ათონის წმინდა მთა

 

 

წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კილომეტრი, ხოლო სიგანე 12 კილომეტრამდეა. სიმაღლე კი 2033 მეტრია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).

ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინეპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით

იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის

მადლს.

ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და

გაიგზავნა ღვთისმშობელთან.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად, 44 წელს ღვთისმშობელი, მოციქულებთან ერთად, კვიპროსზე გაემგზავრა.

ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის

მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა.

მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.

ათონის მთაზე მონაზვნების დასახლებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები VII-VIII საუკუნეს განეკუთვნება. 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ათონელ მონაზვნებს ნახევარკუნძულის მფლობელობა დაუმტკიცა „განუსაზღვრელი“ დროით.

მონაზვნების მიერ სრული თვითმმართველობის უფლება იმპერატორის სიგელში და წმინდა მთის პირველ წესდებაში აისახა.მიუხედვად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე

(ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი). ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული

ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და

მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.

999 წელს ათონის მთასთან ზღვით მისცურა ივერიისად წოდებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.

ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი-განდეგილი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ და მის ნაცვლად თავისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ. გადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.

პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მონასტერი მოქმედებს. მონასტრების გარდა ათონზე

მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.

ათონის მთის მონასტრები ხუთ ჯგუფად იყოფა - ყოველ ჯგუფში ოთხი მონასტერია გაერთიანებული.

ყოველი მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან ათონი ერთგვარი სამონაზვნო რესპუბლიკაა, ამიტომ მას თავისებული თვითმმართველობის ორგანი ჰყავს. ათონის ეგრეთ წოდებულ დედაქალაში - კარეაში, განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მმართველობა და სასამართლო. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ეპისტასია ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.

ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი

მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ქილანდარიდან და დიონისიატიდან.

ათონის მონასტრები ბიზანტიური ეპოქის ნამდვილი საოცრებებია. ისინი დიდი ციხესიმაგრეების მსგავსი, პირდაპირ კლდეების თხემებზე წამომართული, მასიური მიუწვდომელი კედლებით გარშემორტყმული ნაგებობებია.

ომიანობის დროსაც კი არც თურქებს და არც ჰიტლერის არმიის ჯარისკაცებს არ გაუბედავთ მონასტრების ხელყოფა, იმდენად მოწიწებას იწვევდნენ მათში ათონელი მონაზვნები. აი, რატომ შემორჩა დღევანდელ დღემდე მონასტრებში უნიკალური უძველესი წიგნები, დიდი ბიბლიოთეკები, საეკლესიო ძვირფასეულობები, შეუფასებელი ძველი ფრესკები და მოზაიკები. აქვე ინახება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიებიც: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი,

უფლის წმინდა ჯვრის ხის ნაწილები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, მოგვების ძღვენი, რომელიც მათ ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ბეთლემის გამოქვაბულში და მრავალი სხვა სიწმინდე.

ათონის მახლობელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი დღესაც ყვებიან იმის შესახებ, როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. მიცურავს, მაგალითად, მეთევზეთა ნავი, რომელზეც რამდენიმე მეთევზეა - ძმები თავიანთ

დასთან ერთად, რომელიც დასახმარებლად წამოიყვანეს. ქალიშვილმა რაღაც მიზეზით ათონის მთასთან მისვლა ითხოვა, მაგრამ როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, ფერდობიდან ქვებმა დაიწყო ცვენა. მიწისძვრით შეშინებულმა მენავეებმა სწრაფად

გაცურეს ზღვაში. არც მუმლის ან კოღოების თავდასხმაა გამორიცხული. ამის მხილველი არცერთი ქალი თვითონაც აღარ მოისურვებს, რომ ფეხი დაადგას წმინდა მიწაზე, სადაც ათასი წლის განმავლობაში ქალთაგან მხოლოდ ყოვლადწმიდა

ღვთისმშობელი მყოფობდა.

წმინდა მთაზე ერთი ქალაქია - კარიესი - ეს არის ნახევარკუნძულის მართვის ცენტრი, შეიძლება ითქვას, ათონის დედაქალაქი. აი, როგორ აღწერს ათონის მთას 1927 წელს ერთი რუსი მოგზაური:

 

„არასოდეს მინახავს კარიესის მსგავსი ქალაქი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვნახავ. ჩვენ ვიწრო, დაკლაკნილ ქუჩებს მივუყვებოდით, გვერდი ავუარეთ მშვენიერ, ცისფერ სახლებს (ეს აღმოსავლეთის საყვარელი ფერია) გადმოკიდებული აივნებით, ვენახის ხეივნებით. გზად ფარდულებია. შეგიძია იყიდო საბერო კაბა, ხატი, სხვადასხვა ნივთები. კარები ღიაა, არც შესვლას უშლის ვინმე, მაგრამ ფარდულში არავინაა, ისევე, როგორც ქუჩაში, და გეჩვენება, რომ მთლიანად ქალაქშიც.

მაგრამ აქ მაცხოვრებლები მაინც არიან, თუმცა მცირერიცხოვანნი - ბერები და რამდენიმე ბერძენი ვაჭარი. ისინი სახლის სიღრმეში ცხოვრობენ. შესაძლებელია, ფარდულის მეპატრონეც იპოვნო, საკმარისია, კარზე დააკაკუნო და იგი მაშინვე

მოგყიდის ათასგვარ ათონურ სუვენირს. მაგრამ ათონის დედაქალაქში ქალს ვერ ნახავ, აქ მხოლოდ მამაკაცები არიან...

...დაახლოებით 1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს, ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

...დაახლოებით 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო.

„ვათოპედის მონასტრის კელიიდან გაქრა აგრეთვე ბერი ნექტარიოსი, იგი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი, - წერს ბერი ვლასი, - და კიდევ ორი ბერი - ნიკოდიმოსი ქსენოფონტის სკიტიდან და მარტინიანი კაპასალიდან; და ვერც მათ კვალს მიაგნეს სადმე“.

ზოგიერთები თვლიან, რომ მოსაგრეთაგან განსაკუთრებით ღირსეულნი იკარგებიან. ბერები ამ გაქრობას ათონის სხვა დიდ საიდუმლოს უკავშირებენ - ე.წ. „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება,

ამბობენ: იგი უხილავმა მოსაგრეებმა წაიყვანესო.ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“?

ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთნი ვარაუდობენ, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმინდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმინდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ,

თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით, რათა განუწყვეტლად მყოფობდნენ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ კეთილკრძალული მონაზვნებით გაივსებოდა, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც.

ყველაზე ძველი გარდამოცემა გვამცნობს, რომ XIX საუკუნის დასაწყისში უცნობ მოსაგრეებს თავისთან ღებულობდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ.

ჟურნალ „წმინდა მთის ბიბლიოთეკის“ ერთ-ერთი ნომერი იუწყებოდა, რომ უხილავი მოსაგრეები „შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ რაღაც საიდუმლო სახით მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ“.

ამ სიტყვის დასტურად ერთი ასეთი დამოწმება შეიძლება მოვიხმოთ:

1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმადმოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ მოსაგრეთა საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.

* * *

ახლა ზოგიერთ ისეთ შემთხვევასაც მოგითხრობთ, რომლებიც „უხილავ მოსაგრეებთან“ თანამედროვეთა შეხვედრების შესახებ მოგვითხრობენ.

ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა და ვიღაც უცნობ ბერს შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც მან ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს.

...კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერდიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმინდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და

საუბარი დაიწყეს. უცნობი მოსაგრე ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული.

ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხება მოხუცი ბერისათვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.

...წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს, რომელიც კრეტიდან იყო, სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აებნა და გამოქვაბულს მიადგა, სადაც საგებელზე ვიღაც ბერის სხეული ესვენა, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი თითო სანთელი

ენთო. როდესაც  კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ადგილობრივი მიდამოები გადაძებნა, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი იპოვეს.

ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი (გარდაიცვალა 1994 წელს) აგრეთვე ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმინდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილ-სამყოფელს უმალავენ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, - წერს ბერი ვლასი, - (ეს კი ნამდვილად ასე უნდა იყოს, რამეთუ ამას თვითმხილველები ამოწმებენ), მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა (ჩვენი ცოდვების გამო) ადამიანთა მოდგმაზე“.

* * *

ძნელია, აქ კიდევ რაიმე ითქვას „უხილავ მოსაგრეებზე“, ათონის მთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ. მართლაც არიან თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ყოვლისმხილველმა უფალმა უწყის. სამაგიეროდ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნეში

წმინდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმინდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათნელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. იგი ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი ლოცვით იმ წმინდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისათვის ევედრებოდა. ეს წმიდა სილუან ათონელი გახლდათ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ათონის წმინდა მთა