ყოველდღიური ლოცვები

 

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ, და იესოს ლოცვას.

ა) შვიდგზის ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ეკლესიებში. ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია, აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე. შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, ან გვიან ვერ დაწვეს, ან კიდევ დღისით დაავიწყდეს, მაგრამ როცა შეძლებს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარს დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.

ბ) საყოველდღეო ლოცვები

დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვები წერია „ლოცვანში“ სათაურით „საყოველდღეო ლოცვები“. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჭამის წინ, ლოცვის თქმის შემდეგ საჭმელს ჰაერში გადავსახავთ ჯვარს მარჯვენა ხელის სამი შაკრული და ორი მოკეცილი თითით ჯერ ზემოთ, შემდეგ ქვემოთ, შემდეგ ჩვენგან მარცხნივ და ბოლო მარჯვნივ. მსუბუქი ჭამის, ხილის მიღების წინ, წყლის დალევის წინ ლოცვას არ ვამბობთ სრულად, არამედ გადავიწერთ პირჯვარს და პროდუქტსაც ჯვარს გადავსახავთ. აგრეთვე, თუ ადამიანი მთელი დღე საქმიანობს, მაგალითად სახლის საქმეებს აკეთებს, საქმის დაწყების (ასევე დამთავრების) ლოცვას იტყვის ერთხელ და არა ყოველი კონკრეტული ქმედების წინ.

გ) იესოს ლოცვა

იესოს ლოცვას ქრისტიანი სულ უნდა იმეორებდეს. იგი შემდეგნარიად გამოითქმის:

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

მისი გამეორება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში: ვზივართ და ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

ამ ლოცვას ორი ათასი წლის ისტორია აქვს; მას ჯერ კიდევ მოციქიულები იმეორებდნენ. მასში მისტიური აზრია ჩადებული. წმიდა მამების თქმით, იგი ქრისტიანული სარწმუნოების მთელ შინაარსს გადამოგვცემს. სხვა რომ არა იყოს რა, თავისთავად უფლის სახელის - იესოს ხსენებასაც კი უდიდესი ძალა აქვს. ჩვენთვის ამ ლოცვის ხშირი განმეორება არის გახსენება ღმრთისა, ვინც ჩვენ გვიფარავს ცოდვის ჩადენისაგან, გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან.

ეპისკოპოსი ნიკოლოზი „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.

 

 

 

საუფლო ლოცვა

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

ეს ლოცვა იწოდება საუფლო ლოცვად იმიტომ, რომ თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს მაშინ, როცა ამ უკანასკნელთ სთხოვეს უფალს ესწავლებინა მათთვის ლოცვა, რამეთუ არ იცოდნენ, როგორ ელოცათ. ამიტომაც ეს ლოცვა არის უმთავრესი სხვა ლოცვათა შორის. ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ მამა ღმერთს - წმ. სამების პირველ წევრს. ეს ლოცვა იყოფა შვიდ თხოვნად ანუ ვედრებად.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა - ლოცვის დასაწყისში ჩვენ ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება. როცა ჩვენ ზეცას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ ხილულ ცისფერ ზეცას, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, არამედ უხილავ, სულიერ ზეცას.წმიდა იყავნ სახელი შენი - დაგვეხმარე, მოგვმადლე ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლად და წმიდად, რომ შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს ჩვენი უწმიდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით.

მოვედინ სუფევა შენი - გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ - ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.

იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა - დაე ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. დაგვეხმარე, შეგვაძლებინე, დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში (სულიერ სამყაროში) დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმიდა ანგელოზნი, რადგან მხოლო შენთვისაა ცნობილი რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩვენთვისდა რა ცუდი. შენ ბევრად მეტი სიკეთე

გსურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ჩვენი თავისთვის.

