სრულიად საიდუმლოდ 

 

«არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს”

     რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკებისათვის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. ეს ბრძოლა მხოლოდ სასულიერო პირების დახვრეტა გადასახლებით, ტაძრების დარბევითა და დახურვით არ შემოიფარგლებოდა. მათ სხვა უფრო ვერაგულ ხერხს მიმართეს, მოაწყვეს საეკლესიო განხეთქილება. მხარი დაუჭირეს ჯგუფს, რომელიც ცდილობდა საეკლესიო პრაქტიკაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიუღებელი სიახლეები დაენერგა. ამ ჯგუფს, განმაახლებლებს (ობნოვლენცებს) უწოდებდნენ.

 

     90-იან წლებში გამოქვეყნდა საიდუმლო მასალები, რომლებიც ცხადყოფდნენ ტოტალიტარული ხელისუფლების ჩარევას ეკლესიის საქმეებში. როგორც ქვემოთ მოტანილი ციტატებიდან დავინახავთ, საეკლესიო განხეთქილებას (სქიზმას) მართლმადიდებელ ეკლესიაში აქტიურად უწყობდა ხელს ბოლშევიკური სპეცსამსახური. ამის მიზეზი არ გახლდათ მხოლოდ ის, რომ სქიზმატები თავიანთი ლიბერალური მსოფლმხედველობის გამო ბოლშევიკებისთვის იმ მომენტში უფრო მისაღები იყვნენ. «ჩკ-ს1 მავნებლურ პოლიტიკას სხვა არანაკლები მიზეზიც ჰქონდა. ბოლშევიკებს კარგად ესმოდათ, თუ რამდენად მტკივნეულია ეკლესიისათვის განხეთქილება, რადგან მათ განათლება მეფის რუსეთის გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული, სადაც გაეცნენ საღვთისმეტყველო საგნებს, ზოგიერთ მათგანს სასულიერო სემინარიაც კი ჰქონდა დამთავრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, შემდგომში ისინი ეკლესიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ.

 

     ცხადია, საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც სქიზმას უჭერდა მხარს, შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. ისინი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ამისათვის არც სახსრებს და არც სხვა საშუალებებს არ იშურებდნენ. ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ბოლშევიკური ხელისუფლების არა რიგითი წარმომადგენლები, არამედ ლიდერები: ძერჟინსკი, ტროცკი, მოლოტოვი და სხვ. ამ კამპანიას უშუალოდ კურირებდა «ჩკ-ს საიდუმლო განყოფილების უფროსი ტუჩკოვი. ინსტრუქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ეკლესიას «ჩკ გამიზნულად ისეთ დარტყმებს აყენებს, რომელიც ყველაზე უფრო მტკივნეულია მისთვის. დოკუმენტებიდან ცხადია, თუ როგორი სიხარულით ელიან ბოლშევიკები, რომ საეკლესიო ერთიანობის დარღვევით მოხდება ეკლესიის ორგანიზმის «პარალიზება.

 

     ბევრს აკეთებდა საბჭოთა ხელისუფლება საიმისოდაც, რომ სასულიერო პირებისათვის სახელი გაეტეხა. ცილისწამების კამპანია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამ მიზნისთვის აქტიურად იყენებდნენ პრესას. ბრძოლის იგივე მეთოდის გადმოტანას ცოტა მოგვიანებით საქართველოს ეკლესიაშიც შეეცადნენ (ჩვენ შევეცდებით მომავალ ნომრებში მოგითხროთ ამის შესახებ) სამწუხაროდ, სპეცსამსახურების არქივების მასალები საქართველოსთან მიმართებაში ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა უეჭველია, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოსათვის იგივე, ოღონდ სხვა სახელებითა და გვარებით ჩანაცვლებული ინსტრუქციები გამოიყენებოდა. დაკვირვებული მკითხველისთვის ქვემოთ მოყვანილი ციტატები საინტერესო წყარო იქნება განსჯისათვის. ხაზგასმები და სქოლიოები ტექსტში ჩვენია.

პოლიტბიუროს ცკ-ს ყველა წევრს, ასლი «პრავდის რედაქციას, ასლი «იზვესტიის რედაქციას, ამხ. ლენინს

     სამღვდელოების ლოიალური ჯგუფის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ანტონი, «პრავდაში უმნიშვნელო შენიშვნაა დაბეჭდილი, «იზვესტიაში კი _ სრულიად არაფერი. ვშიშობ, რომ პრესა ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს ამ დოკუმენტს. ამჟამად უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განმაახლებლური სამღვდელოება არ აღმოჩნდეს ტერორიზებული ძველი საეკლესიო იერარქებისაგან. სახელმწიფოსაგან ეკლესიის ერთხელ და სამუდამოდ გამოყოფა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის სულერთია ის, თუ რა ხდება ეკლესიაში.

