უფალი მონანულ ცოდვილებსაც შეიწყნარებს

 

      ბერძენი იმპერატორის, მავრიკიუსის დროს ფრიგიაში იყო ერთი გამძვინვარებული და სასტიკი ყაჩაღი. მისი დაჭერა ვერაფრით შეძლეს. ნეტარმა იმპერატორმა შეიტყო მის შესახებ, თავისი ჯვარი გაუგზავნა და ბრძანა, გადაეცათ მისთვის, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ მას წარსული ცოდვები მიეტევებოდა იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა.

ავაზაკმა მართლაც შეინანა, მივიდა მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდა და თავისი ცოდვები აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ძილში მან საშინელი სამსჯავრო იხილა. გამოღვიძებულმა იგრძნო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და აღსასრული მოუახლოვდა. მაშინ ავაზაკმა ტირილი დაიწყო და უფალს ვედრებით მიმართა: უფალო, ყოვლისმპყრობელო მეუფეო! უწინარეს ჩემსა შენ ჩემნაირი ყაჩაღი შეიწყნარე, გარდამოავლინე ჩემზე შენი უდიდესი წყალობა: შეიწყნარე სასიკვდილო სარეცელზე ჩემი ცრემლები, როგორც შეიწყნარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, რომელთაც ღირსეული ვერაფერი ქმნეს წინაშე შენსა; ასევე შეიწყნარე ჩემი მწარე ცრემლებიც, განმწმინდე და მომიტევე. ამის შემდგომ ნუღარაფერს მოითხოვ ჩემგან; დროც აღარ მაქვს, მევალენი მიახლოვდებიან. ნუღარ გამოიძიებ ჩემს ცოდვებს და ნუღარ გამომცდი; ვერანაირ სიკეთეს ვერ ჰპოვებ ჩემში; წამომეწივნენ ჩემი უკეთურობანი, აღსასრულს მივუახლოვდი; აურაცხელია ჩემი ბოროტებანი; და როგორც მოციქულ პეტრეს ცრემლები შეიწყნარე, ასევე ჩემიც მიითვალე და შენი გულმოწყალების ძალით აღხოცე ჩემი ცოდვები. ასე აღიარებდა ცოდვებს ავაზაკი რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს სული უფალს მიაბარა.

      მისი გარდაცვალების ჟამს ექიმმა ძილში იხილა: ავაზაკის სარეცელთან მოვიდნენ ეშმაკები სიებით, რომელშიც აღრიცხული იყო ავაზაკის მრავალრიცხოვანი ცოდვები. შემდეგ ორმა ბრწყინვალე ახალგაზრდამ სასწორი მოიტანა.

ეშმაკებმა მის ერთ მხარეს დადეს ავაზაკის ცოდვების სია, რამაც სასწორი ერთ მხარეს გადახარა, მეორე კი ზევით აიწია. წმიდა ანგელოზებმა თქვეს: ნუთუ არაფერი გვაქვს?

 

      –რა უნდა გვქონდეს? – შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი მათგანი, – როდესაც სულ რაღაც ათი დღეა, რაც კაცთა კვლას თავი დაანება? მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რაიმე სათნოება მოეძებნათ. ერთ-ერთმა მათგანმა ავაზაკის ცხვირსახოცი იპოვნა, რომელიც მისი ცრემლებით იყო დასველებული და მეორეს მიმართა: ეს ცხვირსახოცი ნამდვილად მისი ცრემლებითაა დასველებული; დავდოთ იგი სასწორის მეორე მხარეს, მასთან ერთად კი ღვთის კაცთმოყვარეობა და ვნახოთ, რა მოხდება. როგორც კი ცხვირსახოცი სასწორზე დადეს, მან მეყსეულად გადაწონა და გააწონასწორა მეორე მხარე. ანგელოზებმა ერთხმად წამოიძახეს: ჭეშმარიტად ღვთის კაცთმოყვარეობამ გაიმარჯვა! მათ ავაზაკის სული წაიყვანეს. ეშმაკები ატირდნენ და სირცხვილეულნი გარბოდნენ.

