შარიქაძე იზოლდა 

აუცილებელი ცოდნის ცნობარი

 

ვუძღვნი ჩემს

პატარა ანას

თბილისი

2001

 

 

 

   რელიგია

მსოფლიოს ძირითადი რელიგიები

 

   ბუდიზმი-მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა, აღმოცენდა ძველ ინდოეთში მეხუთე საუკუნეში ჩვენს ერამდე.  დამაარსებლად მიჩნეულია სიტხარტხე ჰაუტამა/ბუდა/. ბუდიზმი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ინდოეთში მეხუთე საუკუნეში ჩვენს ერამდე, ხოლო ახალი ერის პირველ ათასწლეულში მრავალი მიმდევარი გაუჩნდა სამხრეთ აღმოსავლეთ, ცენტრალურ, შუა აზიასა და ციმბირში.  ბუდიზმი გავრცელდა ბრახმანიზმისა და დაოსიზმის ელემენტების გამოყენებით.  მეთორმეტე საუკუნეში ბუდიზმი შეერწყა ინდუიზმს და დიდი გავლენა იქონია მასზე.

   ბუდიზმის მთავარი მოძღვრებაა, ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება: ტანჯვა და მისი მიზეზები, განთავისუფლება და გზა მისკენ. ტანჯვა ეს არის ღელვა, დაძაბულობა, ექვივალენტური სურვილი და ამავე დროს პიროვნების ყოფა-ცხოვრებისა და ფსოქოფიზიკური ელემენტების ცხოველმყოფელი სუნთქვა /პულსაცია/.

   პირველი ჭეშმარიტება-„ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და უბედურებაა“, მეორე ჭეშმარიტება-ტანჯვის მიზეზი თვით ადამიანში-„იტანჯები იმიტომ, რომ გაქვს მრავალი სურვილი და მოთხოვნილება“, მესამე ჭეშმარიტება-ადამიანმა თუ სურს არ იტანჯოს, „გულში უნდა ჩაიკლას ყველა სურვილი და მოთხოვნილება“, მეოთხე ჭეშმარიტებით ბუდა ასწავლის ადამიანებს თუ როგორ დაძლიონ სურვილები და მოთხოვნილებები რვასაფეხურიანი ცხოვრების გავლით:  ჭეშმარიტი ფიქრი, ჭეშმარიტი ჭვრეტა, ჭეშმარიტი ჩაღრმავება, ჭეშმარიტი ცხოვრება, ჭეშმარიტი ქმნა, ჭეშმარიტი მისწრაფება, ჭეშმარიტი სიტყვა, ჭეშმარიტი ქცევა.

   ამ პრინციპებით მცხოვრები ადამიანი ხვდება სამოთხეში-ნირვანაში. ცოდვისაგან ადამიანი სიკვდილამდე უნდა განიწმინდოს.  ცოდვები კი სამგვარია:  ფიქრით, სიტყვით, საქმით.

   ბუდიზმი უარყოფს საიქიო განთავისუფლებას, სული არ წარმოადგენს უცვლელ სუბსტანციას. ღმერთი არ არის შემქმნელი და მაშასადამე, უმაღლესი არსება. ბუდიზმში ბუდას კულტი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა.

   ქრისტიანობა-რელიგია, რომლის საფუძველს წარმოადგენს იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის, მხსნელის, სამების მეორე პირის რწმენა.

 

   მორწმუნეთა კურთხევა უფლის მიერ ხორციელდება საიდუმლოებებში მონაწილეობით.  ქრისტიანული რელიგიის საფუძველია წმინდა წერილი, ანუ ძველი და ახალი აღთქმა/ბიბლია/, საეკლესიო დადგენილებები და ეკლესიის მამათა თხზულებანი.  ქრისტიანობა აღმოცენდა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში პალესტინის ებრაელებს შორის და სწრაფად გავრცელდა ხმელთაშუაზღვის ხალხებს შორის. მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად იქცა, მეცამეტე საუკუნისათვის თითქმის მთელი ევროპა გაქრისტიანდა.  მეხუთე საუკუნეში ქრისტიანული რელიგია ორ მიმართულებად-მართმადიდებლობად და კათოლიციზმად გაიყო, ეს გაყოფა ოფიციალურად გაფორმდა 1054 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებაზე. კათოლიციზმი, მართმადიდებლობასთან შედარებით, სარწმუნოებისა და კულტის გაგებაში გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ბევრი საერთოა.  ორივე მათგანი აღიარებს სამებას-მამა ღმერთი, ძე ღმერთისა და სული წმინდა.  ყოველ ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ ძე ღვთისა-იესო ქრისტე მოევლინება ქვეყანას კაცის სახით და გამოისყიდის ადამიანთა ცოდვებს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგება, რაც ადამიანთა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის პირობაა.  ორივე რელიგიას სწამს საიქიო ცხოვრების და ა.შ.

   განსხვავებით მართმადიდებლობისაგან, რომელიც ამტკიცებს, რომ სულიწმინდა მამა ღმერთისაგან მოდის, კათოლიკები თვლიან, რომ სულიწმინდა გამოდის როგორც მამა ღმერთიდან, ისე ძე ღმერთიდან.  მართმადიდებლებისაგან განსხვავებით, კათოლიკები სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებენ სალხინობელს, სადაც უნდა მოხდეს სამოთხისათვის არასაკმარისად განწმენდილი სულების საბოლოოდ განწმენდა.  კათოლიკების ერთ-ერთი თავისებურება ისიცაა, რომ ისინი აღიარებენ რომის პაპის პირველობასა და უცოდველობას.  ამ დოგმატით რომის პაპი ითვლება ამქვეყნად ქრისტეს ნაცვლად და მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ.

   კათოლიციზმის მიმდევრები დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში არიან და შეადგენენ მთელი მოსახლეობის 18 პროცენტი.

   მართმადიდებლობას აღმოცენის დღიდან ჰქონდა ერთი მთავარი ნიშანი: იგი ემყარებოდა ჭეშმარიტ რწმენას და ცდილობდა ეს რწმენა ხალხში გაევრცელებინა არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ სიტყვის ძალით, არა იძულებით, არამედ ქადაგებით.  მართმადიდებლობა თავიდანვე დაექვემდებარა ბიზანტიის იმპერატორის ხელისუფლებას. ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები.  დღეისათვის მსოფლიოში არის 18 ასეთი ეკლესია:  კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, ამერიკის, სანაის, ფინეთისსა და იაპონიის. ამჟამად ქრისტიანობის მიმდევართა საერთო რიცხვი მთელს მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტია.

