მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+ დაახ. 335)

წმიდა მოწამენი: რისფიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)

 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუის-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვაცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა უფლისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამა: იგი თავდაყირა დაკიდეს ყელზე ლოდებგამობმული, მის ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდალით გავსებული ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს და მტარვალს იმ ჟამს მოაგონებდა, როცა ყველანი შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვდგებით პირუთვნელი მსაჯულის წინაშე. წმიდანის კადნიერებით უმეტესად აღბორგებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და შემდეგ აბუჩად აგდებული, ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად შეაგდო იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.

მას გამღვალი ტყვია ჩაასხეს „ნაწლევთა შინა“, რაც სულიწმიდის მადლით დაცულმა გრილი წყალივით მიიღო და შემოკრებილთათვის „ღმერთისმეცნიერებისა სიტყუათა“ სწავლება განაგრძო. გაკვირვებულ თრდატს არ სურდა ასეთი მხნე ქვეშევრდომის დაღუპვა და ლიქნას მიმართა მის გადმოსაბირებლად, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხოვრებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვისა“, რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემოძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურით ზრდიდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან 35 ქალწულს.

როცა დიოკლიტიანეს (284-305) რიფსიმეს სათნოებისა და ხორციელი მშვენების შესახებ მოახსენეს, მან ქრისტეს შევედრებული ქალწულის ცოლად მოყვანა მოისურვა. რიფსიმემ გაქცევა გადაწყვიტა და ქრისტეს სხვა მხევლებთან ერთად სომხეთს მიაშურა. დიოკლიტიანემ ამის შესახებ თრდატს აუწყა, ქრისტიანთაგან „სიტყვითა გრძნებისაითა“ ცდუნებული ასულის მოძებნა სთხოვა და შესთავაზა, ან უკანვე გამოებრუნებინა იგი, ან თავად დაესვა ცოლად. მეფის მსახურებმა მიაკვლიეს ქალწულებს, რომელთაც საწნეხელისთვის შეეფარებინათ თავი და რიფსიმეს შეაგონებდნენ, მეფის ნებას დამორჩილებოდა. უეცრად საშინლად იქუხა და გრგვინვათა შორის ზეგარდმო გაისმა: „მხნე იყვენით და ნუ გეშინინ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ!“ თრდატის წარმოგზავნილებს შიშის ზარი დაეცათ და დაღონებულნი განერიდნენ იქაურობას. როცა გულბოროტმა მეფემ შეიტყო მომხდარი, ბრძანა, ძალით მოეგვარათ მისთვის რიფსიმე. ქალწული მტარვალის საწოლ ოთახში შეიყვანეს. ტრფიალების ცეცხლით განლეული თრდატი ცდილობდა, დაემორჩილებინა წმიდანი, მაგრამ ვერაფერს გახდა. სირცხვილეული თვითმყრობელი არ ცხრებოდა: მან გაიანე ძალით მოაყვანინა, ქედზე ბორკილი დაადო და უბრძანა გაზრდილისთვის ერჩია „არა წინააღდგომად ყოველსა ბრძანებასა“ მეფისასა. წმიდა იღუმენია ბრძანების საპირისპიროდ, ქალწულების აღთქმას შთააგონებდა ნეტარს, მაცხოვრის ერთგულებაში განამტკიცებდა და სამოთხის სიტკბოებისა და ჯოჯოხეთის სატანჯველების ხსოვნას უცხოველებდა. თრდატის მსახურებმა ქვით კბილები ჩაუმტვრიეს გაიანეს, მაგრამ უღმრთო თრდატის ნებისაებრ მეტყველება ვერ აიძულეს. მაშინ მტარვალის განკარგულებით, რიფსიმე საწამებლად გაიყვანეს: ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ სამოსელშემოძარცვული და ხელფეხშებოჭილი ძელებზე დაჰკიდეს, მუცელში მახვილი უგმირეს და „შინაგანი ნაწლევთა მისთაი დასთხიეს ქუეყანასა ზედა“; ჯალათებმა ჯერ ისევ ცოცხალ მოწამეს თვალებიც დასთხარეს, ბოლოს კი ასო-ასო აკუწეს. ამის შემდეგ გაბოროტებულმა თრდატმა ბრძანა ენა ამოეჭრათ გაიანესთვის და სწორედ ისე მოეკლათ, როგორც რიფსიმეს ამოხადეს სული.

ჯალათებმა მეფისგან საჩუქრის მიღების იმედით, კიდევ უფრო გაამძაფრეს სატანჯველები და გაიანესა და სხვა ორ ქალწულს გატყავებულებს მოჰკვეთეს თავები. ბოლოს სამეოცდაათთაგან ის 33 ქალწულიც მოსწყვიდეს, რომლებიც რიფსიმეს ცხედრის წარპარვის მცდელობისთვის დაატუსაღეს და მათი ცხედრები მხეცებს მიუგდეს.

ღვთის რისხვა არ აცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ისინი ტახებს მიემსგავსნენ, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმელებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ, როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა“, თრდატის დას, კუსაროდუხტს სიმზმრეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმა განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაი შენი მაგიერ“.

სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.

გრიგოლმა უპირატეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩნიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ავფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და ასურეთის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თვისთა“ უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩამოაყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაი დანერგული სულსა შინა ძისა თვისისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ხელნი თვისნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად“. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობს ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილები სომხეთში, ეჩნიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი