ბაპტისტები

 

ეს აღმსარებლობითი მიმდინარეობა სექტათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ინგლისელი „პურიტანების“ წიაღში იღებს სათავეს. ბაპტისტთა პირველი საზოგადოება წარმოიშვა ინგლისში 1612 წელს, ხოლო 1939 წელს გადაინაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მისი ცენტრი როდ-აილენდი გახდა. თავდაპირველად ამ სექტას წარმატება არ გააჩნდა, მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულს შეიქმნა „საქადაგო კავშირი“, რომლის მიზანი იყო ამერიკის ზანგთა შორის ისეთი ქრისტიანობის გავრცელება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა „ზედმეტი“ დოგმატებისაგან, რიტუალებისაგან და აუცილებელი სიმბოლური ნიშნებისაგან. ამ მიმართულებამ მხარდაჭერა ჰპოვა მდიდარ ამერიკელთა შორისაც. გაჩნდა სახლები ობოლთა და მოხუცთათვის, სკოლები, კურსები, საავადმყოფოები და უამრავი მოხალისე მქადაგებლები. ამ დროიდან ბაპტიზმი იზიდავს ახალ მიმდევრებს ინგლისში, გერმანიაში, იჭრება ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, პოლონეთში, რუსეთში. საქართველოში პირველი ბაპტისტი დადასტურდა ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში. ამჯერად თბილისში მოქმედებს ორი ბაპტისტური საკრებულო-ეკლესია. საქართველოს მასშტაბით ბაპტიზმი ყველაზე კომპაქტურად ქვემო ქართლშია გავრცელებული. საქართველოს ბაპტისტებს მეთაურობს მათი „ეპისკოპოსი“ მალხაზ სონღულაშვილი.

განსაკუთრებული წარმატება ბაპტიზმმა აშშ-ში ჰპოვა. 1814 წელს აქ დაარსებულმა „ბაპტისტურმა კავშირმა“ დიდძალი სახსრები შეიძინა და თავისი პროპაგანდით მთელი მსოფლიო მოიცვა. 1976 წელს ამერიკელთა 20% თავს ბაპტისტად თვლიდნენ (მათ შორის 70% ზანგია). პროტესტანტიზმის ტრადიციის მიმდევარი ბაპტისტები რწმენის ერთადერთ წყაროდ ბიბლიას თვლიან. აღიარებენ პირად ხსნას იესო ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლისადმი რწმენის მეშვეობით და ღმერთის მიერ ხსნისათვის მორწმუნეთა შერჩევას. დროთა განმავლობაში ბაპტიზმი დაიყო მრავალ განშტოებად. დაყოფა დაიწყო ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასასრულს, როდესაც ბაპტისტები დაიყვნენ „კერძოდ“ ანუ „პარტიკულარულებად“ (რომელთაც აითვისეს კალვინის მოძღვრება აუცილებელი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ) და „ზოგადებად“, „საერთოებად“ (ანუ „თავისუფალი ნების ბაპტისტებად“, რომელნიც აღიარებდნენ ღმრთის მხსნელი მადლის საყოველთაო ხასიათს, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნებით მიიზიდება), ადრე „კერძო“ ბაპტისტები უარყოფდნენ ფიცს, სამხედრო სამსახურს და სასამართლოს, მაგრამ ამჟამად ისინი არ ამჟღავნებენ სახელმწიფო და სამოქალაქო ვალდებულებათა აშკარა უარყოფას.

ბაპტისტები აღიარებენ „საყოველთაო მღვდლობას“ პრინციპს, უარყოფენ სასულიერო წოდებას, როგორც მორწმუნეთა და ღმერთს შორის შუამავალთ; არ აღიარებენ წმიდანებს, წმიდა საგნებს, ხატებს, ჯვრის გამოსახვას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოთ და ა.შ. მათი ნათლობისა და „პურის განტეხვის“ რიტუალები სიმბოლურ ხასიათს ატარებენ.

არსებობენ იუდაიზმისადმი ტენდენციით გამორჩეული ბაპტისტები, მაგალითად: „მეშვიდე დღის ბაპტისტები“, რომლებიც შაბათს დღესასწაულობენ. „ქრისტიანული ბაპტისტები“ უარყოფენ სამების დოგმატს, სწავლებას ჯოჯოხეთისა და ეშმაკის შესახებ და ქრისტიანულ დღესასწაულებს (თითქოსდა წმიდა წერილის საწინააღმდეგოდ). არსებობენ ბაპტისტები, რომლებიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი მემკვიდრეობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი თითქოსდა ეშმაკისგანაა.

