ჩვენთან არს ღმერთი!

 

ავტორისაგან

 

პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა: - ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო.

ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთავარემდეც კი არ მიუღწევია და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმა ამ გულუბრყვილო განცადებაზე. ცნობილია, დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო რამდენიმე მილიონი წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიონობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმისა არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა იწამოს ღმერთი.

იური გაგარინისგან განსხვავებით ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე მილიონობით ტელემაყურებელი გახდა. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამს.

მთელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა, შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე მოხდა მისი ამ ცოდვისაგან განწმენდა. თვით სამყაროს შემოქმედმა შეისხა ხორცი, გარდამოგვევლინა ზეციდან და ოცდაცამეტი წელი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე ქმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ და ჯვარს აცვა იგი.

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რა არის კაცი ღმერთთან შედარბით?!

არარაობა! მაგრამ თავი ყოველთვის ისეთ დიდ ვინმედ წარმოუდგენია, რომ ღმერთს, თავის გამჩენსაც უარყოფს. ამით კი სამუდამოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ, სანამ სამყარო არსებობს. ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს იგი პაპა დამიანეს (მას სოფელში ყველა ასე იხსენიებდა), იმ თბილი და ბრძენი კაცის გულში, რომელსაც ეს წიგნი გაგაცნობს, ძვირფასო მკითხველო!

 

 

პირველი ნაწილი

1. პაექრობა

 

„ვიდრე ნათელი გაქუნ, გრწმენინ ნათელი,

რაითა ძე ნათლისაი იყუნეთ“

 

(იოანე 12, 36)

შობის დღესასწაულს ჩემს ნათესავებთან, სოფელში შევხვდი. სწორედ იქ გავხდი იმ პაექრობის მოწმე, რამაც ეს წიგნი დამაწერინა.

დღესასწაულის წინ მთელ სოფელში გამოაკრეს აფიშები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ კულტურის სახლში ჩატარდებოდა ლექცია რელიგიის წარმოშობის შესახებ. „ლექციის ბოლოს გაიმართება დისპუტი“ - აღნიშნული იყო აფიშაზე.

ეს სოფელი მორწმუნე სოფლად ითვლებოდა. თითქმის არ იყო ოჯახი, რელიგიური ლიტერატურა რომ არ ჰქონოდათ. ბავშვებიც სულიერ ატმოსფეროში იზრდებოდნენ, უფროსებთან ერთად დადიოდნენ ტაძარში და ლოცულობდნენ. თუმცა სკოლაში თავგამოდებით ცდილობდნენ განედევნათ მათგან ყოველივე სულიერი. ამას მთელ სოფელშიც ცდილობდნენ. ამიტომ ამ ლექციას ათეისტები დიდ მისიას აკისრებდნენ. ხალხი მართლაც ბევრი მოვიდა. ისინი უმეტესად აფიშის ბოლოს მიწერილმა სიტყვამ - „დისპუტმა“ მიიზიდა. მოწვეული ლექტორის წინაშე თავი რომ მოეწონებინა, კულტურის სახლის დირექტორმა დიდი მონდომება გამოიჩინა და თვითონ ხელმძღვანელობდა დარბაზის სათანადოდ გაფორმებას. სწორედ ამ მიზნით ჩამოკიდეს კედელზე ლოზუნგები: „რელიგია ოპიუმია“, „არცერთი ჩამორჩენილი ჩვენს გვერდით!“ და ა.შ. ლექტორი თვითონ დირექტორმა წარუდგინა ხალხს. იგი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იქნებოდა, კეთილი, სათნო ღიმილით, მაგრამ ტრიბუნაზე ასვლისთანავე თითქოს ფერი იცვალაო, ღიმილი სადღაც გაუქრა და სახეზეც მკაცრი გამომეტყველება მიიღო. ასე თვითდაჯერებული ტონით დაიწყო საუბარი:

- როგორც იცით, რელიგია ადამიანთა უვიცობის ნიადაგზე აღმოცენდა, - განაცხადა მან, - დღეს ათეისტური მსოფლმხედველობა ყველაზე მაღლა დგას მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ უვიცობის გამო ადამიანმა გააღმერთა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, ყოვლისშემძლე ღმერთებად მიიჩნია, მათზე იწყო ლოცვა და მსხვერპლსაც სწირავდა.

შემდეგ ლექტორმა მოიყვანა ციფრები და ციტატები გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებიდან. ყოველი მათგანი მიმართული იყო იმისკენ, რომ ღვთის რწმენიდან არაფერი დაეტოვებინა, მოესპო იგი დარბაზში მსხდომთათვის.

- დღეს ადამიანმა თავისი განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, - განაგრძობდა იგი, - რომ სამყარო თავისთვის გიგანტურ ლაბორატორიად აქცია. დედამიწიდან ასობით ხელოვნური ხომალდი გაფრინდა მთვარეზე, მარსზე, ვენერაზე. კოსმოსში ფრენა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანმა მთვარეზეც კი დაადგა ფეხი. - ლექტორმა აქ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დარბაზში მსხდომთ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ წარმოსთქვა: - ღმერთი კი არსად უნახავს. ამან კი საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობს. მართლაც წარმოუდგენელია, ჩვენს დროში ადამიანს კვლავ სწამდეს ღმერთი, რაღაც სასწაულები და ზეციური მოვლენები.

ლექტორმა დირექტორის კმაყოფილი სახის დანახვაზე ლექცია ასეთი განცხადებით დაასრულა:

- რელიგია ძველისძველი გამხმარი ხეა, რომლის მთავარი ფესვები უკვე ამოძირკვულია. მის ნარჩენებს კი, დარწმუნებული ვარ, მალე მუზეუმში დავუდებთ ბინას, როგორც ერთ დროს დავიდეთ ბინა პირველ საქსოვ დაზგას.

დარბაზში ამ განცხადებამ ბევრში აღფრთოვანებაც გამოიწვია. ზოგი ტაშის ცემითაც კი შეხვდა ამ სიტყვებს. მხოლოდ მორწმუნენი ისხდნენ შეწუხებულნი და ხმას არ იღებდნენ.

გამოცხადდა შესვენება.

დარბაზში სოფლის ბრძენკაცი - პაპა დამიანეც იმყოფებოდა. ეს იყო სამოც წელს გადაცილებული კაცი, წითური, მოზრდილი წვერით, კეთილი, სუფთა თვალებით. იგი გამჭრიახი გონებისა და სამართლიანობის გამო ძალიან უყვარდათ თანასოფლელებს. პაპა დამიანე ერთი კარგი თვისებითაც გამოირჩეოდა: თვითონ, საოცრად ნაკითხს, სხვისი საუბრის მოსმენაც უყვარდა და გულისხმიერი მსმენელი გახლდათ. მას უყვარდა ბუნება და სათუთად ექცეოდა ყველაფერს - ყვავილი იქნებოდა ეს თუ ბალახი, ცხოველი თუ ფრინველი. ყოველ მათგანში შემოქმედის სიბრძნეს ხედავდა. იგი უბრალოდ, გასაგებად და რაც მთავარია, რწმენით საუბრობდა. ამჯერად იგი თავის ათი წლის შვილიშვილთან - ტრიფონთან ერთად მოსულიყო ლექციაზე.

- რაო, პაპა დამიანე! რამე სადაო თქვა ლექტორმა?! - ჰკითხა ერთმა.

- ჩემის აზრით, ჯობია შინ წავიდეთ. - შესთავაზა მეორემ.

- ხომ ხედავ, როგორ მოეწონათ ლექცია ამ უღმერთოებს. აბა, რა საერთო შეიძლება გვქონდეს ამ ურწმუნოებთან! მათ ვერაფერს შეაგნებინებ. არც შეეცადო, დაგცინებენ!

- მე კი მგონია, რწმენა უნდა დავიცვათ აქ მსხდომ მორწმუნეთათვის. - მშვიდად განაცხადა პაპა დამიანემ.

„როგორი მცირდემორწმუნე გახდა ხალხი?! - ფიქრობდა იგი დამწუხრებული, - დაცინვისა ეშინიათ. დაივიწყეს, რომ რწმენას კაცი სოცოცხლესაც კი სწირავდა. ეჰ, რა დრო დადგა! განა შეიძლება დააეჭვოს კაცი ღვთის არსებობამ?!“

დამიანეს პატიოსან კაცად ვერც კი წარმოედგინა ადამიანი, რომელიც ღმერთს უარყოფდა. ყველა ურწმუნოს იგი მატყუარად თვლიდა, რადგან ბევრჯერ უნახავს ასეთი კაცი გასაჭირისას სწორედ ღმერთს რომ უხმობდა საშველად.

დასაწყისი

შესვენების შემდეგ კულტურის სახლის დირექტორმა ხალხს მიმართა:

- ვის სურს გამოვიდეს ამ თემასთან დაკავშირებით?

სამწუხაროდ ასეთები არ აღმოჩნდნენ. მაშინ წამოდგა პაპა დამიანე.

- თქვენ გსურთ?! - გამომცდელი მზერა მიაპყრო დირექტორმა მოხუცს. - მობრძანდით!

პაპა დამიანემ ჩაახველა.

- კეთილო ადამიანო! - მიმართა მან ლექტორს. - შენ ბევრი რამ გვითხარი, (სხვათაშორის ისიც მინდა გითხრათ, რომ პაპა დამიანე ყველას შენობით მიმართავდა, მაგრამ ამას ისეთი თავაზიანობით აკეთებდა, არავის აღიზიანებდა), - შენ რელიგია და საქსოვი დაზგაც კი შეადარე ერთმანეთს და აღნიშნე, რომ რელიგიას მალე მუზეუმში ჩააბარებენ... მაგრამ რელიგია ძველი ავეჯი როდია, რომ აიღო და გადააგდო... იგი ხომ ადამიანის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია და ასეთ სერიოზულ რამეზე განა შეიძლება ასე ხელაღებით ილაპარაკო?! შენ ისიც ბრძანე, რომ უვიცმა ადამიანებმა რელიგია შიშის გამო გამოიგონეს, რომ მათ გააღმერთეს ბუნება, თაყვანს სცემდნენ მზეს, ქვებს, ხეებს და ა.შ. მე კი მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა ღმერთი კი არა ღმერთები გამოიგონეს, ეს იყო წარმართული ღმერთები და არა ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენ კი სწორედ ეს ჭეშმარიტი ღმერთი გვწამს. მისი გამოგონება ჩვენ არ გვჭირდება, ვინაიდან იგი მუდამ იყო, არის და იქნება. - აქ პაპა დამიანემ ცოტა შეისვენა და მერე განაგრძო. - აი, შენ ამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია კი ამის დამტკიცება?!

- ამას რა მტკიცება უნდა?! - გაიკვირვა ლექტორმა. - მეცნიერების უდიდესი მიღწევები განა ამაზე არ მეტყველებენ?! მეოცე საუკუნე ხომ სწორედ მეცნიერების და ტექნიკის საუკუნეა და არა რელიგიის. რელიგიამ უკვე მოჭამა თავისი დრო.

- სცდები ძვირფასო! მეცნიერება ღმერთს კი არ ეძებს, სულ სხვა მიზნები აქვს დასახული. იგი სწავლობს და იძიებს ბუნებაში უკვე დადგენილ კანონებს. განა არ იცი მეცნიერებშიც ბევრი რომ იყო მორწმუნე?! ლომონოსოვი, პირაგოვი, პავლოვი, ციოლკოვსკი და მრავალი სხვა. სწორედ სარწმუნოება უხსნიდა მათ სხვადასხვა საიდუმლოებებს, ეხმარებოდა აღმოჩენებში. უადვილებდა მათ ბუნების შეგრძნებას, უფლის სიბრძნის დანახვას. ღვთის რწმენა მუდამ იყო და იქნება! განა ამას არ მოწმობს ადამიანის სული სულ რომ ცისკენ ისწრაფვის?! ასეა იგი ღვთისგან შექმნილი და იმიტომ. ამას ჩვენი მწერლებიც აღიარებენ. ამასწინათ ერთი წიგნი წავიკითხე. იქ ჩვენი კოსმონავტები შედარბული იყვნენ თევზთან, რომელიც ტბიდან ამოხტა სამყაროს შესაცნობად, მაგრამ, სულშეხუთული, უკან რომ ჩახტა და ტბაში მყოფ თევზებს განუცხადა:

- იქ არც არავინ არის და არც არაფერია, და საერთოდ ჩვენი ტბის გარდა არსად სიცოცხლე არ არისო.

ასეა ადმიანიც! რაღაც ორ მეტრზე აფრინდა და გაჰყვირის:

- ღმერთი არ მინახავს, ე.ი. არც არსებობსო.

განა ღმერთის დანახვა კოსმოსური ხომალდიდან შეიძლება?! იგი ხომ თვალუწვდენელ ნათელში იმყოფება! აი, მისი შეგრძნება კი ნამდვილად შეიძლება. თუ ყურადღებით მიმოვიხედავთ გარშემო, ყველგან წავაწყდებით მის ნაკვალევს.

ყველანი სულგანაბულნი უსმენდნენ პაპა დამიანეს.

2. ფუტკრები

- მე ფუტკრების რამდენიმე ოჯახი მყავს, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - მათზე დაკვირვებამ დამანახა რა კარგად ართმევენ ისინი თავს საქმეს, როგორი სიბრძნით წარმართავენ მას. მათემატიკური სიზუსტით აკეთებენ ფიჭის უჯრედებს. ჩვენ, ადამიანები დღესაც ვერ ვაღწევთ ასეთ სიზუსტეს. განა გასაკვირი არ არის, როგორ იღებენ ისინი ყვავილებიდან ნექტარს, როგორ აგროვებენ მას. ბევრ ადამიანს შეშურდება მათი სიბრძნე. ახლა მინდა გკითხო:

- ვისგან ისწავლა მას ეს ყველაფერი, საიდან აქვს მას ეს სიბრძნე?!

- არავისგანაც არ უსწავლია! - სწრაფად უპასუხა ლექტორმა. - ეს სიბრძნე, როგორც თქვენ ამას უწოდებთ, თანდაყოლილი ინსტიქტია და სხვა არაფერი. ასეთი ინსტიქტი გააჩნია ადამიანსაც, ცხოველსაც, მწერსაც, ფრინველსაც, მოკლედ ყველა ცოცხალ არსებას. იგი მათ ამოქმედებს გონების გარეშე, თუმცა საბოლოო ჯამში სარგებლობას იძლევა, ე.ი. აღწევს საჭირო მიზანს. გაიგეთ რა ყოფილა ეს სიბრძნე?

- მე სხვა რამ გკითხე, შენ კი სულ სხვა რამეს მპასუხობ. მე გეკითხები საიდან აქვს მას ეს სიბრძნე, ეს ინსტიქტი? - გაუმეორა შეკითხა პაპა დამიანემ.

- საიდან და შეუგნებელი ჩვევიდან. ასეთი ჩვევის გამომუშავება ადამიანისთვისაცაა დამახასიათებელი, ცხოველისთვისაც, ფრინველისთვისაც და მწერისთვისაც. მაგალითად, ჩვენ ისე ვეჩვევით სიარულს, წერას, კითხვას, რომ ამას მერე თავისდაუნებურად, მექანიკურად ვაკეთებთ. ასეა ფუტკარიც. ასეთ ჩვევებს ისინი გამოიმუშავებენ ათასი და ათიათასი წლის მანძილზე.

- უყურე შენ?! - გაიკვირვა პაპა დამიანემ. - გამოდის რომ ათასი წლის წინ ფუტკრები უფრო ჭკვიანები ყოფილან, ვიდრე დღევანდელი არქიტექტორები.

- როგორ თუ უფრო ჭკვიანები?! - გაიკვირვა ლექტორმაც.

- როგორ და ისე! ფუტკრები ხომ ათასი და ათიათასი წლის წინათაც ისეთ ბრძნულ სამუშაოებს ასრულებდნენ, რომლებიც დღესაც მიუწვდომელია მეცნიერებისათვის. მეცნიერებას დღესაც არ შეუძლია ყვავილიდან თაფლის მიღება, ფუტკრისათვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ისიც წამიკითხავს, თუ როგორ ამატებენ ფუტკრები თაფლს 25% წყალს და კიდევ რაღაც ნივთიერებას, რომელიც თაფლს გაფუჭებისაგან იცავს. ვინ ასწავლა მათ ეს? ჩვენ, ადამიანებს, წერა-კითხვა, სიარულიც კი ვერ გვისწავლია დამოუკიდებლად. ნუთუ ფუტკრებმა ეს ყველაფერი თვითონ ისწავლეს?

ლექტორმა დაბნეულობა ვერ დამალა. მაშინ მას დირექტორი წამოეშველა:

- თემიდან ნუ გადაუხვევთ. ილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე, საიდან წარმოიშვა რელიგია.

- არავინ არ უხვევს თემიდან! - წამოიძახა ერთმა დარბაზიდან.

- სწორედ რომ თემას ეხება კითხვა! - მხარი აუბა მეორემ.

- უპასუხეთ, თუ შეგიძლიათ! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა მესამემ.

- თავს ნუ არიდებთ შეკითხვებს! - ეს უკვე ბოლო რიგებიდან გაისმა.

3. დარვინიზმი

- მეცნიერებაში არსებობს თეორია დარვინიზმის სახელწოდებით. - ისევ დაიწყო ლექტორმა. - ამ თეორიას ეს სახელი ინგლისელი მეცნიერის დარვინის საპატივცემულოდ დაერქვა. დარვინი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ვითარდება და იხვეწება. ბუნებაში მოქმედებს ევოლუციის, თანდათანობით განვითარების კანონი. მილიონი წლის წინათ სამყარო სულ სხვაგვარი იყო - ცხოველებიც, ფრინველებიც, მცენარეებიც განსხვავებულნი იყვნენ. ბუნებაში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისათვის, რომელშიც გამარჯვებული კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, ხდება ბუნებრივი გადარჩევაც. ამას უკვე ადამიანების ახდენენ. ისინი სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების შეჯვარებით იღებენ ახალ, ჯანსაღ, ძლიერ ჯიშს, რომელიც შემდეგ გვაძლევს სხვა სახეობას და ასე წარმოიშვება სხვადასხვა ჯიშები და სახეობები.

- კარგი ბატონო! დავუშვათ, რომ სრულყოფილი ორგანიზმის შექმნა ევოლუციის შედეგია. - დაეთანხმა პაპა დამიანე. - მივიჩნიოთ ეს თეორია ჭეშმარიტებად, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეცნიერული ანალიზია. მე კი შენ საწყისზე გეკითხები, საწყისზე, ე.ი. ღმერთზე, ვისგანაც მოდის ეს ევოლუცია, ინტუიცია და სხვა.

ლექტორი შეყოყმანდა. დირექტორმა დრო იხელთა და განაცხადა:

- კითხვა ამოწურულია!

მაგრამ პაპა დამიანეს არ უფიქრია დაჯდომა.

- როგორ თუ ამოწურულია? მე შეკითხვებს ახლა ვიწყებ. - მშვიდად მიმართა მან ლექტორს. - მინდა გიამბოთ ჩემს ერთ მეგობარზე. იგი მებაღეა, ისეთი საუცხოო ყვავილები გამოჰყავს, შეგშურდებათ. ერთხელ ვკითხე:

- შეგიძლია გამოზარდო ყვავილი ჭინჭრისაგან?

- რასაკვირველია არა! - გაიკვირვა მან.

- ხისგან თუ შეგიძლია რკინის მაგიდის გაკეთება?

- ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში თუ ხდება. - მითხრა მან.

- რატომ? - ვკითხე.

- იმიტომ, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს და შენ ვერ შეცვლი. აბა შეეცადე და დაამყნე გამხმარი ხე. მთელი მებაღეებიც რომ შეკრიბო ამას მაინც ვერ შეძლებ, იმიტომ რომ მასში უკვე აღარ არის სიცოცხლე.

განა მართლა ასე არ არის?! მითუმეტეს, ფუტკრებში ყველაფერი ისე მარტივად როდი ხდება, როგორც შენ ამბობ. არც მეფუტკრეს, არც მებაღეს არ უსწავლია ფუტკრისათვის ფიჭის კეთება, თაფლის მოგროვება, არც შეუჯვარებიათ და არც გადაუნერგავთ მისთვის რაიმე. ისინი კი მაინც შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს: აგებენ სკებს, აგროვებენ ნექტარს, აკეთებენ ფიჭას და ა.შ. საიდან იციან მათ ეს საიდუმლოებანი? ვინ ასწავლა მათ ყოველივე ეს? - აი, ამ კითხვაზე მინდა რომ მიპასუხო. ვინ არის მათი მასწავლებელი? ვინ მისცა მათ სიბრძნე?!

ლექტორი დუმდა. პაპა დამიანე არ ეშვებოდა:

- ბუნებამ თუ ღმერთმა ასწავლა მათ ეს?

მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე განაგრძო:

- აი, მაგალითად, ხომ ჰგავს ერთმანეთს აგებულებით თვითმფრინავი და ფრინველი?! მაგრამ განსხვავება ის არის, რომ თვითმფრინავის ნაწილებად დაშლა და მერე მისი აღდგება შეიძლება, ფრინველს კი თუ დავშლით, ვეღარ აღვადგენთ, რატომ?

- იმიტომ, რომ ის ცოცხალი არსებაა! - მიუგო ლექტორმა.

- კარგი ბატონო! მაშინ იმაზე მიპასუხე, ვინ ააგო თვითმფრინავი?

- რა თქმა უნდა ადამიანმა! კონსტრუქტორმა!

- ფრინველი ვიღამ შექმნა?

ლექტორის მაგივრად ამაზე დირექტორმა უპასუხა:

- რა თქმა უნდა ბუნებამ!

4. რა არის ბუნება

- ე.ი. ათეისტების აზრით ფუტკრისა და ფრინველის კონსტრუქტორი ბუნებაა არა?! - იკითხა პაპა დამიანემ.

- დიახ! - დაეთანხმა ლექტორი. - სწორედ ბუნებაა უდიდესი მასაწავლებელი და უდიდესი კონსტრუქტორი. ის ქმნის, არჩევს. სწორედ მან შექმნა პირველი ფრინველი და საერთოდაც ის აკეთებს ყველაფერს.

- უყურე შენ! - ისევ გაიკვირვა პაპა დამიანემ. - მაშინ იქნებ ახლა მითხრა რა არის ბუნება?

ლექტორმა განმარტება დაიწყო:

- ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რაც ჩვენს გარშემო არსებობს: ხმელეთი, ზღვა, ცა, ვარსკვლავები, ცხოველები - ეს ყველაფერი ბუნებაა!

- ე.ი. - ისევ დაიწყო პაპა დამიანემ, - ბუნება სულიერი და უსულო მატერიისაგან შედგება, ხომ ასეა? ახლა ავიღოთ მშვინვიერი (ანუ სულიერი) სამყაროს წარმომადგენლები: ადამიანები და ცხოველები, ფრინველები და მწერები, ერთი სიტყვით ყველა ცოცხალი არსება და ჩამოვაშოროთ ისინი უსულო სამყაროს. (საერთოდ ამათგან მხოლოდ ადამიანებს აქვთ სულიერება, დანარჩენი კი მხოლოდ მშვინვიერია). ექნება ხმელეთს, წყალს, ჰაერს აზროვნება თუკი მას ჩამოვაშორებთ ყველა ცოცხალ არსებას? ამ კითხვაზე, ალბათ უყოყმანოდ მიპასუხებ, რომ არა, ეს უსულო მატერიაა! ჰოდა აქვს ასეთ მატერიას აზროვნება?

- არა! უსულო მატერია არ აზროვნებს! - უპასუხა ლექტორმა.

- აქედან გამომდინარე ბუნება სულიერ და უსულო ყოფილა, შესაბამისად გონიერი და უგონო. - დაასკვნა პაპა დამიანემ. - მაშ ასე! ხომ გამოვყავით მშვინვიერი უსულოსაგან. ახლა განვსაჯოთ, ამათგან რომელმა შეჰქმნა ფრინველი - ადმიანმა თუ ცხოველმა? თვითონ თავისი თავის შექმნა არც ფრინველს შეეძლო. იქნებ წყალმა შექმნა? ან მიწამ? ან იქნებ ყველა ერთად მიუჯდა მაგიდას და მოლაპარაკების შემდეგ წინასწარ განსაზღვრეს როგორ უნდა შეექმნათ, მაგრამ თუკი გონიერ ადამიანს არ შეუძლია ცოცხალი არსების შექმნა, მკვდარ და უსულო ბუნებაზე რაღა უნდა ვთქვათ?! მას განა შეუძლია შვას ან გააჩინოს ცოცხალი არსება, ისევე როგორც ვაშლის ხე არასდროს მოისხამს ვარდს... განა შეეძლო მკვდარ მატერიას, რომელსაც არ გააჩნია გონება, აზრი, სიცოცხლე, შეექმნა ასე ნიჭიერად აწყობილი სამყარო და მითუმეტეს, გონიერი ადამიანი?! ამ მკვდარ ქალს შეუძლია შვას ბავშვი?!

- რა თქმა უნდა არა!

- მაშინ ახლა მაინც ამიხსენი, ბუნების რომელმა ნაწილმა - სულიერმა თუ უსულომ შექმნა ფრინველი და რომელმა მისცა ფუტკარს ასეთი სიბრძნე? - ისევ მოსთხოვა პასუხი პაპა დამიანემ ლექტორს.

- მე ხომ უკვე აგიხსენი, რომ ყველაფერი - ფრინველი, ფუტკარი, მწერი ყველაფერ ამას გონებით კი არა ინსტიქტით აკეთებს! - გაღიზიანება ვერ დაფარა ლექტორმა. - მათ არა აქვთ არც გონება და არც ნებისყოფა!

- მით უფრო საოცარია ეს! - შენიშნა დამიანემ. - ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა ადვილია, რადგან მას აქვს გონება, ლაპარაკის უნარი. მაგრამ შეეცადე რომელიმე ცხოველს ასწავლო წერა-კითხვა?! ამიტომაცაა გასაკვირი, რომ ერთი ციცქნა მწერმა - ფუტკარმა იმდენი რამ იცის, მეცნიერსაც კი შეშურდება. შეგიძლია ბოლოს და ბოლოს მითხრა, ვინ მისცა მას ეს სიბრძნე?

ყველანი ინტერესით უსმენდნენ პაპა დამიანეს.

- გამიგია, ძველად წარმართებს სამყაროს შექმნა ასე ჰქონიათ წარმოდგენილი: თითქოსდა იყო ქაოსი, საუკუნო წყვდიადი. და აი, ამ ბნელი, უაზრო სტიქიიდან წარმოიშვა ჩვენი უაღრესად შეხამებული და საოცარი სამყარო. წარმართების ასეთი სწავლება აღადგინებს ათეისტებმა და განაცხადეს, რომ სამყარო უაზრო და მკვდარი მატერიისაგან წარმოიშვა. ამასაც არ დასჯერდნენ და მეცნიერების გამოყენებასაც ცდილობენ თავიანთი ინტერესების დასასაბუთებლად. რაც მეცნიერული აღმოჩენებიდან მათთვის ხელსაყრელი არ არის, ჩქმალავენ, ხოლო რაც თვითონ მოსწონთ თავიანთი აზრების განსამტკიცებლად, ქვეყანას მოსდებენ. მაგრამ სამყაროში ხომ ხდება ისეთი მოვლენებიც, რომელთა ახსნა მეცნიერებას არ შეუძლია?! მათზე კი აი, რას პასუხობენ ათეისტები:

- მოვა დრო და ამასაც ავხსნით.

დირექტორი შეაშფოთა კამათის მსვლელობამ.

- გიკრძალავთ ასეთ საუბარს!

პაპა დამიანე კი განაგრძობდა:

- არადა საჭიროა სერიოზულად განვსაჯოთ, შევამოწმოთ, სწორია კი ასეთი სწავლება?! ამ სწავლების მიხედვით ხომ ხშირად აბსურდამდეც კი მივდივართ... არადა ყველფერი როგორი ნათელია! მაგალითად, ავიღოთ რომელიმე წიგნი, დავჭრათ ასოებად და განვაბნიოთ ეს ასოები მთელ დედამიწაზე. აიწყობა ასე ეს წიგნი? არადა ათეისტები დაახლოებით ასე ხსნიან სამყაროს შექმნას. განა ქაოსიდან ასე ეწყობა რაიმე?! ამ ასოთაგან რომ მივიღოთ დასრულებული ნაწარმოები, რა არის საჭირო?

- გასაგებია რაც! - ირონიულად ჩაილაპარაკა დირექტორმა. - თავია საჭირო!

- ეჰ, ჩემო კარგო! თავი მაიმუნსაც აქვს, მაგრამ ის შენ მზა ფურცლებითაც ვერ შეგიდგებს წიგნს... რა არის საჭირო თავში რომ იყოს? გონება არა?! მერედა ვისი? ავტორისა არა? განა მართალს არ ვამბობ?

ლექტორი დაეთანხმა, მაგრამ პაპა დამიანე მაინც ჩაეძია:

- რა ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ პირველადი ქაოსიდან ასეთი გონივრული სამყარო გაჩენილიყო?

- გონებაა საჭირო. - უპასუხა ლექტორმა.

- ვისი? ადამიანისა?

- არა!

- მაშ ვისი?

- ალბათ უმაღლესი გონება...

- სწორედ ეს უმაღლესი გონებაა ღმერთი! - ეს ბოლო სიტყვები პაპა დამიანემ ხმამაღლა და სიხარულით წარმოსთქვა. „ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“, - გაუელვა გონებაში 50-ე ფსალმუნის სიტყვებმა.

ლექტორს სულ უფრო და უფრო იპყრობდა შეშფოთება:

„- რა ვუპასუხო? - ფიქრობდა. - განა სასაცილო არ არის იმის მტკიცება, რომ ფრინველი მზემ, ან ვარსკვლავმა, მცენარემ, ანდა ცხოველმა შექმნა?! მითუმეტეს სისულელეა იმის მტკიცება, რომ სიბრძნე ფუტკრებს მათ მისცეს. ეს გონივრული სამყარო თავისთავად მართლაც ხომ ვერ გაჩნდებოდა?! მაინც როგორ შეიქმნა სამყარო? შემთხვევით? თუ ასეა, ქაოსი უნდა სიფევდეს ქვეყანაზე. საიდან მოვიდა ასეთი ჰარმონია, ასეთი სიზუსტე, ასეთი სირღმე ყველაფერში?“

ლექტორს ცივმა ოფლმა დაასხა. დირექტორი ისევ წამოეშველა და შესვენება გამოაცხადა.

5. შესვენება

დაჯერება იმისა, რომ უსულო მატერიისაგან შეიქმნა ასეთი ლამაზი და აზრიანი სამყარო მხოლოდ ფანატიკოსს თუ შეუძლია. განა ფანატიზმი არ არის ათეისტების იდეოლოგია?! მათ ვერა და ვერ გაუგიათ, რომ ირწმუნეს არარაობა და ღმერთს განუდგნენ. თუმცა დავუბრუნდეთ დარბაზს.

ხალხი ხმაურობდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, კამათობდა. ზოგი პაპა დამიანეს შემოხვეოდა და შეკითხვებს აძლევდა. ზოგიც შორიდან ეჭვით უქცერდა მას, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. მათგან ბევრს ათეიზმი გააზრებულიც არ ჰქონდა, ისე აღიარებდა ჭეშმარიტებად. ახლა კი პაპა დამიანემ ერთი სულის შებერვით მტვერივით გაჰფანტა მათი დამძიმებული გონებიდან ათეისტური თეორიები. აქამდე ისინი სერიოზულად არც კი დაფიქრებულან ღვთის არსებობაზე, უბრალოდ ყოველთვის იმეორებდნენ იმას, რასაც მათ ათეისტების ასწავლიდნენ. ამ სწავლებით კი ღმერთი არ არსებობს და იგი ბნელმა და გაუნათლებელმა ადამიანებმა მოიგონეს. გულუბრყვილო ახალგაზრდობამ ეს სიცრუე ჭეშმარიტებად მიიღო... პაპა დამიანეს გამოსვლამ კი ისინი გამოაფხიზლა და დააფიქრა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ლექტორმა, მიუხედავად თავისი განათლებისა, მარცხი განიცადა. მას ამ უბრალო და მორწმუნე გლეხმა სულ იოლად დაუმტკიცა ღვთის არსებობა.

ლექტორი და დირექტორი კი სცენის უკან მოთავსებულ პატარა ოთახში ისხდნენ. ლექტორი გაუთავებლივ თავის ბლოკნოტს ფურცლავდა.

- სულ არ ველოდი ამ ბებრუხანას გამოსვლას. - უკმაყოფილოდ თქვა დირექტორმა. - მეგონა ვინმე ინტელიგენტი ადგებოდა, ერთ-ორ კითხვას დაგისვამდათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თქვენ ხომ ხვდებით არავითარი პაექრობა რომ არ გვქონდა განზრახული?! დისპუტი აფიშას მხოლოდ იმისთვის მივაწერეთ, ხალხი რომ მოგვეზიდა.

- არადა მოხუცი არ მოგვეშვება.

- მე მგონი კარგი იქნება, მეტად მოვიშველიოთ მეცნიერული ტერმინები.

- რა ვუპასუხო?! - საშინლად შეწუხებული ხმა ჰქონდა ლექტორს.

დირექტორმა მხრები აიჩეჩა.

- ტერმინოლოგია მოიშველიეთ. ეს მას დააბნევს და თქვენც იოლად გამოხვალთ ამ ჩიხიდან. თქვენ ხომ სპეციალურად ეუფლებით საუბრის ასეთ მანერას.

- ძალიან გამჭრიახი და თან მტკიცე კაცი ჩანს. სულ თავისკენ უხვევს. მე ინსტიქტზე ველაპარაკები, ის კი, გინდა თუ არა, იმაზე ითხოვს პასუხს, საიდან გაჩნდა ეს ინსტიქტიო. ევოლუცია ვახსენე და სულიერმა თუ უსულო ბუნებამ ასწავლა მათ ეს სიბრძნეო! სულ ერთი და იგივე პოზიციაზე დგას, მისი დაბნევა არც ისე ადვილია.

ლექტორმა აღარ იცოდა, როგორ დაეძვრინა თავი ამ სიტუაციიდან. ხალხი კი მოუთმენლად ელოდა შესვენების დამთავრებას.

- აბა, წავედით! - წამოდგა დირექტორი.

6. მიუწვდომელი ძალა

ლექტორი კათედრასთან მივიდა და დაიწყო:

- დამიანემ მოგვახსენა, რომ ფუტკრები ჭკვიანურად ეწევიან თავიანთ საქმეს, რომ მათ ღვთისაგან აქვთ მინიჭებული ეს. მე კი გითხარით, რომ მათ სიბრძნე ღმერთმა კი არა, ბუნებამ მისცა. მაგრამ დამიანეს, როგორც ჩანს, ბუნების არსზე სწორი წარმოდგენა არა აქვს და ამიტომ ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. მეცნიერებაც არ უარყოფს ბუნებაში სხვა ძალთა არსებობას. მაგალითად ცაზე მზეს, მთვარეს, ვარკვლავებს და საერთოდ პლანეტებს მიზიდულობის ძალა აჩერებთ. ამ ძალის დანახვა და შეგრძნება შეუძლებელია, მაგრამ იგი ჭეშმარიტად არსებობს. სამყაროში ბევრი ამოუხსნელი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება. ასეთი მოვლენები უსულო ბუნებაშიც მჟღავნდება, მაგრამ უფრო თვალხილული იგი მაინც სულიერ სამყაროშია. ავიღოთ თუნდაც იგივე ფუტკრის ინსტიქტი. მასში რაღაც ძალა აშკარად მოქმედებს, მაგრამ იგი ჯერ ბოლომდე გარკვეული და ახსნილი არ არის. არადა იგი უეჭველად არსებობს. ჰოდა, აი ეს ძალაა სწორედ ის მასწავლებელი, რომელზედაც თქვენ გვეკითხებით, და არა ღმერთი.

ლექტორმა ამით დაამთავრა თავისი გამოსვლა.

7. ბუნების წიგნის ავტორი

ასეთი პასუხი პაპა დამიანეს ძალიან მოეწონა:

- ღმერთმა გიშველოს ასეთი პასუხისათვის. ჩანს ჭკვიანი და მოაზროვნე კაცი ხარ. - შეაქო ლექტორი. - თორემ ხომ გინახავთ კაცი რაიმეს რომ დაიჟინებს და არაფრით რომ არ გადათქვამს?! ერთხელ ჩემს ნაცნობთან კამათი მომიხდა. იგი მიმტკიცებდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწაულები, არც გონება, არც შეუცნობი ძალა, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მატერიაო. მივხვდი, მასთან კამათს არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან რამდენიც არ უნდა ელაპარაკო უგუნურს, ვერაფერს შეაგნებინებ, მხოლოდ დროს დაკარგავ. შენთან საუბარი კი სასიამოვნოა. თუმცა ჯერ მაინც არ გითქვამს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ფუტკრის მასწავლებელი, ვინ მისცა მას ამდენი ცოდნა?

ლექტორი შეიშმუშნა:

- მე ხომ ვთქვი, რომ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუცვნია ეს ძალა. იგი ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია.

- კი მაგრამ იმის თქმა ხომ მაინც შეგიძლია, გონიერია ეს ძალა თუ არა, ბრმაა თუ თვალხილული? - არ ეშვებოდა პაპა დამიანე.

- ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. - თქვა ლექტორმა, - ამიტომ დარწმუნებით მასზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

პაპა დამიანე არც ამით დაკმაყოფილდა. ყველანი კარგად ხვდებოდნენ რა პასუხსაც ელოდა იგი, მაგრამ ლექტორს არ სურდა ეღიარებინა, რომ ღმერთი იყო ის ძალა, რომელმაც ასეთი ბრძნული მოქმედების უნარი ჩაუნერგა ფუტკრებს.

პაპა დამიანემ თავიდან დაიწყო:

- ავიღოთ წიგნი. მას ხომ ადამიანი წერს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს წიგნი მისი გონების ნაყოფია. მისი წაკითხვის შემდეგ ვასკვნით, რამდენად ნიჭიერია მისი ავტორი. წიგნიდან ბევრი რამ შეიძლება გაიგო ავტორზე. მაკარი დიდი ბუნებასაც წიგნს უწოდებს. ეს წიგნი კი ჩვენს თვალწინაა გადაშლილი. მისი ყდა - ცა და ხმელეთია. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ წიგნს, ყველაფერს აგვიხსნის. სწორედ მისი კითხვით შეიცნობენ მეცნიერები სამყაროს. სწორედ ბუნების წიგნიდან იღებენ ისინი უამრავ სიბრძნეს, და რაც მთავარია, მეცნიერები კი არ ადგენენ ბუნების წესებს, არამედ უკვე დადგენილს აღმოაჩენენ ხოლმე. თუ ვაღიარებთ ამ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებას თავისი წესები აქვს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წესები ვიღაცამ შექმნა. ხომ მართალია?! ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ყველაფერს, რაც ბუნებაშია, მაგრამ ის ხომ ხედავს და შეიგრძნობს, რა ლამაზად, ბრძნულად, გონივრულად და როგორც შენ ბრძანე, მიზანშეწონილადაა ბუნების წიგნი დაწერილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს გონების მიერაა შექმნილი! რომ იგი გამომდინარეობს უსასრულო გონებიდან, ე.ი. ღმერთისაგან, რომელსაც ჩვენი გონება ვერ აღიქვამს.

ასე თანმიმდევრულად და საინტერესოდ აზროვნებდა სოფლის ეს ბრძენკაცი.

- ახლა გავარკვიოთ, - გააგრძელა პაპა დამიანემ, - ადამიანის დაწერილ წიგნში რა უფრო მნიშნველოვანია - მისი მოცულობა, ტირაჟი, ფორმა, თუ მასში ჩადებული იდეა, არსი? ყოველი მოაზროვენ ადამიანი იტყვის, რომ წიგნის დასაწერად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის გონება. აქედან გამომდინარე, პირველადი იდეა ყოფილა. ახლა ავიღოთ ბუნების წიგნი. რა არის მასში მთავარი - შეგრძნებადი მატერია, თუ მასში ჩადებული იდეა? პასუხი ნათელია. რა თქმა უნდა, იდეა! პირველადი, მატერია კი არა, გონებაა. ე.ი. პირველადი არის ღმერთი. მატერია კი შემდეგ მოდის. ღმერთი მუდამ არსებობდა, ხოლო მატერია, ბუნება, ეს ღვთის ხორცშესხმული იდეაა.

როდესაც წიგნს ვკითხულობთ, ავტორს ვერ ვხედავთ, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ გვეპარება, ასევე ვერ ვხედავთ ბუნების შემოქმედ ღმერთს. თუკი წიგნი ვერ იქმნება მწერლის გარეშე, მითუმეტეს, სამყარო ვერ შეიქმნებოდა შემოქმედის გარეშე. იგი უხილავია ჩვენთვის. ჩვენ მას მხოლოდ შევიგრძნობთ. ბუნების წიგნი ჩვენ განცვიფრებს თავისი უსაზღვრო სიდიადით და აბსოლუტური ჰარმონიით, წესრიგითა და საიდუმლოებით. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მთლიანად შეიცნოს და აღიქვას იგი. საიდან წარმოიშვა მზე, ვარსკვლავები, კომეტები, გალაქტიკები, მუდამ მოკაშაკშე მნათობები? ვინ მისცა მათ პირველი ბიძგი? რამ აამოძრავა სამყარო ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად? მეცნიერებმა უნდა აღიარონ, რომ მათ არ შესწევთ ძალა ახსნან ბუნების ყველა საიდუმლოება. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებით შეუძლიათ დასკვნების გამოტანა და ესეც ღვთის ნებით ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს ამის ახსნის საშუალება თვითონ შემოქმედმა მისცა.

ლექტორი სდუმდა. პაპა დამიანე კი ცდილობდა, ათეიზმის წყვდიადიდან ღვთის ნათელში გამოყვანას.

- არიან ადამიანები, რომლებიც თავისებურად ხსნიან ბუნების ყველა მოვლენას. ისინი შეკითხვაზე - ვინ შექმნა სამყარო, ასეთ პასუხს იძლევიან:

- ბუნებამ!

- კი მაგრამ ბუნება ვინ შექმნა?

- თვითონ შექმნა თავისი თავი!

მაშინ რა გამოდის?! გამოდის, რომ იყო დრო, როცა იგი არ არსებობდა. და თუ ასეა, როგორ შეეძლო მას თავისი თავის შექმნა?! ხოლო თუ არსებობდა, რაღად უნდოდა შექმნა?! არა, ჩემო კარგო, ბუნება სწორედ ღვთის შექმნილია და სწორედ მოვლენებში ჩაწვდომით შეიცნობა ღვთის არსიც. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს: „რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება“ (რომ. 1, 20).

პაპა დამიანემ დარბაზს გადახედა. მას ყველა დაფიქრებული სახით შესცქეროდა. ლექტორი კი თავჩაქინდრული იდგა.

- უკეთესად რომ გაგაგებინო, ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვან! -ისევ განაგრძო პაპა დამიანემ. - ვთქვათ, ქალაქში შესულმა დაინახე ლამაზი, მაღალი შენობა. მიუახლოვდი და უფრო ნათელი გახდა მისი დედებულება, სილამაზე, ფერების შეხამება, პროპორციულობა. აქედან გამომდინარე, ხომ დაასკვნი, რომ ამ შენობის ადამიანი ნიჭიერი არქიტექტორი ყოფილა! ვინმემ რომ გითხრას, ეს შენობა თავისით აშენდა და მას არავითარი არქიტექტორი არა ჰყავსო, ქვებიც მთიდან თვითონ ჩამოცვივდა, ერთმანეთზე დაეწყო და ასე აშენდა კედლები, სახურავიც ქარმა მოიტანა საიდანღაც, ფარჯრის რაფებიც თავის მინებიანად, განა ჩვენ ამის მთქმელი არ შეგევეოდება?! ხომ დავასკვნით, რომ იგი არანორმალურია?! ხოლო თუ უბრალო შენობას აუცილებლად უნდა ჰყავდეს არქიტექტორი, ნუთუ ამხელა სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველაფერი ასე უხვად გვაქვს, შეიძლებოდა არქიტექტორის გარეშე აგებულიყო?!... არა, ჩემო კარგო, ეს არ შეიძლება! ამიტომ უნდა გწამდეს ღმერთი და დაიჯერო, რომ სამყაროს არქიტექტორი ღმერთია! ჩვენ გვწამს მისი. თქვენ, ურწმუნონი კი გამუდმებით გაიძახით რომ ყველაფერი ბუნებამ შექმნა.

8. გზა უფლისაკენ

ლექტორი შეცბუნებული იდგა. სადღაც გაქრა მისი სიმტკიცე, დაჯერებული ტონი, მისი სიტყვებიც გაიფანტა... ახლა იგი მორჩილი ბავშვივით მისდევდა პაპა დამიანეს ნაკვალევს, რომელსაც იგი ღვთისაკენ მიჰყავდა.

- ყველა დროში, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - ადამიანს აინტერესებდა საინდან მოვიდა, რისთვის ცხოვრობს, სად მიდის... ყველას სურდა სამყაროს საიდუმლოებისათვის ფარდა აეხადა, გაეგო, ვინ შექმნა ასე სრულყოფილად ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემოა, თუნდაც ფუტკარი, ეს პატარა მწერი, რომლის არსებობა რამდენს მიგვანიშნებს შემოქმედზე. იგი აშკარა მაგალითია იმისა, რომ მისი შემქმნელი უაზრო, ბრმა და უგუნური ვინმე კი არა, უაღრესად ბრძენი და განსწავლულია. აბა, დაფიქრდი, რა ბრძნულად საქმიანობს ფუტკარი! პოულობს და იყენებს იმ ნივთიერებას, რომელიც გაფუჭებისაგან იცავს თაფლს. საიდან იცის მან ეს? შენ ამბობ, რომ ფუტკრები ამას უაზროდ და ბრმად, გაუთვითცნობიერებლად ეკეთებენ, ე.ი. ვიღაც სხვა ფიქრობს და ამოქმედებს მათ. მას არა მარტო ამ მცენარის პოვნა, მის თვისებებში წვდომაც შეუძლია. ექიმები სპეციალურად შეისწავლიან რომელი წამალი რომელ ავადმყოფობას არჩენს. მათ ყველა წამლის პოვნაც კი არ შეუძლიათ. ფუტკრები კი ადვილად ართმევენ ყოველივე ამას თავს. ვინ მოუთითა, ან ვინ ასწავლა ფუტკარს ამ მცენარის გამორჩევა? რა თქმა უნდა იმან, ვინც ყველა ნივთიერების და ყველა მცენარის დანიშნულება იცის! ვის შეუძლია ერთ ციცქნა მწერს იმდენი სიბრძნე მისცეს, რომ თავისი საქმეებით ყველა მოხიბლოს! იმას, ვისაც ემორჩილება მთელი კანონები, ვინც მთელ სამყაროს მართავს!

- მერედა ვინ არის ის? - უმწეოდ იკითხა ლექტორმა.

- ეს არის ყოვლისმპტრობელი ღმერთი! - გამარჯვებული ხმით წარმოთქვა პაპა დამიანემ. - მან შექმნა ყველაფერი ასე ბრძნულად.

- ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს ამ საკითხზე! - სცადა შეკამათება ლექტორმა.

- მაშინ გვითხარი, ვინ ასწავლა, შენის აზრით, ფუტკრებს ამდენი რამ?!

- გეყოფათ! თემა ამოწურულია! - ისევ ჩაერია კამათში დირექტორი.

პაპა დამიანე კი მაინც დაჟინებით ითხოვდა პასუხს.

- შენ, ჩემო კარგო, ხომ მეთანხმები, წიგნს რომ მწერალი წერს, მანქანას რომ ინჟინერი აგებს. ფუტკარი კი რამდენად უფრო სრულყოფილია წიგნსა და მანქანაზე. ე.ი. ფუტკარი შექმნა არსებამ, რომელიც მთელი მსოფლიოს ინჟინრებსა და მწერლებზე მაღლა დგას. თვითონვე დაფიქრდი, განა ასე არ არის?

ლექტორი სდუმდა. მას არც გაუგია პაპა დამიანეს შეკითხვა. თავჩაქინდრულმა დატოვა კათედრა.

- საქმეზე ილაპარაკეთ! - ისევ გაბრაზდა დირექტორი. - ხომ გასაგებად აგიხსნეს, რომ რწმენა ადამიანთა გაუნათლებლობამ წარმოშვა. მორჩით კამათს!

დარბაზი ახმაურდა.

- აგვიხსენით! - აყვირდა ერთი. - რას გაჩუმებულხართ!

- მართლაც ვინ შექმნა ფუტკარი? - იკითხა ქალმა.

- მარტო ფუტკარზე დაკვირვებაც კი, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - რამდენს გვეუბნება შემოქმედის სიბრძნეზე! როგორ შეიძლება, იგი არ გწამდეს! ადამიანმა ღმერთი კი არ გამოიგონა, მისი რწმენა თავიდანვე ჰქონდა. ის მუდამ იქნება ადამიანის სულში. როგორც მცენარის თესლშია ჩადებული მისი ყველა მთავარი ნაწილი - ღერო, ფესვები, ტოტები და ნაყოფი, ისე ადამიანის სულში თავიდანვე ჩადებულია რწმენა. ხე შეიძლება მრუდედ გაიზარდოს, იყოს ავადმყოფი, უნაყოფო, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ნიადაგზე იზრდება, როგორია ჰავა, როგორ უვლიან. ასევეა ადამიანიც. თუ იგი ცხოვრობს რწმენის გარეშე, ეს იმ არასწორი არჩევანის ბრალია, მან რომ გააკეთა. როგორც ვიცით, უფალმა ადამიანს თავისუფალი არჩევანის ორი გზა მისცა: გზა სიკეთისა და გზა ბოროტებისა. როცა ადამიანი ირჩევს ბოროტების გზას, იგი სულიერად მახინჯია.

მაინც რატომ არ სწამთ შემოქმედისა?! - სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ ჩვენი გონება ვერ სწვდება ჭეშმარიტებას. ზოგი სიზარმაცის გამო არ ცდილობს ღრმად ჩაუფიქრდეს თავს, სერიოზულ კითხვებს არიდებს თავს. ზოგი თავის შეხედულებებს სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნევს, ბევრს კიდევ ბავშვობაში ჩააგონეს, რომ ყველა მორწმუნე ბნელი და გაუნათლებელია, ხოლო რომ გაიზარდა, აღარ მოისურვა ამის შემოწმება.

საერთოდ ადამიანის სულში თავიდანვეა ჩადებული უზენაესისადმი თაყვანისცემა. ამიტომ ხშირად ურწმუნოთა უმეტესობა ღვთის ადგილზე ვინმეს ან რაიმეს აყენებს, მაგალითად, მეცნიერებას, კულტურას, ან რომელიმე ადამიანს გაიხდის კერპად და მისი თაყვანისმცემელი ხდება. გულის სიღრმეში კი მათი სული ღვთისკენ ილტვის... ასეთი ადამიანები საცოდავები არიან...

ლექტორს თვალწინ დაუდგა თავისი ბავშვობა. გაახსენდა აღდგომის დღესასწაულები თავის სოფელში, ეკლესიის ზარის ხმა... ბებიას იგი დაჰყავდა ტაძარში, შეჰყურებდა ანთებულ სანთლებს, მუხლმოდრეკილ მლოცველებს. ძალიან უყვარდა საკმევლის სუნი, ხატების ცქერა, მოსწონდა ღვთისმსახურთა ოქროსფერი, ბრჭყვიალა შესამოსლები, თვითონ მღვდელი, რომელიც ჯვარზე მთხვევისას თავზე ეფერებოდა... მერე ქალაქში გადავიდა, თითქოს ეს ყველაფერი დავიწყების ბურუსმა მოიცვა, მაგრამ როგორც ჩანს, სადღაც გულის სიღრმეში იყო მიჩქმალული და მხოლოდ ახლა ამოტივიტვდა. გაახსენდა ისიც, რომ მეცნიერებშიც იყვნენ მორწმუნენი, ის წიგნიც გაიხსენა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ასეთ მეცნიერთა გვარები, მათ შორის ბევრი იყო ნობელის პრემიის ლაურეატიც. მათ სწორედ ღვთისადმი რწმენა შველოდათ უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენებში. თუმცა მას ამ წიგნისთვის დიდი ყურადღებაც არ მიუქცევია. მას მტკიცედ სწამდა დარვინიზმისა. ახლა კი... მართლაც, კაცი რომ დაუფიქრდეს, შეიძლება ფუტკრის ნიჭის ახსნა დარვინიზმით?! ფუტკრებში არსებობს შრომის დანაწილება: ზოგი თაფლს აგროვებს, ზოგი ფიჭას აკეთებს, ზოგი სკას დარაჯობს, ზოგიც ასუფთავებს, დედა ფუტკარი მხოლოდ კვერცხებს დებს... მართლაც ვინ ხელმძღვანელობს ყოველივე ამას?! ან რა გზით იღებენ ამ პროგრამას ფუტკრები?! ასეთი სასწაულები ხომ ჩვენს უკიდეგანო სამყაროში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მათთან ფუტკრის ამბავი მხოლოდ ზღვაში წვეთია.

ასეთმა ფიქრებმა მოიცვა ლექტორი. ყურს უგდებდა კამათს, რომელიც ახლა სკოლის დირექტორსა და პაპა დამიანეს შორის გამართულიყო.

- ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერადაა მოწყობილი. განა ასე არ არის?! - ეკითხებოდა პაპა დამიანე დირექტორს. - მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამაში ეჭვი ეპარებათ?! ისინი უმეტესად ღმერთს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მას ზოგი რამ გამორჩა მხედველობიდან. მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ამაში ღმერთი კი არაა დამნაშავე, უბრალოდ ჩვენი გონება ვერ წვდება ყველაფრის არსს და მიზანს. ერთხელ ერთმა კაცმა ბაღში გოგრის ბარდის დანახვაზე გაიფიქრა:

- რა უგუნურადააა ეს ბუნება მოწყობილი, ამ ერთი ბეწო ბარდაზე ამხელა გოგრა ჰკიდიაო.

მერე იქვე მუხის ჩრდილში წამოწვა და კრიტიკა განაგრძო:

- მუხა ამოდენაა და ასეთი პატარა ნაყოფი რად უნდა ჰქონდესო.

ამ ფიქრებში ჩაეძინა. შუა ძილში მუხიდან რკო ჩამოვარდა და პირდაპირ ცხვირში მოხვდა. შეშინებული წამოხტა და გონს რომ მოვიდა, ღმერთს მადლობა შესწირა:

- კიდევ კარგი ამ ხეს გოგრა არ ება, თორემ ხომ თავს გამისრესდაო.

დარბაზში ხარხარი ატყდა.

- ასე რომ ბუნებაში ყველაფერი მართლაც გააზრებულია. აბა ერთი შენ აგვიხსენი, - მიმართა პაპა დამიანემ დირექტორს, - ვინ ასწავლის ფრინველს გზას? ისინი ხომ ყოველწლიურად მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, გადიან ათასობით კილომეტრებს, გადაუფრენენ ზღვებს, ტყეებს, მინდვრებს და წარმოიდგინეთ არასოდეს გზა არ ებნევათ. ზაფხულობით კი უკან უბრუნდებიან თავიანთ ბუდეებს. როგორ ხდება ეს?

- მათ ეს უკვე ჩვევად აქვთ ქცეული. - უპასუხა დირექტორმა. - ხომ აგიხსნათ ლექტორმა ეს ჩვევები, მათ რომ შთამომავლობით გადაეცემათ?

- ძალიან ადვილად კი გადაწყვიტე ეს საკითხი. აი, მე უკვე 60 წელია დავდივარ და იმედია სიკვდილამდე ვივლი. მამაჩემიც დადიოდა, იმის მამაც... ადამიდან მოყოლებული დღემდე ყველა ადამიანი დადის მიწაზე, მაგრამ მაინც ბავშვი რომ იბადება, ერთი ან ორი წელი მაინც უნდა, სიარული რომ ისწავლოს. რატომღაც არ გადაეცემა მას ეს ჩვევა მშობლებიდან. ყოველი ბავშვისთვის სიარულის სწავლა თავიდან ხდება საჭირო. მისგან განსხვავებით წიწილა გამოჩეკისთანავე იწყებს სირბილს, იხვის ჭუკი ცურვას და ა.შ. მათ არავინ არაფერს ასწავლით, თავიდანვე იბადებიან ასეთნი. ჩვენ, გონიერ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენი ჩვევები შვილებს გადავცეთ, ისიც კი არ შეგვიძლია ბავშვმა დაბადებისთავანე წიწილასავით ირბინოს! არადა რამდენი წელიწადია, რაც ადამიანი არსებობს. იაფეტმა 962 წელი იცოცხლა, ხოლო მათუსალამ 969. ქათმებს რომ ამდენი ეცოცხლათ, მათი კცერცხებიც კი სირბილს დაიწყებდნენ.

დარბაზი ისევ ახარხარდა. დირექტორმაც ვერ შეიკავა სიცილი.

- რაო ძვირფასო, რას იცინი?! - უსაყვედურა პაპა დამიანემ, - ახლა მოდი და აგვიხსენი, საიდან აქვთ ამის უნარი ფრინველებს?

- მათი ბუნებაა ასეთი! - ამის თქმაღა შესძლო დირექტორმა.

- ვინ მისცა მათ ეს უნარი? ასეთი უნარი ხომ ადამიანსაც არ გააჩნია? აი, შენ ნასწავლი კაცი ხარ, მაგრამ უცხო სოფელშიც კი გამცილებლის გარეშე თავგზა აგერევა. ანდა მფრინავს რუკის გარეშე განა შეუძლია თვითმფრინავის მართვა? ფრინველებმა კი იციან საით აიღონ ორიენტაცია, გადაიფრენენ კილომეტრებს და არასდროს იმ გზას არ ასცდებიან. კიდე უფრო საკვირველია უკან დაბრუნებულნი თავიანთ ბუდეებს პოულობენ. ვინ ასწავლა მათ ეს? შენ ხომ მასწავლებელი ხარ და ღვთის გულისათვის აგვიხსენი ეს?!...

პაპა დამიანე ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო:

- მახსოვს, ერთხელ ტყეში სეირნობისას ფრინველების უჩვეულო ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ვხედავთ ხეზე გველი მიცოცავს. ჩიტები კი სასოწარკვეთილნი დასტრიალებენ თავს, დავინტერესდით და თვალიც არ მოგვიცილებია მათთვის. ერთ-ერთმა ჩიტმა ნისკარტით რაღაც ბალახი მოიტანა და ჩააგდო ბუდეში. ამასობაში გველიც მიუახლოვდა ბუდეს, ჩაჰყო თავი ბუდეში, მაგრამ საშინელი სისინით სწრაფად უკან გასრიალდა. ახლოს მივედით და რას ვხედავთ! ბუდეში ისეთი შხამიანი ბალახი ეგდო, გველი რომ ვერ იტანს. სწორედ ამ ბალახით იხსნა თავისი ბარტყები ჩიტმა გველისაგან. ამიხსენი ახლა, რომელ ინსტიტუტში, ან რომელმა მეცნიერმა ასწვლა მას, რომ ეს ბალახი დაიცავდა მას გველისაგან?!

- აკი უკვე ვთქვით, რომ ისინი ბუნებამ დააჯილდოვა ასეთი ნიჭით. - გაღიზიანდა დირექტორი.

ეჰ, ბუნება, ბუნება! - თავი გაქნია პაპა დამიანემ - თქვენ სულ ბუნებას და ჩვევას გაიძახით. თუკი ეს მატერიალური ბუნება ასე ჭკვიანია და თან მარადიული, როგორც თქვენი მეგობრები ამბობენ, რატომ უწოდებთ მას ბუნებას?! ბარემ დაარქვით ღმერთი. აი, ჩემი შვილიშვილი! - დამიანემ დარბაზში მჯდარ შვილიშვილისაკენ გაიშვირა ხელი, - იგი სულ პატარა იყო, ბაღში კვალი რომ გავაყვანინე. მერე ამ კვალზე ჩუმად ადრეული ბალახი დავთესე ისე, რომ მისი სახელი ამოსულიყო. გაზაფხულზე წავიყვანე და ვხედავ მორბის ჩემსკენ:

- პაპა, პაპა, წამოდი ჩქარა რა გაჩვენო!