   ქრისტიანულ რელიგიას საქართველოში 20 საუკუნის ისტორია აქვს.  უკვე პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტეს სჯულის საქადაგებლად მოსულან მოციქულები სიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული. ასე, რომ მეოთხე საუკუნეში, როდესაც საქართველოში წმინდა ნინო მოვიდა ახალი რელიგიის გასავრცელებლად, ეს რელიგია სრულიადაც არ იყო უცხო სარწმუნოება.  არადა იმ პერიოდში ქრისტიანობის გავრცელება და ახალი რელიგიის გამარჯვება არ იყო იოლი საქმე-აქ მას დახვდა ძლიერი წარმართული სარწმუნოება არმაზის, ზადენის და სხვა კერპების სახით.  სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა მეოთხე საუკუნის 30-იან წლებში მეფე მირიანის დროს.

   კათოლიციზმის გავრცელება საქართველოში ჯვაროსნული ომების პერიოდს უკავშირდება.  პირველი კათოლიკოსი მისიონერები საქართველოში დედოფალ რუსუდანის დროს გამოჩდნენ და უკვე 1240 წელს მათ თბილისში პირველი მონასტერი დააარსეს.

   დღეისათვის კათოლიკური ეკლესია მკაცრად ცენტრალიზებული სისტემაა.  მისი ცენტრი მოთავსებულია ქალაქ რომის ტერიტორიაზე ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანში.  აქ წმ. პეტრეს ტაძრიდან ერთპიროვნული მეთაური პაპი მართავს მთელ კათოლიკურ სამყაროს.

   პროტესტანტიზმი-მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმთან ერთად ერთ-ერთი მიმართულებაა. იგი გამოეყო კათოლიციზმს მეთექვსმეტე საუკუნეში რეფორმების პერიოდში.  მისთვის დამახასიათებელია რთული საეკლესიო იერარქიის უარყოფა, მონოზნობის არარსებობა, აქ არ არის ღვთისმშობლის, წმინდანების, ანგელოზების, ხატების კულტი, საიდუმლოდ თვლიან მხოლოდ ნათლობას და ზიარებას.  პროტესტანტიზმის მიმართულებებია:  ლუთერანობა _ იგი დააარსა მარტინ ლუთერმა მეთექვსმეტე საუკუნეში, კალვინიზმი _ ეყრდნობა ჟანა კალვინის იდეებს. მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ წმინდა წერილის თაყვანისცემა.  კალვინიზმი საფრანგეთში გავრცელდა ჰუგენოტების მიერ, ნიდერლანდში, შოტლანდიასა და ინგლისში-პურიტანიზმის სახით, ანგლიკანობა-ეყრდნობა პროტესტანტიზმის მოძღვრებას პირადი რწმენის გადარჩენის შესახებ და კათოლიციზმის მოძღვრებას ეკლესიის გადამრჩენელი როლის შესახებ.  ანგლიკანობა სახელმწიფო რელიგიაა დიდ ბრიტანეთში.  ინგლისის ეკლესიის მეთაურს წარმოადგენს მეფე, რომელიც ნიშნავს ეპისკოპოსს.  ეპისკოპოსთა უმრავლესობა არიან ლორდთა პალატის წევრები.  ძველკათოლიციზმი-მიმდინარეობა, რომელიც გაიყო კათოლიკობიდან 1869-1870 წლებში გერმანიაში.  იგი არ ცნობს რომის პაპის მეთაურობას, საეკლესიო რელიკვიებს, უარყოფს ხატების თაყვანისცემას და ა.შ.

   მენონიტები-ქრისტიანული სექტა, უარყოფენ ძალადობას, სჯერათ ქრისტეს მეორედ მოსვლისა, მოითხოვენ ადამიანის მონათვლას მოწიფულობის ასაკში, უარყოფენ საეკლესიო იერარქიას.

   ბაფტიზმი-პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება.  ბაფტისტები აადვილებენ საკულტო და საეკლესიო ორგანიზაციას, უარყოფენ საეკლესიო საიდუმლოებებს, ნათლავენ მოწიფულ ადამიანებს.

   კვაკერები-პორტესტანტული სექტა, აღმოცენდა ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნეში.  უარყოფენ მღვდლების ინსტიტუტს, საეკლესიო საიდუმლოებებს, წეს-ჩვეულებებს, მოითხოვენ აუცილებელ შრომას, პატიოსნებას, ქორწინების სიწმინდის დაცვას, ქადაგებენ პაციფიზმს-შემრიგებლურ პოლიტიკას და ქველმოქმედებას.

   მეთოდიზმი-პროტესტანტიზმის ერთ-ერთი დიდი მიმართულება. მეთოდისტური ეკლესია აღმოცენდა მეთვრამეტე საუკუნეში ანგლიკანური ეკლესიიდან გამოყოფის შედეგად. ეს მიმდინარეობა მოითხოვს რელიგიური წეს-ჩვეულებების თანმიმდევრულ დაცვას, მოთმინებას და მორჩილებას.

    „ხსნის არმია“-საერთაშორისო რელიგიური ფილანტროპული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1865 წელს და გარდაიქმნა სამხედრო ყაიდაზე მეთოდისტ-მქადაგებლის უ. ბუტსის მიერ.  იგი იყო პირველი გენერალი ლონდონის უღარიბეს ფენებში რელიგიის მქადაგებელთა შორის.  “ხსნის არმია” ქადაგებს ზრუნვას არა მარტო სულის შესახებ, არამედ ქველმოქმედებას, ზრუნვას უღარიბეს ფენებზე, უფასო კვების ობიექტების მოწყობას მათთვის, ბრძოლას ალკოჰოლიზმისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ.

   იოღოველები ანუ “იაღოვას მოწმეთა საზოგადოება”-პროტესტანტული სექტა, დაარსდა 1873 წელს ამერიკაში.  ისინი ერთიან ღმერთად თვლიან იაღოვას, ხოლო იესო ქრისტეს-მისი ნების აღმსრულებლად, უარყოფენ ქრისტიანობის ძირითად დოგმებს /სამებას, სულის უკვდავებას და ა.შ./ იაღოველების მოძღვრებით დედამიწაზე ბატონობს სატანა.  იაღოვასა და სატანას შორის ახლომომავალში გამართულ ბრძოლაში დაიღუპება კაცობრიობა, გადარჩებიან მხოლოდ იაღოველები და დედამიწაზე დამყარდება ღმერთის მეუფება.

   მორმონები ანუ “უკანასკნელი დღის წმინდანები”-რელიგიური სექტა, რომელიც დაარსდა აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.  მათი მოძღვრების საფუძველია “მორმონის წიგნი”, რომლის შემქმნელად ითველბა იზრაელელი მორმონი, რომელიც ამერიკაში გადასახლდა.  წიგნი ეყრდნობა იუდაიზმის, ქრისტიანობის და სხვა რელიგიების დოგმებს.  მორმონები თვლიან, რომ მათი მისიაა ადამიანთა ბედნიერების დამკვიდრება დედამიწაზე, როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ.  მორმონები უცდიან ქვეყნიერების დასასრულს, სატანასთან უკანასკნელ ბრძოლას, თავიანთ თავს თვლიან ებრაელი ხალხის რჩეულებად, ატარებენ მისიონურ საქმიანობას მთელს მსოფლიოში, მაგრამ მტრად ეკიდებიან ყველა ეკლესიას და ეკუმენურ მოძრაობას.

    “ქრისტიანული მეცნიერება”-რელიგიური ორგანიზაცია პროტესტანტული მიმართულებით. მისი ძირითადი პრინციპია, რომ ადამიანთა განკურნება ყოველგვარი ავადმყოფობისაგან შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური რწმენის მეშვეობით და უარყოფენ ყოველგვარ სამედიცინო ჩარევას. მათი აზრით ყოველგვარი უბედურების მიზეზი მატერიის, როგორც ობიექტური რეალობის მიჩნევაა, საკმარისია ამ გაუგებრობაზე უარის თქმა და კაცობრიობა ყოველგვარი ავისაგან განიკურნება.

   ორმოცდაათიანელები-პროტესტანტული მიმართულება, რომლის მოძღვრება ემყარება ქრისტეს მკვდრეთით აღდგენიდან 50-ე დღეს მოციქულებზე სულფენობის გამო მათ მიენიჭათ “წინასწარმეტყველების უნარი”-“უცხო ენაზე ლაპარაკის” უნარი.  მათ მოძღვრებაში დიდი ადგილი უკავია ქადაგებას მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ, ქვეყნის დასასრულისა და ქრისტეს მიერ ქვეყნის ათასწლიანი მართვის შესახებ.  ორმოცდაათიანელები იცავენ მონათვლისა და პურისგატეხვის წესებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღმერთთან მისტიკურ ურთიერთობას, “გამოცხადებას”, “ხილვას”, “წინასწარმეტყველებას”.

   ისლამი-მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული რელიგია.  მისი მიმდევრები არიან მუსულმანები.  აღმოცენდა არაბეთში მეშვიდე საუკუნეში, მისი დამაარსებელია მუჰამედი.  ისლამი ჩამოყალიბდა ქრისტიანობისა და იუდაიზმის დიდი გავლენით.  არაბი დამპყრობლების ძალისხმევით ისლამი ფართოდ გავრცელდა ახლო და შუა აღმოსავლეთში, უფრო მოგვიანებით შორეული აღმოსავლეთის, სამხრეთ აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებში და აფრიკაში.  ისლამის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია ყურანში, მორწმუნეებს ძირითადად ევალებათ თაყვანისცემა ყოვლისშემძლე ღმერთისადმი-ალაჰისადმი და მორჩილება ღმერთის მიერ გამოგზავნილი მუჰამედისადმი.  მუსულმანებს სწამთ სულის უკვდავება და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე.  ისლამის მიმდევრებს ეკისრებათ ხუთი ძირითადი მოვალეობა:  1. არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა/შახადა. 2. ხუთგზის ლოცვა ყოველდღე /სალიატი. 3. მოწყალების გაღება ღარიბების სასარგებლოდ /ზაკიატი. 4. მარხვა რამაზანის თვეში /საუმი. 5. ცოდვების მინანიება თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში მექაში /ხაჯი.

   ისლამის მიმდევართა რიცხვი მთელს მსოფლიოში თითქმის 1 მილიარდია.  თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ჭარბობს მუსულმანური მოსახლეობა, ისლამი წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას.

   ისლამის გავრცელება იარაღით ხელში სამართლიანად და წმინდა რელიგიურ  მოვალეობად ითვლებოდა.  სწორედ არაბი დამპყრობლების შემოსვლამ გამოიწვია საქართველოში ისლამის გავრცელება.  ამას დაემატა სპარსეთისა და ოსმალეთის მეზობლობა და უკვე მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნიდან საქართველოში გამაჰმადიანდნენ მესხეთის, ჯავახეთის, აჭარისა და აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

 

 

ძირითადი ლოკალურად შეზღუდული რელიგიები

 

   იუდაიზმი-შედარებით ადრეული მონოთეისტური რელიგია, რომელიც აღმოცენდა პირველ საუკუნეში ჩვენს წ.ა. და გავრცელდა ძირითადად ებრაელ მოსახლეობას შორის. იუდაიზმის მიმდევრებს სწამთ ღმერთ იახვის-ერთადერთი ღმერთი, ქვეყნის შემქმნელი და მფლობელი-სულის უკვდავება, საიქიო ცხოვრება, მესიის მოსვლა, ადამიანების გასამართლება მათი დამსახურების მიხედვით.  მესიის მოსვლას უკავშირებენ ქვეყნის განახლებას, ბედნიერებას.  იუდაიზმი პირობითად სამ პერიოდს გამოყოფს და ამას უკავშირებენ სამი პიროვნების სახელს:  1-ძვ.წ.ა. მეთხუთმეტე-მეხუთე სკ., 2-ძვ.წ.ა. მეხუთე და ახ.წ.ა. მეხუთე სკ., 3-ახ.წ.ა. მეხუთე საუკუნიდან.  პირველი პერიოდი უკავშირდება მოსე წინასწარმეტყველს, მეორე _ /თალმუდისტური/ მოსე მაიმონიდს და მესამე _ /რეფორმისტული/ მოსე მენდელსონს.  მოსე წინასწარმეტყველმა კაცობრიობას ათი მცნება დაუტოვა, მოსე მაიმონიდმა-რწმენის 13 სიმბოლო, ხოლო მოსე მენდელსონმა ბიბლიური ლიტერატურის მსოფლიო ხალხთა ენებზე თარგმნას ჩაუყარა საფუძველი.

   ზოროასტრიზმი-რელიგია, რომელიც გავრცელდა შუა საუკუნეების ადრეულ და შუა წლებში შუა აზიაში, ირანში, ავღანეთში, აზერბაიჯანში, ახლო და შუა აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, დღემდე შემორჩათ სპარსელებს ინდოეთში და ღებრებს ირანში.  რელიგიას ეწოდა წინასწარმეტყველის, ზოროასტრას /ირანში ზარატუშტრას/ სახელი. ზოროასტრიზმის ძირითადი პრინციპებია: ორი “მუდმივი საწყისის“-სიკეთისა და ბოროტების ურთიერთწინააღმდეგობა.  მათ შორის ბრძოლა წარმოადგენს მსოფლიო პროცესის შინაარსს, სიკეთის საბოლოო გამარჯვების რწმენა.  ზოროასტრიზმის რიტუალში მთავარი როლი ცეცხლს ეკუთვნის.  ამ რელიგიის მიმდევრები არიან იეზიდები.

   ინდუიზმი-ერთ-ერთი გავრცელებული რელიგია, ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, მისი საფუძველია სულის გარდაქმნა /სანსარა/.  ძველი ვედური და ბრაჰმანისტური რელიგიების საფუძველზე მან შეითვისა ერთის მხრივ უხეში მსხვერპლშეწირვა და მისტიციზმი, მეორეს მხრივ, მკაცრი ვეგეტარიაზმი და ასკეტიზმი.  ადამიანის კეთილმოქმედება თუ ცუდი საქციელი განსაზღვრულია ღმერთების-შივასა და ვიშნუს მიერ, მათი ნებაა აგრეთვე საზოგადოების კასტებად დაყოფა და უთანასწორობა.  საკულტო წეს-ჩვეულებანი სრულდება ტაძრებში.  წმინდა ცხოველებად ინდუისტები თვლიან ძროხას და გველს, წმინდანად მიაჩნიათ მდინარე განგა, ლოტოსის ყვავილი და სხვ.  თანამედროვე ინდუიზმი არსებობს ვიშნუიზმისა და შივიიზმის სახით.

   ჯაინიზმი-რელიგია წარმოიშვა ინდოეთში მეექვსე საუკუნეში და დაკავშირებულია მისი დამაარსებლის ჯინას სახელთან.  მისი აზრით ხსნა შესაძლებელია ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის იგი. 

 

   სიკხიზმი-გავრცელდა ინდოეთში მეთხუთმეტე საუკუნეში, არ ცნობს სამღვდელოებას, უარყოფს კოლექტიურ ღვთისმეტყველებას და იბრძვის კასტური დაყოფის წინააღმდეგ, ქადაგებს ადამიანთა თანასწორობას.

   დაოსიზმი-ჩინური რელიგია აღმოცენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, ხოლო მესამე საუკუნეში შეიქმნა `დაო-ძანი~ _ დაოსიზმის ლიტერატურის კრებული. დაოსიზმის მიზანია ქვეყნის დამაარსებელთან _ დაოსთან ერთობის დამყარება, ალქიმიისა და ფსიქოფიზიკური ვარჯიშის შედეგად უკვდავების მიღწევა. დაოსიზმის მიმდევრები არიან ჩინეთში, სადაც არსებობს მორწმუნე დაოსელების ასოციაცია.

   სინტოიზმი _ რელიგია გავრცელებულია იაპონიაში, მას საფუძვლად უდევს ღმერთის, ბუნების და წინაპრების კულტი, უმაღლესი მეუფეა _ მზის ქალღმერთი ამატერასუ და მისი შთამომავალი ძიმუ. სინტოიზმი ასაბუთებს საიმპერატორო ხელისუფლების ღვთაებრივ წარმოშობას.

 

 

ქრისტიანული საიდუმლოებანი

 

   ქრისტიანულ რელიგიაში საიდუმლოებად იწოდება საკულტო მოქმედებები.  მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მიღებულია შვიდი საიდუმლოება: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, აღსარება, ქორწინება, საეკლესიო ზეთისცხება, მღვდელობა. ლუთენარები ცნობენ მონათვლას და ზიარებას, ინგლისური ეკლესია კი მონათვლას, ზიარებას და ქორწინებას, მღვდელობას და ზეთისცხებას.

   ნათლისღება /მონათვლა/-ამ დროს ხდება სახელის წოდება.  რიტუალი სრულდება მოსანათლის წყალში ბანაობით /მართლმადიდებლები/ ან წყლის შესხურებით /კათოლიკები/.

   მირონცხება-მღვდელი ჯვრის სახედ ცხებს მორწმუნეს წმინდა მირონს შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, პირზე, ყურებზე, გულზე, ხელებზე და ფეხებზე.

   ზიარება/სახარისტია/-საიდუმლოების არსი მდგომარეობს მორწმუნეთა ღვინითა და პურით გამასპინძლებაში, ღვინო და პური გამოხატავს ქრისტეს „სხეულსა და სისხლს“.

   აღსარება/სინანული/-მორწმუნე მღვდელს ეუბნება ყველა თავის ცოდვას და სთხოვს ღმერთს მათ შენდობასა და შეწყალებას.  ამის შემდეგ მღვდელი დაადებს თავზე მორწმუნეს ოლარს და წაიკითხავს შესანდობელ ლოცვას.  მღვდელი ქრისტეს სახელით შეუნდებს ცოდვებს.

   ქორწინება-სრულდება ჯვრისწერით ანალიოს /საწიგნეს/ წინ, რომელზედაც ასვენია ჯვარი და სახარება. მღვდელი მისცემს ნეფე-პატარძალს ანთებულ სანთლებს, რაც აღნიშნავს მათი ცხოვრების სიწმინდისა და მადლის ბრწყინვალებას. მეჯვარე უცვლის სიძე-პატარძალს ბეჭდებს, რაც ნიშნავს საუკუნო და განუყრელ კავშირს. მღვდელი ადგამს თავზე გვირგვინს და წარმოთქვამს მოკლე ლოცვას.  სასიძოს და საპატარძლოს ასმევენ ღვინოს საერთო სასმელით, რაც ნიშნავს ურთიერთ ჭირისა და ლხინის გაზიარებას.  მღვდელი აერთებს მათ ხელებს და სამჯერ შემოატარებს ანალოსის გარშემო.  საეკლესიო ჯვრისწერა ხაზს უსვამს, რომ ქორწინებაში მთავარია არა ეკონომიკური ან იურიდიული ელემენტი, არამედ სულიერი, რომლის საფუძველია ერთიანი რელიგიური მრწამსი.

   მღვდელობა-ეს საიდუმლო სრულდება წირვის დროს მღვდელმთავრის ხელდასმით-ტრაპეზთან მიყავთ ის პირი, რომელიც არჩეულია ეკლესიაში სამსახურისათვის.  კურთხევის შემდეგ პირი იმოსება სამღდვლო სამოსით და მღვდელი წარმოსთქვამს „აქსიოს“, იგივე სიტყვებს იმეორებენ მგალობლებიც.

   ზეთისცხება-ეს საიდუმლო სრულდება ავადმყოფი ადამიანებისათვის, მათი სულიერი და ხორციელი უძლურების განსაკურნებლად. იკითხება შვიდი თავი სამოციქულო და შვიდი თავი სახარების ლოცვები.  მღვდელი შვიდჯერ სცხებს ნაკურთხ ზეთს ავადმყოფს შუბლზე, ლოყებზე, ხელებზე, სახეზე, გულზე და სთხოვს ღმერთს მიუტევოს ავადმყოფს ყოველივე შეცოდებანი.

 

 

ძირითადი ქრისტიანული დღესასწაულები და მარხვები

 

   დღესასწაულად იწოდება ის დღე, როდესაც წმინდა ეკლესია მოიხსენიებს განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევებს მაცხოვრის, ღვთისმშობლის ან წმინდანთა ცხოვრებიდან.

   აღდგომა-ყველა დღესასწაულზე უდიდესი დღესასწაულია-ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს აღდგომა.  მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იგი აღინიშნება 22 მარტიდან 23 აპრილამდე იულიუსის კალენდარით, კერძოდ, გაზაფხულის დღეტოლობისა და ნახევარმთვარის პირველ კვირას.

   ქრისტეშობა-იესო ქრისტეს დაბადების აღსანიშნავი დღესასწაული, აღინიშნება იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს, ხოლო გრიგოლიანელების კალენდრით-7 იანვარს.

   სამება-სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე აღდგომის შემდეგ ორმოცდამეათე დღეს.

   ნათლისღება-იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანიაში იესო ქრისტეს ნათლობის აღსანიშნავი დღესასწაული.  აღინიშნება 6/19/ იანვარს წყალკურთხების ცერემონიით.

 

   ფერისცვალება-იესო ქრისტეს ფერისცვალების საპატივცემულოდ, როცა მაცხოვარი წარსდგა თავის მოწაფეთა წინაშე გოლგოთის წამებამდე ცოტა ხნით ადრე.  აღინიშნება 6/19/ Gაგვისტოს.

   ბზობა-შესვლა უფლისა იერუსალიმში, როდესაც იერუსალიმის მცხოვრებნი ესალმებოდნენ ძე ღვთისას და გზად უყრიდნენ ბზის ტოტებს.  ბზობა აღინიშნება აღდგომისწინა კვირას.

   ამაღლება-დღესასწაული ქრისტეს ზეცაში ამაღლების პატივსაცემად.  აღინიშნება აღდგომიდან მე-40 დღეს.

   ჯვართამაღლება- მეოთხე საუკუნეში იერუსალიმში მორწმუნეთა თავებს მაღლა ამაღლდა ის ჯვარი, რომელზედაც გაკრული იყო იესო ქრისტე.  აღინიშნება 14/27/ სექტემბერს.

   ღვთისმშობლის დაბადება-დღესასწაული ქალწული მარიამის დაბადებისა.  აღინიშნება 8/21/ სექტემბერს.

   ღვთისმშობლის მიყვანა ტაძრად-დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 3 წლის მარიამის იესოს მომავალი დედის/მიყვანას იერუსალიმის ტაძარში და იქ აღსაზრდელად დატოვება.  აღინიშნება 21 ნოემბერს/4 დეკემბერს/. 

   ღვთისმშობლის მიძინება-მარიამ ღვთისმშობლის მიძინება-მარიამ ღვთისმშობლის გარდაცვალება, აღინიშნება 15/28/ აგვისტოს.

   მირქმა უფლისა-მცირეწლოვან იესოს შეხვედრა მოციქულ სიმონთან.  აღინიშნება 2/15/ თებერვალს.

   ხარება-მამა გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი ცნობა ღვთიური ყრმის დაბადების შესახებ.  აღინიშნება 25 მარტს/7 აპრილს/.

   ბარბარობა-ერთ-ერთი უძველესი წინასაახალწლო დღესასწაული. ბარბარე წარმოდგენილია როგორც დედათა, დიაცთა, ფურთა და საერთოდ, ქალური საწყისის ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ღვთაება.  მასთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა სარიტუალო ლოცვა-ვედრება და შესაწირავები:  რძის ფაფა, ხაჭაპურები, ლობიანები და ნიგვზისგულიანი ჯვარდასმული ტაბლები.

   მარხვები-გარკვეული დროის მანძილზე თავის შეკავება ყოველგვარი საჭმელის ან ზოგიერთი მათგანის(განსაკუთრებით ხორცეულის) მიღებისაგან.  მარხვებს უკავია მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის 200 დღე.  ყოველმა მართლმადიდებელმა უნდა იმარხვოს ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამისა იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს, ჯვართამაღლების წინა დღეს, ნათლისღების დღეს.

 

   არსებობს ოთხი ხანგრძლივი მარხვა: 

   გაზაფხულის(დიდი) იწყება ყველიერის კვირის შემდეგ პირველ ორშაბათს და გრძელდება შვიდი კვირა, თითქმის აღდგომამდე.

   ზაფხულის(პეტრე-პავლეს) იწყება სულფენობის შემდეგ და გრძელდება 29 ივნისამდე, წმინდა პეტრე-პავლეს დღემდე.

   შემოდგომის-მიძინების დღესასწაულამდე 15 დღით ადრე.

   ზამთრის-40 დღით ადრე ქრისტეს შობამდე.

 

 

მთავარი მუსლიმანური დღესასწაულები

 

   ლეილიატ ალ ყადრი-ყურანში აღინიშნება რამადანის თვის 27 რიცხვის ღამე(მუსულმანური მთავარი კალენდარის მე-9 თვე).  ითვლება, რომ ამ ღამეს მიიღო მუჰამედმა ყურანი და ყოველ წელს ამ ღამით იღებს ალაჰი გადაწყვეტილებას ყოველი ადამიანის ბედის შესახებ, ყოველი ადამიანის სურვილს, გამოთქმულს ლოცვაში.  ეს დღესასწაული ტარდება მეჩეთში ყურანის კითხვით, ალაჰის და ანგელოზების მიმართ ლოცვით და თხოვნით.

