით ვითარცა ხორციელი ანგელოზი, იგი ადამიანებს ესაუბრება"833.

 

უვნებო ადამიანი თუ მოძმის ცოდვაზე საუბრობს, ამას ორი მიზეზით ჩადის. ან იმისთვის, რომ გამოასწოროს, ან სხვისი სარგებლობისთვის" თუკი ვინმე მოძმეს ცოდვის გამო განიკითხავს: "ასეთი ადამიანი ღვთისგან მიტოვებას ვერ გაექცევა და თავად ჩაიდენს ცოდვას და მასაც განიკითხავენ"834. სრულყოფილი უვნებობაა, "როცა ადამიანი უშფოთველია საგნის ხილვისას ან მისი მოგონებისას "დიდი ხნის ღვაწლი კლავს ვნებებს, მაგრამ თუ მათ უყურადღებოდ მიატოვებ, ისევ აღიძვრებიან"835.

 

ამგვარად, უვნებო არ არის ის, ვინც ზოგჯერ წუხდება ვნებებით, ზოგჯერ კი მშვიდდება. უვნებოა ადამიანი, რომელიც მუდმივად ტკბება უვნებობით და მათი გამომწვევი მიზეზის დროსაც კი არ აღიძვრება"836.

 

იოანე სინელი ამბობს, რომ ამპარტავანთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ უვნებობას მიაღწიეს, "თავისი სიგლახაკე ჟამსა სიკვდილისასა ჰპოეს"837. ჭეშმარიტ და ყალბ უვნებობას შორის სხვაობა გვაიძულებს ნამდვილი უვნებობის ნამდვილი ნიშნები განვიხილოთ. "უვნებობას ახასიათებს ჭეშმარიტი გარჩევის უნარი"838.

 

ზემოთ ვთქვით, რომ ნამდვილი უვნებობა ყალბისგან სიყვარულის არსებობით სხვაობს. ახლა ზუსტად ავხსნით ამას. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით "სიყვარულში სრულყოფილმა და უვნებობამდე ამაღლებულმა არ იცის სხვაობა თჳსსა და უცხოს შორის, ერთგულსა და ორგულს შორის ანუ მონასა და თავისუფალს შორის, მამრობით სქესსა და მდედრობითს შორის. ერთი ადამიანი "უყურებს ყველას თანაბრად, ყველას მიმართ ერთნაირად არის განწყობილი839. მაქსიმე ამბობს აგრეთვე, რომ ღმერთი არის ბუნებით სახიერი და უვნებო და ერთნაირად უყვარს ყველა ადამიანი. სათნოს განადიდებს როგორც მისთვის ახლობელს, ხოლო ცუდს კი შეიწყალებს თანაგრძნობით"840. უვნებოა ისეთი ადამიანი, რომელსაც "ცუდი არ ახსოვს იმისგან, ვინც ბოროტად მოექცა"841. უვნებოს უყვარს ყველა "ღირსეულისა და უღირსის განურჩევლად"842. იგი ლოცულობს მოყვასისთვის "ნუ იტყვი, რომ უვნებო ადამიანს წუხილი არ შეუძლია, ეს მხოლოდ თავის თავისთვის, ის მუდმივად მოძმისთვის უნდა შეწუხდეს"843.

 

უვნებო და ღმერთისკენ მოსწრაფე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევს ისეთ დღეს, როცა მას არავინ არ განიკითხავს"844. ასე რომ, ასეთ ადამიანს არათუ ადამიანთაგან შეურაცხყოფა არ აწუხებს, არამედ იგი აკლია. ეს გულის სიწმინდის მაჩვენებელია.

 

უვნებო ადამიანი სული წმინდის მადლით არის აღვსილი, ანუ ნაყოფიერი ხეა და სული წმინდის მშვენიერ ნაყოფებს სათნოებებს ისხამს. წმინდა მამები სათნოებას არ თვლიან "ზნეობრივი ნორმების (დეონტოლოგიის) საქმეებად", მათ ონტოლოგიურად მიიჩნევენ, გამოდის, რომ კეთილი საქმეები განყენებული ღირსებები კი არ არის, არამედ პიროვნებებად განსხეულებულნი. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ჰიპოსტასური, ანუ თავისთავად არსებული. სიყვარული ჭეშმარიტ სიყვარულთან ურთიერთობაა. ეს ჭეშმარიტი სიყვარული თავად ქრისტეა. არც მშვიდობაა განყენებული ღირსება, ის იესო ქრისტეა. ასევე სამართლიანობა და ა.შ. თუკი უვნებო ადამიანი ურთიერთობს ქრისტესთან, ბუნებრივია, რომ ქრისტიანული სათნოებანი მისი კუთვნილება ხდება.

 

აქ არ განვავრცობთ სათნოების თემას. მხოლოდ შევნიშნავთ; სულიერი და ხორციელი ვნებების შესაბამისად არსებობს სულიერი და ხორციელი სათნოებები. სათნოებებსაც ვნებების მსგავსად საფეხურები აქვს. ვნებებში დედა და შვილი გამოირჩევა, არსებობს დედა სათნოება და შვილი სათნოება. ვფიქრობ, მათი ჩამოთვლა არ არის საჭირო. მკითხველს წმინდა მამათა ნააზრევს მივუთითებთ: სულიერ და ხორციელ სათნოებათა შესახებ იოანე დამასკელის შრომებს845. სამი სულიერი ასაკის (საწყისი, შუა, დასასრული) შესაბამისი სათნოებების შესახებ იოანე სინელის თხზულებას846. ყოველ შემთხვევაში, როცა ადამიანს ვნება აღარ შეაწუხებს, გულში ღვთიური მისწრაფება გაიზრდება და სიკვდილს აღარ შეუშინდება და მას ძილად წარმოიდგენს. ამის შემდეგ მოიპოვებს ცხონების საგანძურს. "და სულში გამოუთქმელი სიხარულით ზეციურ სასუფეველს ატარებს"847. ადამიანი უვნებობის მადლს შემთხვევით არ იღებს. მის მოსაპოვებლად დიდი ღვაწლია საჭირო. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღწევა უვნებობა. წინა პარაგრაფში მოყვანილი მსჯელობა ვნებების კურნების შესახებ გვიჩვენებს უვნებობის გზასაც. აქ მოკლედ ჩამოვთვლით იმ საშუალებებს, რომლითაც აღთქმის მიწაზე მისვლა ანუ უვნებობის მიღწევაა შესაძლებელი. მოვიყვანთ მხოლოდ წმინდა მამათა თხზულებებიდან ნაწყვეტებს. "მორჩილებისაგან სიმდაბლე; და სიმდაბლისაგან უვნებელობა848. თავმდაბლობა მორჩილებისგან იბადება და მას უვნებობა მოსდევს. თუკი ადამიანი სხვანაირ გზას აირჩევს, ვერ მიაღწევს მიზანს849. უვნებობის მიღწევა შეუძლებელია უსიყვარულოდ850. სიყვარულს თავისი საფეხურები აქვს, სათნოებანი კი ერთმანეთში გადადიან. სულიერი ცხოვრება ორგანული ერთიანობაა, ამიტომაც სიყვარულის განცდას მოაქვს უვნებობა და ეს უკანასკნელი მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულს. "სიყვარული და უვნებობა გონებას იცავს საგნებისადმი მიმართული ვნებისაგან და ვნებიანი აზრებისგან"851. უვნებობა თავშეკავების საფასურია852. უვნებობის მიღწევაში დამხმარეა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა: გაცნობიერებულ მარხვას, მღვიძარებას და ლოცვას მივყავართ უვნებობის საზღვართან და სული თავმდაბლობით ცრემლს დაღვრის და ღვთის სიყვარულის ცეცხლით აენთება"853. გარდა ამისა "მკაცრი ცხოვრების წესს" სიყვარულთან ერთად, "სწრაფად მიჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელთან"854. "ყველანაირი თავშეკავებით და უწყვეტი ლოცვით, მოთმინებით, თვითგანსჯით, უკიდურესი თავმდაბლობით "მოკლე ხანში მიიღებთ უვნებობის მადლს"855. იოანე სინელი ამბობს, "რომელთა იგი სძლეს ხორცთა თჳსთა დაყუდებითა და მოიგეს უვნებელობა ესე ვითარნი, უკეთუ მახლობელად სოფლისა მივიდნენ აღიძრნენ კვალად ვნებანი მათ ზედა, ხოლო მორჩილებისა მიერ მოგებული უვნებელობაჲ ყოველსა ადგილსა გამოცდილ არს და მტკიცე და შეურყეველ"856.

 

უფლის მცნებების დაცვით მიღწეული სიწმინდე წარმოშობს უვნებობას857. აქედან ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია უფლის მცნებების დაცვა. სწორედ მცნებების დაცვა წარმოშობს უვნებობას"858.

 

რწმენის გარეშე მარტო სხეულის წვრთნით ადამიანი უვნებობის სიმშვიდეს ვერ მიაღწევს"859. წმინდა თეოგნოსტე ამბობს, რომ ადამიანი ქმედითი სათნოებით უვნებობის სადგურში ვერ შეაღწევს, თუ იმავდროულად მის გონებას არსებათა შესაცნობად სულიერი ჭვრეტის მადლი არ ექნება"860.

 

წმინდა მამის მოყვანილი აზრი მნიშვნელოვანია, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უვნებობა ქმედითი სათნოებით მიიღწევა. წმინდა თეოგნოსტე არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ქმედით სათნოებას თან უნდა ახლდეს სულიერი ხედვა, სინანული და ლოცვა, ძირითადად ე.წ. გონებითი ლოცვა.

 

უვნებობის მოპოვებაში დიდად გვეხმარება ღვთისმიერი ტირილი იოანე სინელის სიტყვებით: "გლოვა ჭეშმარიტი ესე არს სული მჭმუნვარე, მტკივნეული მხურვალებითა გულისათა. მრავალთა თანა წინამორბედ უვნებელობისა იქმნა გლოვაჲ, რაჟამს მოსპო ვნებათა ნივთი და განწმიდა სული"861. ამიტომ ითვლება გლოვა ცხოვრების წესად. იგი განწმენდს სულს და გონებას და ღვთიური ნუგეშის მიღებას შეაძლებინებს. გლოვა სინანულს უკავშირდება. ჭეშმარიტი სინანული კი საკუთარი თავის მოძულებაა. უფალი ამბობს, რომ ადამიანს თავის თავი უნდა სძულდეს მას (უფალი) რომ შეუდგეს და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. "რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი" (იო. 12, 25.). "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი... და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკ. 14. 26).

 

გრიგოლ პალამა წერს, რომ "ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის საქმენი ღვთის მცნებების თანახმად უნდა აღვასრულოთ". ეს ძალდატანებაა და დროთა განმავლობაში ჩვეულებად იქცევა. ეს ჩვეულება, თავის მხრივ, სულს ანიჭებს "ბოროტი ჩვეულებების სიძულვილს" და სიძულვილის ნაყოფია უვნებობა862. და როცა ადამიანი მოიპოვებს უვნებობას, მაშინ ცოდვა ვეღარ დაეუფლება მას სული წმინდის კანონით და თავისუფალიც იქნება"863.

 

სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანებს თუ ვამჩნევთ ნაკლსა და პატარა ვნებებს, არ უნდა შევშფოთდეთ, რადგან უფალი უშვებს მათთვის ამას, რათა საკუთარი თავი მეტად გაკიცხონ და მოიპოვონ სიმდაბლის სიმდიდრე"864. ასეთია უვნებობის სიმდიდრე. იგი სათნოებებთან და სულიერ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. უნდა ვილოცოთ უვნებობის მისაღწევად. ცხადია, უვნებობა არ უნდა ვითხოვოთ სიამაყითა და ეგოისტური გრძნობებით. თუ გვსურს, რომ ეს უდიდესი განძი მოვიპოვოთ. ისეც ხდება, როცა ადამიანი ითხოვს ისეთ წყალობას, როგორიც უვნებობაა და ამას ეშმაკისგან იღებს. ვნება და ეშმაკი ცოტა ხნით შორდებიან ასეთ ადამიანს და ცუდადმზვაობრობით აცდუნებენ. წმინდა თეოგნოსტე ამბობს: "უვნებობას ნუ ითხოვ, რადგან ამგვარი წყალობის ღირსი არა ხარ, ითხოვე ღვაწლით ცხონება და მასთან ერთად უვნებობასაც მიიღებ"865.

 

ჩვენი ლოცვისა და ღვაწლის მიუხედავად, უფალმა შეიძლება არ გაგვანთავისუფლოს რომელიმე ვნებისგან, რათა არ ვიგემოთ სრულყოფილი უვნებობა. ასე ხდება, რადგან უდროოდ, უღირსად, სიამაყით, შეიძლებოდა უგულისხმონი გავმხდარიყავით, თხოვნა რომ შეესრულებინა უფალს. "ნუმცა შევსწუხდებით საყვარელნო, რაჟამს ვითხოვდეთ რასმე უფლისგან, და რაჟამს რავდენმე არა ისმინოს ჩვენი. რამეთუ ენება უფალსა, თუმცა ყოველნივე კაცნი, ერთსა შინა წამსა უვნებელობასამცა მიემთხვინეს"866.

