თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე მიმდინარე რელიგიური ცხოვრებათ ა ვ ი მ ე ს ა მ ე

 

 

მიმდინარე რელიგიური ცხოვრება

I. დიდი რელიგიური მარათონი

არაერთხელ მითქვამს, ახლაც გავიმეორებ: მას შემდეგ, რაც ჩვენ უარი ვთქვით კომუნისტურ მსოფლმხედველობაზე და რელიგიურ ორგანიზაციების თავისი რჯულთმოძღვრების ღიად ქადაგების საშუალება მიეცათ, რელიგიური კონფესიების საქმიანობა დაემსგავსა დიდ სპორტულ მარათონს, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მორწმუნის მოპოვება, გავლენის სფეროს გაფართოება, რასაც მატერიალური შესაძლებლობების გაზრდა მოჰყვება.

ამ დიდ მარათონში ყველა რელიგიური ორგანიზაცია მთელ თავის ნიჭს, ენერგიას და უნარს აქსოვს. ყველას თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებანი და ურყევი არგუმენტები

 აქვს. თუკი მართლმადიდებელი ეკლესია, ამ მხრივ, წინ წამოსწევს მთავარ არგუმენტს, რომ სწორედ იგია ქართველთა ძირძველი, ტრადიციული რელიგია, რომ მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა გამოიარა ურთულესი გზა, დაძლია ათასგვარი ხიფათი და უბედურება, შეუნარჩუნა ჩვენს ხალხს თავისი ენა, ეროვნული თვითმყოფადობა; რომ ის არის ერთადერთი ნათელი და ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელმაც უცვლელად შეინარჩუნა ღმერთის მიერ შთაგონებული რჯულთმოძღვრება, კულტი, დღესასწაულები, ცხოვრების წესი... მისი მოწინაამდეგენი პირიქით


 სწორედ მართლმადიდებლობის ამ ღირსებას აცხადებენ ნაკლად და სისუსტედ. მათი აზრით, მართლმადიდებლობა არის ერთ ადგილას გაქვავებული, სხვათა მიმართ შეურიგებელი და ერთგვარად სამუზეუმო სარწმუნოება, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმ დიდ ცვლილებებს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა. მათ უკვირთ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ოცდამეერთე საუკუნის ადამიანმა მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ჩამოყალიბებული წესებით...

 

მართლმადიდებლები, თავის მხრივ, ამ ბრალდებაზე ასე პასუხობენ: ღვთის სიტყვა, ჩვენში გაცხადებული ჭეშმარიტება, ერთხელ და სამუდამოდ გადმოეცა კაცობრიობას და იგი არასოდეს არ უნდა შეიცვალოს.

ზოგიერთი მართლმადიდებლის მტკიცებაზე, რომ იგი არის ქართველთა ეროვნული რელიგია, მოწინააღმდეგენი პასუხობენ, რომ არ არსებობს არავითარი ქართული მართლმადიდებლობა, რომ ეს მიმდინარეობა ერთია ყველასთვის (ბერძენისთვის, რუსისთვის, სერბისთვის...), რადგან მას ერთნაირი დოგმატიკა, ტიპიკონი, დღესასწაულები აქვს.

 

 

პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში ბრძოლა კონფესიებს შორის განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც რელიგიურ ორგანიზაციებს გზიდან ჩამოშორდა მთავარი მოწინააღმდეგე


 მატერიალისტურ-ათეისტური მოძღვრება, რომელიც მთლიანობაში უარყოფდა რელიგიურ მსოფლმხედველობას და სარწმუნოებას მხლოდ წარსულის მახინჯ გადმონაშთად აღიქვამდა.

 

მაგრამ, საინტერესოა, როგორი იყო ამ დიდი მარათონის დასაწყისი, სასტარტო მდგომარეობა. რასაკვირველია, იგი ყველასთვის ერთნაირი არ გახლდათ, რადგან, ერთი მხრივ, იყო რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა უკან მძლავრი რელიგიური ცენტრები იდგა (ძირითადად, საზღვრებს მიღმა), ხალხის გადაბირების დიდი გამოცდილებით და დიდი მატერიალური საშუალებებით, მეორე მხრივ კი


 ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერ რუსული სამოდერჟავიეს

 

 და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისაგან დაწიხლული, ხოლო შემდეგ


 კომუნისტების ბატონობისგან დათრგუნული.

 

ასეთ არათანაბარ მდგომარეობას აშკარად მოჰყვა ზოგიერთი დენომინაციის აღმასვლა, რომელთა ორგანიზაციებშიც ბევრი ქართველი გაერთიანდა. საკუთარ სამბრძანებლოში სხვათა ასეთი წარმატებით გაღიზიანებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოსავალი იმაში იპოვა, რომ ხელისუფლებისგან მოითხოვა მისი განსაკუთრებული როლის დაფიქსირება და სპეციალური ხელშეკრულების დადება სახელმწიფოსთან, რომლის მეოხებითაც დაცული უნდა იყოს მისი პრიორიტეტი ქართულ სახელმწიფოში.

მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრმა წარმომადგენელმა სწორედ ამ პოზიციებიდან სცადა გააქტიურებული სხვა დენომინაციებისგან თავის დაცვა და მათ წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლაც. ხოლო ზოგიერთი (ზედმეტად საშიში და აბეზარი) დენომინაციის (მაგ. იეღოვას მოწმეების) აკრძალვა მოითხოვა.

ასეთი რადიკალური და მტრული ნაბიჯებისგან თავის დასაცავად ბევრმა რელიგიურმა დენომინაციამ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას მიმართა და რელიგიურ უმცირესობათა შესახებ არსებული დოკუმენტები წინ აიფარა. სხვებმა იჩივლეს საქართველოს დონორ ქვეყნებთან (აშშ, ინგლისი, გერმანია...). ამ უკანასკნელებმა, გამორიცხული არ არის, დახმარების შეწყვეტით უპასუხონ საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებს.

 

 

ცხადია, არც რელიგიურ უმცირესობათა დენომინაციები არიან ბოლომდე გულწრფელნი. ისინი ყოველნაირად ცდილობენ სხვა სარწმუნოების მიმდევართა თუ ათეისტურად განწყობილი მოქალაქეების გადაბირებას. ცდილობენ ყველგან, ყოველ ნაბიჯზე: ქუჩაში, ბაღში, ეზოში, ხოლო იეღოველები ბინებშიც აკითხავენ ადამიანებს და მათ მოსალოდნელ არმაგედონზე მოუთხრობენ...

არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად ასუსტებს მართლმადიდებელთა პოზიციებს; მათ არა აქვთ სოციალური პროგრამა. ახლა, როდესაც მთელი ჩვენი ქონება ერთი მუჭა ხალხმა ჩაიგდო ხელში, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შია, სცივა და სწყურია, როდესაც ხალხისათვის ნორმალურად აღარც ხელფასია, აღარც პენსია, აღარც ექიმი და აღარც წამალი, როდესაც ხორციელდება გაუგებარი რეფორმები, როდესაც ძალზე გაძვირდა და ხარისხობრივად კი დაქვეითდა სწავლების დონე, უსახსროდ და უნუგეშოდ დაგვრჩა ადამიანების მთელი არმია. იმის გამოცხადება, რომ სოციალური სფერო ეკლესიის საქმე არ არის, იგი მხოლოდ ადამიანის იმქვეყნიურ ცხონებაზე ფიქრობს და აგებს პასუხსო, ნამდვილად წამგებიანია.

სხვა კონფესიები უფრო მეტ დროს და ყურადღებას უთმობენ ამქვეყნიურ წუთისოფელს და ცდილობენ, თავის მრევლს ამქვეყნიური ტვირთი ერთგვარად შეუმსუბუქონ. ეს თვალნათლივ გამოჩნდა ისეთი ორგანიზაციების საქმიანობაშიც, რომელნიც ამა თუ იმ სახით ეწევიან ქველმოქმედებას (ხსნის არმია, იეღოვას მოწმეები...).

დაპირისპირებამ მართლმადიდებელ ეკლესიასა და შემოსულ დენომინაციათა შორის ისეთ დაძაბულობას მიაღწია, რომ მართლმადიდებლებში გამოჩნდნენ რადიკალური ზომების მიღების მომხრეები. ისინი ცდილობენ, ძალის გამოყენებით გადაწყვიტონ პრობლემები, დაიცვან ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბასილ მკალავიშვილის ჯგუფი, რომელიც სხვაგვარად, ღია ცის ქვეშ გლდანის ეპარქიადაც არის ცნობილი. მის ანგარიშზეა სხვა ონფესიათა (იეღოველების) რელიგიური წიგნების დაწვა, ქუჩაში ჯვრებით და ლოზუნგებით სვლა, საპატრიარქოსადმი დაუმორჩილებლობა, არასასურველი გაზეთებისა და რადიოარხებისთვის კარის აჭედვა და ასე შემდეგ.

არიან სხვებიც, რომლებიც ოფიციალურად განუდგნენ საპატრიარქოს, თავის თავს უწოდებენ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, მაგრამ პატრონი შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში გამონახეს...

რელიგიური ბუმი და მარათონი გრძელდება. არავინ უწყის, სად, როდის და როგორ დამთავრდება ეს სრბოლა. ყოველ შემთხვევაში, შუქი გვირაბის ბოლოს ჯერ არ ჩანს. ასეთ ფონზე ძალზე გულუბრყვილოდ მეჩვენება ზოგიერთის ვარაუდი უახლოეს წლებში საქართველოს გაბრწყინების შესახებ. რატომ, რისთვის, რა დამსახურებისთვის უნდა გაბრწყინდეს, ამას, რატომღაც, არავინ კითხულობს...

გაზეთი ახალი ეპოქა

 27-30 ოქტომბერი, 2000 წ.

II. ბოიფრენდებზე, გერლფრენდებზე,

უმანკოებასა და გახუნებულ

ღირებულებებზე

რა ქნას ყოველმხრივ ალყაშემორტყმულმა ქართულმა ცნობიერებამ, ვის მიენდოს, რით იხელმძღვანელოს, რა ღირებულებებს სცეს პატივი?

პირველად მეგონა, რომ ყური მატყუებდა. მერე ვიფიქრე, თვალი მაცდენდა. უფრო გვიან დავრწმუნდი, არც ერთი მატყუებდა და არც მეორე...

საქართველოს ტელევიზიაში მორიგი გადაცემა იყო ახალგაზრდობის სექსუალური აღზრდის თემაზე. ეკრანზე ჩანდნენ თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები. სკოლის ნომერიც მახსოვს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა


 ეს

 

შეიძლება ნებისმიერ სკოლაში მომხდარიყო. მოსწავლეების გარდა, იყვნენ მასწავლებლები, მშობლები და სტუმრებიც. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ბავშვები თავისუფლად მსჯელობდნენ და ოპერირებდნენ ისეთი ცნებებით, როგორიცაა ბოიფრენდი, გერლფრენდი. მათ შორის, რამდენადაც მახსოვს, მხოლოდ ერთი ბიჭი გამოვიდა კატეგორიული განცხადებით, რომ მხოლოდ ქალწულს შეირთავდა ცოლად. სხვები უფრო დამთმობნი და შემწყნარებელნი აღმოჩნდნენ...

კარგად მახსოვს, ასე 23-25 წლის წინათ ჩვენს კინოეკრანებზე გადიოდა რუსული ფილმი თუკი ეს სიყვარულია, რომელიც სკოლის მოსწავლეთა დიდ სიყვარულზე მოგვითხრობდა. ნაჩვენები იყო, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მათ დიდ გრძნობას დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები; რა უკიდურესობამდე მიიყვანეს შეყვარებულები და როგორ ათქმევინეს ერთმანეთზე უარი.

გავიდა ოცი წელი. ეს ფილმი ისევ აჩვენეს ეკრანზე. როდესაც ახალგაზრდებს მის გაბედულებაზე ჩამოვუგდე სიტყვა, სიცილად არ ეყოთ, გულწრფელად გაუკვირდათ, თუ რა იყო ამ ფილმში თამამი, ან ისეთი, რაც ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე არ გვხვდება.

 

 

მართლაც, ცხოვრება წინ მიდის, იცვლება ღირებულებები, წარმოდგენები მათზე. წინანდელი შეხედულებები რბილდება, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებშიც აღარ არის ძველი სიმკაცრე. ახლა, მგონი, ქორწინების მეორე დღეს აღარც იმ ქვეყნებში ფენენ ზეწრებს იმის დასტურად, რომ პატარძალი უმწიკვლოდ და შეურცხვენლად ჩაბარდა პატრონს, სადაც ამის ტრადიცია იყო. ის დრო, როგორც ჩანს, მართლაც წავიდა. ახლა ჩვენი გოგონების დიდი ნაწილი უმანკოების დაკარგვას ისე ტრაგიკულად აღარ აღიქვამს, როგორც ადრე. მის დაცვას კატეგორიულად აღარც ბიჭები ითხოვენ. თუმცა, ცხადია, ეს ყველას არ ეხება. თანამედროვე ოტელოები ახლაც მრავლად არიან. სხვები ერიდებიან ნახმარი ჭურჭლის, ჩაფურთხებული წყაროს, გატეხილი ქოთნის (მიხეილ ჯავახიშვილი) შეძენას. მაგრამ, ამის საწინააღმდეგოდ, ხშირად გაიგონებთ დასავლეთიდან მომდინარე აზრსაც, რომ ქალწულობა ზედმეტი ბარგია და თუ დიდხანს ხარ ქალწული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენით არავინ დაინტერესდა. ეს კი სულაც არ არის სატრაბახო.

დღეს ჩვენს ახალგაზრდებს ტელევიზორის ეკრანიდან, კინოდან, თეატრიდან, პრესიდან, ლიტერატურიდან თავს ატყდება უზარმაზარი ინფორმაცია სექსუალური თავისუფლების შესახებ, უჩვენებენ პორნოგრაფიულ ფილმებს, სექსს, ეროტიკას...

რა ქნას ყოველმხრივ ალყაშემორტყმულმა ქართულმა ცნობიერებამ, ვის მიენდოს, რით იხელმძღვანელოს, რა ღირებულებებს სცეს პატივი? როდესაც ირანში, უკანასკნელი შაჰის დროს, დასავლეთის ცხოვრების წესის გავრცელების საფრთხე დაინახეს, მაშინვე გადატრიალება მოახდინეს, ისლამს მიმართეს და თავიანთ ქალებს ჩადრები ჩამოაფარეს. ცხადია, ჩვენთვის ეს გამოსავალი არ არის.

ქრისტიანული სამღვდელოება ტრადიციულად ისევ საღმრთო წერილიდან

 ამოდის და ძველებურად, მკაცრად მოითხოვს, შევასრულოთ ღვთის მცნება და არ ვიმრუშოთ, რადგან ეს უდიდესი ცოდვაა. უფრო მეტიც, ცოდვაა არა მარტო მრუშობა,

არამედ ნდომით შეხედვა სხვა ქალისადმი. ქალწულობა ხომ ყველაზე დიდ განძად და ღვთის სასურველ მოვლენად ითვლება. მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როცა სხეული განხურდება?

 მაშინ, თუ ქალი ხარ, უნდა გათხოვდე, თუ კაცი ხარ, ცოლი უნდა შეირთო, - პასუხობს ეკლესია. მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ რაღა უნდა ქნა?

 

 

სწორედ ესაა პრობლემა, რომელიც მთელ ამ საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს: ადამიანის სქესობრივი მომწიფება ჩვენში ძალზე წინ უსწრებს ადამიანის სოციალურ მომწიფებას. ეს სირთულე სქესთა შორის ურთიერთობაში კომუნისტური ხელისუფლების დროსაც დიდ პრობლემად ითვლებოდა. მაგრამ, ახლა, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის რჩენა უჭირს, საკვებით და ტანსაცმლით ვერ უზრუნველუყვია, იგი დაქორწინებაზე, ოჯახზე, შვილების გაჩენაზე ფიქრსაც ვერ ბედავს. ყველაფერი ეს ნამდვილ საშინელებად იქცა. რა ქნას ადამიანმა, როცა ერთი მხრივ, არის ასეთი აუტანელი, გლობალური გაჭირვება, მიუსაფრობა, მეორე მხრივ კი


 სრულიად ბუნებრივი სქესობრივი მოთხოვნილება. სწორედ აქედან ჩნდება ჩვენში ბოიფრენდების და გერლფრენდების იდეა. თუმცა, დასავლეთში ამის წარმოშობას და პრაქტიკას სულ სხვა საფუძველი და მიზეზები აქვს...

 

დღევანდელი სოციალური ყოფა საქართველოში ადამიანს აიძულებს, გაყიდოს ყველაფერი, რაც გააჩნია. როდესაც გასაყიდი სხვა აღარაფერი აქვს, იგი საკუთარ სხეულს სთავაზობს გამვლელ-გამომვლელს. როცა ადგილობრივ ბაზარზე ამ საქონელს ფასი არა აქვს, ეს ადამიანები უცხოეთში მიდიან და საოცარი დამცირების ფასად მცირეოდენ ფულს შოულობენ.

რასაკვირველია, ჩვენს გაუსაძლის ცხოვრებაშიც არის რწმენის ერთგულების მაგალითები, მაგრამ უბრალო ადამიანებს, ჩვეულებრივ მოკვდავებს, თუ ხელი არავინ შეაშველა, ძალზე გაუჭირდებათ საუკუნო სასუფეველის მოპოვება.

გაზ. ახალი ეპოქა, 12-14 დეკემბერი, 2000.

III. ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში

ეს არაორდინალური ღონისძიება ქრისტიან-ბაპტისტთა მთავარ სამლოცველოში, თბილისში, კედიას (ყოფილ კახოვკის) ქუჩაზე მიმდინარე წლის 24 იანვარს ჩატარდა. მისი ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ქრისტიან-ბაპტისტთა თემი და მისი ეპისკოპოს-პრეზიდენტი მალხაზ სონღულაშვილი. მათ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საღამო გაუმართეს თავის ცეცხლმოდებულ და დანგრეულ სამშობლოდან თავდაღწეულ ჩეჩენ ლტოლვილებს; უმეტესად ქალებს და ბავშვებს, რასაც წინ უძღოდა ამავე თემის მიერ გაწეული ქველმოქმედება: ჩეჩენ ბავშვებს უყიდეს წიგნები, რვეულები, კალმისტრები, სხვა საჭირო სასწავლო ნივთები...

 

 

შეიძლება რაოდენობრივად ეს დიდი დახმარება არ იყო, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თვითონ ჰყავს უამრავი საკუთარი ლტოლვილი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ამის გაკეთება შედარებით მცირერიცხოვანი ბაპტისტური თემისაგან ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო.

შეხვედრისვის დიდი რუდუნებით მომზადდა დევნილი ბავშვების სამხატვრო გამოფენა, რომელშიც ასახული იყო ჩეჩენთა ცხოვრება, ბუნება, ყოფა, ოცნებები, ბავშვთა თვალით დანახული ომის საშინელებანი. იყო დიდი ფოტოგამოფენაც, რომელსაც ამშვენებდა ახალგაზრდა სანდომიანი ჩეჩენი ქალის მარხას პორტრეტი, შეჭირვებული ომის ტრაგედიით და თავს დამტყდარი უბედურებებით. ეს ქალბატონი შემდგომში ცხადშიც ვიხილეთ და მისი გამოსვლაც მოვისმინეთ...

საღამო, რომელსაც ჩეჩენი ლტოლვილების და ადგილობრივი მრევლის გარდა მრავალი სტუმარიც (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესის, ტელევიზიის, ინტელიგენციიც წარმომადგენლები) ესწრებოდა, გახსნა საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეპისკოპოს-პრეზიდენტმა მალხაზ სონღულაშვილმა, რომელიც ინგლისურად და ქართულად მიესალმა სტუმრებს, მოკლედ ახსნა ამ ქველმოქმედების ძირითადი აზრი. ამის შემდეგ იყო გამოსვლები, როგორც ქართველთა მხრიდან, რომლებიც გულით თანაუგრძნობდნენ გასაჭირში ჩავარდნილ ჩეჩნებს, ისე ლტოლვილთა მხრიდანაც, რომლებიც დიდ მადლობას უხდიდნენ მასპინძლებს, მთელ ქართველ ხალხს, მის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მათ, რუსეთის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, კარი გაუღეს და შეიფერეს დევნილი რამდენიმე ათასი ადამიანი.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბავშვების გამოსვლები, მათ მიერ წაკითხული ლექსები ჩეჩნურად, ქართულად, რუსულად, რომელთაც ცრემლის გარეშე ვერ მოისმენდით. მათ მიერ ბავშვური გულწრფელობით გადახდილი მადლობაც ასევე მეტად გულის ამაჩუყებელი იყო.

მეოცე საუკუნის მიწურულს განახლებული ჩეჩენთა ოთხასწლიანი ბრძოლა მართლმადიდებელი რუსეთის წინააღმდეგ, ბევრმა ჩეჩენმა და არა მარტო მათ, აღიქვა, როგორც კონფლიქტი ორი რელიგიის


 ქრისტიანობას და ისლამს შორის. ახლა, ბევრი მიმომხილველი, რომელიც აშუქებს ამ კონფლიქტს, ხაზს უსვამს ამ ბრძოლის რელიგიურ შეფერილობას. ცხადია, ასეთი ტენდენციის ჩამოყალიბება კავკასიაში არც თუ ისე სახარბიელოა საქართველოსათვის, რომელიც მთლიანად ისლამური ქვეყნების გარემოცვაში არის მოხვედრილი.

 

ასეთი რელიგიური დაპირისპირების ფონზე, მით უფრო გაბედული და არაორდინალური იყო ბაპტისტთა ეპისკოპოს-პრეზიდენტ მალხაზ სონღულაშვილის გადაწყვეტილება ეჩვენებინა ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ნამდვილი ქრისტიანული სათნოება და ის, რომ ომსა და ძალადობას არავითარი კავშირი არა აქვს ქრისტიანულ მოძღვრებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენმა "ბოევიკებმა", რბილად რომ ვთქვათ, ბევრი რამ შესცოდეს, დააშავეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, მაინც დახმარების ხელი გაეწვდინათ მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისათვის, ეჩვენებინა მათთვის ქრისტიანის უნარი მიუტევოს დანაშაული თვით თავის მტერს, და რომ ახალი აღთქმის მოწოდება "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა" ცარიელი ლოზუნგი სულაც არ არის.

ჩემი აზრით, ეს მართლაც მეტად თამამი (ზოგისათვის საკამათო) გადაწყვეტილება იყო, გამაგრებული ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით და მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით.

ამ გამოსვლების შემდეგ გაიმართა ერთობლივი ლოცვა კავკასიაში მშვიდობისათვის. ეს ძალზე უცნაური რელიგიური მსახურება იყო, რადგან ერთ მხარეს ბაპტისტები სწირავდნენ, მეორე მხარეს ლოცვას აღავლენდა კათოლიკე მღვდელი, ენთო სანთლები, ხოლო შუაში, საპატიო, ამაღლებულ ადგილზე იჯდა

ორი მუსლიმი მოლა თავისი ტრადიციული ფაფახებით და ცნობისმოყვარედ, ჩუმად ადევნებდნენ თვალს ამ ერთობლივ ლოცვას. აქ, ასეთ ერთობლივ მიმართვაში უზენაესისადმი, დაეცვა მშვიდობა ჩეჩნეთში, არ იგრძნობოდა რაიმე რელიგიური დაპირისპირება ან ურთიერთწინააღმდეგობა; ყველანი, მიუხედავად აღმსარებლობის განსხვავებისა, ერთხმად ერთი და იგივეს შესთხოვდნენ უფალს. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე უფრო საჭირო და სასურველი ხალხისათვის, რომ იყოს მშვიდობა, რომ გადაარჩინო მრავალთა სიცოცხლე დაღუპვისაგან, დაამყარო მშვიდობა ამ მრავალტანჯულ მიწაზე...

ასეთი ერთობლივი, ძალზე შთამბეჭდავი ლოცვის შემდეგ, რომელშიც მგალობელთა გუნდიც მონაწილეობდა, გაიმართა ბანკეტი. ეს იყო ჩვეულებრივი, ევროპული ფურშეტი, უხვი პურმამილით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმაზე, თუ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ღონისძიებას მისი ორგანიზატორები. ფურშეტი იმითაა კარგი, რომ მოძრაობის, მიმოსვლის და საინტერესო ხალხთან გასაუბრების საშუალებას იძლევა, თუმცა მე, ისევე როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ისე მის შემდეგაც, მხოლოდ ერთ მოსაუბრესთან


 მოლა საიდ-აბდულასთან ერთად ვიყავი და მისგან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მივიღე.

 

1. მოლა საიდ-აბდულა

საიდ აბდულა ტანმორჩილი, გამხდარი, საშუალო ხანს მიტანებული კაცია. მან თავისი ცოლ-შვილი ჩამოიყვანა პანკისის ხეობაში, შემდეგ დიდთოვლობისა და უგზოობის გამო უკან ვეღარ გაბრუნდა. ამ ღონისძიებასაც ამიტომ დაესწრო. როგორც თვითონ თქვა, იგი თავდაპირველად სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მეცნიერებათა კანდიდატი იყო, მაგრამ შემდეგ ეგვიპტეში წავიდა, იქ ისევე, როგორც რუსულ-ჩეჩნური ომის ყველა მომსწრე და მონაწილე, აგზნებული ლაპარაკობს:

- ჩეჩნეთში დიდი, არნახული, სასტიკი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს და უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მარტო ჩეჩნეთის ბედი არ წყდება. აქ მთელი კავკასიის ბედი უნდა გადაწყდეს, რუსები აუცილებლად უნდა წავიდნენ კავკასიიდან...

- რატომ არავინ გეხმარებათ?


 ვეკითხები მე.

 

- ვინ უნდა დაგვეხმაროს?


 ყრუდ მიბრუნებს კითხვას აბდულა.

 

- თუნდაც იგივე დაღესტნელები, ან კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, - ვაზუსტებ ჩემს კითხვას მე.

- დაღესტნელები არ დაგვეხმარებიან, ისინი ყოველთვის ასე იქცევიან, კონფედერაცია კი რუსების სპეცსამსახურების შექმნილია და მათ მიზნებს ემსახურება, სოსლანბეკოვიც მათი კაცი იყო.

- აზერბაიჯანელები?


 ისევ ჩავეკითხე მე.

 

- ისინი თავისიანებს არ ეხმარებიან, ჩვენ როგორღა უნდა დაგვეხმარონ.

- კი, მაგრამ ამ ომს ხომ დიდი ფული, იარაღი, საკვები, ტანსაცმელი უნდა, - ისევ ვეკითხები მე.

- ფულადი დახმარება, როგორც ჩანს, მოდოს მუსლიმური სამყაროდან, გვაწვდიან მედიკამენტებსაც, რაც შეეხება იარაღს, მას უმეტესად ან რუსებისაგან ვყიდულობთ, ან ბრძოლაში ვართმევთ. რუსები ბევრს ხმაურობემ ჩამოსულ "ბოევიკებზე", მაგრამ ეს მართალი არ არის, სულ რამდენიმე კაცია, არიან არაბები, ავღანელები... მაგრამ ძალიან ცოტა...

რუსებმა მოახერხეს ჩვენი დისკრედიტირება, თუ სადმე რამე ცუდი მოხდა ყველაფერი ჩეჩნებს დააბრალეს, მსოფლიოც თითქმის დააჯერეს, ბევრის თვალში ჩვენ მართლა ტერორისტები ვართ. დააჯერეს, ბევრის თვალში ჩვენ მართლა ტერორისტები ვართ. ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ მცირერიცხოვანი მოღალატეების (თუნდაც განტემიროვის ხალხი) გარდა მთელი ერი იბრძვის თავისუფლებისათვის. ამას ტერორიზმს ვერ დაარქმევ. მარტო ბრძოლა, ცხადია, გვიჭირს ამ უზარმაზარი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. ბევრი შეეწირება ამ ბრძოლას, ხომ ვხედავთ ათ წელზე მეტი ხნის ბავშვებიც კი ტერორისტებად გამოაცხადეს, მაგრამ მაინც მთელ ერს ვერ მოსპობენ.

რუსებს ჰგონიათ, რომ ამ ომს მალე დაამთავრებენ, გროზნოში შევლენ და ყველაფერი დამშვიდდება. ეს ასე არ იქნება. ცოტა ხანში მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენები კონტრიერიშზე გადავლენ. ჩვენ ადრეც და ახლაც ასე ვიქცევით: რუსების ჯარის ნაწილს გავატარებთ, მერე ძირითადი ნაწილისაგან ვწყვეტთ, ალყაში ვაქცევთ და ისე ვანადგურაბთ. ასე რამდენჯერმე მოვიქეცით და ყოველთვის წარმატებით.

- ვაჰაბიტებზე ვეკითხები.

- ისინი ცოტანი დარჩნენ, მათი უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ახლა ყველა ერთნაირად იბრძვის, ყველას ერთი მიზანი


 სამშობლოს გათავისუფლების იმედი აქვთ.

 

კიდევ ბევრი რამის კითხვას ვაპირებდი. განსაკუთრებით მინდოდა მისი აზრი გამეგო ჩეჩენთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე. კერძოდ კი იმაზე, რომ რამდენიმე წლის წინ მომხდარ პირველ რუსულ-ჩეჩნური ომის შემდეგ ვაინახებმა ძალიან მალე ხომ არ ირწმუნეს თავისი გამარჯვება და უძლეველობა, ან რამდენად იყო გათვლილი მათი აქციები დაღესტანში, ერთიანი ისლამური ქვეყნის შექმნის მცდელობა, ან საერთოდ რამდენად სწორად შეაფასეს საკუთარი და რუსეთის ძალები?

იმ პერიოდში, როდესაც ამ ორ ომს შორის მშვიდობა იყო, დრომ რუსების სასარგებლოდ უფრო იმუშავა. ისინი უკეთ მოემზადნენ ახალი კომპანიისათვის, ხოლო ჩეჩნეთში შექმნილმა მძიმე კრიმინოგენურმა ვითარებამ, ადამიანის გატაცების ფაქტებმა, მათ შორის ევროპელი ჟურნალისტების, ძალიან ცუდი იმიჯი შეუქმნა მათ გამათავისუფლებელ ბრძოლას, საშუალება მისცა რუსებს ელაპარაკათ ამ ბრძოლაზე როგორც ტერორიზმზე, რაც ძალზე აწუხებთ თვით დასავლეთის სახელმწიფოებსაც და მათთვის უფრო მისაღები და ასატანი გახადა ბრძოლა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მოტივით.

მე აღარაფერს ვამბობ იმ შეცდომებზე, ჩეჩნებმა რომ დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში და ქართული სისხლით დაისვარეს ხელები.