   ურაზა-ბაირამი-დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს თვის მარხვას (ურაზს), აღინიშნება მთვარი კალენდრის მე-10 თვეს.  ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მეჩეთში ეწყობა ღმერთმსახურება, იკითხება მცნებები, მორწმუნეთა ოჯახებში ეწყობა პურისჭამა.  მორწმუნეები ღარიბებს ურიგებენ მოწყალებას.

   ყურმან-ბაირამი-მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, იწყება ყოველ წელს, მუსლიმანური მთვარის კალენდრის მე-12 თვეს და გრძელდება სამი-ოთხი დღე.  ისლამი ავალდებულებს მორწმუნეთ ამ დღეებში შეწირონ სისხლიანი შესაწირი:  დაკლან ცხვარი, ხარი, ძროხა, აქლემი იმის ხსოვნის აღსანიშნავად თუ იბრაჰიმი როგორ იყო მზად ალაჰისათვის შეეწირა თავისი შვილი ისმაილი.  დაკლული შესაწირის უმეტესობა უნდა დაურიგდეს ღარიბებს და მათხოვრებს. საზეიმო რიტუალში შედის სპეციალური ლოცვა, წინაპრების საფლავების მონახულება, მეგობრებთან მისვლა, ტანსაცმლის განახლება.

   მირაჯი-დღესასწაული დადგენილი მუჰამედის ფანტასტიკური მოგზაურობის აღსანიშნავად.  მუჰამედმა, ამხედრებულმა თეთრ ზღაპრულ ბურაკზე იმოგზაურა მექასა და იერუსალიმში, ხოლო იქიდან მნათობი კიბით ავიდა ცამდე ალაჰთანერთი გაელვებით.  ეს დღესასწაული აღინიშნება მუსლიმანური მთავარი კალენდრის მე-7 თვეს.  მუჰამედის „ამაღლების“ საკითხი დიდი ხანია მორწმუნეთა შორის კამათის საგანია.  მირაჯს ხშირად მიიჩნევენ როგორც ადამიანის მიერ კოსმონის ათვისების შესახებ მითითებას.

   აშურა-შიიტური რელიგიური კალენდრის მთავარი თარიღი, შიიტური იმამის ალ-ჰუსეინ იბნ ალის(მუჰამედის შვილისშვილის) ხსოვნის დღე.  იგი გარდაიცვალა 680 წლის 10 ოქტომბერს.  დღესასწაულის პირველ დღეებში აწყობენ ალ ჰუსეინის დაღუპვის ინსცენირებას, საზეიმოდ კითხულობენ თქმულებებს მის შესახებ, ფენენ სამგლოვიარო დროშებს და ლოზუნგებს.  მე-10 დღეს ტირილისა და საზეიმო სვლის დღეა. ზოგიერთი მორწმუნე თვითგვემის მიზნით იჭრის სხეულის ნაწილებს და იდენს სისხლს, რათა გამოხატოს წუხილი ალ ჰუსეინის ბრძოლაში დაღუპვის გამო.

   მავლუდი-დღესასწაული მიძღვნილი მუჰამედის დაბადების დღისადმი.  იგი აღინიშნება მუსლიმანური მთვარის კალენდრის მე-3 თვეს.  პარასკევი-მიჩნეულია მუსლიმანებს შორის დასვენების დღედ, ისე, როგორც შაბათი ებრაელებისათვის და კვირა ქრისტიანებისათვის.  ამავე დღეს ხდება ლოცვა მეჩეთში.

 

 

ისლამის ძირითადი წეს-ჩვეულებები

 

   ყურანის კითხვა-ღვთისმსახურეობის რიტუალში ყურანის კითხვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს.  ყველა მუსულმანს უნდა ჰქონდეს ოჯახში ყურანი, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა კითხვა, გავრცელებულია ყურანზე დაფიცების წესი.  მუსლიმანურ ქვეყნებში საზოგადოებრივი დღესასწაულები, ზეიმები იწყება ყურანის კითხვით.

   ნამაზი(ლოცვა)-მუსლიმანური წეს-ჩვეულებით ლოცვა დღის განმავლობაში სრულდება ხუთჯერ, როგორც აუცილებელი მოვალეობა.

   წინადცვეთა-ეს რიტუალი სრულდება ბავშვობის წლებში მამრობითი სქესის წარმომადგენლებში.  წინადცვეთა მიჩნეულია არა მარტო აუცილებლობად, არამედ სასარგებლო ჩვევად.

   მოწყალება-მოწყალების გაღების წესი აუცილებელია მუსლიმანთა ცხოვრებაში, მათ სჯერათ, რომ მოწყალების გაღება ადამიანს ათავისუფლებს ცოდვებისაგან და განაპირობებს იმქვეყნიურ განცხრომას.

   ხაჯი-ცოდვების მონანიება, განსაკუთრებით მექასა და მედინაში(სადაც მოღვაწეობდა მუჰამედი) არ წარმოადგენს აუცილებელს, მაგრამ ყოველი ზრდასრული მუსულმანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს მექასა და მედინას.  ხაჯის შემსრულებლებს შეუძლიათ ატარონ განსაკუთრებული ტანსაცმელი, მაგალითად, მწვანე ჩალმა.

 

 

იუდეური დღესასწაულები

 

 

   აღდგომა-საგაზაფხულო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ებრაელების ეგვიპტიდან “გამოსვლასთან” დაკავშირებით.

   შებუოთი-არის სინას მთაზე მოსესათვის თორას ჩუქების დღესასწაული, რომელიც თითქოს მოხდა ტყვეობიდან ებრაელების განთავისუფლების ორმოცდამეათე დღეს.

   სუქოთი-იგი უკავშირდება ეგვიპტის ტყვეობიდან განთავისუფლებული ებრაელების უდაბნოში ორმოცწლიან ხეტიალს.  დღესასწაულის ბოლო დღეს სინაგოგაში ეწყობა საზეიმო პროცესია “თორას სიხარული”(სიმხათ თორა)-გამოაქვთ თორა და ლოცვითა და გალობით ატარებენ მას.  ეს პროცესი იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ამ დღეს მთავრდება თორას კითხვის წლიური ციკლი და იწყება ახალი.

   იომ-კიპური-იგი უკავშირდება ახალი წლის(როშ-გაშანა) დღესასწაულს. იუდეური რწმენით ყველა ადამიანი გაივლის ღმერთის(იახვეს) წინ და ღმერთი განსჯის მათ მათი საქმიანობის მიხედვით.  ამ დროს იწყება ათდღიანი მონანიება.

 

 

იუდაიზმის ძირითადი წეს-ჩვეულებები

 

   ლოცვა-ითვლება იუდაიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმად და წესად, რადგან მას შეუძლია მოახდინოს ყოველგვარი სასწაული.  დილის ლოცვის დროს მამაკაცები შუბლზე და მარცხენა მკლავზე წვრილი ღვედებით იკრავენ პატარა კუბიკური ფორმის ყუთებს(ტეფილინი), რომელშიც მოთავსებულია ძველი აღთქმის ტექსტები.  მორწმუნე ვალდებულია ილოცოს დღეში სამჯერ და დიდება უძღვნას იახვას იმისათვის, რომ იგი არ გააჩინა წარმართად და ქალად.

   მეზუზა და ციციტი-ყველა რელიგიური რიტუალის შესრულებისას მორწმუნე ვალდებულია ატაროს ციციტი და მეზუზა.  ციციტი არის აბრეშუმის ძაფისაგან დამზადებული ფოჩი, ხოლო მეზუზა-პერგამენტის პატარა ფურცელზე დაწერილი ტექსტები მეორე სჯულიდან.

   კაპორესი-იგი ხორციელდება განკითხვის დროს წინა ღამეს და ითვლება მაგიურ რიტუალურ წესად. მამაკაცი სამჯერ თავს ზემოთ ატრიალებს მამალს(ქალი დედალს) და სამჯერ ამბობს სპეციალურ ლოცვას.  ამის შემდეგ ქათამი იკვლება და ხორცი იჭმევა.

   ლულავი-ხორციელდება იუდაიზმის საშემოდგომო დღესასწაულის დღეებში ლოცვისას.  მლოცველს ერთ ხელში უნდა ეკავოს პალმის შეკრული რტო, ხოლო მეორე ხელში ლიმონის განსაკუთრებული ჯიში-ესროგი.  მორწმუნემ ისინი უნდა იქნიოს ჰაერში და გამოიწვიოს წვიმა და ქარი.

 

   ტაშლიხი-ახალი წლის დღეს მორწმუნეები იკრიბებიან მდინარესთან და კითხულობენ ნაწყვეტებს საღვთო წიგნიდან და გალობენ რელიგიურ ჰიმნებს, ლოცვების დროს ამოიბრუნებენ ჯიბეებს და მდინარეში ყრიან პურის ნამცეცებს, ამით თავისუფლდებიან ცოდვებისაგან.

   კოშერი და ტრეფი-დიდი ადგილი იუდაურ რელიგიაში უკავია საკვებთან დამოკიდებულებას. ნებადართულ საკვებს კოშერი ჰქვია, ხოლო აკრძალულს-ტრეფი. 

   ნებადართულ საკვებად ითვლება მცოხნავი ცხოველებისა და ფრინველის ხორცი, თუ მათი დაკვლა რელიგიური წესით ხდება განსაზღვრულ ადგილზე სპეციალური დამკვლელის(ხახამი) მიერ.  აკრძალულ საკვებად ითვლება ღორის ხორცი.

   წინადცვეთა-ამ წესის შესრულებას იუდაიზმის მსახურნი ებრაელი ხალხი გამორჩეულობის ნიშნად აცხადებენ, თუმცა ცნობილია, რომ ეს წესი უფრო ადრე ფართოდ იყო გავრცელებული სემიტურ ხალხებში და იგი დაკავშირებული იყო მამაკაცად კურთხევასთან და ჰიგიენურ თვალსაზრისთან.

   გაბანვა-ამ წესის მიხედვით მორწმუნეთ ევალებათ განბანვა შაბათის წინა დღეს სპეციალურად დამზადებულ აუზში, სადაც უნდა იყოს წყაროს ან წვიმის წყალი.

 

 

ბუდისტური წესები და ჩვეულებები

 

   ძულ-ხურალი-ასე ეწოდება „წმინდა წესს“, რომელიც ტარდება გვიან შემოდგომაზე.  მორწმუნეები  ღმერთების გამოსახულების წინ ინანიებენ შინაური ცხოველებისადმი უდიერ მოპყრობას.  ყოველ შინაურ ცხოველში მათი წარმოდგენით შეიძლება ცხოვრობდეს გარდაცვლილი ახლო ნათესავი.  მონანიებამ უნდა გაათავისუფლოს ცოდვებისაგან ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილის წინაშე.

   ნაიდანი-ხურალი-წესი ტარდება შემოდგომაზე, მიძღვნილია განდეგილი ადამიანებისადმი, ყოველგვარი ამქვეყნიური სიამოვნებისადმი გულგრილობისადმი.  მორწმუნეები დადიან და ყვებიან, რომ განდეგილები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათ განდეგილობით მიაღწიეს „ხსნას“.

   ობო-მთის წვერზე, გადასასვლელზე, ან მდინარის პირზე არსებულ ქვების გროვასთან(ობო) მორწმუნეები კითხულობენ ლოცვებს და სულებს თხოვენ შველას.  ქვებზე ტოვებენ ისინი საჭმელს, მონეტებს, აბრეშუმის თავშალებს და სხვ. შესაწირს.  განსაკუთრებით გულმხურვალედ ლოცულობენ გვალვების დროს, რადგან სჯერათ, რომ „ადგილის დედა“ მათ წვიმას გამოუგზავნის.  ობოს დროს კლავენ პირუტყვს. “წმინდა” ადგილებისადმი თაყვანისცემა-მორწმუნეები თვლიან, რომ არაჩვეულებრივი ფორმის ქვებს, კლდეებს, მთებს შეუძლიათ ადამიანებს გაუწიონ სამკურნალო, გამაჯანსაღებელი სამსახური, ამიტომ ადამიანებმა თაყვანი უნდა სცენ მათ.  საოჯახო საკურთხეველი-ყოველი მორწმუნის ოჯახში საპატიო ადგილას იდგმევა პატარა კარადა, წინ თაროთი. კარადაში დგამენ ლითონის, კერამიკის, ხის, თიხის სკულპტურულ გამოსახულებებს, კიდებენ ტილოზე, აბრეშუმზე, ან ხეზე ამოქარგულ ხატებს, “წმინდა” საგნებს.  თაროზე დებენ სპილენძის(ბრინჯაოს) ფინჯნებს, სანთლებს, ყვავილებს.

   ლოცვა-უწინ ლოცვა იკითხებოდა ტიბეტურ ენაზე, რომელიც მორწმუნეთა უმრავლესობამ არ იცოდა.  გარდა ლოცვებისა მორწმუნეებს უნდა ესწავლათ უამრავი ფიცი ზეპირად, რათა თავი დაეცვათ ბოროტი სულებისაგან.  ლამაიზმმა თავისებურად „მექანიზირებული“ გახადა ეს რიტუალი-ლოცვის პროცესში ცილინდრული ფორმის ლითონის ე.წ. ხუდრებში თავსდება ლოცვების ტექსტები, ცილინდრში გაყრილია ღერო, რომელიც ბრუნავს, მათთან ერთად ბრუნავს ლოცვის ტექსტები, თვლიან, რომ ერთი ბრუნი უდრის ცილინდრში მოთავსებული ლოცვების ზეპირად წაკითხვას. ცილინდრის ზომა არ არის განსაზღვრული, იგი შეიძლება იყოს რამოდენიმე სანტიმეტრიც და რამოდენიმე მეტრიც.

   თილისმის რწმენა-თითქმის ყველა მორწმუნე ატარებს თილისმას. იგი წარმოადგენს ქაღალდის ან ნაჭრის ნაწილს, რომელზედაც წერია ლოცვის ან ფიცის ტექსტები სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის, სიკეთისათვის და ა.შ.  თილისმა შეკერილია შნურით ტყავში და უკიდიათ კისერზე. ყველაზე ძვირფას თილისმად ითვლება ბუდას პატარა სტატუეტკა ან “ცოცხალი ღმერთის” ტანსაცმლის ნაწილი, რომელსაც დებენ ხის ან ვერცხლის მოხატულ ფუტლიარში.

 

 

ძირითადი რელიგიური წიგნები

 

   ბიბლია-ძველი ტექსტების კრებული, იუდაიზმისა და ქრისტიანობის წმინდა აღთქმა. შექმნის დროის მიხედვით ბიბლია იყოფა ძველ აღთქმად და ახალ აღთქმად. ამ ტერმინოლოგიის უკან დგას ქრისტიანული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც “აღთქმა” (მისტიკური თანხმობა) კავშირი ღმერთთან დამყარდა მხოლოდ ერთ ხალხთან-ებრაელებთან, ხოლო იესო ქრისტეს გამოჩენის შემდეგ ახალი აღთქმით კავშირი დამყარდა ყველა ხალხთან.  ისლამი არ ცნობს არც ძველ და არც ახალ აღთქმას, მაგრამ ცნობს მათ წმინდა ხასიათს და ბიბლიის პერსონაჟებს-იბრაჰიმს, აბრამს, უსუფს, იესოს, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ყურანში.  ძველი აღთქმა აღიარებულია ებრაელების მიერ, ხოლო ქრისტიანები აღიარებენ როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმას.  ძველ აღთქმაში 39 წიგნია, რომლებიც დაიწერა არამეულ და ძველ ებრაულ ენებზე და რომელიც კანონიკურად ცხადდება.  ახალ აღთქმაში 27 წიგნია, რომელიც პირველ- მეორე საუკუნეებში დაიწერა ბერძნულ ენაზე(ოთხი ევანგელეა ქრისტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, აპოსტოლების სახარებები.  პავლეს, პეტრეს, ოიანეს, იაკობის, იუდას, (მაგრამ არა ისკარიოტელის) 12-სახარება და ბოლოს, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება-აპოკალიფსი).

   თალმუდი-ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თალმუდს.  ეს არის ბიბლიაზე ბევრად ადრე დაწერილი მრავალტომიანი კრებული.  იგი იქნებოდა ათი საუკუნის მანძილზე დაწყებული ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნიდან პირველი საუკუნით დამთავრებული ჩვენი წელთაღრიცხვით.  სიტყვა “თალმუდი” ებრაულად განმარტებას ნიშნავს. თალმუდი შინაარსობრივად მეტად მრავალფეროვანია.  იგი შეიცავს სამართლებრივ ნორმებს, რელიგიურ კანონებს, მორალურ ნორმებს, ცნობებს მეცნიერებების შესახებ, მითებს, იგავებს და ა.შ.

    ყურანი-მუსლიმანური რელიგიის საღმთო წიგნი.  “ყურანი” არაბული სიტყვაა და კითხვას ნიშნავს.  წიგნი არის როგორც რელიგიური, ისე სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველი.  ყურანი 114 თავისაგან შედგება, თავებს სურები ეწოდება.  გადმოცემის თანახმად ეს წიგნი ალაჰმა მთავარანგელოზ გაბრიელის ხელით გადასცა მუჰამედს რამადანის თვეში(ამიტომ არის ამ თვეში მარხვა).  მუჰამედის სიცოცხლეში ყურანი ზეპირი ფორმით არსებობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ იწყეს მისი წერილობითი შედგენა.

   ტიპიტაკა-ბუდიზმის ტექსტებისა და კანონების კრებული, რომელიც მოიცავს ბუდის ქადაგებებს, გადმოცემულს მისი მოწაფეების მიერ.  “ტიპიტაკა” ნიშნავს კანონის სამ კალათას.  გადმოცემის თანახმად ეს ტექსტები ინახებოდა კალათებში.  თავდაპირველად ტექსტები გადაიცემოდა ზეპირად თაობიდან თაობაზე, შემდეგ კი წერილობით გაფორმდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. პირველი კალათა არის „წესდების კალათა“, მეორე-„მოძღვრების კალათა“, ხოლო მესამე-„ცოდნის კალათა“.

 

   ვედები-ინდური რელიგიური ლიტერატურის უძველესი ძეგლი, რომელიც ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე მეორე ათასწლეულიდან პირველ ათასწლეულამდე ჩვენს ერამდე.  იგი ძირითადად შედგება მითოლოგიური და კოსმოლოგიური ჰიმნებისაგან, სასიმღერო ტექსტებისაგან, სარიტუალო წეს-ჩვეულებებისაგან, მსხვერპლშეწირვის წესებისაგან.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / შარიქაძე იზოლდა / აუცილებელი ცოდნის ცნობარი