      გამოღვიძებულმა ექიმმა საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ავაზაკის სარეცელს მიუახლოვდა, მისი სული უკვე გასცლოდა სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. თვალებზე ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი ეფარა. ექიმმა მის გვერდით მყოფთაგან შეიტყო ავაზაკის აღსარების შესახებ. მან აიღო ცხვირსახოცი, იმპერატორს მიუტანა და უთხრა:

ხელმწიფეო! ვადიდოთ უფალი, რომელმაც შენი მეფობის ჟამს ავაზაკი აცხოვნა.

...და მარიამი ტიროდა, ტიროდა მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში...

      გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ქალაქში გარდაიცვალა 30 წლის ქალი, სახელად მარიამი, რომელიც 20 წლის ასაკში ხელოსანზე გაათხოვეს. ერთი წლის შემდეგ მისი ქმარი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალგაზრდა ქალმა ოთხი წელი მოკრძალებულად და პატიოსნად გაატარა, შემდეგ კი გარყვნილი ცხოვრება დაიწყო. სულიერი მოძღვარი არაერთხელ ურჩევდა მას, წესიერ ცხოვრებას დაბრუნებოდა და ცოდვები შეენანებინა, მაგრამ ყოველთვის მოკრძალებულ პასუხს ღებულობდა: შევეცდები, მამაო, შევეცდები, გამოვსწორდე. მაგრამ, შეპირებისა და გამოსწორების მცდელობის მიუხედავად, გარყვნილების ნაკადი მას კვლავ ცოდვაში აგდებდა. ამრიგად, საბრალო ქალის ცხოვრებაში ცოდვას სინანული მოსდევდა, შემდეგ ისევ ცოდვაში ჩავარდნა. და აი, ერთ დღეს მარიამის სულიერ მოძღვარს მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. დიდი ხანია, იგი ავადმყოფობს?– იკითხა მოძღვარმა და პასუხად მიიღო, რომ უკვე სამი თვეა, რაც იგი ავადაა და ხშირად რაღაცას ნაღვლობს და ტირის.

      აღსარებაზე მისულ მოძღვარს მარიამი გულის შემუსვრილებაში დახვდა, მაგრამ, გარდა ამისა, მას უდიდესი, თითქმის სიხარულით აღვსილი სასოება ჰქონდა მაცხოვრის გულმოწყალების მიმართ. ქალმა მოძღვარს უამბო, რომ სამი თვის მანძილზე ავადმყოფობის დროს ძალზე ქენჯნიდა სინდისი თავისი ცოდვების გამო და იმის გამო, რომ თავის დროზე არ შეისმინა დარიგებები თავისი მოძღვრისა და ერთი ღვთივსათნო მომლოცველი ბერისა, რომ ვერ შეძლო თავისი სისუსტეებისაგან თავის დაღწევა. ხშირად წუწუნებდა და სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა, მაგრამ იმავე დროს, ამ პირქუშ აზრებთან ერთად გრძნობდა, რომ გულში რაღაც ხმა ეუბნებოდა: უმჯობესია, საკუთარ ცოდვებზე იტირო, უფალი მოწყალეა და შეგინდობს, რამეთუ მისი წყალობა უფრო მეტია, ვიდრე ზღვაში წვეთები. ეს ღვთის მადლის ხმა იყო, რომელიც სულს სინანულისა და მაცხოვრის გულმოწყალების იმედისაკენ მოუწოდებდა. და მარიამი ტიროდა, ტიროდა მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში ღრმა სინანულის გრძნობით, თან უფალს ევედრებოდა, ცრემლის ზღვა მოემადლებინა მისთვის.

      –გასულ ღამეს, – დაამატა მან, – განსაკუთრებულად მძიმე განწყობა მქონდა. ბოროტი ცდილობდა, ცხოვნების ყოველგვარი იმედი წაერთმია ჩემთვის. დავიღალე და უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა. მაგრამ უეცრად, არ ვიცი, ძილში იყო თუ ცხადში, გამომეცხადა ბერი, რომელიც წლების წინ ავადმყოფი და დაუძლურებული ვისტუმრე, მამასავით მოვასვენე, გამოჯანმრთელებულს ჩემი ქურქი მივეცი და შორს გავაცილე, თან მის ბრძნულ დარიგებებს ვუსმენდი და ვთხოვდი, ჩემთვის ცოდვილისთვის ელოცა. ამ ბერმა მკაცრი ხმით მითხრა: მარიამ, შენ კვლავ სცოდავ და ღვთის მოწყალებას ეწინააღმდეგები?.. მან, რომელმაც მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, განა შენსას ვერ იტვირთებს? ჩვენი ცოდვებისათვის ვნებული განა საბრალო ცოდვილის დაღუპვით გაიხარებს? ნუთუ არ იცი, როგორ გულმოწყალედ ღებულობდა და შეუნდობდა იგი უდიდეს ცოდვილებს, რომლებიც მის გულმოწყალებას მოუხმობდნენ? ილოცე და იმედი იქონიე. შემომხედე; მე გიშუამდგომლებ ღვთის წინაშე იმისათვის, რომ შენ მანუგეშე მოხუცებული, შემმოსე ძვირფასი შესამოსელით; იცანი იგი? შენ ის ერთადერთი გქონდა, ისიც მე შემომწირე ქრისტე მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარულის გამო. ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (1

იოანე 4, 16), – ბრძანებს ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე. ნუთუ ფიქრობ, რომ მაცხოვარს ნაკლები სიყვარული აქვს შენს მიმართ, ვიდრე შენ შეგეძლო გამოგეხატა მოგზაური ღატაკისა და ღვთისადმი?. მაშინ მე დაკვირვებით შევხედე ბერს და მის მოკრძალებულ და ნათელ სახეზე სიხარულის ღიმილი დავინახე, ხოლო ჩემი ქურქი მის სხეულზე მზის სხივებივით ბრწყინავდა. მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო, – მითხრა ბერმა და გაუჩინარდა... მას შემდეგ, მამაო, რაღაც გასაოცარი, ამოუხსნელი სიმშვიდე დამეუფლა, ვგრძნობ დასასრულის მოახლოებას, ჩემი მრავალრიცხოვანი და მძიმე ცოდვების აღიარების სურვილი გამიჩნდა და თქვენგან კურთხევისა და შენდობის მიღება მსურს იმის გამო, რომ ცოდვილი არ შევისმენდი თქვენს რჩევა-დარიგებებს. შემინდეთ, მამაო, ღვთის გულისათვის ანდა საუკუნოდ მომიწევს ამ ცოდვების გლოვა.

      სხვა რა დარჩენოდა მოძღვარს, თუ არა ტირილი მორჩილ და მონანულ ცოდვილთან ერთად, უფრო სწორად, მასთან ერთად, ვინც ღრმა და გულითადი სინანულით განიწმინდა თავის ცოდვათაგან და უკვე განმართლდა სამყაროს ცოდვათა მტვირთველის სამსჯავროს წინაშე?!

      საოცარია უფლის სამსჯავრო და გზა! აქაც, თავის მორჩილ მონაზე მან აღასრულა თავისი სიტყვა: მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისა (მათე 21, 31).

      მარიამი იმავე საღამოს მშვიდად მიიცვალა. მოძღვრის წასვლიდან სულ მალე იგი გამოემშვიდობა მასთან მყოფებს და მეტი არავისთან უსაუბრია, შესაძლოა, იმიტომ, რომ მეტყველების უნარი წაერთვა, ან იმის გამო, რომ ჩაღრმავებული იყო სიყვარულით ანთებულ თავის გულში, – და არავის უხილავს და გაუგია, როგორ მიაბარა ცოდვილთა შემწყნარებელს მან თავისი მორჩილი სული...

      ერთ-ერთმა წმიდა მამამ ბრძანა: მორჩილება და სიყვარული ზეცაში აღმყვანებელი ორი უდიდესი ფრთაა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / უფალი მონანულ ცოდვილებსაც შეიწყნარებს