არ განიკითხოთ და არ განიკითხებით

 

* * *

ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახელობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის

გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.

 

* * *

ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ადიდებდა ღმერთს.

- რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის საშინელ სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი. - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა

ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარება.

მაშინ მომაკვდავმა თავი წამოსწია სარეცელიდან და უთხრა მათ:

- ძმანო და მამანო, მართალია, მე უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცამთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, მე გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და ველოდი საშინელ სასჯელს, მაგრამ

ანგელოზებმა მითხრეს: „მიუხედავად შენი უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ დახიეს ჩემი ცოდვების ხელწერილი. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.

დაასრულა ამის თქმა და მშვიდობით მიცვალა უფლის მიმართ.

 

* * *

უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა.

ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა.

ამის შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მას მღვდელმა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი აღარ გაუღო და მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა სახლში.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ამოსაღები ჭურჭელი.

წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღებელი არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოსი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი. ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი

შემწირველი. ასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს.განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა ითხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა ხოლმე, რომ არავის არ უნდა

განიკითხავდნენ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი და მან დაგვიწერა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, ნუ დასჯით და არ დაისჯებით. მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოსებთან ერთად დგანან, წმ.

ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვების დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვეიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.

 

 

* * *

ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა:

„ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.

 

* * *

ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა

მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე

მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე,

რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის

ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს

მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა

პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.

 

* * *

ღირსი იოანე სებაიტელი მოგვითხრობს: „ერთხელ ჩემთან მეზობელი მონასტრიდან მორჩილი მოვიდა და შევეკითხე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური მამები. მან მიპასუხა: „კარგად, თქვენი ლოცვის შემწეობით“. შემდეგ კი ის მორჩილი მოვიკითხე,

რომელიც კარგი სახელით ვერ სარგებლობდა. სტუმარმა მითხრა: „სრულიად არ გამოცვლილა, მამაო“. გაგონებისთანავე წამოვიძახე: „ცუდია!“ და წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვა, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი აღტაცება შევიგრძენი და ვიხილე

იესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. ის-ის იყო განვემზადე თაყვანი მეცა მაცხოვრისთვის, რომ უეცრად უფალმა წინამდგომარე ანგელოზებს მიმართა: „განსდევნეთ იგი - ეს ანტიქტისტე, რამეთუ ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმაი თვისი“.

და როდესაც უფლის განგების თანახმად ვიდევნებოდი, კარში დარჩა ჩემი მოსასხამი და უცებ გამეღვიძა. „უბედურება დამატყდა თავს, - მივუგე სტუმრად მოსულ მორჩილს. - ბოროტ არს დღეი ესე ჩემთვის“. „რატომ?“ - მკითხა მან. მაშინ

გავუმხილე ხილვა და განვუმარტე, რომ დარჩენილი მოსასხამი ღვთის მფარველობისა და შეწევნის დაკარგვას მოასწავებდა. იმ დღიდან მოყოლებული შვიდი წელი უდაბნოში გავატარე, არც პური მიმიღია, არც თავშესაფარი მიძებნია, არც ადამიანთან გამიბამს საუბარი, სანამ არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მოსასხამი დამიბრუნა.“

 

* * *

ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: „უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო“.

გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერს მიერ მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: „ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში“. ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და

ცოდვილთა განმსჯელი ხარ, - განაგრძობდა ანგელოზი, - მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“. მიხვდა ბერი - ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთოხვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში

უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია - მიუგო ანგელოზმა - აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.

 

* * *

წმიდა ეპისკოპოს ამონზე მოგვითხრობენ, რომ მას განსასჯელად ქალი მიუყვანეს, რომელიც მრუშობის ცოდვაში ამხილეს (იმ დროს მსაჯულის ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა ეპისკოპოსს). წმინდა ეპისკოპოსმა შეხედა უბედურ ქალს და თქვა: „შენ

შვილი ჩაგესახა, შენი ფეხმძიმობა რთული იქნება - შემდეგ კი ბერებს მიუბრუნდა და უთხრა: მიეცით მას ათი არშინი ტილო, თუკი მშობიარობის დროს აღესრულა, მისთვის იგი სავანე იქნება, თუკი ბავშვი დაიბადა, მისთვის გამოადგება“. და ქალი

გაუშვა, არც დაუსჯია და არც ეპიტიმია დაუდია მისთვის. ერთმა ქალმა, რომელიც განსჯის პროცესს ესწრებოდა და ცოდვილის დასჯის წყურვილით იყო აღვსილი, წამოიძახა: „ეს ეპისკოპოსი ნამდვილად უგუნურია“. ეპისკოპოსმა მიუგო:

„უდაბნოში ათი წელი მდუმარე ლოცვაში გავატარე, რათა ამ უგუნურებისთვის მიმეღწია, ეხლა კი არ მსურს მასთან განშორება და არ გავცვლი მას არანაირ ამქვეყნიურ სიბრძნეზე“. ე.ი. მღვდელმთავარმა ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ

ვერ ხედავდა ბოროტებას სხვა ადამიანში. ამ შემთხვევაში ეპისოკპოსმა თავისი ბრძნული საქციელით ცოდვილი ქალი ღრმა სინანულში ჩააგდო და სიკვდილზეც დააფიქრა.

 

* * *

მონასტერში მიმავალ აბბა დანიელს გზად დააღამდა და ღამე სოფელში გაათია. მან გაიგონა  თუ როგორ ლანძღავდნენ ბინძური სიტყვებით მოჩხუბარი თანასოფლელები ერთმანეთს. აბბა მაშინვე წამოდგა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო.

მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი უზარმაზარი ხმლით ხელში და უთხრა: „ამ ხმლით იქნება ძლეული ყველა, ვინც მოძმეს განიკითხავს. ნეტარ ხარ შენ, რადგანაც შენდა საცდუნებლად ჩხუბის ხმა მოგესმა და არავინ განიკითხე, არამედ ილოცე!

ამიტომაც ღვთის კურთხევა იქნება შენზედ“.

 

 

* * *

ღირსი მამა ვიტალი, წმიდა სპირიდონის კელიაში გატარებული სამოცწლიანი ღვაწლის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, როგორც წერია მის ცხოვრებაში - „ადამიანთა საცდურად“. რათა განრიდებოდა ადამიანურ დიდებას,

გადაწყვიტა დღისით, როგორც დაქირავებულ მუშას ემუშავა. შრომის საფასურად დღეში თითო ვერცხლს იღებდა.

გამომუშავებული თანხიდან უმნიშვნელო ნაწილს გამოკვებას ახმარდა (ლობიოს ყიდულობდა), ხოლო საღამოობით კი საროსკიპოებში სტუმრობდა. იქ, მთელ ფულს იმ ქალებს უტოვებდა, ემუდარებოდა განრიდებოდნენ სიძვას და მთელ ღამეს

მათთან ფსალმუნთა გალობასა და ლოცვაში ატარებდა. შინ დაბრუნებისას პირობას ართმევდა არ გაემხილათ წმიდა მამის სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი. ქალაქის მკვიდრნი კი კიცხავდნენ წმიდანს და გაიძახოდნენ: „წადი, წყეულო. შენ მეძავებთან

გელოდებიან“-ო. ან კიდევ: „უმჯობესი იყო ცოლი მოგეყვანა, ბერის სახელს რყვნი“-ო. ღირსი ვიტალი არ იმართლებდა თავს, მალავდა უფლის მიერ ბოძებულ მადლს, სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ბევრი დაცემული ქალი გამოიხსნა

ცოდვისაგან. ღირსი მამის ღვაწლი მხოლოდ გარდაცალების შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც მის წმიდა ნაწილებთან შეხებისას ეშმაკეული განიკურნა და ბევრი მკელობელი და ბრმა გამოჯანმრთელდა.

 

* * *

მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი

განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან

დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას,

რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე

ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას

და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას

განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 ნუ დაითვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე

 

* * *

ერთ მეგვიპტელ მეუდაბნოეს ეშმაკი დაპირდა, რომ აღარ შეაწუხებდა, თუკი იგი სამიდან ერთ-ერთ ცოდვას მაინც ჩაიდენდა.

არჩევანი ასეთი იყო: მკვლელობა, მრუშობა და სიმთვრალე. „ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ან დათვერი და ამის შემდეგ სიმშვიდეში იცხოვრე. აღარ შეგაწუხებ“.

მეუდაბნოემ იფიქრა: კაცი მოვკლა? - მეშინია, რადგან ეს თავისთავად დიდი ცოდვაა, რომელიც საღმრთო სამართლითაც სიკვდილით ისჯება და სამოქალაქოთიც. ვიმრუშო? სირცხვილია, სხეულის სისუფთავე რომ დავღუპო და შეურაცხვყო ჯერ

უცნობი სიბილწით. დათრობა კი თითქოს არ უნდა იყოს დიდი ცოდვა, რადგან მთვრალი გამოიძინებს და გამოფხიზლდება.

დავთვრები, რომ ეშმაკმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ მშვიდად ვიცხოვრებ უდაბნოში.

და აი, წაიღო თავისი ხელსაქმე ქალაქში, გაყიდა და შევიდა დუქანში. დათვრა იქ. ეშმაკის მანქანებით მთვრალს ერთ ურცხვ მეძავთან მოუხდა ლაპარაკი, მოიხიბლა და დაეცა მასთან, ცოდვის ჩადენისას ქმარმა მოუსწრო მათ და ცოლის

შეურაცხმყოფელს ცემა დაუწყო, მან კი ცემითვე უპასუხა, მოერია და მოკლა.

ასე რომ, იმ განდეგილმა დაიწყო სიმთვრალით და მერე კი იმრუშა და ბოლოს მოკლა კიდეც. სიფხიზლეში მას ამ ცოდვების ეშინოდა და ერიდებოდა, მთვრალმა კი ჩაიდინა და თავისი მრავალწლოვანი ღვაწლი დაღუპა. მხოლოდ ჭეშმარიტი

სინანულით შეძლო მან კვლავ მოეპოვებინა დაკარგული, რადგან ღმრთის გულმოწყალებით სინანულით მოქცეულ ადამიანს უბრუნდება ცოდვის

გამო დაკარგული ადრინდელი დამსახურება.

აი, როგორ უბიძგებს სიმთვრალე ცოდვებისაკენ და სათნოებების დაღუპვის გამო ხსნას აკარგვინებს ადამიანს. „ლოთობა, თუკი რამეს ნახავს ადამიანში - ქალწულებას, სირცხვილს, გონებას, სიმშვიდეს, მორჩილებას - ყველაფერს კანონის

დარღვევის უფსკრულში მოაქცევს“. განა არ დაკარგავს ხსნას და ზეციურ სამკვიდრებელს ადამიანი, რომელსაც ლოთობა ყველა სათნოებას ჩამოაშორებს? ჭეშმარიტებას ამბობს მოციქული: „... მემთვრალეთა... სასუფეველი ღმრთისაი ვერ

დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 10).

 

* * *

იღუმენია ტაისია იხსენებს: „ერთხელ მე და მამა იოანე კრონშტადტელი ნიკოლაევის ხიდზე ეტლით მივდიოდით, საიდანაც მეეტლეს მარცხნივ გადახვევა ჰქონდა ნარძანები. როცა ჩვენი ეტლი სამლოცველოს გაუთანასწორდა, სანაპიროს გასწვრივ,

მარცხენა მხარეს დამკრძალავი პროცესია გამოჩნდა. ჩასასვენებელი ერთ ცხენს მოჰქონდა, ხოლო გამცილებლები კი არა უმეტეს 17-19 კაცი იქნებოდა; თითოული მათგანი კარგად ჩანდა, ისე, რომ მათი გარჩევა არ იყო ძნელი. მამა იოანეს უეცრად

სახე შეეცვალა და მან დამკრძალავ პროცესიას დაჟინებით დაუწყო ცქერა. რაკი ის სანაპიროთი ჩვენი ეტლის გასწვრივ  ჩემ მარცხენა მხარეს მიდიოდა, რათა მსვლელობა კარგად დაეთვალიერებინა, მამა იოანე ჩემსკენ გადმოიხარა, რის გამოც მე არ შემეძლო არ შემემჩნია ის ცვლილებები, რომელიც მას სახეზე გამოეხატებოდა. ბოლოს პროცესიამ სხვა მხარეს გადაუხვია, მამა იოანე კი როგორც კი დამშვიდდა, პირჯვარი გადაისახა და მე მომმართა: „მართლაც რა მძიმეა მემთვრელეობის ვნებით

შეპყრობილის სიკვდილი“. მეგონა რა, რომ გარდაცვლილზე საუბრობდა და მან გამცილებლები იცნო, მივმართე: „თქვენ, ალბათ, იცნობდით მას, მამაო“. არა, მიპასუხა მან, ისევე როგორც შენ, პირველად ვხედავ, არც მის გამცილებლებს ვიცნობ,

მაგრამ ვხედავ დემონებს მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილით გახარებულებს“.

 

 

 

მიუტევეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, რათა მოგიტეოს თქუნცა მამამან თქუენმან ზეცათამან

* * *

ერთი მონაზონი, მეორისგან შეურაცხყოფილი, მივიდა აბბა სისოი თებაიდელთან და გაუმხილა, რომ სურვილი ჰქონდა შური ეძია მასზე, ვინც აწყენინა. აბბა სისოი შეეცადა უარი ეთქმევინებინა მისთვის ამ ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ ვერას გახდა და უთხრა მონაზონს:

- მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა: უფალო! ახლა უკვე შენს იმედზე აღარ ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და შურსაც ვიძიებთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.

მოისმინა დამცირებულმა მონაზონმა ეს სიტყვები და თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.

- მე ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემს მიმართ ჩაუდენია. მაშინ ბერმა უპასუხა:

- გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისაგან, ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს.

 

* * *

ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი მოგვითხრო:

- მოხდა ისე, რომ მე დავემდურე ერთ ჩემს ძმას და განვრისხდი მასზე. ერთხელ, ჩემს კელიაში მუშაობისას, უეცრად ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. და აი, ვხედავ, შემოდის კელიაში ახალგაზრდა ყმაწვილი, მას არ უთქვამს ლოცვა, როგორც ბერების წესია, და მითხრა:

- ვხედავ, რომ შენ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.

მე მას ვუპასუხე:

- განმეშორე, რადგან შენ ღვთისაგან არა ხარ და აღარასოდეს მოხვიდე აქ.

მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:

- მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან შენ უკვე ჩემი ხარ. მე ვუთხარი:

- შენი კი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ.

მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:

- ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეჰენიისა, ხოლო შენ, რახან გულში ბოროტი გიდევს შენი ძმისათვის,

სწორედ ამიტომ ხარ ჩემი და მხოლოდ ჩემი, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.

ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ გაივქეცი ჩემს ძმასთან და შენდობა ვთხოვე, ხოლო როცა კვლავ დავბრუნდი კელიაში, ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. ასევ დამწვარი დამხვდა ფარდაგი, რომელზედაც მუხლს ვიდრეკდი ლოცვისას.

 

* * *

 

პეჩორის პრესვიტერს ღირს ტიტეს (XII ს.) ჰყავდა მეგობარი, იმავე მონასტრის ბერი, დიაკვანი ევაგრე. მათ ისე გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი, რომ მთელს საძმოს უკვირდა მათი თანამოზრახეობა.

მაგრამ სიკეთის მოძულე მტერმა, რომელიც მიჩვეული იყო ხორბალს შორის ღვარძლის თესვას, მათ შორის მტრობა დათესა.

თან ისე მოახერხა, რომ ერთმანეთის დანახვაც კი არ შეეძლოთ. როდესაც ერთ-ერთ მათგანს მოუწევდა საკმევლით ტაძრის შემოკმევა, მეორე გაურბოდა საკმეველს; ხოლო თუკი ის პირს არ მოარიდებდა, მაშინ მეორე აუვლიდა გვერდს.

დიდხანს იმყოფებოდნენ ისინი ცოდვის წყვდიადში და შეურიგებლად, ურთიერთპატიების გარეშე ვერ ბედავდნენ მიეღოთ საღვთო ძღვენი და ზიარებულიყვნენ. საძმო სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მათ ამის გაგონებაც კი არ სურდათ.

ღვთის განგებით მოხდა ისე, რომ ნეტარი პრესვიტერი ტიტე ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო. მაშინ იგი ცხარედ ატირდა თავისი ცოდვების გამო, გააგზავნა კაცი ევაგრესთან და გულაჩუყებულმა შეუთვალა: „მაპატიე, ძმაო, ღვთის გულისათვის, რომ სიფიცხით შეურაცხგყავ“, მან კი არა თუ აპატია, არამედ ულმობელი სიტყვებით დასწყევლა იგი.

მონასტრის ძმებმა, მომაკვდავ ტიტეს რომ ხედავდნენ, ძალით მოიყვანეს ევაგრე მასთან გამოსამშვიდობებლად. სნეულმა ევაგრე რომ დაინახა, იმ წამსვე წამოდგა, მის ფეხებთან დაემხო და ცრემლმორეულმა მიმართა: „შემინდე მამაო და მაკურთხე

“, ავაგრემ კი ზურგი შეაქცია  ტიტეს და ყველას გასაგონად წარმოთქვა ულმობელი სიტყვები: „არასდროს არ გაპატიებ - არც აქ და არც იმქვეყნად“.

ამის თქმა იყო და ევაგრე ძმებს ხელიდან დაუსხლტა და დავარდა. მათ უნდოდათ მისი აყენება, მაგრამ იგი მკვდარი იყო, ვერ შესძლეს მისთვის ვერც ხელის გასწორება, ვერც პირის დახურცა და ვერც თვალის დახუჭვა, თითქოს დიდი ხნის მიცვალებული ყოფილიყო. ავადმყოფი ტიტე კი ამასობაში წამოდგა და გამოჯანმრთელდა. შიშმა შეიპყრო ყველა. კითხვებს უსვამდნენ გამოჯანმრთელებულ ნეტარ პრესვიტერს, თუ რას ნიშნავდა ეს? ნეტარი ტიტე პასუხობდა: „როდესაც მე მძიმედ ვიყავი ავად და ამ დროს მტრულად ვიყავი განწყობილი ძმისადმი, ვნახე ანგელოზები, რომლებიც განმეშორნენ და ტიროდნენ ჩემი სულის მოკვდინების გამო, ეშმაკები კი ხარობდნენ ჩემივე მრისხანებისთვის. მაშინ გთხოვეთ თქვენ ჩემი ძმისგან პატიება გამოგეთხოვათ.

თქვენ მომიყვანეთ იგი, მე თაყვანი ვეცი, მან კი ზურგი შემაქცია. ამ დროს დავინახე მრისხანე ანგელოზი, რომელმაც ცეცხლოვანი ლახვარი ჩაარტყა მას, რომელსაც მიტევება არ სურდა. ევაგრე იმწუთშივე მკვდარი დავარდა. მე კი იმავე ანგელოზმა ხელი გამომიწოდა, ამაყენა და აი, მე ჯანმრთელი ვარ“.

შეშინებულმა საძმომ ცხარე ცრემლით დაიტირა გარდაცვლილი ევაგრე. ის დაასაფლავეს გაღებული თვალებით, ღია პირითა და გაშეშებული ხელებით.

 

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ

* * *

ერთხელ წმინდა გენადიოს პატრიარქი მიდიოდა წმ. მოწამე ნეტარი ანასტასის ტაძარში და წინ უძღოდა დიდძალი მრევლი სანთლებითა და საკმევლით. სხვებთან ერთად მათ შორის იყო პატიოსანი მღვდელი მარკიანე, რომელსაც გზაში ერთმა გლახაკმა მოწყალება სთხოვა. ჭეშმარიტმა ღმრთისმსახურმა არ დატოვა იგი უყურადღებოდ, მთელი გულით მოუსმინა, შემდეგ მოფარებულ ადგილას გავიდა, გაიხადა ტანსაცმელი, იმ გლახაკს მისცა და თავად შიშველი დარჩა, მხოლოდ სამღვდელო სამოსლის ამარა. მოიქცა ისე, როგორც უფალმა თქვა, „ყოველთა, რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარე მიიქცევი“. ისე შევიდნენ ქალაქში და მივიდნენ წმ. მოწამე ანასტასის ეკლესიაში, რომ არავინ იცოდა მღვდლის

ქველმოქმედების შესახებ. ყველანი სავედრებელ ლოცვებს აღავლენდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და ემზადებოდნენ საღმრთო მსახურებისათვის.

ფერხთ-ბანის დრო რომ მოვიდა, ღმერთშემოსილი მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ არავის დაენახა მისი სიშიშვლე. ყველა დიაკონი, მღვდლები და პატრიარქი ხედავდნენ მას ეკლესიაში თითქოსდა ბრწყინვალე სამეფო სამოსლით

მოსილს ფილონის ქვეშ. როცა წმ. საიდუმლოს ეზიარებოდნენ კიდევ ერთმა მღვდელმა დაინახა ასევე წმ. სამოსლით მოსილი და პატრიარქთან დაასმინა. მანაც დაუმოწმა, მეც იგივე ვნახეო.

საღმრთო წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა უხმო მას ოთახში, სადაც საეკლესიო ქონება ინახებოდა, დაუწყო მხილება და გაკიცხვა, ეს რა ჩაიდინე, ძმაო, ეკლესიის განგებულების საწინააღმდეგოდ, სამეფო ტანსაცმლით წირვის

ჩატარება როგორ შეიძლებოდაო. მღვდელი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში და ეუბნებოდა, შემინდე, წმ. მეუფეო, მაგრამ ასეთი რამ არ ჩამიდენიაო. პატრიარქმა მიუგო, ჩვენ ყველამ გნახეთ და რატომ უარყოფო. მოვიდნენ მისი დამსმენლები, წამოაყენეს, გახადეს ფილონი და ნახეს, რომ შიშველი იყო. მაშინ კი ცხადი გახდა ამ მღვდლის სიმართლე და მოწყალება. ყველამ ადიდა ღმერთი, რომელიც აძლევს საიდუმლო მადლს მის მოყვარეთ.

იმ დღიდან გლახაკებისადმი მოწყალებით მრავალთათვის გახდა ცნობილი მისი ცხოვრება და თავად სიგლახაკით და მოთმინებით მადლობდა ღმერთს, მისი კეთილმოწყალების გამო ღმერთმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ეშმაკებს

განასხამდა ადამიანიდან, სნეულებს კურნავდა, უდაბურ ადგილებში დადიოდა და სადაც უპატრონო მკვდარს ნახავდა, განბანდა, სუდარას შემოახვევდა და ეტყოდა, აღდეგ ძმაოო. მკვდარი მაშინვე წამოდგებოდა. იგი ეამბორებოდა მას და

მიცვალებული ისევ შეისვენებდა. ეს ნეტარი მღვდელი მარკიანე ღმერთმა ადიდა, ანგელოსები აქებდნენ, ადამიანებს რიდი ჰქონდათ მისი, ეშმაკები ძრწოდნენ მის დანახვაზე. ყველას განაცვიფრებდა და ადიდებდნენ ღმერთს, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

მარტვირი ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, ასაკით ჭაბუკი, გონებით კი დაბრძენებული, წმინდად და უმანკოდ მცხოვრები ბერი იყო. ის სანატრელი ხშირად მიდიოდა ხოლმე სხვა მონასტერში თავის სულიერ მამასთან ლოცვა-კურთხევის

მისაღებად, რადგან მისდამი დიდი სიყვარული და სასოება ჰქონდა. ერთხელაც, იქ მიმავალმა გზაზე დაწყლულებული და დაბრმავებული გლახაკი ნახა მწოლარე. მასაც იმავე მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. შეეცოდა იგი ნეტარ

მარტვირის, შემოახვია თავისი ანაფორა, ბეჭებზე წამოიკიდა და წაიყვანა მონასტერში.

