ინტერვიუ გაგა შურღაიასთან 

 

მე ვარ მართლმადიდებელი, დავიბადე მართლმადიდებლად და ასეც მოვკვდები

     იტალიაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, ვენეციის კაფოცკარის უნივერსიტეტის პროფესორი, რომის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოლონიის უნივერსიტეტის ლექტორი, მრავალმხრივი მოღვაწე, ბატონი გაგა შურღაია გარკვეული ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ჩვენ საშუალება გვქონდა, გვესაუბრა მასთან. გთავაზობთ ამ საუბრის მოკლე შინაარსს:

 

      -  თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისის შესახებ, როგორ მოხვდით იტალიაში?

 

      -  1991 წელს გავემგზავრე იტალიაში. მაშინ ყოფილ საბჭოთა კავშირსა და დასავლურ სამყაროს შორის იდებოდა ხელშეკრულებები სტუდენტთა და პროფესორმასწავლებელთა გაცვლების თაობაზე. სწორედ ამ პერიოდში დაიდო ხელშეკრულება ვენეციის კაფოცკარის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ბატონების  -  ელგუჯა ხინთიბიძისა და ლუიჯი მაგაროტოს თაოსნობით და მე გახლდით ის პირველი სტუდენტი, რომელიც გაემგზავრა იტალიაში. მაშინ მე- 5 კურსზე ვიყავი. კაფოცკარის უნივერსიტეტში ვისმენდი სპეციალიზებულ კურსებს სხვადასხვა საგანებში, ქრისტიანული რელიგიის ისტორიაში, ლათინური ლიტერატურის ისტორიასა და ლათინურ ენაში. ამავე დროს ვესწრებოდი ისეთ ლექციებს, რომლებიც ჩემს სამეცნიერო პროგრამაში არ შემოდიოდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. ეს იყო  -  თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ისტორია. ამ პროგრამის შემდეგ თვითონ ჩვენს სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის დაიწყო სტუდენტთა გაცვლითი ხელშეკრულებების დადება და სწორედ მაშინ აღმოვჩნდი ის პირველი სტუდენტი, რომელიც სწავლობდა აღმოსავლური ინსტიტუტის ჯერ ლიცენციატურაში, (იქ სამი წელი ვსწავლობდი), შემდეგ კი დოქტურანტურაში. პრაქტიკულად, მისი დამთავრების შემდეგ დაიწყო ჩემი ე.წ. პედაგოგიური მოღვაწეობაც რომის, ბოლონიის, ვენეციის უნივერსიტეტებში. პარალელურად მიმიწვიეს ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში აღმოსავლურ ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნებზე სამუშაოდ.

 

      - თქვენ ბრძანდებით ვატიკანის ბიბლიოთეკის კონსულტანტი; იგი ერთერთი უდიდესია მსოფლიოში. საინტერესოა, თუ მოიპოვება ამ ბიბლიოთეკაში ქართულ სამყაროსთან, ქართულ ისტორიასთან, ჩვენს კულტურასთან დაკავშირებული მასალები და ბუნებრივია, რომ თქვენი მიწვევა იქ ალბათ ამითაც იყო გამოწვეული, გარდა იმისა, რომ საერთოდ აღმოსავლურ ეკლესიას სწავლობთ. ამის თაობაზე რას გვეტყოდით, რა არის ჩვენთვის, ქართველთათვის საინტერესო ამ ბიბლიოთეკაში?

