ღირსი გაბრიელ მცირე 

 

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.

მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.

ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.

 

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი გაბრიელ მცირე