მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+311)

 

მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. როცა იმპერატორებმა დიოკლიტიანემ და მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს, ნეტარი პეტრე ქალაქიდან გადევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას, და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან. ამ დროს ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ აღსდგა უსაჯულო არიოზი, რომელიც ძე ღვთისას ღვთაებრიობას უარყოფდა. წმიდა პეტრემ გაბედულად გაილაშქრა ერეტიკოსის წინააღმდეგ, შეაჩვენა და ეკლესიიდან განკვეთა იგი. მაშინაც კი, როცა არიოზმა მოისურვა მღვდელმთავრისთვის მისი მოწაფეების მეშვეობით დაემტკიცებინა, რომ ნანობდა თავის საქციელს, უარს ამბობდა თავის ცრუსწავლებაზე და ეცადა მისგან წყევის ახსნა გამოეთხოვა, სულიწმიდით განბრძნიბილმა უფლის რჩეულმა ამხილა პირფერი არიოზის მზაკვრობა და სამწყსოსაც დაუბარა, არ დაეჯერებინათ ბილწი მწვალებლისთვის და არ მიეღოთ იგი ეკლესიურ ერთობაში.

დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. მაგრამ იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. ურიცხვი ერი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმიდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი თავად გამოეგება ჯალათებს, რომლებმაც ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს იგი და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, საიდანაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით, როცა ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის სიკვდილი, ურიცხვმა ხალხმა მიაშურა სიკვდილით დასჯის ადგილს. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფელის ცხედარი და თავი აიღეს, ეკლესიაში მიაბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და, თავმდაბლობის გამო, მასზე ასვლას ვერ ბედავდა.

მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე - პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი