ქვას ქვაზე რომ დადებ, იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს

 

XX საუკუნის ისტორიულმა ქარტეხილმა მრავალი გაჭირვება და განსაცდელი მოუვლინა საქართველოს ეკლესია-მონასტრებს და, მათ შორის, ჯიხეთის მონასტერსაც. მაგრამ ის მაინც მედგრად იდგა იქ მოღვაწე დედების მადლით და არც წირვა-ლოცვა შეწყვეტილა.

 

80-იანი წლების დასაწყისში მონასტრის წინამძღვრად მამა ანდრიას კურთხევის შემდეგ აქ სამონასტრო ცხოვრება განსაკუთრებით გამოცოცხლდა, იმატა მრევლმაც, გაფართოვდა მშენებლობა, მთლიანად შეკეთდა ტაძრის სახურავი, აშენდა ახალი კანკელი, მიედგა სამრეკლო, მარმარილოს თლილი ქვით მოეწყო იატაკი; ტაძარი მთლიანად მოიხატა. ამასთანავე, აშენდა ახალი საცხოვრებელი, მონასტერს მიეწოდა წყალი; შეკეთდა 3,5 კილომეტრიანი მისასვლელი გზა...

 

გვესაუბრება ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).

       – მამა ანდრია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯიხეთის მონასტერი ერთ-ერთი უძველესი, შუა საუკუნეების ძეგლია. რას მოგვითხრობდით ამ მონასტრის ისტორიის შესახებ?

 

       – ჯიხეთის მონასტერი მართლაც შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. არსებობს გადმოცემა, რომ ჯიხეთის მთაზე დაბანაკდა თურქეთისაკენ მიმავალი თამარ მეფის ლაშქარი და იქ ღამე გაათიეს. მის პატივსაცემად შემდეგ იმ ადგილას პატარა, მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი ააგეს. საუკუნეების განმავლობაში აქ მოღვაწეობდნენ დედები; XIX საუკუნის ბოლოს დედები მეტისმეტად ვიწროდ ყოფილან, მონასტერი მათ სიმრავლეს ვეღარ აუდიოდა; ამიტომ დედებს სამი მტრედი გაუშვიათ და უთქვამთ  –  სადაც დაფრინდება, იქ ავაშენებთ ტაძარსო; სამების მთის ძირში (რომლის თავზეც პატარა მამათა მონასტერი იყო), დაფრენილა ეს სამი მტრედი. დედებს ეს უფლის ნიშნად მიუღიათ და აქ გადაუწყვეტიათ ტაძრის

აგება. ამ ძველი, ჯიხეთის ტაძრის ქვები გადაუტანიათ იქ და ამით აუგიათ ახალი ტაძრის საკურთხეველი, დანარჩენი ტაძარი კი სამების ქვით აუშენებიათ. ტაძრის არქიტექტორი ყოფილა ოზურგეთელი ხუროთმოძღვარი ილარიონ მენაბდე. მონასტრის პირველი წინამძღვარი იღუმენია ელენე (მგალობლიშვილი) იყო. შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარნი იყვნენ მონაზვნები:

ანასტასია (ლორთქიფანიძე), მარინე (გოგეშვილი), თეოდორა (მორჩილაძე) და ანასტასია (გოგელია).

1904 წელს ტაძარი საზეიმოდ უკურთხებია ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე). მანამდე კი წირვა-ლოცვას ატარებდნენ ერთ-ერთ ხის სახლში, პატარა სენაკში, სადაც 1979 წელს მღვდელმონაზონი თეოდორე (ჩიხლაძე) ცხოვრობდა.

 

      XIX საუკუნის მიწურულამდე ჯიხეთის მონასტერში წირვა-ლოცვას დეკანოზები  –  იოანე წეროძე და ეპიფანე ხონელია აღავლენდნენ.

 

      1934 წელს, ეკლესია-მონასტრების დევნისას, მონასტერი რომ არ დანგრეულიყო და არ განადგურებულიყო, ლანჩხუთის რაიკომის ასაკოვან მდივანს იგი ახალგაზრდა მდივნისათვის გადაუცია და უთქვამს, მამულიშვილური საქმე გააკეთე, ჩაიბარე ეს მონასტერი და ეს ტერიტორია და გაუფრთხილდი, ამ ურჯულო კომუნისტებმა არ დაანგრიონო. წლების მანძილზე აქ იყო ქალთა და ბავშვთა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ხელსაქმეს, კერვას, მედავითნეობას, მეაბრეშუმეობას, ასე რომ, მონასტერი არასოდეს არ დახურულა. ყვებიან, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში დილით ფიცრებს მიაყუდებდნენ ხოლმე კარებზე, თითქოს დედები ტაძარში არ შედიოდნენ და არ ლოცულობდნენ; საღამოს ისევ ჩამოხსნიდნენ, შევიდოდნენ, დილამდე ილოცებდნენ და შემდეგ ისევ გადახერგავდნენ ფიცრებით.

 

       – მამა ანდრია, როგორ დაიწყო თქვენი სამონასტრო მოღვაწეობა?

 

       – თავდაპირველად შიომღვიმეში ვიყავი მამა იოაკიმე ასათიანთან; შემდეგ მთაწმინდაზე ვიყავი მნათედ, მედავითნედ, მგალობლად; წლების მანძილზე ვიყავი აგრეთვე მიტროპოლიტ გრიგოლ ცერცვაძის მედავითნე, მგალობელი, სტიქაროსანი;

ვმსახურობდი აგრეთვე სოხუმის საკათედრო ტაძარში, ბათუმშიც. 1979 წლის შემდეგ ეკლესიას არ მოვშორებივარ. 1986 წელს ჯიხეთში წავედი მორჩილად, თან სეფისკვერს ვაცხობდი. 3-4 დღე იქ ვიყავი მორჩილად, 3-4 დღე კი აქ ვიყავით სეფისკვერების მცხობელი  –  მე, მეუფე იობი და მეუფე სერგი (რომლებიც მაშინ მორჩილები იყვნენ). შემდეგ, 1987 წლის დეკემბერში მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) ბათუმში დიაკვნად დამასხა ხელი. 5 თვის განმავლობაში ვიყავი დიაკვანი, სლავურად ვმსახურობდი. ქართულად ვმედავითნეობდი, რუსულად კი ვდიაკვნობდი. ძალიან მძიმე პერობებში მომიწია ცხოვრება  –  არც ღამის გასათევი მქონდა, არც საჭმლის ფული, ეკლესიაშიც არ მაჩერებდნენ. ჩემს ცოდვებს კი არ ვტიროდი, არამედ იმ ჩემს ყოფით ცხოვრებას; ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რუსებითა და ბერძნებით იყო სავსე, სამიოდე ქართველი თუ დადიოდა. რუსების და ბერძნების მოთხოვნით, მალე მთავარი დიაკონი ქართულ მსახურებაზე გადაიყვანეს და მე რუსულ მსახურებაზე დამადგინეს. ხუთი თვის შემდეგ აქედან გამიშვეს ჯიხეთში; მაშინ ლანჩხუთის რაიკომის მდივანი იყო ემზარ ბერიძე, ფილოსოფოსი, პატრიოტი. ერთ წელიწადში თითქმის დანგრევის პირას მისული ჯიხეთის მონასტერი აღვადგინეთ. შემდეგ წლებში ღმერთის წყალობით აღდგა ჯუმათის მონასტერი, ჩოხატაურის უდაბნოს მონასტერი, ტაბაკინის მონასტერი, ხულო... ეს ყველაფერი ღვთის შეწევნითა და ჩემი სიგლახაკით შევძელით.

 

      ქუთაისიდან ბათუმამდე ეკლესია არ იყო და კომუნისტების პერიოდში მთელი მრევლი  –  ხარაგაულიდან, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, სენაკიდან, ხონიდან, ქობულეთიდან, ოზურგეთიდან  –  სულ ჩვენთან მოდიოდა წირვა-ლოცვაზე. კვირა დღეს ტაძრის დიდი ეზო მანქანებით იყო სავსე. ეს ტრადიცია ახლაც შემორჩა და ჩვენთან ახლაც ძალიან ხშირად ნახავ, რომ ადამიანი მოვიდა წირვა-ლოცვაზე, ვთქვათ, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან, სამტრედიიდან და ლანჩხუთიდან  –  ჩვენთან ძირითადად აქედან დადის მრევლი, რადგან ჯიხეთი სამტრედიასა და ლანჩხუთს შორისაა.

 

       – რამდენი მონაზონია დღეს ჯიხეთის მონასტერში?

 

       – დაახლოებით 24-25 მონაზონი და მორჩილია; ვცდილობთ ვაშენოთ, ქვას ქვაზე რომ დადებ, იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს. ლანჩხუთისა და სამტრედიის ახალგაზრდობაც ძალიან მიდგას გვერდში, და ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე გვეხმარებიან. მთავარი კი ის არის, რომ აღმშენებლობა ყველას გვიხარია; სამტრედიიდან ზვიად ძიძიგურის მეგობრები ტექნიკით დაგვეხმარნენ. ჩვენთან ძალიან დიდი ეზოა, სადაც სამი ტაძარი და 27 დამხმარე შენობაა.

 

      2002 წელს შევაგროვეთ ლანჩხუთში ძველი ეკლესიის ნანგრევი ქვები და წყაროზე, სადაც სანათლავი და ნაკურთხი წყალი გვაქვს, ზუსტად ორ თვეში პატარა, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის გუმბათიანი ტაძარი ავაშენეთ, მუხლამდე ტალახში და წვიმაში ეზიდებოდნენ 100 მეტრის მანძილზე ქვებს, სილასა და ცემენტს; მთავარი მაინც მონდომებაა; ქუთაისიდან ჩამოვიყვანე ცნობილი ხურო, ზაურ ცირეკიძე და ბიჭებს ქვის თლა ასწავლა; ასე შეგვეწეოდა ღმერთი.

 

ითხოვდეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოსო,  –  ბრძანებს მაცხოვარი.

 

       – მონასტერს საკუთარი მეურნეობა თუ აქვს?

 

       – მეურნეობა გვაქვს, გვყავს ფუტკარი, ძროხები, ქათმები... ბოსტანსაც ვამუშავებთ... მოკლედ, მცირე მეურნეობაა, მაგრამ იმდენი, რომ გვყოფნის...

 

       – სანთელსაც თვითონ ამზადებს მონასტერი?

 

       – დიახ, ჩვენი დამზადებული სანთელი გვაქვს;

 

      უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის კალთის ქვეშ ვართ, ყოვლადწმიდა დედა არაფერს გვაკლებს, ნამდვილად იგრძნობა მისი შემწეობა.

 

       – როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯიხეთში არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი; იქნებ მის შესახებაც გვითხრათ რამე?

 

       – დიახ, ჩვენ დიდი სასწაულთმოქმედი ხატი გვაქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მის შეწევნას ვუმადლით, რომ მონასტერი მუდმივად მოქმედია.

 

      XX საუკუნის დამდეგს ათონის წმიდა მთაზე ათობით ქართველი მოღვაწეობდა. მათ შორის გამოირჩეოდა წმიდა იოანე მახარებლის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იონა, რომელმაც ათონზე მოახატვინა ივერიის ღვთისმშობლის დიდებული ხატი და 1905 წლის 1 აგვისტოს ჯიხეთის მონასტრის დედებს მიართვა: `განგებითა ღვთისაითა და წამის ყოფითა დედისა ღმრთისაითა, მე, მონამ მისმა, მღვდელ-მონაზონ იონამ, ამჟამად მყოფმა ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულთმოქმედი დედა ღვთისა ივერიისა და შევწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანეს. დედაო ღმრთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი. ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ.

 

      1905 წელსა, 1 აგვისტოსსა.

 

      ასეთი წარწერა აქვს ამ ხატს.

 

      მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს; დედებს თავიანთი ხელსაქმე აქვთ  –  ზოგი საქონელს უვლის, ზოგი - ფუტკრებს, ზოგი ქარგავს, ზოგი ხატავს, ზოგი მკურნალია...

 

       – ჩვენ ვიცით, რომ ჯიხეთის მონასტერს საკუთარ ჟურნალსაც გამოსცემს...

 

       – დიახ, ამ ჟურნალს «გზა ცხოვრებისა» ჰქვია, უკვე სამი ნომერი დაიბეჭდა... დანარჩენი, ღვთის შეწევნით, ალბათ, მოგვარდება...

 

 

       – 2004 წლის 4 დეკემბერს, ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე თქვენს მონასტერთან მუზეუმი გაიხსნა; იქნებ, ამის შესახებაც მოუთხროთ რაიმე ჩვენს მკითხველს?

 

       – დიახ, ეს ჩვენი დიდი დღესასწაული იყო; მე დიდხანს ვაგროვებდი დედების ძველ ნივთებს, ძველი მონასტრის კუთვნილ ნივთებს, აგრეთვე სასულიერო პირებისას და მუზეუმი ძალიან საინტერესო გამოვიდა. გვაქვს სურათები ძველი მღვდელმთავრებისა, რომლებიც ჯიხეთში მოღვაწეობდნენ, აგრეთვე აქ მოღვაწე მამებისა და დედების სურათები, მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის კურთხევის ჯვარი  –  იგი კურთხევის შემდეგ ჯიხეთში გაამწესეს მღვდემსახურად...

 

      ამ დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან  –  ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს თეოდორესთან (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) და ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრისთან (შიოლაშვილი) ერთად.

 

       – უღრმესი მადლობა, მამა ანდრია, საინტერესო საუბრისათვის; წარმატებებს გისურვებთ.

 

       – გმადლობთ; ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ; შეგაძლებინოთ ერის და ეკლესიის სამსახური.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ქვას ქვაზე რომ დადებ, იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს