ღირსი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)

 

წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.

თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.

სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.

არსენ II-ის (XIII ს. I ნახევარი) მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში („სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახვილითა“. ეს მოხდა IX საუკუნეში.

საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

მღვდელმთავარი სპირიდონ ტრიმიფუნტელი მესამე საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი ცხოვრების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები მწირია. ცნობილია, რომ სპირიდონი მწყემსი იყო და ჰყავდა ოჯახი. მთელ თავის შემოსავალს იგი მახლობელთა და უცხოთა საჭიროებას ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა: უკურნებელი სენით შეპყრობილებს კურნავდა და ეშმაკთა განასხამდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს (306-337) იგი ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეპისკოპოსის ტახტზე აღსაყდრებულ მღვდელმთავარს ცხოვრების წესი არ შეუცვლია, მან მწყემსმთავრული მსახურება მოწყალების საქმეს შეუერთა. ეკლესიის ისტორიკოსთა ცნობით, მღვდელმთავარი სპირიდონი პირველი მსოფლიო კრების მონაწილე იყო. კრებაზე მღვდელმთავარი შეეპასუხა ბერძენ ფილოსოფოსს, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მღვდელმთავარ სპირიდონის უბრალო სიტყვამ კაცობრივი სიბრძნის უძლურება ღმრთის სიბრძნესთან შედარებით ყველას წინაშე ცხადყო: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლად ძლიერმა ღმერთმა თავისი სიტყვითა და სულით არაფრისგან შექმნა ცა, დედამიწა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. სიტყვა არის ძე ღმრთისა, რომელიც ჩვენთა ცოდვათა გამო გარდამოხდა ზეციდან, ქალწულისაგან იშვა, ადამიანებთან იცხოვრა, ივნო, ჩვენი ხსნისათვის მოკვდა და შემდეგ აღდგა, თავისი ტანჯვით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და მასთან ერთად კაცთა მოდგმაც აღადგინა. ჩვენ გვწამს, რომ იგი მამის ერთარსია და დიდებით მისი სწორი და ეს ყოველგვარ მზაკვრულ გამონაგონთა გარეშე გვჯერა, რადგან ამ საიდუმლოს წვდომა კაცობრივი გონებით შეუძლებელია“.

ამ საუბრის შედეგად ქრისტიანობის მტერი ფილოსოფოსი მისი თავგამოდებული დამცველი გახდა და წმინდა ნათლობაც მიიღო. წმინდა სპირიდონთან საუბრის შემდეგ იგი თავის მეგობრებს მიუბრუნდა და უთხრა: „მისმინეთ! სანამ პაექრობა მტკიცებულებათა საშუალებით მიმდინარეობდა, მე ამ მტკიცებულებებს ჩემსას ვუპირისპირებდი და კამათის ხელოვნებით ყველას ვირიდებდი, რასაც წარმოადგენდნენ. მაგრამ როცა გონებრივ მტკიცებულებათა ნაცვლად ამ მოხუცის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებულმა ძალამ იწყო გადმოდენა, საწინააღმდეგო მტკიცებულებებმა ძალა დაკარგეს, რადგან ღმრთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ. თუ რომელიმე თქვენგანი ისევე ფიქრობს როგორც მე, დაე, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად გაყვეს ამ მოხუცს, რომლის ბაგეებითაც თვითონ ღმერთი ლაპარაკობს“.

ამავე კრებაზე მღვდელმთავარმა სპირიდონმა არიოზელთა წინააღმდეგ თვალსაჩინო საბუთი მოიხმო ყოვლადწმიდა სამების ერთობის დასამტკიცებლად. მან აიღო აგური და ხელი მოუჭირა; მყისვე მისგან ცეცხლი ავარდა და წყალი გადმოდინდა, სასწაულთმოქმედის ხელში კი თიხა დარჩა.

„ეს სამი სტიქიაა, ხოლო აგური ერთი, - თქვა მაშინ მღვდელმთავარმა სპირიდონმა, - ასევეა ყოვლადწმიდა სამებაშიც - სამი პირია და ერთი ღმრთაება“.

მღვდელმთავარი თავის სამწყსოზე დიდი სიყვარულით ზრუნავდა. მისი ლოცვით გვალვას წყალუხვი მაცოცხლებელი წვიმა სცვლიდა, ხოლო გადაუღებელ წვიმებს - მზიანი ამინდი, იკურნებოდნენ სნეულები, იდევნებოდნენ ბოროტი სულები.

