ნათლისღება უფლისა

 

     საკვირველ საქმეს გვაუწყებს მახარებელი უფლისა: «მოვიდა იესუ იორდანედ იოვანესა. განა ვის ძალუძს, შეიმეცნოს უფლის განზრახვა, ვის ძალუძს, ჩაწვდეს ნათლისღების საოცარ საიდუმლოს. ღმერთი დამბადებელი ანგელოზთა და კაცთა, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ზღუათა და ყოველთა წყაროთა და წყალთა ამის სოფლისათა, თავისი ნებით მიეახლება თავისივე შექმნილ ადამიანს და თავისივე შექმნილ წყალში მოუდრეკს თავს თავისივე მონას. რისთვის მიეახლა იგი ადამიანს, განა იმიტომ, რომ პატივდებულ ყოფილიყო თავისივე წინამორბედისაგან? ან იქნებ იმ მიზნით, რომ საზეიმოდ წარმდგარიყო შეკრებილი ხალხის წინაშე? ნუთუ ცოდვათა განწმედა სჭირდებოდა ყოვლად უცოდველსა და უვნებოს? ნათლობა ადამიანს სასუფევლის მოქალაქეობისათვის ამზადებს, სასუფევლის მეუფე ხომ იგი თავად იყო?!

 

     მაშ, რა მიზანი ჰქონდა მის ნათლობას?

 

     იესო მივიდა იოანესთან, რათა თავისი მისვლით განეცხადებინა, რომ ჰქონდა კაცობრივი ბუნება.

 

     „უფალი მივიდა იორდანეზე და მოინათლა იოანესაგან, მაგრამ არა იმიტომ, რომ საჭიროებდა ამას, არამედ იმისათვის, რომ ბოლომდე აღესრულებინა ყოველივე, რაც მის მიერ მიღებულ კაცებრივ ბუნებას ახასიათებდა; რათა ეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტად იყო ხორცშესხმული და იყო ჭეშმარიტი კაცი. მას არ სურდა, დაერღვია სავალდებულო სჯული და იოანეს უპასუხა: «ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე (მთ. III,15). ამ მიზეზით ჩავიდა იგი წყალში, მაგრამ ისე, რომ მას შეუდარებლად მეტი მიანიჭა, ვიდრე თავად მიიღებდა, რადგან მას არაფერიესაჭიროებოდა, თავისი ნათლით წყალი განანათლა და განსაკუთრებული ძალა მიანიჭა, რითაც მორწმუნენი, რომლებიც მოინათლებიან, შეიმოსავენ ამ ძალას და მისი ნათლით განათლდებიან. (წმიდა ეპიფანე კვიპრელი)

"ნათლობის წყალი ვერასდროს შეძლებდა ადამიანთა ცოდვების განწმედას, მაცხოვრის სხეულის შეხებით თავად რომ არ ყოფილიყო განწმედილი. წყალში შთაფვლით მაცხოვარმა განწმიდა წყალი. (წმიდა ამბროსი მედიოლანელი).

 

"იესო ქრისტემ იოანესგან ნათლობა იმიტომ მიიღო, რომ თავად აღესრულებინა ის, რასაც სხვებისგან მოითხოვდა სჯულისადმი მორჩილების გამო და რათა თავისი ნათლობით იოანესგან ნათლობის ძალმოსილება და კაცთათვის მისი აუცილებლობა დაემოწმებინა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იუდეველთა შორის მრავალნი იყვნენ ისეთნი, ვისაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ამ ნათლობის შესახებ. (ნეტარი იერონიმე). სწორედ ნათლობა იყო ჭეშმარიტი ღვთისადმი რწმენის ბეჭედი, რომელიც გზას უხსნიდა ადამიანს სასუფევლისაკენ _ ცხონებისაკენ.

 

     იოანესგან ნათელღებული ძე კაცისა ზეციური ხმის მიერ უნდა ყოფილიყო გაცხადებული, როგორც ძე უზენაესისა. იოანესგან ნათლობის მიღებით, იესო ქრისტე ყველა ადამიანს არწმუნებდა ნათლობის აუცილებლობაში. «იოანე ნათლავს. მოდის იესო, განმანათლებელი ყოველთა, თავად იოანე ნათლისმცემლისაც, მთლიანად ძველი ადამისა, რათა დაიფლას წყალში, რომელიც ადამიანებზე ადრე და სწორედ მათთვის თვითონვე განწმიდა. ამოდის იესო წყლიდან, თან ამოჰყავს მთელი სამყარო და იხილვება განხვნილი ზეცა, რომელიც ადამმა საკუთარი თავისა და მთელი

შთამომავლობისათვის ცეცხლოვანი მახვილით ჩაკეტა ისევე, როგორც ჩაკეტა სამოთხე. (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

 

რაოდენი სიმდაბლით მიეახლება უფალი ადამიანს, აღასრულებს სჯულს სიმდაბლით, მოწყალებითა და სიმშვიდით, მიმღები კაცობრივთა სიგლახაკეთა. თავისი სიტყვით ყოველივეს მაკურთხეველი და განმწმედელი, ცოდვილი კაცივითმიდის მონასთან და ითხოვს მისგან ნათლისღებას. და როგორც თავიდან, შობისას უდიდესი სიგლახაკის გამო სათნო-ჰყო მიწვენილიყო საქონლის ბაგასა შინა, ასევე ახლაც, ნათლისღების ჟამს, სიმდაბლით მიდის თავისივე შექმნილ ადამიანთან და ითხოვს განწმედასა და კურთხევას.

 

"ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა? წინასწარმეტყველმა, ზეცით განბრძნობილმა მაშინვე იცნო მასთან მეორედ მოსული უფალი. პირველად ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფმა შეიცნო იგი, როცა ყოვლადწმიდა მარიამის მოახლოება შეიგრძნო. შეცბა სიმდაბლით აღსავსე ყრმა და დედის, ელისაბედის პირით გაოცებულმა იკითხა: «და ვინაი ჩემდა ესე. ახლაც, ასევე გაკვირვებული აყენებდა მის წინაშე სიმდაბლით მოსულ უფალს და ეტყოდა: «მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა? იოანე ნათლისმცემელმა ჯერ კიდევ მუცლადმყოფმა აღიარა იესო ღმერთად და ახლაც, საკუთარი უღირსებისა და იესოს ღვთაებრივი დიდების შეგრძნებით განმსჭვალული ეტყვის: «მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა? შენ ხარ კრავი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, და მე კაცი ქუემდებარე ცოდვათა ადამისთა, შენ ხარ სულითა შენითა წმიდითა ნათლისმცემელი და განმწმედელი ყოველთა, მე კი, კაცი შენგან განმწმედის მთხოველი. შენ ხარ უფალი ყოვლადმოწყალე, მიმღებელი ყოველთა მონანულთა შენდამი, მე კი, კაცი მონანული ყოველსა დღესა, შენ ხარ ღმერთი საუკუნო, არცა დასაბამისა და არცა დასასრულისა მქონე, შენ ხარ შემოქმედი ყოველთა ქმნილთა, მე კი უძლური და მოკვდავი. «მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალა?

 

იესო კი ამშვიდებს მას და ეტყვის: «აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე.

"აცადე აწ, მომეც ნება ნათლისღებისა, რათა განცხადდეს აქამომდე უცნაური, საღმრთო და გამოუთქმელი დიდება ჩემი.

 "ცადე აწ, და ნუ მაბრკოლებ ნათლისღებად, რადგან ნათლისღებით განცხადდება აქამდე განუცხადებელი საიდუმლო წმიდისა და ცხოველმყოფელისა სამებისა.

 

"აცადე აწ, რადგან უნდა აღვასრულო ყოველი სიმართლე, სჯული, სჯული ნათლისღებისა, რათა მათ, ვინც სჯულის დარღვევის გამო საუკუნო წყევლასა შინა არიან, ამ სჯულის აღსრულებით მოიპოვონ თავისუფლება.„აცადე აწ, ვინაიდან სჯულისმდებელმა თავად უნდა აღასრულოს სჯული. მისი აღსრულებით მნებავს განწმედა, განცხოველება, განახლება ცოდვით განხრწნილი კაცის ბუნებისა.

 

მაშინ მიუშვა იოანემ იესო და ნათელ-იღო უფალმა იორდანეს. «მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. ნათელ-იღო უფალმა და ნათლისღებით წყლის ბუნებაც განწმიდა, ნათელ-იღო უფალმა, რათა შეემუსრა თავი გუელთა მას შინა დაბუდებულთა; ნათელ-იღო უფალმა და თავისი ნათლისღებით განაწესა ნათლისღება კაცთა.

 

     „განეხუნეს ცანი, რამაც განგვიცხადა, რომ ნათელღებული იესო იყო ჭეშმარიტი კაცი და ღმერთი ჭეშმარიტი.

 

     „განეხუნეს ცანი, რითაც განცხადა, რომ მტერობაი ცათა და ქუეყანისა განქარვებულ იქნა;

 

     „განეხუნეს ცანი, რითაც ვცანით, რომ ყოველთა ნათელღებულთათვის განმზადებულ იქმნა ზეციერი და საუკუნო დიდება.

 

 

     გარდამოხდა სული ღმრთისა იესოს ზედა, რათა ეცნათ იუდეველებს, რომ იოანეს ნათლისღება მხოლოდ წყლით იყო, იესოს ნათლისღება კი სულითა წმიდითა.

 

     გარდამოხდა სული ღმრთისა მის ზედა, რათა ერს, რომელიც პატივს სცემდა იოანეს, შეეცნო, რომ იესო ქრისტე არათუ უმეტეს იყო იოანესა, არამდ თავად იყო ღმერთი და შემოქმედი სოფლისა, ვისაც ადიდებდა იოანე.

გარდამოხდა სული ღმრთისა მის ზედა, რათა ვცნათ ჩვენ, რომ ყოველ კაცზე გარდამოვა სულიწმიდა უხილავად

ნათლისღების ჟამს და განწმედს და აკურთხებს მას მადლითა თვისითა.

 

     გარდამოხდა სული ღმრთისა მას ზედა, რათა შევიმეცნოთ, რომ ყოველი საღმრთო საიდუმლო სული წმიდის მოქმედებით აღესრულება.

 

     მტრედის სახით გარდამოხდა სული ღმრთისა, რათა ჩვენც, მიმღებელნი ნათლისღებისა, განწმედილი გულითა და უმანკოებით ვემსგავსებოდეთ მტრედს, რომელიც არის სიმბოლო სიწმიდისა და უმწიკვლოებისა.

 

     მტრედის სახით გარდამოხდა სული ღმრთისა, რადგან წარღვნის დროსაც, სწორედ მტრედმა აუწყა ადამიანს დაცხრომა სტიქიისა და გათავისუფლება ადამიანისა საშინელი წარღვნისაგან. ახლაც სულიწმიდამ, მტრედის სახით გარდამოვლენილმა, გვახარა, რომ იესო ქრისტეს ნათლისღებით დაცხრა წარღვნა ცოდვისა.

 

     და მაშინ გაისმა ზეცაში ხმა უფლისა: «ესე არ ძე ჩემი საყუარელი, რომელი მესათნო-ვიყავ,

 

     „ვისთვის გაისმა ეს ხმა? იოანესთვის... იოანეს მოწაფეებისთვის... ყოველი იუდეველისთვის, დაბოლოს, ყოველი ჩვენგანისთვის, რომლებიც, ამ მოწოდებას მიდევნებულნი, მარიამის ძეს მამა ღმერთის მხოლოდშობილ ძედ, მაცხოვრად,

უფლად და მსაჯულად ვაღიარებთ.

 

ამ სიტყვებით მამა ღმერთმა დაამტკიცა და გვაცნობა, რომ საყვარელი ძე მისი, მამის წიაღის დაუტოვებელად, განხორციელდა და არს თანაარსი და მხოლოდშობილი ძე მისი.

 

იორდანეზე აღსრულდა ყოვლადწმიდა სამების გაცხადება. ახალ აღთქმაში აშკარად და არა მინიშნებით, როგორც ძველ აღთქმაში, გვეუწყა, რომ უფალი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი. ის, ვინც სინაზე განცხადდა და მოსეს მეშვეობით ამცნო ხალხს: ისმინე ისრაელო, უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არს (მეორე სჯ. 4), იგივე უფალი იორდანეზე სამ პირად განცხადდა, ხოლო შემდეგ მახარებლის მეშვეობით ბრძანა: «სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან (1 ინ. 5, 7).

 

„როგორც შეუძლებელია რაიმე განყოფა ან განცალკევება გონებას, აზრსა და სულს შორის, ასევე წარმოუდგენელია განყოფა და განცალკევება სულიწმიდის, მაცხოვრისა და მამა ღმერთისა (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).

 

ასე განცხადდა ნათლისღებისას სამების საიდუმლო, განცხადდა მამა, ძე და სულიწმიდა. განცხადდა ისიც, რომ კაცი, რომელიც ნათელ იღებს, შეირაცხება ძედ ღმრთისად და თუ ამის შემდეგ იგი მარადის აღასრულებს ღვთის ნებას, უფალს ექნება მისდამი საღმრთო და უაღმატებულესი სიყვარული. ჩვენ კი ვეცადოთ, წმიდად შევინარჩუნოთ ის ძვირფასი სამოსელი, რომლის შესახებაც ეკლესია ნათლისღების დღესასწაულზე შეგვახსენებს: «რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს (გალ. III, 27).

 

 

მოამზადა ნათია თარაშვილმა

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ნათლისღება უფლისა