დევნაში გამოწრთობილი სული

 

 

ამ წერილში მოგითხრობთ დუშეთის რაიონის სოფ. მლეთის ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის უკანასკნელ  მოძღვარ მამა ბესარიონზე (მალანია).

      ბესარიონ მალანიას მამა - იოანე (ივანე) მალანია იყო მღვდელი. დედა - პელო ღუდუშაური ყაზბეგში მოღვაწე მღვდლის - ბართლომე ღუდუშაურის და.

 

      მამა გიორგიმ (მალანია), რომელიც ყაზბეგის რაიონის სოფ. სიონში იყო მღვდლად, ჯვარი დასწერა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია IIის მშობლებს და მიტროპოლიტ იობის ბებია-პაპას.

 

      მამა ბესარიონს წარმატებით ჰქონდა დამთავრებული გიმნაზია და სასულიერო სემინარია. იცოდა ხუთი ენა და უაღრესად განათლებული პიროვნება იყო.

 

      მისი უშუალო ძალისხმევით დუშეთის რაიონის სოფ. მლეთაში სკოლა დაარსდა. სწორედ ამ სოფლის ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა იგი მღვდლად. მას ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი ქველმოქმედება.

შეწირულ თანხას გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებდა. დუშეთის რაიონში სტუმრად მოსულ პატივსაცემ პიროვნებებს მამა ბესარიონს შეახვედრებდნენ ხოლმე. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ პოეტებთან და მწერლებთან,

განსაკუთრებით მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან.

 

      ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მას რამდენჯერმე შესთავაზეს გაეკრიჭა წვერი, გაეხადა ანაფორა, მაგრამ მამა ბესარიონი ღვთისმოძულეებს ცივ უარს ეუბნებოდა იუდას მიმდევრებს.

 

      მალე ოჯახს უბედურება დაატყდა: ხუთი შვილის მამას ექვსი წლის ვახტანგი გამოეცალა ხელიდან, ძმა, მამა გიორგი მალანია დააპატიმრეს და ტაშკენტის გზას გაუყენეს. მამა ბესარიონი უკვე ხვდებოდა, რომ მისი ჯერიც დადგებოდა, რადგან

ბინაში ხშირად უტარებდნენ ჩხრეკას.

 

      ერთხელ მილიციის უფროსი ესტუმრა (გვარს განგებ არ ვასახელებ), განათლებული კაცი ხარ და შენთან ერთი-ორი ჭიქის დალევა მინდაო. გაუშალეს სუფრა, შექეიფიანებულმა კი გამოუცხადა, ჩხრეკა უნდა ჩავატარო და რასაც გამოსადეგს ვნახავ, წავიღებო. ამ ჩხრეკისას მილიციის უფროსმა ზარდახშა წაიღო, სადაც მამა ბესარიონის მეუღლის - ანა ხუციშვილის პირადი ოქროს სამკაულები იდო.

 

  სკოლაში მისულმა მილიციელებმა გაკვეთილებიდან გამოყარეს მამა ბესარიონის შვილები, როგორ შეიძლება მღვდლის შვილები სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობდნენო.

 

      ამ დროს ყაზბეგის სკოლიდან უკვე გაძევებულები იყვნენ მამა გიორგის შვილები, რომლებიც ქ. ორჯონიკიძეში  აგრძელებდნენ სწავლას მამიდის - ნინუცას ოჯახში თავშეფარებულები. ნინუცას ქმარი თომა ახალაშვილი დავით  სარაჯიშვილის მარჯვენა ხელი იყო.

 

      დევნა-შევიწროებაში ილეოდა დღეები. ერთ-ერთი დღეობისას ჩხუბი ატყდა. ერთმა მხარემ სძლია მეორეს და ერთ ჩხუბისთავს ჩამოხრჩობა დაუპირეს. მამა ბესარიონიც იქ იყო. ის წინ აღუდგა ამ არაადამიანურ ქმედებას და ბოროტება არ

ჩაადენინა.

 

      მაგრამ თვით მაცხოვარსაც კი კიცხავდნენ სიკეთის ქმნისათვის: ,,კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღოს კეთილი; და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღოს ბოროტი~ (მათე 12, 35)

 

      მაშინდელ ხელისუფლებაში საჩივარი შევიდა მამა ბესარიონზე, თითქოს იგი აქეზებდა ხალხს, რათა ადამიანი ჩამოეხრჩოთო და დაპატიმრების მიზეზიც მზად იყო.

 

      პატიმარი ჯერ თბილისში წაიყვანეს, მერე კი ისიც ტაშკენტში გაამწესეს.

 

      მოძღვარი ერთი წელიწადი აუტანელ პირობებში იყო. გახურებული შანთებით უდაღავდნენ სხეულს, ნაიარევი თავზეც კი ეტყობოდა, წვეტიანი რკინით სცემდნენ, წყლით სავსე ოთახში, რომელშიც გველები დაცურავდნენ, შეაგდებდნენ და

ეუბნებოდნენ, გამოტყდიო. უკვირდა მოძღვარს და ვერ გაეგო - რაში უნდა გამომტყდარიყო. მთელი ჩემი ცხოვრება სიყვარულსა და სიკეთეს ვქადაგებდი, ცუდი არაფერი ჩამიდენია და რისთვის მაწამებენო - ფიქრობდა.

 

      ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე წააწყდა ძმის - მამა გიორგის საფლავს. თვალთ დაუბნელდა, გრძნობა დაკარგა.

საავადმყოფოში მოათავსეს. მხედველობა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნდა. გულში მწარედ გაკენწლავდა ხოლმე: ბედმა მეც ძმის გზით მატარა, არც ერთმა არ ვუღალატეთ რწმენას და ერთ ციხეში მოვხვდით, ალბათ მეც ვერ

გავალ აქედანო.

 

      ციხის უფროსობა მიხვდა, რომ ძალიან განათლებულ უდანაშაულო პიროვნებასთან ჰქონდა საქმე და ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლა, მაგრამ საქართველოში მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

 

 

      სამშობლოში დაბრუნებულს ცოლი და ოთხი შვილი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში დაუხვდა. დახმარებისათვის გალაკტიონ ტაბიძეს მიმართა. მან თამბაქოს ფაბრიკის ბუღალტერიაში დააწყებინა მუშაობა.

 

      ცოტა ხანშივე მიხვდა, რომ იქ ფულის კეთების მრავალ მაქინაციას მიმართავდნენ. ფაბრიკიდან წამოვიდა. როდესაც არაფერი დამიშავებია, ისე დამაპატიმრეს და აქ ამდენი დანაშაული ხდება, ვერ ვიმუშავებო.

 

      მთავრობას მიმართა, სამუშაოს ითხოვდა. მათაც ,,აღმოუჩინეს დახმარება" და ბაშკირეთში გააგზავნეს მასწავლებლად.

ხელახლა მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს. დარდობდა, მაგრამ იმედიან წერილებს იწერებოდა, მალე ამნისტია იქნება, ჩამოვალ და ერთად ვიქნებითო.

 

      ვეღარ გაუძლო ნაწამებმა გულმა და ერთ დღეს გაკვეთილზე ინფარქტით გარდაიცვალა.

 

      ცოლ-შვილისა და ახლობლებისაგან დაუტირებელი ორივე ძმა - მამა გიორგი და მამა ბესარიონ მალანიები სამშობლოდან შორს აღესრულნენ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / დევნაში გამოწრთობილი სული