როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდა?

 

     საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდა. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ბავშვი ქვეყანას მოევლინება, საკმაოდ დიდხანს მხოლოდ გარეგნულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ბავშვს კარგა ხანს ისე უყურებენ, თითქოს სასაცილო კნუტი იყოს, რომელსაც არ შეუძლია სულიერი შეგრძნებების აღქმა. ასეთი მშობლები თვლიან, რომ 2-3 წლამდე ბავშვის გონება ჯერ კიდევ არ არის იმდენად განვითარებული, რომ აღიქვას და შეითვისოს სულიერი საგნები. ამგვარი შეხედულება მცდარია და ეწინააღმდეგება როგორც მეცნიერებას, ისე ქრისტიანულ სწავლებას. ფსიქოლოგიამ დაადგინა, რომ ბავშვს დაბადებისთანავე ძალუძს მრავალი რამის აღქმა და მიღება. ერთ-ერთი მეცნიერის აზრით, ბავშვის სული მგრძნობიარე კინოფირს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ აფიქსირებს ყველა შეგრძნებას. ბავშვი ჯერ კიდევ აკვანში წევს, მისი სული კი უკვე შთაბეჭდილებებს აგროვებს, იჭერს ხმებს, ინტონაციებს, მზერას და მშობლების სულიერ განწყობილებასაც კი.

     ამ შთაბეჭდილებებიდან, მისი გონებისაგან დამოუკიდებლად, განუწყვეტლივ ყალიბდება ბავშვის ქვეცნობიერება. და ყველაფერი ის, რასაც იგი დღითიდღე აღიქვამს, მისი პიროვნების ნაწილი ხდება და მისი შინაგანი სამყაროდან ძნელად თუ ამოშლი მიღებულ შთაბეჭდილებებს. გარდა ამისა, თანამედროვე ფსიქოლოგია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადრეული ბავშვობის ამგვარ ქვეცნობიერ შთაბეჭდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მომდევნო განვითარებისათვის. მაგალითად, ზრდასრულ ადამიანებში ზოგიერთი სულიერი დაავადება ადრეული ასაკის ავადმყოფური შთაბეჭდილებებით აიხსნება. აი რატომაა, რომ მშობლები ჩვილის პირველივე შთაბეჭდილებებს უდიდესი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ, ვინაიდან შობის მომენტიდანვე მასში ჩამოყალიბებას იწყებს არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც.

     სწორედ ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოებაც. სახარებაში ვკითხულობთ: «და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაითა ხელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი იგი მოჰგურიდეს. ვითარცა იხილა იესო, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა ყრმაი, ვერ შევიდეს მას. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ხელთა და აკურთხევდა მათ» (მარკ. 10. 13-16). ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბავშვებს «მოჰგურიდნენ» მასთან, ე.ი. ისინი მეტად პატარები იყვნენ და ხელით მიჰყავდათ, რადგან დამოუკიდებლად ვერ მივიდოდნენ. მოწაფეები არ უშვებდნენ ქრისტესთან ასეთ პატარა ბავშვებს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ჩვენი თანამედროვე მშობლების მსგავსად ფიქრობდნენ, რომ ჩვილებს არ ჰქონდათ რაიმე სულიერის მიღების უნარი. მაგრამ, როგორ მიიღო ეს მაცხოვარმა? მან უსაყვედურა მოციქულებს. მან უთხრა მოციქულებს: «აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი. ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაი, ვითარცა ყრმაი, ვერ შევიდეს მას». სხვა სიტვებით რომ ვთქვათ, ბავშვები უფროსებზე მეტად არიან სიკეთის მიმღებნი, სიყვარულისა და მადლისა, ისინი ინსტიქტურად მიისწრაფიან უფლისაკენ. შემდეგ ქრისტემ გულში ჩაიკრა და აკურთხა ბავშვები. აქედან ცხადია – ქრისტე ასწავლიდა, რომ რელიგიური აღზრდა უნდა დაიწყო უადრესი ასაკიდანვე. ეკლესიის სულიერი გამოცდილება გამოხატულია წეს- ჩვეულებებში, რომლებიც ბავეშვებთან არის დაკავშირებული. ბავშვს დაბადებისთანავე მართლმადიდებელი ეკლესია ხვდება განსაკუთრებული ლოცვებით: პირველ დღეს, მერვე დღეს – სახელის დარქმევით და მეორმოცე დღეს – გაეკლესიურებით. ეს ლოცვები შეიცავს ბავშვის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის თხოვნას და მის დალოცვას. (განათლებას) ზევიდან. ნათლობის შემდეგ ეკლესია განაწესებს ბავშვის რაც შეიძლება ხშირ ზიარებას, ტაძარში ტარებას, წმიდა ხატებზე მთხვევას. ეს ყოველივე ზედმეტი იქნებოდა, ბავშვი სულიერი შეგრძნების მიმღები რომ არ იყოს.

     ამგვარად, სულის აღზრდისა- თვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი – ადრეული ბავშვობის წლებია. კერძოდ, ბავშვობის წლებში ყალიბდება ადამიანის ზნეობრივი სამყარო. ბავშვის სული 6-7 წლის ასაკამდე რბილ თიხას ჰგავს, რომლიდანაც შეიძლება მისი მომავალი პიროვნება გამოიძერწოს. ამ ასაკის შემდეგ ადამიანის მთავარი ნაკვთები უკვე ჩამოყალიბებულია და მათი გადაკეთება ძალიან ძნელია. ამიტომ შესანიშნავად იქცევიან ის მშობლები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ ბავშვებს ეკლესიის მიერ ძველთაგანვე დადგენილ რელიგიურ ადათ-წესებს. მაგალითად, როცა დედას ბავშვი ხატებთან მიჰყავს, როცა ძილის წინ ჯვარს სახავს, ან როცა დაღლილობის მიუხედავად, ხელში უჭირავს ღვთისმსახურების განმავლობაში, ან ლოცულობს მის საწოლთან. სწორედ ამაში ვლინდება მშობლის ქრისტიანული მზრუნველობა ბავშვზე ადრეულ ასაკში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდა?