რატომ ავადმყოფობენ ბავშვები 

 

 

 რატომ იბადებიან ხეიბრები?

- ამ კითხვას ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც ძნელია, შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან. აქედან იღებს სათავეს მცდარი შეხედულება, თითქოს

მშობლების ცოდვების გამო ღმერთი შვილებს სჯიდეს. წმინდა წერილიც, ერთი მხრივ, გვასწავლის, რომ ადამისა და ევას ცოდვის გამო მთელი კაცობრიობა ვისჯებით, მეორე მხრივ კი გვმოძღვრავს, რომ მშობლების ცოდვა შვილებზე არ გადადის.

მიზეზი გაუგებრობისა თავად ცოდვის ცნების მცდარი გაგებაა. საღვთისმეტყველო განმარტებით, ცოდვა დანაშაული კი არა, ადამიანური ბუნების ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის ღმერთთან ყოფნის უუნარობით ვლინდება. ადამის პიროვნულმა ცოდვამ დააზიანა მისი ბუნება და ეს ბუნება გადმოგვეცა ჩვენ მემკვიდრეობით. მართალია, პიროვნულად არც ერთი ჩვენგანი პასუხს არ აგებს ადამის საქციელზე, მაგრამ ადამიანური ბუნების იგივეობის გამო ჩვენც დაკარგული გვაქვს ღმერთთან ერთობის უნარი. პირველქმნილი ცოდვით ისედაც დაზიანებულ ადამიანურ ბუნებას კიდევ უფრო აზიანებს კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვები. მაგალითად, შეცოდებანი ეკლესიის წინააღმდეგ, მკვლელობები, სისხლის აღრევა.

ამგვარად შემცოდეთა შთამომავლობა უმძიმესი ფსიქოსომატური მემკვიდრეობითა და მიდრეკილებებით იბადება, თუმცა წინაპართა შეცოდების გამო ღვთის წინაშე პიროვნულად არ აგებენ პასუხს, ხოლო უსჯულო წინაპართაგან მემკვიდრეობით

მიღებული ფსიქოსომატური დარღვევები და ყოფითი განსაცდელი მათ სულიერ გამოფხიზლებას, გენეტიკურად მიღებული ცუდი მიდრეკილებებისაგან თავის დაღწევას, ღვთისაკენ სვლასა და სულის ცხონებას ემსახურება.

ბავშვების ავადმყოფობა ხშირად მშობელთა უღმერთობის ცოდვისაგან გადარჩენას ისახავს მიზნად. ისინი, როგორც უცოდველნი (მხოლოდ პიროვნულად), თავიანთი ტკივილებით თითქოს საკუთარ თავზე იღებენ უღმერთო მშობლების ცოდვებს

და ამით ქრისტეს ემსგავსებიან, რომელმაც, ერთადეთმა უცოდველმა (როგორც პიროვნულად, ისე ბუნებით), კაცობრიობის ცოდვები იტვირთა. შვილზე მოწეული განსაცდელი ხშირად ერთადერთი საშუალებაა უღმერთობის ჭაობიდან მშობლის

ამოყვანისა.

 

 

ვეცადოთ, ყოველივეს მარადისობის პერპექტივაში ვუქციროთ. გვახსოვდეს - ღმერთი მოსიყვარულე მამაა, მისი ყოველი ქმედება სიკეთეა და მარადიულ სიცოცხლეში ჩვენს შეყვანას ემსახურება.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- რა მოვალეობები აკისრია ნათლიას?

- სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანებს ბოლომდე არ გვესმის ნათლიის მოვალეობა. ერთნი ნათლავენ იმ მიზეზით,

თითქოსდა ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მეორენი სხვადასხვა (პირადი) განზრახვათა გამო (უფრო ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნათლიმამობა დანათესავების ფორმაა).თანამედროვე ნათლიას თავის მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი, შესაწირავი შესწიროს მოძღვარს, სადღესასწაულო ტრაპეზზე შესვას ღვინო, ნათლულის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, შემდეგ გაუჩინარდეს გარკვეული ვადით. ნათლულს კი სალაპარაკოდ რჩება: ესა და ეს კაცია ჩემი ნათლია (ოქროს დიდი) ჯვარი მაჩუქა და ა.შ. როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს საკმაოდ ადვილი, შინაარსით კი ცარიელი საქმეა.

სინამდვილეში კი თქვენ როდესაც თანხმობას აცხადებთ ნათლიობაზე და ესწრებით საეკლესიო საიდუმლოს, ხდებით სულიერი მამა (ან დედა). თქვენ ბავშვის მაგივრად პასუხობთ მოძღვრის შეკითხვებს (განვეშორები ეშმაკისაგან, შევუდგები ქრისტეს, განვაგდებ სატანას), თქვენ სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. იფხიზლეთ ნათლულის სულიერი მდგომარეობის გამო, რომ იგი ქრისტეს ნაცვლად ეშმაკის მიერ დაარსებული სექტის წევრი არ გახდეს.

ჯვარი, რომელიც თქვენ მოუტანეთ თქვენს ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას - თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი. თქვენ თქვენი ნათლიის მიერ ბოძებული, მან კი

თქვენ მიერ ბოძებული.

თქვენ ნათლიას, მოგეკითხებათ ნათლულის რელიგიური ზნეობა. ამისათვის უდგებით თქვენ მას ნათლობის მამად - ე.ი. სულიერ მამად.

გახსოვდეთ თქვენი ნათლულის ნათლისღების დღე - ეს დღე თქვენი ნათლულის მფარველი ანგელოზის დღეა. იზრუნეთ, რომ ეკლესიურად იცხოვროთ თქვენც და თქვენმა ნათლულმაც. განა ქრისტიანად გახდომა ნათლისღებით მთავრდება? პირიქით,

იგი ნათლისღებით იწყება! ვიფიქროთ, რა სურს ჩვენგან ქრისტეს, რომელსაც შევუდექით. ყოველ კვირას, ყოველ მოქმედ ტაძარში ღვთის სადიდებელი მსახურება სრულდება. თუ ქრისტიანად თვლი თავს, სად ხარ ამ დღეს? იხსენებ, რომ ეს იმ უფლის დღეა, რომელსაც თვითონ შედგომილხარ და რომელთანაც შუამდგომლობ შენს ნათლულს?

- რისთვისაა დადგენილი დღესასწაულები?

- დღესასწაულები ღმრთის მოწყალების გასახსენებლად და მათ გამო ღმრთისადმი მადლობის აღსავლენადაა დადგენილი.

დღესასწაულები აცოცხლებენ და აღრმავებენ რწმენას. მათი აღნიშვნა აღზრდის ღმრთისმოსაობის სულსა და სარწმუნოებით ცხოვრების სურვილს, რადგან ყოფითისგან მოცილება და ყურადღების სულიერისკენ მიპყრობა სულში ზეციურ გრძნობებს აღვიძებენ. დღესასწაულების გარეშე კი დღეს - ყოფითი, ხვალ - ყოფითი და ზეგაც იგივე, და ასე გაუთავებლად. რას უნდა მოველოდეთ ასეთი წესისგან ყველა აზრისა და გრძნობით გამიწიერების გარდა?

(ეპისკოპოსი თეოფანე ვ.)

- როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხშირად გამეორებად მცირე ცოდვისადმი?

- ასეთი ცოდვა ახლოსაა მომაკვდინებელთან. დიდ ცოდვას ქვას შევადარებ, მცირეს - ქვიშის ნამცეცს. დიდი რაოდენობით ქვიშა შეიძლება ქვაზე მძიმე იყოს. მაგალითად, ტყუილი არ არის მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ თუ მეორდება, ადამიანს

ღმრთის მადლს ართმევს და სასჯელის ღირსია. (ფსალ. 5, 7)

- რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი მონასტრის მონახულებით სულიერ საზრდოს ვერ იღებს და განიკითხავს მათ?

- ყველა მონასტერში ორი ცხოვრება მიედინება: ერთი ჩვეულებრივი, ყოფითი - დადიან, ლაპარაკობენ, ჭამენ, სვამენ, სძინავთ.

მეორე საკუთრივ სამონაზვნო - ლოცვით, მარხვით, ღმრთის სიტყვის კითხვით, ღმერთზე ფიქრითა და ცდუნებებთან ბრძოლით. სხვების თვალწინ პირველია, მეორე კი არ ჩანს და თანაც საგულდაგულოდ იფარება, ხანდახან თავისიანებისგანავ კი,

არამარტო მომსვლელებისგან, როგორებიც თქვენ ხართ. თუ ამას არ დაინახავთ, შეიძლება იფიქროთ: ეს რა მონაზვნობაა?

 რატომ აგინებენ ბერ-მონაზვნებს? იმიტომ რომ ცხოვრების მხოლოდ ყოფით მხარეს ხედავენ, ხოლო ნამდვილი, სამონაზვნო დაფარულია მათგან, რადგან მონასტერში როგორც მნახველები ისე არიან მისულები.

- ჩვენს გაჭირვებულ დროში დახმარებას ვღებულობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა (ჩვენთვის უცხო და მიუღებელი) რელიგიური ორგანიზაციებიდან და საზოგადოებებიდან. ცოდვა ხომ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მათგან დახმარების მიღება, სახელმწიფო დონეზე იქნება ეს თუ პიროვნულ დონეზე?

- ადამიანი წყალში რომ იძირება, ის არ ეკითხება საშველად მოსულს არც ეროვნებას, არც ოჯახურ მდგომარეობას და არც აღმსარებლობას; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არამართლმადიდებელი ქვეყნებიდან თუ საზოგადოებებიდან ეს დახმარება არ არის მთლად უანგარო, ნუ ვიქნებით უკიდურესად გულუბრყვილოები; მათ დახმარებას ყოველთვის მოსდევს დამატებად მათი რელიგიური მრწამსის პროპაგანდა რაც ფაქტობრივად უფრო თიშავს და ანაწევრებს ისედაც დაქუცმაცებულ

ერს, თუმცა საკითხავია კიდევ რომელია ამ შემთხვევაში დამატება.

ნებისმიერმა ადამიანმა, რიგითი მოქალაქე იქნება ის თუ პასუხისმგებელი პირი, თვითონ უნდა განსაჯოს, მიიღოს თუ არა მათგან დახმარება, მე კი ასე ვიტყოდი: ნებაყოფლობით დახმარებაზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი, მაგრამ ფხიზლად

უნდა ვიყოთ, ჩვენ არ ვიცით როდის მოითხოვენ ამის საზღაურს და რა სახით; ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან მატერიალური და სულიერი ფასეულობანი და ხმა ავიმაღლოთ და სიმტკიცე გამოვიჩინოთ იქ სადაც საჭიროება მოითხოვს და

თუ ამას არ ვიზამთ, მაშინ რაღა მეთქმის, მომავალი ცხოვრებისათვის ისედაც მკვდრები ვიქნებით და რა მნიშვნელობა აქვს ვისგან მიიღებ და რას მიიღებ.

დეკანოზი გურამი (ბერბიჭაშვილი)

- რას ნიშნავს ლოცვა-კურთხევა?

