იოანე მინჩხი 

 

 იოანე მინჩხი ეკუთვნის იმ პირთა ჯგუფს,  რომელთაც ხელი შეუწყვეს ქართული ჰიმნოგრაფიის აყვავებას მეათე საუკუნეში. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო მოღვაწე მეათე საუკუნის პირველი ნახევრისა, თანამედროვე გიორგი მეფისა. სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში მოთავსებულია გალობანი  წმიდისა გეორგისანი, თქუმულნი ნეტარისა მინჩხისანი, რომელთაც შემდეგი შენიშვნა აქვთ თანდართული: ხოლო ესე გალობანი მას კარგსა გეორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა. დახასიათება გიორგი მეფისა  იმ  ზოგადი ეპითეტებით, რომელიც აქა გვაქვს, შეიძლება უფრო შეეფერებოდეს საქართველოს მეფეს გიორგი პირველს (1014-1027), მაგრამ ამ უკანასკნელის მეფობა  მინჩხისათვის   მეტად ნაგვიანებია. ამიტომ ამ მინაწერში ჩვენ ვგულისხმობთ აფხაზთა მეფეს გიორგის, რომელიც, მემატიანის სიტყვით, იყო სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმPნითა და ახოვნებითა, ღმრთისმოყუარე  იყო უმეტეს ყოველთა, მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხუი და მდაბალი და ყოვლითა კეთილითა სათნოებითა სრული. აქ შეიძლება ერთი საკითხი დაიბადოს: რით  აიხსნება, რომ მიქელ მოდრეკილის  საგალობელში, რომელიც შედგენილია 978-988 წლებში, მინჩხის მრავალრიცხოვანი ჰიმნებიდან მხოლოდ ოთხია შეტანილი? რასაკვირველია, არა იმით, რომ ის ჰიმნები  მინჩხისა, რომელნიც  მიქელის კრებულში  არ მოყვნენ,  ამ  კრებულის შემდეგაა  დაწერილი და, მაშასადამე, მინჩხი მეათე საუკუნის გასულის ან მეთერთმეტის  დასაწყისის  (გიორგი  პირველის დროის)  მწერალია,  არამედ იმით,  რომ  იოანე მინჩხი მოღვაწეობდა და წერდა  სინას  მთაზე, რის  გამო,  შესაძლებელია,  მიქელს,  რომელიც  საქართველოში  აგროვებდა  მასალას  თავის  კრებულისათვის,  ამ  კრებულის  შედგენისას,  ოთხის  გარდა,   სხვა  ჰიმნები   საზღვარგარეთელი  მოღვაწის,  მინჩხისა,  ჯერ  ხელთ  არა  ჰქონდა.

          უმეტესი  ნაწილი  მინჩხის  ჰიმნებისა  შენახულა  სინას  მთის  ხელნაწერებში (ივ.  ჯავახიშვილის  აღწერილობით).  ზოგ  მათგანს  აწერია:   მინჩხნი,  მინჩხისანი, თGთნი, თGთნი არიან მინჩხნი. ასეთი საგალობლები, რა თქმა უნდა, იოანე მინჩხისაა უცილობლად. მაგრამ არის ისეთი ჰიმნებიც, რომელთაც აწერია მინჩხურნი. ეს ტერმინი, ალბათ, იმავე მნიშვნელობისა და შინაარსისაა, როგორც ზემოთ აღნიშნული მერჩულიულნი, და აღნიშნავს ისეთ ჰიმნებს, რომელნიც იოანე მინჩხის საგალობლების ფორმისაა. ეს საგალობლები ზოგი პროზითაა დაწერილი, ზოგი კი იამბიკოთი. იამბიკოთი დაწერილი ჰიმნები მოთავსებულია მიქელ მოდრეკილის კრებულში. ესენია: ორი ჯგუფი წმიდის აღდგომის დასდებელთა, მესამე- მეფის თეოდოსი დიდისა (379-395წ.), რომელიც წმინდანადაა აღიარებული (ხსენება მისი ჩვეულებრივ 17 იანვარსაა დადებული, ხოლო იერუსალიმის განჩინებაში და იოანე სინელის კალენდარში, როგორც მინჩხის წარწერაში-19 იანვარს), და მეოთხე-ექვთიმე დიდის, პალესტინელისა (გარდ. 473წ.) რომლის ხსენება, მინჩხითაც, 20 იანვარსაა დადებული. უკანასკნელი ორი ჯგუფის საგალობელნი (თეოდოსისა და ექვთიმესი) წარმოადგენენ, უეჭველია, ფრაგმენტს იანვრის თვის ჰიმნოლოგიური კრებულისას, რომელიც, ალბათ, ჩვენამდე არ შენახულა, ან ჯერ აღმოჩენილი არაა. სინას მთის ხელნაწერებში დაცული ჰიმნებიდან უნდა დავასახელოთ: უკვე ზემომოხსენებული წმიდა გიორგის  საგალობლები,გიორგი მეფის თხოვნით აღწერილნი, რომელნიც არიან თავედნი, ესე იგი აკროსტიქული, და იტყვიან: წმიდაო გეორგი, შეეწიე გეორგი მეფესა წინაშე მეფეთა მეფისა და ადიდე.  საგალობელთა ხელნაწერში  ბოლო დაკარგულია, აკროსტიქი თავდება სიტყვა წინაშე- ზე. ხელნაწერში 56 (ნ. მარის აღწერილობით) მოთავსებულია საგალობელნი ფერისცვალებისანი მინჩხისანი (ფ. 76), ხოლო ხელნაწერებში 5,75-დიდმარხვის ეგრეთ წოდებულ წინამსრბოლ კვირიაკეთა (მეზვერისა და ფარისევლის, უძღების შვილის, ხორციელისა და ყველიერის). ყოველ შემთხვევაში, 5-ის ფ. 26ა იწყება არაჯვორთა, ესე იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის საგალობელით. ხელნაწერში77 დარჩენილა საგალობლები დიდმარხვის 1,2,3,4, კვირიაკეებისა. როგორც ჩანს, იოანე მინჩხს უწერია საგალობლები მთელი წლისა იმ გეგმაზე, რა გეგმაზედაცაა აგებული საეკლესიო წელიწადი იერუსალიმის კანონში: ჯერ ზამთრის კანონი, 20 დეკემბრიდან აპრილამდე (ამისი ფრაგმენტია თეოდოსისა და ექვთიმეს საგალობლები), და დიდმარხვის პერიოდი, მერე-ზაფხულის კანონი რომლის ნაშთად უნდა ჩაითვალოს ორი საგალობელი აღდგომისა ზატიკის პერიოდიდან, აგრეთვე  წმ. გიორგისა და ფერისცვალების ჰიმნები თთუენიდან. ამავე კატეგორიას ეკუთვნის, ალბათ დასდებელი წმიდისა მამისა ჩუენისა შიოსი,რომელიც იოანესავე სახელითაა შენახული. იოანეს ჰიმნებს ახასიათებს ღრმა პატრიოტული გრძნობა და, როგორც ეს შეუნიშნავს აკად. ნ.  მ ა რ ს ა ც, სუბიექტივობა, გულრწფელობა და უაღრესი სიმარტივე, რომელიც შორსაა ჩვეულებრივი ჰიმნოგრაფიული ენაწყლიანობისაგან. მისი ჰიმნები გამოცემულია აკად. ი. ჯავახიშვილის მიერ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / იოანე მინჩხი