უძილაური ზალიმხან

რელიგიის ირგვლივ

 

 

1.რა არის რელიგია?

 

რელიგია არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება;

გზა ჩვენიდან - ჩვენამდე;

”რელიგია არის ის, რასაც თითოეული თავისი მარტოობით ვიქმთ.”- ვაითჰედურად.

 

 

”რელიგიას სძულს მარტოობა.”- შლაიერმახერითურთ.

”რომელ რელიგიას ვაღიარებ? არც ერთს. რატომ? რელიგიისავე მიზეზით. - შილერისეულად.

რელიგია არის Sui generis, Awe და აჰა,”აჰა ვიხილე...”

რელიგია არაა შეხება, Noli me tangere: ” გეთაყვა, ნუ შემომეხები!”

რელიგია მხოლოდ შორიდან დანაბარებია: ”იას უთხარით ტურფასა...”

რელიგია არაა ”სიკვდილი”, ”უკვდავება”, ”ღმერთი”, ”სამოთხე”...

არც ”რელიგია”, ქრისტიანობა თუ ისლამი, რომელნიც ამგვარ თემებს გაუხერხდნენ და აწარმოებენ;

ისინი მათი პროდუქციაა.

ვერასოდეს შეიპყრობ რელიგიას.

 

 

და თუ შეიპყრობ, ის უკვე აღარაა რელიგია.

 

 

2.როგორ წარმოიშვა რელიგია?

(სიმღერა)

 

რელიგია არის იქ, სადაც გული და გონება ერთად იკვრის, კვრივდება და ნებად იქცევა.

რელიგია არის იქ, სადაც ეს ნება, ეს კვრივია.

თუ ეს კვრივი ჩვენშია, მაშინ ჩვენშივე ყოფილა რელიგიაც.

რელიგია არის გან-სჯა, სჯული. მე ვსჯი, გადა-ვწყვეტ, და ვარჩევ. მწამს, რადგან აბსურდია? არა. მწამს, რადგან ასე მინდა. ამიტომაცაა ‘ოქროსაქლემიანი’ ზარათუშტრას უმშვენიერესი და უძველესი რელიგია არჩევანის, სჯის რელიგია.

 

როგორ ვარჩევ? აჰურა მაზდა - სიკეთის ღმერთი კეთილსურნელოვანია; მაგრამ ჯერ არიმანი იბადება, რომელიც ყარს და მამა-ზრვანი ამით ხვდება, რომ ეს ის შვილი არაა, რასაც იგი ელოდა.

 

ესაა მითი და ჭეშმარიტება. „შჯული ქრისტიანეთაჲ სულნელ არს“ - რელიგიური ყნოსვით ხვდება ევსტათი და განსჯის, ასკვნის, ირჩევს.

რა არის რელიგიური ყნოსვა? სოციოლოგიის ერთ-ერთი მამა ტყუვდება, როდესაც იგი რელიგიურ სმენას დაეძებს( როგორც ცნობილია, მაქს ვებერი თავის თავს „რელიგიურად არამუსიკალურს“ უწოდებდა). რელიგიური არჩევანი, სჯა კეთილსა და ბოროტს შორის, ყნოსვის საქმეა. სიკეთე კეთია, რომელიც სურნელებას აფრქვევს, ბოროტება კეთრია, რომელიც ყარს. ენის ერთი პატარა, ალბათ შემთხვევითი სიბრძნეა ის, რომ მას „ბოროტება“ არ გააჩნდა და სხვათაგან ისესხა. „ბოროტება“ განბორების სალმობისაგან, მყრალი კეთროვანებიდან მოდის. ენას არ გააჩნდა არარსებული მოვლენის სახელი; ბოროტება ხომ არც არსებობს, პრინციპში იგი სხვა არაფერია, თუ არა სიკეთისაგან, კეთილისაგან დაცლა.

 

ყოველშემთხვევაში ნეოპლატონიკური ფილოსოფია ასე გვმოძღვრავს, მაგრამ ეგაა, ბოროტების სიმყრალეს ნეოპლატონიზმიც ვერაფერს უხერხებს, ბოროტება კვლავინდებურად პირმძორიანობს.

სულისა და სუნის დიალექტიკური გაიგივება უფრო მეტი რამაა, ვიდრე უბრალო გრამატიკული პიკანტერია. სუნი სულია ფშაურად და ალბათ ქართულის ზოგიერთ სხვა დიალექტშიც. ფშაურის მსგავსადვე ყოფილა მეგრული ”შურ”, სულიცა და სუნიც. ასულებულ-აყროლებული სულდამპალი კაცია, არა მხოლოდ ჭუჭყიანზე ითქმის. სადაც სული არაა ან აღარაა, იქ აღარც სიცოცხლეა, არც ნელსურნელება და აღარც რელიგია. უსულოდ სხეულიც ვერ კეთ-დება, კარგავს სიკვრივეს და იშლება.

 

კეთი, კვრივი და სული სინონიმებია.

როგორ წარმოიშვა რელიგია? ამის ძიება სიბნელეში ხელის ფათურია, სხვის ნათქვამს ვიმეორებ. „ტოტემი და ტაბუ“ გვპასუხობს: ჩანაცვლებით. წმინდა სერობისას, - რაჲც არა მხოლოდ ქრიტიანობის, არამედ ყველა რელიგიის ქვაკუთხედია, - ჯერ დაკლულ, მერე კი კი გაღმერთებულ მამას ჩანაცვლებული ზვარაკ-ცხოველა ისმევ-იჭმევა. ფროიდი გვეუბნება: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სექსუალურმა შურიანობამ, ძეთა ამბოხმა მყრალი, პირველჯოგის ყველა მდედრს დაპატრონებული „მამიკოს“ წინააღმდეგ წარმოშვა რელიგია! ჰმ!..

გაცილებით კეთილსურნელოვანია მერიტის(Robert Ranulph Marett, 1866-1943) მანისტური თეორია: ჩვენმა არქაულმა ბებო-პაპამ დაინახეს, გამოსცადეს და გან-საჯეს, რომ ზოგიერთი არსება, საგანი თუ მოვლენა ჩვეულებრივი, სხვა საგან-მოვლენებისაგან განსხვავებული, სულ სხვა რამ ზებუნებრივი ძალით ზემოქმედებდა. ამ სულ სხვას მელანეზიურად ‘მანა’ ჰქვია. ეთნოლოგები მაშინ არქაულ ხალხებში დაეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც ადამიანური კულტურის და როგორც ასეთის ნაწილის, რელიგიის დასაბამსაც. მელანეზიელთა რელიგიურობა პირველქმნილი რელიგიურობა იყო, სასწაულის და იზოლაციის ძალით შემონახული.

 

 

მანა ძალაა, უსაზღვროდ ქმედი ძალა. მანის მქონე - სულიერი თუ უსულო, ძალიან ქმედია, მაგრად მ-კეთ-ია, რაღა დაგიმალოთ და სწორედ ისაა რაც ალუდა ქეთელაური პოემის დასაწყისშივე.

რელიგიის წარმოშობაზე ფიქრი სიბნელეში ხელის ფათურია; რა აგვახსნევინებს ამ საიდუმლოს? იქნებ ბავშვობისდროინდელი ცხოვლადსულსდაჩნეული შთაბეჭდილება, ბავშვის ცოცხალი წარმოდგენა, ყრმობისდროინდელი მანა?

