წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ეშმაკის ორი ბადე

 

     ეშმაკი უამრავ ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და მათ დაღუპვისაკენ უბიძგოს. მათ შორის არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება და მეტისმეტი საქმიანობაც, როცა ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ეს ორივე ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: დახეტიალობენ ქალაქის ქუჩებში, ერთმანეთს ათასგვარ ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ, და თუ მიდიან კიდეც ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მეტი საქმე არ აქვთ. ასე გაჰყავთ დრო საკუთარი თავისთვის ყოველგვარი სარგებლობის გარეშე.

 

     აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: «მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა». ეშმაკმა, თითქოსდა, მზაკვრობისა და ბოროტების სკოლა გახსნა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ... ადამიანი იქ სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. «ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა» (იგავ. 21, 25). ის მთელი დღე ბოროტს ზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმიდურობაში.

 

     უსაქმური ადამიანების ფიქრები განსჯისა და განკითხვის განუწყვეტელი ჯაჭვია. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანი- ჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია მთელი დღე გაატაროს განკითხვაში, და თუკი მცირე ხნით მაინც დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა ასეთი ადამიანის ბაგეები განწმედილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით _ ეს მას მცირედაც არ აღელვებს, ის მშვიდად ბილწავს საკუთარ ბაგეებს ახალ-ახალი განკითხვებით.

 

     რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართალს ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძღვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა _ უსაქმურობა. არის სხვაც. ესაა სხვადასხვა საქმეების სიმრავლე, რი- თაც ადამიანები თავს გადაიტვირ- თავენ და მოსვენებას არ აძლევენ საკუთარ სულს.

 

     როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. «რომელი იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან» (ლკ. 8, 14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ეს შეუ- ძლიათ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწისკენ მიდრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ არა მხოლოდ სიკეთის გასაკეთებლად, არამედ მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად ყოველდღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ, და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კვალიც კი აღარ რჩება კეთილზნეობისა.

 

     თუმცაღა, მათ თუნდაც რომ რჩებოდეთ კიდეც გარკვეული დრო, ისინი ამას მაინც თავიანთი საქმეებისათვის გამოიყენებდნენ. მათ სწორედ ის ემართებათ, რაც მონადირეებს. მაშინაც, კი, როცა მონადირეებს სძინავთ, ესიზმრებათ, რომ ფხიზლად არიან _ ნადირობენ ფრინველებზე და მხეცებზე, რომლებიც გაურბიან მათ ან ბადეში ვარდებიან. მათი სხეული ლოგინში განისვენებს, წარმოსახვა კი _ ტყეშია. ასე მოსდის მათაც, ვინც მეტისმეტი საზრუნავით არის შეპყრობილი. ისინი დგანან ეკლესიაში და ბაგით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს კი მათი გონება აქა-იქ დაეხეტება და საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრობს, თუ როგორ გააკეთოს უკეთ ისინი. მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გააკეთონ ერთი საქმე, როგორ დაამთავრონ მეორე, სულისათვის კი დრო არ რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული ტაძარში იმყოფება, გონება _ ქუჩაში დაძრწის. მაშინაც კი როცა სძინავთ, მათი აზრები ერთი საქმიდან მეორეზე გადადის. თუ შენ თვითონ არ მოგწონს, რომ როდესაც მეგობარს ესაუბრები, ის არ გისმენს და გამუდმებით უადგილო შეკითხვებს გისვამს, როგორღა გსურს, რომ უფალი ესაუბროს შენს გულს, მაშინ როცა მასში ასობით ამაო აზრი ტრიალებს?

 

     ილოცე უფლის მიმართ, რათა განგანათლოს შენ, რომ ამოიცნო მიზანი, რისთვისაც შობილხარ ამქვეყნად, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: «მაუწყე მე უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაიღა ვუწყოდი, რაიღა მაკლს მე» (ფს. 38, 5). ამის შემდეგ კი დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენ- თვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს ისღა დარჩებოდათ დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს რომ მოესურვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ რომ დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის რომ სამოთხე მოგვეხვეჭა, ისევე ძვირფასია, როგორც თავად სამოთხე.

 

     ახლა გესმის კი, რაოდენ დიდი ფასი აქვს დროს, რომელიც უფალმა მოგვცა ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად? როდესაც სიკვდილი მოულოდნელად მოვა შენთან, ძებნას დაუწყებ თუნდაც ერთ წამს, მაგრამ ვერ ჰპოვებ მას.

 

     ჰყვებიან ერთ დიდებულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეფის მრჩეველი იყო. როდესაც მიხვდა, რომ თავისი ცხოვრების დასასრული დადგა, მწარედ ატირდა და თქვა: «ვაი, ჩემს თავს! რამდენი ქაღალდი დავხარჯე, როდესაც მეფის სიგელებს ვწერდი, და ერთი წუთიც კი ვერ გამოვნახე, რომ ჩამომეწერა თუნდაც ერთ უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯზე ჩემი ცოდვები, რათა ახლა გამეხსენებინა და მომენანიებინა.» და შენ კი, საყვარელო, შეძლებ კი ასე იგლოვო შენი ცხოვრების დასასრულს, რომ ამდენი წელი ამაოებაში განვლე?

 

     გაიღვიძე და აღსდექი ძილისგან. იყავი, როგორც მომლოცველი, რომელიც დასასვენებლად წამოწვა, მაგრამ როგორც კი გაახსენდება, რომ მისი მეგობრები შორს წავიდნენ, მაშინვე დგება და თავის გზას აგრძელებს. იყავი არა «უგუნურნი, არამედ ვითაცა ბრძენნი; გაუფრთხილდით დროს, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან». (ეფ 5, 15-16).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი / ეშმაკის ორი ბადე