 

      -  თავდაპირველად ამ ბიბლიოთეკაში ჩვენი დიდი თანამემამულე, აწ გარდაცვლილი მიხეილ თარხნიშვილი მუშაობდა. იგი დიდი ავტორიტეტი იყო დასავლელი ორიენტალისტებისათვის და პრაქტიკულად, მისი გარდაცვალებიდან ორმოცდაათწლიანი შუალედის შემდეგ მე მომიწია ამ ბიბლიოთეკაში მისი საქმიანობის გაგრძელება. მაშინ ბიბლიოთეკა დიდ პროექტზე მუშაობდა, ქაღალდის კატალოგი უნდა გადატანილიყო კომპიუტიზირებულ კატალოგზე და მთხოვეს, დამეთმო დრო ამ წიგნების ელექტრონული კატალოგის შესადგენად. ასე დაიწყო ჩემი თანამშრომლობა, შემდეგ მან უკვე ხელნაწერი წიგნებიც მოიცვა. ვატიკანის ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული ქართული ხელნაწერია დაცული. უძველესი და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ სავარაუდოდ XI საუკუნის ოთხთავი, არის XII საუკუნის ხელნაწერიც, რომელიც სხვადასხვა მამათა ქადაგებების ძველქართულ თარგმანს შეიცავს, ამავე დროს, გვაქვს ერთი «კურთხევანი», რომელიც საკმაოდ საინტერსოა, იგი უფრო გვიანი პერიოდის  -  XIV - XVსს განეკუთვნება და ქაღალდზეა გადაწერილ. ბიბლიოთეკაში დაცულია «ქართლის ცხოვრების» ერთი ხელნაწერის ნაწილი. ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც შემდეგ სიმონ ყაუხჩიშვილმა IV ტომში დაბეჭდა; ასევე ვახუშტის საქართველოს ისტორიის ნაწილი. საინტერესოა ისიც, რომ ბიბლიოთეკის გარეთ არსებობს კიდევ ერთი ვატიკანის არქივი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი მასალები ინახება საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. აქ არის სხვადასხვა წერილები, რომელსაც ჩვენი მაშინდელი მეფეები და მთავრები წერდნენ დასავლეთის სახელმწიფოებს. მათში ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ და კულტურულ დახმარებას ითხოვდნენ, არამდ ცდილობდნენ, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ როგორმე აღედგინათ საქართველოს კავშირები განათლებულ მსოფლიოსთან, იმასთან, რასაც ბიზანტიელები უწოდებდნენ «ოიკუმენეს». პრაქტიკულად, ამ არქივში დაცული მასალების მხოლოდ ერთი ნაწილია აღწერილი, დანარჩენი ჯერ კიდევ ასაღწერია. რომში არის კიდევ მესამე ადგილი, ესაა «პროპაგანდა ფიდეს» არქივი, სადაც 1622 წლიდან, ამ დაწესებულების დაარსების შემდეგ თავი მოიყარა ყველა იმ ინფორმაციამ, წერილმა, რომელსაც დასავლელი მისიონერები საქართველოდან გზავინიდნენ. სწორედ აქ ინახება ქართველთათვის კარგად ცნობილი პიეტრო დელ ავალეს XVII საუკუნის ინფორმაცია საქარ- თველოს შესახებ. ძალიან ბევრი სხვა დოკუმენტიც არსებობს. ნაწილი, რა თქმა უნდა, გამოუკვლეველია. მხოლოდ ერთ ფონდში 7 უზარმაზარი ტომი ინახება, რომლებიც მხოლოდ დოკუმენტებისაგან შედგება. ამავე დროს, სხვა ფონდებს აქვთ კიდევ სხვა უამრავი ტომი, არსებობს ნარევი ტომები, რომლებშიც არქივისტები ყველა იმ დოკუმენტს ინახავდნენ, რომლებიც მათთვის ნაკლებად იყო გასაგები. ჩემმა ერთმა კოლეგამ, ორბინის უნივერსიტეტის პროფესორმა ბარბარე ლო მაჯისტრომ ერთ-ერთ ასეთ ტომში მიაკვლია ლათინურ ხელნაწერ ე. წ «მინოტას». მისი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე ქართულმა ასომ, რომელიც ამ დოკუმენტში იყო გამოსახული. იგი მე დამიკავშირდა და მასალა გადმოვწერე, ვთარგმნე, დავურთე სათანადო გამოკვლევა იტალიურად, იტალიაში დავბეჭდე. ეს იყო დაახლოებით 30 გვერდიანი გამოკვლევა, რომლის ქართული ვარიანტი თსუ-ს ჟურნალ «ქართული დიპლომატიკაში» დავბეჭდე. ეს დოკუმენტი მოწმობა გახლავთ იმისა, რომ 1626 წელს ქართველი ერი უფლის საფლავზე ფლობდა ერთ სამლოცვლოს. ეს კი ჩვენი ეკლესიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებზე, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთია ამის დასადასტურებლად. მინოტა შედგენილი უნდა იყოს ნიკიფორე ირბახის მიერ რომში ყოფნის პერიოდში, ან შეიძლება მხოლოდ ერთი წელი იყოს განსხვავება მის ვიზიტსა და ამ დოკუმენტის შედგენას შორის. ფაქტია, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს თითქმის თანამედროვე ეპოქის ცნობა ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

 

      -  ხომ არ გიცდიათ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა ქართული მასალებისა თუ წიგნების შესწავლა?

 

      -  2001 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკამ მოაწყო გამოფენა, რომელსაც ერქვა «ხალხების სახარება». ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ენებზე არსებული სახარებები. შემდეგ გამოიცა ამ გამოფენის კატალოგი. მათ უნდოდათ, X საუკუნიდან შედგენილი სახარებებისთვის მოეყარათ თავი. სამწუხაროდ, იქ უხვად იყო ბერძნული, კოპტური, სირიული, სომხური სახარებები. ქართული სახარება კი ერთადერთი ოთხთავია შემორჩენილი. მაშინ მთხოვეს, გამეკეთებინა მისი მეცნიერული აღწერილობა. ამ სახარების პირველი აღწერილობა, რომელიც ჟურნალ «ბედი ქართლისაში», პარიზში დაიბეჭდა, გაკეთებული იყო მიხეილ თარხნიშვილის მიერ. სახარება დაყოფილია სხვადასხვა სექციებად. მისი პალეოგრაფიული მხარე ჯერ კიდევ შესასწავლია. როცა საშუალება მაქვს, ვცდილობ დავუთმო დრო. მაგრამ დიდ ნაკლი მაქვს,  -  ძალიან ნელა ვმუშაობ. სანამ ერთ სტრიქონს დავწერ, ძალიან ბევრჯერ ვამოწმებ, რადგან შეცდომისგან დაზღვეული არავინაა.

 

 

მწამს ერთი ღმერთი...

     მრწამსის პირველი მუხლი მრწამსის პირველი მუხლი ასე ჟღერს: «მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა».

 

     სიმბოლო სარწმუნოებისა, ანუ «მრწამსი» იწყება სიტყვებით «მწამს ერთი ღმერთი», რითაც თავიდანვე მკაფიოდაა გამოყოფილი, რომ ღმერთი არის ერთი, რომ არ არსებობს სხვა ღმერთები და რომ არ შეიძლება ერთდროულად ვირწმუნოთ რამდენიმე ღმერთი, არამედ უნდა გვქონდეს სასოება და იმედი მხოლოდ ერთი ღმერთისა. ანუ პირველივე წინადადებაში მოცემულია წარმართული მრავალ- ღმერთიანობის მხილება. საქმე ის გახლავთ, რომ პირველ საუკუნეებში რომის იმპერიაში, რომელიც ფაქტიურად მთელი იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, ქრისტიანობა დიდ დევნას განიცდიდა. იმ დროს ქრისტიანებს ძირითადად წარმართები დევნიდნენ, რომლებიც მრავალღმერთიანობის მომხრენი იყვნენ. რა იყო მათი გაღიზიანების მიზეზი? მათ არ ესმოდათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ღმერთი ერთია. მათ მიაჩნდათ, რომ სამყაროში მრავალი ღმერთია, და თითქოს თითოეულ ღმერთს თავისი მოქმედების სფერო, სამოქმედო ასპარეზი აქვს. ზოგჯერ ისინი ქრისტესაც პატივს სცემდნენ, მაგრამ ის ერთ-ერთ და არა ერთადერთ ღმერთად მიაჩნდათ. მაგალითად, ერთმა წარმართმა იმპერატორმა ღვთაებათა პანთეონში ქრისტეს ქანდაკებაც კი დადგა, მაგრამ, ამავე დროს, ის ქრისტიანების მდევნელი იყო. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მას არ ჰქონდა იმის შეგნება, რომ ქრისტე ერთადერთი ღმერთია და იგი ერთ-ერთი ღვთაება ეგონა. ქრისტიანებს კი, ეს კარგად ჰქონდათ გააზრებული და ამიტომ სხვა «ღმერთებს» უარყოფდნენ და ისინი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ კერპები იყვნენ. «ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან»,  -  სწორედ ამის შესახებ ამბობს დავით მეფსალმუნე.

 

     წარმართულ რომში ქრისტიანებისგან ითხოვდნენ, რომ რომის იმპერატორის ქანდაკებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, უბრალოდ საკმეველი დაეყარათ მათ წინ დადებულ ნაკვერჩხალზე. როდესაც ქრისტიანები რომაელი წარმართების ბრძანებას არ ასრულებდნენ, ეს დიდ გაოცებას იწვევდა, ვინაიდან წარმართებს მიაჩნდათ, რომ შეიძლება ადამიანს «თავისი ღმერთი» სწამდეს, მაგრამ, ამავე დროს, მას შეუძლია ღვთაებრივი პატივი მიაგოს იმპერატორსაც, ეს კი ქრისტიანებისათვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან თუკი სხვა ღმერთსაც თაყვანს სცემ, თუკი სხვასაც აღმერთებ, მაშინ სადღაა ჭეშმარიტი ერთღმერთიანობა, ერთი ღმერთისადმი ერთგულება. ქრისტიანთა ამ განწყობას სრულებით ვერ ხვდებოდნენ წარმართები, ამიტომ სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს. მათ ეგონათ, რომ ქრისტიანების ამგვარი საქციელი ამბოხებისაკენ მოწოდება იყო, რათა არ დამორჩილებოდნენ იმპერატორს, თითქოს ქრისტიანებს საერთოდ, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ეკავათ. ბუნებრივია, ეს ასე არ გახლდათ. მრწამსის პირველ მუხლში დაფიქსირებული ეს მომენტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგი იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს ერთი ღმერთი უნდა სწამდეს და არა მრავალი. სამწუხაროდ, იმგვარი ფსიქოლოგია, რომელიც ქრისტიანობის მდევნელთ ჰქონდათ ძველ რომში, ზოგჯერ დღესაც მჟღავნდება ხოლმე. ზოგიერთისთვის ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტება კი არაა, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი საინტერესო რელიგია, სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელსაც აჯერებენ, ავსებენ სხვა რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებებით. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. ქრისტიანობა ერთი მთლიანობაა, არ შეიძლება, ადამიანმა ნაწილი მიიღოს, ნაწილი კი უარყოს და სხვა რელიგიიდან შეავსოს.

 

