კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი (+1318)

 

კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი წმიდა ალექსანდრე ნეველის (ხს. 23 ნოემბერს) ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს, მამამისის - დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიხეილის დედამ, ქსენიამ ღვთის მხურვალე სიყვარული გააღვივა თავის ძეში. წმიდანის აღზრდა-განათლებას ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (როგორც ჩანს, კლიმენტი) ხელმძღვანელობდა. მიხეილი ტვერის სამთავროს ტახტზე ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაიწყო ტვერის სამთავროს წინააღმდეგ, შემდეგ კი დამარცხებით გაბოროტებულმა ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმიდა მიხეილი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმიდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ ის გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან - იღუმენ იოანესგან მოწამეობრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. „მამაო, - თქვა წმიდანმა, - ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა“.

ურდოში წმიდა მთავარს ხანის ურჩობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი დიდხანს მომთაბარეობდა ურდოსთან ერთად, მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევასაც სთავაზობდნენ. მაგრამ ნეტარი გაბედულად პასუხობდა: „სიცოცხლეში მტრებს არასოდეს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? არა, იყოს ნება უფლისა!“ ღვთის მადლით, წმიდა მიხეილი ქრისტიანულ ნუგეშინისცემას არ იყო მოკლებული: მას ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. მთავარ იურის დამარცხებისთვის შურისძიების სურვილით აღძრული კავგადის წაქეზებით თაბორში, სადაც უკვე სიკვდილმისჯილი ტყვე ჰყავდათ გამომწყვდეული, მკლელები შეიჭრნენ. მათ სასტიკად გვემეს წმიდა მიხეილი. ბოლოს კი მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). წმიდა მოწამის შიშველი ცხედარი შესაგინებლად დააგდეს, შემდეგ კი სამოსელი გადააფარეს და ურემზე გამობმულ დაფაზე დაასვენეს. ღამით ნეტარის ნეშტს ორი მცველი მიუჩინეს, მაგრამ ისინი საშინელმა შიშმა შეიპყრო და გაიქცნენ. იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმიდა მიხეილის ნეშტი მოსკოვში გადმოასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმიდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიხეილ ტვერელის წმიდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმიდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხ და მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1606 წელს, პოლონელებმა და ლიტველებმა, რომლებიც გარს შემოეწყვნენ ტვერს, არა ერთხელ იხილეს თეთრ ცხენზე ამხედრებული საკვირველი მხედარი მახვილით ხელში, რომელმაც არა ერთხელ უკუაგდო ისინი. როცა წმიდა მიხეილის ხატი იხილეს, მათ ფიცით დაუმტკიცეს ტვერელ მთავარეპისკოპოს თეოქტისტეს, რომ საღვთო ხილვაში ნანახი მხედარი - მიხეილ ტვერელი იყო.

1912 წელს თბილისში აიგო კეთილმსახური მთავრის, მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარი.

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი