მიტროხინი ნიკოლოზ 

კეისარის ცდუნება 

 

თარგმანი რუსულიდან - ბასილ კობახიძე.

ეკლესია ეგუება ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და ერისკაცების სხვადასხვა პოლტიკურ შეხედულებებს, მაგრამ მხოლოდ ერთი აკძალვის გათვალიწინებით: წმინდა სინოდის დადგენილებით, სასულიერო პირებს აკრძალული აქვთ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება და საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა. აღნიშნული აკრძალვა 1990-იანი წლების საზოგადოებრივ- პოლიტიკური და შიდასაეკლესიო სიტუაციის შედეგია და არამც და არამც არ ეფუძნება საეკლესიო- სამართლებრივ პრინციპებს.

 

 

პლატფორმა.

 

ბოლშევიკურ რევოლუციამდე და საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებშიც საეკლესიო იერარქია აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში და ხშირად ხდებოდა მათი არჩევა სხვადასხვა დონის დეპუტატებად. 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მცირე პოლიტიკურმა წონამ გამოიწვია ის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე მღვდლებმა დაიწყეს არა მღვდელმთავრების ინტერესების დაცვა, არამედ თავიანთი პოლიტიკური პარტიებისა.

 

ამავე დროს, რუსეთსა და მთლიანად მსოფლიოში არსებულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ სიტუაციაზე მღვდლებისა და მრევლის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებების იდენტურობა, საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც პოლიტიკური პარტია.

 

რუსეთის ეკლესიის მეთაური ცდილობს თავი აარიდოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრად გამოხატვას, მაგრამ მაინც აფიქსირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მისთვის მიუღებელ მოვლენებს: აბსტრაქტული ლიბერალური იდეები ვერ მოხსნიან დაპირისპირებას მსოფლიოს რესურსების ლომის წილის მფლობელ ოქროს მილიარდის  ინტერესებსა და უამრავი მარგინალიზირებული ადამიანის უბედურებებს შორის . ამგვარი განცხადებით პატრიარქი თავს აიგივებს ტრადიციონალისტური და მემარცხენე ღირებულებების მატარებელ პოლიტიკურ მოძრაობებთან.

 

 

შედარებით დაბალი რანგის სასულიერო პირები ასეთ იდეებს უფრო დეტალურად ანვითარებენ. ვნახოთ ერთ-ერთი იმ პიროვნების შეხედულებები, რომელიც რუსეთის ეკლესიაში შუალედურ პოზიციის გამომხატველად ითვლება:  დასავლეთის აგრესიამ წმინდა რუსეთი  სამ სლავურ სახელმწიფოდ დაგლიჯა (რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელორუსი


 მთარგმნ.)... დასავლური აგრესიის ყველა შხამიანი ელემენტი დახვეწილი მზაკვრობითაა გათვლილი მონდიალისტური სტრუქტურების მიერ, რომლებიც არც კი მალავენ თავიანთ მიზანს: გენოციდი, რუსი ერის სრული მოკვდინება... დღემდე არც სახელმწიფო, არც პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, არანაირ ზომებს არ ღებულობენ გენოციდისაგან სამშობლოს დასაცავად, მხოლოდ გაძარცვული და სისხლისაგან დაცლილი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რაც ძალი და ღონე აქვს, იბრძვის ღმერთშემოსილი რუსი ხალხის სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური გადარჩენისათვის . ამ ციტატის ავტორი, შუააზიის მთავარეპისკოპოსი ვლადიმირ იკიმი, საკმაოდ შორს სცილდება სასულიერო პირთათვის დამახასიათებელ რიტორიკას გახრწნილი  საზოგადოების მხილების შესახებ. იგი არა მარტო აკრიტიკებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივ მოწყობას, მის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, არამედ გამოაქვს ნამდვილი პოლიტიკური დასკვნები. შედეგად ჩვენს წინაშეა პოლიტიკური პლატფორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება დაისახოს დამღუპველი დაგლეჯის  გადალახვის გზები. პოსტსაბჭოთა სივრცის თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარეპისკოპოსი ვლადიმირი ხედავს წმინდა რუსეთისა  და მისი ორგანული ნაწილის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას.

 

 

ჩარჩო კონსტრუქციები.

 

ზუსტად ასეთი შეხედულებები ახასიათებს ეკლესიის კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, ვორონეჟის მიტროპოლიტ სერგი ფომინს :  უკიდურესად აღშფოთებული ვარ დასავლელი და ოკეანისგაღმელი სულიერი ლიდერების რესემის მსოფლმხედველობაში უხეში და ხეპრული ჩარევით. მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისი ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. ეს კი ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ძალების და მათ შორის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი გამარჯვებაა... ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, რომლის მოსახლეობის ფესვები და ხერხემალი - მართლმადიდებლობაა. სხვა სარწმუნოების შემოტანა ნიშნავს ხალხისათვის ამ სულიერი ხერხემლის გატეხვას. სამწუხაროდ აღნიშნულ საკითხში სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ დაუკავებია ცალსახა და მკაფიო პოზიცია. ჩანს მიზეზი დასავლეთზე ფინანსურ - ეკონომიკურ დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ .

 

ოდესის მიტროპოლიტი აგათანგელ სავინი კიდევ უფრო მკვეთრი ფორმით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს: რუსეთის საგარეო პოლიტიკა მთლიანად უნდა იყოს მიმართული მსოფლიო მასონობის წინააღმდეგ. საჭიროა შეიქმნას რუსეთის ეგიდის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ალტერნატიული შემაკავებელი სტრუქტურები. ამისათვის აუცილებელია გადაიხედოს რუსეთის საგარეო კავშირები. მოკავშირეები უნდა მოიძებნონ იმ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ სტრუქტურებს შორის, რომლებიც მზად იქნებიან მხარი დაუჭირონ რუსეთის ახალ პოლიტიკას (ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა საქართველოს საპატრიარქო ხომ არ არის?- მთარგმნ.) .

 

ამგვარი განწყობებისა და მსოფლმხედველობის არსებობისას გარდაუვალია კონკრეტული მტრის ძებნა. დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა
 რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური საფუძვლები  აღნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობის ხუთი მეექვსედი ვერ სარგებლობს ცივილიზაციის სიკეთეებით. მათ დაედოთ განვითარებული ქვეყნების ფინანსისტების უზარმაზარი ვალები და ამის გამო თავიანთ ქვეყნებში ელემენტარული პირობების შექმნაც კი არ შეუძლიათ. მოსახლეობაში იზრდება გულგატეხილობა და უკმაყოფილება. ამიტომ ეკლესია მოითხოვს სრულ კონტროლს ტრანსაციონალური კორპორაციების საქმიანობაზე და ეკონომიკის საფინანსო სექტორში მომდინარე პროცესებზე . თუკი აღნიშნული დოკუმენტი და ეკლესიის მაღალჩინოსნები, ჩარჩო კონსტრუქციების ჩამოყალიბებისას, არ აკონკრეტებენ ფინანსისტების  პიროვნებებს, დაბალი რანგის სამღვდელოება უფრო პირდაპირ საუბრობს.

ზოგჯერ კონიუქტურის გამო, ზოგჯერ კი გულწრფელად იზიარებენ რა დაბალი კლასების  ( რომელიც ეკლესიის მრევლის უმრავლესობას წარმოადგენს) შიშებს, მღვდლები შემდეგნაირ იდეებს ავრცელებენ:  რას აკეთებენ ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდა გოგონები, ღამ-ღამობით რომ დაეხეტებიან დაქალებთან ერთად მოსკოვის ქუჩებში (განსაკუთრებით ტვერის ბულვარზე)... ამ ქუჩაზე დღეს, რომ პუტანები დადიან, ჩვენ ახალგაზრდობაში ცხრა მაისის პარადის მარშიროვკებს გადიოდით . ეს სიტყვები ეკუთვნის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელს სახელმწიფო ტელეარხის სამეთვალყურეო საბჭოში.

 

მეფე, როგორც კორუფციის საწინააღმდეგო საშუალება.

 

ეკლესიის კიდევ სხვა მაღალჩინოსანმა, ივანოვოს მთავარეპისკოპოსმა ამბროსი შჩუროვმა, სრულიად რუსეთის მართლმადიდებლურ-პატრიოტულ კონფერნციაზე სამეფო დღეები ივანოვო-ვოზნესენსკში  წაკითხულ მოხსენებაში გამოხატა თავისი პოზიცია:  რუსეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება ნელ-ნელა მზადდებოდა. ეს საშინელი კატასტროფა ჩამოთესლებულმა უცხოელებმა მოაწყვეს... მრავალი რუსი თუთიყუშივით იმეორებდა ყალბ ლოზუნგს: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ... თვითმპყრობელი მეფე არასოდეს იქნება კორუმპირებული, მას არ სჭირედება რაიმე წაგლიჯოს საკუთარ სახელწიფოს. პირიქით ის დაინტერესებულია, რომ ქვეშევრდომები უზრუნველად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, რადგან ეს განამტკიცებს, მის სამეფო ტახტს .

 

ეკლესიისათვის, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმების ( მათ შორის ზნეობრივი  ნორმების) მცველისათვის, სრულიად ლოგიკურია ტელევიზიით გადაცემული ძალადობისა და უზნეობის კრიტიკა. ამგვარი კრიტიკას რუსეთის ეკლესია რეგულარულად ახორციელებს, რაც არავითარ გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ტელეარხების პოლიტიკაზეც კი.

 

ეკლესია ხშირად აკრიტიკებს მასმედიის როლს საზოგადოებრივ-პოიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად საშობაო კონფერენციაზე პატრიარქმა ალექსი II-მ განაცხადა: ტელევიზია ძირითადად გვაწვდის უარყოფით ინფორმაციას და რიგით მოქალაქეს, უბრალო ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ქვეყანაში დადებითი არაფერი ხდება . იგივეს ამბობდა რუსი ხალხის მსოფლიო კრებაზე ოდესის მიტროპოლიტი აგათანგელი და მოითხოვდა არა მარტო პოლიტიკური ცენზურის შემოღებას, არამედ მთლიანად მასმედიის იდეოლოგიური ორიენტაციის შეცვლას:
ახალ რუსეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვალდებულნი არიან თავისი საქმიანობა განახორციელონ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა საერთაშორისო მასონური ორგანიზაციების საამებლად. მთელი მასმედია უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო და ზნეობრივ კონტროლს .

 

 

გაკვალული გზით.

 

რუსეთის ეკლესიას უდავოდ გააჩნია საერთო იდეოლოგიური პლატფორმა. ეს პლატფორმა თანმიმდევრულად ანტილიბერალური, ანტიდასავლური, მონარქიული ( ან როგორც მინიმუმ ავტორიტარული) სახელმწიფოს მომხრე, ეტატისტური და თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგეა. ეკლესია მძლავრი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრეა და მისი ძლიერების ყოველნაირ შესუსტებას ეწინააღმდეგება ( შესუსტებაში იგულისხმება ტერიტორიების, შეიარაღებული ძალებისა და იმპერიული ძლევამოსილების სხვა სიმბოლოების შემცირება).

 

რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ნებისმიერი ლიბერალიზაცია ეკლესიას მომავლის შიშს უღვიძებს, ხოლო ავტორიტარული ტენდენციები კი პირიქით თვითდაჯერებას მატებს. სწორედ ამიტომ, თავისი შიშების ვერბალიზაციისათვის ან იმედების გამოსახატავად, მართლმადიდებელი ეკლესია ასე აქტიურად აპელირებს წარსულისადმი. XX საუკუნის რუსეთის ისტორიის ლიბერალური პერიოდები, როგორც ეს ნათლად ჩანს მღვდელმთავრების ზემოთ მოყვანილი განცხადებებიდან, ეკლესიის კოლექტიურ ხსოვნაში უარყოფითად არის აღბეჭდილი. მაგალითად რევოლუცია და XX საუკუნის დასაწყისის დემოკრატიული მიღწევები უკიდურეს ლიბერალიზმთან  არის გაიგივებული, ხრუშჩოვის დროინდელი დათბობა  დევნის ახალ ეტაპს შეესაბამება, თვით პერესტროიკა  და 1990-იანი წლების პირველი ნახევარ უკავშირდება არა ეკლესიის აღორძინებას, არამედ საზოგადოების ზნეობრივ გარყვნასა და სექტანტების შემოსევას. ისტორიის ავტორიტარული პერიოდები კი ეკლესიაში ნოსტალგიას იწვევენ.

 

ცხადია ეკლესიის პოლიტიკური პროგრამა არ არის სისტემატიზირებული, მას არც ოფიციალური სახე აქვს და ხორციელდება არა საჯარო სფეროში, არამედ კულუარულად. მიუხედავად ამისა, საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონსტრუქციები ნათლად წარმოაჩენენ რუსეთის ეკლესიის პოლიტიკურ გეგმებს. უპირველეს ყოვლისა ეკლესიას იმედი აქვს მაღალი რანგის მართლმადიდებელი  ჩინოვნიკებისა, რომელთაც შეუძლიათ მას სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ. გარდა ამისა ეკლესიას მხარს უჭერენ სწორედ ისეთი მართლმადიდებლური  საზოგადოებრივ


 პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც არ აკრიტიკებენ მის ეპიკოპოსებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ აღნიშნული ორგანიზაციები არ სარგებლობენ დიდი მხარდაჭერიტ მოსახლეობაში. 1990-2000 წლებში ამ მართლმადიდებლურმა  ორგანიზაციებმა, ეკლესიის იერარქიის მხაედაჭერის მიუხედავად თავის ვერც ერთ მიტინგზე ათი ათას ადამიანზე მეტი ვერ გამოიყვანეს, რასაც ადვილად ახერხებდნენ მსხვილი პოლიტიკური პარტიები რუსეთში.

 

 

მოსახლეობის მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური პოზიციების მხარდაჭერის არცთუ ისე მაღალი ხარისხი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არა აქვს პოლიტიკური გავლენა და აღნიშნული გავლენის გამოყენების სურვილი არა მარტო რუსეთში, არამედ დსთ-ს სხვა ქვეყნებშიც. ამის გაკეთებას იგი ავალებს ხელისუფლებისა და ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ეკლესიის პოზიციებს იზიარებენ. სწორედ ამიტომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უდავოდ გვევლინება პოლიტიკურ პარტიად, ანუ პირთა ჯგუფად, რომელთაც აკავშირებთ საერთო პოლიტიკური ინტერესები და რომლებიც ცდილობენ ამ ინტერესების რეალურად განხორციელებას.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / მიტროხინი ნიკოლოზ / კეისარის ცდუნება