იოვანე ნათელისმცემელი

 

წინამორბედი და წინასწარმეტყველი იოვანე ნათლისმცემელი ღმერთმა იუდეველებს წარმოუგზავნა, რათა მათთვის თვალები აეხილა საკუთარი ცოდვების დასანახად და მოემზადებინა ისინი იესო ქრისტეს მისაღებად, რადგანაც ვინც თავის შეხოდებათა მიმართ ბრმა დარჩება, ის ვერც მონანიების გზაზე დადგება.

იოვანე ნათლისმცემელმა უწყოდა, რომ მისი მშობელი ხალხის მთავარი სენი ამპარტავნება და ქედმაღლობა იყო, ცოდვათაგან ყველაზე მძიმედ განსაკურნი, ამიტომაც მხურვალედ მოუწოდებდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ და „განაჰმზადეთ გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“ (მათე 3, 2-3). ე.ი. მოემზადეთ სახარებისეული ცხოვრებისათვის და სჯულის მცნებანი სწორი ანუ სულიერი ჰყავითო.

წინასწარმეტყველი თავს არ გამოარჩევდა იუდეველთაგან და მონანიების მაგალითს პირადად აძლევდა თანამემამულეებს. ამაზე მისი სამგლოვიარო სამოსიც მეტყველებდა. „ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მის თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა“ (მათე 3, 4). წმიდა წერილის მიხედვით სარტყელი აუცილებელი ნაწილია ყველა წინასწარმეტყველის შესამოსელისა.

როგორც ფიქრობენ, ისინი ტყავის სარტყელს ატარებდნენ ან იმ მუდმივი ჯაფის წარმოსადგენად, რომელსაც ეწეოდნენ, ან კიდევ იმიტომ, რომ სარტყელი მათთვის სიმბოლო იყო ხორციელი ვნებების სიკვდილისა იმდენად, რამდენადაც ტყავი მკვდარი ცხოველის ნაწილია. იოვანეს საზრდოს, როგორც სახარება მოგვითხრობს, მხოლოდ მკალი და ველური თაფლი წარმოადგენდა.

ვისაც მისი სიტყვა გულამდე წვდებოდა და სინდისის ქენჯნას უღვიძებდა საკუთარი ცოდვების გამო, წინასწარმეტყველი იოვანე მდინარეში ნათლავდა, რაც სრულიადაც არ გულისხმობდა ცოდვათა მიტევებას, იგი მხოლოდ ამზადებდა მათ ქრისტეს ნათელის მისაღებად, რაც უკვე ცოდვათა მიტევებასაც მოასწავებს. იოვანე მათ ეუბნებოდა: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთ ტვირთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. როცა ნათლისმცემელი აღიარებდა, რომ იგი არ იყო ღირსი უფლის ფეხსაცმელთა ტარებისაც კი, გამოხატავდა უღრმეს მორჩილებას, მანამდე უცნობს სამყაროსათვის, რადგან ნიშანი მონობისა, რაც მონას ბატონის საკუთრებად აქცევდა, იყო მისი ნივთების ტარება აბანომდე.

იორდანეზე იოვანე წინასწარმეტყველისაგან ნათლისღებისათვის მივიდა თავად უფალი, იესო ქრისტეც, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ვისაც ჭეშმარიტი ნათლისღება სურს, ის ჯერ უნდა განიწმინდოს. ნათლისმცემელი წინ აღუდგა მას, რადგან იცოდა, ვინ იყო იგი და არ სურდა ხალხს ეფიქრა, რომ ქრისტეც, ვითარცა ერთი მრავალთაგანი, მოსანანიებლად ინათლებოდა.

„მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა?“ მან, როგორც ეს ჭეშმარიტად მორჩილ შვილს შეეფერება, ვერ გაბედა ეთქვა უფლისათვის: „და შენც ჩემგან ინათლები?“ ამიტომ ჰკითხა: „შენც ჩემთან მოდიხარ?“

რადგანაც ყოველი უზნეო საქციელი ღვთის პირდაპირი გმობაა, იოვანე ნათლისმცემელი ვერ ურიგდებოდა ზნედაცემულობის ვერცერთ კონკრეტულ შემთხვევას. მან დაუნდობლად ამხილა ებრაელთა მეფე ჰეროდეც, რომელმაც თავისი ძმის, ფილიპეს, მეუღლე ჰეროდია შეირთო, მაშინ როცა ძამ ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. საქვეყნოდ მხილებისა და გაკიცხვის გამო დედოფალმა ჭირის დღესავით შეიძულა იოვანე ნათლისმცემელი და მეფეს საპყრობილეში გამოაკეტინა. ჰეროდია მის მოკვლასაც მოითხოვდა, მაგრამ ჰეროდე უფრთხოდა ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ეშინოდა ხალხისა და თავად იოვანესიც. მან იცოდა, რომ ნათლისმცემელი „კაცი მართალი და წმიდაი არს და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივს უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისა“ (მარკ. 6, 20).

დედოფალმა მაინც იპოვა ხელსაყრელი ჟამი თავისი სურვილის აღსასრულებლად. ჰეროდემ თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ნადიმი გამართა. ნადიმზე ჰეროდიას ასულის, სალომეას, ცეკვამ მეფე ისე მოხიბლა, რომ ფიცით აღუთქვა მიეცა, რასაც კი ითხოვდა. დედისაგან წინასაწარ დარიგებულმა ქალიშვილმა მოითხოვა: „მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისა“ (მათე 14, 8). აქ მომეციო - უთხრა, რადგან, როგორც ჩანს, შეეშინდა, რომ ჰეროდე გამოფხიზლების შემდეგ ფიცს გატეხდა.

მეფე შეწუხდა, შეწუხდა იმიტომ, რომ სათნოება თვით მტერშიც კი პატივისცემასა და გაოცებას აღძრავს, მაგრამ ფიცი მაინც არ გატეხა და იოვანე ნათლისმცემელისათვის თავი მოაკვეთინა. ამ ბოროტმოქმედების მონაწილენი გახდნენ მისი თანამესუფრენიც, რომელთავ ვერ გაბედეს და ვერ სთხოვეს მეფეს უკან წაეღო თავისი ფიცი უფლის წინამორბედისა და წინასწარმეტყველის გადასარჩენად.

მართლმადიდებელი ქრისტიანები იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მარხვით დღესასწაულობენ.

 

გაზეთი „მადლი“, ზ 11, 1990

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / იოვანე ნათელისმცემელი