ვინც მწუხარებას დაითმენს, –იგი სიხარულს ეზიარება

 

იფხიზლეთ და ერიდეთ სიძვის დემონს, რამეთუ როდესაც ლოცვით დგახართ უფლის წინაშე – დემონი ცდილობს, მზაკვრულად გაცდუნოთ და თქვენში გონების სიფხიზლე და ღვთის მოშიშება მოადუნოს.

     თუკი ლოცვა გწყურიათ, განემზადეთ დემონთა წინააღმდეგ საბრძოლველად და მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან ისინი გააფთრებით იბრძვიან და ველურ მხეცთა მსგავსად, თავს გვესხმიან და გვაწვალებენ.

     განემზადეთ, გამოცდილ მებრძოლთა მსგავსად და ნუ იორჭოფებთ. თუკი დემონთაგან რაიმე ხილვას იხილავთ, – ნუ შეკრთებით და სულმოკლეობას ნუ გამოიჩენთ. დემონები ხილულადაც რომ გეჩვენონ, მტკიცედ განაგრძეთ უფლის დიდება და მათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. იცოდეთ, შიშსა და ძრწოლას ნუ მიეცემით და გამბედაობა გამოიჩინეთ.

     ვინც მწუხარებას დაითმენს, იგი სიხარულს ეზიარება; და ვისაც უფალი განსაცდელს მოუვლენს, მას ნუგეშის წილიც მიეცემა.

     იფხიზლეთ, რათა არ ცდუნდეთ დემონთა ხილვებით. თუკი ლოცვის დროს ხილვა წარმოგესახათ, ითხოვეთ უფლისგან, მისი არსის შეცნობა: თუ ხილვა უფლისმიერია – უფალი განგიმარტავთ მას, ხოლო თუ დემონთაგანაა – უფალი გაფანტავს ბოროტის ცდუნებას. როცა უფალს შემწეობას შესთხოვთ, ღვთაებრივი ძალა თქვენგან უხილავად შერისხავს ბოროტ სულებს და მათ თქვენს ცდუნებას აუკრძალავს. ბოროტი სულები თავიანთ ცდუნებებში დახვეწილები არიან: უფრთხილდით მათ, რათა მზაკვრობის ბადეში არ გაგხლართონ. შესაძლოა, დემონებმა ხილვაში წარმოგისახონ, თუ როგორ განიდევნებიან ისინი უფლის ანგელოზთა მიერ; სინამდვილეში კი ეს დემონები იღებენ უფლის ანგელოზთა სახეს და ცდილობენ თქვენში პატივმოყვარეობა აღძრან – აი, რისი ღირსნი შეიქმენით, – უფლის ანგელოზნი გეცხადებიანო!

     ეცადეთ, იყოთ სიბრძნი0- სმოყვარენი და გაბედულნი, – მაშინ თქვენს სულს დემონთა მტრული თავდასხმები არ შეეხება; და არც მათი მათრახი მისწვდება თქვენს სხეულს, რამეთუ უფალი გვიფარავს და `ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა.~ (ფს. 90, 10) და ისინი უხილავად განაგდებენ შენგან ყოველგვარ მტრულ ქმედებას. თუ ლოცვისას დემონთა თავდასხმები თქვენს სულს აღაშფოთებენ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ლოცვის სიწმინდე და გულისთქმებს აყოლილი არ დაეცეთ, არამედ ღაღადჰყავთ უფლისადმი: `ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ...~ (ფს. 22, 4). ამგვარი განსაცდელის ჟამს მოკლე, მაგრამ მუდმივი და გულმხურვალე ლოცვა გმართებთ.

     ნუთუ, შესაძლოა, ყოვლისშემძლე უფლისადმი ლოცვას აღავლენდე და ამასთან, `ბუზებისა~ და `კოღოების~ გეშინოდეს? ნუთუ არ გესმის, რას ამბობს წინასწარმეტყველი: `უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე...~ (2 სჯულ. 10, 20). ისევე როგორც სხეულის საზრდო – პურია, ხოლო სულისა – სათნოება, ასევე სულიერი ლოცვა – გონების საზრდოა. არა ფარისევლურად, არამედ მეზვერესამებრ ილოცეთ წმიდა სალოცავში, რათა განმართლდეთ უფლის წინაშე.

     ლოცვისას მოყვასის წინააღმდეგ ნუ ამხედრდებით, რათა არ დაარღვიოთ ის, რასაც აღაშენებთ და უფლისადმი აღვლენილი ლოცვა სიბილწედ არ იქცეს. გახსოვდეთ, რომ თუკი არ მიუტევებთ თანამდებთა მათ თქვენთა, ვერც თქვენ მიიღებთ უფლისგან შენდობას.

 

თარგმნა მარიამ გაგუამ

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ვინც მწუხარებას დაითმენს, –იგი სიხარულს ეზიარება