არა არს ხელმწიფება, გარნა ღმრთისაგან

 

 

 

ბერძენთა მეფე ვალენტი არიოსის ერესის მიმდევარი იყო. მან განდევნის განაჩენი გამოუტანა სამოსატის ეპისკოპოს ევსევის.ამ განაჩენის აღსასრულებლად წარგზავნილი პიროვნება სამოსატში ჩავიდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ შესდგომოდა დაკისრებულ საქმეს, რადგან ხალხს უყვარდა წმიდა მამა და მზად იყო საყოველთაო ჯანყისათვის, რათა იგი მსაჯულის ხელში არ ჩაეგდო. წმიდა ევსევიმ როცა ეს შეიტყო გვიან საღამოს მოიხმო თავისთან მეფის წარმოგზავნილი და ტკბილად უთხრა:

– ნურავის გაუმხელ შენი აქ ჩამოსვლის მიზეზს; წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი აჯანყდება და მოგკლავენ; არ მსურს, შენს სიკვდილში დამნაშავე ვიყო.

 

ამის შემდეგ მან საღამოს მსახურება აღასრულა. როდესაც დაღამდა, მან ჩუმად გაუმხილა საიდუმლო ერთ მსახურს. იგი დილით ადრე ადგა, მთავარეპისკოპოსის სასახლიდან გამოვიდა ერთგულ მხლებელთან ერთად, რომელსაც მოჰქონდა მისი სამოსი და წიგნები – ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც წმიდა მამამ თან წაიღო. მდინარე ევფრატთან, რომელიც ქალაქთან ახლოს მიედინებოდა, იგი მეფის მოხელეს ჩაბარდა და ნავით ქალაქ ზევგმისაკენ გაცურა.

 

საშინლად შეძრწუნდა სამოსატის მოსახლეობა, როდესაც თავიანთი მოძღვრის ხვედრის შესახებ შეიტყვეს. ყველა აღელდა, ტიროდა და კითხულობდა, რომელ მხარეს გაემართა წმიდა ევსევი; როდესაც მათ შეიტყვეს, რომ მისი მგზავრობის პირველი პუნქტი ქალაქი ზევგმი იყო, სწრაფად დაედევნენ ნავებით მთავარეპისკოპოსს. მათი ტირილი და ქვითინი შორიდანვე შემოესმა წმიდა ევსევს.

 

როგორ არ ევედრებოდნენ ისინი თავიანთ მწყემსსა და მასწავლებელს, რომ დაბრუნებულიყო! ფეხებში უვარდებოდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ, არწმუნებდნენ, რომ მისი სამწყსო ვინმე მტაცებელ მგელს – არიანელს ჩაუვარდებოდა ხელში; მაგრამ წმიდა ევსევი ყოველ ახალ არგუმენტს მხოლოდ ამ სიტყვებით პასუხობდა: "ყოველი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდეს ხელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი- იგი ადგებოდიან, თავისა თვისისა სასჯელი მიიღონ" (რომ. 13, 1- 2).

 

 –ასე, შვილნო ჩემნო, – განუწყვეტლივ ამბობდა იგი, – შეუძლებელია, რომ მე, ქვეშევრდომი, ვეწინააღმდეგებოდე მეფის ნებას; ასევე თქვენც, როგორც ქვეშევრდომნი, უბედურნი იქნებით აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც, თუ არ დაემორჩილებით მეფის ნებას. ასეთ შემთხვევაში მე პირველი დაგადანაშაულებთ.

 

ხალხმა დაინახა თავისი მწყემსის შეუდრეკელობა და გზად მიმავალს სთავაზობდნენ, ვისაც რა შეეძლო: ზოგი ოქრო-ვერცხლს, ზოგი – სამოსს, ზოგი კი – მონებს; მაგრამ წმიდა მამას წიგნისა და უბრალო შესამოსელის გარდა არაფერი ესაჭიროებოდა. სულიერი შვილების საამებლად მან მხოლოდ მცირეოდენი უმნიშვნელო ნივთი წაიღო; ყველას შეახსენა, რომ მტკიცედ შეენახათ მართლმადიდებლური დოგმატები, ელოცათ მისთვის; შემდეგ აკურთხა ისინი და გზას გაუდგა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / არა არს ხელმწიფება, გარნა ღმრთისაგან