14.05.1922 ლ. ტროცკი

 

     P.S. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ «პრავდისა და «იზვესტიის რედაქციები ჯეროვან ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც ხდება ეკლესიაში და მის გარშემო. ლ. ტროცკი სრულიად საიდუმლოდ ცკ-ს საიდუმლო დეპეშიდან

     საჭიროა «განხეთქილების ჩამოგდება უფრო სწორედ, სამღვდელოებაში, უკვე არსებული განხეთქილების გაღრმავება და გამწვავება...

 

     ჩვენ აგიტაცია უნდა ვაწარმოოთ იმ ძირითადი ფაქტიდან გამომდინარე, რომ მღვდლები მიგვაჩნია არა როგორც რომელიმე რელიგიის ქურუმებად, არამედ მოქალაქეთა ჯგუფად, რომელსაც სახელმწიფომ გარკვეული პირობებით მიანდო ფასეულობა.

 

 

 

     მოქალაქეთა ამ ჯგუფში განხეთქილებაა. მათი ერთი ნაწილი, მიუხედავად ცრურწმენისა (რომელიც ჩვენთვის ამჟამად საინტერესო არ არის) აუცილებლად მიიჩნევს ამ ფასეულობის მშიერთა დასახმარებლად გადაცემას, მეორე ნაწილი კი _ «ეკლესიის თავადები _ ხარბნი, მტაცებელნი და გარყვნილნი, ხალხის მოწინააღმდეგენი ქვედაფენების ტერორის გზით ყოველნაირად იბრძვიან ამის წინააღმდეგ. აგიტაციის ამოცანაა ამ დაბალი ფენების მხარდაჭერა მაღალი ფენების წინააღმდეგ, საჭიროა მათ ვაგრძნობინოთ, რომ სახელმწიფო უფლებას არ მისცემს მაღალ ფენებს აწარმოოს ტერორი დაბალი ფენების წინააღმდეგ, რადგანაც ისინი მიისწრაფიან მუშურ-გლეხური ხელისუფლების დეკრეტების შესრულების უზრუნველყოფისაკენ. კიდევ ერთი: პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიის მეთაურნი იზოლირებულ იქნენ, კომპრომენტაცია გაუწიონ მათ მშიერთათვის არდახმარების კონკრეტულ შემთხვევაზე და შემდგომ აგრძნობინონ მშრომელთა სახელმწიფოს სასტიკი ხელი, რომელიც სჯის მას, ვინც მის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს.

დადგება ეკლესიის პარალიზების პერიოდი

რკპ-ის ცკ-ს მდივანი მოლოტოვი მოხსენებიდან ტიხონოვშჩინის შესახებ

     ამოცანა, რომელიც ხუთი თვის წინ სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მუშაობას დაედო საფუძვლად, იყო: «ბრძოლა ტიხონის მომხრე რეაქციულ სამღვდელოებასთან, პირველ რიგში რაღა თქმა უნდა უმაღლეს იერარქებთან: მიტროპოლიტებთან, მთავარეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებთან და ა. შ.

 

     ამ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა ჯგუფი, სახელად «ცოცხალი ეკლესია, რომელიც უმეტესწილად თეთრი სამღვდელოებისაგან  შედგებოდა, რამაც საშუალება მოგვცა მღვდლები დაგვეპირისპირებინა ეპისკოპოსებთან, ისევე როგორც ჯარისკაცები გენერლებთან...

 

     ეს გარემოება ჩვენ გავითვალისწინეთ და სწორედ ამით დავიწყეთ დასახული ამოცანის განხორციელება.

 

     უამრავი სტატიის, მოწოდების, სიტყვით გამოსვლებისა და სხვათა გარდა, რომელშიც დაგმობილი იყო ტიხონის მომხრე ეპისკოპოსების პოლიტიკა და თავად ტიხონი, მღვდლებმა საკუთარ ხელში აიღეს რა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება, აღნიშნული ამოცანის რეალურ განხორციელებას შეუდგნენ... ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ე. ი., როცა განადგურდება და დისკრედიტირებული იქნება ტიხონოვშჩინა, რომელსაც დღემდე ჯერ კიდევ წამყვანი მდგომარეობა უკავია, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ დადგება ეკლესიის პარალიზების პერიოდი. რაც აუცილებლად უნდა მოხდეს საეკლესიო კრებაზე. ვგულისხმობთ გაყოფას რამდენიმე საეკლესიო ჯგუფად, რომელთაგან თითოეული თავისი რეფორმის გატარებას შეეცდება.

     სრულიად საიდუმლოდ

ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის დეკრეტის განმახორციელებელი კომისიის მეორე სხდომის ოქმიდან

 

დაადგინეს: ა) უფრო ძლიერი აქცენტი გაკეთდეს ცოცხალი ეკლესიის დაჯგუფებაზე... ზ) ვურჩიოთ მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს კარგად წარმართოს მღვდლების კომპრომენტაცია აქ და ადგილებზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩისათვის

     მიღებული ზომების შედეგად შესაძლებელი გახდა შეგვეჩერებინა, თუნდაც დროებით, დაპირისპირება განმაახლებლურ დაჯგუფებებს შორის, რათა ტიხონოვშჩინის წინააღმდეგ შექმნილიყო საერთო ფრონტი... ამ ზომების მიზანია პირველ რიგში საეკლესიო განხეთქილების შემდგომი გაღრმავება. ეკლესიის გახლეჩისათვის გაწეული მუშაობა მოითხოვს სახსრებს, რომლებიც კომისიას უნდა გამოეყოს.