- ლოცვა-კურთხევა, როგორც თვით სიტყვიდან ჩანს, ნიშნავს დალოცვას და არა უბრალოდ ნებართვას, ან ბრძანებას, როგორც ეს ზოგიერთ მორწმუნეს ესმის. ლოცვა-კურთხევა არ არის იურიდიული აქტი, არამედ მოწვევა ღვთის მადლისა

კონკრეტული საქმისათვის; ეს არის ღვთის მადლის შემწეობა და მაინც გამოვარჩევდი ორ მომენტს:

ა) ლოცვა-კურთხევა - რომელსაც ვითხოვთ მოძღვრისაგან, ეპისკოპოსისაგან, პატრიარქისაგან შეხვედრის ჟამს და ნიშნავს დალოცვას საზოგადოდ, ღვთიური მადლის გამოთხოვნას, რათა მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებოდეთ მარადჟამს; და ამავე დროს დროს მისალმებაც არის: ბევრმა ქრისტიანმა არ იცის როგორ შეხვდეს მღვდელს, ეპისკოპოსს. ამ დროს ჩვენ არ ვამბობთ ჩვეულებრივ მისასალმებელ ფრაზას გამარჯობა ან გაგიმარჯოს ან კიდევ სხვა ფრაზებს, არამედ დამლოცე

 (ან დაგვლოცენ) მამაო (ან მეუფეო). ამ დროს ხელის მტევნები უნდა გადავაჯვარედინოთ ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები:

 

ბ) ლოცვა-კურთხევა - რომელსაც ვითხოვთ კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, დაწყების წინ (და არა ბოლოს, როგორც ხშირად ხდება) ან მგზავრობის წინ.

ამ სახის ლოცვა-კურთხევის გამოთხოვნისას აუცილებელი პირობა, რაც მორწმუნემ უნდა შეასრულოს, არის მორჩილება, ანუ მზადყოფნა იმის აღსასრულებლად რასაც ამ დროს გვეტყვის მოძღვარი; რადგან გადაწყვიტე და მიხვედი რჩევისათვის,

დალოცვისათვის, მაშინ კიდეც მიენდე და მის პასუხში (დაგლოცავს ამ საქმისთვის თუ არა) ღვთის ნება დაინახე. თუ არა და მაშ რისთვის მიდიხარ მასთან? იმისათვის, რომ დაგეთანხმოს შენს გადაწყვეტილებაში? ასე შეიძლება უამრავი მოძღვარი

შემოიარო. სადღაა აქ ღვთის ნებისადმი მორჩილება? ამ შემთხვევაში ხომ შენსას ეძიებ და არა ღვთისას? ან კიდევ რაღაც საქმის დასაწყებად ან გადაწყვეტილების მისაღებად მიდის ადამიანი მოძღვართან და თუ მოძღვარმა არ ურჩია და არ

დალოცა იმ საქმისთვის რაც მას (მორწმუნეს) სურს, იწყება კამათი და მტკიცება იმისა, რომ ეს საქმე ასე სჯობს, სხვანაირად არ ივარგებს და ა.შ... და მოძღვარი შესაძლოა კიდეც დაეთანხმოს, მაგრამ არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ამ

საქმეზე ღვთისგან გვაქვს კურთხევა და დალოცვილია. და აი, აღმოჩნდება ხოლმე რომ მოძღვარი იჩენს მორჩილებას და დაყვება მორწმუნე ადამაინის ნებას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე სჯობს, არამედ ზოგჯერ საკმაოდ მომაბეზრებლად იციან

ჩაციება და შეიძლება უთხრას მოძღვარმა: კარგი, ბატონო, როგორც გინდა ისე მოიქეცი - და მიდის ადამიანი კმაყოფილი იმით, რომ მოძღვარმა ურჩია, მოძღვარმა დალოცა და ღმერთმა ინება მის მიერ ამ საქმის გაკეთება, ან ამგვარად მოქცევა. სინამდვილეში ამ დროს ადამიანში ზეიმობს სიჯიუტის, ურჩობის კერპი.

(მღვდელი გურამი)

- შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს არა მართლმადიდებლურ ან არაქრისტიანულ ტაძარში?

- ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, თუ რა სახის ლოცვები არსებობს; ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური (პიროვნულ-შინაგანი) და საზოგადო.საზოგადო ლოცვაში, თუ ეს არამართლმადიდებელთა ლოცვაა, მონაწილეობის მიღება არ შეიძლება.ინდივიდუალური ლოცვა - შეიძლება ყველგან, სახლში თუ გარეთ, ტრანსპორტში თუ ნებისმიერ ტაძარში; და არათუ

შეიძლება, არმედ აუცილებელიც არის.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი ნებისმიერი, ეს იქნება მეჩეთი, სინაგოგა თუ სხვა, არის საზოგადო ლოცვის ადგილი. ჩვენ ვიცით, რომ ლოცვას თან ახლავს გარეგნული ნიშნები, მაგალითად, ტაძარში შესვლისას პირჯვარს ვისახავთ

გულმკერდზე და თავის დახრით თაყვანს ვცემთ უფლის სახლს; აგერთვე ვანთებს სანთელს, ლოცვა-კურთხევას ვითხოვთ მღვდლისაგან და ა.შ. აი ეს გარეგნული ფორმები ლოცვისა მიუღებელი იქნებოდა არამართლმადიდებლურ ტაძარში, რადგან:

1) თუ იმ ხალხის პატივისცემით გავაკეთებდით ამას, ეს იქნებოდა ტყუილი, რაც არ შეიძლება.

2) თუ მივალთ ის სანახაობისთვის, ამ შემთხვევაშიც არასწორად მოვიქეცით, რადგან იქ არის არა სანახაობა, არამედ მისტიური მომენტია და თვალთვალი ერთგვარი უზნეობაცაა, როგორც მაგალითად სხვის ოჯახში ჩახედვა, ან სხვისი

წერილის წაკითხვა. ასე რომ საზოგადო ლოცვისას არამართლმადიდებლურ ტაძარში ყოფნა მართლმადიდებლისათვის ზნეობრივად არ არის სწორი; თუ თანაგრძნობით ხარ იქ მისული და მათი ლოცვის მადლმოსილებას სცნობ, ესე იგი შენ

იზიარებ მათ სარწმუნოებრივ შეხედულებებს, ე.ი. არა ხარ მართლმადიდებელი; თუ ასე არ არის, მაშ საკითხავია, რამ გიბიძგა რომ იქ მისულიყავი?

ერთი სიტყვით, თუ რაიმე მიზეზის გამო აღმოჩნდები არამართლმადიდებლურ ტაძარში და მოგინდება ლოცვა, არა გაქვს უფლება ილოცო გარეგნული გამოხატულებით რადგან ეს აღიქმება როგორც სულიერი, მისტიური ერთობა, იმ ხალხთან და მათ სარწმუნოებასთან, ვის ტაძარშიც იმყოფები. ასე რომ თუ არაქრისტიანულ ტაძარში ლოცვითი განწყობილება დაგეუფლა, შეგიძლია ილოცო გულში, უსიტყვოდ, ყოველგვარი გარეგნული გამოხატულების გარეშე, მაგრამ უნდა ილოცო არა იმიტომ რომ იმ, რომელიღაც კონკრეტულ ტაძარში ხარ, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ უნდაილოცო ყველგან და ყოველთვის, განუწყვეტლივ.

(მღვდელი გურამი)

- ჩემმა მეგობარმა იქორწინა და მე გახლდით მეჯვარე. ვიდრე ჯვრისწერა დამთავრდებოდა, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი და

მითხრა: ეხლა გაამზადე ათასი მანეთი მღვდლითვის და ათასი მანეთი მგალობლებისთვის, რამაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. გთხოვთ, ამიხსნათ, რამდენაც სწორია ასეთი საქციელი და როგორ უნდა მოვქცეულიყავი?

 

 

- პირველყოველისა განმარტავთ, რომ ეკლესიაში არ იყიდება არც ერთი წესი თუ საიდუმლო მღვდელმოქმედება. და თუ მაინც გვხვდება ამგვარი მოვლენები, ეს არის არა ეკლესიაში არსებული წესი, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-

ერთი მეთოდი და საშუალება, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა დაამყარა ეკლესიაში: დაადეს ფასი ყოველ წესს, რომელიც ტაძარში სრულდებოდა და მღვდელს დაუწესეს ბეგარა, გარკვეული პროცენტული ოდენობით თვის განმავლობაში შესრულებული წესების რაოდენობიდან. ამას ყველაფერს არავითარი საერთო არა აქვს ეკლესიაში არსებულ წესებთან.

სახარება გვასწავლის: უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდცა მისცემდით

 (მთ. 10, 8) და თუ დღესაც გვხვდება (თუნდაც იშვიათად) თქვენის მსგავსი შემთხვევები, არ შეიძლება ამის შეფასება იმგვარად, თითქოს მართლმადიდებელი ეკელსია ამას ასწავლიდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდლები ასევე ერიდან

მოსული ხალხია და არ იქნება სწორი, რომ რომელიმე მათგანის უღირსი საქციელის გამო ეკლესია გავლანძღოთ ისევე, როგორც მაგალითად, ურწმუნო ადამიანის არსებობის გამო არ შეიძლება სარწმუნოების უარყოფა; უზნეოთა არსებობის გამო

- ზნეობის უარყოფა.

ასე იქცევიან ისინი, ვინც განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს, უარყო ეკლესია, ხატი, ჯვარი და ემშაკის სამსახურში ჩადგა. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ მღვდელს ხელფასი არა აქვს და მის საარსებო სახსრებს შეადგენს შემოწირულობა, რომელსაც

მორწმუნე ქრისტიანი ნებაყოფლობით და მადლიერების გრძნობით გაიღებს იმის მიხედვით, თუ რისი შესაძლებლობა გააჩნია. ამისათვის ტაძრებში არის სპეციალურად დადგმული ყულაბები. თქვენ კითხულობთ, როგორ უნდა მოვქცეულიყავიო - გიპასუხებთ, რომ თქვენ უნდა შეგეწირათ იმდენი, რამდენის სურვილი და შესაძლებლობაც გქონდათ. და თუ მსგავს შემთხვევას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და ერთგულმა შვილმა ეკლესიისა, აუცილებლად უნდა მიმართოთ იმ ეპარქიის მღვდელმთავარს, სადაც ეს ხდება, რადგან აღწერილი შემთხვევები შეურაცხყოფენ შემოქმედს,

ჩირქს სცხებენ ქრისტეს ეკლესიას, მის პატიოსან იერარქიასა და მორწმუნე მრევლს. ასე რომ საუხერხულო თქვენ არაფერი გქონდათ, ცხვენოდეს მას, ვინც შეურაცხყოფს ღმერთს და მის ეკლესიას და ამით საუკუნო გეჰენიას განუმზადებს საკუთარ თავს.

 

 

(მღვდელი გურამი)

- ნუთუ საკვები, ფული და დიდება ცოდვაა?

- ცოდვა საკვები არაა, არამედ - გემოთმოყვარეობა; არა ფული, არამედ - ვერცხლისმოყვარეობა; არსებითად ბოროტება ბოროტად გამოყენებისგან მოდის.

(წმიდა მაქსიმე აღმსარებელი)

- სწორად როგორ ვემთხვიო ხატებს?

- მაცხოვრის წმიდა ხატს ფეხებზე უნდა ვემთხვიოთ; ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდანებს - ხელებზე; მაცხოვრის ხელთუქმნელ  ხატსა და იოანე ნათლისმცემლის ხატს - თმებზე.

- რა სარგებლობა მოაქვს სეფისკვერისა და ნაკურთხი წლის მიღებას?

- როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთ წყალს იღებს, ბოროტი სული აღარ ეკარება, სული და ხორცი იკურთხება, ფიქრები ნათლდება ღმრთისათვის სათნოყოფის სურვილით და ადამიანი განეწყობა მარხვისა, ლოცვისა და ყოველგვარი

სათნოებისათვის.

(მამა გიორგი ზადონელი)

პასუხები:

- მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?