 

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ისეთი მაგალითები, როცა უვნებობის მადლით აღსავსე ადამიანები სთხოვდნენ უფალს ამ მადლის განშორებას, მტერთან ბრძოლა რომ შესძლებოდათ. წმინდა ეფრემი, რომელმაც უფლის შეწევნით დათრგუნა სულიერი და ხორციელი ვნებები, ევედრებოდა ღმერთს წაერთმია მისთვის უვნებობა, რადგან არ სურდა მტერთან ბრძოლის მიღმა დარჩენილიყო და ამის გამო განსჯილიყო867.

 

ნაწილობრივი ან სრულყოფილი უვნებობა სულის განკურნების მაჩვენებელია. სული ჯანსაღდება, მკვდრეთით აღდგება. ვნებებისგან მკვდარი გონება აღდგება: "გონებასა გლახაკთასა აღადგენს მწვირისაგან ვნებათასა და აღიმაღლებს ქვეყნით ზეცად სანატრელი უვნებელობა, ხოლო სიყვარული ყოვლად ქებული დასვამს მთავართა თანა ანგელოსთასა, მთავართა თანა ერისა უფლისათა"868.

 

მეხუთე თავი

დაყუდება (Ησυχία) განკურნების მეთოდი

 

სულის კურნების ერთ-ერთ მთავარ მეთოდად ითვლება დაყუდება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მწამს, რომ ნაშრომის წინა თავებში ეს ნათლად აისახა. თანამედროვე ადამიანს სჭირდება კურნება, სულიერი მდგომარეობის კურნება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის გადაღლილია. სწორედ ამიტომ მართლმადიდებლობას შეუძლია თანამედროვე გადაღლილ, იმედგაცრუებულ და დაბნეულ სამყაროს გადასცეს დაყუდების ჭეშმარიტება. მჯერა, რომ მართლმადიდებლური ტრადიციის მნიშვნელობა ამ მხრივ დიდია. წინამდებარე ნაწილში განვიხილავთ დაყუდების (ისიხასტობის) ღირსებას, სულის, გონების, გულისა და აზროვნების კურნებისათვის. ჩვენი აზრით, სიმშვიდე და ისიხაზმი სულის გაჯანსაღებისთვის მთავარი დამხმარე წამლებია. რადგან სიმშვიდის არ ქონა არის პრობლემების, სტრესის, დეპრესიის, შფოთის, ურწმუნოების, ფსიქოლოგიური, სულიერი და ხორციელი ტკივილის მიზეზი, ამიტომ შევეცდებით მათი მიზეზი დავინახოთ. ეს მიზეზი კი ანტიისიხაზმია. ანტიისიხაზმის ქარი ყველაფერს წვავს ირგვლივ, მეუფებს ყველგან და შფოთის ერთ- ერთი უმთავრესი მიზეზია. ამგვარად, დაყუდებას (ησυχὶα) განვიხილავთ როგორც სულის კურნების მეთოდს. ხოლო ანტიისიხაზმს, როგორც სულისა და სხეულის უძლურების გამომწვევ მიზეზს.

 

 

1. დაყუდება (ἡσυχασμός)

 

სანამ განვმარტავთ დაყუდებას (ἠσυχὶα), ვნახოთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას სულის განკურნებაში.

 

წმინდა მამები მართლმადიდებლური დაყუდების (ἠσυχὶα) უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავენ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი მიიჩნევს, რომ ის აუცილებელია უფალთან ურთიერთობისთვის. ამგვარად, "უფალთან ურთიერთობის მისაღწევად დაყუდებით უნდა მოვიპოვოთ და გონება ავამაღლოთ ცდუნებებისგან"869. სიმშვიდით ადამიანი განიწმენდს გრძნობებს და გულს და ასე შეიცნობს უფალს, ეს შეცნობა ადამიანის ცხონებისათვის ხდება.

 

ამავე აზრს ავითარებს წმინდა თალასე. იგი შენიშნავს; "დაყუდება და განმარტოება და ლოცვა სათნოების უდიდესი იარაღებია. ისინი განწმენდნენ გონებას და მჭვრეტელად აქცევენ"870. სიმშვიდის წყალობით განწმენდილი გონება ღმერთის ხილვის უნარს იძენს. წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით, რომ გონებასა და აზროვნებას შორის სხვაობა არსებობს. ვნებებით დაბნელებული გონება უფლის საიდუმლოებას ვერ ხედავს. ვნებებისგან გათავისუფლების შემდეგ კი მჭვრეტელი ხდება და ხედავს ღმერთს, როგორც სინათლეს. ეს არის ადამიანის სიცოცხლე. უკვე აღვნიშნეთ, რომ გონების ამგვარი განწმენდა დაყუდებით მიიღწევა. ვინც წმინდა მამათა თხზულებებს სწავლობს და ცდილობს შეიცნოს ისიხაზმი საკუთარი გამოცდილებით, კარგად იცის, რომ არსებობს სულიერი და სხეულებრივი დაყუდება. სხეულებრივი გარეგნულია, სულიერი კი შინაგანი. სხეულებრივი ისიხაზმი უმთავრესად გამოიხატება განმარტოებით, გრძნობების მოთოკვისკენ მისწრაფებით სულის გარეგნული წარმოსახვებისგან გასანთავისუფლებლად. სულიერი დაყუდებით კი გონება არ იღებს არანაირი განსაცდელის ცდუნებას. ადამიანის ფხიზელი და მშვიდი გონება გულს უღრმავდება. გონება (ენერგია) თავსდება გულის ადგილას (არსში), უერთდება მას და ასე მოიპოვებს ღმერთის მცირე თუ დიდ ცოდნას.

 

სხეულებრივი დაყუდება სხეულის შემოსაზღვრაა. ისიხაზმის დასაწყისი არის ყველაფრისგან განრიდება"871. როცა ადამიანი განთავისუფლებულია ყველა საქმისგან. ამგვარი განრიდების შედეგია "განმანათლებელი ძალა და ხედვა და ბოლოს გონების ამაღლება (ატაცება) ღმერთისკენ872. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "რომელმან შეიყვარა დაყუდება, მან შეიკრძალა პირი"873.

 

დაყუდებულ მდგომარეობაზე წერენ არა მარტო ე.წ. მღვიძარე მამები, (νηπτικοί), რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ, არამედ ე.წ. საერო (κοινωνικοὶ), (რომლებიც სამრევლო ეკლესიებში მსახურობენ) მამებიც. ვამბობთ ე.წ. რადგან მართლმადიდებლურ ტრადიციაში არ არსებობს დიალექტიკური სხვაობა ხედვასა და საქმეს (იგულისხმება ღვთიური) შორის, ისევე როგორც არ განსხვავდებიან მონასტერში მოღვაწე და სამრევლო ეკლესიებში მსახური მამები. პირველნი საზოგადოებრიობის უმაღლეს საფეხურზე არიან და მეორენი მღვიძარების უმაღლეს საფეხურზე. წმინდა დაყუდების შესახებ საუბრისას მინდა მოვიყვანო ბასილი დიდის მაგალითი. გრიგოლ ღმრთისმეტყველისადმი მიწერილ წერილში წმინდა მამა ამბობს, რომ დაყუდება სულის განწმენდის დასაწყისია, იგი სხეულებრივ მდგომარეობაზეც საუბრობს ანუ მეტყველების, მხედველობის, სმენის დახშობაზე. "დაყუდებაჲ დასაბამი არს სულისა განწმედისაჲ. არცა ენამან პოვოს ვინმე, რაჲთამცა ზრახვიდა ვის კაცთა, და არცა თუალნი რას ჰხედვენ საქმეთა ურვებთა და უნაყოფოთა, და არცა სასმენელთა შევლენან ჴმანი და განშუენებანი განმცხრომელთანი. არცა ზრახვა" განცხრომისა" და არცა სიცილი კაცთა", რომელი ყოვლისა უფრო"ს განსდევნის გულისაგან მჴურვალებასა და გულისმოდგინებასა"874.

 

აქ აღწერილია ისიხაზმის წმინდა მდგომარეობა, რომელსაც წმინდა მამა განიცდიდა უდაბნოში და სურდა განშორებულს "ყოვლისაგან უდაბნოს გარე" უფლის შეცნობა, უკვე მას შემდეგ, რაც "ადამიანურ სკოლებში" მიიღო განათლება. მოვიყვანთ წმინდა ბასილი დიდის, კესარიის მნათობის სიტყვებს, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ წმინდა მამა შესანიშნავად იცნობდა დაყუდებულ ცხოვრებას. "გონებაჲ ოდეს არა განბნეულ იქმნეს და განსცხრებოდის ხედვათაგან, არა შეუჴდეს საგრძნობელთა გუამისათა რაჲმე შფოთთაგანი ამის საწუთროჲსაჲ, შემოკრბების გონებაჲ თავსა შინა თჳსსა და ხედავნ გულისსიტყუაცა საღმრთოთა და იხარებნ მაშინ და განათლდებიან შუენიერებითა მით ზეშთაეჲსითა, ვიდრემდის დაავიწყდის კაცსა ბუნებაჲცა და არა გული უთქუამნ ჭამადთათჳს და არცა ზრუნავნ სამოსლისათჳს... ღწოლაჲ მისი და ზრუნვაჲ ესე არს, თუ ვითარ უკუე მოიპოვნეს საქმენი იგი კეთილნი"875. სხეულებრივი დაყუდება ეხმარება სულიერი მდგომარეობის, გონებითი მდუმარების მიღწევაში. წმინდა მამათა ნაწერებიდან ნათელია, რომ სხეულებრივი დაყუდება, თუმცა კი აუცილებელი არ არის, მაინც საჭიროა ღვთისმიერი ცხოვრებისათვის. "დაყუდება ხორცთა არს, წესთა და საცნობელთა დაწყნარება"876. სხეულებრივი დაყუდება სხეულისა და გრძნობების განსაკუთრებული მდგომარეობაა. იოანე სინელი საუბრობს "დაყუდების ადგილზეც". უდაბნო და საერთოდ სხეულის დაყუდება ადამიანს ეხმარება (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ) სულიერ, გონებრივ დაყუდებაში. წმინდა მამები დაყუდების არსს "ჩაკეტილობასა და უდაბნოში ფიზიკურად გასვლაში არ ხედავენ, მთავარია უფალთან მუდმივად ყოფნა"877. უდაბნოს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წარმოსახვებისგან განმათავისუფლებელია, მაგრამ მისი გარდაუვალობა არასწორია. ამ მხრივ საყურადღებოა ნიკიტა სტითატის სიტყვები. წმინდა მამა ამბობს, რომ სათნოების ქმნა ერთი ადგილით არ შემოიფარგლება. ადამიანის მიზანია "სულის ძალების აღდგენა" და "სათნოების ბუნებრივ ენერგიასთან შეერთება". ეს არ ხდება გარედან, არამედ შემოქმედისგან გვაქვს ამის უნარი მომადლებული" და ასკვნის: "უდაბნო ზედმეტია, როცა მის გარეშეც შევდივართ ცათა სასუფეველში - სინანულით და მცნებათა დაცვით"878. საგულისხმოა, რომ ნიკიტა სტითატისთვის მიუღებელია მრავალთა აზრი, "შეუძლებელია ადამიანმა სათნოება მოიპოვოს უდაბნოში განმარტოების გარეშე". წმინდა მამა ამბობს: "გავოცდი, როცა [მათ] განუსაზღვრელი (იგულისხმება ღვთიური სათნოება ე.დ.). განსაზღვრულ ადგილას მოათავსეს"879.

 

ყველა შემთხვევაში უდაბნო და სხეულის დაყუდება გონებითი დაყუდების მიღწევაში გვეხმარება. ამ უკანასკნელის წმინდა არსის შესახებ ვისაუბრებთ. იოანე სინელი ამბობს, რომ "დაყუდება სულის არს გულის სუტყვათა გულის - ხმის ყოფაჲ და გონება წარუპარველი. გულის-სიტყვა მხნე და ახოანი მოყვარე არს დაყუდებისა, რომელი იგი დგან კართა ზედა გულისათა დაუცადებელად და დაუძინებელად და მომავალთა მათ მტერთა რომელთამე მოაკვდინებინ და რომელთამე იოტებნ"880.

 

სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი გონებითი დაყუდების შესახებ წერს: დაყუდება გონების უშფოთველი მდგომარეობა, თავისუფალი და სიხარულით სავსე სულის სიჩუმე, უშფოთველი გული, სინათლის სჭვრეტა, ღვთიურ საიდუმლოთა შეცნობა, სიბრძნის სიტყვა, ღვთიური აზრების უფსკრული, აღტაცებული გონება, განწმენდილი საუბარი უფალთან, მღვიძარე თვალი, გონებითი ლოცვა, უფალთან ერთობა და განღმრთობა და უმტკივნეულო განსვენება ასკეტური ღვაწლით"881. სხვა მამებიც წერენ ამგვარ მდგომარეობაზე, რადგან ქრისტესმიერი ცხოვრება ყველა წმინდანის საერთო გამოცდილებაა. გრიგოლ სინელის სიტყვებით "დაყუდება აზრებისგან განთავისუფლებაა, რაც სულის მოაზროვნე ნაწილის (λογική) განწმენდისკენ არის მიმართული. ასკეტი იღვწის ეშმაკის ჩასახული აზრების მოსაშორებლად. ამ აზრებს ერთადერთი მიზანი აქვთ, სულიერი ძალების ერთობის დაშლა და ადამიანის გულის დასნეულება.

 

მართლმადიდებლობა უდავოდ მკურნალი მეცნიერებაა. წმინდა მამათა თხზულებების კითხვისას ჩანს, რომ ქრისტიანის სულის განსაკურნებლად უმთავრესია გონების დაცვა, აზრების გაფანტვა და მათი მოკვდინება, სანამ გულში შემოაღწევენ.

 

"რა არის დაყუდება? თუ არა გულის მოთოკვა, არ იყოს კაცთმოთანე? როცა უფალმა მწიგნობარს მოწყალე სამარიელის იგავი მოუთხრო, ჰკითხა: ვინ იყო "მოყუასი მისსა". მწიგნობარმა მიუგო, რომ ავაზაკებისგან გაძარცვული კაცის მოყვასი "იყო რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა" (ლუკ. 10. 37). უფალმა თქვა აგრეთვე: "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი" (მათ. 12.7). თუ შენც გჯერა, რომ მოწყალება მსხვერპლზე დიდია, მისკენ მიდრიკე გული. დაყუდება ადამიანს გონების სიმაღლეს ანიჭებს. მანამდე თუ საკუთარ თავს შეიცნობს და განიწმინდება. ნამდვილი სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა ჯვარს იტვირთავ. მოყვასს თუ შეეწევი, შენც მიიღებ წყალობას. თუკი თავს შეიკავებ სხვისი თანაგრძნობისგან, თითქოს შენთვის შეუძლებელია, იცოდე, რომ რაც გაგაჩნია, იმასაც დაკარგავ. ამრიგად, ნურც შიგნით იქნები, ნურც გარეთ. შუაში იყავი, და იფიქრე, გულისხმაჰყავ "რაჲ იგი არს ნებაჲ უფლისაჲ" რამეთუ დღენი ბოროტნი არიან" (ეფ. 5. 16-17)882. დაყუდება რომ გონების დაცვაა აზრებისგან, ამაზე მეტყველებს წმინდა თალასეც: "გრძნობები გამოაკეთე დაყუდებით და გულში აღძრული აზრები მკაცრად განსაჯე"883. ისიხასტობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დამცველი იყო გრიგოლ პალამა. წმინდა მამა ღვთის მადლის წყალობით იბრძოდა, რომ დაემტკიცებინა გულისა და აზრების განწმენდის ამგვარი გზის საჭიროება. ამ გზით უფლის წვდომა და ურთიერთობა. ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების შესახებ თავის ჰომილიაში წმინდა მამა საუბრობს დაყუდებაზე. ათონის წმინდა მთის მოღვაწე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს მიიჩნევს გონებითი ლოცვის ნიმუშად, რადგან დედა ღმრთისა წმინდათა წმიდათაში შესვლისას, მდუმარებით ესაუბრება სამება ღმერთს. იგი ამბობს, რომ ვერ შევძლებთ უფალთან ურთიერთობას, ვიდრე არ განვიწმინდებით, გრძნობებისგან არ განვთავისუფლდებით, არ ავმაღლდებით ადამიანურ ცოდნასა და აზრებზე. სწორედ ამას მიაღწია ქალწულმა მარიამმა. უფალთან ურთიერთობის მისაღწევად მან (ღმრთისმშობელმა) წინამძღვრად აირჩია დაყუდება (ἠσυχία), რაც არის გონების სიმტკიცე და წესრიგი, უმაღლესთან ზიარება, აზრების მიმართვა უკეთესისკენ. ეს არის ჭეშმარიტი ქმედება, გზა ღვთის ჭვრეტისკენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაყუდება არის ნიშანი სულის სიჯანსაღისა". შემდეგ გრიგოლ პალამა წერს, რომ სათნოება სულის უძლურებისა და ვნების წამალია, მაგრამ უფლის ხედვა "ჯანსაღი სულის ნაყოფია და მიზანი". სული იკურნება სათნოების დახმარებით და განკურნებული უფალს უერთდება ჭვრეტით (θεωρία), ამ მდგომარეობამდე კი მისვლა დაყუდებით (ήσυχία) ხდება884.

 

მართლმადიდებლური დაყუდებული ცხოვრებით გამოვჯანმრთელდებით "ვთავისუფლდებით მიწიერებისგან და ვუახლოვდებით ღმერთს". მუდმივი ლოცვით ვეხებით შეუხებელ და ნეტარ არსებას. წმინდა ისიხაზმით განწმენდილი გული თავის თავში, როგორც სარკეში, ისე ხედავს უფალს"885.

 

ათონელი მამის მოძღვრებაში მთავარი არის ის, რომ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით, ანუ გონებითი დაყუდებით განვიწმენდთ გულს, გონებას და ასე ვუერთდებით უფალს. ასეთია ერთადერთი გზა, რაც ღმერთთან გვაახლოებს.

 

წმინდა მამები სულის ასეთ მდგომარეობას "შაბათობას" უწოდებენ. დაყუდებით განწმენდილი გონება "შაბათობს" ანუ განისვენებს უფალთან. გრიგოლ პალამა წერს ღვთიურ განსვენებაზე. (როცა ღმერთმა სამყაროს შექმნის შემდეგ შეისვენა) და ქრისტეს განსვენებაზე, როცა მისი სული ჯოჯოხეთში ჩავიდა, ხოლო სხეული საფლავში იმყოფებოდა. წმინდა მამა ამბობს, რომ ჩვენც უნდა ვისწრაფოთ ამგვარი განსვენებისკენ, ანუ მოვიკრიბოთ გონება ყურადღებით და უწყვეტი ლოცვით. ეს ღვთაებრივი განსვენება, ღვთაებრივი "შაბათობა" არის სწორედ გონებითი მდუმარება. "თუ გონებას მიდრეკ ყველანაირი აზრისგან, კეთილი აზრებისგანაც, და მთლიანად მიმართავ მას უწყვეტი ლოცვისკენ, ჭეშმარიტად შეხვალ ღვთიურ განსვენებაში და მიაღწევ მეშვიდე დღის კურთხევას და დაინახავ საკუთარ თავს და იმასაც, თუ როგორ მაღლდები ღვთის ჭვრეტამდე"886.

 

საგულისხმოა, რომ გრიგოლ პალამა ამ სიტყვებით მიმართავს სამწყსოს ქალაქ თესალონიკში, რომლის მიტროპოლიტიც იყო თავად. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა დონით შეუძლია მოიპოვოს ღვთიური განსვენების გამოცდილება. ვფიქრობთ, სწორედ ეს სწავლება აღმოჩნდა დაკარგული ჩვენს ეპოქაში.

 

ზემოთქმული ადასტურებს: ვინც გონებით მდუმარებას ეძლევა, არის დაყუდებული (ἡσυχαστής). დაყუდებული ადამიანი, შესაბამისცხოვრების წესს ირჩევს, რაც არის მართლმადიდებლური ტრადიციის მოძღვრება. მისი მიზანია ადამიანის მიახლება ღმერთთან და მასთან შეერთება. გავიხსენოთ იოანე სინელის სიტყვები: "დაყუდებული იგი არს, რომელმან უხორცო იგი და უნივთო გონება შეაწყვდიოს, ნივთიერსა მას, სენაკსა შინა, საკვირველი ესე საქმე და დიდი. დაყუდებული ჭეშმარიტი სახე არის ანგელოზისა ქვეყანასა ზედა და ქარტითა სურვილისა ღვთისათა, დაწერილითა მისწრაფებისათა ლოცვა მისი განუთავისუფლებიეს ყოვლისავე მცონარებისა და მოწყინარებისაგან. დაყუდებული იგი არს, რომელი ღაღადებს ჭეშმარიტებით, ვითარმედ, განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი ღმერთი, მარადის. დაყუდებულ იგი არს, რომელმან სთქვა, ვითარმედ მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს"887.

 

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ დაყუდება ყველაზე კარგი საშუალებაა შინაგანი კონცენტრაციისთვის, სულის ღმერთამდე ამაღლებისთვის და მასთან ურთიერთობისთვის. ეს დაყუდება საჭიროა ღმერთთან ურთიერთობის მისაღწევად. გრიგოლ პალამა ხანგრძლივად მსჯელობს იმაზე, რომ ადამიანის გონება (ენერგია) უნდა მიემართოს გულს, "სხეულის გონიერ ნაწილს" "აზრთა საუნჯეს", სადაც ღვთიური მადლი სუფევს. წმინდა მამა წერს: "ხედავ, როგორი აუცილებელია დაყუდებულმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს თავის თავს, გონება მიმართოს სხეულის უღრმეს ნაწილში და გამოკეტოს, ამ ორგანოს ჩვენ გულს ვუწოდებთ"888. აქვე დავუმატებთ, რომ მდუმარე ცხოვრების წესი არ არის მარტო ადამიანის მცდელობა, გონება გულს შეუერთოს. ეს სული წმიდის მოქმედებაა. დაყუდებული ცხოვრება სული წმიდის მადლით წარიმართება და სინანულითა და გლოვით გამოიხატება. ისიხასტური ცხოვრება არ არის ხელოვნური მეთოდი, რომლის მსგავსიც შეიძლება აღმოვაჩინოთ ანთროპოცენტრულ სისტემებში. `მართლმადიდებელი მონაზონის გონებითი დაყუდება ღრმა სინანულისა და ღვთის მცნებათა დაცვის მცდელობისგან წარმოიშვა. იგი არ ითვლება არეოპაგიტული ღმრთისმეტყველების სულიერი ცხოვრების ერთგვარ დამატებად. არეოპაგიტული ღმრთისმეტყველების დებულებები არ ეწინააღმდეგება დაყუდების შედეგებს, გარკვეული თვალსაზრისით ემთხვევა კიდეც. ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ერთ მომენტზე. დაყუდების საფუძველი არ არის აპოფატიკური თეოლოგიისთვის დამახასიათებელი განყენებული ფილოსოფია. დაყუდების არსია სინანული და ბრძოლა ჩვენს სულში არსებულ "ცოდვის სჯულთან" (რომ. 7, 23). ეს გონებით დაყუდებასა და სინანულს შორის კავშირი არის საერთო ყველა წმინდა მამის მოძღვრებაში. გრიგოლ სინელი წერს, რომ "ცრემლით ცხოვრებისა და ქმედების გარეშე ვერ განვიცდით დაყუდების ცეცხლს". ვინც გლოვობს სიკვდილამდე,ის მოიპოვებს მოთმინებას და სიმდაბლეს. ეს ორი რამ არის დაყუდების საფუძველი. სინანულისა და ამ ორი საფუძვლის გარეშე დაყუდებული (ἡσυχαστής) "ნაკლებად ყურადღებიანია თავისი აზრებისადმი"889.

 

გონებით დაყუდება დაკავშირებულია სინანულთან, ცრემლთან, მორჩილებასთან. ამის გარეშე დაყუდება ყალბი იქნება და უსარგებლო. მისი მიზანი ხომ გულისა და გონების განწმენდაა, ეს კი წარმოუდგენელია ცრემლის გარეშე. ამიტომ სწორედ ასკეტისთვის ცრემლთა დენა ცხოვრების წესია. გონებისა და გულის კონცენტრაციით ადამიანი თავის უძლურებას ხედავს და ამ დროს თვალებიდან და გულიდან ცრემლთა ნაკადი მოედინება. ღრმავდება სინანული და მეტად იწმინდება ადამიანი იმისთვის, რომ ღვთიური ცოდნა მიიღოს. მდუმარება მჭიდროდ უკავშირდება ქრისტეს მცნებათა დაცვას. დაყუდებულის (ἡσυχασμός) ძლიერი იარაღია "თავშეკავება, სიყვარული, ყურადღება და კითხვა"890.

 

გრიგოლ სინელის სიტყვებით, დაყუდებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შემდეგი სათნოებები: "მდუმარება, თავშეკავება, მღვიძარება, მორჩილება და მოთმინება". ასევე სამი ღმრთივსათნო ქმედება: "ფსალმუნთგალობა, ლოცვა და კითხვა, ხელსაქმე891. წმინდა მამა წერს აგრეთვე, რომ "დაყუდებისთვის პირველ ყოვლისა საჭიროა რწმენა და მოთმინება, გულის სიღრმიდან ამოსული მტკიცე, ძლიერი სიყვარული და სასოება"892. გრიგოლ სინელი სხვა სათნოებებსაც ასახელებს. ესენია; თავშეკავება, მდუმარება, თვითკრიტიკა. თითოეული მათგანი მეორეს ავსებს და მათგან იბადება უწყვეტი ლოცვა893. ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებს, ვიყოთ თავშეკავებული, გონება საკვებით რომ არ დაბნელდეს. "დაყუდებული ყოველთვის უნდა შიმშილობდეს. არ იღებდეს სრულად დამაკმაყოფილებელ საკვებს. რადგან როცა კუჭი მაძღარია, გონება ბინდდება, ამ დროს ადამიანი მტკიცედ და წმინდად ვერ ლოცულობს. მაძღარ ადამიანს ძილი ერევა და გონება წარმოსახვებით ევსება"894.

 

აქედან ცხადია, რომ დაყუდებული ცხოვრება უფლის მცნებათა დაცვაა, რადგან სწორედ ამ მცნებათა მადლით ადამიანში იბადება სათნოება. ასე რომ, სათნოება მდუმარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ დაყუდება არ არსებობს ღვთის მცნებების დაცვის გარეშე. პირიქით, თუ ადამიანი არ იცავს მცნებებს, მასში ვნებები ცოცხლობს, რაც ხელს უშლის მართლმადიდებლურ დაყუდებას. ამ დროს მდუმარების მარცვალი თუ გაჩნდა, მაშინვე ქრება. "არაფერი ისე არ შლის დაყუდებულ მდგომარეობას და ართმევს ღვთიურ ძალას, როგორც მთავარი ვნებები: ნაყროვანება, მრავლისმეტყველება, უხეშობა, ამაო შრომა, ტრაბახი და თვითკმაყოფილება"895.

 

სახარებაში ბევრჯერ არის ნათქვამი თუ როგორ ასწავლის უფალი ვნებებისგან გულის განწმენდას შინაგანი ლოცვით. თვით იესო ქრისტემ აჩვენა მოციქულებს უდაბნოში განმარტოების ღირსება, რომლითაც ადამიანს მტრის დამარცხება შეუძლია. ამიტომ მოციქულთა სწავლებებში მოცემულია მღვიძარების ნიმუშები. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

 

ცნობილია, რომ უფალმა იორდანეში ნათლობის შემდეგ "იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან (მათ. 4.1). უდაბნოში უფალმა დაამარცხა ეშმაკი, რომელმაც ქრისტეს სამი ცნობილი განსაცდელი მისცა. სახარებაში ვხედავთ, რომ იესო ქრისტე ბევრჯერ გადის უდაბნოში არა დასასვენებლად, არამედ მოწაფეებისთვის მაგალითის მისაცემად. "განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან" (მათ. 14.13). ხუთი პურის გამრავლების სასწაულის აღსრულების შემდეგ უფალი ისევ განმარტოებულია მთაზე სალოცავად. "და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან და შერაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. (მათ. 14. 23). მნიშვნელოვანია ისიც, ერთ ადგილას, როცა მოციქულებმა იესოს უამბეს: "ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს" უფალი პასუხობს მათ "მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ (მარკ. 6. 30-31). ღამეებს ლოცვაში ათენებდა იესო ქრისტე. ლუკა მახარებელი ამბობს: "განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ" (ლუკა. 6. 12) უფალი გვასწავლის გონებით დაყუდებას და ჩვენში არსებული ვნებებისგან განთავისუფლებას.

 

 

აი, რას ამბობს იესო ქრისტე ჭეშმარიტი ლოცვის შესახებ: "ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე. შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; (მათ. 6.6) სახარების ამ სიტყვებს გრიგოლ პალამა ასე განმარტავს: "სულის სალარო სხეულია. ჩვენი არსების კარიბჭენი ხუთი გრძნობაა. სული თავის სალაროში შედის, როცა გონება არ მოძრაობს ამქვეყნიურ საგნებისკენ და სულისკენ არის მიბრუნებული. გრძნობები კი მოთოკილია და დაცული, როცა არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გრძნობიერ და ხილულ ნივთებს მიეჯაჭვოს. ამგვარად ჩვენი გონება თავისუფლდება მიწიერი დაბრკოლებებისგან და გონებითი და ფარული ლოცვით ღმერთსა და მამას უერთდება. მამა გვხედავს და ხილულად მოგიძღვნის სამაგიეროს. გულთამხილავი ღმერთი ხედავს შენს ლოცვას და გაძლევს ცხადად დიდებულ წყალობას. ასეთია ჭეშმარიტი და სრულყოფილი ლოცვა, იგი ავსებს სულს ღვთაებრივი მადლით და სულიერი წყალობით, ეს წყალობა მირონს ჰგავს, მირონით სავსე ჭურჭელს. რაც მეტად დაახურავ სახურავს, მით უფრო მეტ სურნელს აფრქვევს. ასეა ლოცვაც, რაც ღრმად მოათავსებ გულში, უფრო მეტად აგავსებს ღვთიური მადლით"896. გეთსიმანიის ბაღში მძინარე მოწაფეებს უფალმა უთხრა; "იღჳიძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჴდეთ განსაცდელსა" (მათ. 26. 41). იესო ქრისტე გვეუბნება, რომ გონება და გული ვნებებისგან და აზრებისგან დავიცვათ; "გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა ეგრე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?" (ლუკ. 5. 22). მწიგნობრებს და ფარისევლებს მიმართავს: "ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა" (მათ. 23. 26). მოციქულთა ეპისტოლეებში ხშირად გვხვდება მსჯელობა უდაბნოს, გონებითი მდუმარების, შინაგანი განწმენდისა და სიფხიზლის შესახებ. გავიხსენოთ რამდენიმე ცნობილი ადგილი ეპისტოლეებიდან. პავლე მოციქული ქრისტესკენ მოქცევის შემდეგ არაბიის უდაბნოში გავიდა წარსული ცხოვრების მოსანანიებლად (გალ. 1,17).

 

მოციქულმა იცის შინაგანი მდუმარების ძალა და მოწაფეებს ამასვე ურჩევს, ქრისტესთან შეერთებული ქრისტიანი ქრისტესმიერ გონებას იღებს, ამის შესახებ წერს პავლე მოციქული: "ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (1 კორ. 2. 16) და მოუწოდებს: "მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი..." (კოლ. 3,50.) ღვთის მადლით პავლე მოციქული თავის სხეულს ნაწილებში სხვა კანონს (სჯულს) ხედავს, ის ეწინააღმდეგება გონების კანონს (რომ. 7, 23). მოციქულის სწავლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მღვიძარებას, ანუ სულიერ სიფხიზლეს გონების ბოროტი ძალისგან დასაცავად: "აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვენით და განვიფრთხოთ... ჩუენ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ" (1 თეს. 5, 6, 8). პავლე ტიმოთე მოციქულს მოუწოდებს: "ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა (2 ტიმ. 4,5).

 

ლოცვა უწყვეტად უნდა აღევლონოს ქრისტიანის გულში: "ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით (კოლ. 4,2). "მოუკლებელად ილოცვიდით" (1 თეს. 5,17).

 

ასეთსავე რჩევებს გვაძლევს პეტრე მოციქული: "განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყ"რალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5,8). აქედან ცხადია, რომ ყველა ქრისტიანს შეუძლია დაყუდების მდგომარეობის მიღწევა და ამგვარად კი უფლის წვდომა. წმინდა მამები ამის შესახებ ნათლად საუბრობენ.

 

პეტრე დამასკელი წერს: "ჩვენ, ადამიანები ამგვარ "დასვენებას" უნდა მივეცეთ, ზოგი ნაწილობრივ, ზოგი სრულად, ამის გარეშე ვერავინ ვერ მიაღწევს სულიერ ცოდნას და თავმდაბლობას"897.

 

პეტრე დამასკელის სიტყვებიდან უნდა გამოვყოთ შემდეგი: "ჩვენ ყველანი, ადამიანები ამგვარ "დასვენებას" უნდა მივეცეთ. თუკი ეს შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის, მაშინ მით უმეტეს საჭიროა ბერმონაზვნებისთვის. მონაზონს ვერ ვუწოდებთ ადამიანს, რომელიც დაყუდებული ცხოვრებით არ ცხოვრობს. ამ თემაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან არსებობდა სხვადასხვა აზრი, რომ დაყუდებულ მონაზვნებს ხიბლით შეპყრობილებს უწოდებდნენ. ვსარგებლობთ შემთხვევით და ამ მცდარ მოსაზრებებს უარვყოფთ. საგულისხმოა აგრეთვე, პეტრე დამასკელის სიტყვები: "მის ("დასვენებას" σχολή) გარეშე შეუძლებელია ღვთიური ცოდნისა და თავმდაბლობის მიღწევა". სწორედ ეს არის უფლის შეცნობის ერთადერთი გზა გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, რაზეც ზემოთ ვრცლად ვიმსჯელეთ.

 

ზოგიერთი ფიქრობს, რომ წმინდა მამების მიერ აღწერილი დაყუდებული ცხოვრება პასიური და უმოქმედოა. სინამდვილეში სხვაგვარადაა. დაყუდება ყველაზე აქტიური ქმედებაა, იგი მიმდინარეობს ფარულად და მდუმარებით. ადამიანი არ მოქმედებს და დუმს იმისთვის, რომ უფალს ესაუბროს, იმისთვის რომ საკუთარი თავისგან განთავისუფლდეს და თვით უფალი მიიღოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველაზე დიდი სირთულეები ჩვენს ცხოვრებაში სულიერია და სნეულებაც (სულიერი და ხორციელი) მომდინარეობს აზრების თავისუფლებისგან, ანუ გონებისა და გულის სიბილწისგან, მივხვდებით რაოდენ დიდი ღირსება აქვს გონებით დაყუდებას. აქედან გამომდინარე, დაყუდება მოქმედებაა და სიცოცხლე. სწორედ ეს მდგომარეობა უწყობს ხელს ადამიანს, რომ მოყვასი შეიყვაროს უანგარო და უვნებო სიყვარულით "ვისაც უყვარს დაყუდება, ვინც გულგრილია ამქვეყნიერთა მიმართ, მას უყვარს ყველა ადამიანი, ვისაც არაფერი ადამიანური არ უყვარს"898. როგორ მოიპოვებს ადამიანი უანგარო სიყვარულს (სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ეს არის) თუკი იგი ვნებებისგან არის შეპყრობილი?

 

დაყუდებული ცხოვრება დაძაბული, სათნო და ჭეშმარიტი მოქმედებაა "წმინდანთა დაყუდებული ცხოვრება უნდა გავიაზროთ არა როგორც უმოქმედობა, არამედ დაძაბული მოქმედება. ამგვარად ხდება უფლის გაცხადება ადამიანთათვის. ღმერთის მოძრაობა ადამიანისკენ არ არის მარტო ხილული სვლა, იგი ფარული მოძრაობაა. არ არის სიტყვების განცხადება, არამედ მდუმარების გამოხატვაა. ამიტომაც ადამიანი უფლისკენ სავალ გზაზე არა მხოლოდ იღებს გაცხადებულ ენერგიას, არამედ მდუმარებით და სიჩუმით ცდილობს მიიღოს საიდუმლო, ადამიანი უნდა ისმენდეს ღვთის სიტყვებსაც და მის მდუმარებასაც. ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობს: "ვინც მოისმინა იესოს სიტყვა, მას შეუძლია მოისმინოს უფლის მდუმარებაც სრულყოფილების მისაღწევად". ამრიგად, ადამიანი ღმერთისკენ სწრაფვას აღსარებით და დაყუდებით უნდა ადასტურებდეს"899. წმინდა მამები ამიტომ ლაპარაკობენ "ნაყოფიერ მდუმარებაზე". თუ დაყუდება სწორედ აღესრულება, მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანისათვის, გარდაქმნის მის პიროვნებას, განაახლებს და აერთებს ღმერთთან. ასე დაყუდება გამოასწორებს კაცობრიობასაც. თუკი ადამიანი ღვთის სიყვარულს აღწევს, მასთან ერთად კაცთმოყვარეც ხდება.

 

 

2. ისიხაზმი

 

აქამდე ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის დაყუდება, რატომ არის საჭირო ის ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით დაყუდება საუკეთესო გზაა განწმენდისათვის და უფალთან შეერთებისათვის. გარდა ამისა, როგორც შევნიშნეთ, მართლმადიდებლობა მკურნალი მეცნიერებაა და მიმართულია ადამიანის უძლურების განკურნებისკენ. განწმენდა განღმრთობის წინაპირობაა და მიიღწევა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, რომელშიც უმთავრესი ადგილი დაყუდებას უკავია.

 

ისიხაზმი დაყუდებული ცხოვრებაა. დაყუდებულ მოღვაწეებს ისიხასტები (დაყუდებულები) ეწოდებათ. მათი ცხოვრების წესს კი ისიხაზმი (დაყუდება). XIVსაუკუნეში აღორძინებული თეოლოგიური მოძრაობის ისიხაზმის მთავარი წარმომადგენელი იყო გრიგოლ პალამა. ამ მოძრაობის მიმდევრებმა იცოდნენ მოღვაწეობის განსაკუთრებული ფსიქოსომატური მეთოდი, რომლითაც ესწრაფვოდნენ გულისა და გონების გაერთიანებას და უფალთან შეერთებას. გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ ამგვარ ერთობაში მონაწილეობს სხეულიც და მასაც შეუძლია ღვთისმიერი ცხოვრების გამოცდილების მიღება. ვარლაამი არ იცნობდა ამ მეთოდს და გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე გახდა. ამის გამო ის ეკლესიამ განსაჯა და ფილოსოფოსი განშორდა მართლმადიდებლობას. ე.წ. ისიხასტური კამათი დასრულდა კონსტანტინეპოლის კრებებზე 1341, 1346, 1351 წ.

 

ისიხასტური მოძრაობა XIV ს-ში არ წარმოშობილა, იგი ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან არსებობს. ისიხაზმზე (დაყუდებაზე) საუბარია წმინდა წერილში, მასზე წერენ ადრეული საუკუნეების მოღვაწე მამები. ჩვენს ნაშრომში უხვად მოვიყვანეთ ეგნატე ღმერთშემოსილის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღმრთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის, თალასეს, სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის, და გრიგოლ პალამას თხზულებებიდან ნაწყვეტები. გრიგოლ პალამა ისიხაზმის შემქმნელი არ ყოფილა, მაგრამ მისი გამომხატველი გახდა. მან განიცადა და შეძლო, აღეწერა ადამიანის სულის განწმენდის გზა. ისიხაზმი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი სახეა. ტერმინ "ისიხაზმით" ჩვენ გონების გულში კონცენტრაციას აღვნიშნავთ.

