უფლის აღდგომის თაობაზე

 

     ქრისტეს მტრებისა და მკვლელებისათვის მისი აღდგომა უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა: «შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე «უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება (მთ. 27, 62-64). პირველ ტყუილად კი ისინი იესოს «ღმრთის სწორად ყოფნას (ფილიპ. 2, 6) თვლიდნენ, რომ იგი «თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს (ინ. 5, 18). აკი ამიტომაც, მრავალჯერ დააპირეს მისი მოკვლა და ბოლოს ჯვარზეც კი გააკრეს.

     თუკი «პირველმა ტყუილმა აგრერიგად შეაშფოთა ისინი, ადვილი წარმოსადგენია, «მეორის მოლოდინში რა დღეები დაუდგებოდათ. ამიტომაც იყო, რომ რაჟამს შეიტყვეს ქრისტეს აღდგომის შესახებ, «დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს, და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ (მთ. 28, 12, 13, 15). ამით იუდეველები ცდილობდნენ, ქრისტეს აღდგომის სიდიადე და ბრწყინვალება დაემცირებინათ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მომდევნო ხანებში მოციქულები მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას მთელ დედამიწაზე უშიშრად ქადაგებდნენ.

     რასელიტები (ე.წ. იეღოველები) ქრისტეს მტრების, სინედრიონის მსგავსად იქცევიან, როდესაც უნდათ, დაამცირონ ქრისტეს აღდგომა და ამტკიცებენ, თითქოს იგი ხორცით კი არ აღმდგარა, არამედ საფლავიდან გამოვიდა, როგორც სულიერი არსება.      რასელიტთა (ე.წ. იეღოველთა) «მტკიცებანი:     რასელიტებს მიაჩნიათ თითქოს: «ადამიანი ქრისტე _ სამუდამოდ მკვდარია და ღმერთმა იესოს სხეული გადაიტანა მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილზე, რათა იგი არ გაიხრწნას.

     იესო არ გამოჩენილა იმ სხეულში, რომელშიც ჯვარცმული იყო; იეღოვამ მისი სხეული დაფარულ ადგილას შეინახა. (უფალმა შეგვინდოს ამ მკრეხელობის გამეორება იესო ქრისტეს აღდგომის ამ ბრწყინვალე დღეებში («საპატრიარქოს უწყებანის რედაცია).

 

     რას უპასუხებს წმიდა წერილი:

     აღდგომისას უფალი თავისი სხეულით გამოეცხადა მოწაფეებს.      

„შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს; ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ, და დარწმუნდებით, რადგანაც სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი, როგორც ხედავთ, მაქვს. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ (ლკ. 24, 39-40).      

უფალი უჩვენებს თომას მის ნამსჭვალევ ხელებსა და განგმირულ ფერდს.

     მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი, და იხილე ჩემი ხელები; და მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში; და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს (ინ. 20, 27).      

წინასწარმეტყველნი განჭვრეტდნენ ქრისტეს ხორციელ აღდგომას.

     წინასწარმეტყველმა თქვა ქრისტეს აღდგომისათვის, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში, და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება( საქმ. 2, 31).

     უფალი ჭამს საჭმელს, რათა დაამტკიცოს, რომ მას ხორციელი სხეული აქვს.

     მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. და აიღო და შეჭამა მათ თვალწინ (ლკ. 24, 41-43).

     მაგრამ აღადგინა იგი ღმერთმა მესამე დღეს, და მისცა ძალა, გამოცხადებოდა არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით, მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (საქმე 10, 40-41).

     ქრისტეს ხორციელი აღდგომის ხილვით გაკვირვებული თომა მას ღმერთად აღიარებს. უფალმა მოუწონა მას ამგვარი საქციელი და უთხრა: «რაკი მიხილე, თომა, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს(ინ. 20, 29).      უფლის სიტყვების თანახმად, ნეტარად და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად მხოლოდ ის ჩაითვლება, ვისაც სწამს მისი აღდგომისა. ქრისტეს ხორციელი აღდგომა და გამოცხადება არის უდიდესი და უეჭველი ფაქტი. შეუძლებელია, ქრისტეს მიმდევრებს მისი სიკვდილის შედეგ ასე მაღლა აეწიათ ახალი რელიგიის დროშა, თუ არა რაღაც დიდი სასწაული. ისინი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შეძლებდნენ პატარა სექტის ჩამოყალიბებას, რომლის დასაშლელად ერთი საშუალო დონის სასჯელიც კი იკმარებდა. საყურადღებოა, რომ მოციქულები, რომლებიც ქრისტეს მოღვაწეობისას დიდი გულადობით არ გამოირჩეოდნენ და შეშინებულებმა მაცხოვარი ვნების ჟამს მიატოვეს კიდეც, ზოგმა უარიც კი განაცხადა მის ნაცნობობაზე, უფლის აღდგომისა და ამაღლების შემდგომ, რადიკალურად შეიცვალნენ და ქრისტიანობისადმი თავიანთი გმირული შემართება და თავდადება პირადი მოღვაწეობით დაადასტურეს. წამების არცერთი ხერხი არ დარჩენილა, წარმართებს მათ მიმართ რომ არ გამოეყენებინათ. მათ ქვებით ქოლავდნენ, ასხამდნენ მდუღარე წყალს, სცემდნენ, შუაზე ხერხავდნენ, აგლეჯინებდნენ გარეულ მხეცებს, თავებს ჭრიდნენ. სწორედ, ქრისტეს ხორციელი აღდგომისა და ამაღლების რწმენა იყო ამ ჭირთათმენის მიზეზი. მისი რეალობა უეჭველია. საბუთი ამ რეალობისა არის მოწაფეების სასწაულებრივი გარდაქმნა, გმირული სულის მოვლინება, რომელმაც ისინი შემდგომ მოიცვა, რაც ხორციელად მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იხილეს.

 

წიგნიდან «ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას”.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / უფლის აღდგომის თაობაზე