მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი (+101)

 

მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა I საუკუნეში, იმპერატორ ტიბერიუსის დროს. მამამისი, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა - საოცრად მომხიბლავი მათიდია კი - მეფის ახლო ნათესავი. ცოლ-ქმარს ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მათთან დასახლდა ფავსტოს ძმა, რომელმაც ძმისადმი შურით აღძრულმა, მათიდიას შეურაცხყოფა დაიწყო. მათიდიამ არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ავკაცის მზაკვრობა, მაგრამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაეტოვებინა ქალაქი. მან ფავსტოს უთხრა, სიზმრად ვიხილე პატიოსანი მოხუცი, რომელმაც მიბრძანა, დაუყოვნებლივ დამეტოვებინა რომი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასჯით დამემუქრაო. ფავსტო მათიდიას არ აძლევდა წასვლის ნებართვას, ცდილობდა, დაემშვიდებინა იგი, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ამაოდ შვრებოდა, მდიდრული ხომალდი აუგო მეუღლეს და უფროს შვილებთან ერთად ათენში გაგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი იმსხვერპლა, გონდაკარგული მათიდია კი ნაპირზე გამორიყა. აქ იგი შეიფარა ერთმა კეთილმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა, შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა მისთვის. მათიდიას უფროსი ძეები - ფავსტო და ფავსტიანე ზღვის მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონად მიჰყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებას ასწავლიდნენ. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნენ და მოინათლნენ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩამოსულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ.

მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულან და უკვალოდ გაქრნენ. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი ოჯახის დაკარგული წევრების საძებრად გაეშურა.

მშობლებს მოწყვეტილი კლიმენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ გართობა-მხიარულებას და წარმართულ ცრუ-სიბრძნეს მისი სული ვერ გუობდა. ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ, ცდილობდა ამქვეყნიური ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქმდე მოაღწია ცნობება ქრისტესა და მის სწავლებაზე, ნეტარმა დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, ყურადღებით მოისმინა მისი დამოძღვრა, შემდეგ კი, პალესტინაში ჩასული წმიდანი პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოშურნე მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, კლიმენტი ვერ იცნეს.

ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმიდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი გაუხარელი ყრმობის შესახებ, რამაც მოციქული შეძრა. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გამოსული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, მათიდიას და მის მფარველ დედაკაცს სნეულებისაგან ძალები წართმეოდათ, ვერ შრომობდნენ და მათხოვრობით ირჩენდნენ თავს. პეტრემ დავრდომილ ქალს აუწყა, რომ მის უმცროს შვილს იცნობდა და სიხარულისაგან გონდაკარგული ქალი ხომალდზე აიყვანა. მათიდიამ შორიდანვე იცნო თავისი ძე. როცა კლიმენტიმაც შეიტყო, ვინ იყო ეს მოხუცი დედაკაცი, მუხლებში ჩაუვარდა და ცრემლად დაღვრილმა ფეხები დაუკოცნა. პეტრე მოციქულის ლოცვით მათიდიასა და მის მასპინძელ ქალს კურნება მიემადლათ, რის შემდეგაც ორივენი თან გაჰყვნენ ნეტარს.

როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე, რომლებიც მოძღვარს აქ წინასწარ გამოეგზავნა. ძმები გააოცა პეტრეს თანმხლები დედაკაცების ხილვამ, კლიმენტიმ კი მათ განუმარტა, რომ ერთი მათგანი დედამისი იყო და თავისი ცხოვრება მოუთხრო. მაშინ ტყუპებმა კლიმენტიში თავიანთი ძმა შეიცნეს, დედასაც გამოემცნაურნენ და სიხარულით გადაკოცნეს. ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღვსილი მათიდია სხვა დედაკაცთან ერთად მეორე დღესვე მოინათლა ზღვის ნაპირზე პეტრეს ხელით.

ამის შემდეგ წმიდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმიდანს და უთხრა: „ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს“. კაცი ამობოდა, ბევრი ვილოცე, ურიცხვი მსხვერპლიც შევწირე ღმერთებს, მაგრამ ჩემი სათხოვარი არ შეისმინესო. პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს, განუმარტა, სწორედ იმიტომ არ გისრულდება თხოვნა, რომ ცრუ-ღვთაებებს ევედრებიო და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. მაშინ უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან, რის შემდეგაც მაცხოვრის უსაზღვრო გულმოწყალებაში დარწმუნებულმა და მადლიერმა მამაკაცმა ნათელ-იღო.

ქრისტეს შემდგარი ოჯახი ანტიოქიაში გაეგზავრა. მმართველმათი თავგადასავალი რომ შეიტყო, ყოველივე რომში აუწყა: აქ მეფის ნათესავის დაბრუნება მოითხოვეს, ზეიმით მიიღეს იგი და მთელი ქონება დაუბრუნეს.

ფავსტო, მათიდია და მათი შვილები რომში დამკვიდრდნენ, პატივსა და დიდებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ უფალს არ ივიწყებდნენ. უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს და ღვთის სიტყვის გავრცელებას ცდილობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები მშვიდობით მიიცვალნენ, მათი ძეები კი სახარების ქადაგებას განაგრძობდნენ. განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა კლიმენტი, რომელიც არ განეშორებოდა რომში მყოფ პატრე მოციქულს. სიკვდილის წინ ნეტარმა მოძღვარმა მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

ქრისტიანთა დევნის უმძიმეს ჟამს წმიდა კლიმენტი ბრძნულად განაგებდა რომის სამწყსოს. მან გამოყო შვიდი მწერალი, რომლებიც წმიდა მოწამეთა ღვაწლს აღწერდნენ და, ამგვარად, უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ერთხელ, აღდგომა დღეს, ნეტარმა ერთდროულად 424 ადამიანს სცა ნათელი. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს ნეტარი - წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ. მაშინ წმიდანმა მსჯავრდებულებთან ერთად ილოცა და უფალმა მიანიშნა წყაროსთვალზე, საიდანაც მთელი მდინარე გადმოდინდა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მიიზიდა პაპ კლიმენტისთან. მისი ქადაგებების გავლენით ურიცხვი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე: ყოველდღე 500 და მეტი ადამიანიც კი ინათლებოდა. მორწმუნეებმა მოახერხეს, რომ ქვის სამტეხლოში გამოეკვეთათ ტაძარი, სადაც კლიმენტი მღვდელმსახურებდა. წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.

მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში („ანგელოზთა ეკლესიაში“) დასავენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამეობრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმიდისათვის. ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმიდა ნაწილები: 50 წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიხეილისა და მისი დედის, თეოდორას (855-867) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩამოსულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოსს - გიორგის ეკლესიური ლოცვისკენ მოუწოდეს სიწმიდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინეპოლში ჩამოსულ სამღვდელოებასა და ურიცხვ ერთად ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივად ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადმოაბრძანეს წმიდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადმოასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმირმა (+1015) კიევში გადააბრძანა.

მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ - მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი