ისე, როდესაც ამ საკითხებზე ვმსჯელობთ და ჩვენში სხვადასხვა ჯურის სექტების გავრცელებასა და აღმავლობაზე ვლაპარაკობთ, ერთხელ ხომ მაინც სერიოზულად უნდა დავსვათ კითხვა


 საერთოდ რა არის სექტანტობა, საიდან მოდის, სად მიდის, რატომ გავრცელდა იგი ჩვენში, რატომაა იგი პოპულარული დღევანდელ პირობებში. ცხადია, ჩვენ აქ სექტანტობის საფუძვლიანი გარჩევის საშუალება არა გვაქვს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა აღვნიშნოთ: სექტანტობის წარმოშობის მიზეზები უმრავლეს შემთხვევაში სოციალურია. ისინი, უმეტესად, გამოხატავდნენ პროტესტს არსებული წესწყობილების წინააღმდეგ. თუკი გაბატონებული რელიგიები, ტრადიციულად, არსებულ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს, სექტანტური მოძღვრებები ოპოზიციური ძალების იდეოლოგიას წარმოადგენდა და რწმენის სხვა ფორმებს გვთავაზობდა. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, ამის საილუსტრაციოდ, რუსეთში, მეთვრამეტე საუკუნეში, დუხაბორებისა და მალაკნების სექტების წარმოშობა გამოგვადგება.

 

მართალია, ის სექტები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და გავრცელდნენ, არცერთი არ არის ადგილობრივ ნიადაგზე წარმომდგარი, მაგრამ არც ის არის დასამალი, რომ მათ საქართველოში ნოყიერი სოციალური ნიადაგი დახვდათ. ჩვენში, ბოლო ხანებში მომხდარი ამბების და უკიდურესი გაჭირვების გამო, ამ გზით, ზოგჯერ მისდაუნებურად, თავისი სოციალური პროტესტი ბევრმა მოქალაქემ გამოხატა. ჩვენს ოპონენტს განსაკუთრებით ის აღიზიანებს, რომ მე თითქოს არ ვკმაყოფილდები იეღოველთა სექტის ისტორიის მიმოხილვით და ქართველი ერის მოძღვრისა და ჭირისუფლის პოზა მაქვს მიღებული...

 

განა რა დიდი ერის მოძღვრობა და ჭირისუფლობა უნდა იმას, რომ გული შეგტკიოდეს მძიმე დღეში ჩავარდნილ, გამათხოვრებულ საკუთარ ხალხზე. განა თითოეულ ჩვენთაგანს, ყოველდღე, გულს არ გვიკლავს ყოველ კუთხეში ხელგაწვდილი ადამიანების ხილვა, უპატრონო, მიუსაფარი ქალებისა და მამაკაცების ნახვა, უმწეო და უნუგეშო მოხუცებთან შეხვედრა. გულს არ გვიკლავს, რომ საქართველოში ათასობით უპატრონო ბავშვია და იმისათვის, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ, იძულებულნი არიან ან იქურდონ, ან პროსტიტუციას მიმართონ. განა ღმერთი გვაპატიებს უსახსრობის გამო ბავშვების სხვა ქვეყნებში გაშვილებას? განა ენა იტყვის იმ უბედურებებს, რაც ჩვენ გვჭირს...? ან ვინც ხელგაწვდილი არა დგას, განა ის უკეთეს დღეშია? ყველას ხომ არ შეუძლია ხელის გაწვდა? ასე მოუვლელი, ნახევრადმშიერი, მკურნალობის საშუალებას მოკლებული, ყოველმხრივ შეჭირვებული ადამიანები უხმოდ იხოცებიან, ზოგი ბუნებრივ სიკვდილსაც აღარ ელოდება და თვითონ ისწრაფებს სიცოცხლეს... ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა აღარ უნდათ, ერი აღარ მრავლდება... კიდევ რამდენი საშინელების ჩამოთვლა შეიძლება.

 

 

როცა ყოველივე ამას ვწერ, ვინმეს კი არ ვმოძღვრავ, არამედ ჩვენი ხალხის სხვადასხვა სექტისაკენ სწრაფვის მიზეზებს ვეძებ და თუკი მართლა გვინდა, რომ ამ საკითხში სიმართლეს ჩაწვდეთ, ასეთი ფაქტების უგულვებელყოფა არ შეიძლება!

და როდესაც, ასეთ გაჭირვებაში ვინმე ხელს გამოგიწოდებს, სურსათს მოგაწვდის, წამალს მოგაშველებს, შენს მშიერ ბავშვებს დააპურებს, ქალებს ანუგეშებს, მოხუცს დაუყვავებს, ელემენტარული მადლიერების გრძნობის გამო მის მიმართ კატეგორიული ვერ იქნები.

სწორედ ამაში მდებს ბრალს ოპონენტი: დაშინებულია თ.ფანჯიკიძე, ვაითუ მსოფლიომ ზურგი შეგვაქციოსო მართლმადიდებლობისათვის, პურს არ მოგვცემენ, წყალს არ მოგვაწვდიან, ვაი და ვუიო...

 

უსინდისოდ ტყუის და არც წითლდება ეს დემაგოგი. სინამდვილეში მართლმადიდებლობისათვის კი არ შეგვაქცევს ზურგს მსოფლიო, არამედ სხვათა უფლებების დარღვევისა და შევიწროებისათვის, იმისათვის, რომ ის და მისი მსგავსნი სხვათა რწმენას აბუჩად იგდებენ და დასცინიან, იმისათვის, რომ სხვა მიმდინარეობის მორწმუნეებს ნახირს უწოდებენ. ჰო, არ შემშლია, სწორედ ნახირს უწოდებენ.

აი ამისათვის, მართლა შეუძლიათ ზურგი შემოგვაქციონ. არადა, ეს დახმარება ჩვენი გაჭირვებული ხალხისათვის ცოტა როდია.

მაგალითისათვის, თბილისის ისნის რაიონის გამგებლის თ.ჩიქოვანის განცხადებით, მარტო მის რაიონში ხსნის არმიის დახმარებას 2600 ადამიანი ღებულობს. ეხმარებიან მოხუცებს, ავადმყოფებს, ინვალიდებს, უმწეო და შეჭირვებულ ოჯახებს (იხ. ლიტერატურული საქართველო, 28. III


 4. IV. 1997 წ.). ეს მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის ქალაქის ერთი რაიონისადმი გაწეული დახმარებაა. ასეთი ორგანიზაციები ხომ მრავლად მოქმედებენ საქართველოში და რაიონებიც ხომ ბევრია საქართველოში.

 

ასეთი დახმარება ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, მათ შორის ლტოლვილს, სულის მოთქმის საშუალებას აძლევს. რასაკვირველია, გაცილებით აჯობებდა და უფრო ზნეობრივიც იქნებოდა, რომ დახმარების სანაცვლოდ ჩვენთვის ვინმეს უცხო რწმენა არ შემოეთავაზებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში უანგაროდ არავინ ირჯება. ამიტომ, საკუთარი რწმენის დასაცავად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიღვაწოთ. ოღონდ ესაა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ სხვისადმი სიძულვილის გამოხატვით და ლანძღვა-გინებით არ მოხერხდება.

 

ზოგს ასეც შეუძლია თქვას: ახლა ქვეყანას უჭირს, ხალხმაც ხომ უნდა გაითვალისწინოს ეს გასაჭირი და გაგებით შეხვდესო მას. მართალია, ქვეყანას მართლაც საოცრად უჭირს. ეს წლები უაღრესად მძიმე აღმოჩნდა ხალხისათვის. მაგრამ ყველასათვის არა...

ერთხელ უკვე ვწერდი ამის შესახებ: ხანდახან ვფიქრობ, ჩვენ ხომ არ ვგავართ იმ უმადურ ებრაელებს, რომლებიც მოსემ და აარონმა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიყვანა, გზაზე კი ისინი აუჯანყდნენ თავის წინამძღოლებს: რატომ წამოგვიყვანე და გვაშიმშილებ ამ სახიფათო გზაზეო. უკან დაბრუნება მოსთხოვეს. უთხრეს: სჯობია უკან დავბრუნდეთ ეგვიპტეში, სადაც მართალია გვჩაგრავდნენ, მაგრამ, საჭმელ-სასმელი უხვად გვქონდაო. დიახ, ჩნდება ასეთი ასოციაცია დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოში. მაგრამ, ერთი არსებითი განსხვავებით, იქ, უდაბნოში, ყველას ერთნაირად უჭირდა


 წინამძღოლსაც და უბრალო ებრაელსაც... საქართველოში კი ერთნი რომ შიმშილობენ და იტანჯებიან, სხვები მათ ხარჯზე სუქდებიან და მდიდრდებიან. აი, ეს უსამართლობა არის ყველაზე მძიმე ასატანი. ამიტომაც გადაჭრით უნდა ვთქვათ: არ შეიძლება ხალხს ასე

 

უჭირდეს და მას დალხინებული მთავრობა ჰყავდეს, არ შეიძლება ქვეყანა შიმშილობდეს და მას მაძღარი პარლამენტი ჰყავდეს, არ შეიძლება მრევლი უკიდურეს გაჭირვებაში იყოს და მას შეძლებული სამღვდელოება ჰყავდეს. ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება...

რასაკვირველია, ყველა, ვინც ასეთ უკიდურეს გაჭირვებაშია ჩავარდნილი, იეღოველებთან

 არ გარბის. ბევრი ითმენს გაჭირვებას და თავის ტრადიციულ რწმენას არ ღალატობს. მაგრამ მორწმუნეების ნაწილი ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, ხსნის არმიას, ადვენტისტებს, ახალსამოციქულო ეკლესიას და სხვა დენომინაციებს უერთდება. აი, რამოდენა წერილი დაწერა ოპონენტმა და მაინც ვერ თქვა და ვერ ახსნა: თუ რატომ სტოვებს ეს ხალხი საუკუნეთა მანძილზე ნალოლიავებ მართლმადიდებლობას.

ჩვენი კრიტიკოსი რომ უბრალო კრიტიკოსი კი არ არის, არამედ ბოროტი და ბინძური ხმების დამყრელი ადამიანია, იმაშიც ჩანს, რომ მე მაბრალებს, თითქოს ეჭვი შემქონდეს, სათუოდ ვხდიდე, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაინტერესებას ამ საკითხით და მის მიერ ერის ტკივილების გაზიარებას. მკითხველისათვის რომ ნათელი იყოს, თუ რაზეა ლაპარაკი, მოვიტან ციტატას ჩემი წერილიდან:
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ასეთი, ეროვნულ პოზიციას მოკლებული, ზენაციონალური რელიგიური მიმდინარეობები (მხედველობაში მაქვს იეღოველები) მეტნაკლებად მოსათმენია დიდ, მოწესრიგებულ ქვეყნებში, მაგრამ, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და თავისი დამოუკიდებლობა ჯერაც ვერ განუმტკიცებია, დამღუპველია. სწორედ ამიტომ, საქართველოში ახლა ბევრს აწუხებს იეღოველთა მოძრაობის ასეთი გაქანება და მასშტაბები. შეშფოთებულია მართლმადიდებელი სამღვდელოება, თავისი გულისტკივილი ვერ დამალა თვით კათოლიკოს- პატრიარქმაც, რომელიც ამ მოვლენაში მართლმადიდებელთა რადიციული მრევლის ხელყოფას ხედავს

.

V. ცნობისმოყვარეობა მკლავს, როგორ აღმოაჩინა უზენაესმა აკაკი ჯორჯაძე

კაცი რომ გეტყვის, ქრისტეს მეორედ მოსვლა უკვე მოხდა და ამის შესახებ არავინ, არც ეკლესიამ და არც სხვა ვინმემ არაფერი იცისო, ცხადია, შეცბუნდები. და თუ ისევ, დაბეჯითებით გაგიმეორა ეს ამბავი, გონება გიკარნახებს, რომ აქ ყველაფერი მთლად რიგზე არ არის. ამიტომ სჯობია ქუდი დაიხურო და იქაურობას სწრაფად გასცილდე.

თავის დაღწევის ეს ბუნებრივი ინსტინქტი ხშირად მიჩნდება ხოლმე, როცა ჩემი პროფესიის გამო ხშირად მიწევს შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც თავის თავს წინასწარმეტყველებად, ჰუმანოიდებად, ნათელმხილველებად და ღმერთთან სხვა დაახლოებულ პირებად აცხადებენ. ბოლო ჟამს, ჩვენს მეტად რთულ, ძნელ და არეულ დროში, საოცრად მომრავლდნენ ასეთი ადამიანები. ახლა ძალიან იოლად შეხვდები ადამიანს, რომელიც უბრალოდ, სასხვათაშორისოდ გეტყვის: სულ ცოტახნის წინ

უფალთან მქონდა კავშირიო, ან რაიმე მიმართვას გადმოგცემს


 უფალთან კონტაქტისას ჩავიწერეო.

 

მარტო უკანასკნელ ხანს, ჩვენი პრესის ფურცლებზე ბევრ ასეთ ადამიანს წავაწყდი. ზუსტად ასე უწერიათ: უფალთან კონტაქტისას ჩაიწერაო


 ისე უბრალოდ, თითქოს ეს ამბები ფაქსით ან ტელეფონით


 მაგთით თუ ჯეოსელით მიეღოთ...

 

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის და ეთიკის კათედრაზე კვირა არ გავა, რომ რამდენიმე ასეთი ადამიანი არ გამოგვეცხადოს. განსაკუთრებით ხშირად დადის (არცერთ ფილოსოფიურ კონფერენციას, იუბილეს თუ სტუდენტთა შეკრებას არ აცდენს) ერთი მაღალი, სიმპათიური მამაკაცი. მისი თქმით მოაზროვნე და პოეტი, საკმაოდ ზრდილობიანი, დახვეწილი მანერებით, რომლის ტიტულატურაც (მისივე მტკიცებით) ასე ჟღერს: იესო ქრისტეს უმცროსი ძმა, მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად გამოგზავნილი წარმომადგენელი, კაცობრიობის მხსნელი, ღმერთკაცი, უსაზღვროდ განვითარებული პიროვნება, არა ადამიანი, არამედ ადამმსგავსი ჰუმანოიდი (რომლის თავის ტვინის უჯრედები, როგორც ჰუმანოიდისა, მუშაობს 97 პროცენტით, იმ დროს, როდესაც კაცობრიობის აზროვნების ჭერია 2,7 პროცენტი და უსაზღვრო საუკუნეებით უსწრებს კაცობრიობას).

მისივე განცხადებით: 1994 წლის 25 მაისს, დღისით, მზისით, 12 საათზე, მთელ დედამიწაზე მამაღმერთს უნდა გამოეწვია უსაშინელესი მიწისძვრები, ვულკანების სასტიკი ამოფრქვევა, მსოფლიო წყლებისა და ჰავის გაცხელება. ვინაიდან მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მძულდეს, მამაღმერთს, რომელსაც თავისუფლად ვხედავ ზეცაში, შევევედრე, შეეჩერებინა მეორედ მოსვლა, არმაგედონი. მან, როგორც ჭეშმარიტი, ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანი კაცი, იმავე წლის 13 ივნისს, ჩემივე სხეულით მომიხმო თავის ჭეშმარიტ დედამიწაზე, რომელიც ათიათასჯერ მეტია მთელ სამყაროზე და მდებარეობს ვარსკვლავთა მიღმა. მომცა შემდეგი დავალება: 2,5 თვეში კაცობრიობას ავუმაღლო გონი, სული და მივუახლოვო მის გონს, სულს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი (98,2%) დაიღუპება სამუდამოდ!..

ყოველივე ამაში არ მეთანხმება დედამიწის მოსახლეობის 98,2%. ესენი ადამიანებია, ადამ და ევას, თიხის კაცისა და ქალის შთამომავალნი, 1,8% კი ჰუმანოიდებია, სხვადასხვა გალაკტიკებიდან, უმაღლესი ცივილიზაციებიდან მოსული ადამმსგავსნი... ესენი თავისუფლად მიგებენ...

...არ გეგონოთ განდიდების მანიით შეპყრობილი პარანოიკი, ჩემში უსასრულოდ უსაზღვრო დიდი უბრალოებაა. მე მამაღმერთის უტყუარი საბუთები გამაჩნია, ისეთი, რომლის უარყოფაც ყოვლად შეუძლებელია, მას არ გაუვა წყალი, გამოხდილიც კი... ჩემი იდეები ასტრონომიული სიზუსტით ემთხვევა მათ, ღმერთების და ანგელოსების იდეებს... მავანი და მავანი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გარდა პარანოიისა, მაბრალებს დემაგოგიას, იგი ხომ აშკარა ტყუილზე აგებულია... ეს ხალხი ავანტიურისტულ გზას ადგას, რის გამოც მათ ელოდებათ ძალიან ღრმა უფსკრული, ე. წ. კურორტი

 - ჯოჯოხეთი. ზევიდან ჩამოსვლის წინ მამაღმერთმა მითხრა, გამიმეორა ჩემი აზრები: დედამიწაზე ჩასვლისას გადაეცი ყველა ერს, ეროვნებას, რასას, თეისტებსა და ათეისტებს:ვისაც არ უნდა ვახო ჭკვიანი,

იმას ტვინი აქვს ნაღდად ჭიანი.

თუკი ვინმეს სძულს ვახუნი,

თავზე ექნება კაკუნი.

თუ არ ეყოფა კაკუნი,

მერე ექნება ბრახუნი

...

უსასრულოდ, უსაზღვროდ მართლმადიდებლური ქრისტიანული პატივისცემითა და ყარაჩოხული სიყვარულით

ვ. კ.

 

ეს ვრცელი ამონაწერი ჩვენი ჰუმანოიდის ნაწერებიდან იმიტომ მოვიტანე, რომ მკითხველი მიხვდეს, რა დღეშიც ვართ. ამას წინათ, ჩვენთან მორიგი სტუმრობისას, ვ.კ.-ვამ თავი ნაღვლიანად გააქნია და შემომჩივლა:

უნივერსიტეტში გამართულ ზ. გამსახურდიას 60 წლის იუბილეზე დარბაზში არ შემიშვესო. მითხრეს: კანონიერ ხელისუფლებას არ უნდა, რომ შენ ამ დარბაზში იყოო. გული მეტკინა, აბა ის ვის რას უშავებს, იესო ქრისტეს უმცროსი ძმა რომ არის, იმიტომ ჩაგრავენ?!

ცხადია, იოლი არ არის ასეთ ხალხთან ურთიერთობა, რადგან მათ ყოველთვის განსაკუთრებული თანაგრძნობით და ყურადღებით უნდა მოუსმინო, მოეფერო, თანაც სულ თავი უნდა უქნიო. ამ გაუსაძლის ცხოვრებაში კი ყოველთვის ამის ნერვები, დრო და საშუალება არ არის. ამიტომ არავინ უნდა დაგვძრახოს, თუ ზოგჯერ ასეთ კონტაქტს თავს ვარიდებთ...

მაგრამ მაშინ, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობის ახალი სიტყვის  წარმომადგენლები მოვიდნენ, გაქცევა და თავის არიდება აღარ მიცდია; რადგან, ჯერ ერთი, მათთან შეხვედრის თხოვნა თვითონ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან მოდიოდა. და მეორეც, თუ ბოლომდე მართალი ვიქნები, ეს შეხვედრა მეც მაინტერესებდა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სხვა ქვეყნებში, სხვა გარემოცვაში, სხვა საფუძველზე წარმოქმნილ და მერე საქართველოში შემოსულ რელიგიურ დენომინაციებს, სექტებს თუ მოძრაობებს ვსწავლობდი, მათ შესახებ ვწერდი და

ცხადია, მათი შემქმნელებისა და სულისჩამდგმელების ბიოგრაფიებსაც ვაშუქებდი. ახლა კი, პირველად ჩემს ცხოვრებაში, საქმე მქონდა სუფთა ქართულ მოვლენასთან, ქართულ გარემოში და პირობებში აღმოცენებულ მოძრაობასთან, ქართველ წინასწარმეტყველთან (მათი სიტყვებით - სასძლო კაცთან

), რომელსაც, სხვებისაგან განსხვავებით (თუნდაც მოსესა და მუჰამედის მსგავსად), მთაზე კი არ უხდება ასვლა ღმერთთან კონტაქტისათვის, არამედ ხილვებს თუ გამოცხადებებს პირდაპირ ოჯახში, სახლიდან გაუსვლელად ღებულობს.

ასეთი უნიკალური რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის ხელიდან გაშვება არასგზით არ შეიძლებოდა. ამიტომ მისი აღნუსხვა, აღწერა და საქართველოს რელიგიურ-პოლიტიკურ რუქაზე დაფიქსირება საჭიროდ ჩავთვალე.

მკითხველს გავახსენებ, რომ მე ამ საკითხებს დიდი ხანია ვსწავლობ, ფილოსოფიურ კრებულებში, სხვა სამეცნიერო შრომებში, რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში, უკვე გამოვაქვეყნე წერილები საქართველოში არსებულ რელიგიურ უმცირესობათა შესახებ, მათ შორის: კრიშნაიტებზე, იეღოველებზე, ახალსამოციქულო ეკლესიაზე, ბაპტიზმზე, ისლამზე და ა.შ.

რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა ახალი სიტყვა

 რუბრიკის


 რელიგია და საზოგადოება , რომელიც მე მიმყავს გაზეთ ახალ საქართველოში, მორიგი, რიგითი თემა იყო ჩვენში გავრცელებულ რელიგიურ უმცირესობათა (ან რელიგიურ საბურველში გახვეულ პოლიტიკურ მოძრაობათა) დასაფიქსირებლად.

 

მართალია, ბატონი აკაკი კატეგორიულად ამტკიცებს: ამ მოძრაობას არავითარი კავშირი არა აქვს რელიგიასთანო, მაგრამ ვერც იმას უარყოფს, რომ ამ მოძრაობის შექმნის საფუძველი სწორედ მის მიერ ქრისტეს მეორედ მოსვლის გამოცხადება არის (იხ. გაზ. მეტი სინათლე N 40). ხოლო ის ფაქტი (მისივე განცხადებით), რომ იგი ღვთის ნებით და განგებით მოქმედებს, რომ იგი არის ღვთის სიტყვის გადმომცემი, მისი მოსაზრების საწინაამდეგოდ მეტყველებს...

ჩემს ინტერესს ამ მოძრაობისადმი აძლიერებდა ის დიდი რეკლამაც, რომელსაც ბატონი აკაკი (უნდა ითქვას მეტად თავმდაბლურად), უკეთებს თავის ორგანიზაციას და აცხადებს: ლაპარაკი გვაქვს მოვლენაზე, რომელიც უკანასკნელი 2000 წლის მანძილზე ჯერ არ მომხდარა!..

საქმე გვაქვს ორგანიზაცია


 ღვთაებრივ მოძრაობასთან, რომლის მსგავსი 2000 წლის მანძილზე ჯერ არსად შექმნილაო.

 

მოდი და, ყოველივე ამის შემდეგ, ასეთ მოძრაობას გვერდი აუარე და ნუ აღნუსხავ. მეტი რაღა დამრჩენოდა, გავეცანი და დავწერე კიდეც ამის შესახებ.

 

 

ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი შემდეგ მსაყვედურობდა: გაცნობის შემდეგ ასე სწრაფად რატომ დაწერე და გამოაქვეყნე ეს წერილიო, ვუპასუხე: იმისათვის, რომ ეს ამბები რუბრიკის მკითხველებისათვის ოპერატიულად მიმეწოდებინა-მეთქი. აკი თვითონაც ძალზე საშურად თვლიან ამ საქმეს...

წერილი კი დავწერე, ჩემი აზრიც გამოვთქვი, მაგრამ, ღმერთმანი, ცუდი არავისთვის არაფერი მიკადრებია, საგინებელი არაფერი წამომცდენია, არავიზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მითქვამს, მით უმეტეს, პიროვნულ ლანძღვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გაზეთის თითქმის ერთი გვერდი ამ მოძრაობის მიზნებს, ამოცანებს, მოძღვრების პოზიტიურ დალაგება-გადმოცემას დავუთმე. ამასთანავე, ვეცადე, ყოველივე ეს მოძრაობის დამაარსებლის ან მისი მიმდევრების სიტყვებით გადმომეცა... ობიექტურობის დასაცავად მეტი რაღა უნდა მექნა...

შემდეგ, სიტყვა მეორე მხარეს, ბატონ აკაკი ჯორჯაძის და მისი მიმდევრების მიერ გადაბერებულად, ჩამოსაწერად გამოცხადებულ, ჩაწიხლულ და გალანძღულ ეკლესიას მივეცი.

რადგან, თუ ჯორჯაძის და მისი მიმდევრების მტკიცება ჭეშმარიტია, მაშინ რა აზრი უნდა ჰქონდეს იმ ეკლესიის არსებობას, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ქრისტეს მეორედ მოვლენაც კი ვერ გაუგია? ან რა ფუნქცია და რა მოვალეობა უნდა ეკისროს მის სასულიერო პირებს?

ამიტომ, ყოველივე ამის გასარკვევად, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება მოვიტანე, ობიექტურობისა და ჭეშმარიტების დასადგენად უკეთესად როგორ უნდა მოვქცეულიყავი? განა რა არის ამაში საწყენი და გულდასაწყვეტი? და თუ პრესცენტრის ტონი მკაცრი იყო ჯორჯაძის წინასწარმეტყველური შემოქმედებისადმი ეს ჩემი ბრალი სულაც არ არის, რადგან, ბატონმა აკაკიმ პირველმა აღმართა ხელი ოფიციალური ეკლესიის, მისი ავტორიტეტის წინააღმდეგ. განა მან და მისმა მიმდევრებმა არ მიმართეს საზოგადოებას მოწოდებით


 აეძულებინათ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ნებით გადამდგარიყო, ხოლო რიგით ღვთის მსახურებს წვეროსანი ლიფსიტები

 

 არ უწოდა? განა გაზეთ მეტ სინათლეში არ გამოქვეყნდა ვითომცდა სულით მიღებული ლექსები, რომლებიც უნიჭო, სოფლურ შაირებს უფრო ჰგავს და მასში კათალოკოს-პატრიარქი არის გალანძღული? განა მათ არ შეადარეს კაიაფას მთლიანად ჩვენი სამღვდელოება, რომელიც ხალხს სინამდვილეს უმალავს?..

ყოველივე ამის შემდეგ, ბატონი აკაკი ჯორჯაძე და მისი მომხრეები რაღას ელიან ეკლესიისაგან, იმას, რომ მათ აბსურდულ იდეებს სასულიერო პირები აიტაცებენ, გადადგებიან თავისი თანამდებობებიდან და ახალ სიტყვას

 გაჰყვებიან? ნუთუ სერიოზულად სჯერათ ასეთი შესაძლებლობის?..

ისე, ხომ უნდა გვახსოვდეს ძველი შეგონება: როცა სხვის თავმოყვარეობას უროთი სცემ, მის ნემსით ჩხვლეტაზე ყვირილი აღარ უნდა მორთო, ან კიდევ, სახარებას თუ დავესესხებით: როცა სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარ თვალში დირე მაინც ხომ უნდა შევამჩნიოთ

...

თუმცა, ყველაფერი ეს, პირადად მე, ნაკლებად მეხება. ეს უშუალოდ ბატონ აკაკი ჯორჯაძის და მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ურთიერთდამოკიდებულების საქმეა. მე, მხოლოდ ობიექტური სიტუაცია დავაფიქსირე, რადგან, კიდევ ვიმეორებ, როცა რაიმე მოვლენაზე წერ, ყველა მასალა

უნდა მოიძიო და ყველა მხარეს უნდა მოუსმინო. ეს ნებისმიერი კეთილსინდისიერი ისტორიკოსისათვის ელემენტარული ჭეშმარიტებაა...

მაშინ მაინც, რამ გააგულისა და გაანაწყენა ბატონი აკაკი და მისი მიმდევრები? ნუთუ უნივერსიტეტში გამართულმა შეხვედრამ, რომელშიაც რელიგიურ-სახელმწიფოებრივი მოძრაობა ახალი სიტყვის

 წარმომადგენლები თეოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდნენ? ან იმან ხომ არა, რასაც მე ამ შეხვედრის შესახებ ჩემს წერილში ვწერდი? შესაძლებელია, მაგრამ ღმერთმანი, ეს შეხვედრა ჩემს მიერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძალიან შერბილებულ ტონებში იყო აღწერილი. სინამდვილეში ვითარება გაცილებით უფრო მძიმე იყო: ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველურ ტრადიციებზე და ღირებულებებზე აღზრდილი სტუდენტებისათვის (თეოლოგიის სპეციალობის ლექტორთა ერთ ნაწილს მართლმადიდებელი სასულიერო პირები შეადგენენ) ძალიან მძიმე მოსასმენი და დასაჯერებელი შეიქმნა ის დებულებები, რომელთაც ამ მოძრაობის მქადაგებელნი გვთავაზობდნენ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მღვდელი (რომელიც ამავე სპეციალობაზე კითხულობს ლექციებს) ჩვენთან დატოვებული გაზეთებით უკვე იცნობდა ახალი სიტყვის დებულებებს, მათ მიერ ეკლესიის ჩამოწერილად გამოცხადებას და სასულიერო პირების ლანძღვა-გინებას გულგრილად ვერ შეხვდა, თავისი ემოციები აშკარად ვერ მოთოკა და მომხსენებლებს თავისი მოსაზრებების უფრო ნათლად გამოხატვა და არგუმენტირება მოსთხოვა.

ამ დროისათვის, უკმაყოფილო აუდიტორია უკვე აშკარად ხმაურობდა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მორწმუნეს, რომელსაც თავისი ეკლესია სწამს, უყვარს და აფასებს, როცა სულიერ მამებს გაუბაიბურებ და გადასაყენებლად გამოაცხადებ, ასეთი აუდიტორიისაგან დიდ კეთილგანწყობას, ბუნებრივია, არ უნდა ელოდო და რატომ უკვირს ბატონ აკაკი ჯორჯაძეს, რომ მისი მომხრეების, დამსწრეთა აზრით, მკრეხელურ და აბდაუბდა აზრებს, რასაც მათი მოხსენებები ერქვა, აღტაცებით არავინ შეხვდა?

ამ ამბების აღწერის შემდეგ, წერილის ბოლო ნაწილში, ორიოდე სიტყვით ჩემი ეჭვი და მოსაზრება მქონდა გამოთქმული (ნუთუ ამის უფლება არ მქონდა) ზოგადად საკითხის არსის შესახებ, სადაც ვამბობდი, რომ, რასაკვირველია, შესანიშნავია და იდუმალებითაა მოცული ქართული ლიტერატურული ნაწარმოები ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ბიბლიის შიფრად და კოდად გამოვაცხადოთ.

არასაკმარისად დასაბუთებულად მომეჩვენა მე და ეჭვი გამოვთქვი ჯორჯაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზეც ქართული ანბანის შესახებ (დაე, ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ და იდავონ).

ეს იყო და ეს. როგორც უკვე ვთქვი, ეს წერილი რუბრიკის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი თემა იყო, რომლის მიზანი საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობების, მოძრაობების, სექტების თუ ჯგუფების აღნუსხვა-დახასიათება იყო.

ჩემი ამოცანა, ცხადია, იმაშიც მდგომარეობდა, რომ შეძლებისამებრ გამერკვია, თუ რა კანონზომიერება, რა მექანიზმი მოქმედებს ასეთი მოძრაობების თუ რელიგიური წარმონაქმნების წარმოშობისას სხვაგან თუ ჩვენში. ამის ახსნა და გარკვევა უაღრესად საჭირო და აუცილებელია, რადგან, არა მარტო ბატონ აკაკი ჯორჯაძეს, არამედ თითოეული ასეთი ორგანიზაციის მეთაურს აქვს უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია და თანაც კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხალხმა მხოლოდ მისი აღმოჩენილი გზით იაროს, მხოლოდ მისი მოძღვრებით იხელმძღვანელოს. სხვა შემთხვევაში, მკაცრად გვაფრთხილებენ: ქვეყანა დაიღუპებაო...

ბატონ აკაკის ან არ უხდება, ან იშვიათად უხდება შეხვედრა ასეთი ტიპის ორგანიზაციების თუ მოძრაობების ლიდერებთან, თორემ უმალ დარწმუნდებოდა, რომ მათი განცხადებანი ხსნის ერთადერთი ჭეშმარიტი გზის ფლობის შესახებ, კატეგორიულობით არაფრით გამოირჩევა მისი მტკიცებებისაგან. აი, თუნდაც საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის

 გაზეთი დედანი ენის სასწაული

 (იგივე ლაზარეს აღდგინება, იგივე სიტყვაი კეთილი) 1999 წ. N1 (16) ნომერი ავიღოთ, სადაც ნათქვამია:

დიახ, ჩვენი გაზეთის ბოლო ნომერში გაცხადდა ძე კაცისას ხორციელად მოსვლის შესახებ (ხაზგასმა ჩვენია


 თ. ფ.). ამ აზრის არმიმღებთა შესახებ იმავე ნომერში მოყვანილი იყო იოანე ღვთისმეტყველის წერილზე აგებული მოსაზრება, რომ ბოლო ჟამს, როდესაც ქრისტეს მეორედ ღმერთად მოვლინების წინა, ანტიქრისტეს ზეობის ხანა იქნება, არ შეგეშალოთ და მიხვდით, რომ ვინც უარყოფს ქრისტეს ხორციელად მოსვლას, იგი ღმერთისაგან არ იქნებაო.

 

როგორც ვხედავთ, აქ ჯორჯაძისა და მისი მიმდევრებისაგან განსხვავებით, ქრისტეს მეორედ მოსვლა სულიერად კი არა, ხორციელად არის დასახული. და ეს ცოდნა გაზეთის ავტორებს (მათივე მტკიცებით) სულით აქვთ მიღებული.

რა ქნას, რა მოიმოქმედოს უბრალო მოკვდავმა, ვის დაუჯეროს, ორივე მხარე ხომ თავგამოდებით ამტკიცებს, მხოლოდ ჩემი მტკიცებაა ერადერთი სწორი, ჭეშმარიტი და სულიერი გზით გვაქვს მიღებულიაო?..

ან იგივე გაზეთში, მე-12 გვერდზე ნათქვამია: ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ზვიად გამსახურდია იყო რეინკარნაცია ყოვლადწმიდა სამების იპოსტასის, მეორე წევრის


 ძისა, ანუ იგი იყო კაცი სრული და არა ღმერთი...

 

ანუ მარადარსებულმა, ყოვლადძლიერმა, ყველაფრის მფლობელმა სულმა, ყოვლადწმიდა სამების მეორე წევრმა


 ძემ, შეიმოსა ჩვეულებრივი მოკვდავის სხეული და განკაცდა ზვიად გამსახურდიაში

 

...

ან ახლა რა ვქნათ, მართლა დავიჯეროთ, რომ ზვიად გამსახურდია იესო ქრისტეს რეინკარნაცია იყო, სადაური ქრისტიანული ცოდნაა ეს?

ნაღდად აღარ მინდა ამაზე სიტყვის გაგრძელება...

ჩემს ცხოვრებაში არასოდეს გამჩენია ვინმეს გაქილიკების, გალანძღვის და გაბაიბურების სურვილი. მით უმეტეს თუ ეს სხვა ადამიანის რწმენას უკავშირდება. ამიტომ ჩემს წერილშიც მოვერიდე შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გამოთქმებს, რასაც, სამაგიეროდ, ჯორჯაძის და მისი ორგანიზაციის მიმართ მე სხვა გაზეთებში და სხვა ავტორთა წერილებში წავაწყდი.

აი, თუნდაც გაზეთ ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ბატონ მალხაზ გველუკაშვილის წერილი რას ნიშნავს რიცხვი 666 ავიღოთ, სადაც ჯორჯაძის და მის მიმდევრების შესახებ შემდეგია ნათქვამი:

ეს ბნელი ორგანიზაცია ორ გაზეთს უშვებს - მეტი სინათლე და ახალი იერუსალემი, რომლითაც ხალხს მოუწოდებს რაღაც აბსურდულ, ე. წ. სიცოცხლის წიგნში

 ხელის მოწერაზე, თანაც გვეუბნებიან: კი ბატონო, ურწმუნოებით ვის გავაკვირვებთ, ღმერთს რას შევაცდენთ, მაგრამ არ ვცადოთ მაინც, თუ გვეშველება?! რას გვთხოვს ისეთს, რას გვთხოვს ღმერთი


 მოსული სიტყვა, - სიცოცხლის წიგნში

 

 ხელის მოწერა გაუსაძლის ტკივილს, ოფლის ღვრას და ჯაფას მოითხოვს?!

 ე.ი. გწამთ თუ არა გწამთ, ხელი მაინც მოაწერეთო ABღA ჩADABღA-ს. თუ ღმერთისადმია ეს ყველაფერი მიმართული, მაშინ ყალბი ხელის მოწერით ვის ვატყუებთ? რატომ ასეთი დაჟინება ხელის მოწერისადმი?

 

შემდეგ, ბატონი მალხაზ გველუკაშვილი ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ მან მრავალჯერ გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე ამ კაცისა და მისი ორგანიზაციის იდეოლოგიის ანტი-საზოგადოებრივი და სატანური სახე

 (იხ. გაზეთები: ქალთა გაზეთი, N28 (122), ახალი ერა

 N2 და N3) და ბოლოს დაასკვნის, რომ მთავარი ერთია: ბატონი აკაკი დამღუპველ ნაბიჯს დგამს უფსკრულისაკენ და შეგნებულად იმავე უფსკრულში გადასაჩეხად მასზე ბრიყვულად მინდობილ უბრალო და გაუნათლებელ ადამიანებსაც წირავს... და რომ მას, მალხაზ გველუკაშვილს, მრავალი მხრიდან შეუძლია მისი მხილება

 (იხ. გაზ. ასავალ-დასავალი 1999 წ. 11-17 იანვარი N3 (231).

კიდევ ვიმეორებ, ასეთი რამ ბატონი აკაკისათვის არ მიკადრებია, მისთვის და არც მისი ორგანიზაციისათვის სატანისტი არ მიწოდებია. არც სხვა სალანძღავი სიტყვა მითქვამს, მაგრამ, სამაგიეროდ, თვითონ ჩემს მიმართ რატომღაც ძალიან ცუდი ტონი აირჩია და ლანძღვა-გინებას მოჰყვა. ეს მისი დიდი შეცდომა იყო, რადგან ძალაუნებურად, მეც ასე განმაწყო და მაიძულა ამავე ტონალობით მეპასუხნა. თანაც, ამით, მან მარტო ის კი არ დაამტკიცა, რომ მისთვის გაცილებით უფრო მახლობელია ძველი აღთქმის პრინციპი თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, და რომ, ქრისტიანულ მოძღვრებას მტრის სიყვარულისა და მეორე ლოყის მიშვერის შესახებ მხოლოდ ქაღალდზე აღიარებს, არამედ, ისიც გვიჩვენა, რომ ორგანიზაციულად ძალზე გამოუცდელი და უმწიფარია. თუ ბატონი აკაკი არ გაგვიჯავრდება, მის გასაგონად ერთ საგულისხმო ამბავს გავიხსენებ: ამ ორიოდე წლის წინ, სიღნაღში, ადგილობრივი გამგებლის თაოსნობით, სამღვდელოებისა და მეცნიერების მონაწილეობით, მოეწყო დიდი კონფერენცია იეღოველთა გააქტიურების და მოსახლეობაზე მზარდი გავლენის ნეიტრალიზებისათვის. კონფერენციიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, გამგებელმა დიდი მადლობის წერილი მიიღო იეღოველებისაგან, გამოჩენილი ყურადღებისათვის...

თუმცა რას იზამ, შემჩნეული მაქვს, რომ ამ ჯურის, ვითომ ძალზე ზნეობრივი და ღვთისმოსავი ადამიანები მათი მოსაზრებებისათვის წინააღმდეგობის ოდნავი გაწევისთვისაც კი, იმის ნაცვლად, რომ ქრისტეს მიბაძონ, შეცდომის შემთხვევაშიც კი სხვას მიუტევონ და სთქვან: ...აპატიე უფალო, არა უწყიან რას იქმიანო

, უკანასკნელი, მიწიერი და ბიწიერი სიტყვებით ილანძღებიან. აი, რატომ მწამს ნაკლებად ამ ტიპის ადამიანების, მათი გულწრფელობის და მათი რელიგიურობის. სარწმუნოებამ ცოტა უფრო უკეთესი და მიმტევებელი მაინც ხომ უნდა გაგხადოს. სხვაგვარად, განა რა არის რელიგია ზნეობის გარეშე.

ბოზ ქალს რომ წამოსძახებენ: შე ასეთო და შე ისეთოო

 ისე წამომაძახა ჯორჯაძემ


 ხომ გახსოვს, ხომ რა დაგავიწყდა, ათეისტი რომ იყავიო

 

!


 არც არასოდეს დამიმალავს, რაც მთავარია, ამ ეპოქის დამთავრების შემდეგაც არსად მითქვამს და არც ახლა ვამბობ: თავგადადებული მორწმუნე ვარ-მეთქი, მაგრამ ამას, არასოდეს შეუშლია ხელი ჩემთვის, რელიგიის საკითხებზე ობიექტურად მემსჯელა, რაც იმ რთულ დროში იოლი შესასრულებელი სულაც არ იყო, და ამის გაკეთება გარკვეულ მოქნილობას და შეფარვით მოქმედებას მოითხოვდა.

 

მკითხველს კი გავახსენებ, რომ იმ პერიოდში, ოფიციალურად, საერო დაწესებულებასა თუ სასწავლებელში რელიგიის შესწავლისათვის, მის ისტორიასა თუ ფილოსოფიაში მუშაობისათვის, სხვა საშუალება არ არსებობდა.

რაც შეეხება მარქსიზმს, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, იგი სულაც არ ყოფილა სუფთა, წმიდაწყლის ათეიზმი, არამედ წარმოადგენდა სარწმუნოების რანგში აყვანილ იდეოლოგიას, რომელსაც რელიგიის თითქმის ყველა ატრიბუტი ჰქონდა, იმქვეყნიური რწმენის გარდა. ამ უკანასკნელს კი, ამ ქვეყნად ბედნიერი საზოგადოების აშენების იდეით ცვლიდნენ...

სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ ხეირიანად არც რელიგიები იცის, არც ქრისტიანული ღვთისმეტყველება და მით უმეტეს, არც ათეიზმი. სხვა შემთხევაში იგი არ დაუშვებდა იმ ელემენტარულ შეცდომებს, რომლითაც სავსეა მისი ნაწერები. გარდა ამისა, იგი ზიზღით არ მოიხსენიებდა იმ მრავალ, თავისუფალ მოაზროვნეს, რომელთა ბევრი წარმომადგენელი წარსულშიც და ახლაც კაცობრიობის სიამაყეს წარმოადგენენ

ბატონ აკაკის უნდა ახსოვდეს ის, რომ ათეიზმი კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, ისიც მსოფლიოს ერთ ნაწილში, ისიც მოჩვენებით, მარტო 70 წელი იყო გაბატონებულ მსოფლმხედველობად გამოცხადებული, სხვა დროს, რელიგიის ჩასახვიდან დღემდე, ყოველთვის დევნილი იყო. და მას ყველა (მათ შორის, როგორც ვხედავთ, ჯორჯაძეც) დღესაც დევნის... საწყალი ათეისტები!...

ბატონი აკაკი ჯორჯაძე რომ ობიექტური ადამიანი ყოფილიყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას ჩემზე დაწერილ წერილს ახსენებდა, იქვე, როგორც წესია, უნდა აღენიშნა მასზე გაცემული პასუხიც, რომელშიც ნაჩვენები იყო ჩემს მიმართ გამსახურდიას მიერ გამოთქმული შენიშვნების და ბრალდებების სრული აბსურდულობა.

აღნიშნული პასუხი ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის რედაქტორობით გამომავალ, იმ დროისათვის მეტად პოპულარულ გაზეთ საქართველოში

 (იხ. საქართველო N14 (70), 10.IV.92 წ.) დაიბეჭდა და იგი მთელმა საქართველომ წაიკითხა.

სხვათა შორის, ეს პასუხი მაშინ გამოქვეყნდა, როცა გამსახურდია თუმცა განდევნილი, მაგრამ ცოცხალი იყო. მაგრამ, არც მაშინ და არც მერე, არც მას და არც მის მიმდევრებს, რომელთაც უამრავი ბეჭდვითი ორგანო ჰქონდათ (და აქვთ), საკითხის თვალნათელობის და სიცხადის გამო აზრად არ მოსვლიათ საწინააღმდეგო რამ დაეწერათ.

რაც შეეხება ჩემი დოქტორობის ბრჭყალებში ჩასმას, სამწუხაროდ, გული უნდა დავწყვიტო ბატონ აკაკის. ჩემს სადოქტორო დისერტაციაში რელიგიაზე, როგორც ხალხის მასების ოპიუმზე ლაპარაკი არ არის (სხვათა შორის, ეს გამოთქმა ლენინს არ ეკუთვნის, ასეთი ყურმოკრული ცოდნა აქვს ყველაფერზე ბატონ ჯორჯაძეს), არამედ რელიგიების ისტორიის არსს, მის სტრუქტურას ეხება და იგი კომუნისტური რეჟიმის დამთავრების შემდეგაა დაცული.

ბინძური ბრალდებაა, თითქოს ეს სტატია ეკლესიის შეკვეთით იყოს დაწერილი. კატეგორიულად უარვყოფ. სხვას რომ თავი დავანებოთ, რა სჭირს ქართულ ეკლესიას ჩემი დასაცავი. ის დრო, როცა ამის საჭიროება იყო, კარგა ხანია წავიდა. ახლა მართლმადიდებელ ეკლესიას მძლავრი ორგანიზაცია აქვს თავისი აკადემიებით, სემინარიებით, კოლეჯებით, პრეს-ცენტრებით, გამომცემლობით, ჟურნალებით და გაზეთებით, რომელთაც, სხვათა დაუხმარებლად, შეუძლიათ სათანადო პასუხი გასცენ ყველა ეკლესიის მაგინებელსა და მლანძღველს, ნებისმიერ ახლადგამომცხვარ პრაროკს.

რაც შეეხება ჩემს სიმპატიებს ქართული ეკლესიისა და მისი ცალკეული მღვდელმთავრების მიმართ, იგი არაერთხელ გამომითქვამს ჩემს წიგნებში, ჟურნალებსა თუ გაზეთებში თვით ყველაზე გახურებული ათეიზმის ბატონობის ხანაშიც, რადგან, საღვდელოების მოწინავე ნაწილში ყოველთვის ვხედავდი და ახლაც ვხედავ თავის ქვეყანაზე შეყვარებულ, ეროვნულ და პატრიოტულ ძალას.

ამდენად, ასეთი ბრალდება სუფთა ცილისწამებაა, როგორც ჩემზე, ისე ეკლესიაზეც. გარედან მომზირალი ზოგი ადამიანი ასე მსჯელობს: წეროს ბატონმა აკაკიმ, რაც გაუხარდება, ვის რას უშავებს, ის არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნებაო. მაგრამ სხვების აზრით


 საქმე ასე მარტივად სულაც არ არის. ისინი იხსენებენ თავის დროზე აკაკი წერეთლის ნათქვამ სიტყვებს: ყოველ კაცს აქვს სრული ნება ილაპარაკოს, თუკი ის სისულელე საზოგადოებას არ ავნებს და მაშინ კი, თუ მავნებელია, უნდა დაუშალოს. და მართლაც, როდესაც, ამ შეჭირვებულ საქართველოში, ქვეყანა რომ თავზე გვექცევა, ვხედავთ თვალანთებულ ახალგაზრდებს (რომელთა შორის ჩემი ნაცნობების შვილებიც აღმოჩნდნენ) გაბრიყვებულს ამგვარი თეორიით, რომელთაც სერიოზულად ჰგონიათ, რომ აფხაზეთის ამბებს, ეკონომიკურ, ფინანსურ თუ სხვა გაჭირვებას, საქართველოს ყველა პრობლემას ეშველება, თუკი უკვე მოვლინებულ ქრისტეს ვაღიარებთ და სიცოცხლის წიგნში ხელს მოვაწერთ, ყოველივე ეს, რასაკვირველია, ილუზიად და ახალგაზრდებისათვის გზის აბნევად მიმაჩნია.რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა ახალი სიტყვა არა მარტო სამღვდელოების ჩამოწერას, არამედ ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრობის გადაყენებასაც მოითხოვს.

 

 

 

ამ დაქცეული და გაჭირვებული ცხოვრების შემხედვარე, ჩვენს ქვეყანაში იშვიათად თუ არის ვინმე დალხინებული, კმაყოფილი და იმ მთავრობის მომხრე, რომელმაც ვერაფერს ვერ მოაბა თავი და ასეთ დღეში ჩაგვყარა. მაგრამ მინდა დავარწმუნო ჯორჯაძეც და მისი მიმდევრებიც, რომ ამ მთავრობას ისე არავინ უწყობს ხელს ხელისუფლების შენარჩუნებაში, როგორც მათი ორგანიზაციის მსგავსი მოძრაობები. რადგან რიგითი ამომრჩევლის ლოგიკა ასეთია: ეს მთავრობა, რასაკვირველია, ცუდია, კორუმპირებულია და თავს ვერაფერს ართმევს, მაგრამ გიჟი არ არის და ქვებს მაინც არ ისვრისო... ხოლო იმათ, ვინც ამ გზით აპირებს მის ნაცვლად მოსვლას, ამის გარანტიის მიცემა ნაღდად არ შეიძლებაო...

რაც შეეხება ხელმოწერებით სიცოცხლის წიგნში პრეზიდენტის კანონიერი გზით გადაყენებას, ეს ნაღდად სუფთა ფანტაზიის სფეროდანაა. ბატონო აკაკი! ასე იოლი რომ იყოს, ასე იოლი რომ იყოს თქვენი მომხრე ასი კაცით პრეზიდენტის გადაყენება?!. ისე, ამ თქვენმა მოსაზრებამ გულიანად გამაცინა და ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი გამახსენა, სადაც იყო ასეთი სიტყვები: მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით... მართალია, იქ მელიის ფერი არ იყო დაზუსტებული: თეთრი იყო თუ შავი, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა... კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ამჯერად კმარა.

მე უამრავი რელიგიური თუ პოლიტიკური მოძღვრება წამიკითხავს, ათასგვარ სწავლებებს გავცნობივარ, დიდი მოთმინებით მიცდია მათ არსში, მათი შემქმნელების ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩაწვდომა, მაგრამ იშვიათად წავწყდომივარ ასეთ გულუბრყვილო რელიგიურ აზრებსა და არგუმენტაციას...

და ბოლოს, დასკვნის სახით, ერთი ჩემი კოლეგის სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც მან ჯორჯაძის და მისი მიმდევრების აზრების გაცნობის შემდეგ თქვა: თუ ეს ხალხი თავისას არ დაიშლის და კიდევ გააგრძელებს მტკიცებას ქრისტეს ასეთი, უხილავი მოვლენის შესახებ, ეგებ ერთ რჩევას მაინც დაუგდონ ყური და დაიჯერონ: მათი გაზეთის 39-40-ის ბოლო გვერდებზე გამოქვეყნებულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების სია, რომელთაც გადაეცათ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობის ახალი სიტყვის მიმართვა. აღნიშნულ მისამართებში (თუ ყურადღებით წავიკითხე) გამოტოვებულია ფსიქიატრიული დისპანსერის მისამართი, ასათიანის ქუჩაზე. პირველ რიგში კი სწორედ იქ უნდა გაეგზავნათ ეს მიმართვა და პასუხსაც აუცილებლად დალოდებოდნენ...

ძალზე საწყენია, რომ ცოცხალი აღარ არის ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი, თორემ ამ მიმართვის მიმტანს ხომ აუცილებლად ეტყოდა: აბა, გააყოლე ჩემს თითს თვალიო...

 მაგრამ, არა უშავს, ამ დაწესებულებაში, ალბათ, დარჩებოდა ვინმე ისეთი მცოდნე და გამოცდილი ადამიანი, რომელიც დაოსტატებული იქნება ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების, ნათელმხილველების, ჰუმანოიდების და სხვა ღმერთთან ესოდენ დაახლოებული ადამიანების ამოცნობაში...

P. შ. ყველაფერი ეს, რაც ზემოთ ითქვა, ბატონ აკაკი ჯორჯაძის ჩემზე დაწერილი წერილის უშუალო შთაბეჭდილებით არის დაწერილი, რომ იტყვიან ცხელ გულზე. დრო რომ გავიდა, მერე მისი გამოქვეყნება ნამდვილად აღარ მინდოდა. ფეხიც ვითრიე, ამის მოწმე თვითონ მთავარი რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილია, მაგრამ ვინაიდან ბატონმა აკაკიმ დაჟინებით მოითხოვა თავისი წერილის გამოქვეყნება, მეც იძულებული გავხდი მეპასუხა.

გაზეთ მეტი სინათლის N40 გამოსვლის შემდეგ, სადაც აღნიშნული წერილი იყო დაბეჭდილი, ამ გაზეთის კიდევ ოთხი ნომერი გამოვიდა. მათ შორის N42-იც, რომელშიაც გამოქვეყნებულია ამავე საკითხისადმი მიძღვნილი ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ლია გულედანის წერილი: შვილთა პასუხი. ამ წერილში ჩემი მისამართით თანძღვა-გინება აღარ არის, მაგრამ ის ბრალდება, რომ აღნიშნული სტატია ეკლესიის შეკვეთით არის დაწერილი, სამწუხაროდ, მაინც რჩება...

ქ-ნ ლიას წერილმა, მისმა ზრდილობიანმა ტონმა, საკმაოდ გაანელა ჩემი გულისტკივლი. ამას დაემატა, ამავე ნომერში, ბატონ აკაკის დაჩივლებაც: ...მთელი ქვეყნიერება ჩემი მოწინააღმდეგე გახდა.

ოჯახის წევრებისათვისაც კი შეშლილი გავხდი, ყველა ძაღლიმამაძაღლი მომესია, გამიუბედურეს ოჯახი


 მომიკლეს შვილი და ბოლოს, როგორც ხედავთ, საჯაროდ და საქვეყნოდ სატანად გამომაცხადეს: დამცველი კი ჯერ ერთი ადამიანიც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში


 არ ჩნდება. ცხადია, ადამიანურად შემეცოდა.

 

გარდა ამისა, როდესაც მან თავისი მწერლური კარიერა გაიხსენა, ახსენა მისი რედაქტორობით გამოსული მხატვრულ-ლიტერატურული კრებული საწმისი, რომელშიაც აწ განსვენებული ჩემი ძმის


 გურამ ფანჯიკიძის კინომოთხრობაც არის გამოქვეყნებული, კარგად მახსოვს ამ კრებულის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟიც, ყოველივე ამან გულიც კი ამიჩუყა...

 

მაგრამ, აი, გამოვიდა გაზეთ მეტი სინათლის 43-ე ნომერი, რომელშიაც უკვე საქართველოში მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე და მასზე ერთიანი ბლოკით საქართველო


 ღვთის ტაძარი

 

 გამოსვლაზეა ლაპარაკი, ხოლო 44-ე ნომერში სამოქმედო გეგმაა დასახული.

გამართლდა ის, რისი ეჭვიც თავიდან მქონდა, მათი მოძრაობისათვის ქრისტეს მეორედ მოვლინება მხოლოდ საბურველი არის, რომელშიაც მათი პოლიტიკური თუ სხვა მიზნებია გახვეული. რა მოხდა მერე, თუკი საქართველოზე, ჩვენს ხალხზე გული შესტკივათ, თუ რაიმე სასიკეთოს მოიმოქმედებენ და თავს მოაბამენ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. აკი ვამბობდი, ბევრი რამ, რაზედაც ამდენს ვწუწუნებთ (თელასის გაყიდვიდან დაწყებული), მიწიერი ტკივილების ასახვაა-მეთქი, სადაც ეს უამრავი პარტია და მოძრაობაა, იქ ახალი სიტყვაც

 იყოს, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ის ვარიანტი იყოს


 ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო...

 

 

ასეა ყველაფერი ეს თუ ისე, ერთი მთავარი კითხვა მაინც არ მასვენებს


 ღირდა კი ამ საქმისათვის ამხელა ხმაურის ატეხა, ამდენი ხალხის გალანძღვა, იესო ქრისტეს, იოანე ზოსიმეს და ქართული ანბანის შეწუხება...

 

ყველაფერმა ამან, მართალი გითხრათ, ძალიან ნაღვლიან გუნებაზე დამაყენა და ლადო მრელაშვილის არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებული რობაია გამახსენა:

რომ მიქადაგებ და მიხსენებ ხშირად მესიას,

მოსისხლე მტერი შევიყვარო, - უკეთესია.

მღვდელო, ერთმანეთს ყელებსა ვჭრით ლუკმა-პურისთვის, -

რის ტაძარი, ან მეჩეთი, ან ეკლესია.

გაზეთი ახალი საქართველო

 N15 (15-21 აპრილი) - N16 (22-28 აპრილი), 1999 წელი.

პოლიტიკურ გაერთიანება მძლეველს, აკაკი ჯორჯაძეს,

გიორგი-ლაშა ლომიძეს, ბადრი ჭელიძეს და კომპანიას

VI. რა დონის სავლეებიც იყავით, იმ დონის პავლეებიც გახდით

კახეთში სხვანაირად იტყვიან ხოლმე, მაგრამ რასაც

ამას კახეთში ეძახიან, იმისგან ტორტი არ ცხვება...

ღმერთმანი, არ მინდოდა! ნამდვილად არ მინდოდა ამ აბრაკადაბრას, პოლიტიკური გაერთიანება მძლეველი რომ ჰქვია, ისევ გამოვხმაურებოდი.

არა, ოპოზიციური ძალა როგორ არ გამიგია და მინახავს, ჩვენი უნიათო, უმოქმედო და კორუმპირებული მთავრობის გადადგომაც რომ ბევრს უნდა, არც ეს არის გასაკვირი, მაგრამ ისეთი ხერხები და მეთოდები, პ/გ მძლეველს

 რომ აქვს,არსად შემხვედრია. მას ხომ ამ საქმისათვის თავად უზენაესი ჰყავს მოხმობილი და მისი მეორედ, სულიერად მოვლინების

 შემდეგ დაიწყეს თავისი საქმიანობა.აბა, ამათ რაღა დაუდგებათ წინ?!..

ორჯერ უკვე ვწერდი ამ რელიგიური თუ პოლიტიკური მოძრაობის შესახებ, რომელსაც ადრე ახალი სიტყვა ერქვა. პირველ წერილში, სათაურით ბიბლია, იოანე ზოსიმე, ქართული ანბანი და ცოტა ფანტაზია, ანუ მართლა მოხდა თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლა საქართველოში, ვეხებოდი ამ მოძრაობის მოღვაწეობის მიზნების და ამოცანების ჩემეულ ხედვას (იხ. გაზ. ახალი საქართველო

 N40-41, 1999 წ.); მეორედ, სათაურით ცნობისმოყვარეობა მკლავს, როგორ აღმოაჩინა უზენაესმა აკაკი ჯორჯაძე, იძულებული გავხდი, ცოტა მხიარულად

 გამეცა პასუხი იმ, არცთუ ისე დელიკატურ და მეტად აგრესიულ გამოხმაურებაზე, ჩემს პირველ, უწყინარ წერილს რომ მოჰყვა (იხ. ახალი საქართველო N15-16, 1999 წ.).

მერე იყო და გაზეთ კვირის პალიტრის კორესპონდენტმა ნანა გურაშვილმა აზრი მკითხა ამ მოძრაობის შესახებ, რის პასუხადაც ჩემი ადრე გამოქვეყნებული წერილები გადავეცი, რადგან განვლილი პერიოდის მანძილზე შეხედულებები ამ საკითხის ირგვლივ არანაირად არ შემცვლია. კერძოდ, ვერაფრით დავიჯერე ამბავი ხელმეორედ, ამჯერად სულიერად, მოვლენილ იესო ქრისტეზე, რომლის შესახებაც არავის არაფერი გაუგია (ჩვენი ეკლესიის და საპატრიარქოს ჩათვლით), გარდა აკაკი ჯორჯაძისა; ვერც ის, რომ ქართული ანბანი შეიძლება ლაზარე იყოს, ხოლო იოანე ზოსიმეს მშვენიერი ლიტერატურული ძეგლი, ქებაО და დიდება ქართულისა ენისა 


 ბიბლიის შიფრი; შემინდოს უფალმა და არც საქართველოს გაბრწყინებას ველოდები მოკლე ხანში, ამის არავითარი ნიშან-წყალი არ ჩანს. ჩვენში დარჩეს და, მაინცდამაინც, არც ბატონ აკაკი ჯორჯაძის ღვთის სასძლოობისა მწამს რაიმე. მთლიანად, მთელ ამ მოვლენას, მე დაახლოებით ისე ვუყურებ, როგორც პოპულარულ სატელევიზიო გადაცემას - გინდ დაიჯერე, გინდ არა, რომ ჰქვია...

 

მაგრამ საქმე აქ ჩემს დაჯერებასა და არდაჯერებაში არ უნდა იყოს, არც იმის მტკიცებაში


 თეისტი ვარ, ათეისტი თუ პანთეისტი. ჯორჯაძის და მისი მიმდევრების ამოცანა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების ლანძღვა კი არ უნდა იყოს, არამედ იესო ქრისტეს ნამდვილად მოსვლის დასაბუთება.

 

ისე კი, თუ მართლა მოვიდა ამქვეყნად, რა, ჩემისთანები შეუშლიან ხელს მის გამოცხადებას?...

თავისი დაკვირვებებით და ჩემგან წაღებული წერილებიდან, ქალბატონმა ნანა გურაშვილმა თავისი დასკვნები გააკეთა და სამართლიანად ჩათვალა, ამ მოძრაობაში

 გარკვევა უფრო ფსიქოლოგების პრეროგატივააო (მოერიდა, თორემ ფსიქიატრების დაწერა უნდოდა).

მას შემდეგ, რაც ჩემი ადრინდელი და ახლანდელი აზრი პ/გ მძლეველის

 შესახებ კვირის პალიტრამ

 გამოაქვეყნა (იხ. 47, 20-26.XI.2002 2.), ამ მოძრაობის ლიდერებმა მოსვენება აღარ მომცეს, ინტერვიუ მოგვეციო. როდესაც ეს ინტერვიუ შედგა და შემდგომ გამოქვეყნდა (იხ. გაზ. მძლეველი N17, 2006 (2000) წ.), იქვე, მის

კომენტარში, ჩემი ლანძღვა-გინება ამოვიკითხე: რატომ ზუსტად ისე არ აზროვნებ, როგორც ჩვენო, სხვაგვარად, რატომ არ გჯერა ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთო... არ ვჩივი, სხვანაირ შედეგს არც ველოდი, მაგრამ მთელ ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ისეთი რამ აღმოვაჩინე, რასაც ადრე ვერავინ მიხვდა. დავადგინე, თუ ვინ უნდა გააბრწყინოს საქართველო და არა მარტო საქართველო...

მკითხველი რომ არ დაიბნეს, ერთხელ კიდევ ჩვენს პრესაში აღწერილ ხელისუფლების შეცვლის სცენარს გავახსენებ, რომელიც პ/გ მძლეველის

 თავმჯდომარეს გიორგი-ლაშა ლომიძეს ეკუთვნის:

ხალხით გადაჭედილ ფილარმონიის დიდ დარბაზში გადამდგარი პრეზიდენტი შევარდნაძე თავის სავარძელს უთმობს სასძლო კაცს, ღვთის რჩეულს. მას აკაკი ჯორჯაძე წარმოუდგენს საზოგადოებას. ქვეყანაში დამყარდება ღვთაებრივ-კონსტიტუციურ-მონარქისტული მმართველობა. იმ წუთიდანვე დაიწყება კიდეც ივერიის გაბრწყინება. საქართველო გამოცხადდება მამის ტახტის მფლობელ ქვეყნად და გაბრწყინებულ საქართველოსთან ერთად მისი ნათლით ივლიან დახსნილი ქვეყნები-ო.

ასე შთამბეჭდავად არის აღწერილი ეს დაუვიწყარი სცენა, რომელიც საქართველოს და არა მარტო საქართველოს ბედს შემოატრიალებს. მაგრამ მაინც ვინ არის ის ფეხბედნიერი, ვის მოსვლასაც ასე ელოდება არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო?

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი არ არის ა. ჯოგლიძე, რომელიც მონაწილეობას იღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში (არცთუ ისე წარმატებით), დამკვირვებელთა ყურადღება სხვაზე გადავიდა.

არ მინდა, მკითხველი დიდხანს დავტანჯო, ამიტომ თავიდანვე უნდა გავხსნა კარტი: ბატონი გიორგი-ლაშა ლომიძე და ბატონი აკაკი ჯორჯაძე სიძე-სიმამრი არიან. მას შემდეგ, რაც ბატონ აკაკის პირდაპირი ხაზი გაეხსნა უზენაესთან (არ ვიცი, რა უჩურჩულა მას უზენაესმა ყურში), უბრალო ბიჭი


 ლაშა ლომიძე


 გიორგი-ლაშად იქცა. დააკვირდი, მკითხველო! ლაშა-გიორგიდ კი არა, როგორც მოსალოდნელი იყო, ან ედუარდ-გიორგიდ, როგორც ეს შევარდნაძესთან გვაქვს, არამედ გიორგი-ლაშად. და თუკი გავითვალისწინებთ, თუ რა დატვირთვა აქვს სახელ გიორგის, ბატონ აკაკის შემოქმედებაში გასაგები ხდება, თუ საით უმიზნებენ. ამ ვარაუდის სისწორის სასარგებლოდ სხვა ფაქტებიც მოვიძიეთ, მაგრამ ამაზე ამჯერად აღარაფერს ვიტყვით...

 

როდესაც ჩვენი ვარაუდი თვით გიორგი-ლაშას გავუზიარეთ, აშკარად დაიმორცხვა, გაწითლდა და სასწრაფოდ უარყო ჩვენი მოსაზრება, მაგრამ აშკარად შევატყვეთ, რომ მიზანში მოვარტყით. ასეა ეს. ნამდვილად გიორგი-ლაშა მოიაზრება, ბატონ აკაკის აზრით, შევარდნაძის შემცვლელად.

სიძე-სიმამრობაც ხომ ასეთი უნდა. ისე, რა უნდა აჩუქო სიძეს უფრო უკეთესი, თუ არა ქვეყნის მეფობა ან პრეზიდენტობა! ვაი, რა ტყუილად ცდილობენ სხვები, ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად რომ მოიაზრებიან: რის ჟვანია და რის სააკაშვილი,

რის შაშიაშვილი და რის რჩეულიშვილი. სიძე-სიმამრს საათივით აქვს აწყობილი საქმე და თვით უზენაესის რეკომენდაცია უმაგრებთ ზურგს. აწი, სხვამ რაღამ უნდა შეუშალოს ხელი?

ამას რომ მივხვდი, ცხადია, სინანულმა შემიპყრო, როგორ ვარბენინე ის მომავალი მეფე თუ პრეზიდენტი უნივერსიტეტის კიბეებზე, ინტერვიუს ასაღებად ორჯერ რატომ მოვიყვანე, გადაბეჭდილი მასალაც ვერ მივეცი, სტუდენტების გადაწერილი ხელნაწერი გავატანე, შეფარვით ერთი-ორი ხუმრობაც შევბედე, მაგრამ, რაც იყო, იყო. უკვე მომხდარს ვეღარ გამოასწორებს კაცი. ერთადერთ ნუგეშად ისღა მრჩება, რომ პრეზიდენტის შემცვლელს ხმამაღლა პირველად მე ვასახელებ. იმედია, მომავალი მონარქი დამიფასებს ამას და წარსულ შეცოდებებს მაპატიებს. განა ტყუილად არის ღვთის რჩეული?...

P. შ. ამას რომ ვწერდი, ახლობელმა ჩაიხედა ჩემს ნაწერში და იკითხა


 რომ გაფრინდნენ?

 

- რაა?


 გაკვირვებულმა ვიკითხე მე.

 

- მართლა რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ არეულ ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი, მერე რას შვრები?


 დამიზუსტა შეკითხვა.

 

ასეთმა პერსპექტივამ ნამდვილად შემაკრთო, მაგრამ ვიფიქრე: ოღონდ საქართველოს ეშველოს, საქართველო გაბრწყინდეს და ჯანდაბას ჩემი თავი


 მეთქი.

 

P. შ. შ. ვიღაც გამვლელმა ვაგზლის მოედანზე პატარა მაგიდა შენიშნა, სადაც მძლეველის

 აქტივისტები პრეზიდენტის გადასაყენებელ ხელმოწერებს აგროვებდნენ და თავის თანამგზავრს უთხრა: შენ გიჟები დაუძახე და ნახე, როგორ მოხერხებულად აგროვებენ შუა ქალაქში პრეზიდენტის გადასაყენებელ ხელმოწერებს, სხვებს ამის გულისათვის დაიჭერდნენ, ესენი კი თავისუფლად დადიანო. თანამგზავრმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

მე კი მოუთმენლად ველი 9 აპრილს, როდესაც საქართველო უნდა გაბრწყინდეს: შეიცვალოს სისტემა და მთავრობა. თუ საქართველო არ გაბრწყინდება, მაშინ რუსეთი მაინც უნდა გაბრწყინდეს. თუ ესეც არ მოხდა, სხვა რა უნდა ვიღონოთ, არ ვიცი. აშშ, ინგლისი, გერმანია და სხვა ქვეყნები კარგა ხანია, გაბრწყინებულები არიან.

თუმცა, ერთი, ზემოთ უკვე თქმული ამბავი მაინც უნდა გავიხსენო: 1843 წლის 21 მარტს ადვენტისტების სექტის დამაარსებელმა კ. მილერმა თავის თანამოაზრეებს ქონება გააყიდინა


 ქვეყანაზე მეორედ მოსვლა და საშინელი სამსჯავრო უნდა მოხდესო. სამაგიეროდ, ადვენტისტებმა კუბოები და საყვირები შეიძინეს, რითაც ღმერთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ქრისტე დათქმულ დღეს არ მოვიდა. მაშინ ვ. მილერმა თავი იმართლა: გამოთვლისას ერთი წელი შემეშალაო. მეორე წელსაც იგივე გაიმეორეს, მაგრამ მეორედ მოსვლა მაინც არ შედგა...

 

ყველაფერი ეს შორეულ ამერიკაში, წყეული მასონების

 ქვეყანაში მოხდა, თანაც ძალიან დიდი ხნის წინათ, აქ კი, ჩვენი მშობლიური კაკო პრაროკი, იმედია, ბოლომდე არ გაგვწირავს.2000 წ.

VII. მცირეოდენი განმარტება

გულახდილად ვიტყვი: ძალიან გამიკვირდა, როდესაც გაზეთ მენორაში, რომელიც მწერალ გურამ ბათიაშვილის რედაქტორობით გამოდის, მისივე სტატიაში სათაურით: ბრძენკაცის (იგულისხმება რუსეთის სულიერი რაბინი შტაინზალცი


 თ. ფ.) ირგვლივ ჩემი გვარი აღმოვაჩინე. კერძოდ, მოხმობილი იყო ჩემი 3 წლის წინანდელი პუბლიკაცია სათაურით: ებრაელთა თალმუდზე, რუსეთის სულიერ რაბინ შტაინზალცზე, ეროვნულ იდეოლოგიასა და ქართველი ხალხის პრობლემებზე. მასში, ებრაელი ხალხის ისტორიისა და გამოცდილების ფონზე, ლაპარაკი იყო ქართველი ხალხის პრობლემებზე, მის წარსულსა და თანამედროვეობაზე, იმ ხალხის ბედზე, ვინც თავის დროზე, ებრაელების მსგავსად, აუტანელი პირობების გამო დატოვეს სამშობლო.

 

ბატონ გურამს მოსწონებია ჩემი პუბლიკაცია, მისი პათოსი, დადებითი შეფასება რაბინ ადინ შტაინზალცის ვიზიტისა, რომელიც რუსეთში, სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც ჩამოვიდა იმისთვის, რათა ებრაელებისათვის თავისი ებრაელობა და იუდეველობა შეეხსენებინა; მაგრამ, ამასთანავე, გული დასწყვეტია თალმუდის ჩვენეულ შეფასებაზე:

თ. ფანჯიკიძისეული შეფასება თალმუდისა, - წერს იგი, - არაფერ ახალს არ მოიცავდა


 კვლავ საბჭოური იდეოლოგიის არეალში ტრიალებდა. თ. ფანჯიკიძე პატიოსანი პიროვნება და მეცნიერია, ურთიერთობაც თბილი მქონდა და მაქვს მასთან. ამიტომაც გულახდილად ვუთხარი, რომ თალმუდის მისეული შეფასება ტენდენციურია

 

 (იხ. გაზ. მენორა, 2002 წ. აგვისტოს ნომერი).

ჩემი აზრით, რელიგიური წიგნების ღირსება და მნიშვნელობა, დადებითია იგი თუ უარყოფითი, პირველ რიგში იმით უნდა განისაზღვროს, თუ რა მოუტანა მან ამ წიგნის შემქმნელ ხალხს, ამ შემთხვევაში ებრაელ ხალხს. სწორედ ასეთი პასუხი გამცა რაბინმა ადინ შტაინზალცმა სასტუმრო მეტეხში დასმულ შეკითხვაზე:
რა არის თალმუდი, ან რა საკაცობრიო ღირებულებები გააჩნია მას?

 

თალმუდი, - მიპასუხა მან, - პირველ რიგში ებრაელთა წიგნია, მათი სახელმძღვანელოა და იგი შეიძლება სულაც არ იყოს საინტერესო სხვა ერებისათვის, რაც შეეხება სხვა ხალხებზე გამოთქმულ აზრებს, იგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დამოკიდებულებაში იყვნენ ებრაელები იმ ხალხებთან, ზოგი შექებულია, ზოგი გალანძღული...

 

და თუკი ებრაელებს აქვთ უფლება თავისი შეხედულება თავისუფლად გამოთქვან ამა თუ იმ ხალხზე, ნურც სხვა ხალხებს წავართმევთ უფლებას, თავისი შეხედულება ჰქონდეს თალმუდზე.

 

 

ის, რამაც ბატონი გურამ ბათიაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, ეს არის ჩემს მიერ სტატიაში ვრცლად ციტირებული სარატოვისა და ცარიცინის არქიეპისკოპოსის ალექსის მიერ ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, 1913 წელს, რუსეთში, ჟურნალ საკლესიო უწყებათა დამატების 44-ე ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაცია თალმუდის მორალი, სადაც ეს უკანასკნელი დახასიათებულია, როგორც უაღრესად რეაქციული, სხვა ხალხების მოძულე იდეოლოგია, რომლის მხილებაც აუცილებელ საქმედ მიაჩნიათ.

ჩემს სტატიაში ხაზგასმით მაქვს ნათქვამი, რომ ეს ჩემი შეხედულება არ არის, არამედ ინფორმაცია, რომელსაც რუსულ-შავრაზმელური პრესა აქტიურად ავრცელებდა და დღესაც ავრცელებს მოსახლეობაში.

ყველაფერი ეს ხომ გაცილებით ადრე, საუკუნეთა სიღრმეში დაიწყო და არა საბჭოურ პერიოდში... განა ბატონი გურამისთვის უცნობია მთელ მსოფლიოში და მათ შორის რუსეთში ებრაელთა დევნის, დამცირების და პოგრომების ადრინდელი ფაქტები? განა თვითონ რაბინ შტაინზალცს არ მოჰყავს ასეთი სამწუხარო მაგალითები, რომ: XIII-XIV საუკუნეებში, საფრანგეთის სამხრეთში, მონპელიეს ქალაქებში არსებობდა ჩვეულება: ქრისტიანული აღდგომის წინა დღეს ებრაელი თემის თავკაცს გამოიყვანდნენ ქალაქის მოედანზე და ეპისკოპოსი საჯაროდ სილას გააწნავდა... ებრაელ ხალხს ქრისტიანული ეკლესიის მიერ გარტყმული სილისგან დღესაც ეწვის ლოყა.

რაც შეეხება თალმუდს, მის შესახებაც ძალიან ცუდი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს ფორმალურად მაინც ცდილობდნენ თავი შეეკავებინათ ასეთი ბრალდებებისაგან. ამის შესახებ ხომ გარკვევით მიწერია ჩემს წერილში:

ის, რაც თავის დროზე, - საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, - ამოიღეს ხმარებიდან, როგორც ანტისემიტიზმის, ველიკორუსული შოვინიზმის, შავრაზმელური აზროვნების გამოხატულება, დღეს ისევ გამოდის მზის სინათლეზე და თავისუფლად იწყებს სეირნობას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ინტერნეტითაც...

 

კიდევ ვიმეორებ, ის, რაც ციტატის სახით მოვიტანე, არის მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამდნენ თალმუდს რუსეთში. შესაბამისად, ბატონ გურამს ჩემზე კი არ უნდა დასწყდეს გული, არამედ ამ ინფორმაციის დამწერ რუს სასულიერო პირზე და მის მიერ მოხმობილი ფაქტების უსწორობა დაამტკიცოს.

სხვა ადგილას კიდევ უფრო კატეგორიულად მიწერია:
და აი, ასეთი რუსული-მართლმადიდებლური ინფორმაციით დატვირთული მივედი სასტუმრო მეტეხის საკონფერენციო დარბაზში..., თუმცა კარგად მახსოვდა ებრაელი სწავლულების აღშფოთება ამ ფაქტების სიყალბის გამო და მათი მკაცრი გაფრთხილება


 არ

 

ავყოლოდით აშკარად ბოროტი განზრახვით ხელახლა აგორებულ, ქართველი საზოგადოებისათვის სრულიად უცხო, მტრულ ინფორმაციებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ არის დამაჯერებელი პასუხები გაცემული, რომლებიც ცალკე წიგნებსა და ენციკლოპედიებშიც აისახა, ნაჩვენებია ამ ბრალდებების სრული უსაფუძვლობა, არასერიოზულობა და სიცრუე, სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციები მაინც ინტენსიურად ვრცელდება.

კიდევ უფრო მეტი, წერილის ბოლოს ხაზგასმით მიწერია: საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი თავისთავადობის შენარჩუნებისათვის ებრაელთათვის თორა და თალმუდი სწორედ რომ ეროვნული იდეოლოგია იყო და ამადაც რჩება. ჩვენ რა შეგვიძლია ამ მხრივ საკუთარ ხალხს შევთავაზოთ?

 შესაბამისად, ქვეყნისათვის ეროვნული იდეოლოგიის შექმნის გზაზე, თორა და თალმუდი სამაგალითო და მისაბაძ წიგნებად მაქვს მიჩნეული, რომლებიც გვასწავლიან, როგორ მოვექცეთ მტერს თუ მოყვარეს. მეტი რაღა უნდა დამეწერა? ..

ეს წერილი საერთოდ არ დაიწერებოდა, თუ არა ბატონ გურამის საყვედური იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც ამ სტატიამ აპრობაცია გაიარა.

... გაღიზიანება მაშინ დამეუფლა, - წერს გ. ბათიაშვილი, - როცა მან (ჩემზეა საუბარი


 თ. ფ.) ჩემი არგუმენტების გასაქარწყლებლად ერთი ებრაელი მოღვაწის

 

 დასტური მოიშველია


 თურმე სტატია დაბეჭდვამდე ამ ებრაელი მოღვაწისათვის მიუტანია. ასე ვთქვათ, აპრობაციის გასავლელად, ზეპირი რეცენზიისათვის. ასე რომ, თალმუდის ესოდენ ნეგატიურ შეფასებას იმ ებრაელი მოღვაწის ხელში გაუვლია. მან კი მშვიდი, კეთილისმსურველი, აკადემიური კაცის პოზა შეინარჩუნა, თავი არ აიტკივა და ნაწერზე თავისი აზრი არ უთხრა სწორედ ამის მომლოდინე ავტორს...

 

 

თავის წერილში ბატონი გურამი ამ ებრაელის გვარს არ ასახელებს, თუმცა შესანიშავად იცის მისი ვინაობა. როდესაც სტატიას ვწერდი, კარგად ვითვალისწინებდი თუ რამდენად დელიკატურია და საფრთხილო სხვა ერისა და სხვა რელიგიის საღმრთო წიგნის შესახებ წერა. ამიტომ, რაიმე რომ არ შემშლოდა და გამპარვოდა, სტატია წავაკითხე ცნობილ პოეტს, მთარგმნელს და მეცნიერს, ქართველ ებრაელს ჯემალ აჯიაშვილს, ადამიანს, რომელმაც ესოდენ ბევრი გააკეთა ქართული და ებრაული კულტურების დაახლოებისათვის.

ბატონ ჯემალს ძირითადად მოეწონა ჩემი სტატია, მისი ძირითადი იდეა. იგი, როგორც საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი, თვითონაც ძალზე არის შეწუხებული იმ გაუსაძლისი ყოფით, რაც ამჟამად საქართველოშია, დარდობს იმ უამრავი ქართველის ბედზეც, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს. მოეწონა ჩემს მიერ დასმული კითხვაც: თუ ვინ ჩააკითხავს საქართველოდან წასულ ადამიანებს სხვა ქვეყნებში, რათა თავისი ქართველობა შეახსენოს? ვინ დაიცავს მათ ქართველობას?

 

ბატონი ჯემალი კმაყოფილი დარჩა რაბინ ადინ შტაინზალცის საქართველოში ვიზიტის ჩემეული შეფასებით. მაგრამ, აშკარად არ მოეწონა რუსი არქიეპისკოპოსის ალექსის შრომიდან მოტანილი ვრცელი ციტატა თალმუდის შესახებ. მე თვითონ დავინახე, ამის წაკითხვისას, თუ როგორ შეეცვალა სახე. მაშინვე მითხრა:
ეს ციტატა დააბნევს მკითხველს, რადგან იგი ყურადღებას მასში მოტანილ გამონათქვამებზე

გაამახვილებს და დაავიწყდება ის მთავარი, რისი გულისთვისაც დაიწერა ეს წერილიო

.

ამის საპირისპიროდ მე ჩემი არგუმენტები მომქონდა; ვუმტკიცებდი, რომ ამ ციტატის მოტანა საჭიროა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ საიდან და რატომ ვრცელდება ბოლო ხანს ჩვენში ანტიებრაული და ანტიიუდაური განწყობილებანი, სადაც ამისი არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი უნიკალური ძმობა.

ამ საუბრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბატონმა ჯემალმა გადმომცა საყურადღებო მასალა იმ ბრალდებათა გასაქარწყლებლად, რაც ებრაელთა შესახებ არის გავრცელებული. მაგრამ, იმ დროისათვის ჩემი სტატია აწყობილი და დასაბეჭდად იყო გამზადებული. შესაბამისად, ამ მასალის გამოყენება აღნიშნულ სტატიაში აღარ მოხერხდა. სამომავლოდ, ამ საკითხებზე მსჯელობისას, მე მას პარტნიორობა ვთხოვე. გარდა ამისა, სტატია ძირითადად საქართველოს და მის პრობლემებს ეხებოდა და არა ებრაელთა ბრალეულობას თუ უდანაშაულობას.

 

 

ვინაიდან ამ პუბლიკაციის ავტორი მე ვიყავი, ცხადია, მე თვითონ ვწყვეტდი, რა უნდა დამებეჭდა და რა არა, ასე რომ, ბატონ ჯემალ აჯიაშვილს ამ საქმეში არანაირი ბრალი არ მიუძღვის...

ბატონ გურამ ბათიაშვილს სხვა შენიშვნები ჩემი პუბლიკაციის მიმართ არ ჰქონია, ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებ. დაინტერესებულ მკითხველს კი ვაცნობებ, რომ გაზეთ ახალი საქართველოს

 გარდა ეს პუბლიკაცია გამოქვეყნდა საქართველოს ფილსოფიური აკადემიისორგანოში ფილოსოფიური ძიებანი N4 კრებულში, 2000 წელს.

იმედია, რომ ეს მცირე განმარტება არ შელახავს იმ თბილ, მეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც ჩემსა და ბატონ გურამს შორის არის.

2002 წ.

1 პარალელები ბუდასა და ქრისთეს ბიოგრაფიებს შორის აღებულიაპოლონელი ავტორის Генрик Хмелевский Христианнство и религии мира

. М., 1968, стр 115-127. 2იგვე ნაშრომი

თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე

ღმერთები და წინასწარმეტყველები

I. ცხოვრობდა თუ არა იესო ქრისტე ინდოეთში?

კრიშნაიტები იესო ქრისტეზე

რაც უფრო ვუახლოვდებით 2000 წელს, მით უფრო მატულობს მსოფლიოში აჟიოტაჟი იესო ქრისტეს სახელის ირგვლივ. მისი ცხოვრების, ქადაგების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ სულ უფრო მეტი წიგნი და სტატია იწერება. იესო ქრისტეს ცხოვრება ფართოდ შუქდება ტელევიზიით, რადიოთი. მის შესახებ იღებენ კინოფილმებს, დგამენ სპექტაკლებს, ვინღა არ წერს მაცხოვრის შესახებ


 სასულიერო თუ საერო პირები, მორწმუნენი თუ ათეისტები; სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები ცდილობენ, რაღაც ახალი ფაქტები მიაწოდონ მკითხველს კაცობრიობის მხსნელის შესახებ. ეს აჟიოტაჟი მაცხოვრის ირგვლივ, რასკვირველია, შემთხვევითი არ არის. ეს ერთგვარი საიუბილეო ფუსფუსია, ჩვენი წელთაღრიცხვა ხომ მაცხოვრის დაბადების დღიდან იღებს სათავეს...

 

იესო ქრისტეზე, მის ცხოვრებაზე, ხშირად წერენ არა მარტო ქრისტიანული, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. ისინი თავისებურად ცდილობენ ასახონ იესო ქრისტეს ფენომენი, ის მოვლენები, რომლებიც ორი ათეული საუკუნის წინათ მოხდა და რამაც ესოდენ დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე...

ამ წერილში, ჩვენ გვინდა მოკლედ გავაშუქოთ ინდუისტური რელიგიის ერთ-ერთი, მსოფლიოში და მათ შორის საბჭოთა კავშირშიც ამჟამად ფართოდ გავრცელებული სექტის ვაიშნავის მიმდევართა, სხვაგვარად, კრიშნას ცნობიერების მოძრაობის, უფრო მოკლედ კი კრიშნაიტების შეხედულება იესო ქრისტეზე, მის დაბადებაზე, ტანჯვით სიკვდილზე და მკვდრეთით აღდგინებაზე.

ვაიშნავის მიმდევართა მოძღვრების მიხედვით, იესო ქრისტე, ერთიანი ღმერთის - კრიშნას ერთ-ერთი მოციქული იყო, ისევე როგორც ექვსი საუკუნით ადრე ბუდა, ხოლო ექვსი საუკუნის შემდეგ მუჰამედი.

კრიშნაიტები მოხერხებულად სარგებლობენ იმით, რომ სახარებებში, სადაც გადმოცემულია იესო ქრისტეს ბიოგრაფია, დიდი პაუზა არის მაცხოვრის დაბადებასა და მისი მქადაგებლური საქმიანობის დაწყებას (30 წლის ასაკი) შორის. საეკლესიო ლიტერატურაში ნაკლებადაა ცნობილი, თუ რას აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა იესო ქრისტე თავისი ცხოვრების ამ ხანგრძლივ და საიდუმლოებით მოცულ პერიოდში. კრიშნაიტების აზრით, სწორედ ამ მონაკვეთში იესო ქრისტემ იმოგზაურა და იცხოვრა ინდოეთში. ჯაგანატრა-პურში მან შეისწავლა ვედური სიბრძნე, ხოლო ბენარესში


 მკურნალობის ხელოვნება, რომელიც ესოდენ გამოადგა მას თავის სამშობლოში სასწაულების მოხდენაში. ამიტომ, კრიშნაიტების აზრით, სრულიადაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ რასაც იესო ქრისტე ქადაგებდა 2000 წლის წინათ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც ასწავლიდა კრიშნა 5000 წლის წინათ ინდოეთში. ვიაშნავას მიმდევართა მოძღვრების მიხედვით კრიშნასა და იესოს მოძღვრება ერთმანეთს ემთხვევა ისეთ შეურიგებელ და სადავო საკითხებშიც კი, როგორიც არის ხორცის ჭამა და სულიერ არსებათა გარდასახვა. მათივე აზრით, თვით სასულიერო ტერმინი ქრისტოსი მართალია აღებულია ბერძნულიდან და თუ გადმოვთარგმნით ნიშნავს

 

ნათელცხებულს, მაგრამ თვით ფუძე ამ სიტყვისა მოდის სანსკრიტული კრიშტო

 ანუ კრიშნასაგან, რაც ღმერთის სახელს წარმოადგენს.

ვაიშნავას მიმდევარნი უფრო შორსაც მიდიან. მათი მტკიცებით, იესო ქრისტე სულაც არ მომკვდარა გოლგოთაზე, თითქოსდა იგი თანამოაზრეებმა უგრძნობ მდგომარეობაში ჩამოხსნეს ჯვარიდან და დამალეს. ასე გადაურჩა იესო ქრისტე სიკვდილს. შემდეგ კი ისევ ინდოეთს დაბრუნდა, სადაც კიდევ დიდხანს (70 წლამდე) იცოცხლა. და რომ მისი საფლავის ნახვა ასევე ინდოეთში, კერძოდ, ქაშმირში შეიძლება.

 

 

რამდენად მართალია კრიშნაიტების მიერ წამოყენებული ეს ვერსია? ვაიშნავას მიმდევარნი თითონვე გრძნობენ ამ ვარაუდის დამტკიცების სირთულეს, ამიტომ აცხადებენ, რომ იმდენად იმას კი არა აქვს მნიშვნელობა


 ეს შეხედულება მართალი აღმოჩნდება თუ ტყუილი, რამდენადაც იმის ჩვენებას, რომ კრიშნას მოძღვრება და ქრისტეს მოძღვრება ანალოგიური მოძღვრებებია...

 

თუ რისთვის სჭირდებათ ვაიშნავას მიმდევრებს ასეთი მტკიცებები, ძნელი მისახვედრი არ არის. პირველ რიგში იმისათვის, რომ კრიშნაიზმის იდეები უფრო გასაგები და მისაღები გაეხადათ ქრისტიანული სამყაროსათვის. იმის ჩვენებით, რომ ეს ორი მოძღვრება ანალოგიური და თითქმის იდენტური მოძღვრებები არიან, დაეძლიათ ქრისტიანთა წინააღმდეგობა მათი რელიგიის გავრცელების საქმეში, შეეღწიათ ქრისტიანთა ეკლესიებში, ექადაგათ თავიანთი მოძღვრება და ექციათ ქრისტიანული მრევლი კრიშნას თაყვანისმცემლებად.

მართლაცდა, თუკი კრიშნაიტები ამ ორი მოძღვრების ანალოგიურობას დაამტკიცებენ, ხოლო ცნობილია, რომ ქრისტიანობა სამი ათასი წლით უფრო გვიან იღებს სათავეს, ვიდრე კრიშნას მოძღვრება, ცხადია, რომელი მოძღვრებაც არის აქედან საწყისად და უფრო მნიშვნელოვნად გამოცხადებული და რომელია მხოლოდ განმეორებადი.

რამდენად მისაღებია ქრისტიანული ეკლესიისა და მისი მოძღვრებისათვის ასეთი გაუგონარი მტკიცებები, რამდენად შეესატყვისება იგი მის მოძღვრებას, საღმრთო წიგნებს, ეკლესიის მამათა სწავლებას? რასაკვირველია, არასგზით.

უპირველეს ყოვლისა, კრიშნაიტების ასეთი მტკიცებით, იესო ქრისტე ძე ღვთისა კი არ არის, არამედ მხოლოდ ღვთის მიერ გამოგზავნილი მოციქული. ამით კი, ცხადია, ირღვევა სამების უმნიშვნელოვანესი დოგმატი, რომლის ერთ-ერთ წევრს, იპოსტასს, იესო ქრისტე წარმოადგენს.

მეორე: კრიშნაიტების მტკიცებაში ფაქტიურად უარყოფილია ახალი აღთქმის, კერძოდ, სახარებათა ჭეშმარიტება და ღვთითშთაგონებულება, რადგან მათში მოთხრობილი ზოგიერთი ამბავი არასწორად არის გამოცხადებული, წმინდა წიგნებში კი ასეთი რამ არ შეიძლება იყოს.

მესამე: მართალია, კრიშნას ცნობიერების გამავრცელებელთა აზრით, ქრისტეს ჯვარცმა სინამდვილეში მოხდა, მაგრამ უარყოფილია მისი სიკვდილი, რითაც

ირღვევა ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი დოგმატი იესო ქრისტეს მიერ ტანჯვითი სიკვდილით კაცობრიობის პირველქმნილი ცოდვის გამოსყიდვის შესახებ.

მეოთხე: უარყოფილია ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დოგმატი, რომლის გარეშე აზრს კარგავს მთლიანად ქრისტიანული მოძღვრება.

ასეთი დაპირისპირების ჩამოთვლა კიდევ ბევრის შეიძლება. როგორც ვხედავთ, ამ ორ მოძღვრების ანალოგიურ მოძღვრებად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არა აქვს, მაშ რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე?

ყოველივე ეს, რასაკვირველია, სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა რელიგიათა ურთიერთბრძოლა გავლენისა და გავრცელებისათვის, ერთმანეთის გავლენის სფეროში შეჭრისა და მრევლის ხელში ჩაგდებისათვის.

გაზეთი შარავანდი

 N 1 (6) იანვარი, 1991 წ.

1 Генрик Хмелевский Христианнство и религии мира

. М., 1968, стр 119.

II. ბუდა და ქრისტე

იესო ქრისტეს პიროვნებისა და მისი მოძღვრების უკეთ გაგებისათვის საინტერესო მასალას გვაძლევს პარალელის გავლება მეორე დიდი მსოფლიო რელიგიის დამაარსებელ პრინც გაუტამასთან, რომელსაც ტრადიციულად ბუდიზმის შექმნა მიეწერება.

თუ საეკლესიო წიგნებს დავუჯერებთ, მათ თითქმის ერთ ასაკში დაიწყეს თავისი მოძღვრების ქადაგება. ბუდა ოცდაცხრისა იყო, ქრისტე ოცდაათისა... მართალია, ქრისტეს მოღვაწეობა ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა (მან მხოლოდ 33 წელიწადი იცხოვრა), ბუდასი კი ხანგრძლივი (მან ოთხმოც წელს მაიღწია), მაგრამ მათ ბიოგრაფიებში ბევრი ისეთი მომენტი იძებნება, რომელიც გვაოცებს თავისი დამთხვევებით...

ორივე სასწაულებრივად დაიბადა. ბუდას ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ იგი თეთრი სპილოს სახით მარჯვენა მხრიდან შევიდა თავისი მომავალი დედის, მაიას წიაღში მაშინ, როცა მას ტაძრის ტერასაზე ეძინა და იქიდან იშვა. მის დაბადებას თან ახლდა არაჩვეულებრივი მოვლენები: მიწისძვრა, ჭექა-ქუხილი, ქვეყანა ნათელმა გაანათა...

სახარებათა მიხედვით, ქრისტეც სასწაულებრივად შვა უბიწო მარიამმა სულიწმიდის მეოხებით. ამ დროს, ზეცაზე მისი დაბადების მაუწყებელი ვარსკვლავი გამოჩნდა...

როდესაც ბუდა დაიბადა, წმიდა ასკეტმა ასიტამ მიატოვა თავისი სენაკი მთის გამოქვაბულში, გამოცხადდა სასახლეში და როდესაც ახალდაბადებულის ტანზე დიდების ნიშნები აღმოაჩინა, გაიცინა, მაგრამ იმავე წამს ატირდა: მე ვიცინი, - განმარტა მან, - სიხარულისაგან, რომ მხსნელი მოევლინა დედამიწას, ხოლო ვტირი იმიტომ, რომ მე არ მექნება ბედნიერება ვიცხოვრო იმდენ ხანს, რომ ვიხილო ამ გმირობის აღსასრული.