ერთხელ მასთან მივიდა ქალი ხელში მკვდარი ბავშვით და წამიდანს შემწეობა სთხოვა. წმიდა სპირიდონმა ილოცა და ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა. ქალმა სიხარულისაგან მოგვრილ მღელვარებას ვერ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ ღმრთის სათნომყოფელის ლოცვამ სიცოცხლე დედასაც დაუბრუნა.

ერთხელ წმიდანი მიიჩქაროდა, რათა გადაერჩინა მეგობარი, რომელსაც ცილისწამების საფუძველზე სიკვდილი მიუსაჯეს. მღვდელმთავარს გზა ადიდებულმა ნაკადულმა გადაუღობა, რომელიც ნაპირებიდან გადმოსულიყო. წმიდანმა ნაკადულს უბრძანა: „შეჩერდი! ასე გიბრძანებს შენი მეუფე სამყაროსი, რათა გზის გაგრძელება შევძლო და გადარჩეს კაცი, ვისთვისაც ვჩქარობ“. მღვდელმთავრის ნება ასრულდა და იგი მეორე ნაპირზე მშვიდობით გადავიდა. მსაჯული, რომელსაც მომხდარ სასწაულზე წინასწარ აცნობეს, წმინდა სპირიდონს პატივისცემით შეხვდა და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.

მღვდელმთავრის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: იგი ცარიელ ეკლესიაში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძნა და ღმრთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, თვითონაც და დიაკონმაც მოისმინეს როგორც უპასუხა ზევიდან მრავალმა ხმამ: „და სულისაცა შენისა თანა“. გუნდი მრავალხმოვანი იყო, ხოლო გალობა მისი კაცთა გალობაზე შეუდარებლად ტკბილი. ყოველ ეკტენიაზე უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო შეგვიწყალენ“. გალობამ, რომელიც ეკლესიიდან ისმოდა, მის სიახლოვეს მყოფ ადამიანთა ყურადღება მიიპყრო და ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ეკლესიას, საუცხოო გალობა უფრო და უფრო ატკბობდა მათ სმენასა და გულებს. მაგრამ როცა ტაძარში შევიდნენ, ვერავინ ნახეს გარდა ეპისკოპოსისა და რამდენიმე ღმრთისმსახურისა, აღარც ზეციური გალობა აღარ ისმოდა, რის გამოც დიდად განცვიფრებულნი დარჩნენ.

წმინდა სვიმონ მეტაფრასტი, რომელმაც მღვდელმთავარ სპირიდონის ცხოვრება აღწერა, სტუმართმოყვარეობის სათნოებით მას მამა აბრაამს ადარებს. „საჭიროა იმის ცოდნაც, როგორ იღებდა იგი უცხოებს“, - წერს მონასტრულ წრეებთან დაახლოებული ისტორიკოსი სოზომენე და თავის „ეკლესიის ისტორიაში“ მღვდელმთავრის ცხოვრებიდან გასაოცარი მაგალითი მოჰყავს. ერთხელ, როცა დიდი მარხვა დაწყებული იყო, მისი სახლის კარებზე უცხომ დააკაკუნა. მგზავრი ძალიან დაღლილი ჩანდა. წმინდა სპირიდონმა ქალიშვილს უთხრა: „ამ კაცს ფეხები დააბანინე და საჭმელი მიართვი“. მაგრამ სახლში სანოვაგის მარაგი არ აღმოაჩნდათ, რადგან მღვდელმთავარი მარხვაში საკვებს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში იღებდა, ხოლო დანარჩენს უზმოდ ატარებდა; ამიტომ ქალიშვილმა უპასუხა, რომ არც პური ჰქონდათ და არც ფქვილი. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ქალიშვილს გადანახული დამარილებული ღორის ხორცის შეწვა უბრძანა. მან მგზავრი სუფრასთან მიიწვია და თვითონაც ჭამს შეუდგა, რათა ეს კაცი დაერწმუნებინა, რომ მისთვის მიებაძა. როცა სტუმარმა უარი თქვა, რადგან ქრისტიანი იყო და მარხვაში ხორცს ვერ შეჭამდა, წმიდანმა უპასუხა: „მით უმეტეს არ უნდა თქვა უარი, რადგან ღმერთის სიტყვამ თქვა: „ყოველი წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1, 15).

ფრიად დამახასიათებელია მღვდელმთავრისათვის სხვა ისტორიაც, რომელსაც სიზომენე მოგვითხრობს: წმიდანს ჩვეულება ჰქონდა, აღებული მოსავლიდან ერთი ნაწილი ღარიბებისთვის დაერიგებინა, ხოლო მეორე ნაწილი სესხად მიეცა მათთვის, ვისაც სჭირდებოდა. თვითონ პირადად არაფერს იძლეოდა, უბრალოდ ბეღელში შესასვლელს უჩვენებდა, საიდანაც ყველას შეეძლო იმდენი აეღო, რამდენიც სჭირდებოდა და შემდეგ ამდენივე დაებრუნებინა ყოველგვარი ანგარიშისა და შემოწმების გარეშე.

ცნობილია, აგრეთვე, სოკრატე სქოლასტიკოსის მიერ მოთხრობილი ამბავი, როგორ გადაწყვიტეს ქურდებმა წმიდა სპირიდონისათვის ცხვრების მოპარვა: შუაღამისას ისინი ფარეხში შევიდნენ, მაგრამ მოულოდნელად გათოკილები აღმოჩნდნენ. როცა გათენდა და წმინდანმა ფარას მიაკითხა, ყაჩაღები გათოკილები დახვდა. მან ილოცა, თოკები შეხსნა და დიდხანს არწმუნებდა, უკანონო საარსებო წყაროზე უარი ეთქვათ და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. შემდეგ თითო-თითო ცხვარი აჩუქა, გაუშვა და ალერსით უთხრა: „ეს იმისთვის, რომ მთელი ღამის სიფხიზლეს თქვენთვის ამაოდ არ ჩაევლო“.

ხშირად წმიდა სპირიდონს წინასწარმეტყველ ილიას ადარებენ, რადგან მისი ლოცვით გვალვისას, რომელიც კუნძულ კვიპროსს ხშირად აწუხებდა, წვიმა მოდიოდა: „ანგელოსთა სწორსა სპირიდონს ვჭვრეტთ, დიდსა სასწაულმოქმედსა; ოდეს ქვეყანა უწვიმრობის და გვალვისაგან ფრიად ივნო, რამეთუ სიყმილისა და სნეულებათაგან დიდი სიმრავლე კაცთა ამოწყდა, მღვდელმთავრის ლოცვით ზეციდან წმიდა გადმოვიდა; ხოლო კაცნი, განსაცდელთაგან ხსნილნი, მადლობით ხმობდნენ შენდა მიმართ: გიხაროდენ, მიმსგავსებულო დიდისა წინასწარმეტყველისა ილიასაო, წვიმისა დროულად მომყვანებელო“.

მღვდელმთავრის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებით და სასწაულთქმედების ძალით გვაოცებს. წმინდანის სიტყვით მკვდარნი ცოცხლდებოდნენ, სტიქიები მშვიდდებოდნენ, კერპები ემხობოდნენ. როცა ალექსანდრიაში მთავარეპისკოპოსმა კერპებისა და საკერპოების შესამუსრად კრება მოიწვია, კრების მონაწილე მამების ლოცვით ყველა კერპი დაემხო, გარდა ერთისა, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს მიაგებდნენ. მაშინ მთავარეპისკოპოსს ხილვაში ეუწყა, რომ ეს კერპი იმისთვის დარჩა, რათა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიერ შემუსრვილიყო. კრებისაგან გამოძახებული მღვდელმთავარი ალექსანდრიაში ხომალდით გაემგზავრა. როცა ხომალდი ნაპირს მიადგა და წმინდანმა ფეხი მიწას დაადგა, ალექსანდრიაში კერპი ყველა მის სამსხვერპლოსთან ერთად მტვრად იქცა, რითაც კრების მონაწილეებს მღვდელმთავრის მიახლოება ეუწყა.

სიმართლისა და სიწმინდის სამსახურში განვლო წმინდა სპირიდონმა ამქვეყნიური ცხოვრება და ვედრებით მიაბარა სული უფალს (დაახ. 348 წ.). ეკლესიის ისტორიაში მღვდელმთავარ სპირიდონს პატივი მირონლუკიის მთავარეპისკოპოს წმინდა ნიკოლოზთან ერთად მიეგება.

მისი ნეშტი (გარდა მარჯვენა ხელისა, რომელიც რომშია) კუძულ კორფუზე, მისივე სახელობის ეკლესიაში განისვენებს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს 12(25) დეკემბერს და ყველიერის კვირაში იხსენიებს.

 

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (284-305)

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობის ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან - კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.

 

ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე - ევსტრატი მივიდა თავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა. თავად ევსტრატი ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგრამ მანამდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა. ახლა ნეტარმა შესაფერი ჟამი ჰპოვა და მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად აღიარა მაცხოვარი. მსაჯულმა ბრძანა, დაუყოვნებლივ აეყარათ მისთვის სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმიდა ევსტრატი სასტიკად გვემეს, მაგრამ იგი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და მხურვალედ მადლობდა უფალს. მოწამემ მადლობა უთხრა ჯალათს: „სატანჯველებით სული ცოდვებისაგან გამიწმინდე და მარადიულობისათვის განმამზადებინეო“. ჯალათმა უპასუხა, შენს ღმერთს შენთვის უკვდავების მონიჭება რომ შესძლებოდა, წყლულებისგანაც განგკურნავდაო. ამის თქმა და ევსტრატის სრული განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა, ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატის მეგობარმა და მისი რაზმის მეომარმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა: „ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი!“ მაშინ ევსტრატისა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანები მის კვალზე გამოერეკათ. ევსტრატის ლანჩებში ლურსმნებჩამაგრებული რკინის ჩექმები ჩააცვეს, ასე რომ, მთელი გზა მისთვის საშინელი წამება იყო.

ორი დღის შემდეგ ჩააღწიეს ევგენისა და ევსტრატის მშობლიურ ქალაქ არავრაკში. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, მათ სურდათ, მიახლოებოდნენ ევსტრატის, რომელიც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ დასჯის შიშით ამას ვერ ბედავდნენ; ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა - მარდარიმ კი გასაოცარი საღვთო შური გამოავლინა. მას ახალი სახლი აეშენებინა და მის გადახურვაზე მუშაობდა, როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატიც შენიშნა, წმიდანი საჩქაროდ ჩამოვიდა სახურავიდან და მეუღლეს მიმართა: „ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატი - ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარულს მიემთხვევი!“ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა ქალმა უპასუხა: „შენ რა გიშლის, რომ იმავე გზას დაადგე?“ მარდარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. მან მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო და მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ“ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხება მესამე ჟამნის ბოლოს და შუაღამიანზე). ამის შემდეგ წმიდანი გამოემშვიდობა ღვთისმოშიშ მეუღლეს, გადაკოცნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილი და ხმამაღლა შესძახა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ეს რომ ესმათ, იგი დაუყოვნებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.

დილით მსჯავრდებულები გასასამართლებლად გამოიყვანეს. პირველად ავქსენტის გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმიდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

შემდეგ მარდარის წამება დაიწყეს. უსჯულოებმა მას ფეხები დაუხვრიტეს, შიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით ჩხვლეტა დაუწყეს. დიდხანს გასტანა ნეტარის წამებამ. ბოლოს მას აღმოხდა: „უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე... მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა.

ამის შემდეგ ევგენი წარსდგა სამსჯავროს წინაშე. მას ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დაუჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

ლისიუსმა ევსტრატის დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მიიქცია მხედარმა ორესტიმ, რომელიც თავისი პირმშვენიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით მეტად გამოირჩეოდა სხვა მეომრებისგან.

უღმრთო მხედართმთავარმა მას უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი ეტყორცნა მიზანში. მეომარმა იარაღი აიღო. ის-ის იყო ბრძანება უნდა შეესრულებინა, რომ მკერდზე დაკიდებული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა: „რა არის ეს? განა შენ იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!“ „მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ!“ - უპასუხა ორესტიმ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს. ორესტის მიბაძვით მისი რაზმის ბევრმა სხვა მეომარმაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. შემდეგ მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატი და ორესტი სებასტიაში გაეგზავნათ, სომხეთის მმართველ აგრიკოლასთან.

აგრიკოლა მართლმორწუნეთა მიმართ ძალიან სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ევსტრატის ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე, გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია. მან განიზრახა, ევსტრატი გადაერჩინა და ევედრებოდა, მოჩვენებით, სხვათა დასანახად მაინც ეცა ღმერთებისთვის თაყვანი, თან პატივსა და ძღვენს აღუთქვამდა; მაგრამ წმიდა მოწამე უდრეკი დარჩა.

მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ბრძანა, ორესტი გახურებულ რკინის სარეცელზე დაეწვინათ. წმიდანი გაბედულად ავიდა სარეცელზე, ილოცა: „უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა. ღამით ევსტრატი სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველსმყოფელ სისხლსა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა განაბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა: „ევსტრატი! კეთილი ღვაწლი განასრულე; აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!“

დილით აგრიკოლამ უფლის რჩეულს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, წმიდანმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს: „დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან... და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პისა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი“... ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა. ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმიდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინეპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმიდა მოწამეთა: ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის სახელობის ტაძარი აიგო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / ღირსი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)