- ვინც თავისი მოძღვრისგან სხვა მღვდელმსახურთან მიდის საკუთარი ცოდვების დასაფარავად და მალულად მოსანანიებლად, იგი თვით სინანულისა და აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფს. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და არა მღვდელს. არსებობს ცრუ სირცხვილი, რომელიც წინ ეღობება ადამიანის გულახდილობას. ამიტომ ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, რომ მივდივართ არა ადამიანის წინაშე ცოდვების საღიარებლად, არამედ უფლის წინაშე. რადგან მოძღვარი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სწორ რელიგიურ ცხოვრებას წარმართავს, მას უნდა ვუთხრათ ყოველივე დაუფარავად, რათა სწორი მკურნალობა მივიღოთ მისგან. სწორედ ის ცოდვები, რომლებიც სასირცხვილოდ მიგვაჩნია, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მკურნალობის

უმთავრესი ორიენტირი.

 

- შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?

- ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეიძლება - ეს ადგილი წმიდად უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაბინძურდეს. დღეისათვის, საზოგადოდ, ამ აქტს დაეკარგა მსხვერპლშეწირვის არსი, რომელიც ძველ აღთქმაში ჰქონდა.

მაშინდელი მსხვერპლშეწირვა, მას შემდეგ, რაც ქრისტემ ნებაყოფლობით იტვირთა ჩვენი ცოდვები ჯვარზე გაკვრით, შეიცვალა უსისხლო მსხვერპლშეწირვით. დღეისათვის ცხვრის დაკვლა უკავშირდება მოწყალების გაცემას -

ამიტომ ხშირად მას ასეც უწოდებენ - საღვთოს! (საღვთო ნიშნავს, რომ დაკლული ცხვარი უნდა გაუნაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებს, რითაც ვიქმთ საღვთო მადლიან საქმეს და არა იმას, რომ თვით ჩვენ შევექცეთ და ჩვენი უწესრიგობით უფლის საწინააღმდეგო საქმეები ჩავიდინოთ).

 

- უფალს დავპირდი ცხვრის შეწირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევასრულე. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

- უფლის მიმართ რაიმე პირობის დადება არ არის შესაფერისი საქციელი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რადგან, როგორც წმიდა წერილი გვამცნობს, საკუთარი ძალისხმევით ადამიანს ერთი თმის ღერის შეცვლაც კი არ შეუძლია. უფალს აღთქმა იმიტომ არ უნდა დავუდოთ, რომ ჩვენ, შესაძლოა, ვერ შევძლოთ მისი აღსრულება, მაგრამ თუ მაინც ვდებთ ასეთ პირობას, მაშინ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ მის შესასრულებლად; თუ ცხვარს ვერ დავკლავთ (ანუ ამ გზით ვერ ვიქმთ

მოწყალების მადლს), მაშინ მისი საფასურის შეწირვა შეგიძლია ეკლესიისთვის - ჯანმრთელის სადღეგრძელოდ თუ გარდაცვლილის მოსახსენიებლად.

 

- შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

- ადამიანზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს - აღსარებას ამბობს და ეზიარება - ჯადო არ მოქმედებს.

თავისთავად ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა. ჯადოს მოხსნისთვის პირველ რიგში აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, ხოლო კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც კითხულობს ეპისკოპოსი, ან მისი კურთხევით, რომელიმე მღვდელმსახური.

 

- რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?

- ცოდვა გვაშორებს მადლს უფლისას. ყოველი ცოდვა, სინანულისაგან განუწმენდელი, საკუთარი ტვირთის სიმძიმით იწვევს

სხვა ცოდვას.

 

- შუაგულ ლოცვაში ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე: დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ  ვისტუმრო, თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო?

 

 

- უნდა შეწყვიტოთ ლოცვა (სიყვარული ყოველივეზე აღმატებულია), მიიღოთ სტუმრები და როდესაც წავლენ, განაგრძოთ ლოცვა.

 

- გთხოვთ გვიპასუხოთ, ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

- უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ, რომელთაგან მრავალნი ბერები იყვნენ. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომაც, მრავალი უძველესი ხატი სასწაულთმოქმედი გახლდათ. დღეისათვის

ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და, ასევე, მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული ხატები,

მათ უნდა მოვეპყრათ კეთილმოშიშებითა და კრძალვით. უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ. ხოლო, თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ. თუკი თქვენს მიერ შეძენილი ან საჩუქრად მიღებული ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს თქვენში, მის თაობაზე აუცილებლად უნდა დაეკითხოთ მღვდელმსახურთ.

მორწმუნეებს სახლში, როგორც წესი, აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმინდანის, აგრეთვე განსაკუთრებული პატივით მოსილი წმინდანებისა. რაოდენობრივად თქვენ არავინ არ გზღუდავთ: შეგიძლიათ იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გაგეხარდებათ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა) იგი უნდა დაიწვას, ან სუფთა ადგილას დაიმარხოს.

 

- როცა მე დაღლილი ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება თუ არა ჩემს თავს ვაიძულო მოღვაწეობა?

- როცა თქვენ დაღლილი ხართ, არ არის საჭირო საკუთარი თავის იძულება. თუ სხეულს არ მისცემთ დასვენების საშუალებას და დაღლილობისას აიძულებთ თავს ილოცოთ, თქვენ არასოდეს არ გექნებათ სულიერი სიმშვიდე.

 

- ზოგჯერ მთხოვენ ვილოცო მათთვის, მე კი ჩემთვის ლოცვაც არ შემიძლია.

- ნუ იტყვით უარს სხვისთვის ლოცვაზე იმ შიშის გამო, რომ თქვენთვისაც არ შეგიძლიათ ლოცვა. გეშინოდეთ იმისა, რომ თქვენთვისაც ვერ ილოცებთ, თუ სხვისთვის არ ილოცებთ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).

 

 

 

- შეიძლება თუ არა დამოძღვრო უცხო, სხვა ადამიანი, როცა იგი არ გეკითხება?

- ბერ იოსებ ოპტინელს არ უყვარდა სხვების დამოძღვრა შეკითხვის გარეშე. ძველი მამებიც არ ასწავლიდნენ არავის, თუ არ შეეკითხებოდნენ, თვლიდნენ რა ამას უქმმეტყველებად.

 - მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?

- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი

ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ

მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი

სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში

ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის

გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?

- ტელესერიალები თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი ფილმებისაგან. იგი პერმანენტულად გრძელდება თვეობით;

ზოგჯერ კი წლობითაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ხელოვნების ნიმუში ძალზე მდარე ხარისხისაა (ამის გამო აჩლუნგებენ ადამიანთა ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ-ერთი ზიანი და ბოროტებაა), ისეთნაირად

არიან გადაწყვეტილნი, რომ ითრევენ მაყურებლებს და ამ უკანასკნელთ აღარ აქვთ უნარი, მოწყდნენ მათ. ტელესერიალები აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. ამის გამო აშორებენ რეალობას და ამით ღმერთსაც, რამეთუ ადამიანი ღმერთს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. ტელესერიალები ადამიანებს დღის განმავლობაში ართმევენ გონებრივი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის საუკეთესო დროს - 19-21 საათის შუალედს. ისინი ადამიანს აჩლუნგებენ გონებრივად და აგიპნოზებენ სულიერად. ყოველივე ზემოთქმულის გამო ტელესერიალების ყურება აუცილებლად შეაფერხებს ადამიანის სულიერ განვითარებას.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

პასუხები:

- არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?

- ტყუილის მამად წმ. წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვაა. ამის კლასიკურ

მაგალითად გამოდგება წმ. თევდორე მღვდლის მიერ მომხვდურთა არასწორი გზით წაყვანა. მან ფორმით ტყუილი თქვა, მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოძღვარმა ქართველთა მეფის ადგილსამყოფელის შესახებ სიმართლე დამალა, რითაც

სამშობლო მორიგი უბედურებისაგან იხსნა. ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია. ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ რიგ შემთხვევებში იგი ვერ ჩაითვლება ტყუილად, თუნდაც

გარეგნულად ეს ასეთად ჩანდეს. მაგრამ ღრმა სულიერება სჭირდება გარჩევას, როდის ითქმება ტყუილი და როდის სიკეთისათვის სიმართლე იფარება; ადამიანიც ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, რომ ანგარებისა და გამორჩენის მიზნით

ნათქვამი აშკარა ტყუილი სიკეთის მომტან სიმართლის დაფარვად ანუ ~საქმისათვის საჭირო~ ტყუილად არ მოეჩვენოს.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს, რატომ არის მისი მოწევა ცოდვა? მას ხომ ზოგიერთი მღვდელიც ეწევა?

- წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ყველაფრით, ყოველი ჩვენი საქმიანობით, ყოფითი ცხოვრებით ღმერთი უნდა ვადიდოთ. რელიგიური გაგებით ადამიანი დინამიური არსებაა. იგი ან უახლოვდება ან შორდება მას. თუ შენი ცხოვრებით

ღმერთი არ იდიდება, მაშინ ცილდები უფალს; თუ შენი გზა ღვთისკენ არ მიდის, მაშინ სცილდები მას. და სწორედ ეს არის ცოდვა. ამგვარი შეფასებით აშკარა ხდება ცოდვიანობა თამბაქოს წევისა. შეიძლება შედარებაც კი

მოვიყვანოთ: მაგალითად, ჭიქა ღვინით შეიძლება ღვთის დიდება. ეს ქართულ სუფრაზეც კარგად ჩანს, ხოლო სიგარების გაბოლებით ვერანაირად ადიდებ უფალს - პირიქით, გაბოლება და იმავდროულად უფალზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს წმ.

ხატებთან ხდება, რა თქმა უნდა, ღვთის შეურაცხყოფაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს თამბაქოს და მისი მოწევის წარმართული წარმომავლობაც. იგი ხომ ამერიკელი ინდიელების საკმეველია და კმევის ფორმაც რომ უცვლელად გადმოვიღეთ!!!

მწეველი კაცი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და ამით გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კარგავს. და რაც მთავარია, თამბაქოს წევა მწეველისათვის გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. ადამიანი რელიგიური

არსებაა. მის პიროვნებას ვერაფერი ავსებს. იგი ყოველთვის ~რაღაცას~ ეძებს, გრძნობს სიცარიელეს და მის შესავსებად სიგარეტს იყენებს. აფორიაქებულია და ეძებს სიმშვიდეს, რის მისაღწევადაც კვლავ თამბაქოს მიმართავს. ქვეცნობიერად

გრძნობს, რომ საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში და ბოლს უშვებს შიგნით. ვერ გუობს მარტო ყოფნას, რადგან ასეთად შექმნა იგი გამჩენმა და სიგარეტს იხდის მეგობრად. ღმერთი უნდა უყვარდეს და მის გარეშე ვერ უნდა ძლებდეს, მას კი თამბაქო უყვარს და არ შეუძლია მის გარეშე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მწეველი ისევე ცოდავს, როგორც მრუში, მკვლელი,ქურდი, მკითხავი, დედის მაგინებელი,

მემთვრალე და ა. შ. მაგრამ თუ იგი უფლის სიყვარულისათვის თამბაქოს წევას თავს არ დაანებებს, მაშინ ეს ჩვევა შეიძლება სასიკვდილო ცოდვას გაუთანაბრდეს.

რაც შეეხება მწეველ მღვდლებს - მღვდელი არ არის უცოდველი. იგი შეიძლება სხვადასხვა ცოდვით სცოდავდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, თამბაქოს წევითაც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მღვდლის მიერ რაიმე ცოდვის ჩადენა (ოღონდ არა

სასიკვდინესი; თამბაქოს წევას კი ვერ ჩავთვლით სასიკვდინედ) ვერც ამ კონკრეტულ ცოდვას დააკანონებს და არც მის მღვდლობას გააუქმებს.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

 

 

- ეკლესიას ეკრძალება ყოველგვარი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა. გაუგებარია, რატომ ახსენებენ მკალავიშვილს და მის მომხრეებს მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად. ისინი ისევე არ არიან მართლმადიდებლები,

როგორც სექტანტები. მართლმადიდებლობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. მართლმადიდებლობა და ეკლესია რელიგიური სინონიმებია, ხოლო მკალავიშვილი განკვეთილია მსოფლიო (არა მხოლოდ ქართული) ეკლესიიდან, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულიდან (იგი არც ბერძნულ ეკლესიაშია). მართლმადიდებლები სექტების მიმართ მკალავიშვილის საქციელს, ქმედებას აღვიქვამთ, როგორც ორ სხვადასხვა სექტას შორის დაპირისპირებას. რაც შეეხება სექტების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, ისინი არასოდეს ყოფილანდა ვერც იქნებიან პრობლემა

ეკლესიისათვის. სექტანტები ვერასოდეს დაასუსტებენ ეკლესიას. თავისი მამა-პაპის სჯულის მოღალატე ეკლესიაშიც დარჩენილი, ყოველთვის ცუდი ქრისტიანი, პოტენციურად უფლის მოღალატე, ანუ იუდა იქნებოდა. მაგრამ სექტანტები

პრობლემას სახელმწიფოს უქმნიან. ასუსტებენ მის ძლიერებას, არღვევენ მთლიანობას, უკარგავენ მებრძოლ სულს.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით ისინი ერის მოღალატენი არიან; ხოლო ჩვენთვის, ეკლესიისათვის კი უძღები შვილები და დაკარგული ცხვრები, რომლებიც კვლავ სიყვარულით უნდა მოვიზიდოთ დედა ეკლესიაში არა ჩვენი

საჭიროებისათვის, არამედ მათი სულების გადასარჩენად და სახელმწიფოს ძლიერებისთვის.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?

- არარელიგიურად მცხოვრებ ადამიანს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ბოროტ პიროვნულ სულზე, ანუ ეშმაკზე; ან სულაც არ სწამს მისი არსებობა. მაგრამ სწორი სულიერი ცხოვრების მქონე ქრისტიანმა საკუთარი გამოცდილებით იცის,

რომ ეშმაკი არსებობს; იცნობს მის ხრიკებსა და ბრძოლის მეთოდებს; იცის, როგორ ებრძოლოს და როგორ დაიცვას თავი.

ეშმაკი მაშინ უწყებს ნამდვილ ბრძოლას ადამიანს, როცა იგი გადაწყვეტს ქრისტეს მოწაფე, ანუ ქრისტიანი გახდეს.

ბოროტი სულის ბრძოლა ადამიანისადმი ამ უკანასკნელის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარია.

მნიშვნელოვნად მძვინვარდება ეშმაკი, როცა ადამიანი დიდი მადლის მისაღებად, ანუ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობისთვის ემზადება. განსაკუთრებით არ უყვარს ბოროტ სულს ზრდასრული ადამიანის პირველი აღსარება, რამეთუ

აღსარებაში გამოხატული ნამდვილი სინანული ეშმაკს მონანიეზე ძალაუფლებას აკარგვინებს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ადამიანმა იცის აღსარების სწორად თქმა, იცის, რა არის სინანული და სწავლობს მას (სინანულს).

გასაგებია, რომ აქ უდიდესია მოძღვრის როლი. ამიტომ ადამიანმა ქრისტიანული ცხოვრება (მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოუწოდა) უნდა დაიწყოს მოძღვრის შერჩევით და მასთან ურთიერთობით. მოძღვარი კი თავად მოამზადებს მას აღსარებისთვის, რაც ეშმაკის ბრძოლას შეასუსტებს. ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ სულიერი ცხოვრება არა აღსარებით, არამედ მოძღვრის შერჩევით იწყება.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?

- პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმ. ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შეთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო

წმინდანს (ვის სახელზედაცაა ტაძარი აგებული) - მეოხება ღვთის წინაშე; პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

- ანათემა ადამიანის წმ. ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმ. ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას. ასეთ დროს ანათემა წმ. ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმ. ეკლესიის წიაღში დაბრუნება).

ანათემით წმ. ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთზე არც ლოცვა შეიძლება და არც რაიმე

საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემთხვევაში წესიც არ აეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო). თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: ~რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება

ზეცაში~; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანის არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

- ჯვრისწერა, ანუ ქორწინება ღვთის კურთხევაა იმ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იწყება მათი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. წმ. ეკლესიას უფლისგან მინიჭებული აქვს რა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება,

ქორწინების საიდუმლოებაში ერთ არსებად (სამარადისოდ) ადუღაბებს ორ პიროვნებას და უფლისმიერ მოითხოვს, რომ ღვთისაგან შეერთებულებს კაცნი ნუ განაშორებენ. ამიტომაც განქორწინება ღვთის საწინააღმდეგო და არაბუნებრივი

ქმედებაა.

განქორწინება (ჯვრის აყრა) განსაკუთრებული ღვთისმსახურების გარეშე ხდება: ეპისკოპოსი ღვთისაგან მინიჭებული ძალაუფლებით, სიტყვიერად გახსნის ცოლ-ქმარს, რის შედეგადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები

ხდებიან.

განქორწინება დიდი ცოდვაა და იგი ისეთ უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, შვილიერების უუნარობა (სექსუალური დარღვევები), ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახში უზნეობის დამკვიდრების სურვილი, ან მეუღლის იძულება არასწორ რელიგიურ ცხოვრებაზე, სადიზმი და მსგავსი არაჯანსაღი გამოვლინებები.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?

- ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ადამიანი თავად ირჩევს რაც სურს. ადამიანი რელიგიური არსებაა და იგი საკუთარი რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს;

ანუ თუ არ სურს ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან ურთიერთობა (ღმერთთან ურთიერთობა არის სწორედ რელიგია), ქმნის თავის ჭეშმარიტებას, თავის ცრუ რელიგიას (ხშირად დაცემულ ანგელოზთა ზეგავლენითაც).

ღვთისადმი არასწორ დამოკიდებულებას, ან არამართებულ წარმოდგენას უკვე კაენთან ვხვდებით და ეს კაენის თავისუფალი არჩევანი იყო; ქრისტეს მკვლელობის გადაწყვეტილება იუდეველთა თავისუფალი არჩევანი იყო; მოციქულთა თავგანწირვა

ქრისტესათვის ასევე თავისუფალი არჩევანი იყო. ისიც თავისუფალი არჩევანია, როდესაც ქართველი კაცი არად დაგიდევთ წინაპართაგან საკუთარი სისხლით მოტანილ მართლმადიდებლობას და ბაბტისტი ან ~იეღოველი~ ისე ხდება, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს მართლმადიდებლობაზე.

შენი ნებაა რას მოიმოქმედებ: თვალცრემლიანი და უფლის ტკივილების გამზიარებელი ჯვარცმული ქრისტესთან იდგები, ან ~ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე~-ს იყვირებ, თუ არც ერთთან იდგები, არც მეორესთან და ქრისტეს მკვლელობის დროს

გულარხეინად მიწას გათოხნი... ყველაფერი შენი ნებაა და შენი არჩევნით წარსდგები მართლმსაჯული ღმერთის წინაშე.ძალზედ ადვილი დასანახია და ადამიანი ძალით თუ არ დაიბრმავებს თავს, დაინახავს, რომ ყოველი ნიბიჯი ქრისტიანობიდან

არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი ცუდისკენ. ყველა რელიგია ზნეობრივად და ლოგიკურად უსასრულოდ ჩამორჩება ქრისტიანობას; და - მართლმადიდებლობა ერთადერთია, რომელიც შეურყვნელად ინახავს მოციქულთა მოძღვრებას და ტრადიციას.

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს. (მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?

- ღმერთთან ურთიერთობა უაღრესად ინტიმურ ხასიათს ატარებს. იგი მამაა ჩვენი და ღვთისადმი თქვენობით მიმართვა მასთან გაგვაუცხოებს. ღმერთი ყველაზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნებაა ჩვენთვის. იგი მეგობარია ჩვენი და ბუნებრივია მას მხოლოდ შენობით უნდა მივმართოთ. სხვანაირად ეს სიახლოვე (მისგან მომდინარე) დაიკარგება.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?

- მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა.

ნამდვილი რელიგიური ცხოვრება მორწმუნეს ქრისტესადმი სიყვარულს უნდა ასწავლიდეს, ხოლო სიყვარული ღვაწლისა და თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც არ გვეთმობა მართლმადიდებლებს საუკუნეებში გამოტარებული ტრადიციებით გადმოცემული ღვთისმსახურების და საერთოდ, რელიგიური ცხოვრების სიმკაცრე.მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურღიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომით და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორღანო მუსიკის მოსმენა დარბაზებშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში ლოცვა (არამარტო ტაძარში) ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ უნდა შევიდეს ტაძარში ქალი ან გოგონა აუცილებლად თავსაბურველით?

- ქალის თავსაბურველით ლოცვას საფუძველი წმ. წერილში აქვს. თავსაბურველი თავმდაბლობის გარეგანი გამოხატულებაა.

იგი ქალს შეახსენებს, რომ დედაკაცი მამაკაცისთვის შეიქმნა, რათა მისი შემწე იყოს. თავსაბურველი ნიშანია, რომ ცოლის თავი არის ქმარი, ქმრის თავი კი ქრისტეა.

ქმრის შემწეობა და მორჩილება არ ამცირებს ცოლის ღირსებას. პირიქით, რადგან ქმრის მოვალეობა ღმერთს მიმსგავსება, განმღრთობაა, ამიტომ ამ დიად საქმეში ცოლის ქმრისადმი შემწეობა დედაკაცის ღირსების საქმეცაა (ეხმარება მამაკაცს) და

საკუთარი განმღრთობის აუცილებელი პირობაც. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თავდაუბურავი ლოცვა ღვთის ურჩობაა და თუ ქალი ლოცვისას შეგნებულად არ იბურავს თავს, შეიწირება კი მისი ლოცვა ღვთის წინაშე.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- ჩემს ახლობელს, რომელიც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, გამგზავრების წინ მოძღვარმა კურთხევა მისცა, ელოცა კათოლიკურ ტაძარში. შეიძლება თუ არა ეს?

- მართლმადიდებელი ეკლესია არის თითქმის ყველა ქვეყანაში, ამიტომ მსგავსი პრობლემა თითქმის არ არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, მორწმუნეს შეიძლება საცხოვრებელ ადგილას ჰქონდეს წმ. ხატები და სახლში ილოცოს. თუ კონკრეტულ

კათოლიკურ ტაძარში რაიმე სიწმინდეა (განხეთქილებამდე რომელიმე წმინდანის წმ. ნაწილები, ხატი ან სხვა), მაშინ შეიძლება ამ სიწმინდეების წინაშე ლოცვა, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება კათოლიკეთა საერთო ღვთისმსახურებაში

მონაწილეობა (თუნდაც ამ სიწმინდეების წინაშე).

 

 

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

პასუხები:

- შეიძლება თუ არა ლოცვებში მოვიხსენიოთ მოუნათლავი ან განდგომილი ჩვენი ცოცხალი ნათესავები და ახლობლები?

- შეიძლება, სანამ ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ თუ ამ სასიკვდინე ცოდვებში აღესრულებიან, უკვე აღარ შეიძლება. თუმცა, მათ გარკვეულწილად იქნებ წაადგეთ მოწყალება, რომელსაც მათ სახელზე გასცემთ.

 

- საჭიროა თუ არა მოვინანიოთ მძიმე ცოდვები, რომლებიც ნათლობამდე ჩავიდინეთ, როგორიცაა: აბორტი, მრუშობა, ქურდობა, მკვლელობა და მისთანები?

- ნათლობამდე ჩადენილი მცირედი ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ცოდვების მონანიება გმართებთ მოძღვართან (მით უფრო, თუ ადამიანი აპირებს სასულიერო მოღვაწეობას - მაშინ მან

ყოველი ის ცოდვა უნდა მოინანიოს, რომელიც ჩაიდენია).

 

- გამიგია, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი სულით პირდაპირ სატანაას უვარდება ხელთ და არ შეიძლება მისი სულის მოსახსენიებლად სანთლის დანთება და მისთვის ლოცვაც ცოდვად ითვლება. მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს.

ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ და არ დავეხმაროთ მას, ვინც გვიყვარს?

- თვითმკვლელობაში ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა. თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის (თუმცა აქაც არის გარკვეული დეფინიცია) დროს ეკლესია აკურთხებს წესის აგებას. მაგრამ, როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის

არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო - ასეთ ადამიანზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით ამ ადამიანის მონაწილეობით. როგორც წმიდა

მამები გვასწავლიან, ღმერთი ძალად ვერავის აცხონებს, თუ ადამიანი თვით ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას. ადამიანისთვის, ვინც დაგმო ღვთის არსებობა და მისი ყოვლადმოწყალება - კატეგორიულად არ შეიძლება ლოცვა. მის

სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- საინტერესოა, აბორტის ცოდვა მარტო ქალებზე ვრცელდება?

- აბორტი დედის წიაღში მყოფი უმწეო ბავშვის ბარბაროსული დაჩეხვაა. რადგან შვილი მამისაცაა და ბავშვის მკვლელობაში დედასთან და ~ექიმთან~ ერთად მამა და ოჯახის დანარჩენი წევრებიც მონაწილეობენ (თავიანთი არჩევით ან დასტურით), ღვთის სამსჯავროზე ყველანი ისე გასამართლდებიან, როგორც მკვლელნი.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როგორ უყურებს ეკლესია გლოვის ტანსაცმლის დიდი ხნით ტარებას?

- ეკლესია ყველაფერში ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. ბუნებრივია, როცა ადამიანი ახლობლის გარდაცვალებას გლოვობს, მაგრამ ზედმეტი გლოვით ადამიანი შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. სასოწარკვეთილი კი, თავად ღმერთს

დაცილებული და ამით სასიკვდილო ცოდვაში მყოფი, გარდაცვლილის ცოცხალ სულზე როგორ იზრუნებს. ადამიანს ახლობლის წინაშე ვალდებულება ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგაც აქვს. გარდაცვლილის ცოცხალ სულს

ლოცვითი შეწევნა სჭირდება და არა მხოლოდ ტირილი. ამასთან, ზედმეტი გლოვა ჩვენი ურწმუნოების მანიშნებელიცაა.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- შეიძლება თუ არა ბავშვი ვატაროთ აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელ სპორტულ სექციაში?- უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლეთში (ჩინეთში, იაპონიაში) ყოველივე, თვით ჩაის სმა და კალიგრაფია, მისტიკური

რელიგიური რიტუალებით არის გაჟღენთილი. ასევეა საბრძოლო სისტემებიც, ამიტომ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ინსტრუქტორის როლი; ანუ თავად რამდენად თავისუფალია აღმოსავლური მისტიკის ზემოქმედებისგან,

მსოფლმხედველობისაგან და ამ მხრივ რამდენად სუფთად (მისტიკისაგან დაცლილს) მიაწვდის ბავშვებს ორთაბრძოლის სისტემას, ე. ი. მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის ინსტრუქტორი - ქართველი, მართლმადიდებლური ცნობიერებით, თუ იაპონური

და ჩინური ცნობიერების მქონე ქართულად მოლაპარაკე ადამიანი, რომელიც ~სულიერი სრულყოფილების~ მიღწევას ფეხების

და ხელების ქნევით ცდილობს. უმჯობესია, ბავშვები ქართული ორთაბრძოლის - ~ხრიდოლის~ სექციაში მივიყვანოთ, სადაც კიმონოს ნაცვლად ჩოხას ჩააცმევენ და არც მათი ცნობიერების დამახინჯებას დაემუქრება საფრთხე.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- განსაზღვრულია თუ არა ნათლობისას ნათლიებისათვის გარკვეული თანხის გადახდა? ხელმოკლეთათვის თუ არსებობს შეღავათები?

- ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში (საბერძნეთის, რუსეთის, იერუსალიმის და სხვა) ნათლობასა და სხვა საიდუმლოებებში დაწესებულია გარკვეული გადასახადი. საქართველოსმართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარი

ფიქსირებული გადასახადი არ არსებობს. ჩვენთან ნებაყოფილობითი შეწირულობაა. სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული დაწესებული გადასახადებიც იგივე შეწირულობაა, ოღონდ სხვა

ფორმით. გაჭირვებულ ადამიანს არავინ დაავალდებულებს რაიმეს შეწირვას. დღეს ბევრს საუბრობენ ეკლესიის ვალდებულებებზე მრევლის წინაშე, მაგრამ არ იციან მრევლის ვალდებულება ეკლესიის წინაშე. ეკლესია მოციქულთა

დროიდან შეწირულობით არსებობს. წმ. პავლე მოციქული ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ რა სულიერს, რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რითი შეიძლება მადლიერება გამოხატოს ადამიანმა ეკლესიის წინაშე, როდესაც ეს

უკანასკნელი მორწმუნეს აძლევს ყველაფერ სულიერს: სიმშვიდეს, სიხარულს, მხიარულებას, იმედს, ბედნიერების, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის, განმღრთობის გზაზე. ერთადერთი, რითაც ადამიანი

ეკლესიისადმი მადლიერების და სიყვარულის გამოხატვას შეძლებს, არის ნივთიერი შეწირულობა (ფული, საჭმელი, საკუთარი შრომა). დანანება და სიძუნწე შეწირვისას ღვთის წყალობას მოაკლებს შემწირველს (უსიყვარულობის გამო).

ვფიქრობ, ქართულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა (ფიქსირებული გადასახადების არარსებობა) უმჯობესია, რამეთუ ადამიანს სინდისის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს. ყოველი გასცემს შესაძლებლობისა და სინდისის მიხედვით და შესაბამისად, იღებს წყალობას გულთამხილავი ღმერთისგან.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- ჩემი ქმარი ხშირად თამაშობს ტოტალიზატორში და ბევრს აგებს. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

- ყოველივე, რაც ღმერთს გვაცილებს - ცოდვაა, ამიტომ აზარტი, რომელიც სულის სიმშვიდეს გვაკარგვინებს, დიდი ცოდვაა, ფულთან დაკავშირებული აზარტი კი უდიდესი ცოდვა. აზარტულ თამაშში მოგებული ყოველი თეთრი სატანისაგან ნაჩუქარი ფულია, ამიტომ, რაც მეტს მოიგებ, უფრო საშიშია. ხოლო მათ, ვინც ამ საქმიდან სულმოგებულნი რჩებიან (ამგვარი დაწესებულებების: ტოტალიზატორის, კაზინოს... მფლობელები), სული ეშმაკისთვის აქვთ მიყიდული, რაც მათი

გარდაცვალებისთანავე განცხადდება).

ამ სენიდან თავის დახსნა მხოლოდ ღვთის წყალობით შეიძლება, ამიტომ თავად გახდით კარგი ქრისტიანი (აღმსარებელი, მაზიარებელი) და თქვენი დაჟინებული ლოცვით შეიძლება განიკურნოს კიდეც მეუღლე.

 

 

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- ქორწინებისას მართლმადიდებლები რატომ ვიკეთებთ საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე და არა მარცხენაზე, როგორც ეს ქრისტიანობის სხვა კონფესიებშია მიღებული?

- ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ, უფრო კარგად აკეთებს. მარჯვენას ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ადამიანი. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ... იერარქიულადაც, უპირატესიდან მარჯვნივ დგომა აღემატება მარცხნივ დგომას: ეპისკოპოსს ღვთისმსახურებისას მარჯვნივ უპირატესი მღვდელი უდგას; მეფეც მარჯვნივ ისვამდა თანამეფე შვილს; ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო; ქრისტეც ცხონებულ სამწყსოს მარჯვნივ იყენებდა.

საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული), ცოლ-ქმრის ერთად მარადიული ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს. რამეთუ უფალთან ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნა ჩვენს ღვაწლზეც, მართალ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- თქვენი აზრით, ადამიანი, რომელიც წმინდა მორალური პრინციპებით ცხოვრობს, არ არის ბოროტი, არ ჩადის ცუდ საქმეებს, გაჭირვებულს ხელს უმართავს, მაგრამ არ ატარებს ჯვარს (არ ცხოვრობს ეკლესიურად), წარსდგება თუ არა უფლის წინაშე უფრო კარგად, ვიდრე ადამიანი, რომელიც ეკლესიურია, მაგრამ ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ივიწყებს იმქვეყნიურს და ამქვეყნიური ამაოების ჭაობში იძირება?

- რა თქმა უნდა, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, მაგრამ თავად შეკითხვის ამგვარად დასმა ქრისტიანობაში აბსოლუტურ გაუცნობიერებლობაზე მეტყველებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ შეკითხვის ავტორისათვის ზნეობრივი ცხოვრება ქრისტიანობის იგივეობრივია. სამწუხაროდ, ასე ბევრი ფიქრობს და მრავალი ცდილობს, ზნეობა და ქრისტიანობა სინონიმებად წარმოაჩინოს. რა თქმა

უნდა, ქრისტიანობა მოიცავს ზნეობრივ ცხოვრებას, მაგრამ მასზე არ დაიყვანება. გავიხსენოთ, როგორმა ადამიანებმა მოიძულეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ქრისტეს - იმდროინდელი ისრაელის პოლიტიკურმა, ზნეობრივმა და

რელიგიურმა ლიდერებმა. ისინი ზრუნავდნენ თავიანთი სამშობლოს პოლიტიკურ თავისუფლებაზე და ზნეობრივ სიწმინდეზე; იყვნენ ქველმოქმედნი, მლოცველნი, სჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელნი.

მაგრამ მათ ქრისტე უარყვეს და არა მარტო უარყვეს, შეიძულეს და საშინელი სისასტიკით, წამებით და ცინიზმით მოკლეს.

სამოთხეში კი, ავაზაკი, ავაზაკობისათვის ჯვარცმული ადამიანი პირველი შევიდა. ის ჩადიოდა ბოროტ, ცუდ საქმეებს, არ ცხოვრობდა ზნეობრივად, მაგრამ მან შეიცნო, ირწმუნა, განიცადა უფალი. ხოლო ქრისტეს მკვლელები გარეგნულად

ზნეობრივად ცხოვრობდნენ, მაგრამ შინაგანად შეიძულეს უფალი.

ისიც შეცდომაა, როდესაც ქრისტიანობა და ეკლესიური ცხოვრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილება.

ქრისტიანობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე და ამის ვერ გაგება ეკლესიის არსის არცოდნიდან მომდინარეობს. ეკლესია არც ტაძარია და არც მხოლოდ ადამიანური ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ მხოლოდ ტაძარში შესვლითა

და სანთლის დანთებით ეკლესიაში ვერ შეხვალ.საკითხების ამგვარად დაყენება, ალბათ, მრავალ შეკითხვას დაბადებს. ასეც უნდა იყოს - ქართველებს ხომ მრავალი რამის გაგება და შესწავლა მოგვიწევს, სანამ ჩვენს დიდებულ წინაპრებს დავეწევით.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- აქვს თუ არა მღვდელს უფლება, სასამართლო პროცესზე გათქვას ბრალდებულის აღსარების საიდუმლო?

- ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ცოდვა, რომელშიც შეიძლება მღვდელი ჩავარდეს, არის აღსარების გათქმა (ასეთი მღვდელი ალბათ არც არსებობს). სასულიერო პირი, როგორც მღვდელი, ზეციურ მოსამართლეს ემორჩილება; მიწიერი სასამართლო

მის მღვდლობაზე, მღვდელმოქმედებაზე არ არის უფლებამოსილი. მღვდელი ქრისტეს წინაშე ვალდებულია, საკუთარი სისხლიც რომ დაღვაროს, არ გასცეს მონანულის აღსარება, ვინც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- არის თუ არა თარსი რიცხვი 13?

- რიცხვი 13

 აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი 13

-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ 13

-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

პასუხები:

- ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები. ვცდილობ არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას

ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.

- ცხადია, ამისთვის ქებას ვერ შეგასხამთ, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოება ის გახლავთ, რომ თავადაც გრძნობთ თქვენს სისუსტეს და მისგან თავის დაღწევა განგიზრახავთ. ასე განაგრძეთ ყოველთვის. როცა თავს ამ სისუსტეს შენიშნავთ,

განმარტოებისთანავე ასწავლეთ მას ჭკუა, თანაც იმაზეც იფიქრეთ, როგორც მოახერხოთ ჩვეულებრივ ხუმრობაშიც კი ისე ჩაერთოთ, განკითხვის გზაზე რომ არ გადაუხვიოთ. ასე თუ იშრომებთ და სხვადასხვა ხერხებსაც გამოიმუშავებთ, თანდათან ჩვევად გექცევათ, რომ არავინ განიკითხოთ. როცა ამისათვის იღწვით, თავს ისიც შეახსენეთ, რომ ღმერთს ისე არაფერი შეურაცხყოფს, როგორც განკითხვის ცოდვა, რამეთუ ამით მის ხელმწიფებას ამეტებთ და საკუთარ თავს კი უქმნით უფრო

მეტ საფრთხეს იმისას, რომ მკაცრად მოგეკითხოთ: სხვების განკითხვით ხომ თავსაც სასტიკ სასჯელს უმზადებთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ (მთ. 7, 2). რაც შეიძლება ხშირად იკითხეთ ესა და მაცხოვრის სხვა, ამის მომდევნო, სიტყვები.

ცხადია, ცუდს კარგს ვერ უწოდებ, მაგრამ ცუდის დანახვისას კი არ უნდა მოვყვეთ ძმისა თუ დის განკითხვას, უნდა შეგვებრალოს იგი, და ასე სიბრალულით განმსჭვალულებმა გულით ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა გაუნათოს გონება,

გამოაფხიზლოს და მისცეს ძალა მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელიც მას შეეფერება. თუ ყოველთვის სხვების შეცოდებათა დანახვისას ჩვენს გონებას ასე წარვმართავთ, სიყვარულით განვიმსჭვალებით მის მიმართ. საუბარში შესაძლოა ვერ

გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოზიცია მისი საქციელის მიმართ, მაგრამ შემამსუბუქებელი ან გამამართლებელი გარემოების გამოძებნა ყოველთვის შეიძლება. ადამიანის დაცვაც სიყვარულით მოხდება. როცაასეთ საუბარს წამოიწყებენ, სჯობს სულაც

მივაფუჩეჩოთ იგი, სიტყვა სხვა საგანზე გადავიტანოთ. თუ ეს არ გეხერხებათ, გიჯობთ გაჩუმდეთ, სანამ ჭორაობას არ შეწყვეტენ და

შინაგან ლოცვას მიჰყოთ ხელი მასზე, ვისაც განიკითხავენ. მე და თქვენ ვერავის აღვზრდით, საკუთარი თავი კი უნდა

აღვზარდოთ და ეს შეგვიძლია კიდეც.

(წმიდა თეოფანე დაყუდებული)

 

- მართებულია თუ არა ცხოველის ან ფრინველის შეწირვა სალოცავისთვის და მათი იქ დაკვლა, როგორც ეს საქართველოს მთიან რეგიონებში ხდება?

- ეკლესია მატერიალური შეწირულობებით არსებობს. ადამიანები (მრევლი) ეკლესიისგან იღებენ სულიერს, ხოლო თავად ტაძრისთვის მატერიალურს გასცემენ. მატერიალური სახის შესაწირავი მრავალგვარი შეიძლება იყოს და მათ შორის

პრინციპული განსხვავება არ არსებობს. ეკლესიას შეიძლება შესწირონ გარკვეული თანხა, ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და პროდუქტები (ხატი, შანდალი, საკმეველი, ფქვილი, ზეთი, ღვინო, სანთელი...), საკუთარი ფიზიკური შრომა და

საზრდელი. ცხოველი და ფრინველი სწორედ ამ უკანასკნელის სახის შესაწირავს წარმოადგენს. მათი ეკლესიისათვის შეწირვას (ტაძარში ტოვებენ და ეკლესია მას საჭიროებისამებრ მოიხმარს), ხორციელი სიკეთის გამოვლინების გარდა, სხვა

რამ მისტიკური (სისხლიანი მსხვერპლი) დატვირთვა არ გააჩნია.

ადამიანთა ცოდვისგან გამოხსნისა და გადარჩენისათვის ადამიანად მოსულმა ღმერთმა თავად დაღვარა სისხლი და ამიტომ წარმართობა, უგუნურება და მკრეხელობაცაა, როდესაც დღეს ქართველები თითქოს ქრისტეს სისხლს არ კმარობენ და ცხოველის სისხლს ამატებენ. კლავენ მათ წმინდა ადგილებში და ამით შეურაცხყოფენ მათ. ცხოველის და ფრინველის ხორცი ჩვეულებრივი საჭმელია და მათი ეკლესიისთვის ქრისტეს სახელით შეწირვით (გადაცემით),

ხორციელი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა. თავად ქრისტიანობა ცოცხალ, პიროვნულ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა; ქრისტიანული ცხოვრება კი ადამიანისაგან როგორც სულიერი, ასევე ხორციელი სიკეთის აღსრულებას

მოითხოვს, რომლის გამოვლინებაცაა ეკლესიისთვის რაიმეს, თუნდაც საჭმლის შეწირვა.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისაგან?

- ჯადო არ მოქმედებს ქრისტიანზე, ანუ ადამიანზე, რომელიც ქრისტეს დაემოწაფა; არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღქმის წმ. მცნებების აღმსრულებელი. ვისაც ჯადოს უკეთებენ, მასზე მოქმედებს ბოროტი, პიროვნული სული ანუ ეშმაკი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ღორშიც ვერ შედის თუ ღმერთმა არ დაუშვა. ამიტომ თუ ადამიანზე ჯადომ იმოქმედა, მიზეზი თვით ამ ადამიანის სულიერ

ცხოვრებაშია საძებნი.

დღეს დიდად რეკლამირდება და პრაქტიკაში ინერგება ე. წ. ჯადოს მომხსნელთა სამსახური. ამგვარი ~სამსახურების~ რეკლამირება სამარცხვინოა ჩვენნაირი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ხოლო მათი სერვისით

მოსარგებლენი უმძიმეს ცოდვაში ვარდებიან. როცა ჯადოს გიკეთებენ მსხვერპლი ხარ; ხოლო როცა თავად მიდიხარ ჯადოქართან (ჯადოს მომხსნელი იგივე ჯადოქარია) - თანამონაწილე, ეშმაკის თანამზრახველი ხდები. როგორც წესი,

~ჯადოს მომხსნელთან~ მისულისაგან ერთი ეშმაკი გამოდის (რომელიც აწუხებდა) და სხვა შედის; ან შესაძლოა მოხდეს უარესი, - ადამიანი სულიერად ისე დაზიანდეს, რომ ვეღარასოდეს გახდეს ქრისტიანი, ანუ ღვთის შემეცნების უნარი

დაკარგოს. ხოლო თავად ჯადოქარნი, - მკეთებელნიც და მომხსნელნიც, როგორც კაცის მკვნელნი წარსდგებიან ღვთის წინაშე.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

- ადამიანი სულისა ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ

არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია.

მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამშჯავროს მერე დაიმკვიდრებენ. სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ ჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ

ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ. ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ

მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული

ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ

ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან.

ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს

გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?

- ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ ყველას ერთნაირად არ უყვარს ღმერთი. ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონ არჩევს, როგორი ერთგულებით ემსახუროს უფალს. ღმერთთან არ არის დრო. უფლისთვის

მომავალი (არც წარსული) არ არსებობს (ეს ჩვენთვის გაუგებარია). მან დრო თავად, სამყაროსთან ერთად შექმნა, ამიტომ ყველა იმ ქმედებას და არჩევანს, რომელსაც მომავალში ჩავიდენთ, ღმერთი აწმყოსავით ხედავს და იცის (ე. ი. იმიტომ კი არ

ვაკეთებ, რომ იცის, არამედ, რაც უნდა გავაკეთო და ავირჩიო, ის იცის).

აქედან გამომდინარე, ღმერთი წინასწარ ხედავს რა კონკრეტული ადამიანის ღვთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და განსაკუთრებულ არჩევანს, ირჩევს მას რაღაც მისიის შესასრულებლად. ხოლო, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ადამიანები სხვადასხვა ნიჭით იბადებიან, უნდა გვახსოვდეს - ადამიანი ცხონდება (გადარჩება) არა ამა თუ იმ ნიჭით, არამედ ღვთის წყალობით და თავისუფალი არჩევანით: იყოს თუ არა ღმერთთან.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- ვიყავი ეკლესიაში სანთლის ასანთებად. ლოცვისას ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და მიბრძანა, ტაძარი დამეტოვებინა. ჩემს გაკვირვებაზე მან მომიგო, ვიწრო ზორტებიანი საზაფხულო კაბით ტაძარში არ შეიძლება ყოფნაო. ეკლესიაში ისედაც იშვიათად დავდიოდი და მას შემდეგ საერთოდ აღარ მივსულვარ.

ჰქონდა თუ არა მას უფლება, ასე გავეგდე ეკლესიიდან?

- რა თქმა უნდა, ეკლესია გულგრილი ვერ იქნება, თუ როგორ შედიან ტაძარში მლოცველები, რომლებიც ღვთის შიშით უნდა შედიოდნენ. ხოლო ღვთის შიში და კრძალვა ადამიანის გარეგნობაშიც აისახება, ანუ მის დგომაში, ხელების მდებარეობაში, საუბარში და ჩაცმულობაშიც... მინისტრთან და პრეზიდენტთან მიღებაზე ყველანაირი ჩაცმულობით ვერ შეხვალ, მით უმეტეს, არ არის სულერთი თუ როგორ შეხვალ ზეციური მეფის სახლში.რაც შეეხება კითხვაში დასმულ შემთხვევას, ვფიქრობ, ხსენებულ მამაკაცს არ ჰქონდა უფლება შენიშვნის მიცემისა და მით უმეტეს, უხეშობის. შენიშვნის მიცემის უფლება ყველას არა აქვს და ვისაც აქვს, მან ეს სიყვარულით და დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოს, რათა ტაძარში ძლივს მისული უფლის ცხოვარი ეშმაკის გასახარად ქრისტეს არ მოწყვიტოს. თქვენ კი

გირჩევთ, რომ უფლის ძიება დაიწყოთ მოძღვრის ძიებით, რამეთუ ამ უკანასკნელებზე ბრძანა ქრისტემ, ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინაო.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე ქრისტეს ფეხები გადაჯვარედინებული?

- რა თქმა უნდა, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აქვს ფეხები მაცხოვარს ჯვარზე. მაგრამ მართლმადიდებლური ტრადიციით ქრისტემ ოთხი სამსჭვალი დაითმინა ჯვარცმისას. ჩვენი რწმენით, ამგვარი ჯვარცმა (ოთხი

სამსჭვალით) უფრო ასახავს ისტორიულ რეალობას. ამასვე გვიდასტურებს საეკლესიო გადმოცემა, ამიტომ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ტრადიციას.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება?

- რა თქმა უნდა, არც ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი არ მიიღებს მონაწილეობას ამგვარი ფილმის გადაღებაში; მითუმეტეს არ ითამაშებს ქრისტეს როლს. მაგრამ ასეთი ფილმები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ. ასეთია ობიექტური რეალობა.

შეიძლება თუ არა ამგვარი ფილმის ნახვამ მოუტანოს მორწმუნეს. თეორიულად შეიძლება; თუ ადამიანის ცნობიერებაში ასეთი ფილმი ქრისტეს გრძნობად ხატებას დააფიქსირებს. მაგრამ, პრაქტიკულად არ მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც

ქრისტეზე გადაღებულ ფილმს ზიანი მიეყენებინოს. უფლის მოყვარული ადამიანი ამგვარ ფილმსაც უფალზე ფიქრისთვის, ქრისტეს ვნებების კიდევ ერთხელ განცდისათვის გამოიყენებს.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?

- ახალშობილის მონათვლა ყოველთვის შეიძლება. ტრადიციულად ნათლავენ მე-40 დღეს, ხოლო ბავშვის უძლურებასა და

ავადმყოფობის (სასიცოცხლო ჩვენებით) შემთხვევაში - რაც შეიძლება მალე.

ძალზე სცოდავენ მშობლები, რომლებსაც სურთ რა დიდი წვეულების გამართვა, შეგნებულად არ ნათლავენ ბავშვებს. ამით საკუთარ შვილებს უფალთან მისვლის საშუალებას უსპობენ და არ აძლევენ რა მათ სულიერ საკვებს, შვილთა მკვლელებად

წარსდგებიან ღვთის წინაშე.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?

-  საქართველოში სახლს, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ აკურთხებენ. საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება უფრო ხშირად, თვეში ერთხელაც კი იკურთხოს. სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, ეძლევათ მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებებით იცხოვრებენ; ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელიც სახლის (ოჯახის) კურთხევა, მაგრამ უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება, მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება?

- დაზიანებული სიწმინდე უნდა დაიწვას და სუფთა ადგილას დაიფლას, ან სუფთა მდინარეში გადაიყაროს (ფერფლი). შეიძლება მათი ტაძარში მიტანაც.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

- რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?

- ითვლება, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება ოპტიმალურ მდგომარეობას 33 წლის ასაკში აღწევს. ეს პერიოდი ქრისტეს ასაკად იწოდება (ქრისტე 33 წლის ასაკში

აღესრულა ჯვარზე). გარდაცვალებისას ადამიანური ბუნების გახლეჩა სულად და ხორცად დროებითი მოვლენაა. ადამიანი მარადისობას სრული ბუნებით იმკვიდრებს, ანუ როგორც სულით, ისე ხორცით. თავდაპირველად სული გადადის

მარადისობაში (გარდაცვალებისას); ხოლო უფლის მეორედ დიდებით მოსვლის ჟამს სული კვლავ შეერთდება ხორცთან, მაგრამ ეს ხორცი (მკვდრეთით აღმდგარი) იქნება განსულიერებული (სულს დამორჩილებული, სულის თვისებების მქონე, უკვდავი), ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულის მსგავსი და ქრისტეს

ასაკისა, ე. ი. 33 წლის. და ეს მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისა გარდაიცვალა ადამიანი (ბავშვობაში თუ ღრმად მოხუცებული).

თუმცა შეუძლებელია ითქვას, თუ როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის ხორციელი ბუნება, რამეთუ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია, ამიტომ გამოთქმა - ვიქნებით 33 წლისა, უფრო სრულყოფილების, ქრისტესადმი მიმსგავსების

მაჩვენებელია. შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ აქ საუბარი გადარჩენილ, ანუ ცოცხალ ადამიანზეა.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

 

პასუხები:

- რა განსხვავებაა მონოფიზიტობას და დიოფიზიტობას შორის?

- ჩვენი გადარჩენის (ცხოვნების) მთავარი ქრისტოლოგიური დოგმატი მდგომარეობს იმაში, რომ ძე ღვთისა განკაცდა და იმავდროულად გახდა ძე კაცისა, ჩვენივე მსგავსი ხატი შეიმოისა ერთი განსხვავებით - იგი უცოდველია. როგორც კაცი, იესო

ჯვარს ეცვა, იტანჯა და მოკვდა, ჩვენი ცოდვების სანაცვლოდ, მსგავსით მსგავსი იქნა გამოსყიდული. მართლმადიდებლები ასწავლიან, რომ ქრისტეში შეურევნელად და განუყოფელად არის ორი ბუნება: ღვთაებრივი და ადამიანური; მონოფიზიტები

ასწავლიან ქრისტეში მხოლოდ ერთი - ღვთაებრივი ბუნების შესახებ, რომელმაც შთანთქა მისი ადამიანური ბუნება.

მაგრამ თუ ქრისტეს მხოლოდ ერთი ბუნება აქვს, მაშ ვინ ეწამა ჯვარზე, ვინ მოკვდა, ვინ აღსდგა? ღმერთი - სულ არს (ინ.) სულის ჯვარცმა შეუძლებელია. მაშ ქრისტეს ვნებანი არ იყო რეალური და აქედან - მსხვერპლი არ არის გაღებული.

ამიტომაც წმიდა მამები მონოფიზიტობას მიიჩნევდნენ დამღუპველ მწვალებლობად, ხოლო ქალკედონში გამართულმა მე-4 კრებამ და შემდგომმა კრებებმა ეკლესიისაგან განკვეთა და ანათემა გამოუცხადა მონოფოზოტებს. მსოფლიო საეკლესიო

კრება არ შეიძლება ცდებოდეს, რადგან ეს არის სულიწმიდის ხმა და ეკლესიის თვითშეგნება, ეკლესია კი არის სვეტი ჭეშმარიტებისა (მოც. პავლე).

(მამა რაფაელი - კარელინი)

- გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ტერმინები: წინასწარმეტყველი, მოციქული, ღირსი, მოწამე, აღმსარებელი, ნეტარი?

 

 

- წინასწარმეტყველი ნიშნავს იმას ვინც მომავლის შესახებ ლაპარაკობს

. წინასწარმეტყველნი სული წმიდის ზემოქმედებით ხედავდნენ კაცობრიობის მომავალს, აუწყებდნენ ადამიანებს მომავალი მესიის შესახებ, ამხელდნენ ადამიანთა ცოდვებს, წინასწარმეტყველებდნენ ხალხებისა და სამეფოთა ბედის შესახებ,

განამხნევებდნენ მორწმუნეთ უბედურებისა და განსაცდელის ჟამს.

მოციქულები (გამოგზავნილს ნიშნავს) იყვნენ იესოს მოწაფეები, რომელთაც მსოფლიოს ხალხებს უქადაგეს სახარება.

წინასწარმეტყველნი აუწყებდნენ მომავალი მესიის - მაცხოვრის შესახებ, მოციქულები კი უკვე სოფლად მოსული და განკაცებული მესიის შესახებ.

ღირსად იწოდება ადამიანი, რომელმაც მიაღწია სიწმიდეს მონაზვნურ ღვაწლში, სადაც განსაკუთრებით საჭიროა ნებისყოფა ვნებებთან და დემონურ ძალებთან საბრძოლველად.

მოწამედ იწოდება ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა ქრისტესთვის და სახარებისათვის. მოწამეობა ითვლება მეორე ნათლობად, რომლის დროსაც მოწამე შენდობას ღებულობს ყველა ცოდვაზე.აღმსარებელი არის ის, ვინც დაითმინა ქრისტესთვის წამება, მაგრამ ცოცხალი გადარჩა.

ნეტარი - ამ ტერმინს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ნეტარია ქრისტესთვის სალოსი (შეშლილი) - ის ვინც გონება

შეშლილობის მიღმა ფარავდა ამ სოფლისაგან დიდ ღვაწლსა და ღვთისგანმომადლებულ ნიჭებს.

(მამა რაფაელი - კარელინი)

- არსებობს აზრი, თითქოს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იმას, თუ რომელი აღმსარებლობისა ხარ. ამბობენ - მთავარია გწამდეს და რა მნიშვნელობა აქვს რას იწამებო. როგორ უყურებთ ასეთ აზროვნებას?

- ამგვარად, საერთოდ, ფიქრობენ რელიგიისდამი გულგრილი ადამიანები, რომელნიც სარწმუნოებაში მხოლოდ საზოგაფოების ზნეობის შემკავებენ საშუალებას ხედავენ, ან მხოლოდ აუტოთერაპიად მიიჩნევენ. ის, ვისთვისაც სარწმუნოება სიცოცხლის მომცემი ძალა და ღმერთთან მიმყვანებელი გზაა, ვინც საშინელი ტანჯვის ფასად ეძებს ღმერთს, ვინც გაიარა სულიერი განსაცდელი, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ასეთ ათეისტულ რწმენას: რაც გინდა გწამდეს - ყველა რწმენა კარგია.

ჭეშმარიტება ერთია. ქრისტემ თქვა: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება. ვერავინ მივა მამასთან ჩემს გარეშე. შეადარო ქრისტე ბუდას, მუჰამედს - ნიშნავს უარყო სახარება ე.ი. თვით ქრისტე, ნიშნავს მოიქცე წარმართთა მსგავსად, რომელთაც ააშენეს პანთეონი - ტაძარი ყველა ღმერთებისათვის. როგორ შეიძლება თანასწორი იყოს რელიგიები, როცა ბუდიზმი არ სცნობს პიროვნულ ღმერთს, მუსლიმანობა უშვებს ძალადობას სხვა რწმენის ადამიანებისადმი, ინდუიზმი კი საერთოდ ანადგურებს ადამიანის პიროვნების ცნებას და სამყაროს თვლის გასანადგურებლად

განწირულ ილუზიად. მე უკვე აღარაფერს ვამბობ სატანური რელიგიების შესახებ და მის შესახებ, რაც აპოკალიფსში უსჯულოების საიდუმლოდ იწოდება. ვინც თაყვანს სცემს იეღოვას და ბაალს, ორივე ფეხით კოჭლობს (ილია წინასწარმეტყველის სიტყვები). მოციქული პავლე წერს: რა არის საერთო ქრისტესა და ბელიარს შორის? თუ ყველა რელიგიები კარგია, მაშ რატომღა სწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს მოციქულების სახარების ქადაგებისათვის, ხოლო მოწამენი ითმენდნენ საშინელ ტანჯვას, დევნას, სიკვდილს, ნაცვლად წარმართულ რიტუალებში მონაწილეობის მიღებისა?

(მამა რაფაელი - კარელინი)

- მამაო, საკმარისია თუ არა წელიწადში ერთხელ ზიარება?

- ჩვენ ვნებებით, ცოდვებითა ვართ სავსე, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება ეკლესიაში ხშირი სიარული, აღსარება და ზიარება. იმ შეგნებით, რომ წელიწადში ერთხელ ზიარება საკმარისია, ადამიანი თავს იღუპავს.

(მღვდელმონაზონი გიორგი - ქოჩიაშვილი)

- შეიძლება თუ არა მოძღვართან ერთხელ ვთქვათ აღსარება, შემდეგ კი რამდენჯერმე აღსარების გარეშე ვეზიაროთ?

- აღსარება უდიდესი საიდუმლოა, რომელიც გულისმიერ სინანულს უნდა მოჰყვეს. ეს ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ამიტომ ასეთი მიდგომა აღსარებისა და ზიარებისადმი არ შეიძლება. ადამიანმა ყოველი აღსარება ისე უნდა თქვას, რომ თითქოს ეს მისთვის ბოლო აღსარება იყოს. ქრისტიანი სიკვდილს ყოველთვის თვალებში უნდა უყურებდეს. სიკვდილში, რა თქმა უნდა, სატანჯველი, ჯოჯოხეთი იგულისხმება. არ შეიძლება დაგეგმვა და თქმა - აღსარებას მერე ვიტყვი, ვინაიდან ეს უკვე ეწინააღმდეგება სახარებისეულ სიტყვებს - არა განსცადო უფალი შენი

. რა გარანტია აქვს ადამიანს, რომ დიდხანს იცოცხლებს. განა სიცოცხლე მის ხელშია?!

(მღვდელმონაზონი გიორგი - ქოჩიაშვილი)

- როგორც ვებრძოლოთ მრისხანების ცოდვას?

- ადამიანში მრისხანება ისევე ბუდობს, როგორც ყველა სხვა ვნება. ადამის დაცემის შემდეგ ყველა ადამიანს რატომღაც საკუთარი თავი დიდ რამედ მიაჩნია და ამიტომ მრისხანებს ხოლმე. წმიდა მამები გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია ადამიანი ვინმეს

განურისხდეს, თუკი თავი მასზე მეტი არ ეგონება. ეს ამპარტავნების ერთ-ერთი განშტოებაა. უფალს სიმდაბლე უნდა ვთხოვოთ, შეურაცხყოფა დავითმინოთ და აუცილებლად მოგვეცემა სიმშვიდე. მრისხანების ცოდვა იმდენად მძიმეა, რომ

წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ გვირჩევს: ერიდეთ, განრისხებულნი არ გახვიდეთ ამქვეყნიდან და ძმისმკვლელად არ შეირაცხოთო. გვახსოვდეს, ეს სახუმარო საქმე არ არის.

(მღვდელმონაზონი გიორგი - ქოჩიაშვილი)

- შეგვიძლია თუ არა მიზნის მისაღწევად დავუშვათ ე.წ. მსუბუქი ცოდვები, მაგალითად, ახლობელს ვუთხარით ტყუილი, ცოტა ვაწყენინეთ და ა.შ.

- ყველა ტყუილი ცოდვაა - მცირეც და დიდიც. ადამიანები სწორედ ამაში ცდებიან. მართალია, ცოდვები მომაკვიდენებელ და არამომაკვდინებელ ცოდვებად იყოფა, მაგრამ არამომაკვდინებელი ცოდვები მომაკვდინებელი ხდება მისთვის, ვინც იცის,

რომ ეს ცოდვაა და მაინც სჩადის მას. აქ ისეთს რას უნდა მივაღწიოთ, რომ მისთვის სასუფეველი დავკარგოთ? ეს ყოველივე ჩვენი სისუსტისაგან გვემართება, ხშირად ცეცხლს ვეთამაშებით. მართალია, ცოდვებისაგან ვღებულობთ, მაგრამ დაშვება

იმიმსა, რომ აი, ახლა ამას ჩავიდენ და მერე მაინც მოვინანიებ, ყოვლადდაუშვებელია.

(მღვდელმონაზონი გიორგი - ქოჩიაშვილი)

- რა მნიშვნელობა აქვს დილის და საღამოს ლოცვების კითხვას და უზმოზე სიწმიდეების (ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი) მიღებას?

- ცხოვრების მისტიური მხარე ქრისტიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სექტანტები სწორედ იმიტომ განსხვავდებიან შინაგანად მართლამადიდებლებისაგან, რომ მისტიკურ მხარეს არ აღიარებენ. ისინი გარეგნულები, ზედაპირულები გახდნენ.

სამწუხაროდ, თანდათანობით ეს ჩვენც გვემართება. თუმცა დედა ღვთისა გვიფარავს ქართველებს, საქართველოში დიდი მადლია.თავისი ბუნებით ნაკურთხი წყალი სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი წყლისაგან.დილის ლოცვას რომ ადამიანი ყურადღებით წაიკითხავს, მადლი მთელი დღე თან გაჰყვება. მთელი დღე დაცული იქნება იგი. თავადაც გაუკვირდება, ზოგჯერ ისეთი რამისგან დაიფარავს. ღამის ლოცვა კი ქრისტიანს ძილში იცავს. ეს ლოცვები წმიდა მამებმა სულიწმიდით დაწერეს, ბოლოს კი კრებლად გაკეთდა. ყველას ვურჩევდი, რომ ყოველთვის იკითხონ. თუ უძლურებაში არიან, თუნდაც მწოლიარე მდგომარეობაში წაიკითხონ, ოღონდ კი ლოცვა არ გამოტოვონ.

(მღვდელმონაზონი გიორგი - ქოჩიაშვილი)

- აზიარებს თუ არა ეკლესია ადამიანს, რომელიც ფსიქიკური დარღვევის გამო თავს ვერ აკონტროლებს და ჩაეთვლება თუ არა ცოდვად, თუ ასეთი ადამიანი თავს მოიკლავს?

- ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. მათ საზიარებლად ეკლესიაში საგანგებო ადგილიც კი არსებობს - სტოა. ხოლო თუ ასეთი ადამიანი თვითმკვლელობას ჩაიდენს, მასზე საეკლესიო წესის აღსრულებაც შეიძლება.

- ბოლო დროს მძაფარად გავნიცდი სიწმიდეთა მიმართ ენით უთქმელ მკრეხელურ აზრთა მოძალებას. წამიკითხავს, ეშმაკი ამგვარად მგრძნობიარე ადამიანებს აწვალებს, რათა ისინი სადარდებელში ჩააგდოსო. მართლაც, როცა ასეთ ჟამს ლოცვას

წამოვიწყებ, მაშინვე ამგვარი აზრები მომდის ხოლმე. ხანდახან ხატებთან მიახლებას ვერიდები - მეშინია, ეს მდგომარეობა არ განახლდეს და ღვთის რისხვა არ დავიტეხო თავს. იქნებ ყოველივე ამის საფუძველი თავად ჩემშია? ეს აზრი მოსვენებას

მიკარგავს. მირჩიეთ, როგორ დავუბრუნო სულიერი სიმშვიდე?

- სიწმიდეთა მიმართ ასეთი მკრეხელური აზრების მოძალება ეშმაკისგანაა. ამის დასტურია შფოთისა და ზიზღის შეგრძნება, რომელიც ამგვარ აზრებს სდევს თან. გული ასეთ მკრეხელობებს არ იწყნარებს, გულს ისინი არ სიამოვნებს და ამიტომ მათი არსებობდა ცოდვად არ ითვლება. ასეთი აზრებისადმი ყურადღების მიქცევა, მით უფრო მათთან ბრძოლა ქრისტიანის სიწმდეებთან მიახლებას, ლოცვას, ღმერთთან ერთობას უშლის ხელს. სწორედ ესააეშმაკის მიზანიც. ამ დროს ყველაზე

ეფექტური წამალი მათი სრული უგულებელყოფაა. როცა ბოროტი დაინახავს, რომ მის მიერ მოწოდებული მკრეხელური აზრები უფალთან ერთობაში ხელს ვეღარ გვიშლის, თავს დაგვანებებს.

- დილის ლოცვებში მითითებულია, რომ ქრისტიანმა უნდა ილოცოს მფარველი წმიდანის მიმართ. როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის ჩვენი მფარველი წმიდანი?

- ყველასთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველდღიურად რამდენიმე წმიდანის ხსენებას დღესასწაულობს.

საუკნეების განმავლობაში ტრადიციულად  ასე ხდებოდა: როდესაც ბავშვს ნათლავდნენ, მას იმ წმიდანის სახელს არქმევდნენ, ვისი ხსენებაც იმ დღეს აღინიშნებოდა. თუმცა იყო გამონაკლისები. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ რომელიმე დიდი წმიდანის საპატივცემულოდ ჩვილს მის სახელს არქმევდნენ. მაგალითად,

დავით გარეჯელის შეწევნით დაბადებულ შვილებს მშობლები დავითს არქმევდნენ და ამით მადლიერებას გამოხატავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც წმიდა ნიკოლოზის, სხვა დიდი მამების - წმიდა ბასილი დიდის, წმიდა იოანე ოქროპირის

შემწეობით ამა თუ იმ ოჯახში დიდი სასწაულები ხდებოდა, ამიტომ მშობლები მადლიერებას გამოხატავდნენ იმით, რომ ჩვილს ამ წმიდანის სახელს არქმევდნენ. ამიტომ მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუ ვისი სახელი უნდა ეწოდოს

მონათლულს. თუ ადამიანს ჰქვია ერთი რომელიმე წმიდანის სახელი, მაგრამ, ამავე დროს, სხვა წმიდანის შემწეობასაც გრძნობს, ან თვითონ აქვს მის მიმართ სასოება, დილის ლოცვების წარმოთქმისას მას შეუძლია მფარველი წმიდანის გარდა,

მისი სახელიც მოიხსენიოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წმიდანი ღვთის წინაშეა და ისინი ყველა ქრისტიანისთვის ლოცულობენ.

(დეკანოზი დავით შარაშენიძე)

- თუ ადამიანს არ ჰყავს მოძღვარი, მაგრამ ლოცვებსა და დაუჯდომლებს კითხულობს, მიუტევებს თუ არა უფალი ცოდვებს

და იქნება თუ არა ბოროტისაგან დაცული?

- რა თქმა უნდა, ლოცვას თავისი ძალა აქვს, მაგრამ არსებობს სინანულის საიდუმლო, რომელიც უძველესი დროიდან - ეკლესიის დაარსების დროიდან მოდის. როდესაც იუდეის უდაბნოში წმიდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, მასთან

მიდიოდნენ ადამიანები, აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და მდინარე იორდანეში ინათლებოდნენ. სულიწმიდის გარდამოსვლის დღიდან პირველი ეკლესია დაფუძნდა და ასევე დაარსდა სინანულის საიდუმლოებაც. ამ საიდუმლოებას აუცილებლად აქვს ხილული მხარე, როცა მორწმუნე ადამიანი მოძღვართან აღიარებს თავის ცოდვებს და ლოცვის წაკითხვის შემდეგ მოძღვარი

შეუნდობს მას. მღვდელმსახურის მიერ წაკითხულ შენდობის ლოცვას უდიდესი მნიშნველობა აქვს, ვინაიდან წმიდა წერილი

გვამცნობს - მოძღვრები არიან ადამიანები, რომლებსაც მიეცათ ძალაუფლება უფლის სახელით ცოდვების მიტევებისა - ვისაც მიუტევებენ, მიტევებული იქნება, ხოლო ვისაც შეკრავენ, შეკრული იქნება ცათა შინა.

ასე რომ, აუცილებელია ყველა ქრისტიანს ჰყავდეს მოძღვარი. სულიერი მოძღვრის შერჩევა პიროვნული აქტია, ანუ ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება მისი მოძღვარი, ვის გამოუცხადებს იგი ნდობას, ვისგან მიიღებს რჩევა-დარიგებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს იგი სულიერ მოღვაწეობას, ვინაიდან ყველა ადამიანს სჭირდება გზის გამკვლევი, მასწავლებელი, მამა, რომელიც ეკლესიაში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს, ხელდასხმის ძალით მიღებული მადლით უანგაროდ ემსახურება ეკლესიას და უფლის სახელით მიუტევებს აღმსარებელს ცოდვებს. ამიტომ კარგია, თუ ადამიანი ლოცულობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მან უნდა ამოირჩიოს მოძღვარი, იაროს ეკლესიაში და ამ ურთიერთობით მისი სულიერი ცხოვრება მეტად წამატებული იქნება.

 

(დეკანოზი დავით შარაშენიძე).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / რატომ ავადმყოფობენ ბავშვები…