ქრისტიანობა

 

საქართველო ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სახელით არის ცნობილი, სადაც ინახება მთელი საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდენი - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ბიზანტიის იმპერატორ წმ. კონსტანტინესაგან ბოძებული ერთ-ერთი იმ სამსძვალთაგანი, რომლითაც ჯვარცმულ იქნა მაცხოვარი.

მართალია, ქართველი ერი ფაქტობრივად ქრისტიანული და მაჰმადიანური სარწმუნოების მიმდევართა შენაზავს წარმოადგენს, მაგრამ საქართველო, როგორც აზიის კონტინენტის მართლმადიდებლობის უძველესი ნაკრძალი, მაინც ცალკერძ ასოცირდება უდიდესი კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქრისტიანულ ქვეყანასთან და კავკასიაში ქრისტიანიზმის ურყევ ბურჯთან.

მეთერთმეტე საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა საქართველოს საპატრიარქო, რიგით მე-6 საპატრიარქო მსოფლიოში. მეთორმეტე საუკუნეში შეიქმნა ახალი საეპისკოპოსო კათედრები. ეკლესიას ებოძა საგადასახადო და სასამართლო შეუვალობა. საქართველოს საპატრიარქოში შემავალი ეპარქიები ადმინისტრაციულად შეესაბამებოდნენ საერისთავოებს და მასში შემავალ თემებს. მეცხრამეტე საუკუნეში რუსულმა მმართველობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული, აკრძალა ქართულად წირვა-ლოცვა. საეკლესიო ქონება ხაზინას გადაეცა. ქართული ეკლესია იქცა რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ. 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იმავე წლის სექტემბერში აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. მსოფლიოში ამჟამად 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: 1. კონსტანტინეპოლისა (მეთაური - კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი; კათედრა - კონსტანტინეპოლში-სტამბოლში), 2. ალექსანდრიისა (მეთაური - პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა; კათედრა - ალექსანდრიაში), 3. ანტიოქიისა (მეთაური - პატრიარქი ღვთისა ქალაქისა, დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა; კათედრა - დამასკოში), 4. იერუსალიმისა (მეთაური - პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა; კათედრა - იერუსალიმში), 5. რუსეთისა (მეთაური - პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა; კათედრა - მოსკოვში), 3. საქართველოისა (მეთაური - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; კათედრა - თბილისში), 7. სერბეთისა (მეთაური - პატრიარქი სრულიად სერბეთისა, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი; კათედრა - ბელგრადში), 8. რუმინეთისა (მეთაური - პატრიარქი სრულიად რუმინეთისა, მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა და მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა; კათედრა - ბუქარესტში), 9. ბულგარეთისა (მეთაური - პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა; კათედრა - სოფიაში), 10. კვიპროსისა (მეთაური - მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და კუნძულ კვიპროსისა; კათედრა - ლევკუსიაში), 11. ელლადისა (მეთაური - მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელლადისა, კათედრა - ათენში); 12. ალბანეთისა (მეთაური - მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა; კათედრა - ტირანაში); 13. პოლონეთისა (მეთაური - მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად

პოლონეთისა; კათედრა - ვარშავაში); 14. ჩეხო-სლოვაკიისა (მეთაური - მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხო-სლოვაკიისა; კათედრა - პრაღაში); 15. ამერიკისა (მეთაური - მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად

ამერიკისა და კანადისა; კათედრა - ნიუ-იორკში).

მსოფლიო საეკლესიო დიპტიქში საქართველოს საპატრიარქოს მუდამ VI ადგილი ეკავა რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის შემდეგ. ამგვარი იერარქიული მდგომარეობა შენარჩუნდა მას მერეც, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის მეთაურს მიანიძა პატრიარქის წოდება (მრთექვსმეტე ს. დასასრული) და ახალ დიპტიქში (რომის გამოკლებით) მას მეხუთე ადგილი მიაკუთვნა. საქართველოს ისტორიაში დოკუმენტურად ცნობილია საქართველოს ეკლესიის 140 მამამთავრის (მათ შორის 13 მთავარეპისკოპოსის, 50 კათოლიკოს-მთავარეპისკოპოსის და 77 კათოლიკოს-პატრიარქის) სახელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მამამთავრები იყვნენ: კირიონ მეორე საძაგლიშვილი (1917-1918), ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921), ამბროსი ხელაია (1921-1927), ქრისტეფორე მესამე ციცქიშვილი (1927-1932), კალისტრატე ცინცაძე (1932-1952), მელქისედეკ მესამე ფხალაძე (1952-1980), ეფრემ მეორე სიდამონიძე (1980-1972) და დავით მეხუთე დევდარიანი (1972-1977), ხოლო 1977 წლის 23 დეკემბრიდან სრულიად საქართველოს რიგით 77-ე კათოლიკოს-პატრიარქად დადგინებულია ილია მეორე ღუდუშაური-შიოლაშვილი, რომლის რეზიდენცია თბილისშია.

მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების თანახმად საეკლესიო საზღვრები უნდა დამთხვეოდა სახელმწიფო საზღვრებს. მამათა კანონების თანახმად, ქართული ეკლესიის იურისდიქციის საზღვარიც ნიადაგ ემთხვევა საქართველოს

სახელმწიფო საზღვარს. დღესდღეობით ქრისტიანული საქართველოს მიწა-წყალი 27 ეპარქიად არის დაყოფილი. ამრიგად, 2000 წელია ქართველობა მტკიცედ დგას ქრისტიანობის გზაზე და გიორგი მთაწმინდელის ნათქვამისა არ იყოს, ესე არს სარწმუნოებაი მართალი ნათესავისა ჩუენისაი, და რაჟამს ერთგზის გვცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს.როგორც სულმნათი ილია ამბობს ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბძეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუძა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით....

ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოებრივი რეპრესიების მიუხედავად მაინც არ უღალატა თავის ეთნოკონფესიურ მრწამსს და ერთმორწმუნე ბერძენთა მიმართ სიყვარულის და ერთობის პრინციპიდან მას შემდეგაც კი არ გადაუხვია, როცა ერთ დროს ძლევამოსილი ბიზანტია თურქთა აგრესიის მსხვერპლი შეიქნა და საქართველო მაჰმადიანური სამყაროს გარემოცვაში აღმოჩნდა. არადა, სწორედ ქართველთა ასეთმა ურყევმა ნებამ და რჯულისათვის თავდადებამ განსაზღვრა მისი ევროპული კულტურულ-ისტორიული ორიენტაციის კურსის საოცრად მდგრადი ხასიათი და ქრისტიანული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად თვითმოაზრების ტრადიციის უჩვეულო გამძლეობა.

ქრისტიანული და ევროპული ფასეულობებისაკენ მიზანსწრაფული ... ჩვენი წინაპრები თავის თავს სწორედ ამ კულტურული მოწინავე კაცობრიობის წევრებად სთვლიდნენ და თავის ბრძოლას იმ ბოროტ ძალებთან, რომელნიც ამ სამყაროს საზღვრების გარეშე იმყოფებოდნენ, განიხილავდნენ როგორც ბრძოლას არა მარტო საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის, არამედ იმავე დროს საერთო კულტურული კაცობრიობის ინტერესებისათვისაც. ეს იყო ისეთი ამოცანა, რომლის განხორციელებისათვის მოღვაწეობა ჩვენს მოწინავე წინაპრებს სიმხნესა და სიამაყის გრძნობას ჰმატებდა.

საერთოდ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თითქმის გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველთა ეთნოკულტურული კონსოლიდაციის პროცესში. იგი დასაყრდენი იდეოლოგია შეიქნა როგორც ქართველთა ეროვნული მეობის შენარჩუნებისათვის, ისე ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის წარმოებულ უთანასწორო სისხლისმღვრელ ბრძოლაში, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, როცა საქართველო ქრისტიანობის განმარტოებულ კუნძულად გადაიქცა მთელ წინა აზიაში. მტრული რელიგიური გარემოცვის და მუდმივი ალყის პირობებში ქრისტიანობა ეროვნული ვინაობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა. ფეოდალურ საქართველოში ქრისტიანული თითქოს ეროვნულს შეესისხლხორცა.

ამიტომ, სავსებით კანონზომიერია ის, რომ წარსულ დროში... ქართულ ეკლესიას ღრმად ეროვნული ხასიათი ჰქონდა. ჩვენი ტაძრები და მონასტრები ხშირად ციხე-ბურჯებათ იყვნენ ქცეულნი... ეკლესია და მამული მტკიცედ აძლევდნენ მხარს ერთი

ერთმანეთს და ამ ჟამად ძნელიც არის განსაზღვრა იმისა, თუ ვისა ჰქონდა უპირატესობა - სახელმწიფოს, მამულს თუ ეკლესიას - იმგვარად იყვნენ ისინი გადაბმულები და შესისხლხორცებულნი ერთი ერთმანეთთან... საქართველო, წილი

ღვთისმშობლისა, მუდმივ ბრძოლაში იყო მაჰმადიანთ წინააღმდეგ. ეკლესია მხარს აძლევს მამულს, წინ უძღვება ღვთისნიერ ჯარს და ღმერთს ევედრება მას დარჩეს გამარჯვება. ჩვენთვის საყურადღებო ყველა ამაში ის არის, რომ ქართულ ძველ ეკლესიას ეროვნული ხასიათი ჰქონდა და ამ სახით მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერისადმი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეკლესიის საზოგადოებრივი სამსახური.

კ. გამსახურდიას შეფასებით არც ესპანური ფანატიზმი, არც რომაულ-კათოლიკური ასკეტიზმი და დოგმატიზმი ჩვენ სარწმუნოებრივ ცხოვრებას არ ჰხლებია. ჩვენ არ გვახსოვს არც ბართლომეს ღამის საშინელებანი, არც ჰუგენოტები, არც აუტო დაფე. ჩვენი ბერები - მონასტრის კედლებშიც ერის კაცებად რჩებოდნენ, ერისათვის, სოფლისათვის ზრუნავდნენ. მოიგონეთ გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფენი, კლარჯეთის მაშენებელნი....ქართული ქრისტიანიზმის მებრძოლ ხასიათზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხის დასმისთანავე იშვიათი ზნეობრივი სისპეტაკითა და უზადო პატრიოტიზმით ცნობილი ქართველი სამღვდელონი ისეთივე ვაჟკაცური შემართებით ჩაებნენ სამამულო ომებში, როგორითაც ძველი ქართული წესითა და კანონით სამხედროვალდებული ერისგანნი. ფაქტია, რომ საქართველოს ისტორიული განვითარების ყველაზე ავბედით ეტაპზე ქართული სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა წინამბრძოლებადაც კი იწყეს გასვლა ბრძოლის ველზე, ხოლო ცალკეული სამღვდელონი თავისი საარაკო გმირობის მაგალითებით ძლიერ ამხნევებდნენ ეროვნული ცხოვრების საზღვრების დასაცავად წარმოებული გაუთავებელი ომებით დამაშვრალ თანამემამულეთ. ცნობილია, რომ საქართველოს ერთიანობის მოშლის შემდეგ, 4 სადროშოდ დაყოფილ კახეთის სამეფოში სამ სადროშოს სათავეში ეპისკოპოსები (ბოდბელი, ნეკრესელი, რუსთველი) ედგნენ, ხოლო მეოთხე სადროშოს - მეფის მიერ დანიშნული რომელიმე პირი (უპირატესად ბატონიშვილები). მეტად ნიშანდობლივია, რომ ვახუშტის აღწერაში ერთგან სპეციალური ქვეთავიც (ეპისკოპოზთა ლაშკრად წასვლისათვს) კი ეთმობა ეპისკოპოსთა სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხს: არამედ ეპისკოპოზთა სლვა ლაშკართა, ნადირობათა და ბრძოლათა შინა ამის მიერ ჩუეულება იქმნა: რაჟამს უწყეს მოჰმადიანთა შემდგომად დავით მეფისა (იგულისხმება მეთექვსმეტე ს-ის ქართლის მეფე დავით მეათე, გ.გ) დაუცხრომელი ბრძოლა და კირთება და იხილეს ღაფლობა-უღონოება ქუეყნისა ერთა ეპისკოპოზთა,

მაშინ ეტყოდიან ეპისკოპოზნი: ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა, და ნუ დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩუეულებასა თქუენსა, და ჩუენ ვიქმნებით წინამბრძოლნი თქუენნი, და ჰყოფდენცა ეგრეთ ხვითარ მარაბდის ომსა ზედა მროველმან ავალიშვილმან, რა მოიღო ზიარება, ეტყოდენ: უკეთუ დღეს აღიღებ მახვლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ. ხოლო იგი იტყოდა: დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა მხოლოდ ჩემ ზედა; ამისთვს არა ვყო, უკეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვლის ამღებმანჯ. ხოლო მეორე მიზეზი: ვინაითგან შეწერით იყო ლაშკარნი, და ჰყვათ ეპისკოპოზთა აზნაურნი, და მსახურნი, და შეწერილნი გლეხნი წარსლვად ბრძოლასა შინა, ამისთვს

მათთა მოურნეთა თანამდებ იყვნენ წარსლვად, და არს მიერ ჟამითგან ეგრეთ აწამდე.

ამდენად, სრული საფუძველი გვაქვს, რომ ქართულ ისტორიულ ქრისტიანიზმს მებრძოლი ქრისტიანობის ან სულაც, მოსაგრე ქრისტიანობის სახელწოდება მივუსადაგოდ. სწორედ მებრძოლი ქრისტიანის ძეშმარიტი სულისკვეთების და

ამაღლებული პათოსის თვალსაჩინო გამოხატულებაა ერთ ძველ ქართულ მატიანეში დაუნჯებული შემდეგი ფრაზა: ... აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მხეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკვდრნო საქართველოსანო, ჩინებულნო

და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათვს საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მხეცთა სრვა და შექცევა ყარაიასა შინა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ქრისტიანობა