მაშინ ასეთი მანა შემომანათა ერთმა წიგნმა, რომელიც მუდმივად, კვრივად, სარკმლის კალთაზე იდო. სარკმელი შესცქეროდა შტერად დამდგარ მთის წვერთ, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ რელიგიის; და არც სჭირდებოდათ რამის გაგება. მეც არაფერი გამეგებოდა იმ ასაკში არც რელიგიის, არც იმ წიგნის, მაგრამ რახან კითხვა ვისწავლე, ხომ უნდა მეთამაშა კიდევაც მასთან? განსაკუთრებულად მახსოვს მხოლოდ ორი ლექსი, რადგანაც ის ორი ლექსი ორი ლექსი კი არა, ორი ხილვა იყო. მე მაშინ ვხედავდი იმ ორ კაცს და ახლაც ვხედავ. ერთი ამირანია, მეორე კი - უცნობი ყმა ვინმე დევების ქორწილიდან:

 

დევებსა აქვის ქორწილი, 

დიდი დარბაზი ზრიალებს,

მეც დამპატიჟეს, შევედი,

რა მქისე სუნი ტრიალებს!

სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,

ზედ სამი ქვაბი შხიოდა,

სტუმრების წინა ხონჩებზე

კაცის თავ-ფეხი დიოდა.

უკვენას ყურეშიითა

კვნესის ხმა გამოდიოდა:

„ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?“ –

ყმა ვინმე გამოჰკიოდა.

 

როდესაც სულს მქისე სუნი (სული) ეცა და როდესაც გულმა გადაწყვიტა გონებასთან შენივთებულმა, ანუ ერთ-ნებად გა-კვრივ-ებულმა განსაჯა, აი მაშინ იქმნა რელიგია - სჯული სიკეთის. ვინ იყო ის უცნობი ყმა ვინმე: პირველჯოგის მამისმკვლელი ძმა თუ ძმის, ან იქნებ მართლაც მამის ხორცის აღარმჭამელი მსჯელი კაცი, ეს რა ბედენაა? ეს კაცი დღესაც ის კაცია, სჯა, სინდისი და რელიგია მარადიულ ქმნაშია.

 

 

3.სიცოცხლე, რელიგია და მედიცინა

 

ევანგელურ-ლიბერალური თეოლოგიის ბუმბერაზი ადოლფ ჰარნაკი ქრისტიანობას მედიცინურ რელიგიას ეძახდა.

 

ეკლესიის ძველ მამათა გამონათქვამებშიც ხშირად ფიგურირებს “ქრისტუს მედიკუმ”.

მაცხოვარი მკურნალია, მაცხოვარება - განკურნება.

 

ეს იგივეობა კარგადაა გასხივოსნებული მაგ. გერმანულში: Heiland - მაცხოვარი და Heiler - მკურნალი. Heiler გვარიცაა, Fridrich Heiler უდიდესი და უბეჯითესი ფენომენოლოგია რელიგიისა, მან მიუძღვნა ლოცვას ვრცელი მონოგრაფია, წიგნი-საოცრება.

პაულ თილიხის თანახმად, მთავარი ქრისტიანული სიტყვა კურნებაა, Heilung.

და მკურნალ ნინოსაც თუ გავიხსენებთ და მივამატებთ, მეტი მტკიცება აღარც კი დაგვჭირდება, რომ ქრისტიანობა კურნებაა და განკურნება( ევქარისტია საკურნებლად სულ-ხორცთა, შვიდგზის ზეთის ცხება და უამრავი სამკურნალო ლიტურგიკა-რიტუალებიც თავს მახსენებენ).

რელიგიის ოქსფორდული ლექსიკონი გვამცნობს, რომ რელიგიის უმთავრესი ფუნქცია ბიოლოგიურიაო. Religion ემსახურება Survival-Selection-თა საქმეებსო.

 

რელიგია იკავებს სიცოცხლის ვეშა-წყაროებს: ქალს, სექსსა და ხორაგს და გამოზომილად ასმევ-აჭმევს ამათ მომშეულ-მოწყურებულ საკაცეთს.

რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების - Science of Religion - ის ოქსფორდელი მამილოც(Frisdrich Max Müller, 1823-190) ადასტურებს სუბსტანციურად, რელიგიაა ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევსო. აქ ენა-ბოროტს წამოსცდებოდა, ზოგჯერ მხეცადაც გადააქცევსო, მაგრამ მერე რა: ადამიანი ხომ სიცოცხლე-ცხოვლობა-მხეცობის გარეშე წარმოუდგენელია, ცივილიზაცია მხოლოდ ლამაზი მტვერ-ნაცარია...

უმტვერნაცრო ფანატიკოსებს, ქრისტიანებს თუ მუსლიმანთ, სამარადისო სიცოცხლის წყურვილი აღძრავს და უამრავ, ლამაზ, უმანკო სიცოცხლეს ასპობინებს: - გავიხსენოთ ბალკანეთი, ავღანეთი, ნიუ-იორკი... ნუთუ რელიგიას მოაქვს სიკვდილიც?

ისლამი არანაკლებ მედიცინურია, თუ არა უფრო. თვით ისლამი თაურსემიტური “სელიმის” მეოთხე თაობაა. “სელიმ” კი ჯერ სიმრთელეს და უხრწნელებას ნიშნავს, მერე - “მშვიდობას.” არაბი თეოლოგი ჰაქიმობის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც უპანაღიო ეპისკოპოსი. გავიხსენოთ თუნდაც ყველაზე ცნობილნი: იბნ-სინა, ალ-ბირუნი, ალ-ღაზალი...

***

ეს ყოველივე ძალიან კარგია, მაგრამ ეს “სიკვდილი” საიდანღა გამოტყვრა, ჩვენ ხომ მხოლოდ სიცოცხლე გვინდოდა?

ძველი ბერძნები, - მათი ბრძნული გამოცდილების აჩრდილი ხომ კაცობრიობას არასოდეს მოასვენებს, - რელიგიას “წმინდა ავადმყოფობას” ეძახდნენ.

კურნება ავადმყოფობის, სიკვდილის გზით?

ორპირობა რელიგიისა?

დავეხსნათ რელიგიაზე უტოპისტურ წარმოდგენას: რელიგია რომ დია კარგი რამაა; ჰკითხეთ ვაითჰედს, - აღარას ვამბობთ ფროიდ-ნიცშეებზე, - და თუნდაც თილიხს და რელიგიათა ისტორიებს, თუ ეგრეა, ანუ თუ მხოლოდ კარგია...

 

 

რელიგია სიცოცხლეს და სიკვდილს აერთიანებს. “ვინც წუთისოფელს უკვდება, მარადიულ სიცოცხლე-ნეტარებას იმკის” და ა.შ. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამის მქადაგებელსაც და გამგონესაც.

რად სიკვდილიანობს რელიგია, რად სიცოცხლეულ-სიკვდილიანობს? ვყვედროთ რელიგიას სიკვდილნარევობა? აბა გაბედოს, ვისაც გული ერჩის და გაუძლოს სიცოცხლეს უსიკვდილოს, უნუგეშოს! - 

რით აიხსნება რელიგიის ორპირობა, ან: ნუგეში სიკვდილის გულად? დილთაისეული სიცოცხლის ფილოსოფიის არ იყოს, - სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლეს გამოჰყავსო, - იქნებ ისევ რელიგიით?

ჭია, რომელიც დროებით კვდება ანუ თავს იმკვდარუნებს, რათა არ გასრისო, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს: საკუთარ სიცოცხლე-გადარჩენაზე. ასეა რელიგიაც. სასიცოცხლო ენერგია მიათრევს ადამიანური მოაზრეობისა და კულტურული (ზოგჯერ ანტიკულტურული) ღწვის ამ ობიან ფენომენს; აძლებინებს, აახლებს და ამზეურებს, და გამოხსნის თავისივე მეორეთი, როგორც მარჯვენა, სიცოცხლის ხელი - მარცხენა სიკვდილის ხელში გაბლანდულ ხიბლი-ხვანჯარას.

25.I.2004, კანატია.

 

 

4.”ღმერთი რიცხვია”

 

როდესაც მათუსალა 187 წლის იყო, შვა მან ლამექი; და მას შემდეგ მან კიდევ 782 წელი იცოცხლა და მოკვდა 969 წლის...

როდესაც ლამექი 182 წლის გახდა, შვა მან ძე და უწოდა ნოე; კიდევ 599 წელს იცოცხლა ლამექმა და და შვა ძეები და ასულები. და ლამექის მთელი წლებია 777...