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს - პურის ქვეშ აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი - ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმ. ზიარების სადუმლოში ვღებულობთ, და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა - ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცდავს. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება და აი, რატომ: ღმერთმა მოგვცა ადამიანებს ძალა, ნიჭი და შესაძლებლობა, რათა სიკეთე ვაკეთოთ; ჩვენ კი ხშირად ღმერთისაგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის, ცოდვების ჩასადენად ვიყენებთ და ამრიგად ღვთის წინაშე „ვალში“ აღმოვჩნდებით ხოლმე. ასე რომ თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ ვპატიობთ ჩვენს „მოვალეებს“, არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს.და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა - განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.

 

არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად. დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობაა.

 

ჟურნალი „წყარო“ N17, 1993 წ. იანვარი

 

ლოცვა წმინდანისადმი, რომლის სახელსაც ატარებ

 

ევედრე ღმერთსა ჩემთვის, წმიდაო (სახელი), რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.

მფარველი ანგელოზის გარდა, ჩვენ ლოცვით მივმართავთ ასევე წმინდანს, რომლის სახელიც გვაქვს, რადგან იგი მარადის მლოცველია ჩვენთვის წინაშე ღმერთისა.

ყველა ქრისტიანს, როგორც კი იბადება (მერვე დღეს), ეკლესია აძლევს სახელს რომელიმე წმინდანისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წმიდანს ახალშობილი მიებარება შემწეობისა და მფარველობისათვის. ეს წმიდანი, დედამიწაზე ცხოვრების ჟამს, ეხმარება მას ყოველი განსაცდელისა თუ უბედურებისა გადალახვაში.

ქრისტიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი წმიდანი ხსენების დღე და მისი ცხოვრება (შენი წმიდანის ხსენების დღე იწოდება შენი ანგელოზის დღედ). ამ დღეს ქრისტიანი აუცილებლად უნდა მივიდეს ტაძარში და ლოცვით განადიდოს იგი (ანუ

მისი წმიდანის სახელზე მღვდელს პარაკლისი უნდა გადაახდევინოს), წინასწარ უნდა მოემზადოს, რომ ამ დღეს ეზიაროს. თუ არ შეუძლია ტაძარში მისვლა, რამე მიზეზის გამო, მაშინ მთელი გულითა და სულით სახლში უნდა ილოცოს (იქ, სადაც

იმყოფება).

 

ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.

 

ლოცვა ცოცხალთათვის

 

ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, უნდა გვიყვარდეს ისინი და ვლოცულობდეთ მათთვის, რადგან ჩვენ ყველანი ერთი ზეციური მამის შვილები ვართ. ასეთი ლოცვები სასარგებლოა არა მარტო მათთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენთვისაც; ამ ლოცვის ჟამს ხომ სიყვარულს ვამჟღავნებთ სხვა ადამიანთა მიმართ, უფალი კი გვასწავლის, რომ სიყვარულის გარეშე ღმერთის შვილებად ვერ ვიწოდებით.ადამიანი უნდა ლოცულობდეს თავისი მამულისათვის და იმ ქვეყნისათვის, სადაც ცხოვრობს, მოძღვრისათვის, მშობელთა და მონათესავეთათვის, კეთილისმყოფელთა და ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის და საერთოდ, ყველა ადამიანისათვის, როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვალებულთათვის, რადგან „არა არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა, რადგან ყველანი ცოცხლები არიან მის წინაშე“ (ლუკა 20, 38).

ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.

 

ლოცვა მიცვალებულთათვის

 

გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სულისათვის ორი ადგილია განკუთვნილი: სამოთხე, მთელი თავისი სიკეთით, და ჯოჯოხეთი მასში მყოფი ბოროტი სულებითა და ტანჯვით. პირველი მათგანი, ანუ სასუფეველი, მომზადებულია მიწაზე სიმართლით მოცხოვრებთათვის; მეორე კი - ცოდვილი ადამიანებისათვის. წმიდა წერილი გარდაცვალების შემდგომ მხოლოდ ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული - ნეტარი სულებისა და დაცემულების მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ ყველა ადამიანი როდი კვდება ან სრულიად ცოდვილი, ანდა სრულიად გამართლებული. არიან ადამიანები (და საკმაოდ მრავლადაც), რომლებიც, მართალია, ცოდვებში გარდაიცვალნენ, მაგრამ, ამასთან ერთად, აქ, მიწაზე სინანული