როდესაც ბუდა ტაძარში შეიყვანეს, ღმერთების ყველა ქანდაკება გაცოცხლდა, ჩამოვიდა კვარცხლბეკიდან და თაყვანი სცა მას.

სახარებათა მიხედვით, ახალშობილ ქრისტესთანაც გამოცხადდნენ ბრძენნი აღმოსავლეთიდან, თაყვანი სცეს ღვთისმშობელ მარიამს და იესოს, მოუტანეს მათ ოქრო, გუნდრუკი და მური (მათე 1,11). ხოლო, როდესაც პატარა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, რათა ღმერთისათვის მიეძღვნათ იგი, მათ გზაზე მართლმორწმუნე სიმეონი შეხვდათ, რომელსაც ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მანამ არ მოკვდებოდა, სანამ ძე ღვთისას არ ნახავდა. ტაძრად მიყვანილ იესოში მან არა მარტო მესია ამოიცნო, არამედ თავისი სიცოცხლის დასასრულიც...

ბუდამაც და ქრისტემაც თავისი ცხოვრების მანძილზე დიდ ცდუნებებს და გამოცდას გაუძლეს. ბუდას მკაცრი გამოცდა მოუწყო ბოროტების ღმერთმა მარამ, რათა ხელი შეეშალა მისი სრული თვალის ახელისათვის და გონების განათებისათვის. მან, გაუტამას შეშინების მიზნით, საშინელი ავდარი, ჭექა-ქუხილი და სეტყვა დაატეხა თავს დედამიწას, მაგრამ ამაოდ; მის მიერ გამოგზანილი სეტყვის უზარმაზარი კაკლები ყვავილებად იქცა. იმედგაცრუებული მარა შეეცადა გადმოებირებინა გაუტამა ცაში უკეთესი გარდასახვის პერსპექტივით, მაგრამ გაუტამა მტკიცე იყო თავის გადაწყვეტილებაში. ბუდას შეცდენას, მამის ბრძანებით, შეეცადნენ მარას ქალიშვილები, რომლებმაც ლამაზი სახეები მიიღეს, მაგრამ ბუდა აქაც შეუდრეკელი აღმოჩნდა.

თავის მხრივ, იესო ქრისტეს შეცდენასაც შეეცადა სატანა. მან აიყვანა მესია მაღალ მთაზე, გადმოახედა იქიდან და შეჰპირდა ქვეყნის მფლობელობას იმ პირობით, თუკი თაყვანს მცემო, მაგრამ იესომ უპასუხა: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანისცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე

 (ლუკა, 4,8).

ბუდაც და ქრისტეც - ორივენი სჩადიოდნენ სასწაულებს. რელიგიური წიგნების მიხედვით ერთხელ პრინცმა გაუტამამ ერთ წუთში თავისი 500 მოსწავლე შემოსა ყვითელი ტანსაცმლით, მეორეჯერ იგი მორწმუნეთა თვალწინ ცაში აიჭრა; პირველად მჯდომარის პოზა მიიღო, შემდგომ ფეხზე დადგა, შემდეგ დადიოდა და წვებოდა. ამ დროს მისი სხეული ასხივებდა ცისფერ, თეთრ, წითელ, ყვითელ და ბროლისფერ სინათლეს. მისი ქვედა ნაწილებიდან ცეცხლი გამოდიოდა, ხოლო ზედადან ცივი წვიმა ასხამდა. საკიამუნამ ამით თავის მოწინააღმდეგეებს დაანახვა თავისი ზებუნებრივი სიძლიერე და შემდეგ კი მიწაზე დაბრუნდა...

თავის მხრივ, სახარებების ტექსტები სავსეა ქრისტეს მიერ ჩადენილი სასწაულებით: იგი აცოცხლებდა მკვდრებს, თვალებს უხელდა უსინათლოებს, ფეხს

უმთელებდა კოჭლებს, რამდენიმე პურით რადენიმე ათასი კაცი დააპურა, წყალი აქცია ღვინოდ, ფეხით დადიოდა აქაფებული ტევერიადის ტბაზე, ათავისუფლებდა ადამიანთა სხეულებს მათში ჩაბუდებული ეშმაკეულისაგან და ა.შ.

ორივეს, ბუდასაც და ქრისტესაც, უამრავი მოწაფე და მიმდევარი ჰყავდათ. ერთგული მოწაფეების გვერდით მათ თითო მოღალატე და გამცემიც აღმოაჩნდათ. ბუდასთან ეს დევადატა იყო, ქრისტესთან


 იუდა.

 

ბუდაც და ქრისტეც - ორივე ილაშქრებდა მის დროს გაბატონებული რელიგიების წინააღმდეგ. ბუდა ბრამინ ქურუმებს ებრძოდა, იესო ქრისტე კი


 ებრაელ მღვდელმთავრებს. და ბოლოს, ბუდაც და ქრისტეც ორივე ახალი მსოფლიო რელიგიების დამაარსებლები იყვნენ ...1

 

რა არის ყოველივე ეს? დამთხვევა თუ კანონზომიერება? შემთხვევითი ფაქტი თუ რეალური ამბავი? ეგებ ეს ხალხის ფანტაზიის ერთგვარობის შედეგია ან მონოთეისტური რელიგიის ჩამოყალიბების ერთიანი უნივერსალური რეცეპტი? ან ეგებ ქრისტიანობა მართალც იღებს სათავეს ბუდიზმისაგან, ხოლო ქრისტეს ბიოგრაფია სხვა არა არის რა, თუ არა თავისებური ანარეკლი, გამეორება ბუდას ბიოგრაფიისა, ხოლო თვით ქრისტიანული მოძღვრება ებრაულ-ბერძნული ვარიანტი ბუდიზმისა?

ასეთი შეხედულება არც ისე უცნაურად უნდა გვეჩვენოს. მით უმეტეს, რომ ეს აზრი არცთუ ისე ახალია. მას შემდეგ, რაც ევროპა ახლოს გაეცნო ბუდისტურ მოძღვრებას, ბევრმა თვალსაჩინო მოაზროვნემ (მათ შორის ასახელებენ შოპენჰაუერს, ნეიმანს, ზეიდლს და სხვ.) ქრისტიანული მოძღვრების სათავე ბუდიზმში დაინახა2.

ამის საფუძველს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იძლევა ის საოცარი დამთხვევები, რომელიც შეიმჩნევა როგორც ამ რელიგიათა დამაარსებლების პირადი ცხოვრების აღწერაში, ისე მთელი რიგი რელიგიური დებულებების წამოყენებაში.

 

 

რამდენად სამართლიანია საკითხის ასეთი დაყენება? რამდენად ჭეშმარიტია აზრი, რომ ქრისტიანობა დიდად არის დავალებული ბუდიზმისაგან? შეიძლება თუ არა სერიოზულად ვილაპარაკოთ ასეთი გავლენის შესაძლებლობის შესახებ? ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ კითხვებზე, ალბათ, ნაწილობრივ მაინც დადებითი პასუხი უნდა გაეცეს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი გავლენის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.

რა არგუმენტები არსებობს ამ ვერსიის დასამტკიცებლად? პირველ რიგში მკვლევარები მიუთითებენ იმ აქტიურ კავშირზე, რომელიც ჯერ კიდევ შორეულ ხანაში არსებობდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. იმ ინტენსიურ მიმოსვლაზე როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებით, რომელიც მათ შორის არსებობდა. იხსენებენ ძველი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობას, რომ ყოველწლიურად დასავლეთიდან 20 ხომალდი მაინც მიდიოდა ინდოეთის ნაპირებისაკენ. ყოველივე ეს, შენიშნავენ მეცნიერები, გულისხმობდა არამარტო სავაჭრო, არამედ კულტურულ ურთიერთობას. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებდა კულტურულ ზეგავლენასაც.

ეს აზრი მით უფრო საგულისხმოა, თუ გავითვალისწინებთ ბუდისტური მოძღვრების პროპაგანდისტულ ხასიათს. ბუდიზმის მიმდევარნი ყოველთვის ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ხალხში გაავრცელონ თავისი მოძღვრება. ამ მიზნით, ისინი მისდევდნენ მისიონერულ საქმიანობას. ისტორიკოსები აღნიშნავენ ბუდისტი მისიონერების კვალს ეგვიპტესა თუ სირიაში, კირენაიკასა თუ ეპირში. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ალექსანდრიაში ყოფილა ბუდისტი ბერების კოლონია. როგორც ჩანს, ბუდისტი მისიონერები უშუალოდ რომის იმპერიის შიდა პროვინციებამდეც აღწევდნენ.

ასეთ ფაქტებს ძნელია რაიმე დაუპირსიპირო, მთელი რიგი იდენტური დეტალების ფონზე, რომელიც ამ ორ მოძღვრებაში მოიძებნება, უარყო ბუდიზმის გარკვეული როლი ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში.

მაგრამ, თუკი მაინც ვილაპარაკებთ ბუდიზმის გავლენის შესახებ ქრისტიანობაზე, მის არსზე, ხოლო ბუდას ბიოგრაფიის მსგავსებაზე ქრისტეს სახესთან, გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პრინციპული ხასიათის მსგავსება. მიუხედავად მრავალი ურთეირთდამთხვევისა, რომელიც არის როგორც ამ რელიგიებს შორის, ისე მათი დამაარსებლების ცხოვრებას შორის, ბუდა და ქრისტე როგორც თავისი ბიოგრაფიით, ისე მოძღვრებით მაინც შორს დგანან ერთმანეთისაგან.

საქმე მარტო უბრალო ცხოვრებისეულ დეტალებში როდია (თუმცა ასეთი ბიოგრაფიული განსხვავებაც იყო: ქრისტე უცოლოდ, უშვილოდ და საერთოდ უბიწოდ წავიდა ამქვეყნიდან, ბუდას ცოლიც ჰყავდა და ბავშვიც. ბუდა მეფის შვილი იყო, მდიდარი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, ქრისტე კი ღარიბი ოჯახიდან გამოსული, უქონელი. ბუდამ დიდხანს იცოცხლა, ქრისტე მალე დაიღუპა და ა. შ.), არამედ ამ რელიგიათა არსს ეხება, მათ შორის პრინციპულ სხვაობას აღნიშნავს. ამ რელიგიათა მოძღვრებების სხვაობაში უნდა ვეძიოთ მათი დამაარსებლების ბიოგრაფიულ გასხვავებათა სათავეც.

ბუდიზმი ინდოეთში ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად, დიდი ცვლილებები ხდებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. აქამდე არსებული წვრილი ტომების ადგილას იქმნებოდა მსხვილი დესპოტიები. ინდოეთისათვის დამახასიათებელი კასტური სისტემის პირობებში ბუდიზმი გამოვიდა ქშატრიების (მეომართა) კასტის იდეოლოგიად, რომელმაც გაილაშქრა გაბატონებული კასტის ბრაჰმანთა წინააღმდეგ, რომელთა იდეურ საფუძველს ძველი რელიგია ბრაჰმანიზმი წარმოადგენდა. მაგრამ თავის მოძღვრებაში ბუდიზმი მარტო ბრაჰმანებს როდი დაუპირისპირდა, არამედ მთელი კასტური სისტემის წინააღმდეგაც გაილაშქრა. ბუდიზმმა წამოაყენა ადამიანთა თანასწორუფლებიანობის იდეა. მართალია, ეს არ იყო მოწოდება რეალური, ნამდვილი თანასწორობისაკენ, არამედ გულისხმობდა ადამიანთა თანასწორობას ბუდიზმის საბოლოო მიზნის - ნირვანას მოპოვების გზაზე, მაგრამ იგი მაინც ილაშქრებდა კასტურობის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლიდა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროცესებს.

პრინციპულ სხვაობას ამ ორ რელიგიას შორის მკვლევარები პირველ რიგში ეპოქათა სხვაობით და სხვადახვაგვარი სოციალური წყობით ხსნიან. გარდა ამისა, ითალისწინებენ იმასაც, რომ ბუდიზმისაგან განსხვავებით, რომელიც ერთგვაროვან მოსახლეობაში წარმოიშვა (ამ დროისათვის უკვე დამთავრებული იყო არიული ტომების შერწყმა ადგილობრივ მოსახლეობასთან), ქრისტიანობა მრავალეროვან სახელმწიფოში წარმოიშვა, სადაც ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებული იყო მრავალი ხალხი, რომელთაც განვითარების სხვადასხვა გზა გაიარეს და სხვადასხვაგვარი კულტურა შექმნეს. ქრისტიანობამ ცხადია თავისებურად გადახარშა, გადაამუშავა, აითვისა ეს კულტურები, მაგრამ მისი სერიოზული კვალი მასში მაინც დარჩა1.

ეპოქა, მისთვის დამახასიათებელი სოციალური წყობა, მიმდინარე სოციალური პროცესები, განწყობილებები, ჩიხიდან გამოსვლის ცდა, ცხოვრებისეული გზის მონახვის საჭიროება გარკვეულად აყალიბებდა იმ იდეალსაც, რომლისთვისაც ადამიანებს თაყვანი უნდა ეცათ. შესაბამისად, არსებული პირობები განსაზღვრავდა არა მარტო რელიგიების ხასიათს და პრინციპებს, არამედ მათი დამაარსებლის სახეებსაც. ამასთანავე ეს სახეები არ იყო ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, არამედ მათზე წარმოდგენები თანდათანობით ყალიბდებოდა, იხვეწებოდა, ამიტომ მათ ბიოგრაფიებში სხვადასხვა ეპოქების განწყობილებების კვალიც ჩანს.

ბუდიზმის დამაარსებელი პრინცი გაუტამას სახე არა მარტო შორეულ წარსულში, არამედ დღესაც იპყრობს ყურადღებას და იზიდავს მრავალ ადამიანს. იგი ცდილობდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეპოვნა ცხოვრების აზრი, დაეძლია საყოველთაო ტანჯვა, ჩაძირულიყო ნირვანაში. მის მიერ წამოყენებული ტანჯვის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის იდეა, მორალური სენტენციები, თუ გადაწყვეტით არა, ყოველ შემთხვევაში საკითხის დასმით მაინც, ეხმაურება თანამედროვე ადამიანების განწყობილებებს.

ბუდას მიერ შემოთავაზებული გზა, მართალია, არ იყო ტანჯვისაგან ადამიანთა განთავისუფლების პირდაპირი გზა, იგი გულისხმობდა გარდასახვათა მრავალ თაობას, სხვაგვარად, ეს არ იყო უშუალო შედეგი ერთი ადამიანის მოქმედებისა, აქ ადამიანი არ გამოდიოდა საკუთარი ბედის მფლობელად, არამედ იკარგებოდა ნირვანის მიღწევის ჩახლართულ გზებში. მაგრამ იგი მაინც ის საბოლოო მიზანი და გზა იყო, რომლითაც აუცილებლად უნდა ევლოთ მის მიმდევრებს.

ბედისაგან განებივრებულმა, ფუფუნებაში მცხოვრებმა, უზრუნველმა პრინცმა გაუტამამ, საკიების გვარიდან, ოცდაცხრა წლის ასაკში თავისთვის მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ის, რაც მას უყვარდა, რასაც აფასებდა, რითაც ბედნიერი იყო


 სიცოცხლეც, სიმდიდრეც, ცოლიც, შვილიც, ნაირ-ნაირი სასახლეებიც, ყოველივე ამაო იყო, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერს სიკვდილი წალეკავდა.

 

ბუდისტური წიგნების მიხედვით, პრინცი გაუტამა დიდხანს ეძებდა ხსნის გზას, სანამ მრავალი წლის ხეტიალის და გამოცდის შედეგად წმინდა ხის ქვეშ არ აღმოაჩინა იგი. მან იპოვნა ადამიანთა ტანჯვის მიზეზები, რომლის საფუძვლად, პირველ რიგში, მიწიერისაკენ სწრაფვა გამოაცხადა..(ამ ამბების თხრობისას ჩვენ არ

შეიძლება მსგავსი ასოციაციები არ გაგვიჩნდეს ბიბლიურ ეკლესიასტესთან, რომელიც ამქვეყნიურ ამაოებას მისტიროდა).

გაუტამას მიხედვით, დაბადება, სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი, განშორება მასთან ვინც გიყვარს, ტანჯვაა. ტანჯვის მიზეზებს იგი ადამიანთა სურვილებში ხედავდა (ტკბობის სურვილი და ცხოვრების წყურვილი), ხოლო ტანჯვისაგან განთავისუფლების გზას, ამ სურვილების დათრგუნვაში. იგი სთავაზობდა მის მიმდევრებს იმ რვასაფეხურიან გზას, რომელიც თვითონ აღმოაჩინა. ესაა: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი გადაწყვეტილება, ჭეშმარიტი სიტყვა, ჭეშმარიტი საქმე, ჭეშმარიტი ცხოვრება, ჭეშმარიტი მისწრაფება, ჭეშმარიტი განზრახვა, ჭეშმარიტი განჭვრეტა.

ასეთი იყო პრინც გაუტამას მიერ მორწმუნეთათვის შეთავაზებული გზა, გზა,: ძალზე ძნელი, რთული, ათასგვარ გარდასახვათა წრეებად დაკეცილი ნირვანის მიღწევის უსასრულო გზაზე.

იესო ქრისტეც თავისებურ ხსნის გზას სთავაზობდა თავის მიმდევრებს, შედარებით უფრო მარტივსა და შესაძლებელს. გზას, რომლის პოვნაც თვით ადამიანზე, მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. ეს იყო პირდაპირი გზა ხსნისაკენ, თანაც არა ისეთი ლაბირინთებით და გარდასახვათა სიმრავლით გადატვირთული, რომელსაც ჩვენ ბუდიზმში ვხვდებით...

და საერთოდ, თუ ჩვენ ამ ორი რელიგიის დამაარსებელთა მიერ შემოთავაზებულ გზებს შევადარებთ და მათ ბიოგრაფიებსაც გადავხედავთ, არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ იესო ქრისტეს სახე უფრო დახვეწილია. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდა ბუდას შესახებ საინტერესო და ჭკუის სასწავლებელია, მისი ბიოგრაფია მაინც არაა სავსე ისეთი კოლიზიებითა და დრამატიზმით, როგორც იესო ქრისტესი. ამიტომ, ქრისტიანული მოძღვრების თვით ყველაზე თავგადადებული კრიტიკოსებიც კი, ერთხმად აღიარებენ იესო ქრისტეს სახის მეტ სისრულესა და ორიგინალობას.

პრინც გაუტამასა და იესო ქრისტეს ბიოგრაფიულ განსხვავებათა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას: სახარებათა მიხედვით იესო ქრისტე ღმერთია, ძე ღვთისა, მოვლინებული ქვეყნად ადამიანთა სახსნელად, ჯვარცმული ადამიანთა ცოდვებისათვის. ასეთ რამეს სხვა რელიგიებში ვერ ვხვდებით, ხოლო გაუტამა მხოლოდ მასწავლებელი, წინასწარმეტყველი და დამაარსებელია რელიგიისა, უფრო გვიან გაღმერთებული.

მთავარი, რასაც იესო ქრისტეს ცხოვრების მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს არის ის საოცარი შესატყვისობა, რომელიც არსებობს ქრისტიანულ მოძღვრებასა და მის პიროვნებას შორის. ეს ჰარმონია ისეთი მწყობრია, რომ ქრისტიანული მოძღვრება მისი პიროვნების გარეშე წარმოუდგენელია.

 

თეოლოგები მას ადარებენ ექიმს, რომელიც ავადმყოფთან არის გაგზავნილი ან მწყემსს, რომელიც დაკარგულ ფარას ეძებს. ამავე დროს ქრისტეს გზას

უპირისპირებენ იმ უნუგეშობას, რომელიც ბუდიზმში, გაუტამას მიერ შემოთავაზებულ გზაში გვხვდება.

ბუდასაგან განსხვავებით, იესო ქრისტე არ სთავაზობს თავის მომხრეებს ადამიანებისაგან განშორებას, დავიწყებას, იგი უარს არ ამბობს გაუტამას მსგავსად რაიმე ციურ ძალაზე, არამედ ქადაგებს ღმერთის რწმენას, რომლიდანაც უნდა მომდინარეობდეს ნუგეში. შესაბამისად, აღნიშნავენ მკვლევარები, იგი უფრო იმედიანია, ვიდრე პრინცი გაუტამა, რომელიც ნირვანას მიღწევის ურთულეს გზაზე უშვებს ადამიანს.

იესო ქრისტეს იმედი ციური ძალაა და თეოლოგები თვლიან, რომ უაზრობა და ბოროტებაა არ გამოიყენო ეს იმედი და არ ისარგებლო იმ თანაგრძნობით და ნუგეშით, იმ გზით, რომელიც ქრისტეს მეოხებით მიეცათ ადამიანებს. მის მიერ შემოთავაზებული მკურნალობა კი, როგორც ცნობილია, მდგომარეობდა მამა ღმერთის მორჩილებასა და იესო ქრისტეს მიერ ნაჩვენები გზის არჩევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც განასხვავებს ამ რელიგიათა დამაარსებლებს, ეს არის მათი სხვადასხვაგვარი სიკვდილი. საქმე იმაში როდია, რომ ბუდამ დიდხანს იცოცხლა და მისი მოღვაწეობა დიდხანს გრძელდებოდა, არამედ ის, რომ ბუდას სიკვდილს არ ეკისრება იმხელა დატვირთვა, რაც იესო ქრისტესას.

ბუდა უბრალოდ, უხმაუროდ და საკმაოდ პროზაულად გარდაიცვალა. მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ იგი საჭმელმა მოწამლა, როცა სტუმრად იყო. ეს არ იყო ამაღლებული, ტანჯული სიკვდილი, სიკვდილი ადამიანების ხსნისათვის. მისი გარდაცვალება, ცხადია, არც წამებულის სიკვდილად ჩაითვლება.

ბუდიზმის დამაარსებლის ასეთი უბრალო სიკვდილი არც არის გასაკვირი. ეს ხომ პირველი სიკვდილი არ იყო მისი უამრავი გარდასახვის ისტორიიდან. პრინც გაუტამას ბოლო სიკვდილი, ალბათ, იმით არის გამორჩეული, რომ ამ სიკვდილით მან თავი დააღწია გაუთავებელ წრებრუნვას, სხვადასხვაგვარ გარდასახვას და ნირვანასაკენ გაიკაფა გზა. როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, მანამდე პრინცმა გაუტამამ გაიარა უამრავი გარდასახვა. თავის წინა გარდასახვებში იგი იყო უდაბლეს სოციალურ საფუხურზე მდგომი შუდრა


 თორმეტჯერ, ათჯერ მწყემსი, ორჯერ სპილოების გამრეკი, იყო მოცეკვავე, ქვის მთლელი, მჭრელი, გარდა ამისა, იგი მეფეც იყო, რაჯაც, განდეგილიც, ბრაჰმანიც და ღმერთიც ...

 

როგორც აღვნიშნეთ, შაკიების ტომის მეფის (მმართველის) ოჯახისშვილობა მისი უკანასკნელი გარდასახვა იყო, რომლის შემდეგადაც მან თავი დააღწია ამქვეყნიურ ტანჯვას და ნირვანას შეუერთდა.

იესო ქრისტეს სიკვდილი კი ძალზე დრამატული იყო, ყველაზე უფრო ამაღელვებელი, კულმინაციური წერტილი მთელ სახარებისეულ სიუჟეტში, რამაც ხაზი გაუსვა მთელ მის მოძღვრებას და მისიას. ეს სიკვდილი, თუ მხედველობაში მივიღებთ მის ზნეობრივ დატვირთვას, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ქრისტეს სიკვდილის აღწერაში იგრძნობა ეპოქის განწყობილება, გემოვნება, სწრაფვა იდეალისადმი და ზიზღი იმის მიმართ, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.

რა შეიძლება საერთოდ ითქვას ზემოთ აღნიშნულის შესახებ, რას გვაძლევს ბუდასა და ქრისტეს შედარება? მათ შორის პარალელის გავლება ნათლად გვიჩვენებს იმ რეალობას, თუ როგორ პირობებში იქმნებოდა და ყალიბდებოდა ეს ორი მსოფლიო რელიგია, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე.

გაზეთი წიგნის სამყარო

 13 (457),

8 ივლისი, 1987 წ.

1 Э. Ренан. Жизнь Иисуса., Петербург, 1911, стр. 216-217

2 იქვე

III. პილატე პონტოელი

პილატე ებრაელთა სამეფოს


 ჰურიასტანის რომაელი პროკურატორი


 განმგებელი იყო. მან ძალზე ტრაგიკული როლი შეასრულა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში. ამიტომ, სამუდამოდ დაუკავშირდა იესოს ამქვეყნიურ ბიოგრაფიას. ქრისტეს და პილატე პონტოელის ურთიერთობის შესახებ ახალი აღთქმის ოთხივე სახარებაში არის მოთხრობილი


 მათეს 27-ე, მარკოზის მე-15-ე, ლუკას 23-ე და იოანეს მე-18-19-ე თავებში. მათი შინაარსი ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს და დაახლოებით ასე გამოიყურება:

 

 

 

სინენდრიონის გადაწყვეტილებით, იესო ქრისტეს შეპყრობის შემდეგ, ებრაელმა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბჭობა გამართეს, თუ რა ექნათ იესოსათვის, როგორ მოეშორებინათ თავიდან და ვინაიდან მათ ქრისტეს მოკვლის უფლება არ ჰქონდათ, ქრისტე შეკრეს და განმგებელ პილატესთან მიიყვანეს. მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა იესოს დააბრალეს, თითქოს იგი იუდეველთა მეფედ აცხადებდა თავს და რომაელთა ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებდა. ამიტომ, პილატეს პირველი შეკითხვაც მის მიმართ ასეთი იყო:
შენ ხარ იუდეველთა მეფე?, რაზეც იესომ უპასუხა: შენ ამბობ. იუდეველ მღვდელმთავართა მრავალმხრივ ბრალდებებზე იესომ პასუხი არ გასცა. მაშინ ისევ პილატემ ჰკითხა: არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?

 მაგრამ ეს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა, რაც რომაელ პროკურატორს ძალზე გაუკვირდა.

პილატემ მშვენივრად იცოდა, რომ ებრაელმა მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი. ამას ისიც დაემატა, რომ როცა ის სამსჯავროს ტახტზე დაჯდა, ცოლმა გააფრთხილა: არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმრად ბევრი ვიტანჯე მაგის გამოო. თვით პილატეც იესოს ქმედებებში რაიმე დანაშაულს ვერ

ხედავდა და ამიტომ მის დახსნას შეეცადა. ამას იგი ასეთი გზით აპირებდა: ებრაული ტრადიციით პასექზე მას უნდა გაენთავისუფლებინა ერთი პატიმარი, რომელსაც ხალხი მოისურვებდა. მაგრამ ხალხმა მღვდელმთავრების და უხუცესების შთაგონებით, არჩია გაენთავისუფლებინათ მკვლელი და ავაზაკი ბარაბა, ხოლო იესო ქრისტე ჯვარს ეცვათ.

განმგებელმა პილატემ, რაკი დაინახა, რომ იესოს ვერაფერს შველოდა, ხალხში კი შფოთი იწყებოდა, უარი თქვა თავის განზრახვაზე, რის შემდეგაც, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ებრაელების წინაშე და თქვა: უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან, თქვენ იცითო, რაზედაც ხალხმა უპასუხა: ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლიო.

პილატემ გაანთავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო ქრისტე გააშოლტვინა, რათა ამის შემდეგ ჯვარს ეცვათ იგი. დაახლოებით ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ეპიზოდი მაცხოვრის ცხოვრებიდან ყველა სახარებაში...

რა ვიცით ჩვენ პონტოელი პილატეს შესახებ? იმის გარდა, რაც სახარებებშია ნათქვამი, ბევრი არაფერი. ვიცით, რომ მის შესახებ ტაციტუსის ცნობებშია მინიშნებული. გარდა ამისა, 1961 წელს იუდეის კესარიის გათხრისას აღმოაჩინეს ქვა ლათინური წარწერით, სადაც მოხსენიებულია პილატეს სახელი, მაგრამ აქ იგი ნახსენებია, როგორც პრეფექტი და არა პროკურატორი. ამ ფაქტმა დაბნეულობა და ეჭვი გამოიწვია - ხომ არ არის აქ სხვა პილატეზე ლაპარაკი? მაგრამ სპეციალისტები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საქმე ეხებოდა ერთსა და იმავე პიროვნებას, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული თანამდებობები ეკავა.

პილატე პონტოელი, ჩვენ, ცხადია, იესო ქრისტესთან მიმართებაში უფრო გვაინტერესებს. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმ საბედისწერო როლისა, რაც მან ითამაშა ქრისტეს ცხოვრებაში, სახარებებში იგი არც ისე საშინელ პიროვნებად გვესახება. პირიქით, გონიერად და სამართლიანადაც კი. იგი მშვენივრად ერკვევა შექმნილ სიტუაციაში, კარგად იცის, რომ იესო ქრისტე შურის გამო შეიპყრეს და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. პილატე ქრისტეში ვერავითარ დანაშაულს ვერ ხედავს და მისი განთავისუფლება უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს ხალხის შიშით. მას ეშინა, რომ რაიმე შფოთი და ამბოხი არ მოხდეს და რომაელთა ინტერესებს ზიანი არ მიადგეს. ამიტომ, იძულებულია დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას


 გაანთავისუფლოს ბარაბა და ჯვარს აცვას იესო ქრისტე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ხელის ბანით გაემიჯნება, იესოს კი პირდაპირ ეუბნება: ...შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავიო...

 

 (იოანე 18,35).

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა რელიგიის ცნობილი მკვლევარის ე. რენანის აზრი, რომელიც თვლიდა, რომ იესო ქრისტეს ჯვარცმა არ იყო აჩქარებული მოქმედების შედეგი ან შეცდომა, რომელიც ებრაელმა მღვდელმთავრებმა უნებლიედ დაუშვეს. ...არც ტიბერიუსს და არც პილატეს, - წერდა რენანი, - არ მიუსჯიათ სიკვდილი იესოსათვის. იგი გაწირა ძველმა იუდაურმა პარტიამ, მოსეს კანონმა... ეს სიკვდილი კანონიერი იყო იმდენად, რამდენადაც წარმოადგენდა შედეგს მათი კანონის მოქმედებისა, რომელიც ერის სულს გამოხატავდა...

 1 მოსეს კანონი სიკვდილით სჯიდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა, ქრისტე კი სწორედ ამკანონის წინააღმდეგ ილაშქრებდა. იუდეველებმა გულახდილად უთხრეს პილატეს ამის შესახებ: ჩვენ გვაქვს კანონი და ამ კანონის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს, რადგან თავის თავს ძე-ღვთისა უწოდაო

 

 

2.

რაც შეეხება სხვათა აზრს ამ საკითხის შესახებ, ბოლო წლებში ბევრი იხრება იმ მოსაზრებისაკენ, რომ თუკი იესო ქრისტეს ჯვარცმა ღვთის სურვილით მოხდა, თუკი ეს აუცილებელი იყო ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისათვის, მაშინ სახარებისეული სიუჟეტების ყველა პერსონაჟი


 იესო ქრისტე, იუდა ისკარიოტელი, ებრაელი მღვდელმთავრები, პილატე, ჰეროდე და თვით რომაელი ჯალათები ღვთის განგების მხოლოდ შემსრულებელნი იყვნენ.

 

და მართლაც, სხვაგვარად როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ქრისტიანული მოძღვრება, ადამიანთა ხსნა პირვანდელი ცოდვისაგან და მისი შედეგებისაგან ამ პერსონაჟების გარეშე, გამოსყიდვის გარეშე, რომლისთვისაც აუცილებელი გახდა ყველაზე უფრო უცოდველი მსხვერპლის


 ძე ღვთისას ტანჯვითი სიკვდილი.

 

ალბათ, ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ პონტოელი პილატეს პიროვნებაცო


 სთვლიან ისინი.

 

2000 წ.

IV. მუჰამედი

მუჰამედამდე იყვნენ სხვა დიდ რელიგიათა დამაარსებლები


 კრიშნა, მოსე, ბუდა, ქრისტე. მუჰამედი სულ ბოლოს, მხოლოდ მეშვიდე საუკუნეში გამოჩნდა და თუკი სხვა წინასწარმეტყველთა ბიოგრაფიებში ბევრი რამ არის იდუმალი და ბურუსით მოცული, მრავალი ავტორი ეჭვობს კიდევაც მათ რეალურ არსებობას, მუჰამედთან ყველაფერი თითქმის ნათელია, არავინ დაობს მის რეალურ არსებობაზე, რადგან მისი ცხოვრება ახსოვთ და მისი ბიოგრაფიაც შედარებით კარგად არის შენარჩუნებული.

 

თუმცა პირველ ბიოგრაფს იბნ ისხაკს (გარდაიცვალა 767 წელს) მხოლოდ 130 წლის შემდეგ დაუწერია მისი ბიოგრაფია. გაცილებით უფრო გვიან ეს ბიოგრაფია გადაუმუშავებია არაბ ფილოლოგს, იბნ-ჰაშიმს (გარდაიცვალა 834 წელს). მუჰამედის დანარჩენი ბიოგრაფები იყენებდნენ თხზულებას, რომელიც ცნობილი იყო სირატი-რასულ-ალაჰის (ალაჰის მოციქულის ცხოვრების) სახელწოდებით.

მუჰამედი დაიბადა 571 წლის 20 აპრილს, ორშაბათს, არაბეთში, მექაში ყურეიშიტ აბდულას და მისი ცოლის ამინას ოჯახში. ყურეიშიტების გვარი საკმაოდ ცნობილი იყო მექაში. ისინი არაბული სალოცავის მცველები იყვნენ. მუჰამედი სწორედ ამ წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა. ვაჟი მალე დაობლდა და მას ბიძა (დედის მხრიდან) აბუთალიბი ზრდიდა. გაჭირვების გამო ახალგაზრდა მუჰამედი იძულებული იყო ჯერ საქონელი ემწყემსა, მერე კი ნოქრად დამდგარიყო.

 

 

მუჰამედი, გადმოცემით, საშუალო სიმაღლის, ლამაზი სახის, სიმპათიური გამომეტყველებით და სასიამოვნო ქცევით გამოირჩეოდა, ზოგი მას ახასიათებს როგორც ნერვულ, მეამბოხე ნატურას, რომელიც შეპყრობილი იყო იდუმალი მღელვარებით. დაჯილდოებული იყო მჭევრმეტყველების საოცარი ნიჭით და შეუპოვრობით. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ იგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. მუჰამედს არავითარი განათლება არ მიუღია. 25 წლის ასაკში იგი ქორწინდება 40 წლის მდიდარ ქვრივ ხატიჯეზე. მიუხედავად ასეთი ასაკობრივი განსხვავებისა, ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა და სანამ ხატიჯე ცოცხალი იყო, მას სხვა ცოლი არ მოუყვანია. თუმცა შემდეგ ერთდროულად ცხრა ცოლიც ჰყავდა (სულ მისი ცოლების რაოდენობა, ზოგი ცნობით, 14-ს უდრიდა). შვილებიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილი - ფატიმა შერჩა. დანარჩენები უმეტესად მცირე ასაკში დაიხოცნენ.

ხატიჯესთან ქორწინებით მუჰამედმა გამოასწორა თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რამაც საშუალება მისცა ბევრი ემოგზაურა და ბევრი რამ გაეგო. ასე გაეცნო იგი მეტ-ნაკლებად სხვა რელიგიურ მოძღვრებებს, რომლებიც პოპულარული იყო იმ დროისათვის არაბეთში.

მუჰამედის რელიგიური ძიებები საკმაოდ ადრე დაიწყო. თუმცა, თავისი აზრების გადმოცემა, ბუდასთან და ქრისტესთან შედარებით საკმაოდ გვიან, მხოლოდ 40 წლის ასაკში მოახერხა. პირველი მისი გატაცება დაკავშირებული იყო ხანიფებთან (განიფებთან), რომლებიც ერთღმერთიანობის, რახმანის (მწყალობელის) იდეით გამოდიოდნენ, მაგრამ ეს არ იყო არც იუდეველობა და არც ქრისტიანობა. ხანიფიზმი ილაშქრებდა ძველი წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლიდა მათ გაერთიანებას. ხანიფიზმში ბევრი რამ იყო აღებული ქრისტიანობიდან (წარმოდგენა საშინელ სამსჯავროზე, მოწოდება ასკეტური ცხოვრებისაკენ და ა. შ.). ცხოვრების იმ პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მუჰამედი ხანიფი იყო; უფრო გვიან კი იგი საკუთარი რელიგიის შექმნას იწყებს, რაშიც მას, ბიოგრაფთა ცნობით, თავისი ხილვები დაეხმარა, რომელსაც ეპილეფსიის წყალობით ხედავდა. გადმოცემით, ერთხელ მას, როდესაც მთაზე ეძინა, ანგელოზი გამოეცხადა და იგი, წერა-კითხვის უცოდინარი, აიძულა გრაგნილი წაეკითხა. მუჰამედს ძალიან შეეშინდა. მან გადაწყვიტა, რომ იგი ავი სულით


 ჯინით იყო შეპყრობილი. მაგრამ შემდგომ დამშვიდდა. ასე იწყება მუჰამედის გამოცხადებანი, რომელთა მეოხებითაც შეიქმნა ისლამის წმინდა წიგნი


 ყურანი, რომელშიც ლაპარაკი იყო ერთიან, ყოვლის შემოქმედ ღმერთზე


 ალაჰზე, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უნდა წარსდგეს და ანგარიში ჩააბაროს. მუჰამედის მიხედვით, არსებობს ცის წიგნი, წიგნთა დედა, რომლიდანაც ნასესხებია ყველა გამოცხადება, რომელ სარწმუნოებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი. ამ გამოცხადებებს შორის კი საუკეთესოა ყურანი.

 

შემდგომ იყო პერიოდები მუჰამედის ცხოვრებაში, როდესაც ხილვები აღარ განმეორდა. მუჰამედი ისევ შეშფოთდა, ისევ ეჭვებმა შეიპყრო, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ ხილვები განახლდა და მან ინტენსიური ხასიათი მიიღო. მისი ბიოგრაფების ცნობით, ახლა მან საბოლოოდ ირწმუნა, რომ იგი თავის ხალხთან გამოგზანილი ალაჰის ნამდვილი წინასწარმეტყველი იყო. უფრო გვიან, დადგა დრო, როდესაც იგი აღარ ელოდებოდა ასეთ ხილვებს, მას უკვე შეეძლო თვით გამოეწვია ისინი ნებისმიერ დროს.

მუჰამედმა ქადაგება თავის ახლობლებში დაიწყო. როგორც ბიოგრაფები აღნიშნავენ, საკმაოდ წარმატებითაც, მისი მჭევრმეტყველება, დამაჯერებლობა, უნარი, დაერწმუნებინა ადამიანები საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტებაში, საკმაოდ პოპულარულს ხდიდა მას, მაგრამ მომხრეთა გარდა დიდი რაოდენობით მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, რომლებიც მას გიჟად აცხადებდნენ, დასცინოდნენ, ემუქრებოდნენ და სდევნიდნენ.

მათ განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მუჰამედი აშკარად ილაშქრებდა ძველი არაბული სარწმუნოების წინააღმდეგ, მათ შორის თავისი მშობლიური ქალაქის


 მექის სალოცავების წინააღმდეგ, რაც მექას, როგორც რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს, საფრთხეს უქმნიდა, რადგან თუკი აღარ შეიკრიბებოდა ხალხი ქალაქში სალოცავად, ვაჭრობაც ჩაკვდებოდა. ამას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ფაქტი მექელთა გააფთრებას იწვევდა, მაგრამ მუჰამედი რაიმე დათმობაზე არ მიდიოდა. როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ამას მას მთავარანგელოზი გაბრიელი (ჯებრაილი) უკრძალავდა.

 

მდგომარეობა მექაში ძალზე იძაბება. რაც უფრო აძლიერებდნენ მექელები მის დევნას, მით უფრო მკვეთრი და კატეგორიული ხდებოდა მუჰამედის ტონი. იგი ათასგვარი საშინელებებით და სასჯელით ემუქრებოდა იმათ, ვინც მის მოძღვრებას არ იზიარებდა. თავის ქადაგებებში მას პარალელები მოჰყავდა ბიბლიიდან, თუ როგორ დასაჯა ღმერთმა ებრაელები თავიანთი წინამძღოლის უარყოფისათვის, მაგრამ მექელებზე ასეთი მუქარა არ სჭრიდა. მათ მუჰამედისა უბრალოდ არ სჯეროდათ და, შესაბამისად, არც ეშინოდათ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა გარდაიცვალა მუჰამედის მეუღლე ხატიჯე, რომელიც მის მფარველს და დასაყრდენს წარმოადგენდა. ასეთ მფარველს მოკლებული წინასწარმეტყველი საბოლოოდ ჰკარგავს იმედს, რომ მექელები მას როდისმე გაუგებენ. იმედგატეხილმა მუჰამედმა მექის გარეთაც სცადა ექადაგა თავისი მოძღვრება, მაგრამ აქაც მარცხი განიცადა. ამ დროისათვის იგი სულიერად თითქმის გატეხილი იყო.

სწორედ ამ პერიოდში იჩინა თავი არაბთა სხვა, მნიშვნელოვანი ქალაქის, იასრიბის (მედინას) ფაქტორმა. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, მედინაში ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები იყო მისი მოძღვრების ქადაგებისათვის, რადგან აქ საკმაოდ ძლიერი იყო იუდაური გავლენა და ის იდეები, რასაც იუდეველები ავრცელებდნენ, და რაც შემდგომში ფუძემდებლური აღმოჩნდა ისლამისათვის, აქ ფართოდ გავრცელებული და პოპულარული აღმოჩნდა.

მიუხედავად ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობისა და მედინელთა კარგი დამოკიდებულებისა მუჰამედისადმი, წინა პერიოდში, არაერთგზის მარცხით დაშინებული მუჰამედი და მისი მომხრეები ძალზე ფრთხილობდნენ, დიდხანს საფუძვლიანად ამზადებდნენ მედინას მოსახლეობას ახალი მოძღვრების დასანერგად.

მუჰამედმა თავისი წარმომადგელები ადრევე გაგზავნა მედინაში. თვითონ კი იქ მხოლოდ 622 წლის 16 ივნისს წავიდა, როდესაც მას განრისხებულმა მექელებმა მოკვლა დაუპირეს. მექიდან მედინაში მუჰამედის გაქცევის თარიღი (ჰიჯრა)

საფუძვლად დაედო ისლამურ წელთაღრიცხვას, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მუჰამედისა და მისი მიმდევრების დამაჯერებელი გამარჯვებები. მართლაც, როგორც მუჰამედის ბიოგრაფები წერენ, მედინაში მან მიიღო ყოველივე ის, რაზე ოცნებაც არ შეეძლო მექაში: ხელისუფლება, პატივისცემა და თაყვანისცემა, მისი ავტორიტეტი კი უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მუჰამედი შესანიშნავი ორგანიზატორი აღმოჩნდა. მედინაში მან თეოკრატიული მმართველობა შექმნა. ებრაელთა და ქრისტიანთა წაბაძვით მოაწყო თავისი კულტი


 ააშენა მეჩეთი, სადაც მის მომხრეებს და თანამგრძნობებს სათანდო სულიერი წვრთნა უნდა გაევლოთ, იგი თვითონ ასწავლიდა, თუ როგორ ეცათ თაყვანი ალაჰისათვის, რა რიტუალები შეესრულებინათ, როგორ ეცხოვრათ.

 

ყველაფერი მიდიოდა იმისაკენ, რომ შექმნილიყო ახალი იდეოლოგია, ახალი რელიგია, რომელიც ახალ საფუძველზე (რელიგიური კავშირით) შეაკავშირებდა არაბულ ტომებს. ახლა უკვე ალაჰისადმი რწმენას და არა სისხლისმიერ კავშირს უნდა გაეერთიანებინა არაბული ტომები, რითაც ისინი შეძლებდნენ დაუნდობლად ებრძოლათ საგარეო, დაპყრობით ომებში არამართლმორწმუნეთა წინააღმდეგ: ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, - ნათქვამია ყურანში. ჰოდა! ამოჰხოცეთ ისე, რომ დიდი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინოთ...

 (47,4). გარდა ამისა, ახალი რელიგია მათ უნერგავდა, რომ თუკი ისინი დაეცემოდნენ მტერთან ბრძოლაში, ეს ალაჰის ნება იქნებოდა და მისივე ნებით ისინი აუცილებლად სამოთხეში მოხვდებოდნენ. ეს რწმენები, შეერთებული მდიდარი ნადავლის ხელში ჩაგდების სურვილთან, დიდ ენთუზიაზმს ბადებდა და წარმატებით აბრძოლებდა ისლამის მეომრებს.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, მუჰამედმა ბევრი რამ ისესხა იუდაიზმისა და ქრისტიანობისაგან. იგი მართალია, არ უარყოფს ამ რელიგიათა წმინდა წიგნებს, მათ ხშირად ახსენებს და ხმარობს, აღიარებს მოსეს და ქრისტეს არსებობასაც, მაგრამ თანდათან იმ დასკვნამდე მიდის, რომ საჭიროა შექმნას თავისი საკუთარი რელიგია, საკუთარი ღირებულებანი, გამომდინარე საკუთარი ხალხის ბუნებიდან და არა სხვის მიერ შექმნილი და მოტანილი. რწმენა, რომელიც უფრო ჭეშმარიტი იქნება სხვა რელიგიებზე: თავისი მოციქული (მუჰამედი, ალაჰმა


 თ.ფ.), - ნათქვამია ყურანში, - მოავლინა წარმართებით და ჭეშმარიტების სარწმუნოებით განმტკიცებული, რათა ყოველი სარწმუნოების უმაღლეს დაეყენებინა (48, 28).

 

ამ მიმართებით მოხდა ე.წ. ყიბლის

 დადგენა. თუკი თავდაპირველად მუჰამედის მიმდევრები ლოცვისას სახით იერუსალიმისაკენ იყვნენ მიბრუნებულნი, ახლა მექის მიმართულებით უნდა დამდგარიყვნენ. ამ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არაბებისათვის. ჯერ ერთი, ამით ისინი განუდგნენ როგორც იუდეველებს, ისე ქრისტიანებს, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა ებრაული ხელისუფლების განადგურება მედინაში, მეორე მხრივ, მუჰამედმა ამით მკვეთრი ნაბიჯი გადადგა მექის შემორიგებისა და დამორჩილებისაკენ, რადგან მექა ფაქტობრივ-რელიგიურ ცენტრად აღიარა. მართალია, ჰიჯრის შემდეგ მექელებსა და მედინელებს შორის ბევრი ურთიერთშეტაკება მოხდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, მაგრამ უკვე 630 წელს, როდესაც მუჰამედი დიდი არმიით დაიძრა მექის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთ დიდი წინააღმდგეობა არ გაუწევიათ, რადგან დაიცვეს

უმნიშვნელოვანესი პირობა


 მექა დარჩა რელიგიურ ცენტრად. შეინარჩუნეს ქააბას ტაძარი და მასში მდებარე შავი ქვის თაყვანისცემაც.

 

რაც შეეხება არაბების ძველ ტომობრივ კერპებს, ისინი მუჰამედმა ან სრულიად გაანადგურა, ან შინაარსი შეუცვალა, სრულყო და ამით თავისი რჯულთმოძღვრების ნაწილად აქცია. ასეთი მიდგომით, მკვლევართა აზრით, იგი გახდა მემკვიდრე ეროვნული რელიგიური ტრადიციებისა, ხოლო თავისი რელიგია ნაციონალურ რელიგიად გამოცხადა. ამის შემდეგ ისლამი სწრაფად გავრცელდა მთელს არაბეთში. მართალია 632 წელს მუჰამედი გარდაიცვალა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ისლამის შემდგომი სწრაფი გავრცელებისათვის სხვა ქვეყნებში...

აი, ძირითადად ყველაფერი ის, რაც მუჰამედის შესახებ ვიცით, მის ბიოგრაფიაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის ყველაფერი ნათელი და გასაგებია. გასარკვევი და ასახსნელი რჩება მხოლოდ მუჰამედის ესოდენ წარმატების მიზეზი და ისლამის სწრაფი გავრცელების საიდუმლოება. ამ საკითხის გარკვევა, თუ როგორ მოახერხა ახალმა რელიგიამ რამდენიმე ათწლეულში იმ გზის გავლა, რის გავლასაც ქრისტიანობა რამდენიმე ასეულ წელიწადს მოუნდა. როგორ დასძლია მან სხვა რელიგიების, პირველ რიგში კი იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენა და ავტორიტეტი. როგორ შეძლო წერა-კითხვის უცოდინარმა არაბმა ნოქარმა და მწყემსმა გამარჯვება ეზეიმა იქ, სადაც ნაწილობრივ მაინც ცნობილი იყო მოსესა და ქრისტეს რჯული.

მუჰამედი ხომ ქრისტესაგან განსხვავებით ძე-ღვთისად არ თვლიდა თავს. მისი მტკიცებით, ის მხოლოდ ალაჰის წინასწარმეტყველი იყო. იგი არც სასწაულმოქმედად ჩაითვლება, რადგან სხვა შემთხვევაში, ალბათ, თავის შვილებს უშველიდა, რომლებიც უმეტესად პატარა ასაკში დაიხოცნენ.

მუჰამედი, სხვა სარწმუნოების და ფილოსოფიის პოზიციებზე მდგომი ადამიანისათვის, არც მაღალი ზნეობის ეტალონად გამოდგებოდა. როგორც რელიგიის ისტორიკოსი ა. მენზისი წერდა: მისი საქციელი დროდადრო ისეთი იყო, რომ გაოცებას იწვევს, თუ როგორ არ დაკარგა მან ხალხში პატივისცემა, გავლენა და ავტორიტეტი.

ის, რაც მან გამოცხადების სახით შესთავაზა თავის მორწმუნეებს (ყურანი), კომპილაციურ წიგნს წარმოადგენდა, მასში ობიექტური მკითხველი ვერ შეხვდება იმ ბრწყინვალე სტილს, რომელიც ბიბლიურ ეკლესიასტეშია, იმ სიბრძნეს, რაც იობის წიგნშია, ან იმ მაღალ პოეზიას, როგორც ქება-ქებათაში არის გადმოცემული. მასში არც იესოს მთის ქადაგების ბადალი ადგილი მოიძებნება. მართალია, ზოგი ავტორი ლაპარაკობს იმ მაღალ პოეზიაზე, რომელიც ყურანის ორიგინალში (არაბულ ენაზე) არის, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც არ არის ორიგინალური წიგნი, მას ხომ გამოკვეთილი საერთო ქარგაც არ გააჩნია და, შესაბამისად, მისი გაგებაც ერთობ ჭირს.

მაშ, რაში მდგომარეობს მუჰამედის პოპულარობისა და საყოველთაო თაყვანისცემის მიზეზი? პირველ რიგში, ალბათ, იმაში, რომ მან თავის ხალხს შესთავაზა მისი ბუნებიდან და ყოფიდან გამომდინარე (თუმცა ბევრ შემთხვევაში ნასესხები), მაგრამ თავისებურად გადაკეთებული, მარტივი რწმენა, თავისუფალი იმ

ბუნდოვანებისა და სირთულისაგან, რაც ქრისტიანობას ჰქონდა. მის საფუძველზე შეკრა ხალხი, დაარწმუნა საკუთარი რწმენის უპირატესობაში და გაამზადა ხანგრძლივი ექსპანსიისათვის, ხოლო დაპყრობითი ომები, ძარცვა და სხვა სარწმუნოების ხალხის დასჯა ღვთის სასურველ საქმედ გამოცხადა. შედეგმაც არ დააყოვნა, ისლამი ცეცხლითა და მახვილით სამი კონტინენტის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

გაზეთი შარავანდი

 N1(29), 1993 წ.

გაზეთი ლიტერატურული საქართველო

 N5, 29. 01. 1993 წ.

V. ისას მუსლიმები იესო ქრისტეს უძახიან

როგორც უკვე ვთქვით, მუჰამედი წინასწარმეტყველთაგან სულ ბოლოს, მხოლოდ მეშვიდე საუკუნეში მოვიდა, მანამდე კი იყვნენ კრიშნა, ბუდა, მოსე, ქრისტე


 ამათაგან, კრიშნა და ბუდა ძალზე დიდი ხნის წინ, სხვა ადგილას, სხვა პირობებში და გარემოებებში მოვიდნენ. მათი მოძღვრება სხვა საფუძველზე იყო აღმოცენებული. ამიტომ ინტერესი მათ მიმართ მუსლიმებში ნაკლებად შეიმჩნევა. სამაგიეროდ, ისლამი მრავალმხრივ არის დავალებული იუდაიზმისა და ქრისტიანობისაგან. შესაბამისად, იგი, ვერავითარ შემთხვევაში, გვერდს ვერ აუვლიდა მათ დამაარსებლებს: მოსესა და ქრისტეს, ამიტომაც, მათი სახელები ხშირად იხსენიება ყურანში. ცხადია, მუსლიმები იესო ქრისტეს ცხოვრებას და მოძღვრებას თავის პრიზმაში ატარებენ, თავისებურად აღწერენ და სახელსაც თავისებურს


 ისას უწოდებენ.

 

თუ ისლამის შესახებ ენციკლოპედიურ სიტყვანს გადავშლით და ისას მოვნახავთ, მასში ნათქვამია: ისა ყურანის პერსონაჟია, განსაკუთრებით პატივსაცემი წინასწარმეტყველი, მუჰამედის წინამორბედი, რომელსაც ქრისტიანები იესო ქრისტეს უწოდებენ. ყურანში მას ასევე უწოდებენ ალ-მასიხს (მესია), იბნ მარიამს (ძე მარიამის), აბდ-ალაჰი (ალაჰის მონა), რასულ ალაჰი (ალაჰის დესპანი, მოციქული), სალიხი (წმინდანი), ყალიმა (სიტყვა), ალაჰისა, კაულ ალჰაკკი (ჭეშმარიტების გამოთქმა) და ა.შ. და მას გარდმოევლინა ღვთის მადლი და ზეშთაგონებით მიიღო გამოცხადება


 ინჯილი.

 

ვერსიები ისას (იესოს) შესახებ ყურანში, ცხადია, უმეტესად სახარებებიდან იღებს სათავეს...

ყურანში საკმაოდ დაწვრილებით არის მოთხრობილი ისას (იესოს) სასწაულებრივი დაბადების ამბავი: კერძოდ, როდესაც მარიამი განეშორა თავის სახლობას და აღმოსავლეთისაკენ წავიდა, პირბადე გაიკეთა, რათა ვერავის დაენახა და ეცნო, მის წინაშე მშვენიერი მამაკაცის სახით წარსდგა სული და მარიამს მიმართა: შენის უფლის მიერ მოვლინებული ვარ, რათა შეგძინო ძე წმინდა.  როგორ თუ ძე შემეძინოს, გაკვირვებული ეკითხება მარიამი, ჯერ მამაკაცი არ შემხებია და არც ქალი

ვარ გარყვნილი. რაზედაც კაცი პასუხობს


 უფლის ბრძანებაა: ...იგი იქმნეს, ჩვენ სასწაულად ერის წინაშე და ჩვენის მოწყალების დასამტკიცებლად. წინასწარ განგებულობა წარმოითქვა

 

 (19: 16-21).

მარიამი მართლა დაფეხმძიმდა. როცა დრომ მოაწია, იგი სახლს განეშორა. მშობიარობის ტკივილმა იგი ერთი ინდის ხურმის ხესთან შეიპყრო. იქვე ჩამოჯდა და სასოწარკვეთილმა თქვა: სჯობია მოვკვდე და ყველასგან დავიწყებული ვიყოო. მაგრამ, უფალს იგი არ დავიწყებია.

მარტომყოფს ვიღაც შეეხმიანა: ...ნუ ჰსწუხარ: შენმა უფალმა ფეხთ გიდინა წყარო. გაანძრიე ინდისხურმის შტო, მწიფე ინდისხურმა ჩამოგიცვივა, ჭამე და სვი და ინუგეშე ხოლო თუ კაცი ნახო, უთხარი: ყრმა შევწირო მოწყალესა; დღეს არა კაცს ველაპარაკები (19: 24-27).

როდესაც ნამშობიარები მარიამი სახლში ყრმით დაბრუნდა, შეშფოთებულმა და შეწუხებულმა ნათესავებმა გაიოცეს და უთხრეს: მარიამ მამაშენი არ ყოფილა ბოროტი კაცი, არც დედაშენი გარყვნილი და შენ ეს რა საოცარი საქმე დაგმართვიაო?

მარიამმა პასუხად ყრმაზე მიუთითა, მას დაელაპარაკეთო... გაოცებულ ნათესავებს სასწაულებრივად ამეტყველებულმა ახალშობილმა გამოუცხადა: ღვთის მსახური ვარ, წიგნი მომანიჭა და წინასწარმეტყველად დამადგინაო

 (19: 28-31).

მაშ ასე, ისა (იესო) სასწაულებრივად ჩაისახა, დაიბადა და მაშინვე ალაპარაკდა, მაგრამ ყურანის მიხედვით, რად მოევლინა იგი ქვეყანას


 ღმერთად, ადამიანად თუ წინასწარმეტყველად?

 

მკვლევართა მიხედვით, ისას ყურანში გასაკუთრებული ადგილი უკავია, მას მიაკუთვნებენ ალაჰთან დაახლოებულთა (მუკარაბუნი) რიცხვს (3:40), რაც იმის საბაბს იძლეოდა, რომ ელაპარაკათ მის ნახევრად ანგელოზურ ბუნებაზე, ამასვე მოწმობს მისი შემდეგდროინდელი ამაღლებაც ზეცაში, ალაჰთან (3:48; 4:156).

მუსლიმთა წმინდა წიგნის მიხედვით, ისა მსგავსია პირველი ადამიანის


 ადამისა:
ღვთის თვალში,


 ნათქვამია ყურანში, - იესო იგივეა, რაც ადამ. ღმერთმა კაცისაგან დასახა იგი, შემდეგ ჰსთქვა: იყავიო და იგიც იქმნა

 

 (3: 52).

რაც შეეხება ისას მომავალს, მასზე ყურანში ლაპარაკია ანგელოზის წინასწარმეტყველებაში:მას ასწავლოს წიგნი და სიბრძნე, დაბადება და სახარება, იესო იქმნეს მისი მოვლინებული ისრაელის შვილთა მიმართ. მათ უთხრეს: მე მოვდივარ თქვენთან უფლის სასწაულებ თანახლებული; ჩიტის ნაკვთი გავაკეთო თიხისაგან, სული ჩავბერო და ღვთის ნებით ჩიტი გასულდგმულდეს; შობით ბრმა და კეთროვანი განვკურნო; მკვდრები აღვადგინო ღვთის ნებით; გითხრათ, რაცა ჰსჭამოთ და დამალოთ თქვენს სახლებში, ყოველი ეს მოქმედება თქვენთვის სასწაულად იქმნეს, თუ მორწმუნე ხართ

 (3: 43).

მუსლიმთა წმინდა წიგნის მიხედვით, ადამიანთა ერთმა ნაწილმა ირწმუნა ისას ქადაგების ჭეშმარიტება და მას გამოუჩნდნენ კიდეც დამხმარე მოციქულები (ჰავარიიუნ) (3: 52/45


 53/46; 61:14) და როდესაც, მათ უფალს ზეციდან სუფრის გარდმოვლენა და დაპურება შესთხოვეს, ალაჰმა შეიწყნარა მათი თხოვნა და გარდმოუვლინა.

 

ძე მარიამისა, ყურანის მიხედვით, განსაკუთრებით პატივსაცემია მუსლიმთათვის იმიტომაც, რომ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული მუჰამედთან, რომლის მოვლინება მან ჯერ კიდევ ადრე, მთელი ექვსი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა:

იესო, მარიამის-ძე, თავის ხალხს ეუბნებოდა: ისრაელის შვილებო! ღვთის მოციქული ვარ, თქვენდამი მოვლინებული, რათა განვამტკიცო დაბადება, რომელიც ჩემს უწინარეს მოგეცათ, და გაუწყოთ მოსვლა ჩემ შემდეგ მოციქულისა, რომლისაც სახელი იქმნეს აჰმედ, ხოლო როცა მან (იესომ) ცხადი სასწაულები ახილვებინა მათ, ჰსთქვეს: ცხადი თვალთმმაქცობააო (61:6).

ისევე როგორც მუჰამედს, ისასაც ჰყავდა დამხმარე, რუჰ ალ კუდუსი (სული წმინდა), რომელიც ჩვეულებრივ, გაიგივებული იყო ჯებრაელთან:

ჩვენ ვუბოძეთ სჯულის წიგნი მოსესა და სხვათა მოვლინებულთა მიერ მისი მიმხრობა ვბრძანეთ; იესოს, მარიამის ძეს, ცხადი სასწაულები (მისი მოვლინებისა) მივანიჭეთ და სიწმინდის სულითაც განვამტკიცეთ. ყოველთვის, როცა მოვლინებულ (უფლის მიერ) თქვენ გულისთქმათა მიუფერებელს გამოცხადებას მოგანიჭებდათ, დიდგულობისაგან თავს გადადიოდით: ზოგიერთებს მატყუარებად ჰსთვლიდით, ზოგსაც ჰკლავდით (2:81).

ამავე თავის მეორე ადგილას ნათქვამია:

წინასწარმეტყველნი ერთნი მეორეთა უმაღლეს ავწიეთ. უმაღლეს არიან იგინი, რომელთაც ღმერთი ეუბნა. იესო, მარიამის ძე, ცხადის სასწაულების თანხლებით მოვავლინეთ და სიწმინდის სულით განვამტკიცეთ. ღმერთს რომ ენებებინა, ვინც მათ შემდეგ და სასწაულთა გამოცხადების შემდეგ მოვიდნენ, აღარ დაიხოცებოდნენ. მაგრამ ცილობა დაიწყეს მათ; ზოგიერთებმა იწამეს, სხვები კი ურწმუნო იქმნენ. ღმერთს რომ ენებებინა, აღარ დაიხოცებოდნენ; ხოლო ღმერთი მას მოიმოქმედებს, რასაც ინებებს

 (2:254).

აქედან გამომდინარე, ყურანის მიხედვით, იესო წინასწარმეტყველია, სასწაულების ჩამდენია, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ არის არც ღვთაება, და არც ძე ღვთისა. იგი მხოლოდ ალაჰის მონაა, მსახურია, უბრალოდ, კაცია:

 

იესო მხოლოდ მსახურია (კაცი), რომელიც ჩვენის წყალობით ავავსეთ და რომელიც მაგალითად დავჰსდეთ ისმაელის შვილთათვის

 (43:59).

ყურანის მეორე ადგილას უფრო ვრცლადაა ამის შესახებ საუბარი:

ურჯულოა, ვინც ამბობს, ღმერთია მესია, მარიამის ძეო. განა თვითონ მესიამ არა ჰსთქვა: ისრაელის შვილებო, თაყვანი ეცით ღმერთსა, რომელიც ჩემი უფალია და თქვენიცაო? ვინც ღმერთს სხვა ღმერთებს დაუამხანაგებს, ღმერთმა მათ აუკრძალოს წალკოტში შესვლა და სამყოფადაც ცეცხლი ექმნეს. უკუღმართები შველას ნუღარ ელიან (5:76).

ამ მხრივ, კიდევ უფრო მეტი კატეგორიულობით გამოირჩევა ყურანის მეცხრე თავი (თავისუფლება, ანუ სინანული), რომელშიც ნათქვამია:

ურიები ამბობენ: ოზაირ ძე ღვთისა არისო. ქრისტიანები ამბობენ: მესსია ძე ღვთისა არისო; ასეთია მათ პირთა სიტყვები. იგინი ემსგავსებიან, ამის მეტყველნი, უმანდელ ურჯულოებსა. ღმერთმა იომოს იმათზე. რა ცრუ არიან.

თავიანთი მწიგნობრები, თავიანთი ბერები და მარიამის ძე მესსია ღვთის უმეტეს, თავიანთ ბატონებად მიიჩნიეს; თუმცა, ებრძანათ თაყვანისცემა მხოლოდ ღვთისა, რომლის თვინიერ არა არს სხვა ღმერთი. შორს მისი დიდებისაგან ღმერთები, რომელთაც მას უამხანაგებენ! (9:30-31).

ყურანი განსაკუთრებით ილაშქრებს ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის


 სამების წინააღმდეგ, რომელშიც მუსლიმთა აზრით, იგულისხმება სამი ღვთაება


 ალაჰი, ისა და მისი დედა მარიამი:

 

თქვენ, რომელთაც წერილი მიგიღიათ! თქვენს სარწმუნოებაში ჭეშმარიტ საზომს ნუ გადახვალთ, ღვთისა ჰსთქვით მხოლოდ, რაც მართალია. მესია, იესო მარიამის-ძე, მოციქულია ღვთისა და მისი სიტყვა, რომელიც მარიამს შთაუგდო, ღვთისაგან მომავალი სულია. მაშ ღმერთი და მისი მოციქულები იწამეთ, და ნუღარ იტყვით, სამება არისო. თავი დაანებეთ. თქვენთვის უფრო სასარგებლო იქმნეს. ვინადგან ღმერთი ერთი არს. დიდება მასა; როგორ ეყოლებოდა ძე? მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცა ცათა შინა და ქვეყანაზე, მისი მფარველობა კმარა; საკმაოა, მფარველად ღვთის ყოლა.

მესია არ თაკილობს, ღვთის მსახურ იყოს, არც უმეტესია ანგელოზებისა, რომელნიც ღმერთს ახლავან (4:169 - 170).

სხვა ადგილას ამის შესახებ ყურანში ნათქვამია:

ურჯულოა, ვინც ამბობს: ღმერთი მესამეა სამებისაგანო, მაშინ როდესაც არა არს ღმერთი თვინიერ ერთადერთის ღვთისა. თუ არ დაიშალონ... უეჭველადურჯულოებს სავალალო სასჯელი ეწიოსთ (5:77).

კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ აზრის გასამაგრებლად:

ღმერთმა მაშინ იესოს უთხრა: გითქვამს განა ოდესმე ხალხისათვის: ღმერთებად მიგვიღეთ მე და დედაჩემი. თანასწორ ერთადერთის ღვთისაო? შენმა დიდებამან! არა, როგორ შემეძლო მეთქვა, რაც მართალი არაა? მე რომ მეთქვა, შენ არ გეცოდინებოდა? შენ უწყი, რაცაა ჩემი სულის სიღრმეში, მე კი არ ვიცი, რაც შენის სულის სიღრმეშია, ვინადგან საიდუმლოებს მხოლოდ შენ ტყობილობ

 (5:116).

ყურანი კატეგორიულად უარყოფს ისას (იესოს) ჯვარზე გაკვრის ფაქტსაც. ამტკიცებს, რომ იმის მტრების მტკიცებებისაგან განსხვავებით, იგი არც მოუკლავთ და არც ჯვარს უცვამთ, ეს მხოლოდ წარმოუდგათ მათ:

 

ამბობენ, - ნათქვამია ყურანში, - ჩვენ მოვკალით მესია, იესო მარიამის ძე, ღვთის მოვლინებულიო. არა, არ მოუკლავთ, ჯვარს არ უცვამთ; კაცი, რომელიც მას ჰგავდა, მის ადგილს მოიყვანეს, და ვინც ამას საცილობელს ჰყოფდენ, თვითონ იგინი იჭვნეულობდნენ. ჭეშმარიტის ცოდნით არ იცოდნენ, მხოლო ზრახვას მიჰყვებოდენ. სრულიად არ მოუკლავთ, ღმერთმა აღიტაცა თავისადმი და ღმერთიც შემძლე და ბრძენია (4:156).

ზეცას, ალაჰთან ამაღლებული ისა, მუსლიმების აზრით, იქ დარჩება სამსჯავროს (აღდგომის) დადგომამდე:

აგრეთვე შევიწყნარეთ აღთქმა მათი, რომელნიც ამბობენ ქრისტიანები ვართო; მაგრამ მათაც დაავიწყდათ ერთი ნაწილი მის, რაც მათთვის უსწავლებიათ. მათ შორის ჩამოვაგდეთ მტრობა და სიძულვილი, რამაც აღდგომის დღემდე უნდა გაატანოს, ღმერთმა მათ აუწყოს, რაც ჩაიდინეს (5:17).

სამსჯავროს დღეს ისა (იესო), როგორც სხვა წინასწარმეტყველები, წარდგება ალაჰის წინაშე და ამხელს არამორწმუნეთა შეცოდებას.

იმ დღეს, როცა ღმერთმა თავისი მოვლინებული მოციქულები შეჰყაროს, ჰკითხოს მათ: რა გიპასუხეს თქვენაო? იმათა ჰსთქვან: ჩვენ ხელთ არაა მეცნიერება, მხოლოდ შენ უწყი საიდუმლონი (5:108).

ისას მეორედ მოსვლის მინიშნებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი იქნება მომავალი სამსჯავროს ნიშანი:

ჟამის მოახლოვების მაჩვენებელი იქმნეს იგი, - ნათქვამია ყურანში, - ნუ ეჭვობთ; მომყევით, ვინადგან ესაა ჭეშმარიტი გზა.

სატანამ არ გადაგახვევინოსთ, ვინადგან თქვენი გაცხადებული მტერია

 (43:61-62).

ისას (იესოს) შესახებ ლაპარაკია არა მარტო ყურანში, არამედ საღმრთო მუსლიმურ გადმოცემაშიც. სპეციალისტთა აზრით, მუსლიმური გადმოცემა დაწვრილებით ავსებს და აფერადებს ყურანის მიერ გამოყოფილ ქრისტიანულ ლეგენდებს. კერძოდ, შობის ისტორიას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასში იძენს ესქატოლოგიური მოტივები, რომლებიც ყურანში თითქმის გამოხატული არ არის. მუსლიმურ თქმულებებში სამყაროს აღსასრულისას ისა (იესო) ხან ალ-მაჰდის გვერდით მოქმედებს, ხან კი სულ დევნის და ცვლის მას. ამ ლეგენდების მიხედვით, ისა სამოთხეში სუფევს და იქიდან მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ დაეშვება პალესტინაში, სადაც მოკლავს აჯაჯელას და დაამყარებს მიწაზე სამართლიანობის სამეფოს. შემდეგ ისაც მოკვდება, და დამარხული იქნება მედინაში, მუჰამედის გვერდით. შემდეგ კი ისინი ერთად აღდგებიან მკვდრეთით. მეჩეთში, მედინაში, დღესაც აჩვენებენ იმ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ისას დამარხვისათვის,

ყურანის შემდგომ პერიოდში მუსლიმებში ფართო გავრცელებას პოულობს ისას ალაჰის სულად (რუჰ ალაჰ) გამოცხადება.

ის, რომ ყურანმა გაცილებით მეტი იცის ისას, ვიდრე სხვა წინასწარმეტყველების შესახებ, ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან იმ დროისათვის, როგორც უკვე ვწერდით, ქრისტიანობა არაბეთში კარგად იყო ფეხმოკიდებული, ხოლო ქრისტიანული ლეგენდები


 საკმაოდ ცნობილი. გარდა ამისა, პირველი მუსლიმები ინფორმაციას ქრისტიანობის შესახებ სხვადასხვა ქრისტიანული წრეებიდან ღებულობდნენ. მათ შორის


 ეთიოპელი და იემენელი მონოფიზიტებიდან, სირიელი მართლმადიდებლებიდან, წვრილი სექტანტური მიმდინარეობების მომხრეებიდან. როგორც სპეციალისტები სამართლიანად მიუთითებენ, ყურანისათვის ცნობილია ზოგიერთი აპოკრიფული სახარებებიც, მაგალითად, ბავშვობის სახარება...

 

თუკი ყურანში გადმოცემულ იესო ქრისტეს ცხოვრების ამბებს კანონიკურ სახარებებში გადმოცემულ ვერსიებს შევადარებთ, ძალიან ბევრ გადახვევას და დამახინჯებას ვნახავთ. მაგრამ, როგორც ყურანის მკვლევარები სამართლიანად მიგვითითებენ, ყურანის ზოგიერთი წარმოდგენა, რომელიც ქრისტიანული შეხედულებების დამახინჯებად გვეჩვენება, სინამდვილეში ასახავენ სხვადასხვა ქრისტიანული სექტების, იუდაურ-ქრისტიანულ და ნაწილობრივ ქრისტეს გნოსტიკურ სახეს.

ბევრი სპეციალისტის აზრით, ყურანის მრავალი ადგილი მოწმობს, აშკარა სიმპათიას ქრისტიანობისადმი, განსაკუთრებით მისი შექმნის საწყის პერიოდში. სურა მარიამი, სადაც ვრცლად არის მოთხრობილი ამბები ისას დაბადების შესახებ, მუჰაჯირების მიერ ეთიოპელთა წინაშე იკითხებოდა როგორც საბუთი, დასაბუთება მუჰამედის ქადაგების სიახლოვისა ქრისტიანობასთან.

როგორც ენციკლოპედიური სიტყვანი გვამცნობს, ისა გახდა განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი ზოგიერთ მუსლიმურ მიმდინარეობაში. მაგალითად, აჰმადიის თემის წევრები თვლიან, რომ იერუსალიმში გადარჩენილი ისა სულაც ქაშმირში მოკვდა, იქვე დაასაფლავეს, შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა და განსახიერდა თემის დამაარსებელში. ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში, პირიქით, ისას არქმევდნენ უკანონოდ დაბადებულ ბავშვებს.

თუ ყველაფერ ზემოთქმულს შევაჯამებთ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუჰამედმა მართლაც გვერდი ვერ აუარა იუდაიზმსა და ქრისტიანობას. მათ მსოფლგაგებას, მოძღვრებას, კულტს, რელიგიურ წიგნებს, გავლენას, განსაკუთრებთ კი იესო ქრისტეს პიროვნებას. მაგრამ ყოველივე ეს თავის პრიზმაში გადატეხა, თავის მოძღვრებას შეუსაბამა და ისე შეიტანა ყურანში, ხოლო მისმა მიმდევრებმა საღმრთო გადმოცემაში


 სუნაში.

 

მუსლიმთა მოძღვრების მიხედვით, ქრისტე, რასაკვირველია, რეალურად არსებობდა. იგი დიდი მოციქული და წინასწარმეტყველი იყო. შესაბამისად, ბევრი რამ, რაც სახარებაშია აღწერილი, სიმართლეს შეესატყვისება, მაგრამ ისა (იესო) არც ღმერთი ყოფილა, არც ძე ღვთისა და იგი არც ჯვარზე გაუკრავთ. საბოლოოდ იგი ქაშმირში აღესრულა და იქვე დაასაფლავეს და მხოლოდ შემდეგ აღდგა მკვდრეთით.

ისას ერთ-ერთ უპირველეს და უმთავრეს ღირსებად, მუსლიმთა მიხედვით, ის ითვლება, რომ მან იწინასწარმეტყველა მუჰამედის დაბადება...

ყველასათვის ცხადია, რომ მუსლიმთა ასეთი ვერსიები თუ ინტერპრეტაციები სრულიად მიუღებელია ქრისტიანთათვის, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა...

მხოლოდ ერთს ვიტყვი:

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოში რელიგიისადმი გულგრილობამ, მატერიალიზმმა და ათეიზმა იმძლავრა, როდესაც ოფიციალურ ეკლესიებს ძალიან გაუჭირდათ, ამ მოვლენის დაძლევისათვის დაიბადა ყველა რელიგიის გაერთიანების იდეა, სურვილი ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ ღვთის უარყოფის ტენდენციას, დაპირისპირებოდნენ მასობრივ ურწმუნოებას, ამან კი ჯერ ეკუმენურ მოძრაობაში იჩინა თავი (ცდაში გაეერთიანებინათ დაქსაქსული და დანაწევრებული ქრისტიანული მიმართულებები), შემდეგ კი, განზრახული იყო ურთიერთობის აღდგენა და კავშირის შეკვრა ერთ საფუძველზე მდგარ იუდაიზმსა და ისლამთან, მაგრამ, როგორც ზემოთ მოტანილმა მასალამ გვიჩვენა, მათ შორის იმდენი ურთიერთწინაამდეგობა იყო, რომ ამის ცხოვრებაში განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

 

უფრო გვიან პერიოდში, როცა მატერიალიზმისა და ათეიზმის ეს ტალღა ჩაცხრა, როგორც კი ცალკეულმა ქრისტიანულმა კონფესიებმა პოზიციები გაიმაგრეს, მათ არამც თუ სხვა რელიგიებთან, არამედ თავისივე რჯულთმოძღვრების სხვა მიმართულებებთანაც აღარ ისურვეს კავშირი, ერთიან პლატფორმაზე დადგომა. ამიტომაც, ბევრმა კონფესიამ, საკუთარი რჯულთმოძღვრების სპეციფიკის დაკარგვის შიშით, ეკუმენურ მოძრაობასაც შეაქცია ზურგი (მათ შორის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც).

მაშ, რაღა რჩება? სამწუხაროდ, რელიგიათა შორის მხოლოდ ურთიერთდაპირისპირება და ურთიერთმტრობა. დღის წესრიგში ისევ და ისევ დგას, ისევ აქტუალურია საკითხი, თუ ვინ ვის? სხვაგვარად, რომელი რელიგია აღმოჩნდა უფრო ჭეშმარიტი, რომელი რომელს აჯობებს და რომელი დაიმკვიდრებს მსოფლიოში ბატონობას. ყოველივე ამას კი, ცხადია, მშვიდობა, ურთიერთგაგება და კეილდღეობა როდი მოაქვს ისედაც გაჭირვებასა და უბედურებაში ჩავარდნილი მსოფლიოს ხალხებისათვის.

გაზეთი ახალი საქართველო

, 5 (54), 5 -10 მარტი, 1999 წ.თ ა ვ ი მ ე შ ვ ი დ ე

 

ძლიერნი ამა ქვეყნისანი და რელიგია

ტომის ბელადები, ბასილევსები, კეისრები, მეფეები, იმპერატორები, მხედართმთავრები, საჩინონი, სხვანი და სხვანი, რომელთაც ხშირად ძლიერთ ამა ქვეყნისანთს ვუწოდებთ, თავისი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, სურდათ მათ თუ არა, გვერდს ვერ აუვლიდნენ რელიგიას, რწმენას, ღვთის თაყვანისცემას. მათი დამოკიდებულება უზენაესისადმი, რასაკვირველია, ერთგვაროვანი არ იყო. ზოგი მოწიწებით და მორიდებით შეჰყურებდა ყოვლადძლიერს, თავს იდრეკდა და იმდაბლებდა მის წინაშე, გულმხურვალედ ლოცულობდა მასზე, მტრის დამარცხებას და თავის გამარჯვებას შესთხოვდა უფალს და ამისათვის, არც უამრავ უსისხლო თუ სისხლიან მსხვერპლს იშურებდა... სხვები, მიწიერი ძალაუფლებით აღზევებულნი, ამქვეყნიური დიდებით მთვრალნი, ცდილობდნენ ამაღლებულიყვნენ ადამიანურ ბუნებაზე და თავი ზებუნებრივისათვის გაეტოლებინათ. ქვეშევრდომებისგან მოითხოვდნენ მისთვის, ისევე, როგორც ღმერთებისათვის თაყვანი ეცათ და მსხვერპლიც სათანადოდ შეეწირათ. ცხადია, მათ ავიწყდებოდათ (ან ივიწყებდნენ), რომ ისინი არც უკვდავნი იყვნენ და არც მარადიულნი. ამიტომ, მათი განგება

 

 

 ძალზე ცოტა ხანს თუ ბატონობდა დედამიწის რომელიღაც ნაწილში. ასეთი ურთიერთობა უზენაესსა და ძლიერთ ამა ქვეყნისანთს შორის კაცობრიობის თითქმის მთელ ისტორიას გასდევს. მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო სერიოზული ცდა ადამიანები მოეწყვიტათ რელიგიისაგან - ფაშისტებისა და კომუნისტების დროს. მაგრამ, როგორც ვიცით, ფაშიზმმა საშინელი კრახი განიცადა. ხოლო, ასევე დამარცხებული კომუნისტების თავკაცებმა უზარმაზარი სანთლები დაიჭირეს ხელში და ღმერთს შენდობა სთხოვეს...

ძალზე საინტერესოა თვალი გავადევნოთ ამ პროცესს, ადამიანთა ამპარტავნებას, უზენაესთან ჭიდილს და ღმერთად გახდომის სურვილს, რადგან გონიერი ადამიანისათვის არავინ არ არის ისეთი ჭკვიანი და ობიექტური მასწავლებელი, როგორც ისტორია. სათანადო დასკვნების გაკეთებაც ხომ მხოლოდ აქედან შეიძლება. ამ ურთიერთობას მრავალმა ხელოვანმა უძღვნა თავისი ნაწარმოები, სათანადო კუთხითაც ასახა იგი. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ გამოჩენილი ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის მოთხრობას ალექსანდრე მაკედონელის ბარათი სტაგირედან ათენისლიცეუმის დირექტორს არისტოტელეს, რომელშიაც ავტორი ირონიულად უყურებს ადამიანის ცდას (თუგინდ იგი თვით ალექსანდრე მაკედონელი იყოს) პოლიტიკური თუ სხვა მიწიერი მიზეზებით გაამართლოს საკუთარი თავის ღმერთად გამოცხადების დიდი სურვილი.

I. ალექსანდრე მაკედონელის ბარათი

სტაგირედან

ათენის ლიცეუმის დირექტორს არისტოტელეს

ძვირფასო არისტოტელე, ჩემო დიდებულო და საყვარელო მასწავლებელო!

დიდი ხანია თქვენთვის არაფერი მომიწერია, მაგრამ კარგად იცით, რომ სამხედრო საქმეებით ვიყავი გართული. გირკანიაზე, დრანგიანასა და ჰედროზიაზე

ლაშქრობისას, ბაქტრიისთვის ბრძოლებში, ინდოსზე ჯარის გადასხმისას, ცხადია, არც დრო მქონდა და არც სურვილი ხელში კალამი ამეღო. ახლა, აგერ რამდენიმე თვე იქნება, სუზაში ვარ. მაგრამ აქაც აუარებელი საქმე გამომიჩნდა, მართვა-გამგეობის საკითხები გამიხდა მოსაგვარებელი: უნდა დამენიშნა მოხელეები, ინტრიგები და ამბოხებანი უნდა ჩამეხშო, ასე რომ, დღემდე ვერ მოვიცალე ბარათის მოსაწერად.

მართალია, ოფიციალური ცნობებიდან თქვენ ზოგადად იცით ჩემი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ჩემმა თქვენდამი ნდობამ და უაღრესმა რწმენამ, რომ თქვენ დიდი გავლენით სარგებლობთ ელადის განათლებულ საზოგადოებაში, აღმიძრეს სურვილი კვლავ გადაგიშალოთ გული ჩემს სათაყვანებელ მასწავლებელსა და აღმზრდელს.

მაგონდება, ამ რამდენიმე წლის წინათ (ასე მგონია, უკვე ძალზე დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ!) აქილევსის საფლავზე როგორ ვთხზავდი თქვენდამი მომართულ აღტაცებულ და ფუქსავატურ წერილს. ეს იყო ირანის ლაშქრობის წინა ხანებში, როდესაც ძალიან ვიყავი მოწადინებული, როგორმე ბერძენი გმირების უჭკნობი სახელი და დიდება მომეხვეჭა. მაშინ მე ფიცსა ვდებდი, რომ მთელი სიცოცხლე მისაბაძ მაგალითად დიდებული პელეელი მეყოლებოდა. ამ დროისთვის უკვე მოპოვებული მქონდა გამარჯვება თრაკიაზე და მეგონა, რომ ჩემი მაკედონელები და ბერძნები დარიუსის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ მიმყავდა, რომ დაფნის გვირგვინებით შეგვემკო შუბლი და ღირსი გავმხდარიყავით ჩვენი სახელოვანი წინაპრებისა, რომელთაც ქება შეასხა ღვთაებრივმა ჰომეროსმა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მაღალი იდეალების სულისკვეთებით ვიყავი გამსჭვალული ქერონეის ველზეც და მდინარე გრანიკზეც. მაგრამ ახლა უკვე სულ სხვანაირად, წმინდა პოლიტიკური თვალთახედვით, ვაფასებ მაშინდელ ჩემს მოქმედებას. საღად რომ შევხედოთ საქმეს, უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენს მაკედონიას, არცთუ ისე საიმედოდ დაკავშირებულს საბერძნეთთან, მუდამ საშიშროება მოელოდა ჩრდილოეთიდან ბარბაროსული თრაკიისაგან. თრაკიელებს შეეძლოთ თავს დაგვსხმოდნენ ჩვენთვის ყოველ არახელსაყრელ ვითარებაში, ამით ბერძნები ისარგებლებდნენ, დაარღვევდნენ ჩვენთან დადებულ ხელშეკრულებას და მაკედონიას ჩამოშორდებოდნენ. საჭირო იყო თრაკიის დაპყრობა ჩვენი ფლანგის უშიშროების უზრუნველსაყოფად, თუ ვინიცობაა საბერძნეთი გვიღალატებდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური აუცილებლობა, ძვირფასო არისტოტელე, მაგრამ აქილევსის საგმირო საქმეებზე ოცნებით გატაცებულ თქვენს მოწაფეს ყოველივე ეს მაშინ როდი მქონდა შეგნებული.

თრაკიის დაპყრობის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა: ჩვენ ახლა ვფლობდით ეგეოსის ზღვის მთელ დასავლეთ სანაპიროს თვით ბოსფორამდე, მაგრამ აქ საფრთხეს გვიქმნიდნენ ზღვაზე გაბატონებული ირანელები თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო ხომალდებით. ჰელესპონტსა და ბოსფორს რომ მივაღწიეთ, ნათელი გახდა, რაოდენ საშიშია ირანის გავლენის სფეროს ახლო მეზობლობა. ჩვენსა და ირანს შორის ბრძოლა ეგეოსის ზღვაზე გაბატონებისა და სრუტეებში თავისუფალი მიმოსვლისათვის გარდაუვალი შეიქმნა. იღბლად, ჩვენ უფრო ადრე დავარტყით დარიუსს, ვიდრე იგი გონს მოვიდოდა და მომზადებას მოასწრებდა. მე მაშინ მეგონა, აქილევსის კვალზე მივდიოდი და, ვიბრძოდი რა საბერძნეთის დიდებისთვის, მასალას ვქმნიდი ახალი ილიადასთვის. ნამდვილად კი, როგორც ახლა მესმის, ჩემთვის იმ ხანებში აუცილებელი იყო ეგეოსის ზღვიდან

ირანელების განდევნა, და მე განვდევნე ისინი, ძვირფასო მასწავლებელო, ისე საფუძვლიანად გავდევნე, რომ დავიკავე მთელი ვიფინია, ფრიგია და კაპადოკია, დავიპყარი სიცილია და თვით ტარსამდე მივედი. მცირე აზია ჩვენი გახდა. არა მარტო ძველი ეგეოსის წუმპე, თვით ხმელთაშუა ზღვის, ანუ, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, ეგვიპტის ზღვის მთელი სანაპიროც ჩვენ ხელთ იყო.

თქვენ მეტყვით, საყვარელო არისტოტელე, რომ ამით მიღწეულ იქნა ჩემი მთავარი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანი


 საბერძნეთის წყლებიდან სრულიად განმედევნა ირანი, მაგრამ მცირე აზიის დაპყრობამ ახალი ვითარება შექმნა: ჩვენს ახალ საზღვაო საზღვრებს საშიშროება მოელოდა სამხრეთიდან, ეგვიპტის ან ფინიკიის მხრიდან. ამ ქვეყნებს შეეძლოთ მხარი დაეჭირათ ირანისთვის და საომარი საჭურველი მიეწოდებინათ ჩვენთან ომის გასაგრძელებლად. მაშასადამე, აუცილებელი შეიქმნა ტიროსის ნაპირების დაკავება და ეგვიპტეში შესვლა. როგორც კი ეს საქმე მოვაგვარეთ, ჩვენ მთელი ხმელთაშუა ზღვის მფლობელი გავხდით, მაგრამ ამავე დროს ახალმა საშიშროებამ იჩინა თავი: მდიდარ მესოპოტამიაზე დაყრდნობით, დარიუსს შეეძლო სირიაში შეჭრილიყო და ჩვენი ეგვიპტური სამფლობელოები მცირე აზიის სამფლობელოებისგან მოეწყვიტა.

 

რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დარიუსი ისე სასტიკად უნდა დამემარცხებინა, რომ წელი ვეღარ წამოედგა. ეს განზრახვა სისრულეში მოვიყვანე, გავგამელას ბრძოლაში... როგორც თქვენც იცით, ჩვენ ხელთ ვიგდეთ ბაბილონი, სუზა, პერსეპოლისი და პასარგადი. ამით გავბატონდით სპარსეთის ყურეზე.

მაგრამ ჩვენი ახალი იმპერია ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი თავდასხმებისგან რომ დაგვეცვა, აუცილებელი იყო მიდიელებისა და გირკანელების ალაგმვა. ესეც გავაკეთე და ჩვენი სამფლობელოები გადაიჭიმა კასპიის ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, მაგრამ აღმოსავლეთიდან მთლად მაინც არ ვიყავით დაცული, მაშინ მე ჩემი მაკედონელებით სალაშქროდ გავემართე, შევიჭერი არეებისა და დრანგიანების მიწა-წალზე, ავაოხრე ჰედროზია და მუსრი გავავლე არახოზიელებს, რის შემდეგ ჩემი ძლევამოსილი ჯარით ბაქტრიაში შევედი. სამხედრო გამარჯვება ქორწინებით განვამტკიცე: ცოლად შევირთე ბაქტრიის მეფის ასული როქსანა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს აუცილებელი იყო.

იმის შემდეგ, რაც რომ აღმოსავლეთში ამდენი ქვეყანა დავუმორჩილე ჩემს მაკედონელებსა და ბერძნებს, მე, ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული შევიქენი ჩემი ახალი ქვეშევრდომების


 ბარბაროსების გული მომეგო. ამას მივაღწიე ჩემს სამეფო კარზე აღმოსავლური ცერემონიალისა და გარეგნული ბრწყინვალების შემოღებით, ურომლისოდაც აღმოსავლეთის ბოგანო მწყემსებს ყოვლისმპყრობელი მბრძანებელი ვერ წარმოუდგენიათ.

 

გულახდილად უნდა ვთქვა: ჩემი ძველი მაკედონური გვარდია ამით უკმაყოფილო დარჩა. მოეჩვენათ, რომ მე, იმათმა სარდალმა, ზურგი შევაქციე ჩემს მებრძოლ ვეტერანებს. ამასთან დაკავშირებით მე, სამწუხაროდ, იძულებული შევიქენი სიკვდილით დამესაჯა ჩემი ძველი თანამებრძოლები - ფილოტასი და კალისთენე... სიცოცხლეს გამოესალმა ჩემი პარმენიონიც. გული მომიკლა ყოველივე ამან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, რადგან მაკედონელების ეს უკმაყოფილება

გზას უღობავდა ჩემს შემდგომ ნაბიჯს. მე კი ამ დროს ინდოეთზე გასალაშქრებლად ვემზადებოდი. საქმე ის იყო, რომ ჰედროზია და არახოზია, თითქოს კედლებითო, მაღალი მთებით არიან შემოსალტული, მაგრამ ეს მთები მიუვალ ციხე-სიმაგრედ რომ ქცეულიყო, პლაცდარმი მჭირდებოდა, საიდანაც თავდასხმებს შევძლებდი მოწინაამდეგეზე, ან, პირიქით, თავს შევაფარებდი სიმაგრეს. ასეთ სტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენს ინდოეთი თვით მდინარე ინდოსამდე. სამხედრო ლოგიკა მოითხოვდა ამ ტერიტორიის დაპყრობას და ამათანავე სანაპირო ბურჯის დაუფლებას ინდოსის მეორე ნაპირზე. არც ერთი წინდახედული პოლიტიკოსი ან სარდალი სხვანაირად არც მოიქცეოდა. როცა უკვე მდინარე ჰიფასისს მივადექით, ჩემმა მაკედონელებმა ჩივილი დაიწყეს, ამის იქით ფეხს აღარ გადავდგამთ, რადგან დავიღალეთ, ათასნაირმა სნეულებამ დაგვასუსტა და სამშობლოც გვენატრებაო. იძულებული შევიქენი უკან გამოვბრუნებულიყავი. ეს საშინელი გზა იყო ჩემი ვეტერანებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესი პირადად ჩემთვის: მე ხომ გადაწყვეტილი მქონდა ბენგალიის ყურემდე მისვლა, რათა ჩემი მშობლიური მაკედონიისთვის ბუნებრივი საზღვარი დამედგინა აღმოსავლეთით. და აი, საჭირო შეიქმნა დროებით ხელი ამეღო ამ განზრახვაზე.

დავბრუნდით სუზაში. მე კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი მაკედონელებისა და ბერძნებისთვის ასეთი უზარმაზარი იმპერია რომ შევქმენი. მაგრამ მარტო ჩემი დაღლილი ხალხის ამარა რომ არ დავრჩენილიყავი, ჩემს ჯარში ოცდაათი ათასი ირანელი მივიღე. კარგი მეომრები არიან და აღმოსავლეთის საზღვრების დასაცავად გამომადგებოდნენ. მაგრამ, წარმოგიდგენიათ, ჩემი ვეტერანები ამან მეტისმეტად გაანაწყენა. მათ ვერ შეუგნიათ, რომ აღმოსავლეთში ჩემი ხალხისთვის ამოდენა მიწა-წყლის შეძენამ, რაც თავისი მოცულობით მაკედონიას ასჯერ აღემატება, აღმოსავლეთის დიდ მონარქად გადამაქცია, და რომ ამის გამო ჩემთვის აუცილებელია აღმოსავლეთის დიდკაცობა დავაწინაურო ჩემს სამეფო კარზე, მმართველ ზედაფენაში ჩავრიცხო და აღმოსავლური ბრწყინვალება და ფუფუნება შევქმნა ჩემს ირგვლივ. ყოველივე ეს ბუნებრივი პოლიტიკური აუცილებლობაა, და ამ გზას მხოლოდ და მხოლოდ დიდი მაკედონიის ინტერესებისთვის დავადექი.

შექმნილი ვითარება სულ ახალ და ახალ პირად მსხვერპლს მოითხოვს ჩემგან, და მე უყუყმანოდ ვწირავ ყველაფერს, რადგან მხოლოდ ჩემი სახელმოხვეჭილი იმპერიის დიდებასა და ძლიერებაზე ვფიქრობ. იძულებული ვხდები ბარბაროსულ ნებივრობასა და განცხრომასაც კი შევეჩვიო. ცოლად შევირთე აღმოსავლეთის სამი მეფის ასული, ამჟამად კი, საყვარელო არისტოტელე, თავი ღმერთადაც გამოვაცხადე.

დიახ, ძვირფასო მასწავლებელო, ღმერთად! ჩემი ერთგული აღმოსავლეთის ქვეშევრდომნი ღვთაებრივ თაყვანსა მცემენ, მსხვერპლსა მწირავენ და ჩემს სახელს ადიდებენ. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ მთიელ მენახირეებისა და აქლემების მეხრეებში შემექმნას შესაფერი ავტორიტეტი. რამდენმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც თქვენ მასწავლიდით, რომ ყოველი ჩემი ქცევა გონებისა და ლოგიკისთვის დამემორჩილებინა. მაგრამ რა გაეწყობა, თვით გონება მიკარნახებს, რომ საჭიროა ადამიანის უგუნურებას შევეგუო.

 

 

გზა, რომელსაც მე ვადგავარ, შეიძლება ფანტასტიკურად მივიჩნიოთ. მაგრამ ახლა, როცა ღამის იდუმალებაში ჩემი ღვთიური განმარტოების დროს გონების თვალს ვავლებ მთელ ამ გზას, ვხედავ, რომ არასოდეს არაფერი ისეთი რამ არ წამომიწყია, რაც წინათ გადადგმული ნაბიჯით არ ყოფილიყოს გამოწვეული.