ბაპტიზმის ყველა განშტოება გაერთიანებულია ბავშვთა მონათვლის საერთო უარყოფით. ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ (ჩვილები) ქრისტიანთა შვილები უკვე განწმენდილნი არიან ქრისტეს სისხლით, ამიტომ მათი მონათვლის საჭიროება აღარაა. ამასთან, ისინი იმოწმებენ ქრისტეს მოწოდებას მოწაფეებისადმი: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათე 28, 19). ამ სიტყვებში ისინი ხედავენ მოსაზრებას, რომ მოციქულთ დაევალებათ მოენადირებინათ უფროსები და არა ბავშვები.

ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმ. წერილს და პირველ ეკლესიათა პრაქტიკას. წმიდა წერილი მოითხოვს ყველას მონათვლას, თვით ბავშვების გათვალისწინებითაც, იესო  ქრისტე ამბობს, რომ მხოლოდ წყლისა და სულისაგან შობილნი შეძლებენ ღმრთის სასუფეველში შესვლას (იოანე 3, 5). ხოლო ბავშვთა შესახებ აცხადებს: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19, 14), „ბავშვთა ნათლობა სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან“ - ამოწმებს ორიგენე, III საუკუნის ცნობილი მწერალი. ამასთან, ახალ აღთქმაში ნათლობამ შეცვალა ძველ აღთქმაში წინადაცვეთის რიტუალი, რომელიც სწორედ ნათლობის წინასახე იყო და თითქმის ბავშვის დაბადებისთანავე სრულდებოდა (მე-8 დღეს). „საქმე მოციქულთა“-ში ნახსენებია, რომ მოციქულები ნათლავდნენ მთელ ოჯახებს, რომელშიც, უეჭველია, ბავშვებიც იყვნენ. რადგანაც ყველა მონათლულნი სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლებას იღებენ, მათ შორის ავქარისტიისაც (ზიარებისასაც), ამიტომ, რაც უფრო ადრე იღებს ადამიანი ნათლობას, მით უფრო ადრე ეზიარება იგი ქრისტესმიერ მადლს და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ასეთი ნიჭი არც ბავშვებს უნდა მოვაკლოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვი, როგორც უფროსზე ბევრად უფრო ნაკლებად ცოდვილი, ადვილად მიმღებია სულიწმიდისა.

ბაპტისტებს, როგორც სხვა პროტესტანტებს, არ გააჩნიათ ეკლესიის შესახებ მკაფიო სწავლება. „მე არ ძალმიძს ჩამოვაყალიბო ეკლესიის შესახებ ჩვენი სწავლება“ - თქვა ქ.ფილიასმა, ბაპტისტთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 1937 წელს ედინბურგში, ბაპტისტთა კონფერენციაზე.

ბაპტისტებს, ისევე როგორც სხვა სექტანტებისა, ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თავიანთი უცილობელი გადარჩენისადმი რწმენა. იგი გამომდინარეობს პროსტესტანტული სწავლებიდან, რომ ხსნა თითქმის ავტომატურადაა დაკავშირებული ქრისტეს რწმენასთან. ბაპტისტები ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ეყრდნობიან წმიდა წერილიდან ამოღებულ ცალკეულ ფრაზებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 6, 47); „ეს მოგწერეთ თქვენ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნეთ, რათა იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე“ (I იოანე 5, 13). მაგრამ ამასთან ერთად, წმიდა წერილი გვიჩვენებს განსხვავებას მკვდარ და ცოცხალ რწმენას შორის: „რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კი ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?.. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე მკვდარია თავითავად“ (იაკობ 2, 14, 17). „შენ გწამს, რომ ერთია ღმერთი? კეთილი და პატიოსანი; ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც“ (იაკობ. 2, 19). რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ბაპტისტები სრულიად უარყოფენ კეთილ საქმეებს, მაგრამ მათ აღმსარებლობაში მთავარი მოთხოვნა ცხოვნებისთვის - რწმენაა, ხოლო მათთვის მეორე პლანზე გადადის ადამიანის პირადი მოღვაწეობა საკუთარი სულის განწმნდისთვის. ბაპტისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქრისტიანის უხილავ ღვაწლს, იმას, რომ მხოლოდ „ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“ (მარკ. 13, 13).

