მკვდართა აღდგომის საყოველთაობა

 

     ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა (იოანე 5, 28-29). იესო ქრისტეს ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ყველა გარდაცვლილი გამონაკლისის გარეშე აღდგება: ერთნი სიცოცხლისათვის, მეორენი კი – სამსჯავროსათვის; აღდგებიან სწორედ იმ სახით, როგორც მოესმა ძე ღვთისას ხმა უკვე გარდაცვლილ და მეოთხე დღის გახრწნილ მეგობარს ქრისტესი – ლაზარეს. მათე მახარებელს შემდეგი სიტყვებით აქვს გადმოცემული უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს სწავლება მკვდართა აღდგომის შესახებ: «და წარავლინნეს ანგელოზნი თვისნი საყვირითა ხმისა დიდისაითა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათაით ვიდრე კიდემდე მათა (მათე 24, 31), და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 13, 41)”.

 

     აი, ამ სიტყვების მნიშვნელობა: ანგელოზები კი არ ჩაჰბერავენ საყვირს, არამედ იგუგუნებს ერთი უკანასკნელი საყვირი, ღვთის საყვირი, ძე ღვთისას ხმა, მისი ნება, სურვილი, დადგება მარადიულობიდან უკვე გარკვეული საათი უფლის ამ ძლევამოსილების გამოვლინებისა, მთელი კაცობრიობის სხეულების მკვდრეთით აღდგომისა, გარდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ილიასა და ენოქისა, რომელთა სხეულებიც უკვე სასუფეველშია. საყვირის ამ ხმაზე სამყაროს საბედისწერო საათის დადგომისთანავე უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოიგზავნებიან ანგელოზნი და ამავე საყვირის ხმას მოჰყვება ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი ყოვლისმშემძლე ქმედება უფლისა – მკვდართა აღდგომა.

 

     როდესაც საყვირის ხმაზე ყველა მიცვალებული აღდგება, ყველა, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც კი ოდესმე ცოცხალნი ყოფილან: მართალნიც, ცოდვილნიც, ცხონებულნიც და განკითხულნიც, ყველანი აღდგებიან, რა სახის სიკვდილითაც არ უნდა იყვნენ ისინი აღსრულებულნი: წყალში დამხრჩვალნი, ცეცხლში დამწვარნი, მხეცთა და ფრინველთა მიერ შეჭმულნი, ბოროტ ადამიანთაგან მოკლულნი, თვითმკვლელნი. ყველა, ადამიდან სამყაროს აღსასრულამდე დაბადებულნი და გარდაცვლილნი აღდგებიან. ყველანი აღდგებიან ერთ ასაკსა და მდგომარეობაში, მათ მხოლოდ მიწიერი ცხოვრება და საქმეები განასხვავებს. აღმდგარი სხეულები კვლავ შემოსავენ თავიანთ სულებს და აღარასოდეს განეშორებიან მათ. მოციქული ბრძანებს: «და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩვენ განვახლდეთ (1 კორ. 15, 52), «და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (1 თეს. 4, 16). ეს სიტყვები ასე უნდა გავიგოთ: მკვდართა აღდგომის დროს ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი, მეყსეულად შევიცვლებით ახალი, იმქვეყნიური, სულიერი ყოფით, ე. ი. გარდავიცვლებით და მაშინვე აღვდგებით, ისეთი სხეულებით, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს ექნებათ.

 

     რაოდენ გონების სასწავლებელი და გულის დამამშვიდებელია აზრი მართალთა ნეტარ ცხოვრებაში აღდგომის შესახებ!

თუ ჩვენ მარადიული ცხოვრებისათვის აღვდგებით, მაშინ აღვდგებით სხვა, ახალ სამყაროში. ჩვენი სხეული, მსუბუქი, გამჭვირვალე და ნათელი, უეჭველია, მოითხოვს ახალ მიწას, რომელიც მისი ამ თვისებების შესაფერისი იქნება. პეტრე მოციქული ბრძანებს: «ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს (2 კორ. 3, 13). ასე რომ, მოციქული, სულიწმიდის განცხადებით, მოელის როგორც თავისთვის, ისე სხვათათვის ახალ მიწასა და ახალ ცას, სადაც მხოლოდ სიმართლე იარსებებს. მოციქულის მოხმობილი სიტყვებიდან შესაძლებელია დანახვა იმისა, რომ ჩვენი მიწა და ზეცა სრულებით არ განადგურდება და უკვალოდ არ გაქრება, განადგურება შეეხება მხოლოდ არასწორს – ცოდვას, რომელიც ახლა ბილწავს მიწას. მიწა და ცა მხოლოდ განახლდებიან, გადასხვაფერდებიან, განიწმინდებიან, იმის მსგავსად, როგორც ცეცხლში იწმინდება ოქრო, ვერცხლი და სხვა ლითონები.

 

     “საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღა გამოჩინებულ არს, რაი ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს (1 იოანე 3, 2). პავლე მოციქული ამის შესახებ ბრძანებს: «რამეთუ მცირე-რაიმე ვიცით და მცირედ-რაიმე ვწინაისწარმეტყველებთ. ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდესვე. რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე (1. კორ. 13, 9. 10. 12). მარადიულ ცხოვრებაში აღდგომის ჭეშმარიტება ნუგეშია გულისათვის. აუხსნელად დიდია ნეტარი ცხოვრების სიხარული იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ყველანაირი მიწიერი ვნებები უმნიშვნელოა მომავალი საუკუნო ცხოვრების დიდებასთან შედარებით. მორჩილი, სუსტი, ხრწნადი, მიწიერი სხეული გარდაისახება ნათელ, დიდებულ სხეულად, რომელიც იესო ქრისტეს განდიდებულ სხეულს დაემსგავსება (ფილ. 3, 21). აქ, მიწაზე სიღარიბე, მდაბალი წარმოშობა, საქმეებში წარუმატებლობა ადამიანებს ნებას არ აძლევს, ისარგებლონ ცხოვრების სიკეთეებით. მაგრამ რას ნიშნავს მიწიერი სიკეთეები მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით? იმქვეყნიური სიკეთე უხრწნელია, მშვენიერია, შეუდარებელია ყოველგვარ მიწიერ საგანძურთან. ურწმუნოთ და მოუნანიებელ ცოდვილთ სიკვდილის ეშინიათ. იმქვეყნად მათ არანაირი ნუგეში არ ელით. სიცოცხლე საჭიროა, მაგრამ რა საშინელებაა ცოდვებით ცხოვრება!

განსჯილი მარადიულ ტანჯვაში მიდის. მხოლოდ უფალ იესო ქრისტეში ცოდვებსა და სიკვდილზე გამარჯვებულის ცოცხალი რწმენა უყურებს სიკვდილს, როგორც სხეულის ხანმოკლე ძილს მიწის წიაღში; მან იცის, რომ მორწმუნე «მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე (იოანე 11, 25) სანეტარო მარადიულობისათვის, რომელიც უფალ იესოს მიერაა მომზადებული; მან იცის, რომ მართალია, მისმა ახლობლებმა დატოვეს მიწა, მაგრამ თავისიანებს არ განშორებულან; არამედ ცხოვრობენ ცოცხალთა და მკვდართა უფალთან, სადაც მათთვის უფლის მიერ მომზადებულია მრავალი სავანე.

 

     მოციქული პეტრე, რომელიც საუბრობს ხილული სამყაროს მომავალი აღდგომისა და განახლების შესახებ, ბრძანებს: «ამისთვის, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშვიდობით. და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაი ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა (2 პეტრე 3, 14-15), ანუ ცხონებად ჩათვალეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგომის რწმენა ჩვენგან მოითხოვს, არა ხანდახან ვზრუნავდეთ, არამედ ყოველნაირად ვცდილობდეთ, გამუდმებით ვზრუნავდეთ იმაზე, რათა ღვთის წინაშე წარვდგეთ არა შებილწულნი, არამედ სამყაროს ცოდვებისაგან შეუბილწავნი, უმწიკვლონი, თავისუფალნი იმ ყველაფრისაგან, რაც მარადიულ მსაჯულში მრისხანებას აღძრავს.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / მკვდართა აღდგომის საყოველთაობა