ნეტარი მატრონა მოსკოველი (ნიკონოვა)

 

ნეტარი დედა მატრონა (მატრონა დიმიტრის ასული ნიკონოვა (ანგელოზის დღე 9/22 ნოემბერი) - 1885 წელს ტულის გუბერნიის ეპიფანეს მაზრის (ამჟამად კიროვის რაიონის) სოფელ სებინოში დაიბადა. ეს სოფელი კულიკოვის ველიდან ოცი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

მისი მშობლები, დიმიტრი და ნატალია, ღვთისმოსავი, ღარიბი გლეხები იყვნენ. მართალია, პატიოსნად შრომობდნენ, მაგრამ ძალზეც უჭირდათ. ზამთარში ღუმელს თივით ათბობდნენ, რადგან შეშა არ ჰქონდათ. ამ ღუმელზევე ეძინათ. ოთხი შვილი ჰყავდათ: ორი ძმა - ივანე და მიხეილი და ორი და - მარია და მატრონა. მატრონა ყველაზე უმცროსი იყო. მატრონას დედამ, როცა მასზე ფეხმშიმედ იყო, სიღარიბის გამო გადაწყვიტა, ბავშვი დაბადებისთანავე თავშესაფარში ჩაებარებინა, ფეხმძიმობის ბოლო თვეში სიზმარი ნახა: „ზეციდან უზარმაზარი ფრინველი ჩამოეშვა (ადამიანის სახით, ოღონდ თვალების გარეშე) და მარჯვენა ხელზე დააჯდა. ბავშვი ზუსტად ისეთი სახით დაიბადა - შეკრული ქუთუთოებითა და დახუჭული თვალებით. მას თვალის ბუდეები თითქოს გამომშრალი ჰქონდა. მატრონას დედას, ღრმად მორწმუნე ქალს, შეეშინდა უფლისა და ბავშვი სახლში დატოვა.

უჩვეულო ნიშ-სასწაულებით გამოირჩეოდა ბავშვის ნათლობა. როდესაც მღვდელმა ჩვილი ემბაზში ჩაუშვა, იქიდან ორთქლის სვეტი ამოვიდა, ირგვლივ კი არაჩვეულებრივი სურნელი მიმოეფინა. ყველა გაკვირვებული კითხულობდა: რისი სურნელია?! ეს რა არის? მოძღვარმა თქვა: „რამდენი ბავშვი მომინათლავს, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ღვთის გამოგზავნილია ეს გოგონა და იგი წმინდა იქნება“. დედამისს კი მიმართა: „თუკი რამეს მოგთხოვთ ბავშვი, გამაგებინეთ, არ მოგერიდოთ“.

მარტონა წამოიზარდა; ზამთარში რომ არ შესცივნოდა, ღუმელზე ეძინა მშობლებთან ერთად; მშობლებს ხანდახან ღამით გამოეღვიძებოდათ ხოლმე და ბავშვი ლოგინში არ ხვდებოდათ. ის ოთახის კუთხეში მოკალათდებოდა და ხატებით თამაშობდა. გარს მკრთალი შუქი ედგა. პირმცინარი ბავშვურ ენაზე ეტიტინებოდა ხატებს. დედა წამოდგებოდა, ჩვილს შეახვევდა და ისევ ღუმელზე მიაწვენდა. ეს ხშირად მეორდებოდა. როცა წამოიზარდა, ღამე დედის დაძახებას გამოეპასუხებოდა: „აქა ვარ! მშვიდად დაიძინე. მე მალე მოვალ!“ როგორ ახერხებდა დამოუკიდებლად ეს პაწაწინა ბავშვი ღუმლიდან ჩამოსვლას, როგორ სწვდებოდა და როგორ იღებდა ხატებს, ვერავის აეხსნა. ასეთი იყო მისი პირველი საკვირველი ქმედებები.

როცა მატრონა უკვე სამი წლის იყო, ხანდახან ქუჩაში გამოდიოდა სათამაშოდ. მეზობელი გოგონები დაუდარაჯდებოდნენ, ჭინჭრით დასუსხავდნენ და ღრმა ორმოში ჩასვამდნენ, შემდეგ კი იმალებოდნენ. უყურებდნენ, როგორ წვალობდა ბრმა ბავშვი და როგორ ცდილობდა ორმოდან ამოსვლას.

შემდეგში როცა სათამაშოდ ეძახდნენ, უარობდა: „თქვენ ჭინჭრით მსუსხავთ, ორმოში მსვამთ, დამცინით ბრმას. სათამშოდ აღარ წამოვალ“. გოგონა ნელ-ნელა ჩამოშორდა ბავშვებს და შინიდან აღარ გადიოდა.

ერთხელ ექვსი წლის ასაკში დედა გაუჯავრდა: „რატომ იხსნი ჯვარს? ო, როგორ დამტანჯე, შე ბრმავ!“ მატრონამ უპასუხა: „დედა, ბრმა შენა ხარ. ჩემი ჯვარი მე მკერდზე მაქვს“. მატრონა მკერდზე გამოსახული ჯვრით დაიბადა. დედამ ახლაღა შეამჩნია ჯვარი და სინანულით უთხრა: „საყვარელო შვილო, მაპატიე, სულ რომ გიჯავრდებოდი. არც კი ვიცოდი, მკერდზე ჯვარი რომ გქონდა გამოსახული“.

როცა წამოიზარდა, დედას სთხოვა: „ქათმის დიდი ბუმბულები მომეცი“. მისცეს. მათგან ყველაზე დიდი ამოარჩია, რომელსაც ბუმბულები მთლიანად შემოაცალა და დედას ეუბნება: „დედა, ხედავ ამ ბუმბულს?“ „რაღაა მანდ სანახავი, ცარიელი ღეროა!“ „აი, ჩვენს მამა-მეფესაც ასე გააშიშვლებენ“. დედა შეშინდა და გააფრთხილა, რომ ასეთი ლაპარაკი ძალზედ საშიში იყო. „ნუ გეშინია, დედა, მეფე უკვე გააშიშვლეს“.

მატრონას ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა სულიერი განსჯისა და ხედვის უნარი. შეეძლო, ეწინასწარმეტყველა ესა თუ ის მოვლენა. მასთან რჩევისათვის მოდიოდნენ ახლობლები. შემდეგ უკვე სხვა გუბერნიებიდან და ქალაქებიდანაც იწყეს მოსვლა.

უფალმა, როგორც თავის რჩეულს, სულიერი ხედვის უნარი მიანიჭა, რითაც იგი ხილული და უხილავი სამყაროს საიდუმლოებებს სწვდებოდა.

მასთან მოჰყავდათ მწოლიარე ავადმყოფებიც, ღამეს გაათევდნენ და მეორე დღეს გამოჯანმრთელებულები მიდიოდნენ. მატრონა ხალხის დიდი დამხმარე იყო.

ერთხელ, გაიღვიძა თუ არა დილით, დედას უთხრა: „მოემზადე, მალე ქორწილი მექნება“. დედა მაშინვე წავიდა ტაძარში და მოძღვარს ყველფარი უამბო. ღვთის მსახურმა მოინახულა მატრონა და აზიარა (მისივე სურვილით ყოველთვის სახლში აზიარებდნენ). რამდენიმე დღის შემდეგ ხალხმა მისვლა დაიწყო საზიდრებით, მწოლიარე ავადმყოფებითა და რატომღაც მატრონას კითხულობდნენ. ხანდახან ხუთი-ექვსი საზიდარი ერთად მოდიოდა. მარტონა სნეულებს ლოცვებს უკითხავდა. განკურნებულნი თავისი ფეხით ბრუნდებოდნენ სახლებში. მატრონა გაკვირვებულ დედას უხსნიდა, რომ სწორედ ეს იყო მისი ქორწილი.

1925 წელს მატრონა სებინოდან მიემგზავრება მოსკოვში, სადაც მან სიკვდილამდე იცხოვრა. მას ძალიან უყვარდა მოსკოვი და ყოველთვის ამბობდა, რომ მოსკოვი რუსეთის გულია. მასთან გამუდმებით მოდიოდა ხალხი. დროდადრო იგი ადგილსამყოფელს იცვლიდა. მძიმე დრო იყო. ყველას ეშინოდა, მატრონა თავიანთ საცხოვრებელ ფართში ჩაეწერათ. ისიც წინასწარ გრძნობდა განსაცდელს. მილიციის მოსვლის წინ ბინას ტოვებდა და ახალ საცხოვრებელში გადადიოდა.

მას წინასწარ, სამი დღით ადრე ჰქონდა ჩვენება და ემცნო თავისი გარდაცვალების თარიღიც.

გარდაიცვალა 1952 წლის 2 მაისს. დაკრძალეს მოსკოვში, დანილოვის სასაფლაოზე; მის საფლავზე მუდამ ჩაუმქრალი კანდელი ანთია.

მისი წმინდა ნაწილები ამჟამად რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის კურთხევით, ღვთისმშობლის საფარველის დედათა მონასტერშია გადატანილი (ტაგანის პრ. 58. ქ. მოსკოვი). გარდაცვალების დღეს, 1999 წლის 2 მაისს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ნეტარი მატრონა წმინდანად შერაცხეს.

 

ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაულები

 

სწავლებები და წინასწარმეტყველებები

მატრონამ წინასწარმეტყველება შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო. ადრეული ასაკში იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდებოდა, იქნებოდა ძარცვა, დაანგრევდნენ ტაძრებს. ყვებოდა, რომ ხალხი მიწების გაყოფას დაიწყებდა, ყველა შეეცდებოდა, რაც შეიძლება მეტი მიწა შეხვედროდა, იხარბებდნენ, შემდეგ კი ყველაფერს მიატოვებდნენ და გაიქცეოდნენ.

ჯაქდოქრობის შესახებ მატრონა ამბობდა, ვინც ბოროტ სულთან ნებაყოფლობით დაამყარებს კავშირს, და იჯადოქრებს, გზა ხსნისა მოჭრილი აქვს, არ შეიძლება მკითხავებთან ურთიერთობა და დახმარებისათვის მათთან მისვლა. მათ შეიძლება ვინმე განკურნონ რომელიმე დაავადებისაგან - დროებით, მაგრამ სულს სამუდამოდ დაუზიანებენ და წარუწყმედენ. ჯადოქრობა ბოროტი სულისადმი ნებაყოფლობითი დამონებაა. ჯადოქრობის ფესვები უძველესი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ ადამისა და ევას ცოდვით დაცემიდან. მათ როდესაც ღვთის მორჩილება დაარღვიეს, ბოროტებაც ძალაში შევიდა. სატანამ ხალხზე ძალაუფლება მოიპოვა და ძებნა დაუწყო სულმოკლეებს, რომლებსაც ღვთის მიერ შექმნილ სამყაროზე ბატონობას აღუთქვამდა. ხალხში გავრცელებული ოკულტიზმი, შავი თუ თეთრი მაგია, ჯადოქრობა, - აი, სწორედ ესაა ბოროტი ძალებისა და დემონებისადმი უშუალო მსახურება.

მატრონა ამბობდა: „მტერი მარცხენა მხარზე გვიზის, ანგელოზი მარჯვენაზე. ორივეს თავისი წიგნი აქვს. ერთში ჩვენი ცოდვები იწერება, მეორეში - კეთილი საქმეები. ხშირად გადაიწერეთ პირჯვარი.“

კიდევ ამბობდა: „თუ კი ავადმყოფები, მოხუცები ან სულელები რაიმე საწყენს გეუბნებიან, არ გაჯავრდეთ, უბრალოდ, ეცადეთ დაეხმაროთ და მთელი გულით შეუნდოთ.“

მოქცეული ადამიანები ჩვენს დროში უმეტესად ახალგაზრდები არიან. ისინი განიკითხავენ მღვდლებს, ირჩევენ მოძღვრებს, თან ერთს კი არა, რამდენიმეს. სხვადასხვა მოძღვართან სირბილით კი შეიძლება დაკარგონ სულიერი ძალა და ცხოვრების სწორი მიმართულება. მატრონა ასეთ საქციელს არ იწონებდა. ყოველთვის გვეუბნებოდა: „როცა მოძღვართან მიდიხართ, ილოცეთ, რომ უფალმა ამ მოძღვარს სიბრძნე მიანიჭოს, რათა თქვენ, სწორი რჩევა-დარიგება მოგცეთ.“

ხშირად გვიმეორებდა: „რატომ განიკითხავ სხვა ადამიანებს? ხშირად იფიქრე შენზე. ყველა ცხვარი საკუთარ კუდზეა ჩამოკიდებული. შენს კუდზე იფიქრე, სხვისას ნუ დაეძებ!“

სიზმრებზე ამბობდა: „არ მიაქციოთ ყურადღება სიზმრებს, - ბოროტისაგან არის, რომ დაგანაღვლიანოს და აზრები აურიოს ადამიანს.

მატრონა ლოცვებში ყოველთვის იხსენიებდა მიცვალებულებს და სხვასაც სთხოვდა, მოეხსენებინათ წასულები. ერთხელ მასთან მეზობელმა ქალმა, ანა გიორგის ასულმა, მოირბინა და უამბო, რომ მისი დის, ნატალიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მას გამოეცხადა და, რომელმაც უთხრა: „აი, შენ, გაუთავებლად მსაყვედურობდი, მოსახსენიებელში რომ ვიხსენიებდი ნაცნობ თუ უცნობ გარდაცვლილებს და ამით დროს ვკარგავდი. საზვერეები ისარივით გავიფრინე. ყოველი მხრიდან ისმოდა ვედრება: „უფალო, შეიწყალე ნატალია, ის ჩვენ ყოველთვის გვიხსენიებდა!“

ერთხელ მატრონას ჰკითხეს:

„რატომ დაუშვა უფალმა ტაძრების ნგრევა და გაუქმება?“ მან უპასუხა:

„ეს ღვთის ნებაა იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლი შემცირდა, მსახურებაც იკლო, ხალხი ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშაა, თავის თავს აღარ ეკუთვნის. ბოროტი ძალა მოქმედებაში მოვიდა. ის ჰაერშია, ყველგან და ყველაფერში აღწევს. ადრე დემონები ჭაობებსა და დაბურულ ტყეებს ფლობდნენ. რადგან ხალხი ტაძრებში დადიოდა, ყველანი ჯვარს ატარებდნენ, სახლები ხატებით იყო დაცული, კანდელები ენთოთ, სიწმინდეები გააჩნდათ. ბოროტი სული ასეთ სახლებს გვერდს უვლიდა. ახლა კი ხალხი შეიცვალა, ღმერთი დაივიწყეს, აღარა სწამთ.“

დედა მატრონა სახელმწიფოში დიდ ცვლილებებს წინასწარმეტყველებდა. კითხვაზე, თუ როდის დაიწყებოდა ეს ცვლილებები, პასუხობდა: „ომის შემდეგ ჯერ სტალინს მოიშორებენ, შემდეგ სახელმწიფოს სათავეში ერთმანეთზე უარესები მოვლენ. დაიტაცებენ რუსეთს. „ამხანაგები“ ომის შემდეგ საზღვარგარეთ იმოგზაურებენ და კბილებს დაიმტვრევენ. ზოგიერთები იქ სხვა ცხოვრებას ნახავენ და მიხვდებიან, რა არის კარგი და რა - ცუდი, მიხვდებიან, რომ ძველებურად ცხოვრება დაღუპვის ტოლფასია. და ამ დროს გამოჩნდება მიხეილი, რომელიც მოინდომებს ყველაფრის შეცვლას, გადატრიალებას. წინასწარ, ზუსტად რომ სცოდნოდა, რომ არსებითად ვერაფერს ვერ შეცვლის და ყველაფერი ეს რა დაუჯდება, ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა. დაიწყება არეულობა, ქაოსი. ერთ პარტიას მოჰყვება მეორე. მაგრამ ეს ცოტა ხნით გაგრძელდება. შემდეგ ყველაფერი იქნება: წირვა წითელ მოედანზე, მსახურება...“

„შემდეგ მოვლენ ისევ ძველები, უფრო უარესი იქნება, ვიდრე იყო. მოვა დრო, წინ დაგიწყობენ ჯვარს და პურს და გეტყვიან: „აირჩიეთ“ - აირჩევთ ჯვარს“.

კითხვაზე - „როგორღა ვიცხოვრებთ?“ პასუხობდა: „ჩვენ ვილოცებთ, ავიღებთ მიწას, მოვზელთ ბურთულებს, ლოცვით შევევედრებით უფალს, შევჭამთ და მაძღარი ვიქნებით. თავი დაიცავით ჯვრით, ლოცვით, ნაკურთხი წყლით, ხშირი ზიარებით. ხატების წინ, დაე, მუდამ ენთოს კანდელები.“

* * *

რვა წლის იყო მატრონა, როცა ჩვენი ბაბუა (მატრონას დის ქმარი) დააპატიმრეს. ცოლი ნერვიულობდა: „რა ვქნა, ამის შემდეგ რაღა მეშველება?“ - მათ შვიდი თუ რვა ბავშვი ჰყავდათ.

„დაბრუნდება შენი ილია, დაბრუნდება“ - ნუგეში სცა მატრონამ.

„მომწყდი თავიდან, შე ბრმავ!“ - ხელი აუქნია დამ. მატრონამ კი კვლავ მიმართა მას: „თუ ჩემი არ გჯერა, როგორც გენებოს!“.

დის ოჯახი კალოს გასალეწად წავიდა. „სწრაფად გალეწეთ, თორემ ვერ მოასწრებთ“, - გააფრთხილა მარტონამ.

„შენ რა სულ წინასწარმეტყველებ, ბრმავ?“ „თუ არ გჯერათ, ნუ გჯერათ. შეიძლება ვერ მოასწროთ“. დაიწყეს მუშაობა. ამ დროს ვიღაც მორბის ყვირილით: „ილია დაბრუნდა!“ საქმე ყველამ მიატოვა და სახლისკენ გაიქცნენ. მანამდე კი მატრონას წინასწარ¬მეტყველებების არ სჯეროდათ.

შემდეგში, როცა უკვე წამოიზარდა, თორმეტი თუ თოთხმეტი წლის რომ გახდა, რაღაც მოუსვენრობა დაეწყო. „ოჰ, ღმერთო, ნეტავი მალე წამიყვანონ. დედა, შენ კი მარტო ერთი ხატი წამოიღე, მეტი არაფერი გვჭირდება“.

მართლაც, მოულოდნელად მოვიდნენ და კრასნოპოლიეში დეიდა პოლიასთან წაიყვანეს. იმავე დღეს, საღამო ხანს, ხანძარი გაჩნდა, ყველა მეზობლის ბინა დაიწვა. მხოლოდ მატრონას სახლი გადარჩა.

ერთხელ ის სახლს, სადაც მატრონა ცხოვრობდა, ერთი კაცი მიეპარა ავი განზრახვით. მას სახლის დაწვა სურდა. მაგრამ ხედავს, რომ სახლს გვერდით ვიღაცა დგას და დარაჯობს. ერთხელ მიუახლოვდა, მეორედ, მაგრამ იქ ისევ ვიღაც დგას. არც სახლს შორდება და არც დაწვის საშუალებას არ აძლევს. შემდგომში ეს კაცი სინანულმა შეიპყრო, მივიდა მატრონას ახლობლებთან: „თქვენმა ბრმამ მართლა რაღაცა იცის. მე მქონდა განზრახული თქვენი სახლის დაწვა და არაფერი გამომივიდა.“

ანა დიმიტრის ასულ პროხოროვას მონათხრობი

* * *

ერთხელ მატრონამ დედას უთხრა: „დედა, წადი მოძღვართან. მის არქივში, ამა და ამ რიგში, ქვემოდან მეოთხე თაროზე ძევს წიგნი, მასზე გამოსახულია ზეციური დედოფლის ხატი: „დაღუპულთა მოძიება“. ჩვენს ტაძარში ასეთი ხატი არ არის. მიდი მოძღვართან და უთხარი, რომ წიგნი მოიტანოს.“

გაკვირვებულმა მღვდელმა, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ამ წიგნის არსებობა, მოძებნა და მატრონასთან მიიტანა. გოგონამ თქვა: „დედა, მე ამ ხატს გამოვიწერ.“

ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა. დედა დანაღვლიანდა, რითი უნდა გადაუხადოს ხატის ფული? მატრონამ აკურთხა სოფლის ქალები, ოლქის ყველა ეკლესია შემოევლოთ შემოწირულობის ასაკრეფად. შეგროვდა ფულიც, პურიც, ზეთიც, კვერცხიც... მათ მოიძიეს მხატვარი. მატრონამ დაიბარა და ჰკითხა მას:

„შეძლებ ამ ხატის დახატვას?“ მხატვარმა მიუგო, რომ მსგავს სამუშაოს პირველად არ ასრულებდა. „მაშინ წადი, მოინანიე შენი ცოდვები, აღსარება თქვი და ეზიარე...“ „მოდით, ახლავე შევუდგეთ ხატვას.“ „დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ამ ხატის დახატვას?“ მხატვარმა უპასუხა, რომ დარწმუნებული იყო.

დიდმა დრომ განვლო, ბოლოს ხატმწერი მოვიდა მატრონასთან და აღიარა, რომ მას არაფერი არ გამოსდის.

„წადი, აღიარე აღსარებაში შენი ცოდვები. შენ ხომ ადამიანი მოკალი?!“

ხატმწერი შეძრწუნდა, საიდან უნდა სცოდნოდა ამ პატარა, ბრმა გოგონას მისი საშინელი ცოდვა? მაშინ კი კვლავ წავიდა მოძღვართან, მოინანია, აღსარება თქვა, კვლავ ეზიარა. დაბრუნდა მატრონასთან და პატიება სთხოვა, რომ დროულად არ მოინანია. „წადი, ახლა კი შეძლებ სასწაულმოქმედი ხატის - „დაღუპულთა მოძიების“ შექმნას“.

დღეს ამ ხატთან მოდიან ადამიანები ნებისმიერი ტკივილით, ნებისმიერი ავადმყოფობით, შეწევნას შესთხოვენ და ისიც ყველას ეხმარება. თუ გვალვაა, გამოაბრძანებენ სოფლის შუაგულში, მდელოზე და ევედრებიან, პარაკლისს იხდიან. სახლში მოსვლასაც კი ვერ ასწრებენ, ისე ჩქარა წვიმდება.

როცა ამ ხატის სახელზე შესაწირს აგროვებდნენ, ერთმა კაცმა უხალისოდ გაიღო მანეთი, მისმა ძმამ კი ყუთში დაცინვით კაპიკიანი ჩააგდო. როცა ფული მატრონასთან მოიტანეს, მან ხელით გადარჩევა დაიწყო, რაღაცას ეძებდა. გამოარჩია ეს მანეთიანი და კაპიკიანი.

„დედა, ეს ფული იმათ დაუბრუნე, ვინც შემოსწირა, არ გვჭირდება, და თანაც სხვა ფულსაც აჭუჭყიანებენ.“

როცა ხატი დაიწერა, ჯვაროსნული სვლით მოაბრძანეს სებინოში. მოაბრძანებდნენ ხელით, სიმძიმეს ვერ გრძნობდნენ.

თავად მატრონამ ხატის შესახვედრად ოთხი კილომეტრი გაიარა. ის ხელმკლავით მიჰყავდათ.

„მეტს ნუღარ წავალთ, ისინი უკვე მალე გამოჩნდებიან, ახლოს არიან.“ მართლაც, ნახევარ საათში ჯვაროსნული მსვლელობა გამოჩნდა. აქვე, სადაც ხატს ხალხი დახვდა, პარაკლისი გადაიხადეს და შემდეგ სებინოში მიაბრძანეს. (ეს ხატი ამჟამად ტულის ეპარქიის ქალაქ ნოვომოსკოვსკში, წმინდა მიძინების მონასტერშია დაბრძანებული).

ქსენია ივანეს ასულ სიფაროვას მონათხრობი

თარგმნა ნინო წერეთელმა

„ნეტარი მატრონას ცხოვრება და სასწაულები“, თბილისი, 2003

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ნეტარი მატრონა მოსკოველი (ნიკონოვა)