დაიწყეს, სულის სიღრმეში სიკეთის მარცვალი ჰქონდათ და კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ. სად დაემკვიდრებიან ასეთი ადამიანების სულები? წმიდა წერილიდან და, განსაკუთრებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკიდან, მისი ლოცვებიდან და გალობიდან ჩანს, რომ ასეთ ადამიანთა სულები, მართალია, ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ მოკლებული არ არიან ცოდვათა მიტევებისა და ჯოჯოხეთიდან გათავისუფლების იმედს. ღვთის კაცთმოყვარება და ქრისტე მაცხოვრის ღვაწლის ძალა, რომელიც ადამიანებს მეორედ მოსვლამდე შეეწევა, თანასწორია ღვთის მართლმსაჯულებისა, რომელიც ბოროტებისათვის სჯის, სიკეთეს კი ჯილდოს გარეშე არ ტოვებს, - ეს ყველაფერი გვაძლევს უეჭველ უფლებას, გვჯეროდეს, რომ ასეთ ადამიანთა ტანჯვას გარკვეული ნუგეში ახლავს. მართალია, მათ თვითონ არ შეუძლიათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მაგრამ სწყურიათ მიტევება და გარეშე პირთა შემწეობას ელიან. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასეთ გარდაცვლილებს ლოცვით, მოწყალებითა და, განსაკუთრებით, უსისხლო მსხვერპლის შეწირვით შეეწევა და ღვთისაგან მათთვის ცოდვათა მიტევებას გამოითხოვს. აღმოსავლეთის პატრიარქთა წერილში მართლმადიდებლური რწმენის შესახებ ნათქვამია: „ადამიანთა სულები, რომლებიც მომაკვდინებელ ცოდვებში ჩავარდნენ და გარდაცვალების წინ არ შეინანეს, თუმცა ამქვეყნიურ ცხოვრებასთან განშორების წინ სინანული ჰქონდათ, მაგრამ სინანულის ნაყოფის გამოღება ვერ მოასწრეს (როგორიცაა: ლოცვა, ცრემლები, მეტანია, გულის შემუსვრილება, ღატაკთა ნუგეშისცემა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საქმით აღსრულება), ჯოჯოხეთში ვარდებიან და ჩადენილი ცოდვებისათვის ისჯებიან, მაგრამ, ამასთან ერთად, ამ ტანჯვის შემსუბუქების იმედი რჩებათ“.

იაკობ მოციქული გვირჩევს, ერთმანეთისთვის ვილოცოთ, რამეთუ ღვთისათვის სათნოა სხვისთვის ლოცვა. მას დიდი ძალა აქვს.

მოუნანიებელი ცოდვილები, ღვთისმგმობლები და კაცთმოძულეები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, როგორც უიმედონი და ღვთის სასუფევლისთვის სრულად დაკარგულნი. მომაკვდინებელ ცოდვებს, რომელთა მიტევებაც ადამიანებს არც ამ წუთისოფელში ექნებათ და არც იმქვეყნად, ადამიანთა სული პირდაპირ ჯოჯოხეთში მიჰყავს.

 

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ ზ 26(234), 2003 წ.

 

როგორ უნდა ვილოცოთ მიცვალებულთათვის

 

ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენებისა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის, როდესაც იუდა მაკაბელმა იდუმიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილ მებრძოლთა განსაწმედელად მსხვერპლი შეაწირინა იერუსალიმში.ახალ აღთქმაში მიცვალებულთა ლიტურგიული მოხსენება ყველაზე ადრე დაფიქსირებულია წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვაში.

ამ ტრადიციას ასახავს ქართული სუფრაც: ჩვენ სადღეგრძელოში ვიხსენებთ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ სახელზე მივიღებთ ხოლმე ღვინოში ჩაწობილ პურს, რაც სიმბოლურად მიცვალებულის ზიარებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ჭიქიდან ღვინოს პურზე ან მიწაზე დავღვრით ხოლმე. ესეც სიმბოლურია, და მიცვალებულისათვის ცოდვათა მიტევებას ნიშნავს, ისევე, როგორც ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი დაიღვარა მიწაზე, გაჟონა და დაეწვეთა ჯვრის ქვეშ დასაფლავებული ადამის თავის ქალას და განწმინდა იგი პირველი ცოდვისაგან.

ა) პანაშვიდი

ახლადშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი:

პირველ დღეს  როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს  როდესაც პირველად წარდგება უფალთან;

მე-9 დღეს  როდესაც მეორედ წარდგება უფალთან;

მე-40 დღეს  როცა ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე.

 

გარდა ამისა, როგორც საზოგადო ლოცვების განხილვისას აღვნიშნეთ, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში, ან შევიტყოთ ეკლესიაში), რომელსაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი.კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისათვის შევუკვეთავთ წირვას მიცვალებულის სახელზე, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია დროდადრო კიდევ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით მიცვალებულისთვის შვიდი წირვა სრულდება.

ბ) წესის აგება

გასვენების დღეს მიცვალებულს წესი უნდა ავუგოთ; წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში ცხედართან, ან ეკლესიაში.

თუ განსვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე, ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს.სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს). მას თავთან უნდა ედგას ნაკურთხი  წყალი, ხორბალი და ენთოს კანდელი (კანდელი არის მცირე ზომის ჭურჭელი ზეთით, რომელშიც ჩადებულია ბამბის პატრუქი. იგი შეიძლება შეიძინოთ ეკლესიაში ან დავამზადოთ სახლში). მიცვალებულთან შეიძლება ენთოს სანთელიც.

გ) ფსალმუნების კითხვა

მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. ყველაზე კარგი, ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმ. დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნებიდან”, რომელიც იყიდება ეკლესიაში. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს წაკითხვა, რაც მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს.ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან. წავიკითხავთ სადამდეც შევძლებთ, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესი.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამისთევისა. ასე, რომ თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია

რიგრიგობით ფსალმუნების კითხვა.

დ) მიცვალებულის მოხსენება საზოგადო ლოცვის დროს

მიცვალებულის სული, გარდა საკურივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო ლოცვაშიც. მოხსენება კვეთაში. მეტად მნიშვნელოვანია მოხსენება მღვდლის მიერ წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანგებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური _ სეფისკვერი; შემდეგ ფურცელზე დავწეროთ “გარდაცვლილნი” და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები. (ტრადიციულად მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენებლად _ ყოვლადწმინდა სამების ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს. ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენიებელ ფურცელს დავტოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერიდან მოხსენებულთა სახელებზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შეწირავს მსხვერპლად და წირვის ბოლოს ჩაუშვებს წმ. ბარძიმში.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის მოხსენება კვეთაში არ შეიძლება:

1. თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად;

2. თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;

3. თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.

თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.

ე) ორმოცდღიანი მოსახსენებელი

ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს (სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, სვეტიცხოველი, ალ. ნეველის სახელობის რუსული ეკლესია), ჭირისუფლის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე ორმოცი დღის მანძილზე.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40 დღიანი მოხსენება დიდი მარხვის პერიოდში.

ვ) მოხსენება საზოგადო პანაშვიდზე

როგორც ადრე აღვნიშნეთ, მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო პანაშვიდზე. ამისათვის ფურცელზე დაწერილი სახელი უნდა მივაწოდოთ მღვდელს.

მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ აგრეთვე პირადად, დილის ლოცვების შესრულებისას შესაბამის ადგილას.

 

ზ) სანთლის დანთება

მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.

სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც, ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე.

 

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი,  „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.

