მიქელ მოდრეკილი

 

 

  ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიულ შემოქმედებას უმწვერვალეს განვითარებამდე მიუღწევია მ ი ქ ე ლ  მ ო დ რ ე კ ე ლ ი ს ხელქვეით. ეს არის ერის ერთი უდიდესი და უნიჭიერესი ჰიმნოგრაფი, რომელსაც დაუტოვებია ჩვენთვის არამცთუ თავისი შესანიშნავი საგალობლები, არამედ მთელი უზარმაზარი კრებული,რომელშიაც მოთავსებულია სხვა ავტორთა ჰიმნებიც,როგორც ორიგინალური,ისე ნათარგმნი. ეს კრებული მას შეუდგენია 978--988 წლებში.

 

ამის შესახებ მიქელი ამბობს:

შეწევნითა დიდადსახიერისა ღმრთისაჲთა მე,გლახაკმან და ფრიად უდებებით ცხორებულმან,ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაჲთა დაღონებულმან,მიქელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაჲ ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი,რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაჲთაჲ მ ე ხ უ რ ნ ი: ბერძნული და ქართულნი,სრულნი ყოვლითა განგებითა, წესისამებრ საეკლესიოჲსა: უფალო ღაღატვყავითა, ოხითითა, მოიხილითა და აქებდითითა, ძლიერად და სიწმიდით და სიმართლით სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთამეორე ადგილას:შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელი იგი არს მიზეზი ყოველისა კეთოლისაჲ, მე გლახაკმან მიქელ მოდრეკილმან, ძმისწულმან ღმერთშემოსილისა მამისა დავითისამან, ვიღუაწე და ყოვლით კერძო შრომაჲ ვაჩუენე უზეშთაეს ძალისა ჩემისა და ფრიადითა ხარკებითა და გულსმოდგინედ ძიებითა შევკრიბენ ძლისპირნი ესე ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაჲთა მეხურნი: ბერძნულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, და დავწერე წმიდასა  ამას წიგნსა შინა. მიქელს არამცთუ  შეუკრებია ეს ორიგინალური და ნათარგმნი ჰიმნები თვენისა და ოკტოიხოსისა, არამედ დაუნიშნავს კიდევაც, ესე იგი გალობის ნიშნები მოუწერია მათთვის.

 

       ვინ იყო ეს მიქელი და რას ნიშნავს მ ო დ რ ე კ ი ლ ი ? მოდრეკილიუნდა ნიშნავდეს დაყუდებულს, მაშასადამე, მიქელი ბერი ყოფილა. განსვენებული თ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა ამტკიცებს, რომ მიქელ მოდრეკილი იყო მოღვაწე შატბერდისა, ძმა მარიამის, იოანე-თორნიკესა და იოანე-ვარაზვაჩეს დედისა, ესე იგი- ბიძა თორნიკესი და იოანესი და დიდედის ძმა ექვთიმესი. ძნელი დასაჯერებელია, რომ მიქელ მოდრეკილი იყოს ბიძა თორნიკესი და იოანესი, ვინაიდან 978-988 წლებში, როცა მიქელს თავისი კრებული დაუწერია, იოანე და თორნიკე ღრმად მოხუცებულნი იყვნენ (თორნიკე 985 წელს სიბერესა შინა გარდაიცვალა კიდეც), და რაღა უნდა ყოფილიყო მაშინ მათი დედის ძმა, ეს ხომ რაღაც წარმოუდგენელია? ჟორდანიას ეს შეცდომა მოუვიდა იმიტომ, რომ ო შ კ ი ს ს ა მ ო თ ხ ი ს ანდერძი, რომელიც ორი პირისაგანაა დაწერილი, იოანე-თორნიკესა და მიქელ მოდრეკილის დისწულის-დავითისაგან, ერთ პირს, დავითს, მიაწერა მან. ჩვენ გვგონია, რომ სიმართლესთან ახლოს ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ მიქელ მოდრეკილი არის ის მიქელი ძე იოანე-ვარაზვაჩესი და ძმა ექვთიმე ათონელისა , რომელიც 978 წელს ოშკის ლავრაში ჩანს და რომელიც მოხსენებულია ათონის ბიბლიის ანდერძში ამნაირად: მიქელ ძე ვარაზვაჩესი. დიდი სიტკბოებაჲ მიჩუენეს ამის წიგნის შრომასა. შეიძლება მიქელი არის ერთ-ერთი გადამწერი ათონის ბიბლიისა, რომელსაც ეკუთვნის 12 წინასწარმეტყველთა წიგნის გადაწერა, როგორც ეს ჩანს სიტყვებიდან:აქამდე გიორგისი, აქაჲთგან მიქაელისი წაღმართ (წინ) და აქამდე  მიქაელისი, რომელსა ცთომილ ვიყო, ღმრთისათჳის შემინდვეთ და ლოცვასა მომიPსენეთ.  ექვთიმესა და ამ მიქელს ჰყოლიათ დაი, რომელსაც ორი შვილი შეძენია: იოანე ბერაჲ გადამწერი შატბერდის კრებულისა, და დავითი, ერთ-ერთი ავტორი ო შ კ ი ს ს ა მ ო თ ხ ი ს ანდერძისა. ამნაირად, მიქელ მოდრეკილი არის ოშკის მოღვაწე, ძმა ექვთიმე ათონელისა, და ამით აიხსნება, რომ მისი კრებულის 491 გვერდის ქვემო არშიაზე სწერია: უფალო, შეიწყალე ექვთჳმე ცოდვილი მწარედ. ის არის, ალბათ, უფროსი ძმა ექვთიმესი.

     მიქელ მოდრეკილის ჰიმნები შინაარსის მხრივ ორგვარია: ერთია სადღესასწაულო, რომლითაც ის შეაქებს ამა თუ იმ დღესასწაულს ან წმინდანს, როგორც ეროვნულს ქართულს, ისე საზოგადოს. მონომეტებულ ნაწილად იმას დაუწერია ჰიმნები ისეთი დღესასწაულებისა, რომელიც მოთავსებულია შობის წინადღესასწაულის (21 დეკემბერი) და ნათლისღების განტევების (20 იანვარი) შუაში სახელდობრ 1) დეკემბრის 24- შობის წინადღისა, 2) იანვრის 1- ბასილი დიდისა,3) იანვრის 6 -აბო თბილელისა (2 ჯგუფი) და ნათლისღებისანი, 4) იანვრის 6-ნათლისღებისანი (7ჯგუფი), 5) იანვრის 17- ანტონი დიდისა,6) იანვრის 22--ყოველთა წმიდათა ძველისა და ახლისა შჯულისი, სულ 14 ჯგუფი საგალობელთა. ამათ გარდა, მიქელს შეუთხზავს თავისი საკუთარი პარაკლიტონი, სწორედ ის ნაწილი ამ წიგნისა, რომელიც საბერძნეთში ცნობილია ოკტოიხოსის სახელით, ესე იგი-საგალობელნი აღდგომისა ან კვირიაკის დღისანი, რვა ჯგუფისა, რვა ხმათა მიხედვით. მართალია, ეს წიგნი მეცხრე-მეათე საუკუნეში უკვე ნათარგმნი იყო ქართულად და მისი საგალობელნი, როგორც ბერძნულნი, მიქელ მოდრეკილის კრებულშიაც არის მოთავსებული, მაგრამ, ჩანს, ისინი  ქართველებს არ აკმაყოფილებდნენ და ამიტომ მიქელს თვით განუზრახავს შეთხზვა ამგვარი წიგნისა. მიქელის საგალობლები მდიდრადაა შემკული სხვადასხვა აკროსტიქით და რამდენიმე მათგანი იამბიკოთიც არის დაწერილი. მაგალითად, მესამე ხმის აღდგომის დასდებელნი დაწერილია იამბიკოდ, რომელშიაც ყოველსა მუPლსაჲ შეტყუებაჲ აქვს: ე ჯერ იბ. ხოლო 6 და 8 ხმის ყველა დასდებელნი და მესამის უფალი ღაღატვყავსი, აგრეთვე დასდებელნი ნათლისღებისანი(გვ.ტპგ) და კანონი მისი (გვ ტჟთ) დაწერილია არა სტრიქონითა, არამედ მუხლთა ან სტროფების შეფარდება-შებადლებით. მიქელის საგალობლებს თითქმის ყველას აქვს მიქელის სახელი ზედწარწერილი, ზოგს პირდაპირ მ ი ქ ე ლ ი , ზოგს კიდევ სიმბოლურად, რიცხობრივ. მაგალითად, იანვრის 22- დასდებელნი თქუმულნი ორმეოცისა, ათისა ექუსასისა, ერთისა, ხუთისა და ოცდაათისა.აგრეთვე მესამე ხმის აღდგომის კანონს (გვ. ტჲთ) და ნათლისღებისას(გვ.ტპგ). ეს რიცხვები რომ ასოებით გამოვხატოთ, მივეღებთ:40=მ, 10=ი, 600=ქ, 1=ა, 5=ე, 30=ლ, ანუ მ ი ქ ა ე ლ. რაც შეეხება მიქაელის ჰიმნებს, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს, ისინი პოეტური აღმაფრენითა და საღვთისმეტყველო   სპეკულაციის სიღრმე-სიდიადით, აგრეთვე სტილის სილამაზითა და მოხდენილობით, არაჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ძველ მწერლობაში და ამ მხრივ თუ არ სჭარბობენ, არ ჩამოუვარდებიან იოანე მტბევარის და სხვა ჰიმნოგრაფთა საგალობლებს.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / მიქელ მოდრეკილი