მისმა ღმრთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარვე იხილა ეს და ბერებს დაუძახა, წადით, სასწრაფოდ გაუღეთ მონასტრის კარიო, საყვარელ ძმას მარტვირის ღმერთი უტვირთავს და ჩვენთან მოდისო. მონასტრის კარიბჭესთან გლახაკის

მტვირთველმა ბეჭებიდან რომ ჩამოიხსნა იგი, მხოლოდ მაშინღა ეჩვენა ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახით, რომელმაც ამაღლება იწყო ზეცად. მარტვირი გაკვირვებით უყურებდა და თვალს არ აცილებდა. ცად აღმავალმა კი უთხრა, ჰოი, მარტვირი, შენ მე არ უგულვებელმყავი ქვეყანაზე და არც მე უგულვებელგყოფ ზეცაში. შენ წყალობა მიყავი და მეც შეგიწყალებ შენ.

 

მონასტერში შესულ მარტვირის სულიერმა მამამ ჰკითხა, შვილო, მარტვირი, ვინ იყო ის, შენ რომ იტვირთეო? მან უპასუხა, რომ მცოდნოდა, პატიოსანო მამაო, ვინც იყო, უფრო მტკიცედ ჩავეჭიდებოდი მის ფეხებს და ცრემლით დავულტობდიო და

მოუთხრო ყველას მომხდარი სასწაულის შესახებ. სულიერმა მამამ ჰკითხა, საყვარელო შვილო, მძიმე იყოო? მან კი უპასუხა, არა, პატიოსანო მამაო, როცა მოვიკიდე, ვერ ვიგრძენი მისი სიმძიმე, ცისა და ქვეყნის მპყრობელი უფლისა, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.

ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გალხაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის

მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა.

არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით

მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა

აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთ ქრისტეან დედაკაცს წარმართი ქმარი ჰყავდა. ღარიბები იყვნენ. სულ ორმოცდაათი ვერცხლი ჰქონდათ. ქმარმა ცოლს უთხრა, ეს რომ ერთბაშად დავხარჯოთ, მერე აღარაფერი გვექნება. მოდი, ისე გავასესხოთ, რომ მონაგები ავიღოთო. კეთილმა ქალმა უპასუხა, თუ გინდა, რომ იგი მონაგებით დაგიბრუნდეს, ქრისტეანების ღმერთს მიეციო. ქმარმა უთხრა, მითხარი, სად არის და მივცემო. ქალმა მიუგო, თუკი მისცემ მას ვახშად, გაჩვენებ. იცოდე, რომ არაფერს დაკარგავ და უფრო მეტს მიიღებო. ქმარი დათანხმდა. ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა, აჩვენა გლახაკები და უთხრა, მიეცი ამათ ეგ ვერცხლი. ქრისტეანთა ღმერთი ამათგან მიიღებს, რადგან ესენი ყველანი მისნი არიანო. კაცმა სიხარულით გაუნაწილა გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი და ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ მათ საზრდო გამოელიათ. ქმარმა ჰკითხა ცოლს, საჭმელი სულ გაგვითავდა და აღარ აპირებს ქრისტეანთა ღმერთი ჩვენი ვახშიდან მონაგების მოცემასო? ქალმა უპასუხა, წადი იქ, სადაც ასესხე, მოგცემს რამდენიც გეკუთვნის და გვეყოფაო.

წავიდა კაცი ეკლესიაში, სადაც ვერცხლი გაუყო გლახაკებს. ყველაფერი მოიარა და ვერავინ ნახა ისეთი, ვინც ვახშს მისცემდა. ერთადერთი გლახაკი იჯდა. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის ეკითხა, მაგრამ წინ რომ დაიხედა, დაინახა, რომ ფეხებთან მარმარილოზე ერთი ვერცხლი იდო. აიღო და წავიდა შინ. ცოლს გაკვირვებულმა უამბო, წავედი თქვენს ეკლესიაში, როგორც შენ მითხარი. ქრისტეანთა ღმერთი ვერსად ვნახე და არც არაფერი მოუცია, მაგრამ იქ, სადაც გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი დავუნაწილე, აი, ეს ერთი ვერცხლი იდოო. ბრძენმა დედაკაცმა უთხრა, სწორედ მან მოგცა ეგ უხილავად. უხილავია ღმერთი და უხილავი ძალით განაგებს სოფელს. ახლა წადი, ბატონო ჩემო, იყიდე მაგით რაიმე სურსათი, რომ ვისადილოთ. იგი სხვა დროსაც მოგცემსო.

წავიდა ეს კაცი, იყიდა იმ ვერცხლით პური, ღვინო და თევზი და მიუტანა ცოლს. ქალმა თევზს მუცელი რომ გაუჭრა და ნაწლავები ამოიღო, შიგ პატიოსანი ქვა იპოვა. ვერ მიხვდა რა იყო და შეინახა. ქმარი რომ მოვიდა, აჩვენა მას ის ქვა და უთხრა, ბატონო ჩემო, აი, ეს იყო თევზის მუცელშიო. კაცმა რომ ნახა, გაუკვირდა მისი ბრწყინვალება. ვერც ის მიხვდა რა ქვა იყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეყიდა.

მივიდა იგი ძვირფასი თვლების შემსყიდველთან და ჰკითხა, იყიდი ამ ქვასო? ვაჭარმა მიუგო, რამდენს აფასებო, კაცმა უპასუხა, შენ უკეთ იცი ამის ფასიო. მაშინ ხუთი დრაჰკანი შესთავაზა. ამ კაცს ეგონა დამცინისო და გაიკვირვა. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და ახლა ათი დრაჰკანი შეაძლია. კაცს ისევ ეცინებოდა და ვერაფერს ეუბნებოდა. ასე ასწია ვაჭარმა ფასი ოცდაათამდე და ორმოცდაათამდე. მაშინ კაცმა იფიქრა, ეს ქვა რომ ძალიან ძვირფასი არ იყოს, ორმოცდაათ დრაჰკანს არ შემომთავაზებდაო და დაიწყო ძვირად დაფასება. საბოლოოდ ვაჭარმა სამასი დრაკჰანი გადაუხადა. მისცა ამ კაცმა ის ქვა და დაბრუნდა შინ გამხიარულებული.

ცოლმა ჰკითხა, რამდენად გაჰყიდეო. მან უჩვენა სამასი დრაჰკანის ოქრო-ვერცხლი, აი, როგორ გავყიდეო. კეთილმორწმუნე დედაკაცს აკვირვებდა ღმრთის კაცთმოყვარება და ადიდებდა მის სიკეთეს. ქმარს უთხრა, ხედავ, როგორი კაცთმოყვარე და კეთილია ქრისტეანთა ღმერთი. მან არათუ ორმოცდაათი ვერცხლი, არამედ ბევრად მეტი მოგცა. იცოდე, ბატონო, რომ არც ცაში და არც ქვეყანაზე არ არის მის გარდა სხვა ღმერთი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ამის შემდეგ მისი ქმარიც მოინათლა და ქრისტეანი გახდა. ასე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“. იმ დღიდან იგი ყოველთვის სწყალობდა გლახაკებს, რადგან მოწყალების გზით ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და

ადიდებდა ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

სიყმაწვილეში მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტის ეპისკოპოსი (V ს.), მშობლების სახლში ცხოვრობდა. მამამ იგი პურის გამყიდველად დაადგინა და ამით არჩენდა ოჯახს. შვილმა უფულოდ დაიწყო გაჭირვებულთათვის პურის გაცემა. როდესაც

მამამ ამის შესახებ გაიგო, დაღონდა, გაბრაზდა და მისი დატუქსვა დაიწყო. ღვთისმოსავმა ყრმამ თქვა: „ტყუილად ჯავრობ, მამა; მე პურები სესხად ღმერთს მივეცი და მაქვს მისი უტყუარი ხელწერილი წმინდა წიგნებში: „მიეცი ღმერთს და ასმაგს მიიღებ“. ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა, წავიდეთ და ვნახოთ ბეღელში თუ როგორ უხდის ვალს ღმერთი მევალეებს.

მამა-შვილი ბეღლისაკენ წავიდნენ და იქ ყველაფერი ხორბლით სავსე აღმოჩნდა. განცვიფრებული მამა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს, ჰმადლობდა მას და ამის შემდეგ აღარ დაუშლია შვილისთვის წყალობის გაღება ღარიბებისათვის.

 

* * *

ბონიფანტე მოწყალე, ფერენტიელი ეპისკოპოსი (VI ს.), ბავშვიბიდანვე ღარიბთა შემწყნარებელი იყო. როდესაც შემთხვევით ვინმეს შეუმოსავს დაინახავდა, თავისას იხდიდა და აძლევდა, თვითონ კი სახლში ხანდახან ზედა ან ქვედა სამოსის გარეშეც

ბრუნდებოდა.

დედა გაჭირვებული ქვრივი იყო და ამიტომ ხშირად ბრაზობდა და ამბობდა: „არ იქცევი სამართლიანად, შვილო, თავად ღარიბი - ღარიბებს აცმევ“.

ერთხელ, როდესაც ბეღელში შევიდა, სადაც მთელი ზაფხულის სამყოფ პურს აცხობდნენ, ცარიელი დახვდა, რადგანაც ბონიფანტეს დედის უჩუმრად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა.

ქალმა ტირილი დაიწყო, სახეში იცემდა და ამბობდა: „რაღა ვქნა, საიდან მოვიტანო მთელი ზაფხულის სამყოფი პური? რითი გამოვიკვებოთ მე და მთელი სახლი?“ ბონიფანტე სიტყვით ცდილობდა დედის დაწყნარებას, მაგრამ დედის უზომო წუხილის გამო ვერ შესძლო. ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო ბეღლიდან.

 

დედა გავიდა, ბონიფანტემ კარი ჩარაზა, დაემხო მიწაზე და ღვთისადმი ლოცვა აღავლინა. უცბად ბეღელი ხორბლით გაივსო. იგი ღმერთს ჰმადლობდა, შემდეგ კი დედას უხმო და დაანახა ხორბლით სავსე ბეღელი. დედა დაწყნარდა და ადიდა უფალი.

მას შემდეგ აღარ უკრძალავდა შვილს ღარიბებისათვის მოწყალების გაღებას, ხედავდა, რომ შვილის უდიდესი რწმენის ძალით მოწყალების გაღებისას არ ღარიბდებოდნენ და რასაც შესთხოვდნენ უფალს - ღებულობდნენ.

 

* * *

ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების  იმედი მაქვს. შენი

წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში.

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა: - გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

- გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

- აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?

- იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

- შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

 

-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.

- მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური

მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული,

სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.

 

* * *

ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ჩავიდა ბერი ვიტალი. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.

ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:

- ღვთის გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის ნუ გაიკარებო!

მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა.

დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისათვის ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ მოუწოდებდა სინანულისაკენ, უყვებოდა თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგიერთმაც, ანება რა თავი ამ ცოდვილ საქმიანობას, პატიოსანი

შრომით დაიწყო ლუკმაპურის შოვნა.

 

* * *

თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი

გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.

ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.

- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!

იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:

- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან. იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.

- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.

იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?

ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.

- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.

- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და

ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.

- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება. თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.

 

იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.

ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.

ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა.

შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე,

ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობეს საკუთარ ცოდვებს“.

 

* * *

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება

შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.

მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ

უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.

ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.

 

 

* * *

ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალთებს წნავდა და მშრალი პურით

იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახა,

როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და

შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.

 

* * *

მამა იოანე მძოვარმა, რომელსაც წითელს ეძახდნენ, გვიამბო: წმიდა თეოდოსის მონასტერში ჩემი ყოფნის ჟამს იქ მოღვაწეობდა ორი ძმა, რომელთაც ერთმანეთისათვის შეეფიცათ, არც სიცოცხლეში განშორებოდნენ ურთიერთს და არც

სამარეში. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შესძლო, ძმას უთხრა: გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგებიო. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმითგან

ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა,რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.

როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა: „აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისაგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ვევედროთ ღმერთს, რომ

შეგინდოს ეს ცოდვა, რადგან მოწყალე უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ“. დაცემულმა მიუგო: „ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი წადი, ძმაო, და დამტოვე“. რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვერაფრით დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში

დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.

იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათალიკოსი გახდა, ბიზანტიაში, ზეთისხილის მთის მახლობლად, მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარლად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. წმიდა აბრაამმა მოუხმო ბერს, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა: მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ჩემი ძმა წარწყმედისაგან იხსნასო.

ეს რომ მოისმინა, დიდებულმა აბრაამმა უთხრა ძმას: შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა გაჩუქაო შენი ძმის სული. ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა უდაბნოში წაეყვანა იგი - იქნებ, ღმერთს შეენდო მისთვის აურაცხელი ცოდვა. ძმამ მაშინვე წაიყვანა იგი იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა, აღთქმისამებრ, სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა.

 

* * *

ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია,

რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა.

ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი

საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.

წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია, ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.

 

* * *

წმინდა დიდმოწამე თეოდორეს ეკლესიის მთავარდიაკვანი, ღვთისმოყვარე თეოდორე, გვიამბობდა: ზაქარია დიაკვნის ცოლი, სახელად ოქროვანი, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან მივიდა და სიძვაში ამხილა თავისი ქმარი. ღვთისნიერმა პატრიარქმა იხმო ზაქარია და ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რაც მის შესახებ გაიგო. იმ საბრალომ უარყო. შეგიძლია თუ არა, შენი ნათქვამი დაამტკიცო? - ჰკითხა პატრიარქმა დედაკაცს. ქალმა უპასუხა, ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ მაინც ვერ დავამტკიცებ, რადგან არავის უნდა ასეთ საქმეში გარევაო. პატრიარქმა შეხედა ქალის ქმარს და უთხრა: გონს მოდი, ძმაო, და ნუ გათელავ ფეხქვეშ შენს სინდისს, ნუ გგონია, რომ რამეს დაუმალავ ღმერთს, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი

გულისთქმაც კი არ გამოეპარება; თუ რაიმე ასეთი მოხდა, ნუ გაკადნიერდები და ნუ შეხვალ წმიდა საკურთხეველში, ხოლო თუ არ გამხელს გონება, აი, წმინდა საკურთხეველი და თუ გაბედავ, შედი.

დიაკვანი უშიშრად შევიდა საკურთხეველში. მალე მას თავიდან ფეხებამდე კეთრი მოედო. ყოვლადძლიერმა ღმერთმა ამ სასწაულით აჩვენა, რომ კაცი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, ღვთის საქმე შეურაცხყოს.

 

* * *

კალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული.

შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე,

ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ

გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძგელი ცოდვისათვის გინდა, ცათა სასუფეველი დაკარგო? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობო.

სიმყრალისაგან დაბლა დავეცი. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა და გულისთქმის ბრძოლა მომაშორა. გამოქვებულში დავბრუნდი და ღმერთს მადლობა შევწირე.

 

 

დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი

* * *

ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.

 

* * *

ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად შეხვდა ეშმაკი - ცელით ხელში. ეშმაკმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შესძლო და უთხრა:

- ძალა შენია, მაკარი - მე უძლური ვარ შენს წინაშე. რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც. შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ, შენ ფხიზლობ, მე სულ არ მძინავს, მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.

- რით? - ჰკითხა მაკარიმ.

 

- სიმდაბლით - უპასუხა ეშმაკმა. აი, რატომ ვარ უძლური შენს წინაშე.

 

* * *

ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო და იმდენად არ ემყარებოდა თავის გონებას, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანთაგანაც კი.

ერთხელ ეს მოსაგრე ესაუბრებოდა ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ხუცესს, რჩევა-დარიგებას სთხოვდა, როგორ უკეთესად

განედევნა გულიდან ღვთისთვის არასათნო აზრები. ერთმა სხვა მოსაგრემ მოისმინა მათი საუბარი, გაუკვირდა და არსენის ჰკითხა: „ნუთუ შენ, რომელმაც ბერძნული და ლათინური ენები იცი, რჩევას იღებ უსწავლელისაგან?“

„მე ვიცი ბერძნული და ლათინური ენები, - მიუგო ღირსმა მამამ, - მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე ანბანი, რომელიც ამ უბრალო ადამიანმა ასე მტკიცედ იცის“.

ამით არსენი დიდმა გამოამჟღავნა თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების სათავეა, ისევე, როგორც ანბანი არის ყველა წიგნის სათავე.

 

* * *

ანტონი დიდი ამბობდა: ერთხელ მე ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე, დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე:

არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება? და შემომესმა ხმა: მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი.

 

* * *

ერთხელ მამები მამა ანტონისთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმ. მამას მათი გამოცდა სურდა, ამიტომ წმ. წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და სათითაოდ ჰკითხა თითოეულს, თუ რას ნიშნავდა ეს გამონათქვამი. ყველა საკუთარი შეხედულებისამებს პასუხობდა; ბერი კი თითოეულის მიუგებდა: არა, ვერ მიმხვდარხარ! ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:

- შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?

- არ ვიცი. - უპასუხა იოსებმა.

მამა ანტონიმ კი დასძინა: მამა იოსები სწორ გზაზე დგას, როცა ამბობს, არ ვიციო.

 

სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაი

* * *

ერთმა სირიელმა მეუდაბნოემ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვა.მაკარი ქრისტიანული სიყვარულის სულით ცხოვრობდა და ყურძენი ავადმყოფ ძმას მიუტანა, რომელსაც ძალიან გაუხარდა წმიდა მამისაგან სიყვარულის ასეთი გამოხატულება და ღმერთს მადლობა შესწირა. მაგრამ იგი თვითონაც მოყვასის

სიკეთეზე ზრუნავდა და ყურძენი სხვა ძმას მისცა, რომელიც იმასვე ფიქრობდა და, ამრიგად, ყურძენი მეოთხე ძმასთან აღმოჩნდა. ასეთი სახით ყურძნის მტევანმა მთელი მონასტერი მოიარა და ხელიდან ხელში გადასული კვლავ ღირს მაკარისთან მოხვდა. ღირს მამას სული სიხარულით აევსო ძმების მიერ ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლინების გამო.

 

* * *

მამა კასიანე ჰყვებოდა: მე და წმ. გერმანე ეგვიპტეში ერთ ბერს ვესტუმრეთ. როდესაც მან დიდი სიყვარულით მიგვიღო, ვკითხეთ: რატომაა, რომ უცხოტომელი ძმების სტუმრობისას თქვენ არღვევთ მარხვის წესს, რომელიც ასე მკაცრადაა დაცული

ჩვენთან - პალესტინაში. ბერმა გვიპასუხა: მარხვა მუდამჟამს ჩემთანაა, თქვენთან მუდმივად ყოფნა კი შეუძლებელია. თუმცა მარხვა საჭირო და აუცილებელია, ის მაინც პირად ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო სიყვარულის საქმის აღსრულებას

საღმრთო სჯული გარდაუვალად მოითხოვს. როდესაც თქვენი სახით იესო ქრისტეს ვიღებ, მოვალე ვარ, რომ მთელი გულმოდგინებით ვიქცეოდა. ხოლო მარხვის დარღვეულ წესს, როდესაც გაგისტუმრებთ, მერე გამოვისყიდით, რადგან „განა

შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ“

(მათ. 9, 15).

 

* * *

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება

შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.

მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ

უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.

ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.

 

ვეცხლისმოყვარება - ძირი ყოველგვარი ბოროტებისა

 

* * *

ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. იოანე მოწყალე იცნობდა ერთ ძუნწ და ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსს. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა, თან წაიყვანა იგი და, რაკი იცოდა, რომ ეპისკოპოსს ჰქონდა ფული, უთხრა მას: - მამა ტროილ, ახლა შენი რიგია, რომ ეს გლახაკები ანუგეშო მოწყალებით.

ტროილს არ უნდოდა მოწყალების გაცემა, მაგრამ შერცხვა წმინდა იოანესი და რაც ჰქონდა, სულ გასცა გლახაკებზე. მას კი 30 ლიტრა ოქრო ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ძლიერ ინანა და ისეთ მოწყინებაში ჩავარდა, რომ აღარ დაეწვია იოანეს

ტრაპეზზე. ემცნო წმიდა იოანეს სულიწმიდისაგან მიზეზი ტროილის მოწყინებისა, აიღო 30 ლიტრი ოქრო და მივიდა მასთან:

-მე მოგიტანე ის ოქრო, რომელიც შენ ჩემი თხოვნით გაეცი საავადმყოფოში. გამომართვი და მომეცი ხელწერილი, რომ შენ უარს ამბობ იმ ჯილდოზე, რაც გამზადებული იყო შენთვის მოწყალების გაცემის გამო.

ვერცხილმოყვარე ტროილმა დაივიწყა სირცხვილი და შიში ღმრთისა. დაინახა თუ არა ოქრო, მაშინვე გამოკეთდა. მან დაუწერა იოანეს ასეთი ხელწერილი: „კაცთმოყვარე უფალო! ჩემს ნაცვლად ჯილდო მიეცი იოანეს, ალექსანდრიელ

პატრიარქს, რომელმაც დამიბრუნა მოწყალებისათვის გაცემული 30 ლიტრი ოქროს სანაცვლო.“

იოანემ აიღო ხელწერილი, დაბრუნდა შინ, დადგა ხატებთან და საიდუმლოდ ლოცულობდა, რომ უფალს განეკურნა ტროილი ვერცხლისმოყვარეობისაგან.

მომდევნო ღამეს ტროილმა სიზმრად ნახა დიდებული სასახლე. შესასვლელში ოქროს ასოებით ეწერა: „სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოს ტროილისა“. მას გაუხარდა, მაგრამ უეცრად ვიღაცა გამოეცხადა მოსამსახურეებს და სამყაროს შემოქმედის სახელით უბრძანა, წაეშალათ ოქროს წარწერა და მის ნაცვლად დაეწერათ: „„სავანე და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, რომელმაც იგი შეიძინა 30 ლიტრი ოქროს საფასურად“.

ტროილს შიშისაგან გამოეღვიძა, სინანული ჩაეღვარა გულში, მიხვდა, რომ 30 ოქროს გამო ცათა სასუფეველი დაკარგა და სასწრაფოდ გაიქცა იოანესთან. უამბო ყველაფერი და შენდობა ითხოვა. იოანემ იგი მრავალი რჩევა-დარიგებით დამოძღვრა,

რის შემდეგაც ტროილი გახდა გლახაკთა მოყვარე და მოწყალე.

 

 

* * *

ღვაწლში მყოფი მამები ერთ მებაღეზე მოგვითხრობენ, რომელიც საკუთარ ბაღს ამუშავებდა და გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა, გამოკვებისათვის კი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იტოვებდა. გადიოდა დრო. ერთხელ

სატანამ გულისთქმა შთაუნერგა: ფული დააგროვე, რომ მოხუცებულობაში და ავადმყოფობისას დანიშნულებისამებრ მოიხმაროო. მებაღემ თანხის გადანახვა დაიწყო და მალე დაგროვილი მონეტებით თიხის ჭურჭელი აავსო.

გავიდა ხანი, მებაღე ავად გახდა - ფეხი დაუჩირქდა; დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს.

ერთხელ გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და უთხრა: „თუ ფეხის მოკვეთაზე არ დათანხმდები, მთლიანად დაგიჩირქდებაო“ და ოპერაციის დღე დაუნიშნა. ოპერაციის წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, საქციელი შეინანა, ოხვრითა და ტირილით მოსთქვამდა: „მოიხსენე, უფალო, მოწყალებანი, რომელიც ბაღში მუშაობისას გამიცია და ავადმყოფებისათვის დახმარების ხელი გამიწვდია“. როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - სად არის შენ მიერ დაგრივილი ფული? სადღა არის შენი იმედის საბაბი? მებაღე საკუთარ ცოდვას მიხვდა და შეჰღაღადა: „უფალო! შეგცოდე.

მაპატიე, დღეიდან ადრინდელ საქმიანობას თავს ვანებებ“. მაშინ ანგელოზი მის ფეხს შეეხო და განკურნა.

დილით ექიმები ოპერაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მებაღესთან მივიდნენ და ავადმყოფი სახლში არ დაუხვდათ; კითხვაზე, თუ სად იყო, მიუგეს: „დილაადრიან სამუშაოდ ბაღში წავიდა“. ექიმი იქითკენ გაემართა და მიწაზე მომუშავე - ყოფილი ავადმყოფი იხილა და უფალი განადიდა, რომელსაც წამისყოფით იმ ავადმყოფის განკურნებაც ძალუძს, ვისი განკურნებაც ექიმებს არ შეუძლიათ.

 

* * *

ალექსანდრიაში ერთი მორჩილი გარეგნობის ქალწული ცხოვრობდა, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელად ატარებდა ღვთის მიერ ბოძებულ მადლს - ქალწულებას; სინამდვილეში კი ხარბი, ჭირვეული და ფულისმოყვარე გახლდათ; უფრო მეტად ვერცხლისმოყვარე იყო, ვიდრე ქრისტესმოყვარე. თავისი ქონებიდან მოწყალებად მაწანწალის, ღარიბ-ღატაკის, ბერ-მონაზონის, ქალწულის, უბედურებაში მყოფი ადამიანის, ან კიდევ ეკლესიისთვის ერთ ოვოლსაც (ფულის ერთეული) კი არ გაიღებდა. მიუხედავად წმიდა მამათა მრავალჯერადი შეგონებისა, ხარბი ქალწული სიმდიდრის ტვირთისაგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა. მდიდარ ქალწულს ნათესავები მრავლად ჰყავდა და აღსაზრდელად დის ქალიშვილი აიყვანა. ახლადშეძენილ შვილს მთელი ქონების დატოვებას ჰპირდებოდა, ზეციური

სასუფევლის არსებობა კი არ ახსენდებოდა.

ამგვარი ყოფა - ეშმაკის ცდუნებათა ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანში ახლობლებისადმი სიყვარულის საბაბით მომხვეჭელობის ვნება ისადგურებს.

ალექსანდრიის მოწყალებათა სახლის ღარიბ-ღატაკთა თავშესაფრის პრესვიტერმა და ზედამხედველმა - წმიდა მაკარიმ განიზრახა სიხარბის სენისაგან განეკურნა ქალწულებრივი ღვაწლისგან განშორებული ალექსანდრიელი ვერცხლისმოყვარე

ქალწული. ახალგაზრდობაში წმიდა მამა ქვისმთლელის ხელობას ფლობდა. ერთხელ წმიდა მაკარი მდიდარ შინაბერასთან მივიდა და უთხრა: „ძვირფასი ქვები - ზურმუხტი და იაგუნდი აღმოვაჩინე. მოპარულია თუ შეძენილი არ ვიცი, მაგრამ

დანამდვილებით ვიცი, რომ შეუფასებელია. მფლობელი 500 ვერცხლად ჰყიდის. თუ ძვირფასი ქვების შეძენას აპირებ, თანხა მე გამატანე. შენაძენი ქალიშვილისთვის გამოგადგება“. დისშვილზე ვითომ შეყვარებულ ქალწულს გაუხარდა, შესაძელბლობა

რომ მიეცა, საყვარელი არსება თვალმარგალიტით შეემკო, წმიდა მამას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: „ჰქმენ წყალობა!

არავის მიჰყიდო“. წმიდა მამამ უპასუხა: „წამომყევი და ძვირფასეულობა შენი თვალით იხილე“. ხარბმა ქალწულმა კი 500 ვერცხლი ჩაუთვალა და მიმართა: „გთხოვ, თვითონვე მომართვა, რადგან იმ ადამიანთან შეხვედრა არ მსურს, ვინც მათ

ჰყიდისო“. წმიდა მაკარიმ მოპოვებული თანხა თავშესაფრის კეთილმოწყობას და კეთილდღეობას მოახმარა.

დიდი ხნის შემდეგ მდიდარი მოვალე წმიდა მამას ეკლესიაში შეხვდა და შეეკითხა: „სად არის ძვირფასეულობა, 500 ვერცხლად რომ შევიძინეო“. წმიდა მაკარიმ უპასუხა: „როგორც კი ფული მომეცი, თანხა პატრონს მივუტანე და ძვირფასი

ქვები გამოვართვი, თუ მათი ნახვა გსურს, თავშესაფარში წამომყევი და იხილავ“. ხარბი ქალწული სიხარულით გაჰყვა. წმიდა

მამის მიერ დაარსებული მოწყალების სახლი ორი სართულისგან შედგებოდა. მეორე სართულზე ქალები ბინადრობდნენ,

პირველზე - კაცები. როდესაც ღარიბთა თავშესაფარს უახლოვდებოდნენ, წმიდა მაკარი შეეკითხა: „თავდაპირველად იაგუნდის თუ ზურმუხტის ხილვა გსურსო?“ „როგორც ინებებ“ - უპასუხა ქალწულმა. ბერმა ზემო სართულზე აიყვანა და დასნეულებული ქალები უჩვენა: „ეს იაგუნდია“, შემდეგ ქვემოთ ჩამოიყვანა და დავრდომილ კაცებზე მიუთითა: „ეს კი - ზურმუხტი, ამაზე ძვირფასს ვერსად მოიძიებ, თუ არ მოგწონს, ფულს დაგიბრუნებ“.

ხარბი ქალწული მოწყალების სახლიდან დარცხვენილი გამოვიდა და სახლში მისვლისთანავე მწუხარებამ შეიპყრო, რომ კეთილი საქმე ღვთის სიყვარულის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამის შემდეგ,

გონს მოსული ქალწული თვალის ახელვისათვის წმიდა მამას დიდად ჰმადლობდა.

 

* * *

ნიტრიაში მცხოვრებ ერთ ბერ-მონაზონს, რომელიც თავშენახული უფრო იყო, ვიდრე ხარბი, დაავიწყდა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე 30 ვერცხლად იქნა გაცემული: ქარგვით 100 ოქრო დააგროვა და მალე მოკვდა, ოქრო კი დარჩა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ამ სავანეში მოღვაწე 5000 მამა შეიკრიბა, რათა შეთანხმებულიყვნენ, დარჩენილი ოქრო როგორ მოეხმარათ; ზოგი მათგანი - ღარიბ-გლახაკთათვის დარიგებას ამჯობინებდა, ზოგი ეკლესიისათვის შეწირვას არჩევდა,

ზოგიერთი კი - გარდაცვლილის ნათესავებისთვის გადანაწილებას განიზრახავდა. მაგრამ წმიდა მამებმა მაკარიმ, ჰამვომ, ისიდორემ და კიდევ სხვა ღვაწლში მყოფმა მამებმა, რომლებშიც სული წმიდის მადლი მკვიდრობდა, დაადგინეს: 100 ოქრო

ბერთან ერთად დაემარხათ და გარდაცვლილისათვის მიემართათ: „ეგ შენი ვერცხლი შენთანავე იყოს წარსაწყმედელად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღმრთის ნიჭი“ (საქმე მოციქულთა 8, 20). ამ მოვლენამ ეგვიპტეში მოღვაწე მამები

იმდენად შეაძრწუნა, რომ ერთი ოქროს მონეტის გადანახვასაც კი ცოდვად მიიჩნევდნენ. წმიდა მამების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, შესაძლოა მკაცრი მოგვეჩვენოს, მაგრამ დადგინების მიმღებელნი სული წმიდის ნების აღმასრულებელნი იყვნენ.

 

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა

 

* * *

ერთხელ ძმებმა ჰკითხეს წმიდა სისოის:

- უკეთუ ვინმე ძმათაგანი დაეცა ცოდვით, საკმარისია მისთვის ერთი წელი სინანულისა?

- ეგ ძალზედ მკაცრი სასჯელია, - უპასუხა მან.

- ესე იგი, ექვსი თვე საკმარისია, რომ მიეტეოს?

- ესეც ბევრია - უპასუხა სისოი დიდმა.

 

- კი მაგრამ, ორმოცი დღე ხომ მაინც სჭირდება მონანულ კაცს სინანულისათვის?

- ორმოცი დღეც კი არა ბევრია, რადგან მწამს, რომ თუ მონანული მთელი გულით შეინანებს თავის ცოდვებს, სამი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთმა მიუტევოს ყოველგვარი ცოდვები - უპასუხა ძმებს წმ. სისოიმ.

 

* * *

ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და

თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე

აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა.

აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო... წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა

გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს.

გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო.

ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.

 

 

* * *

ღირს პავლე მდაბალს (VI ს.) მჭვრეტელობის ნიჭი ჰქონდა.

ერთხელ მონასტერთან მისული კარიბჭესთან შეჩერდა და დაუკვირდა მლოცველებს. მწუხრის ლოცვა იწყებოდა. ნათელი სახეებითა და გულებით შედიოდნენ მორწმუნე ადამიანები ტაძარში და ყოველ მათგანს მიჰყვებოდა საკუთარი ანგელოზი.

ამ დროს დაინახა ერთი მორწმუნე ძმა, რომელიც მოღუშული სახითა და დამძიმებული გულით შედიოდა ტაძარში. ეშმაკები გარს შემორტყმოდნენ და თავისკენ იზიდავდნენ, მფარველი ანგელოზი ტირილით მიჰყვებოდა.

მწუხრის ლოცვა რომ დასრულდა, საძმო ისეთივე გამოვიდა, როგორიც შევიდა - ღვთიურ ნათელს ასხივებდნენ მლოცველები.

მტირალი ძმაც სახეგანათებული გამოვიდა, სულიწმიდის მადლი გადაჰფენოდა, მხარში ედგა მფარველი ანგელოზი, ეშმაკი კი შორიახლოს მიჰყვებოდა და ახლოს მისვლას ვეღარ ბედავდა. ნეტარმა სიხარულით ამცნო მას ნანახი და მოულოდნელი

ცვლილებების მიზეზი ჰკითხა.

ბერმა დაინახა, რომ იგი მხილებულია ღვთიური გამოცხადებით და უამბო: „ერთობ ცოდვილი ვარ; მრავალი წელი ვიცხოვრე უწმინდურობაში და ახლა, მოვედი რა ეკლესიაში, გავიგე, რომ კითხულობდნენ წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას, უმჯობესია თუ ვიტყვით საღვთო საკითხავს, რომელიც მისი პირით ლაპარაკობდა: „განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება (ის. 1, 16-18).

გული ამიჩუყდა, სულიერი ხედვა დამიბრუნდა, ვაღიარე ჩემი წყეული და დაცემული მდგომარეობა, ამოვიოხრე და გონებით ღმერთს მივმართე: „შენ ამქვყნად ცოდვილთა სახსნელად მოსული ღმერთი ხარ, რაც ახლა თქვი კიდეც შენი წინასწარმეტყველის  საშუალებით. აღასრულე ეს ჩემზე საქმით, რომ ამიერიდან შენი დახმარებით აღარაფერი ჩავიდინო ბოროტი,  უარი ვთქვა ყველანაირ უკანონობაზე და ამიერიდან სუფთა სინდისით ვიყო შენი მსახური, მეუფეო. მხოლოდ შენ თვითონ მიმიღე მე - მონანული და ნუ უკუაგდებ შენზე მივრდომილს“.

 

მაშინ ყველამ, ვინც ეს მოისმინა, ხმამაღლა ადიდეს უფალი, რომელიც ყველა ადამიანს შეიწყნარებს, ვინც კი მასთან მივა მონანული გულით.

 

* * *

მჭვრეტელი თვალებით ღირსი ნიფონტი (IV ს.), მოგვიანებით კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსი, ხედავდა ადამიანების სხეულიდან გამოსულ სულებს.

ერთხელ, იდგა რა წმინდა ანასტასიას ეკლესიაში (კონსტანტინოპოლში) და ზევით თვალაპყრობილი ლოცულობდა, დაინახა გახსნილი ცა და მრავალრიცხოვანი ანგელოზნი, რომელთაგან ერთნი მიწაზე ეშვებოდნენ, მეორენი კი ზეცად ადიოდნენ და ადამიანთა სულები აჰყავდათ.

ორი ანგელოზი მაღლა ადიოდა და ვიღაცის სული მიჰყავდათ. როდესაც მრუშობის საზვერეს რომ მიუახლოვდნენ, გამოხტნენ განრისხებული ეშმაკები: „ჩვენია ეს სული, როგორ ბედავთ ჩვენგან წაღებას, თითქოს ჩვენი არ იყოს?“ ანგელოზებმა იკითხეს: „რა უფლება გაქვს მასზე?“ ეშმაკებმა უპასუხეს: „იგი სცოდავდა სიკვდილამდე, თავს იბინძურებდა როგორც ბუნებრივი, ასევე არაბუნებრივი გზით, ამასთანავე განიკითხავდა ახლობელს და რაც ყველაზე ცუდია - მოკვდა აღსარების გარეშე; რას იტყვით ამაზე?“ ანგელოზებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და შეეწინააღმდეგნენ: „ჩვენ არ დაგიჯერებთ, არც თქვენ და არც თქვენს მამას - სატანას, სანამ არ გავიგებთ ყველაფერს ამ სულის მფარველი ანგელოზისგან“.

ჰკითხეს მას და აი, რა ამცნო მფარველმა ანგელოზმა: „ამ სულმა მართლაც ბევრი შესცოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა ეწვია, ღვთის წინაშე აღსარება და გოდება დაიწყო თავისი ცოდვების გამო. აპატია ღმერთმა, მან იცის - რატომაც. მას აქვს ძალაუფლება და დიდება მის მართლმსაჯულებას“. მაშინ ანგელოზებმა სული სამოთხის კარიბჭეში შეიყვანეს.

 

* * *

ერთმა კონსტანტინეპოლელმა მღვდელმა ეშმაკის ცდუნებით სიძვით შესცოდა. რამდენიმე დღის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო, რა მეშველება მე, სულისა და ხორცის წამბილწავს, რა უნდა ვიღონო უბადრუკმა, რომ ცოდვათა

შენდობა მივიღოო. ადგა და წავიდა ულუმბოს მთაზე, ნახა იქ მოხუცი ბერი, აღიარა მის წინაშე ყველა ცოდვა და მეძაობის ამბავიც გაუმხილა. ბერმა უთხრა, შვილო, იმ საშინელი ცოდვის შემდეგ წირვის ჩატარება ხომ არ გაგიბედავსო. მან უპასუხა,

ჰე, წმინდაო მამაო, გავკადნიერებულვარო. ბერმა მიუგო, მაშინ, იცოდე შვილო, მღვდელი, რომ ასეთ ცოდვებში ჩავარდება, მისი განკურნებისათვის მარტო ერთი გზა არსებობს, დიდი სინანულით უნდა მიეგებოს უფლის კაცთმოყვარებას. ამიერიდან აღარ გაბედო წირვა და სიწმინდის მსახურება, აღიკვეცე მონაზვნობის წესით და ჭეშმარიტად შეინანე. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლის იმედი მაქვს, რომ შეგიწყალებს, როგორც ყოველ მონანულსო.

ეს რომ მოისმინა მღვდელმა, ფეხებში ჩაუვარდა ბერს და სთხოვა, რადგან ღმერთმა შენს ხელქვეშ მომიყვანა, წმ. მამაო, ნუ გამიშორებ მე ცოდვილსო. ბერმა მისი მხურვალე ცრემლები რომ ნახა, უთხრა, თუ შენ ასე გინდა, დაგტოვებ ჩემთან, რადგან

უფალი ბრძანებს: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (იოანე 6.37).

რამდენიმე დღის შემდეგ აღკვეცა ბერმა ის მღვდელი წმ. მონაზვნობის წესისამებრ და დატოვა თავისთან. იგი მარხვით, ლოცვითა და სინანულით ევედრებოდა ღმერთს.

ბერს სენაკის ქვეშ სამოღვაწეო სამყოფელი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი შეევედრა, რომ იქ დადგომის კურთხევა მიეცა მისთვის. ისიც დათანხმდა. მღვდელი წავიდა, მოიტანა ჯაჭვი, კისერზე მოიბა, ირგვლივ შემოიხვია, ჯაჭვის მეორე

ბოლო კი კლდეს გამოაბა.

სამი დღე რომ გავიდა და ბერთან აღარ მივიდა, თვით ბერმა მიაკითხა, ნახა ასე ჯაჭვით შეკრული და უთხრა, შვილო, ეს რა გიქნიაო? მან მიუგო, ასეთი ტანჯვის ღირსი ვარ ჩემი ურჯულოებისათვის. ერთს გთხოვ, წმინდა მამაო, ორ-სამ დღეში

ერთხელ მცირეოდენი საზრდო - პური და წყალი მომიტანონ ხოლმე და ღმერთი მიძღოდეს შენი წმინდა ლოცვითო.

ბერმა ვედრება შეუსრულა, მიჰქონდა პური და წყალი ყოველ ორ დღეში ერთხელ. ის ცრემლებით ალტობდა და ისე ჭამდა.

ასეთ ღვაწლსა და სინანულში გაატარა სამი წელი. შემდეგ ბერს ღმერთმა ამცნო ანგელოსის პირით, შევიწყნარე მისი სინანული, მალე აღესრულება, შედი და გახსენიო. შევიდა ბერი, რომ მისთვის ჯაჭვი მოეხსნა და უთხრა, მამაო, აღსასრული მოგიახლოვდაო. ის ევედრებოდა, რომ არ გაეხსნა და ჯაჭვით აღსრულებულიყო, მაგრამ ბერმა უთხრა, არა, შვილო, აღარ არის შენთვის საჭირო ამგვარი ტანჯვა, რადგან მღვდელი ხარ, გთხოვ ჩემთვისაც ილოცეო. მღვდელს ლოცვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ისე მიაბარა თავისი განწმენდილი სული უფალს, რომელსაც „არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული“, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ღირსი მამა დავითი, ადრე ყაჩაღი იყო, ოცდაათზე მეტ სხვა ავაზაკთან ერთად იგი აქეთ-იქით დაძრწოდა, მრავალ ბოროტებას და კაცისკვლას ჩადიოდა. ერთ დღეს, როცა მთიან ადგილას სუფრა გაეშალათ და ღრეობდნენ, დავითი მოულოდნელად

ღმრთის შიშმა შეიპყრო და გადაწყვიტა სულის ცხონებაზე ეზრუნა. მიატოვა თავისი თანამზრახველები და წავიდა მონასტერში.

კარზე რომ დარეკა, და მეკარე გამოვიდა, დავითმა უთხრა, თქვენთან ყოფნა მინდაო. წავიდა მეკარე და წინამძღვარი მოიყვანა. წინამძღვარმა რომ ნახა დავითი მოხუცი იყო, უთხრა, ძმაო, ვერ შესძლებ ამ ძმების ღვაწლის და შრომის გაზიარებას და მონასტრის კანონის აღსრულებასო. იგი ევედრებოდა, ღმრთის შეწევნით შევძლებ, წმ. მამაო, ოღონდაც დამტოვეო. წინამძღვარმა ისევ გაუმეორა, შვილო, ვერ შესძლებ, მოხუცი ხარო. მაშინ დავითმა უთხრა, იცოდე მამაო, მე ყაჩაღთა მეთაური ვარ, მოვედი უდიდესი სურვილით, რომ ვიტირო და შევინანო ჩემი ცოდვები, მაგრამ თუ ჩემი მიღება არ გინდა, მაშინ სხვა, ბოროტ გზას მივმართავ, მოვალ, მოვიყვან ჩემს ავაზაკებს, ამოგწყვეტთ ყველას და მონასტერსაც გავძარცვავთო.

ეს რომ მოისმინა წინამძღვარმა, მაშინვე შეაყვანინა დავითი მონასტერში. მალე იგი აღკვეცეს და მონაზვნის სქემა შემოსეს. დავითმა კრძალვით და სიმდაბლით დაიწყო მოღვაწეობა. მან ყველას გადააჭარბა სათნოებით და მათაც გულმოდგინებისაკენ

მოუწოდებდა. ერთხელ, როცა იგი სენაკში იჯდა, წრფელი გულით ნანობდა და მხურვალედ ტიროდა თავის ცოდვებს, ეჩვენა გაბრიელ

მთავარანგელოსი და უთხრა, დავით, დავით, დამშვიდდი, მოგიტევა უფალმა შენი ცოდვები და ამიერიდან სასწაულთმოქმედი გახდებიო. დავითმა უპასუხა, მაგას ვერ დავიჯერებ, რომ ამდენი ცოდვა ასე მოკლე ხანში მომიტევა. ჩემი ცოდვები ხომ

ზღვის ქვიშაზე მრავალიაო.ანგელოსმა მიუგო, დავით, დავით, მე ზაქარიასაც არ მოვერიდე; როცა ჩემი სიტყვა არ ირწმუნა და ძის ყოლა არ დაიჯერა. მასაც კი შევუკარი ენა და განა შენ მოგერიდები? ამიერიდან დამუნჯდებიო.

დავითმა თაყვანი სცა ანგელოსს და უთხრა, წმიდაო, ყაჩაღი და ბოროტმოქმედი რომ ვიყავი და სისხლს ვღვრიდი, მაშინ არ დამამუნჯე, არ შემიკარი ხელი და არ მომკალი და როცა ღმრთის მონობა მინდა, სინანულისა და ქების შეწირვა და ხმით ვედრება, ახლა მამუნჯებ, რომ უფალი არ ვადიდოო?

ანგელოსმა მიუგო, კარგი, იმეტყველებ, როცა ღმრთის დიდებას და ლოცვით ვედრებას მოიწადინებ, სხვა დროს კი დადუმდებიო და წავიდა.

მას შემდეგ მრავალი სასწაული მოახდინა ღმერთმა დავითის მიერ - ბრმებს თვალები აუხილა, კოჭლებს სიარული შეაძლებინა, ეშმაკეულები განკურნა. იგი გალობდა ეკლესიაში ღმრთის სავედრებელს, მაგრამ გარდა ამისა, სხვას ვერაფერს - ორიოდ სიტყვასაც კი ვერ წაროთქვამდა. ასე კეთილად დაასრულა მან თავისი სიცოცხლე და განწმენდილი სული მიაბარა უფალს რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

* * *

აფრიკეთში ერთი კაცი იყო, რომელსაც მრავალ სხვა ცოდვასთან ერთად არაერთი მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. შემდეგ იგი სინანულში მოვიდა, აღიარა ცოდვები და აღთქმა დადო, რომ აღარ გაიმეორებდა. იგი, თავის ცოლთან ერთად, ქალაქიდან

სოფელში გადავიდა და ერთი გლეხი კაცის ოჯახში დაბინავდა. ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით მან ისევ შესცოდა, ოჯახის პატრონის ცოლთან იმრუშა, რის შემდეგაც ავად გახდა და რამდენიმე დღეში მოკვდა.

სოფელთან ახლოს, ას მეტრში მონასტერი იყო. ამ კაცის ცოლი მაშინვე გაიქცა და მონაზვნებს შეატყობინა. დაახლოებით ცხრა საათზე მიცვალებული გადაასვენეს და მონასტერში დაკრძალეს. შუადღის სამ საათზე საფლავიდან ხმა მოისმა, მიშველეთ! მიშველეთო! მაშინვე გახსნეს სამარე და ნახეს, რომ ის კაცი გაცოცხლებულიყო. ჰკითხეს, რა ნახე, ძმაო, და რა გადაგხდაო, მაგრამ ის ტიროდა და ვერაფერს უყვებოდა, მხოლოდ ერთს ევედრებოდა, ღმრთის მონა თალასესთან მიმიყვანეთო. მათ შეუსრულეს თხოვნა და მიიყვანეს. სამი დღის მანძილზე მიწაზე დამხობილი მწარედ ტიროდა ეს კაცი. წმ. მამა ეკითხებოდა, რა ნახეო და მხოლოდ მეოთხე დღეს ძლივს შეძლო ტირილითა და გოდებით ხმის ამოღება: პატიოსანო მამაო, როცა მოვკვდი, შავი, საშინელი ეშმაკები ვნახე. ჩემი სული ძრწოდა და იმალებოდა მათი შიშით. ამათ გარდა ვიხილე ორი მშვენიერი და ბრწყინვალე ანგელოსიც. ჩემი სული გამოხტა სხეულიდან და მათ ხელში აღმოჩნდა. როცა ისინი აფრინდნენ ქვეყნიდან და ჰაერში ადიოდნენ, გვხვდებოდნენ ჰაერის მცველები. იქ იყვნენ თითოეული ადამიანის თითოეული ცოდვის განკითხველები - ზოგი ამპარტავნების, ზოგი განკითხვის, ზოგი ბოროტი სიძვისა, მაგრამ ანგელოსებს, რომლებიც მიმიძღოდნენ, რაღაც ჭურჭელი ჰქონდათ. მასში ჩემი კეთილი საქმეები იყო. ამოჰქონდათ იქედან თითო-თითოდ და მათი მეშვეობით ჩემს ბოროტ საქმეებს აბათილებდნენ.

ასე მივუახლოვდით ცის იმ კარიბჭეს, სადაც არიან მსიძვავთა განმკითხველები. იქ შემიპყრეს და თითოეული სიძვისათვის განმიკითხავდნენ, რაც კი ჩამედინა თორმეტი წლიდან გარდაცვალებამდე. ჩემმა წინამძღვარმვა ანგელოსებმა უთხრეს, ყველა ცოდვა, რაც მას ქალაქში ჩაუდენია, შეუნდო ღმერთმა, რადგან შეინანა და აღთქმა დადოო, ეშმაკებმა კი მიუგეს, ჭეშმარიტად ასე არის, მაგრამ ქალაქიდან გადასვლის და აღთქმის დადების შემდეგ ისევ დაეცა მრუშებით გლეხის ცოლთანო. ამ სიტყვების შემდეგ ანგელოსებმა ვერცერთი ჩემი კეთილი საქმე ვერ ნახეს ისეთი, რომ იგი გაებათილებინათ, დამტოვეს და წავიდნენ.

შემიპყრეს იმ შავმა ეშმაკებმა და ცემა-ცემით ისევ დედამიწაზე ჩამომიყვანეს. შემდეგ გააპეს მიწა და შეკრული ჩამაგდეს საშინელ, ბნელ, ვიწრო ლაფში - ჯოჯოხეთის მყრალ ქვესკნელში, სადაც არის ცოდვილი სულების საპყრობილე, მარადიული

სატანჯველი, განუწყვეტელი ტირილი, კბილთა ღრჭენა და ენით გამოუთქმელი გოდება. იქ მუდამ ამას მოთქვამენ: ვაი და ვაი ჩვენ, რადგან ენა ვერ აღწერს იმ ჭირს, რომელიც აქ არის, იმ უბედურებას, რომელსაც აქ ვხედავთო. უკვნესით გული და

არავინ არის მათი ნუგეშინისმცემელი. ევედრებიან, მაგრამ არავინ არის მათი მსმენელი და დამხმარე.

მეც მათთან ჩამაგდეს და დამტოვეს. ცხრიდან სამ საათამდე ცხარედ ვტიროდაი. უცებ დავინახე, რომ ის ორი ბრწყინვალე ანგელოსი შემოსულიყო იქ. შევევედრე, შემიწყალეთ, მიხსენით ამ ჭირისაგან, რომ შევინანო ჩემი ცოდვები და დავემხო

უფლის წინაშე-მეთქი. მათ მითხრეს, დაგვიანებულია შენი ვედრება, რადგან აქედან ვერავინ გავა საყოველთაო აღდგომამდეო.

მე მაინც მხურვალედ ვევედრებოდი და სინანულს აღვუთქვამდი. ბოლოს ერთმა მეორეს ჰკითხა, შენ იქნები ამის თავმდები, რომ იგი მართლაც სულით და გულით შეინანებსო? მეორემ დაუდასტურა, თავმდები ვიქნებიო და ამის ნიშნად ხელი

გაუწოდა. მათ კვლავ ამიტაცეს და გამომიყვანეს იქედან. შემდეგ მიმიყვანეს საფლავთან, მაჩვენეს ჩემი გვამი და მითხრეს, შედი, საიდანაც გამოხვედიო. შევხედე ცხედარს და ვიგრძენი, რომ ჩემი სული მარგალიტივით ბრწყინვალე იყო, ხორცი კი

ლაფივით მყრალი და შავი. შემეზიზღა მასში შესვლა. ანგელოსებმა კი მითხრეს, შენი შენდობა შეუძლებელია, თუ ისევ ამ სხეულში არ შეხვალ, რომლითაც სცოდე და ისე არ შეინანებო. მე ვევედრებოდი, არ მინდა ჩემს ხორცში შესვლა მეთქი, მაგრამ მათ

გამაფრთხილეს, შედი! თუ არ შეხვალ, ისევ უკან დაგაბრუნებთ, საიდანაც ამოგიყვანეთო. დაბრუნდი, რომ სხვებიც დაარიგო.

უამბე, რაც ნახე და შეგემთხვაო. მაშინ შევედი და ხმამაღლა დავიწყე ვედრება, მიშველეთ, მიშველეთ-მეთქი და გამომიყვანესო.

ეს ყველაფერი რომ უამბო წმ. მამას, მსმენელები განცვიფრდნენ და სულისათვის დიდი სარგებელი პოვეს. მათ აღიარეს თავიანთი ცოდვები და შეინანეს. ის კაცი კი ეკლესიაში დარჩა. ერთ ადგილას პირქვე დამხობილი იყო, მწარედ ტიროდა და

გამუდმებით სინანულით აღუარებდა ღმერთს თავის ცოდვას. იგი ოხრავდა და მოთქვამდა, ვაი ცოდვილებს, ვაი უნანელებს, რადგან მარადიული სატანჯველი ელით. განსაკუთრებით კი ვაი მათ, ვინც თავისი ხორცი არაწმინდებით წაბილწაო. ორმოცი დღე დაჰყო ასეთ სინანულში. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ღმერთმა ამცნო, რომ აღსასრული უახლოვდებოდა და მან სინანულითა და ცრემლით განწმენდილმა მიაბარა სული უფალს, რომელიც ბრძანებს: „არა მნებავს სიკ დილი ცოდ ლისა, არამედ მოქცევა და სინანული და ცხოვნება მისი“. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ორი ღვიძლი ძმა ერთად განეშორა სოფელს. ისინი ნიტრიის მთაზე მონაზვნებად აღიკვეცნენ და ერთი სულიერი მამის მორჩილები გახდნენ. ღმერთმა ორივე მათგანს დიდი სინანულის და ცრემლის მადლი მიანიჭა. ერთ დღეს სულიერმა მამამ

ჩვენებით იხილა ლოცვაზე მდგომი ორივე ძმა. მათ ხელში დაწერილი ქაღალდის გრაგნილები ეჭირათ და თავიანთი ცრემლებით შლიდნენ იმ ნაწერებს. ერთი მათგანის გრაგნილზე ასოები იოლად იშლებოდა, მეორეზე კი - ძნელად, რადგან

მელანი მუქად აჩნდა.

ბერი ღმერთს შეევედრა, რომ გამოეცხადებინა მისთვის, რას ნიშნავდა ეს ხილვა. ეჩვენა მას უფლის ანგელოსი და უთხრა.

ქარტებზე იმ ორი ძმის ცოდვები წერია. ერთი მათგანი უნებლიედ ცოდავს ხოლმე და ამიტომ იშლება მისი ცოდვები იოლად. მეორე კი - ნებით ჩადის ცოდვებს. მას მეტი ძალისხმევა სჭირდება მათ ამოსაშლელად, მეტი ღვაწლი და სიმდაბლე სინანულში მოსასვლელადო.

 

მას შემდეგ ბერი ხშირად არიგებდა იმ მეორე ძმას, იღვაწე, მხოლოდ დიდი ძალისხმევით თუ შევძლებთ სასუფეველში შესვლას, რომლის გზა ვიწრო და საჭირველიაო. ისიც მეტი გულმოდგინებით ირჯებოდა სინანულისა და გულის განწმენდისათვის. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლით, ორთავეს მიეტევა თავიანთი ცოდვები. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.

 

მოიხსენე, უფალო, სული გარდაცვალებულთა მონათა შენთამიცვალებულთა მოხსენების სარგებლობაზეკუნძულ კვიპროსზე მცხოვრები ერთი ახალგაზრდადაატყვევეს, სპარსეთში წაიყვანეს და იქ ციხეში ჩასვეს. ყმაწვილის

მშობლებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო მათი შვილი, ბოლოს კი ვინმე კაცისაგან შეიტყვეს, რომ იგი გარდაიცვალა და მწუხარებით აღვსილებმა დაიწყეს მისი სულის მოხსენიება შობას, აღდგომასა და სულიწმიდის მოფენის დღეს. გავიდა ოთხი

წელი. ამასობაში ყმაწვილმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და კვლავ თავის მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა. უზომოდ გახარებული და აღტაცებაში მოსული დედ-მამა გადაეხვივნენ შვილს. უზომო იყო სიხარულით გამოწვეული მათი ცრემლები.

როდესაც მღელვარება მცირედ ჩაცხრა, მშობლებმა უთხრეს შვილს: - „ჩვენ შევიტყვეთ, საყვარელო შვილო, რომ ვითომ შენ მოკვდი და ღმერთს შენი სულის განსვენებაზე ვევედრებოდით“.

- რომელ თვეში და რომელ დღეს მიხსენიებდით? - იკითხა ყმაწვილმა, და როდესაც დედ-მამისაგან მისი სულის მოხსენიების დრო შეიტყო, გაკვირვებით წამოიძახა: „ჰოი, საყვარელნო მშობელნო! ამის გამო რამდენი სიკეთე მომაგეთ მე... ყოველ ამ

დღეებში მოდიოდა ჩემთან კაცი, შემხსნიდა ბორკილებს და გამომიშვებდა ხოლმე საპყრობილედან, ეს კი ისე ხდებოდა, რომ მას ჩემს მეტი ვერავინ ხედავდა, ხოლო მეორე დღეს კი მე ისევ საპყრობილესა და ბორკილებში აღმოვჩნდებოდი“.

ქრისტიანენო! ევედრეთ ღმერთს გარდაცვალებულთა თქვენთა ნათესავთათვის, ევედრეთ ყოველ გარდაცვალებულთა ქრისტიანეთათვის, რადგანაც ამის გამო სული უდიდეს ნუგეშინისცემას მიიღებს.

 

დაგვიტოვეთ მღვდელი

ერთი მღვდელი ლიტურგიაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით მოიხსენიებდა გარდაცვლილებს. თუკი ვინმე ერთხელ მაინც მიაწვდიდა მოსახსენიებელს, მიცვალებულთა სახელებს ჩუმად ჩაიწერდა თავის აღაპში და ყოველ წირვაზე იხსენიებდა.

ამიტომ ლიტურგია ყოველთვის დიდხანს გრძელდებოდა და მრევლი ხშირად ჩიოდა კიდეც ამის გამო. მაგრამ მღვდელს სხვანაირად არ შეეძლო...

და აი, ერთხელ ისეთ ცდომილებაში ჩავარდა, რომ განკვეთაც კი ემუქრებოდა. საქმე მიტროპოლიტ ფილარეტს გადაეცა.

როდესაც უწმიდესს რეზოლუციაზე ხელი უნდა მოეწერა, თითებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, წერა ვეღარ შეძლო და საქმე მეორე დღისთვის გადადო.

ღამით კი საოცარი სიზმარი ნახა: სარკმლის წინ უამრავ სხვადასხვა ასაკისა თუ წოდების ადამიანს მოეყარა თავი.

მიტროპოლიტს ევედრებოდნენ:

- ჩვენ, განსვენებულთა სულები, თხოვნით მოგევლინეთ: ნუ გაგვწირავთ ტანჯვისათვის, ნუ განკვეთთ მღვდელს, დაგვიტოვეთ ჩვენი სულიების საოხად!..

ხილულით შეძრწუნებულმა მიტროპოლიტმა სასწრაფოდ დაიბარა მღვდელი. როცა საუბრისას მიცვალებულთა მოხსენიების მისეული წესის შესახებ შეიტყო, სხვა ტაძარში გადაყვანა აკმარა, მანამდე კი უცნაურ შუამდგომლობაზე უამბო.

თამბაქოს ეწევი - მაშასადამე ეშმაკებს უკმევ

* * *

1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა

თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით?

მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...

“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო

ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“.

* * *

მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და

ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.

* * *

კიევო-პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში

სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს.

 

ბერ სერაფიმ ვირიცელის სიტყვით მომხდარი განკურნების შემთხვევაერთხელ ბერთან მიღებაზე მივიდა ქალი, და რადგან ბერი ავადმყოფობის გამო მნახველებს არ იღებდა ამიტომ შეუგზავნა მას ბარათი იმ კითხვით, რაც აწუხებდა. როდესაც დედა სერაფიმამ ბერს ბარათი გადასცა, მან მაშინვე უპასუხა: „გააღე კარი და ჩემთან ერთად ხმამაღლა გაიმეორე: „დედაკაცო, როგორ არ გრცხვენია! შენ შენი თამბაქოს გულისამრევი სუნით მოწამლე ჩვენი კიბე, დაუტევე ეს მანკიერება, მოინანიე, მიდი აღსარებაზე, ეზიარე და მეტად აღარ გაეკარო თამბაქოს“. თავად ის, ვისაც ეს დარიგება შეეხებოდა იხსენებს: „ეს დედა სერაფიმას მიერ ისე ხმამაღლა ითქვა, ბერთან მიღებაზე რიგში მყოფი იმდენი ადამიანის თანდასწრებით, რომ მე ძალიან შემრცხვა. გადავწყვიტე თავი დამენებებინა თამბაქოს წევისათვის - და ბერის სიტყვისაებრ უკვე 40 წელია არ ვეწევი“.

 

სხვადასხვა პატერიკული მოთხრობები

* * *

მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის დროს ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა, რომ ვალებს ვერსგზით ვერ ისტუმრებდა. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, თავი მოეკლა და ერთ ებრაელ მოგვს სთხოვა ძლიერმოქმედი შხამი.

 

ებრაელმა მისცა მას საწამლავი. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალად ჯვარი გადასახა და შესვა იგი, მაგრამ უვნებელი დარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა.

მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან, უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა უფრო ძლიერი რამ შხამი მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერი შხამი მისცა.

ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი უძლური იყო თავის ჯადოქრობაში.

მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, თუ როგორ იღებდა იგი ამ შხამს.

- ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდიო, - უპასუხა.

ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისაგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს წამალი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და უამბო ამ სასწაულის შესახებ.

იოანემ უქადაგა მას, რის შემდეგაც ებრაელმა გამოთქვა სურვილი, მონათლულიყო.

 

* * *

ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა:

- წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები.

მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.

- მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.

- არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა.

- ახლა წადი და ადიდე ისინი.

მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები,

შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან.

- რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს.

- კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა.

- ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას

შეასხამდი. გახსოვდეს, თუ გადარჩენა გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც

ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი როგორც მკვდარი და გადარჩები.

 

* * *

ერთმა ქრისტეს მსახურმა მოგვითხრო: ვიდრე ქრისტეანთა დევნა დაიწყებოდა, ეპისკოპოსმა რაღაც მიზეზის გამო მღვდელი განაყენა მღვდლობისაგან. წავიდა იგი სხვა ქვეყანაში რაღაც საქმეზე. იქ წარმართებმა შეიპყრეს და ძლიერ აწამეს, რომ უარი ეთქმევინებინათ ქრისტეანობაზე, მაგრამ არ უარჰყო. მაშინ თავი მოკვეთეს და გახდა ქრისტეს მოწამე.

მალე ქრისტეანთა დევნა შეწყდა. იმ ქალაქის მთავარს სასწაულებრივად ეუწყა იმ მოწამის შესახებ და ააშენა მის სახელზე ეკლესია. ამოიღო მისი წმ. ნაწილი, ჩადო ლუსკუმაში და ეკლესიის სიწმიდეთა შორის დააბრძანა. შემდეგ მოუხმო მრევლს და

ეპისკოპოსს, რომ ეკლესია ეკურთხებინათ. როგორც კი მღვდელმა მწუხრის ლოცვა დაიწყო, ლუსკუმა დაიძრა და თავისით გავიდა ეკლესიის გარეთ. ყველა იქ მყოფი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა. მათ ლუსკუმა კვლავ იმავე ადგილას დააბრძანეს

ეკლესიაში, მაგრამ იწყებდა თუ არა ეპისკოპოსი ლოცვას, ლუსკუმა მაშინვე გადიოდა ეკლესიიდან. ეს რომ ქალაქის თავმა იხილა, შეეშინდა, დაიწყო აღსარების თქმა და მოთქმა ღმრთის წინაშე. იგი ამბობდა, ჩემი ცოდვების გამო არ უნდა წმ. მოწამეს ამ ეკლესიში დამკვიდრებაო. ამასვე იმეორებდა მთელი მრევლი. ასეთი საოცრების მხილველნი ტიროდნენ და გოდებდნენ, საღამო რომ მოახლოვდა, ის წმ. მოწამე ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა, რამ დაგამწუხრათ, იცით, რატომ არ ვრჩებოდი თქვენთან ეკლესიაში? თუ გინდათ სიკეთე მიყოთ, წადით ჩემს ეპისკოპოსთან და მოიყვანეთ რომ გამხსნას, რადგან თვით უფალმა ბრძანა თქვენზე _ მღვდელმთავრებზე: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა“. ეს რომ თქვა, გაუჩინარდა.

მეორე დღეს ეპისკოპოსმა ამცნო ამის შესახებ მთავარს, მან ძალზე გაიხარა. ეპისკოპოსი კრებულითურთ გაემართა იმ ეპისკოპოსისაკენ, რომლის შესახებაც უთხრა წმ. მოწამემ და მოუთხრეს ყოველივე მის შესახებ. ის მაშინვე ადგა და თან

გაჰყვა. მივიდა, თაყვანი სცა წმ. მოწამეს და უთხრა; ქრისტემ, რომელმაც შენ შეგკრა ჩემ მდაბლის ხელით, აწ გაგხსნას მისი სახელისათვის სისხლდათხეული. შემოდი და იყავი ჩვენთანო. შეასვენეს ლუსკუმა ეკლესიაში და აღასრულეს საღმრთო მსახურება. ლუსკუმა ადგილიდან აღარ დაძრულა და იმ დღიდან მრავალ სასწაულს ახდენდა.

ყოველივე ამის გამო, ჰოი, ღმრთისმოყვარენო, გულისხმა-ყავით, რა დიდი ძალა და ხელმწიფება აქვს მღვდელმთავარს. ვისაც იგი შეკრავს ქვეყანაზე, კრული იქნება ცაში და ვისაც იგი გახსნის ქვეყანაზე, ხსნილი იქნება ცათა შინა. ამას ამბობს ჩვენი უფალი და აძლევს მათ ძალმოსილებას.

 

* * *

ერთ ალექსანდრიელ ღმრთისმოშიშ, ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, სტუმართმოყვარე ვაჭარს მშვიდი და მუდმივად მმარხველი ცოლი და ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს კაცი კონსტანტინეპოლში წავიდა სავაჭროდ და ოჯახში ერთი მონა დატოვა. გემზე რომ ავიდა გასამგზავრებლად, ცოლმა ჰკითხა, ბატონო, ვის ავედრებ ჩვენს თავსო, რაზედაც მან უპასუხა, ჩვენს დედოფალ ღმრთისმშობელსო.

ერთ დღეს ეს ქალი თავის ბავშვთან ერთად იჯდა და ხელსაქმობდა. მათ მონას ეშმაკი შეუჩნდა და გადააწყვეტინა, ქალი და ბავშვი მოეკლა და მათი სიმდიდრე გაეტაცებინა. მან სამზარეულოს დანა აიღო და წავიდა იმ ოთახისაკენ, სადაც მისი

ქალბატონი იყო, მაგრამ იმ ოთახის კარში შესვლისას გაშეშდა. ვეღარც ოთახში შევიდა და ვერც სამზარეულოში დაბრუნდა.

ქალბატონს დაუძახა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ ქალს გაუკვირდა კარში რომ იყო გაჩერებული და უპასუხა, შენ თავად მოდი, შვილოო. არ იცოდა, თუ იგი უხილავი ძალის მიერ იყო გაშეშებული. მონა შფოთავდა და ისევ ეძახდა ქალბატონს.

მაგრამ იგი არ მიდიოდა. მაშინ ბავშვმა უთხრა დედას, გამიშვი, მე მივალო, მაგრამ ქალმა არ დაანება და კვლავ მშვიდად მიმართა მონას, ძმაო, თუ გინდა მოსვლა, თავად მოდი აქო.

რომ დარწმუნდა მონა, რომ აღარაფერი გამოუდიოდა, თავად იგმირა დანა. ამის დანახვაზე ქალბატონმა მეზობლებს დაუძახა. ისინი რომ მოვიდნენ, მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავად უთხრა მათ, რაც მოხდა. ყველამ ადიდა ღმერთი და

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა, გადაარჩინა მისთვის შევედრებული ქალი და ბავშვი და ეშმაკმა ვერაფერი ავნო მათ.

 

* * *

დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო.

წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.

ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო. ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა,

გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და

შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში

და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად,

შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.

ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და

მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა.

დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი

ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.

თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ.

მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.

როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტაროზი, ამოვიდნენ იქედან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები და ზეციდან ხმა მოისმა, წუთითაც არ მომასვენა მაგის სულმა. ნურც თქვენ

შეიბრალებთ მაგას. ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული. ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებასო. მაშინ ანგელოსმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს ტანჯა თავის გვამშივე და მერეღა ამოხადა საშინელი

სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ეს რომ ბერმა იხილა, შეძრწუნდა. იგი განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს „ნამდვილვე სიკუდილი ცოდгლთა ბოროტ არს“.

 

ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და არავინ აქცევდა ყურადღებას. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოიწია, დაინახა ზეციურ

ძალთა მთავარნი - მიქაელ და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, რომ მათ გაჰყოლოდა. სულს კი არ უნდოდა ხორცის დატოვება. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოსმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოსმა მიუგო, ჩვენი მეუფისაგან ნაბრძანები გვაქვს, რომ უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მაშინ მიქაელ მთავარანგელოსმა თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს, უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც არ უნდა ამოსვლაო. ზეციდან ხმა მოისმა, მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარით და ანგელოსებით. ისინი ერთხმად უგალობებენ მას. საამო ხმები დაატკბობს და სიხარულით გამოვა მისი სული. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ იგი ჩემთან და ნურაფრით აიძულებთო.

მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოსები. ისინი გარშემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებით და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოსს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებით, საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი ყოვლად სანატრელი სული,. რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ეგებებოდნენ

ანგელოსთა დასები და ამხნევებდნენ სიტყვებით, გიხაროდენ სულო, მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან მიგელის იქ სიმართლის გვირგვინიო. ასეთი დიდებით და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ  შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115.15).

 

* * *

ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს:

„ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებიდა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.

 

* * *

ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესაში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: „უფალო იესო ქრისტე! ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის

სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება“.

როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა:

„უფალო, რად არ შეისმინე ჩემი ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?“

ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა: „მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?“

მან უპასუხა: „მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი“.

ეს რომ გაიგონა, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / არ განიკითხოთ და არ განიკითხებით