და აი, მისმინეთ, ჩემო საყვარელო არისტოტელე: იმპერიაში სიმშვიდისა და წესრიგისთვის, რეალური პოლიტიკური ინტერესებისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა ჩემს დასავლეთ სამფლობელოშიც ვყოფილიყავი აღიარებული ღმერთად. როცა დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ მაკედონიამ და ელადამ მიიღეს ჩემი განუსაზღვრელი ძალაუფლების პრინციპი, ხელ-ფეხი გამეხსნებოდა აქაც, აღმოსავლეთში, საშუალება მომეცემოდა ჩინეთის სანაპიროზეც დამეპყრო ბუნებრივი საზღვარი ჩვენი საბერძნეთისთვის. ამით სამარადჟამოდ უზრუნველვყოფდი ჩემი მაკედონიის ძლიერებასა და უშიშროებას. როგორც ხედავ, ეს კეთილგონიერი და შორსგამჭვრეტი გეგმაა. მე დიდი ხანია ის მეოცნებე აღარ ვარ, რომელიც ფიცსა ვდებდი აქილევსის საფლავზე.

და აი, ახლა, მე თქვენ გთხოვთ, ჩემს ბრძენ მეგობარსა და აღმზრდელს, ფილოსოფიურად დაუსაბუთოთ და დამაჯერებლად განუმარტოთ ბერძნებსა და მაკედონელებს ჩემი ღმერთად შერაცხვის აუცილებლობა. მე ამას ჩავდივარ სრული პასუხისმგებლობით, როგორც პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.

ასეთია ჩემი თქვენდამი დავალება. თქვენზეა ახლა დამოკიდებული, შეასრულებთ თუ არა ამას საქმის პოლიტიკური მნიშვნელობის, მიზანშეწონილებისა და პატრიოტული დედაარსის სრული შეგნებით.

მიიღეთ ჩემგან სალამი,

ჩემო ძვირფასო არისტოტელე!

თქვენი ალექსანდრე მაკედონელი.

გაზეთი ახალი საქართველო

 

29 ოქტომბერი


 4 ნოემბერი. 1998 წ.

 

1 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წიგნი 1. 1951 გვ. 50-51

II. მსხვერპლშეწირვა, იულიუს კეისარი და

მისი თანამდებობა

სანამ ჩვენ იულიუს კეისრის, მისი ქურუმობის და რელიგიური შეხედულებების შესახებ ვილაპარაკებდეთ, მანამ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის მსხვერპლშეწირვა, რა არის მკითხაობა საქონლის შიგნეულის მიხედვით, რასაც თავის დროზე კეისარმა არ დაუჯერა და რაც მას სიკვდილის ფასად დაუჯდა...

 

 

ალბათ, არავის მოსვლია აზრად, სერიოზულად აღერიცხა, რამდენი მსხვერპლი შეუწირავს ადამიანთა მოდგმას სხვადასხვა სულის, კერპის და ათასგვარი ღმერთისათვის. თუმცა, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, პრაქტიკულად ამას მაინც ვერ მოახერხებდნენ, რადგან ყოველგვარი სტატისტიკა, ყოველგვარი ციფრი უძლურია მოგვცეს სრული წარმოდგენა სულებისა თუ ღვთაებებისათვის შეწირული მსხვერპლის რაოდენობაზე.

ვის სჭირდებოდა ამდენი მსხვერპლი? ვის ეწირებოდა ამდენი ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, ვისთვის მზადდებოდა უსისხლო საკურთხი? ნუთუ ასე გაუმაძღარნი იყვნენ სულები, კერპები თუ ღვთაებები, რომელნიც მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე უნაკლოსა და საუკეთესოს მოითხოვდნენ? თუ ეს თვით ადამიანს სჭირდებოდა, რათა უფრო იმედიანად ეგრძნო თავი? საერთოდ, რა არის მსხვერპლშეწირვა, საიდან წარმოდგა იგი, რა როლს ასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში და როგორ მოაღწია მან ჩვენს დრომდე?

მსხვერპლშეწირვა რელიგიური კულტის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ნაწილია. იგი შორეული წარსულიდან მოდის. ღვთისმეტყველთა განმარტებით, ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის უმწეობისა და ღმერთზე სრული დამოკიდებულების აღიარება. მეორე მხრივ, მას ადამიანის ღმერთთან დაკავშირების ერთ-ერთ გარეგნულ საშუალებად თვლიან.

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, მსხვერპლშეწირვის წესი წარმოიქმნა მაშინ, როცა ადამიანს გაუჩნდა წარმოდგენა სულების ზებუნებრივ თვისებებზე. ადრეული წარმოდგენით, გარდაცვალებულნი, მას შემდეგ, რაც სულებად იქცეოდნენ, ზებუნებრივ თვისებებსაც იძენდნენ. შედეგად ჩნდება მისწრაფება, რომ ეს ძალები თავის მხარეზე გადმოებირებინათ და თავის სასარგებლოდ აემოქმედებინათ. ანდა, თუკი ეს არ მოხერხდებოდა, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც აეცილებინათ სულების რისხვა.

მსხვერპლშეწირვა ხდებოდა იმ პრინციპით, რომ ადამიანთა სულებს, უფრო გვიან კი


 ღმერთებს ზუსტად ისეთივე სურვილები და მოთხოვნილებანი აქვთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. მათ ისევე სჭირდებათ სასმელი, საჭმელი, იარაღი, სამკაული თუ მსახურები, როგორც ცოცხალ ადამიანს.

 

მსხვერპლშეწირვის წესი განსაზღვრული და განპირობებული იყო ამა თუ იმ ხალხის განვითარებით, მისი საქმიანობითა და ცხოვრების წესით. მაგალითად, თუკი მსხვერპლს მონადირეები ან მწყემსები სწირავდნენ, ეს მსხვერპლი, ჩვეულებრივ, ცხოველი იყო. მიწათმოქმედნი კი სწირავდნენ პურეულს ან რაიმე მცენარის ნაყოფს. რასაკვირველია, უნდა შეეწირათ მხოლოდ საუკეთესო ცხოველი ან საუკეთესო ნაყოფი.

თავდაპირველად, მსხვერპლის შეწირვას ძალიან პრიმიტიული, შეიძლება ითქვას, ნატურალისტური ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, ციმბირში მცხოვრები ზოგი ხალხი თავის კერპებს ტუჩებზე სისხლს ან ქონს სცხებდა. მათი აზრით, კერპს შესაწირავი ასე უფრო მალე მიუვიდოდა და გულს მოულბობდა. პერმელები ორმოში ლუდს ასხამდნენ და იქ იწვევდნენ გარდაცვალებულის სულს წყურვილის მოსაკლავად.

თანდათანობით, ასეთი რეალიზმი შეიცვალა უფრო რთული მოსაზრებით, რომ ღვთაებამდე მხოლოდ მსხვერპლის შეწირვის ძირითადი არსი, სუბსტანცია მიდის, ხოლო მისი გარეგნული გარსი შეიძლება მიწაზე მოიხმარონ თვით მსხვერპლის შემწირავებმა ან ქურუმებმა. მაგალითად, როდესაც ცხელ ღვეზელს გატეხდნენ, სწამდათ, რომ იქიდან გამოსული ორთქლი ღმერთთან მივიდოდა, ხოლო თვით ღვეზელი შემწირავებს შეეძლოთ შეეჭამათ.

ღვთაების მიწვდომისა და მასთან დაკავშირების საშუალებად ხშირად მიაჩნდათ ცეცხლი, რადგან კვამლი მაღლა ადიოდა ღმერთამდე. ასე წარმოიქმნა მსხვერპლის დაწვის ჩვეულება, რომელსაც შემდგომ მოჰყვა მისი მსგავსი, მაგრამ უფრო რთული ფორმა


 კვამლიანი მსხვერპლი. აქ საჭმელი პროდუქტების ადგილი სანელებლებმა და საკმეველმა დაიკავა.

 

პროფესიონალი ჯადოქრების, მოგვების, შამანების, ხოლო უფრო გვიან, კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პერიოდში, ქურუმთა კასტის გამოყოფის შემდეგ, მსხვერპლშეწირვა რეგულირდება მრავალრიცხოვანი საგანგებო წესებით. ეს წესები მეტად ხელსაყრელი გახლდათ ქურუმთათვის, რადგან სამსხვერპლოდ მიტანილი საჩუქრების უმეტეს და საუკეთესო ნაწილს ისინი თვითონ იტოვებდნენ.

მატერიალური სიმდიდრისა და გაბატონებული კლასების კეთილდღეობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა შეწირული მსხვერპლის რაოდენობა და ხარისხიც. უფრო გვიან, გარდაცვლილთა დაპურებისა და მათთვის შრომისა თუ საბრძოლო იარაღის გატანების პირვანდელი ჩვეულება, აღთქმის მიცემასა და მსხერპლშეწირვის სხვა სახეებში გადაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყნებში მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა წესი ჰქონდათ, მაგრამ მისი ძირითადი არსი


 ზებუნებრივი ძალების გადმობირება და ადამიანის სასარგებლოდ ამოქმედება ან მათი წყრომისაგან თავის დაღწევა


 ყველასათვის საერთო რჩებოდა. უამრავ მსხვერპლს სწირავდნენ ეგვიპტელები თუ ებრაელები, ბერძნები თუ რომაელები, ინდოელები თუ სხვა ხალხები.

 

მსხვერპლშეწირვის რიტუალი ყველგან სხვადასხვაგვარად სრულდებოდა. მაგალითად, ეგვიპტელები მსხვერპლად სწირავდნენ მოზრდილ საქონელს ან ხბოს. ჯერ კარგად გამოშიგნავდნენ და გაასუფთავებდნენ, შემდეგ აავსებდნენ პურით, თაფლითა და კეთილსურნელებით, დაასხამდნენ ზეთს და ცეცხლს უკიდებდნენ. მსხვერპლად სწირავდნენ ღორს, ცხვარსა და თხასაც, მცენარეული ნაყოფიდან


 პურისა და ქერის ძნებს.

 

განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩეოდა ქალღმერთ ნეიტესადმი შეწირული მსხვერპლი საისში. მსხვერპლშეწირვას უდიდესი ადგილი ეკავა ბერძენთა და რომაელთა კულტში. სხვადასხვა ღვთაებებს უამრავ მსხვერპლს სწირავდნენ ცალკეული პირები, ოჯახები, თვით სახელმწიფოც კი. მსხვერპლი აქაც ორგვარი იყო: უსისხლო და სისხლიანი. უსისხლო მსხვერპლი იყო ყანებისა თუ ხეების პირველი ნაყოფი, ნამცხვარი (კედარის ხის ან დაფნის ფოთოლი), სასმელი (ღვინო), თაფლი, ზეთი. ღვინის პირველ წვეთებს ყოველთვის მიწაზე აპკურებდნენ ღვთაების პატივსაცემად.

განსაკუთრებულ წესებს იცავდნენ სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის დროსაც. მაგალითად, ცაში მყოფი ღმერთებისათვის თეთრი ცხოველი უნდა შეეწირათ, მიწის - ქვეშეთის მბრძანებლებისათვის კი


 შავი. მამრობითი სქესის ღმერთებს მამალ ცხოველს სწირავდნენ, ქალღმერთებს


 დედალს. მსხვერპლშეწირვა დიდი ზარ-ზეიმით სრულდებოდა.

 

მსხვერპლის შემწირავს თავზე ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული იმის ნიშნად, რომ მას ღმერთები მფარველობდნენ. სამსხვერპლო ცხოველს ყვავილებით რთავდნენ. დაკლული ცხოველის არჩეულ ნაწილებს, კერძოდ კი, კანჭებს, ღვთაებისთვის გადადებდნენ, ხოლო ქონს ცეცხლს უკიდებდნენ. დანარჩენ ნაწილებს ორად ყოფდნენ: ერთ ნაწილს ქურუმებს უტოვებდნენ, ხოლო მეორეს თვითონ მსხვერპლის შემწირავი და მისი სტუმრები ჭამდნენ. ზოგჯერ ასეთ მსხვერპლშეწირვას თან სდევდა მკითხაობა ცხოველთა შიგნეულობაზე. მკითხავები ამ გზით თითქოს ღმერთების სურვილს იგებდნენ.

ორგვარ მსხვერპლს სწირავდნენ ძველი ინდუსებიც. ერთი იყო გავიში


 რძე, კარაქი, ნამცხვარი, მარცვლეული, ხოლო მეორე


 სომის მათრობელა წვენი. ცხოველთა შეწირვა ნაწილი იყო სხვა მსხვერპლშეწირვისა, რომელიც დიდი ცერემონიალითა და განსაკუთრებული გულმოდგინებით სრულდებოდა.

 

მსხვერპლშეწირვა ითვლებოდა ერთგვარ ხელშეკრულებად, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრივ ღმერთსა და მეორე მხრივ, - ადამიანებს შორის. ამიტომ მსხვერპლშეწირვის შემდეგ თხოვნის შესრულება მეორე მხარის


 ღმერთის ვალდებულებად ითვლებოდა და ამაში რაიმე განსაკუთრებულ წყალობას არ ხედავდნენ.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის მსხვერპლად შეწირვას, ვინაიდან იგი ყველაზე ტკბილ და გემრიელ ლუკმად ითვლებოდა ღმერთებისათვის. ეს წესი დიდხანს შემორჩათ სხვადასხვა ხალხებს. მსხვერპლად სწირავდნენ უცხოელებს, ტყვეებს. ებრაელები, ბერძნები და რომაელები, იმისათვის, რომ განრისხებული ღმერთის წყრომა დაეცხროთ, ხშირად უბრუნდებოდნენ ადამიანის მსხვერპლშეწირვის წესს. ამაზე მიგვითითებს აბრაამის, იეფთახ გალადელის და აგამემნონის მსხვერპლშეწირვა. ყველაზე დიდხანს, ადამიანის მსხვერპლშეწირვის წესი შემორჩათ მზის კულტის მაღიარებელ სემიტურ ხალხებს: ასირიელებს, ფინიკიელებს, მოავიტელებსა და ქანანაველებს, რომლებიც თავიანთ ბაალს ან მოლოქს სწირავდნენ ბავშვებს, მოზრდილებს, უმთავრესად სიყრმის შვილებს.

მსხვერპლად ქვრივების შეწირვა ინდოეთში თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა.

ადამიანის მსხვერპლად შეწირვის მაგალითები უხვად მოჰყავს დიდ გერმანელ ფილოსოფოსს ლუდვიგ ფოიერბახს. ერთი ნორვეგიული საგის მიხედვით, მეფე დომალდის დროს, შევეციაში მოუსავლიანობამ და შიმშილობამ დაისადგურა. სასოწარკვეთილმა ხალხმა თავის გადასარჩენად გადაწყვიტა ღმერთ ოდინისათვის მსხვერპლად თვით მეფე შეეწირა. გადაწყვეტილება შეასრულეს


 მეფე დაკლეს, მისი სხეული მსხვერპლად შესწირეს, ხოლო სისხლი ღვთის სახლის კედლებსა და დასაჯდომ ადგილებს წასცხეს. როგორც საგა გვარწმუნებს, მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა ქვეყანას კეთილდღეობა. შვედური თქმულებებიდან ჩვენ ვიგებთ იმასაც, რომ მათ ჩვეულებად ჰქონიათ მსხვერპლად ბავშვების შეწირვა.

 

მალაბარის სანაპიროზე, ფრეზერის ცნობით, ცხოვრობდნენ ტომები, რომლებსაც ძალიან დიდხანს შემორჩათ ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წესი. როდესაც მეფე გარკვეულ ხანს იმეფებდა, ამის შემდეგ თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირა თავი. შეკრებილ ქვეშევრდომთა თანდასწრებით მეფე იწყებდა თავის დაკვლას. ჯერ ყურებს მოიჭრიდა, მერე ცხვირს, შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებს. სისხლისაგან დაცლილი მეფე კვდებოდა.

დანიელები 9 წელიწადში ერთხელ მართავდნენ გრანდიოზულ გამოსასყიდ დღესასწაულს, რომლის დროსაც სიკვდილის ღმერთებს 99 ადამიანს, ამდენსავე ცხენს, ძაღლსა და მამალს (ან ქორს) სწირავდნენ.

იულიუს კეისრის ცნობით, როდესაც გალების ტომში ავადმყოფობა მძვინვარებდა, ომის საფრთხე ელოდათ, განაწყენებული და განრისხებული ღმერთების შემოსარიგებლად, მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ.

განსაკუთრებით საზეიმოდ ტარდებოდა მსხვერპლშეწირვა ლაშქრად წასვლის წინ, მეფეთა არჩევისა თუ დაკრძალვის დროს. ტყვეების მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება გავრცელებული იყო იმ ხალხებშიც, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, მაგალითად, გოთებში, გერულებში, ლანგობარდებში, საქსებში და სხვა. გალებში (კელტები) მსხვერპლშეწირვას ასრულებდნენ დრუიდები. აქაც, ღმერთებისათვის ყველაზე სასიამოვნო მსხვერპლად ადამიანი ითვლებოდა. ტირიფის წნელებისაგან წნავდნენ კერპებს, მათ ადამიანებით აავსებდნენ და შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ.

მსხვერპლად სწირავდნენ დამნაშავეებს. თუ ასეთი არავინ იყო, მაშინ


 მონებს, ტყვეებს, ქალებსა და ბავშვებსაც. გარდაცვალებულთან ერთად წვავდნენ ყველაფერს, რაც მისთვის სიცოცხლეში ძვირფასი იყო


 სხვადასხვა ნივთებს, მონებს, ზოგჯერ


 რაზმელებსაც კი. ასეთივე ჩვეულებას ვხვდებით ფინელებში, ესტებში, ლივებში, პრუსიელებში, ლატვიელებში, სლავებში და სხვ.

 

ზოგიერთ ხალხში მსხვერპლად შესაწირი ადამიანები ყიდვა-გაყიდვის ობიექტები ყოფილან. ვაჭრები გულდასმით სინჯავდნენ მომავალ მსხვერპლს, რომ რაიმე ფიზიკური ნაკლი არ ჰქონოდა. წინააღმდეგ შემთხევაში ღმერთი მას არ მიიღებდა. მსხვერპლშეწირვის ჩვეულება გერმანელ ხალხებსაც ჰქონდათ. ისინი

უხვად სწირავდნენ არა მარტო ცხოველებს, არამედ ადამიანებსაც. ადამიანს სწირავდნენ ვოდანსა და ციურს, ხოლო ჩრდილოეთში ნორუს. ღმერთების რისხვის დაცხრომაში მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. სწირავდნენ არა მარტო ტყვეებს, არამედ საკუთარ ხალხსაც.

ბალტიის ზღვის გარშემო მცხოვრები სლავები ყოველწლიურად ადამიანს სწირავდნენ მსხვერპლად თავიანთ მთავარ ღმერთს სვანტოვიტს. განსაკუთრებით ფასობდა ქრისტიანის შეწირვა. ქურუმი, რომელიც ამ სისხლიან რიტუალს ასრულებდა, ამბობდა, რომ სვანტოვიტსა და სხვა სლავ ღმერთებს ძალიან მოსწონთ ქრისტიანის სისხლიო.

ეს ჩვეულება რომაელებსა და ბერძნებსაც კი ჰქონიათ. მაგალითად, პლუტარქეს გადმოცემით, თემისტოკლემ სალამინის ბრძოლის წინ მსხვერპლად შესწირა სამი ახალგაზრდა სპარსელი.

რომში პლინიუს უფროსის დროს ცოცხლად მარხავდნენ სამხედრო ტყვეებს, რასაც განსაკუთრებული ქურუმი რეხ საცრორამ ხელმძღვანელობდა.

აღმოსავლეთის ხალხებში საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც იმეტებდნენ ღმერთებისათვის. ასეთ ამბავს მოგვითხრობს იუსტინე ძველი კართაგენის მცხოვრებთა შესახებ და თანაც დასძენს, რომ სხვა შემთხვევაში ეს ხალხი შვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ყველაზე მეტად ევედრება ღმერთსო.

ადამიანის მსხვერპლად შეწირვის თაობაზე მდიდარ მასალას გვაწვდიან ეთნოგრაფიული წყაროები. პოლინეზიელები, მაგალითად, მცენარის ნაყოფთან, ქათმებთან, ღორებთან თუ ძაღლებთან ერთად თავიანთ ღმერთებს ადამიანსაც სწირავდნენ. დიდი მოგზაური ჯეიმს კუკი 1779 წელს თვითონ გახდა ასეთი მსხვერპლშეწირვის მოწმე კუნძულ ტაიტზე. მსხვერპლს ჯერ მოაკვდინებდნენ, შემდეგ გვამი მიჰქონდათ სალოცავ ადგილას და ასრულებდნენ დადგენილ რიტუალებს. ჩვეულებრივ, მსხვერპლად სწირავდნენ ღარიბებსა და მონებს, ესე იგი ისეთ ადამიანებს, რომელთაც ქურუმების თვალში არავითარი ღირებულება არ გააჩნდათ.

აფრიკაში, ბენინში, ჩვეულებად ჰქონდათ მეფის დასაფლავებისას მასთან ერთად დაემარხათ მისი მსახურები და უახლოესი დიდებულები. ქელეხის დროს კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს სწირავდნენ


 400-500 კაცს. განწირულნი უმეტესად სიკვდილმისჯილი დამნაშავენი იყვნენ. მაგრამ თუ მათი რიცხვი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, სრულიად უდანაშაულო ადამიანებსაც ხოცავდნენ.

 

დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი ხალხის რწმენით, მეფის ქელეხზე შეწირულნი იმის მაცნენი უნდა ყოფილიყვნენ, რომ სამეფოში ყველაფერი რიგზეა.

ზოგჯერ ადამიანის მსხვერპლად შეწირვა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწათმოქმედების კულტთან. სჯეროდათ, რომ ამ გზით მოსავლიანობა გაიზრდებოდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომს, პაუნის, წესად ჰქონდა ამ მიზნით ქალიშვილის მოკვდინება. გვამს ასო-ასო დაჭრიდნენ, სხეულის ნაწილებს მინდორში ჩაფლავდნენ, ხოლო სისხლს ნათესებს ასხურებდნენ.

განსაკუთრებით დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ ახლანდელი მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები, რომლებიც, ხშირად, ერთდროულად ათასობით კაცს სწირავდნენ მრისხანე ღმერთებს. აცტეკების ეს ჩვეულება შესანიშნავად აგვიწერა რ.ხაგარდმა თავის სათავგადასავლო რომანში მონტესუმას ქალიშვილი.

ღმერთებისათვის აღამიანის შეწირვის წესი გვიანდელ პერიოდამდე არსებობდა. ინდოეთში, შივას ტაძარში, ნახეს 1791 წელს თავმოჭრილი ჰარი (უდაბლესი კასტის წარმომადგენელი). იგი, ალბათ, იმისათვის მოკლეს, რომ თავიდან აეცილებინათ რაღაც დიდი უბედურება.

მარატების ველური ტომები ლამაზ ბიჭებსა და გოგონებს დასაკლავი საქონელივით ასუქებდნენ, რათა დღესასწაულის დროს მსხვერპლად შეეწირათ.

იგივე სენტიმენტალური ინდოელები, რომლებიც ესოდენ მზრუნველობას იჩენდნენ თვით მწერებისადმიც კი, დიდი უბედურების დროს (ომი, შიმშილი და სხვა) ყველაზე სახელგანთქმულ ბრამინებს სალოცავიდან


 პაგოდიდან ყრიდნენ, რათა ამით ღმერთების რისხვა დაეცხროთ.

 

ტონკინში, იმისათვის, რომ ღმერთებს მინდვრები გაენაყოფიერებინათ და კარგი მოსავალი მოეცათ, ადამიანებს საწამლავს ასმევდნენ ან ბავშვებს შუაზე აპობდნენ.

ლაოსში ღმერთს ტაძარს არ აუგებდნენ, სანამ მსხვერპლად არ შესწირავდნენ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე ადრე გაივლიდა მომავალი ტაძრის ადგილზე. მსხვერპლს ადგილზე მიწაში ფლავდნენ. ითვლებოდა, რომ ამით შენობის ფუძეს აკურთხებდნენ.

ზოგიერთი აფრიკული ტომი თავის ღმერთებს ასობით და ათასობით ტყვეს სწირავდა, რათა მათი კეთილგანწყობილება დაემსახურებინა და ომში წარმატებისათვის მიეღწიათ. ამავე კონტინენტზე, ზოგიერთ ადგილას, ავადმყოფი მეფის ან ბელადის გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის ღმერთებს სწირავდნენ ბავშვებს ან მოწიფულ მამაკაცს. ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ ოკეანიის კუნძულების მცხოვრებნიც.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხებიდან წარსულში ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებად ჰქონდათ სლავებს. ყველაზე გრძელ დღეს, 24 ივნისს, მზის ღვთაების პატივსაცემად, ისინი ქალიშვილებს ახრჩობდნენ. უფრო გვიან, ქალიშვილის ნაცვლად სიმბოლურად ახრჩობდნენ თოჯინას, ხოლო ხალხი მდინარეში ბანაობდა.

 

 

აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს ცნობილი გეოგრაფის სტრაბონის ცნობა ალბანელთა მიერ მთვარის ტაძრისათვის მსხვერპლის შეწირვის რიტუალის შესახებ... იმას, ვინც მეტად ატაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალობს, - წერს სტრაბონი, - ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში კარგა ასუქებენ ხოლმე, მერე მას, მირონცხებულს, სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავდნენ ხოლმე; მსხვერპლის შეწირვა ამნაირად იციან. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის საშუალებით იციან ხოლმე, ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხიდან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით შიგ გულში ჰკრავს ხოლმე. როცა ლახვარნაკრავი მსხვერპლი დაეცემა

მიწაზე, ქურუმები სხვადასხვა ნიშნებისდა მიხედვით მკითხაობენ და საჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს ერთ დანიშნულ ადგილას მიიტანენ, ყველანი თავიანთ თავის განსაწმენდად ფეხს დაადგამენ ხოლმე

.ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ ალბანიის ეს ნაწილი, სახელდობრ, იბერიის მოსაზღვრე ადგილები, ქართველებით იყო დასახლებული, ხოლო ის მთვარის ტაძარი, რომელიც გამოჩენილი გეოგრაფის სიტყვით, იბერიის საზღვარზე მდებარეობდა, შეიძლება სწორედ კახეთში ყოფილიყო.1 მართალია, მოგვიანებით ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წესი შეიცვალა, მაგრამ მისმა იმიტაციამ თითქმის ჩვენს დრომდე მოაღწია. გარდა ამისა, ქართველი ტომები უამრავ პირუტყვსა თუ სხვა მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს მათი გულის მოსაგებად თუ მიცვალებუთა სულის მოსახსენიებლად.

მსხვერპლშეწირვის ამ რიტუალებმა, რომლებიც უხვად გვხვდება პრიმიტიულ რელიგიებში, შემდგომ ამა თუ იმ სახით მონოთეისტურ რელიგიებშიც გადაინაცვლა.

გავიხსენოთ ზვიადაურის დაკვლა ქისტი დარლას საფლავზე ვაჟა-ფშაველას პოემიდან სტუმარ-მასპინძელი. ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მთიელ მუსლიმებში გავრცელებული ამგვარი წესის არსი ის იყო, რომ შეწირული იმ ქვეყნად უნდა მომსახურებოდა მათ მკვდარს. თუკი მსხვერპლი დაკვლისას არ შედრკებოდა (როგორც ეს პოემაშია აღწერილი), იგი მკვდრისათვის შეწირულად არ ჩაითვლებოდა.

თეოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ წარმართულ სარწმუნოებაში მსხვერპლშეწირვის წესი ძალიან დამახინჯებული იყო და ხშირად კანიბალიზმამდეც კი მიდიოდა; მათი მტკიცებით, გრძნობითი მხარე წარმართულ რელიგიებში ყოველთვის მეტობდა იდეაზე. მაგალითად, ბაალისა და ასტარტას კულტებში ამ ღვთაებებისათვის მსხვერპლად მიჰქონდათ ქალიშვილთა უმანკოება. მათს ბომონებში არსებობდა წმინდა მეძავთა განსაკუთრებული შტატი, რომელიც ბიბლიაში ზიზღით მოიხსენება კედეშიმისა და კედოშიტის სახელწოდებით.

რა ადგილი უჭირავს მსხვერპლშეწირვას საერთოდ ბიბლიაში?

ბიბლიის პირველი გვერდებიდანვე მკითხველი აწყდება მსხვერპლის შეწირვის რიტუალს. გავიხსენოთ, თუნდაც, როგორ სწირავდნენ ღმერთს მსხვერპლს კაენი და აბელი. კაენი ღმერს სწირავს მიწის ნაყოფს, აბელი კი


 ცხვარს თავისი ფარიდან. მაგრამ ორივე მსხვერპლს ერთი და იგივე სახელი


 მინახი ერქვა, რაც ქართულად საჩუქარს ნიშნავს. მოსეს კანონში მსხვერპლშეწირვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელია კორბანი, ანუ ძღვენი, შეწირულობა.

 

ღვთისმეტყველთა მიხედვით, მოსეს დრომდე, ყოველი მსხვერპლშეწირვის საფუძველი იყო არა იმდენად დანაშაულისა და ცოდვის შეგრძნება, რომელმაც ადამიანები ღმერთს დააშორა, რამდენადაც ლტოლვა მისადმი, სიყვარული და მადლიერება კურთხევისა და აღთქმული კეთილდღეობისათვის.

წარღვნის შემდეგ მსხვერპლშეწირვის წესი უფრო ჩამოყალიბებული ჩანს. პატრიარქები მსხვერპლს სწირავდნენ ყოველი გამორჩეული დღის აღსანიშნავად. რაც

შეეხება მსხვერპლშეწირვას, როგორც ცოდვის დაფარვის საშუალებას, ჩვენ მას ვხვდებით იობის წიგნში


 როდესაც იობი ღმერთს მსხვერპლს სწირავს თავისი შვილების მოსალოდნელი უნებლიე შეცდომებისა და სამი მეგობრისათვის. ხოლო გამოსვლათა წიგნში (10:26), მოსეს სიტყვებში ფარაონისადმი, აღნიშნულია მსხვერპლშეწირვის აუცილებლობა.

 

მოსეს ხუთწიგნეულში პირდაპირ არის მითითებული, რომ არავინ არ უნდა წარდგეს ღმერთის წინაშე ცარიელი ხელებით (გამოსვლათა, 23:15; მეორე სჯულის კანონი 15: 19-22). თორა არა მარტო ამტკიცებს მსხვერპლის შეწირვის, როგორც განმწმენდი საშუალების აუცილებლობას, არამედ მკაცრად ადგენს და განსაზღვრავს შესაწირავის რაოდენობას, პირუტყვის ჯიშს, შეწირვის წესს და ა. შ.

პირველ ყოვლისა, მსხვერპლი გარკვეული ასაკისა უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ღმერთისათვის მისი შეწირვა მერვე დღემდე არ შეიძლებოდა (ლევიტელთა, 22:27). წვრილფეხა საქონელი უნდა ყოფილიყო ერთი წლისა, ხოლო მსხვილფეხა 3 წლისა. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა მსხვერპლად 7 წლის ხარებსაც სწირავდნენ.

მსხვერპლად არჩეული ცხოველი არ უნდა ყოფილიყო უსინათლო, კოჭლი, დაკოდილი, ყვავილით დაავადებული, არ უნდა ჰქონოდა ზომაზე პატარა სასქესო ორგანოები. ერთი სიტყვით, ღმერთისთვის უნდა შეეწირათ პირველად დაბადებული, მამრობითი სქესის საუკეთესო, უნაკლო ცხოველი. სამსხვერპლო ცხოველს მიიყვანდნენ ტაძრის კარებთან (ლევიტელთა 1:3; 4:4; - სხვა ადგილას არ შეიძლებოდა). მსხვერპლის შემწირავი ხელს დაადებდა ცხოველს და კლავდა მას სამსხვერპლოს ჩრდილოეთ მხარეს (ლევიტელთა 1:4, 5,11; 3:28; 6:25; 7:2). შემდეგ მღვდელი ჭურჭელში აგროვებდა და სისხლს ასხურებდა სამსხვერპლოს კედლებს ან სამლოცველოს სხვადასხვა ადგილებს, იმის მიხედვით, თუ როგორი ხასიათის მსხვერპლს სწირავდნენ. დარჩენილ სისხლს სამსხვერპლოს ძირში აქცევდნენ (გამოსვლათა 29:12; ლევიტელთა 4:17-18). შემდეგ პირუტყვს ატყავებდნენ, დაანაწილებდნენ (ლევიტელთა 1:6; 8:20). ნაჭრებს მღვდელი სამსხვერპლოზე აწყობდა და წვავდა ან მთლიანად, ან მხოლოდ მსუქან ნაწილებს. დარჩენილ ხორცს სამლოცველოს გარეთ წვავდნენ და ჭამდნენ, ნაწილს


 მღვდლები, ნაწილს კი


 თვით მსხვერპლის შემწირავნი.

 

რაც შეეხება უსისხლო მსხვერპლს, იგი შედგებოდა პურის, ზეთის, მარილის, ღვინისა და საკმევლისაგან.

დროდადრო, დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე, უამრავ მსხვერპლს სწირავდნენ. მაგალითად, ბიბლიის მიხედვით, ლეგენდარულმა ბიბლიურმა მეფემ სოლომონმა ტაძრის კურთხევისას მსხვერპლად შესწირა 22 ათასი ხარი და 120 ათასი ცხვარი.

მიუხედავად იმისა, რომ ძველ აღთქმაში რამდენიმე ადგილას მორწმუნეებს ეკრძალებათ ადამიანის მსხვერპლად შეწირვა (ლევიტელთა 18:21; 20:2-5; მეორე სჯულის 12:31; 18:10), ბიბლიაში მაინც გვხვდება ორი ასეთი მაგალითი. შესაქმეთა წიგნში (თავი 22) აღწერილია, როგორ მოითხოვა ღმერთმა აბრაამისაგან, მსხვერპლად

შეეწირა მისთვის ერთადერთი და საყვარელი შვილი ისააკი. აბრაამი ღვთის სიამოვნებისათვის დათანხმდა ასეთ საშინელ პირობას. მაგრამ, სულ ბოლო მომენტში, როდესაც აბრაამს თავისი ერთგულების დასამტკიცებლად უკვე აღმართული ჰქონდა დანა, იგი ღვთის ანგელოზმა შეაჩერა და შვილის ნაცვლად აბრაამმა ბატკანი შესწირა. მეორე ადგილას (მსაჯულთა, თავი 11) ლაპარაკია იეფთახ გალადელის მიერ ღვთისათვის თავისი ერთადერთი ასულის მსხვერპლად შეწირვის შესახებ: იეფთახ გალადელმა უფალს აღუთქვა, რომ, თუკი იგი დაეხმარებოდა მტრის დამარცხებაში, მსხვერპლად შესწირავდა იმ ადამიანს, რომელიც შინ დარუნებულს პირველი გამოეგებებოდა. ეს პირველი ადამიანი მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. იეფთახმა ბევრი იწუხა, მაგრამ აღთქმა არ დაურღვევია, ქალიშვილი მსხვერპლად შესწირა; ჯერ დაკლა, მერე კი დაწვა და ღმერთმა მიიღო ეს მსხვერპლი.

ახალმა აღთქმამ უარი თქვა ასეთ მსხვერპლშეწირვაზე (ღვთისმეტყველები სწორედ ამ ფაქტს თვლიან ქრისტიანობის ერთ-ერთ უდავო დამსახურებად), რადგან თვით იესო ქრისტე გახდა ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც შეეწირა ადამიანთა ცოდვებს, გამოისყიდა იგი და შეარიგა ცოდვილი კაცობრიობა ღმერთთან. სამაგიეროდ ქრისტიანობამ ხორციელი მსხვერპლი შეცვალა ფსიქიკურით, ხოლო მორწმუნეთაგან მოითხოვა დაუცხრომელი ლოცვა, მარხულობა და ასკეტიზმი.

1. კეისარი და რომაული რელიგია

რაკი ჩვენ მსხვერპლშეწირვის, რელიგიური კულტის ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილში გავერკვიეთ, ახლა ისევ იულიუს კეისარს და რომაულ რელიგიას მივუბრუნდეთ...

ჯერ კიდევ 84 წელს ქრისტეს დაბადებამდე, 16 წლის გაიუს იულიუს ცეზარი იუპიტერის, რომაულ პანთეონში ღვთაებათა მეთაურის, ცის ღმერთის, მეხთამტყორცნის, ქვეყნის მფარველის და მბრძანებლის, გამარჯვების, ნაყოფიერების, სიუხვის, საყოველთაო ჯანმრთელობის ქურუმად იქნა არჩეული (რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი შეესატყვისებოდა ძველბერძნულ ზევსს). ეს დიდ თანამდებობად ითვლებოდა. კაპიტოლიუმის ბორცვზე აშენებული იუპიტერის ტაძარი ხომ რომის რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო.

როგორ მოხვდა გაიუს იულიუს ცეზარი, 16 წლის ყმაწვილი, ამ თანამდებობაზე? სანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მანამ ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ თვით ქურუმის ინსტიტუტზე კაცობრიობის ისტორიაში.

როგორც ცნობილია, ქურუმები შუამავლის როლს ასრულებდნენ ადამიანებსა და ზებუნებრივ ძალებს შორის. მათი ხელმძღვანელობით სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა, ლოცვა, სხვადასხვა ჯადოქრული მანიპულაციები. ცხადია, მათ უზარმაზარი უფლებები და გავლენა ჰქონდათ სხვადასხვა რელიგიებში. ქურუმის მოვალეობას სხვადასხვა ქვეყნებში, ტრადიციულად, ოჯახის მამა ასრულებდა, გვაროვნულ თუ ტომობრივ გაერთიანებებში მმართველი ოჯახის მეთაური, ქალაქში თვით მეფე. მის სამსახურებრივ მოვალეობებში რელიგიურ მხარეს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა, რადგან, სწორედ ის უნდა მოთათბირებოდა

ღმერთებს ყოველგვარ მნიშვნელოვან საქმეზე, მას უნდა შეეწირა მსხვერპლი, მოელბო მათთვის გული და თავის მხარეზე გადმოეყვანა. მასვე უნდა ეზრუნა იმაზე, რომ სათანადოდ დაესაჯა ის ადამიანები, რომელთაც ღმერთი განურისხდებოდა.

ასე იყო ძალზე დიდხანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეფეთა ხელისუფლება და სამმართველო არეალი გაფართოვდა, იმისათვის, რომ მეფე გაენთავისუფლებინათ ზედმეტი დატვირთვისა და მოვალეობისაგან, შექმნილ იქნა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის რელიგიურიც.

ეს რელიგიური ფუნქციები დაევალა განსაკუთრებულ ადამიანებს, ან მათგან შექმნილ ჯგუფებს, რომელთაც ქურუმები და მათი კორპორაცია ერქვათ.

თავისთავად ცხადია, რომ ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა რელიგიისა და ტრადიციის გავლენით ქურუმებს განსხვავებული წარმომადგენლები, სპეციფიკური უფლებები და მოვალეობები ჰქონდათ. ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა მათი წეს-ჩვეულებანიც. ასევე იყო რომშიც.

ძველ რომაელებს მტკიცედ სწამდათ, რომ დროდადრო ღმერთები მათ მიანიშნებდნენ მოსალოდენელი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. მათი აზრით, ეს ხდებოდა ჭექა-ქუხილით, ფრინველთა ფრენის მიხედვით, იყო სხვა ხასიათის მინიშნებებიც. ზოგჯერ ეს ნიშნები უბრალო და მარტივი იყო. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაერჩია, თუ რა იყო კარგი მოსალოდნელი და რა ცუდი. მაგრამ იყო რთული მინიშნებებიც, რომლის ამოხსნა მხოლოდ სპეციალური ნიჭით და ცოდნით აღჭურვილ ადამიანებს თუ შეეძლოთ. ასეთი მინიშნებების გასაგებად, ჩვეულებრივ, ამ ადამიანებს მიმართავდნენ. რომაელთათვის, მათი რელიგიისათვის, ეს საქმე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გახდა და ამ საქმეს ქურუმები უძღვებოდნენ.

ქურუმები რომში მართლაც დიდი გავლენით სარგებლობდნენ, მაგრამ ის უფლებები, რომლებიც ამ პირებს ჰქონდათ, ქურუმთათვის კი არ იყო დამახასიათებელი, არამედ ეკუთვნოდათ მათ, როგორც ხელისუფლებისაგან დანიშნულ რწმუნებულებს. ეს თანამდებობა არჩევითი იყო. შესაბამისად, იგი მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ქურუმთა არჩევითობამ განაპირობა ის, რომ ქურუმობა, როგორც ცალკე კასტა, არ ჩამოყალიბდა. ისინი, ძირითადად, რჩებოდნენ სახელმწიფოებრივი მიზნების და ინტერესების შესრულების იარაღად.

ზოგი მკვლევარის აზრით, ყველა ეს ქურუმი თუ კოლეგია არსებობდა მხოლოდ იმისთვის, რათა ზედმიწევნით და ზუსტად შეესრულებინათ წეს-ჩვეულებები და რიტუალები. რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ამ გზით შეენარჩუნებინათ კეთილი დამოკიდებულება ღმერთებისადმი. განუწყვეტლივ შიშს


 ურჩობისათვის არ დაესაჯათ ადამიანები, ისინი პასუხობდნენ უხვი და სისტემატური მსხვერპლშეწირვით, რათა საბოლოოდ მოეგოთ მათი გულები.

 

რომაული რელიგიის მიხედვით რიტუალური მხარე ზუსტად უნდა შესრულებულიყო. იმდენად იმას კი არ ექცეოდა ყურადღება, თუ რას განიცდიდა

თაყვანისმცემელი, როგორი იყო მისი სულიერი მდგომარეობა, რამდენადაც იმას, თუ ფორმალურად როგორ სწორად და ზუსტად სრულდებოდა ეს რიტუალი.

ისტორიკოსთა მტკიცებით, მსოფლიო ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება ისეთი მაგალითი, რომელშიაც რელიგიაში ამდენი ადგილი დაეთმოთ წეს-ჩვეულებების და რიტუალებისათვის და ესოდენ ცოტა მოძღვრებისა და მისი გავრცელებისათვის.

როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო შიშის და იძულების რელიგია. ეს შიში ღვთაებებისადმი ისეთი ძლიერი იყო, რომ მათი გადმობირებისათვის ჩატარებულმა მსხვერპლშეწირვებმა მთლიანად დაჩრდილა რელიგიის სხვა ელემენტები.

რელიგიის ასეთი ხასიათი ზუსტად შეესატყვისებოდა რომაელთა ხასიათს, რომელნიც უფრო მეტ მიდრეკილებას იჩენდნენ წესრიგისაკენ, ვიდრე თავისუფლებისაკენ; უფრო მეტად იხრებოდნენ კანონისაკენ, ვიდრე ხელოვნებისაკენ.

იულიუს კეისარი ქურუმის თანამდებობაზე თავისი გავლენიანი ნათესავების პროტექციით აირჩიეს. ამ თანამდებობაზე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ის ადამიანი, ვინც პატრიციანელთა გვარიდან იყო. ამის გარდა, იყო სხვა მოთხოვნაც, რომ ასარჩევი პიროვნება უნდა ყოფილიყო ისეთი ოჯახიდან, რომლის მშობლებიც დაქორწინებულნი იყვნენ ძველი რელიგიური რიტუალით, რომელსაც ლათინურად ცონფარრაეტიო ერქვა და რაც, ფაქტიურად, გამორიცხავდა განქორწინებას.

ქურუმის თანამდებობა, რასაკვირველია, საპატიო იყო, მაგრამ მას ბევრი შეზღუდვაც ახლდა თან. ასე მაგალითად, ქურუმს არ შეეძლო ცხენზე შეჯდომა, ჯარის ნახვა, არ შეეძლო ფიცის წარმოთქმა, ბეჭდის ტარება, ქალაქგარეთ ორ ღამეზე მეტი ხნის გატარება, რათა მსხვერპლშეწირვა არ შეწყვეტილიყო. გარდა ამისა, თვითონაც ისევე უნდა დაქორწინებულიყო ჩონფარრეტტო-ს წესით, როგორც მისი მშობლები, ხოლო საცოლე აუცილებლად პატრიციების ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ამბის გამო, იგი იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის დანიშნულზე


 კოსუტიასთან ქორწინებაზე, რომელიც მდიდარი, მაგრამ პლებეური ოჯახიდან იყო წარმოშობილი.

 

ცეზარს დიდხანს არ მოუხდა იუპიტერის ქურუმის არცთუ ისე რთული, მაგრამ შემაწუხებელი ფუნქციების შესრულება. ზოგის თქმით, კიდევ საკითხავია, ასრულებდა თუ არა რეალურად იგი მას, რადგან ამ თანამდებობის დაკავება და მისი ფუნქციის შესრულება იმდენ ფორმალობებს მოითხოვდა და იმდენხანს იყო გაგრძელებული, რომ ზოგის ვარაუდით, ამისათვის ცეზარს, უბრალოდ, დრო არ ეყოფოდა.

ქრისტემდე 83 წლის გაზაფხულს სამოქალაქო ომი დაიწყო, 82 წელს სულას ჯარებმა რომი აიღეს და დიქტატურა დაამყარეს, რომელიც სახალხო კრების მიერ იყო სანქციონირებული. ბუნებრივია, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა თანამდებობა გაუქმებულ იქნა. ცეზარს, მართალია, ჯერ კიდევ არა აღიქვამდნენ სერიოზულ მეტოქედ, მაგრამ მისი ნათესავები იმდენად ოდიოზურები იყვნენ, რომ იგი მაინც გადააყენეს თანამდებობიდან.

როგორი იყო იუპიტერის ამ ქურუმის რელიგიური შეხედულებები, რამდენად სერიოზულად აღიქვამდა იგი რომაულ ღმერთებს და მათდამი გათვალისწინებულ მსხვერპლშეწირვებს?

როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, იგი სულაც არ უკრთოდა ღმერთებს, არ ეშინოდა არც მათი განრისხებისა და არც შურისგების.

უფრო გვიან, ხელისუფლების სათავეში მოსულმა იულიუს ცეზარმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა უმაღლესი ქურუმის


 პონტიფეხ მახიმუს თანამდებობა. მართალია, ბევრის თქმით, იგი აგნოსტიკოსი იყო და რომაელთა რელიგია ნაკლებად აღელვებდა, მაგრამ მას მაინც მოთმინებით და შემწყნარებლობით ეკიდებოდა, ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე, საჭირო თანხებით უზრუნველყოფდა სახელმწიფოებრივ რელიგიურ კულტს. კეისარმა აღადგინა ძველი, დანგრეული ტაძრები, საფუძველი ჩაუყარა ახალს. იგი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა ვენერას კულტს.

 

 

 

მიუხედავად სახელმწიფოებრივი რელიგიისადმი ასეთი მზრუნველი დამოკიდებულებისა, იგი შემწყნარებლობას იჩენდა სხვა კულტებისადმიც. სწორედ მან გააუქმა ის შეზღუდვები, რომელიც მანამდე რომში იყო ძველეგვიპტური ისიდას კულტზე. იგი იცავდა იუდეველებსაც, აქტიურად ეხმარებოდა მათ, შეენარჩუნებინათ თავიანთი რწმენა.

ტრადიციების ერთგული კეისარი უხვად სწირავდა მსხვერპლს და ხშირად მიმართავდა მკითხაობას ცხოველთა შიგნეულის მიხედვით. ესეც, ალბათ, უფრო ხალხში ღრმად გამჯდარი რწმენის, ვიდრე საკუთარი შეხედულებების გამო. ეს ამბავი მისმა ბოლო მსხვერპლშეწირვამაც დაადასტურა.

ისტორიკოსთა გადმოცემით, რომში არსებობდა ჩვეულება, რომ სენატში შესვლის წინ კონსულები მსხვერპლს სწირავდნენ. და აი, მისი დაღუპვის დღეს, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, სამსხვერპლო ცხოველს, რომელიც ტრადიციულად უნაკლო უნდა ყოფილიყო, გული არ აღმოაჩნდა. უხერხული ვითარება შეიქმნა. შეწუხებულმა ცეზარმა, იმისათვის, რომ გაექარწყლებინა ასეთი დამამძიმებელი ატმოსფერო, რაც კარგს არას უქადდა მას, სიცილით თქვა, რომ მას ასეთი რამ უკვე შეემთხვა ესპანეთში ომის დროს, როდესაც იგი გნეუს პომპეუსის შვილებს ებრძოდა, რაზედაც ქურუმმა უპასუხა, რომ კეისარს მაშინაც სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. ახლა კი ვითარება უფრო არახელსაყრელი იყო. ცეზარმა უბრძანა ახალი ცხოველი მოეყვანათ და მსხვერპლშეწირვა ხელახლა ჩაეტარებინათ. მაგრამ არც ამ ახალმა ცდამ გამოიღო სასიკეთო შედეგი. ცხოველის შიგნეული ცუდი ამბების მაუწყებელი იყო...

სენატში საცაა სხდომა უნდა დაწყებულიყო და შემდგომი შეფერხება ცეზარმა უხერხულად მიიჩნია. იგი წავიდა თავისი ადგილისაკენ და მთხოვნელებით გარშემორტყმული ჩაჯდა სავარძელში. ამით ისარგებლეს შეთქმულებმა, კეისარს თავს დაესხნენ და 23 ჭრილობა მიაყენეს. აქედან ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა...

ორი წლის შემდეგ გონსმოსულმა რომის სენატმა კეისარი ღვთაებად გამოაცხადა და მისი კულტი მთელ იმპერიაში გაავრცელა...

გაზეთი ახალი საქართველო

 5-11 ნოემბერი, 12-18 ნოემბერი,

18-24 ნოემბერი - 1998 წელი.

ბ ო ლ ო თ ქ მ ა

ძვირფასო მკითხველო! როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ, ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა XX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე რელიგიური პროცესები. ამ თემაზე ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან შევარჩიეთ ყველაზე აქტუალური შრომები, დიალოგები, სტატიები და ინტერვიუები. ცხადია, ჩვენი წიგნი ვერ ასახავს ყველა მტკივნეულ პრობლემას, რომელიც ამ პერიოდს ახასიათებს, მას არც დაუსახავს მიზნად , პასუხი გაეცა ყველა დასმული კითხვისთვის, მითუმეტეს ცალსახად გადაეწყვიტა ისინი, მაგრამ ავტორი შეეცადა ეპოვა რელიგიათშორის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების ტენდენციები და ეჩვენებინა მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები, წარმოეჩინა ამ საკითხების გადაწყვეტის სიძნელე და სირთულე.

დღეისათვის, მიუხედავად საქართველოს ისტორიული იმიჯისა, როგორც ტოლერანტული და რჯულთშემწყნარებელი ქვეყნისა, აშკარად არ არის მშვიდობა რელიგიურ კონფესიებს შორის. თუ ქვეყნის მთავარ კონფესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოში არსებულ ტრადიციულ რელიგიებთან _ იუდაიზმთან, ისლამთან, სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიასთან და კათოლიციზმთან ნაკლებად აქვს სადავო (თუმცა მათთან მიმართებაშიც დაისმის გარკვეული კითხვები ეკლესიათა კუთვნილების, ახალი ეკლესიების მშენებლობის, ქონებრივი საკითხების და ა. შ.), რადგან მათთან ადრევე მოხდა მრევლისა და გავლენის სფეროების გამიჯვნა, სამაგიეროდ მეტად მწვავე და კონფლიქტურია მისი დამოკიდებულება ე.წ. არატრადიციულ რელიგიებთან, რომლებიც მას გავლენასა და მრევლში ეცილებიან. ამ უკანასკნელთ მართლმადიდებლები ადანაშაულებენ ქვეყნისათვის დამახასიათებელი ისტორიული რელიგიის _ მართლმადიდებლობის უფლებათა ხელყოფაში და არაკანონიერ პროზელიტიზმში.

XXI საუკუნე ახლახან დაიწყო, მაგრამ მან უკვე მოიტანა თავისი პრობლემები და სიძნელეები. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ რელიგიური ფაქტორი კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება დამდგარ საუკუნეშიც.

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ საჰაერო ტერაქტებს რელიგიური შეფერილობა ჰქონდა, მათში ნათლად აისახა მუსლიმანური ჯიხადის, ურწმუნოთა წინააღმდეგ რელიგიური წმინდა ომის იდეა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააძლიერა და გაამძაფრა იმ ადამიანთა ეჭვები, რომლებიც XXI საუკუნეში ცივილიზაციათა შეჯახებას წინასწარმეტყველებენ.

ამერიკაში მომხდარმა ამ არნახულმა ტერორისტულმა აქტმა თავისი კორექტივება შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში. დაიწყო ტერორიზმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა. ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც, როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ტერორისტების ლიდერის ბინ-ლადენის და მისი მომხრეების ძებნა მთელ მსოფლიოში. ერთხანს მის ადგილსამყოფლად პანკისის ხეობასაც კი ასახელებდნენ.

ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ვაჰაბიზმის გავრცელება პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, ქმნის იმის საშიშროებას, რომ საქართველოც ჩართული იქნება ამ პროცესში.

დღეს რელიგიური პროცესები საქართველოში დინამიკური და უმართავია. ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიდი ხნის მანძილზე რელიგიური კონფესიებისა და ორგანიზაციების უუფლებობით და მათი სურვილების ჩახშობით არის გამოწვეული. ეს არის ბუნებრივი რეაქცია სასულიერო პირებისა, დაიკავონ შესაფერისი ადგილი შეცვლილ ვითარებაში. რა იქნება ხვალ ქვეყნის შიგნით, რა როლს შეასრულებს რელიგია საზოგადოების ცხოვრებაში, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, როგორი ურთიერთობები დამყარდება სხვადასხვა კონფესიებსა და დენომინაციებს შორის, რამდენად ექნება ადამიანს უფლება აირჩიოს მისთვის სასურველი რელიგია, რამდენად იქნება დაცული რელიგიური უმრავლესობის უფლებები, რელიგიური უმცირესობების უფლებები, ათეისტთა უფლებები, როგორ განვითარდება რელიგიათშორისი, კონფესიონალური ურთიერთობები, ამას უახლოესი წლები გვიჩვენებს...

ამასობაში კი, ერთი რამ უდავო ხდება: იმისათვის, რომ რელიგიური კონფლიქტები ჩაცხრეს და აღმოიფხვრას, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს, ოდნავ მაინც გამოსწორდეს ქვეყნის სოციალური პირობები, გამოირიცხოს იმისი იძულება, რომ ლუკმაპურისთვის ან წამლისთვის ადამიანმა თავისი ტრადიციული, მამა-პაპათა მიერ სისხლით დაცული რელიგიური რწმენა დათმოს და სხვა რწმენაზე გადავიდეს. მეორე მხრივ, დრომ და ადამიანთა ძალისხმევამ უნდა დაარეგულიროს ადამიანთა უფლებები, პირველ რიგში, კი სინდისის თავისუფლება. ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აირჩიონ სასურველი რელიგია და ამ არჩევანის გაკეთებაში არავინ არ უნდა ჩაერიოს.

ისეთ მრავალეროვან და მრავალრელიგიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თუ გვინდა ერთიანად შეკრული სახელმწიფო გვქონდეს, არ უნდა გამოვარჩიოთ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი მოქალაქეები მათი რელიგიური კუთვნილების მიხედვით. რელიგიური რწმენა არ უნდა იყოს პირველ პლანზე გამოტანილი. ამის გაკეთება აუცილებელია, რათა საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო, იმისათვის, რომ მას პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ როგორც საკუთარი მოქალაქეები, ისე ჰუმანური და დემოკრატიული ქვეყნები.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ასეთ პროცესს ხელს უშლის საქართველოს უმწეო მდგომარეობა. ის, რომ დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; ის, რომ ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ყველა რეგიონზე არ ვრცელდება; ის, რომ გვაქვს კონფლიქტური ზონები; ის, რომ ქვეყანაში არსებობს უცხოური სამხედრო

ბაზები; თითქმის აღარ მუშაობენ ქარხნები და ფაბრიკები, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა; ბევრი ადამიანი შიმშილობს, ზოგი მათხოვრობით ირჩენს თავს, ზოგი კი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში მყოფი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში იოლად ღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი. ადამიანები სულ ეძებენ, ვინ არის მათ უბედურებაში დამნაშავე. ხშირ შემთხვევაში ასეთ მტრად უცხო ტომისა და უცხო რელიგიის წარმომადგენლებს მიიჩნევენ. როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება, ქვეყანა დალაგდება და ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსება, ცხადია, ასეთ რელიგიურ დაპირისპირებებსაც ბოლო მოეღება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე მოხდება ვითარების სტაბილიზაცია, შეიქმნება ადამიანთა არსებობისათვის ნორმალური პირობები, მოისპობა რელიგიური დაპირისპირებანი და აღარ განმეორდება სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის ცემა-ტყეპის ფაქტები, რელიგიური წიგნების კოცონზე დაწვა და სხვა ვანდალური ქმედებანი.

მე მჯერა, რომ დემოკრატიული, ჰუმანური, ტოლერანტული და ადამიანის უფლებათა ჭეშმარიტი დამცველი საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება.

რ ე ზ ი უ მ ე

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე ჯერ მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს ქრისტიანობა, შემდეგ კი ნინო კაპადოკიელმა დაამთავრა მათი საქმე, რის შედეგადაც მეოთხე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა საქართველოში ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა.

 

 

ქართველმა ხალხმა საუკუნეთა მანძილზე დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ატარა თავისი რჯული. მიუხედავად იმისა, რომ იგი გარშემორტყმული იყო სხვა რელიგიის მაღიარებელი მტრებით, რომლებიც მის დაპყრობას და გამუსლიმანებას ცდილობდნენ, ქრისტიანობა აღმოჩნდა ის დროშა, დამოუკიდებლობის ის სიმბოლო, რომლითაც ქართველმა ხალხმა გამოიარა მთელი თავისი ისტორია.

საქართველო ოდითგანვე მრავალეროვნული და მრავალრელიგიური ქვეყანა იყო. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში აქ გავრცელებული იყო იუდაიზმი, ისლამი, სომხურ-გრიგორიანული რწმენა და კათოლიციზმი. მიუხედავად ასეთი მრავალეროვნებისა და მრავალრელიგიურობისა საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული, შემწყნარებლური ხასიათით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თბილისის ერთ პატარა უბანში, რამდენიმე ასეულ მეტრში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ფუნქციონირებდა და დღესაც ფუნქციონირებს მართლმადიდებელი ეკლესია, ისლამური მეჩეთი, იუდაური სინაგოგა და სომხურ-გრიგორიანული ეკლესია.

XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის გამო, საქართველოში გავრცელდა არატრადიციული რელიგიები, სხვადასხვა სექტები; მათ შორის: მალაკნები, დუხაბორები და მენონიტები. უფრო გვიან, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გამოჩნდნენ ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ადვენტისტები, კიდევ უფრო გვიან იეღოვას მოწმეები, კრიშნაიტები, ბაჰაის მიმდევრები, ახალსამოციქულო ეკლესია, ხსნის არმია და ა. შ. ამ რელიგიური დენომინაციების წარმომადგენლებმა ისარგებლეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობით, რაც გამოწვეული იყო რუსეთის ეკლესიის მიერ მისთვის ავტოკეფალიის ჩამორთმევით, შემდეგ კი კომუნისტურ-ათეისტური ხელისუფლების ბატონობით და თანდათან დაიწყეს მისი მრევლის გადაბირება.

სანამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში კომუნისტები იყვნენ და ყველა რელიგიური კონფესია ერთნაირ, დევნილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეს წინააღმდეგობა ნათლად არ ჩანდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, უარი თქვა კომუნისტურ მსოფლმხედველობაზე და რელიგიურ ორგანიზაციებს აქტიური მოქმედების საშუალება მიეცათ, დაპირისპირებამ სწორედ მაშინ იჩინა თავი, რადგან მორწმუნეთა გულების და გონების მოპოვებისათვის დაწყებულ დიდ მარათონში სასტარტო მდგომარეობა ერთნაირი არ აღმოჩნდა. ბარიერის ერთ მხარეს იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, დაჩაგრული და ავტოკეფალიაწართმეული რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი ფაქტიურად უფლებააყრილი კომუნისტური რეჟიმის მიერ. მეორე მხარეს იყვნენ არატრადიციული დენომინაციები იატაკქვეშა მოძრაობის და პროზელიტიზმის დიდი გამოცდილებით, რომელთაც ზურგს უმაგრებდნენ მდიდარი და გავლენიანი დედა ორგანიზაციები~ უმეტესად დალაგებულ და მოწესრიგებულ ქვეყნებში.

ასეთმა გამწვავებულმა ვითარებამ ქვეყანაში კონფესიური შუღლი და დაპირისპირება წარმოშვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შეეცადა დაებრუნებინა თავისი გავლენა ტრადიციულ მრევლზე და აელაგმა არატრადიციული რელიგიების არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი, რამაც აშკარა კონფესიური დაპირისპირების სახე მიიღო.

წიგნი რელიგიური პროცესები საქართველოში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე~ ასახავს იმ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ მოვლენებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოში აღნიშნულ პერიოდში. მის პირველ თავში საუბარია კაცობრიობის ზნეობრივ-რელიგიურ პერსპექტივებზე XXI საუკუნეში. მსოფლიო მოვლენათა ფონზე ავტორი ვრცლად განიხილავს რელიგიურ ცხოვრებას საქართველოში, მის სპეციფიკას და ტოლერანტულ ხასიათს, მიმოიხილავს ეროვნულისა და რელიგიურის ურთიერთმიმართებას. რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ჩამოყალიბების საქმეში, არჩევს ეროვნულ ურთიერთობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიურ კონფესიათა ურთიერთობისათვის. პირველი თავის ბოლოს ავტორი სოციოლოგიური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით არკვევს, თუ რამდენად დაუბრუნდა ღმერთს ქართველი ახალგაზრდობა.

წიგნის მეორე თავი მთლიანად დათმობილი აქვს რელიგიურ უმცირესობებს, მათ შემოსვლას საქართველოში, საქმიანობას და თანამედროვე მდგომარეობას. დახასიათებულია როგორც ძველი რელიგიური უმცირესობები (იუდეველები, ისლამის მიმდევრები), ისე შედარებით ახალი დენომინაციები (ბაპტიზმი, იეღოველობა, კრიშნაიზმი, ახალსამოციქულო ეკლესია, ქართულ ნიადაგზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა).

წიგნის მესამე თავში ლაპარაკია საქართველოში დღესდღეობით მიმდინარე რელიგიური ცხოვრების შესახებ, თანამედროვე საზოგადოებისა და მართლმადიდებელი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ.

შემდგომ თავებში შეტანილია ინტერვიუები როგორც წიგნის ავტორთან, ისე ავტორისა _ სხვადასხვა ქვეყნის და აღმსარებლობის თეოლოგებთან. ფართო ადგილი ეთმობა რელიგიის საკითხებზე პოლემიკურ წერილებს სხვადასხვა მეცნიერებთან, პოლიტიკოსებთან, მწერლებთან და ჟურნალისტებთან.

 

წიგნს, ცხადია, არა აქვს პრეტენზია პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც ჩნდება XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მიმდინარე რელიგიური პროცესების ირგვლივ, მაგრამ იგი აჩვენებს ამ პერიოდში არსებულ რელიგიურ ტენდენციებს, კონფესიათშორის არსებულ ძირითად წინააღმდეგობებს და ეძებს მათი გადალახვის გზებსა და საშუალებებს.

ავტორს იმედი აქვს, რომ ასეთი დრო საქართველოში უეჭველად მალე დადგება. ქვეყანაში კონფესიათა შორის მშვიდობა დაისადგურებს, აღდგება ქართველთათვის ისტორიულად დამახასიათებელი ტოლერანტობა. ეს კი საწინდარი იქნება ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უმაღლესი ზნეობის ზეიმისა. საქართველო მალე უნდა ჩადგეს ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ამას იგი იმსახურებს თავისი დიდი წარსულით, კულტურით, ხელოვნებით და სულიერებით.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / ფანჯიკიძე თეიმურაზ / რელიგიური პროცესები საქართველოში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე