მოშურნეობა მოყვასის საცხოვნებლად

 

     წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ეფესოში ყოფნის დროს დაახლოებული ჰყავდა ახალგაზრდა კაცი, ერთი შეხედვით გულკეთილი და იმედისმომცემი. მან იგი სულიერად შეიყვარა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. მალე იოანე შორეულ ადგილებში უნდა გამგზავრებულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ამიტომ ეფესოდან წასვლისას ახალგაზრდა კაცი ეპისკოპოსს ჩააბარა იმ იმედით, რომ შეძლებისდაგვარად დაიცავდა მას ყოველგვარი ბოროტებისაგან. ეპისკოპოსი სიხარულით დაეთანხმა, ზრუნავდა მასზე და სათნოების გზაზე განსწავლიდა მას. მცირე ხნის შემდეგ მონათლა კიდეც იგი და ფიქრობდა, რომ ამ საიდუმლოებით სრულად განამტკიცა იგი რწმენაში; ამიტომ სულის სასარგებლო დარიგებანი

შეწყვიტა.

 

     მაგრამ რაოდენ დამღუპველია ახალგაზრდა კაცისათვის საკუთარ ნებაზე მიშვება! საბრალო ყმაწვილმა გაიცნო უზნეო თანატოლები, ღამღამობით საუბრობდა მათთან, ლოთობას, აზარტულ თამაშებსა და სხვა მანკიერებებს მიეჩვია, ხოლო რამდენადაც ამას ფული სჭირდებოდა, გარყვნილებიდან ყაჩაღად იქცა. ბოლოს მას ისე გაუსასტიკდა გული, რომ ყაჩაღთა ერთმა ჯგუფმა იგი თავის მეთაურად აირჩია. მას შემდეგ მისთვის არა მხოლოდ ყაჩაღობა, არამედ მკვლელობაც სულ იოლი გახდა.

 

     როდესაც წმიდა იოანე დაბრუნდა, ეპისკოპოსს ყველას თანდასწრებით ჰკითხა:

–სად არის ახალგაზრდა? მოიყვანეთ იგი ჩემთან...

     ეპისკოპოსმა ღრმად ამოიოხრა, ცრემლები გადმოსცვივდა და ძლივს წარმოთქვა:

–ის გარდაიცვალა.

–როგორ? – წამოიძახა წმიდა იოანემ, – სულიერად თუ ხორციელად?

–სულიერად, – მიუგო ეპისკოპოსმა, – ახლა იგი ყაჩაღია.

–ორი უბედური! – წამოიძახა წმიდა იოანემ, – უდარდელი მასწავლებელი და უსულგულო მოწაფე! ვაი მას! მაგრამ შენ რა გააკეთე? განა წასვლისას შენ არ დაგადგინე ახალგაზრდა სულის მფარველად?

 

     წმიდა იოანე დიდხანს დადიოდა ტყეებსა და მთებზე და გზააბნეულ შვილს ეძებდა. ბოლოს იგი ყაჩაღების ბანდამ შეიპყრო. იმის ნაცვლად, რომ ბოროტმოქმედთაგან თავის დახსნას ცდილიყო, მან მათ სთხოვა, თავიანთ წინამძღოლთან მიეყვანათ.

 

     წმიდა იოანეს დანახვაზე საბრალო ახალგაზრდა ათრთოლდა და გაიქცა. წმიდა იოანეს სიბერე დაავიწყდა და გამოეკიდა მას.

 

–რატომ გამირბიხარ, შვილო ჩემო? – მოთქვამდა იგი, – რატომ მაიძულებ ამ ჩემთვის აუტანელ ჯაფას? შეჩერდი, შეიბრალე მოხუცი; შეჩერდი და ნურაფრის გეშინია: გადარჩენის იმედი არ გამქრალა... უფლის წინაშე მე პასუხს ვაგებ შენს გამო! დაე, ჩემზე იყოს შენს მიერ დაღვრილი სისხლი!

 

     ბოლოს მოძღვრისგან დარწმუნებული ახალგაზრდა გაჩერდა, გადააგდო იარაღი, აქვითინდა და სახეზე ხელები აიფარა. საბრალო მთლად კანკალებდა.

 

     იოანე ღვთისმეტყველმა იგი ქალაქში წამოიყვანა, ეკლესიაში მიიყვანა და ყველას უჩვენა სინანულის მაგალითი, რათა ცოდვაში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენის იმედი არავის დაეკარგა, რადგან უფალს ყველას გადარჩენა და ჭეშმარიტებასთან მიყვანა სურს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / მოშურნეობა მოყვასის საცხოვნებლად