წარღვნა გრძელდებოდა 12 თვეს და 10 დღეს, ზუსტად მზის 1 კალენდარულ წელიწადს.

წარღვნა ნოეს სიცოცხლის მე-600 წელს, მე-2 თვის 17-ს იწყება, 150 დღე მძლავრობს, მე-7 თვის 17-დან კლებულობს წყალი, მე-10 თვის I დღე გამოაჩენს მთათა მწვერვალებს, ნოეს 601-ე წლის I თვის I რიცხვში წყალი გაილევა, მე-2 თვის 27-ში მიწა უკვე მშრალია.

კიდობნის ასაგებ რიცხვებს ღმერთი თვითონ იძლევა: 300, 30, 50 წყრთა.

და ა.შ.

 

და სხვ. და მსგ., მაგ.: მოსეს მე-4 წიგნის 3, 43 - ში 22273 ახალშობილ ყრმაზეა საუბარი. რა სიზუსტით!

”ღმერთი რიცხვია”, ამბობდა პითაგორა.

ებრაელებმა შექმნეს ბიბლია, რადგანაც მათ როგორღაც თავიანთი ცხოვრების დათვლა ისწავლეს. ბიბლია მთლიანობაში ”რიცხვთა წიგნია”.

ცხოვრების დათვლის დასწავლა ღმერთის დასწავლაა.

”დასწავლა” რიცხვია.

ღმერთი რიცხვია.

19.VI.2003,Tübingen.

 

 

5.საკვირვლად საკვირველება ანუ ბუნება და მეხსიერება

 

სულის დიდ უნართაგან ნამდვილი გაოცების ღირსი ალბათ მხოლოდ მეხსიერებაა. ის, რასაც შემოქმედებით პროცესს უწოდებენ, მეხსიერების ”საწვავით” იკვებება. მეხსიერებას თავისი კანონები აქვს, თავისი იდუმალებით მოცული სამყარო. ამ სამყაროსკენ ”სამგზავრო ბილეთს” ფსიქოლოგიური მეცნიერების აკადემიურ ინსტიტუტში შეიძენ კაცი, დიდი გონებრივი რუდუნების ფასად.

 

მეხსიერების სამყაროსაც, როგორც ჩვენსას, ხილულს, ანათებს მზე. მზე იქაც მეტად ძლიერია, ერუპტირებადი, უცნაური; იმ მზეს სიზმარი ეწოდება.

სიზმრისამხსნელი ფსიქოანალიტიკოსები მეხსიერების მზის ასტრონომებია.

(შევალთ სიზმარში, მივაღწევთ მზეს, მზე შინ არ დაგვხვდება და მზის დედა ჩრდილში დაგვმალავს!)

როგორ აისახება ჩვენს ცნობიერებაში ცნება, მოვლენა, წარმოდგენა, ამბავი, - ნამდვილი თუ უნამდვილო, - და ეს ყოველივე მეხსიერების გზით?

იქნებ ჩვენი ცნობიერება მართ ოდენ მარტო მეხსიერების რეზერვუარია?

არსებობს თუ არა პრეისტორიული მეხსიერებაც? გვახსოვს თუ არა, როგორ გამოგვძერწა უფალმა?

სადღაც ბეჭებსშუა დღესაც გვეწვის მისი ბერა-თითი:

”თითთა შენთა შემმქმნეს მე და

დამბადეს მე!”

 

ჩვენ არ ვაპირებთ იქით... მეხსიერების მეცნიერული სამყაროსაკენ მიმავალი ბილეთის შეძენა სამუდამოდ დაგვაგვიანდა! იქითკენ მიმავალი გემის კაიუტაში დამალვას ანუ ”შავი მგზავრის” სახით დილეტანტობას მეხსიერებას ვერ ვკადრებთ... ისღა დაგვრჩენია, მეხსიერების ერთი-ორი მწერალი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დავაბინაოთ და მეხსიერებას შორიდან, ძალიან შორიდან გავხედოთ, მეხსიერების ჩამავალ მზეს ანუ სიზმარს ხელი მოვუჩრდილოთ.

ყოფნა ბუნებაში, მთას, ზოგჯერ უდრის სიცოცხლეს და სიცოცხლე უდრის მეხსიერებას.

 

ყოფითი გამოცდილებით მთები მთებს გასცქერს.

 

სიზმრისეული გამოცდილება: გაღმიდან, კლდიდან გამოდის მზე, მოდის ნელ-ნელა და ჩემი სახლის წინ, ერთ ადგილას მუხლის სიმაღლეზე ჩერდება. -

აი სიზმარი, რომელიც მეხსიერებასთან ერთად სულ იარსებებს. სიზმარი, რომელიც მეხსიერებაზე მეტია.

***

სამყაროს, უნივერსუმს ყველაფერი ახსოვს. სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა, თუ... რა იქნებოდ ნება და წარმოდგენა (Wille und Vorstellung) მეხსიერების გარეშე: ”ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი...”

 

სამყაროს, უნივერსუმს ყველაფერი ახსოვს. გაჩენის დღიდან მოაქჟამამდე.

 

იგი ყველაფერს დაიმახსოვრებს თვით აღჴოცის დღემდე. სანამ დრო და სივრცე იარსებებენ. მაგრამ ვინ დაიმახსოვრებს მერე სამყაროს ანუ დრო-სივრცეს? ნუთუ მეხსიერება აღარ იარსებებს? ღმერთი მეხსიერებაა, მეხსიერების დედ-მამა და თვით მეხსიერება. თუ რელიგიური წარმოდგენა ნამდვილია და ადამიანთა სულები ღმერთთან ერთად მარადიულად დაივანებენ ( ცა-ქუეყანათა წარჴდომამდე თუ მერე, მითუფრო!), მაშინ სამყაროსგან ანუ ნება-წარმოდგენისგან დარჩება მხოლოდ მეხსიერება. უნივერსუმი მეხსიერებად დაიფერფლება. ახლა მეხსიერება მხოლოდ მცირე ალია, სამყარო-უნივერსუმის, ადამიანური არსებობის გულისგულში მთვლემარე პატარა ალი. საბოლოოდ კი მეხსიერების ცეცხლი მოედება ყველაფერს, ყველაფერი მეხსიერების ღველფად იქცევა.

 

 

***

დავბრუნდეთ ”რეალობაში”, წავიკითხოთ ”ნანგრევთა შორის”, (მონადირის ნაამბობი).

 

”ანდით მოვდივარ ტყედატყე,

და ვეგანები ბინასა...

ყურს ვუგდებ გულისსაკლავსა

კაცის კვნესას და გმინვასა

ყატყატი მესმის თანაცა:

კივილ-ჭყივილი საზარი,

ომია გაცხარებული,

ცის ჩამოქცევის სადარი.”

 

ტყეში, ნანგრევთა შორის, ცხოვნეთ-ქალაქის ომის ხსოვნა შემორჩენილა. საუკუნეების წინათ იქ მომხდარი მოვლენა მეორდება; მონადირე კაციშვილს ვერ ხედავს, ესმის მხოლოდ ხმა, ხმა გოდებისა, იარაღის ჟღარუნისა, ბუნების ხსოვნაში შემონახულა ომი. მონადირეს ყოველივე მოჩვენება ჰგონია და პირჯვარს იწერს, მაგრამ ბოლოს რწმუნდება, რომ ეს ”საკვირვლად საკვირველება” ფენომენი მეხსიერებისა, ბუნებისა და მეხსიერების ურთიერთშერწყმა ნამდვილია, რეალური. თვითმხილველნი ანუ თვითმსმენელნი, ვინც ამ ადგილას შემთხვევით გაიარა და ”ჩავარდა”, სხვანიც მრავლად ყოფილან.

