რას ნიშნავს გწამდეს

 

მთარგმნელი: დ. ჯუღელი

 

1. პრინციპული განსჯა

  საკითხი, რომელიც ახლა უნდა განვიხილოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია და იგი არა მხოლოდ ღვთისმოსავ თუ რელიგიურად დაინტერესებულ ადამიანებს ეხება.

  ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი აღმსარებლობის ფაქტორი, ამდენად ამ საკითხს არ ვეხებით დენომინაციური თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ რწმენის საკითხი არ არის სიცოცხლის საკითხი. არც თეზისებისა და დოგმების დაცვას ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ერთი საკითხი – რას ნიშნავს იყო ადამიანი, ნამდვილი ადამიანი?

  ერთხელ ფილოსოფოსი დიოგენე დღისით, მზისით, ლამპრით ხელში ეძებდა ათენის მთავარ მოედანზე ადამიანს. იპოვა მან ადამიანი? – ჩვენ არ ვიცით. იპოვიდა იგი დღეს ადამიანს?  ჩვენი მოწოდება – ვიყოთ ადამიანები – საფრთხეშია. ჩვენ ვემსგავსებით მანქანებს ან მანქანის ჭანჭიკებს ან მივექანებით წმინდა ცხოველური ყოფისკენ.

  როგორ აღიქვამს თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს? ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ მაჩანჩალებდეს უბადრუკი ცხოვრების კუდში. ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს გააზრებული, განმტკიცებული, მიზანმიმართული. რწმენისა თუ ურწმუნოების საკითხი კი წარმოადგენს ამ ცხოვრების აზრისა თუ უაზრობის საკითხს.  შესაძლოა მკითხველმა ქედმაღლურად ჩაიცინოს და თქვას: «ტყუილად ირჯები, მეგობარო! ჩვენ ტექნიკის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვგებულობთ ახალ-ახალი მიღწევების შესახებ! შენ ვერ დააბრუნებ უკან ისტორიის ბორბალს. ბავშვური რწმენის სამყარო დავიწყებას მიეცა. ეს იქნებ არის ან არც არის საწყენი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ცოდნამ სძლია რწმენას!»

  შეჩერდით! ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. მე არ ვაპირებ თქვენს გადაქცევას ბნელეთის მოციქულად. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ერთი საბედისწერო შეცდომა, რომ თითქოს ჭეშმარიტი ცოდნა და განათლება მტერია რწმენის. აქ საუბარია განსაზღვრებათა ინტერპრეტაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ღია კარის მტვრევა გამოგვივა. ამიტომ, გთხოვთ დამითმოთ რამდენიმე წუთი, რათა მოვახდინოთ საზღვრების დადგენა ჩვენი მაძიებელი გონების მოღვაწეობის არესა და რწმენის ფაქტს შორის. რწმენა არ უკრძალავს ლოგიკურ გონებას მისი უფლებებითა და დანიშნულებით სარგებლობას.

 

  მოაზროვნე გონება კონცენტრირებულია თავის კვლევის საგანზე, ბაქტერია იქნება ეს, წყლის წვეთი თუ ოთხცილინდრიანი ძრავა. როდესაც გონება ჩასწვდება საგნის არსს, იგი იმორჩილებს მას. რწმენა კი იქ იბადება, სადაც ღვთაებრივი ჭეშმარიტება გვძლევს ჩვენ და გვიმორჩილებს. გონება ბატონობს, რწმენა მორჩილებს, გონება იმორჩილებს, რწმენა კი გულს აჩვილებს.   ორივე უნარი, ცოდნა და რწმენა იმაზე უთითებს, რომ ადამიანი არ არის მარტო. გონებამ იცის, რომ ადამიანი მოთავსებულია ღვთის ქმნილებათა შორის, რომლებსაც იგი იკვლევს და ამის შედეგად, ბატონობს მათზე. რწმენა კი გვიჩვენებს, რომ ადამიანი – ღვთის ქმნილებაა და დამორჩილებულია თავის შემქმნელს, რომელიც გვღებულობს ჩვენ თავის წიაღში.

  ორივე უნარი, ცოდნა და რწმენა, საკუთარი «მე-ს» ფარგლებს უმზერენ. გონება მხოლოდ მაშინ აღწევს სასურველ შედეგს, როცა მისი ყურადღება კონცენტრირებულია. მაგრამ არც რწმენა იხედება საკუთარ არსში. იგი არ უნდა მიეცეს ოცნებასა და ფანტაზიას, ამით იგი ცრურწმენაში გადაიზრდება. რწმენა მახვილ თვალსა და ყურს საჭიროებს, იგი უნდა იყოს დაკვირვებული და ყურადღებიანი, რათა დარწმუნდეს ღვთის ძალასა და სიყვარულში.

  გარე სამყაროს უარმყოფელ აზროვნებას უნაყოფო მეოცნებეობამდე მივყარვართ. არ არსებობს «განყენებული ცოდნა.» მაგრამ არ არსებობს «განყენებული რწმენაც.» ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ დაუფიქრებელ ღვთისმოსაობაზე. ასევე რწმენასაც არ სწამს ცარიელი სივრცის. მას არ სწამს უბრალოდ კარგი ან ცუდი განწყობის ან რომელიმე თანდაყოლილი წადილის გამო. როგორც ცოდნა აღიძვრის გარე მოვლენისა თუ საგნის შეცნობის სურვილით, ასევე რწმენა აღიძვრება ღვთის თვითგამოცხადებით. რწმენა სწორედ ღმერთის ამ თვითგამოცხადებაზე, ღვთის სიტყვის მოქმედებაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვწამს იმიტომ, რომ ღმერთი ამბობს, მოქმედებს, წყალობას იღებს.

  სწორედ ღვთის სიტყვასა და მის წყალობაზე დამოკიდებულება იწვევს ხალხში უარყოფით რეაქციას რწმენისადმი. ბატონობა ჩვენ სანუკვარ მიზნად მიგვაჩნია, რომლისკენაც ღირს სწრაფვა. ბატონობა უფრო მიმზიდველია, ვიდრე მორჩილება. ცოდნით აღჭურვილი ადამიანი დარწმუნებულია თავის ძალაში. იგი ქედმაღლობს. «ცოდნა აამპარტავნებს...» წერს მოციქული პავლე. ვის არ განუცდია ამაყი თავდაჯერებულობა, როცა ფლობ ამა თუ იმ ცოდნას.  ცოდნით აღჭურვილი ადამიანი ღვთისდარ არსებად განიხილავს საკუთარ თავს. ბიბლიაში, დაბადების წიგნში, მოთხრობილია, რომ ღმერთმა ადამიანი დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი. აქ ადამიანს უნდა გამოევლინა თავისი ცოდნა და უნარი. საამისოდ მან მიიღო საგანგებო რწმუნება. მაგრამ ამავე ბაღში მან ვერ სძლია ცდუნებას, გამხდარიყო ღმერთის მსგავსი და სწორი.  ცხადია, მორჩილების გარეშე შეუძლებელია გწამდეს. აქ მე შემოქმედი კი არა, ქმნილება ვარ. დიახ, აქ მე მხოლოდ კი არ ვაცნობიერებ, რომ ქმნილება ვარ და ამდენად დამოკიდებულიც ვარ შემოქმედზე, არამედ ვიხსენებ იმ ამაზრზენ ფაქტს, როცა მოვინდომე ღმერთს გავტოლებოდი და დავეცი.

  ადამიანი გაურბის ამის გაცნობიერებას, რადგან შიშობს, მისი შეცნობით არ დაკარგოს თავისი ადამიანური ღირსება. მას რცხვენია. მაგრამ თუ იგი მოექცევა ჭეშმარიტებისაკენ, ამით არაფერს დაკარგავს. პირიქით: ამის წყალობით ადამიანი იმოსება ჭეშმარიტი ღირსებით. მაგრამ მან გული უნდა გაუხსნას ღვთის მხსნელ და გადამრჩენელ გამოცხადებას, რომელიც მიანიჭებს მას უნარსა და შესაძლებლობას შეიმეცნოს რწმენა და გაეცნოს ღმერთის ნებასა და გეგმას.  რწმენა შეუდარებლად მეტია ცოდნაზე. ცოდნა მოდის ბუნებრივი ძალების მეშვეობით, რომლებიც კანონზომიერად ვითარდებიან ჩვენში და გვაძლევენ ბუნებაზე გაბატონების შესაძლებლობას. რწმენა კი პირიქით, იქ იბადება, სადაც შევისმენთ ღვთის ხმას, გავუხსნით გულს და დავემორჩილებით მას. რწმენა არ მოდის ნელ-ნელა, დროდადრო ან გონებრივი განვითარების ზრდის კვალობაზე, არამედ ზნეობრივი გადაწყვეტილებითა და უფლის ხმის გავლენით. როგორც მორწმუნე, მე არ ვუარყოფ ცოდნას. ცოდნა აწესრიგებს ჩემს დამოკიდებულებას ქმნილებისადმი. ღმერთი არ ესაუბრება თავდაჯერებულ და ამაყ ადამიანებს, არამედ თვინიერებს. «ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს,» – ასე ამბობს ბიბლია. მზად ვართ საამისოდ?

  მართალია მე დიდ პატივს ვცემ ცოდნას, მაგრამ მისით არ ხდება შერიგება ღმერთთან. და ამიტომ, მრავალმხრივი ცოდნით აღჭურვილი ადამიანიც საჭიროებს ღვთისადმი თაყვანისცემას. ღრმადგანსწავლული ადამიანები შეიძლება უკიდურესად ურწმუნონიც იყვნენ და დიდად მორწმუნენიც. გაუნათლებელ ადამიანთა შორისაც მრავალია როგორც უღმრთო, ისე ღრმადმორწმუნეც.   ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის, რომ მისი ცოდნა ხელს უშლის მას სწამდეს. ასევე არც ერთი მორწმუნე არ უნდა უგულვებელყოფდეს მეცნიერებას. მაგრამ იმისათვის, რომ იყო ჭეშმარიტი ადამიანი, არ არის საკმარისი მხოლოდ ცოდნა. იესო ქრისტე ამბობს: «განა არ გითხარი, რომ თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ» (იოან. 11:40).

 

2. დაბრკოლებები რწმენის გზაზე

  ჩვენ ვხედავთ, რომ რწმენა არ არის ჩვენი ბუნებრივი განვითარების ნაყოფი. რწმენის მისაღწევად უნდა გადაილახოს გარკვეული დაბრკოლებები. ვინც ამას ვერ ხედავს, იგი ურწმუნოებაში რჩება. მაგრამ, მას არა აქვს სხვათა განკითხვის უფლება.   რადგან რწმენა ღვთის სიტყვის შესმენითაა და შეცნობით მიიღწევა, ამიტომ პირველი დაბრკოლება ამ გზაზე არის სახარების არცოდნა. «როგორ ირწმუნონ ვის შესახებაც არ სმენიათ?» – წერს მოციქული პავლე რომაელებს (რომ. 10:14). ამიტომაც არის, რომ ღვთის ეკლესია დაუღალავად ახარებს კაცობრიობას ქრისტეს შესახებ როგორც წერილობით, ისე ზეპირად. ეს საშური საქმე მხოლოდ გარკვეულ პროფესიულ ჯგუფს, მღვდლებს, მახარებლებს, მისიონერებს არ ევალებათ. «თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი» – ეუბნება იესო ყველა თავის მიმდევარს.

ყოველმა ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ქრისტეში, როგორც უხილავი ღმერთის გამოცხადებაში, არის ახალი ცხოვრების ერთადერთი საშუალება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამალოს ეს. ვინც არ ავრცელებს ქრისტეს სახარებას, მასზე ბევრად უფრო მძიმე ცოდვაა, ვიდრე იმ მიწათმოქმედზე, რომელიც შიმშილობის დროს პურს უმალავს სხვას, თავის თვალით ხედავს შიმშილით დახოცილთა გვამებს. ხარების მადლით ეხსნება გზააბნეულ კაცობრიობას გამოუცდელი ღმერთი. ჩვენ არ მოგვეთხოვება რომანებისა და თხზულებების წერა ქრისტეს შესახებ, რადგან მასზე, მის საქმეებსა და სიტყვებზე არსებობს ერთადერთი წყარო – ბიბლია. ამიტომ ამ უნიკალური წიგნის გულდასმით კითხვა არის პირველი, ყველაზე რეალური ნაბიჯი რწმენის გზაზე. რადგან რწმენას არ ესაჭიროება გამოგონება თუ გამოცნობა, არამედ იგი დამოკიდებულია ღვთის გამოცხადების მიღებაზე, ამიტომ რწმენის გადამწყვეტი დაბრკოლება არის ღვთის სიტყვის მიუღებლობა.

 

  მას, ვინც პოეტებისა და მოაზროვნეების სიბრძნისაგან უფრო მეტის მიღებას იმედოვნებს, ვიდრე ბიბლიისაგან, მწარე იმედგაცრუება ელის ცხოვრების მძიმე წუთებში. ასეთ მომენტებში ჩვენ ვერ გვიშველის ვერავითარი იდეა, რაგინდ ლამაზადაც უნდა იყოს ფორმულირებული. განსაცდელის ჟამს მხოლოდ ცოცხალ ღმერთს შეუძლია ჩვენი დახმარება.   ხოლო ის იდეები, რომლებიც ოდესღაც გვშველოდნენ, თავის მხრივ, ძალასა და ჭეშმარიტებას ბიბლიისაგან სესხულობდნენ.   ცხადია, მრავალს დაებადება კითხვა: რაღა მაინც და მაინც ბიბლია? ამ კითხვას არ ვუპასუხებთ ბიბლიის საოცარი ისტორიის გადმოცემით. იგი უდავოდ საოცარია, მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ მორწმუნის თვალს შეუძლია. ურწმუნოება პირველ რიგში მასში მიწიერ ისტორიას დაინახავს და ეს ფაქტი მისთვის ძნელად დასავიწყებელი იქნება. ამდენად იგი ასევე ძნელად აღიქვამს ბიბლიის ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ამ წიგნის საიდუმლოს ახსნა ჩვენ არ შეგვიძლია მეტ-ნაკლებად მეცნიერული მეთოდებით. ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვიტყუებთ თავს. უცნობი სიდიდის ადგილას სხვას, ცნობილს ვსვამთ ხოლმე. ამიტომ, კითხვაზე: რაღა მაინც და მაინც ბიბლია? – ერთადერთი პასუხის გაცემა შეიძლება: იმიტომ, რომ საუბარია ქრისტეზე. მის გამოა იგი «წმიდა წერილი.» ქრისტეში გვიცხადებს თავს უხილავი ღმერთი. იგი, მთელი თავისი სიღრმით, არის ღვთის სიტყვა. ბიბლია მასზე მოწმობს. იგი თავად თხზავს გადმოცემებს, ფსალმუნებს, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვებს.

  ვისაც სურს იწამოს, მან უნდა უსმინოს ქრისტეს! სწორედ ამ სურვილის უქონლობაა მთავარი დაბრკოლება რწმენის გზაზე. იქ, სადაც ჩვენი მზერა მიმართულია ქრისტესკენ, სავსეა მოლოდინით, აღარ არსებობს დაბრკოლება. იგი გახდება ჩვენი

ცხოვრების უფალი, იმიტომ, რომ ეს მისი მადლია ჩვენზე. ამდენად, საუბარი არაა ჭეშმარიტების ზედაპირულ მიღებაზე. წმიდა წერილის კვლევა მეტია, ვიდრე უბრალო წიგნის ფურცვლა. ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას აბსტრაქტულ იდეებზე, აგრეთვე დამრიგებლურ მოთხრობებზე. ყველაზე მეტად ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი პირადი მონაწილეობა ქრისტესთან მიმართებაში არსებულ მოვლენებში, რადგან აქ საქმე ეხება იესო ქრისტეს ისტორიის შეხვედრას ჩვენს ისტორიასთან. ჩვენ არა მხოლოდ სარკის წინ ვდგავართ, რომელშიც საკუთარ თავს აღმოვაჩენთ, არამედ იესოს მიერ თითოეული ჩვენგანისთვის გამოტანილი ჭეშმარიტების განაჩენის წინაშე. ამას კი არ შეიძლება გაექცე. ამიტომ, დე კიდევ ერთხელ იქნას ნათქვამი: რწმენის გზაზე არსებული მთავრი დაბრკოლების არსი ბიბლიის უცოდინარობაა.

მაგრამ განა არ შეიძლება, თუკი არსებობს კეთილი ნება, გადაილახოს ეს დაბრკოლება?

  რა თქმა უნდა, მექნიკურად ეს არ მიიღწევა. მავანი ბიბლიას კითხულობს იმისთვის, რომ მასში «წინააღმდეგობები» აღმოაჩინოს და შემდეგ თქვას: ეს თქვენი ბიბლია არაფრად არ ვარგა!  სანამ ჩვენ დიდი წარმოდგენა გვექნება საკუთარ შეხედულებებზე, სანამ ადამიანების ძიებები და მათი ნააზრევი უფრო მეტ გავლენას მოახდენენ ჩვენზე, მანამ ბიბლიის ხმას ვერ გავიგებთ და მისი საგანძური დაფარული იქნება ჩვენს თვალთაგან. აქ ჩვენ კვლავ ვდგებით ახალი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე, მათ თავს ვერ ავარიდებთ: მაშ ვინ არის მართალი? ხალხი, რომელთა აზრები საოცრად ცვალებადია, რასაც არ უნდა ეხებოდნენ ისინი, პოლიტიკას, ზნეობრივ პრინციპებს, თუნდაც რელიგიას? თუ ღმერთთან დამოკიდებულებაა მთავრი?

  რა განსხვავებულად მსჯელობს ადამიანი თუნდაც ქურდობის შესახებ, იმისდა მიხედვით, სიუხვეში ატარებს ცხოვრებას თუ სიღარიბეში! და რაოდენ არამყარია მისი პოლიტიკური თვალსაზრისი. რელიგიური შეხედულებები? – მრავალი ადამიანი ცხოვრების მძიმე მომენტებში დაუფიქრებლად შეჰღაღადებენ ხოლმე ღმერთს. შემდეგ, მოგვიანებით, როცა საფრთხეს უკან მოიტოვებენ, კვლავ ატარებენ დროს ღვთის მგმობელთა საზოგადოებაში. ბევრია ისეთიც, ვინც კვირას მიდის ეკელსიაში, ორშაბათს კი მკითხავთან, რათა მერე, ვთქვათ პარასკევს, ბულვარულ გაზეთში გამოქვეყნებულ პირად ჰოროსკოპში ჩაეფლოს.

  ვინც ასე თუ ისე გათვითცნობიერებულია ბოლო ცხრამეტი საუკუნის ისტორიაში, იცის, რომ ადამიანები თავიანთ გრძნობებსა და შეხედულებებს ტანსაცმლის მოდასავით იცვლიან. ხანდახან მაინც არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ბიბლია ჩვენი დროის უმძიმეს მომენტებშიც ისეთსავე სულიერ ძალას აძლევდა ადამიანებს, როგორც რომაელი იმპერატორების დროს გამოცხადებული საყოველთაო დევნისას? ეს ძალა არ განელებულა.

  ჩვენი დროის ერთ-ერთი პოპულარული მწერალი წერდა თავის სამხედრო დღიურში: «კვლავ გაამართლა ბიბლიამ თავისი თავი როგორც წიგნთა წიგნმა, როგორც წინასწარმეტყველებამ თანამედროვე ეპოქისათვისაც. და არა მხოლოდ ეს. ბიბლია არის სამაგიდო წიგნი ნებისმიერი მეცნიერისთვის. ბიბლია ნუგეშისცემის წიგნია. იგი აძლევდა სულის სიმტკიცეს უამრავ ადამიანს ამ საზარელი წუთისოფლის გზებზე სვლისას.»