 

 

ცხადია, ყველაფერი ეს ძალზე მაინტერესებდა, მაგრამ როცა შეცხედე საიდ-აბდულას აღგზნებულ, აფორიაქებულ თვალებს თავი შევიკავე, გავჩუმდი, თანაც გავიფიქრე: მანაც ხომ ყველაფერი არ იცის, მისთვისაც უცნობია ბევრი ფაქტი და ნიუანსი, ხოლო თუ რა მოხდება მომავალში, მუსლიმების გამოთქმის არ იყოს, ჭეშმარიტად მხოლოდ ალაჰმა უწყის...

შეხვედრიდან დაბნეული და გაორებული წამოვედი. ცხადია, ძალიან შემეცოდნენ ლტოლვილი ქალები და ბავშვები. ლტოლვილი, ყველგან, სადაც არ უნდა იყოს, დევნილია, უსახლკაროდ დარჩენილი და მიუსაფარი. მაგრამ, მეორე მხრივ გამახსენდა ჩვენი საკუთარი ლტოლვილები, ისინი ხომ არა მარტო რუსების და აფხაზების, არმედ იგივე ჩეჩნების გამო, რომლებმაც ძალზე უაზროდ აკეთეს რუსების საქმე, აღმოჩნდნენ გამოდევნილნი საკუთარი მიწა-წყლიდან.

ცხადია, დიდ აღტაცებას იწვევს ჩეჩენთა თავდადებული ბრძოლა, მათი შემართება, ყურანზე დადებული ფიცი დამარცხებულნი არ წავიდნენ ბრძოლის ველიდან. მათ კარგად იციან, რომ თავისუფლება მეტად ძვირი ღირს და ბოლომდე თავგანწირვას მოითხოვს. მათი ერთ-ერთი ლიდერი შამილ ბასაევი თავის დროზე ამ ბრძოლისათვის რომ მომზადებულიყო და კარგად შეესწავლა რუსთა ძლიერი და სუსტი მხარეები, ნებაყოფლობით ავღანეთში წავიდა და იქ იბრძოდა. იქიდან დაბრუნებული ჩეჩნები კარგად იყენებენ ამ ომში მიღებულ გამოცდილებას.

საქართველოში ბევრი თანაუგრძნობს ჩეჩენთა ამ გმირულ ბრძოლას, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენში თანაუგრძნიბდნენ იმამ შამილის გამათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.

მაგრამ არის მეორე მხარეც: რამდენად სწორი და მართებულია მთელმა ერმა შეაკლას თავი ამ უთანასწორო ბრძოლას, მთლიანად დაანგრევინოს მოწინააღმდეგეს საკუთარი ქვეყანა, დაღუპოს თავისი გენოფონდი? ძალები, ხომ აშკარად არათანაბარია. ამასთან, მე მახსენდება ფინელების გამოთქმა, რომლებიც ასევე თავდადებით იბრძოდნენ რუსთა ბატონობის წინააღმდეგ: "ერთი ფინელი დაამარცხებს ათ რუსს, მაგრამ რა უყოს მეთერთმეტეს?.."

თუმცა, ასეთ საკითხებზე რომ იმსჯელო, ალბათ უნდა შეგეძლოს ამ შედარებით მცირერიცხოვანი ხალხის ტყავში წარმოიდგინო საკუთარი თავი: ბოლომდე აღიქვა და გაითავისო მათი ტკივილი, გაიხსენო ჩეჩენთა 400 წლიანი ბრძოლა, არ დაივიწყო მათი დეპორტაცია შუა აზიაში და ყველაფერ ამას მუსლიმური ფაქტორიც მიუმატო. აქ ხომ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი დიდი სიმწარე და უბედურებაა, რომელიც განსაზღვრავს კიდეც მათ მენტალიტეტს. ცხადია, არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც ჩვენთვის, განსხვავებული ისტორიის, ყოფის, კულტურის და ცხოვრების წესის გამო გაუგებარია...

წამოსვლისას კიდევ ერთ, უმთავრეს პრობლემაზე ვფიქრობდი: რას მოიტანს ეს ომი საქართველოსათვის? არტილერიის ბათქაბუთქი ხომ სულ ახლოს, ქედის გაღმიდან ისმის, ტუსთა თვითმფრინავები კი ძალიან ხშირად არღვევენ ჩვენ საჰაერო სივრცესაც. საშიშროება ორივე მხრიდან გვემუქრება: თუ ჩვენ ამ ომში ჩაგვითრევენ რა გველის რუსეთის მხრიდან ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს და მის დამოკიდებულების დაკარგვის სუნი უდის, ხოლო თუ რუსეთი წავიდა ამ რეგიონიდან, გასარკვევია, თუ რა უფრო იმძლავრებს კავკასიელ ხალხებში: კავკასიური ერთობა თუ მუსლიმური იდეა. ეს უკანასკნელი, მის უკიდურეს ვაჰაბიტურ კონტექსტში გადაწყვეტილი, კარგს არაფერს გვიქადის.

რაც შეეხება ჩეჩნებისათვის აშკარად თანაგრძნობის გამოცხადებას, ესეც, ალბათ, ძალზე სახიფათოა, რადგან პანკისის ხეობა მართლა ჩეჩნეთის ფილიალად არ იქცეს, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი ექსპერტი გვიწინასწარმეტყველებს. გარდა ამისა, ახლა რომ ბევრი ჩეჩენი ამბობს აფხაზეთის კონფლიქტში ჩვენ შევცდით, იმ მხარეს არ ვიბრძოდით სადაც საჭირო იყოო, ეს არავითარ გარანტიას არ გვაძლევს მომავლისათვის. ჩვენ ამ მხრივ არაერთი სამწუხარო გამოცდილება გვაქვს. არაერთ ხალხს შემოუფარებია თავი საქართველოსათვის. მადლობის სიტყვებიც უთქვამთ სანამ უჭირდათ, მაგრამ როცა გათბებოდნენ, დანაყრდებოდნენ და გაძლიერებოდნენ მერე დიდ პრობლემებს უქმნიდნენ იმათ, ვინც ისინი ასე უანგაროდ შეიფარა.

და აი, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით დატვირთული და დამძიმებული წამოვედი სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა სამლოცველოდან. საღამო ხომ მართლაც არაორდინალური იყო, მაგრამ როდესაც ყველაფერი ეს გავაანალიზე და გადავხარშე, მაინც კმაყოფილი დავრჩი ამ მეტისმეტად გაბედული

საქველმოქმედო საღამოთი. რადგან საქართველომ, თუმცა ერთ პატარა დენომინაციის სახით, მისი წინამძღოლის მეოხებით, მაინც შესძლო ზნეობის მაგალითი ჩაეტარებინა იმათთვის, ვინც შეცდა და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლა. შესძლო მიეტევებინა მათთვის დანაშაული და ქრისტიანულ სათნოებაშიც ჩაეხედინებინა. ბიბლიური სიბრძნეც ხომ ამას გვასწავლის: "ნუ იძლევი ბოროტისაგან, სძლიე კეთილითა მით ბოროტსა მას". (რომაელთა მიმართ 12: 21).

საქართველო ალბათ იმიტომაც გადაურჩა ჟამთა სიავეს, ათასგვარ მომხდურებს და დამპყრობლებს, რომ უფრო მასშტაბურად აზროვნებს, წინ უკეთესად იხედება, მომავალს უკეთესად საზღვრავს და თავის ადგილსაც კარგად ხედავს საერთო კავკასიურ სახლში.

გაზეთ "სრულიად არასიდუმლოდ" #2, 2000 წ.

IV. თანამედროვე საზოგადოება და მართლმადიდებელი სამღვდელოება

ახლა, პოსტსაბჭოურ საქართველოში, როდესაც 70 წლიანი კომუნისტური ბატონობის შემდეგ რელიგიურ ორგანიზაციებს კვლავ მიეცათ თავისუფლად მოქმედებისა და ქადაგების საშუალება, როდესაც მნიშვნელოვნად იმატა ეკლესიათა და შესაბამისად სასულიერო პირთა რაოდენობამ, ისევ აქტუალური გახდა საზოგადოებისა და სამღვდელოების ურთიერთობის საკითხი.

როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რამდენად შეესატყვისება ის იმ იდეალს,რომელსაც თვით მაცხოვარი და მისი მოციქულები სახავდნენ? თანამედროვე სამღვდელოებამ რამდენად გადალახა მატერიალიზმისა და ათეიზმის ბატონობით გამოწვეული რელიგიური რწმენის კრიზისი, რა სიძნელეები დახვდა ახალ პირობებში, რა პრობლემები აქვს სხვა კონფესიებთან, მათ სასულიერო პირებთან თუ მრევლთან მიმართებაში, რით უნდა განსხვავდებოდნენ XXI საუკუნის სასულიერო პირები ადრინდელი სამღვდელოებისგან, კონკრეტულად რას ითხოვს საზოგადოება მათგან, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ხალხის მოთხოვნებს, თავის მხრივ, სასულიერო პირები რას ითხოვენ საზოგადოებისგან, საკუთარი მრევლისგან?

აი, ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მწვავედ დგება დღეს, როგორც საერო ადამიანების, ისე სასულიერო პირების წინაშე. მათი შესწავლა-გააზრება საჭირო და აუცილებელია საზოგადოების შემდგომი პროგრესისთვისაც.

გარდა ამისა, იმ ურთულეს პირობებში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა პოსტსაბჭოურ პერიოდში, როდესაც დაირღვა მისი ერთიანობა და საზღვრები, ასევე მწვავედ დგება საკითხი, თუ რა როლი უნდა შეასრულოს სამღვდელოებამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საქართველოს აღორძინებისა და მისი მოქალაქეების სულიერი ერთობის საქმეში.

1. როგორი უნდა იყოს ღვთისმსახური

სანამ ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვნეს კითხვებზე გავცემდეთ პასუხს, მანამ გარკვევით უნდა ვთქვათ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყვნენ სასულიერო პირები, მღვდელმთავრები თუ რიგითი ღვთისმსახურები. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ და რასახით უნდა წარუდგნენ ისინი საზოგადოებას.

ამ კითხვებზე ნათლად არის პასუხი გაცემული საღმრთო წერილში და სამოციქულო წესებში, რომლებიც შედგენილია მოციქულთა ნაწერებისა და სამოციქულო გადმოცემების მიხედვით. მათზე ბევრია დაწერილი სხვა რელიგიურ ლიტერატურაშიც.

მღვდელმთავარი, მოწოდებულია ღმერთისაგან. იგი ცხებულია ღმერთის სამსახურისთვის, ის ღმერთის მღვდელმთავარია, ხალხისთვის კი მთავარი. მღვდელმთავრის თანამდებობა მემკვიდრეობითია, მღვდელმთავარი მეორე პირია მეფის შემდეგ, იგი ისტორიულად ხშირად განაგებდა სახელმწიფო საქმეებს.

რაც შეეხება მღვდელმსახურთ, ისინი უნდა იყვნენ საყვარელი და სარწმუნო, წმინდა, უბიწო, უმანკო, გულწრფელი თავის ყოფაქცევაში, აღსავსე ძმური სიყვარულით, აღსავსე თავისი სამწყსოს სიყვარულით. სიხარულით უნდა აღასრულებდნენ თავიანთ საქმეს, იყვნენ უანგარონი, თავიანთი თავის უარმყოფელნი, წყნარი ყველას მიმართ, მომთმენი, სტუმართმოყვარე, მზრუნველი თავიანთი შვილების აღზრდისათვის, სწავლულნი, მაგალითი სიყვარულში, სარწმუნოებაში, სიწმინდესა და კეთილ საქმეებში, მოწონებული ყველას სინდისით, ქებული ღმერთისაგან, უნდა ეძიებდნენ სიმართლეს, ღმრთისმსახურებას, სარწმუნოებას, სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს, უნდა ჰქონდეს მღვდელმსახურის ნამდვილი თვისებები, მის ცოლ-შვილს - განსხვავებული თვისებები.

მღვდელმსახურნი არ უნდა იყვნენ ქედმაღალნი, ანგარებისმოყვარენი, ძუნწნი, მოჩხუბარნი, ღვინის მოყვარულნი. მღვდელმსახურნი მორწმუნეთა სულებისთვის უნდა ფხიზლობდნენ, უვლიდნენ ეკლესიას, განამტკიცებდნენ მორწმუნეთა სარწმუნოებას, ლოცულობდნენ მორწმუნეთათვის, შრომობდნენ მორწმუნეთა დამოძღვრისათვის, მათი სულის ხსნისათვის, მორწმუნეთა ნუგეშისცემისათვის, გასცემდნენ მოწყალებას, ისინი პასუხს აგებენ ღმერთის წინაშე სულთათვის.

მღვდელმსახურებმა უნდა შთააგონონ მორწმუნეებს, რომ დაიცვან თავი ცოდვისაგან, განიწმინდონ ხორცთა და სულის ყოველგვარი შეგინებისაგან, ჩაიდინონ კეთილი საქმეები, ჰქონდეთ ძმათა სიყვარული, მტკიცედ იდგნენ სარწმუნოებაზე, სახარებაზე, რომ არ იყოს მათ შორის განხეთქილება და დავა.

მღვდელმსახურებმა უნდა ამხილონ ცოდვილნი ღმრთის მიმართ ურჩობაში, დაარწმუნონ ისინი განშორდნენ ცოდვას და მოექცნენ, დაარწმუნონ ისინი,

შეურიგდნენ ღმერთს, დაგმონ მოუქცეველი ცოდვილნი, განშორდნენ იმათ, ვინც არ მიიღებს ღმერთის სიტყვას.

მღვდელმსახურნი ვალდებულნი არიან იქადაგონ სახარება სიწმინდით და სიწრფოებით, აუწყონ ადამიანებს ღმერთის სიტყვა, ასწავლონ სიტყვა ნამდვილად, ასწავლონ კეთილი მოძღვრება, იქადაგონ სახარება აშკარად, არ დაირცხვინონ სახარებისათვის, იქადაგონ სახარება უანგაროდ, დამოძღვრონ და დაარწმუნონ, იქადაგონ სიტყვა ყოველ დროს, ასწავლონ მშვიდად, ამხილონ წყნარად, ამხილონ უფლებითა და მკაცრად, ჩააქრონ განხეთქილებანი, ჩააქრონ ფუჭი დავიდარაბანი, გაშორდნენ ფუჭ და უპატიოსნო დავას, დაარიგონ მოკამათენი, დადგნენ სიმტკიცით სიტყვაზე და კეთილის მოძღვრებაზე, დაიცვან კეთილი წინდი, არ ასწავლონ სხვა მოძღვრება, არავინ აცდუნონ, აიტანონ შრომა, კეთილად იღვაწონ, მორწმუნეთათვის მოითმინონ მწუხარებანი.

მღვდელმსახურნი უნდა ქადაგებდნენ ქრისტეს, ღმერთის სიტყვას კადნიერებით, კაცთა მუქარის უშიშრად, თუნდაც ყურს არ უგდებდნენ მათ, ყველგან და ყოველთვის უტყუარად, არა ადამიანთა სიბრძნის სიტყვით, არ გულისხმობდნენ თავის განდიდებას, არა შურით, სახარების ქადაგება შეადგენს მღვდელმთავართა აუცილებელ მოვალეობას.

თავის მხრივ, მორწმუნეებმა უნდა მიიღონ მღვდელმსახურნი როგორც ღვთისაგან გამოგზავნილნი, ყურად იღონ და გაჰყვნენ მათ დარიგებას, მათ მაგალითს, მიჰბაძონ მათ სარწმუნოებას, პატივს სცემდნენ, უყვარდეთ ისინი, ლოცულობდნენ მათთვის. სამართლიანია, რომ მღვდელმსახურნი იღებდნენ საჩუქარს მორწმუნეთაგან.

მაგრამ, საღმრთო წერილის მიხედვით, სამწუხაროდ, არიან უსჯულო მღვდელმსახურებიც, რომლებიც ასწავლიან სიცრუეს, ასწავლიან მხოლოდ სიტყვით, აცდუნებენ მრავალთ, არ მწყსიან, არამედ ღუპავენ სამწყსოს, არიან ანგარებისმოყვარულნი, არა აქვთ პატიოსნება, არიან გარყვნილნი და განდგომილნი, თავს აჩვენებენ ქრისტეს მსახურებად, წარმოდგენილნი არიან უხმო და გაუმაძღარ ძაღლებად, მტაცებელ მგლებად, ასეთები გამრავლდებიან უკანასკნელ დღეებში. ვაი, უსჯულო მღვდელმსახურთ.

ის, თუ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი, პრესვიტერი თუ დიაკვანი, კარგად აქვს ჩამოყალიბებული მოციქულ პავლეს თავის ეპისტოლეებში ტიმოთესა და ტიტესადმი. მისი სამოციქულო მითითებანი შემდგომში ეკლესიისათვის იქცა იმ წესებად, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა იერარქიული თანამდებობების არჩევისასაც.

ეპისკოპოსი, - წერს მოციქული პავლე, - უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული, თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

ვინაიდან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე. ნურც ახლადმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს, სირცხვილისა და ეშმაკის მახეში არ გაებას."

დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი. რათა წმინდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი უნდა იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი. ვინაიდან კეთილად მსახურნი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში"(I ტიმოთე, 3;8-13).

პრესვიტერს დაახლოებით ისეთივე მოთხოვნები წაეყენება, როგორიც ეპისკოპოსს: თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი"(ტიტე 1;5-9).

ამას ემატება შემდეგი მოთხოვნები: ეპისკოპოსი არ შეიძლება იყოს ყრუ და ბრმა (მოციქულთა წესები 78-ე მუხლი), შმაგი, ეშმაკეული (79-ე მუხლი), მონა ბატონების ნებართვის გარეშე, არ უნდა იყოს დაქორწინებული ქვრივზე, ქორწინებიდან გამოგდებულზე, მეძავზე ან მსახიობზე(მე-18 წესი).

2. რას ელის და თხოულობს საზოგადოება

სასულიერო პირისაგან

უკვე 10 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოტრიალება დაიწყო რელიგიისა და რწმენის საქმეში. უკან დარჩა ის დრო, როდესაც სასულიერო პირებს არავითარ უფლებებს არ აძლევდნენ და ისინი ფაქტიურად იზოლირებულნი იყვნენ საზოგადოებისაგან. თუ მათ მცირე ნაწილს ოფიციალურად, კონსტიტუციის დონეზე, ჯერ კიდევ ითმენდნენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილში შემორჩენილი იყო გარკვეული რწმენა, რომელიც კომუნისტ იდეოლოგთა აზრით, თანდათან, მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლასთან ერთად, უნდა აღმოფხვრილიყო.

მძიმე ჟამი ედგა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. იმ ძნელბედობის ჟამს ბევრმა უღალატა საკუთარ მრწამსს, თავი დაანება სასულიერო კარიერას, ზოგი მღვდელი ძალით გაკრიჭეს", ზოგი "გააციმბირეს", ზოგიც დახვრიტეს. ასეთ პირობებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძლივს ინარჩუნებდა თავის არსებობას. სასულიერო პირთა რაოდენობა დროდადრო უკიდურესად დაბალ დონეზე ეცემოდა, მაგრამ მაინც, ვინც რჩებოდა, მათ შორის ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად უახლოვდებოდნენ მაცხოვრისა და

მოციქულების ნაჩვენებ იდეალებს. სწორედ ასეთი ღვთისმსახურების ზურგზე გადაიარა კომუნისტური რეჟიმის მძიმე პერიოდმა, სწორედ მათ არ გააქრეს სანთელი ეკლესიაში, რწმენა ადამიანთა გულებში. ქება და დიდება მათ, ვინც ამ მძიმე დროს არ დაეცა და რწმენას არ უღალატა, შეუნარჩუნა საზოგადოებას ქრისტიანული ეკლესია. მაგრამ, მათ შორის ბევრი ისეთიც ერია, ვინც თავისი განათლებით, ზნეობით და ცხოვრების წესით ძალზე შორს იდგა ქრისტიანული იდეალისაგან. მათ სახელის გატეხის გარდა არაფერი მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

ამიტომ, როცა ქვეყანაში 70 წლიანი კომუნისტური ბატონობა დამთავრდა, ეკლესია საოცრად მძიმე დღეში აღმოჩნდა არა მარტო მატერიალურად და სულიერად, არამედ კადრების მხრივაც. მისი შემადგენლობა სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანით თუ განისაზღვრებოდა, აქედან უმრავლესობა ხანშიშესული იყო. საჭირო იყო ახალი კადრები...

ახალმა დროებამ, მართლაც რომ, სულზე მოუსწრო ქართულ ეკლესიას, ნანატრი სინათლე გამოჩნდა გვირაბის მეორე მხარეს. მაგრამ ეკლესიას წინ არანაკლები განსაცდელი ელოდა. მართლაც, როდესაც სასულიერო პირებს ეგონათ, რომ ყველაფერი ცუდი უკვე დამთავრდა, რომ მათ უკვე მიაგნეს მდინარეში გასასვლელ ფონს და ახლა ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ეკლესიის აღორძინებას და წინსვლას, ყველასთვის მოულოდნელად სრულიად სხვაგვარმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ერთ ნაწილს სხვა კონფესიები დაეპატრონებოდნენ და მისი ისტორიული ადგილის დაკავებასაც ცდილობდნენ. ეს სხვები" სხვადასხვა დენომინაციები და სექტები იყვნენ.

სამღვდელოება ერთბაშად დიდი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. მას მრავალ ფრონტზე უნდა ებრძოლა საკუთარი არსებობისათვის, წართმეული მრევლის დასაბრუნებლად, დაკარგული ავტორიტეტის აღსადგენად. ამისათვის კი საჭირო იყო, გაეხსნა სასულიერო სასწავლებლები, გამოეცა ჟურნალ-გაზეთები, სათანადო ლიტერატურა, გაეზარდა ახალი კადრები, აეშენებინა ახალი ეკლესიები, შეეკეთებინა ძველი სამლოცველოები, დაემყარებინა კონტაქტი ეკლესიისადმი გულგრილი მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან, განსაკუთრებით ინტელიგენციასთან, რომელიც ყოველთვის შედარებით თავისუფალი აზროვნებით გამოირჩეოდა საქართველოში.

ცხადია, ასეთი ამოცანის შესრულება იოლი როდი იყო; იგი თხოულობდა დიდ ძალისხმევას, ცოდნას, რუდუნებას, პატიოსნებას, ფულს, და ამავე დროს სიწმინდეს. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო სათანადო კადრების შერჩევა და აღზრდა. ეს კი, მართლაც, უძნელესი საქმე იყო.

კითხვაზე, თუ რას ელის და რას თხოულობს თანამედროვე საზოგადოება სასულიერო პირებისაგან, ვუპასუხებთ: პირველ რიგში ყველაფერ იმას, რაც საღმრთო წერილსა და სხვა რელიგიურ წიგნებში არის გადმოცემული სამღვდელოების შესახებ. გარდა ამისა, ყოველ დროსა და ეპოქას თავისი სპეციფიკური მოთხოვნები ჰქონდა წაყენებული სამღვდელოებისადმი. განსხვავებულ პერიოდებში დროის შესატყვისი გარკვეული ფასეულობები იწევდა წინა პლანზე. ჩვენი დროც ხომ დიდი სირთულითა და თავისებურებით გამოირჩევა. ახლაც, ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა აუცილებელი დროის შესაბამისად.

დღევანდელი სასულიერო პირი საგრძნობლად უნდა განსხვავდებოდეს შუა საუკუნეების სამღვდელო პირისაგან.

ქრისტიანობის მიხედვით, სასულიერო პირი შუა კაცია ღმერთსა და ადამიანს შორის, ამიტომ მასთან უნდა მივიდეს ადამიანი ყველა თავისი საიდუმლოებით, წუხილით, დარდით, ტკივილით, შეცოდებით. მორწმუნე ადამიანი სასულიერო პირისაგან ელის ცოდვათა მიტევებას და ღმერთთან შერიგებას. შესაბამისად, მას ბოლომდე უნდა მიენდოს, გაუზიაროს ყველაზე უფრო პირადული, რასაც სხვასთან ვერ იტყვის, უნდა თქვას აღსარება და თანაც დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მისი საიდუმლოება არასოდეს გამჟღავნდება.

აქედან გამომდინარე, სასულიერო პირი უნდა იყოს სანდო, ყოველმხრივ მისაღები, გულითადი, განათლებული, ყურადღებიანი, კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანი. ამასთანავე, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიაშიც.

სოციალური უკუღმართობის, ძნელბედობისა და მწუხარების ჟამს განსაკუთრებით მატულობს სასულიერო პირის მნიშვნელობა, რადგან ადამიანი სწორედ მაშინ საჭიროებს მეტ თანადგომას და სულიერ მხარდაჭერას. ამიტომ, ის სასულიერო პირები, რომლებიც გაურბიან ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მორწმუნეთა ამქვეყნიურ პრობლემებს, მათ ჭირსა და ვაებას, კმაყოფილდებიან მხოლოდ იმქვეყნიურ სასუფეველზე ზრუნვით, თავის მოღვაწეობაში განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევენ. ვერც გაქსუებული, გაამპარტავნებული, ძვირფას მანქანაში წამოჭიმული მღვდელი ახდენს დიდ გავლენას გაძვალტყავებულ და მშიერ ხალხზე, ვერ იწვევს მათ თანაგრძნობას და საჭირო რელიგიურ ენთუზიაზმს.

ახალ ვითარებაში არის ერთი სერიოზული საშიშროება, რომელიც ადრინდელ საუკუნეში იყო, კომუნისტების დროს გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდა და ახლა კი მოსალოდნელია კვლავ იჩინოს თავი. ესაა ახალ პირობებში გამდიდრებული და გაძლიერებული ფენების მიერ სამღვდელოების გამოყენების შესაძლებლობა თავისი სოციალური მიზნებისათვის. ისინი, როგორც ადრინდელ საუკუნეებში, შეეცდებიან, ჩაუნერგონ გაღატაკებული ხალხის მასებს, არ შეშურდეთ მათი და არ გამოვიდნენ ერთი მუჭა, უმეტესად არაკანონიერი გზებით გაძლიერებული ადამიანების წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ ყველაფერი ამქვეყნიური მაინც დროებითი და წარმავალია, ხოლო ნამდვილ ფასეულობას მხოლოდ მარადიული, იმქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს.

არის მეორე საშიშროებაც: არ დაინერგოს რელიგიისადმი ცუდი, მომხმარებლური დამოკიდებულება, არ აქციონ იგი ბიზნესის ნაირსახეობად, ეკლესიები არ დაამსგავსონ საამქროებს მომგებიან ადგილებში, საიდანაც შემოსავალი არის დაგეგმილი.

საქართველოში სასულიერო პირთა რაოდენობა ამჟამად ათასს მიუახლოვდა. ე.ი. ძნელბედობის ჟამთან შედარებით თითქმის ათჯერ გაიზარდა. რასაკვირვალია ამდენი ღირსეული, განათლებული, კეთილი, სულიერად მდიდარი და

 

 

სრულყოფილი ადამიანის ასე მოკლე დროში მოძებნა ძალზე გაჭირდა. ამიტომ, ბუნებრივია, მათ რიგებში გაიპარა ზოგი უღირსი, ნაკლებად მრწმენი, მხოლოდ მატერიალურ სიკეთეს გამოკიდებული ადამიანი, რაც უარყოფითად მოქმედებს სამღვდელოების იმიჯზე.

თვით იმათ შორისაც, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, მაინც ჭირს ისეთი დახვეწილი და სრულყოფილი კადრების მოძებნა, რომლებიც მთლიანად შეესატყვისებიან მოძღვრის ბიბლიურ იდეალს.

სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში მოქმედებს ცნობილი გამოთქმა: რაც ერიო, ის ბერიო", სხვაგვარად,
რა დონისაცაა საზოგადოება, ზუსტად იმ დონის სასულიერო პირები ჰყავს მას". ამიტომ, ჩვენს არცთუ ისე ზნეობრივ საზოგადოებაში, გასაგებად ჟღერს ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მღვდლის მიერ პირად საუბარში თავმდაბლურად და გულისტკივილით გამოთქმული აღიარება: ჩვენ არც ერთი არა ვართ მისაშვები საკურთხეველთანო." სამწუხაროდ დღეს ასეთი შორი და მიუწვდომელი ჩანს სასულიერო პირის ბიბლიური იდეალი.

მოძღვრის არჩევისას ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. არავის არ მოსწონს გაბურძგნული და ჭუჭყიანი ღვთისმსახური. სათანადო მოძღვრის მოძებნა განსაკუთრებით უჭირს ინტელიგენციას, რადგან ხშირად ვერ პოულობს თავისი დონის, მენტალიტეტის და განათლების სასულიერო პირს. ამიტომ, ისინი, უმეტესად, ან ათეისტურ პოზიციებზე რჩებიან ან ზებუნებრივთან ურთიერთობის სხვაგვარ ფორმებს ამჯობინებენ.

სამწუხაროდ, ბოლო ჟამს სარწმუნოებრივი აღმავლობით გათამამებულმა ზოგმა სასულიერო პირმა შეურიგებელი, მტრული პოზიცია დაიკავა ყოველგვარი სხვა აზრისა და განსხვავებული რწმენისადმი. ზოგიერთმა ეკლესიიდან განკვეთილმა, მაგრამ მართლმადიდებლობასთან ასე თუ ისე დაკავშირებულმა ადამიანმა, უკიდურეს ზომებს მიმართა და სხვა რწმენის ხალხთან ცემა-ტყეპა გამართა, მათი წიგნები კი საჯაროდ ცეცხლს მისცა.

ზოგმა სასულიერო პირმა განხეთქილების შემოტანა სცადა თვით ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში, რის შედეგადაც ახლა აღარავის აკვირვებს ისეთი ცნებები, როგორიცაა: განკვეთილი მოძღვარი, განდგომილი ბერი და ა.შ. აღარც საპატრიარქოს და ცალკეული სასულიერო პირების ლანძღვა-გინება არის იშვიათი ხილი ჩვენს სინამდვილეში.

 

 

სამწუხაროდ, ყველაფერი ეს რეალობაა თანამედროვე ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი ფაქტები ჩვენ ალბათ მაინც დროებით მოვლენად, ზრდის სიძნელეებად უნდა ჩავთვალოთ.

ამასობაში, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ცხოვრება წინ მიდის, ჩნდება ახალი პრობლემები, ახალი მიზნები და სიმაღლეები, რომელსაც დაძლევა უნდა. შესაბამისად, სამღვდელოებაც სათანადო დონეზე უნდა იდგეს, რათა ამ გაზრდილ მოთხოვნებსა და ამოცანებს გაუმკლავდეს. ამისათვის კი მან ბევრი უნდა ისწავლოს, ბევრი იშრომოს და გაისარჯოს, რაც მთავარია, ჰქონდეს ღვთისა და ადამიანის დიდი

სიყვარული, სათანადოდ ჩასწვდეს ხალხის გულისთქმას, სწორი, ნათელი გზისა და იდეალებისაკენ გაუკვალოს გზა მორწმუნეებს.

ამასთანავე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა პირველ რიგში სიყვარულის რელიგიაა, იგი სიკეთეს ქადაგებს და ცხადია, ნაკლებად ეგუება ძალადობას, შუღლსა და მტრობას.

სასულიერო პირი დღეს ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, იგი საზოგადოების ცენტრში დგას და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რამდენადაც მაღალ დონეზე იდგება სასულიერო პირი, რამდენ სიყვარულსაც გასცემს, იმავე დოზით დაუბრუნდება მას სიყვარულიცა და პატივისცემაც, შესატყვისი დონის იქნება მისი ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებაზე. ასეთივე დოზით გაჰყვება ხალხი მის მოწოდებას, პატივი სცენ და იცხოვრონ ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობებით.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ამ მხრივ დამაიმედებელი ტენდენცია გაჩნდა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში საკმაოდ საინტერესო პიროვნებები გამოჩნდნენ. მათი განათლების დონე უწინდელთან შედარებით მაღალია, ზნეობრივი სახე კი - უკეთესი. სასულიერო პირები უფრო ბრძოლისუნარიანნი და კონკურენტუნარიანნი გახდნენ, რაც აუცილებელია დღევანდელი კონფესიური დაპირისპირების პირობებში. ზოგი მათგანი კი აღარ უშინდება უცხო კონფესიების შემოტევას და მათ თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებასა და ქართული ეკლესიის ეროვნულ წარსულს უპირისპირებს. შესაბამისად, მათ მარტო სახელმწიფოს იმედი არა აქვთ, რომელიც ქვეყანაში მართლმადიდებლობის პრიორიტეტულ მდგომარეობას დააფიქსირებს. ისინი სხვა, ჭეშმარიტად ქრისტიანული გზებით და საშუალებებით ცდილობენ თავისი მოძღვრების უპირატესობის დამტკიცებას.

 

 

გაზეთი «საქართველოს რესპუბლიკა» 7. 09. 2002 წ.

V. ფული მევახშეობა და რელიგია

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველო აუშენებელი კომუნიზმიდან კაპიტალისტურ ფორმაციას დაუბრუნდა. საზოგადოებას, რომელშიც ფული თითქმის ყველაფერსნიშნავს, ხოლო მევახშეობა ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტად იქცა...

მევახშეობა (გამსესხებელნი), ფულის გასესხება პროცენტებით და მისგან სარგებლის მიღება ოდითგანვე იყო გავრცელებულიადამიანთა საზოგადოებაში. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა როგორც თითოეულ რელიგიაში, ასევე რელიგიურ ურთიერთობებსა და რელიგიურ წიგნებშიც.

ფულის გასესხებას სამარცხვინოდ არ თვლიდნენ წარმართული ტაძრები და მისგან გარკვეულ შემოსავალსაც იღებდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითადშეიძლება დავასახელოთ ძველბერძნული წარმართული ტაძრები, რომლებიც საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდნენ, მათ შორის მამულებს, სადაც მეურნეობას ეწეოდნენ, ჰყავდათ

მონები, მსახურები, ჰქონდათ განძეულობა და რაც მთავარია, ჰქონდათ ფული, რომელსაც პროცენტებით ასესხებდნენ.

უფრო გვიან, მონოთეისტური რელიგიების ჩამოყალიბებისას, მევახშეობა, თითქმის ყველგან არის დადასტურებული, როგორც რეალური ფაქტი, როგორც საზოგადოების ცხოვრების შემადგენელი, აუცილებელი კომპონენტი. მაგრამ, ადრინდელისაგან განსხვავებით, მევახშეობა აქ უკვე დაგმობილია. რელიგიურ წიგნებში კი არის მცდელობა რათა ფულის გასესხებას, თუკი ეს მაინც მოხდებოდა, ზნეობრივი ხასიათი მისცემოდა. ფულის გამსესხებელს არ უნდა დაეჩაგრა მოყვასი, განსაკუთრებით ღარიბ-ღატაკი ადამიანი.

მევახშეებზე (ფულის გამსესხებლებზე) საკმაოდ ბევრია საუბარი ბიბლიაში: როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. ორივე ამ ნაწილში მევახშეობა მოიხსენიება ტერმინით გამსესხებელი (გამსესხებელნი). ამ ცნებას ორი მიმართულებით ახსენებდნენ: მევახშეობისას ფულის გამცემს თუ რისი მოთხოვნა შეუძლია და რისი გაკეთება არის აკრძალული.

ბიბლიაში გადმოცემულია ფულის გასესხების ტექნოლოგიაც, კერძოდ ლაპარაკია ფულის სანაცვლოდ გირაოს, წინდის მიცემის შესახებ: "თუ შენ მოყვასს რამეს ასესხებ, - აფრთხილებს მეორე რჯულის წიგნი გამსესხებელს, - ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად. გარეთ დადექი და კაცი, რომელსაც სესხს აძლევ გარეთ გამოგიტანს წინდს" (2 რჯ. 24;10-11).

 

 

ბიბლიის ამ ფრაგმენტს კომენტატორები ასე განმარტავენ: თუ ფულის გამცემი სახლში შევა, შეიძლება იქიდან ისეთი ნივთი წამოიღოს გირაოთ (წინდად), რომელიც ღირებულებით მიცემულ სესხს აღემატება.

"საღვთო წერილი" განსაკუთრებული თანაგრძნობით მოიხსენიებს ღარიბ-ღატაკ მოყვასს, რომელიც ზოგჯერ გაჭირვების გამო, იძულებულია თავისი საუკეთესო სამოსი ან ქვეშაგები დააგირაოს. "თუ ღარიბია კაცი, - ასევე აფრთხილებს 2 რჯულის წიგნი გამსესხებელს, - ღამე არ დაიტოვო მისი წინდი. დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სამოსელში და დაგლოცოს, კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე (2 რჯ. 24;10-13)".

ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკია იგავნის წიგნში: "როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?" (იგავნი 22; 27).

ბიბლიაში ყურადღება მახვილდება ფულის გასესხებისას სხვისი თავდებობის შესახებ. "იგავნის" წიგნში ლაპარაკია თუ რამდენად მიზანშეწონილია თავდებად დაუდგე ადამიანს ვალის აღებისას: "შვილო, - ნათქვამია მასში, - თუ თავდებად დაუდგენბი შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის, მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით.

ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობლის ხელში ხარ ჩავარდნილი, მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე". (იგავნი 6:1-3).

ან კიდევ უფრო გასაგები მოსაზრება: "ნუ იქნები იმათთაგანი ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს" (იგავნი 22; 26).

საღვთო წერილის ნეემიას წიგნში ლაპარაკია საკუთრებაზე გირავნობის სიგელის გაცემის პირობების შესახებ:

"იყვნენ ისეთებიც, - ნათქვამია მასში, - რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარჯის გადასახდელადო.

ახლა ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი

ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვბს ეკუთვნის.

ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.

 

 

მაგრამ, გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენსმოძმეთაგანს ვახშს იღებთ


 მეთქი, მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე" (ნეემია 5:3-7).

 

როგორც ვხედავთ, აქ მოყვასზე, თავის მოძმებზე, სხვანაირად ებრაელზეა ლაპარაკი, სხვა ეროვნების ადამიანს ეს არ ეხება, მოყვასზე კი კეთდება მოწოდება გამოუვალ მდგომარეობაში სულაც აპატიოს ეს ვალები:

ე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს, მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი.

დღესვე დავუბრუნოთ მათ ყანები, ვენახები, ზეთის ხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან" (ნეემია 5:10-12).

ღარიბი მოყვასის მიმართ ფულის სარგებელში გაცემაზე და ვახშის აღებაზე უფრო კატეგორიულია, წინასწარმეტყველი იეზეკიელი:

სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი" (ეზეკ. 18:13).

ეს აზრი არაერთხელ მეორდება ბიბლიის სხვადასხვა წიგნებში, ყველგან არის მკაცრი მოთხოვნა არ შელახონ მოყვასის, თავისი თანატომელის ინტერესები.

"თუ ვინმეს, - ნათქვამია გამოსვლათა წიგნში, - ჩემი ერისაგან, ღარიბ


 ღატაკს ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ" (გამ. 22:24).

 

ან კიდევ: - "თუ შენი მოძმე გაღარიბდება და გაჭირვებაში ჩავარდება შეეშველე მას, "ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს


 შენი ღვთის გაშინოდეს!


 და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან.

 

ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენ საჭმელს". (ლევიანნი 25:36.37).

ასევე დაგმობილია სარგებლის გაცემა მოძმისთვის 2 რჯულის კანონში: "არ მისცე სარგებელში შენს მოძმესარც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამენივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.

უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს ყფალმა, შენმა ღმერთმა. მთელი შენი აამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ (2რჯული 23:19-20).

საღმრთო წერილში ხშირადაა საუბარი მოყვასისათვის (მოძმისათვის) ვალის პატიების აუცილებლობის შესახებ, რომელიც უნდა მოხდეს ყოველ მეშვიდე წლისთავზე; უნდა აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისათვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე. "უცხოელს მოსთხოვე, - ნათქვამია 2 რჯულის წიგნში (15.1-2), - მაგრამ აპატიე შენს მოძმეს, თუ შენი ვალი იქნება". ვალების პატიების შესაძლებლობის შესახებ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვრცლადაა საუბარი ნეემიას წიგნში (5:10-12) და მათეს სახარებაში (18:27-35), იგივე თემა გაჟღერებულია იგავში "ბოროტი მონის" შესახებ, რომელსაც ბატონმა ათი ათასი ტალანტის ვალი აპატია, მან კი 100 დინარის გულისათვის კინაღამ დაახრჩო თავისი ამხანაგი მონა და საპყრობილეშიც ჩააგდო, რისთვისაც შემდგომ დაისაჯა კიდეც.

ახალ აღთქმაში, კერძოდ ლუკას სახარებაში (16:6-7) ლაპარაკია ხელწერილზე (ანგარიშზე), სხვადასხვა თამასუქის გაცემის შესახებ, რომელიც მოხერხებულმა, მაგრამ ორგულმა მოურავმა გაუფორმა თავისი ბატონის კრედიტორებს. ამდენად, გამსესხებელნი იტყუებოდნენ კიდევაც...

მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილში ბევრგანაა ლაპარაკი ვალების პატიების შესახებ, არის შემთხვევები (მათე 18:25), როცა ბატონის ბრძანებითუნდა გაეყიდათ იმ მონის ცოლ-შვილი, რომელსაც ვალის გადახდის საშუალება არ ფქონდა, უნდა გაყიდულიყო მისი ქონებაც. მსგავსი ამბავი მოთხრობილია მეფეთა მე-4 წიგნში (4:1).

იყო შემთხვევები, როცა ვალს მოვალის ნაცვლად ახდევინებდნენ თავმდებს. (იგავნი 22:26-27).

საღმრთო წერილის მიხედვით აკრძალული იყო გირაოში დაეტოვებინათ ისეთი აუცილებელი ნივთი, როგორიცაა ხელსაფქვავი ანუ დოლაბი, რადგანაც ეს იგივეა სიცოცხლე რომ დააგირავო (2 რჯული 24:6). ასევე იკრძალებოდა გირაოს (წინდის) ძალით წაღება (2 რჯული 24:10) და ღარიბისაგან ვახშის აღება.

ბიბლია ასევე აფრთხილებდა ადამიანებს მორიდებოდნენ ვალის ამღებთა თავმდებად დადგომაშიც.

ძველი აღთქმის ტექსტებში აშკარად გამოსჭვივის სურვილი, რომ დაცული ყოფილიყო მოყვასის, მოძმის, სხვაგვარად ებრაელის ინტერესი. თუკი ებრაელი ვერ შეძლებდა ვალის, ან ვახშის გადახდას, ასეთ შემთხვევაში მისთვის გარკვეული დროის გავლის შემდეგ ეს ვალი უნდა ეპატიებინათ. ცხადია, ასეთი შეღავათები სხვებზე, სხვა ეროვნების ხალხზე არ ვრცელდებოდა.

 

 

მევახშეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება კარგად ჩანს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ღვთისმეტყველთა შრომებშიც, განსაკუთრებით კი კესარია


 კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ბასილ დიდის ნაწერებში. მის ფსალმუნთა განმარტებაში[1], შრომის იმ ნაწილში, სადაც საუბარია მე-14 ფსალმუნზე (ქართულ ბიბლიაში 14/15), კერძოდ, მევახშეებზე, ღვთისმეტყველი ყურადღებას ამახვილებს ფსალმუნის ბოლო, მე-5 ლექსზე: "ვერცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად", სიტყვა აღნადგინება ნიშნავს ვახშს, პროცენტიან სარგებელს, ეს მუხლი თანამედროვე ენაზე თარგმნისას ასე ჟღერს: "ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს, ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება".

 

როგორც ბასილ დიდი აღნიშნავს, ამ თითქოსდა უმნიშვნელო გამონათქვამს, ცხოვრებისეული საქმეებისათვის დიდი ძალა აქვს. ღვთისმეტყველი შეგვახსენებს, რომ მევახშეობა წმინდა წერილის მრავალ ადგილას არის გაკიცხული, რომ წინასწარმეტყველი იეზეკიელი ვახშისა და სარგებლის აღებას უდიდეს ბოროტებათა რიცხვს მიაკუთვნებდა (იეზ. 22:12). ბიბლიის სხვა ადგილას ამის გაკეთებას გვიკრძალავს მე-2 რჯულის წიგნიც, სადაც ნათქვამია: "არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რაიმე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს" (2 რჯული 23:19). იგივე აზრია გამოთქმული იერემია წინასწარმეტყველის და ფსალმუნთა წიგნშიც.

მართლაც რომ დიდი სისასტიკეა, - წერდა ბასილ დიდი, - როცა ერთი, ვისაც აუცილებელი რამ უჭირს ვალს იღებს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, ხოლო მეორე გასესხებულის უკან დაბრუნებით არ კმაყოფილდება და იმაზე ფიქრობს, როგორ აქციოს ღარიბების გასაჭირი შემოსავლისა და მოგების წყაროდ. ამიტომ გვიბრძანა

უფალმა: "ვინც გთხოვს მიეცი; ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგანსესხება სურს". (მათე 5,42).

ბასილ დიდი მძაფრად და დიდი სიმართლით აღწერს გამსესხებლის და ვალის აღების მოსურნის ურთიერთობას. თავდაპირველად გამსესხებელი, იფიცება რომ გროშიც არ გააჩნია, ამიტომ ვერ ასესხებს, მაგრამ როდესაც მსესხებელი სიტყვას ჩამოუგდებს ვახშზე და გირაოსაც (წინდი) დაუსახელებს, მაშინვე მოლბება. იტყვის, მახლობელმა მას მოსაგებად მიაბარა თავისი სიმდიდრე, მართალია მძიმე ვახში დააწესა, მაგრამ ის შეეცდება, რომ ეს ვახში შეამციროს და შეამსუბუქოს.

"ამგვარი გამონაგონებითა და სიტყვებით მოხიბლავს და შეაცდენს გაჭირვებულს, - აგრძელებს ბასილ დიდი, - ხელწერილსაც მოსთხოვს და ამით არა მხოლოდ მტანჯველი სიღატაკისათვის სწირავს, არამედ თავისუფლებასაც ართმევს, რადგანაც ის, ვინც ისეთი ვახშის მიცემაზე თანხმდება, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გადაიხდის, ნებაყოფლობით ხდება მონა. მითხარი, - მიმართავს იგი მდიდარს, - რად ეძებ ფულს და მოგებას იმისგან, ვისაც იგი არა აქვს? მას რომ შენი სიმდიდრის გამრავლება შესძლებოდა ტატომღა მოადგებოდა შენს კარებს სათხოვნელადო?".

ბასილ დიდი ვალის ამღებს ადარებს იმ ადამიანს, რომელიც სხვასთან შემწეობისათვის მოვიდა და მტერი კი იპოვა, სენის განკურნებას ეძებდა და საწამლავი კი მიიღო. მისი მიხედვით, ვინც ცდილობს ვახშით სიმდიდრის გაზრდას, უცილობლად ცოდვებს იმრავლებს.

თავის მხრივ, უმწეო მდგომარეობაში ვარდება სესხის მძებნელიც, რადგან ერთხანს, ვალის აღების შემდეგ, იგი სხვისი ყვავილით ტკბება და ხარობს, სუფრა გაშლილი აქვს, მაგრამ ნასესხები ფული თანდათან დნება და დროის მდინარება კი ვახშს ზრდის. ცხოვრება მძიმდება. მას უკვე სძულს დღეები, რომელნიც დათქმულ ვადას აახლოვებენ, ეშინია თვეებისა, რადგანაც ისინი მშობელთია ვახშისა, როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი: სესხის მიმცემი და მოვალე ერთმანეთს ხვდებიან, უფალი ორივეს უყურებს, ერთი, როგორც ძაღლი ნადავლისაკენ გარბის, ხოლო მეორეს, ვითარცა გამზადებულ მსხვერპლს, ეშინია შემთხვევით შეხვედრისა. სიტყვის თავისუფლებას მას სიღარებე ართმევს. ორივე თითებით ანგარიშობს; ერთი ხარობს ვახშის გაზრდით, ხოლო მეორე


 კვნესის გასაჭირის გამრავლების გამო.

 

ამიტომ, ბასილ დიდი მოუწიდებს ადამიანებს, სხვისი იმედი ნუ ექნებათ, სვით წყალი თქვენი ჭურჭლებიდან და ცხოვრების სახსარი შენი საკუთარი წვეთებიდან შეაგროვე, ნუ მიადგები სხვის კარებს, რადგან მართლაც რომ ვიწროა სხვისი ჭა, უმჯობესია თვითონვე მოიფიქრო რითი შეეწიო საკუთარ გაჭირვებასო.

ღვთისმეტყველი აფრთხილებს ვალის ამღებს: ნუ შეხედავ იმედით სესხის მიმცემელს, რომელიც ალყას გარტყამს შენ, ნუ მისცემ უფლებას, რომ ვითარცა მსხვერპლი მოგძებნოს კვალში ჩაგიდგეს. ვალის აღება დასაბამია სიცრუისა, უბედურებისა, უსამართლობი და ფიცის დარღვევისა. ... შენ ღარიბი, მაგრამ თავისუფალი ხარ, ხოლო როცა ვალს აიღებ, ვერც გამდიდრდები და თავისუფლებასაც დაკარგავ. ვინც ვალი აიღო მონა გახდა სესხის მიმცემის, დაქირავებული მონა, რომელიც იძულებულია ბატონს ემსახუროს.

ბასილ დიდი სესხის მიმღების, სურათსაც ხატავს და მოუწოდებს ადამიანებს დაითმინონ მძიმე გაჭირვება; ოღონდ ნუ აიღებენ ვალს, რადგან თუ ვალს არ აიღებ ერთნაირად ღარიბი იქნები დღესაც და შემდეგშიც, ხოლო სესხის აღებით კი კიდევ უფრო დაუძლურდები, რამეთუ თუ ვახში ზრდის სიღატაკეს, ახლა შენ არავინ

გადანაშაულებს სიღარიბის გამო, რადგანაც იგი შენი ბრალი არ არის, "ხოლო უკეთუ თავს იდებ ვახშის გადახდას უგუნურებისათვის ყველა გაგკიცხავს".

"ვალს რომ იღებ, - გვაფრთხილებს ბასილ დიდი, - წინასწარ უნდა განსაჯო თუ საიდან გადაიხდი, იმ ფულიდან ხომ არა სესხად რომ იღებ? მაგრამ იგი ხომ ორივესათვის: გასაჭირის დასაფარადაც და გადასახდელადაც არ გეყოფა? ხოლო უკეთუ ვახშსაც მიუმატებ, საიდან გაგიმრავლდება ფული ისე, რომ ცალკე გაჭირვებისაგან იხსნა თავი, ცალკე თავნი შეასრულო და ცალკე კიდევ ვახშიც იხადო? მაგრამ სარგებელს იმ ფულიდან მისცემ, რომელიც ვახშით არ აგიღია? განა გაქვს სხვა წყარო ფულის ასაღებად?".

"ნუ გაიხდი საქმეს ისე, - განაგრძობს ბასილ დიდი, - რომ ბოლოს ინანო და ნეტარად ჩათვალო ის დღეები, როცა ვახშს არ აძლევდი. ღარიბები ამ ერთით განვირჩევით მდიდრებისაგან


 უზრუნველყობით, როცა ჩვენ გვძინავს მათ უძოლო ღამეებს დავცინით, ჩვენ უშფოთველნი და თავისუფალნი ვართ, ისინი პირქუშნი და შეფიქრიანებულნი. ვალის ამღები კი ღარიბიც არის და საზრუნავით დამძიმებულიც... თუ კარზე დაუკაკუნებენ, ვალის ამღები საწოლის ქვეშაა, ვიღაცა წამით შემოირბენს და გული შიშისაგან აუძგერდება, ძაღლი დაიყეფებს და ოფლად იღვრება, შინაგანი ბრძოლით იტანჯება და იმაზე ფიქრობს საით გაიქცეს. როცა დათქმული დრო მოახლოვდება, ახალი საზრუნავი უჩნდება, კერძოდ, რა მოიტყუოს, რა მიზეზი მოიგონოს, რათა მოვალეს თავი დააღწიოს".

 

ბასილ დიდი ვახშს (ბერძნულად ტოკო, რომელიც წარმომდგარია სიტყვა "ტიკტო"-საგან, რაც ქართულად ნიშნავს "ვშობ") ადარებს იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელიც მშობიარობის ტკივილებს ედრება.

 

 

"არცერთი მოკრივე, - აზუსტებს ბასილ დიდი, - ისე არ გაურბის მოწინააღმდეგის დარტყმებს, როგორც ვალის ამღები შეხვედრას ვალის მიმცემთან, ცდილობს რა დაიმალოს, სვეტებს და კედლებს ეფერება".

მძიმე და მტანჯველ კითხვაზე - თუ არ ვისესხეთ რა ვჭამოთ?


 ბასილ დიდი პასუხობს: - "მრავალი რამის მოფიქრება შეიძლება ცხოვრებისათვის, სხვას რომ თავი დავანებოთ, ხელები რომ გაქვთ, ხელობა იცით, სულაც შეიძლება ვინმეს დაექირავოთ და თუ ამ გზით ვერაფერს მოახერხებთ მაშინ ითხოვეთ, სთხოვეთ მათ, ვისაც აქვს, მართალია თხოვნის გრცხვენიათ, მაგრამ კიდევ უფრო სასირცხვილოა, რაც ისესხე ის რომ ვეღარ დააბრუნო".

 

"ამასთან, - ამატებს ბასილ დიდი, - ისინი კი არ მიდიან ვალის ასაღებად, რომელთაც აუცილებელი რამ უჭირთ, არამედ უფრო ხშირად ის ადამიანები სესხულობენ, რომლებიც უანგარიშო მფლანგველობას და უსარგებლო ფუფუნებას ეძლევიან, ემონებიან რა ახირებულ ქალურ სურვილებს...

იმასაც ამბობენ, ვალების აღებით მრავალი გამდიდრდაო, მე კი ვფიქრობ, - ამბონს ბასილ დიდი, - რომ ამ გზამ უფრო მეტი ყულფამდე მიიყვანა. შენ ხედავ გამდიდრებულებს და არ გახსენდება ვინც თავი ჩამოიხრჩო, რადგან ვერ აიტანა სირცხვილი, როცა ვალი უკან მოსთხოვეს, უქონლობის გამო ვერ მისცა და შერცხვენილ სიცოცხლეს ყულფით სიკვდილი ამჯობინა".

შემდეგ, ბასილ დიდი აგრძელებს იმ საშინელებათა ჩამოთვლას, რაც შეიძლება მოჰყვეს ვალის აშებას, განსაკუთრებით შვილებისათვის, შთამომავლობისათვის: "მე მინახავს სიბრალულის აღმძვრელი სანახაობა, - ამბობს ბასილ დიდი, - როცა თავისუფალი ბავშვები მამის ვალის გამო გასაყიდად მიჰყავდათ, არა გაქვს ფული შვილებს რომ დაუტოვო? კეთილშობილებას მაინც ნუ წაართმევ, განძი თავისუფლებისა


 ეს საწინდარი, რომელიც მშობლებისგან გადმოგეცა მაინც

 

შეუნახე. არასოდეს არავისთვის დაუყვედრებიათ სიღარიბე მამისა, მაშნ როცა მამის ვალს კაცი საპყრობილესკენ წაუყვანია. ნუ დატოვებ შენს შემდეგ ხელწერილებს, რომელიც მამისგან წყევლის დარი იქნება და შვილებს და შვილიშვილებზე გადავა".

შემდეგ ბასილ დიდი მიმართავს მდიდრებს: "ომჯობესია ღარიბებმა თქვენი სისასტიკის გამო სხვა უბედურებანი მოითმინოს, ვიდრე ისინი, რომელიც ვახშს მოჰყვება შედეგად, მაგრამ თქვენ რომ უფალი გვირჩევს: "ასესხეთ მათ, რომელთაგან უკან მიღების იმედი არ გექნებათო (ლუკა 6:34,35). იკითხავთ ეგ რაღა სესხია, თუკი მას უკან მიღების იმედიც არ შეუუღლდაო?

მოიაზრე ძალა ნათქვამისა და გაგაოცებს კაცთმოყვარეობა რჯულისმდებელისა. რასაც ღარიბს უფლის გულისათვის აძლევ, ის საჩუქარიც არის და სესხიც, საჩუქარია იმიტომ, რომ არ არსებობს იმედი მისი უკან მიღებისა, სესხი კი უფლის გულუხვობის წყალობითაა, რომელიც იღებს რა მცირეს ღარიბის მეშვეობით, სანაცვლოდ უფრო დიდს მოგანიჭებს, რადგანაც "ღარიბ-ღატაკის გამკითხავი სესსხს აძლევს უფალს (იგავნი 19:17). ნუთუ არ გინდა, რომ სამაგიეროს მოგებისათვის შენს წინაშე თვით ყოველთა უფალი იყოს პასუხისმგებელი?".

უფრო ქვევით, ღვთისმეტყველი ასაბუთებს ვერცხლის უვახშოდ გაცემის აუცილებლობას და ამ საქმეში უფლის თავდებობის მიღებას: თუკი ქალაქის რომელიმე მდიდარი დაგპირდება სხვის მაგივრად გადავიხდიო და მისი გჯერა, ყფლის რატომ არ უნდა გჯეროდესო. მიეცი ვერცხლი, - ამბობს ბასილ დიდი, - რომელიც უქმად გიწყვია, ნუ დაამძიმებ ღარიბს ვახშით და ორივესთვის კარგი იქნება: შენთვისაც, რადგანაც ვერცხლი საიმედოდ შეგენახება და იმისთვისაც, ვისაც მისცემ, რადგან მისი გამოყენებით სარგებელს ნახავს. ხოლო უკეთუ მოგებას ეძებ, ისიც იკმარე, რასაც უფალი მოგანიჭებს. იგი ღარიბთათვის ნამატსაც გადაიხდის, რადგან იმისაგან, ვინც ჭეშმარიტად კაცთმოყვარეა, კაცთამოყვარეობას უნდა ელოდო. ხოლო თუკი ნამატს ღარიბისაგან მიიღებ ეს კაცთმოძულეობის უმაღლესი გამოხატულება იქნება, რადგან სხვათა უბედურების ხარჯზე მოგებას ნახულობ, ფულს ცრემლებისგან კრეფ, ტიტველს აღრჩობ და მშიერს ურტყამ.

უწყალო ხარ და არ ფიქრობ იმაზე, რომ ტანჯული შენი ნათესავია და შენ ასე მიღებულ მოგებას კაცთმოყვარეობად მოიხსენიებ? "ვაი, მათ ვინც სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!" (ესაია 5,20).

"ასპროცენტიანი და ათასპროცენტიანი ვახშის ამღებნი, - აგრძელებს ღვთისმეტყველი გამსესხებელთა და სარგებლის ამღებთა კაცთმოძულეობის დასაბუთებას, - ტომელთა სახელების მოსმენაც კი შიშისმომგვრელია და ისინი, ვინც ნამატს ითხოვენ, ბნელის წარმომშობ დემონთა მსგავსად მთვარის მიმოქცევის მიხედვით ესხმიან თავს ღარიბებს. ვახშის გადახდა ორივე მხარისათვის უკეთურებაა, იმისთვისაც, ვინც აძლევს და იმისთვისაც ვინც იღებს, ერთისათვის ფულის დაკარგვა მოაქვს სასჯელად, ხოლო მეორისას სულს ვნებს".

დასასრულს, ბასილ დიდს, ისევ მოაქვს ციტატა ახალი აღთქმიდან, კერძოდ მათეს სახარებიდან, სადაც ნათქვამია; მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევო". (მათე 5,42).

აქ პოზიცია სავსებით ნათელია, ადამიანს, რომელსაც ლუკმაპური უჭირს, ფული უნდა ასესხო, მაგრამ მისგან ვახში არ უნდა აიღო, მის უბედურებაზე არ უნდა ააგო შენი კეთილდღეობა, ძველი საქმეებისათვის კი ვახშს იქ საიქიოში ჩვენი უფალი იესო ქრისტესგან მიიღებ, რომლის არს დიდება და ძლიერება უკუნით-უკუნისამდეო.

და მაინც, ჩვენი თხრობა ახალ აღთქმაში გამსესხებელთა და ვახშის ამღებთა შესახებ სრული არ იქნება თუ ხაზს არ გაუსვამთ ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს, ძველ აღთქმაში ეს დარიგებები ვახშის ამორალობის შესახებ ეხებოდა მხოლოდ მოყვასს, თავის თანამოძმეს და თანატომელეს, ებრაელს,. ახალ აღთქმაში კი, ეს წარმოდგენები ყველაზე უნდა გავრცელებულიყო, იგივე მათეს სახარებაში ამის შესახებ ნათლად და ხაზგასმით არის ნათქვამი:"

"თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

რათა იყოთ თქვენ შვილნიმამის თქვენის ზეციერისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენ მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილნია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5:43-48).

ამ სიტყვებში ზუსტად და ნათლად არის ჩამოყალიბებული მთელი ქრისტიანული კრედო, რომელიც გმობს მევახშეობას, მაგრამ ფართო გზას უხსნის მოწყალების გაცემას.

*

* *

მკაცრი და კატეგორიულია ვახშის აღებასთან და საერთოდ მევახშეობასთან მიმართებაში მეორე მსოფლიო რელიგია ისლამიც. მის მოძღვრებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ალაჰმა მართალია დაუშვა ვაჭრობა, მაგრამ აკრძალა ვახში.

 

 

მუსლიმანთა წმინდა წიგნის ყურანის მეორე სურის 275-ე აიათში ნათქვამია: "ვინც ვახშის მონაგებს ეტანება, აღდგომის დღეს აღსდგეს მისებრ, რომელიც სატანამ შეხებით გაამწიკვლიანა. ისიც იმტომ, რომ ამბობს: "ვახში იგივეა, რაც გაყიდვაო. ღმერთმა გაყიდვა ინება ვახში კი აკრძალა. ვისაც ეს გაფრთხილება უფლისა შეეხო და ამ უსამართლობას ბოლო მოუღოს, ნამყოსათვის მიტევება მიიღოს; მისი ბედი მაშინ ეკიდოს ღმერთზე". ამ სიტყვებს ყურანში მოსდევს მრისხანე გაფრთხილება; ვინც დაუბრუნდეს ვახშსა ჩავარდეს ცეცხლში, სადაც საუკუნოდ დაემკვიდროს".

ისლამის მიხედვით ალაჰი სპობს ვახშს და მის ადგილზე ამკვიდრებს მოწყალებას. ყურანის მე-2 სურის 278-ე აიათში გვხვდება მოწოდება მორწმუნეებისათვის; ღვთისა გეშინოდეთ და დანარჩენი ვახში შეარჩინეთ თუ მისანდო ხართ". სხვაგვარად, თუ ღმერთი გწამთ და ჭეშმარიტი მორწმუნეები ხართ, დაუტოვეთ მოვალეებს ის ნაწილი მაინც, რომელიც მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ.

და თუ ამას არ იზამთ... ელოდეთ ბრძოლას ღმერთთან და მის მოვლინებულთან. ხოლო, თუ არ შეინანოთ თქვენი თავნი თქვენვე დაგრჩეთ. არავინ შეურაცხჰყოთ და შეურაცხყოფილ არც თქვენ იქმნეთ" (II,279).

საინტერესო და ჭკუისასწავლია ყურანის მომდევნო აიათიც; თუ თქვენი მოვალე გასაჭირში ჩავარდეს, მოითმინეთ ვიდრე ღონე იძიოს. ხოლო თუ ვალი აპატიოთ, უმეტესი დაიმსახუროთ, თუ გესმით" (II,280).

ყველაფერ ამას, ყურანის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გათვალისწინებული იქნება იმ დღეს, როცა თქვენ ღვთისადმიმიიქცევით:

გეშინოდეთ დღისა, როცა ღვთისადმი მიიქცეთ, როცა ყოველსავე სულსა მის საქმეთაებრ მიეგოს; დამცირებულ არავინ იქნეს" (II,281).

ყურანის II სურის 282-ე აიათში გადმოცემულია ვალის გაცემის მთელი ტექნოლოგია:

"მორწმუნენო! როცა პირობას ჰსდებდეთ ვალისათვის, რომელიც უნდა გადახდილ იქმნას გადაჭრილ დროზე, წერილით დასდებდეთ. მწერალმა ნამდვილად აღნიშნოს წერილით, მწერალმა უარი არ სთქვას და დასწეროს, ცოდნისამებრ; რაც ღმერთს მისთვის უსწავლებია; დასწეროს, ხოლო მოვალემ უთხრას; უფლის ეშინოდეს და არაფერი დააკლოს. თუ მოვალეს ამაში ხელ გამომაცლობა არა აქვს, თუ იგია უძლურთაგანი ამა სოფლისა, და თუ არ შეუძლია თვითონ უთხრას, - მისმა პატრონმა (ანუ მისმა მეგობარმა) უთხრას სარწმუნოდ მის მაგიერ. თქვენს შორის არჩეულს ორს მოწმეს მოუწოდეთ; თუ ორი კაცი ვერა ჰპოვოთ, მოუწოდეთ მოწმობა, რო შეესძლოსთ ერთს კაცსა და ორ ქალსა, რათა თუ ერთს დაავიწყდეს, მეორემ შეიძლოს საქმის მოგონება. მოწმეთა უარი არ უნდა სთქვან ჩვენებისა, როცა საჭირო შეიქმნენ. არ ითაკილოთ ვალის აღება წერილით, დიდი იქმნეს, თუ პატარა, ხოლო გადახდის ბორჯსა დასდებდეთ. ასეთი წარმოება უფრო სამართლიანია ღვთის წინაშე, უფრო მომარჯვებული სამოწმებლად და უფრო ცხადი ყოველგვარის ეჭვის ასაცილებლად, თუ მხოლოდ სავაჭრო არ გექმნესთ რამე და ხელთაგან ხელში არ გადაეცით: მაშინ ცოდვა არ იქმნეს, თუ პირობა წერილით არ შეჰკრათ. მოწმეებს მოუწოდეთ პირობისათვის და ნუ დააძალებთ ნურცა მწერალსა, ნურცა მოწმესა; ხოლო თუ ჰყოთ, ცოდვა ჩაიდინოთ. გეშინოდესთ ღცთისა: იგი გასწავლისთ და მანვე უწყის ყველაფერი" (II,282).

იმ შემთხვევაში, აგრძელებს ყურანი საუბარს ამ საკითხზე, - "თუ გზად იყვნეთ და მწერალი ვერ ჰპოოთ, მაგიერობა საწინდარმა სწიოს, ხოლო თუ ერთმა მეორეს ნივთი რამ ჩააბაროს, ვისაც საწინდარი ჩაბარდეს, ხელუხლებლივ აღადგინოს იგი; ღვთის, თავისის უფლის ეშინოდეს. მოწმობის უარი არა სთქვათ; ვინც უარი ჰსთქვას გულ გარყვნილ იქმნეს. ხოლო ღმერთმა თქვენი საქმეები უწყის (II,283).

*

* *

თუ ყველაფერ ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ფულის გამსესხებელთა და მისგან სარგებლის მიმღებთა მიმართ მონოთეისტური რელიგიების: იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის დამოკიდებულება ურთიერთმსგავსი და მკვეთრათ უარყოფითი იყო. როგორც ჩანს, ადრეც და ამ რელიგიების შექმნის პერიოდშიც, მევახშეობა საკმაოდ ფართო გავრცელებული მოვლენა ყოფილა, მას ზოგი იძულებით, ზოგი კი სპეციალურად, გასამდიდრებლად მიმართავდა. ამიტომ, რელიგიური მოძღვრებები ცდილობდნენ ამ პროცესისათვის გულმოწყალე და ზნეობრივი სახე მიეცათ. მევახშეობა მანკიერ მოვლენად

გამოეცხადებინათ. მის სანაცვლოდ დაენერგათ ტვირთმძიმეთათვის მოწყალების გაცემა, ღარიბ-ღატაკთათვის დახმარება, ზოგჯერ მათთვის ვალის პატიებაც კი.

ასეთი ქველმოქმედებისათვის მდიდარ ადამიანებს ღვთის შეწყალებას და ღმერთის თანადგომას ჰპირდებოდნენ. ამ რელიგიათა მიხედვით, როცა ადამიანებს უფალთან წარდგომის ჟამი დადგება, ასეთი ქველმოქმედება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მათი სულების ხსნის საქმეში.

სამწუხაროდ, ჩვენს რთულსა და ძნელ დროში, ცოტა ვინმე თუ უგდებს ყურს რელიგიურ წიგნებში დაფიქსირებულ ამ მნიშვნელოვან შეგონებას, მითუმეტეს, ნაკლებად ანხორციელებს მას რეალურ ცხოვრებაში.

გაზეთი "სრულიად არასაიდუმლოდ" #1, 2003 წ.

მოძრაობების თუ რელიგიური წარმონაქმნების წარმოშობისას სხვაგან თუ ჩვენში. ამის ახსნა და გარკვევა უაღრესად საჭირო და აუცილებელია, რადგან, არა მარტო ბატონ აკაკი ჯორჯაძეს, არამედ თითოეული ასეთი ორგანიზაციის მეთაურს აქვს უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია და თანაც კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხალხმა მხოლოდ მისი აღმოჩენილი გზით იაროს, მხოლოდ მისი მოძღვრებით იხელმძღვანელოს. სხვა შემთხვევაში, მკაცრად გვაფრთხილებენ: ქვეყანა დაიღუპებაო...

ბატონ აკაკის ან არ უხდება, ან იშვიათად უხდება შეხვედრა ასეთი ტიპის ორგანიზაციების თუ მოძრაუბების ლიდერებთან, თორემ უმალ დარწმუნდებოდა, რომ მათი განცხადებანი ხსნის ერთადერთი ჭეშმარიტი გზის ფლობის შესახებ, კატეგორიულობით არაფრით გამოირჩევა მისი მტკიცებებისაგან. აი, თუნდაც საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი "ლაზარეს ინსტიტუტის" გაზეთი "დედანი ენის სასწაული" (იგივე "ლაზარეს აღდგინება", იგივე "სიტყვაი კეთილი") 1999 წ. #1 (16) ნომერი ავიღოთ, სადაც ნათქვამია:

"დიახ, ჩვენი გაზეთის ბოლო ნომერში გაცხადდა ძე კაცისას ხორციელად მოსვლის შესახებ (ხაზგასმა ჩვენია


 თ.ფ.). ამ აზრის არმიმღებთა შესახებ იმავე ნომერში მოყანილი იყო იოანე ღვთისმეტყველის წერილზე აგებული მოსაზრება, რომ "ბოლო ჟამს, როდესაც ქრისტეს მეორედ ღმერთად მოვლინების წინა, ანტიქრისტეს ზეობის ხანა იქნება, არ შეგეშალოთ და მიხვდით, რომ ვინც უარყოფს ქრისტეს ხორციელად მოსვლას, იგი ღმერთისაგან არ იქნებაო".

 

როგორც ვხედავთ, აქ ჯორჯაძისა და მისი მიმდევრებისაგან განსხვავებით, ქრისტეს მეორედ მოსვლა სულიერად კი არა, ხორციელად არის დასახული. და ეს ცოდნა გაზეთის ავტორებს (მათივე მტკიცებით) სულით აქვთ მიღებული.

რა ქნას, რა მოიმოქმედოს უბრალო მოკვდავმა, ვის დაუჯეროს, ორივე მხარე ხომ თავგამოდებით ამტკიცებს, მხოლოდ ჩემი მტკიცებაა ერთადერთი სწორი, ჭეშმარიტი და სულიერი გზით გვაქვს მიღებულიო?..

 

 

ან იგივე გაზეთში, მე-12 გვერდზე ნათქვამია: "ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ზვიად გამსახურდია იყო რეინკარნაცია ყოვლადწმიდა სამების იპოსტასის, მეორე წევრის


 ძისა, ანუ იგი იყო კაცი სრული და არა ღმერთი...

 

ანუ მარადარსებულმა, ყოვლადძლიერმა, ყველაფრის მფლობელმა სულმა, ყოვლადწმიდა სამების მეორე წევრმა


 ძემ, შეიმოსა ჩვეულებრივი მოკვდავის სხეული და განკაცდა ზვიად გამსახურდიაში"...

 

ან ახლა რა ვქნათ, მართლა დავიჯეროთ, რომ ზვიად გამსახურდია იესო ქრისტეს რეინკარნაცია იყო, სადაური ქრისტიანული ცოდნაა ეს?

ნაღდად აღარ მინდა ამაზე სიტყვის გაგრძელება...

ჩემს ცხოვრებაში არასოდეს გამჩენია ვინმეს გაქილიკების,

1 ფსალმუნთა განმარტებანი წმინდისა ბასილ დიდისა, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა, ძველბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ (იხ. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1995წ.).

თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე ი ნ ტ ე რ ვ ი უ ე ბ ი

თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე

ი ნ ტ ე რ ვ ი უ ე ბ ი

I. თეიმურაზ ფანჯიკიძე: ჩემი პოზიცია იგივე დარჩა:

მე ვიყავი და ვარ რელიგიის ისტორიკოსი

(ინტერვიუ რელიგიათმცოდნესთან)

- ბატონო თეიმურაზ, საგანს, რომელსაც თქვენ უძღვებით კულტურის ინსტიტუტში, რელიგიის ისტორია ჰქვია. როგორც მე ვიცი, ეს დისციპლინა ცოტა ხნის წინათ შეიტანეს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამაში...

- დიახ, ასეთი სახით ეს საგანი სულ რაღაც ორი-სამი წელიწადია იკითხება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ რელიგიის ისტორიის საკითხებს ჩვენში ადრე არ სწავლობდნენ; საქმე ის არის, რომ, ერთ შემთხვევაში (კომუნისტები) მას შეისწავლიდნენ როგორც გადმონაშთს, რომელიც დროთა ვითარებაში აუცილებლად უნდა დაძლეულიყო, რათა მის ადგილას დამკვიდრებულიყო ახალი მატერიალისტურ-ათეისტური მსოფლმხედველობა. მეორე შემთხვევაში კი რელიგიის ისტორიის საკითხებს შეისწავლიდნენ ცალკეული რჯულთმოძღვრების წარმომადგენლები თავიანთი კონფესიური ინტერესების გათვალისწინებით. ასეთი მიდგომით, ბუნებრივია, მხოლოდ ერთადერთი რელიგიური მიმართულება ცხადდებოდა ჭეშმარიტად, ხოლო სხვები არასწორ, ცრუ და სატანისეულ

მოძღვრებებად. რასაკვირველია, არცერთ ამ შემთხვევაში არ იყო რელიგიის, როგორც მთლიანი მოვლენის, ობიექტურად შესწავლის საშუალება.

 

 

- თქვენ როგორ უდგებით ამ საგანს?

- რელიგიის ისტორიის შესწავლა-შეფასება ობიექტურად უნდა ხდებოდეს, რელიგიის ჩასახვის, განვითარების პროცესის ჩვენებით და მეცნიერული ანალიზით. უკვე აღვნიშნე, ის თავისუფალი უნდა იყოს როგორც ცალკეული რჯულთ-მოძღვრებების დიქტატისაგან, ასევე რელიგიური წარმოდგენებისა და ღირებულებების წინასწარ და ულაპარაკოდ უარყოფისაგან. ამასთანავე, რელიგიის ისტორია კულტურის ისტორიასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. ასეთი მიდგომის გარეშე ჩვენ ვერ შევქმნით რელიგიის წარმოშობისა და განვითარების სწორ სურათს.

- თვით რელიგიას როგორ აფასებთ?

- რელიგიის კვლევისას იმ მოსაზრებიდან გამოვდივარ, რომ იგი არის არსებითად კულტურის შინაგანი მხარე, რომ რელიგია გამოხატავს ადამიანთა ცხოვრების არსს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხებში. იგი მნიშვნელოვნად ასახავს ეპოქის ხასიათს, განწყობას, საზოგადოების მდგომარეობას, მის მიზანსა და პოლიტიკას. რელიგიის ისტორია გვიჩვენებს, როგორი იყო გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში ადამიანთა მისწრაფებები და იმედები. მე ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ რელიგიათა ისტორიის შესწავლა ეს არის მსოფლიო ისტორიის სულში ჩაწვდომა, ამ სულის მოძრაობის შესწავლა, ეს არის გაგება სულიერი კულტურისა, სურვილებისა თუ იმედებისა, რომლითაც ხალხი ცხოვრობდა, სულდგმულობდა და რითაც იგი ამაყობდა.

რელიგია კულტურის ელემენტია, შესაბამისად, ის ვითარდება კულტურის წინსვლასთან ერთად. როგორიც იყო კულტურა, ისეთივე იყო რელიგიის განვითარების დონეც. შესაბამისად, იგი ასახავდა იმ იდეალებს, რომლისკენაც მიილტვოდა და რაზეც ლოცულობდა საზოგადოება, აჩვენებდა ხალხის გაჭირვებასა თუ დალხინებას.

- რა ადგილი უჭირავს რელიგიის ისტორიას კულტურის ინსტიტუტის სასწავლო გეგმებში?

- მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას კარგად ესმის ამ საგნის საჭიროება სტუდენტებისათვის. მართლაც, ძალზე ძნელია, ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ლიტერატურაზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურაზე, საერთოდ კულტურაზე, თუ სათანადო ცოდნა არა გვაქვს რელიგიური ღირებულებების შესახებ, არაფერი გაგეგება იმ რელიგიური თუ მითოლოგიური სიუჟეტებისა, რომლებიც უამრავ მხატვრულ ნაწარმოებს უდევს საფუძვლად.

 

 

- ვინ უნდა ასწავლიდეს რელიგიის ისტორიას?

- ჩემი აზრით, მეცნიერი. ის ფაქტი, რომ ამ საქმისათვის თავდაპირველად ბევრ საერო სასწავლებელში სასულიერო პირები მიიწვიეს, იმით უნდა აიხსნას, რომ ზოგჯერ ერთმანეთში აურიეს რელიგიის ისტორია და საღმრთო სჯული.

- როგორ უყურებთ თქვენს ადრინდელ ნაწერებს: წიგნებს, ბროშურებს, სტატიებს?

- ჩემი პოზიცია, ფაქტობრივად, იგივე დარჩა. მე ვიყავი და ვარ რელიგიის ისტორიკოსი. ყოველთვის ვცდილობდი ობიექტური პოზიციებიდან მივდგომოდი რელიგიის საკითხებს. ასეთი პოზიციიდან არის დაწერილი 70-იან და 80-იან წლებში გამოქვეყნებული ჩემი შრომები. მათ შორის ჩემი წიგნი ბიბლიაზე, რომელშიაც საღმრთო წერილი განხილულია, როგორც შესანიშნავი კულტურულ-ისტორიული ძეგლი. იმ დროს, როდესაც რელიგიის შესახებ პოზიტიურად რაიმეს წერა, ფაქტობრივად, იკრძალებოდა, ამაზე უფრო გაბედული აზრის გამოთქმა ოფიციალურ პრესაში ძალიან ძნელი იყო.

- ახლა საქართველოში მრავალი რელიგიური კონფესიაა, რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- თუმცა მე ყველა რელიგიას ობიექტურად ვუყურებ და ყველა მათგანი საინტერესოდ მეჩვენება, მაგრამ მაინც, გულის სიღრმეში, ძალიან მიჭირს საქართველოში რეკომენდაცია გავუწიო რომელიმე ისეთ რწმენას, რომელიც ქართველ კაცს ხელს ააღებინებს ჯვარსა და სიონზე, ატენსა და გელათზე, ბაგრატსა და ნიკორწმინდაზე, საერთოდ, ქართულ კულტურაზე, რომელიც წარმართობის შემდეგ ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა, ხოლო იმათ, ვინც სხვა რელიგიით იარა (კათოლიკურის გარდა), სამწუხაროდ, არაფერი შეუმატებიათ ქართული კულტურისათვის.

- ბატონო თეიმურაზ, მაინც რაში მდგომარეობს თქვენი რწმენა?

- ადამიანებმა ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ იციან სამყაროზე. ჩვენ მხოლოდ ოდნავ შევაღეთ კარი და აქედან ვუმზერთ უსასრულო სამყაროს. ამ პატარა ცოდნისაგან კატეგორიული დასკვნების გაკეთება უაზრობად მეჩვენება. ამიტომ მე ვამჯობინე ვყოფილიყავი რელიგიის ისტორიკოსი და მეკვლია მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში მართლა მოხდა.

- . მონათლული თუ ხართ?

- მონათლული ვარ. თუმცა მოვინათლე საკმაოდ გვიან, 1962 წელს, უკვე მოწიფულობაში, ქუთაისში, ჩემს მეგობართან რეზო ბალანჩივაძესთან (ამჟამად პროფესორთან და თეატრალური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგესთან) სტუმრობისას. ნათლიები, თვით რეზოს გარდა, მისი მეგობარი ქალიშვილები იყვნენ. მაშინ მე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ათეიზმის სპეციალობის ასპირანტი ვიყავი, ხოლო რეზო ბალანჩივაძე ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. ვინაიდან, იმდროინდელი გაგებით, ორივენი იდეოლოგიურ დარგს ვემსახურებოდით, ჩვენი ასეთი საქციელით გარკვეულ რისკს

ვეწეოდით, რადგან ამ საქმის გახმაურების შემთხვევაში მე უნივერსიტეტიდან და რეზოს ინსტიტუტიდან გაგდება გველოდა.

მონათვლით, ჩემი იმდროინდელი გაგებით, პატივი ვეცი ქართულ ტრადიციას, ადათს, ცხოვრების წესს და იმ რელიგიურ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა მრავალი საუკუნის წინ. ესაუბრა გვანცა ჩხეიძე, კულტუროლოგიის სპეციალობის სტუდენტი.

გაზეთი
ქართული კულტურა

 2 (38), 1994. ივნისი.

II. რელიგიათმცოდნეობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის და ეთიკის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფანჯიკიძე.

- ბატონო თეიმურაზ, რის ბაზაზე შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრა და ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობა?

- საბჭოთა ხელისუფლების არსებობის სამოცდაათი წლის მანძილზე, რელიგია ისწავლებოდა იმდენად, რამდენადაც საჭირო იყო ხალხის მასებიდან მისი გავლენის აღმოსაფხვრელად. ამიტომ რელიგიის ყოველგვარ კრიტიკას წინ უძღოდა გასაკრიტიკებელი ობიექტის ერთგვარი პოზიტიური დალაგება. ყველაფერი კეთდებოდა ლენინის იმ მითითების თანახმად, რომელიც მან ი. ი. სკვორცოვ-სტეპანოვს მისცა, დაეწერა რელიგიის ისტორიის პატარა ტომი, რომელიც, ამავე დროს, მიმართული უნდა ყოფილიყო რელიგიის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც უნდა მიმოეხილა ათეიზმის ისტორია და ეკლესიის ბურჟუაზიასთან კავშირის მასალებიც. ეს მითითება ათეული წლების მანძილზე პრაქტიკულად ზედმიწევნით სრულდებოდა. რელიგიის მეცნიერულ კრიტიკას წინ უძღოდა რელიგიის ისტორიის მოკლე სახით გადმოცემა. მიუხედავდ ასეთი მიზანდასახულობისა, ამ ფაქტმა გარკვეულად, მაინც დადებითი როლი შეასრულა რელიგიური პრობლემატიკის შესწავლის საქმეში. იმ პერიოდში რელიგიური გამოცემები ძალიან ცოტა იყო, მათი ტირაჟები კი


 კატასტროფულად მცირე. ასეთ პირობებში, მეცნიერული ათეიზმის სახელმძღვანელოებსა თუ სხვა წიგნებში დალაგებული რელიგიის ისტორია, ფაქტობრივად, ერთადერთი მისაწვდომი წყარო იყო მოსახლეობის ფართო მასებისათვის, მიეღოთ ინფორმაცია რელიგიის შესახებ.

 

1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შეიქმნა მეცნიერული ათეიზმის კათედრა (ეთიკასა და ესთეტიკასთან ერთად), რომელსაც თეორიულად იგივე მიზნები და ამოცანები ჰქონდა, რაც მისი

ტიპის სხვა კათედრებს მთელ საბჭოთა კავშირში


 დაეძლიათ რელიგიური გადმონაშთები და ხალხისათვის ახალი შეხედულებები ჩაენერგათ. მაგრამ პრაქტიკულად, კათედრამ ბევრი რამ გააკეთა რელიგიური პრობლემატიკის შესასწავლად და გამოსაცოცხლებლად. განვლილი 36 წლის მანძილზე გამოვიდა რამდენიმე სახელმძღვანელო, დაისტამბა კრებულები, გამოიცა ცალკეულ ავტორთა წიგნები, გაიზარდა ახალი კადრები, დაცული იქნა დისერტაციები...

 

ოთხმოციანი წლების ბოლოს კათედრამ ოფიციალურად შეიცვალა თავისი სახელწოდება და მას რელიგიათმცოდნეობის და ეთიკის კათედრა ეწოდა. მოგვიანებით, კათედრის ინიციატივით, ფილოსოფიის ფაკულტეტზე თეოლოგიის სპეციალობა გაიხსნა.

თავდაპირველად ძალიან ბევრი სიძნელე იყო, ჩვენში ნაკლებად იყო ღვთისმეტყველების სწავლების გამოცდილება, საჭირო იყო ახლებური მიდგომა. რელიგიათმცოდნეობის კათედრა ნელ-ნელა შეივსო ახალი კადრებით. ძველ სპეციალისტებს მიეცათ საშუალება, მოემზადებინათ ღვთისმეტყველური კურსები. ამჟამად, კათედრაზე ასწავლიან მეცნიერები, რომლებმაც ისწავლეს და დისერტაციები დაიცვეს ვატიკანში, გერმანიაში, რუსეთში


 ძველი და ახალი კადრების ნაზავმა, საბოლოო ჯამში, კარგი კოლექტივი შეკრა.

 

- რას სწავლობენ თქვენი სტუდენტები და სად შეიძლება გამოიყენონ მათ თავიანთი ცოდნა?

- ზოგად საუნივერსიტეტო საგნებთან ერთად, ისინი იღებენ ფილოსოფიურ განათლებას, ბაკალავარიატის ოთხი და მაგისტრატურის ორი წლის მანძილზე მათ ეკითხებათ


 ფილოსოფიის ისტორია, სისტემატური ფილოსოფია, სოციალური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, ლოგიკა, ეთიკა, ესთეტიკა, სოციოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია, სხვადასხვა ფილოსოფიური სპეცკურსები. ამასთანავე, თეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ინტენსიურად სწავლობენ უცხო ენებს, როგორც თანამდეროვე, ისე ძველ ენებს.

 

რაც შეეხება მათ უშუალო სპეციალობას, ისინი ფართოდ გადიან რელიგიათა ისტორიას, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას, ძველ და ახალ აღთქმას, აღმოსავლურ რელიგიებს, რელიგიურ უმცირესობებს, საკულტო ხელოვნების ისტორიას, ქართულ წარმართობას, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას, რეფორმაციის ისტორიას, დოგმატურ, ძირითად, შედარებით, ზნეობრივ ღვთისმეტყეველებებს, პატროლოგიას, საეკლესიო სამართალს, ჰომილეტიკას, ლიტურგიკას, ეგზეგეტიკას და ისაგოგიკას, რელიგიურ ანთროპოლოგიას და ბევრ სხვა საინტერესო საგანს. ჩვენი სასწავლო გეგმა შეჯერებული გვაქვს გერმანიის, დანიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების თეოლოგიური ფაკულტეტების გეგმებთან და პროგრამებთან.

რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ამ რთული საგნების წამკითხველი კვალიფიციური ლექტორები. ჩვენს კურსდამთავრებულთ, რომელთაც ფართო თეოლოგიური და ფილოსოფიური განათლება აქვთ, შეუძლიათ მრავალ ადგილას გამოიყენონ თავიანთი ცოდნა. გარდა საშუალო სკოლისა, სადაც ისწავლება საგანი

რელიგია და კულტურა, მათ შეუძლიათ სამსახური იპოვონ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, მუზეუმებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ტენიკუმებში და თვით დიპლომატიურ ასპარეზზეც, ზოგს კი სულაც სასულიერო კარიერა შეუძლია აირჩიოს...

- რა ურთიერთობა გაქვთ სასულიერო აკადემიასთან?

- ზოგიერთი ჩვენი მეცნიერ-მუშაკი ლექციებს კითხულობს სასულიერო აკადემიაში. თავის მხრივ, აკადემიის ზოგი ლექტორი ან კურსდამთავრებული ჩვენთან თანამშრომლობს. ვვარაუდობ, რომ ახლო მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ უნივერსიტეტის თეოლოგიის სპეციალობა საერო სასწავლებლის დარგია. ამიტომ, მისი მიზნები, ამოცანები და პროგრამები არ შეიძლება იდენტური იყოს სასულიერო აკადემიის მიზნების, ამოცანების და პროგრამებისა.

- რა კავშირი და დამოკიდებულება გაქვთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და როგორ გესახებათ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, ეკლესიის მონაწილეობა საერო საქმეებში, თუნდაც სასკოლო განათლებაში?

- ჩვენს პირველ გამოშვებაში მონაწილეობდა და თეოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა მომზადებით კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. თბილი და საქმიანი ურთიერთობა ყალიბდება კათედრასა და უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ ბასილთან და მამა ილიასთან, ორივე სასულიერო პირი უნივერსიტეტელია და მათ კარგად ესმით ჩვენი პრობლემები. ისინი ახალი სასწავლო წლიდან მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის მუშაობაში.

ეკლესია გამოყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოსაგან. ხელის შეწყობა ჩვენი ტრადიციული რწმენისათვის არ უნდა ნიშნავდეს მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ასეა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში. დაუშვებელია, რომ სასულიერო პირნი სახელმწიფო მოხელეებად იქცნენ და ხელისუფალთა ნებისმიერი შეკვეთა შეასრულონ.

რაც შეეხება რელიგიის სწავლებას სკოლებში


 ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიფიქროთ თუ რა დოზით, რა ფორმით, რა ხერხებით მივაწოდოთ ეს ცოდნა ახალ თაობას... დღეს არსებული სწავლების ფორმები, ჩემი აზრით, აშკარად დახვეწას მოითხოვს...

 

ესაუბრა ლელა დონაძე

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა

 191 (2564), 9 აგვისტო, 1997 წ.

III. პასტორი ჰორსტ ნისენი: რწმენა თავისუფალი უნდა იყოს

საქართველოში სტუმრად იყვნენ სასულიერო პირები გერმანიიდან: პასტორი ჰორსტ ნისენი


 აღმოსავლეთ ევროპაში დიაკონისელთა ორდენის წარმომადგენელი და ღირსი დოქტორი კარლ ჰაინც ვალტერი


 ევროპის ბაპტისტთა ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი. მათ შეხვდა და პასტორ ჰორსტ ნისენს ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგე, რელიგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ფანჯიკიძე

 

დემოკრატიაზე იმას უნდა ელაპარაკო,

ვისაც ნამდვილად უნდა დემოკრატია.

იეღოველები კი თვითონ ახორციელებენ

შინაგან დიქტატს.

ჰორსტ ნისენი

თემურ ფანჯიკიძე.


 ბატონო ჰორსტ, საქართველოში ბოლო წლებში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რელიგიის შესახებ კანონის თაობაზე. მოსახლეობის აზრი მკვეთრად გაიყო: ერთნი ამტკიცებენ, რომ უნდა იყოს ასეთი კანონი, მეორენი კმაყოფილდებიან მხოლოდ სათანადო მუხლით კონსტიტუციაში სინდისის თავისუფლების შესახებ, მესამენი თვლიან, რომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (როგორც ქვეყნის ძირძველ და ძირითად რელიგიასთან), მეოთხენი თვლიან, რომ ასეთი ხელშეკრულებები უნდა დაიდოს საქართველოში არსებულ ყველა კონფესიასთან, ხოლო ყველაზე უფრო რადიკალურად განწყობილი ადამიანები მოითხოვენ, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, როგორია, ამ მხრივ, ევროპისა და, კერძოდ, გერმანიის გამოცდილება?

 

- გერმანიაში არც ლუთერანობა და არც კათოლიციზმი არ არის სახელმწიფო რელიგია, მაგრამ, ფაქტობრივად, ასეთ როლს ასრულებენ. ასეთმა პოზიციამ მათ დიდი სიკეთე ვერ მოუტანა, რადგან ამ ეკლესიებმა უკვე ბევრი მორწმუნე დაკარგეს, რის გამოც ფინანსურმა შემოსავალმაც იკლო. ახლა ისინი იძულებულნი არიან, შეამცირონ სასულიერო პირთა რაოდენობა და ცალკეული რელიგიური ორგანიზაციები გააუქმონ კიდეც.

ყველა რელიგიური კონფესია, ევანგელიკური ეკლესია იქნება თუ სხვა მიმდინარეობა, გარკვეულ გადასახადს უხდის სახელმწიფოს. ეს გადასახადი, სამწუხაროდ, სახელმწიფოს კი არა, მხოლოდ ამ ორ ეკლესიას


 ლუთერანულს და კათოლიკურს, მათ საქმიანობას ხმარდება.

 

მაგრამ ახლა, როდესაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა ევროპის გაერთიანების პროცესი, ეს ეკლესიები გათავისუფლდებიან ამ გადასახადებისაგან... ეს კი შეზღუდავს იმ ფინანსურ ბაზას, რითაც ეს ორი ეკლესია იკვებება. შესაბამისად, ეს პროცესი გამოიწვევს ამ ორი ეკლესიის გავლენის შემცირებას და, გარკვეული თვალსაზრისით, დაცემას. ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა. მაგალითად, ჰამბურგში მოსახლეობის მხოლოდ მესამედი დადის ეკლესიაში, ბერლინში


 22 პროცენტი და ეს ასეა გერმანიის ბევრ მხარეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთით.

 

თ. ფ.


 რელიგიურობა საერთოდ დაეცა ევროპაში, თუ ეს მხოლოდ გერმანიაში შეიმჩნევა?

 

- ეს პროცესი აშკარად შეინიშნება ინგლისში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, იტალიაში. ცხადია, იგივეს ვერ ვიტყვით აღმოსავლეთ ევროპაზე, რაც იმითაა განპირობებული, რომ აქ კარგა ხანს ბატონობდა კომუნისტური რეჟიმი, რელიგია კი აკრძალული ხილი იყო. თუმცა, ისეთ ძლიერ კათოლიკურ ქვეყანაში, როგორიც პოლონეთია, ბოლო ინფორმაციით, ბევრი აღარ დადის ეკლესიაში. რაც შეეხება ბულგარეთს, მართალია, აქ მოსახლეობის 89-90 პროცენტი ამა თუ იმ რელიგიურ კონფესიას ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ 1 პროცენტი დადის ეკლესიაში.

 

 

თ. ფ.


 რა აზრის ბრძანდებით კონკორდიუმზე (ხელშეკრულება სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიას შორის)?

 

- არცთუ ისე მაღალი აზრის. გაუმართლებელია, როცა ერთი რელიგიური კონფესია ამ გზით ცდილობს მეორეზე უპირატესობის მოპოვებას. თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ გზით შეეცდება სხვა ეკლესიებზე უპირატესობის მოპოვებას, თქვენი ქვეყანა ვერასოდეს მოხვდება ევროკავშირში. ცხადია, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც აქამდე თურქეთი ვერ შევიდა ევროკავშირში, სწორედ რელიგიური ფაქტორი გახლავთ. სანამ იქ ყველა რელიგიას თანაბარ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, თურქეთს ევროკავშირში არ შეუშვებენ.

თ. ფ.


 კი მაგრამ, ხომ არსებობს ასეთი კონკორდიუმები საბერძნეთში, ესპანეთში?..

 

- საბერძნეთზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. იქაურ ვითარებას ცუდად ვიცნობ. რაც შეეხება ესპანეთს, აქ კონკორდიუმი საკმაოდ დემოკრატიული ხასიათისაა. მართალია, იქ ლაპარაკია კათოლიკური ეკლესიის მაიორეტეტზე, მაგრამ სხვა კონფესიები ნაკლები უფლებებით არ სარგებლობენ.

მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა გერმანიაში და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის, დამკვიდრდეს ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლება, რადგან ესაა ადამიანის უპირველესი უფლება. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც უნდა და როგორც უნდა, ისე იწამოს.

ცოტა უფრო რთულია საკითხი იურიდიული სტატუსის შესახებ. ჩემი აზრით, ყველა ქრისტიანულ ეკლესიას ერთნაირი სტატუსი უნდა ჰქონდეს. მაგრამ სექტები ასეთ სტატუსს ვერ იღებენ და არც შეიძლება მიიღონ. ასეთები არიან: იეღოვას

მოწმეები, კრიშნაიტები, მორმონები. და ეს ასეა არა მარტო გერმანიაში, არამედ ინგლისში, საფრანგეთში...

თ. ფ.


 როგორ უყურებს პასტორი იეღოვას მოწმეებს?

 

- ეს არის ავტოკრატიული სექტა და მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც იქიდან გამოვიდა.

თ. ფ.


 ჩაითვლება თუ არა ის ტოტალიტარულ სექტად?

 

- ისინი, მართლაც რომ, ტვინს ურეცხავენ ადამიანებს. ამ სექტის ბევრი წევრი წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის. მე ვესაუბრე ჟურნალისტებს ევროპაში გამართული რელიგიური თავისუფლების ფორუმზე და განვაცხადე, რომ დემოკრატიაზე იმას უნდა ელაპარაკო, ვისაც ნამდვილად უნად დემოკრატია. იეღოველები კი თვითონ ახორციელებენ შინაგან დიქტატს. ამის დადასტურებაა თუნდაც მათი ორგანიზაციული სტრუქტურა. ამიტომ ასეთ სექტებს უფლება არა აქვთ, ისაუბრონ ჭეშმარიტ დემოკრატიაზე. სხვა მხრივ, ყველა ქრისტიანულ ეკლესიას ერთნაირი სტატუსი უნდა ჰქონდეს.

თ. ფ.


 იეღოვას მოწმეებსაც

 

 მათ შორის მიიჩნევთ?

- იეღოვას მოწმეებს

 არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ განიხილავენ, როგორც ეკლესიას. ეკლესიასა და სექტას შორის კი დიდი განსხვავებაა. ამიტომ, სასურველია, მისგან გარკვეული დისტანცია დავიკავოთ.

თ. ფ.


 იქნებ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობის შესახებ, რომელსაც რამდენიმე წელია, რაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გამოეთიშა?

 

- ეს ფრიად სამწუხაროა. ქრისტიანულ ეკლესიებს ამქვეყნიურ წუთისოფელში უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ეს აუცილებლად მიმაჩნია. ჩვენ, გერმანელი ბაპტისტები, არა ვართ ჟენევის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წევრი, მაგრამ ცხოვრებაში ეკუმენურად ვაზროვნებთ და გვინდა ყველა ქრისტიანულ კონფესიასთან ურთიერთობა. ცხადია, მართლმადიდებლურ სამყაროსთანაც.

გაზეთი ახალი ეპოქა, 14-16 ნოემბერი, 2000

IV. რელიგიის პროფესორი როჯერ კრუკი:

იეღოველებისა

 ჩვენც გვეშინია, მაგრამ მაინც ვამჯობინებთ, ხალხს თავისუფალი სულიერი არჩევანის უფლება მივცეთ

 

საქართველოში უამრავი სტუმარი ჩამოდის. მათ შორის ბევრი სასულიერო პირიც. ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებენ ჩვენს ძირძველ ქრისტიანულ ქვეყანას, ეცნობიან მის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ კულტურას.

მიმდინარე წლის ივნის


ივლისში საქართველოს ესტუმრნენ აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის კემპბელის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და რელიგიის პროფესორი როჯერ კრუკი და მისი მეუღლე ლიტერატორი მერი რუდ კრუკი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ როლის კოლეჯში მუშაობს.

 

სტუმრებს შეხვდა და ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგე, რელიგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ფანჯიკიძე.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ სწორედ კაპიტალიზმია ქრისტეს ნაოცნებარი საზოგადოება. ზოგი სოციალიზმს ამჯობინებს. მაგრამ არცერთი ეს შეხედულება არ არის მართალი.

 

 

ყველა ადამიანს აქვს ბიბლიის დამოუკიდებლად ინტერპრეტაციის უფლება. ვთვლით, რომ მთავარია არა თეოლოგიური ფორმულირებები, არამედ პირადი რწმენა და ურთიერთობა ღმერთთან.

რ. კრუკი

- ბატონო როჯერ, საქართველოში სოციალიზმის იდეებზე უარის თქმასა და რელიგიის აღორძინებასთან ერთად ბევრი ადამიანი იმედოვნებდა, რომ ქვეყანაში აღდგებოდა ქრისტიანული ზნეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე როდი მოხდა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. როგორაა საქმე ამ მხრივ თქვენთან, ამერიკაში?

 


 თქვენ მეტად რთული და ძნელი კითხვა დამისვით, თუმცა ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ეთიკის პრობლემატიკაზე მუშაობს, უნდა ჰქონდეს ამ საკითხებზე თავისი მოსაზრებები. დაბეჯითებით მხოლოდ ერთს გეტყვით: პრობლემები, რომლებზეც ლაპარაკობდით, მარტო საქართველოსათვის არ არის დამახასიათებელი. იგივე პროცესები შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში: ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვაგან, იცვლება პრაქტიკული შეხედულებები და ჩვეულებები, მაგრამ არა მორალი. ავიღოთ, მაგალითად, თანამედროვე მუსიკა, რომლითაც გატაცებულია ახალგაზრდობა. ძველი თაობის ბევრი წარმომადგენელი მას ამორალურს უწოდებს, თუმცა, ცხადია, ამით ადამიანის მორალის შეფასება არ შეიძლება.

 

ქრისტეს დაბადებიდან განვლილი 2000 წლის მანძილზე ადამიანის ბუნება ბიოლოგიურ დონეზე დარჩა, თუმცა იცვლება პირობები, გარემოებები.

ჩემი აზრით, უმთავრესი ისაა, რომ რელიგია ეხმარება ადამიანს, შეეგუოს ახალ გარემოებებს და ცდილობს, გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ სწორედ კაპიტალიზმია ქრისტეს ნაოცნებარი საზოგადოება. ზოგი სოციალიზმს ამჯობინებს. მაგრამ არცერთი ეს შეხედულება არ არის მართალი. მე ვთვლი, რომ ადამიანთა წინაშე მდგარი ამ პრობლემების გადაჭრა თანდათან უნდა ხდებოდეს. ეს პროცესი მუდმივი უნდა იყოს და ყოველთვის უკავშირდებოდეს ადამიანის ინდივიდუალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოების კეთილდღეობას და პიროვნების უფლებების დაცვას. ამერიკულ საზოგადოებაში რელიგიური აზრი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ შეიცვალოს სისტემა, რის შედეგადაც, ადამიანი, ვინც უნდა იყოს


 ამერიკელი თუ ემიგრანტი, დაცული იქნება, თითოეულ მათგანს მიეცემა სრული უფლება, მონაწილეობა მიიღოს საქვეყნო გადაწყვეტილებებში.

 

 


 არიან თუ არა აშშ-ში ათეისტები და როგორ უყურებს მათ საზოგადოება?

 

 


 რასაკვირველია არიან, მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თუ აცხადებს ოფიციალურად თავის თავს ათეისტად. გაცილებით მეტია ადამიანი, რომელიც უბრალოდ, არარელიგიურად ცხოვრობს. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის 2/3 რომელიღაც რელიგიური ორგანიზაციის წევრად თვლის თავს და მათში ყოფნის გადაწყვეტილება თვითონ, სხვის დაუძალებლად მიიღო. ყოველკვირეულად მათი ნახევარი მაინც მონაწილეობს რელიგიურ მსახურებაში. თუმცა, ასეთი პროცენტით ვერ გავზომავთ, თუ რამდენად იცვლება მათი ცხოვრების წესი, როგორ ზემოქმედებს იგი საზოგადოების ცხოვრებაზე და რამდენად უკეთესნი ხდებიან ადამიანები. ჩვენ მრევლთან მუშაობისათვის სხვადასხვა პროგრამა გვაქვს, მათ შორის არის სასწავლო-საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამები. ყველა ისინი მიმართულია ადამიანის ზნეობრივი აღზრდისაკენ. ცხადია, ძალიან გვინდა, რომ ამან შედეგი გამოიღოს და ადამიანები უფრო კეთილნი და ზნეობრივნი გახდნენ.

 

საუბარში ერთვება პროფესორის მეუღლე, ლიტერატორი მერი რუდ კრუკი:

- ისტორიამ გვიჩვენა, რომ ყოველი ომის შემდეგ კაცობრიობა კარგავს ინტერესს რელიგიისადმი. ასე დაიკარგა ინტერესი რელიგიისადმი საფრანგეთში I მსოფლიო ომის შემდეგ. ამას მოწმობს ნიცშეს ფილოსოფიაც გერმანიაში. ეს არის გამოხატულება იმ უიმედობისა და ეჭვისა, რაც გაჩნდა რელიგიის ქმედითუნარიანობის მიმართ. იმ პერიოდში ხალხს, უბრალოდ, აღარ სჯეროდა, რომ რაიმე შეიცვლებოდა ადამიანთა საკეთილდღეოდ. ჩვენში, ამერიკაში ეს პროცესი დაკავშირებულია ვიეტნამის ომთან, შემდეგ კი ქუვეიტის კონფლიქტთან...

მორალის დაცემა ამ დროს უმეტესად დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხს გული უტყდება, როცა ხედავს თავისი ქვეყნის მონაწილეობას უსამართლო ომში. მე მახსენდება ერთი პოეტის გამონათქვამი, რომლის გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, რაც დაახლოებით ასე ჟღერს: ჩვენ სულ ვიმღერეთ და ვილოცეთ, მაგრამ 2000 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისე შორს წავედით, როგორც მოწამლული გაზი...

ისევ როჯერ კრუკს მივმართავ:

 


 თქვენ, ალბათ, რაიმეს გეტყოდნენ იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც ბოლო ხანს გაიმართა თბილისში იეღოვას მოწმეების დენომინაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით?

 

 


 დიახ, ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს. მართალი რომ გითხრათ, იეღოველების

 

 აქტიურობისა და პროზელიტიზმის ჩვენც გვეშინია, მაგრამ მაინც ვამჯობინებთ, ადამიანს იმის უფლება მივცეთ, თავისუფლად აირჩიოს სასურველი სარწმუნოება. ჩვენი რწმენის ძირითადი არსი ხომ ამაში მდგომარეობს. ყველა ადამიანს აქვს ბიბლიის დამოუკიდებლად ინტერპრეტაციის უფლება. ვთვლით, რომ მთავარია არა თეოლოგიური ფორმულირებები, არამედ პირადი რწმენა და ურთიერთობა ღმერთთან. ვგულისხმობ ინდივიდუალურ კონტაქტს უზენაესთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში შესაძლებელია მრავალი რწმენა და პრაქტიკა შეგხვდეს, მაგრამ ეს საერთო რწმენის ერთიანობას ხელს არ უნდა უშლიდეს.

ჩვენს ეკლესიაში არა გვყავს ადამიანთა ჯგუფი ან ცალკეული ინდივიდი, რომელიც გვეტყვის, თქვენ აუცილებლად ასე და ასე უნდა ირწმუნოთო. ვერც მე გეტყვით, რომ, ვინაიდან თქვენ ასე და ასე გწამთ, ამიტომ ქრისტიანი არა ხართ. მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ მართლმადიდებლობას, თქვენს უძველეს ეკლესიას, ჩემთვის მაინც დიდ პრობლემად რჩება მისი ავტორიტარიზმი. ამასთან, მე მახსენდება დიდი თეოლოგის კარლ ბარტის სიტყვები: მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, რაც საღმრთო წერილიდან მოდის, არამედ ის, რასაც მე უშუალოდ აღვიქვამ ბიბლიიდან...

 


 თქვენ სახარებისეული ქრისტიანი ბაპტისტი ბრძანდებით, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი აზრი ქართველი ბაპტისტების სამლოცველოში არსებულ სიახლეებზე, კერძოდ, იმაზე, რომ ეკლესიას თავზე უკვე ჯვარი ადგას, რაც ადრე არ იყო, ღვთის მსახურები სპეციალურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, სუფრაზე მიირთმევენ ღვინოს, რაც ადრე კატეგორიულად იყო აკრძალული, არის სხვა სიახლეებიც, როგორ უყურებთ ყოველივე ამას?

 

 


 ცხადია, დადებითად ვაფასებ. ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც არ ითალისწინებს ეროვნულ სპეციფიკას, განწირულია დასაღუპად. ამ სიახლეებს, როგორც აქ მითხრეს, ერთხმად უკავშირებენ საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეპისკოპოსისა და პრეზიდენტის მალხაზ სონღულაშვილის სახელს. მან თანამდებობაზე მოსვლისთანავე თამამად გადაწყვიტა, ეროვნული იერი მიეცა ბაპტისტური სარწმუნოებისათვის, უფრო ახლო მიეტანა ხალხთან, მის ტრადიციასთან, კულტურასა და წეს-ჩვეულებებთან. მე ვიცი, ამ საქმეში მას ოპონენტებიც ჰყავს, მაგრამ, დამიჯერეთ, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა, რათა ეს რელიგიური ორგანიზაცია სექტად არ დარჩეს და ნამდვილ ეკლესიად იქცეს...

 

ბატონო თეიმურაზ, სანამ საუბარს შევუდგებოდით, მანამდე თქვენ გაკვრით ახსენეთ შვეიცარიელ-გერმანელი თეოლოგი ჰანს კიუნგი. ეს მართლაც გამოჩენილი მოაზროვნეა კათოლიკეთა შორის. გულწრფელად მიკვირს, თუ როგორ შერჩა იგი ამდენ ხანს კათოლიციზმს. მას ძალზე კარგად ესმის მსოფლიოს თანამედროვე რელიგიური პრობლემები. გამიხარდა, როცა მითხარით, რომ მისი მსოფლიო ზნეობა

 (პროექტი) ქართულადაც უთარგმნიათ. მას მართლაც რომ სწორი აღქმა აქვს

თანამედროვეობისა. ამიტომაც, სამართლიანად დაასკვნის, რომ მსოფლიოს ერთიანი ზნეობის გარეშე გადარჩენა არ უწერია, არც მშვიდობა დაისადგურებს ქვეყნად რელიგიათა დაზავება-შერიგების გარეშე, და არც რელიგიათა შერიგება მოხდება მათი წარმომადგენლების რელიგიური დიალოგის გარეშე...

*

* *

 


 ჩემი შეხვედრა ამ ორ სიმპათიურ ადამიანთან სამ საათს გაგრძელდა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. საოცარი შთაბეჭდილებები აქვთ საქართველოზე, დარწმუნებულნი არიან, რომ ის სიძნელეები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა განიცდის, მალე დაიძლევა. როჯერ და მერი კრუკებმა უკვე მოასწრეს ემასპინძლათ და ხელი გაემართათ ბევრი ქართველისათვის. ამის გაკეთებას მომავალშიც გეგმავენ, როგორც მათმა თბილისელმა მასპინძლებმა ეკა, ლუნაზი და ზურაბ ლომიძეებმა მითხრეს, ხუთშაბათს, 13 ივლისს, ისინი სამშობლოში გაფრინდნენ.

 

გაზეთი ახალი ეპოქა 2000 წლის 21 ივლისი.

V. საეჭვო და დამაფიქრებელი ის არის, რომ იეღოველთა

 საქმის ექსპერტიზისას რელიგიათმცოდნეობის კათედრას გვერდი აუარეს...

სამგორ-ისნის რაიონულ სასამართლოში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს დეპუტატ გურამ შარაძის მიერ აღძრული სასამართლო პროცესი, რომელიც იეღოვას მოწმეების

 დენომინაციის რეგისტრაციას კანონიერებას აპროტესტებს საქართველოში. ეს სასამართლო პროცესი, როგორც ცნობილია, რამდენჯერმე გადიადო. ბოლო დროს კი ისევ შეწყდა და იეღოველთა

 საქმიანობის შეფასებისათვის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის სოციოლოგიის კათედრას და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს გადასცეს. თსუ-ს რელიგიათმცოდნეობის და ეთიკის კათედრის გამგის, რელიგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ თეიმურაზ ფანჯიკიძის განცხადებით, ყველაზე საეჭვო და დამაფიქრებელი ამ ფაქტში ის არის, რომ გვერდი აუარეს მის კათედრას, სადაც თავმოყრილია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების უმრავლესობა.

მკითხველს ვთავაზობთ ფრაგმენტს პროფესორ თეიმურაზ ფანჯიკიძის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა გაზეთ სრულიად არასაიდუმლოში

 ( 10, 1999 წ.) და მისივე ახლანდელ კომენტარს ჩვენს გაზეთში.

- რას იტყვით იეღოველთა წინააღმდეგ პარლამენტარ გურამ შარაძის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესის შესახებ?

- ზემოთაც აღვნიშნე, რომ იეღოველთა ესოდენი გააქტიურება იწვევს როგორც სასულიერო, ასევე საერო პირთა შეშფოთებას. მეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიის გამო ობიექტური უნდა ვიყო ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ, ვერ ვიკავებ თავს ასეთი შეშფოთებისაგან. ძნელად წარმომიდგენია იეღოველი ხევსური, იეღოველი სვანი, იეღოველი რაჭველი თუ საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი. როდესაც ქვეყანა ასეთ დღეშია, როცა იგი დიდხანს ნანატრი დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, როცა ჩვენი საზღვრები დაუცველია, ტერიტორიალური მთლიანობა აღსადგენია, ისეთი რელიგიური მიმდინარეობა, რომლის მიმდევრები უარს აცხადებენ თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაზე, იარაღის აღებასა და ქვეყნის დაცვაზე, რასაკვირველია, ძნელი ასატანია.

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩვენ რომ დიდი, მოწესრიგებული და დაცული ქვეყანა გვქონდეს, მაშინ ეს საკითხი ნაკლებად აგვაღელვებდა, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომ ბატონ გურამ შარაძის შეშფოთება კარგად მესმის.

სხვა საქმეა, რამდენად ეფექტური იქნება ასეთი ნაბიჯი. უკვე ვწერდი, კაცი რომ გადახტება, მან კარგად უნდა იცოდეს, თუ სად ხტება-მეთქი. სხვაგვარად, კარგად უნდა განისაზღვროს, თუ როგორი იქნება ასეთი სასამართლო პროცესის შედეგი. ახლა ხომ სხვაგვარ მსოფლიოში და სხვაგვარი ღირებულებების პირობებში ვცხოვრობთ.

 

 

რაც შეეხება თვით სასამართლო პროცესს, უნდა ითქვას, რომ იეღოველებს ასეთი სასამართლო პროცესების დიდი გამოცდილება აქვთ. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოცდაათიან და ორმოციან წლებში, როცა აშშ-ში იეღოველებს დევნიდნენ, ბევრი მათგანი ციხეშიც კი მოხვდა. მართალია, მათ სასამართლოს დაბალ ინსტანციებში თავი ვერ იმართლეს, მაგრამ აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, 43 პროცესი მოიგეს. იეღოვას მოწმეების

 აპოლოგეტების მტკიცებით, ამ პროცესებმა ხელი შეუწყო ზოგადად დემოკრატიისა და ქვეყნის უმცირესობათა ინტერესების დაცვას.

30-40-იანი წლების ამერიკაში იეღოველები დიდ ძალას არ წარმოადგენდნენ. დღეს კი ეს ანგარიშგასაწევი, მძლავრი მოძრაობაა, რომელიც მთელ მსოფლიოს არის მოდებული. იგი ერთიანი ცენტრიდან იმართება, უზარმაზარი სახსრები და პროპაგანდის მრავალფეროვანი, მათ შორის ზეწოლის საშუალებებიც გააჩნია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, წელში გამართული ქვეყანა ვიყოთ და სამათხოვროდ ხელი არ გვქონდეს გაწვდილი, არ ვუყურებდეთ, თუ ვინ რას გვიწყალობებს, რა დახმარებას და კრედიტს გამოგვიყოფს, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ ასეთ უმწეო მდგომარეობაში ვართ, როდესაც ნებისმიერი რელიგიური შევიწროებისათვის, პიროვნების უფლებების დარღვევისათვის შესაძლებელია დაგვსაჯონ, ცხადია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არსებობს მსოფლიოში რელიგიურუმცირესობათა შესახებ. განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ის აქტი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც აშშ-ს სენატმა მიიღო:

აშშ-ს სენატმა, - ნათქვამია ამ დოკუმენტში, - ერთხმად დაამტკიცა აქტი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც მიმართულია რელიგიური დისკრიმინაციის, სინდისის თავისუფლების პრინციპების დარღვევისა და რელიგიური დევნის წინააღმდეგ. კანონი მოითხოვს სხვადასხვა სახის სანქციების განხორციელებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რელიგიურ სფეროში დისკრიმინაციის პოლიტიკას ატარებენ. გათვალისწინებულია არა მხოლოდ დიპლომატიური პროტესტი, არამედ ეკონომიკური სანქციების შემოღება, ინვესტიციებისა და დახმარების შეწყვეტა. აშშ-ს იმ ფირმებისათვის, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, გათვალისწინებულია სუბსიდიების მოხსნა, საექსპორტო უფლებების ჩამორთმევა და სამთავრობო კონტრაქტების აკრძალვა, დისკრიმინაციის ფაქტების შესწავლა და კონგრესისათვის შედეგების ყოველწლიური მოხსენება

.

კანონის მთავარი ინიციატორის, სენატორ დონ ნიკოლსის აზრით, აქტი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლებების შესახებ

 არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინაამდეგ. მისი მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რელიგიურ სფეროში, მთელ მსოფლიოში რელიგიური ტოლერანტობა დანერგოს.

ასეთია ამერიკელთა, და არა მარტო მათი დამოკიდებულება ყოველგვარი რელიგიური შეზღუდვის მიმართ. თუკი გვინდა, რომ ცივილიზებული სამყაროს წესებით ვიცხოვროთ, ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. ახლაც, იეღოველებმა სასამართლო პროცესისათვის ადვოკატები დაიქირავეს და მთელ ამ ამბავს შეიძლება ძალიან ცუდი, ჩვენი ქვეყნისათვის არასასურველი რეზონანსი მოჰყვეს.

დასავლეთის პროტესტანტულ წრეებში ჯერაც გულისტკივილით აღნიშნავენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გამოსვლას მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან. ზოგი პოლიტიკოსი კი ასეც მსჯელობს, რომ არ შეიძლება ქვეყნის ორიენტაცია დასავლური იყოს, ხოლო ეკლესია


 რუსეთისაკენ მიმართული... ასეა ყოველივე ეს, თუ არა, ამას მაინც სერიოზული ჩაფიქრება და გათვლა სჭირდება.

 

- ბატონო თეიმურაზ, თქვენ მეტად რთული სურათი დახატეთ. რა გამოსავალი შეიძლება იყოს აქედან?

- ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუ გვისმენს. კანონით რომელიმე დენომინაციის (ამ შემთხვევაში იეღოვას მოწმეების) აკრძალვა მისაღებად არ მიმაჩნია. ამას უკუეფექტი შეიძლება მოჰყვეს. უნდა გვახსოვდეს, რომ აკრძალული ხილი მეტად ტკბილია, და მეორეც, რწმენისათვის ტანჯულის შარავანდედი ყოველთვის მიმზიდველი იყო.

მე გამოსავალს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტაში ვხედავ: ჯერ ერთი, ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ რელიგიური მოტივაციით ადამიანებმა უარი თქვან თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება სამხედრო სამსახურს. მართალია, უნდა არსებობდეს ალტერნატიული

სამსახურიც,მაგრამ იგი ძალზე იოლი მოსახდელი არ უნდა იყოს... ცხადია, ხელი უნდა გამოიღოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც და კიდევ უფრო გააქტიურდეს, რადგან ბევრი ადამიანი იეღოველებთან სწორედ რელიგიური უწიგნურობის გამო მოხვდა. ბოლო ხანს ქართული ეკლესიის მამები ასეც იქცევიან. სამღვდელოებაში მოსული ახალი თაობა უფრო მეტი ერუდიციით, სითამამითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. ისინი სულ უფრო და უფრო გაბედულად უწევენ წინააღმდეგობას სექტანტთა ქადაგებებს. წინა თაობასთან შედარებით მათ პროპაგანდის უკეთესი საშუალებებიც გააჩნიათ. აქვთ ჟურნალები, გაზეთები, რადიო და სატელევიზიო არხი, წიგნები და ბროშურები.

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შესანიშნავი ხელმძღვანელი, კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II უდგას სათავეში, ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ცდილობს ერის გამთლიანებას. საჭიროა, მას მხარში ამოვუდგეთ და ჩვენი ეროვნულობაც დავიცვათ, რაშიც მართლმადიდებლობას დიდი როლის შესრულება შეუძლია. ამასთანავე საჭიროა თავი ავარიდოთ ფუნდამენტალიზმის გამოვლინებებს, რაც ესოდენ აფრთხობს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ინტელიგენციას...

დაბოლოს, განსაკუთრებით უნდა ითქვას ამ მოვლენათა სოციალური მიზეზების შესახებ. როგორც სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, ჩვენს მოსახლეობას ნაირ-ნაირი დენომინაციების, სექტების თუ რელიგიური ჯგუფებისაკენ ძირითადად უკიდურესი გაჭირვება მიერეკება. ამიტომ, აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ახსოვდეთ, რომ ისინი უნდა ზრუნავდნენ ხალხის არა მარტო იმქვეყნიურ, არამედ ამქვეყნიურ გადარჩენაზეც. ცხადია, რწმენა მარტო ეკლესიის კედლებს არ მოაქვთ, საჭიროა პირადი ზნეობრივი მაგალითი და მრევლზე, მის ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვაც. ამის გარეშე მეტად ძნელი იქნება წარმატების მიღწევა და მამაპაპური რწმენის სათანადო დონეზე შენარჩუნებაც.

ახალი საქართველო

 


 ბატონო თეიმურაზ! ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვე გავიდა, მას შემდეგ სასამართლო პროცესი ახალ ფაზაში შევიდა და მოსამართლემ მეცნიერ-ექსპერტთა დასკვნა მოითხოვა, მაგრამ თქვენ კათედრას არ მიმართეს. იცოდნენ კი თქვენი პოზიციის და ზემოთმოტანილი ინტერვიუს შესახებ იმათ, ვინც ასეთ ექსპერტებად სოციოლოგიის კათედრა და ფილოსოფიის ინსტიტუტი დაასახელა?

 

 

 

- დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით, მე მხოლოდ მოსაზრება შემიძლია გამოვთქვა, მაგრამ სანამ ამ ვარაუდს გაგაცნობდეთ, მანამდე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ზემოთმოტანილი ჩემი ინტერვიუს ხასიათის შესახებ. როცა ის იბეჭდებოდა, სრულიადაც არ იდგა ამ მოსაზრების სასამართლოში წარდგენის საჭიროება.

