ბოროტების განშტოებათა შესახებ

 

     აუცილებელია, ითქვას ბოროტების განშტოებათა შესახებ, რათა ადამიანმა იცოდეს, რა არის ვნება და რა განაშორებს  მას ღმერთისგან; რათა ევედროს უფალს თითოეული მათგანის გამო, რათა გარდამოვიდეს ღვთის მადლი ადამიანზე და

უფალმა უბოძოს ძალა მათთან საბრძოლველად, სანამ მთლიანად დაემორჩილება მათ.

 

     ნეტარია, ვინც დაძლევს მათ, რადგან იგი იქნება გონიერი ცხოვარი, სათნო ღვთის სამსხვერპლოსათვის და გაიგებს  უფლის მხიარულ ხმას: «კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა  დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა» (მათე 25, 21). ისინი კი, ვისაც საკუთარი ხორციელი სურვილების  აღსრულება სურთ და არ უნდათ, საკუთარ თავს უმკურნალონ სინანულის წმიდა წამლობით, რათა შეუერთდნენ

განწმენდილთ, საჭირო ჟამს უწმიდურნი აღმოჩნდებიან, არ ექნებათ სათნოებანი და უკუნეთის სიბნელეში იქნებიან ჩაგდებულნი, სადაც ვნებებით შემოსილი ეშმაკი მყოფობს, რომლის საქმმეებიცაა: მრუშობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა,

ავსიტყვაობა, მრისხანება, შური, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება. ესენი ბოროტების განშტოებათა არსია და კიდევ მრავალი სხვა მისი მსგავსი, როგორიცაა: თავშეუკავებლობა, სხეულის მორთვა, გართობა, სიზარმაცე, უჯერო სიცილი, ურცხვი მზერა, ვნებისაღმძვრელობა, ურცხვობა, უყურადღებობა ღვთის სამსჯავროსადმი, შური მოყვასის მიმართ, სიცრუე ძმის შესახებ, კაცთმოთნეობა, ცრუმოწმეობა, ცრუ ცოდნა, სწავლების სურვილი, საერო ჩვეულებების სიყვარული, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, მოყვასის სიძულვილი, საკუთარი თავის არგაკიცხვა (გაუცნობიერებლობა და თვითკმაყოფილება), ღვთის დიდებაზე მეტად ადამიანური დიდებისმოყვარეობა, ადამიანთაგან განდიდების მიზნით საკუთარი საქმეების წარმოჩინება, მსუყე სანოვაგის სიყვარული, გულში ხორციელი ვნებების აღსრულება, საკუთარი ცოდნით თავმომწონეობა, საკუთარ თავზე მინდობა, საკუთარი თავის ბრძნად და გონიერად მიჩნევა, მოყვასისა კი – უგუნურად და მისი დამცირება.

 

     ეს ყოველივე მოქმედებს ავადმყოფ სულში, სანამ მას ღმერთს არ დააშორებს. ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც ადამმა იტვირთა, როდესაც აკრძალული ხის ნაყოფი იგემა. სწორედ ამის შესახებ არის ნათქვამი: «ნამდვილად მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი» (ისაია 53, 4). ისინი მოაკვდინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვრით. ისინი არიან ძველი ტიკები, რომელშიც ახალ ღვინოს არ ასხამენ; ისინი არიან ის სახვევები, რომელითაც შეხვეული იყო ლაზარე;

ისინი არიან დემონები, რომელნიც იესომ ღორების კოლტში შეგზავნა; ეს არის ძველი ადამიანი, რომლის თავიდან მოცილებაც მცნებად დაგვიტოვა მოციქულმა; ეს არის ის, რაც მან თქვა: «ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი

დამკვიდრებად ვერ ძალ-უც» (1 კორ. 15, 50). ეს არის ის, რაც მან ბრძანა: «უკუეთუ ხორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ» (რომ. 8, 13). ეს არის ღვარძლი, რომელიც ამოაფრქვია ადამის მიწამ მისი სამოთხიდან გამოძევების შემდგომ.

 

     ქრისტეს ტვირთი მსუბუქია: ურისხველი სიწმიდე, მადლიერება, მოკრძალება, სულის სიხარული, ვნებების შეკავება, ყველას სიყვარული, წმიდა განსჯა, შეურყეველი რწმენა, მწუხარებათა დათმენა, საკუთარი თავისათვის ისე ყურება, როგორც სამყაროსაგან გაუცხოვებულისათვის, სურვილი სხეულის დატოვებისა და ქრისტესთან შეერთებისა. აი, ის მსუბუქი ტვირთი, რომლის ზიდვაც ქრისტემ გვიბრძანა. აი, გზა, რომელზეც მრავალი შრომა გასწიეს წმიდანებმა, სანამ მას აღასრულებდნენ;

აი, ის, რისი მიღწევაც არავის ძალუძს, თუ არ განიძარცვავს ძველ ადამიანს, არ გათავისუფლდება მისგან, არ მოიხვეჭს სიყვარულს და სიყვარული არ გახდის მას ყველაფრის მიმართ უნაღვლოს, მაგრამ ამ სიყვარულის აღორძინება ჩვენში

შეუძლებელია, სანამ რაიმე ამქვეყნიური გვიყვარს, ვითარცა წერილ არს: «ვერ ხელგეწიფების სასუმელი უფლისაი სუმად და სასუმელი ეშმაკთაი» (1 კორ. 10, 21). და ისაია წინასწარმეტყველი ბრძანებს: «რომელი ჩვენთაგანი გაუძლებს მშთანთქმელ

ცეცხლს? რომელი ჩვენთაგანი გაუძლებს მარადიულ სახმილს? მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი

ბოროტების ცქერაზე. აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა პური და ექნება წყალი დაუწყვეტელი» (ის. 33, 14-16).

 

     ხედავ, რა პატივს მიაგებს ღმერთი ასე მცირე ხნით მოსაგრეებს, რომლებმაც საკუთარი მწუხარების დათმენით მთელი სამყაროს სიმძიმე იტვირთეს? ხედავ, როგორი ღვთის შეწევნაა მათზე, ვინც საკუთარ სურვილებს უარყოფს და აცხრობს ამ ადამიანებში ვნებებს იმის გამო, რომ ისინი ღვთის ნებას აღასრულებდნენ? ისინი, ვისაც საკუთარ სურვილებზე უარის თქმა სურთ, გულმოდგინედ იწყებენ ამის აღსრულებას, მაგრამ არ ძალუძთ წინაღუდგნენ თავის მტერს იმიტომ, რომ საკუთარი სურვილების ასრულება სურთ და ხორციელი სურვილების აღსრულებით ამთავრებენ (გალ. 3, 3), ამით კი ამაოსა და უნაყოფოს ხდიან საკუთარ

შრომას. ამას აყვერდის მათ სწორედ იერემია წინასწარმეტყველი:« წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს ღვთის საქმეს!

« (იერ. 48, 10).

 

     ხედავ, რომ ზოგიერთები ღვთისათვის მსახურების სურვილით ვნებებს ემსახურებიან; ამ დროს ღმერთი მათ არ უერთდება, არამედ საკუთარ ნებაზე მიუშვებს და მოძულის ხელში აგდებს? და პატივის ნაცვლად, რომელსაც ისინი

ადამიანთაგან ეძიებენ, მიეგებათ სანაცვლო იმისათვის, რომ არ ეწინააღმდეგებოდნენ მტერს მანამდე, სანამ უფალი არ მოვიდოდა და მტერს არ დაამდაბლებდა. ამრიგად, შრომის, ოფლისღვრისა და სნეულების გარეშე უფალი არ შეისმენს ადამიანისას, ვითარცა წერილ არს.

 

     გულმოდგინედ, ცრემლებითა და სიბრალულით ვითხოვოთ ღვთის წყალობა ღვთის გულისათვის დავემორჩილოთ ყველა ადამიანს, თავი დავიმდაბლოთ ძმის, როგორც ჩვენზე განსწავლულის წინაშე, ბოროტებაზე ბოროტებით ნურავის მივაგებთ და გულშიც ნურავის მიმართ ჩავიდებთ ბოროტს, არამედ მუდამ ერთგულნი ვიყოთ, არანაირი ხორციელი საგნის შესახებ არ ვთქვათ: ეს ჩემია; ყოველდღიურად ვაკონტროლით, თუ რას მიაღწია ჩვენმა გონებამ; ვფრთხილობდეთ, რათა არაწმიდაზე არ ვიფიქროთ; სხეული ნაყროვანებისაგან დავიცვათ, რათა მან ჩვენგან ვნებების დაკმაყოფილება არ მოითხოვოს; რათა სხეული სულის წინაშე მოიდრიკოს, სული კი გონებას ემორჩილებოდეს და გახდეს სასძლო, განწმენდილი ყოველგვარი სიბილწისაგან და უხმობდეს სიძეს: «დაე, მობრძანდეს ჩემს მიერ შეყვარებული თავის ბაღში და იგემოს მისი ტკბილი ნაყოფი». (ქება ქებათა

5, 1)

 

     ვიღვაწოთ, ძმანო, რათა მოვიპოვოთ უფლის წინაშე კადნიერება, რათა ჩვენც მოვისმინოთ მის მიერ თქმული: «მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაითა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაითა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და

შეგიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე» (იოანე 17, 23); რამეთუ მე შევიყვარე უფალი, ისე, როგორც მან შემიყვარა მე: «მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე,

მნებავს, რაითა სადაც მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა. რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა» (იოანე 17, 24).

 

     დაე, ყოვლადწმიდა სამებამ, ერთარსმა და დაუსაბამომ მოიღოს წყალობა ჩვენზე და მოგვანიჭოს განსვენება ყველა  თავის წმიდანთან ერთად სამსჯავროს ჟამს. მასვე შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ბოროტების განშტოებათა შესახებ