მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა

 

მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვა, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართულ რელიგიას მისდევდა. კერძოდ, გრიგოლი იყო წარმომადგენელი იპსისტარიების (უზენაესთა) სექტისა, რომელიც თითქოს უზენაეს ღმერთს სცემდა თაყვანს და ზოგიერთ უდეურ წეს-ჩვეულებას აღასრულებდა, ამავე დროს იგი ცეცხლსაც ეთაყვანებოდა. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ ქმარი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. ამიტომ დღე და ღამ ჰხადოდა უფალს, მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“.

წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რის შემდეგაც იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.

გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, წმიდა ნონას ჭეშმარიტ კეთილშობილებად მიაჩნდა ღვთისმოშიშება და ცოდნა იმისა, თუ საიდან მოვდივართ და სად მივდივართ; ერთადერთი საიმედო და სწორუპოვარი სიმდიდრე კი, მისი აზრით, იყო ქონების ხარჯვა ღვთისა და გლახაკთათვის, განსაკუთრებით კი - გაღარიბებული ნათესავებისათვის.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა. სულით ახოვანმა ქალმა ძვირფას ადამიანთა დაკარგვა ღვთის ნებისადმი მორჩილებით მიიღო.

გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა.

საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, საჭმლისადმი ზიზღს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გარდმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში ა??საწყისში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს).

წმიდა ნონა ქმრის გარდაცვალების შემდეგ თითქმის აღარც გასმოულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

 

წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა