საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი

დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

 

"ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკციებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდეთ აღსაშენებლად თავისა თქუენისა სიყუარულით" (ეფეს. 4.15-16), - ამბობს მოციქული ერთა პავლე, და მართლაც ერთი სამწყსოა და ქრისტეს ერთი სხეულია, და ასევე იწოდება ღვთისმიერი ქვეყანასა ზედა ეკლესია მისი სულიერი ერთიანობის გამო, და არანაირი, რა თქმა უნდა, გზით არ შეუშლია ხელი ამას, არც პირველ და არც მის შემდგომ საუკუნეებში, სტრუქტურისათვის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, შინაგანად თვითმმართველნი, თავიანთივე მწყემსმთავართაგან და მოძღვართაგან და ქრისტეს სახარების მსახურთაგან მართულნი არიან და შეადგენენ ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

 

ასეთივეა კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმიდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი განმგებლობა და შესაბამისად, საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც. რწმენაში სიმტკიცისა და ეკლესიური ცხოვრების მრავალი და შესანიშნავი მაგალითის მაჩვენებელი, იგი დღესაც შეუნელებლად და უცვლელად იცავდა და იცავს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებებს და მის მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებებს. ამჟამად კი, თავის განმგებლობაში კანონიერების მსურველი, ყველა წმიდა მსგავსი აღმსარებლობის ეკლესიებთან მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობებში და სამსახურში მყოფი მიმართავს, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ჩვენს ეკუმენურ საპატრიარქო ტახტს და ითხოვს კურთხევას და მტკიცებას თავისი თვითმმართველობითი სტრუქტურისა. რამეთუ ასე შეთანხმებულმა, ვითარცა ვაზმა განუყოფელი ღვთის ვენახისა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კანონიერ პლეადაში მყოფმა, განაგრძოს აყვავება ქრისტეს სხეულისა.

 

ეს ღირსებით სავსე მიმართვა და თხოვნა სიყვარულით მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა წმიდა და კურთხეულმა სინოდმა, ვინაიდან ჩვენი ეკუმენური ტახტი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სამართლიანი უფლებებისა და სტატუსის მომთხოვნ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიებს; ხელი ჩასჭიდოს მათ და დაეხმაროს დროის აუცილებლობით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში, რამეთუ, თანახმად მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ცხოვრებისა და წესისა, ღირსეულად მოპოვებულმა მისმა ავტორიტეტმა აღავსო ავტოკეფალური მმართველობის მინიჭების უფლების უპირატესობით და ჩამოუყალიბა გარკვეული ადმინისტრაციული უფლებები. ამდენად, ჩვენი უმდაბლესი და ჩვენი კურთხეული მიტროპოლიტები, ყოვლადპატივდებულთა თანა სულიწმიდის მიერ ჩვენს ძმებთან და თანამწირველებთან ერთად განიმსჭვალა აზრით და სიამოვნებით იწონებს, რომ პატაკად ამომავალი წმიდა და დიდი მსოფლიო კრებისა, ჩვენმა უპირველესმა ტახტმა, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აკურთხოს, ცნოს და დაამტკიცოს საქართველოს წმიდა ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებელი სტრუქტურა. იგი მუდამ გარანტირებული და ხელშეუხები იქნება ჩვენი წმიდა რწმენისა და საეკლესიო კანონიკური წესის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობაში.

 

სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმიდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმიდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურით და ორგანიზებით, რაც უძველესი დროიდან გააჩნდა და რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: "... ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმიდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი, გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქმნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა" (იხ. Γ.Α. Παλλη - Μ. Ποτλη, Συνεαγμα των θειων Ιερων κανονων, Αθηνησιν 1852, τωμ. Β. σελ. 172). მივიჩნევთ, რომ იგი ჩართულია და არის ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიათა პლეადაში და ვადასტურებთ, ამასთანავე, იმას, რომ იგი სახელდებულია, როგორც "წმიდა ავტოკეფალური ეკლესია სრულიად საქართველოისა". ვცნობთ მას როგორც ჩვენს სულიერ დას, რომელიც უფლებამოსილია მართოს და აწარმოოს საქმენი დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, თანახმად წესისა. სხვა ადგილობრივ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კანონიერი უფლებებით მოქმედს მეთაურად ჰყავს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, და კანონიკური და საეკლესიო წესის თანახმად, აღიარებს და პატივს სცემს ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პირველადობას, და ვითარცა თავის უმაღლეს მმართველობით ორგანოს, სცნობს საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართაგან შემდგარ სინოდს, რომლის თავჯდომარეც არის მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათაოლიკოსი სრულიად საქართველოისა.

 

ჩვენს უწმიდეს სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტთან, ასევე, ყოველ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან სულიერი და კანონიკური ერთიანობის დაცვის მიზნით, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა მოვალეა მათ მეთაურებს აცნობოს მისი არჩევა და აღსაყდრება სამშვიდობო საინტრონიზაციო ეპისტოლეებით. წარმოაჩინოს ამასთანავე, აღმსარებლობა და დასტური მისი და მისდამი რწმუნებული წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ შეუბღალავად დაიცავს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობას, და ამასთანავე, მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო და წმიდა კანონებსა და წესებს; რიგის მიხედვით მოიხსენიებს წმიდა დიპტიხში სახელს ყოველთა მსოფლიო პატრიარქისა და სხვა უწმიდეს პატრიარქთა და წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების უნეტარეს განმგებელთ. რაც შეეხება წმიდა მირონის საკითხს, დაცული იქნება ამასთან დაკავშირებით დადგენილი საეკლესიო წესი, რათა ხილულად და უხილავად შედგეს და განცხადდეს შინაგანი და გარეგანი განუყოფელი ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიისა.

 

ამასთანავე, ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებათა დროს, რომელნიც ავტოკეფალური ეკლესიების საგანმგებლო საზღვრებში იჩნენენ თავს, ხოლო საყოველთაო განსჯასა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისა მიმართოს ჩვენს უწმიდეს მსოფლიო საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს, ჭეშმარიტი სიტყვის მართლმკვეთელთ და, თავისივე თხოვნის შესაბამისად, მიიღებს მისგან სარწმუნო აზრსა და შეხედულებას მისას და ძმური ეკლესიებისას.

 

ამრიგად, ჩვენს მუდმივ, სრული შემადგენლობის, წმიდა და კურთხეული სინოდის 1990 წლის 23 იანვრის სხდომაზე ნაფიქრს, განსჯილს და სინოდურად ჩვენს მიერ დამტკიცებულს რომ მტკიცედ დავიცავთ, ვადასტურებთ ამ საპატრიარქო და სინოდური სიგელით, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია ჩვენი წმიდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის წესდების თანახმად, ზუსტად და უცვლელად. ვაუწყებთ და ვუგზავნით მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსს სრულიად საქართველოისა, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამწირველს უფალ ილიას, სრულიად საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კურთხეული სინოდის თავჯდომარეს და როგორც წესია, აგრეთვე ეკლესიური კანონიკის მიხედვით მოქმედ და გამოცხადებულ მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს, დასაცავად და განსამტკიცებლად სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა.

 

უფალი ღმერთი ჩვენი, მადლითა და წყალობითა პირველისა, დიდისა და უმაღლესისა მღვდელმთავრისა ქრისტე ღმერთისა ჩვენისა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისა, მარად-ქალწულისა ღმრთისმშობლისა მარიამისა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა იოანესი, წმიდათა და დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდა მოციქულთასწორის ნინოსი და ღირსთა და ღვთივდაცულ მამათა ჩვენთა, განამტკიცებს და დაიცავს წიაღსა ერთი წმიდა და კათოლიკე ეკლესიისასა, ძმურ ავტოკეფალურ ეკლესიასა სრულიად საქართველოისა, და წარუძღვება და ააყვავებს მას სადიდებლად წმიდისა სახელისა თვისისა, ნუგეშად მორწმუნე მრევლისა მისისა და სიხარულად ჩვენი წმიდა სამოციქულო მსოფლიო ტახტისა და ყოველთა მოძმე მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა.

 

მაცხოვრისმიერსა წელსა 1990, თვესა იანვარსა /25/

 

საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისათვის საპატრიარქო ტიტულის ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება

 

დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

 

რამდენადაც, მრავალსაუკუნოვანი წესის თანახმად, ჩვენი უწმიდესი სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტი ინარჩუნებს კანონიერ უფლებას ჩაერიოს ღვთის წმიდა ეკლესიათა მოთხოვნილებებში, გამოიჩინოს გარკვეული მზრუნველობა და დააკმაყოფილოს ისინი, ამიტომ ჩვენი უმდაბლეოსობა, ჩვენს კურთხეულ და ყოვლადპატივდებულ მიტროპოლიტებთან მსჯელობის შედეგად, საეკლესიო კანონმდებლობიდან გამომდინარე, განიმსჭვალა აზრით, რომ საქართველოს უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვითარცა ავტოკეფალურსა და დამოუკიდებელს, მართლმადიდებელ ეკლესიათა სისტემაში შემავალსა და თვითმმართველს, მიეცეს ძმური თანხმობა და აღიარება ჩვენი უწმიდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან მასზედ, რომ საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებულ იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით. როგორც ადრიდანვე იხსენოებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული - "მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი", ასევე იხსენიებოდეს ამიერიდანაც მართლმადიდებლურ საღმრთო და წმინდა განგებებში.

 

ღრმად დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ჩვენი წმიდა და ქრისტეს დიდი ეკლესიის განსჯის და მისი წმინდა სინოდის დადგენილებას გაიზიარებენ და მხარში დაუდგებიან უნეტარესნი პატრიარქნი და განმგებელნი ღვთის ყოველი წმიდა ეკლესიისა და მიღებული იქნება ერთსულოვანი თანხმობა საქართველოს მოძმე ეკლესიის საპატრიარქო ღირსების აღიარების შესახებ. გამოვთქვათ ჭეშმარიტ იმედს, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შენებას, ეკლესიის სიძლიერეს და წინსვლას.

 

სიხარულით ვაუწყებთ ყოველივე ამას ჩვენთვის ძალზე საყვარელ და ყოვლადღირსეულ თქვენს უნეტარესობას, თქვენს ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, მორწმუნე წმიდა სამღვდელოებას, საქართველოს საპატრიარქოს ღვთისმოსავ და მორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს.

 

ვეამბორები თქვენს საყვარელ უნეტარესობას ძმური ამბორით, მივმართავთ თქვენს ქრისტესმოყვარე მრევლს ჩვენი პირველმღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით და ვითხოვთ ყოველთათვის მადლსა და უსაზღვრო წყალობას უფლისას.

 

 

ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", №1, 1990 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი