ათონელი ეზრა

წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ქართველისაჲ, რომელმან აღაშენა მთაწმიდას დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ

 

 

 ახალი შუენიერებაჲ ეკლესიასა ქრისტჱსსა დღესასწაული შენი, მამაო იოანე, ბრწყინვალედ შეუმოსიეს დღეს და ყოველთა ახარებს ახალსა სიხარულსა, რამეთუ შეერთებულ ხარ წმიდათა მწყობრსა ძისა შენისა თანა და ერთობით იხარებთ წინაშე ღმრთისა, მეოხ გ[უე]ყვენით სულთა ჩუენთათჳს!

 

 უღელსა ტკბილსა ქრისტჱსსა ქედი შენი მოუდრიკე და მიუდრეკელად წარჰმართენ სლვანი შენნი ზეცისა სუფევისა მიმართ, მამაო იოანე, და ურნატი სულისაჲ შრომათა შენთა ოფლითა განაპოხენ შენ და ნაყოფი კეთილი გამოიღე და მიართუ უფალსა შენსა, რომლისაგან ნიჭნი მოგეცნეს!

 

 განაბრწყინვენ ჟამნი შენნი კეთილად მოღუაწებითა, რაჟამს ყოველივე დიდებაჲ ქუეყანისაჲ დაუტევე, ღმერთ-შემოსილო მამაო იოანე, და ღმერთი შეიყუარე, სიმდიდრე წარუპარველი, რომლისა მიერ იდიდე საუკუნოდ; მისა მიმართ მეოხ გუეყავ, რომელნი დღეს ჴსენებასა შენსა ვადიდებთ...

 

 დიდებაჲ მსოფლიოჲ განხრწნადი დაუტევე იწროსა მას გზასა მავალ-ჰყვენ ფერჴნი შენნი, მამაო იოანე, ხოლო უცხოებაჲ გექმნა შენდა წინამძღურად გზისა მის ჭეშმარიტისა, და სავანედ შუენიერად მიიწიე მაღლისა სიმდაბლისა და საშუებელად ჰპოე მორჩილებაჲ უზაკუველი, წმიდაო, რომელთა მიერ აწ აღიწიე ღირსო სრულსა სისრულესა ზეცისა სუფევისასა, მომიჴსენენ ჩუენ მადიდებელნი შენნი!

 

 ყოველნი ღირსად შეგასხამთ დღეს, იოანე, გალობითა და შესხმითა სულიერითა ძისა შენისა თანა, ნეტარისა ეფთჳმესი, რამეთუ იქმენ ჭეშმარიტად შვილსა ზედა სახარულევან, რომლისა მიერ განამრავლენ შვილნი უდაბნოჲსანი და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა და აწ პირმშოსა მას ზეცათა სიონსა ერთობით იხარებთ წინაშე სამებისა წმიდისა, მეოხ გუეყვენით მადიდებელთა თქუენთა!

 

 მოვედით, ჵ მწყობრნო მგალობელთანო, და განვაწყოთ ჩუენ ხოროჲ ტაძარსა შინა

ღმრთისა დედისასა და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან გამოაჩინნა ნეტარნი ესე და მჴნენი მოღუაწენი, იოანე და ეფთჳმი, რომელთაცა აღაშენეს ლავრაჲ ესე დიდებული და წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელსა შინა მდგომარე ვართ და სურვიელად აღვასრულებთ დღესასწაულსა მათსა და მათ მიერ ვითხოოთ ქრისტჱსგან მოტევებაჲ ცოდვათაჲ და ჴსნაჲ განსაცდელთაგან და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

 სათნოებითა განჰმდიდრდი, მამაო, და უფროჲს ყოველთასა სიგლახაკე შეიყუარე და უცხოებასა მიეც თავი შენი და ჰმწირობდ, ვითარცა რაჲ მამათმთავარი, ხოლო განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა სოფლისათა; ამისთჳსცა იხარებს კრებული ქართველთაჲ და იქადიან შენთთჳს და განსცხრებიან სიხარულით განსწავლულნი ძისა შენისაგან. არამედ, ჵ ნეტარნო მოღუაწენო და ყოვლად ქებულნო მამანო, იოანე და ეფთჳმი, სამკაულნო და საქადულნო ნათესავისა ჩუენისანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ საჴსენებელსა თქუენსა...

 

 მოგუხედენ მაღლით, ღმერთ-შემოსილო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი, გარე წარგუჴადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი სამწყსოთა ამათ შენთა და მგალობელთა, მდგომარეთა წინაშე სამარხოსა ნაწილთა შენთასა, და შეწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა თანა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსსა თანაშეწევნითა ზეცისა მჴედრობათაჲთა და წინამორბედისა და იოანე ღმრთის-მეტყუელისაჲთა, სანატრელო ეფთჳმი, სოფლისათჳს მშვდობაჲ ითხოვე!

 

 იწრო არს ჩემდა, ნეტარო იოანე, ყოვლით კერძოვე შესხმად შენდა ჴელყოფად, არამედ ვხადი ყოვლისა შეძლებულსა ოხასა შენსა, რათა მომეცეს სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა.

 

 დასაბამსავე სოფლით გამოსლვისასა დასაბამი სიბრძნისა, შიში ღმრთისაჲ გულისჴმა კეთილ, რომლითა მოიძულე საწუთროჲ ესე, მამაო იოანე, აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა!

 

 იქადის ტაოჲ, ქუეყანაჲ იგი თქუენი, თანა-მკჳდრითურთ თქუენთჳს, ყოვლად ქებულნო, რამეთუ მიერ აღმოსცენდით, წმიდანო, იოანე და ეფთჳმი სანატრელნო, და განანათლეთ ნათესავი ქართველთაჲ.

 

 და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ, და შეიყუარე სიმდაბლე, უცხოებაჲ, რომლისა მიერ აღიწიე სიმაღლედ სასუფეველისა, წმიდაო იოანე!

 

 ევაჲს ცთომითა სიკუდილი დაგუესაჯა, ხოლო შენ მიერ, წმიდაო ღმრთისმშობელო, ცხორებაჲ ვპოვეთ, რამეთუ ღმერთი გჳშევ, მადიდებელი აღმსაარებელთა შენთაჲ და ღირსთა თჳსთა გჳრგჳნოსან მყოფელი!

 

 ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მადიდებელნი შენნი, ღმერთ -შემოსილო მამაო იოანე, რათა ვაქებდეთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა!

 

 უცხოებამან შენმან, ღმერთ-შემოსილო, და სივლტოლამან კაცთა დიდებისამან, დაგადგინა შენ სასანთლესა მაღალსა, რათა ჰნათობდე სათნოებათა შენთა ელვარებითა ყოველთა ცის-კიდეთა!

 

 დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ არს მოღუაწებათა აწ ლავრაჲ შენი და ჴმა-მაღლად ქადაგებს შრომათა შენთა, მამაო იოანე!

 

 ერჩდი ნებასა მამისა შენისასა, ბრძენო ეფთჳმი, და კეთილად განაგენ სამწყსონი შენნი, მის მიერ რწმუნებულნი შენდა, მამაო, და წესი სულიერი შემდგომთა ბრწყინვალედ დაუტევე!

 

 ნეტარებასა ძისა შენისა მიერ ღირს იქმნებიან აღმსა[ა]რებელნი შენნი დედად მხსნელისად, და ნეტარ არს, რომელმან იცის გალობაჲ და ჯეროვანი შესხმაჲ შენი, ქალწულო, ყოველთა დედოფალო!..

 

 იხარებს ღირსად ბანაკი მონაზონთაჲ შენთჳს, წმიდაო მამაო იოანე, რამეთუ სიმჴნე დიდი შესძინე მათ და სირცხჳლითა აღსავსე არს ეშმაკი, მოღუაწეთაგან დამჴობილი სრულიად.

 

 საძნაურთაგან ამის საწუთროჲსათა განრომაჲ ჩუენი იღუაწეთ, მოღუაწენო ქრისტჱს ღმრთისანო, რომლისაცა წინაშე კადნიერებით მდგომარე ხართ, მამანო იოანე და ეფთჳმი სანატრელნო!

 

 მხიარულებით სულებმან მართალთამან შეიწყნარეს დღეს სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, ღმერთ-შემოსილო! საწადელისა შენისა ქრისტეს თანა მომიჴსენენ ჩუენ მადიდებელნი შენნი!

 

 ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და მეფისა ჩუენისა[თჳს] ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლ-მადიდებლობისაჲ ქრისტეს ღმრთისაგან, წმიდაო იოანე, და სულთა ჩუენთა[თჳს] უხუად დიდი წყალობაჲ!

 

 ეკლესიაო ქრისტჱსო, იხარებდი და შეიწყნარე დღესასწაული ესე ყოვლად ღირსისა იოანე მართლისა და საჴსენებელად საუკუნოდ დაჰმარხე და ახარებდი წლითი-წლად შვილთა შენთა!

 

 რომელმან უტყჳ ენაჲ ჩემი მეტყუელ-ჰყავ გალობად შენდა, მამაო იოანე, შენ შეიწირე გულს-მოდგინებაჲ ჩემი და მოტევებაჲ ცოდვათაჲ მითხოვე მე ქრისტეს ღმრთისაგან, შემსხმელსა ამას შენსა!

 

 შიში მერმისა საშჯელისაჲ განმლევს მე, რამეთუ უწყი სიმრავლე ბრალთა ჩემთაჲ, ღმრთისა დედაო, პირველ აღსასრულისა ლმობიერებაჲ ჯეროვანი მომმადლე, რათა განვერე მე მერმისა რისხვისაგან!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ათონელი ეზრა