ჩემს ინტერვიუში, როგორც ხედავთ, რაიმე კატეგორიული დასკვნები არ არის გამოთქმული. იქ რაიმეზე არც ჰოა ნათქვამი, არც არა. არამედ, უბრალოდ, ამ საკითხის გადაწყვეტის სირთულე არის ნაჩვენები ამ მეტად არაორდინალურ სიტუაციაში. ეს უფრო რჩევა იყო გამოთქმული ბატონ გურამ შარაძისადმი იმ ადამიანის მიერ, რომელსაც მრავალ რელიგიურ კონფესიასთან ჰქონია შეხების

წერტილები და მრავალი წელი მიუძღვნია მათი მოძღვრებისა და კულტის შესწავლისათვის.

თქვენს კითხვაზე, იცოდნენ თუ არა ჩემი ასეთი პოზიციის შესახებ თვით იეღოველებმა, მათმა დამცველმა ან მოსამართლემ, ალბათ, ასე უნდა გიპასუხოთ: საფიქრებელია, რომ იცოდნენ. მართალია, გაზეთი სრულიად არასაიდუმლოდ

 არცთუ ისე დიდი ტირაჟით გამოდის, მაგრამ ჩემი აზრი მსგავს საკითხებზე უფრო ადრეც გამომითქვამს გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში

, ფილოსოფიური აკადემიის წელიწადწლეულში (იხ. ფილოსოფიური ძიებანი, N 2, 1998 წ.) და ზეპირ გამოსვლებში (მათ შორის სატელევიზიოშიც).

ალბათ, ეს უნდა იყოს ჩვენი იგნორირების მიზეზი. სხვაგვარად, სრულიად აუხსნელია, თუ რატომ აუარეს გვერდი კათედრას, სადაც თავმოყრილია რელიგიათმცოდნეების დიდი ნაწილი, სპეციალობას, სადაც იკითხება რელიგიური უმცირესობების კურსი, მომზადდა დიპლომი იეღოვას მოწმეების

 მსოფლმხედველობაზე და პრაქტიკაზე, პრესაში გამოქვეყნებულია ცალკეული სტატიები, და მიმართეს იმათ, ვინც ამ მოძღვრებას მხოლოდ ახლა ეცნობა. აი, ეს იწვევს უნდობლობას და გაუგებრობას, ჩნდება ეჭვი, რომ ეძებენ სასურველ და არა ობიექტურ ექსპერტს.

- თქვენ გაქვთ რაიმე ახალი მოსაზრება ამ საკითხის ირგვლივ, ახალ გარემოებათა შესახებ?

- რასაკვირველია, მაქვს, საკმაოდ ბევრიც, მაგრამ მისი გამოთქმისაგან ამჯერად თავს შევიკავებ და მოთმინებით დაველოდები პასუხებს იმ ადრესატებიდან, სადაც ისინი გადააგზავნეს. ასევე, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ ბატონ გურამ შარაძის მრავალრიცხოვანი განცხადებების კომენტირებისაგან ამ საკითხზე, რომელიც სხვადასხვა გაზეთებში ქვეყნდება. შემდეგ კი ჩემს აზრს, თუკი დაგაინტერესებთ, დაწვრილებით მოგახსენებთ.

გაზეთი ახალი საქართველო

 N1 (97) 13-19 იანვარი, 2000 წელი.

VI. მოძრაობა მძლეველის

 საქმიანობა უსიამოვნო ფაქტია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის

- ბატონო თეიმურაზ, თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველო კრიზისულ მდგომარეობაში თუნდაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, და საჭიროებს თუ არა ქვეყანა ძირეულ ცვლილებებს საყოველთაო კრახის ასაცილებლად?

- საქართველო მართლაც უკიდურეს გაჭირვებას განიცდის. მის ისტორიაში ძალზე იშვიათად ყოფილა მსგავსი მძიმე და უიმედო დღეები. კრიზისული მდგომარეობა

არის როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაშიც. რასაკვირველია, საჭიროა დიდი ძალისხმევა, მთელი ერის ენერგიისა და ნების დაძაბვა, რათა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფა, შენარჩუნებული იქნას ესოდენ ტანჯვით მოპოვებული, დიდი ხნის მანძილზე ნანატრი დამოუკიდებლობა.

- მოდის თუ არა საქართველოს მდგომარეობა მხოლოდ ჩვენი შინაური ცხოვრებიდან, თუ ამავე დროს იგი მომდინარეობს ზოგადად მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან?

- საქართველოს ასეთ დღეში ჩავარდნის მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური, გარეგანი თუ შინაგანი მიზეზი არსებობს; დაიშალა უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, მოიშალა ეკონომიკური კავშირები, დაიძაბა ურთიერთობა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში. მწვანე გზა მიეცა სეპარატიზმს. რუსეთი ვერ ელევა თავისი ტრადიციული უფროსი ძმის პოზიციას. მსოფლიოში კი გავლენის სფეროების დიდი გადანაწილება მიმდინარეობს. ეს პროცესი საკმაოდ ნათლად ჩანს გავლენის სფეროების გადანაწილებისას, რასაც ადრეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი მსოფლიოს ისტორიაში.

გარდა ამისა, შეიცვალა წეს-წყობილება, კომუნიზმის აშენების წარუმატებელი ცდის შემდეგ ქვეყანა ისევ კაპიტალიზმს დაუბრუნდა, თავდაპირველ, ველურ კაპიტალიზმს, რამაც არნახული დაძაბულობა გამოიწვია.

- როგორ მიგაჩნიათ, ცნება მეორედ მოსვლა


 მხოლოდ რელიგიურ მომენტს მოიცავს, თუ თავის თავში გულისხმობს არსებული ცხოვრების წესების და სისტემების შეცვლას?

 

- მეორედ მოსვლის

 ცნება, თუკი ადამიანი მორწმუნეა, ისე უნდა გავიგოთ, როგორც ეს საღმრთო წერილში არის აღწერილი. ეს მოსვლა ყველამ უნდა გაიგოს. არავითარ ფარულ მოსვლაზე, ჩემი აზრით, ლაპარაკიც არ შეიძლება. გასაკვირია, რომ ამ საკითხში


 (იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ) რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა
მძლეველს და იეღოვას მოწმეებს

 

 გარკვეულად ერთნაირი პოზიცია უკავიათ.

- თუ საქართველო გამოვა მსოფლიო მასშტაბით კრიზისული სიტუაციის გამოსწორების ინიციატორად, თქვენ ამაში კარგს ხედავთ თუ ცუდს?

- იმაში, რომ თუკი საქართველო მსოფლიო მასშტაბით კრიზისული სიტუაციის გამოსწორების ინიციატორად მოგვევლინება, ცუდი, რასაკვირველია, არაფერი არ არის. პირიქით, ეს დიდი საქმე იქნება. მაგრამ მე პირადად ამის რეალურ შესაძლებლობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ უნდა მოხდეს უახლოეს ხანში ივერიის გაბრწყინება, რისთვის, რომელი დამსახურებისათვის?

- და ბოლოს, პოლიტიკური გაერთიანება მძლეველი

 იმსახურებს თუ არა დევნა-შევიწროვებას ან დისკრედიტაციას კანონების სრული დაცვის შემთხვევაში?

- მოძრაობა მძლეველს, ცხადია, არ უნდა უკვირდეს, თუ მათი მოძრაობა მთავრობაში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს, რადგან მათი მოძრაობა პრეზიდენტის გადაყენებას ისახავს მიზნად. პრაქტიკულად, გროვდება კიდეც ხელმოწერები მის გადასაყენებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ მთავრობას შეიძლება ეს მოეწონოს?

მოძრაობა მძლეველის საქმიანობა, ცხადია, უსიამოვნო ფაქტია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, მისი საპატრიარქოსათვის. ერთხელ უკვე ვწერდი, ახლაც გავიმეორებ: თუკი მართალია მტკიცება, რომ იესო ქრისტე უკვე მეორედ მოევლინა ქვეყანას და ეს ეკლესიას, საპატრიარქოს არ გაუგია, დიდი ბრალდებაა, მაშინ როგორ უნდა ერწმუნოს ხალხი ასეთ ეკლესიას და საპატრიარქოს.

ეს სამღვდელოებას მშვენივრად ესმის. მიუხედავად ასეთი უსიამო განცდისა მთავრობისა და საპატრიარქოს მხრიდან, მძლეველი

 აგრძელებს თავის საქმიანობას, გამოსცემს თავის გაზეთებს, მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, აქტიურად მონაწილეობდა არჩევნებში, ჰყავდა თავისი პრეტენდენტი პრეზიდენტის პოსტზე. მაშ რომელი დევნა-შევიწროვების შესახებ არის ლაპარაკი?

- გაზეთის კვირის პალიტრა

 N 47-ში გამოთქმულია მოსაზრება, რომ პ. გ. მძლეველის

 

 

 საქმიანობა ფსიქოლოგების საკვლევია. ეს თქვენი სახელითაა დაბეჭდილი. გითქვამთ თუ არა ასეთი რამ?

- ჩემს გამონათქვამში, რომ მძლეველის საქმიანობა ფსიქოლოგების საკვლევია, მხედველობაში მქონდა შემდეგი: ყოველ მოვლენას, მათ შორის ისეთ პოლიტიკურ-რელიგიურ მოძრაობას როგორიც მძლეველია, აქვს როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური მხარეები, ასევე ფსიქოლოგიური მხარეც. მე სწორედ ამ მხარის შესწავლაზე ვამახვილებდი ყურადღებას, რადგან, ვიმეორებ ადრე ნათქვამ სიტყვებს, რომ ჩვენს სინამდვილეში პირველად გვაქვს საქმე ქართულ ნიადაგზე წარმოქმნილ რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობასთან.

დამოუკიდებელი გაზეთი მძლეველი

 N17 6 წ. (2000


 2006).

 

თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე

პოლემიკური წერილები

I. ისევ კრიშნასა და ქრისტეს შესახებ

გაზეთ 7 დღეში

 ( 11, 15. 03. 1991 წ.) გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის

მეცნიერი თანამშრომლის ნ. კენჭოშვილი სტატია: კრიშტო

 ნონსენსია და არა ქრისტე, რომელშიც გაზეთისა და ავტორის დაუსახელებლად გაკრიტიკებულია გაზეთ შარავანდში ( 1, 1991 წ.) თ. ივანიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ჩვენი სტატია: ცხოვრობდა თუ არა ქრისტე ინდოეთში

 (კრიშნაიტები იესო ქრისტეზე)

.

ნ. კენჭოშვილის სტატია, სამწუხაროდ, შეიცავს მრავალ დაუსაბუთებელ ბრალდებას, შეცდომას და ბოლოს


 ლანძღვას, რაც სრულია მიუტევებელია ყოველგვარი მეცნიერული დავისათვის.

 

ნ. კენჭოშვილი, სტატიის დასაწყისშივე, მრავალმნიშვნელოვნად კითხულობს: დარწმუნებულია იგი(ჩემზეა ლაპარაკი


 თ. ფ.), რომ კრიშნაიტების აზრებს იესო ქრისტეს შესახებ რაიმე ღირებულება აქვს ქართული საზოგადოებისათვის?

 

მოკლედ უნდა ვუპასუხო


 დარწმუნებული ვარ! საქართველოსათვის კრიშნაიზმი უკვე კარგა ხანია აღარ არის ძალზე შორეული, ეგზოტიკური მოძღვრება, რომელსაც მკითხველს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გასაღიზიანებლად ვაწვდიდეთ. კრიშნაიზმი საქართველოში, რუსეთში, სომხეთში და ბევრ სხვა რესპუბლიკაში უკვე კარგა ხნის ნაცნობი მოძღვრებაა. შეუძლებელია ნ. კენჭოშვილმა არაფერი იცოდეს ამ სექტის აქტიური პროპაგანდისტული მუშაობის შესახებ, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მომხრისა და მორწმუნის შეძენა. აკი თვითონვე წერს, კრიშნაიტური ლიტერატურა ჩვენში მამასისხლად

 

 იყიდებაო. ჰოდა, ვინ ყიდის ამ წიგნებს ასეთ ფასებში, თუ არა კრიშნას ერთგულები, რომლებიც აღებულ ფულს სექტის საჭიროებისათვის იყენებენ...

განა ნ. კენჭოშვილს არაფერი გაუგია მთელ საბჭოთა კავშირში და საქართველოში (ჯერ კიდევ გორბაჩოვისეულ რელიგიურ დათბობამდე) გამართული სასამართლო პროცესების შესახებ, რომლის დროსაც ბევრი კრიშნაიტი (მათ შორის ქართველიც) გაასამართლეს და კოლონიაში უკრეს თავი? ნუთუ მან არაფერი იცის კრიშნაიტთა სოხუმისა და თბილისის ჯგუფების შესახებ, რომლებიც ძალზე აქტიურ საქმიანობას ეწევიან? ნუთუ მან არაფერი უწყის სოხუმში გურუს გახშირებული ვიზიტების, ან კიდევ იქვე, სოხუმში, ქალაქის ცენტრში გამართული კრიშნაიტური დღესასწაულის შესახებ...

მე დავიბადე თითქმის 80 წლის წინ, ინდოეთში, - წერდა თავის დროზე კრიშნას ცნობიერების მოძრაობის დამაარსებელი შრი პრაბჰუპადა, სადაც მივიღე ინდუსის სხეული. მე მაქვს მცდარი მე, რომ ინდუსი ვარ... ასეთი შეგრძნება კი მცდარია

...

კრიშნას ქართველ თაყვანისმცემლებსაც შრი პრაბჰუპადას მსგავსად მიაჩნიათ, რომ აქვთ მცდარი ქართული მე. აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენი ეროვნული წუხილი არ არსებობს.

ბატონ ნ. კენჭოშვილს თავის სტატიაში ძალზე უცნაური ხერხი აქვს ნახმარი. იგი თანაბრად აკრიტიკებს ჩემს სტატიას და სტატიაში მოტანილ საინფორმაციო მასალასაც. თუმცა, მე არსად ვამტკიცებ ამ საინფორმაციო მასალის ჭეშმარიტებას.

ბატონ ნ. კენჭოშვილს ჩემი სტატიის დაწერის ტექნოლოგია დაახლოებით ასე აქვს წარმოდგენილი: ვიღაც კრიშნაიტმა ათასგვარი სისულელე გაანდო

გულუბრყვილო და არაკომპეტენტურ ავტორს. ამ უკანასკნელმა დაიჯერა სენსაციური ამბები და აღფრთოვანებულმა

 ამცნო მკითხველს. რატომ შეექმნა ავტორს ასეთი წარმოდგენა ჩემი უპრეტენზიო წერილის მიმართ, ძნელი ასახსნელია, მაგრამ ვინაიდან ასეთი პრეტენზიები მაინც არსებობს, ვალდებული ვარ ვუპასუხო: ვინ არის ის, თბილისელი, რუსი თუ ინდოელი სექტანტი, ვინც ასე მოატყუა ავტორი და აბსურდული აზრები გამოათქმევინა, რომელსაც იგი თავის მხრივ მკითხველს აწვდის?

გიპასუხებთ: ყველა იმ დებულების ავტორი, რომელიც ჩემს წერილში არის მოხსენიებული, გახლავთ უკვე ხსენებული ინდოელი თეოსოფი შრი პრაბჰუპადა. სწორედ ის შრი პრაბჰუპადა, რომელმაც საფუძველი დაუდო ინდოეთში კრიშნას ცნობიერების სახელით ცნობილ რელიგიურ-საზოგადოებრივ მოძრაობას და შემდგომ გაავრცელა მსოფლიოში. ჩემი ბრალი სულაც არ არის, რომ ამის შესახებ ბატონ ნ. კენჭოშვილს არაფერი მოახსენეს ინდოეთში წლების მანძილზე ათასი ჯურის ინდოელთან საუბრისას ინგლისურ და ჰინდურ ენებზე და არც ევროპელ კრიშნაიტებთან შეხვედრისას.

საგაზეთო წერილის ხასიათი, მისი მცირე მოცულობა, ცხადია, არ იძლეოდა დასახელებულ დებულებათა წყაროების მითითების საშუალებას. შრი პრაბჰუპადას იმ ორი წიგნის გარდა, რომელსაც ბატონი ნ. კენჭოშვილი ასახელებს (ბჰაგავად-გიტა ისე, როგორც არის და მარადიული ნეტარების წყარო), კიდევ ბევრი წიგნის დასახელება შეიძლება, რომელთა შოვნისათვის ინდოეთში წასვლა არ დაგვჭირდება. ასეთი წიგნებია: შრი ჩაიტანიას მოძღვრება, იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე, ერთგულების ნექტარი, შრიმად ბჰაგავიტამი, იოგის სრულყოფილება, შრი იშოპანიშადი და სხვა. აქედან ერთი, იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე

 ქართულადაც გამოვიდა, ზოგიერთი ახლა ითარგმნება.

ჩემს წერილში მოტანილი დებულებები ამოღებულია იმავე შრი პრაბჰუპადას წიგნიდან. იგი გამოცემულია კალკუტაში, ბჰაკტივედანტის ინსტიტუტში და ჰქვია ქრისტოს-კრიშტო-კრიშნა.

ყველა ის დებულება, რომელზეც ბატონი ნ. კენჭოშვილი დაობს, წიგნის შესავალშივეა გადმოცემული. კერძოდ ის, რომ რასაც იესო ქრისტე ასწავლიდა 2000 წლის წინ, არაფრით არ განსხვავდება იმისაგან, რასაც კრიშნა ასწავლიდა 5000 წლის წინ; ქრისტოსი, მართალია, აღებულია ბერძნულიდან და ნიშნავს ნათელცხებულს, მაგრამ ფუძე ამ სიტყვისა მოდის სანსკრიტული კრიშტო ანუ კრიშნასაგან, რაც ღმერთის სახელია და ა.შ.

წიგნი წარმოადგენს გარკვეულ კვინტესენციას კრიშნაიტური მოძღვრებისა. შრი პრაბჰუპადა ცდილობს, ქრისტიან ავტორებს აუხსნას თავისი მოძღვრების ჭეშმარიტი არსი და უპირატესობა: ამავე დროს მისი შესატყვისობა ქრისტიანულ მოძღვრებასთან. როგორც ჩემს წერილში იყო მითითებული, გზა გაუხსნას კრიშნას მოძღვრებას ქრისტიანულ სამყაროში... ნ. კენჭოშვილს შეუძლია მოწოდებული ცნობები შეუდაროს შრი პრაბჰუპადას აზრებს და დარწმუნდება, რომ სულ ტყუილუბრალოდ დამდო ბრალი...

 

 

როგორც კრიშნაიტების სექტის კარგად მცოდნეს, მას უნდა სცოდნოდა შრი პრაბჰუპადას ქრისტიანულ სამყაროში მოგზაურობის შესახებ, მის შეხვედრებზე მაღალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ქრისტიან მღვდელმთავრებთან.

რასაკვირველია, ნ. კენჭოშვილს უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს შრი პრაბჰუპადას მოსაზრებათა ჭეშმარიტებაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ, მე ხომ შევეცადე მხოლოდ ის გადმომეცა, რასაც ინდოელი თეოსოფი უმტკიცებდა ქრისტან იერარქებს?

ახლა ორი სიტყვა ჩემი წერილის სათაურის შესახებ: ცხოვრობდა თუ არა იესო ქრისტე ინდოეთში?

 ამ სათაურის ნ. კენჭოშვილის მიერ სენსაციურად გამოცხადება მაფიქრებინებს, რომ მას ცუდი წარმოდგენა აქვს არამარტო კრიშნაიტების შეხედულებებზე მაცხოვრის შესახებ, არამედ იესო ქრისტეს ქაშმირული ლეგენდების შესახებაც. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ იყოს, მაგრამ მინდა ნ. კენჭოშვილს შევახსენო, რომ ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში თანდათან მატულობს ინდოეთის ხსენება, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქრისტოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები. ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა ინდურ ქრისტოლოგიაშიც.

ბ-ნი ნ. კენჭოშვილი შიშობს ...ქართულ ქრისტიანულ სამყაროში ინდურმა ფენომენმა

 უკუღმართად არ შემოაღწიოს, რადგან ამით შეიძლება დიდი ზიანის მიყენება ჩვენი სულიერი კულტურისადმი. ასეთი მიდგომა, ალბათ, სწორია. მაგრამ რაში გამოიხატება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინდური ფენომენის

 უკუღმართად შემოღწევა? იმაში, რომ მოვიტანე ის აზრები, რომელიც დიდი ხანია ვრცელდება ჩვენს რესპუბლიკაში? განა დავამახინჯე და ისე წარვუდგინე მკითხველს ეს აზრები? განა ეს აზრები არ არის იმ უხვად შემოტანილ წიგნებში, რომელიც ესოდენ სწრაფად ვრცელდება საქართველოში.

განა ვინმე წინააღმდეგი არის იმისა, რომ ინდური ფენომენი

 წესიერად შემოვიდეს ჩვენს კულტურაში? რომ ითარგმნოს და გავრცელდეს აღმოსავლურ რელიგიათა წიგნები; რომ შეიქმნას სწორი ტერმინოლოგია და არ ვისარგებლოთ რუსული კალკებით? ათობით, ასობით თუ ათასობით აღმოსავლური რელიგიური თუ საერო ლიტერატურული ძეგლი ელის ქართულ ენაზე ამეტყველებას და კომენტირებას.

ჩემი პატარა წერილი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფრაგმენტია მოზრდილი შრომისა, რომლის მიზანი რელიგიური ვითარების ასახვაა საქართველოში და არა ინდური ყოფის კვლევა. მას არ ჰქონია მიზნად კრიშნაიზმის, როგორც მოვლენის ახსნა და გაშიფრვა. იგი არც ვინმეს გასაოცებლად არის დაწერილი


 თავისი კონკრეტული მიზანი, მისამართი და დანიშნულება ჰქონდა.

 

ბ-ნი კენჭოშვილის საყურადღებოდ (რომელიც ახალბედა მკვლევარი არ ჩანს) მინდა განვაცხადო: როცა ასეთი კატეგორიული მტკიცებებით გამოდიხარ საზოგადოების წინაშე და საგნის კარგი მცოდნის პრეტენზიაც გაქვს, იმ ლიტერატურას მაინც უნდა იცნობდე, რომლებიც რიგითი მკითხველისთვისაც კი მისაწვდომია.

ინდური კულტურა, ფილოსოფია, რელიგია მართლაც ძალზე რთული ფენომენია. მის აღსაქმელად და ჩასაწვდომად არ არის საკმარისი ინდოეთში გატარებული თუნდაც რამდენიმე წელი. საქართველოში ინდური ფენომენის სწორად შემოსაღწევად ერთიანი ძალისხმევა და თანამშრომლობა უფროა საჭირო, ვიდრე მედიდურობა და სხვების ლანძღვა.

გაზეთი 7 დღე 19 (37) 24 მაისი, 1991 წ.

II. გაზეთ მადლის

 რედაქტორს

(გვანცა კოპლატაძეს)

ქალბატონო გვანცა! რელიგიურ გაზეთს დიდხანს ელოდნენ საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ათწლეულების მანძილზე, ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, მის გამოცემაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მართალია, კომუნისტური მმართელობის დროს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოდიოდა რამდენიმე რელიგიური ჟურნალი (მათ შორის 1978 წლიდან ჯვარი ვაზისა), მაგრამ ამ ჟურნალების ტირაჟები, დამეთანხმებით, ისე მცირე იყო, რომ ისინი ფართო მკითხველამდე ფაქტიურად ვერც აღწევდა.

და აი, ეს თითქმის სამოცდაათწლიანი მდუმარების ეპოქა დამთარდა. ძირეულად შეიცვალა დამოკიდებულება რელიგიისა და ეკლესიისადმი. გამრავლდა სასულიერო გამოცემები. რელიგიურ ჟურნალებს მხარში ამოუდგა რელიგიური გაზეთები. საქართველოში ჟურნალ ჯვარი ვაზისას

 პარალელურად გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს გაზეთი ლამაზი სახელწოდებით მადლი, რომელსაც თქვენ რედაქტორობთ.

მრავალ ათეულ წელს რელიგიურ საზრდოს მოწყვეტილი და მოწყურებული ხალხი დიდი ინტერესით და ხალისით დაეწაფა ადრე აქტიურად აკრძალულ ლიტერატურას. ჯერ კიდევ ჟურნალ ჯვარი ვაზისაში

 მკითხველთა ინტერესით და მოწონებით სარგებლობდა ჟურნალის ისეთი რუბრიკები, როგორიცაა ღვთისმეტყველება, კულტისა და ღვთისმსახურების საკითხები, რელიგიისა და ზნეობის პრობლემები, რწმენის საკითხები, ქადაგებები, საეკლესიო ცხოვრება, მშვიდობისათვის ბრძოლა და ა.შ. (ამის შესახებ მე უკვე ვწერდი ჟურნალ ხელოვნებაში, 1990 წ. 4-ში).

ასეთივე და კიდევ სხვა საინტერესო რუბრიკებმა გაზეთ მადლშიც

 გადმოინაცვლა, რასაც მკითხველი ასევე ყურადღებით და ინტერესით შეხვდა. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ თქვენს გაზეთში მრავალი საყურადღებო მასალა თუ კომენტარი იბეჭდება, რასაც უდავოდ სარგებელი მოაქვს მკითხველისათვის.

ამასთანავე, მომიტევეთ, თუ ვცდები, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ თქვენი გაზეთი უფრო წარსულისადმია მიმართული, უფრო ზუსტად, მასში აშკარად ჭარბობს ისტორიული მასალა. მართალია, გაზეთს დროდადრო აცოცხლებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესანიშნავი ეპისტოლეები, ქადაგებები, წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც წარსულთან ერთად ყოველთვის უკავშირდება თანამედროვეობას, მის აქტუალურ საკითხებს, იბეჭდება ზოგიერთი სხვა მასალც, მაგრამ ეს აშკარად არაა საკმარისი.

კიდევ ვიმეორებ, რასაკვირველია ძალზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ყველაფერი: ძველი თუ ახალი აღთქმის კომენტარები, წმინდანთა ცხოვრების ისტორიები, კულტის საკითხები, მშვენიერი თარგმანებიც, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამათთან ერთად მეტი ადგილი უნდა დაეთმოს თანამედროვე საკითხებს. როდესაც თანამედროვეობასთან უფრო მეტ კავშირზე ვწერ, მე ეკლესიისა და მისი გაზეთის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას როდი ვგულისხმობ, ან იმას, რასაც რომელიმე მხარეს დგომა ჰქვია, არამედ იმას, რასაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თავის წარმოთქმულ ქადაგებებში (1992 წ. 12 იანვარი) ამბობდა: ...ჩვენ დღესაც უნდა განვსაჯოთ და გავიგოთ, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, რათა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ და რა ვაკეთოთ

 (ხაზგასმა ჩემია


 თ. ფ.).

 

სამწუხაროდ, გაზეთ მადლში მკითხველი ყოველთვის როდი იპოვის პასუხს მისთვის საჭირო კითხვებზე, რომელიც ძალზე აწუხებს თანამედროვე მორწმუნეს. მართლაც, როგორ იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა თანამედროვე ცხოვრებაში, რა ქნას ამ გაჭირვებულ ყოფაში, რა ღირებულებებს სცეს პატივი, რა ორიენტირს მისდიოს, ასეთი კატასტროფული დეფიციტის პირობებში როგორ გამოკვებოს ბავშვები, როგორ შეხვდეს ჭირს თუ ლხინს, როგორ გადაიხადოს ქორწილი, ნიშნობა, ქელეხი, ორმოცი, წლისთავი. გაზეთი, ალბათ, უფრო აქტიურად უნდა ერეოდეს ამ ამბებში და გმობდეს უშნოდ დამახინჯებულ, გაზვიადებულ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებს, ხელს უწყობდეს სადა, ეკონომიკურად ხალხისათვის მისაწვდომ, გონივრულ ადათ-წესებს თავის დროზე, როგორც ცნობილია, კომუნისტურმა ხელისუფლებამ სცადა ამ საკითხების მოგვარება, სათანადო დადგენილებაც გამოვიდა 1978 წელს ტრადიციების შესახებ, მაგრამ აქედან რეალურად ბევრი არაფერი გამოვიდა. ახლა, როდესაც ამ რიტუალებში დომინირებული მდგომარეობა ისევ ეკლესიამ და რელიგიურმა რიტუალებმა დაიკავა, როდესაც სასულიერო პირთა გარეშე იშვიათად ტარდება ეს წესები, ალბათ, დროა ეკლესიამაც და მისი იდეების გამომხატველმა გაზეთმაც, სათანადოდ იზრუნოს ამ მნიშვნელოვანი, ხალხისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე.

თუკი ეკლესია ყურადღების გარეშე დატოვებს მორწმუნეთათვის საჭირბოროტო საკითხებს, ისევ შორიდან დაუწყებს ცქერას თავისი მრევლის ცხოვრებას, დაკმაყოფილდება მხოლოდ აბსტრაქტული მოწოდებებით სიკეთისა და სათნოებისაკენ, იგი ისევ განზე აღმოჩნდება მრევლისაგან, მისი ჭირ-ვარამისაგან, რეალური ცხოვრებისაგან. მაშინ სწორი აღმოჩნდება სექტანტთა საყვედური ოფიციალური ეკლესიის მიმართ, რომ მორწმუნე ადამიანი მართლმადიდებლურ ეკლესიაში როგორც მარტო შედის, ისევე მარტოც გამოდის, რომ მასზე ფაქტიურად არავინ ზრუნავს. განსხვავებით იგივე სექტანტური თემის წევრებისაგან, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის გვერდში იყვნენ ჭირსა თუ ლხინში.

რასაკვირველია, დიდი ცოდვა და უსამართლობა იქნებოდა გვეთქვა, რომ თითქოს ამ მიმართულებით არაფერი არ კეთდებოდეს. პირიქით, ბოლო წლებში ქართული მართლმლადიდებელი ეკლესია ფართო ქველმოქმედებას ეწევა, აქტიურად მონაწილეობს მიწისძვრისაგან, მეწყერისაგან, დიდთოვლობისაგან, წყადიდობისაგან თუ სხვაგვარად დაზარალებულთა დასახმარებლად. ქართული ეკლესიის ხაზით ჩვენ სოლიდური დახმარება მივიღეთ როგორც საზღვარგარეთიდან, ისე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, თვით ეს მნიშვნელოვანი დახმარებაც კი წვეთია ზღვაში იმ კატასტროფულ მდგომარეობასთან, რომელსაც ჩვენი ხალხი მასობრივად განიცდის (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიცვალებულისათვის კუბოს შეძენაც კი ძალზე რთულ და მეტად ძვირადღირებულ პრობლემად ქცეულა). ამ მიმართულებით ჩვენს ტრადიციებზე, დამახინჯებულ წეს-ჩვეულებებზე მეტი ძალისხმევა და ზემოქმედებაა საჭირო, რათა ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს ხალხს ცხოვრება. თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, საზოგადოების უქონელმა ნაწილმა (ასეთი კი, ფაქტიურად, ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ნაწილია) შეიძლება სულ დაკარგოს სასოება და იმედი. მათმა ნაწილმა კი თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხელი მოჰკიდოს ქურდობას და ძარცვას (ამის აუარებელი მაგალითი გვაქვს).

ერთ რამეზეც გვინდოდა თქვენი ყურადღება გაგვემახვილებინა. ახლა რელიგიურ ჟურნალ-გაზეთებს ბევრი ისეთი ადამიანი კითხულობს, რომელთა რწმენის ხარისხიც სხვადასხვა არის, ზოგიც ისეთი


 რომელსაც არავითარი რელიგიური რწმენა არ გააჩნია, მაგრამ თავის ცხოვრებაში ძირითადად ქრისტიანულ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს მისდევს. ალბათ, გაზეთმა მათთანაც უნდა მონახოს საერთო ენა და დააინტერესოს ისინი, ჰქონდეს რუბრიკა არამორწმუნეებთან საურთიერთობოდ.

 

ეგებ გაზეთ
მადლს

 თანამედროვე ეკლესიის ავ-კარგზეც ეთქვა თავისი სიტყვა, უფრო გაბედულად ეჩვენებინა ჩვენი სამღდელოების ღირსება-ნაკლოვანებანი, ობიექტურად შეეფასებინა ჩვენი სულიერი სამსახური. არც ის არის დასამალი, რომ ეკლესიას, ისევე როგორც სხვა სფეროებს, ზოგიერთი უღირსიც მიეტმასნა და მას აშკარად სახელს უტეხს. ეგებ იმაშიაც გაგვერკვია ხალხი, თუ რას აკეთებდა ბუნკერში ჩასაფრებულ ხალხთან ერთად ზოგიერთი სამღვდელო პირი, რომელიც ვიდეო კასეტაზე არის აღბეჭდილი...

არის ბევრი სხვა პრობლემაც, რომლის ჩამოთვლასაც ახლა არ შევუდგები. მე კარგად მესმის, რომ აქ დასმულ საკითხებს მარტო გაზეთის მცირერიცხოვანი კოლექტივი ვერ მოუვლის და ვერ გასცემს პასუხს (მით უფრო, რომ ამ მცირერიცხოვან კოლექტივს, სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევა სჭირდება იმ არაშემოქმედებითი საკითხების მოსაგვარებლად (ქაღალდის პრობლემა, დაფინანსება, ბეჭდვა და ა.შ.), რომელთაც მათი დრო, ენერგია და ნერვები მაიქვთ. ეს მთელი ეკლესიის, მისი მღვდელმთავრების საქმეა, რომლებმაც სწორად უნდა წარმართონ ერისა და მრევლის ინტერესები.

გაზეთმა კი მათთან ერთად თავისი საქმე უნდა აკეთოს. იგი უნდა ითვალისწინებდეს და გამოდიოდეს მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან.

 

 

იმედია, რომ გაზეთი მადლი

 ახლო მომავლაში უფრო აქტუალური გახდება, უფრო მეტ საჭირბოროტო საკითხებს დააყენებს, დაეხმარება ადამიანებს, უფრო უკეთესები გახდნენ, გადაატანინებს მათ ამ მძიმე პერიოდს, დააძლევინებს ბოროტებას და მიმართავს მრევლს სათნოებისა და სიკეთისაკენ.

გაზეთი საქართველო 10 (66)

13 მარტი, 1992 წ.

III. სჯობს ერთი კაცი მოკვდეს ერისათვის,

ვიდრე ერი


 ერთი კაცისათვის

 

(იოანე 11:50)

ეს სათაური სახარებიდან არის აღებული და მღვდელმთავარ კაიაფას ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე ქრისტეს სიკვდილით დასჯა მოითხოვა. არავინ არ ამართლებს კაიაფას, არავინ არ იცავს არც მის პიროვნებას და არც მის ზნეობრივ სახეს, მაგრამ ეს სიტყვები აქტუალური იყო ადრე და ახლაც. იგი აქტუალური იქნება ყველა დროში, როდესაც მთელი ერისა და პიროვნების ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდება. ამ სიტყვებმა ბატონ ზვიად გამსახურდიას დიდი რისხვა გამოიწვია.

ეს რისხვა მთლიანად გადმოიღვარა მისი წერილებისა და ესეების

 წიგნში, რომელიც 1991 წელს დაისტამბა. მისი წერილი სათაურით: თ. ფანჯიკიძის ტრაგედია წარმოადგენს გამოხმაურებას ჩემი ჯერ კიდევ 1985 წლის 20 ნოემბრის გაზეთ თბილისში გამოქვეყნებული წერილისა იესო ქრისტეს ტრაგედია. როგორც ჩანს, ეს გამოხმაურება ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავეა დაწერილი. მაშინვე ვერ დაუბეჭდავს, მაგრამ ეს წერილი ისე მოსწონებია, თავისი შემოქმედების ისეთ მნიშვნელოვან ფურცლად ჩაუთვლია, რომ იგი ვერ დაუთმია და ექვსი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ კრებულში შეუტანია.

მაინც რას გვიჩივა, რას გვაბრალებს ბატონი ზ. გამსახურდია. განა რა დავაშავეთ ასეთი, რატომ გვლანძღავს ასე შეუბრალებლად? სანამ უშუალოდ ამ კითხებზე ვუპასუხებდე, მანამდე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ რატომ დაიწერა თავის დროზე ეს წერილი.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა კონფლიქტი ხალხსა და მის გაუცხოებულ, დაწინაურებულ შვილს შორის; შვილს, რომელსაც თავისი ქვეყნის საზღვრები ეპატარავება, უფრო ფართო სარბიელზე გასვლას ლამობს და თავისი კარიერისტული ამბიციების დასაკმაყოფილებლად არაფერს ერიდება,

სამშობლოს სასტარტო მოედნად იყენებს, საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ხალხს უპირისპირდება და მის ინტერესებს უღვთოდ სწირავს.

საქართველოს ისტორიაში ცოტა როდი იყო ასეთი პიროვნება. ამ მხრივ მარტო სტალინის, ორჯონიკიძის, ბერიას თუ სხვათა სახელები იკმარებდა. სტატიის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობდა, მეჩვენებინა, რომ ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს თავისი ხალხის ბედს, ინტერესებს, მის მომავალს, რაც არ უნდა ძლიერი, მსოფლიო მნიშვნელობის მოღვაწე არ უნდა იყოს იგი, თავისი ხალხის თვალში მაინც მავნე და დაღუპული კაცია, ამდენად სრულიად მიუღებელიც.

კონფლიქტი ხალხსა და მისგან გამოსულ შვილს შორის საქართველოს ისტორიაში მარტო წარსულში როდი შეინიშნებოდა. მას ჩვენს პირობებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ამიტომ ასეთი წერილის გამოქვეყნება საჭიროდ და აქტუალურად ჩავთვალე.

მთელი სახარებისეული სიუჟეტი, მასში მომქმედი ძალები: ებრაელები, მათი მღვდელმთავრები ანა და კაიაფა, პილატე, რომაელი ჯალათები, თვით იესო, მისი ტრაგიკული ისტორიით, მე მხოლოდ ისტორიული პარალელის გავლებისათვის დამჭირდა, რომლის იქით გონიერ და გამგებ მკითხველს, რომელიც იმ რთულ პერიოდში მიჩვეული იყო სტრიქონებს შორის წაეკითხა დამალული აზრი, თანამედროვეობა უნდა დაენახა.

რასაკვირველია, ისტორიული პარალელები ყოველთვის მოიკოჭლებს, არც ჩემს მიერ მოხმობილი პარალელი გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით, სახარებისეულ სიუჟეტში სულ სხვაგვარ პირობებსა და ღირებულებებზეა ლაპარაკი, ბევრი განსხვავებული ასპექტი და ნიუანსია, მაგრამ ემთხვევა ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი


 კონფლიქტი ხალხსა და მისგან გამოსულ შვილს შორის, რომელიც ჯერ შვილის სიკვდილით დამთავრდა, შემდგომ კი ხალხის დაწყევლით და მრავალსაუკუნოვანი დევნით.

 

მე ჩემებურად შევეცადე გავრკვეულიყავი ამ კონფლიქტში, გამერკვია, რატომ არ მიიღო ხალხმა თავისი დაწინაურებული შვილი, რომელიც სხვებისათვის საყოველთაო თაყვანისცემის საგანი შეიქმნა და თუკი ებრაელებმა არ აპატიეს იესო ქრისტეს საკუთარი ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლობა, როგორღა უნდა მოვიქცეთ დღეს ჩვენ, როდესაც მსგავს სიტუაციაში მოვხვდებით.

მე მშვენივრად მესმის, რომ ასეთი პარალელის გავლებით, მსჯელობით და თუნდაც გაფიქრებით, ფანატიკოსი მორწმუნის აზრით, საოცარ, უპატიებელ ცოდვას ჩავდივარ, მაგრამ ბატონი პრეზიდენტი ხომ მარტო თავგადადებული მორწმუნე არ არის, არამედ კარგი მეცნიერის პრეტენზიაც აქვს. ამიტომ, იგი არ უნდა აღეშფოთებინა სახარებისეული სიუჟეტის ასეთ გამოყენებას, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ მიდგომაში მე არც პირველი ვარ და ცხადია, არც უკანასკნელი ვიქნები.

გარდა ამისა, ბატონ ზ. გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებული წერილი უბრალო, აღშფოთებული მორწმუნის აზრი რომ იყოს, რომელიც შეურაცხყოფილი იქნა თავის საუკეთესო, რელიგიურ გრძნობებში, გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც ასეთ

კატეგორიულ სალანძღავ წერილს, განსხვავებული აზრის გამო, აქვეყნებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის თითოეული სიტყვა, განუსაზღვრელი უფლებების გამო, თითქმის კანონად ითვლება და რომელსაც თავის ქვეყანაში სინდისის თავისუფლება აქვს გამოცხადებული, ეს სრულიად გაუგებარია. შეიძლება ვინმე შემედავოს და თქვას, რომ ეს წერილი ალბათ ადრეა დაწერილიო


 მართალიც იქნება, მაგრამ იგი ხომ მისი თანხმობით გამოქვეყნდა პრეზიდენტობის დროს, როდესაც წერილმა სულ სხვა ჟღერადობა და მნიშვნელობა შეიძინა.

 

მაგრამ დავუშვათ, რომ მე ის ზემოთ თქმული პარალელი არ გამომივიდა, მკითხველისათვის და თვით ბატონ ზ. გამსახურდიასათვისაც სრულიად გაუგებარი შეიქმნა ჩემი ჩანაფიქრი. ამის გარდა, სხვა რა ფაქტობრივი შეცდომა დავუშვი, რაში მედება კონკრეტულად ბრალი, ეგებ შეცდომები დავუშვი სახარებისეული სიუჟეტის ინტერპრეტაციაში? ეგებ სწორად ვერ გადმოვეცი მომხდარი კონფლიქტის არსი? მოკლედ, რას გვიჩივის ბატონი ზ. გამსახურდია?

როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ, ბატონ ზ. გამსახურდიას წერილში უფრო მეტად ჭარბობს აღშფოთებული მორწმუნის ემოციები, ვიდრე მეცნიერული არგუმენტები, მაგრამ მაინც შევეცადოთ თანმიმდევრობით გავერკვეთ მის მიერ წამოყენებული ბრალდებების სისწორეში.

ბატონი ზ. გამსახურდიას აზრით, მე თვითონ ვერ გამირკვევია, თუ რა პოზიციაზე ვდგავარ: ...ქრისტიანულზე, იუდაისტურზე, ათეისტურზე, მუსულმანურზე, კომუნისტურზე თუ სხვ.. თუმცა სულ ცოტა ქვემოთ წერს, რომ ავტორი თავისდაუნებლიედ გვესაუბრება როგორც პირწავარდნილი თალმუდისტიო. ე. ი. მე, თუმცა ჩემდა უნებლიედ, მაგრამ მაინც რაღაც პოზიცია მქონია და ეს ყოფილა თალმუდისტის პოზიცია.

მკითხველი რომ არ დაიბნეს, გავარკვიოთ, რას ნიშნავს თალმუდისტური პოზიცია. ეს არის ბიბლიის იუდაური კაზუისტიკური ახსნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ებრაულ პოზიციაზე დგომა. რადგან ებრაელი მორწმუნე, თავის ნათქვამში რომ დაგარწმუნოს, პირველ რიგში თორასა და თალმუდს იფიცებს.

ჩემს წერილში იმ ფაქტის აღნუსხვა, რომ იესო ებრაელთა წრიდან გამოსული ადამიანი იყო, რომ მისი დედა ჩვეულებრივი ებრაელი ქალი იყო, ხოლო მოციქულთა უმრავლესობა ასევე ჩვეულებრივი ებრაელები იყვნენ, მე დიდ დანაშაულად და თალმუდისტობად ჩამეთვალა.

მინდა დავამშვიდო ბატონი ზ. გამსახურდია და ვუთხრა, რომ მე ჩემს პოზიციაზე ვდგავარ. იმ პოზიციაზე, სადამდისაც მიმიყვანა ისტორიულმა წყაროებმა, ქრისტიანულმა თუ საერო ლიტერატურამ, საღმრთო წერილმა

 და საკუთარმა დაკვირვებებმა.

ეს პოზიცია არცთუ ისე ახალი და ორიგინალურია. იმას რომ, იესო ქრისტე რეალური ისტორიული პიროვნება იყო, იზიარებს რელიგიის უამრავი მკვლევარი. ასეთ აზრს, როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნეში ავითარებდა ახალ ტიუბინგენის სკოლა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ფ.კ.ბაური,

შვეგლერი, კესტლინი, გილგენფელდი, ცელერი, პლანკი, ფოლკმარი. ამავე სკოლას ეკუთვნოდა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში დ.შტრაუსიც, ავტორი გახმაურებული წიგნისა იესოს ცხოვრება

. როგორც ცნობილია, ტიუბინგენის სკოლის ტრადიციები შემდგომ გადაეცა ისტორიულ სკოლას, რომლის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ვერნლე, ი.ველჰაუზენი, ა.ჰარნაკი, მისი მიმდევრები ა.ლუაზი, მ.გოგელი და სხვ. ასეთივე აზრს ავითარებდა ქრისტიანობის ცნობილი მკვლევარი ე.რენანიც, რომლის წიგნიც იესო ქრისტეზე ხუთასზე მეტჯერ გამოიცა. რასაკვირველია, შეიძლება დაეთანხმო ან უარყო ეს პოზიცია, მაგრამ, ეს შეხედულება ისე საოცრად არ უნდა გაგიკვირდეს და აღშფოთდე, როგორც ამას ბატონი ზ. გამსახურდია აკეთებს.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მის შენიშვნებზე, რომელსაც იგი უხეშ შეცდომებს უწოდებს: ბატონ ზ. გამსახურდიას მოაქვს ჩემი სიტყვები: იუდეველებმა ყური არ უგდეს ახალი აღთქმის მოწოდებებს, მათ არ ცნეს ქრისტეს მოვლინება. ჰო, მაგრამ რომელმა იუდეველებმა? იგი (ჩემზეა ლაპარაკი


 თ. ფ.) რომ ოდნავ მაინც იყოს ჩახედული პალესტინის ისტორიაში ან ახალ აღთქმაში, ეცოდინებოდა, რომ ათასობით ებრაელმა მიიღო ქრისტიანობა, მოციქულთა მოღვაწეობის პირველსავე წლებში (იხ. საქმე მოციქულთა). ამიტომაც ამბობდა პასკალი: ქრისტეს მოძღვრებას ებრაელთა შორის ღებულობდნენ წმინდა ადამიანები, ამქვეყნიურნი, გრძნობადნი კი


 არა. საქმეც ის გახლავთ, რომ ებრაელი ხალხი კი არ იყო ქრისტეს წინააღმდეგი, არამედ მღვდელმთავრები და ფარისეველნი, რომელთაც იუდასთან ერთად ოცდაათ ვერცხლად გაჰყიდეს თავიანთი ერის სინდისი.

 

რა შეიძლება ითქვას ამ ბრალდებაზე: ჯერ ერთი, ზ. გამსახურდია განგებ ამახინჯებს ჩემს აზრს და მეორეც, ციტატა დამახინჯებულად მოაქვს. მე არსად არ ვამბობ, რომ ებრაელთა გარკვეული რაოდენობა არ გაჰყვა ქრისტიანობას. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამისათვის განა მისი მოწაფეების მაგალითი არ კმაროდა?! მაგრამ ვინ გაჰყვა იესო ქრისტეს, ესეც ხომ კარგად არის ცნობილი. აი, ქრისტიანობის ცნობილი მკვლევარის ე.რენანის სიტყვები ამის შესახებ:

Правоверные евреи редко вступали в новую секту: люди пришлые, мало знавшие закон, не посещавщие больших иудейских школ, свободные от рутины и не знакомые с священным языком, - вот кто внимал апостолам и их ученикам

1 .

ახლა კი სრულად მინდა მოვიტანო ჩემს წერილში გადმოცემული აზრი: საბოლოო ჯამში კი იუდეველებმა ყური არ უგდეს ახალი აღთქმის მოწოდებებს. მათ არც პავლე მოციქულის ეპისტოლეს დაუჯერეს, სადაც იგი ებრაელებს აღუთქვამდა, რომ ღმერთი ისევ გაიხსენებდა მათ, ისევ დადებდა კავშირს ისრაელთან და იუდას სახლთან (ებრაელთა მიმართ 8,8).

ისინი ერთგულნი დარჩნენ თავიანთი ძველი მოძღვრებისა და უარი თქვეს ყოველგვარ სიახლესა და დამატებაზე. მათ არ ცნეს ქრისტეს მოვლინება. იუდეველთა რელიგიამ კედელივით აისხლიტა ახალი მოძღვრება.

თავის მხრივ, არც იესო ქრისტეს მოწაფეებმა და მიმდევრებმა აპატიეს ებრაელებს ქრისტეს ჯვარცმა. საუკუნეთა მანძილზე სდევნიდნენ და სჯიდნენ მათ,

როგორც მაცხოვრის სიკვდილში გარეულ ერს. ებრაელებს დასცინოდნენ, აწიოკებდნენ, ქვეყნიდან აძევებდნენ...

 

აი, სრული ციტატა, განსხვავებით ბატონ ზ. გამსახურდიას მიერ განგებ დამახინჯებული ციტატისაგან, აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტეს მოძღვრება ებრაელებისაგან არავის მიუღიაო. აქ ლაპარაკია ერის საბოლოო არჩევანზე, რა გზა აირჩია მან და რა რელიგიით იცხოვრა საუკუნეთა მანძილზე. შემთხვევით როდი იწყება გამოთქმული შეხედულება ხაზგასმული სიტყვებით


 საბოლოო ჯამში... თუ რისთვის დასჭირდა ბატონ ზ. გამსახურდიას ჩემი აზრის ასე დამახინჯება და ბრალის დადება, მისი სინდისისათვის მიგვინდია.

 

ახლა ვნახოთ, - წერს ბატონი ზ. გამსახურდია, - კიდევ რომელ პუნქტებში ემთხვევა ფანჯიკიძის თვალსაზრისი ქრისტეს ჯვარმცმელ ფარისეველთა და მღვდელმთავართა თვალსაზრისს. იგი წერს: ებრაელებმა, რომელნიც მისგან ღვთაებრიობის საბუთს მოითხოვდნენ, ასეთი საბუთი ვერ მიიღეს. ამიტომ მესიად არ ცნეს არც მაშინ და არც მერე, როდესაც ქრისტეს მოძღვრება მრავალმა მილიონმა ადამიანმა აღიარა და იგი მსოფლიო რელიგიად იქცა. ე. ი. ავტორი გვეუბნება, რა ვქნათ, იმ კეთილშობილ და მართალ იუდეველებს, ისინი ღვთაებრიობის საბუთს, ე. ი. სასწაულებს მოელოდნენ ქრისტესაგან, მაგრამ ასეთი რამ ვერ მიიღეს და ამადაც ჯვარს აცვეს იგი.

ამ დებულების სიცრუეს თავად ავტორმა (ჩვენ


 თ. ფ.)ახადა ფარდა რამდენიმე აბზაცით ქვემოთ, როდესაც მოიტანა ციტატა იოანეს სახარებიდან: შეიკრიბნენ ებრაელთა მღვდელმთავარნი და ფარისეველნი და ერთმანეთს შესჩივლეს: რა ვქნათ, რა ვუყოთ, ეს კაცი მრავალ სასწაულს ჩადის, თუ ასე დავტოვეთ, ყველას თავის რწმენაზე მოაქცევსო.

 

ასე რომ, იუდეველებსაც და თ.ფანჯიკიძესაც კარგად სცოდნიათ, რომ იესო ქრისტე მრავალ სასწაულს სჩადიოდა. მაგრამ რაღაც მიზეზით დაუხუჭავთ ორთავეს თვალი..

მართლა სამართალი აღარსად არის? ასე ურცხვად ბრალის დადება როგორ შეიძლება. შეიძლება ასე დაამახინჯო სხვისი აზრი, როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს ადამიანი, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შენს წარმოდგენებს და რწმენას?

ჯერ ერთი, ასეთ მტკიცებას წერილში წინ უძღოდა მესიის როლის ებრაული გაგება. ებრაელები, - წერია ჩემს წერილში, - დიდხანს ელოდნენ მესიას, ზეციდან მოვლინებულ არსებას, რომელიც მათ იხსნიდა გაჭირვებისაგან, დაამარცხებდა მათს მტრებს.

მესიის სახე ასეული წლების მანძილზე იხატებოდა, ივსებოდა და ყალიბდებოდა. ხალხის წარმოდგენით იგი უნდა ყოფილიყო სახელოვანი, ძლევამოსილი, ყოვლის დამთრგუნველი და ღმერთის რჩეული ხალხის


 ებრაელების განმათავისუფლებელი. ეს იყო ხანგრძლივი და მოუთმენელი მოლოდინი ჩაგრული ხალხისა, რომელიც დამპყრობლების უღელქვეშ მრავალი საუკუნის მანძილზე იტანჯებოდა.

 

 

 

მაგრამ მას, ვინც ებრაელებს მესიის სახელით გამოეცხადა და ვინც თავის თავს ძე ღვთისა უწოდა, საერთო არაფერი ჰქონდა ნანატრი მესიის სახესთან. ახლად მოვლენილი მესია ღარიბი დურგლის შვილი იყო, არაფრისმქონე, უიარაღო და უბრალო ტანსაცმელში გამოხვეული, დასაძინებლად თავის მისადები ადგილიც რომ არსად მოეძევებოდა. ქადაგების დაწყების შემდეგ იგი თვითონ იქცა დევნისა და სიძულვილის ობიექტად, ბოლოს კი გოლგოთაზე აიყვანეს. ასეთ მესიას როდი ელოდნენ იუდეველები, მეტიც, მათ არ სჭირდებოდათ ასეთი მესია. ეს იყო მათი დიდი ხნის ოცნებისა და ეროვნული იმედების დამსხვრევა. ებრაელებმა მას ვერ აპატიეს თავისი მოლოდინის გაცრუება.

იმ მძიმე და არეულ დროში, ისეთ ბუნაგში, როგორიც რომის იმპერია იყო, ებრაელთა გადარჩენა სასწაულს თუ შეეძლო. ამიტომ მოვლენილი მესიისგანაც ასეთ სასწაულს მოითხოვდნენ.

ამიტომ, სრულიადაც არ იყო გასაკვირი ერთ-ერთი იუდეველის სინანული იესოს ჯვარცმის შემდეგ


 ჩვენ კი გვეგონა, რომ ეს იყო ის, ვისაც ისრაელი უნდა ეხსნაო (ლუკა, 24:21). უფრო ადრე კი, ჯვარცმამდე, უკვე შეპყრობილ იესო ქრისტეს ხალხი დასცინოდა:
თუკი შენ მართლა ქრისტე და ღვთის რჩეული ხარ, იხსენი შენი თავი (ლუკა 23:35) და მაშინ ვირწმუნებთ, რომ სწორედ ისა ხარ, ვისაც შენს თავს უწოდებო

 

.

მოყვანილი ტექსტიდან თვალნათლივ ხომ ჩანს, რა სასწაულზეა ლაპარაკი: აქ არ იგულისხმება არც მიცვალებულის გაცოცხლება, არც უსინათლოსათვის თვალის ახელა, არც კოჭლისათვის ფეხის მორჩენა. არამედ ებრაელი ხალხის ხსნა. ამიტომ უაზრობაა რაიმე წინააღმდეგობა აღმოაჩინო ჩემს მსჯელობაში. გარდა ამისა, ზ. გამსახურდია უკვე მერამდენედ შეგნებულად წყვეტს ჩემს ციტატს, იღებს იმ ნაწილს, რომელიც მეორის გარეშე ერთიან აზრს ამახინჯებს. ამიტომ ისევ ჩემი ტექსტიდან მოვიტან ადგილს:

სახარებების მიხედვით იესო ქრისტეს სხვა მისია ეკისრებოდა. იგი სასწაულს კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვაში ხედავდა, განგების მიხედვით გოლგოთაზე მოკვდა კიდეც ორ ავაზაკთან ერთად

 (განა აქ ნათელი არ არის, რა სასწაულზეა ლაპარაკი...).

ამიტომ, ებრაელები, რომლებიც მის დანიშნულებას ქვეყნის გადარჩენაში ხედავდნენ, იესოს ამ საქციელში ღვთაებრიობის ნიშანს კი არა, არამედ მის ადამიანურ უმწეობას ხედავდნენ. მათი წარმოდგენით, ძლევამოსილ მესიას თავისი თავი უნდა დაეცვა და არ მიეცა მტრისათვის მისი დასჯის საშუალება. კიდევ ვიმეორებ, მესიის სხვადასხვაგვარი გაგება განაპირობებდა იესოსადმი ასეთ მიდგომას. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რაში მდებს ბრალს ბატონი ზ. გამსახურდია.

თავისი წიგნის 520-ე გვერდზე ზ. გამსახურდია წერს: გარდა ამისა მან (ჩემზეა ლაპარაკი


 თ. ფ.) უნდა იცოდეს, რომ თალმუდში ნახსენები იეშუა არ არის ქრისტე, არამედ იეშუა ბენ პანდირა, ესეველთა მოძღვარი, რომელიც ქრისტეზე ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობდა.

 

აქაც ბატონი ზ. გამსახურდია უწყალოდ ამახინჯებს სინამდვილეს. მე არსად არ ვწერ იეშუას, არამედ ვახსენებ ქრისტეს, რომელსაც თალმუდი ძლიერ და ჭკვიან პიროვნებად აღიარებს, თუმცა მან თავისი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა და ამიტომ დაისაჯაო. მეტი ამის შესახებ ჩემს წერილში არ წერია. ბატონ ზ. გამსახურდიას რომ კარგად სცოდნოდა თალმუდში ქრისტესა და ქრისტიანობაზე არსებული ტექსტები, ამას საერთოდ არ დაწერდა. თვალსაჩინოებისათვის მოვიტანოთ ნაგულისხმევი ადგილი თალმუდიდან:

Однажды он (Иешуа бен Перахая) стал читать утреннюю молитву, встретился ему (Иисус), он думал принять его, поманил его рукой. Тот подумал, что он его отталкивает. (Тогда) он пошел, установил черепицу и стал поклоняться ей. Сказал ему (Иешуа бен Перахая , пер) Вернись

. Он сказал: Так я принял от тебя: кто согрешил и соблазнил народ, тому не предоставляют возможность покаятся

. А учитель сказал: Иисус назарянин занимался чародейством и свел Израиля с пути

.2

როგორც ვხედავთ, აქ ლაპარაკია იოშუა ბენ პერახაიაზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა (და არა ბენ პანდირაზე) და იესო ნაზარეველზე. როგორც თვით ამ პირველწყაროების გამომქვეყნებელმა ა,ბ.რანოვიჩმა აღნიშნა:

 

Только незнакомство с подлинными текстами могло внушить Древсу и другим представление об историчности Иисуса бен Пандира, или Иисуса бен Стады, о которых в Талмуде имеются явные несообразности

.2

ასეთია სიმართლე ამ საკითხის შესახებ.

ბატონი ზ. გამსახურდია წერს: თ. ფანჯიკიძე ქრისტეს სახავს ძონძებში გახვეულ მაწანწალად. საინტერესოა, რომელ წყაროში ამოიკითხა მან ასეთი რამ, ან რომელ ფერწერულ ტილოზე ნახა ამგვარი გამოსახულება ქრისტესი.

ჯერ ერთი, ჩემს ბრუშურაში იესო ქრისტე


 ლეგენდა თუ სინამდვილე, რომელიც ჯერ კიდევ 1987 წელს გამოვიდა, წერია: ახლად მოვლენილი მესია ღარიბი დურგლის შვილი იყო, არაფრისმქონე, უიარაღო და უბრალო ტანსაცმელში გამოხვეული...

 

 (იხ. გვ. 59). რაც შეეხება ძონძებს, რომელიც გაზეთში იყო ნახსენები, იგულისხმება ის დაგლეჯილი ტანსაცმელი, რითაც იგი გოლგოთაზე მიჰყავდათ.

ბატონი ზ. გამსახურდია მე მაბრალებს თითქოს არაფერი ვიცოდე, ან ვჩქმალავდე თანამედროვე მეცნიერულ კვლევა-ძიებას ქრისტეს პრობლემასთან, მის სხვადასხვა რელიქვიებთან, უწინარეს ყოვლისა, ტურინის სუდარასთან; ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა ცილისწამება, რადგან მე ტურინის სუდარასთან დაკავშირებით 1987 წელს გამოვაქვეყნე ცალკე წერილი გაზეთ სოფლის ცხოვრებაში

 სათაურით ლეგენდა თუ სინამდვილე, ანუ ცოტა რამ ტურინის სუდარის შესახებ

 (იხ. გაზ. სოფლის ცხოვრება, 1987 წლის 1-2). აღნიშნული ტექსტი შემდგომში შევიდა ჩემს ბროშურაში იესო ქრისტე


 ლეგენდა თუ სინამდვილე

 

 (იხ. გვ. 64-66), რომელიც როგორც აღვნიშნე, 1987 წელს არის გამოქვეყნებული, ხოლო ბატონ ზ. გამსახურდიას წიგნი 1991 წლით თარიღდება. რა ვუწოდო ასეთ ბრალდებას


 უპასუხისმგებლობა თუ უდიერობა, აშკარა

 

ცილისწამება, თუ მეცნიერული არაკეთილსინდისიერება, მკითხველმა თვითონ განსაჯოს.

