ღვთივსათნო ცხოვრების წესი

 

ეცადე, ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ.

გაღვიძებისთანავე ღრმა თაყვანისცემით გადაიწერე პირჯვარი და გაიხსენე ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე გაკრული და მომკვდარი უფალი იესო ქრისტე.

სასწრაფოდ ადექი საწოლიდან, ჩაიცვი და ნუ მისცემ თავს უფლებას ინებივრო საწოლში. ჩაცმის დროს გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე. შემდეგ წაიკითხე დილის ლოცვა. ილოცე ყურადღებით, ღრმა თაყვანისცემითა და სიმდაბლით. გამოითხოვე რწმენა, იმედი, სიყვარული და კურთხევა. ასევე ძალა, ღვთის მიერ ამ დღისათვის გამოგზავნილი თუ დაშვებული ყოველგვარი სირთულის, უბედურების, განაწყენების, თავდასხმის, მწუხარების,

ავადმყოფობის თუ ყველა სხვა მოვლენის სულგრძელებით მიღებისათვის იესო ქრისტეს სიყვარულისათვის.ყოველ დილით 15 წუთი მაინც დაუთმე რწმენის ჭეშმარიტებებზე ფიქრს, განსაკუთრებით ღვთის განკაცების მიუწვდომელ

საიდუმლოზე, მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე.

ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გინდა იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ამაოდ დაიკარგა.ლოცვისა და განსჯის შემდეგ, თუკი დრო გექნება, წაიკითხე რომელიმე სულიერი წიგნი და იკითხე მანამ, სანამ შენი გული

არ მოლბება. კითხვის დროს დაუფიქრდი და კარგად ჩასწვდი, თუ რას ეუბნება უფალი შენს გულს.ამის შემდეგ მიხედე შენს საქმეებს. დაე, ყოველი შენი ქმედება ღვთის სადიდებლად იყოს მიმართული. გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველგან გხედავს. ხედავს შენს ყოველ მოძრაობს, საქმეს, გრძნობებს, ზრახვებსა და სურვილებს და გულუხვად დაგაჯილდოებს კეთილი საქმეებისთვის. ნუ დაიწყებ საქმეს ლოცვის გარეშე.

სადილის დროს წარმოიდგინე, რომ შენს დასაპურებლად ზეციური მამა გიწვდის ხელს. არასდროს გამოტოვო სადილის წინა ლოცვები, უწილადე შენი სუფრიდან ღარიბებსაც. ყოველთვის გაიხსენე უფალი ღმერთი და მისი წმინდა სიყვარული ჩვენ

ცოდვილთა მიმართ. ეცადე ყველაფერში ღვთის ნებას აღასრულებდე და სათნო ეყო მხოლოდ მას. ყველაფერი ღვთისათვის აკეთე და დაითმინე. ნუ იშრომებ კაცთა შორის სიყვარულისა და პატივის მოსაპოვებლად, არამედ იმისთვის, რომ სათნო ეყო

ღმერთს და შენი სინდისი ცოდვებისათვის არ გამხილებდეს.

 

იფხიზლე ყურადღებით საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ზრახვებზე, გულსა და ვნებათა მოძრაობებზე. ნურაფერს ჩათვლი მეორეხარისხოვნად, როცა საქმე შენს გადარჩენას ეხება. იყავი მორჩილი და მდაბალი. დადუმდი და ითმინე იესოს

მაგალითით. სათნოებათა მოხვეჭა სულის მწუხარებისა და ტკვილის გარეშე არც იფიქრო. გამოითხოვე უფლისაგან მადლი მისი წმინდა მცნებების რაც შეიძლება უკეთ შესასრულებლად.მცირე დროითაც ნუ დარჩები უსაქმოდ, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და საქმიანობაში.

წვრილმან ცოდვებსაც კი გაექეცი, ვინაიდან მცირე ცოდვებს აუცილებლად მოსდევს დიდი და მძიმე. იმისათვის, რომ არ შეგაწუხონ ბოროტმა ზრახვებმა, სიმდაბლით მიიღე დამცირება და ხორციელი მწუხარება არა ერთ რომელიმე შემთხვევაში,

არამედ ყოველთვის, ყველგან და ყოველ საქმეში. ღვთისგან დამაშორებელი ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით, ბილწი ხორციელი ზრახვა, განაგდე გულიდან რაც შეიძლება მალე, ისევე როგორც ტანსაცმელზე მოხვედრილი ნაპერწკალი. ამ

დროს ძლიერად ილოცე: უფალო, შემეწიე და შემიწყალე, ნუ დამიტევებ და ბოროტთაგან მისხენ მე. განსაცდელებმა არ აგაფორიაქოს. შეინარჩუნე სულის სიმშვიდე და მიენდე ღმერთს: თუკი ღმერთი შენთანაა, ვინ დაგამარცხებს? ისურვე

იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ უფლისათვის და ეკუთვნოდე მას. როცა ადამიანებისგან რაიმე დამცირებას მიიღებ, იცოდე, რომ ღმერთმა გამოგიგზავნა შენს დასამდაბლებლად და ასეთი მიდგომით შეურაცხყოფილიც, მწუხარებისა და აფორიაქების გარეშე, დიდებაში იქნები. თუ საკვები და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი. არასოდეს იკამათო და ზედმეტად ნუ დაიცავ თავს; ნუ მოითხოვ ბოდიში მოგიხადონ. ხელმძღვანელებისა და მოყვასის წინააღმდეგ საჭიროებისა და მოვალეობის გარეშე ნუ იტყვი ნურაფერს. იყავი გულით უბრალო და გულწრფელი. სიყვარულით მიიღე რჩევა-დარიგება, შეგონება და მხილება სხვებისაგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო.ნუ იქნები მოძულე, შურიანი, მეტისმეტად მკაცრი სიტყვითა და საქმით. რაც შენთვის არ გინდა, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვამ გინდა გიყოს, პირველად თვითონ გაუკეთე. იყავი ალერსიანი, მოკრძალებული, ფრთხილი, კეთილგონიერი, მდგომარეობის მიხედვით ყრუ და ბრმა. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც საუბრობ. გახსოვდეს, რომ ადამიანს ყოველი უქმი სიტყვისათვის მოეკითხება. დაუფიქრებლად ნურაფერს იტყვი. უფრო მეტად მოუსმინე, ვიდრე ილაპარაკებ. მრავლისმეტყველების დროს ცოდვას ვერ გაიექცევი. ახალი ამბების მიმართ ცნობისმოყვარე ნუ იქნები - ის ართობს სულს. თუკი შენი სიტყვით ვინმეს სარგებლობას მოუტან, ღვთის მადლს მიაწერე.

ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი.ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრისტეს უკანასკნელი საღამო და ევედრე მას, რომ ზეციური საღამოს ღირსი გაგხადოს.

დაძინებამდე გამოსცადე საკუთარი სინდისი; სთხოვე ღმერთს საკუთარი ცოდვების შეცნობისათვის გაგინათლოს გონება;

განიხილე შენი ცოდვები; ითხოვე მათთვის შენდობა; განსაზღვრე ნათლად და ზუსტად რა გზებით და როგორ აპირებ საკუთარი თავის გამოსწორებას.

შემდეგ მიენდე ღმერთს. თითქოს იმ ღამით მის წინაშე უნდა წარსდგე, სთხოვე მფარველობა ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს და წმინდანს, რომლის სახელსაც ატარებ. წარმოიდგინე საწოლი კუბოდ, ხოლო საბანი სუდარად; გადაიწერე

პირჯვარი. ემთხვიე სამკერდე ჯვარს და დაიძინე ღვთის მფარველობის ქვეშ.

თუ ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამის განმავლობაში, გაიხსენე სიტყვები: „შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს...“; ან ის ბოლო ღამე მოიგონე, როდესაც იესო სისხლიანი ოფლით ევედრებოდა მამას; ილოცე ამ დროს

მძიმედ სნეულთა, სასიკვდილო სარეცელზე მყოფთა, ტანჯულთა და მიცვალებულთათვის, და ევედრე უფალს, რომ არ დაგფაროს სამუდამო ბნელეთმა.

ავადმყოფობის ჟამს, უპირველეს ყოვლისა, მიენდე ღმერთს და საკუთარი სულის განსამტკიცებლად ხშირად გაიხსენე და იმსჯელე იესო ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილზე. აუცილებლად ილოცე, რაც იცი და როგორც შეგიძლია. ითხოვე ცოდვათა მიტევება და მოთმინება სნეულებისას. ყოველნაირად ეცადე, არ იწუწუნო და არ გაღიზიანდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ავადმყოფიბისას. უფალმა იესო ქრისტემ დაითმინა ჩვენი ცხონებისათვის საშინელი ტანჯვა-წამება, ხოლო ჩვენ რა გავაკეთეთ, ან რა დავითმინეთ ჩვენი გადარჩენისათვის?

რაც შეიძლება ხშირად იარე ღვთის ტაძარში ღვთისმსახურებაზე, განსაკუთრებით ეცადე დაესწრო ლიტურგიას; კვირა დღე და დღესასწაულები აუცილებლად შესწირე უფალს; ტაძარში დგომისას ყოველთვის გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთის,

ანგელოზებისა და წმინდანთა თანდასწრებით; ლიტურგიის შემდეგ დღის დანარჩენი დრო მიუძღვენი სულის მაცხონებელი წიგნების კითხვას, მოწყალებასა და სხვა ღვთივსათნო საქმეებს. შენი ანგელოზისა და დაბადების დღეც ღვთის სადიდებლად წარმართე. ყოველი წლისა და თვის გასვლის შემდეგ სინდისი უფრო მკაცრად გამოსცადე; თქვი აღსარება და ეზიარე რაც შეიძლება ხშირად. წმ.ზიარება მიიღე მოწყურებული სულით, შემუსვრილი გულით, ღრმა თაყვანისცემით, სიმდაბლით, რწმენით, იმედით და სიყვარულით. რაც შეიძლება ხშირად გაიხსენე იესო ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი და ევედრე მას, აღხოცოს შენი ცოდვები და მიგიღოს თავის სასუფეველში. იესო სახელი ყოველთვის გქონდეს ბაგეებზე, გონებასა და გულში. რაც შეიძლება ხშირად იმსჯელე შენს მიმართ უფლის უდიდეს სიყვარულზე, იმისათვის, რომ შენც შეიყვარო ის ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. თუ ასე იცხოვრებ, გექნება ამ სოფლად მშვიდი, ზეცაში კი ნეტარი ცხოვრება უკუნითი უკუნისამდე.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ღვთივსათნო ცხოვრების წესი