წმიდა იოანე კასიანე

შინაგანი ბრძოლა ხორცსა და სულს შორის

 

      »...ხორცთა გული უთქუამს სულისათვის და სულსა ხორცისათვის, და ესენი მხდომ არიან ურთიერთას, რაითა არა, რაი-იგი გინდეს, მას ჰყოფდე» (გალატ. 5,17). ღვთის საიდუმლო განგებით, იგი ჩვენს ბუნებაშია ჩაქსოვილი. იგი ღვთის ნებით

ჩვენთვის სასიკეთოდ მოგვეცა და ყველა ადამიანისთვის ბუნებრივია. სხეული ადამიანს უზენაესი სრულყოფილებისკენ სწრაფვისთვის აქვს მიცემული. სიტყვაში «ხორცი» იგულისხმება არა ადამიანი, როგორც არსება, არამედ მისი ხორციელი

ვნებანი. ამის შესაბამისად, სიტყვაში «სული» უნდა ვიგულისხმოთ არა პიროვნება, არამედ სულის სათნო და წმიდა მისწრაფებანი. სწორედ ეს აზრია მოციქულის სიტყვებში. «...სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულისთქუმასა ნუ აღასრულებთ»

(გალ. 5,16). მაგრამ ვინაიდან ხორციელი ვნებებიც და სულის სათნო მისწრაფებანიც ერთსა და იგივე ადამიანში იშვება, - ამიტომ გვაქვს მუდმივი, განუწყვეტელი ბრძოლა ხორცსა და სულს შორის. ხორცს, ძირითადად, ცოდვილი სურვილები

ამოძრავებს. იგი უმთავრესად სიამოვნებას ეძიებს, მიწიერი სიამეებით ტკბება. სული კი, პირიქით, სულიერ საზრდოს საჭიროებს. იგი მარტოოდენ სულიერის ძიებითაა დაკავებული და ხორცისთვის აუცილებელ მოთხოვნებსაც კი სავსებით

ივიწყებს. ხორცი სიამეებითა და სიუხვით ტკბობას ითხოვს მაშინ, როცა სულისთვის ხორციელი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი უსიამოვნოა. ხორცს სურს განძღეს ძილითა და საჭმელსასმელით, სული კი ფხიზლობითა და მარხვით საზრდოობს. ამიტომ ის სიცოცხლისთვის აუცილებელ ძილსა და საკვებსაც უარჰყოფს. ხორცი სიმდიდრესა და სიუხვეს ითხოვს, სულს კი ყოველდღიურ საზრდოდ მცირეოდენი პურიც კი ზედმეტად ეჩვენება. ხორცი ნებივრობასა და ფერებას მიეცემა, სულს კი მკაცრი ცხოვრება იზიდავს, თვალუწვდენელი უდაბნო უხმობს და განმარტოებას ეძლევა. ხორცს კაცთა ქება და პატივი ატყვევებს, სულს კი დევნა და წყენა უხარია.

 

თუკი ჩვენს ნებას თავმოყვარეობა და ამასოფლის ბრძნობა უდევს საფუძვლად, იგი ცდილობს სულისა და ხორცის მისწრაფების «შეჯერებას». ასე მაგალითად, მას სურს: ხორციელი ვნებებისაგან თავის დაღწევა - მწუხარებისა და განსაცდელის დათმენის გარეშე, სხეულის სიწმიდის მიღწევა - ხორცის დათრგუნვის გარეშე, გულის სიწმიდის მიღწევა - ფხიზლობის ღვაწლის გარეშე; მოთმინების მადლის მიღება - ავსიტყვაობისა და ცილისწამების დათმენის გარეშე.

ქრისტესადმი მორჩილების გამოვლენა - ამასოფლის პატივის შეზღუდვის გარეშე; მდაბალი კეთილმორწმუნე ცხოვრება - ამასოფლის ქედმაღლური სულით; ქრისტეს მსახურება - კაცთაგან განდიდებითა, პირუთვნელი სიმართლის თქმა - მცირეოდენი შეურაცხყოფის დათმენის გარეშე და მთლიანობაში - ზეციური მადლის მიღება - ამასოფლის სიამეებზე უარის თქმის გარეშე. მთლიანობაში ზეციური მადლის მიღება - ამასოფლის სიამეებზე უარის თქმის გარეშე. ამგვარი ნებელობა ჭეშმარიტ სრულყოფილებამდე არ მიდის, უფრო მეტიც, მას ადამიანი ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელზეც უფალი აპოკალიფსში ამბობს: «...ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერიყო, რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა»

(გამოცხად. 3, 15-16). ღვთის მადლი სულის ენერგიას აღაგზნებს და მასში უზენაეს მისწრაფებებს აღადგენს, რაც ყოველგვარ მიწიერს განგვაშორებს. ამის გავლენით ნებას აღარ ძალუძს დარჩეს გულგრილი და ნელთბილი, არამედ სათნოებებისადმი

მოშურნეობით აღენთება. თუმცა, კვლავინდებურად ძველ ჩვეულ მდგომარეობისადმი ლტოლვას განიცდის და შესაძლოა კვლავ დაეცეს.

 

მაგრამ, როდესაც სული «ნელტფილ» მდგომარეობას უბრუნდება, ადამიანში მყისვე ხორციელი ბრძოლა იჩენს თავს, რომელიც მას სულიერად აფხიზლებს. აშკარაა, ეს ბრძოლა რომ არა, სული სამუდამოდ დარჩებოდა გულგრილ მდგომარეობაში. მსაჯულთა წიგნში ვკითხულობთ: «...აი, ის ხალხები აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანები, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო. მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდეგ თაობებს...» (მსაჯ. 3, 1- 2). ამგვარი ბრძოლა უფალმა იმიტომ კი არ დაუშვა, რომ ისრაელის მშვიდობა არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, თუ რაოდენ სასარგებლოა იგი მისთვის. მტრებით გარემოცული და მუდმივი თავდასხმებისგან დაუძლურებული ისრაელი მუდამ საჭიროებდა უფლის შემწეობას და ამიტომ მუდმივ ლოცვასა და უფლისადმი სასოებაში უნდა ყოფილიყო. ამიტომ ღვთისგანგებით მუდმივი ბრძოლა აფხიზლებდა ისრაელს და მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. რადგან ხშირად, უსაფრთხოება და ბედნიერება ამარცხებს მათ, ვისი დამარცხებაც უბედურებებმაც ვერ შეძლო.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდა იოანე კასიანე / შინაგანი ბრძოლა ხორცსა და სულს შორის