«მრევლში განხეთქილება დაითესოს »ანტირელიგიური კომისიის თავმჯდომარის, პოპოვის მოხსენებიდან, რომელიც ეხება ტიხონის მიმდევართა კონტრრევოლუციურ ბრძოლას. ... გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ წინა ანგარიშში, ადგილებზე მიცემულია დირექტივები საიმისოდ, რომ მრევლში განხეთქილება დაითესოს. ახლო მომავალში... ჩვენს მიერ მიღებული ზომების შედეგად შესაძლებელი გახდება კონტრრევოლუციის აქტიური ქომაგების მნიშვნელოვანი ჯგუფის ამოღება ეკლესიიდან. (სტილი დაცულია _ ავტორი)

განმაახლებლები რელიგიური საკითხებით უნდა დაკავდნენ

     კომისიამ ყურადღება მიაქცია, რომ პროვინციებში არსებული მრავალრიცხოვანი «განმაახლებლური ორგანოები, რომლებიც ჩვენს ხარჯზე არსებობენ... იმის მაგივრად, რომ იბრძოდნენ საეკლესიო კონტრრევოლუციის წინააღმდეგ, დაკავებულნი არიან მისტიკითა და საეკლესიო სწავლების გაღრმავებით. ამ მავნე გადახრასთან საბრძოლველად სასურველია უმეტესი ორგანოების დახურვა... საჭიროა მკაცრი ცენზურა მათი მიმართულების რეგულირებისათვის საეკლესიო პოლიტიკის შესაბამისად. 12.12.1922

 

 

 

     1925 წლის 11 ნოემბრის #66 ოქმიდან დღის წესრიგი: 1) ტიხონის სიკვდილთან დაკავშირებით შემდგომი საეკლესიო პოლიტიკის შესახებ... დაადგინეს: ა) დაევალოს ამხანაგ ტუჩკოვს, დააჩქაროს ტიხონის მომხრეთა შორის დაგეგმილი განხეთქილება. ბ) ...»იზვესტიაში გამოქვეყნდეს პეტრეს (პატრიარქის მოსაყდრის) მაკომპრომენტირებელი სტატიების სერია.

დავალება: პატრიარქის მოსაყდრეობაზე პრეტენზიის მქონეთა შორის განხეთქილების ჩამოგდება

#72 ოქმიდან... 24 აპრილი 1924 წ.

     სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განყოფილების მიერ წარმოებული ღონისძიებანი «ცერკოვნიკების ტიხონოველთა ნაწილის დაშლისათვის შეფასდეს სწორად და მიზანშეწონილად. მიტროპოლიტ სერგისა (პეტრეს მიერ დანიშნული დროებით თანამოსაყდრედ) და მიტროპოლიტ აგათანგელოსს შორის, რომელსაც აქვს პრეტენზია პატრიარქის მოსაყდრეობაზე, ჩამოვარდეს განხეთქილება. ამასთან, გაძლიერდეს ტიხონის მესამე იერარქია - დროებითი უმაღლესი საეკლესიო საბჭო მთავარეპისკოპოს გრიგოლის მეთაურობით, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. აგათანგელოსის სიტყვა მორწმუნეთადმი, თანამოსაყდრის მოვალეობების საკუთარ თავზე აღების შესახებ, მიჩნეულ იქნას დროულად და მიზანშეწონილად.

* * *

     ისტორია ბევრი რამითაა საგულისხმო. იმდროინდელი სქიზმატების აბსოლუტური უმრავლესობა ისე ჩავიდა მიწაში, რომ ბოლომდე ეჭვიც არ ჰქონდათ, რა ძალების მარიონეტები იყვნენ. თუ ღვთის შეწევნა არ იქნა, ეს ყველას შეიძლება დაემართოს.

 

     ეკლესიის მტრებისათვის მთავარია განხეთქილება, არეულობა ეკლესიაში, ამიტომ სქიზმისა, თუ შფოთის საბაბს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათთვის სულერთია, რა იდეით მოხდება იგი _ ლიბერალიზმის, თუ ცრუკონსერვატული ურამართლმადიდებლობის გამო, რაც ეკლესიისთვის ერთნაირად უცხოა . მ ართლმ ადიდე ბლობ ის მოწინააღმდეგეებს ხელს აძლევს ის ლოზუნგი, რომელიც უკეთ «იმუშავებს და საეკლესიო შფოთში მეტ ხალხს ჩაითრევს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / სრულიად საიდუმლოდ