  იქვე ავტორი აგრძელებს: «როდესაც ბარგის რაოდენობა შეზღუდულია, თხელ ქაღალდზე ნაბეჭდი ბიბლია ყველაზე მოსახერხებელი წიგნია ყველა იმათგან, რომლის წაღებაც კი შეიძლება. ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ შეცვლის მას. იგი შეიძლება შეადაროთ ჩაის გამოულეველ ჭურჭელს. საიდანაც ყოველ საღამოს შეგიძლიათ მოამზადოთ გამამხნევებელი სასმელი, ან კიდევ შეგიძლიათ შეადაროთ კეთილსურნელოვან საკმეველს, რომლის უმცირესი მარცვალი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩადოთ ცეცხლში. მასში შეგიძლიათ ამოიკითხოთ თავი, როგორც უკანასკნელი ზიარება. იგი შეიცავს იმას, რასაც ვერ იპოვით ვერც ზარატუსტრასთან და ვერც გიოლდერლინგის პოეზიაში.»

  შინაარსობრივად მსგავსი სიტყვების დაწერა შეეძლოთ მარტინ ლუთერსაც და ჰუგენოტების მეთაურს – ადმირალ გასპარ დე კოლინიის ამ ოთხი საუკუნის წინ. ის ადამიანი, რომელიც არ აპირებს მხოლოდ ყოველდღიურ პრობლემებზე იზრუნოს, არამედ სურს იცხოვროს აზრიანად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს ამ საქმეს, ბიბლიას გვერდს ვერ აუვლის.  ადამიანი, რა თქმა უნდა, შინაგანად გრძნობს: თუ კი მე მივიღებ და ვირწმუნებ სახარებას, მაშინ დასრულდება ჩემი დამოუკიდებლობა. ბერლინელმა მეფაეტონემ უარი თქვა შეთავაზებული ბროშურის მიღებაზე შემდეგი სიტყვებით: «არა, მე თუ ამას წავიკითხავ, მაშინ იძულებული გავხდები შევიცვალო ცხოვრების წესი, ეს კი სულაც არ მსურს!»

  მაგრამ ნუთუ მართლა დამოუკიდებელნი ვართ? ამის მტკიცება მხოლოდ მიამიტ ადამიანს შეუძლია. ჩვენი ათასი ჯაჭვით ვართ შებორკილნი. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ მოდაზე, გაზეთებზე, ხალხის შეხედულებებზე, კოლეგების ლაყბობაზე, მემკვიდრეობაზე, ამინდზე, განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, მისწრაფებებზე, ვნებებზე... ფული ისევ ბატონობს ჩვენზე, როგორც თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. სიმართლე რომ ვთქვათ, შენ სიზმარშიც ვერ დაამტკიცებ იმას, რომ თავისუფალი ადამიანი ხარ.   მაგრამ აი, ჩვენს წინაშეა ის, ვინც მილიონობით ადამიანმა აღი-არა თავის მხსნელად და განმათავისუფლებლად. მორჩილება, რომლისკენაც იესო ქრისტესა და მის სიტყვას მივყავარ, მათავისუფლებს ყველანაირი კერპისგან და ჩემს წინაშე დგება მხოლოდ ერთი უფალი და მისდამი მსახურება არის სწორედ ცხოვრების მთელი სისავსე.

  ამის საწინააღმდეგოდ, ქედმაღალი ადამიანური ბუნება ცდილობს გარკვეული მითითებები წარუდგინოს თავის ღმერთს, თუ როგორ შეუძლია უფალს ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ეს არის პატივმოყვარეობა, რომელსაც არ სურს თავის დამდაბლება, რადგან ეშინია ღვთის სიმართლისადმი მორჩილება. ეს არის შიში იმისა, რომ ღვთაებრივ სინათლეს ძალუძს დაგვანახოს, თუ რაოდენ საეჭვონი ვართ ჩვენ თვითონ ჩვენს ფიქრებსა თუ ქმედებებში. – ყოველივე ეს გვაშორებს ღმერთისგან და იძულებულს გვხდის ქრისტესთან ურთიერთობის სანაცვლოდ, ზედაპირული და მოლაყბე ადამიანების საზოგადოება ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, რომ უფალს შეუძლია ჩვენც გვაქციოს მხიარულ და თავისუფალ ადამიანებად.

  რაც შეეხება დაბრკოლებას. მის გადასალახავად არ არის საჭირო განსაკუთრებული უნარი, საკმარისია მხოლოდ ვაჟკაცობის მოკრება, რომელიც ხშირად არ გვყოფნის. ვაჟკაცობისა ჭეშმარიტებასთან მიმართებაში, ვაჟკაცობისა ჩვენი კულისებს მიღმიერი ცხოვრების გამოსარკვევად; რადგან, თუ გულზე დავიდებთ ხელს, ჩვენი ცხოვრების ნათელ მომენტებში, მშვენივრად ვათვითცნობიერებთ, რომ მსახიობები ვართ და გამუდმებით ვთამაშობთ სულ სხვა როლს, რადიკალურად განსხვავებულს ჩვენი ჭეშმარიტი არსისგან.  საშინელი ტანჯვაა – მთელი ცხოვრება გაურბოდე ღმერთს. თანამედროვე ფსიქოლოგიამ იცის ადამიანის ნების გაორების შესახებ. ჩვენ გაგვაჩნია სიკეთისა და ჭეშმარიტების სურვილი, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ ზღვრამდე მიდის, ეს სურვილი გვიქრება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ კონტაქტებს მიდრეკილებებსა და საგნებთან, რომლებსაც, პრინციპში, უარვყოფთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლათ ვმრუშობთ, მაგრამ სულაც არ ვუარყოფთ ასეთ აზრებს, ხალისით ვუყურებთ ამას კინოფილმებში, ან ვტკბებით ამით რომანების კითხვისას. ჩვენ ვარიგებთ საკუთარ შვილებს, მაგრამ ამაზე უწინ გვმართებს თავად ვიცეთ მკერდში მჯიღი, დავეცეთ მუხლებზე ღვთის წინაშე და შევთხოვოთ: ღმერთო, დამეხმარე ჯერ მე, რათა ვირწმუნო და ვიცხოვრო ახალი ცხოვრებით, რათა ჩემი სიტყვები არ იქცნენ ჩემი შვილებისთვის ცარიელ სიცრუედ.

 

  აქ უნდა დადგეს განწმედის პროცესი. ფუჭია რწმენის გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი, თუ გულში სიცრუე ბუდობს ფარულად. ყოველგვარ ადამიანურ «თუ»-ს და «მაგრამ»-ს არაორაზროვანი ქრისტეს სახარება ეწინააღმდეგება, რომელიც გარკვევით ამბობს: ადამიანო, ღმერთს სურს მთლიანად გფლობდეს შენ! ამიტომ ღვთის სიტყვა არის არა კანონი ან მითითებათა პაკეტი, არამედ სასიხარულო უწყება.

  ამ გამაბედნიერებელი უწყებისგან გაქცევაა და სხვა არაფერი, თუ ჩვენ კვლავ ვეფარებით ჩვენს ეჭვებს: «დიადი ღმერთი ისედაც არ ზრუნავს ჩემზე, უბადრუკ ადამიანზე!» პირიქით, სინამდვილე სულ სხვანაირია. სახარება აღსავსეა ისეთი მაგალიტებით, სადაც იესო ქრისტე ზრუნავს გზის პირას მიგდებულ მათხოვარზე, სამარიტელ მეძავზე ჭასთან, ბავშვებზე მათ მიამიტობაში, ყაჩაღზე მის სიმარტოვეში თავისი სიკვდილის ჟამს. რწმენა უდავოდ არის რისკი. შენ დგახარ, გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ეჭვობ, ანგარიშობ, და მაინც შეგიძლია ეჭვის გარეშე გარისკო. სწორედ ასეთი რისკია გადამწყვეტი.

  რწმენის შეძენა შეუძლებელია უბრალო ნივთის, ვთქვათ, ფეხსაცმლის მსგავსად, რადგან ჩვენ ვერ განვაგებთ ჩვენი ნებისმიერ ღვთის ძალასა და მადლს, ამიტომ გვრჩება მხოლოდ ერთი გზა – ლოცვა. საეჭვოა რომ ლოცვის უარმყოფელი მიუახლოვდეს ღმერთს და შეიძინოს რწმენა. ღმერთს სურს, რომ სთხოვდნენ, რადგან იგი არავის ახვევს თავს თავის მადლს ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ... ამიტომ ელის ღმერთი ჩვენს ლოცვებს. ვისაც ეს უცნაურობად მიაჩნია, მან უკვე გამოიგონა თავისთვის საკუთარი ღვთაება. ჩვენ კი ღმერთის გამგონნი უნდა ვიყოთ, რომელიც ბიბლიის საშუალებით გვესაუბრება. უფალი მარტო ქედმაღლებს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მათაც, ვინც არ ღებულობს. ამიტომ ვთხოვთ ღმერთს ბნელში მყოფნი სინათლეს, როგორც მშიერი ითხოვს პურს, რადგან შიმშილი უბიძგებს მას ამისკენ. და შიმშილი ამარცხებს ქედმაღლობას.

  არავინ არის იმდენად ღარიბი, უმნიშვნელო და ცოდვილი, რომ ვერ ირწმუნოს. პირიქით, ბევრი მდიდარიცაა. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საკუთარ თავს. ჩვენ იმდენად მართლები გვგონია საკუთარი თავი, რომ ვუკადრისობთ ხელის გაწვდას. მშიერი თხოვნით მიმართავს, მაძღარი კი მოთხოვნით. მაგრამ ღებულობს მთხოვნელი. მოიძებნება ისეთი ავადმყოფი, რომელიც არ ეუბნება ექიმს – სად სტკივა? თუ შენ გსურს შეიცნო და რწმენით განიცადო იესო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი, აღიარე მის წინაშე საკუთარი ცოდვები. მაშინ, შესაძლოა შევნიშნოთ კიდეც, რომ ის,რასაც ჩვენი ცოდვები ვუწოდეთ: სიცრუე, ორგულობა, თავშეუკავებლობა, ეგოიზმი, მოუთმენლობა, მრისხანება – ეს ზნეობრივი შეცდომები, იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ცხოვრების ფესვი დაავადებულია. ხე ნაყოფით შეიცნობა. პირველყოფილი ცოდვა ზნეობრივ ცდომილებაში კი არ აისახება, თუნდაც ისინი დიდად მტანჯველნიც იყვნენ. პირველყოფილი ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სერიოზულ ანგარიშს არ ვუწევთ ღმერთს. ეს კი ნიშნავს: ჩვენ არ გვწამს. ვინც არ ენდობა ღვთაებრივ აღთქმას, რომ იგი იგი ჭეშმარიტი და საიმედოა, და ვინც ასეთი უნდობლობით ხვდება ღვთის სიყვარულის უწყებას, იგი ღმერთის სამსჯავროს წინაშე დგას. ეს ნიშნავს: ღმერთის რეაქციის წინაშე ჩვენი ურწმუნოების გამო. ამის შედეგად კი ჩვენ ბევრ სასჯელს ვიტანთ.

  რაოდენ მხურვალედაც არ უნდა ვიღვაწოთ ჩვენი ზნეობისათვის, ჩანაფიქრის სიწმიდისათვის, თვითსრულყოფისათვის – ყველაფერი მაინც კეთილ სურვილებად დარჩება. ყოველ წინგადადგმულ ნაბიჯს, სამწუხაროდ ორი უკან გადადგმული ნაბიჯი მოჰყვება. რაც უფრო სერიოზულია ჩვენი მცდელობა, მით უფრო ვუახლოვდებით იმედის გაცრუებას. ბოლოს კი საქმე კაპიტულაციამდე მიდის. ამის შემდეგ ჩვენ შესაძლოა მხიარული ან გულგრილიკაცის ნიღაბსაც ვიფარებთ, მაგრამ ამის მიღმა სინამდვილეში, ცხოვრებისადმი ღრმა გულაცრუება იმალება. აქ მხოლოდ ღვთის წიაღისკენ, მისი ჭეშმარიტების სინათლისკენ სრბოლა გვიშველის. «თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის

ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი,მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურობისაგან» (1 იოან. 1:8-9).

  საკმარისია ჩუმი ლოცვისას გაუხსნა გული ღმერთს. მაგრამ თუ ჩუმი აღსარება დაგიმშვიდებთ სულს, არის სხვა გამოსავალიც – სახარებისეული ქრისტიანები აღიარებენ თავიანთ ცოდვებს დებისა და ძმების, მათი რწმენის მამების წინაშე. ხშირად, სულიერი მოძღვრის თანდასწრებით წარმოთქმული აღსარება გადაიქცევა იმ გადამწყვეტ ნაბიჯად, რომელსაც ძალუძს ყველა ბორკილის შემუსვრა. იქ, სადაც მერე მადლიერებით ვისმენთ მიტევების სიტყვებს, იხსნება გზა რწმენით ცხოვრებისაკენ.   შევეცდებით სახარებიდან მოყვანილი რამდენიმე მაგალითით გადმოვცეთ ჭეშმარიტება, თუ როგორ მიჰყავდა რწმენისკენ

ადამიანები იესო ქრისტეს.

3. როგორ ირწმუნა მან

  წაიკითხეთ იოანეს სახარების მეოთხე თავიდან 47–54 მუხლები.

ა) წინაპირობა

  ჩემთვის დაუვიწყარია საუბარი ერთ ტაქსის მძღოლთან ჰამბურგში. მე ჩემი ახლობლების სანახავად მივიჩქაროდი და ამიტომ ჩავჯექი ტაქსში. ჩემდა სამწუხაროდ მანქანა ისე იყო გაბოლილი თამბაქოთი, რომ საკვამლე მილი გეგონებოდა. ასიოდე მეტრი თუ გვექნებოდა გავლილი, როცა მძღოლმა მომმართა: «თქვენის ნებართვით გავაბოლებ.»

  – კი ბატონო, თუ უამისოდ ვერ სძლებთ! რამდენიმე წუთში ჩვენ მივაღწევთ დანიშნულების ადგილს. მაგრამ მე მაინც მინდა

ვთქვა: თქვენ საბრალო მონა ბრძანდებით.

  – თქვენ მათალი ბრძანდებით, მაგრამ მე ეს მსიამოვნებს და თანაც მივეჩვიე ამას.

  – გეთანხმებით! მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ არ ვსაჭიროებ ამას.

  – ჰო, მაგრამ თქვენ შეიძლება რაიმე სხვა ჩვევა გქონდეთ!

  – დიახ, – ღიმილით ვუპასუხე მას, – თქვენ მართალს ბრძანებთ: მე შემეძლო მსმელი ვყოფილიყავი!

  – ხომ ხედავთ! – კამყოფილებით წამოიძახა მან.

  – დიახ, მეგობარო, მაგრამ მე არ ვაკეთებ ამას! აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მისიონერული საზოგადოება

«ცისფერი ჯვარი»-ს მეგობარი გახლავართ (მისია, რომელიც ალკოჰოლიკებთან მუშაობს. რედ. შენიშვნა).

  როგორც კი წარმოვთქვი ეს სახელწოდება, იგი საგრძნობლად შეცბა და დადუმდა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ ვთქვი:

  – თუმცა მე ვიცი ერთი საშუალება თქვენთვის.

  – მე უკვე ვიცი, – მოკლედ მიპასუხა მან.

  – აჰა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ცისფერი ჯვარი ვახსენე?

  – დიახ, იმიტომ. ჩემი მშობლებიც იყვნენ ამ მისიაში, მაგრამ მე შორს ვარ ყოველივე ამისგან. კვირაში ორ-სამჯერ უნდა დავსწრებოდით კრებას. ნუღარ მელაპარაკები ამის შესახებ!

  – რატომ? – განვაგრძე მე, – ჩემი აზრით თქვენ ორმოციოდე წლის ბრძანდებით, და ამდენად საკმარისი დრო გქონდათ არასწორი აღზრდის ხარვეზების გამოსასწორებლად. ვთქვათ, თქვენი მშობლები ასე იქცეოდნენ. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ გულწრფელად: თუკი თქვენ, ასაკოვან კაცს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობთ ჰამბურგში, ასეთი გადარეული საგზაო მოძრაობის პირობებში, არ გწამთ ღმერთი, მაშინ არ ყოფილხართ მთლად ნორმალური.

  მე ჩავთვალე, რომ ნუჟრიან ხეს ნაწრთობი ცული სჭირდება, მის ქცევაში აშკარად შეიმჩნეოდა სულიერი დახმარების უარყოფა. თუმცა მან არ მიიღო შეურაცხყოფად ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ იგი დამნებდა.

  – აჰ, რას ბრძანებთ! როცა ჩემს შვილებს რამის ეშინიათ იძახიან: დედა! როცა უფროსებს ეშინიათ რამის, იძახიან: ღმერთო!

– ამაშია მთელი განსხვავება.

  – კი მაგრამ, რისი დამტკიცება გსურთ ამით ჩემო კეთილო? განა ბავშვი მართლაც არ უნდა ენდობოდეს თავის დედას?

განა არ უნდა იცოდეს მან: დედაჩემს ვუყვარვარ, იგი დამეხმარება თუკი მე საფრთხეში აღმოვჩნდი? და ცხადია, უფროსმა ადამიანმაც უეჭველად უნდა იცოდეს: შემიძლია უსიტყვოდ და უპირობოდ ვენდო ჩემს ღმერთს! ჩემს ღმერთს ვუყვარვარ მე და ის ჩემთან არის ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს! სწორედ ამიტომ უფროს ადამიანს ისევე შეუძლია შეჰღაღადოს ღმერთს, როგორც ბავშვი – დედას. თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. მადლობელი ვარ!

თქვენ მართალი ხართ: როგორც ბავშვი ენდობა დედას, მეც ისე შემიძლია მივენდო ჩემს ზეციურ მამას.

  ჩვენი საუბრის დასასრული შემრიგებლური იყო. მან გამომართვა ბროშურა და ღრმად ჩაფიქრდა, ხომ არ მოსულიყო საღამოს ქადაგებაზე. მას შემდეგ მე იგი არ შემხვედრია.

  რამდენადაც დაუფიქრებელნი ვართ ჩვენ, ადამიანები, როცა საქმე ეხება სულიერ საკითხებს, იმდენადვე ყრუნი ვართ ღვთის ძახილის მიმართ! არ არის მართალი, თითქოს რწმენა აუცილებლად განსაცდელის ჟამს იბადება, რათა შიში იქნას დაძლეული. ღმერთი უხვად გვასაჩუქრებს თავის მადლითა და წყალობით. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ნათელი დღე, აყვავებული ხეხილის ბაღი და სხვა. იგი შეიძლება ვიგრძნოთ ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში, ბავშვის ოთახში... ყოველი დღე აღსავსეა ამგვარი მაგალითებით. «ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი იქნება უკვე» (ეს. 65:24), ამბობს ღმერთი ბიბლიაში. სანამ ჩვენ ლოცვას დავასრულებთ, ღმერთი უკვე აქვეა თავისი უხვი წყალობით. იგი გვჩუქნის ჩვენ მშობლებს, ძმებს, დებს, ჰაერს და პურს, თამაშებსა და ყვავილებს, საქმესა და წარმატებას. ნუთუ თქვენ არ გსმენიათ მატიას კლაუდიუსის დინამიზმით სავსე ჰიმნი, რომელშიც ნათქვამია:

  «სათავეს იღებს ყოველი ღვთისგან,

  ახლოს არის თუ შორს,

  მინდვრის ყვავილიც, უსაზღვრო ზეცაც,

  ქვიშის მარცვალიც, ზღვაც.

  მისგან გვაქვს პური, მისგან გვაქვს ხილი,

  მისით შრიალებს ტყე,

  მზესაც აბრუნებს, თოვლიც მას მოჰყავს,

  ის ცვლის ღამეს და დღეს.

  სათავეს იღებს ყოველი ღვთისგან,

  ვაქებ მხოლოდ მას ერთს.

  ადიდეთ უფალი, მიენდეთ მას

  მადლი შესწირეთ ღმერთს!»

  ბავშვურად ხომ არ გეჩვენებათ? მაგრამ ამაში სიბრძნეა დაფარული. ის სიბრძნე, რომელიც მხოლოდ მათთვის ხდება ცხადი, ვინც ბავშვივით მიენდო ღმერთს იესოს სიტყვისამებრ. და რადგან ჩვენ, ამაყი და ამპარტავანი ადამიანები, ძნელად ვითვისებთ ამგვარ ხედვას, ამიტომ მოციქული პავლე სწერს რომაელებს: «თუ უგულებელყოფ მის სახარებას, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახარებას მონანიებისაკენ მიჰყავხარ?» (რომ. 2:4). არა, ეს მე არ ვიცი, დამავიწყდა ან არც არასდროს ვიცოდი. ოდესღაც თავს ისე მშვენივრად ვგრძნობდი, რომ ისიც კი მეგონა, თითქოს, ლატარიის ბილეთის მფლობელის მსგავსად, მთელი ამქვეყნიური ბედნიერების მიღება შემეძლო. დიახ, სწორედ ასეთი გულუბრყვილო ვარ მე – მეოცე საუკუნის მიწურულის ადამიანი.

  მე მთვარეზე გაფრენაზე ვოცნებობდი, ხან კი იმაზე, თუ როგორ დავიმორჩილებდი მეზობელ სახელმწიფოს ბაქტერიოლოგიურ ომში, ანდა – როგორ გავუშვებდი სხვა კონტინენტისკენ ბირთვულ რაკეტებს!  მეტის მეტი ხომ არ მოგვდის, შორს ხომ არ შევტოპეთ? და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ... იმიტომ... – მართლაცდა რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვსურს ვირწმუნოთ ღმერთი. ჩვენი თავი ეშმაკს მივყიდეთ. ამგვარ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მოციქულ პავლეს რჩევა დაგვეხმარება: ირწმუნეთ! ეს არ არის მოციქულის პირადი თვალსაზრისი. ამაზე მთელი ახალი აღთქმა მეტყველებს. იოანე ნათლისმცემელი ხმამაღლა მოუწოდებდა თავის ხალხს ამის შესახებ.  მონანიებისა და მოქცევისაკენ მოწოდებით დაიწყო იესო ქრისტემ თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მოქცევისკენ მოწოდება იყო მოციქულ პეტრეს ქადაგების კულმინაციური მომენტი სულთმოფენობის დღეს. იგივე აზრი მსჭვალავდა მოციქულ პავლეს ქადაგებას ათენის არეოპაგში. განუწყვეტლივ ისმოდა: მოიქეცით! ირწმუნეთ! თქვენ დაღუპვის გზას ადგახართ. არსებობს სხვა გზა, რომელსაც ხსნისა და მშვიდობისაკენ მიყვანა ძალუძს!

  ასეთი წინადადება მრავლადაა ბიბლიაში. იგი ერთადერთი სახელმძღვანელოა სიცოცხლის გზაზე დასადგომად. მაგრამ განა ბევრი კითხულობს ბიბლიას? ჩვენ ხომ მრავალი სხვა წიგნი გაგვაჩნია საკუთარი მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

და რადგან ასე მოუქნელნი და უგრძნობნი გავხდით, რადგან არასერიოზულად ვეპყრობით ღვთის სიტყვას, ამიტომ ყოვლისშემძლე ღმერთი სხვა საშუალებებს იყენებს. იგი ასე ადვილად არ დაგვანებებს თავს. ვინც უგულებელყოფს ღვთის მადლს, როგორც რაიმე ღიმილისმომგვრელს ან სულაც თავის თავად ცხადს, მასზე ღმერთი დამსჯელ ზომებს იყენებს. მაგრამ იმისთვის კი არა, რომ უარგვყოს, არამედ ჭკუის სასწავლებლად, როგორც ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ საკუთარი შვილების აღზრდისას.

  მაშ არ მოვუსმენთ ღმერთს და არ შევუდგებით მის შეცნობას?

  იმდენად, რამდენადაც ეს ასეა – თუკი მართლაც ასეა, – უმრავლესობისთვის ჩვენს შორის გაიხსნა რწმენის კარიბჭე, სადაც გარეგანმა განსაცდელმა მიზნის მისაღწევი საშუალების როლი ითამაშა. ამგვარმა საჭიროებამ გვაიძულა ღვთაებრივი რეალობისა და მის მიერი განკურნების ძებნა სულ სხვა სიბრტყეში. ასე დაემართა სამეფო კარის ერთ დიდებულთაგანს მეფე ჰეროდე ანტიპას დროს. ეს მეფე იყო ძე ჩვილ ბავშვთა შემუსვრით ცნობილი ჰეროდე დიდისა. სწორედ თავნება ანტიპას მსხვერპლი შეიქმნა წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი. იუდეის სამეფოს მმართველი ეს ედომური დინასტია ცუდი სახელით სარგებლობდა ხალხში თავისი არაკეთილსინდისიერებისა დაგარყვნილების გამო. რაღა სახის რელიგიური შეხედულებები უნდა ჰქონოდა მისი კარის დიდებულს! მაგრამ მას შვილი ჰყავდა ავად, სიკვდილის პირას. ექიმი უმწეოდ იჩეჩავდა მხრებს, დედა თითებს იკვნეტდა სიმწრით. მამამ არ იცოდა, რა ექნა. ცნობილი არ არის, თუ ვის მოუვიდა მის ოჯახში პირველად ასეთი აზრი: ის ნაზარეთელი კაცი ხომ ვერ გვიშველის?

  იესო ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ ცნობილი ხალხში. არც ისე დიდი ხნის წინ იგი შრომობდა ნაზარეთში, მშობლების სახლში, როგორც ერთი გალილეველი ხელოსანთაგანი. მოგვიანებით მისი ნახვა შეიძლებოდა მდ. იორდანესთან, იმ ხალხის საზოგადოებაში, ვინც იოანე ნათლისმცემლის ქადაგების მოსასმენად იყო მისული იქ. შემდეგ იგი ესწრებოდა ქორწილს გალილეის კანაში, და იქ არნახული რამ მოხდა. ამ ამბის შესახებ მრავალ ადგილას ბჭობდნენ. აღმოსავლეთში – განსაკუთრებით იმ დროს, როცა არც გაზეთი იყო, არც რადიო, – ხმები, სიახლეები თუ ჭორები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ამგვარად გახდა ცნობილი იესოს სახელი დიდებულის ოჯახშიც. მით უმეტეს, რომ იგი, იმ დროს თავის დედასთან და და-ძმებთან ერთად, მის ქალაქში დასახლდა. ბავშვის მდგომარეობით შეშფოთებულ ოჯახის წევრთა შორის გაჩნდა სურვილი: ნეტა მისი მოძებნა გახდეს შესაძლებელი! სად არის იესო?

  ამ დროს იერუსალიმიდან სახლებში ბრუნდებოდნენ მლოცველები. სწორედ მათ მოიტანეს ცნობა: იესოც იქ იყო, მათთან ერთად, ახლა კი შინ, გალილეაში ბრუნდება.

  – დაუძახე, გაეგებე მას, მოიყვანე ავადმყოფთან! – იხვეწებოდა დედა. და მამა გაუდგა გზას. «მან გაიგო... იგი წავიდა.»  რაღაც გაგებით, ეს ყოველთვის რწმენის წინაპირობაა. სრული სიმართლეა, რომ რელიგიურობის ნიღაბი არაფერს იძლევა.

მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის ვიწყებთ ქრისტეთი დაინტერესებას და მის ძებნას. ამ პროცესის წვრილმანები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში თავისებურია.

  ქრისტესკენ მიმავალ პირველ ორ ნაბიჯს მოსდევს მესამე: «მან გაიგო, ...იგი წავიდა, ...და მან სთხოვა მას.» საოცარია, რა ხშირად ვიჩენთ გაუბედაობას, თავშეკავებას, უსუსურობას ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ დროს უამრავ მიზეზს აღმოვაჩენთ ხოლმე, რათა არ გადავდგათ ნაბიჯი ქრისტესკენ. ჩვენ არ გვსურს დაგვერქვას ცალმხრივი სახელი, ჩვენთვის ერესების მაგალითებიცაა ცნობილი. საკუთარი ობიექტურობით, უპარტიობითა და მსგავსი რამეებითაც ვიწონებთ თავს. ეს ყველაფერი, ცხადია, პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ თუ შენ მართლა გსურს გწამდეს, ამისათვის საჭიროა წამოიწყო საუბარი შენს ღმერთთან.

  აქ არ არის საუბარი «მსოფლმხედველობაზე.» ჩვენ არ ვიქმნით თვითონ რელიგიურ შეხედულებას ღმერთის შესახებ – მცდარია იგი თუ არა, ყოველ შემთხვევაში იგი არ გვავალებს არაფერს. რწმენა კი პირადი, სავალდებულო დამოკიდებულებაა ღმერთთან. ეს იგივეა, როგორც მაგალითად ის, რომ კაცი ვერ ითხოვს ცოლს, თუ იგი გულგრილი და უტყვია საცოლის მიმართ. ასევე ჩვენც ვერ ვირწმუნებთ, თუ მხოლოდ ნეიტრალური დამკვირვებლის როლში დავრჩებით. «და მან სთხოვა მას.» მამამ მთელი თავისი გულის ნადები გადაუშალა მას, მოუყვა თავისი გასაჭირის შესახებ, მან გული გაუხსნა ღმერთს.

  როგორ ხდება ეს? წაიკითხეთ 138-ე ფსალმუნის საწყისი მუხლები. იქნებ ამის შემდეგ თავისით გაიხსნას თქვენი გული. თუკი მივხვდებით, რომ ღმერთი შეგვიბრალებს, ისევე, როგორც მამა საკუთარ შვილებს, მაშინ სულ მალე ვისწავლით მასთან საუბარს. ყოველ შემთხვევაში, დიდებულის სულში არ მოხდებოდა არავითარი ცვლილება რწმენის მხრივ, მას რომ არ გადაედგა ეს სამი ნაბიჯი: გაგება, წასვლა, თხოვნა! რწმენა უნაყოფო ოცნებისა თუ დისკუსიის შედეგად არ იბადება. რწმენა, აგრეთვე, არ არის მხოლოდ გაცნობიერების ნაყოფი. რწმენასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში გარედან შემოდის რაღაც; ხმა, ამბავი, ცნობა ან სიტყვა. ამ ცნობის უარმყოფელი არ ირწმუნებს. აქ არაა საუბარი მალემრწმენობაზე, არამედ, ყოველ შემთხვევაში სიტყვაზე, რომელიც იესო ქრისტესთან არის დაკავშირებული. ეს ყოველთვის უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.

  და «იგი მივიდა.» ეს ნებელობითი აქტი რწმენას ეკუთვნის. სიტყვები, რომლებიც ჩვენ მოვისმენთ იესო ქრისტესგან ან ქრისტეს შესახებ, არ არიან გართობის ან ფუჭი საუბრის მიზნით წარმოთქმულნი. ქრისტეს სიტყვა, უწყება ქრისტეს შესახებ, ყოველთვის სავალდებულოა, ეს ნიშნავს – იგი დაგვატყვევებს ჩვენ. იგი ჰგავს დაგებულ ხაფანგს, რომელშიც უნდა გავებათ.   სიტყვა ერთი, გარკვეული მიმართულებით გვიზიდავს. იგი არ გვტოვებს იმ ადგილზე, იმ მდგომარეობაში, სადაც და რა მდგომარეობაშიც ვიყავით მანამდე. იგი ჩვენში მოტივად და იმპულსად იქცევა. ეს რწმენის საწყისი ეტაპია. ეს შეუდარებლად მეტია, ვიდრე მხოლოდ ღვთისმოსავობა და კეთილი განზრახვები ან მოწიწების გრძნობა. სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ არის ძალა. მოციქული პავლე ამბობს: «ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად» (რომ. 1:16).

  თუკი ჩვენ ვემორჩილებით ჩვენს აღმძვრელ სიტყვას, მაშინ ამას შეიძლება დადებითი შედეგები მოჰყვეს. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, იგი ზიანს მოუტანს თავის თავს. ურწმუნო, რომელიც ეწინააღმდეგება უწყებას ქრისტეს შესახებ, თავს ჭკვიანად რაცხავს. მაგრამ იესო ქრისტესადმი და მისი სიტყვისადმი დაპირისპირება ჩვენს ცხოვრებაში გადაიქცევა დანაშაულად, და ეს არც შეიძლება სხვანაირად მოხდეს.

მავანი ჭკუისკოლოფი ამბობს: «ეკლესიაში სიარული არაფერს იძლევა.» ეკლესიაში ჩვენ ვსწავლობთ ჭეშმარიტ ლოცვას. ლოცვა არ არის მხოლოდ ცნობილი ლოცვითი ფორმულების გამეორება არამედ ღვთის სინამდვილისა და ჩვენს ცხოვრებაში მისი ნამოქმედარის წინაშე პიროვნული წარდგომაა. ტერსტეგენმა (გერმ. მისტიკოსი) ერთხელ გამოთქვა თავისებური აზრი:

«ლოცვა – ეს ღვთის თვალწინ წარდგომაა.»

  ვაკეთებთ ჩვენ ამას? მისი თანდასწრებით იგი ხსნის ჩვენს ბაგეებს ღია აღსარებისთვის.

 

ბ) მცდარი რწმენა

  როდესაც წინასწარშექმნილი აზრის გარეშე ვკითხულობთ ამბავს დიდებულის შესახებ, თვალში გვეცემა იესო ქრისტეს მკვახე პასუხი. იესოს სიმკაცრე ცვლის ჩვენს ჩვეულ შეხედულებას მასზე, როგორც მარიამის ალერსიან შვილზე. სახარებებიდან ჩვენთვის ცნობილია ქრისტეს კიდევ უფრო, მძაფრი გამონათქვამები. მისი ამგვარი ხასიათის გამო ერთხელ ხალხში დაპირისპირება მოხდა. ზოგიერთს დამხმარე სურდა ცხოვრების ნებისმიერ გარემოებაში. ეს ხომ მოსახერხებელია და შვების მომტანიც. მათ ისეთი მხსნელი უნდოდათ, რომელიც აბათილებს ყველანაირ სიძნელეს ნებისმიერ გარემოებაში.

სწორედ ეს არის მისაღები ლაღი, მოუნანაიებელი, ეგოისტური ბუნების ადამიანისთვის. მაგრამ დადგა ჟამი, როცა ხალხმა აგრეთვე შეიცნო; იესო ქრისტე არ ამბობს «ჰო»-ს ჩვენი კეთილი ქცევებისა თუ უცოდინარობის გამო, არამედ იგი დაუნდობლად გვამხელს ყველგან, სადაც კი ღვთის გზებს გადავუხვიეთ. ასეთ მომენტებში იესო ქრისტე ულმობელია. ამიტომ ხალხი უკვე მაშინვე ამბობდა: «მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მოსმენა?» (იოან. 6:60). როგორც მაშინ, დღესაც კვლავ გაყოფილია შეხედულებები იესოს სიტყვების შესახებ.

  პირველი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს; ქრისტესმიერი სიყვარული შორსაა სენტიმენტალური თანაგრძნობისგან. მას განუზომლად მეტი სურს ჩვენგან, ვიდრე უბრალოდ, ყველა ხერხით გვანუგეშოს. ამას ემატება მეორე: ისიც ცხადია, რომ რწმენისადმი განწყობილი ადამიანი შეიძლება მაინც აღმოჩნდეს მცდარ გზაზე. იესოს სურს სწორედ ამისგან განარიდოს დიდებული, როცა ეუბნება: «არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ» (იოან. 4:48). მაშასადამე, ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ რწმენისადმი მზადყოფნით. ჩვენ ადვილად გადავდივართ ხოლმე ხელისშემშლელ, შემოვლით გზაზე, რომლიდანაც რწმენის სწორ გზას მრავალი გაწბილებისა და იმედგაცრუების შემდეგ ვუბრუნდებით.

  რაღას არ უწოდებს ადამიანი რწმენას? რა ხშირად უწოდებდნენ ჩვენს დროში პოლიტიკური მოძრაობები თავიანთ დოქტრინებს რწმენის მოძრაობებს? მაგრამ სწამდათ ადამიანური იდეის, უსიტყვოდ ენდობოდნენ რომელიმე მოკვდავ

ადამიანს. იმაზეც მიდიოდნენ, რომ უგულებელყოფდნენ საკუთარ ეჭვებს, ლოგიკურ წინააღმდეგობებს, სინდისის ძახილსაც კი, ოღონდ დაემტკიცებინათ ამ ადამიანისადმი საკუთარი რწმენა. რამდენი არეულობა და უბედურება მოუტანა ჩვენ ხალხს ამ ფუჭმა რწმენამ!

  არსებობენ რელიგიური გაერთიანებები და ეკლესიები, რომლებიც თავიანთი დადგენილებებისა და დოგმებისადმი უსიტყვო მორჩილებას ითხოვენ. ამ უნებისყოფო და ხშირად მექანიკურ პროცესს, რწმენას უწოდებენ. მაგრამ ეს არ არის ის პირადი კონტაქტი ღმერთთან, რომელიც იესო ქრისტემ მოგვიმზადა.

  უფრო მეტიც: ამჟამად ლამის მთელ ქვეყანას მოედნენ ისეთი მქადაგებლები, რომლებიც ქადაგებენ: არ შეიძლება მორწმუნე რომ ავადმყოფობდეს! თუ ავად გახდი, ამის მიზეზი შენი მცირედ მორწმუნეობაა!  იესო ქრისტეს ეკლესიამ კარგად იცის, რომ მაცხოვარი ფლობს ძალაუფლებას ჩვენს ხორცზე და ხორციელ სნეულებებზე.

დიდებულის მაგალითი გვასწავლის, როგორ შეგვიძლია იესოსთან მისვლა ყველა ჩვენი ხორციელი სატკივარით. მაგრამ იმ დროს იესო ქრისტეს არ გაუნადგურებია პალესტინაში ყველა ავადმყოფობა. ისევე, როგორც სამი ადამიანის – იაიროსის

ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟისა და ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებით, იესო ქრისტეს არ გაუუქმებია საერთოდ სიკვდილი. მათი აღდგინებით მან მთელი ყურადღება აღმართა და მიმართა სხვა სამყაროსკენ. იქ იგი მოსწმენდს ყველა

ცრემლს თვალთაგან, იმიტომ, რომ აღარ იქნება ტანჯვა და ავადმყოფობა. მისი სასწაულები წარმოადგენენ მომავალი სამყაროს შემოჭრას ჩვენს სამყაროში. ვინც ასწავლის, რომ ქრისტიანისთვის განკურნების სასწაული ნორმალური მოვლენაა,

იგი რელიგიური ფანატიკოსია. ასეთი ადამიანი სრულ თავისუფლებას ანიჭებს თავის რელიგიურ ფანტაზიებს და საკუთარი სულიერი ძალებით იმის დამკვიდრებას ცდილობს, რაც თავისი არსით მომავალი სამყაროს კუთვნილებაა და რასაც იესო ქრისტე, სულიწმიდის მეშვეობით, როგორც გამონაკლისს ჩვენ დროში, ნიშნებით

აცხადებს.  ერთხელ, კაპერნაუმში, შაბათ საღამოს, იესო ქრისტემ მრავალ ავადმყოფს გაუწია დახმარება. მეორე დღეს, დილა-ადრიანად, იგი განმარტოებას ცდილობდა, რათა ელოცა. ამ დროს ხალხმა მოიყვანა ყველა სნეული და დავრდომილი და

ელოდა მისგან მორიგ სასწაულებს. პეტრე, დანარჩენი მოციქულებითურთ, გაემართა თავისი მოძღვარის საძებნელად. როცა მათ იპოვეს იგი, პეტრემ უთხრა: «ყველა შენ გეძებს,» ე.ი. ახლა უდიდესი შანსი გეძლევა შენი გუშინდელი საქმიანობის

გასაგრძელებლად. მან კი უთხრა: «წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული» (მარკ. 1:37-38). იესო ქრისტე თავის მოწოდებას ხედავდა ქადაგებაში და არა სნეულთა განკურნებაში.

  რაოდენ დიდია საშიშროება, როცა მაცხოვარში ჩვენი სურვილების შემსრულებლის დანახვას ვიწყებთ. ამ საშიშროებაზე მიგვითითებენ იესო ქრისტეს სიტყვები, როცა იგი უარით პასუხობს დიდებულის თხოვნას: «არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და

სასწაულებს არ იხილავთ» (იოან. 4:48).  იესო ქრისტე სხვაგვარ რწმენას აღიარებს, რომელიც თავისი აღმოცენებისთვის და ზრდისთვის არ საჭიროებს ნიშნებსა და

სასწაულებს. დიდებულიცა და ჩვენ ყველანიც გაფრთხილებულნი ვართ, რომ არ დავიყვანოთ რწმენა მიზნის მისაღწევ საშუალებამდე, თითქოს რწმენის საშუალებით საკუთარი ნება-სურვილების დაკმაყოფილება შეგვეძლოს.  აქ ნაჩვენებია ის გზაგასაყარი, რომელთანაც, ოდესმე, ყველა ჩვენგანი აღმოჩნდება.

  რასაკვირველია, და ბუნებრივიცაა, რომ ადამიანის განუახლებელ გულს სურს ილოცოს, სურს გაიხადოს ღმერთი თავის მოკავშირედ. უფრო უკეთესია, თუ მას გავიხდით ყველა ჩვენი კაპრიზისა და საკუთარი ბედნიერების გარანტად. ასეთ დროს

ჩვენ მექნიკურად ვლოცულობთ: «იყოს ნება შენი,» მაგრამ სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგოს ვგულისხმობთ: «ინებე, რათა აღსრულდეს ჩვემი ნება!» ჩვენ ველით და ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი ჩვენს განკარგულებაში გადმოგვცემს საკუთარ

თავს, მთელი თავისი ძალითა და ყოვლისშემძლეობით. აგრეთვე ჩვენი ღვთისმოსაობა და ის, რასაც რწმენას ვუწოდებთ, დილემის წინაშე დგება: რა სარგებელი მექნება ყოველივე ამისგან? სწორედ მათთვის, ვისთვისაც ამგვარი შეხედულება ერთადერთ თვალსაზრისად არის ქცეული, იესო ქრისტემ წარმოსთქვა მამხილებელი სიტყვები: «არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ» (იოან. 4:48). ამით მას თითქოს უნდოდა ჩვენთვის ეთქვა: «შენ უარს

ამბობ მერწმუნო მე, იმიტომ, რომ არ სრულდება შენი ნება.»  ამ საკითხზე უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ, რათა გავითავისოთ ერთი ჭეშმარიტება – იესო ქრისტესთან ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად ას ოთხმოც გრადუსიანი შემობრუნება გვესაჭიროება. ადვილია ღმერთის შემწეობით სარგებლობა, მაგრამ, სულ სხვა საქმეა, ვაღიაროთ ჩვენდამი ღვთის მოთხოვნა. მოციქულ პავლეს შეეძლო მიეწერა რომაელებისთვის: «ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის» (რომ. 14:7). იგი არ შიშობდა, რომ ახლად გაქრისტიანებულები გაიკვირვებდნენ ღვთის მიერ უფლების განცხადებას ჩვენს სიცოცხლეზე. იმდროინდელი ქრისტიანების რწმენა იმასაც მოიცავდა, რომ განცდილი ღვთის მადლის წყალობით, თავის თავს სრულიად ვალდებულად გრძნობდნენ მის წინაშე. დღევანდელმა ქრისტიანობამ განაცალკევა ეს: ჩვენ ხალისით ვღებულობთ უფლისგან ნუგეშს, დახმარებას, აღთქმას, თვით საუკუნო ნეტარებას. მაგრამ მის მოთხოვნებს ვერ ვამჩნევთ, თავად მას არ ვაღიარებთ, უარს ვამბობთ ვემსახუროთ, გავიღოთ მსხვერპლი და თაყვანი ვცეთ უფალს. აქედან გამომდინარეობს დაკოდილი, საპყარი,

უხერხემლო ქრისტიანობა, როგორც სამართლიანად შენიშნა ერთმა მორწმუნემ – «იაფფასიანი მადლი.» ვინც მხოლოდ ნუგეშს ეძიებს, ხოლო მოთხოვნას უარყოფს, ის თავს იტყუებს. ამასთან დაკავშირებით ყურადღებით იკითხეთ სახარება და

ყურადღება მიაქციეთ იესოს სულის დამრიგებლურ მსახურებას. ამ დროს თვალში გეცემათ ის, თუ როგორ ურჩევს იგი ყველას, უარყონ ისეთი რწმენა, რომელიც მხოლოდ სასწაულებს ემყარება. ეს, ქრისტეს სიტყვებით, სიმლაშედაკარგული

მარილია, ჩამქრალი ცეცხლია, ჩამარხული ტალანტია, უზეთო ლამპარია, სტუმარია საქორწილო სამოსის გარეშე, ვაზია მტევნების გარეშე. ბიბლიის მცოდნე, ამ ჩამონათვალით, ადვილად მიხვდება, რომ ეს ყოველივე იესო ქრისტეს ქადაგებების

გულის გულია.  ვისაც სწამს, ვინც მართლა აღიარებს თავის რწმენას, მან იცის, რომ რწმენის მეშვეობით იგი ღმერთის კუთვნილებად იქცა. ასეთი ადამიანი დაცულია ცრუ რწმენისაგან, რომლითაც კაცი ცდილობს ღმერთი თავის მოსამსახურედ გაიხადოს, ნაცვლად იმისა, რომ თავად იყოს მსახური ღვთისა. სწორედ ასეთ, მსახურებისთვის მზად მყოფ რწმენამდე მიყვანა სურს იესოს გაუბედავი დიდებულისა. აღწერილი ამბით, იესო ქრისტე, ჩვენც გვეხმარება ყოველგვარი გაორებისაგან განთავისუფლებაში.

 

გ) რწმენა სიტყვის მეშვეობით

  მამა-დიდებული ეთანხმება თავისი თხოვნის უარყოფას. ქრისტესგან მკაცრი სიტყვების მოსმენის შემდეგ იგი კი არ იბუტება, არამედ მშვიდად ისმენს იესოსგან განაჩენს, მაგრამ მაინც დაჟინებით სთხოვს: «უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი

არ მომკვდარა» (იოან. 4:49). ჩვენ შევიგრძნობთ მამის შიშს. ოღონდ არ შევცდე ჩემს თხოვნაში.  იესო? როგორ რეაგირებს იგი მამის თხოვნაზე? იგი არ ასრულებს მის თხოვნას სიტყვა-სიტყვით, არ გაყვა მას კაპერნაუმში. და მაინც, მან შეუსრულა მამას თხოვნა თავისებურად. დიდებულს უნდა შეეცნო თავისი თხოვნის შესრულების

სხვა გზები და მეთოდები. ჩვენი ლოცვების მოსმენა, ე.ი. ჩვენი თხოვნის შესრულება, არ წარმოადგენს ღმერთის მორჩილებას ჩვენი სიტყვებისადმი, არამედ ლოცვების მოსმენა – ყოველთვის, ღვთის თავისუფალი, მეფური, სუვერენული ქმედებაა.

  იესო ქრისტემ მამას შემდეგი სიტყვებით დაულოცა გზა: «წადი, ცოცხალია შენი შვილი!» (იოან. 4:50) და მეტი არაფერი. მხოლოდ ეს რამდენიმე სიტყვა.

  არიან ადამიანები, რომლებიც ქედმაღლურად იღიმებიან, როცა ესმით, თუ როგორ იწონებენ თავს მორწმუნეები ღვთის სიტყვით. რა აზრი აქვს სიტყვას? აი, რომ ყოფილიყო საზეიმო კულტი, საკმევლითა და მღვდლების ჭრელი ოლარებით! ან

საიდუმლოებები საოცარი რიტუალებით, რომლებიც დამსწრეთა გრძნობებში სასოებას იწვევენ! ან მისტიკური ჭვრეტა და ექსტაზის განცდა, ან ჩვენებები და სიზმრები – ყოველივე ეს ბევრად მეტად ზემოქმედებს გონებასა და გულზე – ასე

მსჯელობენ – საღი სიტყვის მაგივრად.  მაგრამ ღმერთს არ სურს სასოებით თრობა, რაოდენ სულიერიც არ უნდა იყოს ეს. ღმერთი არ გვაძლევს აქ ჩვენებებს –

ამას ზეცაში მივიღებთ. უფალს სურს რწმენა ჩაგვისახოს. ისეთი რწმენა, რომელიც ჩვენში აღძრავს ბავშვურ ნდომას მისდამი.

ამას იგი აკეთებს თავისი სიტყვის, თავისი ძლიერი სიტყვის ბოძებით. ასევე იქცევა იესო ქრისტეც.

 

  იესოს სიტყვა თავისთავად ღვთის სასწაულია. პეტრემ ერთხელ თქვა: «საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს» (იოან. 6:68). «სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე» (იოან. 6:63). იესო ქრისტე თავის სიტყვებს ადარებს მარცვალს,

რომელიც, მიწაზე დაცემისას, ახალ სიცოცხლეს შობს.

  «ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში...» (იოან. 16:35) – ასეთია იესოს მიერ თავისი მოსწავლეებისათვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები.

  «თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ» (იოან. 8:31-32).

  «თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ» (იოან. 15:7). ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია დიადი აღთქმებიდან. არის რაღაც განსაკუთრებული ამ სიტყვაში. იგი არა მხოლოდ დიადი

აღთქმით არის აღსავსე, არამედ აღსავსეა ძალითაც და ნათელს ხდის მოცემულ შემთხვევაში ღვთის სიახლოვეს.  ამგვარი სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა დიდებულს, უფლებამოსილს ხდის მსმენელს რწმენისთვის. და რადგან ეს

შემოქმედებითი სიტყვა ეთქვა არა მხოლოდ შორს მყოფ ავადმყოფს, არამედ მამასაც, ამიტომ მას ეძლევა საშუალება, მართლა ირწმუნოს. «იმ კაცმა ირწმუნა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა» (იოან. 4:50). იგი წავიდა იესო ქრისტეს გარეშე,

მაგრამ მაინც მასთან ერთად, რადგან იგი ქრისტეს სიტყვით აღჭურვილი და დაჯილდოებული წავიდა. იგი არ არის გაწბილებული იმით, რომ იესო ქრისტე არ წავიდა მასთან ერთად. სიტყვა იყო იმგვარი სრულუფლებიანი წარგზავნილი,

რომელიც წარმგზავნელის ტოლფასია. დიდებულმა განიცადა ისეთი რამ, რაც ყველა ჩვენგანს განუცდია ქადაგებისას ღვთის სიტყვის მოსმენისას თუ ბიბლიის კითხვისას. კერძოდ – მის სულს შეეხეო ღვთის სიტყვა, იგი აღიძრა ნდობისა და

მორჩილებისათვის. იესო ქრისტე თავად იმყოფებოდა თავის მიერ ნათქვამ სიტყვაში.

  დიდებულს გრძელი გზა უნდა გაევლო. იგი მხოლოდ მეორე დღეს ხვდება თავის მსახურებს და გებულობს მათგან, თუ რა მოხდა მის არყოფნაში. საუბრიდან ჩანს, რომ იგი იესო ქრისტეს პირველ საათზე დაშორდა (ეს ჩვენი ათვლით დაახლოებით

ექვსი საათია). ამდენად მან გზაში გაატარა ნახევარი დღე და ერთი ღამე. მეორე დღეს კი ხვდება მსახურებს. ჩვენ თვალი უნდა გავადევნოთ მის მიერ განვლილ გზას, რადგან იგი ქრისტეს სიტყვისამებრ წავიდა. ცნება – გწამდეს – ჯერ კიდევ არ

მოიცავს თავის თავში მინდობას. ამიტომ არც დიდებულს შეეძლო ცდუნებებისთვის გვერდის ავლა. ადამიანების სულთა მტერი – სატანაც, უსათუოდ, მასთან ერთად მიაბიჯებდა. მას მრავალნაირი აზრებით შეეძლო დიდებულის ცდუნება,

მაგაკითად: რას გეტყვის შენი ცოლი, როცა იესოს გარეშე დაბრუნდები? რომ არ შეასრულოს თავისი სიტყვა? – იქნებ მას, ჩემი თავიდან მოცილება სურდა, როგორც ერთ-ერთი აბეზარი მთხოვნელისა? ალბათ ამგვარი აზრები უღრღნიდნენ გონებას

დიდებულს. ასეთ ცდუნებებს იგი ვერაფერს დაუპირისპირებდა, გარდა ერთისა: მან თქვა, ამიტომ მე მზად ვარ თამამად და მხნედ მწამდეს და არ მივცე თავს დაეჭვების უფლება!

  მიჰყევი სიტყვას! ეს ღვთის სიტყვაა, რომელიც სუფევს უკუნისამდე. «მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არა ღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონის თქვენს მამა-პაპას» (რჯლ. 32:17).

ასე უთხრა ოდესღაც მოსემ თავის ხალხს. რაოდენ მეტად ეხება ეს წინადადება იესო ქრისტეს სიტყვებს!

  ასეთი რწმენისთვის საჭიროა წვრთნა და გამაგრება სიტყვის მეშვეობით. და როდესაც დადგება ღვთის მიერ დადგენილი ჟამი, მაშინ რწმენა ჰპოვებს თავის აღსრულებას, უკვე აქ, ამ წუთისოფელში, დროით განზომილებაში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენ მარადისობაში შევიცნობთ, რომ არ გვწამდა მხოლოდ ცარიელი სივრცის. ეს რწმენა სიტყვის მეშვეობით ჩვენ უნდა დავიცვათ და გავამართლოთ კიდეც. ამ უკანასკნელს, სამწუხაროდ, ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ. ჩვენ გვწამს ზოგადად,

თეორიულად, პრაქტიკული გამოყენების გარეშე.

  ღმერთი რწმენას იესო ქრისტეს მეშვეობით შობს. იგი მას შობს სიტყვის მეშვეობით. მაგრამ მიღებული სიტყვა უნდა ვლინდებოდეს რწმენით მორჩილებაში. ღმერთს სურს მორჩილებასთან მიგვიყვანოს.

  აქ ყველას წინაშე დგას ამგვარი საკითხი: მიგვიყვანა კი სიტყვამ ასეთ გადაწყვეტილებამდე? ოდესღაც და სადღაც ჩვენ სერიოზულად უნდა დავიწყოთ. რწმენა ჩვენთვის არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ თეორიად ან სწავლებად. უნდა გადაიდგას ნაბიჯი. მხოლოდ გწამდეს!

  ჩვენთვის ისევე ძნელი იქნება ღვთისმოსაური განწყობილებისაგან განთავისუფლება, როგორც საწყისი რწმენისა და ინტელექტუალობისგან, თუ კი ოდესმე მაინც არ გავბედავთ პირველი ნაბიჯის გადადგმას იესო ქრისტესა და მისი სიტყვისადმი ნდობისკენ. რწმენის ასეთი ნაბიჯი, უმრავლეს შემთხვევაში, ჰპოვებს თავის გამოხატულებას საქმეში. ძველი მტრობა და შეურიგებლობა წყდება და იესო ქრისტეს სახელით ხდება შერიგება. ნიშნობა, რომელზეც არ იყო ღვთის კურთხევა, უქმდება. ხდება ქარაფშუტული გარიგების უარყოფა იესო ქრისტეს მიერ გაღვიძებული სინდისის მიერ, თუნდაც ამან მორალური ბრალიც კი გამოიწვიოს.

დანაშაულის აღიარება, შესაძლოა, მოხდეს წყნარ, პირისპირ აღსარებაშიც, და საბოლოოდ, ადამიანი ღებულობს შენდობას.

  ეს არის რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავდივართ ჩვენ ილუზორულ და ცრუ, რელიგიურ-აღტაცებული მდგომარეობიდან – რწმენის გადაწყვეტილებისკენ, რომელიც გამოხატულია მორჩილებითა და საქმით. ეს გადაწყვეტილება ყოველთვისა არის მომხმობი და ამავე დროს მბრძანებელი სიტყვის გამოძახილი. ეს არის გადაწყვეტილება, რადგან ჭეშმარიტი მორჩილება ყოველთვის გადაწყვეტილებაა.

 

დ) რწმენა, როგორც ცხოვრების პრინციპი

  დიდებულის შესახებ აღწერილ ამბავში სამჯერ არის ნახსენები რწმენა. პირველად იესო ქრისტე აღნიშნავს ისეთ რწმენას, რომელიც სასწაულზეა დაფუძნებული და რომელიც იმდენ ხანს გრძელდება, რამდენსაც ღვთის განუსაზღვრელი ყოვლისშემძლეობა ვლინდება ჩვენი სურვილების შესასრულებლად. შემდეგ ვკითხულობთ, რომ დიდებული ენდო, ერწმუნა იესოს სიტყვას და მისით დაიმედებული გაემართა შინისაკენ. ბოლოს – მიღებული გამოცდილების შემდეგ – ვკითხულობთ მასზე: «და ირწმუნა მან და მთელმა მისმა ხალხმა» (იოან. 4:53).

  აღნიშნული გამოთქმა, ცხადია, მხოლოდ იმაზე არ მეტყველებს, რომ დიდებულის ოჯახის წევრებმაც აღიარეს ქრისტეს სიტყვების ცხოველმყოფელი ძალა. აქ უფრო მეტზეა საუბარი. მაშინ, იესო ქრისტესთან საუბრისას, მოსმენილმა სიტყვამ პირველად მოუწოდა მას გადაწყვეტილების მიღებისკენ. აქ რწმენის აქტზეა საუბარი, რომელიც ქრისტეს სიტყვას ეთანხმება.

დიდებული ენდობა იესოს, კმაყოფილდება მისით, და დარწმუნებული მიემართება შინისაკენ. ეს იყო რწმენის აქტი. «რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია. უყვარს სიმათლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა

ქვეყანა» (ფს. 32:4-5). ამ კაცმა პირველად მოიხარა ქედი ქრისტეს სიტყვის ძალის წინაშე და შინაგანად დაეთანხმა მას. ეს იყო მის ცხოვრებაში შეჭრა. აქამდე ხომ იგი ასე არ მოიქცეოდა. მხოლოდ ახლა შეიცნობიერა მან იესო ქრისტეს ავტორიტეტი და ქედი მოიხარა მის წინაშე.  მრავალ ადამიანს განუცდია ცხოვრებაში მსგავსი რამ: განსაცდელში ისინი შეჰღაღადებენ მას, ვისაც ბავშვობიდან მხსნელს ვუწოდებთ. რომელ ჩვენგანს არ მიუღია პასუხი ლოცვაზე? «მეც შევიცანი ღმერთი,» – ამბობს ბევრი და აქვე გვიყვება დიდი ხნის წინ განვლილ განცდაზე.

  ნუთუ სულ ეს არის? რა იყო ეს განცდა – სტოკატოს ფრაგმენტული ხმა თუ ბგერათა მთელი გამა, რომლისგანაც მუსიკალური ნაწარმოებია შედგენილი?

  ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი ყველა გამოღვიძებულმა იესო ქრისტეში ძალისა და რეალობის მისაღებად. მხოლოდ განცდად დარჩება იგი თუ ქრისტესთან ერთად ცხოვრებად იქცევა? ადამიანთა უმრავლესობამ განიცადა ღვთაებრივი

დახმარება ცხოვრებაში, მაგრამ გაბედულ აღმსარებლებად ცოტა მათგანი თუ იქცა. ზოგს რცხვენია კიდეც იმის აღიარება, რომ ოდესღაც ლოცულობდა და მიიღო თავისი ლოცვის პასუხი. დღეს მას ამის გახსენებაც არ სურს, რადგან ქვეცნობიერად

გრძნობს, რომ მოქმედებდა არათანმიმდევრულად. მან არჩია ელვის წამიერ შუქზე ღამეში დარჩენა, იმის მაგივრად, რომ ზიარებოდა იესო ქრისტეს სიცოცხლის მარადიულ ნათელს. აქ მრავალი ბრკოლდება.

  რწმენის ცალკეული აქტისგან უნდა იშვას რწმენა, როგორც ცხოვრების პრინციპი. გწამდეს არა ერთხელ, შემთხვევით, არამედ გწამდეს ყოველთვის! რა თქმა უნდა, გწამდეს – ეს არის ისევ და ისევ ახალი გადაწყვეტილება და მორჩილება,

ახალი რისკი, ისევე, როგორც ახალი ნებართვა. მაგრამ ამგვარი რისკის უწყვეტი ჯაჭვისგან უნდა იშვას რწმენის მუდმივი მდგომარეობა. ამიტომ ამბობს მოციქული პავლე და მთელი ახალი აღთქმა «მორწმუნეების» შესახებ. მათ, უბრალოდ, მუდამ

სწამთ. ისინი ღვთის მიერ ბოძებული ვარჯიშობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი რწმენის მდგომარეობაში ცხოვრობენ. იესო ქრისტესა და მისი სიტყვების რეალურობას სურთ იყონ ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები, როგორც ახალი სინამდვილე. ჩვენ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ: «მე – შენი ვარ და შენ – მე მეკუთვნი.»

 

  ჩვენი რწმენა სულაც არ არის დასრულებული. და ეს იმიტომ, რომ იგი ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი ფენომენთაგანია. ყოველ ახალ დღეს მოაქვს მოსალოდნელისა თუ მოულოდნელის სისავსე: სიხარული და წუხილი, იმედი და იმედგაცრუება,

სიძლიერე და სისუსტე, წარმატება და დანაკარგი, მარტოობა და სიმშვიდე, სიღარიბე და სიმდიდრე, ყოველდღიურობა და ორიგინალობა. ჩვენ არ გვრჩება არჩევანი, არამედ უნდა მივიღოთ ცხოვრების ამგვარი შინაარსი, განვახორციელოთ

ცხოვრებაში და გავიაზროთ ეს შინაარსი.  მაგრამ როგორ ვაკეთებთ ამას? ვიჩაგრებით თუ აღვფრთოვანდებით, თუ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით საგნების,

ხალხის, გარემოცვის და ბედის გამო? თუ ვღებულობთ მთელ ამ ჭრელ მასალას ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ფორმად, რომელსაც ყოველივე სწორი მიმართულებით შეუძლია წარმართოს და რომელიც ყველაფერს თავის ადგილს უძებნის.

  რწმენა წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ყოველი ნათელი თუ მოღრუბლული დღის წინაპირობას. იცხოვრე როგორც იესო ქრისტეს მორწმუნემ, ყოველ წამს და მუდამ!

  როგორი იყო დიდებულის გზა? მან ირწმუნა იესოს სიტყვები. მას სწამდა მთელი გასავლელი გზის მანძილზე, სანამ მოსამსახურეებმა არ დაუდასტურეს, რომ მას ტყუილად არ სწამდა. მისი რწმენა დაგვირგვინდა – შვილი გამოჯანმრთელდა.

მაგრამ მას ჯერ უნდა ერწმუნა – შემდეგ კი შეეძლო განეცადა იმედის ახდენა.

  ადამიანთა უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას ამგვარ თანმიმდევრულობას და ამიტომ არაფერს განიცდიან. მათ უნდათ ჯერ იქონიონ მტკიცებულება, ფაქტები, განცდები და ამით სურთ შემდეგ კვებონ რწმენა. მაგრამ ღმერთი არ მიდის ასეთ

გარიგებაზე. ვინც არ რისკავს, როგორც ის დიდებული, არც იმარჯვებს. «ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: ცოცხალიაო შენი შვილი...» (იოან. 4:53).

  მან შეამჩნია ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. და რაც შეამჩნია, იმის დავიწყება მას აღარ სურდა. და მაინც, იესო ქრისტეს ამ ქმედების მხოლოდ კარგად დამახსოვრებას არ შეეძლო მისი ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლა. უკეთეს შემთხვევაში მას, როგორც მრავალ ჩვენთაგანს შეეძლო ეთქვა; «ჰო, მაშინ! კიდევ გახსოვს ეს?» განცდილი საკმაოდ სწრაფად გადაიქცევა ხოლმე შორეულ წარსულად.

 

  მაგრამ დიდებულისთვის ეს განცდა გახდა მისი ახალი ცხოვრების, რწმენით ცხოვრების საკვანძო წერტილი. ეს ხელახალა შობას ჰგავს. მისი ცხოვრება ახლებურ ასპექტს იძენს. იგი ნათდება ზეციდან. იწყება ახალი საფუძველი, ახალი ძალა,

სულიერი ენერგია, ყველაფრის შემფასებელი ახალი მასშტაბი, – ვინაიდან მან ირწმუნა. იგი ახალი რწმენის ცხოვრებით ცოცხლობს.

  არ არის გასაკვირი, რომ მისმა მოქმედებამ დიდი მნიშვნელობა იქონია მთელი მისი ოჯახისთვის. ასეთი რწმენა გადამდებია. შესალოა, მან აქა-იქ ოპოზიციაც გამოიწვიოს, მაგრამ მთლიანობაში იგი კეთილისმყოფლად მოქმედებს გარე

სამყაროზე. რწმენა არ არის ტვირთი, რადგან იგი არაა დაკავშირებული აკრძალვებისა და მითითებების სიმძიმესთან. მეტიც, რწმენა ათავისუფლებს ადამიანს, მატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, შობს თანხმობას და სიმშვიდეს. რწმენა გარდაისახება დამხმარე და მომსახურე სიყვარულად. ამის შესახებ მოციქული პავლე წერდა: «ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისთვის და მოსაწონი – ადამიანთათვის» (რომ. 14:18).

  რა თქმა უნდა, ჩვენი ნება არ არის ოჯახის წევრთა შეცვლა და მოქცევა, მათ შორის ჩვენი შვილებისაც. მაგრამ მაინც საოცარია, რაოდენ ხშირად იყო განპირობებული პირველქრისტიანულ ეკლესიაში შინაურთა რწმენა ოჯახის ერთ-ერთი წევრის რწმენით. მოციქული პავლე ასე მიმართავს ქ. ფილიპეს საპყრობილესუფროსს: «იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობაც» (საქ. 16:31). ასევე, ძოწეულის გამყიდველი ლიდია, ნათლავს მთელს თავის ოჯახს. მსგავსადვე მოიქცა რომაელი ასისთავი კორნილიუსი ზღვისპირა კესარიაში. იყო ყოველივე ეს დამოკიდებული ამ ხალხის რწმენის ხარისხზე და ჭეშმარიტებაზე? იყო ეს საოცარი სიახლე მათ ცხოვრებაში? რასაკვირველია, ადგილი ჰქონდა ერთსაც და მეორესაც  შესაძლოა, არც ამ მოკლედ გადმოცემულ ამბებში მოხდა ყველაფერი მოულოდნელად. აქაც იქნებოდა რწმენის თესლი და ყლორტები. იწყებოდა გაფუების პროცესი, როგორც ამას იესო ქრისტე აღწერს თავის იგავში საფუარის შესახებ (მათ. 13:33).

შენ მხოლოდ მარილი იყავი შენს ოჯახში და დანარჩენი შენს უფალს მიანდე! მიიღე იესო შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – ბიუროში, ფაბრიკაში, სამზარეულოში, სკოლაში. ყოველი ახალი დღე მასთან ურთიერთობით დაიწყე. გაამყარე მასთან კავშირი რეგულარულად! ოდესღაც, ვაჭრები თავიანთ მთავარ წიგნებს აწერდნენ – «სახელითა ღვთისათა.» ნოტების ყველა ფურცელს იოჰან სებასტიან ბახი აწერდა – «იეზუს იუვა» (იესო, შემეწიე!). ქორალით იწყებდნენ საკურორტო ორკესტრები დილის კონცერტებს, სტუმრები კი ქუდებს იხდიდნენ ამ დროს. არ ვიცი, აკეთებენ იგივეს დღეს? დაძაბული, ჯოჯოხეთური ხმაურითა და და აურზაურით აღსავსე ყოველდღიურობაში, ჩვენ ვსაჭიროებთ ისეთ ნიშნებს, რომლებიც შეგვახსენებენ: შენ შეგიძლია გწამდეს.

  დიდებულის შესახებ მოთხრობილი ამბის ბოლოს წერია: «ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას აქეთ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა» (იოან. 4:54).

  ეს მხოლოდ ნიშანი იყო. მაგრამ ისე კი არა, თითქოს ყველა ავადმყოფობა იქნა გაუქმებული მიწაზე, ან თუნდაც მხოლოდ კაპერნაუმში. სიკვდილი კვლავ ემუქრება ყველანაირ სიცოცხლეს. მაგრამ დიდია ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია

ორიენტირება. ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ იესო ქრისტეს რწმენის გზით და ვიცხოვროთ რწმენით. აღმართულ იქნა მომავალი მსოფლიო წესრიგის ნიშანი, იმ წესრიგის, როცა ღმერთი მოსწმენდს ყველა ცრემლს თვალთაგან, სადაც არ იქნება არც სენი,

არც სიკვდილი, არც ტანჯვა, არც კვნესა. ეს ნიშანი მოგვაგონებს შევარდისფერებულ მწვერვალებს. «ამოვიდა ცისკრის ვარსკვლავი,» ასეთი სიტყვებია ძველ ჰიმნში. მორწმუნე სწორედ ამ ნიშნებით ხელმძღვანელობს. იგი კითხულობს ბიბლიას,

რადგან ბიბლია ღვთის პანტომიმთა ენით მეტყველებს. ბიბლიის კითხვით ადამიანი სწავლობს რწმენით ცხოვრებას, «რწმენიდან რწმენაში.» ეს კი ნიშნავს, რომ რწმენის პირველ ნაბიჯს მოსდევს მეორე, მესამე და ა. შ. მანამდე, სანამ მივადგებით დასახულ მიზანს, სადაც რწმენა შეიცვლება ხილვით.

 

 

4. რწმენის საფეხურები

  საჭიროა ვიცოდეთ, რომ რწმენას აქვს თავისი საფეხურები. რწმენა სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ნაბიჯ-ნაბიჯ ადის საფეხურებზე, სხვები ერთბაშად გადაახტებიან ხოლმე რამდენიმეს. ეს არ არის დამოკიდებული ჩვენს ნებაზე. რწმენას

ღმერთი წარმოშობს ჩვენში. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ არ ჩავრჩეთ რწმენის სკოლაში, ვიმოძრაოთ წინ, გავიზარდოთ რწმენაში. ამიტომ, წავიკითხოთ კიდევ ერთი ამბავი ახალი აღთქმიდან, რომელშიც თვალნათლივ არის

წარმოდგენილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ მუდამ რწმენის პირველ საფეხურზე. ლუკას სახარებაში (17:11-19) წერია:

  «იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: შეგვიწყალე, იესო მოძღვარო! ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით ეჩვენეთ მღვდლებს. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.

  ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო მის ფერხთ და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.

  მაშინ იესომ თქვა: ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? როგორ მოხდა, რომ უცხო ტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?

  მას უთხრა: ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.»ა) სავალალო მდგომარეობა

  აღნიშნული ამონარიდი იწყება საზარელი უბედურების აღწერით. კეთრი დღესაც სპობს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინამ აღმოაჩინა ამ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები, მის საწყის სტადიაში. მაგრამ იმ

დროს იგი იყო განუკურნებელი სენი. კეთროვანი ვალდებული იყო გარიდებოდა ჯანმრთელ ადამიანებს. იგი საკუთარი ოჯახიდანაც კი განიკვეთებოდა, უნდა ეცხოვრა დასახლებული ადგილის მიღმა და თანაც, მკაცრად განსაზღვრულ ადგილას

და მხოლოდ თავისნაირ ავადმყოფებთან შეეძლო ურთიერთობა. უღიმღამო იყო ამგვარ უბედურთა ყოველდღიური ცხოვრება, რომელთაც, ცოცხალ სხეულზე, ულპებოდათ სხვადასხვა ორგანოები.

  სადღეისოდ, ტროპიკულ ქვეყნებში, დაარსებულია კარგი, კეთილმოწყობილი საავადმყოფოები და დასახლებები კეთროვნებისათვის, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, მისიონერული ორგანიზაციების მიერ არის აშენებული. მათში

ავადმყოფებს ემსახურებიან თავშეწირული სიყვარულით – როგორც სულით, ისე ხორცით. ჩემს მშობლიურ ბალტიისპირეთში, ქალაქ რიგის მახლობლად, იყო პატარა საავადმყოფო კეთროვნებისთვის. ამ საავადმყოფოს ჰქონდა მშვენიერი გამწვანებული

ეზო, ოთახებში იყო ყვავილები, შენობა კეთიმოწყობილი გახლდათ, რათა კეთროვნებს შემსუბუქებოდათ გარე სამყაროსაგან იზოლირების სიმწარე. იმ შორეულ წარსულში კი ამგვარ მსახურებაზე ლაპარაკიც არ იყო. ერთმა საეკლესიო ისტორიკოსმა წინაქრისტიანული სამყარო დაახასიათა, როგორც სამყარო სიყვარულის გარეშე. მასში არ ჰქონდა ადგილი გულმოწყალებასა და თავშეწირულ სიყვარულს.

  უიმედობის სურათი ასეთია: ჩვენს წინაშეა ათი მამაკაცი, რომლებიც სასიკვდილოდ არიან დაავადებულები. როგორც ჩანს, ისინი გამოქვაბულში ან ქოხმახში ცხოვრობდნენ, მზისგან მოშორებით და ყოველდღე გამოდიოდნენ ქოთნებისა და ქილების წასაღებად, რომლებშიც მახლობელი სოფლის მცხოვრებთა მიერ მოტანილი მწირი საკვები იყო. ამ ადამიანებს აღარ გააჩნდათ იმედი, სიხარული, ცხოვრების აზრი!

  ამ გზით ხშირად სარგებლობდნენ მლოცველები, რომლებიც ფსალმუნების გალობით მიემართებოდნენ ხოლმე იერუსალიმისაკენ. კეთროვნები შორიდან უსმენდნენ და ფიქრობდნენ: ჩვენ ყოველგვარ სიხარულს ვართ მოკლებული.

ხნადახან მოთამაშე ბავშვების ჟრიამული ესმოდათ, ქარავნებიც გაივლიდნენ ხოლმე გზაზე, მაგრამ ყოველივე ეს მათი ცხოვრების მიღმა ხდებოდა.

  რა წინაპირობა უნდა არსებულიყო, რომ ამ ათმა კაცმა მოაწყო ორგანიზებული გამოსვლა გზაზე იესოსგან მოწყალების სათხოვნელად?

  მლოცველთა და მთხოვნელთა ამგვარი წრის ორგანიზება არ ხდება წინაისტორიის გარეშე. როგორც ჩანს, ისინი ადრეც გამოდიოდნენ ხოლმე სამათხოვროდ, სპილენძის გროშებისათვის, რომლებსაც მათ შორიდან ესროდნენ. ამჯერად ისინი მეტს თხოულობენ: «შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!» რამ შთააგონა ისინი ეთხოვათ მოწყალება იესო ქრისტესგან?

  დასაწყისში მახარებელი მარკოზი ყვება, თუ როგორ მიირბინა ერთმა კეთროვანმა იესოსთან, დაემხო მის წინ და ემუდარებოდა: «თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა» (მარკ. 1:40). «შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მსურს,

განიწმიდე!» (მარკ. 1:41). ამ სიტყვის თქმისთანავე კეთროვანი განიკურნა.

  განწმედილი არ დუმდა თავისი განკურნების შესახებ, ამიტომ ამის შესახებ ცნობილი გახდა. და განა ვინ ისმენს ამგვარ ამბავს უფრო მეტი ყურადღებით, თუ არა მთელ ქვეყანაში არსებული ის მცირეოდენი უბედური, რომელთა შორის ცოტა ხნის

წინ ეს განკურნებულიც იყო? აღმოსავლეთში ხმები დიდი სისწრაფით ვრცელდება. ალბათ, ამგვარად მიაღწია ამ სასწაულებრივი განწმედის ამბავმა კეთროვანთა თავშესაფრამდე. ერთი ჩასჩურჩულებს მეორეს: «იცი, თურმე გალილეის

მთებში ცხოვრობს ვიღაცა, რომელმაც კეთროვანი განკურნა!» ამას, შესაძლოა, წინააღმდეგობა ან დაცინვა მოჰყვა: «ნუ ლაპარაკობ სისულელეს! ეს – დედაბრების მიერ შეთხზული ზღაპარია, ჩვენ ვერავინ გვიშველის! ცარიელი სიტყვებია, ნუ

აჰყვები მოლაყბეებს!» ასე ცდილობს ადამიანი დაიცვას თავი მორიგი გაწბილებისაგან, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რჩება

იმედი: «იქნებ მართალია? ეს წარმოუდგენელია! სიხარულისაგან შეიძლება გავგიჟდე!» ვინც ტყვედ ჩავარდნილა, მისთვის კარგად არის ცნობილი ასეთი სიტუაცია.

  ოპტიმისტები და პესიმისტები ყველგან არიან. ერთი მეტად ცოცხლობს იმედით, ვიდრე მეორე. თეთრად გატარებულ ღამეებში, როცა სკეპტიკოსებს ალბათ არც ესმოდათ, შესაძლოა ერთი კეთროვანთაგანი ეუბნებოდა მეორეს: «ნეტა არ

გაივლის იესო ამ გზაზე? მაშინ მე გავრისკავდი და გავიქცეოდი მასთან. იქნება მას გააჩნია ჩემი დახმარების ძალა.» ერთ მშვენიერ დღეს მათ შემოესმათ მეზობლად მდებარე სოფლის ბავშვების ხმა, რომლებიც გაჰყვიროდნენ: «იესო ნაზარეველი

მოდის! იესო ნაზარეველი მოდის! მალე ის აქ იქნება! ის მოდის! ის მოდის!» დენივით დაუარა ამ ამბავმა კეთროვანთა კოლონიას. «ვისაც დარჩენა უნდა, დარჩეს, ჩვენ კი გზისკენ გავიქცევით, როცა იესო გამოივლის,» – ალბათ ასე თქვა იმ ორმა

კეთროვანმა. მალე დაეჭვებულებსაც გადაედოთ გამოჯანმრთელების იმედი. შესაძლოა, უკანასკნელმა მათგანმა ასეც თქვა:

«თუ არ მიშველის, ხომ არ მავნებს.» და ისიც წალასლასდა გზისკენ.

  დაახლოებით ასე აღმოჩნდა ის ათი კაცი გზის პირას. ვერავინ ბედავდა დალაპარაკებას პირველი. არავინ უყურებდა გვერდზე მჯდომს, რადგან თითოეულ მათგანს ეშინოდა, არ წაწყდომოდა მეზობლის დამცინავ ან უიმედო გამომეტყველებას,

რომელსაც უკანასკნელი იმედის ჩაქრობა შეეძლო.

  შემდეგ შენიშნეს ქვეითად მოსიარულეთა ჯგუფი, რომელიც უხმაუროდ მოემართებოდა მათკენ. რამდენადაც უახლოვდებოდნენ მგზავრები, იმდენადვე ემატებოდათ მღელვარება კეთროვნებს. და როცა იესო ქრისტე იმ მანძილზე იყო,

რომ ხმის მიწვდენა შეიძლებოდა, მაშინ ერთმა მათგანმა დაიყვირა და სხვებიც აჰყვნენ: «შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!»  რწმენის ჩანასახი ხომ არ იყო ეს? ცხადია, გაჭირვების და უსასოობის მიერ ნაშობი. არავის შეეძლო ამ უბედურთა შველა.

ყველანაირი ადამიანური იმედი გაქრა. დარჩა მხოლოდ ღვთის იმედი.

 

  ძველი ციხე-სიმაგრეების ნანგრევებზე ხანდახან ხეებისა და სხვა მცენარეების დანახვა შეიძლება. ისინი აქ არავის დაურგავს, და მაინც იზრდებიან, ყვავილობენ, გამოაქვთ ნაყოფი. როგორ გაჩნდნენ ეს მცენარეები ასეთ ადგილას? ფრინველებმა მოიტანეს მათი თესლები თუ ქარმა? ასევე იყო ჩვენს მიერ მოყვანილ შემთხვევაშიც. სახარებისეული თესლი, საიდანღაც მოტანილ იქნა ადამიანთა ამ ნაშთებამდე. მათთან არავის უქადაგია, მაგრამ ღმერთმა თავად გამონახა გზა და საშუალებები. ზაფხულის მცხუნვარე მზეში, ზამთრის კოკისპირულ წვიმებში იშვა ამ უსასოო ადამიანებში იმედის ჩანასახი. იმ იმედის, რომელიც იესო ქრისტეს ეჭიდება. იმედი, თუკი იგი მართლა იმედია, ამავე დროს, ყოველთვის რწმენაც არის.

რწმენა, აგრეთვე, ვერ ხედავს. «რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვთესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ» (ებრ. 11:1). მაშასადამე, ქრისტეს შესახებ მოარული ხმების მეშვეობით, დიდ გაჭირვებაში, ათი კეთროვნის გულში

იშვა რწმენა. თუ ვინმე ეჭვს შეიტანს იმაში, იყო თუ არა კეთროვნების ქმედება რწმენის გამოვლინება, მას ვუპასუხებდი: რწმენას გააჩნია თავისი საფეხურები. იესო ქრისტემ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას დიადი აღთქმა დაუდო. დააკვირდით

ამ კეთროვნებს! ისინი აღარაფერს ელიან ადამიანებისაგან და დახმარების იმედით შეჰღაღადებენ იესოს. ნუთუ ეს რწმენა არ არის?

  ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ ამგვარად მორწმუნენი! რა ხშირად ვცდილობთ ხოლმე საკუთარი ძალა, კეთილსინდისიერება ან თუნდაც ღვთისმოსაობა დავუკავშიროთ ღვთის აღთქმებს და თანაც საკუთარ თავს მივიჩნევთ

სამაგალითო მორწმუნე ქრისტიანად. ბევრი რამ არის საჭირო ადამიანური ქედმაღლობის დასაოკებლად. უბედურებით ნაშობი

რწმენა სულაც არაა რწმენის უმაღლესი საფეხური. მაგრამ ჩვენ არც ასეთი რწმენის უნდა გვრცხვენოდეს. იქ, სადაც გაჭირვება ამსხვრევს ყველა ცრუ იმედს და გვასწავლის, რომ ჩვენი მოლოდინი და იმედები იესო ქრისტეს დავუკავშიროთ,

იგი შეუცვლელ სამსახურს გვიწევს. გაჭირვებაში შობილი რწმენის სუსტი მხარე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მას იესო ქრისტესთან ლოცვით მივყავართ. პირიქით, განცდილი დახმარების შემდეგ ჩვენ თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ თუ რას

ველოდით – მხოლოდ სასწაულებსა და ნიშნებს? ანდა მხოლოდ მიღებულით დავკმაყოფილდით? ვიღაცამ სამართლიანად აღნიშნა, რომ გამოთქმა: «ლოცვას გაჭირვება გასწავლის» – არა ბიბლიურია, და ამდენად მასში არ არის ცოცხალი ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ გაჭირვებას შეუძლია ადამიანი გახადოს უხეში, განაწყენებული და დაუნდობელი. სადღეისოდ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მართლაც ასე ხდება. გაჭირვება მიწისძვრას ჰგავს. ჩვენ ვკარგავთ საყრდენს, და რამდენადაც უფრო მეტად გვარყევს, იმდენადვეა შესაძლებელი წაქცევა ჩვეული საყრდენის გარეშე. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რომელ მხარეს დავეცემით – ღმერთისაკენ მისდამი ლოცვისას თუ ღმერთის საწინააღმდეგო, სასოწარკვეთილების მხარეს!

მაგრამ როცა ვკადნიერდებით და ღმერთთან ვეძებთ თავშესაფარს – უკვე ნაპოვნია ახალი საყრდენი. მაშასადამე, ბევრისთვის, გაჭირვებაში შობილი რწმენა, ღმერთთან ცხოვრების პირველ საფეხურად იქცევა ხოლმე. ვინც შეძლო ამ

საფეხურის გამოტოვება, დაე უხაროდეს, მაგრამ ასეთმა ადამიანმა არ უნდა უგულებელყოს ისინი, ვინც თავის უსუსურობაში ღვთის რჩევაზე ლოცულობს: უპოვრობაში ლოცულობენ მის სიმდიდრეზე, სასოწარკვეთილებაში – კადნიერდებიან იესო ქრისტეს იმედი იქონიონ.

  გაჭირვებაში ადამიანის გული ბევრ ისეთს სწავლობს, რასაც წარმატების ჟამს იშვიათად თუ ისწავლის: ჭეშმარიტ ღვთის მოშიშობას!

  ვინც ტანჯვაში შეიცნობს წმიდა ღმერთის სამართალს, იგი ღვთის ნებისადმი მორჩილებას სწავლობს. თანამედროვე ადამიანი ძნელად თანხმდება ამაზე. იგი, ასე ვთქვათ, «თავის კანონიერ უფლებას» თხოულობს ღმერთისგან, იმის მაგივრად,

რომ დაემორჩილოს ღმერთს მის მსჯავრში ჩვენზე.  მარტინ ლუთერის ერთმა ინგლისელმა მკვლევარმა რეფორმატორის მოთხოვნა ასეთი ხატოვანი სიტყვებით გადმოსცა: «აღიარეთ ღმერთი ღმერთად.» ეს ნიშნავს – იყავით ღმერთის მიმართ სერიოზულნი, როგორც იგი ამას იმსახურებს! სადაც ეს მოთხოვნა სწორად იყო გაგებული, იქ, გაჭირვებაში შობილი რწმენა, შემწეობის ღაღადისითა და შიშით არ ამოიწურებოდა. ჩვენ აქ, სიკვდილის ველის ჩრდილში, ღვთის მიერ ჩვენი მიტოვების ყოველ მომენტში, ვსწავლობთ ისრაელის წმიდისადმი თაყვანისცემას. და ჩვენი ღაღადი «დე პროფუნდის» (სიღრმიდან) მიგვიძღვის მზარდი რწმენისაკენ, როგორც 129-ე ფსალმუნშია ნათქვამი ამის შესახებ. წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდი ამ მნიშვნელოვანი სინანულის ფსალმუნიდან, რათა გაიცნობიეროთ, როგორ ადის

საფეხურიდან საფეხურზე რწმენა. შიშით აღვსილი ღაღადისი დარწმუნებაში პოულობს სიმშვიდეს. «მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ» (ფს. 129:4). სადაც ღვთის შიშით ვართ აღვსილნი, იქ შეგვიძლია ველოდოთ: «მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას» (ფს.129:5-6).  ასეთ იმედიან, მომლოდინე რწმენას კიდევ უფრო წინ მივყავართ. მას შეუძლია სხვებიც მოგვამხრობინოს: «ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მის მიერი» (ფს. 129:7). ასე მთავრდება ეს საგულისხმო

ფსალმუნი.  შიშის რწმენა ყველა საფრთხესა და გაურკვევლობაში მყარ ნიადაგს პოულობდა ფეხქვეშ. იმედი დარწუნებულობად გარდაისახებოდა.

  რჩება თუ არა ასეთი რწმენა გამოცდილების გარეშე?

  ამ კითხვით ჩვენ კვლავ მივადექით ათ კეთროვანს, ისინი ასევე «სიღრმიდან»იძახდნენ. ასე მოვიდნენ ისინი შეჭირვების ერთობიდან იმედთან და ლოცვასთან ერთობამდე.

  «ესავდეს ისრაელი უფალს» – განა ფსალმუნის ამგვარმა სიტყვებმა არ გააცოცხლეს მათ გულში იმედი, როცა ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ, რომ დაეძახათ: «შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!»

  რა მოხდება? ხომ არ შეიცვლება რაიმე მათი მდგომარეობიდან? ხომ არ დარჩება ყველაფერი ლოცვად და იმედად, ღაღადად და მოლოდინად? თუ ისინი ისეთ რამეს განიცდიან, რაც რწმენას უფრო მყარ საფუძველზე დააყენებს?

ბ) გამოცდილების რწმენა

  გაჭირვების რწმენა იბადება საკუთარ თავსა და ძალებში რწმენის დაკარგვის შედეგად. ამბები იესოს შესახებ, გაურკვეველი წარმოდგენა იმისა, თუ რით შეუძლია მას დახმარების გაწევა, მისკენ მიმართავს იმედს. გაჭირვებით ნაშობი რწმენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი, პირველ რიგში, თავისი თავითა და მდგომარეობით არის დაკავებული. ეს გასაგებიცაა. სატანჯველი და ავადმყოფობა, მარტოობა და სიღარიბე-გაჭირვება გვთრგუნავს და ისეთი ძლიერი რეალობით

იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, რომ სხვა ყველაფრისთვის ადგილი აღარ გვრჩება. ჩასახვის პროცესში მყოფი ამ რწმენის სუსტი მხარის დაძლევა შეიძლება სხვა, უფრო ძლიერი რეალობით, რომელიც ჩვენი თვალთახედვის არეში შემოდის. ვინც ძირითადად საკუთარი თავით არის დაკავებული, მას ჯერ კიდევ არ სწამს. მისი რწმენა არის მტანჯველი რეალობის ნაყოფი, მაგრამ იგი ჯერაც შორსაა ჭეშმარიტი «დარწმუნებისაგან» (ებრ. 11:1). რით შეიძლება ასეთ მდგომარეობაში დახმარების აღმოჩენა? როგორ ხდება, რომ უფრო დიდი რეალობა სძლევს უშუალოდ იმ რეალობას, რომელშიც მოცემულ მომენტში ვიმყოფებით?

  ამისთვის მოგვევლინა იესო ქრისტე. იგი ჩვენ მოგვეცა. იგი სუფევს სიტყვაში და სულიწმიდაში. გარკვეულ წილად, ათ კეთროვანს უკვე იმ პირველ მომენტში სწამდათ იესოს ქრისტესი და მისი ძალის, მაგრამ პირადი გამოცდილება, განცდა, მათ

ჯერ კიდევ არ გააჩნდათ. მათ სმენიათ მის შესახებ, მაგრამ პირადად, მისი ხმა არ გაეგონათ. იესოს მზერა არ შეჩერებულა მათზე, არც უშუალო ურთიერთობა ჰქონია მათთან. ისინი ჯერაც სხვის რწმენას ეყრდნობოდნენ, ანუ მონაყოლს ქრისტეს

შესახებ.

  ასეთივე მდგომარეობაში ხომ არ იმყოფება ბევრი სხვაც, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს? ჩვენ არ ვართ მათი მსაჯულნი. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე ბავშვურ რწმენასაც აფასებს, ეს რწმენა კი ავტორიტეტზეა დაფუძნებული. ამიტომ

არის მცირე რწმენა ფართო ქრისტიანულ წრეებში, და იშვიათია რწმენა, რომელიც მადლიერია ღვთის და მზადაა მსახურებისათვის. ბევრის რწმენა დაფუძნებულია ავტორიტეტზე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ სხვებს სწამთ.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, და კიდეც უნდა განვავრცოთ ჩვენი რწმენა, რომელიც გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. ამის წინაპირობა ის არის, რომ იესო ქრისტეს რეალობამ გაანათოს ჩვენი ბუნდოვანი სიტუაცია. ეს კი მხოლოდ მაშინ გახდება

შესაძლებელი, როცა ჩვენ ნებას მივცემთ მას დაგველაპარაკოს. იესო ქრისტე – რეალობაა. ამას მოწმობს ეკლესია თავისი მრავალი წარმომადგენლის სახით. ამ ჭეშმარიტებას თაობები იცნობიერებდნენ. ეს ჭეშმარიტება მრავალმა ადამიანმა

განიცადა, როცა გაჭირვებაში იმყოფებოდნენ და განთავისუფლდნენ სავალალო მდგომარეობისგან, რომლის დროსაც ისინი სერიოზულ ანგარიშს მხოლოდ საკუთარ რეალობას უწევდნენ.

  ასე ხდება აქაც, ათ კეთროვანთან. მათ ცხოვრებაში მოხდა ცვლილება, როცა იესო ქრისტემ უპასუხა უბედურთა თხოვნას.

შეხვედრა არ უნდა იყოს ცალმხრივი. შენ, ადამიანი, არ ხარ მარტო შენს გაჭირვებაში! არსებობს ვიღაც, ვინც მოდის შენთან გაჭირვების ჟამს და სწვდება მის არსს. შენ უნდა შეიცნო ამ აღსარების ჭეშმარიტება:

«შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენ ხარ ჩემთან» (ფს. 22:4).

  სწორედ ეს «შენ ხარ ჩემთან» – არის გამოცდილების რწმენის სიმდიდრე. არის კი ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ ასეთი რწმენა უსასრულოდ მეტია, ვიდრე გაჭირვებისაგან შობილი და სასოწარკვეთილებით ნაზარდი რწმენა?

  «ისინი რომ დაინახა უთხრა.» აქ ისევ არის ნახსენები სიტყვა «დაინახა,» როგორც იქ, ლეღვის ხესთან, იერიხონში, სადაც ზაქე იჯდა (ლუკ. 19:5), ან კაპერნაუმის სინაგოგაში (მარკ. 3:5), ან მდიდარ ახალგაზრდასთან შეხვედრისას (მარკ. 10:21). ვისაც წაუკითხავს სახარებაში აღწერილი შემთხვევები, იცის, თუ რამდენად ყურადღებიანი იყო იესო თავისი გარემოცვის მიმართ.

იგი არ იყო მეოცნებე. იგი არ იკეტებოდა თავის თავში მეოცნებე მისტიკოსის მსგავსად. საოცარი გულისხმიერებით განიხილავს იგი თავისი მამის ქმნილებას, ხოლო მასში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს. ყურადღება მიაქციეთ მის იგავთა

რეალობას. იგი ხედავდა უბედურებას, გვერდს არ უვლიდა ტანჯულებს. იესო არ იყო დაკავებული საკუთარი თავით და თავისი მტანჯველი გზით გოლგოთისაკენ. იესო ქრისტე წყვეტს საუბარს, რომელსაც, შესაძლოა, თავის მოწაფეებთან

აწარმოებდა. იგი ესაუბრება, პასუხობს უმწეო ავადმყოფთა ღაღადისს. კეთროვნები მისთვის არ წარმოადგენდნენ მხოლოდ თანაგრძნობის ობიექტს. ისინი არ წარმოადგენდნენ ქადაგების დემონსტრირების ობიექტს. იგი მიმართავს უშუალოდ

მთხოვნელებს. იგი უზიარებს მათ ყურადღებას და მოწყალე, შემწევ სიყვარულს. იგი იწყებს საუბარს ამ კეთროვანთა ცხოვრებაში და ამით ხსნის მათ წინაშე რწმენის ახალ შესაძლებლობებს. ახლა უკვე ისინი ისმენენ არა ამბებს იესოს შესახებ, არამედ თავად იესოს სიტყვებს. რასაკვირველია, ეს – თავისებური სიტყვაა, რომელიც მისგან მოისმინეს, თავის დროზე, როცა ერთმა კეთროვანმა სთხოვა: «უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა» (მათ. 8:2), – იესო ქრისტემ მაშინვე უშველა მას, როგორც კი თქვა – «განიწმიდე!» ახლა კი იესო მოთხოვნას წაუყენებს კეთროვნებს, მეტიც – უბრძანებს: «წადით, ეჩვენეთ მღვდლებს» (ლუკ. 17:14).

 

  იმდროინდელ ისრაელში მღვდლები წარმოადგენდნენ ერთგვარ ჯანდაცვის დაწესებულებებს. მოსეს რჯულის მიხედვით, თითოეული ავადმყოფის გამოჯანმრთელების აღიარების უფლება მხოლოდ მღვდელს ჰქონდა. იმ შორეულ წარსულში მღვდლები, ერთდროულად, მკურნალნიც იყვნენ. სრულიად შესაძლებელია, რომ მაშინ არა ერთი მცდარი დიაგნოზიც იქნა დასმული. ზოგიერთი გამონაყარი, რომელიც პრინციპში არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა, კეთრად გამოცხადებულა.

მაგრამ ასე იყო თუ ისე, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ მღვდელს.  ეჩვენეთ ჯანდაცვის დაწესებულებას! უცნაური მოთხოვნაა წაყენებული ამ საწყალი არსებების მიმართ. ისინი კეთრისაგან იყვნენ დამახინჯებულნი – როგორი დიაგნოზის დადგენის იმედი უნდა ჰქონოდათ, თუ არა ერთისა: არაწმიდა! მაგრამ იესო ქრისტეს მთხოვნელთა დაჯილდოება სურს. მათი მოიმედე რწმენა უნდა დაგვირგვინდეს გამოცდილებით, იმის წყალობით,

რომ არა მხოლოდ მიიღეს მისი სიტყვა, არამედ დაემორჩილნენ კიდეც მას. იგივე შეეხება იესოს, როგორც სულიერი მწყემსის, მსახურებას. იგი მავედრებლებს ხშირად აქტიურობისაკენ მოუწოდებდა.  ბრმადშობილს იგი გზავნის სილოამის აუზში, რათა იქ თვალები მოიბანოს (იოან. 9:11). სიმონს ბადე უნდა მოესროლა გაშლილ ზღვაში დღისით-მზისით (ლუკ. 5:14). მსახურებს გალილეის კანაში ცარიელი ჭურჭლები წყლით უნდა გაევსოთ (იოან. 2:7). კეთროვნები, ისევე, როგორც იყვნენ, გზას უნდა დასდგომოდნენ. მათი რწმენა არ უნდა ამოწურულიყო ჭვრეტით. რწმენამ თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ იესო ქრისტეს წყალობა მორჩილებს ეკუთვნით, მათში ხდება ამ წყალობის შენარჩუნებაც და ზრდაც. ამიტომ იყვნენ გადაწყვეტილების მიღების წინაშე დაყენებულნი კეთროვნებიც. იესო ქრისტეს წყალობა ისე კი არ

მოევლინა, როგორც ზარმაცებს ზრაპრულ ქვეყანაში, არამედ იგი დაკავშირებული იყო კითხვასთან: როგორი დამოკიდებულება გაქვთ ჩემდამი? იაფფასიანი, მოსახერხებელი დახმარება ვარ შენთვის თუ თაყვანს მცემ მე, როგორც შენს

უფალსა და მბრძანებელს?

  იესო ქრისტეს აქვს შემწეობა და განთავისუფლება, მაგრამ მხოლოდ მისი ბატონობის სფეროში, იქ, სადაც თაყვანს სცემენ მას, სადაც ადამიანი ზურგს აქცევს მტერს და ქედს იხრის მარადიული მეფის სკიპტრის წინაშე.

 

  რწმენა არის არა საკუთარი ნების ზედაპირული უარყოფა, არამედ ამ ნების დაქვემდებარება იესო ქრისტესადმი მიმნდობი მორჩილებით. ამიტომ ასეთი რწმენა არასდროს კმაყოფილდება რწმენის სიმბოლოთი ეკლესიის გაგებით. ყოველივე ამას,

თავის ადგილზე და თავის დროზე, შემდეგდროინდელი მნიშვნელობა აქვს. აქ კი, იესო ქრისტეს მეფურ სასუფეველში შესვლისას, რწმენა გაცილებით მეტს გულისხმობს. იესო ელის არა მსხვრეპლსა და შესაწირავს, არამედ ჩვენს თავს –

მთლიანად. ვინც აქ შეყოვნდება, ნურც გაუკვირდება, რომ მისი რწმენა დუნე და უღიმღამო გახდება. მას ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ხანდახან სწამს კიდეც, რადგან ამას გაჭირვება აიძულებს. მაგრამ იესო ქრისტეს მეფურ სუფევამდე იგი ვერ

მიაღწევს. აქ არ არის საკმარისი გონებითი რწმენა, აქ რწმენის ნაყოფია საჭირო. ოღონდ არა როგორც საფასური, რომელიც უნდა გავიღოთ, არამედ როგორც იესოს სიტყვისა და მისი სულის შედეგი. იმ სულის, რომელიც ჩვენთან სიტყვის მეშვეობით

მოდის. ვინც უარს ამბობს რწმენაზე, იგი ვერ განიცდის ვერც ქრისტეს სულის ძალას (საქ. 5:32).

  ათი კეთროვანი არჩევანის წინაშე დადგა: დავყვეთ მის ნებას? გავუდგეთ გზას? ისევე, როგორც ის დიდებული გაუდგა გზას იესოს სიტყვისამებრ. როგორც სიმონმა ისროლა ბადე ქრისტეს რჩევისამებრ. თუ კვლავ უნდა ვიკვნესოთ, ვიყვიროთ,

ვილოცოთ?  ბევრი ლოცულობს იმედით, მაგრამ ისინი ვერასოდეს განიცდიან თავიანთი ლოცვის აღსრულებას. ისინი არასოდეს უმორჩილებენ გულს ქრისტეს მოწოდებას. დე, ნურავინ დაიმოწმებს აქ მარტინ ლუთერს, რომელმაც, თითქოსდა თქვა, რომ რწმენა საქმეთა გარეშეც იხსნის ადამიანს. მარტინ ლუთერისთვის უცხო იყო ისეთი რწმენა, რომელიც მორჩილებას ზედმეტად ხდიდა. მისთვის რწმენა «ქმედებასაც» წარმოადგენდა, რადგან იგისიყვარულით მოქმედებს. ჩვენ ვსწავლობდით ლუთერის «მცირე კატეხიზმოს,» სადაც ასეთი სიტყვები წერია: «იესო ქრისტე არის ჩემი უფალი, და მე ვემორჩილები მას, ვლოცულობ მისთვის და ვემსახურები მას.» ამაში ვლინდება რწმენის გულწრფელობა, რომელსაც არ ეშინია ამ

გულწრფელობისაგან გამომდინარე შედეგებისა.

  ათი კეთროვანი წავიდა! ისინი იესოს სიტყვის ძალით წავიდნენ. წავიდნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ იესო ქრისტეს სიტყვა ჭეშმარიტია. მათ ქედი მოიხარეს მისი მეფური ძალის წინაშე. სადაც აღიარებულია ეს ძლა, იქ ჩვენ იესო ქრისტეს გავლენის სფეროში შევდივართ. იქ რაღაც ხდება. იქ რწმენა არ რჩება

თეორიად, აბსტრაქტულ სწავლებად, ან «რაღაც» ფილოსოფიად. იქ ხდება ჩვენი ჩართვა იესო ქრისტესაგან გამომავალი სიცოცხლისა და ძალის დენის ქსელში. «რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა» – წერია 35-ე ფსალმუნის მე-10 მუხლში.

იესო აგრეთვე ამბობს: «მე ვარ ვაზი, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ» (იოან. 15:5). «განა არ გითხარი, რომ, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი»

(იოან. 11:40). დიახ – «თუ ირწმუნებ» – ეს არის ნაბიჯი უპასუხისმგებლობიდან ვალდებულებისაკენ, ნეიტრალობიდან ქრისტესკენ. რწმენა არის იმის აღიარება, ვისაც მივენდეთ.

  კეთროვნებმა განიცადეს დახმარება, შემწეობა ქრისტესგან. იესო ქრისტეს მთელი იდუმალების მიუხედავად, იგი არ არის ჩაკეტილი ციურ სფეროში, საიდანაც არავითარი შეტყობინება არ მოდის. «მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და

დედამიწაზე» (მათ. 28:18). დიახ, დედამიწაზეც. მაშ ნუ ვიქნებით გაუბედავნი. იესო ქრისტეს სურს, რომ სთხოვდნენ მას. მას უნდა, რომ მოვიწვიოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ხომ «ბუნების ახალი კანონი» არ არის, რომელიც ბუნებრივად

ხორციელდება. იესოს თავისი ძალისა და დიდების გაცხადება სწორედ იქ სურს, სადაც რწმენა მისი მორჩილია. ჯერ უნდა ირწმუნო, ხოლო ამას მოჰყვება განცდა. მარტინ ლუთერი წერდა «სულიწმიდა თავის საჩუქრებს ზარმაცებს კი არ აძლევს,

არამედ კეთილმოშურნეებსა და ბეჯითებს!» ხოლო იოჰან ჰესნერი ამბობდა: «ვინც ღვთისადმი მორჩილებით დადის რწმენაში წმიდა იქნება.» სწორედ ეს განიცადეს კეთროვნებმა.

  როგორი შესაძლებლობები ეხსნება მას, ვინც ისმენს იესო ქრისტეს სიტყვებს, თვითონ კითხულობს, ენდობა ამ სიტყვებს და შთაგონებით ივსება მათგან! არ არის გასაკვირი, რომ ქრისტიანი პოეტები დაუღალავად ადიდებდნენ ამ სიტყვას.

 

გ) რწმენა აცალკევებს

  არ გეჩვენებათ ეს უცნაურად? განა რწმენამ არ უნდა შვას ურთიერთობები და გააერთიანოს ადამიანი მორწმუნეთა თემში?

ეჭვგარეშეა, ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის შედეგი. და მაინც, ახალ ურთიერთობებთან და კავშირებთან ერთად რწმენა წარმოშობს განყოფასა და განცალკევებას. შესაძლოა ჩვენ არ ვიყავით ამის შესახებ კარგად ინფორმირებულნი. მაგრამ ეს არ არის იესო ქრისტეს ბრალი. მან საკმაოდ გასაგებად თქვა: «ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი» და «ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია.» «ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.» ყველა ეს და ამის მსგავსი სიტყვა გვაუწყებს შეჩვეულისაგან განყოფას. ისინი ახალ შეფასებას აძლევენ უწინდელ ფასეულობებს და გამოხატავენ იესო ქრისტეს სრულ პრეტენზიას. აქედან, მოციქული პავლე გვმოძღვრავს: «ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთის ნება –კეთილი, სასურველი და სრულყოფილი» (რომ. 12:2).

  მოციქული იოანე აგრეთვე გვმოძღვრავს: «ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც

წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისაგან კი არა, წუთისოფლისაგან არის» (1 იოან. 2:5-16).

   სიამოვნება და პატივმოყვარეობა – ამ წუთისოფლის დიდი კოზირებია. ვინც ამას უგულებელყოფს, ის გარე სამყაროს წინააღმდეგეობას გამოიწვევს და იძულებული გახდება გამოეყოს მას. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთისოფლის ზრახვები და

ღვთის ზრახვები, უხსოვარი დროიდან დიამეტრალურად საწინააღმდეგონი არიან. «ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება» (იაკ. 4:4).

  ჩვენს შორის მრავალია ისეთიც, ვისაც არ სურს საბოლოოდ გაწყვიტოს კავშირი ღმერთთან, მაგრამ თავის ბედნიერებას ეძიებს იქ, სადაც უკეთურნი სხედან. მათ იმდენად შეიცნეს ღმერთი, რომ არ შეუძლიათ თავი იგრძნონ კარგად და

მხიარულად ამ წუთისოფელში. მაგრამ ამავე დროს ისინი მაგრად არიან ჩაბღაუჭებულნი ამა სოფლის საგნებს და არ შეუძლიათ მათთან განშორება. იესო ქრისტე რაღას ამბობს ამის შესახებ? – «ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი

ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან» (გამოცხ. 3:15-16).  ეგრეთ წოდებული «სულიერი დასავლეთის» სულიერმა მდგომარეობამ წაშალა საზღვრების სიცხადე წუთისოფელსა და ეკლესიას შორის. ასწლეულების განმავლობაში სახარება მეტ-ნაკლებ ზეგავლენას ახდენდა იურისპრუდენციაზე, ზნეობაზე, ცოლ-ქმრობაზე და ბავშვების აღზრდაზე. შედეგი ასეთია – ჩვენ დავკარგეთ აბსოლუტური მასშტაბები და ვაღიარებთ მხოლოდ შეფარდებით განსხვავებებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვკმაყოფილდებით ჩვენი

მოქმედებით, თუკი იგი ოდნავ მაინც «ქრისტიანული» და უკეთესია, ვიდრე სხვების მოქმედება. მაგრამ ასეთ შეფარდებას არ ცნობს არც იესო ქრისტე, არც ბიბლია. «ვისაც ძე ჰყავს აქვს სიცოცხლე» (1 იოან. 5:12). აი ჭეშმარიტი საზღვრები და მასშტაბები. და აქ ჩვენც ვერ გავექცევით წუთისოფელთან დაპირისპირებას. შეიძლება ჩვენ გვაქვს სურვილი სერიოზულად ვირწმუნოთ. ჩვენ აგრეთვე განვიცადეთ ღვთის კონკრეტული დახმარება და მისი სიტყვის ძალა ჩვენთვის ცნობილია. იგავის

სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ: თესლი ნოყიერ ნიადაგზე დავარდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიადაგი ნოყიერი აღმოჩნდა არა მხოლოდ თესლისთვის, არამედ ნარ-ეკლისთვისაც. ამიტომ იესო ქრისტე იგავში ასე აგრძელებს: «მაგრამ წუთისოფლის

საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება» (მათ. 13:22).

  იმ ათმა კეთროვანმა რაღა განიცადა, რომელთა განკურნების შესახებაც წავიკითხეთ სახარებაში?

  ცხრა მათგანი ზარ-ზეიმით გაემართა შინისაკენ. შესაძლოა, გზად, დალიეს კიდეც სიხარულისაგან. გონებით ისინი უკვე გეგმებსაც აწყობდნენ თუ რა მშვენიერ ცხოვრებას დაიწყებენ თავიდან.

  ვინც თავად განიცადა ტყვეობიდან დაბრუნების სიხარული, მისთვის ნაცნობია ამგვარი გრძნობები. რაოდენ მიამიტური იყო ჩვენი სურვილები! ტყვეობიდან განთავისუფლებამდე ერთი დღით ადრე ერთმა ამხანაგმა მითხრა: «სახლში რომ მივალ, ცოლს ვთხოვ, რომ გამომიცხოს ბლინები.» ასეთები ვართ ჩვენ, ადამიანები!

  რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდა სურვილი: დაგვეწყო იქიდან, სადაც შეწყდა ჩვენი საქმიანობა: გვემუშავა, გვემუშავა და გვემუშავა! რამხელა დანაკარგის შევსება იყო საჭირო! მკვდრეთით აღმდგართა მსგავსად მოვიდნენ შინ სიხარულით

გაბრუებული კეთროვნები. «ამას არასოდეს დავივიწყებთ!» – თქვა ალბათ რომელიმე მათგანმა. და იგი გულწრფელი იყო ამაში. გაბრწყინებული თვალებით შემოიარა ნაცნობი ოთახები, შემდეგ შეიხედა ბაგაში, გაიარა ბაღში. კარგა ხანს დადიოდა

იგი, როგორც სიზმარში. მაგრამ შეუძლებელია მუდმივად იოცნებო. ხასიათისა და მიდრეკილებების მიხედვით, ცხრა ყოფილი კეთროვანი – ზოგი მეტ ხანს, ზოგი ნაკლებ ხანს – იმყოფებოდა ასეთ საზეიმო განწყობაზე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ყოველდღიურმა საზრუნავმა წაუყენა მათ თავისი მოთხოვნები და პრეტენზიები. შესაძლოა, რომელიმე მათგანს, არც სახლში დახვდა ყველაფერი წესრიგში. მალე ბავშვებმა აგრძნობინეს, რომ მათ აკლდათ მამის აღზრდა (რამდენ ყოფილ ტყვეს დახვდა დარღვეული ცოლ-ქმრობა შინ!) შემდეგ, ყოველივე ამას დაემატა

ავადმყოფობის დროს გადაუხდელი გადასახადები თუ ვალები, რომელთა დაუფარაობის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო სასამართლო პროცესის დაწყება. მოკლედ: ცხოვრება სულაც არ არის სამოთხე, როგორც ეს შეიძლება კეთროვნებს

ჰგონებოდათ. ბევრი რამ სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ. არ შეიძლება მუდმივად იცხოვრო ისე, თითქოს მრავალი წლის განმავლობაში არ იმყოფებოდი შინ. ადრე თუ გვიან აღმოჩნდება აგრეთვე, რომ ჩვენ

არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ განცდილი სასწაულებრივი განკურნების მოგონებებით. რაც უნდა სერიოზული იყოს ჩვენი გადაწყვეტილება: მე ამას არასოდეს, არასოდეს დავივიწყებ! – მაინც ვივიწყებთ. ცხადია, ამას პირდაპირი გაგებით კი არ ვივიწყებთ, კი არ იშლება ფაქტი მეხსიერებიდან, უბრალოდ ნელდება შთაბეჭდილების სიმძაფრე. შეუძლებელია სიხარულსა და მადლიერების სამუდამოდ შენახვა. ცხოვრება ჩვეული კალაპოტით მიედინებოდა და შთაბეჭდილებაც ნელ-

ნელა გაფერმკრთალდა. იგი, ასე ვთქვათ, მტვრით დაიფარა. «ახლა მე სხვა საზრუნავი მაქვს,» – თქვა ერთმა. მეორემ, შესაძლოა, რაიმეზე განაწყენებულმა, რაც ასე ხშირად ხდება ცხოვრებაში, ანგარიშმიუცემლად თქვა: «ეჰ, ნეტავ ისევ იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი, აქ გაძლება აღარ მაქვს!»  გაზვიადება არ გეგონოთ, ეს რაელური მსჯელობაა. ტყვეობიდან დაბრუნებულებმაც განიცადეს ამის მსგავსი სიტუაციები.

ამიტომ, ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში აკეთებს დასკვნას: «ასეთია ცხოვრება! სხვას არც უნდა ელოდოთ!» ასეა? ნუთუ მართლა არ არსებობს სხვა არაფერი? განა ეს ურწმუნოების პასუხი არ არის, რომელიც თავისი საკუთარი ძალის, ან უკეთ

ვთქვათ – უძლურობის გარდა, ვერაფერს ხედავს?  სწორედ იმ ცხრა ადამიანის გზა არის დადასტურება იესო ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტებისა: «რა სარგებლობა აქვს

ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა – მათ შორის ჯანმრთელობაც – შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს» (მათ. 16:26). შეიძლება ისევ დაიბრუნო ჯანმრთელობა, მიიღო ახალი ძალა შრომისა და ტკბობისათვის, მაგრამ შინაგანად ისევ ისეთად დარჩე, როგორიც იყავი. ამაში მდგომარეობს მრავალი ადამიანის უბედურება, რომლებმაც თუმცა კი განიცადეს ღვთის წყალობა, მაგრამ ვერაფერი ისწავლეს ამით, გარდა იმისა, რომ კვლავაც იცხოვრონ და იმუშაონ გეგმისა და მიზნის გარეშე. საბრალო, მოტყუებული ხალხი!

  მაგრამ, მადლობა ღმერთს, სხვებიც არსებობენ. ეს ცხადი ხდება მეათის – სამარიელის, ნახევრად წარმართის მაგალითზე.

როცა ცხრანი, გახარებულები, განწმედილები და განკურნებულები, სახლისაკენ გაემართნენ, მაშინ, შესაძლოა, მეათემაც მათ მაგალითს მიბაძა. მაგრამ მერე მან შეანელა ნაბიჯი, ბოლოს კი ჩაფიქრდა. ალბათ დანარჩენებმა მოიხედეს და დაუძახეს:

«რად ჩამორჩი? აჩქარდი მეგობარო, წამოდი ჩვენთან ერთად!» და როცა მან ხმა არ გასცა მეგობრებს, მათ ერთი შეუკურთხეს, როგორც რეგვენს, და მარტო დატოვეს. იგი დაბრუნდა. მხოლოდ ორი მოკლე სიტყვა, მაგრამ ისინი აუწერელ სიმდიდრეს

შეიცავენ: «იგი დაბრუნდა.» უპირველესად ეს ნიშნავს: იგი გამოეყო ჯგუფს. მას, უბრალოდ, აღარ შეეძლო მათთან ერთად განეგრძო თავქარიანი სვლა. მას არ შეეძლო მიჰყოლოდა მათთან ერთად დინებას. იგი არ მოიქცა ისე, როგორც უმრავლესობა. ცხადია, ეს სასწაულია. რადგან ადამიანი, ბუნებით, «ჯოგის ცხოველია.» «მგლებში მგლურად უნდა იცხოვრო» – ამბობს ხალხური სიბრძნე. «ოღონდ არ იყოს განცალკევება!» – ხმამაღლა აცხადებენ სხვები. «ჩვენ ყოველთვის სოლიდარულნი ვართ!» «ჩვენ, ნებისმიერ ფასად, გვსურს მშვიდობა!» – ჭეშმარიტებისა და სინდისის ფასადაც? დიახ, ცოცხალი ღვთის უარყოფის ფასადაც!

  მაგრამ ერთი დაბრუნდა. მან არ გაცვალა თავისი პირმშოობა ოსპის შეჭამანდში. მან სხვა ფასეულობებს მიაპყრო ყურადღება. მას ეყო ვაჟკაცობა, ეცურა დინების საწინააღმდეგოდ და გამოჰყოფოდა უმრავლესობას. ცოტას თუ შეუძლია

დღეს ამის გაკეთება! ცოტა თუ ირჩევს თავისუფლებას ღმერთში და ამის სანაცვლოდ რჩებიან დროის, «საზოგადოებრივი აზრის» არსებული გარემოს მონობაში.

  არ დაგავიწყდეთ, რომ ათივე კეთროვანი ლოცულობდა, ყველა მათგანი იმყოფებოდა იესო ქრისტეს წყალობის შთაბეჭდილების ქვეშ. ყველამ განიცადა მხსნელი ძალა და იხილა უმაგალითო განკურნება. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ასეთი განცდაა საკმარისი ჩვენი ცხოვრების განახლებისათვის თუ არ დავსვამთ სერიოზულ კითხვას: კი მაგრამ, მაინც რისთვის ვარ გადარჩენილი? რა მიზანი აქვს ჩემს ცხოვრებაში ამ დიად ღვთაებრივ ხსნას? ნუთუ მთელი ეს გარდამსახველი სიყვარული და ღვთის მადლი იესო ქრისტეში მხოლოდ იმისთვის გამოვლინდა, რომ განვთავისუფლებულიყავი ზოგიერთი მტანჯველი ცხოვრებისეული სიძნელისაგან? ნუთუ ამისთვის იშვა იესო ბეთლემში და იწვა ბაგაში? შემდეგ, ოცდაათიოდე წლის შემდეგ, მოკვდა საშინელი და შეურაცხმყოფელი სიკვდილით, რათა გვქონოდა შემწეობა სხვადასხვა სახის დროებით გაჭირვებაში, მაგრამ შემწეობა მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ გვეცხოვრა მომხვეჭელი, პატივმოყვრული და დროსმტარებლური ეგოისტური ცხოვრებით?

  გადარჩენილი ვარ! მაგრამ რა მიზნით? დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თვაისთვის? ჩვენ, ვინც გადავურჩით 1933–1945 წლების ქაოსს? გადავურჩით საავადმყოფოებსა თუ მტრებთან ტყვეობას? რას გეგმავდა ჩვენთვის ღმერთი, როცა არ დაუშვა ჩვენი დაღუპვა, მსგავსად კრემატორიუმებში და გაზის კამერებში დახოცილ უსახელო მილიონებისა? გადავრჩი – მაგრამ რისთვის? ცოტანი პოულობენ პასუხს ამ კითხვაზე, სამარიელის მსგავსად. მასზე ნათქვამია: «მობრუნდა და მაღალი ხმით

ადიდებდა ღმერთს» (ლუკ. 17:15). მხოლოდ განცალკევება, გამოყოფა, არ არის საკმარისი. განცალკევება არის «არა» სხვების მიმართ, უარყოფა შინაარსის გარეშე, «დიახ»-ის გარეშე. ეს «დიახ» ღმერთის მიმართ გაისმის განწმედილის ბაგეებიდან. იგი არ დარჩენილა მხოლოდ შინაგან განცდად, ფიქრად, მხოლოდ აზრად.

  იგი ისწრაფვოდა გარეთ და უნდა განხორციელებულიყო ქმედებაში, აღსარებაში. ღვთის უშიშრად მადიდებელი მისი ხმა ესმოდათ სხვებსაც. და თავად ღვთის განდიდება, მისი გულის მადლიერი საგალობელი ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი.

სამარიელს იზიდავდა ურთიერთობა იმასთან, ვინც ასეთი სასწაულებრივი ღვთის წყალობა მოუტანა. «პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა» (ლუკ. 17:16). ეს იყო თაყვანისცემის, სრული მორჩილების ჟესტი: მე აქ ვარ, შენს განკარგულებაში! შენი მონა ვარ!

 

  ამ სამარიელმა საოცარი სიცხადით შეიცნო, რომ სწორედ იესო ქრისტეს გამოსყიდვით დასრულდა ჩვენ ცხოვრებაში საკუთარი თავის განკარგვა. «ფასით ხართ ნაყიდი» – სწერს მოციქული პავლე კორინთელებს. ამით მას იმის თქმა სურს, რომ ვინც გადაიხადა საფასური, მას სრული უფლება აქვს თქვენზე. მან იმიტომ კი არ გამოგისყიდათ, რომ თქვენს ნებაზე მიგიშვათ, არამედ გამოგაცხადოთ თავის საკუთრებად.

  წუთისოფლისაგან გამოცალკევებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ამავდროულად ხდება ქრისტეში გაერთიანება.  იესო ქრისტეში ყოფნა! ეს საკმაოდ მარტივი, მაგრამ კონკრეტული და ჭეშმარიტია, რაც განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას

და მოძრაობაში მოჰყავს იგი. განკურნებული რაღას აკეთებს? იგი ადიდებს ღმერთს! ამით იგი იესოში ერთიანდება. იგი მთელი თავისი ერთგულებით მადლს სწირავს იესო ქრისტეს. მადლიერება არ უნდა იყოს ჩვენთვის ძნელი საქმე. ამას პატარაობიდანვე უნდა ვასწავლიდეთ და შთავაგონებდეთ ჩვენს შვილებს. მადლიერება თავისთავად ამდიდრებს ცხოვრებას. მადლიერი ადამიანი უფრო უკეთ ხედავს და განიცდის ღვთის მადლს. მადლიერებით აღმართული ხელი უფრო ადვილად ღებულობს ახალ წყალობას.

  «მადლობის შემწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას.» – ასე მთავრდება ორმოცდამეცხრე ფსალმუნი. მადლიერი ადამიანი ფხიზლობს, იგი ფაქტიურად მეექვსე გრძნობას იძენს, ანუ

უნარს, ყველაფერი უფრო ღრმად განიცადოს. უმადური კი ყრუდ და ბრმად რჩება. უმადური საკუთარ ნებაზე არის მიშვებული, იგი უფსკრულისკენ მიექანება, ხდება მერყევი, გზააბნეული, გარყვნილი. ვისაც სურს ამის შესახებ უფრო მეტი გაიგოს, წაიკითხოს ყურადღებით, თუ რას სწერდა მოციქული პავლე რომაელებს (რომ. 1:18–32).დ) დაგვირგვინებული რწმენა

  «ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?» (ლუკ. 17:17–18). ეს სიტყვები იესო ქრისტემ გულისტკივილით წარმოსთქვა. ამით იესომ ნათლად

გამოხატა, რომ იგი ათივეს დაეხმარა იმისთვის, რათა ყველა დაბრუნებულიყო, ანუ მოქცეულიყო მისკენ. იესო ქრისტეს წყალობის მიზანი – მოქცევა და მონანიებაა. ვისაც არ სურს ამის დაჯერება, ის, ასეთ შემთხვევაში, წინააღმდეგობაშია მასთან.

 

  «ცხრანი სადღა არიან?» ეს მსჯავრის სიტყვაა იმისგან, ვისაც მამა ზეციერმა მთელი სამსჯავრო გადასცა. დიახ, სად ვართ ჩვენ, თუკი არ მოვედით იესო ქრისტესთან, ყველა ადამიანის მხსნელთან? ჩვენ ვიმყოფებით ამ წუთისოფლის გზებზე,

რომელსაც, საბოლოოდ, დაღუპვისკენ მივყავართ. ცხრანი სადღა არიან? მხიარულობენ და სვამენ, ერთობიან და იცინიან. ან იქნებ შრომასა და საზრუნავში, სიმდიდრისაკენ ლტოლვასა თუ მრუშობაში არიან, რომ არა ვთქვა სხვა, კიდევ უარესი რამ, რაზეც ლაპარაკიც კი უხერხულია. უკეთეს შემთხვევაში, ისინი არიან ამ წუთისოფლისეულ გარჯაში და მცდელობაში, რათა ქმნან ბევრი კეთილი საქმე ეკონომიკაში, ტექნიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და მმართველობაში. ისინი ყველაფერს ამას აკეთებენ «კეთილი განზრახვით,» მაგრამ არასაკმარისი ძალით, რადგან მათთან არ არის ის – ღვთის მადლის მომნიჭებელი. იესო ქრისტე ღვთის კურთხევის მქნელია.  მრავალი ამ «ცხრათა» მსგავსი, ოდესღაც ერწმუნა იესო ქრისტეს სიტყვას, მაგრამ ისინი არ დარჩნენ რწმენაში. მათი

რწმენა არ იქნა დაგვირგვინებული. ამ სერიოზულმა განსაზღვრებამ მაინც უნდა აღძრას ვინმე დაგვიანებული მოქცევისაკენ.  დავუბრუნდეთ კვლავ სამარიელს. ღვთის მადლმა იგი მოქცევისა და მონანიებისაკენ მიიყვანა. მას აღარ აკმაყოფილებდა

ჯანმრთელი სხეული. მასში როგორღაც ჩაისახა წინათგრძნობა, რომ ის, რაც მან მიიღო, მხოლოდ საწყისი იყო. იგი ხვდებოდა – მას რაღაც უფრო დიდი ელის თუ ერთგულად გაჰყვება მიღებულს. იქნებ ბევრი ჩვენთაგანიც ასე გრძნობდა

ოდესღაც? გარკვეულ შემთხვევებში თითოეულ ჩვენგანს მიუღია შემწეობა ღვთისაგან. შესაძლოა ეს უმნიშვნელო საქმე ყოფილა, მაგრამ ამან გვაიძულა დაფიქრებულიყავით. რას წარმოადგენდა ეს სინათლე – მხოლოდ გაელვებას ბნელ ღამეში?

იქნებ ეს ის სინათლე იყო, რომელიც ჩვენი ცხოვრების მანათობელ შუქად უნდა ქცეულიყო? ზოგიერთმა დაიწყო ძიება და გამოკითხვა. მან აიღო დიდი ხნის წინ მივიწყებული ბიბლია. მისი სიტყვები სულ სხვაგავრად ჟღერდნენ, ვიდრე ოდესღაც. მათ

წონა და მნიშვნელობა შეიძინეს. გული გაიხსნა ამ სიტყვებისთვის, ადამიანმა დაიწყო იმ ხალხის ძებნა, ვინც განიცადა ეს ჭეშმარიტება, ან იგი წავიდა მორწმუნეთა კრებაზე, რომელთაც ადრე ქედმაღლურად დასცინოდა. დავიწყებული გაცოცხლდა. მოგონებები ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო, განახლდნენ. ადამიანმა გაბედა ღმერთთან მისვლა ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეში არის. და მისთვის იხსნება მადლის წყარო. რწმენის შემდგომი ზრდა ვითარდება რწმენიდან რწმენაში, ძალიდან ძალაში. გული სწავლობს ღვთის სიტყვათა კითხვას და გაგებას. რაც უფრო მეტად ვართ მორჩილნი, მით უფრო მეტს ვგებულობთ. და თუ ადრე შემთხვევითი მოვლენა იყო ღმერთისთვის ანგარიშის გაწევა, ახლა ჩვენ ვისწავლეთ მასთან და მისთვის ცხოვრება. და თუ მხოლოდ დროებით უმწეობაში ველოდით შემწეობას ღვთისაგან, ახლა უკვე მეტად და მეტად შევიცნობთ, რომ მხოლოდ სიცოცხლის წყაროსთან ერთობაში შეგვიძლია ცხოვრება. «ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის» (გალ. 2:20), – ასე წერდა თავის დროზე მოციქული პავლე.

  ჩვენ მოგვენიჭა არსებობის ახალი ფორმა: სიცოცხლე რწმენით. რწმენით სიცოცხლე არის არა დამხმარე კონსტრუქცია, არამედ ცხოვრების ფორმა, რომლის მიტოვება შეუძლებელია საკუთარი თავისთვის ვნების მიყენების გარეშე. სწორედ ეს

არის სამარიელის დაგვირგვინებული რწმენა. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი სიტყვებით გადმოგვეცა ის, რაც თვლემდა მასში თავის ჩანასახში და რაშიც მას არ შეეძლო ანგარიში მიეცა საკუთარი თავისთვის.

  შეიძლება შემდეგის თქმაც კმაროდეს: იესო ქრისტე ელოდებოდა მას, და სამარიელმაც არ ალოდინა დიდხანს.  ეს ისეთი მდგომარეობაა, როგორშიც ყველა ჩვენთაგანი იმყოფება: იესო ქრიტე ყველას გველის, რადგან მის მიერ გოლგოთაზე განხორციელებული ხსნის აქტი შეუდარებლად მეტია, ვიდრე ათი კეთროვნის განწმედა. თუკი იესოს უფლება ჰქონდა მაშინ დალოდებოდა, რამდენად მეტი უფლება აქვს მას ახლა – გველოდოს ჩვენ, მისი სისხლით გამოსყიდულებს. იგი

ელის, რომ მივალთ და პატივს მივაგებთ ღმერთს და მოვექცევით მისკენ, როგორც ახალი ცხოვრების მომნიჭებლისკენ.  ვაცდევინეთ თუ არა მას ჩვენ, იმ ცხრა განკურნებულის მსგავსად? ეს არის კითხვა, რომელმაც უნდა გამოგვიღვიძოს

სინდისი, და რომელსაც ვერ ავარიდებთ თავს.

  არ არსებობს ქრისტიანი, რომელსაც არ უსარგებლია ღვთის მოთმინებით, მაგრამ თუ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ამ მოთმინებას, მაშინ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერ მიგვიღწევია რწმენის დაგვირგვინებისათვის.

 

  ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვემსგავსებით იმ ცხრას, რომელთა გამოც დაღონდა იესო, რომლებმაც გააწბილეს იგი და რომელთა იმედი მას აღარ აქვს. იესო ქრისტეს შვილობაც იმაში გამოიხატება, რომ იგი უცილობლად ეძებს პატივისცემას

თავისი მამისადმი. მის მიერ გამოსყიდვის, განკურნებისა და შემწეობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევუერთდეთ ღმერთის პატივისმცემელთა და მისდამი მადლიერთა რიცხვს. ღმერთს სურს, რომ შეწყალებულმა ცოდვილებმა ადიდონ იგი.

  სამარიელისათვის, ანუ დაბრუნებულისათვის, იესო ქრისტეს განსაკუთრებული სიტყვა ჰქონდა. იესო არ კმაყოფილდება «იმ ცხრაზე» ჩივილით, არამედ იგი ამტკიცებს ახალ გზას მეათესათვის. «ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა» (ლუკ. 17:19). ადექი ახალი ცხოვრებისათვის! დადექი ფეხზე! იდექი რწმენაში! დადექი შენი ღმერთის სიყვარულზე დამყარებულ რწმენის კლდეზე! დადექი, განახლებული, ახალი ცხოვრებისთვის!

  ადექი! შენ გელის შრომა იმის ვენახში, ვინც მოგიწოდა. სადიდებელმა საგალობელმა სხვებსაც უნდა მოუწოდოს, რომლებიც აიტაცებენ ამ საგალობელს. მრავალმა უნდა მოისმინოს ეს საგალობელი და ადიდოს შენთან ერთად ღმერთი.

  «შენმა რწმენამ გიხსნა.» როგორი კეთილგანწყობითა და იმედით ჟღერს ეს ფრაზა.

  შეუძლია შენს რწმენას შენი ხსნა? განა ეს ისე არ ჟღერს, თითქოს მე თავად შემეძლოს ჩემი ხსნა? ცხადია, აქ არ იგულისხმება მცირედ მორწმუნეობა. აქ კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რას ნიშნავს რწმენა. რწმენა არ არის არასაკმარის

საქმეთა შემცვლელი. რწმენა არც სათნოება და თვისებაა, რომლის წყალობითაც სხვა სათნოება ზედმეტი ხდება.

  მაშ როგორღა მიხსნის ჩემი რწმენა? რწმენა არის მდიდარი ღმერთისადმი გაწვდილი მათხოვრის ცარიელი ხელი. რწმენა არის საკუთარი უძლურობის აღიარება, მაგრამ, რომელსაც ძალუძს ჩვენი გადაყვანა ნებისმიერი უფსკრულის თავზე. რწმენა

არის საკუთარი ბრალეულობისა და უღირსობის აღსარება. რწმენა არის აღიარება იმისა, რომ მხოლოდ ერთს შეუძლია ჩვენი დახმარება, რომლისკენაც არის მიმართული ჩვენი იმედი. რწმენა მადლიერებით არის აღსავსე საარაკო მოწყალების

სასწაულის გამო. რწმენა არის თავის მიცემა იმის განკარგულებაში, ვისაც სრული უფლება აქვს ჩვენზე. რწმენა – იესო ქრისტეში მოგიზგიზე ცოცხალი იმედია.

 

  რწმენა არის შეცნობა: მე არაფერი შემიძლია და მთლიანად ვარ მონდობილი შენს ძლევამოსილებას. რწმენა არის საკუთარი თავის სრული უარყოფა და მთლიანად მოქცევა იესო ქრისტესაკენ. ამიტომ შეეძლო მას ხსნა, რადგან სწამს მხსნელი ქრისტესი. ასეთი იმედი უწყალობა იესომ სამარიელს.

  ამით იესო ქრისტეს თითქოს უნდოდა ეთქვა: ასე უნდა იყოს! კვლავ ასე გწამდეს! ყოველთვის გწამდეს! იცოცხლე რწმენით და იარე რწმენით! ასეთი რწმენის მიზანი შენთვის არის – ჭვრეტა.

  ამგვარ გახსენებას ყველა ვსაჭიროებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სხვა, ცრუ გზას ვადგებით ხოლმე, ანუ დიდად ვაფასებთ საკუთარ რწმენას. ჩვენ ვსაჭიროებთ იმას, რომ იესო ქრისტე მუდამ გვეცხადებოდეს, როგორც ჩვენი რწმენის არსი.

ჩვენ თუ მართლა გვწამს, ვჭვრეტთ არა საკუთარ თავს, არამედ მას. თავისი სიცოცხლის დასასრულს, უკანასკნელ წერილში, რომელიც სიკვდილით დასჯის წინ დაწერა, მოციქული პავლე ამბობს: «კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც სიყვარულით ელის მის გამოჩენას» (2 ტიმ. 4:7-8). ამათში ვიგულისხმებიც ჩვენც, რომელთა გულებიც ისე მოინადირა ქრისტემ, რომ შევიყვარეთ მისი გამოჩენა. მაშინ, ე.ი. როცა იგი გამოჩნდება, ჩვენი რწმენა შეიცვლება ხილვით. მაშინ ჩვენი რწმენა დაგვირგვინდება, იგი განხორციელებას ჰპოვებს მასში, ვისაც ველით. მაშინ დამტკიცდება, რომ ტყუილად არ გვწამდა, რადგან იესო ქრისტემ უკვე აქ დაუმტკიცა სამარიელს. ამ გვირგვინს მოველით ჩვენ. ამ გამარჯვების გვირგვინის გამო გვიხარია. ამიტომ აქვს ჩვენთვის ღვთის სიტყვას დიდი მნიშვნელობა და წონა: «სიცოცხლემდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს» (გამ. 2:10).

 

5. რწმენის რისკი და სარგებელი

  ჩვენ ვსაუბრობდით რწმენის აუცილებლობასა და შესაძლებლობაზე. ჩვენ ვცდილობდით ზოგიერთი გაუგებრობის

გარკვევას. სახარებიდან მოყვანილი ორი მაგალითის საშუალებით ვცდილობდით გვეჩვენებინა, როგორ მიჰყავს რწმენისაკენ იესო ქრისტეს მწყემსმთავრულ მსახურებას. ნათელი გახდა აგრეთვე, თუ რა სიმდიდრედ შეიძლება გვექცეს ჭეშმარიტი რწმენა. მაგრამ აღწერას, ყველანაირ ხატოვან დასაბუთებას, ჯერ კიდევ არ ძალუძს ჩვენი მოყვანა იესოსადმი რწმენის მდგომარეობაში. რწმენა არის პირადი განცდა ადამიანის ცხოვრებაში. ყველა ადამიანმა თავად უნდა გაბედოს ამ რწმენის რისკზე წასვლა.

  განა ეს ასეთი დიდი რისკია? ჩვენ ხომ არ ვართ პირველნი, ვინც გადააბიჯა რწმენის ზღურბლს. აგერ უკვე ცხრამეტი საუკუნეა, რაც თვალუწვდენელი არმია მიჰყვება ნაზარეველ მოძღვარს. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში თუ ჩავიხედავთ,

შესაძლოა, ზოგიერთი პიროვნება გვეუცხოვოს კიდეც. და მაინც, მალე აღმოვაჩენთ: ისინი არ იყვნენ ყველაზე უარესნი ქრისტეს მიმდევართა შორის. და თუ მათი ცხოვრება ტანჯვის გზაზე გადიოდა, მაინც, არც ერთ მათგანს არ უთქვამს: მე ვნანობ, რომ რწმენის გზას დავადექი.

  მაგრამ სხვები! დიახ, მათ მრავალი მიზეზი გააჩნიათ ოხვრისთვის, სინანულისთვის და ბუზღუნისთვის. მაგრამ მათაც შეეძლოთ იესო ქრისტესთან ერთად ევლოთ ცხოვრების გზაზე. ამისთვის ღირს მთელი ძალისხმევის გამოვლენა, რადგან სარგებელი განუზომლად დიდია.

  ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა თითოეულ ჩვენგანს უდიდესი მოთხოვნები აქვს წაყენებული. ამიტომ ძალის თითოეული წყარო ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. არავის შეუძლია დაუსჯელად თქვას უარი რწმენის წყაროზე.

წინასწარმეტყველის სიტყვა ჯერ კიდევ ძალაშია: «უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან» (ეს. 40:31).  შეუძლია სხვა რამეს დაგვეხმაროს მკვდარი წერტილის დაძლევაში ჩვენს ცხოვრებაში? ან იქნებ უკეთესი გზა ვიცით სერიოზული პრობლემების გადასალახავად? ჩვენი თაობის უამრავმა ადამიანმა აღმოაჩინა ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებადა დაადგა რწმენის გზას. ბევრი მათგანი თავისებურად ღვთისმოსავი და რელიგიური იყო. ისეთიც ბევრი იყო, ვინც ადრე შეგნებულად და ცინიკურად უარყოფდა ღმერთს. ჩვენი რწმენის წინარე ისტორია, ამ შემთხვევაში, არ არის გადამწყვეტი. ყველა დანაშაული, ყოველი დანაკარგი, გამოისყიდება იესო ქრისტეს მიერ. მაგრამ ჩვენი აწმყო უნდა ეკუთვნოდეს მას, რათა მისი გამოჩენისას ვიცოცხლოთ და ვიყოთ მასთან.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / რას ნიშნავს გწამდეს