ბაპტისტთა ორგანიზაცია იმართება დემოკრატიული პროცედურის საფუძველზე. სათავეში მას უდგანან სათათბიროები, რომლებიც, სხვადასხვა დარღვევათა შემთხვევაში განკვეთენ დამნაშავე ადამიანებს. ბაპტისტებს გააჩნიათ საკუთარი უნივერსიტეტები, გაზეთები, გამომცემლობები, მისიონერული საზოგადოებები და ა.შ. 1997 წლის დასაწყისში მსოფლიოში ამ სექტის 40 მილიონი მორწმუნე 150 ათას სამრევლოში ნაწილდებოდა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, ზ 17, 1999 წ.

ანტიერეტიკული დამატება

ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე

„საყუარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმრთისაგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად“ (I იოანე 4,1)

სათაურიდან გამომდიანრე, მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ წინამდებარე სტატიაში ასტროლოგიაზე გვექნება საუბარი. სამწუხაროდ, სწორი რელიგიური ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბევრ ჩვენგანს არამართებულად ესმის ამ მისტიკური მოძღვრების ჭეშმარიტი არსი. ასტროლოგიით განსაკუთრებით გატაცებულია ახალგაზრდობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერემენტალური რელიგიური განათლება არ გააჩნია. ბევრი მათგანი ასტროლოგიას აღიქვამს ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ნიშან-თვისებათა განმსაზღვრელი მეცნიერების დონეზე და წარმოდგენა არა აქვს, რომ იგი მჭიდრო კავშირშია მაგიასთან და მოიცავს ფატალიზმსა და მეტემფსიქოზის თეორიას.

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ფართო პროპაგანდა ეწევა ასტროლოგიას როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის საშუალებით. ქუჩაში უხვად გამოფენილი ლიტერატურა გვთავაზობს „ვეძიოთ ვარსკვლავი ჩვენი“, ხოლო ტელევიზია გადაცემაში „ვარსკვლავები გვამცნობენ“ გვაწვდის ასტროლოგიურ პროგნოზს იმის შესახებ, თუ „რა გველის ხვალ“.

ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში ასტროლოგია განმარტებულია, როგორც ცრუ მეცნიერება, რომელიც ცდილობს გამოიცნოს ცაკლეული პიროვნებებისა და ხალხების მომავალი, ზეციურ მნათობთა განლაგებაზე დაკვირვების შედეგად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიასა და წმინდა მამათა თხზულებებში ასტროლოგია რამოდენიმე სახელწოდებით მოიხსენიება, კერძოდ: ვარსკვლავთმრიცხველობა, ვარსკვლავთმჭვრეტელობა, ვარსკვლავთმეტყველება და სხვა. IV საუკუნის წმინდანი, დიდი მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი თავის ეგზეგეტიკურ ნაშრომში, ბეთლემში მოგვთა მოსვლაზე საუბრისას საცნაურჰყოფს, რომ ვარსკვალთმრიცხველებად იწოდებიან სწორედ ისინი, ვინც ზოდიაქოს ნიშანთა მიხედვით ცდილობენ განსაზღვრონ ადამიანთა მომავალი თუ პიროვნული ნიშან-თვისებანი.

III საუკუნის ქრისტიანი ღვთისმეტყველი და აპოლოგეტი ტერტულიანე თავის ნაშრომში - „კერპების შესახებ“ - ამბობს, რომ ასტროლოგია არის მაგიის სახესხვაობა. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში ასევე ვნახულობთ დამოწმებას ასტროლოგიასა და მაგიას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ (დან. 2, 27). ბროკჰაუზისა და ეფრონის ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „წარსულში ასტროლოგია, ალქიმია და მაგია მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან“. ადრეულ საუკუნეებში თვითონ აღნიშვნა „ქალდეველი“ (მაგიით განთქმული ბაბილონის სამეფოს მკვიდრი მოსახლე) თავის თავში შეიცავდა და გულისხმობდა ასტროლოგს, გრძნეულს, მაგს, მჩხიბავს.

ძველთაგანვე ასტროლოგია ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მხირად აღიქმებოდა, როგორც უფლისაგან განდგომა და ბოროტ ძალთა სამსახური. ძველ აღთქმისეულ ეპოქაში ისრაელში აღმოცენებული ჯადოქრები, მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველები, მისნები ჩაქოლვით ისჯებოდნენ, ხოლო ახალი აღთქმის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამგვარ საქმეთა მოქმდეს მრავალი წლით განაშორებს ზიარების წმინდა საიდუმლოს. თავისი სიმძიმით ჯადოქრობის ცოდვა კაცის კვლას უტოლდება. დიდი სჯულის კანონში ვკითხულობთ: „ვინც დადიან მოგვებთან, ან ეწევიან მოგვობას, ან ვარსკვლავთმეტყველებენ, ექვსი წლით განეშორონ ზიარებისაგან, ხოლო ამის მოქმედი მღვდელი განიკვეთოს“.

ღმერთი ისაია წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს ბაბილონის სამეფოს დაღუპვას მისი უწმინდურობის, მაგიისა და ვარსკვლავთმრიცხველობის მიმდევრობის გამო: „გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ“. შემდეგ წმინდა წინასწარმეტყველი ჯადოქრობის უსუსურობას წარმოაჩენს: „იდექი შენ ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე. აბა წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისაგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან“ (ისაია 47, 11-14).

წმინდა ავგუსტინე იმის მიზეზად, თუ რატომ შედიან დემონები ადამიანებთან კონტაქტში ასტროლოგიის საშუალებით, შემდეგს გვაუწყებს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით ადვილად შეძლებს განგვაშოროს ღმერთისაგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებული იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ, ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ ჩვენი შეცოდებებისთვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარკვლავთა მოქმედების გარდაუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერში ჩათრევას“.

ახლა განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომლებზედაც ფაქტიურად აგებულია ასრტოლოგია.

ზეციური მნათობების ზეგავლენა ადამიანზე

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს გააჩნიათ ძალა და უნარი ადამიანთა ქმედებების წარმართვისა. მოდით, ლოგიკურად განვსაჯოთ, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას აღნიშნული თეორია. როგორც ვიცით, ყოველი ადამიანი სჩადის როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საქმეებს. თუ დავუშვებთ, რომ ვარსკვლავების კეთილი და ბოროტი ზეგავლენა ადამიანებზე მნათობთავე ნებით ხორციელდება, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ვარსკვლავები ცოცხალი არსებანი არიან, გააჩნიათ გონება და თავისი სურვილისამებრ მოძრაობის უნარი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვარსკვლავები უსულო, ფიზიკური სხეულებია, არ გააჩნიათ გონება და არც თავიანთი ნებით მოძრაობენ, არამედ ისე, როგორც ღმერთმა განაწესა დღიდან მათი შექმნისა. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ კეთილთან ერთად ბოროტი ზეგავლენის უნარი მნათობებში ბუნებითად არის ჩადებული, ჩავვარდებით აშკარა ღვთისმგმობელობაში, რადგან ეს ბოროტება მიეწერება მათივე შემოქმედ ღმერთს. წმინდა წერილი კი გვეუბნება, რომ ღმერთში არ არის ბოროტება, რომ ღმერთი არ ბადებს ბოროტს, ანუ არ არის მიზეზი ბოროტებისა. მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას, როგორც ძველ, ასევე ახალი აღთქმიდან: „მან (ღმერთმა) ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3, 11). „რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს“ (ბირძნე სოლომონისა 1, 13). „რადგან კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება“ (I ტიმოთეს მიმართ 4, 4).

წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ თხზულებაში „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“ ციტირებას უკეთებს წმინდა ბასილი დიდს და შემდეგნაირ დახასიათებას აძლევს ატროლოგიას: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“.

წმინდა მამის ბოლო სიტყვებიდან გამომდინარე, ლოგიკურად შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ასპექტის განხილვაზე.