გარდა ამისა, ბატონი ზ. გამსახურდია აშკარად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც ამტკიცებს, თითქოს ტურინის სუდარამ ისეთი ჟურნალიც კი, როგორიც ნაუკა ი რელიგიაა, აიძულა ემტკიცებინა იესო ქრისტეს ღვთაებრიობაო.

ჟურნალის 1984 წლის 9-ში არუთინოვის და ჟუკოვსკაიას მიერ გამოქვეყნებული მასალა რედაქციის განმარტებით (იხ. ნაუკა ი რელიგია

, 1989 წ. 6, გვ. 11) წარმოადგენდა ტურინის სუდარის შესახებ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მასალების უფრო მიმოხილვას, ვიდრე საკუთარ აზრს.

მაგრამ, ამ ამბავთან დაკავშირებით, უფრო მნიშვნელოვანია იგივე ჟურნალის ცნობა იმის შესახებ, რომ როგორც ჩატარებული რადიაქტიული ანალიზით დამტკიცდა, ტურინის სუდარა არ წარმოადგენს ნამდვილს, რადგან ის ქსოვილი, რომელშიაც თითქოსდა იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული, მხოლოდ XIII-XIV საუკუნეში არის დამზადებული და რომ ამ დასკვნას დაეთანხმა თვით ტურინის არქიეპისკოპოსი.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტურინის სუდარის ქსოვილი მხოლოდ XIV საუკუნეში არის დამზადებული, ჯერ კიდევ რადიაქტიულ ანალიზამდე გამოთქვა ამერიკელმა ექსპერტმა უოლტერ მაკკროუნიმ, რომელმაც, თავის მხრივ, აკადემიკოს ვ. გოლდენსკის თქმით, მხოლოდ დაადასტურა ის, რაც პირველად განაცხადა ტრუას ეპისკოპოსმა ამ სენსაციური აღმოჩენისთანავე, რომ ტურინის სუდარა დახატულია უცნობი მხატვრის მიერ 1356 წელს (იხ.
ნაუკა ი რელიგია, 1989 წ. 6, გვ. 11-14).

მართალია, ტურინის სუდარასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ამბავი ჯერ კიდევ აუხსნელია, არსებობს ბევრი სხვადასხვაგვარი მოსაზრება და ვარაუდი, მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვა მეცნიერული გამოკვლევა არ არსებობს. მით უფრო გასაკვირია ბატონ ზ. გამსახურდიას სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები ჩემს მიმართ.

ასევე სრულიად უსაფუძვლოდ, წერილებისა და ესეების

 519-ე გვერდზე ზ. გამსახურდია გვაბრალებს თითქოს მე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს ვამტკიცებდე: მას მოაქვს ჩემი ციტატა: იგი (იესო ქრისტე) უფრო იუდაური სარწმუნოების რეფორმატორი იყო და უნდოდა გაეწმინდა, გაენთავისუფლებინა ღმერთის მიერ ნაბოძები კანონი შემდეგდროინდელი ადამიანების მიერ დამატებული ზედმეტობებისაგან. ამ დებულებას იგი ეთანხმება და წერს, რომ ეს სავსებით მართებული მსჯელობააო. მაგრამ არ ეთანხმება მეორე ციტატას: მოსეს კანონი სიკვდილით სჯიდა ყველას, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ ილაშქრებდა, იუდეველებმა კი სამართლიანად და გულახდილად უთხრეს პილატეს ამის შესახებ: ჩვენ გვაქვს კანონი და ამ კანონის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს. ზ. გამსახურდია ამ ორ ციტატას შორის წინააღმდეგობას ხედავს და კითხულობს, რომელ ფანჯიკიძეს ვენდოთო:

...ქრისტე არ ებრძოდა მოსეს კანონს, უარს არ ამბობდა მასზე, თუ იმას, რომელიც გვიმტკიცებს, ქრისტე ილაშქრებდა მოსეს კანონის წინააღმდეგ და სავსებით მართალნი იყვნენ იუდეველნი რახან იგი დასაჯესო.

ჯერ ერთი, ამ მსჯელობაში არავითარი წინააღმდეგობა არ არის. იესო ქრისტე მართალია, არ ილაშქრებდა მოსეს კანონის არსის წინააღმდეგ, მაგრამ ებრძოდა მისი ცალკეული დოგმების იუდაურ გაგებას. გავიხსენოთ თუნდაც იესოს მიერ შაბათის დღესასწაულის მხოლოდ ლოცვის დღედ გამოცხადების წინააღმდეგ გალაშქრება. ...შაბათი კაცისათვის დაიბადა, და არა კაცი შაბათისათვის. ვინაიცა უფალ არს ძე კაცისა შაბათისაცა

 (მარკოზი 2, 27-28).

ებრაელ მღვდელმთავართა აზრით კი, ნებისმიერი გამოსვლა მოსეს კანონის წინააღმდეგ, მისი შეცვლა ან გაუმჯობესების ცდაც კი უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა. გარდა ამისა, იესო ძე ღვთისად აცხადებდა თავის თავს, რაც სრულიად მიუღებელი იყო ებრაელი მღვდელმთავრებისათვის.

მეორეც, ზ. გამსახურდია თავის წერილში სრულიადაც არ აჩვენებს იმას, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული აზრი ე.რენანს ეკუთვნის, იგი წინწკლებშია ჩასმული და სათანადოდ მითითებულიც. უფრო მეტიც, ჩემს მიერ მოხმობილი ციტატა ზ. გამსახურდიას ჩვეული მეთოდით არის დაჩეხილი, გამოტოვებულია მისი პირველი ნაწილი, რომლის გარეშეც სწორი აზრის გამოტანის საშუალება იკარგება. ამიტომ, მე სრულად მოვიტან ჩემს წერილში გამოთქმულ აზრს და ე. რენანის დამადასტურებელ ციტატასაც:

კითხვაზე, - ვწერდი მე ჩემს წერილში, - თუ რატომ ვერ იცნეს ებრაელებმა იესო ქრისტე, დღეს ბევრი, ძველისაგან განსხვავებული პასუხი არსებობს. მთავარი მათ შორის მაინც ის არის, რომ, თუკი იესო ქრისტეს ჯვარცმა ღვთის სურვილით მოხდა, თუკი ეს აუცილებელი იყო ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისათვის, მაშინ ყველა მისი მონაწილე პერსონაჟი


 იესო ქრისტე, ებრაელები და თვით რომაელი ჯალათებიც ღვთის განგების ბრმა შემსრულებელნი ყოფილან. ასეთ შემთხევაში ქრისტეს დასჯაში ებრაელებს ბრალი არ ედებათ. მაგრამ, ჩვენი აზრით, უფრო სწორია ის მოსაზრება, რომ ებრაელებს თავიანთი შვილი შემთხვევით არ დაუსჯიათ: ეს არ იყო შეცდომა ან აჩქარებული მოქმედება. სრულიად მართალი იყო რელიგიის ცნობილი მკვლევარი ე.რენანი, როდესაც წერდა:

 

...არც ტიბერიუსს და არც პილატეს არ მიუსჯიათ სიკვდილი იესოსათვის, იგი გაწირა ძველმა იუდაურმა პარტიამ, მოსეს კანონმა... ეს სიკვდილი კანონიერი

 იყო იმდენად, რამდენადაც წარმოადგენდა შედეგს მათი კანონების მოქმედებისა, რომელიც ერის სულს გამოხატავდა... მოსეს კანონი სიკვდილით სჯიდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა. ქრისტე კი სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ ილაშქრებდა. იუდეველებმა სამართლიანად და გულახდილად უთხრეს პილატეს ამის შესახებ: ჩვენ გვაქვს კანონი და ამ კანონის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს, რადგან თავის თავს ძე ღვთისა უწოდაო

.

როგორც ვხედავთ, ციტატაში სიკვდილის კანონიერება წინწკლებში არის ჩასმული. ეს იმას მოასწავებს, რომ იესოს სიკვდილის კანონიერება და

სამართლიანობა ებრაელთა გაგებიდან გამომდინარეობს და რენანის აზრს არ წარმოადგენს. მთელი ჩემი წერილიც ხომ ებრაელთა დამოკიდებულების გარკვევას ემსახურება თავისი სხვაგვარად მოაზროვნე შვილისადმი, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ეს მათი გაგებაა, მათი ურთიერთობაა და თავისი შვილისადმი და არა ჩემი. ამიტომ უაზრობაა, დიდი უსამართლობაა ამის გამო, მე პირწავარდნილი თალმუდისტობა დამაბრალო...

სულ ეს არის ზ. გამსახურდიას მიერ შენიშნული შეცდომები.

როგორც ვნახეთ, არც ერთი მისი შენიშვნა ოდნავ მაინც არ უახლოვდება ჭეშმარიტებას. მთლიანად ეს წერილი კი დემაგოგიურია და იგი მთლიანად ჯდება ზ. გამსახურდიას მიტინგებზე წარმოთქმული სიტყვების სტილში. დანარჩენი კი არის ლანძღვა, საშინელი ქუჩური ლანძღვა. თავისი წერილებისა და ესეების

 წიგნში 483-499 გვერდებზე გამოქვეყნებულ რეცენზიასა თუ პასკვილში

 იგი საშინლად არის აღშფოთებული, რომ ალ. ჭინჭარაული თავის წერილში მას ურცხვსა და უდიერს უწოდებს, რაც ყოვლად მიუღებელია ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის ტონისათვისო


 დაასკვნის ზ. გამსახურდია. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, თავისი ეს დებულება ავიწყდება და უშვერად ილანძღება. მის წერილში ნიშანწყალსაც ვერ ნახავთ ისეთი ქრისტიანული თვისებებისა, როგორიცაა შემწყნარებლობა, მოყვასის სიყვარული, მიტევება, განსხვავებული აზრის პატივისცემა.

 

მე სათანადოდ არ ვიცნობ ბატონ ზ. გამსახურდიას მეცნიერულ შრომებს. ამიტომ მათ შესახებ არ შემიძლია რაიმე სერიოზული დასკვნის გაკეთება, მაგრამ ვაითუ ისინი ისეთივე საბუთიანობით არის დაწერილი, როგორც ჩემს წინააღმდეგ დაწერილი წერილი...

P. შ. ეს წერილი მაშინვე დაიწერა, როგორც კი ბატონი ზ. გამსახურდიას წიგნი გამოქვეყნდა (1991 წ.), მაგრამ მისი დაბეჭდვა არც მიცდია იმის შიშით, რომ ოდნავი ჩრდილიც არ მიმეყენებია ეროვნული მოძრაობისათვის. ახლა, როდესაც მთლიანად გამოჩნდა ბატონ ზ. გამსახურდიას ჭეშმარიტი სახე, რომელმაც საქართველო ამდენ უბედურებას გადაჰყარა, ისევ ვიყოყმანე, ღირდა თუ არა დამხობილი პრეზიდენტის წინააღმდეგ რაიმე გამომექვეყნებინა, ხომ არ ჩამითვლიდნენ ამას გალაშქრებად განდევნილი კაცის მიმართ? მაგრამ მისი დაბეჭდვა მაინც გადავწყვიტე, რადგან დარჩა ის პრობლემები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და დარჩა ჩემი სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება, რომელსაც ასევე პასუხი უნდა გაეცეს. ამიტომ აქ საქმე მარტო ზ. გამსახურდიაში როდი არის.

რასაკვირველია, ჩემი წერილი იმას როდი მოასწავებს, რომ კამათი იესო ქრისტეს შესახებ საბოლოოდ გადაწყდა. ასევე გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დღესავით ნათელი იყოს. მორწმუნეთ თავისი არგუმენტები გააჩნიათ მისი არსებობის დასამტკიცებლად


 ათეისტებს კი უარსაყოფად. ეს კამათი მრავალი საუკუნე მიმდინარეობდა და ვფიქრობ, იგი მომავალშიც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, მე იმის თქმა მინდა, რომ ბატონ ზ. გამსახურდიას მტკიცება უკვე გადაწყვეტილად გამოაცხადოს ეს საკითხები, აშკარად არ შეესატყვისება სინამდვილეს.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თემებზე მუშაობა მოგვიხდა მეტად რთულ პერიოდში. იმ დროს, როდესაც რელიგიის ყოველგვარი პოზიტიური ხსენება ოფიციოზის მხრივ სასტიკად იყო დაგმობილი. ვითომდა არსებობდა სინდისის თავისუფლება, მაგრამ რელიგიური ლიტერატურა ფაქტიურად იკრძალებოდა. უპირველეს ამოცანად ითვლებოდა ხალხის მასების განთავისუფლება რელიგიური შეხედულებებისაგან და მეცნიერულ-მატერიალისტური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასეთი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნის დროს ძალზე რთული იყო რაიმე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება შეფარვითაც კი. ასეთ პირობებში იესო ქრისტეს მითიურობის უარყოფა და რეალურ პიროვნებად გამოცხადება ოფიციოზის წინააღმდეგ გალაშქრებას და ერთგვარ გმირობასაც უდრიდა. ჩვენ კი ამის სანაცვლოდ ზ. გამსახურდიასგან ლანძღვა-გინება მივიღეთ.

და კიდევ ერთი: ჩემი წერილი იწყება სახარების სიტყვებით, რომ ჯობია ერთი კაცი მოკვდეს, ვიდრე ერი დაიღუპოს ერთი კაცისათვის, მაგრამ მე ის ერთი კაციც, თუნდაც ძალზე ბოროტი, არ მემეტება, რადგან ეს ერთი კაციც ჩვენი ერის ნაწილი გახლავთ. მაგრამ მე ის ხალხიც ძალზე მენანება, რომელიც ასევე ჩვენი ერის ნაწილს წარმოადგენდა და ვინც ზ. გამსახურდიას გამო დაიღუპა... ძალზე ვწუხვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ისევ განმეორდა ის სიტუაცია, რომლის გულისთვისაც თავის დროზე დაიწერა ჩემი წერილი.

 

 

გაზეთი საქართველო

 

10.IV.1992 წ.

1 Эрнст Ренан. История первых веков христианства. Апостолы.. 1991 стр. 454

2). 219 С анг. 107 б. (вариант в трактате Сота 47а барайта); იხ. А. Б. Ранович. Первоисточники по истории раннего христианства. М., 1990, стр. 210

2იქვე. გვ. 209.

IV. ჰაერში შუა საუკუნეების მძაფრი სუნი დგას!

ღია წერილი გაზეთ ჯორჯიან თაიმსის გამომცემელს, ქალბატონ ნანა გაგუას

ქალბატონო ნანა! იძულებული ვარ მოგმართოთ იმ უხამსი და შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, რომელიც თქვენი გაზეთის 1997 წლის 23-ში (16-24

აპრილი) და 24-ში (24-30 აპრილი) გამოაქვეყნა ვინმე მ. გალდავამ სათაურით: თეიმურაზ ფანჯიკიძე და მისი ფსევდოღვთისმეტყველება

.

განსხვავებული ან დაპირისპირებული აზრი ამა თუ იმ საკითხის ან მოვლენის შესახებ როგორ არ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ და ისინი სათანადოდაც გამოხატონ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, ყოველივე ამისათვის არსებობს გარკვეული, ცივილიზებული წესები, კამათის კულტურა, მიმართვის ფორმა, შესაფერისი ტონი და ბოლოს, ელემენტარული ზრდილობა. სამწუხაროდ, აღნიშნულ წერილში, ვერაფერი ამის მსგავსი ვერ აღმოვაჩინეთ. წერილი წარმოადგენს გაღიზიანებული, ბოღმისაგან დაბრმავებული ადამიანის ლანძღვა-გინებას, ფანატიკოსის ბოდვას, რომელიც თითქოსდა მართლმადიდებლობას იცავს, სინამდვილეში კი სახელს უტეხს მას.

ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო მძიმდება იმის გამო, რომ იგი იფრქვევა ადამიანისაგან, რომელიც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების შესწავლას შესდგომია. სამწუხაროდ, აქ კვალიც არ ჩანს იმ სიყვარულისა, მიმტევებლობისა და შემწყნარებლობისა, რითაც უნდა გამოირჩეოდეს თიოეული ქრისტიანი, არამცთუ მოყვასისა და თანამოაზრის, არამედ თვით მტრის მიმართაც კი.

პრესასთან ჩემი მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე არასოდეს, არავისთვის მიმიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვით, დამამცირებელი შედარებით ან გამოთქმით, მაგრამ ახლა, თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ასეთი უბოდიშო, უშვერი ლანძღვა-გინების შემდეგ სულაც არ ვთვლი თავს მოვალედ თავი შევიკავო და ამ წერილის დამწერს მისი დონისა და აზროვნების შესატყვისი ეპითეტი ერთუჯრედიანი

 

 

 არ ვუწოდო. მართლაც, ასეთი წერილის დაწერა, რომელიც მართლმადიდებლობის მომხრესა და მოწინააღმდეგეს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, მხოლოდ ერთუჯრედიანს

 შეეძლო.დაინტერესებულ მკითხველს ალბათ ემახსოვრება, რომ გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში

 გამოქვეყნდა ჩემი 4 ნაწილიანი წერილი სათაურით: იეღოვა, სატანა, არმაგედონი

 (1996 წ. 47; 1997 წ. 3, 10, 13), რომლის მიზანი იყო მეჩვენებინა საქართველოში, ბოლო ჟამს ძალზე მოძალებული და მომძლავრებული რელიგიური დენომინაციის იეღოვას (იეჰოვას) მოწმეების

 საქმიანობა; მისი წარმოშობის ისტორია, რუსული და ამერიკული მიმართულებები, მოძღვრება, კულტი და თანამედროვე მდგომარეობა. ამ წერილში, შეძლებისდაგვარად, შევეცადე ობიექტურად ამეწერა ამ დენომინაციის წარმოქმნის ისტორია, გადმომეცა მისი მოძღვრების ძირითადი არსი და სათანადოდ ჩავწვდომოდი ჯერ მსოფლიოში, შემდგომ კი საქართველოში, მისი სწრაფი გავრცელების მიზეზებს. ამასთანავე, ვცადე, ნათლად მეჩვენებინა


 თუ რატომ არის მიუღებელი ჩვენი პატარა ქვეყნისათვის ასეთი ტიპის დენომინაციები.

 

თუ ვინმე ჭკვიანი, დაკვირვებული და გონებადამჯდარი მიუკერძოებლად წაიკითხავდა ამ წერილს, იოლად დარწმუნდებოდა, რომ იგი, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასთან ერთად, ქართველთა ტრადიციული რელიგიის


 მართლმადიდებლობის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ამ წერილისათვის,

 

მადლიერების ნაცვლად, ოპონენტმა ლამის ეშმაკად გამომაცხადა. ისე, რაოდენ ბრიყვი და სულელი უნდა იყო, რომ ბრძოლაში, რომელიც შენი უპირატესობით სულაც არ მიმდინარეობს, დასახმარებლად მოსულ კაცს ხელი ჰკრა, უშვერი სიტყვებით გალანძღო: ზუსტად ისე რატომ არ ირჯები, როგორც ამას მე ვთვლი საჭიროდო და, ამავე დროს, საჯაროდ მოსთქვამდე: საზოგადოება რატომ სდუმს, რატომ არ ეხმარება ჩვენს ეკლესიას შორიდან მოსული რწმენისაგან თავდასაცავადო...

ჩემი პროფესიით მე რელიგიათმცოდნე გახლავართ. ასევე ჰქვია იმ კათედრას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არსად, არცერთ ჩემს წიგნს, ბროშურასა თუ სტატიაში არ დამიწერია, არც ლექციასა და გამოსვლაში მითქვამს ორთოდოქსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ვარ-მეთქი.

 

 

როგორც რელიგიათმცოდნე, ვალდებული ვარ, ნებისმიერი დენომინაცია ობიექტურად განვიხილო და მიკერძოების გარეშე მივუდგე; და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ინტერესებს ან ადამიანთა ჯანმრთელობას, გამოვიდე მის წინააღმდეგ.

ამიტომ, ჩემს წერილში მიზნად არ დამისახავს, და არც მქონდა ამის უფლება, მემტკიცებინა: თუ რა ცუდია იეღოველობა და რა კარგია მართლმადიდებლობა. ვფიქრობ, წერილში ნათლად გამოვკვეთე ჩემი პოზიცია და გასაგებად ვთქვი: რით არის მიუღებელი საქართველოსთვის ეს დენომინაცია. რაც შეეხება იმ განსხვავებებსა და დაპირისპირებებს, რომელიც არსებობს იეღოველობას და ორთოდოქსულ რელიგიას შორის, ამის შესახებაც, ჩემი აზრით, გასაგებად დავწერე: მათი დაწვრილებით წარმოჩენა ღვთისმეტყველების საქმეა (თანაც მარტო მართლმადიდებლებს ხომ არა აქვთ პრეტენზიები იეღოველთა

 მიმართ) და რომ ისინი, ამ საქმეს, ჩემზე უკეთესად გაართმევენ თავს-მეთქი, რა არის ამაში ეკლესიის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი?

ანბანური ჭეშმარიტებაა: ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე, პატივს უნდა ვცემდეთ ადამიანის უფლებებს და როდესაც, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც აცხადებს: ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილიო (იხ. საქართველოს რესპუბლიკა

 28.V. 97.), ეს ცარიელი სიტყვები არ უნდა იყოს.

ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ რთულ და ფაქიზ სფეროს, როგორიც არის სინდისის თავისუფლება. რელიგური რწმენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის ადამიანები, რომელთაც სხვა რელიგიური რწმენა აქვთ არჩეული, მართლმადიდებლებივით ღრმად არიან დარწმუნებული თავისი მოძღვრების სისწორეში. თითოეულ მათგანს მტკიცედ სწამს, რომ სწორედ მას (და არა სხვას) აქვს ნაპოვნი ჭეშმარიტება, მხოლოდ მის გზას მივყევართ ხსნამდე და რომ სწორედ ისინი და არა ჩვენი ერთუჯრედიანი

 ცხონდებიან.

იგივე რწმენის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი შერიგება რელიგიურ საფუძველზე (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) არ ხერხდება. მაშ რა ვქნათ, ასე

 

 

დავყოთ და დავაქუცმაცოთ ისედაც დაშლილი და დაქუცმაცებული ერი? ასე დავყოთ ქართველობა რელიგიურ მიმდინარეობებად, დენომინაციებად, სექტებად და მათ შორის გავაჩაღოთ ომი? ვისი პოზიციაა ეს, გონიერი მტრის თუ უგუნური მოყვარის?

როგორც ჩანს, იეღოვას მოწმეების სწავლების ჩემებური ინტერპრეტაცია, მისი რუსული და ამერიკული მიმდინარეობების დახასიათება, მათი მოძღვრების, კულტის განხილვა და ანალიზი რაიმე პროტესტს არ იწვევს ჩვენს ოპონენტში. მის აღშფოთებას იწვევს მხოლოდ ის რამდენიმე სურვილი, რომელიც მე გამოვთქვი იმ ზოგიერთი (ვიმეორებ ზოგიერთი) ღვთისმსახურის მიმართ, რომლებიც მრევლის მდგომარეობას, მის ამქვეყნიურ გასაჭირს არ ითვალისწინებს. ეს სურვილებიც ნაკარნახევი იყო მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მათ ბოლომდე არ წაეგოთ სხვა დენომინაციებთან მრევლისათვის დაწყებული დიდი ბრძოლა.

და მეორე, რაც მის უკიდურეს წყრომას იწვევს, ესაა თუ რატომ ვამტკიცებ მე, რომ რელიგიურ უმცირესობათა აკრძალვა არ შეიძლება. როგორ თუ არ შეიძლებაო!


 გაგულისებით წერს იგი, სწორედაც უნდა ავკრძალოთო! ამასთანავე, ოპონენტი განგებ ამახინჯებს ჩემს სიტყვებს და ამტკიცებს თ. ფანჯიკიძე გვაფრთხილებს - იეღოველებთან დაპირსიპირება არ შეიძლებაო. მაგრამ, მე ჩემს წეილში არსად არ მიწერია იეღოველებს არ დაუპირისპირდეთ-მეთქი.. განა ჩემი ხსენებული ოთხნაწილიანი წერილი ამ მოძღვრებასთან დაპირისპირება არ არის, ან ჩემი განცხადება: არავითარი არმაგედონი არ იქნებაო, დაპირისპირება არ არის, ან იმის თქმა, რომ იეღოველთა არსებობა ჩვენი ქვეყნისათვის არასასურველიაო, დაპირისპირება არ არის, ან ის უზარმაზარი კონფერენცია, გასული წლის მიწურულს რომ ჩატარდა სიღნაღში, სპეციალურად ამ საკითხზე ჩემი ხელმძღვანელობით და რომლის მუშაობაში უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად თორმეტამდე მართლმადიდებელი სასულიერო პირი რომ მონაწილეობდა, მეუფე დანიელისა და მეუფე ნიკოლოზის მეთაურობით, დაპირისპირება არ არის? მაშ რაღას მერჩის პასკვილის ავტორი? ალბათ იმას, რომ იგი დაპირისპირებას და აკრძალვას ერთმანეთისაგან ვერ არჩევს. მათ შორის კი დიდი ზღვარია.

 

დაპირისპირებით მართლაც უნდა დაუპირისპირდე ამ უცხო, სხვა საფუძველზე აღმოცენებულ დენომინაციას, მაგრამ უნდა დაუპირისპირდე არამარტო დოგმატების სწორი გაგებით, არამედ შენი ზნეობით, კაცთმოყვარეობით, ცხოვრების წესით, სათნოებით და არა სიძულვილით და სიხარბით.

ღვთის ზოგიერთი მსახურის ვერცხლისმოყვარეობას რომ წააწყდა, პოპულარული გაზეთის - ასავალ-დასავალის რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა 1997 წლის 16 მაისს უკან წამოიყვანა სვეტიცხოველის ტაძარში მოსანათლად მიყვანილი შვილი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, თავის გაზეთში (იხ. ასავალ-დასავალი

 21, 1997 წ. 20-26 მაისი) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: რატომ არ მოვნათლე შვილი სვეტიცხოველში, რომლის შესავალშიც ასეთი სიტყვები ეწერა: ...როცა ასავალ-დასავალის ეს ნომერი უკვე დასაბეჭდად იყო მზად, უფლისავე კარნახით განვმარტოვდი, რათა სამზეოზე გამომეტანა ეს სატანური ცოდვა, საქართველოს დედა ეკლესიას სიბინძურის მორევში რომ მიაქანებს, ცოდვა, რომელმაც ღვთის სახლი ლამის ავაზაკთა გამოქვაბულად აქციოს...

. ეს ხომ თავის მოჭრა და დიდი სირცხვილია.

მეც მსგავს ფაქტებზე გავამახვილე ყურადღება და მოკრძალებულად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ის, ვინც ღმერთს ემსახურება და რიგით მორწმუნეებს მაგალითს უჩვენებს, პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს შინაგანად მოწესრიგებული და ზნეობის დამცველი. განა თითოეულმა ჩვენთაგანმა არ იცის უზნეობის ასეთი გამოვლინების უამრავი ფაქტი?

ზოგიერთს ჰგონია, რომ აჯობებს ერთხელ და სამუდამოდ კანონით დავადგინოთ, რომ ისინი, ე.ი. არამართლმადიდებლები, მწვალებლები არიან. ასეთ შემთხვევაში, ხომ აღარ იქნება საჭირო რაიმეს მტკიცება, მაგალითის ჩვენება, შრომა და გარჯა.
თუ მწვალებელნი არ დაგვემორჩილებიან, - მსჯელობენ ისინი, - იმოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომილთ დავსჯითო. სამწუხაროდ, ასეთია ბევრის და მათ შორის ჩვენი მოწინაამდეგის ლოგიკაც. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, თუ რატომ იკლავენ მავანნი თავს: მართლმადიდებლობა ჩვენში სახელმწიფო რელიგია უნდა გახდესო.

ამ ზომაზე მეტად ორთოდოქს მართლმადიდებლებს უნდა გავახსენო მოსკოვის კოზმან და დამიანეს ტაძრის მღვდელმსახურის, მღვდელ გიორგი (ჩისტიაკოვის) სიტყვები: როცა ჩვენ ვამბობთ


 მართლმადიდებლობა წმინდა მამათა გადმოცემების ერთადერთი ერთგული აღმსარებლობაა და ერთადერთი სწორი წესი სარწმუნოებისა, მაშინ ჩვენ ტყვეები ვხდებით, ოღონდ ვაი, რომ წმინდა მამებისა კი არა, არამედ სუსლოვისა, ჟდანოვისა, ანდროპოვისა და სხვა პარტიული იდეოლოგებისა, იმათი, ვინც მარქსიზმს ნერგავდა და დაჟინებით ამტკიცებდა


 ეს ერთადერთი სწორი და ერთადერთი მეცნიერული მსოფლმხედველობააო. მონოპოლია ჭეშმარიტებაზე საერთოდაც მეტისმეტად სახიფათოა... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგი უბრალოდ და უმალვე ჰკლავს ჭეშმარიტებას, რამეთუ ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფალი შეიძლება იყოს

 

 (იხ. გაზ. ივერიის გაბრწინება, 16, 1997 წ.).

მართალია, ამ სიტყვებს მღვდელ გიორგი ჩისტიაკოვს მკრეხელობაში უთვლიან ზომაზე მეტად ორთოდოქსი მამები, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, მის სიტყვებს ჩავფიქრებოდით.

მე კიდევ იმას ვუბრუნდები, რომ დაპირისპირება სხვაა და აკრძალვა სხვა. რასაკვირველია, შეიძლება რაიმე აკრძალო, მაგრამ როდესაც რაიმეს აკრძალავ, სასურველ შედეგს ხომ უნდა მიაღწიო? ხომ უნდა იცოდე, რა მოჰყვება ამას? როდესაც გადახტები, ხომ უნდა იცოდე, სად დახტები? თუ რა მოჰყვება ამ აკრძალვას, მე ჩემს წერილში უკვე ვთქვი. ჩემი თანადგომა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იმით გამოვხატე, რომ გულწრფელად ვურჩიე არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მას (და არა მარტო მას) ზიანს მოუტანს და ამას გირჩევთ ადამიანი, რომელსაც მრავალი წელი მოუნდომებია რელიგიურ უმცირესობათა შესწავლისათვის, თვალყური უდევნებია მათი ჩასახვისა და განვითარებისათვის, იცის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ თქვენ მის რჩევას ანგარიშს გაუწევთ და გაითვალისწინებთ, კარგი იქნება, თუ არა, თქვენ იცით! ჯერჯერობით, ლანძღვა-გინების იმ გზას, ჩვენი სასულიერო პირთა უმრავლესობა რომ მიმართავს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, წარმატება არ მოუტანია და საეჭვოა, მომავალშიც მოიტანოს.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ფანჯიკიძე თეიმურაზ / რელიგიური პროცესები საქართველოში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე