როგორ ვიცხოვროთ ღვთივსათნოდ, რათა ვცხონდეთ 

 

თანამედროვე სამყაროში ბევრს სურს ცხონდეს, მაგრამ მათ შორის მრავალმა არ იცის, თუ რით დაიწყოს ცხონება. საქმე ისაა, რომ ყველაფერი ბოლოდან უნდა დავიწყოთ, ანუ – სიკვდილის ხსოვნიდან. უფალმა გვიბრძანა: «მიწა ხარ და მიწადვე მიიქეცინ». მართლმადიდებელ ადამიანს, რომელიც წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილ წესებს აღასრულებს, გარდა დოგმატური ჭეშმარიტებებისა (სამპიროვანი ღვთის რწმენა, მისადმი ლოცვა, კეთილ საქმეთა ქმნა), ასევე მოეთხოვება უყვარდეს და მუდამ ახსოვდეს თავისი შემოქმედი, თავისი სულით მიუერთდეს მას, აღასრულოს მისი მცნებები, რომლებიც თუნდაც სულ უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ეხებოდეს.

     ამჯერად სწორედ ამ «წვრილმანების» შესახებ გვექნება საუბარი, რადგან თუ არ დავიცავთ ასეთ «წვრილმანებს», ვერც უდიდეს მაცხოვნებელ მცნებებს აღვასრულებთ. ეს წვრილმანები კი ოთხი სახისაა: 1) როგორ უნდა დავიწყოთ რაიმე საქმე; 2) როგორ გადავაქციოთ საკუთარი საქმეები ღვთის სადიდებლად, 3) როგორ მოვინანიოთ ღვთის წინაშე ჩვენი გულგრილობა, დაუდევრობა და უგულისხმოება ყოველდღიურად ღვთის, მოყვასისა და საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ჩადენილი საქციელებისადმი და 4) გვქონდეს სიკვდილის ანუ ამ ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის მარადიული ხსოვნა.

ყოველი საქმის დაწყებისათვის

     არც ერთი საქმე, თუნდაც უმცირესი და უმნიშვნელო, მანამ არ დაიწყო, სანამ არ მოუხმობ უფალს, რათა სწორედ ის შეგეწიოს ამ საქმეში. უფალმა ბრძანა: ჩემს გარეშე ვერ შეძლებთ ვერაფრის ქმნას, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფლის ნებისა და დაშვების გარეშე ვერაფერს ვიტყვით, და თუნდაც, რაიმეს გააზრებასაც კი ვერ შევძლებთ.

     უფლის ეს სიტყვები სხვაგვარად რომ წარმოვიდგინოთ, ასე ჟღერს: ჩემს გარეშე არანაირი კეთილი საქმის კეთების ძალა არ შეგწევთ და არც უფლება გაქვთ! ამიტომაც ყოველი საქმის კეთების წინ ღვთის მადლმოსილ შეწევნას უნდა მოვუხმოთ ან სიტყვით, ან გონებით: უფალო გვაკურთხე, უფალო შეგვეწიე! მისი დახმარების გარეშე ვერაფერ მარგებელ და მაცხოვნებელ საქმეს ვერ აღვასრულებთ. და თუ მაინც ვაკეთებთ კიდეც რამეს ღვთის მადლმოსილი შემწეობის გამოთხოვის გარეშე, ამით უფრო ჩვენს სულიერ სიამაყეს განვაცხადებთ და უფალს ვეწინააღმდეგებით, ვიდრე სიკეთეს ვიქმთ. ღვთის სახელის მოხმობით კურთხევას ვღებულობთ უფლისგან, რომელიც იტყვის: «მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისათანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით.» მათ კი, ვისაც არ ექნება ღვთის კურთხევის ბეჭედი, იგი ეტყვის: «წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელ გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის». აი, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვთის სახელის მოხმობა და მისგან ლოცვა-კურთხევის მიღება ყოველი საქმისა და წამოწყებისათვის (განსაკუთრებით კი წმიდა წერილის კითხვის, მით უფრო, ლოცვის წინ). ამგვარად, ყოველი უმცირესი საქმის დაწყებისას, სულ ერთია, გატკეპნილ გზას მიუყვები თუ უსწორმასწოროს (ამაში იგულისხმება ჩვენი სხვადასხვაგვარი საქმეები და საქმიანობები) – ყოველთვის მოუხმე უფალს, სხვაგვარად ვერ გექნება კეთილდღეობა, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ყოფითი საქმიანობისას, არამედ ნებისმიერ წმიდა საქმეშიც კი, იმიტომ, რომ ეს ყოველივე სიყვარულის გარეშე იქნება გაკეთებული. ასეთი საქმიანობის ბოლო სამწუხარო იქნება და, წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, შესაძლოა, ცოდვილიც კი იყოს.

     უფლის მივიწყება საშუალებას აღარ გვაძლევს, გაგვახსენდეს იგი და მოვუხმოთ მის მადლმოსილ შემწეობას არა მხოლოდ მნიშვნელოვან და მაცხოვნებელ საქმეებში, არამედ უმცირეს საქმეში, სიტყვასა და აზრებში. მეტად სასტიკი ხვედრი გველის ჩვენ, უფლის დამვიწყებლებს!

     მაგრამ მათ, ვისაც ახსოვს უფალი და მის სახელს მოუხმობენ, ღმერთი იერემია წინასწარმეტყველის პირით ანუგეშებს: «მოვიხსენიებ მათ, ვინც ახსენებს ჩემს სახელს». ღვთის ხსოვნა ნიშნავს არა იესოს სახელის უბრალოდ გახსენებას, არამედ მის ლოცვით მოწოდებას.

    ჩვენს მცონარებასა და თავდავიწყებას ეშმაკებიც ხელს უწყობენ. ისინი ყველგან ბუდობენ: მიწაშიც მკვიდრობენ და ჰაერშიც, ცისქვეშეთშიც და ჯოჯოხეთშიც. ისინი ადამიანის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ, რათა ადვილად გადააცდინონ ჭეშმარიტ გზას. იმის გამო, რომ ხშირად ვივიწყებთ უფალს, ეშმაკები გვიახლოვდებიან და გარემომცველი ჰაერივით გარს გვერტყმიან. ისინი ჩვენს სხეულს და, ღვთის დაშვებით, ზოგჯერ ჩვენს აზრებსაც კი ეხებიან; მაგრამ ქრისტეს ჯვრის ძალისადმი რწმენით ჩვენ შეგვიძლია, მზაკვრის ყველა ისარი განვაქარვოთ.

 

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა ნათია თარაშვილმა

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / როგორ ვიცხოვროთ ღვთივსათნოდ, რათა ვცხონდეთ