ფატუმი

ასტროლოგიაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თეორიას ბედისწერის შესახებ. ვნახოთ, რას გვამცნობს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი თავის მეხუთე სიტყვაში „ბედისწერისა და განგების შესახებ“: „სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ შეცდენილ სულებში დებს ღვთისმგმობ, ბიწიერ და დამღუპველ აზრს, არწმუნებს ადამიანებს, ილაპარაკონ ღმერთზე ის, რაც დემონებზეც კი არ უთქვამს ვინმეს. გამანადგურებლად მოქმედებს იგი ჩვენს ცხოვრებაზეც, ყველაფერს მოუსვენრობითა და შფოთით ავსებს. აკეთებს იმასვე, რასაც ადამიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ავადმყოფი, რომ სამკურნალო სხეული არ ასარგებლოს მისთვის მომზადებული საექიმო საშუალებებით, არ მოიცილოს დაავადება, მიეცეს უზრუნველობასა და ქარაფშუტობას და ასე დაელოდოს ყველაზე საცოდავ სიკვდილს. განა ამასვე არ ამბობს ბედი?.. თუკი გარდაუვალია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და უვლის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისაგან უეჭველად აქვს განსაზღვრული, სიკეთე თავისით მოუვა სახლში. ბევრიც რომ იშრომო, არ ექნება არაფერი შედეგი შრომასა და ძალდატანებას. რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?.. შეწყვიტე მიწათმოქმედება, გააუქმე ზღვაოსნობა, განდევნე ყველა ცხოვრებისეული ხელოვნება; ნურც მშენებელი, ნურც მეთუნე, ნურც მქსოველი, ნურც სხვა ჩვენი ცხოვრებისათვის სარგებლის მომტანი იზრუნებს თავისი ხელობისათვის. მაშინ კარგად დაინახავ, როგორია ბედის ჯილდო.

- ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ, არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ. რა უაზრობაა იყო ჩათრეული ცოდვაში ბედის იძულებით... ხედავ, როგორ ცდილობს ეშმაკი ყოველი მხრიდან გააშმაგოს ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ? გსურს დამარწმუნო, რომ გჯერა ბედის და ის, შენი აზრით, მნიშვნელოვანი დოგმატია? ნუ დასდებ ბრალს მრუშ დედაკაცს, ნუ განრისხდები, ნუ წაიყვან მსაჯულთან. თუ ხედავ, რომ კედელს საძირკველს უთხრიან, ნუ მოსთხოვ პასუხს ამისთვის, რადგან ამას უნებლიედ აკეთებს, - ამას შენ თვითონ ამტკიცებ. ნუ იზრუნებ შენი საქმეებისათვის, რადგან ის დაგემართება, რაც ბედისგანაა განსაზღვრული. გადააგდე ოქრო, რამდენიც გაქვს; ნურაფრად ჩააგდეს სახლებს, სავაჭროებს, მონებს, რადგან შენი უხრუნველობა არაფერს ავნებს. მაგრამ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას. თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არსებობს სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, ყველაფერი ამაოა, უსარგებლოდ ვაკეთებთ და ვითმენთ ყველაფერს, არ არის ქება, არ არის კიცხვა ან სირცხვილი, არც კანონები, არც სამსჯავრო“.

ქრისტიანული ეკლესიის სწავლების მიხედვით (საღმრთო წერილის თანახმად) ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებებში, რადგანაც შექმნილია ხატად და მსგავსად ღმრთისა და მინიჭებული აქვს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ამაზე ცხადად მეტყველებს მრავალი ადგილი წმინდა წერილიდან. მაგალითად, ზირაქის სიბრძნეში ვკითხულობთ: „მან (ღმერთმა) დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა. თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი. მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი. ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა“ (სიბრძნე ზირაქისა 15, 14-17).

ადამიანის თავისუფალი ნება და მის ირგვლივ არსებული საკითხები არაერთხელ ყოფილა წმინდა მამათა მსჯელობის საგანი. მოდით, მოვუსმინოთ ისევ იოანე ოქროპირს: „ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა, ამოვირჩიოთ ბოროტი და კეთილი, რათა ჩვენ ვიყოთ კეთილნი ჩვენივე ნებით. სული, როგორც ბატონი თავისი თავისა და თავისუფალი თავის მოქმედებაში, ყოველთვის არ ემორჩილება ღმერთს, მას კი არ სურს, იძულებითა და ძალდატანებით აქციოს სული სათნოდ და წმინდად. რადგანაც სადაც არ არის თავისუფალი ნება, იქ არ არის სათნოება. უნდა დავარწმუნოთ სული, რომ საკუთარი ნებით შეიქმნას სათნო“.

