რუშდი სალმან

ჩემი სინათლეები

 

 

თარგმანი ფრანგულიდან - შორენა ციცაგი.

* * *.

 

ამას წინათ კიდევ ერთხელ გადავიკითხე ფრანგი განმანათლებლები. ისინი XVIII საუკუნეში სახელმწიფოს კი არა, ეკლესიას უპირისპირდებოდნენ. თუკი მაშინ ეკლესია ამა თუ იმ იდეის ერეტიკულად შერაცხვით კმაყოფილდებოდა, დღეს ცენზურა არა მარტო იდეებს, არამედ მხატვრულ წარმოსახვასაც ებრძვის. მეთვრამეტე საუკუნეში რომის პაპს სულ არ ანაღვლებდა დიდრო როგორი მწერალი იყო, მას « მონაზვნის » შინაარსი მიუღებლად მიაჩნდა და ესეც კმაროდა. დღეს განმანათლებელთა იდეები აქტუალურად რჩება, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნესა და ჩვენს დროს შორის ერთი ძირეული განსხვავებაა: მაშინ მწერლებს იმედი ქონდათ, რომ მათ აზრს ბევრი მკითხველი გაიზიარებდა, იმიტომ რომ ისინი ერთ სამყაროში ცხოვრობდნენ; დღეს ერთ სივრცეში უამრავი, ერთმანეთთან შეუთავსებადი სამყარო გვაქვს.

 

როცა « მიწა მის ფეხქვეშ » დავწერე (ეს 11 სექტემბრამდე დიდი ხნით ადრე მოხდა), უკვე მინდოდა მეჩვენებინა, ამ მრავალი მინისამყაროდან თითოეული როგორ ცდილობს, სხვების სივცე და დრო მიითვისოს. მოგვიანებით ეს მეტაფორა გაცილებით რეალური აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ წარმოვიდგენდი. დღეს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურები და რელიგიები კი აღარ უპირისპირდებიან, არამედ სამყაროს სხვადასხვანაირი აღქმები. ასეთ სამყაროში კი ძველებურად ვეღარ დაწერ. ლიტერატურული რეალიზმი რეალობაზე კონსენსუსს მოითხოვს. თუ კონსენსუსი არ შედგა, ერთის რეალიზმი მეორისათვის ფანტასტიკაა. ასეთ სამყაროში სხვა გამოსავალი უნდა ვეძიოთ.

 

 

* * *.

მორწმუნე არა ვარ, ამიტომ გონებასა და რწმენას შორის ყოველთვის გონებას ვირჩევ. მაგრამ ყველაზე თავგამოდებულ რაციონალისტსაც კი გონება და აზროვნება ერთი პრობლემის წინაშე აყენებს: განურჩევლად იმისა, მორწმუნეები ვართ , თუ ათეისტები, ჩვენთვის საკმარისი არ არის ადამიანის მხოლოდ რაციონალურ ქმნილებად აღქმა. ჩვენ მეოცნებე არსებებიც ვართ და ამ ოცნებებს უკვე სხვა განზომილებებში გადავყავართ. მაშინ როგორ დავუშვათ აზრი, რომ ყოველგვარი ცრურწმენისა და რელიგიისაგან შორს, ფიზიკური რეალობის, 2+2=4-ის გარდა, არსებობს რაღაცა სხვა? როგორ იპოვოს გამოსავალი დღევანდელმა ლიტერატურამ?

 

 

ობსკურანტიზმის ბნელ დღეებში ცოტა სინათლე არ გვაწყენდა, მაგრამ მე მწერალი ვარ და ბუნებრივია, სიბნელე მიზიდავს. მე მიყვარს ჩემი ბნელი პერსონაჟები, ჯამბაზი შალიმარიც ბნელია. ჩემი « დადებითი » პერსონაჟების ბნელი მხარეებიც მიყვარს. ლიტერატურაში ყველაზე დიდი საფრთხე ზედმეტ ახსნას ახლავს, იმიტომ რომ როცა ყველაფერი ზედმეტად ნათელია, ფიქცია დიდაქტიკად გადაიქცევა და ლიტერატურა თავის ყველაზე საზარელ დანაშაულს ჩადის: ასეთ ლიტერატურაში მკითხველი  თავის ადგილს ვერ პოულობს.

 

* * *.

 

სამყაროს ორი ნახევარი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ჩემი პიროვნების ორი ნაწილიცაა. ხანდახან მგონია, რომ მენავესავით ვმოძრაობ ერთი ნაპირიდან მეორესკენ და პირიქით. ჩემი ბოლომდე არცერთ ნაპირზე არ ესმით. დასავლეთში უცხო ჩემი არადასავლური ნაწილია და აღმოსავლელები ზედმეტად დასავლელად მთვლიან. შედეგი ორმაგად უარყოფითია. როცა « შუაღამის შვილები » და « სირცხვილი » დავწერე, ჩემი თაობის ინდოელებმა და პაკისტანელებმა ერთმანეთზე არაფერი იცოდნენ, იმიტომ რომ საზღვარი ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ჰერმეტული იყო. შემთხვევის წყალობით, მე ორივე ქვეყანაში მომიწია ცხოვრება და ჩემმა რომანებმა მათ ერთმანეთი გააცნეს. ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს « ჯამბაზ შალიმარს » ქაშმირში ასეთი სიყვარული ერგო. როცა ისეთ ადგილზე წერ, რომლებსაც ადამიანები არ იცნობენ, მთელი ამოცანა ამ ადამიანების დაინტერესებაშია. თუ მათ ვერ დააინტერესებ, ისინი გულგრილები რჩებიან და არც ის ტრაგედია აღელვებთ, რაც მათთვის უცნობ ქვეყანაში ხდება. იმიტომ, რომ გუშინ ტელეეკრანებზე რუანდას ხედავდნენ, დღეს დარფურს და მათ მთელს სამყაროსთან თანაგრძნობა უჭირთ.

 

 

* * *.

სამწუხაროა, მაგრამ წიგნები სამყაროს ვერ ცვლიან. მათ ძალაუფლება არა აქვთ და არც არასოდეს ქონიათ. სამაგიეროდ, ხშირად ჩემს პერსონაჟებს ვეღარ ვაკონტროლებ. აი, რაშია რომანების ძალა : პერსონაჟები მკითხველებში აგრძელებენ არსებობას. რომანი ერთმანეთს ახვედრებს და უახლოვებს ორ უცნობს: მწერალსა და მკითხველს. ამიტომაა, რომ პრესკონფერენციების დროს მკითხველები მწერლებს ძველი ნაცნობებივით ელაპარაკებიან. აღარ არსებობს არანაირი დისტანცია და პირდაპირ სახელით მოგმართავენ!

 

 

მკითხველმა, რომელსაც რომელიმე წიგნი ძალიან ყვარებია, იცის, რომ ამ წიგნმა მისი მსოფლმხედველობა შეცვალა. ამიტომ შეუძლებელია ძალიან გიყვარდეს ათიოდე წიგნზე მეტი... ჩვენ ჩვენი საყვარელი წიგნები გვცვლიან და გვაყალიბებენ. აქედან გამომდინარე, ფიქციას აქვს ხორცშესხმის უნარი. ფიქცია თუ ვერ ცოცხლდება, არ ვარგა. რომანის წერას მანამ დავიწყებ, დაახლოებით ერთი წელი ვემზადები. ეს ერთი წელი მჭირდება, რომ დავფიქრდე იმ ფორმაზე, რომლითაც დავწერ. ამ ფორმალური პრობლემების გადაჭრამდე არასოდეს ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ზოგიერთი მწერალი რომელიმე პერსონაჟიდან ამოდის და ფორმა თანდათან ყალიბდება. როგორც კი ვიპოვი ჩემს სტრუქტურას, თავს სრულ თავისუფლებას ვაძლევ და თამაშის წესებს ჩემს ნებაზე ვცვლი. ველოდები, როდის ამოქმედდებიან პერსონაჟები, რომ გავიგო, რა უნდათ. ამ « შინაგან დაყურადებას » ხშირად მოულოდნელ შედეგებამდე მივყავარ. ამ შემთხვევაში, ვცდილობ სრულ ობიექტურობას მოვუხმო და დავფიქრდე, რა შედეგებს მოუტანს ჩემს რომანს ეს გაუთვალისწინებელი განვითარება.

 

* * *.

უკაცრიელ კუნძულზე რომ მივდიოდე, აუცილებლად წავიღებდი « ათას ერთ ღამეს ». შეიძლება ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ ამ ერთ წიგნში უამრავი წიგნია. აუცილებლად რიჩარდ ბარტონის თარგმანს ავირჩევდი, იმიტომ რომ ბევრი აბსურდული დეტალის მიუხედავად, თარგმანი სავსეა წარმოსახვისთვის მისაწვდომი ყველა გარყვნილი ნოტით.

 

როცა ამ კითხვას დიდ ბრიტანეთში მისვამენ, აუცილებლად ასარჩევი სამი წიგნის გარდა, ბიბლიას და შექსპირის სრულ ტომეულსაც მთავაზობენ. ბიბლიის გარეშე მშვენივრად ვძლებ, მაგრამ შექსპირზე უარს ვერ ვამბობ. დაუსახლებელ კუნძულზე იდეალური გამოსავალია პოეზიაც. ინგლისელებს ერთი ასეთი პოეტი ყავთ, კრისტოფერ ლოუგი. რამოდენიმე წელია, რაც ლოუგი « ილიადას » თანამედროვე ვერლიბრებად გვთავაზობს. ეს ლექსები ერთ კრებულში მოაქცია და « ომის მუსიკა » დაარქვა. ჰომეროსთან ასეთი სახის კონფრონტაციამ ლოუგი დიდ პოეტად აქცია.

 

 

Le Magazine littйraire, 2007    

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / რუშდი სალმან / ჩემი სინათლეები