     შემდეგ მრწამსი გრძელდება შემდეგი სიტყვებით: «მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა». «მრწამსი» აქ ღმერთს ყოვლისმპყრობელს, ანუ ბერძნულად პანტოკრატორს უწოდებს. ღმერთი ყოვლისმპყრობელია, ვინაიდან ყოველივე მის ხელთაა, ხილული თუ უხილავი სამყარო. ისეთი არაფერი არსებობს, რაც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას არ ემორჩილებოდეს. სიტყვებში  -  «შემოქმედი ცათა და ქვეყანისა», არის მითითება იმისა, რომ ღმერთი არის შემოქმედი, ანუ მან შექმნა როგორც ცა, ისე ქვეყანა. ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან გარდა ქრისტიანული შეხედულებებისა სამყაროს შექმნის შესახებ, არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ზოგი თვლის, რომ მატერია პირველადია, რომ იგი ყოველთვის არსებობდა, ის არ შექმნილა და აქვს თვითგანვითარებისა და თვითორგანიზაციის უნარი. ეს ათეისტური თეორიებია სამყაროს წარმოშობის შესახებ. გარდა ამისა, არის შეხედულება, თითქოს არსებობდა როგორც მატერია, ისე ღმერთი და თითქოს ორივე პირველადია. თითქოს მატერია ღმერთს კი არ შეუქმნია, იგი ყოველთვის ისედაც არსებობდა (ე.წ. დუალიზმი). ქრისტიანული თვალსაზრისით ესეც მიუღებელია. რაც შეეხება პანთეიზმს, იგი ქადაგებს, რომ სამყარო და ღმერთი ერთმანეთში ისეა «გათქვეფილი», რომ ეს ფაქტიურად ერთი და იგივეა, ღმერთი თითქოსდა იმდენად გამსჭვალავს სამყაროს, რომ განსხვავება იკარგება ბუნებასა და ღმერთს შორის. ქრისტიანობისათვის ესეც მიუღებელი თეორიაა. ქრისტიანული სარწმუნოება ქადაგებს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისაგან, არარასაგან. ლოცვებში ვხვდებით ხოლმე: «არაარსისგან არსის მომყვანებელო»,  -  ასე მიმართავს მორწმუნე ღმერთს. მაკაბელთა წიგნში, ძველ აღთქმაში არის ერთი მომენტი, როდესაც დედა, რომელიც ხედავს თავისი შვილების მოწამეობას ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, აღნიშნავს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისაგან.

 

     შემდეგ მრწამსში გრძელდება «ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა». აქედან შევიმეცნებთ, რომ სამყარო ორგვარია: ხილული და უხილავი, ხილულია ის, რასაც ჩვენი ხორციელი თვალით ვხედავთ: მნათობები, მზე, ვარსკვლავები, დედამიწა, ყოველივე დედამიწაზე არსებული, მაგრამ, გარდა ამისა, არსებობს უხილავი სამყაროც, ესაა ანგელოზთა დასი, რომელიც ხილულ სამყაროზე ადრე შეიქმნა. ანგელოზები უხილავი არსებები არიან, რომლებიც ღმერთმა შექმნა და რომლებიც უფალს ემსახურებიან. «ანგელოზი» თარგმანში ნიშნავს მაცნეს. იგი ღვთის ბრძანებას ასრულებს და ადამიანებს ღვთის ბრძანებას ამცნობს. ანგელოზი არის სული, მას შეუძლია უსწრაფესი გადაადგილება სივრცეში, შეუძლია, ღვთის ბრძანების მიტანა ადამიანებამდე, როგორც წესი, ისინი ადამიანებს ახალგაზრდა ჭაბუკის სახით ეცხადებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ის სახე, ის ფორმა, რომელსაც ანგელოზები ღებულობენ მაშინ, როცა ადამიანისთვის ხილული ხდებიან. მათი სახე კი ხილული ყველასთვის არაა, არამედ მხოლოდ წმიდა ადამიანებისათვის, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვთ.

     ზურაბ ცხოვრებაძე

 

რა არის მრწამსი ქრისტიანისთვის?

     მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში სხვა ლოცვებთან ერთად მრწამსს წარმოვთქვამთ. ფაქტიურად, ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა. რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა? იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვალოცვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიცა და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი.

 

     მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ (325 წ) და მეორე (381 წ) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. III მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაკლდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში, საუკუნეების შემდეგ, კათოლიკებმა მრწამსში შეცვალეს ერთ-ერთი მუხლი და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილ იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან მრწამსში ცვლილების შეტანა ერესია, მწვალებლობაა.

 

     ახლა კი დავუბრუნდეთ მსოფლიო საეკლესიო კრებებს და მათ მნიშნვნელობას. სულ შვიდი საეკლესიო კრება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ეპოქა, როცა საკმაოდ ძნელი იყო ადამიანების ერთად შეკრება, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები არ იყო კარგად განვითარებული. მიუხედავად ამისა, მაშინდელი მართლმადებელი სამყაროს სხვადასხვა კუთხეებიდან მსოფლიო საეკლესიო კრებებზე თავს იყრიდნენ ეპისკოპოსები. მიუხედავად იმ ხიფათისა, რაც მათ მგზავრობას ახლდა, ისინი მაინც ჩადიოდნენ ამ კრებებზე. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, თუ რამხელა სულიერ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მღვდელმთავრები ამ კრებებზე დასწრებას.

 

     მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ერთად იკრიბებოდნენ ეკლესიის მამები და საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ. საეკლესიო კრებები, როგორც წესი, რომელიმე ერესის წინააღმდეგ იმართებოდა. ეს არ იყო უბრალოდ საღვთისმეტყველო საკითხებზე სასაუბროდ შეკრება. კრებების ჩატარება იყო ეკლესიის აუცილებელი მოთხოვნილება, რისკენაც ამოძრავებდათ სურვილი იმისა, რომ ეკლესია დაეცვათ არასწორი სწავლებებისაგან, რაც ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვა სახით ემუქრებოდა ეკლესიას. ეს იყო ფაქტიურად რეაქცია ამა თუ იმ ერესზე. მაგალითად, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიზანი, რომელიც ნიკეაში 325 წელს ჩატარდა, იყო ეკლესიის დაცვა არიოზელობისაგან. იმ პერიოდში ერესიარქი არიოზი, ერესის მამამთავარი არასწორ სწავლებას ქადაგებდა ძე ღვთისას შესახებ. სწორედ ასე ხდებოდა დოგმატური საკითხების ჩამოყალიბება. ეს იყო ეკლესიის თავდაცვა უცხო, გარეშე სწავლებებისაგან განკრძალვა.

 

     ბუნებრივია, თუ საკითხს ასე გავიაზრებთ, მაშინ გასაგები იქნება საეკლესიო კრებებისა და დადგენილებების მნიშვნელობა. მათ შორის უპირველესი მრწამსი იყო.

 

     ქართული სახელწოდება მრწამსი მომდინარეობს პირველი სიტყვიდან: «მრწამს ერთი ღმერთი..» ეს პირველი სიტყვა იქნა აღებული განზოგადოებულ სათაურად ამ მოკლე ტექსტისა. მას ასევე მეორენაირად ეწოდება სიმბოლო სარწმუნოებისა. სხვა ენებში იგი სწორედ ასეა გადმოცემული.

 

 

     როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მრწამსი ითქმება არა მარტო დილის ლოცვებში, არამედ წირვაზეც, რითაც ეკლესია მრწამსის მნიშვნელობას გვახსენებს. მრწამსი წარმოითქმის ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროსაც. ნათლობისას კათაკმეველი ვალდებულია, წარმოთქვას მრწამსი. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება და აღიარებს ყოველ მუხლს, რაც მრწამსშია გადმოცემული და ის ინათლება იმ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მრწამსშია გადმოცემული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მრწამსს, რომლის ცოდნა და არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღიარება, ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. ადამიანმა უნდა დაადასტუროს, რომ ღმერთი სწამს სწორედ ამგვარად და არა სხვანაირად. მართალია, შეიძლება ადამიანს გულში ჰქონდეს ეს რწმენა, მაგრამ აუცილებელია ასევე, რომ მას თავისი სარწმუნოების არ შერცხვეს ადამიანთა წინაშე. როდესაც ადამიანს რცხვენია სარწმუნოებისა, ეს ნიშნავს, რომ რცხვენია უფლისა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უფლისგან წყალობას არ უნდა ველოდოთ, ვინც უარყოფს უფალს კაცთა წინაშე, იგი უარყოფილი იქნება ღვთის წინაშე იმქვეყნიური სამსჯავროს დროს. სარწმუნოების დადასტურება არის ერთ-ერთი ნიშანი ქრისტიანისა და ქრისტიანობისა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ინტერვიუ გაგა შურღაიასთან