წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი 

ცოდვილნი, რომლებსაც სიკვდილის წინ სინანულით სულის ცხონების იმედი აქვთ

 

     არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში იმ იმედით გადაყრიდა, რომ ოდესღაც უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ყოველ ძღვენზე უდიდესი ღვთის მადლი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს და ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე. ჯოჯოხეთის ბორკილებში მყოფნი ფიქრობენ, რომ თავისი პირველივე სურვილით შეძლებენ ბორკილების აყრას. დემონის წინაშე მავალნი, რომელსაც მათი სულების გასაღები ხელთ უპყრია, თვლიან, რომ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში თავისუფლად დაუძვრნენ მას ხელიდან. განა ამას არ შთააგონებდა ევას მაცდური, როცა აქეზებდა, დაერღვია ღვთის მცნება? “არა, არ მოკვდებით”, (შესაქ. 3, 4) _ ეუბნებოდა იგი პირველ ადამიანებს, ანუ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გინდათ, და არაფერი დაგემართებათ, ვინაიდან უფალი  -  ძალიან კეთილია. ევა ამით ცდუნდა და მის კვალდაკვალ ცდუნდა ადამიც  -  მან შესცოდა, რადგან ფიქრობდა ღვთის წყალობაზე, ანუ ადამი დაეცა, ვინაიდან თვლიდა, რომ მართლაც არ იქნებოდა ღვთისგან დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ უფალი მოსალოდნელი სასჯელის შესახებ აფრთხილებდა. და შენც, ძმაო ჩემო, სხვა რა მაგალითი გინდა იმისათვის, რომ დაინახო ის კადნიერება, სადამდეც ეშმაკი დავიდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში? ის უწმიდური იქამდეც კი მივიდა, რომ უფალს სთავაზობდა, ტაძრის გუმბათიდან გადმოვარდნილიყო იმის იმედით, რომ ანგელოზები დაიჭერდნენ და არ დაუშვებდნენ, რომ მას რაიმე ცუდი შემთხვეოდა: `და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი~ (მთ. 4 6). მტერი იგივე ცრუ აზრს მრავალჯერ შთააგონებდა და აცდუნებდა ქრისტიანებს, აქეზებდა, ჩავარდნილიყვნენ სხვადასხვა უსჯულოებაში და პირველი ცოდვისთვის ათასობით სხვაც დაემატებინათ; თანაც იმედი ჰქონოდათ, რომ ოდესმე აღიარებდნენ ამ ცოდვებს და სულიერი მოძღვრები ყველაფერს აპატიებდნენ. საოცარია, რომ ქრისტიანები ვერ ამჩნევენ ესოდენ აშკარა და თვალშისაცემ სიცრუეს და სრულებით გულგრილნი ხდებიან უფლის მიმართ. ცოდვათა აღიარება და სინანული, გულმოწყალება და სიკეთე უფლისა  -  ცხონების ამ საშუალებებს ისინი თავიანთი დაცემის საშუალებებად აქცევენ. და როგორც ერთი შხამიანი ბალახი, სახელად “ნაპოლეონი”, შხამიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ზეციდან ნამი ეცემა, ასევე ეს უბედურნი იესო ქრისტეს მაცხოვნებელ სისხლს სასიკვდილო შხამად აქცევენ. ეს იმიტომ, რომ ამ სისხლს, რომელმაც აღსარების შემდეგ უნდა განბანოს და ჩააქროს ჩვენი ცოდვების სიმხურვალე, ისინი იმისათვის იყენებენ, რომ კიდევ უფრო ააგიზგიზონ თავიანთი ცოდვები. განა შეიძლება რაიმე ამაზე მეტი უსჯულოება არსებობდეს? რა წამლობას გამოიყენებდნენ ამაზე ბოროტად, ვიდრე იმას, რომელსაც ეშმაკის ზეიმისა და გამარჯვებისათვის იყენებენ? სწორედ ამაზე წუხდა წმიდა ამბროსი მედიოლანელი: “ამ წამლის ჩვენგან ბოროტად გამოყენებით ეშმაკი ზოგჯერ უბრალოდ ზეიმობს”.

 

     დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანთა უმრავლესობა იტანჯება ამ ბოროტი და მაცდური იმედით, რომელიც ლამის ჯოჯოხეთში ერეკება მათ. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებისთვის გამზადებულია მარადიული ტანჯვა-წამება, ისინი მშვიდად სცოდავენ, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ყოველივე გამონაგონია. ისინი ფიქრობენ, თითქოს ცოდვისგან თავის გამოხსნა ძალიან ადვილი და მარტივია  -  საკმარისია მხოლოდ მღვდელს მოუთხრო და რაიმე ეპიტიმია აღასრულო. როგორც კი ამას წარმოიდგენენ, თავს ისევ მშვიდად გრძნობენ და საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთ ცოდვებზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სინანული ჯერ კიდევ ადრეა.

 

     ზიანი, რასაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ ისინი გაამართლოს. თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ და პირუტყვთა მსგავსად, დაღუპვის გზისკენ მიისწრაფიან. ვის შეუძლია გაზომოს მათი დაცემის სიღრმე? ყოველ ჯერზე, როგორც კი მათში ჩნდება ბოროტი ვნება და ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევათ, მაშინვე ცოდვაში ვარდებიან. ყოველთვის, როგორც კი თავში მზაკვარი აზრი მოუვათ, უსჯულო საქმეებს ჩადიან.

 

     ასეთი ცოდვილები, რომლებიც თვლიან რომ აღსარებისას ადვილად შეენდობათ ყველა ცოდვა, ყოველდღიურად ამრავლებენ მათ ბოროტი საქმეებით, ვნებებით, უსრიცხვილო საუბრებით, ცოდვილი სიამ-ტკბილობით, განსაკუთრებით კი იმით, რომ სხვებს საცდურს აძლევენ და ამით მათ სულებსაც აკვდინებენ. ამგვარად, ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ ასე ფიქრობენ, შეუძლიათ დაუდევრად ჩაიდინონ ათასობით ცოდვა და ყველა ადვილად მიხვდება, ღვთის სამართალი რატომ აღებს ასეთი ცოდვილებისთვის ჯოჯოხეთის კარს. საშინელი მოსასმენია შენს მიმართ წარმოთქმული უფლის სიტყვები, რომლებიც იერემია წინასწარმეტყველის პირით ითქვა: “მკურნალობისგან შენ უფრო მეტად იტანჯები, მან ვერ გარგო.~ შენ გმკურნალობენ, მაგრამ ეს ვერას გშველის. მრავალჯერ ამბობდი აღსარებას, ცოდვები მიგეტევებოდა, რათა ჩაგეკლა ისინი, ამის მაგივრად კი, შენივე სიბოროტის მიზეზით, ყოვლივე ეს ცოდვების უფრო მეტად გავრცელებას უწყობდა ხელს. `თუ ცოდვის ჩადენა შემიძლია, შემიძლია სინანულიც. მე შემიძლია, ვცოდო ისევ და ისევ  -  სულ ერთია, შემდეგ მოვინანიებ”. შენ გმკურნალობენ, მაგრამ ამისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ჰპოვებ. აღსარებას მრავალრიცხოვანი ცოდვების მიზეზად გადააქცევ, და არც კი იცი, რომ ეს ცოდვები ჯოჯოხეთში გერეკება და სასჯელის ღირსად გხდის, როგორც წერია: “ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა, მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია” (იერ. 51, 9).

 

     დიდია ზიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის მოაქვთ ცოდვილებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მომავალში მოინანიებენ, ვინაიდან ისინი უსირცხვილოდ, უშიშრად სცოდავენ და ამგვარად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან ცოდვის უწმიდურ და ჭუჭყიან ჭაობში, სადაც ღორებიც კი არ მოინდომებდნენ კოტრიალს. ზიანი, რომელსაც ისინი თავის თავს აყენებენ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გულგრილნი ხდებიან თავიანთი ცხონებისადმი და ღვთის მცნებების მოძულებას იწყებენ, როგორც სოლომონმა ბრძანა: “ბოროტებას სიძულვილი მოჰყვება, ლანძღვა-გინებას კი სირცხვილი” (იგავ 18, 3). როდესაც ისინი უკიდურეს მზაკვრობას აღწევენ, გონება ებინდებათ, გული უსასტიკდებათ, და ისინი უკვე აღარსდროს დაუფიქრდებიან თავიანთ ცოდვებს. ზოგი მათგანი კი არა მარტო გულრგილი ხდება მათ მიმართ, არამედ თავსაც კი იქებენ ამით, როგორც უდიდესი ღვაწლითა და გმირობით, როგორც სოლომონი ამბობს: “ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ” (იგ. 2, 14). და ისინი, რომლებიც ამბობდნენ: “თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი”, იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამეორება მათ ჩვევად ექცათ, ჩვევა კი თითქოს მათი მეორე ბუნება გახდა, გული კლდესავით გაუქვავდათ, უგრძნობელნი გახდნენ და საკუთარ თავში ჩაიხშვეს ყოველგვარი იმედი სინანულისა და გამოსწორებისა. ამგვარი ადამიანები ასე კვდებიან  -  გამოუსწორებელნი და მოუნანიებელნი. ამიტომ ჩვენც ნუ გვექნება საბოლოო აღსარების იმედი და ვეცადოთ, ცოდვის ჩადენისთანავე მივმართოთ სულიერ მოძღვარს, ხშირად ვთქვათ გულწრფელი აღსარება და ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს, რაც ჩვენი ცხონების საწინდარი იქნება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი / ცოდვილნი, რომლებსაც სიკვდილის წინ სინანულით სულის ცხონების იმედი აქვთ