 

წმ. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნნი და მათი კითხვის მნიშვნელობა ებრაელთა დიდებული მეფისა და წმინდა წინასწარმეტყველის, მგალობელისა და ღვთის მადიდებლის დავითის კალამს ეკუთვნის უკვდავი ნაწარმოები „ფსალმუნნი“, რომლის სახელწოდებაც წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „ფსალმოს“ - ვგალობ, - საგალობელი. ასე რომ ეს სახელწოდება ბერძნული წარმოშობისაა.ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა. დავითი ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად

შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, - გაეცლებოდა ბოროტი სული მეფეს (1 მეფ. 16, 23). დავითი, უმცროსი ვაჟი იესე ბეთლემელისა, მამის ფარას მწყემსავდა. იგი არ გამოირჩეოდა ფიზიკური ახოვანებითა და გარეგნული მოხდენილობით, მაგრამ მის გამბედაობაზე და მედგარ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ მას არაერთხელ, მარტოდ-მარტოს მოუკლავს ისეთი დიდი ნადირები, როგორიცაა დათვი და ლომი. დავითი არ შეუშინდა ფილისტიმელი მეომრის ფიზიკურ ძალასა და გოლიათურ აღნაგობას. კბილბამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იგი შურდულით გადის ბრძოლის ველზე. ღმერთზე მინდობილი სასტიკად ამარცხებს მოწინააღმდეგეს და ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს.აქედან იწყება დავითის აღზევება ერის თვალში, მაგრამ ამ წარმატებამ მას საულ მეფე შურის ნიადაგზე მოსისხლე მტრად წაჰკიდა. იგი გაურბის მეფის მრისხანებას და მიუხედავად იმისა, რომ მიეცა კიდეც ხელსაყრელი შემთხვევა მოეკლა უსამართლოდ გადაკიდებული მეფე, მან ეს არ გააკეთა, რადგანაც მისი ბუნება რაინდულია და ღვთისმოშიში. გავიდა დრო და საულ მეფეს ერთ-ერთ ბრძოლაში კლავენ, რის შემდეგაც ისრაელის მეფედ გვევლინება დავითი. ასეთი

დიდების მიუხედავად იგი სულიერად მგრძნობიარე, მომთმენი და თავმდაბალია: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“  (ფს. 27, 7), ამბობს ესოდენ დიდებული მეფე. მისი სიბრძნე და ღრმა სულიერი ჭვრეტა ანცვიფრებს მკითხველს. არ არსებობს ცხოვრებისეული შემთხვევა, რომ ფსალმუნი არ ესალბუნოს მას. მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს ამხნევებს და იმედის სხივს ჰფენს, მედიდურსა და გაამპარტავნებულს აფრთხილებს და საკუთარ უსუსურობაზე მიუთითებს, ურწმუნოს ღვთის რწმენას უღვივებს. გულქვას მოყვასის სიბრალულს ასწავლის, ბოროტების ერთადერთ მკურნალად სიკეთეს გვისახავს, ბედნიერ ადამიანს ღვთის მადლიერების გრძნობას უღვიძებს, ცოდვილს - სინანულს. ფსალმუნი ის წამალია, რომელიც ადამიანის ყოველგვარ სულიერ ავადმყოფობას კურნავს, თუკი ჯეროვნად მოვიხმართ მას.

ფსალმუნი არა მარტო ლიტონი სიტყვებით გვასწავლის, არამედ მრავალგვარად სარწმუნოდ გვიყოფს კიდეც თავის აზრს. მისი ენა თავდაპირველად შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ როცა შევეთვისებით, იგი ძალიან მარტივი და თითქმის ყველასთვის გასაგებია. ბავშვი ზღაპრული უბრალოებით კითხულობს, ხოლო მოხუცი გამოცდილებისეული სიბრძნით.

ფსალმუნის თხრობის სტილი ლაკონურია და საინტერესო. მას ხან ეგვიპტის უდაბნოში გადავყავართ, ხან ქანაანის აღთქმულ ქვეყანაში. მისი აზრი ხან ციურ პლანეტებს წვდება, ხან მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. იგი ხან ადამიანის ფსიქიკაში ღრმავდება, ხანაც კეთილ და ბოროტ სულთა ბუნებაზე საუბრობს. ფსალმუნის უმთავრესი საგალობელია ღმერთი - დაუსაბამო, უკვდავი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის გამგებელი, ყოვლისშემქმნელი, გულმართალი, მართლმსაჯული, სახიერი (კეთილი), მრავალმოწყალე, ბრძენი, საშინელი, კაცთმოყვარე.

რაც უფრო ვუკვირდებით ფსალმუნის სულიერ სიღრმეს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი ავტორი არ შეიძლება იყოს მარტოოდენ ადამიანი. ეს ესეც არის, რადგან დავითი ფსალმუნებს წერს ღვთის შთაგონებით, რაც გვიდასტურებს, რომ ფსალმუნი სული წმიდის ნამეტყველევი არის.

წმიდა იოანე ორქოპირი ბრძანებს: „უფრო ადრე მზე დაიცლება ბრწყინვალებისაგან, ვიდრე ფსალმუნი ამოკითხვით“. მისივე სიტყვებია: „დიდ სარგებელ არიან სწავლანი ფსალმუნთანი, რამეთუ საღმრთო წერილნი ყოველნივე კეთილ არიან და განმდევნელ ეშმაკთა, არამედ არა ეგრე ვითარცა ფსალმუნნი“. ე.ი. იოანე ოქროპირის აზრით, წმინდა წერილის წიგნთა შორის სულისათვის ყველაზე სასარგებლო ფსალმუნთა კითხვააო.

წმინდა ბასილი დიდის თქმით: „არა რომელიმე ერთი სხუათა წიგნთაგანნი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარცა ფსალმუნთა წერილი, რამეთუ ფრიად მარგებელ არს სულისა და განმწმედელ გონებისა“. ბასილი დიდი თქმითვე, ფსალმუნნი საშინლად

სწყევს ეშმაკთა და შეაძრწუნებს მათ მანქანებს. ეს არის მეფეთა და დიდებულთა ძლიერება. ეს არის მხედართა სიმხნევე და გამბედაობა. ისეთი დიდი მამა, როგორიც არის ბასილი, ჩამოთვლის: „ხოლო სხუანიც ღვაწლნი ფრიად მარგებელ არიან, მარხუა, გინა მუხლთადრეკანი, არამედ არა ეგრე ვითარცა აღმოკითხვა ფსალმუნთა ამათ“. მრავალი ბერი და მონაზონი იღვწის ღვთის წინაშე, მრავალი ასკეტი განმარტოვებულია უდაბნოში და დაუტოვებია ეს ქვეყანა, მაგრამ არც ერთ მათგანს თავისი მოღვაწეობა არ წამოუდგენია ფსალმუნთა გარეშე.

ნეტარი ავგუსტინე გადაგვიშლის ფსალმუნთა სულის საოხებელ მარგალიტებს. იგი ამბობს: ფსალმუნნი არის სიწმინდისა და სიხარულის შესამოსელი, მომნიჭებელი სულიერი ღვაწლისა, დამაცხრობელი რისხვისა, დამცველი მცნებისა და დამამტკიცებელი სჯულისა, მოწყალების გულის გამხსნელი და ბოროტ გულისთქმათა აღვირი. ამპარტავანთა დამამდაბლებელი, თავმდაბალთა მწყალობელი, ღვთის დაუღალავი მადიდებელი და მარადიული სიბრძნის წყარო, ღვთის საიდუმლოთა განმმარტებელი.

საეკლესიო ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება იმის მაგალითი, რომ ამა თუ იმ მოღვაწეს ზეიპრად სცოდნია ფსალმუნნი, მარიამ ეგვიპტელს კი ღვთის ანგელოზმა შეასწავლა ფსალმუნთა გალობა უდაბნოში ყოფნის დროს.მრავალ ცოდვილს სმენია ფსალმუნის მომაჯადოებელი სიტყვები, ღვთის შემწეობით უარუყვია თავისი უღმრთო ცხოვრება და ღვთის სამსახურსა და მცნებებით მოღვაწეობას შედგომია.

 

მამა რევაზი (სიხარულიძე), ჟურნალი „წყარო“ N17, 1993 წ. იანვარი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ყოველდღიური ლოცვები