ვაჟას ამ ბუნებით ესქატოლოგიური პოემის დასასრული მეხსიერების ბუნებრივ მარადიულობას მანიფესტირებს:

 

”დიდება უფლის სახელსა,

სულის ცხონება იმათა,

რაც ღმერთს მიუცავ სამყოფად

ნუმც მოეშლებათ ბინადა.”

2003, დეკემბრის დასაწყისი, თბილისი.

 

6.რა არის ტაბუ?!

 

 ცნობილმა ინგლისელმა ეთნოგრაფ-ანთროპოლოგმა (ინგლისური ანთროპოლოგია დაახლ. იგივე აკადემიური საგანია, რაც გერმანული ეთნოლოგია) ჯეიმს ფრეზერმა, (Sir James Frazer, 1854-1941) შეაჯამა, დაახარისხა, დაახასიათა, ერთმანეთთან შეაჯერა და საკუთარ იდეას - ადამიანური ცნობიერების ევოლუციურ განვითარებას (მაგიური ცნობიერებიდან რელიგიისაკენ, ამ უკანასკნელიდან - მეცნიერულისაკენ) დაუქვემდებარა კოლონიზატორთა, მოგზაურთა, მისიონერთა და მოხეტიალე მეცნიერთა მთელი ნაღვაწი. - უცნობი ხალხების, ე.

 

წ. არქაულ მოდგმათა უთვალავ რწმენა-წარმოდგენათა აღწერილობანი.

იმ ათეულობით ტომთან შეხმატკბილება, რასაც ფრეზერის მეცნიერულ-ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს, ვფიქრობ, ადამიანურ ძალებს აღემატება. კიდევ კარგი, “ოქროს რტოს” (The Golden Bough) ოსტატურად შემოკლებული, მხოლოდ ორიათასგვერდიანი გერმანული თარგმანიც არსებობს. ფრეზერი ისე ვრცლად განიხილავს ტაბუს, რომ მოკლედ, მთელი ფრეზერი ტაბუა. ტაბუ! ტაბუ აუხსნელია.

 

ამქვეყნად იმაზე ნორმალური არაფერია, რომ ადამიანი ადამიანს დაელაპარაკოს. ეს კი კუკულუს, ქვემო გვინეის ერთ მეფეს, ეკრძალებოდა. იგი გაუნძრევლად უნდა მჯდარიყო თავის სამეფო ტახტზე, არც ფრჩხილები დაეჭრა, არც თმა შეეჭრა, არც წვერი დაეყუნა.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ძალას დაჰკარგავდა. ამ ფარული ძალის წყალობით იყო, რომ კუკულუს ქვეშევრდომებს სული ედგათ. კუკულუ თავისი გაუნძრევლობით ხელქვეითებს სტიქიური უბედურებისაგან, მაგალითად, ქარიშხლისაგან იფარავდა. კუკულუს დაბანა მხოლოდ ათასში ერთხელ შეიძლებოდა, და რათა ზებუნებრივი ძალა არ გაჰპარვოდა, მხოლოდ ღამით, როცა მას ტახტზევე ეძინა, თუ თავს იმძინარებდა.

სხვა მეფე დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ზღვისპირა ხალხს მბრძანებლობდა. მისი სახის დანახვა აკრძალული იყო. რამდენიმე მოხუცს ეძლეოდა უფლება, მის გარშემო მსხდარიყვნენ, ისიც ზურგშექცევით. ამ მეფეს ევალებოდა უპირველესი ტაბუ: არამცდაარამც არ უნდა შეეხედა ზღვისთვის.

 

არქაული მეფეები, რასაკვირველია არა მხოლოდ უმაღლეს საერო, არამედ სასულიერო ხელისუფალსაც განასახიერებდნენ; ისინი იყვნენ “მღვდელმთავარნიც”, ანუ “პატრიარქები”. ეს მეფე-პატრიარქნი ფაქტიურად კი არ მბრძანებლობდნენ, არამედ ემორჩილებოდნენ, იცავდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს. იცავდნენ, ინახავდნენ რა თქმა უნდა ტაბუთი. ტაბუ აუხსნელია!

რაღა შორს წავიდეთ; ფრეზერი ჩვენს (სავარაუდო) წინაპრებსაც მოსდგა. შავი ზღვის პირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხალიბებისა და ტიბარენების მეზობლად უცხოვრიათ მოსინიკებს, “უმ, თუმცაღა მეომარ, ომისას მომღერალ ბარბაროსებს”. მოსინიკებს თავიანთი მეფე-პატრიარქი მუდმივად გამომწყვდეული ჰყოლიათ ერთ მაღალ კოშკში, საიდანაც ის ბრძანებებს იძლეოდა. თუ რომელიმე ბრძანება მოსინიკებს ცოტათი არ მოეწონებოდათ, მაშინ ისინი თავიანთ მეფეს მხოლოდ რამდენიმე დღით აშიმშილებდნენ.

 

ხოლო თუ მეფე-პატრიარქი, მათი აზრით, ძალიან “გაახურებდა”, მას სულაც შიმშილით კლავდნენ. სხვათა შორის, მოსინიკების დაწვრილებითი აღწერილობა მოცემულია ანტიკურისმცოდნეობის ენციკლოპედიაში, ტ.XVI, 1. მოსინიკებს მრავალსართულიან ხის კოშკებში უცხოვრიათ, ბერძნ. Μόσσινες, საიდანაც წარმოდგება მათი სახელწოდებაც.

ერთი სიტყვით, არქაულ მეფე-პატრიარქებს მრავალი ტაბუ-ვალდებულება აწევთ კისერზე და ვაი მათ, და მათ სიცოცხლეს, თუ ისინი ოდნავადაც კი დაარღვევენ აუხსნელ ტაბუს, მაგალითად, ზღვას გახედავენ, ყურს მოიფხანენ ან ვინმეს დაელაპარაკებიან.

განა იმაზე ნორმალური, ჩვეულებრივი, ბუნებრივი რა უნდა იყოს, რომ ადამიანმა -მეფე-პატრიარქიც ხომ ადამიანია, - გარშემო მიმოიხედოს, მეორე ადამიანს დაელაპარაკოს ან, თუ ზღვისპირელია, ზღვას გახედოს, თუ გაიჭუჭყება, გაიოფლება, ტანი დაიბანოს და ა. შ. მაგრამ არა! არქაული ხალხები აზროვნების სხვა სტილით აზროვნებდნენ...

 

ჩვენს წინაპარ მოსინიკების სამეფოზე ცნობებს დაახლ.

 

25 საუკუნის წინანდელი ბერძენი ავტორები: ქსენოფანე, ჰეროდოტე, აპოლონიოს როდოსელი და სხვანი გვაწვდიან.

 

მათ უკვირთ ჩვენი მეფის ამგვარი შემწყვდეულება...

ოცდახუთმა საუკუნემ ჩვენამდე შეუმჩნევლად გაიარა; ჩვენს მერე რაღა დაიჭერს! ტაბუ კი ისევ აუხსნელი დარჩება! ოცდახუთი საუკუნის მერმინდელი ეთნოგრაფი, პირობითად, “ფრეზერი”, გაოცებისაგან ხახას დააბჩენს: შავი ზღვის აღმოსავლეთით, თავის პატრიარქიანად უცხოვრია ერთ “ქრისტიან” ხალხს და ის უმწიფარი, უმი მრევლი - თავისი სამღვდელოებითურთ, თავიანთ პატრიარქს ეკუმენიზმს უკრძალავდაო! ეკუმენიზმი ტაბუ ყოფილაო!

იმაზე კარგი რა უნდა იყოს, რომ ადამიანი ადამიანს დაელაპარაკოს, მორწმუნე -მორწმუნეს, Ηomo Religiosus - თავისნაირს, მაგრამ რას ვიზამთ: ტაბუ აუხსნელია.

იმ ძველ მეფე-პატრიარქებთან შედარებით ჩვენი პატრიარქი მაინც კარგ დღეშია: ცოტა მიხედ-მოხედვისა და ტანის დაბანის უფლებაც აქვს და შიმშილითაც არავინ კლავს მას. მადლობა ღმერთს!

და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის ტაბუ!

29.X.2003,Tübingen.

 

 

7.ორნაირი ქრისტიანობა

 

რელიგიის კრიტიკოსები,- იგულისხმება ძირითადად ფრანგი ჰუმანისტები, ფოიერბახი, ნიცშე, ფსიქოანალიტიკოსები ფროიდის პატრიარქობით, - ასკეტიზმს, „სხეულის დატერორებას“ ერჩიან განსაკუთრებით. სხვა არაფერიაო თუ არა ძალაუფლების ჟინის პერვერტაცია ანუ მოქართულებით გაუკუღმართება....

ცოტა შორს რომ გაეხედა მაგალითად ნიცშეს, ქრისტიანობას სხეულის „მძორად“ გადაქცევას რომ უკიჟინებდა, და როგორღაც ჩვენი ჯანღონიანი, სიყვარულითა და ტკბობით გაჟღენთილი იერარქებისთვისაც მოეკრა თვალი, მაშინ ის ქრისტიანობის დაუოკებელ მეხოტბედ გადაიქცეოდა; რად ღირს თუნდაც უჯარმელი ჭყონდიდელისა და ულუ დავითის ცოლის - დედოფალ ესუქანის რომანი!

ნიშანდობლივია: რელიგიის მოყვედრალთ, რომელნიც მას მხოლოდ დასავლური ქრისტიანობის, უპირატესად კი მჭლე პურიტანული პროტესტანტიზმის სახით იცნობენ, რელიგიაზე ერთობ სტატიკური წარმოდგენა აქვთ; თითქოსდა რელიგია რაღაც ერთფეროვანი, უძრავი, ურყევი და გაშეშებული ენთიტეტი იყოს! ალბათ ტაქტიკაა ეს: საკრიტიკებელი რამ ჯერ ერთად უნდა შეჰკრა, შეაზოგადო, მრავალფეროვნება და სიცოცხლე წაართვა, მერე კი მისდგე!

სულსა და სხეულს - ამ დიხოტომიურ სამსარას ვერაფერს მოუხერხებ კაცი, ისინი ან უნდა გააწონასწორო ან ერთსხვა(ხევსურულად: ‘ერთმანეთი’) დააჩაგვრინო, სხვანაირად ვერ იმსჯელებ ანუ სჯულ-რელიგიას ვერ ააგებ, ვერც იფილოსოფოსებ. რელიგია და ფილოსოფია ხომ პრინციპში ერთი და იგივეა(ჰეგელს ასე ჰგონია ყოველშემთხვევაში)... გარნა არსებობენ გამონაკლისები, გადახვევები, ბნელი შესახვევები, ხორციელი ნუგეში, ღვინონი და ესუქანანი. მადლობა ღმერთს ამისათვის.

 

სულის აბსოლუტური ზეობა კარგადაა ‘ბალავარიანში’ მანიფესტირებული. ‘ბალავარიანის’ ცნობილ კიდობნებს აქ თავს არ მოვხდით, მხოლოდ ბალავარს გავაშიშვლებთ:

„ და იყო ყოველი გუამი მისი

გამხმარ და დამჭნარ, და

ტყავი ოდენ გარდათხმულ

ძუალთა ზედა.

ყოველი ასოჲ აღირაცხოდა“.

 

იოანე მინჩხისეულ თეოდოსის საგალობელში სულის აბსოლუტური ზეობა მინავლებულია, სულისაგან ხორცის ტერორი ნელდება:

„აეროვნებაჲ პირისა შენისაჲ

და სიმჭლე გუამისაჲ

წამებდა სულიერთა

სიმხნითა შრომათა შენთა, თევდოსი!

ხოლო სიმდაბლით ქცევაჲ შენი

უბიწოვებასა შინაგანისა გონებისასა!“

 

გრიგოლ ხანძთელი კი ლამის ანტიკურ იდეალთან გვაბრუნებს:

„ხოლო იყო ხილვითა დიდ,

ხორცითა თხელ,

ჰასაკითა სრულ,

ყოვლად კეთილ,

სრულიად გუამითა მრთელ და

სულითა უბიწო“.

 

ესაა ქრისტიანობა, და შესაბამისად, რელიგია ‘დე ფაქტო’ , რელიგია მოძრაობაში, სულისა და სხეულის მტერმოყვარეობა, მათი დინამიკური კოექსისტენცია.

 

ილიას უნივერსალური გამოთქმა, - ‘არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვაო’, - აქაც თავის ძალაშია: არც უსულობა ვარგა და არც სულის უზომო გალაღება; არც უესუქანობა ვარგა და არც მარტო ‘ესუქანთა’ დევნა და ა.შ. რა ქნას ჯანმრთელმა ეპისკოპოსმა, თუ მისი ვიტალური ძალმოსილება თორა-ბორას ციხესავით აუღებელი აღმოჩნდა მარხვა-ლოცვათათვის? თუ იასკეტებს, ჰუმანისტები ჰკბენენ: ხორცს იმძორებსო! თუ იჭყონდიდლებს, მორალისტები ჰყვედრიან: ავხორციაო, „ფრიად აზრზენს ეშმაკი ტრფიალებისა“. იტყვით ალბათ: იზომიეროს, ნურც სულის გალაღებას გადაჰყვება და ხორციც მოთოკოს, ზომიერად მსუქანი ესუქნისკენ თვალი ნუ გაურბისო! ასეთი უჯიგრო ზომიერება,- ზემოთ ჩვენ სულ სხვა ზომიერებაზე ვსაუბრობდით, - მართლაც დიდი „გონებამახვილობაა“, სანელთბილო ნაცარქექიათათვის, რომელთაც არც სულის ვნების ნიჭი მომადლებიათ დიდად, არც ხორციელებისა. გარდარეული ასკეტები აქეთ და ჟრუანტელა მესუქანენი ანუ მექალთანენი რომ არ იყვნენ იქით, როგორღა დავადგენდით საწყაოს, ზომას ზომიერი ღვთისმოსავობისას? მაშ ბუნებას არა სცოდნია, ვინ როგორი გაჩნდეს?

ეეეჰ, რა გვეესუქანება, დასადგენი გვაქვს, რად ესმით რელიგიის კრიტიკოსებს რელიგია ასე ერთფეროვნად, მოსაწყენად, ცალსახად, უძრავად, უსიცოცხლოდ? ზუსტად ისევე, როგორც ფანატიკოსს!

რას გაუგებ, ვივარაუდოთ:

ა) აზრზენს მათ ეშმაკი ანტირელიგიურობისა;

ბ) რელიგიაში ისინი ხედავენ მხოლოდ რელიგიას, უადამიანოდ, უკონტექსტოდ;

გ) მათს გარემომცველ რელიგიას თავი არ უჩანს ფარისევლობისა და სიცრუის ზღვაში;

დ) არ ეპიტნავებათ სხვადასვა მიზეზთა გამო: აღზრდა, განსწავლა, ინტენციები;

ე) მათ შურთ რელიგიის ანუ: ხელმოცარული თეოლოგები არიან, მელა ვერ შესწვდა ყურძენს;

ვ) გულწრფელნი არიან, ადამიანური ცნობიერების განწმენდა სურთ „მცდარი წარმოდგენებისაგან“, რელიგიის ვენახისკენ მოჩქრიალე უკვდავების რუს გადაგდებას ცდილობენ მეცნიერების ხეხილში; ‘ვენახის’ დრო წასულა, უშემოსავლოა;

ზ) ისინი გაუმხელელი რელიგიური ფანატიკოსები არიან, რელიგიის კრიტიკა მხოლოდ თავდაცვა-თავისმოტყუებაა;

ჱ) შესაძლებელია რამდენიმე რამ ამ სულიერ მდგომარეობათაგან, აქ რომ ჩამოვთვალეთ, ერთად სჭირდეთ რელიგიის მოძულეთ, ან მეტ-ნაკლებად ყველაფერი და კიდევ სხვაც რამ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისინი მეტ-ნაკლებად მსხმოიარე ხეებია!!!

 

 ასეა თუ ისეა, ერთი რამ ცხადია: რელიგიის კრიტიკოსებს ისევე ცალსახად ესმით ქრისტიანობა, როგორც თავის დროზე ამ უკანასკნელმა ანტიკური აზროვნება გაიგო : „აპოლონი დემონია“.

ამიტომ რელიგიის კრიტიკა წმინდა წყლის ქრისტიანული საქციელია! ქრისტიანობის წიაღში აღმოცენებული, მისი ისტორიით დამიზეზებული და მისივე სულიერი ორეული!

დავძენთ ბეჯითად: რელიგიის ორგანიზმიც ცოცხალია ესუქანისასავით, ტფილი, მრავალხვეული, მრავალნაწილედი.

 

სული რელიგიისა გამოცხადებაა, სხეული - მიწიერი განზომილებანი, ინსტიტუტნი, წეს-განგებანი, იერარქიანი, მიმოქცევანი, მიმორხევანი, წელთა მიმოტანანი. დიახ, რხევანი და წელთა მიმოტანანი არა მხოლოდ დედოფალთ ანათ და ესუქანათ ახასიათებთ.

12.I.2003,Tübingen.

 

 

 

 

8.სტრუქტურა და თავისებურება

 

სტრუქტურიდან თავის დაღწევა ძნელია და იქნებ შეუძლებელიც. ქრისტიანულ კულტურაში აღზრდილისათვის სტრუქტურას სახარება იძლევა.

 

როდესაც კითხულობ პაულ თილიხს, “ყოფნა არყოფნითაა გარემოცული” - შორს ვერ მიდიხარ, “და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს”; მაგრამ ჩანს კი? ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც, - ისევ თილიხს რომ დავესესხოთ, - გყოფნის გაბედულება, იყო! - Mut zum Sein. მაგრამ სად ვიპოვო ეს გაბედულება, თუ არ დამებედა? იქნებ მარტოობაშია ან გულის რელიგიაში? რელიგია ხომ მხოლოდ მარტოობის მაღალი მასალისგანაა ქმნადი(+ ვაითჰედი). მაგრამ მარტოობა სადღა ვიპოვო? მარტოობის ძებნა დიოგენეს არც უცდია, რადგან იგი ადამიანზე ძნელი მოსაძებნია...

 

სანამ თილიხის ამ აზრს გადავაწყდებოდი, აი რას ვფიქრობდი: რას თუ როგორ, ჩემი ბოსტნით მომქონდა თავი; მე ის გავაშენე ჩემი მამა-პაპური სახლის გვერდზე, ყვავილები, მარწყვი, ბოსტნეული, ცოტაოდენი კარტოფილიც ერთ ოთახისოდენა ადგილზე... იქ შეიძლება მთელი წლის განმავლობაში ვეღარ დავბრუნდე და არავინ იცის, ვის გავუშენე ის ბოსტანი; ამიტომ ვხუმრობ, ღმერთს-მეთქი, რაღაც კულტურისმაგვარი ქვემოდან, დაე უყუროს! მაგრამ აზრმა გამკრა, ის რომ არ არსებობდეს? გამოსავალი, ყოველშემთხვევაში აზრობრივი, უცებ მოვძებნე: დაე ცამ, კოსმოსმა უყუროს ჩემ ბოსტანს. ჩემი ფიქრები იქნებ მთლად ამგვარად არც იყო აწყობილ-დაწყობილი, რადგან ვერ ვიტყვი, დასკვნა როდის გამოვიტანე, თავშივე თუ ბოლოს, თუ მთელ ფიქრიანობას გასდევდა ის: “ღმერთი სივრცეა”.

ვფიქრობ, ღმერთი სივრცეა.

 

სჭირდება ამ ფიქრს დამტკიცებაც? კანონზომიერი იყო, მე სხვაგვარად ვერც ვიფიქრებდი. მერე უცებ წიგნი ავიღე და თილიხს გადავეყარე, როგორც ვინმე რელიგიის კაცი საკრალურ რეალობას( რელიგია ხომ წმინდა სინამდვილესთან პირისპირ შეყრაა ფენომენოლოგიური დასკვნით), და უცებ დავსტრუქტურდი: სახარების ბნელი და ნათელი, ვაითჰედის მარტოობა, რუდოლფ ოტოს ნუმინოზური, გაარსებითებული “წმინდა რამ” და ზოგიც სხვა წრედ შემომერტყა თილიხის ხერხემლადქცეულს...

 

სხვათაშორის, მეორე, ოღონდ წრიული ფორმის ბოსტნის გაშენებასაც ვაპირებ, სახლის მეორე მხარეს...თუ დავბრუნდები.

21.I.2006, კანატია.

 

 

 

9.”ღმერთის ნება გამოუცნობია!”

(დაკვირვება)

 

ცხოველებს აქვთ რელიგია და ჰყავთ ღმერთი, განსაკუთრებით კი - შინაურ ცხოველებს. როგორც წესი, ისინი პოლითეისტები არიან, მხოლოდ ზოგიერთები ცოტათი წაიმონოთეისტებენ. შიგადაშიგ დუალისტებიც გამოერევიან, ხოლო ძაღლები ყველასაგან განსხვავებით, ჰენოთეისტები არიან. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა: ცხოველების ღმერთები ვართ ჩვენ, ადამიანები, მათთან შედარებით ამოუცნობი არსებანი, მართლაც რომ Mysterium tremendum et fascinosum: საშინელი და დიდებული საიდუმლოთი აღსავსენი.

 

 

ცხოველების ჩვენთან დამოკიდებულებას ანუ კავშირს ჰქვია რელიგია. ეს დამოკიდებულება თუ კავშირი სავსეა სიფრთხილითა და შიშით, სიყვარულითა და თაყვანისცემით, ერთი სიტყვით, ”რე-ლეგერე”- თი. ზოგჯერ გამოერევიან ხოლმე ათეისტი ცხოველებიც, - მაგალითად, რქენია ძროხები, - რომელნიც ჩვენ, ანუ ”ღმერთებს” პატივს არ გვცემენ.

მაღალგანვითარებული ცხოველები,- მაგალითად მაიმუნები,- თანთან მონოთეისტურ დასკვნებამდე მიდიან; სადღაც უნდა არსებობდეს ერთი მთავარი Superman, ვინც ყველა ღმერთის მამაა - ფიქრობენ ისინი.

ბოლო ხანებში ცხოველთა შორის ერთობ აქტიური შეიქმნა თეოდიცეის პრობლემა, იმართება დისკუსიები: ”თუ ჩვენ მართლაც ისეთი ყოვლადსათნო, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლენი ვართ, ღმერთს რომ შეეფერება, მაშ რატომ არ შეგვიძლია ან რატომ არ გვსურს ვიხსნათ ისინი წამებისა და ავადმყოფობისაგან? მაშ რატომ არიან ამდენი გაუბედურებული კატები და ძაღლები? წამოუვლის ქორი პატარა, უცოდველ წიწილას და ”წია-წია”-ს ძახილით ტყისკენ გააფარებს! განა ეს სამართალია?

ჩვენდა ბედად, ღვთისმოსავი ცხოველები ცოტა არ იყოს რწმენაშერყეულებს აწყნარებენ, შთააგონებენ: ”ჩვენ, ცხოველები რაღაც ძველი, მემკვიდრეობითი ცოდვის გამო ვიტანჯებითო.” გარდა ამისა, ”ღმერთმა” ანუ ჩვენ ”განა უკეთ არ ვიცით რა ჯობია მათთვის, ვიდრე თვითონ მათ?..”

”ღმერთის ნება გამოუცნობია”, მორჩილად ფიქრობენ მაწანწალა ძაღლები და მშიერნი, მაგრამ მაინც რაღაცის მოიმედენი, დაწანწალებენ.

19.II.2003,Tübingen.

 

 

10.რწმენა და ცხონება

(ფრაგმენტი)

 

რწმენა სხვა არაფერია, თუ არა დროის მიმართ პასუხიმგებლობის აღება. – "პასუხი დროს". რწმენაში ცხოვრება ნიშნავს ბრალეულობის განცდას დროსთან მიმართებაში, ნიშნავს სინანულს, ეჭვს, დროის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამო.

 

როდესაც ცხონება თავისთავად, კონვეიერული წესით მოდის ანუ ტრადიციულ საცხოვნებელ რუტინაში (”მოძღვარი”-”მარხვა”-”წირვაზე სიარული”) ავტომატური ჩართვით მიიღწევა, მაშინ გარჯასა და დროს უბრალოდ აღარ ვსაჭიროებთ; ან, უკეთ რომ ვთქვათ, აღარ ვსაჭიროებთ დროში საკუთარი ნებით გარჯას, რომლითაც სულის ცხონება უნდა მოგვეპოვებინა. დრო იკარგება; ან, თუ სხვაგვარად ვიტყვით, ნამდვილი დრო, თვითსრულყოფის, პროფესიული სრულყოფის დრო, იცვლება დროის სუროგატით, ილუზორული დროით.

 

დროსთან ერთად ვკარგავთ ყველაფერს: ჩვენს ნებას, პიროვნებას, პროფესიულ უნარებს. ნამდვილ დროსთან ერთად იკარგება ყველაფერი: პიროვნებაც, სულიც, ცხონებაც და თვით ღმერთიც თავის სასუფევლიანად.

11.II.2003,Tübingen.

 

 

11.ღმერთების წმინდა გადაწყვეტილება

 

ერთხელ, და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ღმერთებმა რატომღაც მოულოდნელად მოიფიქრეს, ურთერთთან მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ღმერთობისთვის თავი დაენებებინათ! მათ ღმერთულ არსებობას არჩიეს ისევ დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ და ადამიანებად მოქცეულიყვნენ; საავადმყოფოების, სოციალურ-ჰუმანიტარული თავშესაფრებისა თუ სამადლო სასადილოების თანამშრომლებად გადანაწილებულიყვნენ და თავიანთი სასიკეთო ფუნქციები,

ზრახვები თუ კეთილი იდეები იქ განეხორციელებინათ. ძნელი სათქმელია, ღმერთების ამ არაორდინალურ გადაწყვეტილებაში მრავალთაგან რა უმთავრესმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ჩვენ ვვარაუდობთ, იმ ფაქტორმა და ფაქტმა, რომ გერმანელი რელიგიისმცოდნე Walter Baetke როგორღაც, ბრმა ბედის წყალობით სამოთხეს მოხვდა და იქ თავისი მოხსენება - Das Phänomen des Heiligen წაიკითხა.

 

ვალტერ ბეტკე ამ თავის მართლადცა ფხიზელი გონებით დაწერილ ნაშრომში საკრალურ წარმოდგენათა საზოგადოებრივ წარმომავლობას ასაბუთებს( სოციუმი წყვეტს, რაა ღმერთი და საკრალური და მსგ.). ბეტკეს თანახმად, არავითარი ოტოსეული sensus numinis( იხ.R.Otto, Das Heilige, 1917, აგრეთვე მისივე Aufsätze Das numinose betreffend) არ არსებობს და რელიგიურობისას ჩვენ განვიცდით არა Mysterium tremendum et fastinosum – ს, ანუ საშინელ და დიდებულ საიდუმლოს, არამედ ჩვენსავე თავს... ერთი სიტყვით, Baetke - მ, Otto - ს „Das Heilige“, - ეს უეჭველად ყველაზე დიდი წიგნი-მოვლენა, რითაც კი ვინმეს ოდესმე ტრანსცენდენტურ-ირაციონალური სამყაროსაკენ რაციონალური გაჭრა უცდია, - თავდაყირა დააყენა.

 

 

 

ამ საქმეში ბეტკემ რამდენიმე თანამოაზრეც ამოიყენა გვერდში და ოტოს და მის ცნობილ გუნდს - გერმანულ-სკანდინავიურ ფენომენოლოგიას რელიგიისას( მანამდე რელიგიისმცოდნეობაში დომინირებადი სუბდისციპლინა Religionsphänomenologie, ისეთი ბრწყინვალე წარმომადგენლებით, როგორებიცაა: N.Söderblom, Fr. Heiler, G. v. d. Leeuw და სხვანი), შეუტია ძალუმად, მიზნობრივად, გადამწვარი მიწის პრინციპით. მეცნიერთა ნორჩ ბეტკე-ბატკნურ თაობას სურდა, რომ რელიგიის შესწავლაც მკაცრი მეცნიერული ემპირიის პრინციპებ-რელსებზე ჩამოქვეითებულიყო და დესკრიპტიულ-ემპირიული სცენარის მიხედვით გაროინებულიყო. ამისათვის კი საჭირო იყო, რომ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერული კვლევის სფეროდან განდევნილიყო ”წმინდა”, ”ღმერთი”, ”ძალა”, ”მანა”, ”ნუმინოზური” და სხვა მსგავსი არავერიფიცირებადი საგნები, როგორც უეჭველად არსებული ფენომენები.

 

მზადდებოდა ნიადაგი, რომ ამიერიდან ლექსიკონურ მასალა ”ღმერთს”, თუნდაც, ჩანაცვლებოდა ”ღმერთზე წარმოდგენა”(Gottesvorstellung). – მოკლედ ასეა, ვრცლად იხ. ყველა ანტისაკრალური სტატია, აგრეთვე პროსაკრალურიც კანტი-კუნტად, კრებულში: ”დისკუსია საკრალურის ირგვლივ”, გერმ. დასახელებით, Die Diskussion um das Heilige, hrsg. von Carsten Colpe. – Darmstadt, 1977...

როგორც ჩანს, ეს ყოველივე ზეცაში კოსმიურ აქტად იქნა აღქმული და ღმერთებს სურდათ ადექვატური გადაწყვეტილებით ეპასუხათ ამ მეცნიერულ სკურპულოზურობაზედ. მიზეზი გასაგებია, შედეგი კანონზომიერი, მაგრამ ღმერთების, განსაკუთრებით ქრისტიანული, თუ ინდური, - ბრაჰმა-ვიშნუ-შივა სამებათა, - მონოთეისტური თუ მკაცრად მონოთეისტური ისლამის და იუდაიზმის გოროზ ღმერთთა ეს ექსტრავაგანტური, ყოვლადმოულოდნელი გადაწყვეტილება მაინც გამაოგნებელია.

 

გამაოგნებელია ალბათ უფრო თავისი იმანენტურობით; ღმერთებისაგან ჩვენ ხომ სულ ტრანსცენდენტურ იმაგინაციებს ველოდებით და არა ჩვეულებრივ, პროზაულ საქმიანობას.

ღმერთების გადაწყვეტილებას ანგელოზები სიხარულით შეხვდნენ, - იფიქრეს ახლა კი ეშველება ყველა დედამიწელ ტანჯულსო , - ეშმაკებმა კი ყურები ჩამოყარეს.

და ის-ის იყო, ღმერთებმა თავიანთი მოკრძალებული ბარგი, ორიოდე ხელის საცვალი, კბილის ჯაგრისი, საპონი, გახამებული თეთრი პერანგი, თმა-წვერის საკრეჭ-საპარსი მოწყობილობანი და სხვა აუცილებელი ნივთები თითო-თითო ჩამადანში ჩაილაგეს( აჰურა მაზდას და იესოს კი ისე მცირედი რამ ებადათ, რუკზაკებშიც ჩაეტათ) და ცოტა ხნით ზეცის ბუსნოზე, დიდრონ სიპებზე ჩამოსხდნენ მუხლებზე ხელდაწყობილნი, - როგორც ადამიანებსაც გვჩვევია დიდი მგზავრობის წინ, - რომ მათ დედამიწიდან საშინელი ამბავი მოუვიდათ:

ადამიანებს არ სჯერათ, ვერ თუ არ იჯერებენ მიწაზე ჩვენი დაბრუნების ამბავსო!..

რაღა უნდა ექნათ? ადამიანურ ნებას ხომ ვერაფერი დაუდგება წინ, გადაწყვეტილება მხოლოდ წმინდა გადაწყვეტილებად დარჩა და კეთილი ზრახვა საწუთროს შველისა ქაღალდს ჩაეწება. დამწუხრდნენ ანგელოზები, ეშმაკებს კი ღიმმა გადაჰკრა მათ უსახო სახეებზე.

29.VI.2005,Tübingen.

 

 

12.განსაგნება უსასრულობისა

 

მე მგონი უკეთ მაინც ვერავინ განსაზღვრავს რელიგიას თუ არა ისევ რელიგიის მეცნიერების მამა - ფრიდრიხ მაქს მიულერი: რელიგია უსასრულობის მონატრებაა. ორიოდ სიტყვით და შეუცვლელად. ჯერ მინდოდა მეთქვა, ”ლტოლვა უსასრულობისაკენ”, მაგრამ ვიფიქრე, ორიგინალს დააკლდებოდა(Sehnsucht nach dem Unendlichen): მეცნიერი გულისხმობდა, რომ რელიგია გარედან არ მოდის, ადამიანშივე სუფევს შინაგანი რელიგიური ნიჭი თუ მოწყობილობა(Anlage)... უსასრულობის მაგიით გვიზიდავს რელიგია.

 

რელიგია განმარტოებული სულის შრომაა. რელიგიად იგულისხმება მხოლოდ წვა და ხედვა ანუ ცნობიერების ფორმა წმინდად. მაგრამ რაა რეალური რელიგია, როგორც პიროვნული დიმენსია? მხოლოდ საყოფაცხოვრებო სანელებელი, ფსიქოზ-ნერვოზის თუ ჩახშული ლიბიდოს ხუფი?

 

უსასრულობისაკენ სწრაფვა შეიძლება კონკრეტული რელიგიის გარეშეც განხორციელდეს, დეიზმის თუ ფილოსოფიის გზით და ალბათ პოეზიის შარას მიუყვებიან უსასრულობის ეს მგზავრებიც, მაგრამ კონკრეტულ-ისტორიული რელიგიის ფარგლებშიც შეიძლება ვიუსასრულოოთ. რილკეს ან ნოვალისის ჟამნებისა და ჰიმნების ფერისცვალებაგამოვლილი ქრისტიანობა თავისუფალი და ინდივიდუალური სწრაფვის ინკარნაციაა უსასრულობაში. მსგავს პოეტურ გარდასახვებს კაბადუკიური ქრისტიანობის სურნელი ასდის და მომავლის ქრისტიანობასაც, მხოლოდ ამ გზით თუ შეუძლია თავი გაართვას არსებობის ავან-ჩავანს ამ ტექნოკრატიულ ჟამსა და ჟამნში.

 

საინტერესო გაგრძელება ვიპოვე რელიგიის ფილოსოფოს Paul Ricœur - თან. ვისთვის როგორ, ჩემთვის კი ეს გაგრძელებაა: ”კერპი არის ჰორიზონტის განსაგნება, ნიშნის ჩამოქვეითება ზებუნებრივ და ზეკულტურულ ობიექტად.” ”ამ მიზეზით უნდა მოკვდეს კერპი, რათა ნიშანმა იცოცხლოს”.

ამ ციტატის არსებითებიდან ცხადია, კერპი იდოლად ზის ორიგინალში, ჰორიზონტს უსასრულობად ვსახავ, ნიშანი ღმერთია...

 

 

განსაგნებული უსასრულობა და ჩამოობიექტებული ნიშანი რელიგიურ-თეოლოგიური თუ მეტაფიზიკური სპეკულაციის ნამოღვაწარია, - შეგვახსენებს ფილოსოფოსი და გვტოვებს ანაბარად საკუთარი თავისა და საკუთარივე იმედისა, რომ უსასრულობის მონატრება ანუ რელიგია კერპს და ობიექტს გადაალაჯებს და ნიშ-ანს მიაღწევს.

11.VI.2010,თბილისი.

 

 

13.მეორედ მოსვლის მერე

 

„რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და

ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და

საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით და

მკუდარნი იგი ქრისტესმიერნი აღდგენ პირველად;

 

მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე,

რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ,

მათ თანა აღვიტაცნეთ ღრუბლითა,

შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და

ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით.“

 

მოციქული პავლე, თესალონიკელთა მიმართ, 4, 16-17.

 

როგორ გადავურჩი მეორედ მოსვლას მეც ვერ ვიგებ. მოვიდა იგი, წარჴოცა სოფელი ესე, აღსდგენ მკვდარნი, იყო დიდი გრგვინვა და აურზაური, პირზე ამბორით ულოცავდნენ ერთმანეთს მკვდრეთით აღმდგარნი და ზეციურ იერუსალიმში შესასვლელად ემზადებოდნენ.

 

იმას ვეღარ გეტყვით, ტიალი ჯოჯოხეთი თუ ისევ ჰგიოდა, ალბათ შერბილდებ-შელაითდებოდა. ყველაფერი ისე მოხდა და წარხდა, როგორც გამოცხადებაშია და პავლესეულ მოკლე შეჯამებაში ესქატოლოგიისა. და თუ ისე არა, როგორც წერია, მაშინ ისე, როგორც იგულისხმება, ალეგორიული ეგზეგეტიკის ფარგლებში. სავსეა, ვერც ვერას მოვიგონებ და დავამატებ, ვერც ვისიზმრებ!

 

მე როგორღაც თვალი ვიცდინე, გვერდზე გავუხვიე, სასაფლაოს გამოვერიდე და ბექ-ბექ ფარებით სახლამდე მოვაღწიე და ამ ჩემ ძველ სახლში დავიმალე. ერთი გემრიელად წავუძინე დიდი ხნის ნამკვდრევმა და მეორედ მოსვლის ქარიშხალმა რომ გადაიარა, მერეღა გამოვჩნდი გარეთ.

 

აქ ჩემ ბალღობისას ვცხოვრობდით, მერე მივატოვეთ და ბარში ჩავინაცვლეთ. სწავლას რომ მოვრჩი, გულმა არ დათმო და მოვაკითხე, ტყის ბინადრებს დაესადგურებინათ უკვე; მათ ისევ ტყისკენ მოკურცხლეს, მე კი შევრჩი აქაურობას; შევაკოწიწე და დანგრევას გადარჩა სახლ-კარი, მერე მამულს მორეულ ტყე-ჯაგნარს შევუტიე. დროდადრო მოვდივარ, სიცოცხლეს ვუნარჩუნებ და ვამაგრებ აქაურობას. ჯერ ისევ ეთქმის სოფელ-საწუთრო აქაურობას, სანამ ჩემი სახლი მაინც სდგას. აულის თავზეა, ამჟამად ნააულარის, ათიოდე დანგრეული სახლი და გაციებული კერაა ირგვლივ.

 

ტყე მიტევს, სურს გადამიაროს, მაგრამ ვერ მივართვი! მერე რა რომ მარტო ვარ? მე მაინც უნდა ვიადამიანო, თავს ველაპარაკები, ისე ვიქცევი, თითქოსდა მეორმოსვლას არც გადაევლოს, იხტიბარს არ ვიტეხ, ან რაა გასაკვირი და იხტიბარგასატეხელი? ადამიანი როგორც მოვიდა, ისევე წავიდა ამ მწვანე, ტანჯული პლანეტიდან და თავისი წილი დროც თან გაიყოლა...

 

14.VII.2008/27.II.2010.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უძილაური ზალიმხან / რელიგიის ირგვლივ