სულის მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ

 

     ადამიანი სულისა და სხეულის ერთიანობაა. როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდება და ეს ერთობა ირღვევა, ადამიანი კვდება; მაგრამ ვიცით ისიც, რომ სიკვდილს მხოლოდ სხეული ემორჩილება, რომელიც «მიწაა და მიწადვე მიიქცევა; ხოლო სული სხეულის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. მაშ, რა ელის ადამიანის სულს გარდაცვალების შემდეგ?     უფალი არის ღმერთი არა მკვდართა, არამედ ცოცხალთა: «რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე (ლუკა 20, 38). ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული მიწას უბრუნდება, სული კი მრთელია და უკვდავი რჩება: «მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა (ეკლ. 12, 7). იოანეს გამოცხადება გვარწმუნებს, რომ ადამიანის სული სხეულის გარდაცვალების შემდეგ არ კვდება, არამედ ცოცხალი რჩება. როდესაც ეს ერთობა ირღვევა, იგი სხეულთან ერთად არ კვდება, «მსუბუქ ქროლვასავით არ გაიფანტება (სიბრძნე სოლომონისა, 2, 3), არამედ «ზევით მიილტვის (ეკლ. 3, 21). ბუნებრივია, ძალებს, რომლებიც სხეულს კლავენ და მის გრძნობით ორგანოებს ანგრევენ, სულის მოკვდინება და მისი აზრებისა და სურვილების განადგურება არ ძალუძთ. სულის უკვდავების ჭეშმარიტება ნათლად ცხადდება როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში. ძველ აღთქმაში სიკვდილს ჰქვია «შეერთო თავის ერს (დაბ. 49, 33), «შთასვლა ჯოჯოხეთში (დაბ. 37, 35), «განსვენება (3 მეფეთა 2, 10). ახალ აღთქმაში ადამიანი საერთოდ მოიაზრება, როგორც უფრო მეტად მომავლის, ვიდრე ახლანდელი ჟამის მცხოვრებად, და მთელ იმედებს, მადლის მოპოვებას მომავალში იმედოვნებს. იესო ქრისტე ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას: «რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცხოველთაი, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე (ლუკა 20, 38). პავლე მოციქული ამტკიცებს, რომ მთელი ჩვენი რწმენა ამაო იქნებოდა და ჩვენ ყველაზე უბედური არსებანი ვიქნებოდით სამყაროში, უკვდავება რომ არ ყოფილიყო: «უკეთუ აღდგომაი მკუდართაი არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ესე თქუენი. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათვის, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდვილვე მკუდარნი არა აღდგებიან. რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი; ცოდვათავე სამე-ღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. და შესუენებულნიცა იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ. უკუეთუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალოეს ყოველთა კაცთაისა ვართ (1. კორ. 15, 13-19). სულის მდგომარეობა სიკვდილის საზღვრებს სცილდება, სადაც მას გადააქვს ყოველივე ის, რასაც მიჩვეული იყო დროებით ცხოვრებაში. გადააქვს აზრთა ის სახეობანი, ის წესები და მიდრეკილებანი, რომლებიც მიწაზე ჰქონდა.

     ადამიანის სულს შეუძლია არსებობა სხეულის გარეშე მისი გარდაცვალების შემდგომაც. ღვთაებრივი გამოცხადება გვასწავლის, რომ გარდაცვლილთა სულები სხეულს მიიღებენ მხოლოდ ქრისტეს დიდებით მოსვლის ჟამს (1. კორ. 15, 23),

მკვდართა აღდგომისას (1 კორ. 15, 42). აქედან გამომდინარე, იმ დრომდე ისინი უსხეულონი არიან. ღვთაებრივი გამოცხადება იმასაც გვასწავლის, რომ სული თავისი სხეულის გარდაცვალების შემდეგ აზროვნებს, განსჯის და ნათლად გრძნობს როგორც თავის, ასევე სხვების მდგომარეობას. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება გვმოძღვრავს, რომ ზეცაში მცხოვრებ წმიდანთა სულები ცხონდებიან და ანგელოზებთან ერთად ადიდებენ თავიანთი ნეტარების შემოქმედს: «დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღვდელნი წინაშე საყდართა ზედა მჯდომარესა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელიიგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გვირგვინთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყვიან: ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაებადნეს (გამოცხ. იოანესი, 4, 10, 11). სხვა ადგილას: «და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი მღვდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროსანი, სავსენი საკუმევლითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი. და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გვიყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისგანავე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა.

და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღვდლად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა. და ვიხილე და მესმა, ვითარცა ხმაი ანგელოზთა მრავალთაი გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაისა. და იყო რიცხვ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი, რომელნი იტყოდეს ხმითა დიდითა: «ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა. და ყოველთავე დაბადებულთაი, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაი მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა კურთხევაი და პატივი და დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ. და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ.

და მღვდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს (გამოცხ. იოანესი 5, 8_14).

     ისაია წინასწარმეტყველი, აღწერს რა ბაბილონელთა მეფის ბედს, ამბობს, რომ როდესაც ჯოჯოხეთში მყოფი სულები თავიანთ გვერდით ამ მეფეს აღმოაჩენენ, გაოცდებიან, რომ მათი თანამედროვე, რომელიც თითქმის ღმერთს უტოლდებოდა, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა: «ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდნენ და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ  დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა, ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა, მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! (ისაია 14, 9-12).

     იესო ქრისტეს სიტყვაში გარდაცვლილი მდიდრის შესახებ ვხედავთ, რომ მას, გარდაცვალების შემდგომ ტანჯვაში მყოფს, ესმოდა თავისი ტანჯვის მიზეზი და ფიქრობდა მომავალ ბედზე თავისი ძმებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრებით ტკბებოდნენ. «და ჯოჯოხეთსა შინა აღიხილნა თუალნი თვისნი, იყო რაი სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ხმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა.

ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი

დიდი დამტკიცებულ არს, რაითა რომელთა უნდეს წიაღსვლად ამიერ თქუენდა, ვერ ხელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსვლად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ, შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა (ლუკა. 16, 23-28).

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / სულის მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