გავყევი.

- შეხედე ამ კვალზე ჩემი სახელი ამოსულა! ვინ დათესა?

- ალბათ ბუნებამ!

- როგორ თუ ბუნებამ?!

- როგორ და ისე. კვალმა თვითონ დაწერა შენი სახელი.

ბავშვმა არ დამიჯერა:

- არაფერიც!

მაშინ გამოვუტყდი:

- მე დავთესე, მინდოდა გაგეგო, სამყაროში ისე თავითავად არაფერი ხდება! ეს კვალი კი მე დავთესე, მაგრამ სამყაროში ვინ დათესა ეს ველები, ეს ყვავილი, ეს ბალახი, ვინ მორთო ეს მდელო, ვინ გაიყვანა ეს მდინარე, ვინ აღმართა ეს მთები?

როგორ თუ ვინ?! ღმერთმა! - მიპასუხა მან.

- ხედავ! - მიმართა პაპა დამიანემ დირექტორს, - ბავშვიც კი ხვდება ამას. თქვენი აზრით კი ბუნებაა ბრძენთა ბრძენი და სწორედ მას შეასწავლა ფრინველებს და ფუტკრებს ყველაფერი.

დირექტორი უკმაყოფილო სახით გაეშურა თავისი ადგილისაკენ. ახლა კულტურის სახლის დირექტორი ჩაერია კამათში:

- რა გააწყალეთ გული თქვენი ფუტკრებითა და ჩიტებით! თუ გინდათ თემის ირგვლივ ისაუბრეთ, არადა შეწყვიტეთ უაზრო კამათი.

ამ კატეგორიულმა განცხადებამ აღაშფოთა დარბაზი:

- კითხვას გაეცით პასუხი! - ითხოვდა ხალხი.

- უღმერთოებო, გაებით მახეში?! ფუტკრების კბენისა და ჩიტების ჩანისკარტებისა ხომ არ შეგეშინდათ?! სანამ არ გვიპასუხებთ, არსადაც არ გაგიშვებთ! - სიცილს ვერ იკავებდა პირველ რიგებში ვიღაც.

- გვიპასუხეთ! გვიპასუხეთ! - ერთხმად აყვირდა დარბაზი.

წონასწარობა დაკარგულმა ლექტორმა ისევ დაიწყო:

- უნდა მოგახსენოთ, რომ ადამიანებისაგან განსხვავებით ბუნებას გონება არ გააჩნია. თუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე გაკეთებული საქმეები გავაანალიზოთ, გავიაზროთ, განვახორციელოთ ან გადავიფიქროთ, ბუნებას ეს თვისება არ გააჩნია, იგი არ აზროვნებს, მას არა აქვს შეგრძნების უნარი, იგი ვერ ხედავს...

- ღმერთი გიშველის ასეთი კარგი პასუხისათვის. - გაიხარა პაპა დამიანემ. - გამოდის, რომ ადამიანი ბუნებაზე გონიერია?!

- მარტო გონიერი კი არა, მას შეუძლია თავისი შეხედულებებისამებრ დაიმორჩილოს ბუნება და გამოიყენოს.

- ე.ი. შენი აზრით ადამიანი ბუნების მპყრობელი და გამგებელია? - გაეცინა პაპა დამიანეს. - არადა ერთი ჩემი მეგობარი ამბობს:

- ადამიანი ჰგავს ხოჭოს, რომელიც თბილ ამინდში თამაშობს, დაფრინავს ზუზუნით და თავისთვის ამბობს:

- ყველაფერი მე მეკუთვნის: ეს ტყე! ეს მინდორი, მთა და ბარი! ყველაფერის გამგებელი მე ვარ!

მაგრამ მზის ჩასვლისას, რომ აცივდება და ქარიც დაჰბერავს, ხოჭოს ავიწყდება თავისი სიდიადე, მიეკვრება ფოთოლს და სიცივისაგან ძაგძაგებს. ხომ ასეა?! ჩვენც, ადამიანებიც, ზუსტად ასე არა ვართ?!

- მართლაც ასეა... - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

- თუკი ადამიანი ყველაფრის შემძლეა, - მიმართა პაპა დამიანემ ლექტორს, - მას შეუძლია შექმნას მოლაპარაკე მანქანა?

- შეუძლია კი არა, შექმნილიც აქვს უკვე! განა რობოტებზე არ გაგიგიათ?!

- მე ასეთ რობოტებზე არ ვამბობ! მე გეკითხები: შეუძლია მას გააკეთოს ისეთი გონიერი მანქანა, თავისით რომ აზროვნებდეს და ფიქრობდეს?!

ტრიფონ, მოდი ჩემთან! - დაუძახა პაპა დამიანემ თავის შვილიშვილს.

ბიჭი მაშინვე წამოხტა და მივიდა.

- ხედავ ამ ბიჭს?! - თავზე გადაუსვა ხელი ბავშვს, - მისი მამა ყრუ-მუნჯია, თვითონ კი მოლაპარაკე და ძალზედ ხალისიანიც. ტრიფონ, აგვიხსენი, შენი აზრით ღმერთი როგორია?

- ღმერთი ისე დიდია, რომ მას ცა და დედამიწა ვერ იტევს, თანაც ისეთი პატარა, რომ ჩემს გულშიც კი ეტევა. - ხმამაღლა და სერიოზულად უპასუხა ბიჭმა.

9. გონიერება ბუნებაში

- საკმარისია ადამიანმა გარშემო ყურადღებით მიმოიხედოს, მაშინვე რომ შეიგრნოს, თუ რა ბრძნულადაა მოწყობილი ბუნებაში ყველაფერი. - განაგრძო პაპა დამიანემ. - სადღაც წამიკითხავს ადამიანის უჯრედი რომ წერტილივითაა. და ამ უჯრედში უკვე ჩადებულია ბუნების წესები: წესი სიცოცხლის, კვების, გამრავლების, სიკვიდლი და ა.შ. ეს უჯრედი შეიცავს თავს, ფეხს, ე.ი. ყველაფერს, რაც მთლიანობაში ადამიანად წარმოგვიდგება. ახლა მიპასუხე: რაში სჭირდება ბავშვს დედის მუცელში თვალები?!

- ალბათ სჭირდება... - წაილუღლუღა ლექტორმა.

- მაინც რაში სჭირდება? რა, იქ ათვალიერებს რაიმეს თუ რა, დადის თუ რა?

- მას ეს ყველაფერი მერე დასჭირდება, როცა დაიბადება.

- როგორც ჩანს, იმ ძალამ, რომელმაც შექმნა უჯრედი, თავიდანვე გაითვალისწინა ეს. განა შეეძლო უგონო ბუნებას ამის გათვალისწინება?

ლექტორი ხმას აღარ იღებდა, პაპა დამიანე კი განაგრძობდა:

- ავიღოთ თუნდაც თვალი. საოცარი რამ არის იგი. რამდენ რამეს ხედავს და დედის მუცლიდან დაჰყვება კაცს. განა სასწაული არ არის?! თქვენ კი ამბობთ, ადამიანს ჩვევები გამოუმუშავებს ხედვის უნარსო. როდის მოასწრო მან ამ ჩვევის გადაღება?! ეს იგივეა, ცურვა უწყლოდ რომ ვისწავლოთ, ანდა ვისუნთქოთ უჰაეროდ, ან ვიმსჯელოთ უჭკუოდ. მართლაც სასწაულია!

- მართლაც რომ ბრძენკაცია! - გაისმოდა დარბაზიდან.

- მიდი, მიდი, პაპა დამიანე, თავბრუ დაახვიე ამ განათლებულ ხალხს! - ექეზებდნენ ერთნი.

პაპა დამიანე კი ცდილობდა ამ კითხვაზე სწორედ ათეისტებს ეპასუხათ.

- ერთი მითხარი, თვალები გონივრულადაა შექმნილი?

ლექტორს მოეჩვენა, რომ პაპა დამიანე დასცინოდა და გაღიზიანდა:

- განა ვინმე ამბობს რომ არა?! მათი აგებულება ყველას ანცვიფრებს!

- რისთვის არის იგი შექმნილი?

აქ კი ვეღარ შეიკავა თავი ლექტორმა:

- რა სისულეებს მეკითხებით! თუ რაიმე გაინტერესებთ თემიდან, მკითხეთ!

მაგრამ მაინც გასცა მერე პასუხი:

- ბავშვმაც კი იცის, რომ თვალი ადამიანს ხედვისათვის სჭირდება.

- მართალი ხარ! - შეაქო პაპა დამიანემ. - ახლა ისიც მითხარი: იცოდა თვალის შემქმნელმა რისთვის ქმნიდა მას?

- უნდა ვიგულისხმოთ, რომ იცოდა... - ლექტორი გონს მოეგო, მაგრამ უკვე გვიან იყო.

- მართალია! - წამოიძახა პაპა დამიანემ. - თვალის შემქმნელი არსება გონიერი ყოფილა, თუ უგონო?! შეგნებული თუ შეუგნებელი?!

10. შემოქმედი - გონიერი არსება

ლექტორი მართლაც ისე გაება მახეში, თავის დაძვრენა უკვე შეუძლებელი იყო. აღიარება იმისა, რომ თვალის შემქმნელმა იცოდა რასაც აკეთებდა და რა მიზნით, არ შეიძლებოდა ბრმა, გაუაზრებელი პასუხი ყოფილიყო. ამიტომ იგი იძულებული გახდა ასე ეპასუხა:

- დიახ! თვალები შექმნილია აზრიანი და გონიერი ძალის მიერ.

- შეუძლია განსწავლულ ადამიანს ასეთი ცოცხალი თვალის შექმნა?! - არ ეშვებოდა პაპა დამიანე.

- მეცნიერება ჯერ არ მისულა ამ დონემდე. - უპასუხა ლექტორმა. - მაგრამ ოდესმე ალბათ ამას აუცილებლად მიაღწევს და შექმნის ცოცხალ არსებას.

- მაინც ვინ უფრო გონიერია: მეცნიერება, რომელსაც არ ძალუძს ასეთი თვალის შექმნა, თუ ის არსება, რომელმაც ეს საოცარი თვალი შექმნა, ვინც აძლევს ყველას თვალის სინათლეს, ვინც ხედავს ყველაფერს, ვინც სმენას ანიჭებს, ვისაც ყველაფერი ესმის?

11. ლექტორი თმობს პოზიციებს

ასე უბრალოდ და დამაჯერებლად მიჰყავდა ლექტორი პაპა დამიანეს ღვთის აღიარებისკენ. ამას ლექტორი გრძნობდა. იგრძნო კიდევაც სულში გარდატეხა. დროდადრო ჩაფიქრდებოდა, ყოყმანობდა. კრების მიტოვებაც კი დააპირა, მერე ისიც იფიქრა, ხომ არ სჯობს გულახდილად ვაღიარო, ღმერთი რომ არსებობს და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაღიარებთ, ჩვენთვის რომ მიუწვდომელიაო.

„მართლაც რატომ უნდა ეკამათო ამ კაცს. მეც ხომ ვიცი, რომ ყველაფერი მართლაც ასეა.“ - ფიქრობდა იგი და ცდილობდა ისეთი პასუხი მოეძებნა, რომლითაც მოკამათეს მოიგერიებდა, მაგრამ, რაც უფრო უღრმავდებოდნენ საუბარს, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სწორედ ამ გზას მიჰყვებოდა, რომელიც ღვთის არსებობას აღიარებდა.

„რა უგუნურებაა ღვთის უარყოფაო, - ამ აზრამდეც მივიდა. - ეს ხომ ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოდ ხდება. საშიშიც კია იმის წარმოდგენა, რომ ეს სამყარო შიშველი და მკვდარი ველისგან წარმოიშვა“. - და მან აღიარა:

- დიახ, ეს არსება გონიერია.

- მერედა ვინ არის იგი?

- ეს საიდუმლო და მიუწვდომელი ძალა... - აქ ცოტა ხანს შეჩერდა და მერე მტკიცედ წარმოთქვა, - ეს სასწაულებრივი ძალაა!

ეს უკვე ღვთის აღიარება იყო.

12. დირექტორის გაქცევა

თავმჯდომარე დაძაბული უსმენდა კამათს. ლექტორის ამ სიტყვებზე წამოდგა და განაცხადა:

- კრებას დახურულად ვაცხადებ!

თუმცაღა ხალხს არც უფიქრია დაშლა. არც ლექროტი განძრეულა.

დირექტორი ელის სისწრაფით გავარდა გარეთ. ყველამ დუმილით გააყოლა თვალი. ცხოვრებაში რამდენჯერ შევხვედრივართ მსგავს ადამიანებს. მათ თვით უფალიც რომ გამოეცხადოს და უთხრას:

- მე შენთვის ვეწამე, იმისთვის ვეცვი ჯვარს, სიკვდილისგან რომ დამეხსენი.

ისინი ექიმს შესჩივლებენ:

- მოჩვენებები დამეწყოო.

ათეისტი, რომელიც ღვთის არსებობას უარყოფს, იმ ყრუს ჰგავს, რომელიც ამტკიცებს ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტისა და თუ სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები ფურცელზე დახატული შავი წერტილებია მხოლოდ და მათ არც მელოდია გააჩნიათ და არც არავინ იცის, რისთვისაა შექმნილიო.

ხომ შეუძლებელია, ყრუმ ეს დაუმტკიცოს იმ ადამიანს, რომელსაც სმენა აქვს ად არაერთხელ დამტკბარა ამ ნაწარმოებთა მოსმენით?! განა საცოდავები არ არიან ასეთები?!

ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ დამთავრდებოდა პაექრობა.

ლექტორი კათედრიდან არ ჩამოდიოდა. თუ მანამდე ათეისტურ „ჭეშმარიტებებს“ ამტკიცებდა, ერთი ციტატიდან მეორეზე გადადიოდა და სხვის სიტყვებს იშველიებდა, ახლა, ამ ბრძენკაცის წყალობით, პირველად დაეჭვდა მათ სისწორეში. განა თვითონ არ იყო იმისი მოწმე, როგორ იცვლებოდა ყველაფერი ის, რაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მეცნიერებას უცვლელად მიაჩნდა. „განა მეცნიერები არ იყვნენ, ატომს განუყოფელ ნაწილაკად რომ თვლიდნენ?! ახლა კი მისი გაყოფა მოახდინეს, ე.ი. რა გამოდის?! გამოდის, რომ მეცნიერებაზე არ შეიძლება მინდობა! განა მართალი არ თქვა პაპა დამიანემ, რომ მეცნიერება ახლა წესებს კი არ ადგენს, მხოლოდ ფარდას ხდისო მათ?!

რა თქმა უნდა დამიანესთვის უფრო ადვილია ცხოვრება. მთელი არსებით მიენდო ღმერთს და ცხოვრობს“...

13. ორგანიზმის აგებულება

პაპა დამიანე ღიმილით უყურებდა ლექტორს. კმაყოფილი იყო, დირექტორს რომ არ გაჰყვა.

„როგორც ჩანს, გონება მთლიანად არ დაბნელებია ჯერ“. - ფიქრობდა იგი.

- მოდი ახლა, ისიც აგვიხსენი უჯრედი, ცოცხალი ორგანიზმი როგორაა აგებული?

ლექტორმა ჩაახველა და დაიწყო:

- მეცნიერება ამბობს, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი - იქნება იგი ცხოველი თუ ფრინველი, მწერი თუ მცენარე, მრავალი უჯრედისგან შედგება. როგორც სახლი შეიძლება აგურებად დავშალოთ, ასევე შეიძლება უჯრედის დაშლაც და ამის საფუძველზე ანალიზის გაკეთება. პერანგს თუ დავარღვევთ, ხომ მივიღებთ სახელოს, ჯიბეებს, საყელოს და ა.შ.?! მისი დაშლა კიდევ შეიძლება ძაფებად, ძაფები კიდევ თავის შემადგენელ ნაწილებად და ა.შ. ასე შეგვიძლია გავიგოთ, რა მასალისგანაა შეკერილი პერანგი. ასეთივე თანმიმდევრობით შეიძლება ჩავატაროთ ნებისმიერი საგნის ანალიზი. მეცნიერებმა ამ გზით გამოიკვლიეს ბუნება და დაადგინეს, რომ მცენარეებიც და ცხოველებიც პატარ-პატარა უჯრედებისაგან შედგება. და რომ ეს უჯრედი ისეთი პატარა ზომისაა, შეუძლებელია მისი დანახვა. გამოიგონეს მიკროსკოპი, რომლითაც იმ სახის უჯრედებიც დაინახეს, რომლისგანაც ორგანიზმია აგებული. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ამ უჯრედში თავიდანვეა ჩადებული ორგანიზმის ფორმა და მისი ყველა თავისებურება.

ყველა ყურადღებით უსმენდა ლექტორს.

- იცით როგორი პატარაა ჩანასახის უჯრედი?! ნემსის თავის ოდენაც კი არ არის. ის კი არადა ნემსის წვერზე 500-მდე ასეთი უჯრედი მოთავსდება. და რა საოცარია, რომ ამ პატარა უჯრედში თავიდანვე უკვე მთლიანად ჩამოყალიბებულია ადამიანი - ყველა თავისი ორგანოთი და ფუნქციით, გულით, ფილტვებით, ხელებით, ფეხებით, ნიჭით, უნარით, წინა თაობების თვისებებით, ხასიათით. ისიც ცნობილია, რომ უჯრედი სამოცდაათ მილიონამდეა და ყველა მათგანს თავისი ფუნქცია აქვს ადამიანის ორგანიზმის შესაქმნელად. ეს მეტად რთული შენაერთია.

- ღმერთო ჩემო! რა საოცარია ეს ყველაფერი! - აღტაცება ვერ დამალა პაპა დამიანემ. ე.ი. - ყოველი უჯრედი, როგორც დიდი შენობა, სხვადასხვა მასალისგანაა აგებული. ხომ ასეა?

- დიახ, სწორს ბრძანებთ! ოღონდ შენობისაგან განსხვავებით უჯრედი უფრო რთული და გააზრებულია.

- მერე ვინ აკეთებს ასეთ სასწაულს? ასეთ უჯრედებს? ვინ არის არქიტექტორი? ვინ არის მშენებელი? - იკითხა პაპა დამიანემ.

14. ვინ შექმნა უჯრედი

- მეცნიერები ამ საკითხის გასარკვევად ბევრს შრომობენ. ბიოლოგებმა უკვე გაარკვიეს განაყოფიერებული უჯრედის აგებულება, მისი შემადგენლობა. - განაგრძობდა ლექტორი.

- შენ მაგას უკვე ჩამოყალიბებულ უჯრედზე ამბობ! - გააწყვეტინა პაპა დამიანემ, - მე კი გეკითხები: - შეუძლია ადამიანს ასეთი უჯრედის შექმნა?

- ჯერჯერობით არა!

- ერთმა მეცნიერმა კი თქვა, რომ უჯრედის შექმნა ისევე ძნელია, როგორც რაიმე ცხოველისა. მაგრამ მეცნიერებმა უკვე შეძლეს ხელოვნურად მიეღოთ ცილები. ეს კი ძირითადად ორგანული ნივთიერებაა. ეს ძალიან დიდი აღმოჩენაა, რადგან ორგანიზმი ძირითადად ცილოვანი ნაწილებისაგან შედგება. ამას წინათ კი, - განაგრძობდა პაპა დამიანე, - წავიკითხე რომ მეცნიერება ცდილობდა ქიმიური ნივთიერებებისაგან უჯრედის შექმნას. ამის გაკეთება სენსაცია იქნება. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. განა ძნელია ფლავის მოხარშვა, როცა გაქვს ბრინჯი და წყალი?! მაგრამ თუ ამათგან რომელიმე გაკლია შეეცადე და დაამზადე ფლავი! ხომ არაფერი გამოვა?! მეცნიერებას გააჩნია ქიმიური ელემენტები, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ასეთი უჯრედის შექმნა.

- და მაინც მეცნიერებამ ბევრს მიაღწია. - არ ბენდებოდა ლექტორი. - ამჟამად მთელი ინსტიტუტები მუშაობენ პროდუქტების ხელოვნურად შექმნაზე. ხომ გინახავთ ხელოვნური შავი ხიზილალა?

- მაგრამ მაგ ხიზილალის პურზე წასმაც კი ჭირს - წამოიძახა პაპა დამიანემ. - შენ ის მითხარი, მივიღებთ თევზს ასეთი ხიზილალისაგან?

- რასაკვირველია არა! - გაეღიმა ლექტორს.

- პურის მარცვალიც შეიძლება ხელოვნურად მიიღო, დაფქვა და გამოაცხო, მაგრამ ასეთ ხორბალს თუ დათესავ, არ აღმოცენდება. რატომ? იმიტომ რომ მასში სიცოცხლე არ არის, მკვდარია, ე.ი. ყველაფერს ღმერთი აძლევს სიცოცხლეს! - დაასკვნა პაპა დამიანემ.

ლექტორი აღარ ცდილობდა თითიდან გამოწოვილი თეორიების მტკიცებას.

- ჩემთვის ცნობილია, რომ მეცნიერებამ ხელოვნური გულიც შექმნა. მაგრამ მასში ვერ ჩადო სიყვარული. - აღელვებული განაგრძობდა პაპა დამიანე. - არც ხელოვნური ტვინი აზროვნებს. ხელოვნურად მხოლოდ უსულო მატერიის მიღებაა შესაძლებელი. სიცოცხლეს კი იგი მხოლოდ ღვთისგან იღებს.

პაპა დამიანე ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ღიმილით დაამატა:

- თქვენ თქვენი ქიმიით ადამიანებიც სინთეტიკურები გახადეთ თითქოს, გააუხეშეთ.

ლექტორი გულში ეთანხმეობდა დამიანეს.

„- მეოცე საუკუნე ატომის საუკუნეა, - ფიქრობდა იგი, - რადიოელექტრონული, უმაღლესი ტექნიკის, ბიოქიმიისა... მაგრამ როგორ შეიძლება მეცნიერება შეედაროს იმას, ვინც ეს სამყარო შექმნა?! მას ხომ თავისით ერთი ატომიც არ შეუქმნია?! ღმერთმა კი მილიონობით გალაქტიკები შექმნა. მეცნიერებას არ შეუძლია შეცვალოს დღე-ღამის მონაცვლეობა, მას არ შეუძლია თესლის გარეშე ერთი მცენარის აღმოცენებაც კი. ეს მოხუცი მართალია. მეცნიერება ვერასდროს ვერ შექმნის ვერც ფუტკარს და ვერც ფრინველს!“

- ახლა მოდი და თქვი, ვინ შექმნა პირველი უჯრედი? - მიმართა ისევ პაპა დამიანემ ლექტორს.

- ვარაუდობენ, რომ თავისით წრმოიქმნა. - ნაძალადევად უპასუხა ლექტორმა.

- მერედა ეს როგორ მოხდა? - გაოცდა პაპა დამიანე. - როგორ შეეძლო მას თავისი თავის წარმოქმნა, თუკი არ არსებობდა? შენ რაღაც წარმოუდგენელ ამბავს ამბობ, ჩემო ძმაო. ეს იგივეა, შენვე რომ შობო შენივე თავი, თვითონვე რომ ჩაიდგა ფილტვები, გული, კუჭი, სისხლი რომ ჩაისხა ძარღვებში და გაუშვა, მოიბა ხელები, ფეხები და ა.შ. მაგრამ ვინ ვიყავი მანამდე, სანამ არ მქონდა არც გული, არც თავი, არც ხელი და ა.შ. მე ხომ არ ვიყავი ამ ქვეყნად?! როგორღა შევძელი ჩემი თავის შექმნა?! თავისით ხომ არაფერი ჩნდება ამ ქვეყანაზე?! ეს იმას ჰგავს, ერთხელ ცხენის ქურდები რომ დაიჭირეს. ისინი ამტკიცებდნენ:

- ჩვენ არ მოგვიპარავს, ისინი თვითონ გამოგვყვნენო.

არადა უნაგირებიც ზედ ჰქონდათ დადგმული და ფეხებიც შეფუთული, ხმა რომ არ გამოეცა ჩლიქებს. რაღა თქმა უნდა, მათ არავინ დაუჯერა და დაიჭირეს. ასე დაისჯებიან ისინიც, ვინც არ ეძიებს ჭეშმარიტებას, ვინც გაუთევებლივ იმეორებს: ეს სამყარო თავისით შეიქმნაო. ნუთუ არ გაინტერესებთ, მართლაც ვინ შეაგროვა უჯრედისათვის მასალა? ვინ არის ეს ბრძენი და ჭკვიანი ხელოსანი? ერთი თვითონ შეეცადე ასეთი რამის გაკეთებას! არაფერიც გამოგივა, თუნდაც ამისთვის უამრავი მასალებით მოგამარაგონ.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით შენობა რისგან შენდება?! იმის გამოთვლაც კი შეგვიძლია, რა რაოდენობის აგური დაგვჭირდება ამისთვის, რა რაოდენობის ფიცარი, ცემენტი. ყველაფერ ამას რომ მოვაგროვებთ, დავყაროთ ერთ ადგილას და ვბრძანოთ:

- აბა, სახლო, ახლა კი აშენდი!

საუკუნეები იდება ეს მასალა და სახლი კი მშენებლის გარეშე არა და არ აშენდება. უჯრედი კი რამდენად უფრო რთული აგებულებისაა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზეც, რომ არავის მოუზიდნია მისი მასალა... ანდა ავიღოთ ტილო, საღებავები, ფუნჯი და ბრძანოთ:

- ყველაფერი მზადაა, დაიხატე ნახატო! დაიხატება ნახატი? - ეს ისე გულუბრყვილოდ იკითხა პაპა დამიანემ, ყველას გაეცინა, ლექტორსაც. არ იცინოდა მარტო სკოლის დირექტორი.

15. ბუნების კანონზომიერება

- ახლა კი მოდი მიპასუხე: - უჯრედი თავიდანვეა ასე დაგეგმილი, თუ მერე ხდება მისი ამ სახით ჩამოყალიბება?! - იკითხა ისევ პაპა დამიანემ.

- რა თქმა უნდა, თავიდანვე! - უპასუხა ლექტორმა. - გაუაზრებლად ხომ არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში. სხვაგვარად ხომ ქაოსი იქნებოდა?! უჯრედში კი ჩვენ ვხედავთ დასახულ მიზანს, კანონზომიერებას, თავიდანვე განსაზღვრულს და გათვალისწინებულს. ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით, რომ ადამიანის უჯრედიდან აუცილებლად ადამიანი იბადება და არა მცენარე, ან რაიმე პირუტყვი. ვარდის უჯრედიდან მხოლოდ ვარდი იზრდება და არა ვაშლი და ა.შ. სამყარო თავისი მკაცრი კანონებით ცხოვრობს.

ლექტორში აშკარად თავიდან იბადებოდა ღვთის რწმენა. საერთოდ, ეს რწმენა ყველა ადამიანშია ჩადებული. მაგრამ ათეისტებმა იგი გათელეს და ნაცარი მიაყარეს. ახლა კი იგი ნაკვერცხალივით აელვარდა, თითქოს ამ ნაცარს სული შეუბერესო. დისპუტმა მასში რწმენა კი არ ჩაკლა, უფრო გააღვივა და გული გაუთბო. რაც უფრო ღვივდებოდა იგი, მით უფრო მეტი სიმშვიდე მოჰქონდა.

- სამყაროს გონიერი არსება განაგებს. - მშვიდად განაცხადა მან.

- დიდება უფალს! - ამოისუნთქა პაპა დამიანემ. - მხოლოდ მეცნიერებით შენ ღმერთს ვერ იპოვი, ვერც შეიგრძნობ. ჩვენი ეკლესია რწმენას ეყრდნობა, მეცნიერება კი დროებითი საყრდენია მხოლოდ. ერთხელ მიტროპოლიტ ფილარეტს ჰკითხეს:

- განა შეიძლება იმის დაჯერება, რომ იონა ვეშაპმა ჩაყლაპა?

იცით რა უპასუხა ამაზე მიტროპოლიტმა?

- ბიბლიაში რომ ნათქვამი ყოფილიყო პირიქით, იონამ ჩაყლაპა ვეშაპი, ამასაც დავიჯერებდი, რადგან ბიბლია ღვთის სიტყვაა და მასასადამე ჭეშმარიტებაცო. ლექციაში შენ აღნიშნე, რომ რელიგიამ თავისი დრო მოჭამა, რომ იგი მალე მუზეუმს ჩაბარდება. თქვენ მართლაც მოათასვეთ ხატები, ჯვრები, წმიდა ნაწილები, წმინდანების უხრწნელი გვამები მუზეუმში. მაგრამ მართლმადიდებლი ეკლესიის სულს მუზეუმში ვერასდროს ვერ ჩააბარებთ, ვერც ექსპონატივით გამოფენთ, როგორც საქსოვ დაზგას. შენ ალბათ გსმენია, როგორ უნდოდათ ქრისტიანობის მოსპობა დიოკლეტიანეს, ნერონს, იულიანეს. მაგრამ შეძლეს ეს? სად არიან ის მმართველები დღეს? ისინი არავისაც არ ახსოვს, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა კი არსებობს და კვლავაც იარსებებს საუკუნოდ! გასაგებია?!

16. გარდაქმნა

ლექტორი თითქოს სხვა ადამიანად ქცეულიყო. თვითონვე ვერ გაეგო, როგორ შეეძლო აქამდე სხვაგვარად აზროვნება. განა შეიძლება დაიჯერო, რომ ეს სამყარო, ასე ლამაზი და მიუწვდომელი, თავისით, შემოქმედის გარეშე შეიქმნა?! სწორედ ღმერთი არის საწყისი და სოცოცხლის უფალი. ის არის ყოველი და ყველაფერი. ამან სიმშვიდით აავსო, ყველაფერიც თავის ადგილზე დალაგდა. ახლა ის ვერ წარმოედგინა, როგორ შეეძლო აქამდე ასე უღმერთოდ ეცხოვრა. თითქოს თვალები მხოლოდ ახლა აეხილა. ისეთ ნათელს შეიგრძნობდა, თითქოს მთელი სამყარო გაეხსნა. უხილავმა ძალამ მისი სული ნათელში გამოიყვანა. ასე იგრძნო ღვთის მადლი, ასე შეიცნო ჭეშმარიტება. მისი სული გაცოცხლდა და პაპა დამიანეს შეკითხვას: - ვინ შექმნა სამყაროო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა:

- სამყარო შექმნა უდიდესმა და ყოვლისშემძლე გონებამ, რადგან გონიერება მხოლოდ გონიერისგან წარმოიშობა. ეს კი ისევე აშკარაა, როგორც ის, რომ სინათლისაგან წარმოიშობა ნათელი, სიბნელისაგან კი ბნელი.

- ე.ი. ღმერთი არსებობს?

დარბაზი გაიტრუნა.

- დიახ, არსებობს! - მშვიდად და სიყვარულით წარმოთქვა ლექტორმა.

დარბაზმა ამოისუნთქა, სკოლის დირექტორი კი გარეთ გავარდა.

პაპა დამიანემ პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღლა წამოიწყო გალობა - „მეუფეო ზეცათაო“. ხალხიც აჰყვა, ჯერ პირველ რიგებში, მერე კი მთელი დარბაზი შეუერთდა მას.

ასე შეძლო უბრალო, სოფლელმა გლეხმა სწორ გზაზე დაეყენებინა ათეისტი ლექტორი.

 

 

ჩვენთან არს ღმერთი!

მეორე ნაწილი

1. ღმერთი უფალი

„ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებლი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაცივალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად“.

(იოანე 5, 24)

ღმერთი უზენაესი სულია. იგი არავის უნახავს, რადგან მიუწვდომელ ნათელშია. ზოგს ღმერთი იმ მოხუც ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი, ღრუბლებიდან რომ განაგებს ქვეყნიერებას. ზოგს იგი სამყაროში გაბნეული ჰაერი ჰგონია. მაგრამ ეს ასე როდია. უფალი განსაკუთრებული არსებაა და იგი ბუნებისაგან, სამყაროსაგან დამოუკიდებლად არსებობს.

ღმერთი უკვდავია. იგი სამყაროს, დედამიწის, ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ღმერთისთვის არ არსებობს დრო, არც წარსული, არც მომავალი. ათასი წელი მისთვის ისეა, როგორც ერთი დღე, ერთი დღე კი ისე, როგორც ათასი წელი. ღმერთი ეს არის უსაზღვრო სიყვარული, სიცოცხლე, სიმდიდრე, სილამაზე, უსაზღვრო კეთილი ძალა, ე.ი. ყველაფერი კეთილი თვით ღმერთშია. ღმერთმა ადამიანიც სიკეთისთვის შექმნა. და საერთოდ, ღმერთს მთელი სამყარო მის შექმნამდე ჰქონდა გააზრებული. ადამიანს მან გაჩენისთანავე თავისუფლება უბოძა. მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, სიამაყემ დაგვაკარგვინა ეს თავისუფლება, უფლისაგან ბოძებული ეს უდიდესი წყალობა. უფალი ამბობს:

„ - შეიცანი ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებს შენ“.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნდა შევიცნოთ ღმერთი, მივუახლოვდეთ მას, რადგან სწორედ ღმერთია ჭეშმარიტება. წმიდა სამება ეს უდიდესი საიდუმლოებაა. მამა შობს ძეს და სული წმიდა, რომელიც მამისაგან გამოდის, ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების.

ცოტა მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, შევადაროთ მამა ღმერთი მზეს, რომელიც გამოსცემს სხივებს (ძეს) და სითბოს (სული წმიდის მადლს). ანდა წარმოვიდგინოთ მამა ღმერთი გონების სახით. გონება შობს აზრს (ძეს), ხოლო უკვე განხორციელებული აზრი წარმოვიდგინოთ სული წმიდის მადლად.

ღმერთმა შექმნა სამყარო და ამ სამყაროში, ყველაფერში მისი ხატება გამოიხატება სამების სახით. შედარებისათვის ისევ მაგალითები მოვიშველიოთ: ადამიანი შედგება სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან. ანდა დავაკვირდეთ ცეცხლს: იგი ხომ გამოყოფს სინათლეს, სითბოს და კვამლს. წყალიც შეიძლება სამ მდგომარეობაში იყოს: წყალი თხევადი, წყალი ორთქლი და წყალი ყინული. დაახლოებით ასე შეიძლება სამების წარმოდგენა.

2. ვინ შექმნა სამყარო

ათეისტთა რწმენა ფანატიკურობით გამოირჩევა. მსოფლიოში ვერ შეხვდებით ასეთ მტკიცე ფანატიზმს. მორწმუნესაც კი შეშურდება მათი სიმტკიცე. ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს საკვირველი, ულამაზესი, ნაირფერი სამყარო, რომელიც ასე ხიბლავს და აკვირვებს ადამიანს, არარაობისაგან შემთხვევით წარმოიშვა. მაგრამ როცა საქმე არგუმენტებს ეხება, ისინი ჩიხში ემწყვდევიან. ერთხელ ერთ უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა:

- ეს არის დედამიწა. იგი მრავალი მილიონი წლის წინ წარმოიშვა და ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა.

მერე მან წრე შემოხაზა დაფაზე და თქვა:

- აი, ამ მიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.

შემდგე იგი მოყვა, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება, რომ იყო ვულკანური ამოფრქვევები, მიწისქვეშა აფეთქებები, მიწისძვრები. და ლექცია ასეთი ირონიული ტონით დაამთავრა:

- ბიბლიაში კი წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა!

- თქვენ ბევრი გვიამბეთ დედამიწის წარმოშობაზე. - წამოდგა ერთი სტუდენტი. - და დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, არც დედამიწა. მე მინდა გკითხოთ: ვინ დასვა დაფაზე ეს წერტილი?

- როგორ თუ ვინ? მე! - უპასუხა ლექტორმა.

- თვენ შეგიძლიათ დედამიწა ასე წარმოგეედგინათ დაფაზე. ახლა კი მიპასუხეთ: ვინ შექმნა სამყაროში ასეთ წერტილად დედამიწა?

დაბნეულმა ლექტორმა ფილოსოფიური ტერმინები მოიშველია. მისდა საბედნიეროდ ზარიც დაირეკა.

ბევრ ჰგონია, რომ ჩვენი დროის მეცნიერული მიღწევები საკმარისია ყველაფრის ასახსნელად. სინამდვილეში კი სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნაში მეცნიერება ისეთივე უსუსურია, როგორც თავიდან იყო. თავიანთი თეორიებისა და დებულებების ჩამოყალიბებისას ისინი უმეტესად აბსურდამდეც კი მიდიან. საფუძველს როდია მოკლებული ეს საანეგდოტო ამბავი, რომელსაც მეცნიერებაზე ჰყვებიან:

მივიდა ერთი მეცნიერი ოკეანესთან, რომ დაედგინა ბინადრობენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზი ჩაჰყო მასში. კოვზს მხოლოდ წყალი ამოჰყვა და მანაც დაასკვნა:

- ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო.

ერთმა ფრანგა ათეისტმა კითხვაზე საიდან წარმოიშვა ატმოსფერო, გულახდილად აღიარა:

- არ ვიცით და არც არასდროს გვეცოდინება!

მეცნიერებამ ხილული სამყაროს ახსნა რომ შესძლოს, უხილავი მაინც გამოუცნობი დარჩება.

ჭკვიანი ადამიანისთვის დაუჯერებელია სამყაროს თავისთავად, ბრმა შემთხვევით წარმოშობის ვერსია. ამის დაჯერება ნიშნავს სასწაულების უარყოფას, რომელსაც რატომღაც ასე უგულებელყოფნე მეცნიერები. თუმცა ზოჯერ იძულებულნი არიან აღიარონ იგი. ცნობილ ასტრონომ ვერშელს ეკუთვნის სიტყვები:

- ყველა აღმოჩენა, რასაც კი მეცნიერებამ „მიაღწია“ თვითონ უფლისგან იყო დაშვებული იმ ჭეშმარიტებების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი და რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ყოველი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას. მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმაში, რომ სამყაროს შექმნიდან მასში არც არაფერი მიმატებულა და არც არაფერი მოკლებულა. ბუნების შეცნობით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე. მეცნიერთაგან ზოგიერთნი კი ბუნების ნაირფეროვნებას არაფრით აღიარებენ ღვთის მიერ განხორციელებულ სასწაულად.

სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს:

- მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, მატერია თავისთავად რომ მკვდარია.

მართლაც, მატერია პასიურია და თავისთავად არ შეუძლია სიცოცხლის ჩასახვა.

გამოჩენილი მეცნიერის პასტელის აზრით, სიცოცხლე ცოცხალი არსებისაგან წარმოიშვა და არა მკვდარი მატერიისაგან.

მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში ჩაისახა, ხოლო თუ ვინ ჩასახა იგი, ამ კითხვას ვერ პასუხობენ და იგნორირებენ კიდევაც. სამყაროში ადამიანი ვერსად ვერ გადააწყდა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვის კვალს. დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რაც ღმერთმა სულიერ და უსულო ბუნებას შორის დაადგინა.

მეცნიერებას ერთი მაგალითი მაინც რომ ეპოვა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, ათეიზმი გამარჯვებას იზეიმებდა. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე, სიცოცხლია წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.

ასევე მეცნიერებას ვერა და ვერ გადაულახავს ის ზღვარი, რაც ღმერთმა გასდო მცენარეებსა და ცხოველებს შორის.

ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასდროს დათესილ ხორბალს მუხა არ აღმოუცენებია, არც ძროხას მოუგია გოჭი, ხბოს ნაცვლად. სამყაროში მინიშნებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გადაქცეულიყო. ათეისტი მეცნიერები კი თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა.

3. როგორ გაჩნდა ადამიანი

თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრებისას იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს „პითენკანტროპის“, ვითომცდა უძველესი ადამიანის, მოდელი, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ეს მოდელები მერე გამოფინეს მუზეუმში. მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვს თუ შეუძლია.

ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი განსხვავდებიან. ადამიანს აქვს გონება და უკვდავი სული, რაც ღმერთმა არ მისცა არც ერთ ცხოველს. ადამიანს აქვს მეტყველების უნარი, შეუძლია ლაპარაკი, ცხოველები კი ვერ მეტყველებენ. ვერც ერთმა მომთვინიერებელმა და მწვრთნელმა ვერ შესძლო აელაპარაკებინა ცხოველები. ისტორიაში ასეთი შემთხვევა ერთხელ მოხდა და ისიც ბიბლიაშია დასახელებული. ლაპარაკია ვალაამის ვირზე, რომელიც ღვთის ნებისაებრ, ადამიანივით დაელაპარაკა ვალაამს და შეაჩერა, რომ არ წასულიყო ისრაელთა დასაწყევლად.

მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საშიშიცაა. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და ზრდა ერთნაირად მიმდინარეობს, ყველაც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ისიც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყველა მეცნიერულ და გააზრებულ მტკიცებას საბოლოოდ ისევ შემოქმედისკენ მივყავართ. იგი ყოველთვის გვანცვიფრებს თავისი სიბრძნითა და შესაძლებლობებით.

ადამიანი ჩასახვიდან განვითარების სამ საფეხურს გაივლის:

1. დედის მუცელში, სადაც ხდება მისი ჩამოყალიბება;

2. ამქვეყნად, სადაც იგი აგრძელებს ჩამოყალიბებას ფიზიკურად და სულიერიად (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სულიერი ცხოვრების მიხედვით ხდება მისი ადგილის განსაზღვრა მარადისობაში).

3. ზეცაში.

განვითარების ეს სამი საფეხური შესაძლოა წარმოვიდგინოთ პეპლის ცხოვრების მაგალითზე. პეპელაც განვითარების სამ საფეხურს გადის. ჩნდება შეუმჩნევლად, უბრალო ჭუპრად, შემდეგ გარდაიქმნება ჭიად და ბოლო იქცევა მშვენიერ არსებად - პეპლად.

განა შეედრება პირველი-მეორე საფეხური მესამეს?!

აქედან გამომდინარე, ადამიანსაც ყველაზე სასურველი ცხოვრება სწორედ ზეციურ სამყოფელში აქვს.

4. სული და სამშვინველი

მატერიალისტები ხშირად იშველიებენ კითხვას:

- თუკი ღმერთმა თავიდანვე გაიაზრა ყველაფერი, მაშინ რატომღა დააწესა სიკვდილი?! რატომ ისპობა სილამაზე?!

და თვითონვე ასკვნიან:

- თუკი სიკვდილი გარდაუვალია, გამოდის რომ სამყარო უაზრო და უმიზნო ყოფილა, ადამიანის სიცოცხლეს არავითარი აზრი არ ჰქონია!

მაგრამ ასეთ დასკვნებს უნდა ვერიდოთ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი თავდაპირველად უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა. მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, სამოთხიდან განდევნა ისინი. აქ მიწაზე დაუწესა მას დროებითი საცხოვრებელი, აქვე უნდა მოხდეს მისი სულიერად განწმენდა და მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.

ღმერთმა ადამიანი მიწისაგან შექმნა და სული შთაბერა, „სული ცხოველი“ და გონიერი. ეს სული შეიძლება შევადაროთ სანთელს, რომლითაც შეიძლება ავანთოთ მეორე, მესამე და ასე დაუსრულებლივ - უამრავი სანთელი.

ბავშვი, რომელივ ღვთის ნებით ჩაისახა, მშობლებისაგან იღებს სამშვინველსა და ცხოველ სულს, რომლის შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა განავითაროს იგი. და როცა ეს სული ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს თავისუფლდება სხეულისაგან, მის წინაშე იშლება უცნობი, ულამაზესი და არნახული სამყარო... მაგრამ ამის დაჯერება ყველას როდი შეუძლია. როგორც წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა და არ იცის, რომ ნაჭუჭს იქითაც არსებობს სამყარო და ამას იგებს მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ, ადამიანის სულიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ ცხოვრებას, წიწილას მსგავსად, იგიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება სხეულისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე იშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და იდუმალი სამყარო.

ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლისა. ამით ისინი ემსგავსებიან იმ ტყუპებს, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ერთი ეუბნება მეორეს:

- მალე დავიბადებით და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.

მეორე კი პასუხობს:

- რას ამბობ! რომელი ახალი ცხოვრება! როგორც კი ამ ადგილს მოვშორდებით, მაშინვე მოვკვდებით! გადაგვიჭრიან ამ საარსებო წყაროს (ჭიპს). არაფერიც არ არსებობს ამ სამყაროს გარდა, სადაც ახლა ვიმყოფებით. აქედან გასული ბევრი უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არავინ.

დაახლოებით ასეთი დიალოგის დონეზეა ათეისტთა მსჯელობა მარადიული სულის უარყოფისას.

ახლა დავაკვირდეთ ადამიანის სხეულს, მის ნაწილებს, სხვადასხვა ორგანოებს - თავს, ხელებს, ფეხებს, ყველაფერს რისგანაც ჩვენი სხეული შედგება. სხეულში ყველა მათგანზე მაღლა იმყოფება უკვდავი სული.

მატერიალისტების აზრით, ადამიანს სული საერთოდ არ გააჩნია და ყველა მის მოქმედებას - ხედვას, შეგრძნებას, აზროვნებას, ნებისყოფას რაღაც რეფლექსები განაპირობებს, რეფლექსები, რომელთაც ადამიანს ცხოვრება გამოუმუშავებს. მათი აზრით ერთი თაობა მეორეს გადასცემს სიხარულს, მწუხარებას, და საერთოდ სხვადასხვა განცდებს. თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გლოვობს, თავის გრძნობებს კი არ გამოხატავს, არამედ წინაპრებისას, რომელთაც საერთოდ არ უნახავთ მისი შვილი. ამაზე მეტი უგუნურება რაღა იქნება?! მატერიალისტთა ამ თეორიას თუ გავიაზრებთ, მაშინ ვერ ვირწმუნებთ, რომ დედის განცდები კონკრეტულად მისი გულიდან მოდის.

მატერიალისტებს არა სწამთ სულის არსებობა, და ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თვალნათლივ ვერ ხედავენ მას. მაგრამ ადამიანი ასევე ვერ ხედავს ელექტო, მაგნიტურ და რადიოაქტიურ ტალღებს, მათ არსებობას კი აღიარებს. მატერიალისტებს სურთ ღვთის თვალით დანახვა. მართალია, თვალი უაღრესად რთული ორგანოა, მაგრამ იგი ფიზიკური სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს. სულიერზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია! თუმცა ადამიანს ხორციელი თვალის გარდა გააჩნია სულიერი თვალიც, რომელიც მარხვით, ლოცვით, სახარების კითხვითა და ეკლესიური ცხოვრებით აღეხილება. თუ ადამიანი ყოველივე ამას მოკლებულია, მაშინ მისი სულიერი თვალი ბრმაა და ღმერთს კი არა, სხვა რამესაც ვერ ხედავს.

მიკროსკოპებმა თვალთახედვის არე ძალიან გაზარდა და ადამიანის თვალწინ მიკროორგანიზმების განსაცვიფრებელი სამყარი გადაიშალა. მან ერთ წვეთ წყალში, რომელშიც ადრე ვერაფერს ამჩნევდა, რამდენიმე ათასი მიკრობი დაინახა.

გამოიგონეს ტელესკოპიც, რომლითაც თვალხილული გახდა ორ მილიონამდე ვარსკვლავი, ექვსი ათასის ნაცვლად.მაგრამ ყველაფერი ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არსებობს, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აქედან გამომდინარე, განა ადამიანს შეუძლია ღმერთის დანახვა მაშინ, როცა ღვთის შექმნილი ხილული სამყაროც ბოლომდე ვერ შეუცვნია?!

თუმცა არსებობს უხილავი, სულიერი სამყაროს ნაწილი, რომელსაც მატერიალისტებიც არ უარყოფენ, მაგალითად: სიყვარული, სიხარული. მათი არსებობა არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. ამის კარგი მაგალითია ეს დიალოგი:

- იცით, რატომ არ მწამს სულის არსებობა?! - განაცხადა საოპერაციო მაგიდასთან მყოფმა ექიმმა, - რამდენი ადამიანიც გამიკვეთავს, სული არასდროს მინახავს მათში.

- თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ გონებაც არ უნდა ვაღიაროთ. - შეეკამათა მეორე. - რამდენჯერ ამიხდია თავის ქალა, მაგრამ ტვინში აზრი და გონება არ დამინახავს.

- მე კი არც ერთი ჩემი ავადმყოფის გულში სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ყველას გამოუცდია?!

ასევეა სულიც. ჩვენ ვერ ვხედავთ მას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ჩვენ ვერ შევიგრძნობთ იმ ზღვარს, რომელიც ღმერთმა გადო უხილავ და ხილულ გრძნობებს შორის. აი, ამის კიდევ ერთი მარტივი მაგალითი: შენ დაბრუნებული ადამიანი როცა იცვლის დამტვერილ ტანსაცმელს, აღნიშნავს, როგორ გავიმტვერეო, ამით კი სამოსელთან ერთად თავის მდგომარეობასაც წარმოგვიდგენს. ასევეა, როცა დაღლილი ამბობს, რომ დაიღალა და ისვენებს. ორივე შემთხვევაში მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რადგან მატერიასთან აქვს საქმე. მაგრამ როდესაც იგი ისმენს სასიამოვნო მელოდიას, ანდა დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვით ხარობს, ამ სიხარულს ასე გამოხატავს:

- ჩემი ბედნიერების გამდმოცემაც კი მიჭირსო.

ანდა ხომ შეგინიშნავთ, როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებთ, როგორი სიხარული ისადგურებს გულში! ასევე გვემართება, როცა ჩვენს გარშემო ნაირფერ სამყაროს ვხედავთ. ყოველივე ამის შეგრძნება მატერიალურად კი არა, სულიერად ხდება. და რამდენად აღემატება ეს განცდა ხორციელ განცდებს! სწორედ ამიტომ სულიერ ცხოვრებას მეტი მნიშვნელობით უნდა მოვეკიდოთ, ვიდრე ხორციელს. სულიერი ცხოვრებაში ჩაღრმავებით ვიმტკიცებთ რწმენას, ვიწყებთ ღვთის მცნებებით ცხოვრებას. ამ დროს მოგვიცავს არა მარტო ახლობლების, მტრების სიყვარულიც, და ისადგურებს ჩვენში სიმშვიდე. ყოველივე ამის უარყოფა კი უკარგავს ადამიანს ცხოვრების აზრს.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს:

- ადამიანს მთელი მსოფლიო რომ მისცე, კიდევ მეტს მოინდომებს. იგი იმდენად გაუმაძღარია, ყველაფერი ეცოტავება.

ღმერთმა ისე შექმნა ადამიანი, რომ ის ამ ქვეყნად ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე.

ადამიანი შეიძლება შევადაროთ წიგნს - მისი სხეული, უფრო სწორად გარეგნობა, წიგნის ლამაზად გაფორმებულ ყდას, გული - იმ იდეას და აზრს, რომელიც ჩადებულია წიგნში. ცეცხლში რომ ჩავაგდოთ ეს წიგნი დაიწვება, მაგრამ იდეა და აზრი, რომლებიც ამ ფურცლებზე იყო, დარჩება და არ განადგურდება.

თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს მას ის გრძნობები, როგორიცაა:

1. გონება - აზროვნების, განჭვრეტის უნარი.

2. ინფორმაციის წყარო - ანუ ლაპარაკის უნარი, ზეპირიცა და წერილობითიც.

3. ნებისიყოფა - რომლითაც ირჩევს თავისთვის საჭირო გზას და რითაც განსაზღვრავს მთელ თავის ცხოვრებას.

4. სინდისი - ეს უმაღლესი მსაჯული, რომელიც არსებობს ჩვენს სულში და რომელიც წარმოადგენს ღვთის ხმას. ეს ხმა იმასაც კი ესმის, ვინც ღმერთს უარყოფს. (ყური სასმენად გვაქვს, თვალი - დასანახად, სინდისი კი - გასაფრთხილებლად, - ამბობს იოანე ოქროპირი).

5. ინტიუცია - წინასწარი შეგრძნება, ანუ მეექვსე გრძნობა.

6. წარმოსახვა - ეს საოცარი უნარი გონებისა სხვადსხვა საგნებისა და მოვლენების, ჩვენგან დიდი მანძილითა და დროით დაშორებული საგნების წარმოსახვისა.

7. მეხსიერება - რაიმეს გონებაში ჩაბეჭდვის უნარი და წარსულის შემონახვა.

როგორც ადამიანის სხეულს აქვს სხვადასხვა ორგანოები, - ამბობს წმინდა მაკარი ეგვიპტელი, - და ყველას ერთად მთლიანობაში ჰქვია ადამიანი, ასევე სულსაც გააჩნია თავისი წახნაგები და ხარისხები: გონება, სინდისი, ნებისყოფა, აზრები. ყველაფერი ეს კი წარმოადგენს ადამიანის შინაგან სამყაროს.

ერთმა მეცნიერმა ისიც კი გამოიანარიშა, ადამიანის სხეულს თუ დავშლით ელემენტებად, მისი ღირებულება დაახლოებით 6 ბილიონ დოლარად შეფასდება, იმდენ ქიმიურ ელემენტს შეიცავს იგი. მაგრამ იგივე ამ ელემენტებისაგან ისევ რომ მივიღოთ ადამიანის სხეული, საჭირო იქნება 6 ტრილიონი დოლარი. გაცოცხლება რომ მოვინდომოთ, მისთვის სულის ჩასადგმელად მთელი დედამიწის სიმდიდრე და განძეულობა არ გვეყოფა. სწორედ ამიტომ ამბობს უფალი - ადამიანის სული მთელს მსოფლიოზე ძვირფასიაო.

„რამეთუ რაი წარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს, ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მათე 16, 26).

5. სარწმუნოება

მაკარი დიდი ამბობს, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა სიკეთეა.

- სული თვითონაა სიკეთე. - ამბობს ტერტულიანი.

ღმერთი ყველა სიკეთის საწყისია. ის ყველა მატერიალურ ფასეულობაზე მაღლა დგას. ამიტომაცაა, რომ ყველა სულიერი მისკენ ისწრაფის. ეს სწრაფვა შეიძლება შევადაროთ მცენარეს, რომელიც სადაც არ უნდა დადგათ, ყოველთვის მზისკენ შემობრუნდება. მზის გარეშე მას არ შეუძლია სიცოცხლე.

უფალს ყველა ადამიანის სულის ცხონება უნდა, რაც კეთილი საქმეების გარეშე შეუძლებელია. კეთილი საქმეების საკეთებლად კი აუცილებელია გვწამდეს ღმერთი.

ღმერთს ადამიანები სხვადასხვაგვარად შეიცნობენ. იგი, როგორც ვიცით, თვალით უხილავი არსებაა, მაგრამ მისი ქმედება ყველაფერში ვლინდება. ღვთის არსის შეგრძნება ისეთი სიხარულის მომცველია, რომ ადამიანი მზადაა ათასი ჭირი და უბედურება აიტანოს ღვთის გულისათვის. ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა დედა ღვთის სიყვარულს შვილსაც სწირავდა. კონკრეტულად შეგვიძლია ასეთი ამბის გახსენება:

ქრისტიანთა დევნის პერიოდში ერთ-ერთ ასისთავს დაავალეს თავს დასხმოდა სალოცავში თავშეყრილ მლოცველებს და ამოეწყვიტა ისინი. ასისთავი თვითონაც მორწმუნე იყო და მალულად წინასწარ გაგზავნა მსახური, რომ გაეფრთხილებინა მლოცველები და გასცლოდნენ იქაურობას. მაგრამ ადგილზე მისულს მაინც დახვდა სალოცავში ერთი ქალი ბავშვით.

- კი მაგრამ, ხომ გაგაფრთხილეს, რომ აქაურობას უნდა გასცლოდი? - ჰკითხა ასისთავმა.

- გამაფრთხილეს, მაგრამ მსურს შევეწირო ქრისტეს.

- ბავშვი?! ბავშვი მაინც რატომ არ განარიდე?

- ბავშვიც მინდა ქრისტეს შეეწიროს!

ასისთავი, როგორც გითხარით, თვითონაც მორწმუნე იყო, მაგრამ ქალის ასეთმა რწმენამ ისეთი ძალა შემატა, თვითონაც ხმამაღლა, დაუფარავად განაცხადა უარი დავალების შესრულებაზე. რაღა თქმა უნდა, ამის გამო არც მას დაადგა კარგი დღე.

ღმერთი ზოგჯერ, ადამიანებმა რომ ირწმუნონ, ცხადად უვლენს მათ სასწაულებს.

1958 წლის 8 ოქტომბერს, დილით 5 საათზე ერთი სასტუმროს დარაჯმა ზეცაზე ღვთისმშობლის გამოსახულება დაინახა და სასტუმროში შევარდნილმა ხალხს უხმო ამის სანახავად. 15 წუთის განმავლობაში არ გამქრალა ციდან ღვთისმშობლის გამოსახულება და ამ ხნის მანძილზე ადამიანები მუხლმოდრეკილნი სთხოვდნენ შეწყალებას მას. გამოსახულების გაქრობის შემდეგ ნათელი გათენებამდე იყო იმ ადგილზე.

ქალაქ კემეროვოში ერთი მსახიობი ქალი ორი წელი იყო მიჯაჭვული საწოლს, ფეხები ისე ტკიოდა, ვერ დგებოდა. ერთმა ღვთისნიერმა ურჩია მონასტერში წასულიყო და იქ ელოცა. სამი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და ყოველდღიური ლოცვებით ღმერთს სთხოვდა შველას. ერთხელაც, წვიმის შემდეგ, ძლივს რომ მიფორთხდა სალოცავ ადგილამდე და ხატს ემთხვია, უცებ იგრძნო ძალა. წამოდგა და გაიარა. სულ მალე კი სრულად გამოჯანმრთელდა.

ერთ გაუქმებულ ტაძარში მემონტაჟეთა ბრიგადას ელექტრო ხაზები გაჰყავდა. ერთგან ზედ მაცხოვრის ფეხებზე უნდა გაეტარებინათ ხაზი. ვერავინ გაბედა ამ ადგილს რომ შეხებოდა, ერთის გარდა, რომელიც ძალიან გაამხიარულა მუშების შიშმა. მან დაიწყო კედლის გახვრეტა, თან სხვებს დასცინოდა:

- ახლაც გჯერათ, რომ ამ ხატს შეუძლია ვინმეს დასჯა?!

დილით ლოგინიდან წამოდგომა რომ დააპირა, ფეხების საშინელმა ტკივილმა არ მისცა ამის საშუალება. ახლა კი შეიგრძნო ხატის ძალა, მაგრამ რაღა დროს! ცოდვები მოინანია, ეზიარა და უფალმაც მიიბარა მისი სული.

უფლის არსებობამ არ უნდა დაგვაეჭვოს. განა მან არ მოგვანიჭა სინდისის, ნამუსის ხმა?! ეს იგივე ღვთის ხმაა, ხმა, რომელსაც ადამიანები ასე ხშირად ყურსაც არ უგდებენ და უარყოფენ. განა სამყაროს ასეთი მრავალფეროვნების შემყურე ჭკუათმყოფელმა კაცმა არ უნდა იწამოს ღმერთი?! უფლის ჯვარცმა ლეგენდა რომ ყოფილიყო, როგორც ამას ათეისტები ამტკიცებენ, განა მოაღწევდა ჩვენამდე?! მ ან კი საუკუნეებს გაუძლო და ასე მოაღწია. განა შეიძლება ამდენი ხანი ილაპარაკონ პიროვნებაზე, რომელიც არ არსებობს?! მართლაც რომ არ არსებობდეს ჯოჯხეთი და სამოთხე, ბოტორი და კეთილი, სიკვდილი და უკვდავება, და ბოლოს და ბოლოს რომ არ არსებობდეს ღმერთი, არც ამდენი ლიტერატურა შეიქმნებოდა მის უარსაყოფად.

ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მთელი კლასისაგან მოითხოვა უარეყოთ ღმერთი. მან ხატი იატაკზე დააგდო და ბავშვებს სათითაოდ აიძულებდა შეურაცხეყოთ იგი. მხოლოდ ერთმა განაცხადა ამაზე უარი.

- შენ რა?! - გაუბრაზდა მასწავლებელი. - გწამს ღმერთი?!

- თქვენ ამბობთ ღმერთი არ არსებობსო. მაშ ვიღას მივაფურთხო? და თუკი არსებობს, მაშინ არა სჯობს თაყვანი ვსცე მას?!

მასწავლებელი გააოგნა ბიჭის ასეთმა საზრიანობამ. ათეისტები ხშირად ვარდებიან მსგავს უხერხულ სიტუაციებში. და მართლაც, ნუთუ ადამიანს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ უნდა აძლევდეს იმის შეგნების უნარს, რომ ამ ხილულ სამყაროს აუცილებლად უნდა ახლდეს უხილავიც?! განა ამის დასტური არ არის ნათლისა და ბნელის არსებობა?! თუ არსებობს ხორციელი ცხოვრება, უნდა არსებობდეს სულიერიც. თუ არსებობს დროებითი, უნდა არსებობდეს მარადიულიც! და ასე დაუსრულებლივ... ერთი სიტყვით, თუ არსებობს სააქაო ცხოვრება, უნდა არსებობდეს საიქიოც! განა ადამიანები ივლიან სათევზაოდ, სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ თევზი არ არის?! ასევე, განა ამდენი მლოცველი ეყოლებოდა ტაძრებს, ღმერთი რომ არ არსებობდეს?! აუქმებენ და მერე მისკენ მიმავალი ბილიკიც ხომ იფარება ბალახით, რადგან მასზე აღარავინ აღარ დადის. ეკლესიაში რომ ღვთის მადლი არ არსებობდეს, რისთვისღა ივლიდა ამდენი ხალხი?! განა არ გაგიგიათ, როგორ მადლიერებას გამოთქვამენ ხშირად ავადმყოფები, როცა გრძნობენ ღვთის შემწეობით რომ ეძლევათ ძალა და თუ სხვაგან არაფრით არ შეუძლიათ დგომა, ტაძარში საათობით რომ დგანან დაღლასაც რომ არ გრძნობენ?!

ღმერთი რომ არ არსებობდეს, რისთვის დასჭირდებოდა მის წინააღმდეგ ათეისტებს ასე თავგამოდებით ბრძოლა?! ისინი კი არამცთუ ებრძვიან მას, საოცარ ფანატიზმსაც იჩენენ ამის მტკცებისას. რა არის ეს, თუ არა ეშმაკისა და უფლის ბრძოლა, რომელიც იქიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა განდევნა ზეციდან სატანა, გამუდმებით ცდილობს აცდუნოს ადამიანი?! სწორედ ამიტომ ირჩევს ამ ბრძოლის ველად ადამიანის გულს.

მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის ბევრი გამოჩენილი მეცნიერი, აღიარებს ღმერთს, მაგრამ უგუნურ ადამიანთა აზრიც ღვთის არსებობის შესახებ, მაინც გავრცელდა ხალხში. რატომ მოხდა ასე? ამის ახსნა არ გაგვიჭირდება, თუ დავაკვირდებით, რომ კეთილი საქმეების კეთებას უფრო მეტი წინააღმდეგობა რომ ხვდება, ვიდრე ბოროტების კეთებას. ღმერთი კი სულ სიკეთის ქმედებისკენ მოგვიწოდებს, უცოდველ ცხოვრებას გვირჩევს. ეს კი ნიშნავს ბევრ ისეთ რამეზე უარის თქმას, რის დათმობასაც ადამიანი ამჯობინებს ღმერთის უარყოფას. ადამიანთა უმეტესობა ვერ ელევა მიწიერ სიამეებს, ცოდვებს, მოსწონს იგი. აქედან გამომდინარე კი მათთვის ხელსაყრელია არ დაიჯერონ ღვთის არსებობა, უარყონ იგი. როცა ღმერთს უარყოფ, ყველაფერი უზნეო დასაშვები გახდება. ადამიანს კი მოსწონს, როცა უზნეობას სჩადის, იმიტომ რომ იგი ცოდვის შვილია. ასეთი ადამიანები როცა სჭირდებათ ღმერთის სახელს მხოლოდ მაშინ ახსენებენ და ახსენებენ უმეტესად მაშინ, როცა მისი დადანაშაულება უნდათ.

არსებობს გადმოცემა ადამიანმა რომ მოსთხოვა პასუხი ღმერთს იმ ომებისათვის, რაც დედამიწაზე ხდებოდა. გამოეცხადა მას ღმერთი და უთხრა:

- მე ყველაფერი მოგეცი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის. შენ კი არ იკმარე იგი და ერთმანეთს ართმევთ. განა მე გაიძულებ ამის კეთებას?

6. არჩევანის თავისუფლება

ათეისტები ხშირად სვამენ, მათი აზრით, ვითომცდა ასეთ პარადოქსულ კითხვას:

- თუ ღმერთი არსებობს, რატომ აძლევს ადამიანს ბოროტების ჩადენის უფლებას?

ამ კითხვაზე ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება:

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ჰიპნოზის გაკეთების უნარი. განა რომელიმე თქვენგანი მოინდომებს დააჰიპნოზოს საკუთარი შვილი და ისე ამოქმედოს?! ასე ხომ მათ წაართმევთ თავისუფლი ქმედების უნარს და ისინი მხოლოდ თქვენი ბრძანებების მიხედვით იმოქმედებენ?! თქვენ ეტყვით:

- დაჯექი!

ისიც დაჯდება და იჯდება მანამ, სანამ არ უბრძანებ:

- ადექი!

ისიც ადგება. მერე მოისურვებთ:

- მისურვე ძილი ნებისა!

და ისიც გისურვებთ. განა სასიამოვნო იქნება ასეთი ურთიერთობა?!

განა სასიამოვნოა, როცა სიყვარულის გარეშე გემორჩილებიან?! ალბათ, არცერთ თქვენგან არ მოეწონებოდა ასეთი იძულებითი სიყვარული. ხომ თითოეულ თქვენგანს სურს შვილები საკუთარი ნება-სურვილით გექცეოდნენ ასე. ჰქონდეთ საკუთარი ორიენტაცია სიკეთისკენ?! არც მოისურვებთ წაართვათ მათ ის თავისუფლება, რომელიც ყველა ადამიანს ღვთისაგან აქვს ნაბოძები, ისინი თვითონ უნდა წარმართქვდნენ თავიანთ ცხოვრებას. სწორედ ასეთი შვილები სურს უფალს. ამიტომაც მოგვცა არჩევანი ორ გზას - სიკეთისა და ბოროტების გზას შორის. ადამიანთა უმეტესობამ რატომღაც ბოროტების გზა ამჯობინა. ადამიანები ვერ შელევიან ბნელს და არ სურთ შევიდნენ ნათელში:

„რამეთუ ყოველს, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა ასე ემხილენ საქმენნი მისნი“ (იოანე 3, 20).

ღმერთს ადამიანის გონება კი არა, ეშმაკის ბუდედ ქცეული გული უარყოფს: „თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი...“ (ფს. 13, 1).

სწორედ ამიტომაა ძნელი ღვთის არსებობაში დაარწმუნო ასეთი გულის ადამიანი.

„შეგიძლია კი შენ გამოძიებით შეისწავლო ღმერთი? შეგიძლია სრულყოფილად ჩატიო გონებაში ყოვლის მპყრობელი?“ (იობი 11, 7).

ღმერთის შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. ადამიანის ყველა გრძნობა ერთად უნდა გრძნობდეს და ითავსებდეს ღმერთს.

ცოდვებით დამძიმებული ადამიანი უარყოფს ღმერთს. მაგრამ ვინმეს სურვილით როდი განისაზღვრება ღვთის არსებობა. მის არსებობაზე მეტყველებს გარშემო ყველაფერი. ასეთი ნაირფერი სამყაროს შექმნა მხოლოდ უძლეველი და უსასრულო ძალის მქონე არსებას შეეძლო. ცოდვებით დამძიმებული ადამიანი თავს იმით იმშვიდებს, რომ ვერავინ ხედავს მის შეცოდებებს. იმას კი არ უფიქრდება, ბრმას რომ არ შეეძლო ასეთი მრავალფეროვნების შექმნა. არც ყრუს არ შეეძლო ასეთი მრავალხმიანობის შექმნა! ათეისტებს არ სურთ დაიჯერონ ღვთის არსებობა. მათაც თვალები, ბუს მსგავსად, ტყუილად აქვთ. ისინი ამ ფრინველივით ნათელს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ კი არა, ლამის მზის ჩასვლასაც კი უარყოფენ. ისინი ჰგვანან კაცს, რომელიც სარდაფში მყოფთ არწმუნებს მზის არარსებობაში. სარდაფში მყოფთ კი მართლაც არადროს უნახავთ მზე და ბრმად სწამთ ამ კაცისა. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მზე მართლაც არ არსებობს?! ასევე არ არსებობს ღმერთი მათთვის, ვინც ბნელ საქმეებს სჩადის. მათთვის სწორედ ღვთის უარმყოფელნი არიან მაამებელნი. პავლე მოციქული ამბობს:

„- რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლის ამ მოძღვრებასა არა თავს იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებენ, მოძღვართა ქავილითა ყურთაითა ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისი გარე მიიქციეს და ზღაპრებსა მიექცნენ“ (ტიმ. 4, 3-4).

მაგრამ, როგორც ნათელში მყოფთათვის არსებობს მზე. ასევე კეთილი ადამიანის გულში არსებობს ღმერთი (სწორედ ასეთ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი ღმერთთან).

ცოდვის ჩადენით ადამიანი კარგავს იმ მადლს, რაც ღვთისაგან აქვს მინიჭებული. რაც უფრო იზრდება ცოდვათა რიცხვი, მით უფრო ეშვება ადამიანი ქვემოთ, იფიტება და სულიერად ცარიელდება. ასეთი სიცარიელე კი მას სურვილებიდანაც აცარიელებს და ასე კარგავს იგი სიხარულის შეგრძნების უნარს. ასეთ ადამიანს არაფერი ახარებს. და რადგან ისინი სულიერებას მოკლებულნი არიან, ხორციელი სიამეები კი აღარ ახარებთ, სხვა რაღა დარჩენიათ, თუ არა იცხოვრონ მირაჟებით. ამიტომ ზოგი ოპიუმს ეტანება, ზოგი - მორფს, ზოგიც - გარყვნილებას ეძლევა და გადაგვარდება, ზოგიც თავს იკლავს. აი, საით მიჰყავს ღვთის უარყოფას ადამიანი. იგი თავისი ხელით ისპობს ღვთისაგან ბოძებულ უდიდეს ჯილოს - სიცოცხლეს.

ათეისტები შეიძლება „უღმერთოების სექტას“ მივაკუთვნოთ. ეს სექტა აღმერთებს მატერიას. ადრე წარმართები აღმერთებდნენ ციურ მნათობებს, ქვებს, ხეებს და ა.შ. ათეისტემა კი ეს ყველაფერი ერთად გააღმერთეს. და ეს მათთვის ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, რადგან უსულო მატერიას არ სჭირდება არც სიყვარული, არც გული. იგი არავის მოუწოდებს სიკეთისკენ, არავის უკრძალავს ბოროტების ჩადენას. უფალი კი, თავისი მცნებებით, გავსწავლის ცხოვრების ჭეშმარიტ გზას, ამხელს ბოროტებას, ქადაგებს სიყვარულს. მატერია არ მიუთითებს არავის ცხოვრების მიზანზე. არც იმას იკვლევს, თუ რას წარმოადგენს ადამიანი და რისკენ უნდა ისწრაფოდეს იგი. ასე რომ, ერთი ჩვენი გამონათქვამისა არ იყოს: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო!“. ეს ყველაფერი ხელს აძლევთ ცოდვილთ. მათთვის სწორედაც რომ ხელსაყრელია ასეთი ღმერთი.

თ. დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს:

- თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისათვის ყველაფერი დასაშვებიაო.

ათეისტებმა ადამიანებს წაართვეს რწმენა და სანაცვლოდ კი არაფერი მისცეს. მათი მცნებებითა და მოძღვრებით დაავადებული თაობა დაემგვანა იმ სახედარს, რომელიც თავდაუზოგავად გარბის, რათა იმ ტომარას მისწვდეს ცხვირწინ რომ დაუკიდეს. მაგრამ პატრონი მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას აძლევს ამის ნებას. ოღონდ სახედრისაგან განსხვავებით, ეს თაობა, ცხოვრების ბოლოში გასული აღმოაჩენს, რომ ეს ტომარა თივით კი არა, ტყუილებითაა სავსე.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს: ადამიანის გონება სანაგვე ყუთი როდია, რომელშიც გაუთავებლივ შეიძლება ყარო ნაგავი. ადამიანმა თავისი გონება ჭეშმარიტების შეცნობას უნდა მოახმაროს და არ უნდა დაივიწყოს, რომ მარადიული ცხოვრებისათვის არის შექმნილი, რომ მას უკვდავი სული გააჩნია.

7. სიკვდილი და უკვდავება

დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არს ისე დიდია. საშუალოდ თუ ავიღებთ 70 წელს, აქედან ადამიანი 23 წელს ძილს ანდომებს, 10 წელი იგი იმ ასაკშია, როცა დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. 10 წელსაც სწავლას ანდომებს. ე.ი. ამ 70 წლიდან მას დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების მხოლოდ 27 წელი რჩება. და ამ წლებსაც უმეტესად უაზროდ ვფლანგავთ. ისე ვმოქმედებთ თითქოს დაუსრულებლად ვიცხოვრებთ ამქვეყნად. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი აუცილებლად გვეწვევა, სიკვდილი, რომელიც გაანადგურებს ყვალაფერ ამქვეყნიურს: გონებას, ნიჭს, სიმდიდრეს, თანამდებობას...

ყოველწლიურად დედამიწაზე 60 მილიონი ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს, ყოველ წამში 100-მდე ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას და უბრუნდება მიწას, რისგანაც შექმნა ღმერთმა. ჭირისუფალთ ამ დროს გაოგნება და იმედგაცრუება იპყრობთ: სად მიდის ამ ქვეყნიდან წასული კაცის გონება და აზრი? რისთვის ისწავლა მან? თუკი ღმერთი თვითონ უკვდავია, რატომ დაანათლა თავის ქმნილებასაც ეს უკვდავება? რა საჭირო იყო ადამიანის შექმნა, თუკი იგი უნდა მომკვდარიყო? რისთვის მისცა მას ღმერთმა სიბრძნე, სიყვარული, რწმენა, თუკი ყველაფერ ამას მიწა ჩაყლაპავდა? - აი, კითხვები, რომლებიც ეუფლება ჭირისუფალს. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კითხვებისაგან! უფალი ასე არ იმეტებს ადამიანს. განა გაიმეტებს რომელიმე მამა თავის პირმშოს სასიკვდილოდ?! ღმერთმა ადამიანის სულს უკვდავება მიანიჭა და იგი არც არასდროს არ კვდება. არ კვდება იმიტომ, რომ სული მატერია არაა და მიწა ვერც მიიღებს მას. იგი ზეცისკენ ისწრაფის, ზეცისკენ, სადაც ადამიანს თან მიაქვს მთელი ის სულიერი საგანძური, რაც დედამიწაზე მოუხვეჭია.

ადამიანის სულის სამუდამო სამყოფელი ზეცაა. ამიტომ ისწრაფის იგი მისკენ. მაგრამ ასეთი სწრაფვა მხოლოდ იმ ადამიანთა სულებს გააჩნიათ, ვისაც სწამს თავისი შემქმნელისა და ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ხოლო იმათთვის, რომლებსაც არ სწამთ ღმერთი და ცდილობენ დაეპატრონონ ყოველივე ამქვეყნიურს, იხვეჭენ სიმდიდრეს, იძენენ აუარება ნივთებს, ტკბებიან თავიანთი შესაძლებლობებით და თავი მოაქვთ იმით, რომ ღვთის დაუხმარებლად მოიპოვებენ „მიწიერ სამოთხეს“, მართლაც საშინელია გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება, რადგან მათი სული ვერ შეაღწევს ცის სასუფეველში. აქ მიწაზე ეძლევიან ისინი გულუბრყვილო ოცნებას, რომ ასე იცხოვრებენ მარადიულად. მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა. ღმერთს ადამიანისთვის მიწაზევე რომ მიენიჭებინა უკვდავება, სიკვდილი არ იარსებებდა. მაგრამ განა ჩვენს თვალწილ არ კვდება უამრავი ადამიანი?! ჩვენს თვალწინვე ხდება დღე-ღამის მონაცვლეობა, ზაფხულს შემოდგომა მოჰყვება, შემოდგომას - ზამთარი, ზამთარს - გაზაფხული და ასე დაუსრულებლივ. წელიწადის დროთა ეს მონაცვლეობა ხომ ბევრის მთქმელია, უპირველეს ყოვლისა კი იმის დადასტურებაა, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება...

8. მკვდრეთით აღდგომა

„ღმერთმა ორი სამყარო შექმნა: სააქაო და საიქიო, მატერიალური და სულიერი, მიწიური და ზეციური. მიწიური - გამოცდილების შესაძენად, ზეციური - ჩვენი მოთმინების გამოცდის ჯილდოდ. ამქვეყნიური ცხოვრება ძირითადად ჭიდილია, ზეციური კი უკვე მიღწეული ნაპირი“ (წმ. იოანე ოქროპირი).

დადგება საშინელი სამსჯავროს წუთი და ყველა ადამიანი, ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე, წარსდგება ამ სამსჯავროს წინაშე. აღდგებიან მიცვალებულები მკვდრეთით. მათთვის, ვინც სამსჯავროზე გამართლდებიან, დადგება მუდმივი ზაფხული, სრულიად სხვაგვარი, საუცხოო და სიტკბოებით აღსავსე ცხოვრება. მკვდრეთით აღდგომა ეს ღვთის საიდუმლოებაა. თუმცა საღმრთო წერილი ერთგან მიგვანიშნებს ამაზე: „აჰა, შევუყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით... და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; წამოდგა ფეხზე დიდძალი ჯარი“ (ეზეკ. 37, 5, 6,10).

წმიდა იოანეს გამოცხადებაში მკვდრეთით აღდგომას ანგელოზის ბუკი და თვით უფლის ხმა გვამცნობს ზეციდან. ეს ხმა გაისმება ყველგან, შეიძვრება მიწა, დაინგრევა საფლავებზე დადგმული ქვები, გაიხსნება სამარხები, ძვლები შეიმოსებიან ხორცით, მიცვალებულები ისეთივენი გახდებიან, როგორებიც იყვნენ გარდაცვალებამდე. ამის შემდეგ სული შეუერთდება ხორცს, ჯოჯოხეთიდანაც დაუბრუნდებიან სულები თავიანთ სხეულებს, ამოვლენ საფალვიდან და ამ დროს იქნება ღრმა ძილიდან გამოფხიზლების შეგრძნება. ამის წარმოდგენა ასე შეიძლება: ბრძოლის შემდეგ დაღლილ ჯარს მინდორში ჩაეძინა. ღამით მათ დაათოვა და მთვარის შუქზე ეს ადგილი სასაფლაოს დაემსგავსა. დილით საგანგაშო ხმაზე წამოიშალა ჯარი და შეიქმნა სრული შთაბეჭდილება იმისა, რომ მკვდრები აღსდგნენ.

თუმცა ასეთ სურათს ჩვენს გარშემო ყოველთვის ვხვდებით. განა გარდაცვალების მოწმენი არა ვართ შემოდგომით, როცა სიმწვანე სიყვითლეში გადადის, ხეებს როცა ნელ-ნელა ეცლებათ სამოსელი?! ზამთარში კი ბუნების სიმყუდროვე განა სამარისებულ მდუმარების შთაბეჭდილებას არა ჰქმნის?! მაგრამ აი, დადგება გაზაფხული და ცოცხლდება ბუნება. მცენარეები თავიდან იმოსებიან ახალი სამოსით, ნაირფერად ყვავილობს გარემო. მოკლედ ასე უნდა წარმოვიდგინოთ მკვდრეთით აღდგომა. აღსდგება ყველა - კეთილიც და ბოროტიც, ციდვილიც და უბიწოც, ისინი კი, ვინც ამ დროს ცოცხალნი იქნებიან, ფერს იცვლიან იმისდა მიხედვით, როგორი ცხოვრებითაც იცოცხლეს. ვინც ღვთის მცნებებით ცხოვრობდა, აღდგომის დროს მას ღმერთი საუკუნოდ დაუმკვიდრებს ადგილს სასუფეველში.

„- აღდგომის დროს ქრისტიანი განათდება თავისი სულის სიწმინდის მიხედვით“. - ამბობს მაკარი დიდი.

ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ხორციელ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა, არ ჰქონდა ღმერთთან დაახლოების სურვილი, არ აკეთებდა კეთილ საქმეებს, არ ლოცულობდა და მოუნანიებელი ცოდვებით გარდაიცვალა, აღსსდგება, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ საუკუნოდ დაიმკვიდროს ჯოჯოხეთში თავისი ადგილი. ასეა იგი განწირული მუდმივად სატანჯველად.

საერთოდ საშინელი სამსჯავროს დროს ყველა ადამიანის ადგილი განისაზღვრება დედამიწაზე გატარებული ცხოვრების შესაბამისად. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ეს სამსჯავრო და ვიცხოვროთ ღვთის მცნებებით.

ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საფლავისა, რადგან იგია მისი მომავალი აღდგომის ადგილი. მას უნდა ჰქონდეს შიში იმისა, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა, რის გამოც იგი საუკუნო სატანჯველში ხვდება. ამ ცოდვებისაგან კი ადამიანს იფარავს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთის მცნებების დაცვა. ადამიანის სულს, რომელიც ამ მცნებებით ცხოვრობს, არც შეეშინდება მკვდრეთით აღდგომისას თავის სხეულში დაბრუნება, თავისთავად შეუერთდება, გააბრწყინებს და გააცისკროვნებს მას. ხოლო ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, რომელმაც არ მოინანია ცოდვები, შავი იქნება და საშინლად მყრალი. სულსაც ამიტომ შეეშინდება მასში ჩაბრუნება, მაგრამ ღმერთი აიძულებს მას იქ შესვლას. ზოგს არ სჯერა მკვდრეთით აღდგომა და ცინიკურად კითხულობს, როგორ მოახერხებს ღმერთი უკვე გახრწნილი და მტვრად ქცეული გვამის აღდგენას.

ასეთი კითხვა ერთხელ გამოჩენილ მეცნიერს, ნიუტონსაც დაუსვეს. მაშინ ნიუტონმა მათ თვალწინ აიღო მიწა, შეურია მას რკინის ფხვნილი, მერე მაგნიტი მიუახლოვა მიწას და მაგნიტმა მაშინვე აიტაცა რკინა, მაგიდაზე კი დარჩა მხოლოდ მიწა. მაშინ ნიუტონმა მიმართა ამ ცდის მხილველთ:

- თუკი ჩვენ ადამიანებმა ვიცით, როგორ გამოვყოთ მიწისაგან სხვა შენაერთი, ღმერთს, რომელმაც არაფრისგან შექმნა ეს სამყარო, სიცოცხლე და ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება გვამების აღდგენა?!

ადამიანი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკვდავი იქნება. მაშინ მას გაუმძაფრდება მახსოვრობის უნარი. ამიტომ ცოდვებით დამძიმებული ვერასდროს მოისვენებს, მას ყოველ წამს შეახსენებს თავს თავისი ცოდვა, ავი საქმე, ბილწი სიტყვა, უკეთური აზრი, ე.ი. ურიცხვი გულისხმისყოფაც, რაც კი ოდესმე გაუფიქრებია. უფრო მეტიც, აღდგომის შემდეგ ადამიანს მიეცემა ყველაფრის შეცნობის უნარიც და საერთოდ მათ ისე გაუმახვილდებათ შეგრძნების უნარი, რომ თავისი ცოდვებით შეწუხებულნი, მთებს შეღაღადებენ:

- მთებო, დაგვიფარე ღვთის რისხვისაგან!

და სიკვდილიც კი სანატრელი გაუხდებათ. ღმერთი თითოეულს თავის საქმეებისაებრ მიუზღავს: მართალს სამუდამო ნეტარებაში დაამკვიდრებს, ცოდვილს კი მარადიულად ცეცხლში ჩააგდებს. თუ ადამიანი ცოდვებით დამძიმდა დედამიწაზე, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია. აკი ნათქვამია:

- რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

თუ დედამიწაზე ღვთის სიყვარულით იცხოვრე, ზეცაშიც ღვთისგან სიყვარულს მიიღებ, ხოლო თუ ბოროტს დამორჩილდი, მაშინ ცაშიც არ არის შენი ადგილი. ჯოჯოხეთში დაემკვიდრები. ეს კი საშინელი ადგილია. ეს ისეთი სატანჯველია, რომელსაც დასასრული არა აქვს. ზღვა უფრო დაილევა კოვზით, ჯოჯოხეთურ ტანჯვას კი არა აქვს დასასრული. მთის დაშლაც უფრო ადვილად შეიძლება კენჭების სათითაოდ გამოცლით, ვიდრე ამ სატანჯველის გაქრობა.

წარმოიდგინეთ ბროლის უზარმაზარი მთა, რომლის მწვერვალი ცას სწვდება. აი, ამ მწვერვალზე ნისკარტს ილესავს მერცხალი და ამით თანდათან აცლის მწვერვალს შეუმჩნევლად რაღაც ნაწილაკებს. თუ ამ მერცხლის მთელი შემდეგი თაობები ზუსტად ამ ადგილზე გააგრძელებენ ნისკარტის ლესვას, ოდესღაც ალბათ ეს მთაც გაქრება. წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო დასჭირდება ამას?! მაგრამ მაინც აქვს მას დასასრული. ჯოჯოხეთური ტანჯვა კი არასდროს არ თავდება.

აი, ყველაფერი ის, რისი თქმაც გვინდოდა ცხონების გზაზე, ადამიანის სულზე, სიცოცხლის დანიშნულებასა და არსზე. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენმა ამ ნაამბობმა უნაყოფოდ ჩაიაროს.

ძვირფასო მკითხველო! რწმენის ის მარცვალი, რომელიც შენს გულს მოხვდა, დაე, ნაყოფით დახუნძლულ ხედ გადაიქცეს. მოვა დრო და ღმერთი მოგვთხოვს პასუხს ყველა ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვაზე. ამიტომ ამიერიდან მაინც შევეცადოთ არ ჩავიდინოთ იგი. ასე მოვემზადოთ საიქიო ცხოვრებისათვის. ჩვენ ხომ დედამიწაზე ამისთვის ვართ მოვლენილნი. ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვეშინდეს სამსჯავროზე წარდგომის. ასეთი ცხოვრება კი ნიშნავს ყოველ წამს, ყოველ წუთს გვახსოვდეს ღმერთი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ავარიდებთ თავს ცოდვებს, მხოლოდ ასე ვიქნებით საიქიო ცხოვრებისთვის მზად.

 

 

ჩვენთან არს ღმერთი!

მესამე ნაწილი

1. სულის ცხონების გზა

„უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა...“ (იოან. 15, 10)

თუკი წმიდა მოციქულის ეს სიტყვები ვირწმუნეთ, თუკი ვიწამეთ ღმერთი, მაშინ უნდა შევეცადოთ, ვიცხოვროთ მისი მცნებებით. თორემ მარტო იმის თქმა, რომ ღმერთი გვწამს, საკმარისი არ არის. ასეთ ხალხზე, რაღა თქმა უნდა, ღვთის მადლი არ გადმოდის. უწმინდურ სულებსაც სწამთ ღმერთი, მაგრამ მათ მხოლოდ მისი არსებობისა სწამთ და სხვას არაფერს აკეთებენ თავის განსაწმენდად. ასეთი სულები ჯოჯოხეთში იგზავნებიან. საერთოდ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ის სამი ადგილი, სადაც ადამიანებს უხდებათ ყოფნა:

1. ადგილი, სადაც ბევრს ტირიან.

2. ადგილი, სადაც არასდროს ტირიან.

3. ადგილი სადაც მუდამ ტირიან.

პირველი ამათგანი არის დედამიწა. აქ იბადება ტირილით ადამიანი და აქვე კვდება ტირილით. ტირიან ყველანი: ბავშვები და მოზარდები, ახალგაზრდები და მოხუცები. მათი ცრემლების მიზეზი ზოგჯერ ავადმყოფობაა, ზოგჯერ სიკვდილი, ზოგჯერ წყენა და ა.შ.

ხომ გინახავთ სასაფლაოზე როგორ გოდებენ ადამიანები?! ვის შეუძლია მათთვის ცრემლის შეშრობა?! საიდან მოდის ეს ცრემლი?! სად არის მისი საწყისი?!

ადამიანის ცრემლის სათავე მისი დაცემის დღიდან გაჩნდა. ატირდა სამოთხიდან გაძევებული ადამი. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ადამიანს ცრემლი სულ თან ახლავს ცხოვრების გზაზე.

ადგილი, სადაც მუდამ ტირიან, წმიდა წერილში ჯოჯოხეთად იხსენიება. უფალი ამბობს, რომ იქ არის მოდმუვი მოთქმა, გოდება, ტანჯვა, კბილთა ღრჭენა. წარმოიდგინეთ მიწისქვეშა ბნელი გვირაბი, რომელიც საშინელ უფსკრულში ეშვება. ანდა წარმოიდგინეთ გავარვარებული ღუმელი, სადაც ცეცხლი მუდმივადაა და შიგ ჩაკეტილი ცოდვილი! აი, რისი მსგავსია ჯოჯოხეთი.

სამოთხეში კი არასდროს ტირიან. იქ არის სიხარული, ნეტარება, ბარაქა, იქ არ არის ავადმყოფობა, ჭირი, არ არის გოდება და ვაება. იქ დაუშრეტელი სიცოცხლე ჰყვავის!

დედამიწა მდებარეობს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. აქ დედამიწაზე ხდება ადამიანის საუკუნო ცხოვრების განსაზღვრა იმისდა მიხედვით, თუ საით წარმართა ადამიანმა თავისი ნება დ სიკეთისა და ბოროტებისაკენ. აქედან გამომდინარე სამოთხისა და ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი ბილიკი ჩვენს გულში იწყება.

2. მორჩილება

უფალი ამბობს:

„ დ აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსვენებაი სულთა თქვენთა“ (მთ. 11, 29).

გამოდის, რომ ადამიანისთვის სულის სიმშვიდე თავმდაბლობას მოაქვს.

დ როცა ადამიანი უფალს შესთხოვს მიანიჭოს თავმდაბლობის უნარი, დ ამბობს აბბა დოროთე, დ უფალი მოუვლენს ადამიანს, რომელიც მას ხშირად შეურაცხყოფს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანს თანდათან გამოუმუშავდეს თავმდაბლობის ეს გრძნობა, რადგან ის, ვინც ითმენს შეურაცხყოფას, შინაგანად იწრთობა და ეს თანდათან ჩვევად გადაექცევა. ასე თანდათან მოიპოვებს ადამიანი სიმშვიდეს, გამოიწრთობა და ასე ზრდის თავის სულს.

პირველ რიგში უნდა შევეცადოთ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ ვუპასუხოთ და სიკეთით მივაგოთ ადამიანებს სამაგიერო.

აი, თავმდაბლობის ერთერთი მაგალითი:

ჯარში მსახურებისას ერთმა მორწმუნე ჯარისკაცმა ძალის წინ ლოცვა რომ დაიწყო, გაღიზიანებულმა სერჟანტმა ზურგში ჩექმა ესროლა. ჯარისკაცმა უკანმოუხედავად განაგრძო ლოცვა. შეცბუნებულმა სერჟანტმა თავზე საბანი გადაიხურა და ასე ჩაეძინა. დილით კი საწოლთან გაპრიალებული ჩექმა დახვდა. ამან ისე მოულბო გული, რომ ჯარისკაცს დაუმეგობრდა. მალე ისიც მორწმუნე გახდა და თვითონაც იწყო ღვთის მცნებებით ცხოვრება.

სწორედ ასეთი მორჩილებით მოვიპოვებთ თავმდაბლობის უნარს.

მორჩილება შეიძლება სამ საფეხურად დაიყოს:

1. საწყისი მორჩილება, როცა ადამიანს შეურაცხყოფენ და ის კი დუმს, თავსაც კი არ იმართლებს, თუმცა ყველაფერში მართალია.

2. როცა ადამიანი შეურაცხყოფისასა არა მარტო დუმს, არამედ სულშიც სიმშვიდეს ინარჩუნებს და გულში ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე.

3. მორჩილების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, როცა ადამიანი შეურაცხყოფისას არა მარტო დუმს და სიმშვიდეს ინარჩუნებს, არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი.

თავმდაბლობის ყველაზე დიდი მტერი სიამაყეა. ასეთი ადამიანი გულში იხვევს ვნებებსა და ჟინს, თავმდაბლობა კი ის იარაღია, რომელიც ძირშივე აღმოფხვრის სიამაყეს.

რა არის სიამაყე?

ანდა რა გვაქვს საამაყო?

- გარეგნობა?! დ იგი ხომ დროსთან ერთად გაქრება.

- ჭკუა?! დ მას ხომ მიწა შესჭამს!

- ნიჭი, ტალანტი?! დ ესეც ხომ ღვთისგან ბოძებული დროებითი მოვლენაა. ყველაფერი ეს ხომ ჩვენ არ შეგვიქმნია, ღმერთმა მოგვცა. იმით სიამაყე კი, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია, უგუნურებაა და სხვა არაფერი!

ამაყ ადამიანს ახასიათებს გაღიზიანება, კამათი, მრისხანება, ბუტიაობა.

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის:

- ის, ვინც ამას დაუშვებს, ჭკუანაკლულია.

კაცმა ისეთი ხასიათი უნდა გამოიმუშაოს, რომ არ იკამათოს, არ გაბრაზდეს, არ გაღიზიანდეს, ყოველგვარ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე.

მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას?

დავუშვათ, რომ ლურსმნის ჭედებისას ჩაქუჩი თითზე დავირტყით. ჩვეულებისაებრ ადამიანს ამ დროს ტკივილისაგან რისხვა და ბრაზი იპყრობს. შეეცადე, არ გაბრაზდე, შეეცადე მოითმინო და თუ მაინცდამაინც გინდა ვინმეზე ჯავრი ამოიყარო, საკუთარ თავს გაუბრაზდი:

- ახია შენზე, ბილწო! ჯერ სადა ხარ! შენ იქ ნახე, ჯოჯოხეთში, რა დღე დაგადგება!

ასეთი მონოლოგის წაკითხვა დააცხრობს რისხვას.

ანდა ვთქვათ ავად გახდით. ვინ არის ამისგან დაზღვეული?! გრძნობებს კი ნუ აჰყვები და წუწუნს კი ნუ მოჰყვები, თავს ჩააგონე:

- გეგონა ცას გამოეკერებოდი?! აბა რად გინდა დიდხანს სიცოცხლე?! ამით ხომ ცოდვებს კიდევ უფრო გაიმრავლებ?! სიკვვდილი ცხრა მთას იქით კი არ გადაიკარგება, აქვე, ახლოს ჩაგისაფრდება და მაინც მოულოდნელად წაგიყვანს!

ასევე მშვიდად უნდა შეხვდე ყოველგვარ შეურაცხყოფას. თავი ასე უნდა დაიიმედო:

- ჩანს ღმერთი მიგზავნის განსაცდელს ჩემი ცოდვებისათვის. მოთმინებაშიც მცდის. მადლობა ღმერთს! ეს ხომ სულის განსაწმენდი მალამოა! როგორც ნათქვამია:

- რასაც მოითმენ, იმას მოიგებო!

თუ ჩვენ გვწყინს ლანძღვა, ან გვიხარია ქება, ეს იმის ნიშანია, რომ სული დაავადებული გვაქვს. შეეცადე ორივე აუღელვებლად აიტანო, რადგან უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი ეს ღვთისაგან არის დაშვებული შენივე სულის განსაწმენდად, შენი ხასიათის გამოსაწრთობად.

ერთი კაცი ფულსაც კი უხდიდა ყველას, ვინც დაამცირებდა. საბადოებზე, სადაც ეს კაცი მსახურობდა, ყველამ იცოდა ამის შესახებ და ვისაც ფული შემოაკლდებოდა, მასთან მიდიოდა და აგინებდა.

ერთხელაც ეს კაცი ქალაქში წავიდა საქმეებზე. გზაში ვიღაცას შემთხვევით დაეჯახა. იმან ლანძღვა დაუწყო. კაცი იდგა და მადლიერი ღიმილით შესცქეროდა. მეორეს ნელდნელა ბრაზის დაუცხრა და გაკვირვებულმა ჰკითხა:

- კი მაგრამ, მე გლანძღავ და შენ რა გიხარია?

- მე იქ საბადოებში ამისთვის ფულს ვიხდი, შენ კი უფულოდ მაგინებ! - მიუგო კაცმა.

ასეთი „უფასო მასწავლებლები“ ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან. ისარგებლე ამით და შეეცადე მათთან ურთიერთობაში გამოიწრთო და გამოიმუშაო მორჩილების გრძნობა.

3. განკითხვა

ადამიანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს თავისი სულის წვრთნისათვის. როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც არ უნდა მართალი იყო, გაიხსენე, რომ შენც განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმავე საზომით მოგეზღვება.

თუ ჩვენ გვინდა ყველას ვუყვარდეთ, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა. თუ გვინდა, სხვამ არ დაგვამციროს, არც ჩვენ უნდა დავამციროთ არავინ. არც ვინმე უნდა განვიკითხოთ. ვინც განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან თავს მსაჯულის უფლებებს ანიჭებს, მაშინ როცა ჭეშმარიტი მსაჯული მხოლოდ ერთი -ქრისტე ღმერთია.

ვისაც გული სუფთა აქვს, ის ყველას სუფთად და წმინდად აღიქვამს. -ამბობს მაკარი დიდი. -ხოლო ვისიც სუფთა არაა და ვნებითაა სავსე, სხვაც ასეთი ჰგონია. ადამიანი, რომელიც თავის თავზე გამოცდის ჭირს, სხვისადმი მიმტევებელი ხდება. ამიტომაცაა, რომ ომში დაჭრილი მტრები ერთმანეთს კი აღარ კლავენ, ეხმარებიან და ამშვიდებენ, რადგან თავიანთ თავზე გამოსცადეს სიშმაგის ძალა.

ჩვენც ასევე უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი მიწაზე. ჩვენ ყველანი სულიერად ავადმყოფები ვართ. ამიტომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, სიყვარულით და მოწიწებით მოვექცეთ, ყველას შევუნდოთ, შევეცადოთ შევუმსუბუქოთ დანაშაული და ვესწრაფოთ მშვიდობის დამყარებას.

არავის არ უნდა მივმართოთ მბრძანებლური ტონით. თუ გულში რისხვა გაგვიჩნდა, უნდა ვეცადოთ მის მოთოკვას, რადგან რისხვა ყოველთვის ბოროტისაგან არის და არა ღვთისაგან.

ყოველთვის უნდა ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს.

-მაგრამ თუ ჩვენი რისხვა სამართლიანია?! -იკითხავთ თქვენ.

ამ შემთხვევაშიც არ ღირს სიმართლის მტკიცება. გაიხსენეთ, რას ამბობს სოლომონ ბრძენი:

-შეაგონე ბრძენს, ამისთვის შენ იგი შეგიყვარებს; არ ამხილო უგუნური, რადგან იგი ამისთვის შეგიძულებს.

ე.ი. ბრძენი დარიგებისთვის მადლიერი დაგრჩება, უგუნური კი შეურაცხყოფილი, რასაც სიძულვილი მოჰყვება.

სანამ ვინმეს მკვახე სიტყვაზე უპასუხებდე, ოცდაათჯერ წაიკითხე უფლის ლოცვა, ანდა შეეცადე ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანო, რომ კამათსა და ჩხუბს თავი აარიდო.

განა ჭკუით ლოკოკინას ვეღარ უნდა აჯობო, ლოკოკინას, რომელიც აბობოქრებულ ტალღებს თავს არიდებს და ნიჟარას შეფარებული, ზღვის ფსკერზე ეშვება?! როცა ზღვა წყნარდება, მაღლა ამოდის, ძვრება თავისი ნიჟარიდან და მზეზე თბება. ვისწავლოთ მისგან ასეთი სიბრძნე და როცა ჩვენც უასამართლოდ გვამცირებენ, შევეცადოთ, ჩავიძიროთ იესოს ლოცვაში. იგი დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში.

4. სიყვარული

როგორ გავიგოთ, გვიყვარს თუ არა ღმერთი?!

თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ახლობელი ე.ი. გვიყვარს ღმერთიც. ვისაც თავისი ახლობელი სძულს, მას ღმერთიც არ უყვრს.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს:

-თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო და თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან როგორ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსც ვერ ხედავს, როცა არ უყვარს ძმა, რომელსაც ხედავს?!

ახლობელი კი არადა მტრებიც კი უნდა გიყვარდეს, ისინიც, ვინც შეურაცხგვყოფენ. უნდა ვლოცულობდეთ მათზე. სხვაგვარად მათში ვერ ჩავთესავთ სიკეთეს. უფალიც ამას მოგივწოდებს:

„ხოლო მე გეტყვით თქვენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ლოცვიდით მათ, რომლები გმძლავრობენ თქუენ“ (მთ. 5, 44).

სწორედ მტრების სიყვარული განასხვავებს ქრისტიანს სხვა რწმენის ადამიანისაგან.

ზოგიერთი ცდილობს ბოროტება ბოროტებითვე მოსპოს, მაგრამ ასე უფრო ამრავლებს და ავრცელებს მას. ბოროტების მოსპობა და განადგურება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება. ამის კარგი მაგალითია მოციქულთა საქმიანობა, რომლებიც ქრისტემ ცხვრებივით გაგზავნა „მგლების უზარმაზარ ხროვაში“ (ურწმუნო ადამიანებში).

მაინც რით გაიმარჯვეს მათ?!

მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით!

როცა გზავნიდა მათ, უფალმა ასეთი დარიგება მისცა:

- მხოლოდ მაშინ ირწმუნებენ თქვენსას ადამიანები, თუ სიყვარული იქნება თქვენს შორის.

ასე რომ, თუ ჩვენში სიყვარული არ არის, არცა ვყოფილვართ ქრისტეს შვილები. ჩვენში ავი სული ჩასახლებულა და ის გვაიძულებს ბოროტის კეთებას.

ჩვენი ვალია განვიწმინდოთ სული და გული ბოროტებისაგან, რათა გზა მივცეთ სიყვარულს. მხოლოდ მაშინ მივემსგავსებით იმ კეთილსურნელოვან ჭურჭელს, რომელსაც უფალი სასუფევლის სიხარულითა და მადლით ავსებს. ამაყებისთვის სამოთხეში ადგილი არ არის. სატანა სიამაყისათვის ჩამოაგდეს ციდან. სამოთხეში შესვლა მხოლოდ თავმდაბლობით შეიძლება.

წმინდა მამები ამბობენ:

- სამოთხე! ასე გამოტახავენ ადამიანები სიტყვით ღვთის სასუფეველს. გონებით კი ძალიან ძნელია ჩავწვდეთ ამ სიტყვის არსს. ჩვენ არ ძალგვიძს, ბოლომდე შევიცნოთ, თუ რას წარმოადგენს სამოთხე. დედამიწაზე ვერასდროს შევიგრძნობთ იმ მადლს, რაც უფალმა მის მოყვარულებს განუმზადა.

მაგრამ ცოტა წარმოდგენა იქიდანაც გვექმნება,რასაც მასზე ამბობენ, ამბობენ კი, რომ სამოთხის სიტკბოებიდან წვეთიც რომ ჩავარდეს მლაშე ზღვაში, მთელი ზღვა ტკბილი გახდებაო, ანდა წვეთი რომ ჩაეწვეთოს ჯოჯოხეთში, იგი სამოთხედ გადაიქცევაო. იმასაც ამბობენ, რომ სამოთხის ერთი ყვავილი რომ შევადაროთ დედამიწის მთელ ყვავილნარს, ის ერთი აჯობებს თავისი ნაირფეროვნებით ყველას ერთადო... ანგელოზთა გალობას კი თავისი მელოდიურობით ისეთი სიყვარულით შეუძლია აღავსოს მსმენელი, რომ ადამიანმა იგი აქ მიწაზე რომ მოისმინოს ვერ გაუძლებს და დადნება.

აი, როგორი ნეტარება განუმზადა უფალმა თავის ერთგულ ადამიანებს.

5. მოთმინებითა შენითა

ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ უმეტესობას არ გვახსოვს ეს ცოდვები და არც ვინანიებთ მათ. სწორედ მოუნანიებელი ცოდვებისათვის გვიგზავნის ღმერთი მწუხარებას და ავადმყოფობას. ამისთვის კი ჩვენ არამცთუ უნდა გავნაწყენდეთ ღმერთზე, მადლიერნიც კი უნდა დავრჩეთ მისი, რადგან გამოგზავნილი მწუხარებანი და ავადმყოფობანი გვეხმარებიან სულის განწმედაში. მწუხარება, უბედურება, ავადმყოფობა მუდამ ჩვენს გვერდითაა და არც უჩანს დასასრული. რამდენჯერ მოსულა თითოეული ამათგანი ჩვენს ცხოვრებაში?! არც ვიცით, კიდევ რამდენჯერ მოვა! ადამიანი ვერსად გაექცევა მათ. ამიტომ უნდა შევეგუოთ და მოთმინებით მივიღოთ ყოველი განსაცდელი. უნდა შევეცადოთ, რომ მათ ჩვენს სულზე არ დატოვონ თავიანთი ანაბეჭდი, არ დაგვიზიანონ სული. სულის დაზიანება ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავის მწუხარებას ღრმად მიეცემა. სწორედ მაშინ ტოვებს განსაცდელი თავის ჭუჭყიან ლაქებს ჩვენს სულში. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ჩვენი სულისა და გულის დამძიმებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სოლომონის წრე, რომელზედაც წერია:

- ესეც გაივლის!

დრო ყველაფრის მკურნალია.

მოთმინება და სიმშვიდე მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვისაა დამახასიათებელი. სიმშვიდის შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენა აშშ-ის პრეზიდენტის - კენედის დედამ. როგორც ვიცით, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი და წარმატებების უმაღლეს წერტილზე მყოფი გამოასალმეს ამ წუთისოფელს. მოკლეს მისი მეორე ვაჟიშვილიც. დედა არ მისცემია სასოწარკვეთას და მშვიდად შეხვდა ამ ამბებს. არაეკლესიური ადამიანები ამ სიმშვიდეს გულქვაობას მიაწერენ. მაგრამ ასე არ ფიქრობენ მორწმუნენი, რადგან მათ იციან, რომ ადამიანის სული უკვდავია.

როგორც მოგახსენეთ, ავადმყოფობას ღმერთი ჩადენილი ცოდვების გამო ჩვენი სულიერი სრულყოფისათვის გვიგზავნის, გვიგზავნის, რათა აგვაცილოს ამ ცოდვებს მომავალში, რომ განწმინდოს ჩვენი სული.

ადამიანის სხეული ჰგავს უაღვირო ცხენს, ავადმყოფობა კი სწორედ ის აღვირია, რომელიც ზღუდავს მას.

წმინდა მამები ამბობენ:

- სიკვდილის წინ კარგიცაა ორი წლით მაინც რომ ჩავარდეს კაცი ლოგინად, რადგან ამით მას ეძლევა საშუალება ცოდვების მონანიებისა, სულის განწმენდისა და სამოთხეში დამკვიდრებისა.

ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი ვაება.

ერთი მძიმე სენით ლოგინად ჩავარდნილი კაცი გამუდმებით შეთხოვდა ღმერთს სიკვდილს. ისმინა ღმერთმა მისი და გამოგზავნა მასთან ანგელოზი, რომელმაც უთხრა კაცს, რომ მისი სულის განწმენდისათვის საჭირო იყო კიდევ სამი წელი ტკივილების ატანა.

- კიდევ სამი წელი?! არა, ამას ვერ გავუძლებ! - შეწუხდა ავადმყოფი. - ნუთუ არ შეიძლება ამ სამი წლის შეცვლა?

- შეიძლება! - უპასუხა ანგელოზმა, - ჯოჯოხეთში სამ საათს თუ მაინც გაძლებ.

ავადმყოფს ეს ეადვილა და სთხოვა ანგელოზს წაეყვანა. ანგელოზმა ჩაიყვანა იგი ჯოჯოხეთში და დაპირდა, რომ სამი საათის შემდეგ მოაკითხავდა.

ჯოჯოხეთი... წარმოიდგინეთ უკუნი წყვდიადი... ყოველი მხრიდან ისმის კვნესა, გოდება, ყვირილი... აქ მოხვედრილთ აღარ შეუძლიათ სხვისი უბედურების განცდა, იმდენად მტანჯველია თითოეული მათგანის მდგომარეობა. გარშემო ეშმაკები დაფრინავენ, ანთებული თვალებითა და აალებული სხეულებით. ისინი მზად არიან გარშემო ყველაფრის გასანადგურებლად... აი, ასეთ გარემოცვაში დატოვა ანგელოზმა ავადმყოფი და გაეცალა. კაცი ძრწოლამ მოიცვა, აყვირდა, მაგრამ საერთო გოდებაში მისი ხმა ჩაიკარგა... წამებას ბოლო არ უჩანდა. უბედურმა იმედიც დაკარგა, ოდესმე რომ დამთავრდებოდა ეს ტანჯვა.

„ანგელოზს ალბათ დაავიწყდა და სამუდამოდ შევრჩი აქაურობას“, - გაიფიქრა თუ არა, მაშინვე განათდა და ანგელოზიც გამოჩნდა.

- არ მეგონა, ანგელოზებიც თუ იტყუებოდით... - ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.

- ჩვენ არასოდეს ვიტყუებით! - უპასუხა ანგელოზმა.

- განა შენ არ შემპირდი, სამი საათის შემდეგ წაგიყვანო?!

- ჩემო კარგო, ჯერ მხოლოდ ერთი საათია აქა ხარ. კიდევ ორი საათი დარჩა. - მიუგო ანგელოზმა.

მაშინ გატანჯულმა ხელი გაუწოდა და შეევედრა:

- ოღონდ აქედან გამიყვანე და თანახმა ვარ, ჩემი ცოდვებისათვის მეორედ მოსვლამდე ვეწამო!

- ღმერთი მოწყალეა. საეკლესიო ლოცვების მეშვეობით შენ განთავისუფლებს აქედან. მაგრამ ამიერიდან გახსოვდეს და ნუ დაივიწყებ, რა საშინელი, აუტანელი წამება ელის იმ ცოდვილს, რომელიც მოთმინებით არ შეხვდება ყველა უბედურებას მიწაზე. სომ დარწმუნდი, ვერაფერი რომ ვერ შეედრება ჯოჯოხეთურ სატანჯველს?! - და ანგელოზმა მიწაზე დააბრუნა ავადმყოფი, თვითონ კი უფალთან ავიდა.

6. მოუნანიებელი ცოდვები

ერთხალ ანგელოზმა პახომი დიდს უთხრა:

- ვინც ცოდვების მოუნანიებლად კვდება, მისი გვამი ისე იხრწნება, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ახლოს ვერ ვეკარებითო.

ვერ მრუშები, ვერც ცილისმწამებლები, ვერც ქურდები, ვერც ლოთები ცოდვების მოუნანიებლად ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ისინი ვერც ჭეშმარიტების ნათელს იხილავენ, რადგან ცოდვების გამო მისკენ ვეღარ მიდიან და ერთ ადგილზე მიჯაჭვული ტრიალებენ.

ერთხელ ერთი ლოთი ნავში ჩაჯდა და დილამდე ამაოდ ცდილობდა მეორე ნაპირზე გასვლას. გამთენიისას ნახა, რომ ნავი ახსნილი არ იყო და ამიტომაც ვერ იძროდა ადგილიდან.

ასე ემართებათ იმ ცოდვილთაც, რომლებიც არ ცდილობენ ცოდვათაგან განთავისუფლებას. დედამიწაზე ცხოვრებისას იმაზე კი არ უნდა მზრუნავდეთ, რაც შეიძლება კარგი პირობები რომ შევუქმნათ ჩვენს სხეულს, არამედ უნდა ვიღვწოდეთ ჩვენი სულისათვის. ის ვინც მიწიერ სიამეებზე ზრუნავს, იმედგაცრუებული რჩება. ასე დაემართა ამერიკელი ბინზნესმენის მორგანის ცოლს. სიკვდილის წინ მან თავისი ძვირფასი ბრილიანტებით შემკული კაბებისათვის თვალის შევლება მოინდომა. რომ შემოუტანეს, გულში ჩაიკრა და სულიც განუტევა. ვეღარაფრით გამოგლიჯეს ხელიდან კაბები და იძულებულნი გახდნენ, დაეჭრათ და ნაკუწ-ნაკუწ გამოეცალათ ისინი ხელიდან. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, ვერაფრით ვერ გამოგლიჯეს. ასე წაიღო მან საიქიოში ჩვრის ნაგლეჯები და მოუნანიებელი ცოდვები.

ჩვენ, ქრისტიანები, ასე კი არ უნდა მოვიქცეთ, კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, თუ გვინდა სასუფეველი რომ დავიმკვიდროთ.

ერთ ქალბატონს საწყალი მსახური ჰყავდა. იგი ძალიან მოწყალე იყო და ყველაფერს გასცემდა, რაც კი ჰქონდა. უყვარდა სხვისთვის თავშესაფარის მიცემაც. ყოველთვის საგუდაგულოდ იცავდა ღვთის მცნებებს. მისგან განსხვავებით, მისი ქალბატონი ძალიან მკაცრი და ხარბი ადამიანი იყო. სულ თავის სიამოვნებაზე ფიქრობდა. მიუხედავად მისი მსახურთან ცუდი დამოკიდებულებისა, მსახური მას, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ლოცვებში მუდამ იხსენიებდა. ამ ლოცვების წყალობით ანგელოზს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სამოთხეში აიყვანა და ულამაზესი სასახლე უჩვენა.

- ვისია ეს სასახლე? - იკითხა ქალბატონმა.

- შენი მსახურისა. - უპასუხა ანგელოზმა.

„ჩემს მსახურს თუ ასეთი ლამაზი სასახლე მისცეს, მე, ალბათ, უკეთესს მომცემენ,“ - გაიფიქრა ქალბატონმა და უცებ თვალი მოჰკრა ქოხს.

- როგორ! ეს ჩემია?! - აღელდა იგი. - კი მაგრამ სადაა სამართალი, ჩემს მსახურს სასახლე და მე ქოხი?!

- შენი მსახური ამ სასახლისთვის ყოველდღიურად გვიგზავნიდა მასალას, შენგან გამოგზავნილი მასალებით კი მხოლოდ ამ ქოხის აშენება შევძელით.

საშენ მასალაში ანგელოზი კეთილ საქმეებს გულისხმობდა.

ამ გამოცხადების შემდეგ ქალბატონმა მოუხშირა ეკლესიაში სიარულს, მოინანია ცოდვები და ცდილობდა თავისი მსახურისათვის მიებაძა. უხვად გაცსემდა და კეთილი საქმეებით ცდილობდა მოეპოვებინა სამოთხეში სამუდამო სამკვიდრებელი.

ადამიანებს მაინცდამაინც არ სიამოვნებთ სასაფლაოს დანახვა. კარგი კი იქნება, ყოველთვის რომ გვახსოვდეს ეს რომ არის ჩვენი გვამის სამყოფელი, ჩვენი მომავალი დასახლების ადგილი. აქედან გარდაიგზავნება ჩვენი სული სამარადისო სამყოფელში. არავინ უწყის, როდის გვიხმობს უფალი სამსჯავროზე. იმას კი გვაფრთხილებს, როგორც დავხვდებით, ისე რომ წაგივყვანს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, თორემ მერე დაგვიანებული იქნება თავის მართლება.

წარმოიდგინეთ მინდორში ხე. ხეზე კაცი ზის. ხეს ქვემოთ ორი თაგვი უღრღნის ძირს. ქვემოთ ტბაში ხახა დაუღია ნიანგს და უცდის, როდის გადაღრღნიან თაგვები ხეს, ჩამოვარდნილი კაცი რომ ჩაყლაპოს. ხეზე ეშმაკიც ზის და ხან ერთ ვაშლს აწვდის კაცს, ხან მეორეს. ადამიანიც ხან ერთს ჩაკბეჩს და ხან მეორეს. ამ განცხრომაში სულ ავიწყდება ქვემოთ რომ ნიანგი ელოდება. ასე ახერხებს ეშმაკი გაგვაცილოს მთავარ საზრუნავს და არ ვიფიქროთ სულის ხსნაზე. მაგრამ არ უნდა მივყვეთ მას და არ უნდა დავმორჩილდეთ.

ყოველთვის ყველაფერს გვერდიდან უნდა ვადევნებდეთ თვალს, აი, ისე, თითქოს მატარებელში ვზივართ და ფანჯრიდან გავჰყურებთ ტყეებს, მინდვრებს, ველებს, ქალაქებს და ადამიანებს. ყველაფერი ეს ჩვენს გარეშე არსებობს, ჩვენ კი, ღვთის კალთას შეფარებულნი, ვლოცულობთ.

დაე, ასე ჩაიაროს ჩვენს მიღმა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და ვერ შესძლოს ჩვენი ღვთისაგან მოცილება.

7. ამქვეყნიური სიამენი

იაკობ მოციქული გვასწავლის:

- ვისაც ამქვეყნიური სიამენი უყვარს, ის უფლის მტერია!

საერთოდ, ადამიანის ყოფა რადიკალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანის ცხოვრებას. ურწმუნონი თეატრში სიარულს ამჯობინებენ, მორწმუნენი კი - ეკლესიაში, ურწმუნონი საერო ლიტერატურაში ეძიებენ სულიერ საზრდოს, მორწმუნენი - სასულიეროში, ურწმუნონი უმეტესად ლაზღანდარობაში ატარებენ დროს, მორწმუნენი - გოდებაში, ურწმუნონი - ცეკვაში, მორწმუნენი - მუხლის მოდრეკაში, ურწმუნონი ტელეგადაცემებით განსჯიან ცხოვრებისეულ ამბებს, მორწმუნენი კი - ჯოჯოხეთის ხშირი წარმოდგენით, ურწმუნონი მრუშობას არად დაგიდევენ, მორწმუნენი კი ცდილობენ წმიდად შეინახონ თავი, ურწმუნონი გაძღომამდე მიირთმევენ, მორწმუნენი კი - მოკრძალებითა და თავშეკავებით, ურწმუნონი ხშირად თავგზას კარგავენ რაიმე წინააღმდეგობის შეხვედრისას, მორწმუნენი კი მშვიდად ხვდებიან ყველაფერს.

ხშირად კითხულობენ:

- ცოდვაა თუ არა ტელევიზორის ყურება?

გადაცემაში თუ საუბარია ღმერთზემ ჭეშმარტებაზემ მოყვასის სიყვარულზე, სულის ცხონებაზე, რაღა თქმა უნდა, სასარგებლოც კია მისი ყურება. მაგრამ რადგან ასეთი რამ ძალზედ იშვიათად ხდება, ტელეგადაცემებით გატაცებაც საზიანო უფროა, ვიდრე სასიკეთო. ასე რომ, იმას კი არ უნდა მივსდიოთ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს ჩვენივე სიამოვნებისათვის, უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას. ღმერთი ამქვეყნად ხომ საიქიო ცხოვრებისთვის გვამზადებს. იქ აღგვითქვამს მარადიულ სიხარულს. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ უარი ამყვეყნიურ სიამეებზე. უარი კი არადა, ბრძოლაც უნდა გამოვუცხადოთ, ვიდგეთ მტკიცედ, დავრჩეთ ღვთის ერთგულნი ბოლომდე. მხოლოდ უფალი გვიჩვენებს სულის ცხონების გზას, მხოლოდ იგია სახიერი. მაგრამ არ გვაპატიებს, ამქვეყნიურ სიამეებში თუ გავცვლით, როგორც ეს დაემართა ერთ მგალობელს. იგი ყველასაგან გამოირჩეოდა დახვეწილი სმენითა და ხმით. და აი, შეუჩნდა ერთი პროფესორი, საოპერო ხელოვნებას დააუფლა და ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩააბა. ერთხელაც თავის მოძღვარს ტაძრის შესასვლელში დახვდა ცხვირახვეული:

- ვერ მიცანით?! მე ხომ თქვენს გუნდში ვგალობდი!

მოძღვარმა ძლივს იცნო.

- ეს რა მოგსვლიათ?!

- ეჰ, მამაო! საშინელება გადამხდა თავს.

და მოყვა თავისი ცხოვრების ამბავს, როგორ გახდა პოპულარული, როგორ მოიარა მსოფლიო, როგორ დაავიწყა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ შემოქმედი, როგორ ჩავარდა სხვადასხვა ცოდვებში, როგორ შეეყარა საშინელი სენი და გამოუხრა ყელიდა ცხვირი.

- ახლა კი არავის ვჭირდები... - ნაღვლიანად დაასრულა მან.

- კაცი რომ უფალს დაივიწყებს, უბედურებას ვერ აცდება. შენ ღმერთმა მოგცა მადლი, რომელიც მის სადიდებლად უნდა გამოგეყენებინა. შენ კი საკუთარი თავის განდიდება მოინდომე. ახლა ხომ დარწმუნდი ამქვეყნიური დიდების წამრავლობაში. ნუ შეშინდები. ღმერთი მოწყალეა, მოინანიე. - ურჩია მოძღვარმა.

ერთხელ გზაში მიმავალმა მოხუცმა ყური მოკრა ასეთ ფრაზას:

- რა უსამართლოა ღმერთი! კარგ, კეთილ ადამიანებს კლავს, გარეწრებს და ყაჩაღებს კი წყალობას თავზე აყრის!

მოხუცმა მოსაუბრეებს გადახედა და ჰკითხა:

- ერთი ეს მითხარით, ჯარისთვის როგორ ბიჭებს არჩვენ?

- ჯანმრთელებს და სრულწლოვნებს! - უპასუხეს მათ.

- ასევეა ღმერთიც! - განაგრძო ქალმა. - თავისთან სულიერად ჯანსაღი და ძლიერი ადამიანები მიჰყავს, სულით ხეიბრებს კი ამქვეყნად სტოვებს, რომ განიკურნონ. თუ იცით რატომ? მონანიების საშუალება რომ მისცეს, იმიტომ.

მართლაც, სულის განწმენდა მხოლოდ მონანიებით თუ შეიძლება. ესეც ღვთისაგან ბოძებული ჯილდოა. მონანიებისას უფალი ხელს გვიწვდის უფსკრულიდან რომ ამოგვიყვანოს. მასვე შევყავართ სამოთხეში და ასე გივბრუნებს მისგან ბოძებულ და ჩვენი დაუდევრობით დაკარგულ მადლს. ღვთის წინაშე ცოდვილებს ისევ ღმერთი გვიწევს მფარველობას, როგორც უძღებ შვილებს. და მართლაც ჩვენ ყველანი უძღები შვილები ვართ. ჩვენი გონება დაბინდულია ათასი განცდით, ამქვეყნიურ ყოფაზე ფიქრით. და ზოგჯერ ამ ბურუსში ნაღარასავით გაისმება ღვთის ხმა:

- მოინანიეთ, რადგანაც მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

ვაი მას, ვინც ყურს არ ათხოვებს ამ ხმას.

დიდი სქემით შემოსილი სილუანი ამბობს:

- ადამიანის ყოველი ცოდვა, უმცირესიც კი, თავისებურად მოქმედებს გარემოზე.

იოანე ოქროპირის აზრით კი:

ცოდვის საკუთხი ყველაზე დიდი პრობლემაა ამქვეყნად.

ჩვენი ცოდვებით კვლავ ვაყენებთ ტკივილებს მაცხოვარს ჩვენსას - იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ ჩვენი ცოდვები იდო თავს, რათა მონანიების შემთხვევაში, შენდობა მიგვეღო მისგან. რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ცოდვა, იგი შეგვინდობს, რადგან მოწყალეა და სულგრძელი. იგი მზადაა ცოდვილის გულისათვის ჩამოვიდეს მიწაზე, მოძებნოს და ეწამოს მისთვის. აი, როგორ უყვარს ღმერთს თავისი ქმნილება. ჩვენი ცოდვები მის მოწყალებასთან შედარებით პეშვისოდენა ხდება. ამიტომაცაა მთავარი მონანიება. მონანიების მეშვეობით ღმერთი გვწმენდს და აღარც იხსენებს ჩვენს ცოდვებს. ამიტომაცაა რომ ქრისტეს მიმდევარნი არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში.

ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ არ შესცოდოს. მაგრამ თუ მაინც მოხდა და შესცოდა, მაშინვე უნდა მოინანიოს. სინანულის განცდა ადამიანს მხოლოდ მაშინ გაუჩნდება, თუ მუდმივად კონტროლს გაუწევს საკუთარ თავს, უნებლიე შეცოდებაც რომ არ გამოეპაროს და მაშინვე რომ მოინანიოს მოძღვართან. დამალული ცოდვა ქვის ქვეშ მიმალულ გველსა ჰგავს. როცა ქვას ააცლი, სადღაც მიიკარგება. ასევეა ცოდვაც. როცა აღიარებ, გაგეცლება და მისგან სულიც განგეწმინდება. განწმენდის შემდეგ ღმერთი მფარველობს ადამიანს და არ აძლევს საშუალებას ავ სულებს კვლავ აცდუნონ იგი.

ეშმაკი ყველანაირ ხრიკებს მიმართავს ჩადენილი ცოდვა რომ არ გათქმევინოს. ეშმაკისეული ფიქრია, როცა ადამიანი ცოდვის ჩადენამდე ინუგეშებს თავს, რომ ღმერთი მაინც აპატიებს. და ამას ეშმაკი ისე აფიქრებინებს, რომ ადვილად აგდებს მას ცოდვაში, მერე კი ისევ ეშმაკის ჩაგონებით ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს და ღვთისაგან შენდობის იმედი ერთმევა. ამ დროს სულმოკლე ადამიანები თავსაც კი იკლავენ. ასე ხდება იგი ეშმაკის კერძი. სწორედ ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მიუხედავად ამ სიფხიზლისა, თუ მაინც ჩავვარდით ცოდვაში, მაშინვე მოვინანიოთ იგი მოძღვართან. მოძღვარი შესთხოვს უფალს ჩვენთვის შენდობას. მაგრამ ამით არ უნდა დავასრულოთ სულის განწმენდა. ამის შემდეგ უნდა შევეცადოთ კეთილი საქმეების კეთებას. ღმერთი ყველაფერს შეგვინდობს ერთის გარდა, მოუნანიებელი ცოდვებით ამქვეყნიდან წასვლის გარდა. საშინელი სამსჯავროს დროს ჩვენ პასუხს ვაგებთ არა ჩადენილ ცოდვებზე, არამედ იმაზე, რომ არ მოვინანიეთ.

აღსარებისას ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი უდგას, მარცხნივ კი ეშმაკი. ანგელოზი ჩააგონებს მოინანიოს ცოდვები და არ დამალოს იგი, ეშმაკი კი მას უმძაფრებს სირცხვილის გრძნობას, ანდა აზრს, რომ სისულელეა ცოდვების მონანიება მოძღვართან, რადგან იგიც ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ. ისიც ემორჩილება ამ აზრს, დამძიმებული გულით გამოდის მოძღვრისაგან და შვებასაც ვერ გრძნობს. პირიქითაც კი ემართება: ცოდვები გველებივით შემოეხვევიან და სულს უხუთავენ. ამის გამო ღმერთიც არ მფარველობს ამ ადამიანს. გახარებული ეშმაკები კი გარს ეხვევიან და სხვა ცოდვებში აგდებენ. სულ სხვა განცდა ეუფლება კაცს, რომელმაც დაუფარავად აღიარა ცოდვები. მას ეუფლება საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება, განიცდის ნეტარებას, გულში ეღვრება სიხარული, ხოლო მისი სხეული ისე სპეტაკდება და ბრწყინდება, რომ ეშმაკები სიახლოვესაც ვეღარ ეკარებიან და ვერც ახერხებენ მასზე ზემოქმედებას. როგორც იცით, ეშმაკი იქ ბუდობს, სადაც ნათელი არ არის. ცოდვებისაგან განწმენდილი კაცი კი ანგელოზებით არის გარშემორტყმული და ხორციელი თვალისათვის შეუმჩნეველი ნათელი დაჰყვება. ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა გაივლის საშინელ სამსჯავროს, რომელიც საზვერეებისგან შედგება. თითოეულ საზვერეში განიხილება ცოდვის მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობა, ის, თუ როგორ მოინანია მან ეს ცოდვა. თუ არ მოუნანიებია, ეშმაკები არ მისცემენ საშუალებას გააღწიოს ამ საზვერედან, ხოლო თუ მონანიებული აქვს, ანგელოზები ეხმარებიან და გაჰყავთ საზვერედან. ადამიანი, რომელსაც არა აქვს ეს ცოდვა მონანიებული, ეშმაკებს მიჰყავთ ამ საზვერიდანვე თავიანთ საბრძანებელში - ჯოჯოხეთში.

ყველაზე საშინელი საზვერეებია - მე-16, მე-17, მე-18 საზვერე. მე-16 საზვერეში განიხილება მრუშობის ცოდვა, კერძოდ კი ჯვარდაუწერელი ქორწინება. მე-17 საზვერეში განიკითხავენ მეძავებს, ვინც ცოლქმრული ერთგულების მოღალატეა. მე-18 საზვერე განკუთვნილია სოდომური ცოდვებით დამძიმებული ადამიანთა სულებისათვის. ასეთი ცოდვებია: ცოლ-ქმრული უერთიერთობების დამახინჯებული ფორმები და არაბუნებრივი ურთიერთკავშირი, როგორიცაა ერთი სქესის ადამიანთა სქესობრივი კავშირი. ამ საზვერეთა გამგებელია ბოროტი სული ასმოდეი. მას ბოროტ სულთა უზარმაზარი არმია ემსახურება. ეშმაკები ამაყობენ, რომ ამ საზვერეთა გავლას ერთეულები თუ ახერხებენ, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამ ცოდვებს, როგორც წესი, სირცხვილის გამო არ აღიარებს. აღსარებისას კი ეშმაკები ამ გრძნობას უფრო აძლიერებენ. ამის გამო მათი სულიც ვერ იწმინდება. გაუწმენდავი სულით კი, როგორ იცით, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში.

8. უბიწოება

საშინელი სამსჯავროსას საბოლოოდ განწესდება ადამიანთა სულები. სამსჯავროს დღეს მოეწყობა წმინდანთა სვლა. პირველები მოციქულები ჩაივლიან, შემეგ ქალწულები. ანგელოზთა საუცხოო გალობა აავსებს ყველას გულს. ქალწულებს უკან გაჰყვებიან ცოდვათაგან განწმენდილნი. ყველა ესენი პირველები შევლნენ ნეტარებაში.

ამიტომაცაა საჭირო უბიწო ცხოვრება. განვდევნოთ ჩვენგან ყველა არაწმინდა ზრახვაც კი, არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა ფიქრებმა დაიპყროს ჩვენი გული. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის სული უნდა სძლევდეს სხეულს, რადგან როცა პირიქით ხდება, როცა სხეული სძლევს სულს, ასეთ ადამიანში სჭარბობს მრუშობის ცოდვანი. სხეულის თავისუფლებას მოჰყვება თავისუფლება სქესობრივ ურთიერთობებში, ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრუშობის ცოდვაში გვაგდებს. ასევე ცუდია, როცა ხმამაღლა, გამომწვევად ვიცინით, რადგან ესეც მოწმობს, რომ ჩვენში მრუშობის ეშმაკი ჩაბუდებულა.

„დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა, არამედ დაფარული გულის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერის წინაშე“ (პეტრე 1, 3-4).

ღმერთი ჩვენ პასუხს მოგვთხოვს არა მარტო ჩადენილი ცოდვებისათვის, არამედ ჩვენი ფიქრებისა და ზრახვებისათვის, როგორც ეს დაემართა ერთ გოგონას. იგი ერთმა იღუმენიამ გაზარდა მონასტერში. გოგონას თვინიერი და მორჩილი ხასიათი ჰქონდა. იგი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. იღუმენიამ ერთი კვირა იმარხულა და ილოცა გოგონას სულისათვის. მისი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იხილა, როგორ გაიპო მიწა და როგორ გადმოაგდეს ცოცხლოვანმა ტალღებმა მიწის გულიდან გოგონა.

- ჩემო გოგონა! შენ ცეცხლში?! - შესძახა შეძრწუნებულმა. - რისთვის მოხვდი ასეთ სატანჯველში?

- დედაო, ილოცე ჩემთვის... - გაჭირვებით წარმოთქვა გოგონამ. - მე ღირსი ვარ ამ სასჯელისა. ტაძარში ლოცვისას ხშირად ვესიყვარულებოდი ჩემთვის გულში, მხოლოდ თვალებითა და ფიქრებით ბიჭს, რომელიც ჩემს შორიახლოს იდგა. მოძღვართან კი, აღსარებისას, ეს ბილწი აზრები არ მომინანიებია. სწორედ ამისთვის მოვხვდი ჯოჯოხეთის ცეცხლში.

ასე, ასე სჯის უფალი ადამიანს ბილწი გულისხმისყოფისთვის.

9. მკვლელობაზე

ცოდვებში არის სასიკვდილო ცოდვანიც. მას მიეკუთვნება მუცლის მოშლა. ეს იგივე კაცის კვლაა, რადგან ადამიანის ჩანასახი დედის მუცელშივე იღებს სულს და მისი მოკვლა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. ხომ ისჯება მკვლელი? ხომ აგდებენ მას საპყრობილეში? ზოგჯერ კი სიკვდილითაც ისჯებიან. ჰოდა, თუ მკვლელობისათვის ადამიანები ასეთ სასტიკ სასჯელს ითხოვენ, მაშინ რაღა გასაკვირია, ღმერთმაც რომ საშინელი სამსჯავრო განუმზადოს მათ, მით უმეტეს, თუ ეს ცოდვები არ მოუნანიებიათ?! სამსჯავროს დღეს ყველა მოკლული ჩანასახი გამოეცხადება დედას და პასუხს მოთხოვს.

ერთ გინეკოლოგს ასეთი ხილვა ჰქონდა:

დგას მაღლა, მთაზე. მის გარშემო კი უზარმაზარი მასაა ადამიანებისა. ყველანი მისკენ იშვერენ თითს და იძახიან:

- მკვლელი! მკვლელი!

მიხვდა გინეკოლოგი, ესენი რომ მისგან მოკლული ჩანასახები იყვნენ და შიშმა შეიპყრო. მათი ყვირილი მერეც გამოჰყვა და მანამდე ჩაესმოდა, სანამ არ მოინანია.

ცოდვაა ისიც, როცა ვინმეს ურჩევთ მუცლის მოშლას. და თუ ვინმეს გაკეთებული აქვს ასეთი რამ, აუცილებლად უნდა მოინანიოთ, თუ გინდათ, რომ ასცდეთ ჯოჯოხეთს. ასეთმა ადამიანმა მარხვითა და ლოცვით უნდა გამოითხოვოს უფლისგან შენდობა. უნდა აკეთოს სიკეთე თავისი მტრებისთვისაც კი, არ იწუწუნოს, თაყვანის სცეს ხატებს და შესთხოვოს:

- უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

ასევე უნდა მოიქცეს ძილის, ტრაპეზის წინ, ყოველი საქმის გასრულებისას. მას სულ უნდა ახლდეს დანაშაულის განცდა და ღვთისაგან ითხოვდეს:

- სჯობს, ღმერთო, აქ მომაგო ჩემი დანაშაულისათვის და მანდ შემიწყალო.

10. თვითმკვლელობაზე

თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა. ეს არის სულმოკლეობის გამოვლენა ღვთისადმი. ეს არის სიმდაბლე და უსუსურობა. ასეთებზე ეკლესიაში არც კი ლოცულობენ. საეკლესიო წესდებაში ხაზგასმითაა ჩაწერილი, რომ თვითმკვლელზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლოცვა, თუ მან ეს ჩაიდინა შეუგნებლად, ისე რომ არ იცოდა რას სჩადიოდა. შეგნებულ თვითმკვლელზე კი ლოცვა აკრძალულია. საერთოდ ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ღვთის გულმოწყალება და იმედიც უნდა გვქონდეს, რომ იგი ყველაფერს გვაპატიებს, თუ გულით მოვინანიებთ. აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ შეგვინდობს, ეშმაკისგან ჩაეგონება ადამიანს. მამა ღმერთს უსაზღვრო სიყვარული აქვს თითოეული ჩვენთაგანის. ამ სიყვარულს დედის შვილისადმი სიყვარულიც კი არ შეედრება. ყველა ადამიანის ცოდვილია. იესო ქრისტემ ეს ცოდვები თვითონ იტვირთა და ასე გამოგვისყიდა. მანამდე კი ჩვენი ცოდვებისათვის ღვთისაგან დაწყევლილი ვიყავით და ეშმაკს ვექვემდებარებოდით. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მამა ღმერთმა, თავისი გულმოწყალების გამო, ისევ მოგვცა საუკუნო ცხოვრების რწმენა, მოგვცა შესაძლებლობა ცოდვების გამოსყიდვისა. იგი ყველას, როგორც გულმოწყალე მამა, ვინც კი მოინანიებს, შეუნდობს ცოდვებს. მაგრამ ღმერთის ასეთი სიყვარული ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენივე სულის გადასარჩენად ღმერთს უნდა შევწიროთ ყველაფერი: ჯანმრთელობაც, კეთილდღეობაც, და თუ საჭირო იქნება, სიცოცხლეც. ამის მაგალითი ხომ თვითონ ქრისტემ მოგვცა. მან დაგვანახა სასუფევლისკენ მიმავალი გზა, რომელიც ჯვრის აღებით მოიპოვება. სხვა გზა სასუფევლისკენ არ არსებობს.

11. ცოდვა და სიკვდილი

ჩვენი დედამიწა ხელისგულივით არის გადაშლილი ზეცასა და ქვესკნელს შორის. სწორედ ამ ორ ადგილზე კონტროლდება ჩვენი მოქმედებანი. ადამიანთა კეთილი საქმენი დიდ სიხარულს იწვევენ ზეცაში. ზეცა ხარობს, როცა ადამიანი ებრძვის ვნებებს, ცდუნებებს, მოთმინებით იტანს ავადმყოფობას და მწუხარებას, არ ეძლევა სასოწარკვეთას, არ ემუდარება ღმერთს ამისთვის. როცა ადამიანი, როგორც ქრისტეს მეომარი, მედგრად მიაბიჯებს ჭეშმარიტების გზაზე, ღმერთი მას ყოველთვის უგზავნის სიხარულს. აი, ამის ერთი მაგალითიც:

ერთ მეომარს დანიშნულების ადგილს მისვლამდე სასტუმროში მოუწია ღამით დარჩენა. მოინდომა ერთმა მეძავმა მისი ცდუნება.

„ - მაინც ომში მივდივარ, - გაიფიქრა მეომარმა, - შეიძლება დავიღუპო კიდეც. თუ ახლა ცოდვას ჩავიდენ, როგორღა გავმართლდები ღვთის წინაშე?!“

ქალი კი არ ეშვებოდა. მთელი ღამე უკაკუნებდა, იმედს არ კარგავდა და ელოდა, მეომარი როდის დასთმობდა. მაგრამ მეომარმა გაუძლო ცდუნებას. ამ წამებაში რომ ჩაეძინა, ასეთი სიზმარი ნახა:

საშინელი ბრძოლაა და მინდორი გვამებითაა სავსე. მხოლოდ ერთი ადგილია აშკარად გამოკვეთილად ცარიელი. და ესმის ხმა:

- ეს შენთვის იყო გამზადებული, მაგრამ რადგან ამ ღამით შენ სძლიე ეშმაკს, ცოცხალი დარჩები.

დილით ბრძოლის ველზე სწორედ ასე მოხდა. უამრავ დახოცილ მეომარს შორის სწორედ ის დარჩა ცოცხალი. მეომარმა მადლობა შესწირა ღმერთს.

ასეა, თუ კაცი ღვთის გულისთვის უარყოფს ამქვეყნიურ სიამეებს, მაშინ ღმერთიც დაიფარავს ყოველგვარი საფრთხისაგან. ადამიანს ყოველთვის წინ უსწრებს თავისი საქმეები. საზვერეებისა და საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგომისას ამ საქმეებით გამართლდება. ამითვე მიიღებს ღვთისაგან ჯილდოს, დაიმკვიდრებს ადგილს ცათა სასუფეველში. უკვალოდ არც მანკიერი საქმეები ჩაივლიან. თითოეული ცოდვა, წამოსროლილი სიტყვა და ყველა უაზრო მოქმედება იწერება ბოროტ სულთა მიერ და ისინი წარუდგენენ ამ საქმეებს ბრალდებად მას საზვრეეების გავლისას.

მაშ ასე! ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მუდამ გვხედავს, რომ მან იცის ყველა ჩვენი საიდუმლო. ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, კარგად უნდა ავწონოთ, გავიაზროთ ჩვენი მოქმედებანი, აზრები, გრძნობები და ყველაფერი ვაკეთოთ არა სიკვდილის შიშით, არამედ როგორც მოსიყვარულე შვილებმა, რომელთაც არ სურთ თავიანთი მამის განაწყენება. სულის ცხონება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ემთხვევა. ღვთის სურვილიც ხომ ადამიანის ცხონებაა. ამიტომაცაა, რომ როცა ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებს რაიმეს, იგი დაღუპვისკენ მიეშურება. ჩვენი ცხოვრების მანძილზე რაც არ უნდა შეგვემთხვეს, უნდა შევურიგდეთ მას და მადლობა შევწიროთ ღმერთს:

- იყოს ნება შენი, ღმერთო! იყოს ისე, როგორც შენ გსურს! რადგან მე ვარ მტვერი და ფერფლი მხოლოდ!

12. ლოცვაზე

ყოველი საქმის დაწყებისას შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, რადგან უფალი ამბობს:

- უჩემოდ ვერ შეძლებთ რაიმეს შექმნას.

ყოველთვის უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ძალა ცოდვებთან საბრძოლველად.

ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. სწორედ ამიტომ უნდა გავიხადოთ იგი თანამგზავრად. გულში ყოველთვის უნდა გვქონდეს ლოცვა. ეს არც ისე ადვილი მოსაპოვებელია, ამაშინ დახმარება ისევ ღმერთს უნდა შევთხოვოთ.

ყველა მართლმადიდებელი ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას, რადგან სწორედ სახარება უნათებს ადამიანს გონებას, სულსა და გულს. როცა ჩვენ ვკითხულობთ საერო ლიტერატურას, ჩვენზე გადმოდის ის განცდები და ვნებები, რაც ავტორმა ამ წიგნში ჩადო და თვითონვე ვხდებით ისეთივე სულის. ხოლო როცა ვკითხულობთ სახარებას, მადლი გადმოდისმ სულიც ქრისტესაგან, რომელიც სრულყოფილებას, მორჩილებას განასახიერებს, იღებს სიწმინდეს. სწორედ ქრისტეს დახმარებით მოვიპოვებთ უკვდავებას.

აუცილებად იკითხეთ სახარება! იკითხეთ ლოცვები დილას და საღამოს, ხატების წინ, აუჩქარებლად, სინანულის განცდით, იკითხეთ იესოს ლოცვა:

- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

როცა ასე ვლოცულობთ, ჩვენს გარშემო ნათელი მკვიდრდება და ბოროტ სულებს არ აძლევს ჩვენთან მოახლოების საშუალებას. ეს ძალიან მოკლე ლოცვაა, ძალიან მოსახერხებელი და ძლიერი. იგი ადამიანს იცავს მაცდური ფიქრებისაგან, ცდუნებისაგან. ამ ლოცვის სიძლიერეზე მეტყველებს ეს ამბავიც:

ერთხელ მემანქანემ ლიანდაგებზე დაინახა ბერი, რომლიც ანიშნებდა, რომ მატარებელი გაეჩერებინა. ძლივს გააჩერა და ძირს ჩავიდა. იქ კი ვერავინ ნახა. სამაგიეროდ იმ ადგილას, სადაც ბერს მოჰკრა თვალი, გადახსნილი ლიანდაგი იპოვა. რომ არ გაჩერებულიყო, მთელი ეშელონი დაიღუპებოდა. შეაკეთეს ლიანდაგი და ძებნა დაუწყეს. მაგრამ ამაოდ. უცებ მემანქანემ თვალი მოჰკრა ერთ კუპეში ბერს, რომლიც სკვნილზე ლოცულობდა.

- აი, ამან გამაჩერა! - შესძახა მან.

ყველანი მადლობის სათქმელად მივიდნენ ბერთან.

- რას ამბობთ?! -გაიკვირვა მას. - მე აქედან არსად გავსულვარ.

სხვებმაც დაადასტურეს მისი ნათქვამი.

ასე მოავლინა უფალმა ამ ბერის ლოცვით ანგელოზი, რომელიც მისი სახით ეჩვენა მემანქანეს.

ასე რომ, სადაც უნდა ვიყოთ - გზაში თუ შინ, ყველგან გულში ამ ლოცვას უნდა ვამბობდეთ, თუ გვინდა დაცული ვიყოთ ყოველგვარი განსაცდელისაგან.

ძალიან ძლიერი ლოცვაა აგრეთვე ღვთისმშობლის ლოცვა:

- ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთი მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა!

წმიდა მამათა გადმოცემით, ვინც ამ ლოცვას ყურადღებით დღეში 150-ჯერ წაიკითხავს, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იქნება.

ხდება ხოლმე, რომ უფალი არ გვისრულებს თხოვნას. ეს იმის მანიშნებელია, რომ მისი შესრულება ჩვენთვის საზიანოა, ან შესაძლოა უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჯერ არ უნდა ჩვენთან განშორება, რადგან, როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთთანაა. ღმერთს ძალიან უყვარს, როცა მას ვესაუბრებით. იგი მაშინვე რომ გვისრულებდეს თხოვნას, მითუმეტეს იმათ, ვინც ჯერ არ გამტკიცებულა რწმენაში, ჩვენ მაშინვე დავივიწყებდით მას. უფალი თხოვნის შესრულებას რომ გვიჭიანურებს, ამით იხანგრძლივებს ჩვენთან ყოფნას. ადამიანი არც ერთ დღეს არ უნდა ტოვებდეს შრომისა და ლოცვის გარეშე. მაგრამ ყველას როდი აქვს შეგნებული ეს.

კაცი ნავში იჯდა და თევზაობდა. მასთან მივიდნენ ორნი და სთხოვეს მეორე ნაპირზე გადაყვანა. შუა მდინარეში ერთმა შეამჩნია ნიჩბებზე წარწერები: ერთზე ეწერა - ილოცე, მეორეზე - იშრომე.

- რატომ გაქვს ეს წარწერები? - იკითხა მან.

- იმიტომ რომ სულ გვახსოვდეს, საჭირო რომაა ლოცვა და შრომა.

- შრომა გასაგებია, მაგრამ ლოცვისა რა მოგახსენო. - გაეცინა მგზავრს.

მაშინ მენავემ ამოიღო წყლიდან ის ნიჩაბი, რომელზეც ეწერა - ილოცე.

ნავი ერთ ადგილზე დატრიალდა.

- რას შვები კაცო, ხომ არ გაგიჟდი?! ასე ხომ ნაპირზე ვერ გავალთ!

- ნამდვილად ვერ გავალთ. ახლა ხომ ნახე, რა ემართება ადამიანს, რომელიც არ ლოცულობს. ასე, ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. მარტო შრომით ადამიანი ფონს ვერ გავა, - უთხრა მენავემ და მეორე ნიჩაბიც შეაშველა ნავს.

ჩვენ მართლაც არ უნდა ვივიწყებდეთ ლოცვას, ერთმანეთსაც უნდა ვაშველებდეთ ხელს, ვზრუნავდეთ ერთმანეთზე. მხოლოდ ასე არ ავცდებით უკვდავების გზას.

ლოცვით ადამიანი ისეთ სიძლიერეს აღწევს, რომ თვითონაც შეუძლია სხვა ადამიანის სულის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ასეთი ძალა ჰქონდა წმინდა სერაფიმე საროველის ლოცვას.

ერთხელ მასთან მივიდა ქალი, რომელმაც სთხოვა ელოცა მისი გარდაცვლილი შვილის სულისათვის, ცოდვების მოუნანიებლად რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. წმინდა სერაფიმე ძალიან თავნდაბალი ადამიანი იყო და ჯერ იუარა, რომ ვერ შესძლებდა ამას. საერთოდ, ასეთი წმინდა ადამიანები ჩვენსავით იოლად როდი იჯერებენ თავიანთ შესაძლებლობებს. სწორედ ამის გამო უთხრა უარი წმინდანმა ქალს. არადა ლოცვის ისეთი ძალა ჰქონდა მინიჭებული, მიწას სცილდებოდა. ქალი არ მოეშვა. სერაფიმემ დაიწყო ლოცვა. ქალმა იგრძნო, როგორ გამოსტაცა წმინდანის მხურვალე ლოცვას ეშმაკს პირდაპირ კლანჭებიდან ამ ჭაბუკის სული.

13. სულის საცხონებელი

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია ახლობლებმა მასზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ილოცონ. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა გადაუხადონ პანაშვიდი, მოიხსენიონ ფსალმუნებში, გასცენ მის სახელზე მოწყალება, რომ მოწყალების მიმღებმაც შეაწიოს მას ლოცვა.

მიცვალებულს ხომ არ შეუძლია თავის თავზე ლოცვა. ისინი სასოებით ელიან ჩვენგან ამას. განაკუთრებით ჩვენი ლოცვები მათ ეხმარებათ გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. როგორც ვიცით, ამ პერიოდში გაივლის მისი სული საზვერეებს, სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა. თუ ამ ხნის მანძილზე მისი სულისათვის ვილოცებთ, ეს დიდად შეუწყობს ხელს მისი სულის ჯოჯოხეთიდან დახსნას.

ერთხელ წმინდა სერაფიმეს ათონელმა ბერმა ასეთი რამ უამბო:

- ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა.

იქ მან ნახა ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შეაძრწუნა უზარმაზარი გახურებული ღუმელის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა.

- როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? - ჰკითხა კაცმა ანგელოზს.

- ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთელბაც ანთებდა, არხვებს იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისაგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო. მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გადასცემენ საღმრთო ლიტურგიისას მის სახელზე სეფისკვერს, უტარებენ პანაშვიდებს, კითხულობენ ფსალმუნებს, გასცემენ მოწყალებას, და ასე საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ასეთი ტანჯვა გელის, თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას.

იმ დღიდან იწამა ღმერთი კაცმა და შემდეგ ბერადაც აღიკვეცა.

ჩვენ, მიწის მკვიდრთ, გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ჯოჯოხეთი, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ სულის განწმენდას. შესაძლოა ისეც მოხდეს, ჩვენთვის ვერავინ შეძლოს ლოცვა. ამიტომ ჩვენი თავი თვითონ უნდა ვიხსნათ ჯოჯოხეთისაგან.

14. ქრისტიანის დღე

დილით ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი ამოუდგება, მარცხნივ ეშმაკი და ორივენი ელიან, ვის სცემს იგი ძილიდან აღდგომილი თაყვანს. ამიტომ ქრისტიანი გაღვიძებისთანავე უნდა ადგეს, გადაისახოს პირჯვარი, მივიდეს ხატებთან, გააკეთოს სამჯერ მეტანია და მადლობა შესწიროს ღმერთს:

- გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, მომეცი შემწეობა ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე ვაკეთო და დამიფარე ხილული და უხილავი მტრებისაგან.

ამ ლოცვის შემდეგ უნდა წამოვთქვათ იესოს ლოცვა. მერე დავიბანოთ პირი, ჩავიცვათ და ისევ მივიდეთ ხატებთან. მოვიკრიბოთ გონება, აზრი და შევუდგეთ დილის ლოცვების კითხვას. დამთავრების შემდეგ წავიკითხოთ ერთი თავი სახარებიდან. მერე ამოვირჩიოთ რომელიმე კეთილი საქმე და შინიდან გასვლისას წარმოვთქვათ იოანე ოქროპირის სიტყვები:

- განვედი ჩემგან სატანავ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ისევ გადაისახე პირჯვარი და შინიდან გასულმა, გზასაც შეუმჩნევლად გადასახე იგი. სამსახურისაკენ მიმავალმა გზაშიც იკითხე იესოსა და ღვთისმშობლის ლოცვა. თუ ამ დღეს სადილი შენ უნდა მოამზადო, სურსათ-სანოვაგეს ნაკურთხი წყალი ასხურე, ქურა სანთლით აანთე, სანთელი კი კანდელიდან, რომელიც გამუდმებით უნდა გენთოს ხატებთან. ამ წესების დაცვით მომზადებული საკვები გამოკვებავს არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც. კარგი იქნება, თუ სადილის კეთებისას ვიკითხავთ იესოს ლოცვას.

15. ცრურწმენა

ნამდვილი რწმენისაგან უნდა განვასხვავოთ ცრურწმენა. ცრურწმენაა, როცა სხვადასხვა მოვლენებს აღვიქვამთ რაღაც მინიშნებებად და აქედან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხელისგულის, ცხვირის ქავილს, ცარიელი ვედროებით შემხვედრს, გზიდან მობრუნებას, კოვზის, ჩანგლის, დანის გადავარდნას და ასე დაუსრულებლივ. ზოგჯერ ჯვარს საკმეველს შეაბამენ, ანდა გულშეწუხებულს პირში ჩაუდებენ, ცხვირის დაცემინებისას კი ერთმანეთს ეუბნებიან:

- ჭეშმარიტებას რაღა შენი დამოწმება უნდაო.

ზოგჯერ ვინმეს თითქოსდა წმინდა წერილს უგზავნიან და აიძულებენ მის გადაწერას და სხვებისთვის გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბედურებას უწინასწარმეტყველებენ. ყოველივე ამას არაფერი საერთო არა აქვს რწმენასთან და ქრისტიანობასთან.

16. საეკლესიო ლოცვა

ჩვენ ყველას სიცოცხლე უფალმა მოგვანიჭა. სამყარო ცხოვრების ზღვაა, ეკლესია კი მასში მოცურავე ხომალდი. მისი მესაჭე თავად უფალია. მხოლოდ ეკლესიას შეუძლია გვაპოვნინოს უკვდავებისაკენ მიმავალი გზა. არსებობს ორი ეკლესია: ზეციური და მიწიერი.

ზეციური ეკლესია დღესასწაულებისთვისაა განკუთვნილი, მიწიერი კი ცოდვებთან საბრძოლველად. ზეციური ეკლესია ყველა ზეციური ძალისა და წმინდანებისაგან შედგება, მიწიერი კი - მორწმუნეთაგან. ეს ორი ეკლესია ერთად მსოფლიო ეკლესიას შეადგენს, რომლის მეუფე თავად ქრისტეა.

ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ყველაზე ძლიერ ლოცვას საეკლესიო ლოცვა წარმოადგენს. ამ ლოცვას შეუძლია ადამიანი ცეცხლისაგან დაიფაროს, ამოიყვანოს ზღვის ფსკერიდამ, ეს ლოცვა ცასაც წვდება და მისი შეძვრაც კი შეუძლია. ასეთივე ძალა აქვს დედის ლოცვასაც.

ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათასს მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია.

ეკლესია დედამიწაზე ზეცის ნაწილი, ამიტომ როცა მის ზღუბრლს გადააბიჯებ, უნდა გახსოვდეს, რომ მიწიდან ზეციურ სამყოფელში შეხვეედი. აქ, საკურთხეველში, ქერუბიმებთან და სერაფიმებთან, უხილავად სუფევს უფალი. ტაძარში კრძალვით უნდა შეხვიდე, შეასრულო სამი მეტანია, თაყვანი სცე ცოცხალ ღმერთს. ლიტურგიისას მშვიდად უნდა იდგე. არ შეიძლება ეკლესიაში უაზროდ სიარული, საუბარი და სიცილი. ხატთან სანთელს რომ დაანთებ, შეეცადე მასთან ილოცო, სანამ არ დაიწვება.

ლიტურგიის დროს ხდება მსხვერპლშეწირვა. ასეთი მსხვერპლშეწირვა დაახლოებით 2000 წლის წინ მოხდა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე სრულდება ეს რიტუალი. ყოველ ლიტურგიაზე მთელი კაცობრიობის ცოდვებს თავიდან ეწირება მსხვერპლად ძე ღვთისა - იესო ქრისტე. ამ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს მღვდელმსახური. ლიტურგიას ესწრებიან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები. ყველა ქრისტიანი ვალდებულია ყოველ კვირას დაესწროს ლიტურგიას.

ერთი ღრმად მორწმუნე ექიმი იგონებს:

- უკვე 80 წლისა ვარ და უძლურების გამო ლიტურგიის დროს უმეტესად ვზივარ. თუმცა სურვილი კი მაქვს, ვიდგე. და აი, ერთ-ერთი ლიტურგიისას, როცა დიაკვანმა წარმოთქვა სიტყვები: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა! - ვიგრძენი, როგორ დატოვა ჩემმა სულმა სკამზე მჯდომი ჩემი სხეული და საკურთხეველში აღმოვჩნდი. ტრაპეზის გარშემო დავინახე გასხივოსნებული ქერუბიმები, სერაფიმები და წმინდანები. მღვდელი ლოცულობდა. დასასრულს მგალობლები შეუერთდნენ:

- შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო!

მღვდელმა აღაპყრო ხელები და სამჯერ წარმოთქვა ლოცვა და შესთხოვა უფალს სული წმიდა გადმოსულიყო წმიდა ნაწილებზე. იქვე ჩემს თვალწინ გადაიქცა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად. ცეცხლში გაეხვია წმიდა ნაწილები და თვითონ მღვდელიც. ბარძიმიც ცეცხლში იყო გახვეული. როცა მღვდელი ამბიონზე გამოვიდა და წარმოთქვა:

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით!

ბარძიმიდან ცეცხლის ნაწილები გადმოსცვივდა და ტაძარში მდგომთაგან ზოგიერთს დაეცა. მღვდელი აზიარებდა მრევლს. ზიარების დამთავრების შემდეგ ჩემი სული სხეულს დაუბრუნდა.

ასე გაუხსნა რწმენით სავსე ქალს საკურთხევლის კარი ღმერთმა საღმრთო ლიტურგიის დროს. მართალია, საკურთხეველში ქალის შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს ღვთის ნებით მოხდა, რათა მოხუცს მთელი არსებით შეეგრძნო ღვთის მსახურების უდიდესი მნიშნვნელობა და ძალა.

17. წმიდა ზიარება

- ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული, როგორც ცეცხლში წრთობისას რკინა იღვრება მასში, და ამ დროს ადამიანის სული და სხეული ისეთ ბრწყინვალებას იძენს, როგორიც ქრისტეს ნაწილებს აქვს. - ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი.

როგორც ადამიანი ვერ უსწორებს თვალს მზეს, ასე ბოროტიც ვერ უსწორებს თვალს იმ ადამიანს, რომელმაც ღირსეულად მიიღო ქრისტეს წმიდა ნაწილები.

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს:

- წმიდა ზიარების მიღების დღეს გარდაცვლილი ადამიანი საზვერეების გვერდის ავლით ანგელოზებს პირდაპირ სამოთხეში მიჰყავთ. ეს მისი უცოდველობის გამო კი არა, არამედ იმ წმიდა ნაწილთა წყალობით ხდება, რომელიც მან მიიღო. ამ ნაწილებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ.

ერთხელ ერთმა დარდიმანდმა ყმაწვილმა, იქვე ტაძრის ეზოში გადმოაფურთხა ეს ნაწილები. შეშფოთებულმა მებაღემ აკრიფა ისინი და ფრთხილად დაასვენა ფუტკრების სკაში. შემდეგ კი ეპისკოპოსს მოახსენეს ეს ამბავი. ეპისკოპოსი დიაკვანთან და მგალობლებთან ერთად მივიდა სკასთან. ყველამ ერთად სამჯერ მოიყვარეს მუხლი ამ წმიდა ნაწილების წინაშე, მერე გააღეს სკის კარი, საიდანაც ფუტკრები ამოფრინდნენ და ჯვრის სახედ განლაგდნენ, შუაგულში გამოისახა ღვთის თვალი. ეპისკოპოსმა და მისმა მხლებლებმა ცვილისაგან გააკეთეს პატარა კუბო, შიგ ჩაასვენეს ეს ნაწილები და ასე წაიღეს ტაძარში.

საერთოდ, წმიდა ზირებისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოს ადამიანი. ზიარებამდე სამი, ოთხი დღე იმარხულოს, ხოლო წინა საღამოს თავი უნდა შეიკავოს ვახშმისგან. ღამით უნდა წაიკითხოს ზიარების წინ საკითხავი ლოცვები.

ამის შემდეგ არ უნდა გაგიჩნდეს ისეთი გრძნობა საკუთარი თავისადმი, თითქოსდა ღირსი იყო ზიარებისა. თუმცა ის კი უნდა იფიქრო, რომ ღმერთი მოწყალეა და თავისი კაცთმოყვარების გამო გაზიარებს წმიდა ნაწილებს.

მაგრამ თუ სინდისის ქეჯნამ შეგიპყრო იმის გამო, რომ აღსარებაზე ბოლომდე გულწრფელი არ იყავი, მაშინ არ ეზიარო, რადგან ამით კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ჩავარდები, დიდში კი არა სასიკვდილო ცოდვაში. ზიარების წინ ყველას უნდა სთხოვო შენდობა იმ შეცოდებათა გამო, რაც მათ წინაშე ჩაგიდენია. აუცილებელია ზიარების ნებართვა მოძღვრისგან აიღო.

არ შეიძლება ზიარება სხეულის განწმენდის დროს. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ზიარების შემდეგ მეორე დღემდე მეტანიების გაკეთება არ შეიძლება. უნდა შეეცადოთ, პირიდან არ გადმოაგდოთ ლუკმა, იმ დღეს საერთოდ უნდა მოერიდოთ კურკოვანი ხილის ჭამას. არ უნდა გაიწმინდოთ კბილები 24 საათის განმავლობაში. მოერიდეთ ბევრ ლაპარაკს, თავი შეიკავეთ განკითხვისაგან, იკითხეთ სახარება, იესოსო ლოცვა, დაუჯდომელი, წმინდა წიგნები.

ქრისტიანი უნდა დაქორწინდეს აუცილებლად ჯვრისწერით. მეუღლეებმა არ უნდა დაარღვიონ ერთგულების ფიცი. უნდა შეეცადოთ იყოთ ტაძარი ღვთისა, იაროთ ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას, ყველა დღესასაწაულზე. უბედურია ის კაცი, რომელიც თუნდაც ერთ კვირას არ დაესწრება ლიტურგიას, რადგან ამ დღეს ის ვერასდროს დაიბრუნებს.

მოციქულთა წესდებაში ნათქვამია:

- ვინც არ დაესწრება საღვთო ლიტურგიას სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ უმიზეზოდ, იგი სული წმიდის მიერ განიკვეთება ეკლესიისაგან. ეს კი ნიშნავს უკვდავების გზიდან განკვეთას და მას დაეპატრონებიან ბოროტი ძალები, რომლებიც ჯოჯოხეთისთვის განამზადებენ.

ძალიან ცდება ის, ვინც ეკლესიაში სიარულს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. სწორედ ეკლესიაა დასაწყისი და დასასრული ჩვენი ცხოვრებისა დედამიწაზე, მისი გაგრძელება კი ზეცაშია.

18. მარხვა

ეკლესიიდან იდევნება ყველა იქ ქრისტიანი, ვინც არ იცავს დაწესებულ მარხვას. წმიდა პახომი დიდი და სერაფიმე საროველი ასეთ ადამიანებს იუდად მოიხსენებდნენ. ასევე იხსენიებენ რომაელ მეომრებს, მათ, ვინც ჯვარს აცვეს მაცხოვარი. ეკლესიის მიერ, იმ დღეთა აღსანიშნავად, რომელ დღეებშიაც გაიცა და ევნო მაცოვარი, მარხვის დღეებად დაწესებულია ოთხშაბათი და პარასკევი. სწორედ ამიტომ ეს დღეები გლოვის დღეებია ყველა ქრისტიანისათვის. ბევრი მარხვას ვითომდა ჯანმრთელობის შენარჩუნების მომიზეზებით არღვევს. მაგრამ ჯანმრთელობას ადამიანს ღმერთი აძლევს და არა საკვები. საერთოდ, ღმერთმა ადამიანს თავიდან მცენარეები დაუდგინა საკვებად. ჩვენი ორგანიზმი მართლაც ადვილად ინელებს ასეთ საკვებს, სამაგიეროდ ცხოველური საკვები მალე აბერებს მას. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც მიირთმევენ ხორცს, იმის მომიზეზებით, თითქოსდა იგი აუცილებელია ძალების მოსაკრებად. მაგრამ განა ცხენი, რომელიც დიდი ძალით გამოირჩევა, ხორცით იკვებება?! ანდა სპილოს ან ხარს ძალა აკლიათ იმის გამო, რომ არ ჭამენ ხორცს?! მაშასადამე მცენარეული საკვებიც მოიცავს იმ ნივითიერებას, რაც ძალასაც აძლევს მათ.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ჩვენი სხეული ის სახედარია, რომლითაც ადამიანმა უნდა შეაბიჯოს ზეციურ იერუსალიმში და იგი ზომიერად თუ არ გამოკვებეთ, ვერ მიგვიყვანს დანიშნულ ადგილამდე, ხოლო, თუ ზედმეტი მივაწოდეთ, გაგიჟდება. საერთოდ, საკვების მიღება მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა ხდებოდეს. არც უნდა ვიშიმშილოთ და არც უნდა გადავტვირთოთ ჩვენი სხეული.

ადამიანს, რომელიც მარხულობს, ღმერთი იფარავს. ამაზე კარგად მეტყველებს იმ მოხუცი ქალის ამბავი, რომელიც ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებს საგულდაგულოდ იცავდა. ერთხელაც ძროხა გაყიდა და შინისაკენ მიმავალს გზაზე შემოაღამდა. იძულებული გახდა ღამე გზად შემხვედრ სახლში გაეთია. იმით გახარებულმა, რომ ამ ადამიანებმა შეიფარეს, გულუბრყვილოდ გაანდო მათ, რომ ძროხა გაყიდა, თანხაც აჩვენა. მასპინძლები დახარბდნენ თანხას და გადაწყვიტეს, ქალი რომ დაიძინებდა, მოეკლათ და ჩუმად დაემარხათ, ფული კი მიეთვიდებინათ. ის-ის იყო თავიანთი განზრახვა უნდა აესრულებინათ, კარზე რომ დააკაკუნეს. ორი ყმაწვილი დაჟინებით ითხოვდა სტუმრის გამოყვანას. მასპინძლებმა ჯერ იუარეს, ჩვენთან არავის არ არისო, მაგრამ ყმაწვილები რომ არ მოეშვნენ, გააღვიძეს მოხუცი და მათთან გაიყვანეს.

თვალისდახამხამებაში მოხუცი თავის სახლში აღმოჩნდა. სახელები რომ ჰკითხა ყამწვილებს, მათ მიუგეს:

- ოთხშაბათი და პარასკევი.

ქალს გაოცება რომ შეამჩნიეს, დაამატეს:

- დიახ, ჩვენ სწორედ ის დღეები ვართ, რომელთაც შენ ყოველთვის ისხენიებ და მარხვას ინახავ. ამ ერთგულებისთვის გამოგვგზავნა უფალმა, რათა დაგვეხსენი იმ მასპინძლების ხელიდან, რომელთაც შენი მოკვლა უნდოდათ.

ქალმა მადლობა შესწირა უფალს.

ღმერთი არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ ადამიანებს და ყოველთვის მფარველობს მათ.

19. ჯვრის ძალა

ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ატაროს ჯვარი, რადგან ჯვრის გარეშე იგი იმ უიარაღო მეომარს ჰგავს, რომელსაც ადვილად ამარცხებს მტერი. სწორედ ჯვარია სამყაროს მფარველი, ეკლესიის მშვენება, ანელოზთა დიდება და დემონთა დაუძლეველი წინაღობა. ამიტომ უნდა ვატაროთ ჯვარი სულ და თაყვანის ვსცეთ მას. ჯვარი ადამიანს გასაცდელისაგან იფარავს.

ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მოუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულები ასეთი დიალოგის მსმენელები გახდნენ:

- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან! - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ!

- ვერ მოვახერხე! - უპასუხა მეორე ხმამ. - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ! შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?

არ უკეთია, მაგრამ მან სახლიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.

- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართეს ორივემ. - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს ხოლმე?!

- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი სახლიდან გასულს სიტყვებით:

- ჯვარი გწერია შვილოო.

მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა.

ეს ხმები ეშმაკებს ეკუთვნოდათ. ისინი ყოველთვის თან დაჰყვებიან ადამიანს. როგორც კი ხელსაყრელ დროს იპოვიან, მაშინვე ცდილობენ მის დაღუპვას. ამიტომაც უნდა ვატაროთ სულ თან ჯვარი და ყველაფერსაც უნდა გადავსახოთ იგი, რომ ასე განვდევნოთ ეშმაკები. თუ ჯვრის გადასახვა აშკარად არ შეგვიძლია, მალულად უნდა გავაკეთოთ ეს.

საერთოდ ყველა ქრისტიანი უნდა ატარებდეს თავის სულიერ ჯვარს.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უგზავნის უფალი ავადმყოფობას და მწუხარებას მას, ვისაც უკვდავებისთვის ირჩევს, რათა ასე გამოაწრთოს მისი სული. ამიტომაცაა მათი ცხოვრება უფრო მძიმე, სხვებთან შედარებით.

წმიდა მამა აბბა პიმენი ამბობს:

- კეთილ საქმეს აუცილებად მოჰყვება რაიმე განსაცდელი. ეს კი იმის ნიშანია, რომ ღმერთმა მიიღო შენი სიკეთე. და თუ ვინმე ამის გამო ღვთის სამდურავს ამბობს, არასწორად იქცევა, რადგან, მოთმინებითა შენითა უნდა მოიპოვო სული შენი.

20. ჭეშმარიტი ქრისტიანი

ჭეშმარიტი ქრისტიანი მაშინ ხდება ადამიანი, როცა მთელი სულითა და გულით შეიყვარებს ღმერთს და როცა მოყვასი საკუთარი თავივით უყვარს. ეს კი ნიშნავს ცხოვრობდე სხვათა საამებლად, და არა საკუთარი სიამოვნებისთვის. ასეთ სიყვარულში მჟღავნდება ღვთის სიყვარულიც. არასდროს არ უნდა ვაწყენინოთ სხვას, არავისზე არ უნდა ვთქვათ ცუდი, სულ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ეკლესიაში უნდა ვიაროთ ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ დღესასწაულზე, უნდა გვახსოვდეს, რომ კვირა დღე უფლის დღეა. ამ დღეს ღვთისმსახურებას ყველა მლოცველი ესწრება, ამ ქვეყნისანიც და ზეციერნიც. უნდა ვიყოთ ეკლესიის, ქრისტეს მორჩილნი. მკაცრად უნდა ვიცავდეთ მარხვას, ოთხშაბათსა და პარასკევსაც. უნდა ვკითხულობდეთ დილისა და საღამოს ლოცვებს, სახარებას, ფსალმუნებს, წმიდა წიგნებს. გამუდმებით უნდა ვამბობდეთ იესოს ლოცვას, ღვთისმშობლის ლოცვას.

ცოდვის ჩადენისთანავე უნდა მოვინანიოთ იგი, რომ მოძღვრისგან მივიღოთ შენდობა. ყველგან უნდა ვიქცეოდეთ სამაგალითოდ, თავს უნდა ვიკავებდეთ ზედმეტი ემოციებისაგან. არ უნდა მივეცეთ ვნებებს და განცდებს, უნდა დავთრგუნოთ ისინი.

როცა ღმერთი დაინახავს, რომ განწმენდისაკენ მისწრაფვით, თვითონვე დაგვეხმარება და მოგცემს ამის ძალას.

აი, რას ამბობს უფალი:

„უკეთუ ვინმეს ვუყვარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხენ, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მივიდეთ მისსა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14, 23).

ასეთი მართლმადიდებლური რწმენა იოლად როდი მოვიდა ჩვენს წინაპრებთან. იგი განბანილია წმინდანთა სისხლით, გამოწრთობილია გავარვარებული რკინით, მისთვის ეწამა მილიონობით მორწმუნე.

იყო დრო, როცა ქრისტიანები სისხლით იცავდნენ სარწმუნოებას. ასე მოიტანეს მათ ჩვენამდე ეს რწმენა და იგი ჩვენ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ასე უნდა გაგრძელდეს უფლის მეორედ მოსვლამდე.

ერთგულნი უნდა ვიყოთ ეკლესიისა, სიკვდილამდე უნდა ვუერთგულოთ ქრისტეს, რათა ვერავითარმა უბედურებამ, შიშმა თუ სირცხვილმა ვერ გადაგვახვევინოს ჭეშმარიტების გზიდან.

„ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“. - ამბობს პავლე მოციქული (ეფეს. 4, 5).

ჭეშმარიტი რწმენა ერთია და მას მართლმადიდებლობა ეწოდება. ეშმაკი ცდილობს დაჰყოს ეს ჭეშმარიტება, ბზარი გაუჩინოს. იგი აცდუნებს ხალხს და აბამს მათ სხვადასხვა სექტებში. ვაი მათ, ვინც განუდგება მართლმადიდებელ ეკელესიას. მათ უდიდესი სასჯელი ელოდებათ ღვთის ღალატისათვისმ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომისათვის.

ეკლესია ის გოლგოთაა, რომელსაც ვერავინ შეარყევს. რამდენჯერ დაესხა მტერი მას?! დღეს მათი სახსენებელიც არსადაა, ეკლესია კი დგას ურყევად, მედგრად, რადგან მისი საძირკველი თვით ქრისტეა, უძლეველი ქრისტე. და სულ ასე იქნება სამყაროს დასასრულამდე. რამდენჯერაც უნდა შეეცადონ ჯოჯოხეთის ძალები მასზე აღზევებას, იმდენჯერვე დამარცხდებიან, რადგან იგია სვეტი ჭეშმარიტებისა.

მართლმადიდებელთა კალენდრის უტყუარობის შესახებ

ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, ეკვატორს, ციურ მერიდიანებს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს: „როდესაც მე შევქმენი დედამიწა ... ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა“ (იობი 38, 5). ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც.

უსასრულობაში, მარადისობაში, სიყვარულში ანუ ღვთიურ განზომილებაში დრო არ მოქმედებს და არც არსებობს. იგი მხოლოდ წუთისოფლის, მიწიერი სამყაროს საზომადაა დადგენილი და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებას ემსახურება.

ეკლესიაში დროის განწმენდა ხდება. ღვთისმსახურების პროცესში დრო წმიდა სიმბოლოებისა და რიტუალების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ, წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს. წრე - მარადიულობის სიმბოლოა, ამიტომ საეკლესიო კალენდარს მკაცრი რიტმიკა, მკაფიო მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდა ახასიათებდეს. საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა როდია, არამედ ჟამთასვლისაგან განწმენდილი ხატი, რომელიც მარადიულობაში მყოფობს.

რა კალენდრით სარგებლობს დღეს ჩვენი ეკლესია?

იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალანდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი დრო 5 საათი 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს.

325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში.

არსებობს კალენდრის რამდენიმე სახე: მზისიერი, ვარსკვლავური, მთვარის. უფრო რთული სტრუქტურის მქონე კალენდრებიც არსებობს.

რითი გამოირჩევა იულიუსის კალენდარი

დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში.

მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე - დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი - წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28ხ19=532.

ინდიქტიონი იძლევა კოსმოსური, ისტორიული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების რიტმი შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის რიტმთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი საეკლესიო კალენდარი და არ უნდა დაუმორჩილოს იგი ამქვეყნიურ ხორციელ მოთხოვნილებებს.

თუმცა აქაც ჩაერია ეშმაკის ბოროტი ხელი. მას არ ძალუძს დროის შეჩერება ან შეცვლა, მაგრამ მაინც არ აძლევს ადამიანებს ცხოვრების მოწესრიგების საშუალებას. ცდილობს, აუბნიოს მას გზა-კვალი და რაც შეიძლება მეტად დააცილოს ჭეშმარიტებას.

იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე.წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.

გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო:

რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე.

საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალებდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი - კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს.

შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-20 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება.

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან - 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება იგი განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს.

გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა. ნიშანდობლივია, რომ კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი“ რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის“. პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს.

ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები.

1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი სტილი საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა უღვთო ბოლშევიკურმა რეჟიმმა. თუმცა საქართველოს მოსახლეობა დღემდე არ შეეგუა ახალ სტილს და სოფლების უმრავლესობა შობა-ახალ წელს კვლავ ძველი სტილით აღნიშნავს.

1900-2010 წლებში ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღეს შეადგენს.

გადავხედოთ ბიბლიას

როგორი საზომით იზომება მასში ერთი დღე?

„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე ერთი. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მეორე. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მესამე“... და ა.შ.

სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე?

პასუხი სავალალოა - ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს.

გრიგორიანულ სტილს ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია გრიგორიანული კალენდრის, ანუ ახალი სტილის მიღება.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა.

მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ?

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, - როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას, ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგულებელყოფილი აქვთ.

მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

„მახარებელი“ ზ 3, ჭულევის მონასტერი, 2000 წ.

ჟურნალი „წყარო“ ზ 21-22, 1993 წ.

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

„სულიერება ის მდგომარეობაა, როცა ადამიანის ემოციური მხარე მიილტვის სილამაზის იდეალისაკენ, ნებამოწყალების უანგარო საქმეებისაკენ და გონება - ჭეშმარიტებისაკენ“

შესავალი

კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს?

მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული.

კ.: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება?

მ.: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი.

კ.: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში?

მ.: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა.

კ.: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ?

მ.: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი.

კ.: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები?

მ.: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან - არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11)

კ.: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას?

მ.: ეს ცდომილებანი შემდეგია ა) კათოლიკენი ასწავლიან, თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის მოადგილე დედამიწაზე; ბ) ამბობენ, რომ რომის პაპი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს, არასოდეს ცდება, ანუ მის შეუმცდარობას ამტკიცებს; გ) მათ სწამთ, თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; I-II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული „მრწამსის“ საწინააღმდეგოდ. დ) აღიარებენ ღვთისმშოვლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან; ე) აქვთ სწავლება, თითქოს წმიდანებს იმაზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო; ვ) ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ; ზ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ სისხლით; თ) ზიარებაში იხმარება გაუფუებელი პური; ი) მარხულობენ შაბათს; კ) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ. ერთი სიტყვით, დიარღვა დოგმატური ერთობა - ეკლესიის ერთობის პრინციპი, ერთმა ეკლესიამ მიითვისა ზოგადად მთელი ეკლესიის ღირსება; სიყვარულის პრინციპი შეცვალა დამორჩილების პრინციპმა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / უავტორო / ჩვენთან არს ღმერთი!