 

ასე რომ, როგორც ვხედავთ, შეუძლებელია თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული ადამიანი ვისიმე ან რისამე ძალდატანებით სჩადიოდეს კეთილსა და ბოროტ ქმედებებს, რადგანაც ყოველივე ეს მისივე ხელმწიფების ქვეშ იმყოფება. ზემოთქმულის საფუძვლიანი გააზრება და სათანადო დასკვნის გამოტანა გვსურს მკითხველს მივანდოთ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.

მეტემფსიქოზი

მესამე, ჩვენს მიერ განსახილვეს და უდაოდ ყურადღების ღირს ასპექვს წარმოადგენს მეტემფსიქოზის თეორია, რომელსაც ქადაგებს აღმოსავლური რელიგიები - ინდუიზმი და ბრაჰმანიზმი. მეტემფსიქოზი ნიშნავს სულთა გადასახლებას. იგი არის რწმენა იმისა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული სახლდება სხვა სხეულში, შემდეგ ისევე იცვლის თავის დროებით ადგილსამყოფელს და ასე გრძელდება სულიერი განწმენდისა და დახვეწის რაღაც გარკვეულ პერიოდამდე.

სულთა გადასახლების თეორიას, რწმენას ადამიანის წინა ცხოვრებაზე ითვალისწინებენ ასტროლოგები პირადი ჰოროსკოპების შედგენისას. თემიდან გადახვევის შიშით, თავს ავარიდებთ დაწვრილებით ახსნა-განმარტებას იმისა, თუ როგორ კლავს ამ თეორიის მიღება ადამიანში რეალური საუკუნო სასჯელის შიშს, როგორ ადუნებს მის სიფხიზლეს და აძლევს საშუალებას ცოდვიან ცხოვრებაში გულგრილად ჩაძირვისა, თუ როგორ აქარწყლებს ადამიანში განხორციელებული ღმერთის, ქრისტე-მაცხოვრისადმი რწმენასა და სასოებას, როგორ ქადაგებს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ცხოვნების შესაძლებლობას, ღმერთის გარეშე, მარტოოდენ საკუთარ, ადამიანურ ძალებზე დაყრდნობით. გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ მეტემფსიქოზის თეორია ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რადგან წმინდა წერილში, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში გარკვევით და ნათლადაა გადმოცემული, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ევლინება ამ ქვეყანას და მისი მიწიერი ცხოვრების ეს ხანმოკლე პერიოდი განსაზღვრავს მარადიულ ტანჯვას ან ნეტარებას. ამ საკითხებით დაინტერესებულ ზოგიერთ პიროვნებას მეტემფსიქოზის თეორიის დასამტკიცებლად ადგილები მოჰყავს თვით სახარებიდან. მაგრამ აქ საქმე გვაქვს ღვთის სიტყვის თვითნებურ განმარტებასთან, რაც უბრალოდ კადნიერებას წარმოადგენს. საღმრთო წერილი განმარტებულია ეგზეგეტი წმინდა მამების მიერ, რომლებიც ბრწყინავდნენ გამორჩეული ასკეტური ცხოვრებით, სულიერი გამოცდილებითა და სულიწმიდისეული ნიჭებით და რომლებიც უშუალოდ ღვთის მინიშნებით (იხ. იოანე ოქროპირის ცხოვრება) თავს იდებდნენ ესოდენ საპატიო მოვალეობას.

მავანნი ამბობენ, რომ ვითომ ქრისტემ შესანიშნავად უწყოდა სულთა გადასახლების არსებობა და მტკიცებად მოჰყავთ ციტატა იოანესაგან სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ეუბნება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3, 3). მაგრამ აქ რეალურად საუბარია არა ამ ქვეყნად მეორეედ მოვლინებაზე, ანუ რეინკარნაციაზე, არამედ წმინდა ნათლობის საიდუმლოზე, რომლის დროსაც ადამიანი კვდება ცოდვისათვის და ცოცხლდება ღვთივსათნო ცხოვრებისათვის. აკი თავად იესო განმარტავს ამას შემდეგ მუხლში: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3, 5). ამასვე გვიდასტურებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 6, 4-11).

ასევე ადგილს მათესა სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: „თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ - ზოგიერთი განმარტავს, თითოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: „ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1, 17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: „თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო“. თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ბაპტისტები