 

ადამიანის გონება განწმენდისას "მტკიცედ დგას გულში" და იმეორებს იესოს ერთსიტყვიან ლოცვას. ლოცვას ერთსიტყვიანი ეწოდება, რადგან მასში მხოლოდ ერთი სიტყვა მეორდება - იესო ქრისტეს სახელი. გონება ამ დროს იცავს გულს აზრებისაგან. ამგვარად, როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობს სიფხიზლე ლოცვას უერთდება. გრიგოლ პალამა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის შესახებ მსჯელობისას მეზვერის ლოცვას ისიხასტის (დაყუდებულის) ლოცვის სახედ მიიჩნევს. სახარებაში ვკითხულობთ: "მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკ. 18.13). საგულისხმოა სახარების ამ ადგილის გრიგოლ პალამასეული განმარტება. სიტყვა "დგა" გულისხმობს "დიდი ხნის განმავლობაში დგომასაც და დიდხანს ლოცვასაც". მეზვერე ამბობს; "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" - და მეტს არაფერს. "იგი ახალს არაფერს არ ამატებდა და არ ფიქრობდა, მას (მეზვერეს) მხოლოდ საკუთარი თავისკენ და უფლისკენ ჰქონდა მიპყრობილი მზერა, იმეორებდა მარტო მოკლე ვედრებას, რაც ყველაზე სასარგებლო ლოცვაა". აქედან ნათელია ერთსიტყვიანი ლოცვის "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე" ღირსება. ისიხასტი (დაყუდებულ) მეზვერის მსგავსად არაფერზე არ ფიქრობს. გონება ლოცვისკენ აქვს მიმართული. სახარების სიტყვებს მეზვერის შესახებ "არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახლვად" გრიგოლ პალამა სახარების ამ ეპიზოდს ასე განმარტავს. მეზვერის "დგომა გამოხატავს მოთმინებას და მორჩილებას არა მონისა, არამედ განსასჯელისას". ამგვარი ქცევით მეზვერე "თვითგანსჯით თავს არ თვლიდა არც მიწიერი ტაძრის და არც ზეცის ხილვის ღირსად". მის მიერ მკერდში ხელის ცემა მიუთითებს სხეულის ტკივილზე და სულის გლოვაზე. "ძლიერი სინანულით მკერდში ხელის დარტყმით, დამნაშავეს მსგავსი მწუხარებით, იგი თავის თავს ცოდვილს უწოდებს და რწმენით ითხოვს შეწყალებას"900.

 

გრიგოლ სინელი აღწერს იმ ლოცვას, რომელიც გონების კონცენტრირებაში გვეხმარება, რაც არის სწორედ ისიხაზმის არსი. "ილოცე ხშირად სკამზე [მჯდომარემ], რათა შრომა გასწიო, იშვიათად დაისვენე. მოთმინებით იჯექი, რადგან მოციქული ამბობს: "ლოცვასა განკრძალულ იყვენით" (რომ. 12.12) არ არის საჭირო სწრაფად ადგომა ტკივილის გამო, გონება გულისკენ მიმართე და თუ გული გახსნილია, მოუხმე იესო ქრისტეს შეწევნად. განიცადე ტკივილი მხრებზე და ხშირად თავში, აიტანე მოთმინებით და სიყვარულით გულში უფლის ძიებით. რადგან "სასუფეველი ცათაჲ იიძულების901 და რომელ აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11.12). უფალმა თავად გვიჩვენა, ამგვარი მისწრაფებასა და ტანჯვის მაგალითი. მოთმინებასა და სიმტკიცისგან იბადება სულისა და სხეულის შრომა"902. გონებითი დაყუდების ღირსება არის უწყვეტი ლოცვა, იესოს ლოცვის წარმოთქმა, გონების კონცენტრირება და გულისკენ მიმართვა, ლოცვისას სხეულის გამართვა, გრძნობების შემოსაზღვრა, ცოდნა იმისა, რომ ღვთიური მადლი უქმნელია და ადამიანს შეუძლია ამ მადლის გულში მიღება, რომ თაბორის ნათელი ადამიანურ ცოდნაზე მაღლა დგას. ისიხაზმის განმსაზღვრელი ყველაფერი "გამართლდა" კონსტანტინეპოლის კრებებზე. ამიტომ ისიხაზმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებლური ტრადიციის წიაღში არ არის და აქედან გამომდინარე, შეიძლება განერიდოს კიდეც მართლმადიდებლურ ცხოვრებას.

 

 

2. ანტიისიხაზმი

 

დაყუდების (ἡσυχασμός) მნიშვნელობის შესახებ მოკლე მსჯელობისას დავრწმუნდით, რომ იგი აღიარა საეკლესიო კრებამ. ახლა აღვწერთ ღმერთის შეცნობის ანტიისიხასტურ მეთოდს და ცხოვრების წესს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს დროშია გაბატონებული და იმაზე მეტყველებს, რომ "დღენი ბოროტნი არიან". გონებით დაყუდებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით დასავლეთში. მოწინააღმდეგეთ არ ჰქონდათ აუცილებელი გამოცდილება ამგვარი ლოცვის გასაგებად და ამიტომ მცდარად ფიქრობდნენ, რომ დაყუდებულ ცხოვრების წესში არსებობდა რაღაც მექანიკური მეთოდი უფლის ჭვრეტისთვის"903.

 

სამწუხაროდ დასავლურმა ცხოვრებამ გავლენა მოახდინა საბერძნეთზეც, რის შედეგადაც დღეს შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ მართლმადიდებლური ტრადიციის შეცვლაზე. მრავალნი ამბობენ, რომ დასავლურმა სულმა შეგვცვალა, მაგრამ ამ ცვლილებას ხედავენ ზნეობაში, წეს-ჩვეულებებში და სხვა სფეროში. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ცვლილება შეეხო ისიხაზმს. დაყუდება (ἠσυχία) განიხილება, როგორც მოძველებული გზა, უმოქმედო ცხოვრების წესი, ჩვენი დინამიკური ეპოქისთვის შეუსაბამო. გულდასაწყვეტია, რომ ამგვარი აზრი აქვთ მართლმადიდებლური ტრადიციით ცხოვრების მსურველებსაც. თანამედროვე სამყაროსთვის ორგანულია არა დაყუდება, არამედ ქმედება და შფოთი"904.

 

ჩვენს დროში, სიამოვნებისა და ეგოისტური სიყვარულის ეპოქაში გამოძახილი ვერ ექნება დაყუდებულ ცხოვრებას. დღეს ხდება ის, რაზეც წერს იოანე სინელი: "ილტვის თევზი სამჭედურისაგან და სული გემოთმოყვარე დაყუდებისაგან"905.

 

სიამოვნებაზე შეყვარებული ეპოქისთვის უცხოა დაყუდება. ერთმა მონაზონმა მითხრა, რომ ჩვენს დროში "ანტიისიხასტური ქარი უბერავს და ირგვლივ წვავს ყველაფერს. ეს შეფასება ზუსტია. მასზე მეტყველებს დღევანდელი რეალობა. თანამედროვე ეპოქაში გაბატონებული მდგომარეობა ვარლაამისაა და არა გრიგოლ პალამასი.

 

ჩვენი ეპოქის ღმრთისმეტყველება ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება. იგი ფილოსოფიურ სისტემად იქცა, ღმრთისმეტყველების ისტორიად და არა დაყუდების შედეგად და უფალთან ერთობად. აი, ამიტომაც თანამედროვე თეოლოგიურ თხზულებებში ბევრი შეცდომაა დაშვებული. ზემოთ შევნიშნე, რომ ბევრი ჩვენგანი ღმრთისმეტყველებას მკურნალ მეცნიერებად არ აღიარებს. ჩვენ არ ვიცნობთ მართლმადიდებლური მოღვაწეობის არსს. თუ წავიკითხავთ "სათნოებათმოყვარეობას" (φιλοκαλία), სადაც თავმოყრილია თეოლოგიური მეთოდების ამსახველი მნიშვნელოვანი თხზულებები, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა სულის ვნებათაგან განკურნებაზე მოგვითხრობს. ეს ტექსტები ანალიტიკური ხასიათის არ არის, მათში არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ამაღლებული სულიერი მდგომარეობა, არამედ აღწერილია მეთოდები, რომლითაც ადამიანს შეუძლია ვნებათაგან განკურნება. დარწმუნებული ვარ თანამედროვე ღმრთისმეტყველების დიდი ნაკლია, რომ "სათნოებათმოყვარეობა" (φιλοκαλία) არ არის შესწავლილი. შეიძლებოდა დაარსებულიყო ცალკე კათედრა, სადაც ასკეტიკურ და ისიხასტურ ტექსტებს შეისწავლიდნენ. გარდა ამისა, საჭიროა მართლმადიდებლური თეოლოგიის პირადი გამოცდილებაც. საგულისხმოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები გააზრებითი ღმრთისმეტყველებისა და ღვთისმიერ თეოლოგიას შორის განსხვავების შესახებ. ღვთის ჭეშმარიტი ჭვრეტის მიღწევა გულის განწმენდის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ვნებებისგან განთავისუფლებულ გულს შეუძლია ღვთის ხილვის ბრწყინვალების განცდა. ამ ბრწყინვალე მდგომარეობაში მყოფი გონება სიხარულით დუმს, დაუძლურებულია ხილულის სიდიადით.

 

ღვთის ხილვამდე მოაზროვნე ღმრთისმეტყველი და ასკეტი მონაზონი სხვადასხვა გზით მიდიან. ამ უკანასკნელის გონება არანაირი აზრით არ არის დაკავებული. იგი, დარაჯივით მდუმარედ ყარაულობს, რომ უცხო რამ არ შემოიჭრას მის გულში. ქრისტეს სახელი და მისი მცნებები - აი, რითი ცხოვრობს გული და გონება. ამგვარ "წმინდა დაყუდებულ" მდგომარეობაში გული და გონება ერთიანი ცხოვრებით ცხოვრობენ. შინაგანად მიმდინარე პროცესებს აკონტროლებენ არა ლოგიკური ანალიზით, არამედ განსაკუთრებული სულიერი შეგრძნებით.

 

გულთან შეერთებული გონება ამჩნევს ყველა მოძრაობას, რაც "ქვეცნობიერში" მიმდინარეობს (თანამედროვე მეცნიერული ფსიქოლოგიის ამ ტერმინს ვიყენებთ პირობითად). გულის სიღრმეში ჩასული გონება ხედავს მის გარშემო გამოჩენილ, ამქვეყნიური სამყაროდან გამოსულ სურათებს და აზრებს, რომლებიც ადამიანის გულისა და გონების დამორჩილებას ცდილობენ. გარედან თავს მოხვეული აზრები ძლიერია და მათ დასაუძლურებლად მონაზონმა მთელი დღის განმავლობაში არ უნდა დაუშვას არც ერთი ვნებიანი მზერა. უნდა ისწრაფვოს, რომ გარედან მიღებული შთაბეჭდილებები მინიმუმამდე დაიყვანოს. სხვაგვარად გონებითი ლოცვის დროს ყველა შთაბეჭდილება აღიმართება გულში მებრძოლი ჯარივით და მოაქვს შფოთი.

 

მონაზვნის მიზანია მიაღწიოს გონებისა და გულის ერთიან უწყვეტ ყურადღებას. მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ ამ ყველაზე რთული ღვაწლის შედეგად გულის შეგრძნებები სუსტდება, გონება კი გლოვისა და ცრემლის შემდეგ მიიღებს ძალას ვნებიანი აზრებისაგან გასათავისუფლებლად. ამ დროს ლოცვა უწყვეტია და ღმერთის არსებობისა და მოქმედების შეგრძნება ძლიერდება"906.

 

მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება ამგვარ ისიხასტურ მეთოდს უნდა ეყრდნობოდეს, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური რომ იყოს. სირთულეები ამ სფეროშია სწორედ. პრობლემა პრობლემად რჩება. თანამედროვე ღმრთისმეტყველება საუბრობს ცრემლებზე და გლოვაზე, თვითკრიტიკაზე და თავმდაბლობაზე? ღმერთის შეცნობის საშუალებად მიიჩნევს "გონებისა და სამყაროს შეჩერებას, ამქვეყნიურის დავიწყებას... აზრების მიმართვას საუკეთესოსკენ?" თანამედროვე თეოლოგიის მიხედვით უფალთან ურთიერთობისთვის "ყველაფერი გრძნობიერი უნდა მივატოვოთ, ავმაღლდეთ აზრებზე, ნებისმიერ ცოდნაზე და თვით აზროვნებაზეც, სრულად მივეცეთ გრძნობიერ გონიერ ქმედებას, რასაც ბრძენმა სოლომონმა ღვთაებრივი გრძნობა უწოდა, უნდა მივაღწიოთ ცოდნაზე ამაღლებულ, გაცვეთილ ფილოსოფიაზე ამაღლებულ უცოდინარობას?"907.

 

ჩემი აზრით, თანამედროვე ღმრთისმეტყველება რაციონალისტურია. მისი საყრდენი "სიმდიდრე" აზროვნებაა. საყურადღებოა არქიმანდრიტ სოფრონისეული შეფასება: "წარმოსახვის ერთი სახეობა, რაზეც გვსურს ვისაუბროთ არის ლოგიკით ღვთაებრივ სამყაროში შეჭრა და მისი განმარტება. ასეთ მცდელობას ყოველთვის წარმოსახვა ახლავს, რასაც მრავალნი უწოდებენ "ღმრთისმეტყველების შემოქმედებას". გონიერი ღმრთისმეტყველების მოღვაწე და წმინდად მლოცველი თავის თავში ებრძვის ამგვარ "შემოქმედებას", რადგან ის ჭეშმარიტი არსებობის საპირისპირო პროცესია და ამ დროს ადამიანი თავად ქმნის ღმერთს საკუთარი წარმოსახვით და თავის მსგავსად"908. არქიმანდრიტი სხვა ადგილას წერს:, რომ ღვთისმეტყველ-რაციონალისტი აგებს თავის სისტემას არქიტექტორის მსგავსად და იყენებს ემპირიულ და მეტაფიზიკურ აზრებს სამშენებლო მასალად და იმას კი არ აქცევს ყურადღებას, რამდენად შეესაბამება მისი იდეალური შენობა რეალურს, არამედ ფიქრობს შენობის დიდებულებაზე. თავის სისტემის ჰარმონიულობაზე ლოგიკური თვალსაზრისით.

 

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დიდმა ადამიანებმაც კი ვერ გაუძლეს ამგვარ ცდუნებას, რომლის თავი და თავი არის ამპარტავნება. რაციონალისტი თეოლოგისთვის ისევე ძვირფასია თავისი მოსაზრება, როგორც დედისთვის შვილი. თავის შემოქმედება საკუთარი თავივით უყვარს, მასთან აიგივებს და თავის სფეროში იკეტება. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ადამიანური ჩარევა გარედან უშედეგოა, თუკი თვითონ რაციონალისტ-თეოლოგი არ გამოეთიშება ე.წ. სიმდიდრეს. სხვაგვარად ვერასოდეს ვერ შეძლებს წმინდად ლოცვას და ჭეშმარიტ ჭვრეტას უფლისას"909.

 

ამგვარია ვარლაამისეული და არა პალამასეული მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება. გარდა ზემოთქმულისა, დღევანდელ დღეს იესოს ლოცვის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობა შეიმჩნევა. მართალია, იმავდროულად ამ ლოცვისადმი ინტერესი გარკვეულწილად ძლიერდება და იბეჭდება კიდეც ლოცვების კრებულები და მამათა თხზულებები მის შესახებ.

 

ამგვარი წიგნები იკითხება მხოლოდ წასაკითხად, თითქოს ხარკის გაღებაა მოდისთვის.. ხდება ისიც, რომ "სულიერი" ადამიანები ირონიულად საუბრობენ დაყუდებულ ცხოვრების წესზე და უარესიც, თავიანთ სულიერ შვილებს უკრძალავენ ისიხაზმის საკითხებით დაინტერესებას. "ეს თემა საჩვენო" არ არის და სხვა ასეთ სიტყვებს მოისმენთ. ბევრს მიაჩნია, რომ საკმარისია დილას და საღამოს რამდენიმე წუთი დაუთმო შენი სიტყვებით ლოცვას. მდუმარება, თვითკრიტიკა, ცრემლი ერისკაცთათვის მიუღებლად ითვლება. ეს კი, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ეწინააღმდეგება წმინდა მამათა ნააზრევს. ყველაზე ცუდია ის, რომ "მიწიერი" აზროვნება, ანტიისიხასტური ცხოვრება მონაზონთა შორისაც ჩნდება. ამგვარი სული შეჭრილია მონასტრებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ მკურნალი სკოლები, სადაც განკურნების მეცნიერებას შეასწავლიან.

 

მე, პირადად შევსწრებივარ იმას, რომ "გამოჩენილი" ბერები, ვისაც ახალბედა მონაზვნების მართლმადიდებლური სულით წვრთნა ევალებათ, თავად უარყოფენ დაყუდებული ცხოვრების წესს და მას "ზღაპარს" უწოდებენ. ეს ფაქტი სამწუხაროა. "დაყუდება მართლმადიდებლური ბერული ცხოვრების დამახასიათებელი ნიშანია. მართლმადიდებლური ბერმონაზვნობა იმავდროულად არის ისიხაზმი (დაყუდება)910.

 

საბედნიეროდ, ბოლო დროს ვხვდებით წმინდა მამათა ტრადიციებთან და განსაკუთრებით დაყუდებულ ბერულ ცხოვრებასთან დაბრუნების მცდელობასაც. თანამედროვე ეპოქის შფოთში მდუმარებასა და სიმშვიდეს მოკლებული ახალგაზრდები ბერულ ცხოვრებას იწყებენ, დაყუდებას ეძლევიან და საზრდოობენ მისი სიტკბოებით. ასეთი ადამიანები წმინდა მამათა მართლმადიდებლური ტრადიციის გაგრძელებას ესწრაფვიან. ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ჩნდება ისიხაზმის კერები. ისიხასტური წესი დიდ ქალაქებშიც უნდა გავრცელდეს. ამაში ვხედავ მე ეკლესიური ცხოვრების განვითარების მიზანს. მხოლოდ ამ გზით შევიგნებთ, რომ ეკლესია სულის განკურნებისა და უფლის გამოცხადების ადგილია. განწმედისას იღებს ადამიანი ღვთიურ ცოდნას. შეიძლებოდა ყველას თავისი შესაძლებლობის მიხედვით ელოცა იესოს ლოცვა, რაც სულიერი ცხოვრების წარმმართველი გახდებოდა. იესოს ლოცვა გვასწავლის, როდის ვისაუბროთ და როდის დავდუმდეთ, როდის შევწყვიტოთ ლოცვა და დავეხმაროთ მოყვასს. ლოცვის დახმარებით გავიგებთ, როდის შევცოდეთ და როდის მივიღეთ უფლის მადლი. გარდა ამისა ვიღვაწებთ გონების სიწმინდის შესანარჩუნებლად.

 

ჩვენი ცხოვრების წესად წმინდა თალასეს სიტყვები გამოგვადგება: "მდუმარე განმარტოების ციხე-სიმაგრეში ჩაკეტე შეგრძნებები, გონება რომ არ გაიტაცონ სურვილებმა"911. მტკიცედ გვახსოვდეს, რომ დაყუდება, როგორც კალისტოსი და იგნატი ქსანთოპულოსები ამბობენ, "მამათა ტრადიციის უცდომელი და ჭეშმარიტი ღმრთისმიერი ცხოვრების წესია".

 

სწორედ ქსანთოპულოსების სწავლებიდან ნაწყვეტით მინდა დავასრულო ისიხაზმზე მსჯელობა. "ეს გზა, სულიერი უფლისმიერი ცხოვრება და წმინდა ქმედება ჭეშმარიტი ქრისტიანებისა არის ნამდვილი, უცდომელი ქრისტესმიერი ცხოვრება. ეს გზა დასახა და მასზე გვატარებს თავად ღმერთკაცი, ტკბილი იესო. ამ გზაზე იარეს მოციქულებმა, მათ მისდიეს ჩვენმა დიდმა მოძღვრებმა, რომლებიც ქრისტეს განკაცებიდან დღემდე სამყაროს ვარსკვლავებად ბრწყინავენ თავიანთი ცოცხალი სიტყვებით და საქმით. ჩვენ მათ გადმოგვცეს კეთილი თესლი, წმინდა ცომი, ძვირფასი საგანძური, მადლი, უმაღლესი ძალა, ძვირფასი მარგალიტი, ღვთიურ მამათა ტრადიცია, ფარული განძი. სულის ქორწინება, სამეუფო ნიშანი, მდინარე და ცოცხალი წყარო, ღვთიური ცეცხლი, წყალობა, ბეჭედი, სინათლე და მათი მსგავსი. ეს ყოველივე ვიმემკვიდრეთ და თაობიდან თაობას გადაეცემა ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. რადგან უტყუარია აღთქმა: "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28.20).

 

მეექვსე თავი

მართლმადიდებლური გნოსეოლოგია

 

ჩვენი წიგნის ბოლო თავში შევეხებით გნოსეოლოგიას, რადგან ეს სფერო მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის სულის კურნებას. ნაშრომის წინა ნაწილებში აღვწერეთ, რომ ადამიანის უძლურება და სიკვდილი ცოდვით დაცემით არის განპირობებული. აზრების ზემოქმედებით სნეულდება სული, გონება და გული. დაცემა უპირველეს ყოვლისა გონების დაცემას ნიშნავს. როცა სული, გონება და გული იკურნება ადამიანი ღვთის ცოდნას მოიპოვებს. უფრო სწორად, ადამიანი ამ ცოდნას მოიპოვებს სრულად განკურნებისას, და თანდათან განკურნების შესაბამისად. სრულყოფილად განკურნების შემდეგ კი ადამიანი შეიცნობს არა მარტო სიტყვებს უფლის შესახებ, არამედ თვით ღმერთს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი ცხადდება განკურნებულ გულში და აძლევს მას მისეულ ცოდნას. აქედან ცხადია, რომ მართლმადიდებლური გნოსეოლოგია მჭიდროდ უკავშირდება სულის კურნებას. ღვთის შემეცნება იზრდება კურნების პროცესთან ერთად და გნოსეოლოგია ეძლევა ადამიანს სრულად განწმენდის შემდეგ,

 

ნათქვამის უკეთესად გასაგებად მივმართავთ ეკლესიის ორი წმინდა მამის ისააკ ასურის და გრიგოლ პალამას სწავლებებს.

 

 

 

სამი ცოდნა ისააკ ასურის სწავლების მიხედვით

 

ისააკ ასურის სწავლებიდან ყურადღებას შევაჩერებთ წმინდა მამის 62-66-ე სიტყვებზე წიგნიდან "ასკეტიკა" (Ασκητικά. εκδ. Ρηγοπούλου 1977). ისააკ ასური, უპირველეს ყოვლისა, აღწერს განსხვავებას ადამიანურ ცოდნასა და რწმენას შორის. ადამიანური ცოდნის თავისებურება ის არის, რომ "მას არ შეუძლია რამე აკეთოს კვლევის გარეშე, იგი ეძიებს, შეიძლება თუ არა არსებობდეს ის, რასაც ფიქრობს და რაც უნდა". (σελ. 251). ამგვარად, ადამიანური ცოდნა რაციონალისტურია, მასში მოქმედებს დაცემული აზროვნება, რომელიც ბუნებრივ საზღვრებს არღვევს და ეუფლება გონებას. რწმენას კი სხვაგვარი განსაზღვრება აქვს, იგი განსხვავდება ცოდნისგან და უფრო ფასეულია. წმინდა მამა საუბრობს რწმენაზე და ამბობს, რომ იგი რწმენაში არ გულისხმობს წმინდა სამების ჰიპოსტასების შესახებ დოგმატურ ჭეშმარიტებას, არც ქრისტეს განკაცებას (თუმცა ამგვარი რწმენაც უმაღლესია), არამედ "სულში ანთებული მადლის სინათლის რწმენას", რაც აზროვნების დამოწმებით ამყარებს გულს, რათა ამ უკანასკნელს ურყევი სასოება ჰქონდეს" (σελ. 261). ამ სულიერ რწმენას საიდუმლოს მოსმენით არ სწავლობს. იგი "სულიერი თვალით ხედავს სულში დაფარულ საიდუმლოს, უხილავ და ღვთიურ სიმდიდრეს, რაც უხილავია ხორციელი შვილებისთვის და ხილულია მათთვის, ვინც ქრისტეს ტრაპეზიდან საზრდოობს, ვინც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს" (σελ. 261).

 

წმინდა ისააკის სწავლებით ადამიანური ცოდნა ძიების გარეშე ვერაფერს აკეთებს, "რწმენა კი მოითხოვს ერთადერთ წმინდა და უბრალო აზროვნებას, რაც ყოველგვარი ძიების მეთოდს მოკლებულია... რწმენის საცხოვრისი ყრმისებური აზროვნებაა და უბრალო გული (σελ. 251). ადამიანური ცოდნის ცენტრში არის აზროვნება, რწმენა კი ცოცხლობს განწმენდილ და უბოროტო გულში. ადამიანური ცოდნა "ბუნების საზღვარია", რწმენა ზებუნებრივად მოქმედებს (σελ. 251). უფრო სწორად, ადამიანური ცოდნა არის ბუნებრივი მდგომარეობა, მოქმედებს ბუნებრივ საზღვრებში, ხოლო რწმენა ზებუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანური ცოდნა მატერიალურის გარეშე ვერ შექმნის ვერაფერს, ის ნივთიერ სამყაროს ეხება, რწმენის ძალით ღვთაებრივი შემოქმედებაა შესაძლებელი. (σελ. 251). ადამიანური ცოდნა ვერ ბედავს და არ სურს ბუნებრივი საზღვრის გადალახვა, რწმენას "თვითნებურად" შეუძლია ყველაფრის გადალახვა (σελ. 252). ამას ადასტურებს წმინდანთა ცხოვრებები, წმინდანები ხომ რწმენის ძალით "შედიოდნენ ცეცხლის ალში, თრგუნავდნენ მის მწველ ძალას და უვნებელნი რჩებოდნენ, ზღვის ზედაპირზე ხმელეთის მსგავსად დადიოდნენ (σελ. 252). რწმენის ძალით აღსრულებული ყველაფერი ზებუნებრივია. ადამიანური ცოდნა არ იწყებს საქმეს იმის გამოკვლევის გარეშე, რამდენად შესაძლებელია მისთვის ამის (რაღაცის) მიღწევა. რწმენა ამბობს: "ყოველივე შესაძლებელი არის მორწმუნისა (მარკ. 9.23), რადგან უფლისთვის არაფერია შეუძლებელი.

 

ისააკ ასურის მოღძვრებაში ადამიანური ცოდნა გაკიცხული არ არის, მაგრამ რწმენა მასზე მაღლა დგას. ცოდნის სრულყოფა რწმენით ხდება, რადგან ის არის "საფეხური, რომლითაც ადამიანი რწმენამდე მაღლდება". რწმენით "მცირედიცა იგი განქარდეს-ვე". მაშინ "ჩვენი რწმენით შევიცნობთ მიუღწეველს და არა ცოდნის ძალით". ყველა სამართლიანი საქმე ანუ სათნოებები: მარხვა, მოწყალება, მღვიძარება, განათლება და სხვა, რაც სხეულით სრულდება და მოყვასის სიყვარული, გულის დამდაბლება, პატიება, სიკეთეზე ფიქრი, წმინდა წერილის საიდუმლოების ძიება, სათნო საქმეებისკენ გონების მიმართვა, სულის ვნებების მოთოკვა - ეს ყველაფერი ცოდნას მოითხოვს. ცოდნა იცავს მათ და აწესრიგებს. თუმცა თითოეული ამათგანი საფეხურია, რითაც რწმენის სიმაღლეზე ავდივართ. რწმენით ცხოვრება "სათნოებაზე ამაღლებულია, მისი საქმე შრომა არ არის. სრულყოფილი სიმშვიდეა სულისა და გულისა" (σελ. 254-255).

 

ნათქვამი ცხადყოფს, რომ ისააკ ასურის სწავლებისა და სხვა წმინდა მამების მიხედვით რწმენა ადამიანურ ცოდნაზე მაღლა დგას. იმ ცოდნაზეც კი, რომელიც სათნოებებით მიიღწევა. რწმენა ქარიზმატული მდგომარეობაა, უფალთან ურთიერთობაა "აზროვნება და გულის ხედვაა" ღვთიური მადლის სინათლით სავსე სიცოცხლეა. გრიგოლ პალამას სწავლების განხილვისას დავინახავთ რა არის ღმერთის ცოდნა, ადამიანის ერთობა უფალთან. ღმერთის ცოდნა ნებისმიერ ადამიანურ ცოდნაზე მაღლა დგას, მათ შორის იმ ცოდნაზეც, რასაც სათნოებებით ვაღწევთ, რადგან მაშინ თვით იესო ქრისტეს ვხედავთ, მაცხოვარს, რომელიც თავის მცნებებით ცხადდება.

 

ისააკ ასური სამ ცოდნაზე საუბრობს. ახლა განვიხილოთ მათ შორის განსხვავება, რაც მართლმადიდებლური ტრადიციის კულტურული ტრადიციისგან და ღვთაებრივი ცოდნის ადამიანურისგან სხვაობას წარმოაჩენს. არსებობს სამგვარი გრძნობის და აზროვნების მეთოდი: სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი. ასევე არსებობს სამი ცოდნა სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი. რა ცოდნასაც ფლობს ადამიანი, იმის შესაბამისად ავლენს სულიერ მდგომარეობას, განწმენდას და კურნებას. სულით სნეულს აქვს სხეულებრივი ცოდნა, განკურნების პროცესში მყოფს მშვინვიერი და განკურნებულს სულიერი. ეს უკანასკნელი უცხოა და მიუღწეველი ხორციელი ადამიანისთვის.

 

პირველი ცოდნა სხეულებრივია. ადამიანური ცოდნის დამახასიათებელი ნიშნები, რაც ხორციელ სურვილებს უკავშირდება არის სიმდიდრე, ცუდად მზვაობრიობა, მორთულობა, სხეულის განსვენება, ამქვეყნიურის მმართველი ლოგიკური სიბრძნის სწავლა, რითაც აღმოჩნდება სიახლეები ხელოვნებაში, მეცნიერებაში (σελ. 256). ეს ცოდნა რწმენის საპირისპიროა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადგან ემყარება "თავის საკუთარ აზროვნებას (σελ. 256). სიბრძნე და ამქვეყნიურ საგანთა ცოდნა ამაოა, და ადამიანს ბევრ პრობლემას უქმნის თუ არ არსებობს მშვინვიერი და სულიერი ცოდნა. ამგვარი ცოდნა უბრალო და "შიშველია", რადგან "გამოხატავს ღვთიურისკენ მიდრეკილებას და გონებაში უგნური უძლურება შეაქვს". (σελ. 256). ჩვენს თანამედროვეთაგან უმრავლესობას ამგვარი ცოდნა აქვს. ეს არის ჩვენი ეპოქის კულტურის არსი, რაც მრავალნაირ სულიერ და სხეულებრივ მოშლილობებს იწვევს. ცალმხრივობა ამგვარი ცოდნისა ხშირად ქმნის სირთულეებს. აი, როგორ აღწერს ამას წმინდა ისააკი. სხეულებრივი ცოდნის მქონე ადამიანს იპყრობს "სულმოკლეობა, ნაღველი, სასოწარკვეთილება, ეშმაკის შიში, ადამიანის შიში, სიკვდილზე საუბარი, ავადმყოფობისას ზრუნვა, სიღარიბეზე შფოთი, სიკვდილის შიში, ვნებების და მხეცების შიში და სხვ. რაც ცხოვრების მორევში ხდება (σελ. 256-257). ასეთი ადამიანური ცოდნით ღვთიურ წყალობას ვერ მიენდობა და საკუთარი ძალით და მცდელობით სურს პრობლემების გადაწყვეტა. როცა ამას ვერ ახერხებს "ებრძვის ადამიანებს, ვინც მას ეწინააღმდეგება (σελ. 257). სხეულისმიერი ცოდნა, ამქვეყნიურზე მზრუნველი, სრულად გამორიცხავს სიყვარულს. იგი "ეძებს სხვა ადამიანების პატარა შეცდომებს, დანაშაულს, უძლურებას და ადამიანს განაწყობს დამრიგებლური პათოსით, მიდრეკს მზვაობრობისკენ. აღვივებს ამპარტავნებას (σελ. 257). ცხადად ვხედავთ, რომ სხეულის მიერი ცოდნა თანამედროვე სამყაროში გამეფებული წმინდა ისააკი წინასწარმეტყველურად წარმოადგენს ხორციელი ადამიანის ზრუნვის საგნებს, აღწერს ასეთი ადამიანის დეპრესიას და მის საშიშ შედეგებს. პირადი ურთიერთობების აღრევა, სიყვარულის კლება, ყველა მოქმედებისას სიჯიუტე და ცბიერება თანამედროვე სულით განუკურნელი და უფლისგან დაშორებული ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანისთვის მეორე ცოდნა მშვინვირია. ადამიანი, როცა პირველს, ხორციელს, სხეულისმიერ ცოდნას მიატოვებს და მშვინვიერ სურვილებს და აზრებს მიუბრუნდება, მაშინ მშვინვიერი კეთილი საქმეების აღსრულება იწყება. ეს საქმეებია: მარხვა, ლოცვა, მოწყალება, წმინდა წერილის კითხვა, სხვადასხვა სათნოება, ვნებებთან ბრძოლა და სხვა.

 

ისინი აღსრულდება არა მარტო ადამიანური ძალისხმევით, არამედ სული წმინდის ზემოქმედებით. არსებობს უფრო ამაღლებული ცოდნაც. მშვინვიერი ცოდნა სრულყოფილებას აღწევს მაშინ, როცა ადამიანი "თავის მოქმედებას დააფუძნებს განმარტოებას და წმინდა წერილის კითხვას (σελ. 259). ამრიგად, მშვინვიერი ცოდნით ადამიანი დაყუდებულ ცხოვრებას ატარებს უფლისადმი უწყვეტი ლოცვით და სწავლობს წმინდა წერილს არა ცნობისმოყვარეობით, რომ გაიგოს უფლის სიტყვები, არამედ სულიერი საზრდოს მისაღებად. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც სულის ჭრილობების განკურნება სურთ. ასეთი მკურნალობა ანიჭებს ცოდნას, რაც წინაპირობაა სულიერი ცოდნისა. ეს უკანასკნელი კი ადამიანის გულში ღვთის მადლის არსებობაზე მიანიშნებს.

 

მესამე სულიერი ცოდნაა. ადამიანის ცოდნა "მაღლდება მიწიერ საქმეებზე და მიემართება თვალისგან დაფარულს, უგულებელყოფს ყველაფერს, რაც "ვნებებს უკავშირდება", იგი მაღლდება მომავალ საუკუნეზე ზრუნვით, ამ დროს რწმენა ფარავს ცოდნას. (σελ. 259). მაშინ შეუძლია [ადამიანს] უსხეულო ანგელოზთა ფრთებით იფრინოს და სულიერი საიდუმლოებები შეიცნოს, შეიცნოს არსებათა მიზეზი. ამ დროს იღვიძებს შინაგანი შეგრძნებები. სული განიცდის აღდგომას, რაც მკვდრეთით აღდგომის დამადასტურებელია.

 

ისააკ ასურის ეს სიტყვები საგულისხმოა. ამგვარი ცოდნა ჰქონდათ წმინდანებს, მოსეს, დავითს, ისაიას, პეტრე და პავლე მოციქულებს და ყველა წმინდანს, ვინც "ადამიანური ბუნების საზღვრებში" ღირსი იქმნენ ამ სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. ეს ცოდნა ღმერთის ჭვრეტისგან და უქმნელი სინათლისგან მომდინარეობს. სულიერი ცოდნა ღმერთის ხილვის ნაყოფია, იგია ღმერთის შეცნობა. ამის ღირსი კი ხდება ხორციელი ცოდნიდან მშვინვიერისკენ და მშვინვიერიდან სულიერისკენ გარდამავალი ადამიანი.

 

ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ "პირველი ცოდნა აცილებს სულს "ღვთისკენ მიმავალ გზაზე", მეორე - ათბობს რწმენისკენ სწრაფად მიმავალ გზაზე. მესამე ცოდნა კი არის განსვენება საქმისგან (რაც მომავალი საუკუნის სახეა). (σελ. 260). წმინდა ისააკის სწავლება ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზის გამო:

 

წიგნის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ეკლესიაში ადამიანები ბოროტებად და კეთილებად, ზნეობრივად და უზნეობად არ იყოფიან. ამოსავალი ადამიანური ეთიკა არ არის, ადამიანები სულით სნეულ, მკურნალობის პროცესში მყოფ და განკურნებულებად იყოფიან. ეს სამი კატეგორია ზუსტად შეესაბამება სამ ცოდნას. სულით სნეულებს ხორციელი ცოდნა აქვთ, მკურნალობის პროცესში მყოფნი მშვინვიერ სიბრძნესა და ცოდნას აღწევენ, განკურნებულნი კი ანუ წმინდანები სულიერ, ღვთიურ ცოდნას ფლობენ.

 

ჩვენი თანამედროვე ადამიანები (უმრავლესობა) სულით სნეულნი არიან და არ იციან, რა არის გული და გონება, ამიტომ მათ პირველი (სხეულისმიერი) ცოდნა აქვთ. სხვები მეორე ცოდნის მქონეთა კატეგორიას ეკუთვნიან. ისინი იღვწიან განსაკუთრებულად მართლმადიდებლური ეკლესიის ასკეტური სწავლების მიხედვით. თანამედროვე წმინდანები კი მესამე ცოდნას ფლობენ, რადგან განიკურნენ სნეულებისგან და მოიპოვეს ღვთიური ცოდნა.

 

 

ღმერთის ცოდნა წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით

 

წმინდა ისააკ ასურის სწავლებაში მოცემული სამგვარი ცოდნის შესახებ მსჯელობის შემდეგ გადავიდეთ წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრებაზე. ადამიანი ხორციელი ცოდნიდან მშვინვიერზე გადადის და შემდეგ სულიერზე. ამ დროს იგი ღმერთს ხედავს და იძენს ღვთიურ ცოდნას, ანუ საკუთარ ცხონებას. ღვთიური ცოდნა, როგორც ქვემოთ განვმარტავთ, გონებისმიერი არ არის, ის ეგზისტენციალურია, რადგან ადამიანის მთელ არსებას მოიცავს. ამგვარი ცოდნის მიღებამდე ადამიანი გულით უნდა განიწმინდოს, ე.ი. განიკურნოს სული, გონება და გული. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5.8).

 

გავაანალიზოთ უფრო დაწვრილებით საკითხი. ვარლაამი ამტკიცებდა, რომ ღვთიური ცოდნა მისი ჭვრეტა კი არ არის, არამედ ადამიანის აზროვნების შედეგია. "ჩვენ ღვთიური ცოდნის მიღწევა შეგვიძლია ფილოსოფიით" - ამბობდა იგი. ამიტომაც ვარლაამი წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, რომლებიც უქმნელ სინათლეს ხედავდნენ, ფილოსოფოსებზე დაბლა აყენებდა. უქმნელ ნათელს იგი უწოდებდა გრძნობიერს, ქმნილს და `ჩვენს უარეს შემეცნებას". გრიგოლ პალამა ამტკიცებდა საწინააღმდეგოს. თავის მოძღვრებაში წმინდა მამა ეფუძნება ეკლესიის სწავლებას, რომლის მიხედვით უქმნელი ნათელი ანუ ღმერთის ჭვრეტა არ არის სიმბოლური ცოდნა ან რაიმე გრძნობიერი და ქმნილი, ეს არის განღმრთობა. განღმრთობის შედეგად ადამიანი ღმერთს ხედავს. განღმრთობა განყენებული მდგომარეობა არაა, ის ღმერთთან ერთობაა. ადამიანი ხედავს უქმნელ ნათელს იმიტომ, რომ უფალს უერთდება, ხედავს სულიერი და ხორციელი თვალითაც, ოღონდ ისე, რომ ხორციელი ხედვა ღვთიური მადლით არის სახეცვლილი.

 

ამ სწავლებას გრიგოლ პალამა თავის თხზულებებში სხვადასხა ადგილას გადმოგვცემს. ჩვენ მოვიხმობთ მხოლოდ წმინდა მამის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს ("წმინდა ისიხასტთა შესახებ" (ὑπέρ τῶν ἱερῶν ἡσυχαζόντων. Θεσσαλονίκη. 1982).

 

საგულისხმოა დასახელებულ თხზულებიდან ერთი ნაწყვეტი, სადაც თავმოყრილია გრიგოლ პალამას სწავლება ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. "ვინც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სულსა და მიწიერ სამყაროს შორის ღვთიურ მცნებათა დაცვით და მიაღწია უვნებობას, ამაღლდა ყოველგვარ შემეცნებით ქმედებებზე უწყვეტი და წრფელი ლოცვით და გაბრწყინდა მიუწვდომელი ელვარებით - მხოლოდ ის, სინათლედ ქცეული, უქმნელი სინათლით განღმრთობილი ხედავს თავად ღვთიურ ნათელს და შეიცნობს ღმერთს. (σελ. 522-524) ამ სიტყვებშია გამოხატული გრიგოლ პალამას მოძღვრების მთავარი ნაწილი. ადამიანმა რომ უქმნელი ნათელის ხილვა შეძლოს, უნდა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი სულისა მიწიერებასთან ქრისტეს მცნებების დაცვით, რასაც უვნებობა მოსდევს, ამაღლდეს ყოველნაირ გონებრივ ქმედებაზე. ამ აზრს ავითარებს წმინდა მამა სხვა ნაშრომებშიც. გრიგოლ პალამა საუბრობს ექსტაზის შესახებ. მამათა სწავლებაში აღწერილ ექსტაზს არანაირი კავშირი არა აქვს პითიასა და სხვა რელიგიების ექსტაზთან. ექსტაზი ეწოდება მდგომარეობას, როცა მლოცველის გონება წყვეტს "არსებებთან კავშირს, პირველ ეტაპზე "სამარცხვინო და ცბიერთან, შემდეგ საშუალო მდგომარეობის მქონე [საგნებთან] (σελ. 476). ექსტაზი არის განშორება ამქვეყნიური და ხორციელი სიბრძნისგან. წრფელი ლოცვით გონება "ყოველგვარ არსებულზე მაღლდება" (σελ. 476). ეს მდგომარეობა შემეცნებით თეოლოგიაზე აღმატებულია და მიღწევადია მათთვის, ვინც უვნებობა მოიპოვა, თუმცა არ ნიშნავს ჯერ კიდევ ღმერთთან შეერთებას. ერთობა ღმერთისა და ადამიანისა მიიღწევა მაშინ, როცა მლოცველთან მოვა ნუგეშისმცემელი (უფალი) და აღიტაცებს უქმნელი სინათლის სახილველად.

 

ღმერთის ხილვა, განღმრთობა და უფალთან შეერთება ადამიანს ანიჭებს ეგზისტენციალურ ანუ ჭეშმარიტ ღვთიურ ცოდნას. ვარლაამის მოსაზრება, თითქოს ადამიანს ღმერთის შეცნობა "გონების სინათლის ნათებით შეუძლია- არ არის ჭეშმარიტი" (σελ. 564). გრიგოლ პალამა ამის საპირისპიროდ ამბობს: "ღმერთი არა მარტო არსებათაგან შეიცნობა, არამედ უქმნელისგან და ყველა ქმნილებაზე ამაღლებული მარადიული სინათლისგან". ეს ცოდნა ეძლევა ღირსეულს და მომავალ საუკუნეში ჩაუქრობლად ელვარებს". აქედან გამომდინარე, წმინდანთა ჭვრეტა ჭეშმარიტია "და ვინც ამას არ აღიარებს, ის ღვთიური შემეცნებისგან შორს დგას" (σελ. 564-566).

 

ვფიქრობთ, ნათელია, რომ ღვთიური ცოდნა, განღმრთობა, უფალთან ერთობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთმანეთის გარეშე ვერ მოიაზრება. ამ ერთობის დაშლა ადამიანს ღმერთის ცოდნისგან განაშორებს. მართლმადიდებლური გნოსეოლოგია დაფუძნებულია ადამიანის განწმენდილ გულში ღმერთის გაცხადებაზე.

 

ღვთიური შემეცნება ადამიანური ცოდნის საზღვრებს სცილდება. უქმნელი ნათელის ხილვა და მისგან მომდინარე ცოდნა გონების ძალით არ მიიღწევა - როგორც ამტკიცებდა ვარლაამი. ეს აზრი სახარების საწინააღმდეგოა. განღმრთობა რომ ბუნებრივი წყალობა იყოს, მაშინ ყველა ღმერთი იქნებოდა, ვიღაც ნაკლები, ვიღაც მეტი. განღმრთობით წმინდანები ადამიანურ ბუნებას აღემატებიან, ისინი ღმერთისგან იბადებიან, მათ მისცა ღმერთმა "ხელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად" (σελ. 620-622).

 

უქმნელი ნათლის ხილვა, რაც ადამიანს ღმერთის ცოდნას ანიჭებს, არის გრძნობიერი და ზეგრძნობიერი. ხორციელი თვალი სახეს იცვლის და ასე ხედავს "მიუწვდომელ, უნივთო, უქმნელ, ღვთაებრივ, მარადიულ ელვარებას ღვთისას, დიდებას, ცათა სასუფევლის დიდებულებას (σελ. 606). "გრძნობით უხილავია ეს სინათლე თუ გრძნობა სული წმინდის მადლით არ გარდაიქმნა" (σελ. 454). მოციქულებმა იხილეს უქმნელი შუქი, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს და რომლის სწავლებაც მოჰყავს გრიგოლ პალამას "მათ (მოციქულებმა) იხილეს უქმნელი ნათელი სულიწმინდის მიერ მათი "გრძნობიერი ენერგიის შეცვლით" (σελ. 454). ჩვენს მსჯელობას მივყავართ იქითკენ, რომ ადამიანის განსაკუთრებული მიზანი უქმნელი სინათლის ხილვაა. ზედმეტი არ იქნება, თუ მივუთითებთ, რომ გრიგოლ პალამა ჭვრეტის რამდენიმე საფეხურს გამოყოფს "ჭვრეტას (θεωρία) აქვს დასაწყისი და მისი მომდევნო საწყისისგან განსხვავდება მეტი ელვარებით ან ბუნდოვანებით, მაგრამ დასასრული მას (ჭვრეტას) არა აქვს. მისი სრულყოფა უსაზღვროა მსგავსად გამოცხადების აღტაცებისა, მარადიულად რომ გრძელდება. ერთია ელვარება და მეორე მუდმივი ჭვრეტა სინათლისა, და სხვა არის - საგნების ჭვრეტა სინათლეში.

 

აქვე, საყურადღებოა პეტრე დამასკელის მოძღვრება რვა სულიერი ხილვის შესახებ"912. პირველი შვიდი განეკუთვნება ამ საუკუნეს, მერვე კი მომავალი საუკუნის კუთვნილებაა. პირველი ხედვა ანუ ცოდნა "ჩვენი ცხოვრების განსაცდელებისა და მწუხარებისა", მეორე ხედვა ანუ ცოდნა "ჩვენი ცოდვებისა და უფლის ქველმოქმედების, მესამე სიკვდილისა და სიკვდილის შემდეგ ტანჯვისა, მეოთხე არის ცოდნა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა, მისი მოწაფეებისა და სხვა წმინდანებისა, ანუ მოწაფეთა და წმინდა მამათა საქმეებისა და სიტყვებისა, მეხუთე - ცოდნა ბუნებისა და საგანთა ცვლილებისა. მეექვსე - ხედვა არსებათა, ანუ ცოდნა ღმერთის ქმნილებებისა. მეშვიდე შეცნობა ღმერთის გონიერი არსებებისა ანუ ანგელოზებისა. მერვე - თავად ღმერთის შეცნობა, ანუ თეოლოგია.

 

მრავალი საფეხურის გავლაა საჭირო უქმნელი ნათლის "მომავალი საუკუნის მშვენიერების", ღვთიური საზრდოს სახილველად. ხილვის საფეხურებია სიკვდილის გარდაუვალობის ხსოვნა, რაც ღვთიური მადლია, უწყვეტი ლოცვა, ქრისტეს მცნებების სრულყოფილად დაცვა, ჩვენი სულიერი სიღატაკის შემეცნება ანუ ცოდვებისა და ვნებების გააზრება და სინანული. ეს ყოველივე ღვთიური მადლის ქმედებით აღესრულება. სრულყოფილი ხილვა არის უქმნელი სინათლის ჭვრეტა. გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით არსებობს ჭვრეტა და მარადიული ჭვრეტა.

 

ამრიგად, ქრისტეს მადლით აღსრულებული განწმენდა ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ადამიანმა ღმერთის ჭვრეტა შეძლოს ანუ ღმერთს შეუერთდეს. ამ წერტილამდე მივყავართ ეკლესიურ ასკეტურ ცხოვრებას. ეს ცხოვრება ადამიანურ კრიტერიუმებს არ ეყრდნობა და არ ესწრაფვის ადამიანი გახადოს "καλόν κἀγαθον"913 მისი მიზანია ადამიანის სრული განკურნება და ღმერთთან შეერთება. სანამ ადამიანი ღმერთისგან შორსაა, იგი ხსნის გზას ვერ იპოვის. სულიერ ღვაწლში მყოფს და უქმნელი ნათლის მხილველს წმინდა მამათა ენაზე "განღმრთობილი" ეწოდება. ამ გამოთქმას ხმარობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, იოანე დამასკელი და, როგორც ვნახეთ, გრიგოლ პალამა. სულის, გონებისა და გულის კურნებას ადამიანი ღმერთის ჭვრეტამდე მიჰყავს, შეაცნობინებს მას ღვთიურ ცხოვრებას. ეს შეცნობა არის სწორედ ადამიანის ცხონება.

 

უფლის წინაშე მხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ ამგვარი შემეცნების ღირსნი გავხდეთ. მოწოდება ნათელია!

 

"მოვედით, მორწმუნენო, მოსწრაფედ

 და აღვიდეთ მთასა თაბორსა,

 ცათა მობაძავსა,

 და სიწმინდით დავდგეთ ქალაქსა უფლისასა

 და ვიხილოთ გონიერად სამებაჲ ერთარსებით

 თაყუანისსაცემელი"

 

"მახარე სიხარულითა შენითა, მხსნელო

და შემცვალე მე ტრფიალებად ბრწყინვალებასა

და შესწუენი ცეცხლითა ღმრთეებისა შენისაჲთა

ცოდვანი ჩემნი მწიკულევანნი

და აღმავსე, სახიერ, სულითა წმიდითა,

რაჲთა დაუცხრომელად გალობით გადიდებდეთ"

(ფერისცვალების კანონი).914

 

ლ ო ც ვ ა ნ ი

1) განკურნებისათვის

 

უფალო, მეუფეო ყოვლისამპყრობელო, გმადლობ შენი დიდსულოვნებისათვის, რადგან დღემდე არ მიმატოვე ჩემი ცოდვების გამო. გმადლობ, რამეთუ მრავალჯერ მოგმართე ბოროტებისგან დატყვევებულმა და მომხედე და დამიფარე. ცხონებისათვის დამიცავი და გამომიწოდე მარჯვენა შენი, განმანათლე და დაცემული აღვიმართე. გმადლობ შენ, რადგან შენი სათნოების ღირსი არა ვარ, მაინც მომიხმობ და კაცთმოყვარე ხარ ჩემდამი, შენი უგნური მონისადმი, ვინც მთელი ცხოვრება ცოდვაში გაატარა.

 

აწ კი მრავალმოწყალეო და კაცთმოყვარეო უფალო, რომელსაც არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა. მოელი შენსკენ მომავალთ, გევედრები, იხსენი სასოწარკვეთილნი და აღადგინე მომკვდარნი, მომხედე უღირსსა მონასა შენსა, აღმადგინე დაცემული და დასნეულებული განმკურნე, შენი მიუწვდომელი წყალობით დაივიწყე უსჯულოება ჩემი სიტყვითი, საქმითი, გონებითი და უგნურებით ქმნილი. იხსენი ჩემი ცდუნებული გული და მომანიჭე სინანულის ცრემლი ჩემი წაბილწული გონების განსაწმენდად. და ნუ იბრუნებ პირს, ნუ შემარცხვენ ჩემი უწმინდური არჩევანისა და ბოროტ საქმეთა გამო.

 

შეისმინე ჩემი, უფალო და ჩემზე გამეფებული ვნებებით დაუძლურებული სული იხსენი, რათა განწმენდილი სინდისით ვილოცო შენი დიდებული სახელის წინაშე. ნუ იმეფებს ჩემზე ცოდვა, ნუ დამიმორჩილებს მებრძოლი დემონი და ნუ წარმმართავს იგი თავისი ნებით, არამედ შენი ყოვლადძლიერი მოწყალებით მიხსენ ორივეს ბატონობისგან, რამეთუ შენი არს მეუფება და ძალი და დიდება მხოლოდშობილისა ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

ახალი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ეკა დუღაშვილმა

 

"საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. IX, გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი, 2008 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი / მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია